არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი IV

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      არსებობს რაღაც მეცნიერება, რომელიც განიხილავს არსებულს, როგორც არსებულს და იმას, რაც მას თავისთავად ახასიათებს. ის არაა არც ერთი კერძო მეცნიერებათაგანი, რადგან არც ერთი მათგანი არ სწავლობს ზოგადად არსებულს, როგორც არსებულს, არამედ გამოჰყოფს მის რომელიმე ნაწილს და იკვლევს მის შემთხვევით ნიშნებს, როგორც, მაგალითად, მათემატიკური მეცნიერებანი. რადგან საწყისებსა და უკანასკნელ მიზეზებს ვეძებთ, ცხადია, რომ ისინი რაღაც თავისთავად ბუნებას უნდა წარმოადგენდნენ. ამრიგად, ვინც არსებულთა ელემენტებს ეძებს, ის აუცილებლად ისეთ საწყისებს ეძებს, რაც არაა შემთხვევით, არამედ ჭეშმარიტად არსებული საგნების ელემენტებია. ასევე ვეძებთ ჩვენც არსებულის, როგორც არსებულის, პირველ მიზეზებს.

თავი 2

      არსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ერთსა და იმავე ბუნებას ნიშნავს და არა ჰომონიმებს, როგორც მაგალითად, ყოველი მსჯელობა ჯანმრთელობაზე ეხება ჯანმრთელობას თავისთავად: ან ჯანმრთელობის დაცვას, ან მის აღდგენას, ან მის გამოვლენასა და ადამიანის გამოჯანმრთელების უნარს. ასეთსავე მიმართებაშია მსჯელობა მკურნალობის შესახებ მკურნალობის ხელოვნებასთან. ერთ შემთხვევაში ის ეხება მკურნალობის ხელოვნებას, როგორც ასეთს, მეორე შემთხვევაში მისადმი მიდრეკილებას, მესამე შემთხვევაში ამ ხელოვნების შედეგებს. ასევე ყველა სხვა ამგვარ შემთხვევაში.

      არსებულზე მრავალი მნიშვნელობით შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ყოველთვის ერთი საწყისი გვაქვს მხედველობაში. ის შეიძლება ნიშნავდეს სუბსტანციას, მის მდგომარეობას, მისკენ მისასვლელს, მის მოსპობას, მის რაიმე ნაკლს, თვით სუბსტანციის შემქმნელს და წარმომშობს, მასთან დამოკიდებულებაში მყოფს, სუბსტანციის რაიმე თვისების ან თვით სუბსტანციის უარყოფას. ასევე არარსებულის შესახებ ვამბობთ, რომ ის არსებობს, როგორც არარსებული. ისე როგორც ყოველივე, რაც ჯანმრთელობას შეეხება, ერთი მეცნიერების საგანია, ასევეა ყველა სხვა შემთხვევაშიაც. რაგან ერთი მეცნიერების შესწავლის ობიექტია არა მხოლოდ თავისთავად ერთი, არამედ ისიც, რაც ამ ერთის ბუნებას ეხება და ყოველივე ზემოთქმულიც ხომ როგორღაც ერთს ეხებოდა. ცხადია, რომ არსებული როგორც არსებული, ერთი მეცნიერების საგანია. მეცნიერება კი ყოველთვის პირველს ეხება, უმთავრესად იმას, საიდანაც გამომდინარეობს ყოველივე სხვა და რომელზედაც ითქმიან ისინი. და თუ ეს სუბსტანციაა, მაშინ ფილოსოფოსმა უნდა იცოდეს სუბსტანციათა საწყისები და მიზეზები.

      ერთი გვარის ყველა მოვლენას ეხება ერთი შეგრძნების ორგანო და ერთი მეცნიერება. მაგალითად, გრამატიკა ერთია, მაგრამ ყველა ბგერას სწავლობს. ამიტომ ასრსებულის, როგორც არსებულის, სახეებს ერთი მეცნიერება უნდა სწავლობდეს, არსებულის სახეებს კი ამ მეცნიერების - სახეები. არსებული და ერთი ერთი და იმავე ბუნებისა არიან, რადგან ერთიმეორეს მისდევენ, როგრც საწყისი და მიზეზი და არა როგორც მხოლოდ ერთი და იმავე სახელწოდების მქონენი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ჩვენ მათ ასეთად არ ჩავთვლით. პირიქით, ეს ჩვენთვის უფრო მეტად ხელსაყრელია, რადგან სულ ერთია, ვიტყვით ჩვენ „ერთ ადამიანს“ და „ადამიანს“, თუ „არსებულ ადამანს“ და „ადამიანს“. ასევე „ერთი ადამიანის“ გაორმაგებული გამოთქმა „ერთი არსებული ადამიანი“ სხვას არას ნიშნავს, თუ არა იმასვე. ცხადია, იგივე უნდა ითქვას არსებულის წარმოშობისა და დაღუპვის შემთხვევაში და „ერთის“ მიმართაც. ამრიგად, ცხადია, ასეთ შემთხვევებში სიტყვა „არსებულის“ მიმატება მნიშვნელობას არ სცვლის და „ერთი“, „არსებულის“ გარდა, სხვა არა არის რა. ასევე თითოეული სუბსტანცია შემთხვევით არაა არც „ერთი“ და არც „არსებული“. ასე რომ, რამდენი გვარიცა აქვს ერთს, იმდენივე არსებულს. არსებულის გვარებს კი მაგალითად, იგივეობას, მსგავსებას და სხვა ამდაგვარს ერთი მეცნიერება სწავლობს, თითქმის ყველა სახის წინააღმდეგობაც იმავე საწყისებზე დაიყვანება - ეს მე დადგენილი მაქვს ჩემს „წინააღმდეგობათა მიმოხილვაში“ და ფილოსოფიასაც იმდენივე ნაწილები აქვს, რამდენიც სუბსტანციებია. ასე რომ, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაღაც პირველი და მომდევნო. რადგან არსებული და ერთი იყოფიან გვარებად, ამიტომ არსებობენ მათი შესატყვისი მეცნიერებანიც. ფილოსოფიაზე იგივე ითქმის, რაც მათემატიკაზე, მათემატიკასაც აქვს ნაწილები: პირველი, მეორე და ასე შემდეგ.

      რადგან ერთი და იგივე მეცნიერება სწავლობს მოპირდაპირე მოვლენებს, ერთს კი სიმრავლე უპირისპირდება, ამიტომ როგორც უარყოფას, ისე ნაკლს ერთი მეცნიერება ეხება, რადგან ორივე შემთხვევაში განსახილველია ერთი, რომელსაც ეხება უარყოფაცა და ნაკლიც. ჩვენ ან მარტივად ვამბობთ, რომ არ არსებობს ის, ან რომელიმე გვარის მიხედვით, სადაც ერთს ახასიათებს რაიმე სახესხვაობა. ეს მას უარყოფასთან ერთად აქვს. არქონება ხომ უარყოფაა. ხოლო თვისების დაკარგვისას კი რჩება რაღაც სუბსტრატი - ბუნება, რომელზეც ვამბობთ, რომ თვისება დაკარგა. ერთს კი ბევრი რამ უპირისპირდება. ამრიგად, ზემოთქმულის საწინააღმდეგო ცნებებიც: სხვა, არამსგავსი, არატოლი და ყოველივე სხვა, რაც ან ამავე საწყისებს, ან ერთსა და მრავალს ეხება, არის ზემოდასახელებული მეცნიერების საგანი. იგულისხმება აგრეთვე დაპირისპირება. დაპირისპირება კი რაღაც განსხვავებაა. განსხვავება კი სხვად ყოფნას ნიშნავს. ამრიგად, როდესაც ვამბობთ, რომ ერთს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ის მრავალნაირადაც გამოითქმის. მაგრამ ყველაფერს ამას ერთი მეცნიერება სწავლობს. ის მაშინ კი არ არის მრავალი მეცნიერების ობიექტი, როდესაც მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, არამედ მაშინ, როდესაც მსჯელობა არ ეხება „ერთს“ ან „ერთზე“ არ დაიყვანება. მაგრამ რადგანაც ყოველივე პირველზე დაიყვანება, მაგალითად, რაც ერთზე ითქმის, დაიყვანება პირველ ერთზე, ამიტომ იგივე უნდა ვთქვათ ერთსა და იმავეზე, სხვაზე და საწინააღმდეგოზე. ამრიგად, განვიხილავთ რა, თუ რამდენი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ამათგანს, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა დამოკიდებულებაშია ერთი თითოეულ ამ კატეგორიასთან და რა მნიშვნელობით იხმარებიან ისინი მასზე. ისინი გამოხატავენ ან მის ქონებას, ან მოქმედებას, ასევე სხვა შემთხვევაშიც.

      ცხადია, როგორც ეს უკვე ნათქვამი იყო „პრობლემებში“, რომ როგორც ამას, ისევე სუბსტანციებსაც ერთი მეცნიერება სწავლობს. ეს განხილულია „პრობლემებში“. ყოველივე ამის შესწავლის უნარი უნდა ჰქონდეს ფილოსოფოსს. მაგრამ თუ ეს ფილოსოფოსის საქმე არაა, მაშინ ვინ უნდა იკვლიოს, რომ „მჯდარი სოკრატე“ და „სოკრატე“ ერთი და იგივეა, თუ ერთმანეთისადმი დაპირისპირებული? ან ის, თუ რაა დაპირისპირება და რამდენი მნიშვნელობა აქვს მას? ასევე ყველა სხვა ამდაგვარი მოვლენები. თუ ყველა ისინი არიან თვისებები თავისთავად ერთისა და არსებულის, როგორც ასეთის და არა რამდენადაც ის ან რიცხვებია, ან ხაზებია, ან ცეცხლი, ცხადია, რომ ზემოთქმულ მეცნიერებას ეხება როგორც არსების, ისე მისი თვისებების შესწავლა. ისინი, ვინც ამას იკვლევდნენ, იმაში კი არ სცდებოდნენ, რომ ისინი მათ არ იკვლევდნენ, როგორც ფილოსოფოსნი, არამედ იმაში, რომ პირველ სუბსტანციას არ აქცევდნენ ყურადღებას, მაშინ როდესაც რიცხვს, როგორც რიცხვს, აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები: სიკენტე - სილუწე, ფარდობითობა, ტოლობა-მეტ-ნაკლებობა. ეს თვისებები ახასიათებთ რიცხვებს, როგორც თავისთავად, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. ასევე სხეულს, როგორც უძრავს, ისე მოძრავს, როგორც უწონადს, ისე წონის მქონეს სხვა თავისებურებებიც აქვს. არსებულსაც, როგორც არსებულს, აქვს რაღაც თავისებურებები და სწორედ ესაა ის, რის შესახებაც უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება ფილოსოფოსმა. ამას ამტკიცებს ის, რომ როგორც დიალექტიკოსები, ისე სოფისტები ფილოსოფოსის ნიღაბს ატარებენ, მაგრამ სოფისტიკა მხოლოდ მოჩვენებითი სიბრძნეა, დიალექტიკოსები კი ყველაფერზე მსჯელობენ, ყველაფრისათვის კი საერთოა არესბობა და მასზე იმიტომ მსჯელობენ, რომ ეს ფილოსოფიისათვის სპეციფიკური ობიექტია. დიალექტიკა და სოფისტიკა იმავე სფეროს ეხებიან, რასაც ფილოსოფია, მაგრამ ფილოსოფია განსხვავდება დიალექტიკისაგან კვლევის მეთოდით, სოფისტიკისაგან ცხოვრების პრინციპების შერჩევით. დიალექტიკა ცდებს აკეთებს იმ ობიექტებზე, რასაც ფილოსოფია შეიცნობს, სოფისტიკა კი მოჩვენებითი და არა ნამდვილი მეცნიერებაა.

      შემდეგ, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ წყვილთა ერთ-ერთი მხარეა „ნაკლი“, მაგრამ ყველა ისინი დაიყვანებიან არსებულსა და არარსებულზე, ერთსა და მრავალზე; მაგალითად, უძრაობა - ერთზე, მოძრაობა - მრავალზე. ყველა დაახლოებით ერთი აზრისაა იმის შესახებ, რომ არსებული და არსება ყოველთვის დაპირისპირებულ ელემენტთაგან შესდგება. ყოველ შემთხვევაში, ყველა აღიარებს ასეთ დაპირისპირებულ საწყისებს: ზოგი - კენტსა და ლუწს, ზოგი - თბილსა და ცივს, ზოგი - საზღვარსა და უსაზღვროს, ზოგი - მეგობარსა და მტრობას. ყველა სხვა საწყისებიც, როგორც ჩანს, ერთსა და მრავალზე დაიყვანებიან. მე მხედველობაში მაქვს ჩემს მიერ მიკვლეული დაყვანა. ის საწყისებიც, რომლებიც სხვებმა დაუშვეს, მთლიანად ამ გვარში ექცევა. აქედან ცხადია, რომ არსებულს, როგორც არსებულს, ერთი მეცნიერება სწავლობს, რადგან ყველაფერი არის ან წინააღმდეგობა, ან წინააღმდეგობისაგან შესდგება. წინააღმდეგობის საწყისები კი ერთი და სიმრავლეა, რაც ერთი მეცნიერების ობიექტია, სულ ერთია, აქვს მას ერთი მნიშვნელობა, თუ არა, რასაც სინამდვილეშიც აქვს ადგილი. მაგრამ თუ ერთს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ყოველივე, თვით ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებიც კი ითქმის მასზე, როგორც პირველზე. ამიტომ, თუ არ არსებობს ზოგადი და ერთი, მოცემული საგნებში ან მათგან დამოუკიდებლად, მაშინაც ზოგი რამ მაინც ერთს ეხება, ზოგი კი მისგან გამომდინარეობს. ამიტომაც გეომეტრი არ იკვლევს იმას, თუ რა არის დაპირისიპრება, დასრულებული ერთი არსებული, იგივეობრივი და განსხვავებული და თუ განიხილავს, განიხილავს პირობითად.

      ამრიგად, ერთი მეცნიერების საქმეა არსებულის, როგორც არსებულის და მისი, როგორც არსებულის, თვისებების შესწავლა. ისიც ცხადია, რომ ის არა მხოლოდ სუბსტანციებს სწავლობს, არამედ მის თვისებებსაც. როგორც ზემოთქმულთ, ისე წინამორბედთა და მომდევნოთ, გვარებსა და სახეებს, მთელსა და ნაწილებს და ყოველივე სხვა ამდაგვარს.

თავი 3

      ახლა უნდა შევეხოთ საკითხს იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა მეცნიერების საგანია ე.წ. მათემატიკური აქსიომები და მათემატიკური ხასიათის მოვლენები. ცხადია, რომ მათი განხილვა არის ერთი მეცნიერების საგანი, კერძოდ, იმ მეცნიერებისა, რომელიც ფილოსოფოსს ეკუთვნის და სწორედ ამის განხილვაა საჭირო. ეს აქსიომები ახასიათებს ყველა სახის სუბსტანციას და არა სხვებისაგან დამოუკიდებლად არსებულ რაღაც განსაკუთრებულ გვარს. ყველა იყენებს მათ, რადგან ისინი ახასიათებენ არსებულს, როგორც არსებულს. ყოველი გვარი კი არსებულია, და იყენებენ მათ იმდენად, რამდენადაც ეს საკმარისია მათთვის იმ გვარის ფარგლებში, სადაც მტკიცებას მიმართავენ. ამრიგად, ცხადია, რომ რადგან არსებობა ყველას ახასიათებს, ამიტომ ის ყველასათვის საერთო უნდა იყოს და ამიტომ ვინც სწავლობს არსებულს, როგორც არსებულს, მან ეს აქსიომებიც უნდა შეისწავლოს. ამიტომაც არც ერთი სპეციალური მეცნიერების წარმომადგენელი, ვერც გეომეტრი, ვერც მათემატიკოსი, გარდა ზოგიერთი ფიზიკოსისა, ვერ ბედავს იმის თქმას, ჭეშმარიტნი არიან თუ არა ისინი. და ეს სრულიად მართებულია, რადგან მათ ეგონათ რომ დაკვირვებას აწარმოებდნენ მთელს ბუნებასა და არსებულზე. მაგრამ არსებობს ფიზიკაზე მაღლა მდგომი რაღაც მეცნიერება (რადგან ბუნება არსებულის ერთ-ერთი სახეა), ზოგადი და პირველი სუბსტანციის შემსწავლელი, რომელიც აქსიომებსაც იკვლევს. ფიზიკა კი, თუმცა რაღაც სიბრძნეა, მაგრამ არა პირველი. ისინი კი, რომლებიც ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ ვიღებთ ჭეშმარიტებას, არ ითვალისწინებდნენ „ანალიტიკებს“. საჭირო კია, რომ მათ ხელი მოჰკიდონ ამას „ანალიტიკების“ წინასწარი შესწავლის შემდეგ და არ აწარმოებდნენ კვლევას მხოლოდ მის შესახებ განაგონით. რომ ფილოსოფოსის საქმეა, როგორც ყოველგვარი სუბსტანციის ბუნების შესწავლა, ისე სილოგიზმის საფუძვლების კვლევა, ეს ცხადია, რადგან ყველაზე უკეთ მცოდნეს შეჰფერის, როგორც ყველა სხვა გვარის, ისე არსებულის, როგორც არსებულის, ყველაზე მყარი საწყისების კვლევა. ასეთი კი ფილოსოფოსია. ყოველივეს ურყევი საწყისები კი ისინია, რომელთა შესახებ შეცდომა შეუძლებელია. ისინი ყველაზე უკეთ შეცნობადნი (რადგან ყველა სცდება იმაში, რასაც ვერ შეიცნობს) და უპირობო არიან. რომ ამ საწყისების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, ვისაც ნებისმიერი არსებულის შეცნობა სურს, ჰიპოთეზა არაა. მაგრამ, თუ რის ცოდნაა საჭირო მისთვის, ვინც რაიმეს სწავლობს, ეს მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს აუცილებლად გარკვეული რომ ყველაფრის საწყისი ყველაზე უფრო მეტად მყარია, ეს ნათელია. მაგრამ, თუ რას წარმოადგენს ის, ამის შესახებ ახლა ვიმსჯელებთ.

      ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე მიმართებაში ერთსა და იმავე საგანს არ შეიძლება ახასიათებდეს და არც ახასიათებდეს. რა განსაზღვრებებიც უნდა დამატებოდა ამ დებულებას ლოგიკური სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ უკვე დავუმატეთ, ის ყველაზე ურყევი საფუძველია, რადგან ზემომოტანილი განსაზღვრება მას უდგება. მართლაც, რომელი საგანიც არ უნდა ავიღოთ, შეუძლებელია რომ ის არსებობდეს და არც არსებობდეს, როგორც ზოგიერთის აზრით, ამტკიცებენ ჰერაკლიტეს მიმდევრები. არაა აუცილებელი, რომ დავიჯეროთ ყველაფერი, ვინც კი რამეს იტყვის, რადგან შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე მოვლენას საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებდეს. ამით ერთხელ კიდევ მტკიცდება ის, რაც ჩვენ წინასწარ ვარაუდით უკვე დავუშვით. მართალია, წინააღმდეგობის ერთი მხარე მეორეს უპირისპირდება, მაგრამ, ცხადია, შეუძლებელია დავუშვათ, რომ ერთი და იგივე არსებობს და არც არსებობს ერთსა და იმავე დროს, რადგან ვინც სცდება, მას ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი აქვს. ამიტომ ყველა, ვინც რაიმეს ამტკიცებს, ამ უკიდურეს დებულებას ემყარება, რომელიც ბუნებრივად ყველა სხვა აქსიომების საფუძველია.

თავი 4

      არსებობენ ისეთი მოაზროვნენიც, რომლებიც როგორცა ვთქვით, ამბობენ, რომ ერთი და იგივე არის და არც არის და სჯერათ კიდევაც ეს[1]. ამ შეხედულებას ბევრი ბუნებისმეტყველიც იზიარებს. ჩვენ კი ახლახანს მივიღეთ, რომ არ შეიძლება არსებული ერთდროულად იყოს და არც იყოს, და ამიტომაც ეს დებულება საწყისთა შორის ყველაზე ურყევად მივიჩნიეთ. ზოგი კი უცოდინარობის გამო მოითხოვს ამ დებულების მტკიცებასაც. მართლაც, უვიცობაა არცოდნა იმისა, თუ რის მტკიცებაა საჭირო და რის არა. საერთოდ, ყველაფრის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ეს უსასრულობაში წაგვიყვანდა[2] და დასაბუთება მაინც არ გვექნებოდა. მაგრამ თუ ზოგი რამის მტკიცება არაა საჭირო, ისინი ვერ გვეტყვიან, რომელია ყველაზე უფრო მეტად ასეთი საწყისი. მოკამათის ნათქვამში, თუ მას რაიმე გარკვეული აზრი აქვს, იმის მხილება, რომ ეს შეუძლებელია, არის არაპირდაპირი დასაბუთება. მაგრამ თუ ის არაფერს ამბობს, სასაცილოა აზრი ვეძებოთ იმაში, რაშიც, როგორც ასეთში, არავითარი აზრი არაა. ასეთი ადამიანი მცენარეს ჰგავს. არაპირდაპირსა და ჩვეულებრივ დასაბუთებას შორის ის განსხვავებაა, რომ ვინც ამ უკანასკნელს მიმართავს, როგორც ჩანს, დასაწყისიდანვე მტკიცებას იყენებს. პირველი კი ამავე მდგომარეობაში მიმართავს არა მტკიცებას, არამეც მხილებას[3]. ყველა ასეთ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ არა იმის მოთხოვნით, რომ მოწინააღმდეგემ თქვას რაიმეზე, რომ ის არსებობს, ან არ არსებობს (ეს თავიდანვე იმის მიღება იქნებოდა, რასაც დასაბუთება სჭირდება), არამედ იმის მოთხოვნით, რომ ის როგორც თავისთვის, ისე სხვისთვის რაღაც გარკვეულზე მსჯელობდეს. ეს კი აუცილებელია, თუ მას რაიმეს თქმა სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერც თავისთვის და ვერც სხვისთვის ვერაფერს გარკვევით ვერ იტყვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებაც, რადგან მას რაღაც განსაზღვრული ექნებოდა მხედველობაში. მიზეზი ამისა ის კი არაა, ვინც ამტკიცებს, არამედ მოწინააღმდეგე, რომელიც იმ დებულებას იყენებს, რომელსაც უარყოფს. გარდა ამისა, ვინც ამას უშვებს, იმასაც უშვებს, რომ არსებობს რაღაც ჭეშმარიტება დასაბუთების გარეშე. მაგალითად, დებულება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია ყოველივე ასე იყოს და არც იყოს[4].

      უპირველესად ყოვლისა, ცხადია, ჭეშმარიტია ის, რომ გამოთქმა „არსებობს“ ან „არ არსებობს“ რაღაცას ნიშნავს და არ შეიძლება, რომ ყოველივე ასე იყოს და არც იყოს. შემდეგ, თუ „ადამიანს“ ერთი მნიშვნელობა აქვს, ის შესაძლებელია, „ორფეხა ცხოველს“ ნიშნავდეს. ერთ მნიშვნელობაში შემდეგს ვგულისხმობ: თუ ის ნიშნავს „ადამიანს“, როგორც ადამიანს, ამ შემთხვევაში ეს „ადამიანად ყოფნა“ იქნება. მდგომარეობას არ სცვლის ის, თუ მას ბევრი მნიშვნელობა აღმოაჩნდება, მთავარია, რომ ამ მნიშვნელობათა რიცხვი განსაზღვრული იყოს, რადგან ყოველ მნიშვნელობას განსხვავებულ სახელს დავარქმევდით. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმე ამბობს, რომ „ადამიანს“ აქვს არა ერთი, არამედ მრავალი მნიშვნელობა, რომელთაგან ერთი „ორფეხა ცხოველია“ და ამას გარდა, კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელობები, ოღონდ რიცხვით განსაზღვრული, მაშინ საჭირო იქნებოდა თითოეული მნიშვნელობისათვის ცალკე სახელწოდების გამონახვა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, არამედ დაგვეშვა, რომ ცნებებს განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ, ცხადია, რომ ურთიერთგაგება შეუძლებელი იქნებიდა. რადგან ერთი მნიშვნელობის არქონება არც ერთი მნიშვნელობის არქონებას ნიშნავს. ხოლო თუ სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ, ისპობა ერთმანეთის და კიდევ მეტი, თავის თავის ჭეშმარიტი გაგების შესაძლებლობაც კი, რადგან აზროვნება შეუძლებელია რაღაც იგივეობრივის მოაზრების გარეშე. და თუ ეს ასეა, მაშინ ყოველ ცალკე აღებულ საგანს ცალკე სახელიც უნდა დაერქვას.

      ამრიგად, როგორც თავიდანვე ვთქვით, თუ სიტყვას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ეს მნიშვნელობა ერთია და შეუძლებელია, რომ „ადამიანის არსებობა“ „ადამიანის არარსებობას“ ნიშნავდეს, თუ „ადამიანი“ არა მხოლოდ ერთთან მიმართებას გამოხატავს, არამედ ერთ აზრსაც. მაგრამ ერთი არაა იგივე, რაც ერთთან მიმართებაში ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც „განათლებულს“, ისე „თეთრსა“ და „ადამიანს“ ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნებოდათ. და ამრიგად, ყველაფერი ერთი იქნებოდა, როგორც სინონიმები. არსებობა და არარსებობა, ერთი და იგივე არაა, არამედ ისინი მხოლოდ ომონიმები შეიძლება იყვნენ. მაგალითად, იმისთვის, რასაც ჩვენ „ადამიანს“ ვუწოდებთ, სხვებს შეიძლება „არაადამიანი“ ეწოდებინათ. მაგრამ სადაო ეს კი არაა, რომ ერთსა და იმავე მოვლენას შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ერთი და იგივე სახელი ადამიანისა, არამედ საგანი თვითონ. მაგრამ თუ „ადამიანს“ და „არაადამიანს“ სხვადასხვა მნიშვნელობა არა აქვთ, ცხადია, სხვადასხვა არ იქნებოდა „ადამიანად ყოფნა“ და „ადამიანად არყოფნა“. ასე რომ, „ადამიანად ყოფნა“ იგივე იქნებოდა, რაც „არყოფნა ადამიანად“, რადგან ობიექტი ერთი იქნებოდა. ერთად ყოფნა კი იმასვე ნიშნავს, რასაც ტანისამოსი და ქსოვილი, თუ ცნება ერთია. თუ ეს ერთი და იგივეა, მაშინ ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნებათ „ადამიანად ყოფნას“ და „არყოფნას ადამიანად“. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს სხვადასხვას ნიშნავს. თუმცა თუ გამოთქმა „ის ადამიანია“ ჭეშმარიტია, აუცილებელია „ის“ „ორფეხა ცხოველიც იყოს“. რადგან ეს „ადამიანის“ მნიშვნელობაში შედის. მაგრამ თუ ეს აუცილებელია, შეუძლებელია, რომ ადამიანი ამავე დროს „ორფეხა ცხოველიც“ არ იყოს. „აუცილებლად ყოფნა“ „ადამიანად არყოფნის“ შეუძლებლობას ნიშნავს. ამრიგად, შეუძლებელია, რომ ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს იმის თქმა, რომ ერთი და იგივე „არის ადამიანი“ და „არც არის ადამიანი“. იგივე უნდა ითქვას „ადამიანად არყოფნაზე“. რადგან „ადამიანად ყოფნა“ და „არყოფნა ადამიანად“ სხვადასხა აზრს გამოხატავენ ისევე, როგორც სხვადასხვაა „თეთრად ყოფნა“ და „ადამიანად ყოფნა“, ოღონდ პირველ შემთხვევაში საგნები ერთიმეორეს უფრო მეტად უპირისპირდებიან ისე, რომ სხვადასხვას ნიშნავენ. მაგრამ თუ „თეთრი“ და „ადამიანი“ ერთსა და იმავე აზრს ატარებს, მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ, რაც ადრევე იყო ნათქვამი, რომ ყოველივე ერთი იქნებოდა და არა მარტო დაპირისპირებული. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იმავე შედეგს მივიღებთ, რაც უკვე ვთქვით, თუ მოწინააღმდეგე მხოლოდ იმაზე პასუხობს, რასაც ეკითხებიან. მაგრამ თუ ის პასუხს კიდევ სხვა რამეს უმატებს, ის შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა. და არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ერთი და იგივე იყოს, როგორც „ადამიანი“, ისე „თეთრი“ და სხვა ათასი რამ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კითხვაზე - „რომელია სწორი, რომ ის ადამიანია, თუ არა?“ ვპასუხობთ რაღაც ერთს და არ ვუმატებთ, რომ ის თეთრიცაა და დიდიც, რადგან შეუძლებელიცაა დაუსრულებელი რაოდენობის შემთხვევითი ნიშნების ჩამოთვლა, არამედ საჭიროა ან ყველა ნიშნის ჩამოთვლა, ან არც ერთისა. ასევე ერთი და იგივე თუნდა ათასჯერაც იყოს და არ იყოს ადამიანი, მოპასუხე კითხვაზე იმის შესახებ, არის ეს ადამიანი? - არ უმატებს, რომ ის ამავე დროს ადამიანი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა ჩამოთვალოს ყველა სხვა შემთხვევითი ნიშანი, რაც აქვს, თუ არა აქვს ადამიანს. და თუ ის ასე არ მოიქცევა, შეუძლებელს გახდის საუბარს.

      საერთოდ, ვინც ასე მსჯელობს, სპობს, როგორც სუბსტანციას, ისე მის არსებას. რადგან ყველაფერს თვისებად აცხადებს და უარყოფს თვით „ადამიანად ყოფნას“ ან „ცხოველად ყოფნას“ [5]. მაგრამ თუ არსებობს რაიმე, რაც „ადამიანად ყოფნას“ ნიშნავს, მაშინ ის არ იქნება იმავე მნიშვნელობისა, რაც „არაადამიანად ყოფნა“, ანდა „არყოფნა ადამიანად“, რადგან ესენი პირველის უარყოფაა. ამრიგად, ამ გამოთქმას ერთი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და რაიმეს არსებას უნდა გამოხატავდეს. არსება კი იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება სხვა რამ იყოს. მაგრამ თუ ერთი და იგივეა, როგორც „ადამიანად ყოფნა“, ისე „არაადამიანად ყოფნა“ და სხვა, მაშინ აუცილებელია ითქვას, რომ არც ერთი მათგანი არ გამოხატავს ცნებას, არამედ შემთხვევით ნიშნებს. არსება და შემთხვევითი ნიშნები შემდეგნაირად განსხვავდებიან: „თეთრი“ არის „ადამიანის“ შემთხვევითი ნიშანი, რადგან „ადამიანი“ თეთრია მხოლოდ თავისი ნიშნით და არა თავისი არსებით. მაგრამ, თუ ყოველივეზე ვილაპარაკეთ, როგორც შემთხვევითზე, მაშინ თავისთავად პირველი არაფერი არ იქნება, რომელზეც ითქმის ყველაფერი. შემთხვევითი ნიშანი ხომ ყოველთვის რაღაც სუბსტრატზე ითქმის. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება სვლა უსასრულობაში, რაც შეუძლებელია, რადგან ორზე მეტი შემთხვევითი ნიშანი არ უკავშირდება ერთმანეთს. შემთხვევითი ნიშანი არ შეიძლება შემთხვევითის შემთხვევითი ნიშანი იყოს, თუ ორივე რაღაც მესამის შემთხვევითი ნიშნები არ არიან. მაგრალითად, „განათლებული თეთრიც“ „თეთრია“, „თეთრი“ კი „განათლებული“, რადგან ორივე „ადამიანის“ შემთხვევითი ნიშნებია. „სოკრატე განათლებულია“ იმას კი არ ნიშნავს, რომ ორივე ეს რაღაც სხვის შემთხვევითი ნიშანი იყოს. შემთხვევითი ნიშნები არ შეიძლება ვიხმაროთ, როგორც ამ, ისე იმ აზრით, როგორც ვმსჯელობდით „სოკრატეს სითეთრის“ შესახებ, მაგრამ შეუძლებელია უსაზღვროთ ზევით სვლა ისე, რომ „სოკრატეს სითეთრეს“ სხვა შემთხვევითი ნიშანი აღმოაჩნდეს. რადგან ყველა ამათგან რაღაც ერთიანი არ მიიღება. და არც „თეთრს“ შეიძლება რაიმე სხვა შემთხვევითი ნიშანი ჰქონდეს, მაგალითად, „განათლებული“. ეს უკანასკნელი არ შეიძლება იყოს უფრო მეტად იმის შემთხვევითი ნიშანი, ან ის ამისა. ამავე დროს დავადგინეთ, რომ ზოგჯერ ასეთი ხასიათის შემთხვევითი ნიშნები გვაქვს, ზოგჯერ კი ისეთი, როგორც „სოკრატე განათლებულია“. თუ ეს ასეა, შემთხვევითი ნიშანი შემთხვევითი ნიშნის შემთხვევითი ნიშანი ვერ იქნება და მაშასადამე, როგორც ვთქვით, არ შეიძლება ყოველივეზე მსჯელობა როგორც შემთხვევითზე, არამედ, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც არსებას ნიშნავს. და თუ ეს ასეა, მაშინ დამტკიცდა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულებათა გამოთქმა.

      გარდა ამისა, თუ ერთი და იგივე მოვლენის შესახებ ერთსა და იმავე მიმართებაში ყველა საწინააღმდეგო მსჯელობა ჭეშმარიტია, ცხადია, რომ მაშინ ყველაფერი ერთი იქნებოდა: ტრიერაც[6], კედელიც და ადამიანიც. ე.ი. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ყოველივეზე ყველაფრის მტკიცებაც და უარყოფაც, რაც აუცილებელია პროტაგორას მოძღვრების მიმდევართა აზრით. თუ საწინააღმდეგო მსჯელობები ჭეშმარიტია, მაშინ მისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანი არ არის ტრიერა, ცხადია, რომ ის არის და არც არის ტრიერა. მაშინ შედეგად მივღებთ იმას, რასაც ანაქასაგორა ასწავლიდა, რომ ყველა საგანი ერთია. ასე რომ, ჭეშმარიტად არაფერი აღარ იარსებებდა.

      როგორც ჩანს, განუსაზღვრელს უნდა გულისხმობდნენ ისინი, რომლებიც არარსებულზე მსჯელობისას ფიქრობენ, რომ არსებულზე მსჯელობენ, რადგან შესაძლებლობაში და არა სინამდვილეშია არსებული განუსაზღვრელი. მათი აზრით, ყველაფრის შესახებ შეიძლება ყველაფრის მტკიცება და უარყოფა. მაგრამ შეუსაბამობაა, რომ რასაც უარვყოფთ საგნის შესახებ, ის არსებობდეს და რასაც მივაწერთ, ის არ არსებობდეს. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ჭეშმარიტია ადამიანზე ვთქვათ, რომ „არაა ადამიანი“, ცხადია, რომ ასევე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ის „არის“ ან „არ არის ტრიერა“. და თუ მის მიმართ შესაძლებელია მტკიცება, მაშინ მისი უარყოფა უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე თვით საგნისა. და თუ მისი უარყოფა შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება ტრიერის უარყოფაც. და თუ ეს შესაძლებელია, შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებაც.

      ამ შედეგებამდე მიდიან ამ მოძღვრების მომხრენი და აგრეთვე ისინი, რომლებიც არ თვლიან აუცილებლად ან მხოლოდ მტკიცებას, ან მხოლოდ უარყოფას. რადგან, თუ შეშმარიტია, რომ ერთი და იგივე „არის“ და „არც არის ადამიანი“, ცხადია, რომ ის არც „ადამიანი“ იქნებოდა და არც „არაადამიანი“. რადგან ორ მტკიცებას ორი უარყოფა უპირისპირდება.

      შემდეგ, ან ყოველივეს შესახებ შეიძლება ითქვას, რომ „თეთრია“ და „არაცაა თეთრი“, „არსებობს“ და „არც არსებობს“ და ასევე ყველა სხვა მტკიცებისა და უარყოფის შემთხვევაში, ან ზოგიერთის მიმართ ეს ასეა, ზოგიერთის მიმართ კი არა. რომ ეს ყველგან შეუძლებელია, ჩვენ ამას დავეთანხმებით, მაგრამ თუ ეს ყველგან შესაძლებელია, მაშინ ის, რაც მტკიცდება, შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც და პირიქით, რაც უარიყოფა, დამტკიცდეს, და სადაც მტკიცებაა, ის შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც. მაგრამ სინამდვილეში სადაც მტკიცებაა, იქ ყველგან უარყოფა არაა. თუ ეს ასე არაა, მაშინ არ იარსებებდა რაიმე მყარი, მყარი შეხედულებაც კი და თუ არ არსებობს რაიმე მყარი და გასაგები, მაშინ ყველაზე მეტად გასაგები იქნებოდა ამის საწინააღმდეგო დებულება. ასევე ისინი, რომლებიც შესაძლებლად თვლიდნენ ყოველი მტკიცების უარყოფას, ან ჭეშმარიტებას ამბობდნენ[7], როცა ამტკიცებდნენ, რომ ეს საგანი „თეთრია“ და „არცაა თეთრი“, ანდა არ ამბობდნენ შეჭმარიტებას. მაგრამ თუ ჭეშმარიტებას არ ამბობენ ისინი, ვინც ერთმანეთს აშორებს მტკიცებას და უარყოფას, მაშინ ის ვერც ამას იტყოდა და არც არაფერი იარსებებდა. არარსებული კი როგორ ილაპარაკებდა, ან როგორც ივლიდა; მაშინ, როგორც ზემოთაც ვთქვით, ყველაფერი ერთი იქნებოდა, ადამიანიც, ღმერთიც, ტრიერაც და მათი საწინააღმდეგოც. თუ ესა ასე იქნებოდა ყველგან, მაშინ საგნები ერთმანეთისაგან არაფრით არ იქნებოდნენ განსხვავებულნი და თუ განსხვავდებოდნენ, მაშინ ეს იქნებოდა, როგორც ჭეშმარიტი, ისე საგნისათვის დამახასიათებელი. ამრიგად, თუ საწინააღმდეგო დებულებათა ერთს მიმართებაში გამოთქმა დასაშვებია, აქედან გამომდინარეობს ის, რაც ითქვა, რომ ყველანი ან ჭეშმატირებას ამბობენ ან სცდებიან. ასევე ასეთ ადამიანს საკუთარი მსჯელობა შეცდომად უნდა გამოეცხადებინა. ამავე დროს, ცხადია, რომ ასეთ ადამიანთან არაფრის შესახებ არ შეიძლებოდა კამათი, რადგან ის ვერაფერს ვერ იტყოდა[8], ვერც იმას, რომ ეს ასეა და ვერც იმას, რომ ეს ასე არ არის, არამედ იტყოდა, რომ ასეცაა და არცაა ასე და ამავე დროს ორთავეს უარყოფდა, რომ ეს არც ასეა და არც არაა ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რაღაც განსაზღვრულს დაუშვებდა.

      ამას გარდა, როდესაც მტკიცება ჭეშმარიტია, უარყოფა მცდარი, ანდა თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტია, მტკიცება - მცდარი; მტკიცებაცა და უარყოფაც ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება. ეს კი ის დებულებაა, რომელიც ჩვენ თავდაპირველად წამოვაყენებთ.

      შემდეგ, განა ის სცდება, ვინც ან მხოლოდ ამტკიცებს, ან მხოლოდ უარყოფს, ხოლო ვინც წინააღმდეგობის ორივე მხარეს იღებს, ის ჭეშმარიტებას ამბობს? თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტებას ამბობს, რა აზრი ექნებოდა ნათქვამს, რომ ასეთია არსებულ საგანთა ბუნება? და თუ არ ამბობს ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც უფრო მეტ ჭეშმარიტებას, ვიდრე პირველი, მაშინ არსებულ საგნებს გარკვეული თვისებები ექნებოდათ, მისი ნათქვამი კი ჭეშმარიტიც იქნებოდა და არც იქნებოდა ჭეშმარიტი. მაგრამ თუ ყველანი ერთნაირად სცდებიან და ჭეშმარიტებას ამბობენ, ვერც ბგერას გაიღებენ და ვერ იტყვიან რაიმეზე, რომ ის არსებობს, რადგან ისინი ერთდროულად ამბობენ რამეს და არც ამბობენ. მაგრამ თუ ისინი არაფერს არ ამტკიცებენ, არამედ ასეც ჰგონიათ და არცა ჰგონიათ, რით იქნებიან ისინი მცენარეებისაგან განსხვავებული? აქედან ყველაზე მეტად ცხადია ის, რომ ამ მდგომარეობაში არავინ არ ყოფილა, არც სხვა ვინმე და არც ამ მოძღვრების მიმდევარი.

      რატომ ხდება, მეგარაში მიდის და არ ისვენებს ის, ვინც ფიქრობს, რომ წასვლა საჭიროა? ან დილითვე არ ვარდება, სადაც მოხვდება, ან ჭაში, ან ხრამში, არამედ როგორც ჩანს, ფრთხილობს, ფიქრობს რა, რომ არ უნდა იყოს ერთნაირად კარგი, ან ცუდი იქ ჩავარდნა. ცხადია, რომ ის ერთს კარგად თვლის, მეორეს კი არა. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, რომ ერთი მიაჩნდეს ადამიანად, მეორე არა, ერთი - ტკბილად, მეორე - არა. მართლაც, ის ყოველივეს ერთნაირად არ ეძებს და არ იღებს. მაგალითად, როდესაც ფიქრობს, რომ უკეთესია წყლის დალევა, ანდა ადამიანის ნახვა და შემდეგ ეძებს მათ. მაგრამ ის ერთნაირად უნდა მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ერთი და იგივე იქნებოდა, ადამიანიც და არაადამიანიც. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არავინ არაა ისეთი, რომელიც ერთს უფრთხოდეს და მეორეს არა. ასე რომ, როგორც ჩანს, ყველას ერთი მარტივი შეხედულება აქვს, თუ ყველაფერზე არა, უკეთესსა და უარესზე მაინც. და თუ ეს არის არა მათი ცოდნა, არამედ წარმოდგენა, მით უფრო მეტად საჭიროა ფიქრი ჭეშმარიტებაზე, როგორც ავადმყოფი, უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ჯანმრთელი. ასევე წარმოდგენის მქონე არაა ისეთსავე დამოკიდებულებაში ჭეშმარიტებასთან, როგორც მცოდნე. ამას გარდა, დაე ყველაფერი იყოს და არც იყოს ასე, მაგრამ არსებულის ბუნებას მეტ-ნაკლებობა ახასიათებს, რადგან არ შეიძლება ერთნაირად ვუწოდოთ ლუწი ორსა და სამს. ასევე ერთნაირად არ სცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ოთხი არის ხუთი, და ვისაც ის ათასი ჰგონია. და თუ ერთნაირად არ სცდებიან, ცხადია, რომ ერთი ნაკლებ სცდება და უფრო მეტ ჭეშმარიტებას ამბობს. თუ არსებობს ჭეშმარიტებასთან უფრო მეტად ახლოს მყოფი საგნები, მაშინ უნდა იყოს რაიმე ჭეშმარიტიც, რომელთან ახლო მყოფი უფრო მეტად ჭეშმარიტი იქნება. და თუ ის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მეტად ურყევი და უფრო მეტად ჭეშმარიტი, მაშინ განვთავისუფლდებოდით იმ უკიდურესი მოძღვრებიდან, რომელიც ხელს უშლის აზროვნებას რაიმეს დადგენაში.

თავი 5

      ამავე შეხედულებიდან[9] გამომდინარეობს აგრეთვე პროტაგორას მოძღვრება და აუცილებელია, რომ ან ორივე მიღებულ იქნას, ან არც ერთი მათგანი. თუ ჭეშმარიტია ყველა შეხედულება და მოვლენა, აუცილებელია რომ ყველაფერი ერთსა და იმავე დროს იყოს, როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი. რადგან ბევრს ერთიმეორის საწინააღმდეგო შეხედულება აქვს, რომელთაგან ერთი მხარე ფიქრობს, რომ სცდება მეორე, რომელიც მის შეხედულებას არ იზიარებს. ასე რომ, აუცილებელია, ერთი და იგივე იყოს და არც იყოს. და თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, რომ ყველა შეხედულება ჭეშმარიტი იყოს, რადგან ერთიმეორის საწინააღმდეგო შეხედულება აქვთ იმათ, რომელთაგან ერთნი სცდებიან და მეორენი კი ჭეშმარიტებას ამბობენ. და თუ სინამდვილეშიც ასეა, მაშინ ყველას ჭეშმარიტება უთქვამს. რომ ორივე თვალსაზრისი ერთი და იმავე შეხედულებიდან გამომდინარეობს, ეს ცხადია, მაგრამ ყველას მიმართ მიდგომის მეთოდი ერთი და იგივე არ შეიძლება იყოს, რადგან ზოგს დარწმუნება სჭირდება, ზოგს იძულება[10]. უცოდინარობა იმათი, რომლებიც კვლევა-ძიებამ მიიყვანა აქამდე, ადვილი სამკურნალოა, რადგან აქ საქმე ეხება მათს მოძღვრებას და არა მხოლოდ სიტყვიერ მსჯელობას. იმათი მამხილებელი საშუალება კი, რომლებიც ლაპარაკობენ ლაპარაკის გულისათვის, არის სიტყვიერი ურთიერთობა და ცნებების დაზუსტება. მკვლევარებს შეხედულება საწინააღმდეგო აზრთა და საგანთა ერთდროული არსებობის შესახებ გაუჩნდათ შეგრძნებებიდან, სადაც საწინააღმდეგო შეხედულებანი და დაპირისპირებანი ერთდროულად არსებობენ და ერთი და იმავედან წარმოიშობიან. არარსებული არ შეიძლება წარმოიშვას. მაშინ საგანს წინასწარ უნდა ეარსება ორივე სახით, როგორც ამტკიცებს კიდეც ანაქსაგორა, რომ ყოველივე ყოველივეში იყო შერეულიო. და როგორც ასწავლის დემოკრიტე: ცარიელიცა და სავსეც, რომელთაც სამყაროს ნებისმიერ ადგილებში ვხვდებით, ერთნაირად არსებობენ, ეს უკანასკნელნი, როგორც არსებული და პირველი როგორც არარსებული.

      ამ შეხედულებების მომხრეთ უნდა ვუპასუხოთ, რომ ისინი ნაწილობრივ სწორად მსჯელობენ, ნაწილობრივ კი სცდებიან, რადგან არსებულზე ორი აზრით შეიძლება მსჯელობა: ერთი მხრივ, მისი წარმოშობა როგორღაც შესაძლებელია არარსებულიდან, მეორე მხრივ, ეს შეუძლებელია. ერთი და იგივე არის არსებულიცა და არარსებულიც, ოღონდ არა ერთსა და იმავე მიმართებაში. შესაძლებლობაში ერთი და იგივე შეიძლება დაპირისპირებულ მოვლენებს წარმოადგენდეს, სინამდვილეში კი არა. გარდა ამისა, საჭიროა მათ დაუშვან არსებულთა რაღაც არსება, რომელსაც არ ექნება სრულებით არც მოძრაობის, არც დაღუპვის და არც წარმოშობის თვისება[11].

      ასევე ზოგს შეხედულება მოვლენების[12] ჭეშმარიტების შესახებ შეგრძნებადი საგნებიდან გამოუმუშავდებათ. მათი აზრით, ჭეშმარიტება ვერ დადგინდება შეგრძნებათა სიმრავლეზე ან სიმცირეზე დაყრდნობით[13], რადგან ერთი და იგივე ზოგს ტკბილად ეჩვენება, ზოგს კი მწარედ. ამიტომ ყველა რომ ავად გამხდარიყო ან ჭკუაზე შეშლილიყო და ორი-სამი კაციღა დარჩენილიყო ჯანმრთელი და ჭკუამყოფელი, მაშინ ამათ ჩათვლიდნენ ავადმყოფებად და გიჟებად და არა სხვებს. ამას გარდა მრავალ ცხოველსა და ჩვენ ერთი და იგივე საწინააღმდეგოდ ეჩვენება. და ერთსა და იმავე ადამიანსაც ერთი და იგივე საგანი შეგრძნებებში ერთნაირად არ ეჩვენება. რომელი მათგანია მცდარი ან ჭეშმარიტი, არაა ნათელი. იმიტომ, რომ ერთი მათგანი უფრო ჭეშმარიტი არაა, ვიდრე მეორე, არამედ ორივე ერთნაირად ჭეშმარიტნი არიან. ამიტომ ამბობდა დემოკრიტე, რომ ჭეშმარიტი არაფერია, ან ჩვენთვის დაფარულიაო[14]. გამომდინარენი, ერთი მხრივ, აზრისა და შეგრძნებების იგივეობიდან და მეორე მხრივ, ორივეს ცვალებადობასთან იგივეობის დებულებიდან, ამტკიცებდნენ, რომ რაც შეგრძნებებში გვევლინება, აუცილებლად ჭეშმარიტიაო[15]. გადმოცემის მიხედვით, ემპედოკლე, დემოკრიტე და სხვები, ამ შეხედულებას იზიარებდნენ. კერძოდ, ემპედოკლეს უმტკიცებია, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის ცვალებადობა აზროვნების ცვალებადობის მომასწავებელიაო, რადგან „ფიზიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად ძლიერდება მისი აზროვნების უნარიო“. მეორე ადგილას კი ამბობს, რომ „რამდენადაც იცვლება ადამიანის ბუნება, იმენად იცვლება მისი აზროვნებაც“. ასევე აცხადებს პარმენიდეც: „როგორ ნაერთსაც წარმოადგენს ადამიანის სხეულის მოქნილი ნაწილები, ისეთივეა მისი აზროვნებაც. აზროვნების ორგანოს და სხეულის ნაწილების ბუნება ყველგან და ყველასათვის იგივეობრივია და რაც ჭარბობს, ის არის აზრი“.

      ანაქსაგორას შეხედულებების მიხედვით, რომელიც მისმა რომელიღაც მიმდევრებმა შემოგვინახეს, ადამიანებისათვის საგნები ისეთია, როგორც აღიქვამენ. როგორც ამბობენ, ჩანს, რომ ამ აზრისა იყო ჰომეროსიც, როდესაც ჰექტორის შესახებ ამბობდა, რომ „მან დარტყმისაგან გონება დაკარგა და იწვა შეცვლილი აზრებით“. გულისმობს რა, რომ ჭკუას გადასულნიც აზროვნებენ, ოღონდ არა ისე, როგორც ჭკუათმყოფელნი. ცხადია, რომ თუ ორივე აზროვნებაა, რომელიც შეიძლება იყოს და არც იყოს ასეთი, აქედან უაღრესად ცუდი შედეგები გამომდინარეობს, რომ ყველაზე უკეთ ჭშმარიტების განჭვრეტა იმათ შეუძლიათ, რომლებიც ყველაზე მეტად ეძებენ მას, და ყველაზე უფრო უყვართ ის. თუ მათ ასეთი შეხედულებები აქვთ და ასე მსჯელობენ ჭეშმარიტებაზე, მაშინ რატომ არ კარგავენ ფილოსოფიისადმი რწმენას ისინი, ვინც ფილოსოფიაში მუშაობას აპირებენ, რადგან ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების ძებნა წყლის ნაყვა იქნებოდა[16].

      ასეთი შეხედულებები გამოიწვია იმან, რომ იკვლევდნენ რა ჭშმარიტებას არსებულის შესახებ, არსებულად მხოლოდ შეგრძნებები მიაჩნდათ, შეგრძნებებს კი უაღრესად განუსაზღვრელი ბუნება აქვთ და ისე არსებობენ, როგორც ჩვენ ვთქვით. ეს მოაზროვნენი გონივრულად მსჯელობენ, მაგრამ მათი მსჯელობა არაა ჭეშმარიტი[17]. თუმცა ასეთი მსჯელობა უფრო შესაფერია, ვიდრე ქსენოფენეს წინააღმდეგ მიმართული მსჯელობა ეპიხარმესი. შემდეგ, ხედავდნენ რა, რომ მთელი ბუნება მოძრაობაშია და რომ ცვალებად მოვლენებში არაფერია ჭეშმარიტი, დაასკვნეს, რომ ყოველმხრივ ცვალებადის მიგნება შეუძლებელიაო. ასეთი წარმოდგენიდან გამომდინარეობდა უკვე გამოთქმულ შეხედულებათა შორის ყველაზე უკიდურესი შეხედულება ჰერაკლიტეს მიმდევრებისა, და კრატილოსისა, რომელიც გადაჭრით არაფერს არ ამბობდა, არამედ მხოლოდ თითს ამოძრავებდა და ჰკიცხავდა ჰერაკლიტეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ჩასვლაო. თვითონ კი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელია ერთხელაც კი. ამ მოძღვრების მიმდევრების აზრით, ცვალებადი საგანი, სანამ ის ცვალებადობაშია, არ არსებობს. მაგრამ ეს სადავოა, რადგან საგანი, რომელიც რაიმე თვისებას კარგავს, აქედან რაღაც ნაწილს ინარჩუნებს და იქიდანაც, რასაც იძენს, ნაწილი აუცილებლად უნდა ჰქონდეს წინასწარ. საერთოდ, როდესაც რაიმე ისპობა, მისი რაღაც ნაწილი რჩება და როდესაც რაიმე იბადება, აუცილებლად არსებობს წინასწარ ის, რისგანაც და რის საშუალებითაც წარმოიშობა. თუმცა ეს პროცესი არ შეიძლება უსასრულო იყოს.

      მაგრამ დავანებოთ ამას თავი და შევეხოთ იმ თვალსაზრისს, რომლის მიხედვით რაოდენობრივი ცვალებადობა იგივე არაა, რაც თვისობრივი, რომ რაოდენობის მიხედვით უცვლელი არაფერი არ არის, ამიტომ ყველაფერს ფორმით შევიცნობთ. ამ შეხედულების მომხრენი გაკიცხვის ღირსნი არიან, რადგან ისინი აწარმოებენ დაკვირვებას შეგრძნებადი მოვლენების მცირე რაოდენობაზე და მათი ანალოგიით მსჯელობენ მთელ სამყაროზე. მხოლოდ ჩვენს გარემოში არსებული შეგრძნებადი სამყარო განუწყვეტლივ ისპობა და იშობა, რაც მთელი კოსმოსის უმცირესი ნაწილია. ასე რომ, უფრო სამართლიანი იქნებოდა ამათი[18] საშუალებით ისინი[19] გაგვემართლებინა, ვიდრე მათი საშუალებით ესენი დაგვედანაშაულებინა.

      შემდეგ, ცხადია, რომ ჩვენ მათ მიმართ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ადრე ვთქვით; საჭიროა დავუმტკიცოთ მათ და დავარწმუნოთ იმაში, რომ არსებობს რაღაც უძრავი ბუნება. იმათი სიტყვებიდანაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ერთი და იგივე საგანი ერთსა და იმავე მიმართებაში არსებობს და არც არსებობს, გამომდინარეობს, რომ ყველაფერი არ იმყოფება უფრო მეტად უძრავ მდგომარეობაში, ვიდრე მოძრავში. და არ არსებობს რა ის, რაშიც ცვალებადობა ხდება, ამიტომაც ყველას ყველა თვისება ახასიათებს.

      ხოლო, რაც შეეხება იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველა შეგრძნება ჭეშმარიტი არაა, უნდა ითქვას: პირველი, ყოველი ინდივიდუალური შეგრძნება მცდარი არ არის და მეორე, ფანტაზია და შეგრძნება იგივე არაა. შემდეგ, გაკვირვებას იწვევს დავა იმის შესახებ, რომ სიდიდე და ფერი ისეთია, როგორც შორიდან ჩანს, თუ როგორც ახლო მანძილიდან? როგორც ჯანმრთელებს ეჩვენებათ, თუ როგორც ავადმყოფებს? სიმძიმე ისეთია, როგორც სუსტებს ეჩვენებათ, თუ როგორც ძლიერებს? და ჭეშმარიტება ისეთია, როგორც მძინარეთ ეჩვენებათ, თუ როგორც ფხიზელთ? რომ ისინი ამ საკითხებზე არ ფიქრობენ, ეს ცხადია, რადგან არც ერთი ლიბიაში მყოფი, რომელსაც დაესიზმრა, რომ ათენში იმყოფება, არ წასულა ოდეონში[20]. როგორც პლატონი ამბობს, ერთნაირი ძალა არა აქვს ექიმისა და უვიცის შეხედულებას იმის შესახებ, გამოჯანმრთელდება, თუ არა ეს ადამიანი. ისევე, როგორც ერთნაირი ძალა არა აქვს სხვისა და საკუთარ შეგრძნებებს, რომლებიც მიღებული არიან სპეციალურად ამ ობიექტისათვის განკუთვნილი გრძნობის ორგანოთი, ან ამ ორგანოს მონათესავით. ფერებისათვის განკუთვნილია მხედველობის ორგანო და არა გემოვნებისა, გემოვნებისათვის გემოვნების ორგანო და არა მხედველობისა. ამათგან არც ერთი შეგრძნება არ გვიჩვენებს ერთსა და იმავე საგანს ერთსა და იმავე დროს ასეთად და არც ასეთად. არც სხვადასხა დროს არის სადავო საგნის თვისება, არამედ ის, რასაც ეს თვისება თან სდევს. მაგალითად, ღვინო შეიძლება მოგვეჩვენოს ხან ტკბილად, ხან კი არა, იმის გამო, რომ ან თვით ღვინო შეიცვალა ან იმიტომ, რომ შეიცვალა შემგრძნები სხეული. მაგრამ თვით სიტკბოება, სანამ არსებობს, არ იცვლება, არამედ ისეთივე რჩება, როგორიც არის და ასეთვიე იქნება მომავალშიც. მის შესახებ შეგრძნებაც ყოველთვის ჭეშმარიტია. მაგრამ ყოველივე ამას ეწინააღმდეგება ის მოძღვრება, რომელიც უარყოფს ურყევ არსებას და ყოველგვარ აუცილებლობას. აუცილებლობა კი არ შეიძლება სხვადასხვანაირად არსებოდეს, რადგან რაც აუცილებლად არსებობს, ის არ შეიძლება ასეთი იყოს და არც იყოს ასეთი[21].

      საერთოდ, თუ მხოლოდ შეგრძნებადი საგნები იქნებოდნენ და არ იარსებებდა არავითარი სულიერი არსება, მაშინ არც შეგრძნებას ექნებოდა ადგილი. მაშინ ჭშმარიტი იქნებოდა აზრი იმის შესახებ, რომ არ იქნებოდა არც შეგრნებადი საგნები და არც შეგრძნებები, რადგან შეგრძნებები შემგრძნების მდგომარეობას წარმოადგენენ. მაგრამ არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს სუბსტრატი, რომელიც შეგრძნებებს იწვევს და რომ მას შეგრძნებები არ ჰქონდეს, რადგან შეგრძნება თავის თავის შეგრძნება კი არაა, არამედ შეგრძნებების გარდა არსებობს რაღაც სხვა, რაც აუცილებლად წინ უსწრებს შეგრძნებებს[22]. ისევე, როგორც მამოძრავებელი თავისი ბუნებით წინ უსწრებს მოძრავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთიმეორეზე დამოკიდებულნი არიან.

თავი 6

      სიძნელეებს აწყდებიან, როგორც ის მოაზროვნენი, რომლებსაც სწამთ ყოველივე ეს, ისე ისინი, რომლებიც მხოლოდ გამოსთქვამენ ამ თვალსაზრისს. ისინი ეძებენ ვინმეს, ვისაც შეუძლია განსაჯოს, თუ რაა ჯანმრთელობა და საერთოდ, ვისაც აქვს ყოველივეს სწორი განსჯის უნარი. ეს ჰგავს კითხვას იმის შესახებ, გვძინავს ჩვენ ახლა, თუ ვფხიზლობთ, რადგან ყველა ამ კითხვებს ერთნაირი ძალა აქვთ. ამ შეხედულების მომხრენი ეძებენ საწყისს და ის მიაჩნიათ დასაბუთებად. მაგრამ რომ ისინი არ არიან დარწმუნებული ამაში, ეს საქმიდან ჩანს. როგორც აღვნიშნეთ, ამ მოაზროვნეთა თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ეძებენ იმ საფუძველს, რასაც საფუძველი არა აქვს. რადგან დასაბუთების საფუძველი არ შეიძლება დასაბუთდეს. მათი დარწმუნება ამაში ადვილია, რადგან ამის გაგება ძნელი არაა. ისინი კი, რომლებიც იძულებას მხოლოდ მსჯელობაში ეძებენ, ეძებენ შეუძლებელს: დასაშვებად მიაჩნიათ რა ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებების გამოთქმა, თვითაც გამოთქვამდნენ მათ. მაგრამ თუ ყოველივე მიმართება არაა, არამედ არის ზოგი რამ თავისთავადიც, მაშინ ყველა მოვლენა ჭეშმარიტი არ იქნება. მოვლენა კი ყოველთვის ვიღაცას ევლინება. ამრიგად, ვინც ამბობს, რომ ყველა მოვლენა ჭეშმარიტია, ყოველ არსებულ საგანს მიმართებად აქცევს.

      ყურადღება უნდა მივაქციოთ იმათაც, რომლებიც მსჯელობაში იძულებას ეძებენ და ამავე დროს საჭიროდ თვლიან დაიცვან დებულება იმის შესახებ, რომ არსებობს არა მოვლენა საერთოდ, არამედ მოვლენა, რომელიც გარკვეულ დროს, გარკვეული სახით და გარკვეულ პირობებში ვიღაცას ევლინება. თუ ისინი იცავენ ამ შეხედულებას, მაგრამ არა ამგვარად, მაშინ ისინი წინააღმდეგობაში მოექცევიან თავისსავე თავთან. ერთი და იგივე საგანი შესაძლებელია ადამიანმა მხედველობით თაფლად ჩათვალოს, გემოვნებით კი არა. ხოლო ვისაც განსხვავებული მხედველობის მქონე თვალები აქვს, საგანი სხვადასხვა თვალში სხვადასხვანაირად მოეჩვენება. ზემოდასახელებული მიზეზის გამო მათ ყველა მოვლენები ჭეშმარიტად მიაჩნიათ და ამიტომ ყველა შეხედულება - ერთნაირად მცდარად და ჭეშმარიტად. მაგრამ არც ყველას და არც ერთსა და იმავეს ყოველთვის ერთი და იგივე არ ეჩვენება, არამედ ხშირად ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე ხშირად საწინააღმდეგოდაც კი ეჩვენებათ. მაგალითად, შეხების შეგრძნებას ორი გადაჯვარედინებული თითით საგანი ორად ეჩვენება, მხედველობას კი ერთად. ასე რომ, ჭეშმარიტი იქნება დებულება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია საგანი ერთი და იმავე შეგრძნებით ერთსა და იმავე პირობებსა და დროში ერთსა და იმავედ ეჩვენოს ადამიანს. ამიტომაც: ასევე აუცილებელია უთხრათ იმათ, რომლებსაც ალაპარაკებთ არა სიძნელეების დაძლევის, არამედ ლაპარაკისავე მიზანი, რომ ეს დებულება მხოლოდ მათთვის არის ჭეშმარიტი და არა საერთოდ. და როგორც ზევითაც იყო თქმული, მათთის აუცილებელია ყოველივეს მიმართებად ქცევა და შეხედულებებსა და შეგრძნებებზე დაყვანა. ასე რომ, მათი აზრით, არაფერი არც წარმოიშობა და არც იარსებებს ისე, თუ ის ვინმემ წინასწარ არ წარმოიდგინა. მაგრამ თუ რაიმე წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას, მაშინ ცხადია, რომ ყველაფერი შეხედულებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. თუ არსებობს რაიმე ერთი, ის დამოკიდებულებაშია ერთთანვე, ანდა ერთთა განსაზღვრულ რიცხვთან. და თუ ერთი და იგივეა „ნახევარი“ და „ტოლი“, ის ორმაგის ტოლი ყოველ შემთხვევაში არ იქნება. თუ აღმქმელისათვის „ადამიანი“ და „წარმოდგენის ობიექტი“ ერთი და იგივეა, მაშინ მისთვის „ადამიანი“ იქნება არა ის, რომელიც წარმოიდგენს, არამედ რომელსაც „წარმოიდგენენ“. და თუ ყოველივე დამოკიდებულია აღმქმელისაგან, მაშინ აღმქმელი უსაზღვრო სახის საგნებთან იქნება მიმართებაში.

      აი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება ითქვას იმ ყველაზე უფრო ურყევი დებულების შესახებ, რომ არ შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი მტკიცება ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს. აგრეთვე აქედან გამომდინარე შედეგებისა და იმის შესახებ, თუ რატომ ამტკიცებენ ისინი ამას. თუ შეუძლებელია ერთი და იმავეს შესახებ ერთდროულად გამოთქმული საწინააღმდეგო შეხედულებები ჭეშმარიტი იყოს, ცხადია, რომ ერთსა და იმავე ვითარებაში არ შეიძლება ორი დაპირისპირებული თვისება ახასიათებდეს ერთსა და იმავეს. რადგან დაპირისპირების ერთ-ერთი მხარე ნაკლია, რომელიც არსებულზე არა ნაკლებ არსებობს, რადგანაც არსებაა. ხოლო „ნაკლი“ რაღაც განსაზღვრული გვარის უარყოფაა: თუ შეუძლებელია ერთდროულად მტკიცებაცა და უარყოფაც ჭეშმარიტი იყოს, შეუძლებელია აგრეთვე ერთდროულად საწინააღმდეგო მოვლენების არსებობაც. ამიტომ ან ორივე განსაზღვრულ პირობებში უნდა არსებობდნენ, ან ერთ-ერთი მათგანი განსაზღვრულ პირობებში, მეორე კი - განუსაზღვრელში.

თავი 7

      ორ მოპირდაპირე მსჯელობას შორის შეუძლებელია რაიმე საშუალოს არსებობა, არამედ თითოეულ მათგანზე ცალკე აუცილებლად რამე ან მტკიცდება, ან უარიყოფა. ეს თავიდანვე ნათელი გახდება ჭეშმარიტებისა და სიცრუის ცნების განსაზღვრებისას. თქმა იმისა, რომ არსებული არ არსებობს და არარსებული კი არსებობს, სიცრუეა. ხოლო რომ არსებული არსებობს და არარსებული კი არ არსებობს - ჭეშმარიტია. ასე რომ, ვინც ამბობს, რომ რაიმე არსებობს ან არ არსებობს, ან ჭეშმარიტებას ამბობს, ან სცდება. მაგრამ არც არსებულზე შეიძლება ითქვას, რომ ის არ არსებობს და არ არსებობს და არც არარსებულზე. ამას გარდა, მოპირისპირე მსჯელობებს შორის ან არის რაღაც შუა, როგორც ნაცრისფერი შავსა და თეთრს შორის, ანდა არაფერი, როგორც ადამიანსა და ცხენს შორის. მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ცვალებადობა არ იქნებოდა, რადგან ცვლილება ხდება არაკეთილიდან კეთილისკენ, ანდა პირიქით. ჩვენ კი ყოველთვის ვამჩნევთ, რომ ცვლილება მოპირისპირე მხარეებს შორის ისე არ შეიძლება იყოს, თუ არა შუალედი საფეხურების გავლით. თუ დავუშვებთ შუალედ საფეხურებს, ამ შემთხვევაში ცვლილება მოხდებოდა თეთრიდან და არა არათეთრიდან, რაც არსად არ შეინიშნება. შემდეგ, ყოველივე ის, რასაც აზროვნება მოიაზრებს ან განსჯის, ის ან ამტკიცებს, ან უარყოფს, როგორც ჭეშმარიტების, ისე შეცდომის შემთხვევაში. რაც ნათელი გახდა ზემომოტანილი განსაზღვრებებიდან: როდესაც ის ასე აკავშირებს, სულ ერთია, ამტკიცებს თუ უარყოფს, ამბობს ჭეშმარიტებას, თუ არა და სცდება.

      გარდა ამისა, ყველა დაპირისპირებულს შორის უნდა არსებობდეს შუა საფეხური, თუ მსჯელობა არ წარმოებს მსჯელობისავე გულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ვერ იტყოდა ჭეშმარიტებას და ვერც არაჭეშმარიტებას. ამრიგად, არსებულსა და არარსებულს შორის კიდევ რაღაც, როგორც წარმოშობადსა და დაღუპვადს შორის - რაღაც ცვალებადობა. შემდეგ, სადაც უარყოფა საწინააღმდეგო მოვლენას იწვევს, შუალედი საფეხური აქაც იარსებებდა, როგორც რიცხვებში უნდა არსებობდეს რიცხვი, რომელიც არც კენტია და არც არაკენტი. მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც ნათელია ცნებათა განსაზღვრებიდან. ამ შემთხვევაში პროცესი განუსაზღვრელი იქნებოდა და არსებულის რიცხვი გაიზრდებოდა არა მხოლოდ ერთ ნახევარჯერ, არამედ მეტჯერაც.

      შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა უარყოფა, როგორც მტკიცებისა, ისე უარყოფის. ესეც ხომ რაღაც არსებული იქნებოდა, რადგან მას რაღაც სხვა არსება ექნებოდა. შემდეგ, როდესაც მოპასუხე უარყოფს თეთრის არსებობას, ის სხვას არაფერს არ უარყოფს, გარდა არსებობისა, რადგან უარყოფა არსებობას გულისხმობს … ზოგი ამ, და ზოგი სხვა პარადოქსებამდე მივიდნენ ერთი და იმავე გზით. ისინი, როდესაც ვერ სწყვეტდნენ სადაო საკითხებს, თავს ანებებდნენ მას და ჭეშმარიტად მიიჩნევდნენ იმას, რასაც სილოგიზმით იღებდნენ. ზოგი ამ მიზეზით მსჯელობდა, ზოგი კი იმიტომ, რომ ყოველივეს დასაბუთებას ეძებდა. ყველა ამ წამოწყებათა წინააღმდეგ ცნებათა განსაზღვრებით უნდა დავიწყოთ. განსაზღვრება კი მიიღება აუცილებლის აღნიშვნით. ის სიტყვებში გამოხატული ცნებაა. როგორც ჩანს, ჰერაკლიტეს დებულება იმის შესახებ, რომ ყოველივე არსებობს და არც არსებობს, ყველაფერს ჭეშმარიტებად აქცევდა. ანაქსაგორასი კი, რომელიც უშვებდა საწინააღმდეგო მსჯელობათა შორის რაღაც შუალედს, ყოველივეს შეცდომად აქცევდა, რადგან მისი აზრით, როდესაც ყოველივე შერეული იყო, ნარევი არ წარმოადგენდა არც სიკეთეს, არ არასიკეთეს. ასე რომ, ვერავინ ვერ იტყოდა ჭეშმარიტებას.

თავი 8

      დავადგინეთ რა ეს, ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია, როგორც ერთ ცალკეულ შემთხვევაში, ისე საერთოდ, სწორი იყოს ზოგიერთის შეხედულება იმის შესახებ, რომ არაფერი არაა ჭეშმარიტი (მათი აზრით, არაფერი არ უშლის ხელს, ყველგან ისეთი მდგომარეობა იყოს, როგორც კვადრატის გვერდებისა და დიაგონალის თანაფარდობის შემთხვევაში), ან შეხედულება იმის შესახებ, რომ ყოველივე ჭეშმარიტია, ეს შეხედულებები უახლოვდება ჰერაკლიტეს თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ყოველივე ჭეშმარიტიცაა და მცდარიც. ის თითოეულ ამ დებულებას ცალ-ცალკე ამტკიცებდა. ასე რომ, თუ პირველი შეუძლებელია, მაშინ მეორეც შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, საწინააღმდეგო დებულებები არ შეიძლება ერთდროულად ჭეშმარიტიც იყვნენ და მცდარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზემომოტანილი შეხედულებებიდან გამომდინარეობს, რომ თითქოს ეს შესაძლებელია. ყველა ამ შეხედულებების მომხრეებს უნდა მოვთხოვოთ რაც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, რომ არ შეიძლება რაიმე არსებობდეს და არც არსებობდეს, არამედ ყოველივეს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამიტომ მსჯელობა უნდა დავიწყოთ იმის განსაზღვრებით, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტება და შეცდომა. თუ ჭეშმარიტება სხვა არა არის რა, გარდა შეცდომის უარყოფისა, შეუძლებელია ყოველივე შეცდომა იყოს და აუცილებელია დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთი მხარის ჭეშმარიტება. გარდა ამისა, თუ აუცილებელია ყოველივეს მტკიცება ან უარყოფა, არ შეიძლება ორივე მხარე შეცდომა იყოს. რადგან წინააღმდეგობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა ყოველთვის მცდარი.

      ყველა ამგვარი შეხედულებებიდან გამომდინარეობს ერთი შედეგი: ისინი თავის თავს უარყოფენ. რადგან ის, ვინც ყოველივეს ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ჭეშმარიტად აცხადებს ამის საწინააღმდეგო დებულებასაც. ასე რომ, ამავე დროს თავისი დებულების არაჭეშმარიტებასაც ამტკიცებს. რადგან საწინააღმდეგო დებულება მის დებულებას არ ამართლებს. ხოლო ვინც ყოველივეს შეცდომად აცხადებს, ის ამტკიცებს როგორც საკუთარი დებულების არაჭეშმარიტებას, ისე იმ შეხედულებათა, რომლებიც მხოლოდ საწინააღმდეგო დებულების არაჭეშმარიტებას და საკუთარის ჭეშმარიტებას ამტკიცებენ. მას დაუსრულებლად ბევრი ჭეშმარიტი და მცდარი დებულებების დაშვება დასჭირდება, რადგან ჭეშმარიტია ჭეშმარიტი დებულების შესახებ ნათქვამი, რომ ის ჭეშმარიტია, რაც უსასრულობაში მიდის.

      ცხადია, აგრეთვე, რომ ჭეშმარიტებას არ ამბობენ არც ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოველივე უძრავიაო და არც ისინი, რომლებიც ყოველივეს მოძრავად აცხადებენ. თუ ყოველივე უძრავ მდგომარეობაშია, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება ჭეშმარიტიცა და მცდარიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც იცვლება, რადგან მოლაპარაკე ოდესღაც არ იყო და არც მომავალში იქნება. და თუ ყოველივე მოძრაობს, ჭეშმარიტი არაფერი არ იქნება, არამედ ყველაფერი შეცდომა იქნება. მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს შეუძლებელია. ამას გადა, აუცილებელია, რომ არსებული იცვლებოდეს. ცვალებადობა კი წარმოებს რაიმედან რაიმეში და არ შეიძლება, რომ ოდესმე ყველაფერი ან მხოლოდ უძრავი იყოს ან მხოლოდ მოძრავი და არც მუდმივია რაიმე, რადგან არსებობს რაღაც, რაც მოძრავს მუდმივად ამოძრავებს და თვით კი, როგორც პირველი მამოძრავებელი, უძრავია.

« წიგნი მესამე

წიგნი მეხუთე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] აქ არისტოტელე კვლავ ჰერაკლიტეს მიმდევრებსა და სოფისტებს გულისხმობს.

[2] არისტოტელესათვის მიუღებელია მტკიცების უსასრულობა და მისთვის საზღვრის დადებას მოითხოვს.

[3] აქ არისტოტელე ერთმანეთისაგან ასხვავებს ჩვეულებრივ დასაბუთებას არაპირდაპირისაგან. არაპირდაპირი დასაბუთებისას საჭიროა მოწინააღმდეგის დებულების უარყოფა მისგან გამომდინარე შეუსაბამო შედეგების ჩვენებით.

[4] არისტოტელე მოითხოვს როგორც ცნებათა შინაარსის, ისე საერთოდ, მსჯელოის შინაარსის გარკვეულობას.

[5] ἀ ν θ ρ ώ π ῳ ε ἶ ν α ι, ζ ῴῳ ε ἶ ν α ι ნიშნავს, როგორც საგნის არსებას, ისე მის ცნებას, ე.ი. არ ნიშნავს მხოლოდ ცნებას, როგორც თარგმნის ხოლმე, ჩვეულებრივად, ანალოგიურ გამოთქმებს გოლკე.

[6] ძველ საბერძნეთში ნიშნავდა გემს სამ იარუსიანი იალქნებით.

[7] ἀ λ η θ ὲ ς λ έ γ ε ι ν უნდა ითარგმნოს, „ამბობენ ჭეშმარიტებას“ და არა „მსჯელობენ სწორად“, როგორც თარგმნიან გოკლე და კუბიცკი, რადგან არისტოტელე კარგად არჩევს ერთმანეთისაგან მსჯელობის სისწორესა და ჭეშმარიტებას.

[8] მთელი ეს მსჯელობა მიმართულია სოფისტების წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებენ ერთს მიმართბაში საწინააღმდეგო დებულებათა გამოთქმის შესაძლებლობას, და აყალიბებს ლოგიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვან იგივეობის თეზას.

[9] იგულისხმება ჰერაკლიტელთა მოძღვრება.

[10] β ί α ς იძულება. არისტოტელესთან არაა დაზუსტებული, თუ რომელი იძულებაა ნაგულისხმევი. კუბიცკი კი აზუსტებს მას „ლოგიკურ იძულებად“.

[11] განხილული მოძღვრების წინააღმდეგ არისტოტელე აყენებს შემდეგ მოსაზრებებს: 1. წინააღმდეგობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიმართებაში, 2. შესაძლებლობაში, 3. ყოველგვარ ცვალებადობისა და მოძრაობის იქით უნდა დაშვებულ იქნას უცვლელი სუბსტარატი.

[12] τ ὰ ϕ α ι ν ό μ ε ν α მოვლენები, კუბიცკის თარგმნილი აქვს წარმოდგენად (что представляется), მაგრამ ეს ტერმინი არ ნიშნავს მხოლოდ წარმოდგენაში მოცემულს. ის უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს ყოველივეს, რაც გრძნობებში გვეძლევა გარესამყაროს ზემოქმედების შედეგად.

[13] არისტოტელეს აზრით, ცდის კოლექტიურობა არ გამოდგება ჭეშმარიტების კრიტერიუმად. თუმცა არისტოტელე არ შეჩერებულა ამაზე და მაინც მივიდა ჭეშმარიტების კრიტერიუმად ჩვენი შეხედულებების სინამდვილესთან შედარების აუცილებლობის აღიარებამდე.

[14] ἄ δ η λ ο ν კუბიცკისთან და გლკესთან თარგმნილია როგორც „უცნობი“. ამ ტერმინს, ჩვენი აზრით, უფრო ზუსტად გადმოსცემს „დაფარული“.

[15] აქ არისტოტელე აკრიტიკებს ჰერაკლიტეს მიმდევრების და სოფისტების თვალსაზრისს შეგრძნებებისა და აზროვნების იგივეობის და ყოველი შეგრძნების ჭეშმარიტების შესახებ, რაც, მისი აზრით, შემდეგში დემოკრიტემ და ემპედოკლემ გაიზიარეს.

[16] τ ὰ π ε τ ό μ ε ν α δ ι ώ κ ε ι ν სიტყვა-სიტყვით ნიშნავს იმის დევნას, რის დაჭერა შეუძლებელია.

[17] ο ὐ κ ἀ λ η θ ῆ δ ὲ λ έ γ ο υ σ ι ν კუბიცკისთან გადმოცემულია კვლავ, როგორც „არასწორი მსჯელობა“, დედანში კი ისევ მსჯელობის არაჭეშმარიტებაა ნაგულისხმევი.

[18] მიწიერი მოვლენები.

[19] კოსმიური მოვლენები.

[20] τ ὸ ᾠ δ ε ῖ ο ν ოდეონი, პერიკლეს დროს ათენში აგებული შენობა მუსკალური შეჯიბრებებისათვის, შემდეგში კი მას სხვა მიზნებისათვის იყენებდნენ.

[21] იგულისხმება, რომ ეს შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე მიმართებაში.

[22] არისტოტელე აქ გადმოგვცემს თავის მატერიალისტურ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ შეგრძნებებს წინ უსწრებენ და მათგან დამოუკიდებლად არსებობენ მათი გამომწვევი საგნები.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 110

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters