არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი III

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      უპირველესად ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, თუ პირველ რიგში რა უნდა იკვლიოს საძიებელმა მეცნიერებამ. ეს ის საკითხებია, რაც ზოგიერთმა სხვაგვარად გაიგო, ან რაც შემთხვევით გამორჩა. ვისაც სიძნელეების გადაჭრა სურს, მისთვის მიზანშეწონილია მათი კარგად გათვალისწინება. რადგან წინამორბედი საკითხების გადაჭრა მომდევნოთა ამოხსნაც არის. მაგრამ ამოხსნა შეუძლებელია საკვანძო საკითხების გათვალისწინების გარეშე, რასაც ჩვენი აზროვნებითი ძიება ნათელყოფს ფაქტებზე. დაბრკოლებაში მყოფი დაახლოებით იმას განიცდის, რასაც შებორკილი ადამიანი, რადგან ორივე შემთხვევაში წინსვლა შეუძლებელია. მაშასადამე, საჭიროა წინასწარ მთელი სიძნელეების გათვალისწინება, როგორც ამ მიზნით, ისე იმიტომაც, რომ მკვლევარმა, რომელმაც თავიდანვე არ გაითვალისწინა სიძნელეები, ჰგავს ადამიანს, რომელმაც არ იცის, საით წავიდეს. გარდა ამისა, ის ვერ იპოვის იმას, რასაც ეძებს და თუ იპოვის, ვერ მიხვდება, რადგან ასეთი ადამიანისათვის მიზანი ნათელი არაა. ის ნათელია იმისათვის, ვინც სიძნელეები წინასწარ გაითვალისწინა. ამას გარდა, დასკვნის გაკეთება ყველაზე უკეთესად იმას შეუძლია, ვინც როგორც ბრალმდებელმა, ყველა მოწინააღმდეგე მხარეს მოუსმინა.

      პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენ უკვე შევეხეთ შესავალში, შემდეგია: მიზეზებს ერთი მეცნიერება სწავლობს, თუ მრავალი? აგრეთვე ამ მეცნიერებამ მხოლოდ არსთა პირველი საწყისები უნდა განიხილოს, თუ ყოველივეს მტკიცების საფუძვლებიც? მაგალითად, დასაშვებია ერთდროულად ერთი და იგივეს მტკიცებაცა და უარყოფაც, თუ არა? და ასევე ყველა სხვა ამდაგვარი საკითხები.

      თუ არსებობს მეცნიერება სუბსტანციის შესახებ, საჭიროა გაირკვეს ასეთი მეცნიერება ერთია თუ მრავალი? თუ ბევრია, მონათესავენი არიან, თუ ზოგი მათგანი სიბრძნეს განეკუთვნება და ზოგი კი სხვა რამეს?

      გადაუდებელ კვლევას მოითხოვს აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, რომ მხოლოდ შეგრძნებადი სუბსტანციები არსებობს, თუ ამათ გარდა, სხვაც და ერთგვარნი არიან ისინი, თუ მრავალგვარნი? როგორც იდეების თეორიის მომხრენი უშვებდნენ იდეებს და მათემატიკურ რიცხვებს, იდეებსა და შეგრძნებად საგნებს შორის. ყველაფერი ეს მოითხოვს მოფიქრებას, როგორცა ვთქვით და აგრეთვე ის, შემეცნება ეხება მხოლოდ სუბსტანციებს, თუ მათ შემთხვევით ნიშნებსაც.[1] ამას გარდა, რა სწავლობს ერთსა და იგივეს და სხვას, მსგავსსა და განსხვავებულს, დაპირისპირებულს, წინამორბედსა და მომდევნოს და ყოველივე სხვა ამდაგვარს, რომელთა გარკვევასაც ცდილობენ დიალექტიკოსები მხოლოდ საყოველთაოდ ცნობლ დებულებებზე დაყრდნობით.

      გარდა ამისა, უნდა გაირკვეს არა მხოლოდ თავისთავად არსთა შემთხვევით ნიშანთა არსი, არამედ მათ შორის არსებული წინააღმდეგობაც. აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ საწყისები და ელემენტები, გვარებს თუ იმ ნაწილებს, რაზეც ყოველი საგანი დაიშლება? თუ ეს გვარებია, არიან ისინი უკანასკნელნი, რაც ერთეულ საგნებზე ითქმის, თუ პირველნი? მაგალითად, რომელია უფრო მეტად საწყისი და ინდივიდუალურ საგნებზე უფრო მეტად არსებული, ცხოველი თუ ადამიანი?

      განსაკუთრებით უნდა შესწავლილ და დამუშავებულ იქნას საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა მატერიის გარდა, სხვა თავისთავადი მიზეზი და დამოუკიდებლად არსებობს ის, თუ არა? რიცხობრივად ერთია ის, თუ მრავალი? არსებობს თუ არა მთელის გარდა სხვა რაიმე (მთელში მე ვგულისხმობ მატერიის ნებისმიერ განსაზღვრებას). თუ ზოგჯერ არსებობს და ზოგჯერ არა და არსებულის როგორი სახეა ის?

      შემდეგ, ლოგიკური და მატერიალური საწყისები რიცხობრივად არიან განსაზღვრული, თუ თვისობრივად? როგორია მოკვდავ და უკვდავ საგანთა საწყისები? ერთი და იგივეა, თუ სხვადასხვა? ე.ი. ყველას უკვდავი საწყისი აქვს, თუ მოკვდავთ მოკვდავი?[2]

      შემდეგ, ყველაზე ძნელი და დიდად სადავოა საკითხი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ერთი და არსი? არის ის არსებულთა არსება, როგორც პითაგორელები და პლატონი ამბობდნენ, თუ რაღაც სხვა სუბსტრატი, როგორც ემპედოკლე ასახელებდა მეგობრობას, სხვები კი ზოგი ცეცხლს, ზოგი წყალსა და ჰაერს? საკვლევია აგრეთვე, თუ როგორი საწყისებია ისინი: ზოგადი თუ ისეთი, როგორც ინდივიდუალური საგნები და არსებობენ ისინი შესაძლებლობაში, თუ სინამდვილეში? შემდეგ იმყოფებიან ისინი მოძრაობაში, თუ სხვა რამენაირად არსებობენ? ამ საკითხსაც დიდი დავის გამოწვევა შეუძლია. ამას გარდა, რიცხვები, ხაზები, ფორმები და წერტილები წარმოადგენენ რაღაც სუბსტანციას, თუ არა? თუ სუბსტანციას წარმოადგენენ, დაშორებული არიან ისინი გრძნობადი მოვლენებისაგან, თუ მათშივე არსებობენ? ყველა ამ საკითხში არა მხოლოდ ძნელია ჭეშმარიტების მიკვლევა, არამედ ადვილი არაა ყველა მათგანის ხეირიანად სიტყვით გადმოცემაც კი.

თავი 2

      როგორც თავდაპირველად ვთქვით, უპირველესად ყოვლისა, დასადგენია ყველა სახის მიზეზებს ერთი, თუ რამდენიმე მეცნიერება სწავლობს. ერთი მეცნიერება როგორ შეისწავლიდა იმ საწყისებს, რომლებიც ერთმანეთს არ უპირისპირდებიან და არც მრავალი არსის საწყისები არიან? მაგალითად, როგორ შეიძლება, რომ უძრავ საგნებს მოძრაობის საწყისი ან სიკეთის ბუნება ჰქონდეთ, თუ ყოველივე, რაც არსებობს, თავისთავად სიკეთეა და ამ ბუნების გამო იმ მიზეზსა და მიზანს წარმოადგენს, რომლისთვისაც იქმნება და არსებობს სხვა. მიზანი ანუ ის, რისთვისაც არსებობს სხვა, არის მიზანი რაღაც მოქმედების, ხოლო ყოველგვარი მოქმედება მოძრაობის შედეგად არსებობს. ასე რომ, უძრავ საგნებს არ შეიძლება ასეთივე საწყისი[3] ჰქონდეთ და არც თავისთავად სიკეთეს შეიძლება წარმოადგენდნენ. ამ მიზეზის საშუალებით არც მათემატიკაში მტკიცდება რამე და არც სხვა რამე უკეთესი ან უარესი მტკიცება არსებობს. არც ვინმე ოდესმე ახსენებს რაიმე ამგვარს. რადგან მათემატიკაში არავინ არ მსჯელობს სიკეთესა და ბოროტებაზე. ამიტომ ზოგიერთ სოფისტს, მაგალითად, არსიტიპეს, სძულთ ის[4]. ყველა სხვა მეცნიერებაში და ხელობაშიც კი, როგორიცაა დურგლობა და მეწაღეობა, მსჯელობა ყოველთვის ეხება იმას, თუ რაა უკეთესი და უარესი. მაგრამ თუ მიზეზების შესახებ არსებობს მრავალი მეცნიერება და თითოეული მათგანი სხვადასხვა საწყისს ეხება, რომელი ამათგანია ის მეცნიერება, რომელსაც ვეძებთ? ან იმ ობიექტს, რომელსაც ვიკვლევთ, რომელი შეისწავლის ყველაზე უფრო მეტად? შესალებელია, რომ ერთსა და იმავე საგანს მიზეზთა ყველა სახე ახასიათებდეს, როგორც მაგალითად, სახლის მამოძრავებელია მშენებლობა და მშენებელი, მიზანია შენობა, მატერია მიწა და ქვა, ფორმაა სახლის ცნება. სიბრძნის ჩვენს მიერ ზემომოტანილი განსაზღვრება უდგება ყველა მეცნიერებას. ის მეცნიერება კი, რომელიც უმთავრესი და წარმმართველია, რომლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ისევე არ შეუძლიათ სხვა მეცნიერებებს როგორც მონებს, ის მეცნიერება, რომელიც ერთსა და იმავე დროს სწავლობს როგორც მიზანს და სიკეთეს, ე.ი. იმას, რისთვისაც არსებობს ყოველივე სხვა, ასევე პირველ მიზეზებსა და ყველაზე მეტად შეცნობად ობიექტებს, არის მეცნიერება არსების შესახებ.

      ერთსა და იმავე საგანს მრავალნი სწავლობენ, მაგრამ ამათგან ყველაზე უფრო მცოდნეს ვუწოდებთ იმას, ვინც იცის, თუ რას წარმოადგენს, ან რას არ წარმოადგენს საგანი. შესაძლებელია საგანი ერთმა მეორეზე უკეთ იცოდეს, მაგრამ ყველაზე უკეთ იცის იმან, ვინც იცის არსება და არა იმან, ვინც იცის საგნის რაოდენობრივი ან თვისობრივი მხარე, მოქმედება, ან ვნება. ყველა დანარჩენ შემთხვევაშიც, მაშინაც კი, სადაც მტკიცება შეიძლება, ჩვენი აზრით, მაშინ ვიცით საგანი, როდესაც ვიცით, თუ რას წარმოადგენს ის. მაგალითად, რას ნიშნავს კვადრატის აგება? ეს ნიშნავს საშუალო პროპორციულის დაძებნას. ასევე სხვა შემთხვევებშიც. წარმოშობა, მოქმედება და ცვალებადობა მაშინ ვიცით, როდესაც ვიცით მოძრაობის საწყისი, რომელიც განსხვავდება მიზნისაგან და ეწინააღმდეგება მას. ასე რომ, საფიქრებელია, რომ თითოეულ ამ მიზეზს სხვადასხვა მეცნიერება სწავლობს.

      სადავოა აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე, თუ რამდენიმე მეცნიერების ობიექტია მტკიცებათა საფუძვლები. საფუძვლებს იმ ზოგად შეხედულებებს ვუწოდებთ, საიდანაც მტკიცდება ყოველივე. დებულებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია ყოველივეს ან მტკიცება, ან უარყოფა, რომ ერთსა და იმავე დროს ყოფნა და არყოფნა შეუძლებელია და სხვა ამგვარს სწავლობს იგივე მეცნიერება, რომელიც სწავლობს სუბსტანციებს, თუ სხვა? თუ იგივე, რა უნდა ვუწოდოთ იმ მეცნიერებას, რომელსაც ახლა ვიკვლევთ? არ იქნებოდა გონივრული, ის რომ ერთი და იგივედ ჩაგვეთვალა. მაგალითად, რატომ უნდა იყოს ეს საფუძვლები უფრო მეტად გეომეტრიის ან სხვა ნებისმიერი მეცნიერების დაკვირვების საგანი? როგორიც არ უნდა იყოს ეს საფუძვლები, შეუძლებელია, რომ ის ყველა მეცნიერების ობიექტი იყოს. არც სუბსტანციის შემსწავლელი და არც სხვა მეცნიერება შეიძლება იყოს ეს. ან როგორ უნდა იყოს შესაძლებელი მათი შემეცნება? თუ რას წარმოადგენს თითოეული ეს საწყისი, ჩვენ ეს ახლა ვიცით. მათ, როგორც ცნობილთ, სხვა მეცნიერებანიც იყენებენ. თუ ისინი მტკიცებას ექვემდებარებიან, მათ ექნებათ რაღაც სხვა საფუძველიც და მაშინ პირველნი თვისებები იქნებოდნენ, ესენი კი აქსიომები. რადგან შეუძლებელია ყველაფრის მტკიცების არსებობა, არამედ აუცილებელია, რომ მტკიცება იწყებოდეს სადღაც, რაღაცას ეხებოდეს და რაღაც მიზანი ჰქონდეს.

      ამრიგად, ყოველივეს, რაც მტკიცდება, რაღაც ერთი გვარი აქვს, რადგან ყოველ მტკიცებაში მეცნიერება აქსიომებს ემყარება.

      მაგრამ თუ მტკიცებათა საფუძვლების და არსებათა მეცნიერება სხვადასხვაა, მაშინ რომელი ამათგანია უმთავრესი და პირველი? აქსიომები ყველაზე მატად ზოგადნი და ყველაფრის საწყისები არიან. და თუ არა ფილოსოფოსმა, სხვამ ვინ უნდა გაარკვიოს მათ შესახებ ჭეშმარიტება და სიცრუე?

      საერთოდ, ყველა არსებას ერთი მეცნიერება სწავლობს, თუ მრავალი? თუ ერთი არა, მაშინ რომელ არსებას სწავლობს ის მეცნიერება, რომელსაც ვიკვლევთ? მაგრამ ყველა არსებისათვის ერთი მეცნიერების დაშვება არ იქნებოდა გონივრული. ამ შემთხვევაში ყველა შემთხვევითი ნიშნის შესახებაც ერთი მტკიცებითი ხასიათის მეცნიერება იარსებებდა, თუ ყველა მტკიცებითი მეცნიერება რომელიმე სუბსტრატის შემთხვევით ნიშნებსაც ზოგად დებულებებზე დაყრდნობით იკვლევს. ამრიგად, ერთი გვარის ნიშნებს უნდა სწავლობდეს ერთი მეცნიერება იმავე დებულებებზე[5] დაყრდნობით და საგანსა და მის შემადგენელ ნაწილებს უნდა სწავლობდეს ან იგივე, ან სხვა მეცნიერება, ასე რომ, ამ საგნის შემთხვევით ნიშნებსაც ან იგივე მეცნიერებანი განიხილავენ, ანდა ამათგან ერთ-ერთი.

      შემდეგ, ერთი მეცნიერება სწავლობს მხოლოდ სუბსტანციებს, თუ სწავლობს მათ შემთხვევით ნიშნებსაც? მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ სხეული, ხაზი და სიბრტყე რაღაც სუბსტანციებს წარმოადგენენ, ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა მეცნიერება სწავლობს როგორც ამათ, ისე თითოეული ამ გვარის შემთხვევით ნიშნებს, რომელთა შესახებ მტიცებებს მათემატიურ მეცნიერებებში ვხვდებით? თუ ერთი და იგივე მეცნიერება სწავლობს, მაშინ მეცნიერება სუბსტანციის შესახებ რაღაც მტკიცებითი მეცნიერებაც იქნება. მაგრამ თუ მათ სხვადასხვა მეცნიერება ეხება, რომელი სწავლობს არსების შემთხვევით ნიშნებს? ამის ახსნა უაღრესად ძნელია.

      შემდეგ, მხოლოდ შეგრძნებადი სუბსტანციები არსებობენ, თუ მათ გარდა რაღაც სხვაც? აგრეთვე სუბსტანციათა ერთი, თუ მრავალი გვარი არსებობს, როგორც ამტკიცებენ ისინი, რომლებიც უშვებენ იდეებსა და შუალედს, რაც, მათი აზრით, მათემატიკის შესწავლის ობიექტია. თუ რას ნიშნავს ის, რომ იდეები არიან მიზეზები და თავისთავადი სუბსტანციები, ამის შესახებ უკვე ნათქვამია ზემოთ.

      ამ მრავალ სიძნელეთა შორის არა ნაკლებ საკვირველია მტკიცება იმის შესახებ, რომ ცის ქვეშ არსებულთა გარდა, არსებობენ რაღაც სხვა მოვლენები, რომლებიც იგივე შეგრძნებადი საგნები არიან, იმ განსხვავებით, რომ ერთნი მარადიულნი არიან, მეორენი კი წარმავალნი. ისინი იმის მეტს არაფერს არ ამბობენ, რომ უშვებენ თავისთავად ადამიანს, ცხენსა და ჯანმრთელობას. დაახლოებით ისე, როგორც ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობენ ღმერთები, რომლებიც ადამიანებისმაგვარნი არიანო. ესენიც არაფერს არ აკეთებენ იმის გარდა, რომ ადამიანს ამარადიულებენ. ასევე იდეების მომხრენიც მხოლოდ გრძნობად საგნებს ამარადიულებენ.

      მრავალ სიძნელეებს წააწყდება ისიც, ვინც იდეებისა და გრძნობადი საგნების გარდა, რაღაც შუალედ მოვლენებს დაუშვებს. ცხადია, რომ როგორც თავისთავადსა და გრძნობად ხაზებს შორის არსებობენ რაღაც სხვა ხაზები, ასევე უნდა არსებობდეს ყოველ სხვა გვარშიც[6]. თუ ყოველივე ამას მხოლოდ ასტრონომია ეხება, მაშ, გრძნობად ცის გარდა უნდა არსებობდეს რაღაც ცა, აგრეთვე მზე, მთვარე და სხვა ამგვარი ციური სხეულები. როგორ დავიჯეროთ ეს? უაზრობაა რომ ის უძრავი ყოფილიყო, მაგრამ შეუძლებელია, რომ მოძრავი ყოფილიყო. ასევეა იმ საგნებში, რომლებსაც ოპტიკა იკვლევს და მათემატკური მოძღვრება ჰარმონიის შესახებ. ამავე მიზნით შეუძლებელია, რომ ეს მოვლენები გრძნობადი საგნებისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ. თუ შეგრძნებადნი და შეგრძნებები არსებობენ შუაში, მაშინ თავისთავად და მოკვდავ ცხოველს შორის რაღაც ცხოველები იქნებოდნენ.

      სიძნელეს წარმოადგენს აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, თუ არსებულის რომელ სფეროს უნდა იკვლევდნენ ეს მეცნიერებანი? თუ გეომეტრია ნიადაგმცოდნეობისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პირველის ობიექტია არაგრძნობადი. მეორისა კი გრძნობადი, მაშინ ცხადია, რომ მედიცინის გვერდით უნდა ყოფილიყო რაღაც სხვა მეცნიერება, თავისთავად მედიცინასა და ჩვენს მედიცინას შორის და ასევე ყველა სხვა შემთხვევებშიც. მაგრამ რამდენად დასაშვებია ეს? რადგან ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო რაღაც ჯანმრთელი არსებები შეგრძნებათდთა და თავისთავად ჯანმრთელთა შორის. ამავე დროს არც ისაა ჭეშმარიტი, რომ თითქოს ნიადაგმცოდნეობა იყოს მეცნიერება გრძნობადი და წარმავალი სიდიდეების შესახებ, რადგან ის მათ მოსპობისთანავე მოისპობოდა. არც ასტრონომია უნდა სწავლობდეს გრძნობად სიდიდეებსა და ციურ სხეულებს. არც შეგრძნებადი ხაზებია ისეთი, რომლის შესახებ გეომეტრი მსჯელობს, რადგან გრძნობად საგნებში არაფერია ზუსტად სწორხაზოვანი ან მრგვალი. რადგან წრე ეხება სწორ ხაზს არა წერტილში, არამედ ისე, როგორც ამას პროტაგორა ამტკიცებდა, როდესაც გეომეტრებს ებრძოდა. არც ცის მოძრაობა და ბრუნვა ჰგავს იმ საგანს, რაზეც ასტორნომია მსჯელობს. და არც მნათობებზე მიმდინარე პროცესებს აქვთ ასეთი ბუნება.

      არიან ისეთი მოაზროვნენიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იდეებსა და გრძნობად საგნებს შორის არსებობს რაღაც, რომელიც გრძნობადი საგნებისაგან კი არ არის დაშორებული, არამედ თვით მათშივეა. მაგრამ ყველა იმ შედეგების დაწვრილებით განხილვა, რაც აქედან გამომდინარეობს, შორს წაგვიყვანდა. საკმარისია იმის გათვალისწინებაც, რომ მხოლოდ ეს კი არაა არაგონივრული, არამედ ცხადია, იდეების გრძნობად საგნებში არსებობაც. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარეობს ორი შედეგი: ერთსა და იმავე ადგილას აუცილებლად ორი სხეული იქნება და გრძნობად საგნებში მოთავსებული, უძრავი აღარ იქნება. საერთოდ კი, რა მიზანი აქვს გრძნობად საგნებში მის მოთავსებას?

      აქ მოტანილი მოძღვრებიდან გამომდინარეობს ისეთი შეუსაბამობა, რომ არსებული ცის გარდა უნდა არსებობდეს კიდევ სხვა რაღაც ცა, მაგრამ არა მისგან დამოუკიდებელი, არამედ იმავე ადგილზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუძლებელია[7].

თავი 3

      დიდ სიძნელეს წარმოადგენს აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჭეშმარიტებას მივწვდეთ და რა უნდა ჩავთვალოთ ელემენტებად და საწყისებად, გვარი, თუ ის პირველსაწყისები, რისგანაც თითოეული მოვლენა შედგება. მაგალითად, ჩვენი აზრით, მარცვლის[8] საწყისები და ელემენტებია მისი კონკრეტული შემადგენელი ნაწილები და არა მარცვალი ზოგადად. ასევე მსჯელობის ელემენტებსაც ვუწოდებთ დასაბუთების შემადგენელ ნაწილებს, რაც ყველა დანარჩენი, ან უმრავლესი დასაბუთებათა ნაწილებიცაა. როგორც იმათ, რომლებიც სხეულთა ერთ საწყის ელემენტს ასახელებდნენ, ისე იმათ, რომლებიც ასახელებდნენ ბევრს, ასეთ საწყისებად მიაჩნდათ ის, რისგანაც წარმოიშვება, თუ შედეგბა საგანი. მაგალითად, ემპედოკლე არსებულის ელემენტებად ასახელებდა ცეცხლს, წყალს და იმას, რაც მათ მოსდევს შედეგად. მაგრამ ის მათ არსებულის გვარებად არ თვლიდა. ამას გარდა, როდესაც ვინმე სხვა საგნის ბუნების, მაგალითად, საწოლის შეცნობას მოისურვებს, მაშინ შესძლებს ამას, როცა ეცოდინება, თუ რა ნაწილებისაგან არის ისე შემდგარი და როგორ არიან ისინი განლაგებულნი.

      ამ მოსაზრებათა მიხედვით, გვარები არ არიან არსებულთა საწყისები. მაგრამ თუ ყოველივეს განსაზღვრებების საშუალებით შევიცნობთ, ხოლო განსაზღვრებების საფუძვლები კი გვარეობითი ცნებებია, აუცილებელია, რომ გვარეობითი ცნებები განსაზღვრულ საგანთა საწყისებიც იყვნენ. რადგან როცა შესაცნობია არსებული საგნები, ჯერ ის სახეები უნდა შევიცნოთ, რომლითაც ამ საგნებს აღვნიშნავთ. სახეების საწყისები კი გვარებია. როგორც ჩანს, არიან მოაზროვნენი, რომლებიც არსებულის საწყისებად გვარის მნიშვნელობით იყენებენ ხან „ერთს“, ანუ არსებულს, ხან „დიდსა და მცირეს“. მაგრამ შეუძლებელია ორივე შემთხვევაში საწყისთან გვქონდეს საქმე, რადგან სუბსტანციის არსებას ერთი ცნება გამოხატავს, განსაზღვრება გვარის მიხედვით და შემადგენელი ნაწილების მიხედვით კი სხვაა.

      გარდა ამისა, თუნდაც გვარები, მართლაც, საწყისები იყვნენ, რომელია საწყისი, ის, რომელიც პირველია გვართა შორის[9] თუ რომელიც უკანასკნელად[10] ითქმის საგანზე?[11] მაგრამ ესეც სადაოა, რადგან, თუ ყოველთვის, უპირველესად ყოვლისა, საწყისია ზოგადი, მაშინ საწყისი უზოგადესი გვარი უნდა იყოს, რადგან ის ყოველივეს შესახებ ითქმის. ამ შემთხვევაში არსებულის იმდენი საწყისი იქმნება, რამდენიც პირველი გვარია. ასე რომ, არსებული და ერთი საწყისიც იქნება და სუბსტანციაც, რადგან ისინი სხვებზე უფრო მეტად ეხებიან ყველა არსებულს. მაგრამ არსებულთა გვარს არ წარმოადგენს არც „ერთი“ და არც „ერთი“ და „არსებული“, ერთად აღებული. რადგან აუცილებელია თითეოულ გვარს თავისი სახეობითი სხვაობა ჰქონდეს და ამავე დროს ერთი გვარის სახესხვაობა არ შეიძლება თავის სახესხვაობაზე იხმარებოდეს და ან გვარი არსებობდეს სახეების გარეშე. ასე რომ, თუ გვარი ან „ერთია“, ან „არსებული“, მაშინ არცერთი სახესხვაობა არ იქნება „არსებული“ ან „ერთი“. მაგრამ თუ ისინი გვარები არ არიან, არც საწყისები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ საწყისები იგივე გვარები არიან.

      ასევე შუალობითი ცნებები სახესხვაობასთან ერთად კონკრეტულ საგნებამდე გვარები იქნებიან. აქედან ნაწილი საწორია, ნაწილი კი არა. გარდა ამისა, სახესხვაობანი უფრო მეტად უნდა იყვნენ საწყისები, ვიდრე გვარები, მაგრამ თუ გვარებიც საწყისები არიან, მაშინ, როგორცა ვთქვით, საწყისთა რაოდენობა უსაზღვრო იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ყველაზე უზოგადეს გვარს ჩათვლიდა საწყისად.

      შემდეგ, თუ ყველზე უფრო მეტად ერთია საწყისი, რომელიც განუყოფელია, მაშინ ყოველივე განუყოფელი იქნებოდა ან რიცხობრიობის, ან თვისობრიობის მიხედვით. პირველ რიგში კი თვისობრივად. გვარი კი სახეებად იყოფა. ამიტომ ყველაზე უფრო მეტად „ერთი“ იქნებოდა უკანასკნელი გვარეობითი ცნება, რადგან „ადამიანი“ აღარ წარმოადგენს გვარს რომელიმე ადამიანისათვის. ამას გარდა, სადაც არის წინამორბედი და მომდევნო, იქ არ შეიძლება ამათ გარდა რაიმე არსებობდეს. მაგალითად, თუ რიცხვებში ორიანია პირველი, მათ აღარ ექნებათ რაღაც სხვა რიცხვი, დამოუკიდებელი რიცხვთა სახეებისაგან. ასევე არც რაიმე ფორმა იქნებოდა სხვადასხვა კონკრეტული ფორმების გვერდით. და თუ ამ შემთხვევებისათვის არ არსებობს სახეებისაგან გამოუკიდებელი გვარი, მითუმეტეს არ იარსებებს ის სხვა შემთხვევებისათვის. რადგან, როგორც ჩანს, უფრო მეტად ზემოხსენებულ მოვლენებს უნდა ჰქონდეს ასეთი გვარი. ინდივიდუალურ საგნებში კი წინამორბედი და მომდევნო არ არის. გარდა ამისა, სადაც ერთი უკეთესია და მეორე უარესი, იქ ყოველთვის უკეთესია წინამორბედი. ასე რომ, არც ამათ ექნებათ გვარები.

      ყოველივე აქედან ჩანს, რომ რაც საგანზე პირველად ითქმის[12], ის უფრო მეტად არის საწყისი, ვიდრე გვარეობითი ცნებები. მაგრამ არც იმის თქმაა ადვილი, თუ როგორ უნდა ჩავთვალოთ ესენი[13] საწყისებად. რადგან საწყისი და მიზეზი უნდა არსებობდეს იმ საგანთა გვერდით და იმათგან დამოუკიდებლად, რომელთა საწყისიც ის არის. მაგრამ სხვა რა მიზეზით უნდა უშვებდნენ ისინი რაიმეს კონკრეტული საგნებისაგან დამოუკიდებელს, თუ არა იმიტომ, რომ ის ზოგადად ითქმის ყოველივეზე. მაგრამ თუ ამ მიზეზით, მაშინ ყველაზე უფრო მეტად ზოგადი უნდა ყოფილიყო საგანთა საწყისი. ასე, რომ საწყისები ყველაზე მეტად უზოგადესი[14] გვარები იქნებოდნენ.

თავი 4

      ამათ მოსდევს ყველაზე უფრო ძნელი და ყველაზე უფრო აუცილებლად განსახილველი საკითხი, რაზეც ახლახანს შევჩერდით: თუ არ არსებობს ერთეული საგნებისაგან დამოუკიდებელი არაფერი, ერთეული საგნები კი უსაზღვროდ ბევრნი არიან, როგორ შევიცნობდით ამ განუსაზღვრელი რაოდენობის საგნებს? ჩვენ კი ყოველივეს შევიცნობთ რაღაც ერთი და იგივეთი, რასაც ზოგადობა ახასიათებს. მაგრამ თუ აუცილებელია ერთეული საგნებისაგან რაღაც დამოუკიდებელის არსებობა, მაშინ აუცილებელია, რომ ეს იყოს ერთეული საგნებისაგან დამოუკიდებელი პირველი ან უკანასკნელი გვარი. მაგრამ რომ ეს შეუძლებელია, ახლახანს გავარკვიეთ.

      შემდეგ, თუ ერთეული საგნისაგან დამოუკიდებლად, რომლისაგან მატერიამ მიიღო განსაზღვრება და მასზე უფრო მეტად არსებობს რაღაც, როგორ არსებობს: ე.ი. ყველასათვის არსებობს, თუ ზოგისთვის არსებობს და ზოგისთვის კი არა, თუ არ არსებობს არც ერთისათვის? მაგრამ თუ კონკრეტული საგნების გარდა არაფერი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი შეგრძნებადი იქნებოდა და არავითარი აზრობრივი, არც არავითარი ცოდნა არ იარსებებდა, თუ ვინმე შეგრძნებებს ცოდნად არ ჩათვლიდა. გარდა ამისა, აღარაფერი არ იქნებოდა მარადიული და უძრავი, რადგან ყოველი შეგრძნებადი მოძრაობს და ისპობა. მაგრამ თუ მარადიული არაფერია, არც წარმოშობა იქნებოდა შესაძლებელი. აუცილებელი კია არსებობდეს ის, რაც წამოიშობა და ისიც, რისგანაც ის წარმოიშობა. ეს უკანასკნელი კი წარმოუქმნელი უნდა იყოს, თუ წარმოშობის პროცესი წყდება და არარსებულისაგან კი წარმოშობა შეუძლებელია. შემდეგ, თუ წარმოშობა და მოძრაობა არსებობს, აუცილებელია არსებობდეს საზღვარიც, რადგან არცერთი მოძრაობა არ არის უსაზღვრო, არამედ ყოველივეს თავისი დასასრული[15] აქვს. და არ წამოიშობა ის, რასაც წარმოშობა არ ძალუძს. წარმოშობილი კი აუცილებლად წარმოშობის უმალ უნდა არსებობდეს. შემდეგ, თუ მატერია არსებობს იმის გამო, რომ ის წარმოუქმნელია, უფრო მეტად გონივრული იქნებოდა ეს გვეთქვა სუბსტანციის შესახებ, რადაც მატერია გარდაიქმნება. და თუ არ არსებობს არც ეს, არც ის, მაშინ არაფერი არ იქნებოდა. მაგრამ, თუ ეს შეუძლებლია, მაშინ აუცილებელია, რომ მთელის[16] გარდა, არსებობდეს რაღაც ფორმა და სახე.

      მაგრამ თუ ამას დავუშვებთ, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იქნება ის, თუ რომელი საგნებისათვის უნდა დავუშვათ ის და რომელთათვის არა. რომ ეს შეუძლებელია ყველა საგნისათვის, ცხადია, რადგან, მაგალითად, ჩვენ ვერ დავუშვებთ რაღაც სახლს კონკრეტული სახლების გვერდით. გარდა ამისა, ყველას, მაგალითად, ადამიანებს ერთი არსება ექნებოდათ. ეს კი შეუძლებელია, რადგან ყველა ისინი, რომლებსაც ერთი არსება აქვთ, ერთნიც არიან, მაგრამ ისიც უაზრობაა, თუ არსებები ბევრი და განსხვავებულია. მაშინ როგორ იქცევა მატერია ერთდროულად თითოეულ ამ საგნად და მთელი კი როგორაა ორივე?[17]

      ამას გარდა, საწყისების შესახებ სადავოა შემდეგი: თუ საწყისები სახით ერთნი არიან, მაშინ არაფერი არ იქნებოდა არც რიცხვით ერთი, არც თავისთავადი ერთი და არც არსებული. მაშინ როგორღა იქნებოდა შესაძლებელი შემეცნება, თუ არ იქნებოდა რაიმე ყველასათვის საერთო?[18]

      მაგრამ თუ საწყისები რიცხობრივად ერთნი არიან, მაშინ თითოეული მათგანი რიცხვით ერთია და სხვადასხვა გრძნობად მოვლენას სხვადასხვა საწყისი არ ექნებათ. როგორც ერთი და იგივე სახის მარცვალთ სახით ერთი, მაგრამ რიცხვით სხვადასხვა საწყისები აქვთ. მაგრამ თუ ეს ასე არაა და არსთა საწყისები რიცხვით ერთნი არიან. მაშინ საწყისებს გარდა სხვა არაფერი არ იარსებებდა, რადგან არავითარი განსხვავება არ იქნებოდა, ვიტყოდით ჩვენ რიცხობრივად ერთს, თუ „ერთეულ საგანს“. სწორედ ამ აზრით ვამბობთ ჩვენ, რომ ერთეული საგანი რიცხობრივად ერთია, ზოგადი კი მასზე ითქმის. თუ ბგერათა ელემენტები რიცხვით განსაზღვრულია, აუცილებელია ასოთა რაოდენობა იმდენი იყოს, რამდენიც ელემენტია და არა ორი ან მეტი.

      რაა მოკვდავ და უკვდავ მოვლენათა საწყისი - ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა, ესეც არანაკლებად ძნელად გადასაწყვეტი კითხვაა, რაც როგორც თანამედროვე, ისე წინამორბედმა მოაზროვნეებმა უპასუხოდ დატოვეს. თუ ერთი და იგივეა, როგორ არიან ერთნი მოკვდავნი, მეორენი უკვდავნი და რაა ამის მიზეზი?

      ჰესიოდეს მიმდევრები და ყველა თეოლოგი ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რაც მათთვის სარწმუნო იყო, ჩვენზე კი ნაკლებ ფიქრობდნენ. მათ საწყისად ღმერთი აქციეს და ყოველივე მისგან აწარმოეს. ისინი ამბობდნენ, რომ იმათ, რომლებმაც არ იგემეს ამბროსია და ნექტარი[19], მოკვდავნი შეიქმნენ. ცხადია, ისინი ამ სიტყვებს ხმარობდნენ, როგორც მათთვის ცნობილს. მაგრამ, ამ მიზეზების შესახებ მსჯელობით ისინი ჩვენი წარმოდგენის სფეროს გასცილდნენ. თუ ღმერთები ამბროსიას და ნექტარს სიამოვნებისათვის იყენებდნენ, მაშინ ეს სახელები არაფრის საწყისები არ იქნებიან. და თუ იყენებდნენ არსებობისათვის, როგორღა იქნებიან უკვდავნი ისინი, რომლებიც საკვებს საჭიროებენ. მაგრამ არ ღირს იმათი შეხედულებების სერიოზული კვლევა, რომლებიც თავის აზრებს მითიურ ფორმაში ხვევენ.[20]

      იმათგან კი, რომლებიც მტკიცებას იყენებენ, უნდა შევეცადოთ გვიგოთ, თუ რატომაა, რომ ერთი და იმავე მიზეზისაგან წარმოშობილი, ზოგი არსებული მარადიული ბუნებისაა, ზოგი კი წარმავალის. თუ ისინი არც მიზეზებს ასახელებენ და არც გონივრულია ამის თქმა, ცხადია, რომ არ შეიძლება ამათ[21] ერთი და იგივე საწყისები და მიზეზები ჰქონდეთ.

      ემპედოკლესაც კი, რომლის თანმიმდევრობის იმედი ყველაზე მატად შეიძლება გვქონოდა, იგივე დაემართა. მან დაუშვა მოვლენათა წარმავლობის რაღაც თავდაპირველი მიზეზი, მტრობა და ფიქრობდა, რომ ამასაც შეუძლია, ერთის გარდა, ყველაფრის წარმოშობა. მისი აზრით, ღმერთის გარდა ყველაფერი მისგან არის წარმოშობილი. ემპედოკლე ამბობდა: „ყოველივე მისგანაა, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. მისგან წარმოიშობიან ხეებიც, ქალებიცა და მამაკაცებიც, ცხოველებიც, ფრინველებიც, ზღვის მკვიდრი - თევზები და უკვდავი ღმერთებიც“. რაც უამისოდაც ცხადია, რადგან როგორც ის ამბობს, მტრობა რომ არ ყოფილიყო საგნებში, ყოველივე ერთი იქნებოდა. და როდესაც ყოველივე ერთი იყო, მაშინ შური განაპირას იდგა. ამიტომაც აქედან გამომდინარეობს, რომ ღმერთი, რომელიც ყველაზე ბედნიერია, ყველაზე ნაკლებ გონიერია იმის გამო, რომ ყოველივეს ვერ შეიცნობს, იმას ხომ შური არა აქვს. შემეცნება კი მსგავსის მსგავსით შეცნობის გზით ხორციელდება. ის ამბობს: „მიწით მიწას ვხედავთ, წყლით - წყალს, ეთერით - ღვთაებრივ ეთერს, ცეცხლით - გამანადგურებელ ცეცხლს, სიყვარულით - სიყვარულს, მტრობით კი საშინელ მტრობას“. საიდანაც აშკარად გამომდინარეობს შემდეგი: რომ მასთან შური არსებობაზე არა ნაკლებ განადგურების მიზეზია. ისევე, როგორც მეგობრობა მხოლოდ არსებობის მიზეზი არაა, რადგან აერთიანებს რა მოვლენების ერთ ნაწილს, დანარჩენს ღუპავს. ამას გარდა, ცვალებადობის მიზეზიც სხვას არას ნიშნავს, იმის გარდა, რომ ეს ბუნებრივია. „მაგრამ როდესაც ძლიერი მტრობა თავის ნაწილებით გაიზარდა, გარკვეული დროის შემდეგ პატივისცემა მოიპოვა, რაც მის ცვალებადობაში მტკიცე ფიცმა განუსაზღვრა“. ამრიგად, ემპედოკლე ცვალებადობის აუცილებლობას ამტკიცებს, მაგრამ ამ აუცილებლობის არავითარ მიზეზს არ ნათელყოფს. ამისდა მიუხედავად, ის თანმიმდევარია, როდესაც ელემენტების გარდა, ყველა არსებულ საგანს წარმავლად აცხადებს და არა ზოგს წარმავლად და ზოგს წარუვლად. ის სიძნელე კი, რომელიც ახლახანს აღვნიშნეთ, მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არიან ერთნი ასეთნი, მეორენი კი არა[22], თუ ყველა ისინი ერთი და იგივე საწყისებიდან არიან წარმოშობილი.

      რომ საწყისები მათ ერთი და იგივე არ შეიძლება ჰქონდეთ, ამაზე უკვე ვთქვით. თუ საწყისები განსხვავებულია, მაშინ სიძნელეს წარმოადგენს კითხვა იმის შესახებ, წარმავალნი არიან ისნი, თუ წარუვალნი? თუ წარმავალნი არიან, ცხადია, ისინი რაღაცისაგან უნდა იყვნენ შედგენილნი, რადგან ყველაფერი იშლება იმ ელემენტებად, რისგანაც შედგება. ამრიგად, გამოდის, რომ საწყისებს სხვა საწყისები უსწრებენ წინ, ეს კი შეუძლებელია, ამ მწკრივის როგორც დაუსრულებლობის, ისე დასრულებულობის შემთხვევაში.

      შემდეგ, როგორ არიან საგნები წარმავალნი, თუ საწყისებიც წარმავალი აქვთ? მაგრამ თუ საწყისები მარადიული არიან, რატომ წარმოიშვებიან ამ უკვდავ საწყისთა ერთი ნაწილისაგან მოკვდავი, მეორე ნაწილისაგან კი - უკვდავი საგნები. ეს უაზრობა კი არაა, არამედ ან შეუძლებელია, ან დიდ ახსნა-განმარტებას საჭიროებს. ამათ გარდა სხვა საწყისების დაძებნას არავინ არ ცდილა, არამედ ყველაფერის საწყისად ყველა მათ ასახელებდა. ანდა პირველი სიძნელის შეხვედრისთანავე ისე იქცეოდნენ, თითქოს ეს რაღაც განსახილველად უველაზე უფრო ძნელი და ჭეშმარიტების შემეცნებისათვის ყველაზე უფრო აუცილებელია გადაწყვეტა საკითხისა იმის შესახებ, რომ არსებული და ერთი არიან თუ არა საგანთა არსება, და თითოეული მათგანი არ არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი, ერთ შემთხვევაში ერთი, მეორე შემთხვევაში არსებული, თუ საჭიროა ვიკვლიოთ, თუ რას წარმოადგენს არსი და ერთი, როგორც სხვადასხვა ბუნების მქონე სუბსტრატი? ზოგს ისეთი და ზოგს კი ასეთი შეხედულება აქვს მათს ბუნებაზე.

      პლატონი და პითაგორელები ამბობენ, რომ არსი და ერთი არის არა სხვადასხვა, არამედ ერთი და იგივე ბუნებისა, თითქოს ერთსა და იმავე სუბსტანციას წარმოადგენდეს. ბუნებისმეტყველებმა კი, მაგალითად ემპედოკლემ, რომ უფრო ნათელი გახადონ ეს, განმარტეს, თუ რას წარმოადგენს ერთი. როგორც ჩანს, „ერთი“ ემპედოკლეს მეგობრობად მიაჩია, რადგან ის მას ყოველივეს გაერთიანების მიზეზად თვლის. სხვები კი ერთად და არსად ზოგი ცეცხლს თვლის, ზოგი ჰაერს, რისგანაც შედგება და წარმოიშვება, მათი სიტყვით, ყოველი არსებული. ასევე ისინიც, რომლებიც მრავალ საწყის ელემენტს უშვებენ, ამბობენ, რომ ერთი და არსი აუცილებლად იმდენია, რამდენიც საწყისი. გამოდის, რომ თუ ვინმე ერთსა და არსს არ ჩათვლიდა სუბსტანციად, მაშინ არც სხვა რამ ზოგადი იარსებებდა, რადგან ისინი ყველაზე უფრო ზოგადნი არიან და თუ არ არსებობს რაიმე ერთი და არსი თავისთავად, ძნელი იქნებოდა ერთეული საგნების გარდა სხვა რაიმეს არსებობა. გარდა ამისა, თუ ერთი არაა სუბსტანცია, მაშინ ცხადია, არც რიცხვი იქნებოდა საგნებისაგან დამოუკიდებელი რაღაც ბუნება, რადგან რიცხვი ერთეულებისაგან შედგება, ერთეული კი რაღაც ერთია. მაგრამ თუ არ არსებობს რაღაც თავისთავადი ერთი და არსებული, აუცილებელია, რომ რიცხვთა არსება სწორედ „ერთი“ და „არსებული“ იყოს, რადგან სხვა ზოგადი აღარ იქნება ამათ გარდა.

      მაგრამ თუ არსებობს რაღაც თავისთავადი ერთი და არსებული, ძნელი გადასაწყვეტია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ არსებობს ამათ გარდა რაღაც სხვა. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ არსებობს ერთზე მეტი საგანი, რადგან არსებულისაგან განსხვავებული სხვა რამ არ უნდა არსებობდეს, რაც გამომდინარეობს პარმენიდეს მოძღვრებიდან, რომ ყოველი არსებული აუცილებლად ერთია და ესაა არსი. მაგრამ, ორივე შემთხვევაში გვაქვს სიძნელე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ ერთი არაა სუბსტანცია, ისევე მაშინ, თუ არსებობს თავის თავადი ერთი, რადგან შეუძლებელია, რომ რიცხვი სუბსტანცია იყოს. თუ რატომ არაა ეს სუბსტანცია, ამის შესახებ უკვე ვთქვით. მაგრამ თუ ის არსებობს, მაშინ იგივე სიძნელეები გვექნება არსებულის მიმართ. მაგალითად, თავისთავადი ერთის გარდა რისგან შეიძლება წარმოიშვას სხვა ერთიანი? ამ შემთხვევაში აუცილებელია არაერთის არსებობა. ყოველი არსებული კი არის ან ერთი, ან ბევრი, რომელთა თითოეული შემადგენელი ნაწილი ერთიანია. შემდეგ, თუ თავის თავადი ერთი განუყოფელია, მაშინ ზენონის აქსიომის მიხედვით, ის არც იარსებებდა, რადგან არც მომატება და არც დაკლება არ გაადიდებდა ან დაამცირებდა მას. ის არ შეიძლება რაიმე არსებული იყოს, რადგან, როგორც ის ამბობს, არსებულს სიდიდე უნდა ჰქონდეს და თუ სიდიდე ექნება, სხეულებრივიც იქნება. ასეთი კი ჭეშმარიტად არსებობს. ყოველივე დანარჩნი კი მომატების შედეგად ზრდის მას ან არა. პირველის მაგალითია სიბრტყე და ხაზი, მეორისა - წერტილი და ერთიანი. მაგრამ რადგან ის ასე უხეშად მსჯელობს, ამიტომ საჭირო ხდება რაღაც განუყოფელის დაშვება. მაგრამ ამ შემთხვევაშიაც შეიძლებოდა როგორღაც პასუხის გაცემა, რომ მისი მომატება საგანს კი არ გაადიდებდა, არამედ რიცხობრივად გაზრდიდა.

      მართლაც, როგორ წარმოიშვება სიდიდე ასეთი ერთისაგან ან ასეთი მრავალი ერთიანისაგან? ეს იგივე იქნებოდა, რომ ხაზი წერტილებისაგან წარმოშობილიყო. მაგრამ, თუ ვინმე გაიზიარებს ამ თვალსაზრისს, მიიღებს იმავე შედეგს, რასაც ამტკიცებს ზოგი, რომ რიცხვს ვიღებთ თავისთავადი ერთისაგან და რიცხვისაგან ანუ არაერთისაგან. მიუხედავად ამისა, საკვლევია ის, თუ რატომ და როგორ ვიღებთ ერთ შემთხვევაში რიცხვს, მეორე შემთხვევაში კი სიდიდეს ისე, თითქოს არაერთი იყოს, როგორც განსხვავებული, ისე ერთი და იმავე ბუნებისა.

      ამრიგად, არაა ნათელი, თუ სიდიდე როგორ წარმოიშობა ერთისა და სხვისაგან, ან რიცხვისა და სხვისაგან.

თავი 5

      ამას მოსდევს საკითხი იმის შესახებ, რომ რიცხვები, სხეულები, სიბრტყეები და წერტილები არიან რაღაც სუბსტანციები თუ არა? თუ არ არიან, მაშინ ხელიდან გვისხლტება შესაძლებლობა იმ საკითხის გადაწყვეტისა, თუ რაა არსებული და რა არის არსებული საგნების არსება? თვისება, მოძრაობა, მიმართება, მდებარეობა და აზრები არ წარმოადგენენ რაღაც სუბსტანციას, რადგან ყველა ისინი ითქმიან რაღაც სუბსტრატის შესახებ და თვითონ კი არასოდეს არ არიან რაიმე კონკრეტული საგანი. მაგრამ საფიქრებელია, რომ სუბსტანციას ყველაზე უფრო მეტად უნდა წარმოადგენდეს წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი, რომელთაგანაც არიან შემდგარი რთული სხეულები. მათი თვისებები კი სითბო, სიცივე და სხვა ამგვარი არაა სუბსტანცია. მხოლოდ სხეული, რომელიც ყოველივე ამას განიცდის, რჩება როგორც რაღაც არსებული და სუბსტანცია; მაგრამ სხეული ნაკლებ არის სუბსტანცია, ვიდრე სიბრტყე, სიბრტყე ნაკლებ, ვიდრე ხაზი, ხაზი ნაკლებ, ვიდრე ერთი და წერტილი. რადგან ისინი სხეულს განსაზღვრავენ და როგორც ჩანს, შეუძლიათ უსხეულოდ არსებობა. სხეულს კი უამათოდ არსებობა არ შეუძლია. ამიტომაც წინამორბედი მოაზროვნეების უმრავლესობა სუბსტანციად და არსად თვლიდნენ სხეულს, ყოველივე სხვას კი მის თვისებებად. ამრიგად, მათ სხეულთა საწყისები ყოველივე არსებულის საწყისებად მიაჩნდათ, ხოლო მოგვიანო და ამათზე ბრძენი მოაზროვნენი საწყისებად თვლიდნენ რიცხვებს. მაშინ აღარ იქნება არავითარი სუბსტანცია და არსებული, რადგან მათი შემთხვევითი თვისებები არ იმსახურებენ ამ სახელს. მაგრამ თუ მივიღებთ, რომ სუბსტანციას სხეულზე უფრო მეტად სიგრძე და წერტილი წარმოადგენს, და იმას კი აღარ ვაქცევთ ყურადღებას, თუ როგორი სხეულები არიან ისინი, რადგან შეუძლებელია რომ, ისინი შეგრძნებადი სხეულები იყვნენ, მაშინ აღარ იარსებებს არავითარი სუბსტანცია. როგორც ჩანს, ყველა ისინი სხეულის დანაყოფებს უფრო წარმოადგენენ, ერთი სიბრტყით, მეორე სიღრმით, მესამე სიგრძით. გარდა ამისა, სხეულში შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერი ფორმა. ამრიგად, თუ ქვაში არაა ჰერმესი[23], არც კუბის ნახევარი იქნება კუბში, როგორც რაღაც განსაზღვრული სიდიდე და არც სიბრტყე[24]. და თუ მასში ნებისმიერი ფორმაა, მაშინ მასში კუბის ნახევარის გამომხატველი ფორმაც იქნება. იგივე შეიძლება ითქვას ხაზის, წერტილისა და ერთის შესახებ.

      ამრიგად, თუ ყველაზე მეტად სხეულია სუბსტანცია, მაშინ ამაზე უფრო მეტად ესენი[25] იქნებიან. მაგრამ თუ ესენი არ არიან სუბსტანცია და არც რაიმეს არსებას წარმოადგენენ, ამ შემთხვევაში ჩვენ ხელიდან გვისხლტება, თუ რაა არსებული და საგანთა არსება. გარდა ზემოთქმულისა, ამ თეორიიდან[26] წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ მრავალი შეუსაბამო შედეგი გამომდინარეობს. საფიქრებელია, რომ თუ სუბსტანცია წინათ არ არსებობდა, ახლა კი არსებობს, ან ადრე იყო და შემდეგში კი აღარ იქნება, ეს ხდება წარმოშობისა და დაღუპვის გამო. წერტილები, ხაზები და სიბრტყეები კი თუმცა ხან არსებობენ და ხან კი არა, მაგრამ მათი არც წარმოშობა და არც მოსპობა არ შეიძლება. სხეულები ხან უკავშირდებიან და ხან შორდებიან ერთმანეთს, ამავე დროს შეკავშირებისას ერთი ხდებიან, დაშოებისას კი - ორი. ამრიგად, შეკავშირებისას აღარ არსებობენ, არამედ მოისპნენ, ხოლო დაშორებისას არსებობენ არა ისე, როგორც წინათ, რადგან განუყოფელი წერტილი ორად ვერ გაიყოფება. მაგრამ თუ წარმოიშობიან და ისპობიან, რაიმესაგან უნდა წარმოიშვნენ. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა დროში „ახლას“ მიმართ, არც ის წარმოიშობა და ისპობა, მაგრამ არ წარმოადგენს რა რაიმე სუბსტანციას, ისე მოჩანს, რომ თითქოს ყოველთვის სხვა იყოს. ცხადია, რომ იგივე მდგომარეობაა წერტილებსა, ხაზებსა და სიბრტყეებში. მათზე იგივე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ისინი ერთნაირად ან საზღვრებია, ან დანაყოფები.

თავი 6

      საერთოდ, შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა იმის შესახებ, რომ რატომ უნდა ვეძიოთ შეგრძნებადი საგნებისა და შუალედი სფეროს გარდა, სხვა რამ, როგორც მაგალითად, იდეა.[27] შეიძლება იმიტომ, რომ მათემატიკური რიცხვები და აქ არსებული საგნები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ არა იმით, რომ ისინი ერთი სახისანი მრავალნი არიან. ასე რომ, მათ განსაზღვრული რაოდენობის საწყისები არ ექნებათ, როგორც ჩვენი[28] ასოების საწყისები სახით არიან განსაზღვრული და არა რიცხვით. თუ არ მივიღებთ მხედველობაში გარკვეული მარცვლის ან გარკვეული ბგერის საწყისებს, რომელთა საწყისები რიცხობრივადაც განსაზღვრული არიან. ასევეა შუალედ სფეროშიც, სადაც ერთი და იმავე სახის მოვლენები განუსაზღვრელად ბევრნი არიან.

      ამრიგად, თუ შეგრძნებადი საგნებისა და მათემატიკური რიცხვების გარდა სხვა რამ არ არსებობს, მაგალითად, იდეები, რასაც ზოგიერთი ამბობს, მაშინ გვექნება არა რიცხვით, არამედ სახით ერთი საწყისი. და ასევე არსებულ საგანთა საწყისებიც რიცხვით კი არ იქნებიან განსაზღვრული, არამედ სახით. მაგრამ თუ ეს აუცილებელია, მაშინ აუცილებელია იდეების დაშვებაც, თუმცა ისინი გარკვევით არ ამბობენ ამას, მაგრამ ის, რაც მათ სურთ თქვან, აუცილებლად შემდეგია: თითოეული იდეა რაღაც სუბსტანციაა, თანაც არა შემთხვევითი. მაგრამ თუ დავუშვებთ იდეებს, როგორც ერთს რიცხვით და არა სახით, აქედან აუცილბლად გამომდინარეობს ის დაბრკოლებები, რომელთა შესახებ უკვე ვილაპარაკეთ.

      ამას უკავშირდება კითხვა იმის შესახებ, საწყისები შესაძლებლობაში არსებობენ, თუ როგორღაც სხვაგვარად, მაშინ საწყისებზე უფრო ადრე სხვა რაღაც იარსებებს. მაგალითად, ეს მიზეზები თავდაპირველად შესაძლებლობაში არსებობენ, თუმცა აუცილებელი არაა ყოველნაირი შესაძლებლობის არსებობა. თუ ელემენტები შესაძლებლობაში არსებობენ, შეიძლება მოხდეს ის, რომ არც ერთი მათგანი არ გადავიდეს რეალურ არსებობაში. შესაძლებლობაში კი ისიც არსებობს, რაც ჯერ არ არსებობს. ხოლო წარმოიშვება ის, რაც არ არსებობს, მაგრამ ის, რაც შეუძლებელია, არასოდეს არ წარმოიშვება[29].

      საწყისების შესახებ გადასაწყვეტია ეს საკითხი და აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, ზოგადნი არიან ისინი, თუ როგორც ვთქვით კონკრეტულნი? თუ ისინი ზოგადნი არიან, სუბსტანციები არ იქნებიან, რადგან არც ერთი ზოგადი არ ნიშნავს საგანს, არამედ თვისებას. სუბსტანცია კი კონკრეტული საგანია. თუ ზოგადი რაიმე კონკრეტული საგანია, მაშინ სოკრატე რამდენიმე ცოცხალი არსება იქნება, თვით სოკრატე, ადამიანი და ცხოველი, რადგან თითოეული ამათგანი გამოხატავს რაღაც საგანსა და ერთს.

      ამრიგად, თუ საწყისები ზოგადნი არიან, აქედან ასეთი შედეგები გამომდინარეობს. მაგრამ თუ არ არიან ზოგადნი, არამედ კონკრეტულ საგნებს წარმოადგენენ, მაშინ შეუცნობელნი იქნებოდნენ, რადგან ყოველგვარი ცოდნის ობიექტი ზოგადია[30]. ასე რომ, თუკი საწყისების ცოდნა საჭიროა, ამ შემთხვევაში საწყსებზე წინ უნდა ყოფილიყო სხვა საწყისები ზოგადი ხასიათისა.

« წიგნი მეორე

წიგნი მეოთხე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] τ ὰ σ υ μ β ε β η κ ό τ α κ α θ ᾽ α ὑ τ ὰ τ α ῖ ς ο ὐ σ ί α ι ς - ეს გამოთქმა ჩვენ ვთარგმენთ „შემთხვევით ნიშნებად“. სიტყვა-სიტყვით ეს ადგილი ასე ითარგმნება: „ის, რაც თან სდევს სუბსტანციებს“, ანუ არსებებს, ე.ი. არისტოტელესათვის შემთხვევითი ნიშანია ის, რაც თან სდევს არსებას, მაგრამ არა ყოველთვის. არსებით ნიშანს შემთხვევითისაგან აუცილებლობა და მარადიულობა ანსხვავებს.

[2] არისტოტელე აქ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იდეების საწყისობას, რადგან, მისი აზრით, თუ იდეები მარადიულნი არიან, როგორ წარმოშვეს მათ არამარადიული მიწიერი საგნები? ეს მისი აზრით, პლატონის ფილოსოფიის არათანმიმდევრობას მოწმობს.

[3] უძრავ მოვლენებს არ შეიძლება მოძრავი საწყისი ჰქონდეთ.

[4] მათემატიკა.

[5] ზოგადი, აქსიომატური ხასიათის დებულებებია ნაგულისხმევი.

[6] არისტოტელე აქ გადადის იმ სიძნელეების ჩვენებაზე, რაც შედეგად მოსდევს იდეებსა და შეგრძნებად საგნებს შორის შუალედი საფეხურის დაშვებას.

[7] ე.ი. ერთ ადგილას ორი სხეულის არსებობა უფრო მეტად დაუშვებელია, ვიდრე მატერიალური საგნებისაგან დამოუკიდებლად იდეების დაშვება

[8] ϕ ω ν ῆ ς მე ვთარგმნე „მარცვლად“, კუბიცკისთან ის თარგმნილია „ბგერად“, გოლკესთან „სიტყვად“ და „ენად“.

[9] უზოგადესი გვარეობითი ცნება.

[10] ყველაზე ნაკლებ ზოგადი ცნება.

[11] ἐ π ὶ τ ῶ ν ἀ τ ό μ ω ν - სიტყვა-სიტყვით „განუყოფელი“. ნახმარია პირველადი, ერთეული საგნის მნიშვნელობით.

[12] ე.ი. სახეები უფრო მეტად უნდა იყვნენ საწყისები, ვიდრე გვარები.

[13] ძნელი წარმოსადგენია ისიც, თუ სახეები როგორ უნდა იყვნენ საწყისები.

[14] არისტოტელემ ამ შემთხვევაში მიიღო ზემოთქმულის საწინააღმდეგო შედეგი. თავდაპირველად გამოდიოდა, რომ საწყისები უფრო სახეები არიან, ვიდრე გვარები, აქ კი - პირიქით. ამით ის ამჟღავნებს შეუსაბამობას პლატონის მოძღვრებაში.

[15] τ ὸ τ έ λ ο ς მიზანი, დასასრული, საზღვარი. კუბიცკი და გოლკე მას თარგმნიან „მიზნად“.

[16] τ ὸ σ ύ ν ο λ ο ν მთელი. არისტოტელესთან ყველგან ნახმარია კონკრეტული საგნის მნიშვნელობით, მთელი მას იმიტომ ეწოდება რომ ფორმისა და მატერიისაგან შედგება.

[17] კითხვა ეხება იმას, თუ როგორაა საგანი ერთდროულად ფორმაცა და მატერიაც?

[18] არსტოტელეს შემეცნებისა და ცოდნის არსებობისათვის აუცილებლად მიაჩნია ზოგადის არსებობა, თუმცა არა დამოუკიდებლად გრძნობადი საგნებისაგან.

[19] ასე უწოდებდნენ ძველ საბერძნეთში სასმელებს, რომელსაც მათი წარმოდგენით, ღმერთები სვამდნენ.

[20] არისტოტელე აკრიტიკებს თავის წინამორბედ და თანამედროვე მოაზროვნებს, განსაკუთრებით მათ თეოლოგიურ შეხედულებებს ღმერთების არსებობისა და უკვდავების დაშვების გამო.

[21] წარმავალ და წარუვალ მოვლენებს.

[22] ნაგულისხმევია საგნები და არა საწყისები.

[23] Ἑ ρ μ ῆ ς, ჰერმესი, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსისა და მაიას შვილი, ღმერთების მოციქული და მათი ნების შემსრულებელი. ის მფარველობდა მჭევრმეტყველებას, ვაჭრობას, ხელოვნებას, სიმდიდრეს, მოხერხებას, მოგზაურობას და სხვ. ის იყო გამომგონებელი ლირის, რიცხვების, ანბანის, ზომის ერთეულების, მას გადაჰყავდა, ძველი ბერძნების წარმოდგენთ, მიცვლებულები სულთა სამეფოში.

[24] „სიბრტყეს“ კუბიცკი უმატებს ჩანართს, „რეალურად არსებული“, მაგრამ ეს ჩანართი არაა საჭირო, რადგან არისტოტელეს აზრით, რეალურად არსებულ საგნებში ყველა დანარჩენი ფორმა არსებობს შესაძლებლობაში და არა რეალურად.

[25] სიბრტყე, სიგრძე და წერტილი უფრო მეტად იქნებოდნენ სუბსტანცია, ვიდრე სხეული.

[26] არისტოტელე, როგორც აქ, ისე წინამორბედ მსჯელობაში უარყოფს პლატონისა და პითაგორელების მოძღვრებას რიცხვებისა და გეომეტრიული სიდიდეების საგნებისაგან დამოუკიდებლობის შესახებ, მიაჩნია რა პირველნი საგნების რაოდენობრივ მხარედ, მეორენი კი საზღვრებად და სხეულთა დაყოფის შედეგად.

[27] ἃ τ ί θ ε μ ε ν ε ἴ δ η აქ ზმნა კვალავ ნახმარია პირველი პირის მრავლობით რცხვში. მაშასადამე, არისტოტელე თავისთავს კვლავ იდეების მოძღვრების მიმდევართ აკუთვნებს.

[28] τ ῶ ν ἐ ν τ α ῦ θ α - სიტყვა-სიტყვით, აქაური. იგულისხმება დედამიწაზე ადამიანთა მიერ დადგენილი ასოები.

[29] არისტოელე ავითარებს თავის თეორიას შესაძლებლობისა და სინამდვილის შესახებ, რომ ყოველ რეალურს წინ შესაძლებლობა უსწრებს. მაგრამ ყოველგვარ შესაძლებლობას არ მოსდევს რეალობა, ანუ განხორციელება. ამრიგად, არისტოტელეს ხმარებაში შემოაქვს მესამე ცნება „შეუძლებელისა“, ე.ი. იმისა, რასაც არა აქვს პირობები განხორციელებისათვის.

[30] არისტოტელეს მეცნიერების ობიექტად ზოგადი მიაჩნია, რაშიც ეჭვობდა ზოგიერთი მისი თანამედროვე და წინამორბედი მოაზროვნე.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 93

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters