ფსიქოლოგიის ისტორია, VI თავი, II ნაწილი

6.4. ცნობიერების ნაკადის ფსიქოლოგია

      უილიამ ჯეიმსი (1842-1910) დაიბადა შეძლებულ ინტელიგენტურ ოჯახში, ნიუ-იორკში, 1842 წელს. იგი სწავლობდა ევროპისა და ამერიკის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ჰარვარდთან, სადაც მიიღო განათლება ქიმიაში, მედიცინასა და ფილოსოფიაში. აქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა: ასწავლიდა ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლებივით იგი უთანხმებდა ერთმანეთს ფიზიოლოგისა და ფილოსოფოსის ინტერესებს. 1875 წლიდან ჯეიმსი ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას კითხულობდა და თავიდანვე გამოყო ადგილი ექსპერიმენტული დემონსტრირებისა და სტუდენტების ლაბორატორიული წრთობისთვის. ამ ლაბორატორიას ზოგჯერ რეალურად არსებულ პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიად მიიჩნევენ. თუმცა, სინამდვილეში, ის არასდროს ყოფილა კვლევითი ცენტრი, ისეთი, როგორიც იყო ვუნდტის ლაბორატორია. ჯეიმსს არ უყვარდა ექსპერიმენტული სამუშაო და, საბოლოოდ, თავის შემცვლელად ლაბორატორიაში გერმანიიდან მოიწვია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაო სახელის მქონე მეცნიერი ჰ. მიუნსტენბერგი, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა (იხ. თავი 7.2.). ჯეიმსი ბევრს მოგზაურობდა და პირადად იცნობდა წამყვან ევროპელ ფსიქოლოგებს, მათ შორის ვუნდტს, რომლის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ “იგი არ არის არავითარი გენიოსი, უბრალოდ პროფესორია, რომლის მოვალეობაა ყველაფრის ცოდნა და ყოველ საკითხზე საკუთარი აზრის ქონა”.

      1890 წელს გამოქვეყნდა ჯეიმსის გახმაურებული წიგნი “ფსიქოლოგიის პრინციპები”, რომელშიც წარმოდგენილი იყო ავტორის ძირითადი ფსიქოლოგიური შეხედულებები. ამ წიგნს უდიდესი წარმატება ხვდა წილად და დღესაც ფსიქოლოგიის კლასიკად ითვლება. მიუხედავად ამისა, ჯეიმსის შეხედულებები ყველამ არ გაიზიარა. მაგალითად, იგივე ვუნდტი, რომელსაც ჯეიმსი აკრიტიკებდა, ამ წიგნის შესახებ ამბობდა: “ეს არის ლიტერატურა, შესანიშნავი ლიტერატურა, მაგრამ ეს არ არის ფსიქოლოგია”. ასეთი შეფასება ნიშანდობლივია იმ ოპონენტისთვის, რომელმაც ვერ დაუკარგა ჯეიმსის ნაწარმოებს ის, რაც საზოგადოდ ახასიათებს მის ტექსტებს - აზრის ნათელი, მოსწრებული და დამაჯერებელი გამოხატვა, რაც თავის მხრივ, დაფუძნებულია სულიერი სამყაროს ანალიზის, თვითდაკვირვების სრულიად გამორჩეულ უნარზე. ამ თვისებების გამო ჯეიმსი ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ავტორადაა მიჩნეული. მისი წიგნები თანამედროვე მკითხველსაც იტაცებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს “საუბრები მასწავლებლებთან” (1899) და “რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება” (1902). სიცოცხლის ბოლო წლები ჯეიმსმა თითქმის მთლიანად ფილოსოფიურ კვლევა-ძიებას მიუძღვნა. მან დაწერა წიგნი “პრაგმატიზმი” (1907), რომელმაც მისი ავტორი ფილოსოფიის ამ მნიშვნელოვანი მიმდინარეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და აღიარებულ ლიდერად აქცია.

      ჯეიმსი ცნობიერების ძალიან ზუსტ აღწერით დახასიათებას იძლევა. განსხვავებით შინაარსებისა (ვუნდტი) და სტრუქტურული (ტიჩენერი) ფსიქოლოგიისაგან, სადაც ცნობიერებაში პირველ რიგში დისკრეტული ელემენტების ძიება მიმდინარეობს, ჯეიმსი ცნობიერებას ახასიათებს როგორც პროცესს, ნაკადს. ცნობიერების ნაკადი მუდმივად მიედინება. მისი დანაწევრება ელემენტებად, ჯეიმსის სიტყვებით, ისეთივე უაზრო საქმიანობაა, როგორც წყლის მაკრატლით დაჭრა. ჰერაკლიტე ამბობდა, ერთ და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. ჯეიმსი ამ გამონათქვამის პერეფრაზს აკეთებს და ამტკიცებს, რომ ცნობიერების ერთი და იმავე ნაკადში ორჯერ ვერ მოხვდები. ცნობიერება მუდმივი ცვალებადობაა. ცნობიერების ესა თუ ის მდგომარეობა არასდროს მეორდება იგივე სახით. მეორდება ობიექტი და არა ჩვენი შეგრძნება ან აზრი. როდესაც გამღიზიანებელი ობიექტი (სტიმული) მეორდება, მას შეცვლილი ფსიქიკა უხვდება. ძველი ობიექტი და ახალი ფსიქიკა ერთად ქმნიან ცნობიერების ახალი სახის მდგომარეობას. ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ რაიმე აზრი მეორდება, მაგრამ სინამდვილეში ყველა აზრი უნიკალურია, თუმცა წინა აზრის მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული. ამავე დროს, ჩვენ ხშირად ვამჩნევთ, თუ რაოდენ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები. ჯეიმსი ძალიან ხატოვნად გადმოსცემს ამ ვითარებას: ზოგჯერ ჩვენ თვითონ გვიკვირს, თუ რას ვფიქრობდით ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. წლიდან წლამდე მოვლენებს ახლებურად ვხედავთ. ის, რაც არარეალური გვე ჩვენებოდა, რეალურად იქცა; რაც გვაღელვებდა, მოსაწყენი და ჩვეულებრივი გახდა. მეგობრები, რომელებიც განსაზღვრავდნენ ჩვენს სამყაროს, წარსულის მკრთალ აჩრდილებად იქცნენ; ქალები, რომელთაც ვაღმერთებდით, ვარსკვლავები, ტყეები, ზღვები თავისი უსასრულობის განცდით - როგორი მოსაწყენი და პროზაული გახდა ეს ყოველივე. ან თუნდაც წიგნები: რას ვნახულობდით ასეთ მისტიკურს გოეთეს ნაწარმოებებში ან რად ვთვლიდით ჯ. ს. მილის თხზულებებს ესოდენ მნიშვნელოვნად?

      ამრიგად, ცნობიერების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მუდმივი ცვალებადობაა, მაგრამ ცნობიერების ნაკადის კიდევ ერთი მახასიათებელი, ცვალებადობასთან ერთად, უწყვეტობაცაა. ეს უწყვეტობა, ცხადია, პირობითია. რეალურად ცნობიერებას აქვს ხარვეზები, როგორც, მაგალითად, ძილში, მაგრამ გაღვიძებისას ჩვენ მაშინვე ვუბრუნდებით ცნობიერების ჩვეულ ნაკადს, გვაქვს სრული რწმენა, რომ ეს ცნობიერება მოდის იმ ცნობიერებიდან, რომლითაც დავიძინეთ, ანუ, რომ ის ისეთივეა და ჩვენია. უწყვეტობის თეზისი იმასაც ნიშნავს, რომ ცნობიერების შინაარსები მკვეთრად არასდროს ცვალებადობს, მაგრამ თვისებრივი კონტრასტების არსებობა ჩვენს აზრებში თუ განცდებში თითქოს ამ დებულების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. განა გამაყრუებელი აფეთქება არ ყოფს ორად ცნობიერებას, რომელზეც ის ზემოქმედებს? მაგრამ, თუ კარგად ჩაუკვირდებით, დავინახავთ, რომ გრგვინვის ცნობიერება ერწყმის წინარე სიჩუმის ცნობიერებას, რომელიც გრძელდება - ეს ასეა, ვინაიდან, როცა აფეთქების ხმა გვესმის, ჩვენ განვიცდით არა უბრალოდ გრუხუნს, არამედ გრუხუნს, რომელმაც უეცრად დაარღვია სიჩუმე და მასთან კონტრასტში მოვიდა. ასეთ პირობებში გრგვინვის განცდა სრულიად განსხვავდება იმავე გრგვინვის შთაბეჭდილებისაგან, რომელიც მსგავსი ხმების რიგში გვეძლევა. ჩვენ ვიცით, რომ სიჩუმე და ხმაური ერთმანეთს სპობს და გამორიცხავს, მაგრამ გრუხუნის შეგრძნება ამავე დროს იმის ცნობიერებაცაა, რომ ამ მომენტში სიჩუმე შეწყდა. ადამიანის რეალურ ცნობიერებაში საეჭვოა, მოინახოს აწმყოთი იმდენად შეზღუდული განცდა, რომ მასში მინიშნებაც არ იყოს იმაზე, თუ რა უძღოდა წინ. ცნობიერების ყოველი ახლადწარმოქმნილი მოვლენა თავისი ძალის, ფოკუსირების, შინაარსისა და მიმართულების ნაწილს იღებს წინმსწრები აზრისაგან ან წარმოდგენისაგან. ამიტომ ცნობიერებას არ ეჩვენება თავისი თავი დანაწევრებულად. ცნობიერების შედარება ჯაჭვთან ან რიგთან ადექვატურად არ გამოხატავს მის ბუნებას, ვინაიდან მასში ვერ იპოვით შეერთებებს, ის უწყვეტი მიმდინარეობაა. მდინარე ან ნაკადი - აი ის მეტაფორები, რომლებიც ყველაზე უფრო ბუნებრივად აღწერენ ცნობიერებას.

      ნაკადის ცვალებადობა და უწყვეტობა არ გამორიცხავს მასში განსხვავებული მდგომარეობების არსებობას. ნამდვილი მდინარის მსგავსად, ცნობიერების ნაკადში გამოიყოფა შედარებით მყარი მდგომარეობები, როდესაც ის ძალზე ნელა მიედინება ან თითქმის მორევივით არის გაჩერებული და დამდგარი. ამასთან, არსებობს გარდამავალი, სწრაფად წარმავალი მდგომარეობები, როდესაც ნაკადი იმდენად ჩქარია, რომ აღწერასა და დაკვირვებას არ ემორჩილება. ინტროსპექცია ამ ორთაგან მხოლოდ პირველს აფიქსირებს. ბორინგის შეფასებით, ეს მდგომარეობები შეიძლება შევადაროთ თვალსაჩინო შინაარსებს და არათვალსაჩინო აქტებს, რომლებსაც მოგვიანებით ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლები გამოკვეთენ (იხ. თავი 7.1.).

      ჯეიმსი ცნობიერების ნაკადის შემადგენლობის დიფერენცირებას ახდენს არა მხოლოდ დროის განზომილების თვალსაზრისით, ანუ იმის მიხედვით, თუ რა სიჩქარით მოძრაობს ცნობიერების შინაარსი, არამედ ამ ფსიქიკური მოვლენის გამოკვეთილობის, სინათლის ხარისხის ასპექტითაც. ცნობიერებაში არსებობს გარკვეული და ნათელი ნაწილი ანუ ბირთვი და ბუნდოვანი, ბნელი პერიფერია. ამ უკანასკნელს ჯეიმსი სხვადასხვა სახელებს არქმევს: ფოჩები, მიმართებათა შარავანდედები, ფსიქიკური ობერტონები. აქ არსებული ნიუანსების მიუხედავად, ძირითადი არსი ყველგან ერთია -_ ისინი ცნობიერების მკრთალ ნაწილს, მის ფონს გამოხატავენ. ეს ფონი აზრს და მნიშვნელობას ასოციაციებისა და გრძნობების ქსელიდან იღებს. მაგალითად, თუ ადამიანს დაავიწყდა საგნის სახელი, ეს “შარავანდენდი” მოქმედებს, როგორც სქემა და სწორი მიმართულებით წარმართავს აზრს. ამ “ენის წვერზე” მომდგარი, ბუნდოვანი გამოუთქმელი აზრის წყალობით ხდება არასწორი დასახელების უარყოფა და სწორი დასახელების სანქციონირება.

      ფსიქოლოგიური ობერტონების ამ დახასიათებაში შეიძლება დავინახოთ ცნობიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, ესაა მისი სელექციურობა. ცნობიერებაში ყოველთვის შერჩევა ხდება - ერთი შინაარსი წინ წამოიწევა, მეორე კი უკანა პლანზე გადადის იმის მიხედვით, თუ რა ღირებულება აქვს მას სუბიექტისთვის. სელექციის მექანიზმი ცნობიერებაში ყურადღებაა. “ყურადღება არის გონების რამდენიმე ერთდროულად შესაძლებელი ობიექტიდან ან აზრის მიმართულებიდან ცხად და ცოცხალ ფორმაში ერთის მიღების პროცესი”. ერთზე ფოკუსირება გულისხმობს სხვა შესაძლებლობებისაგან განყენებას, რათა ეფექტურად განხორციელდეს არჩეული მოქმედება. თუმცა, პრინციპში, მოქმედება შეიძლება ყოველგვარი ცნობიერი არჩევანისა და კონტროლის გარეშეც წარიმართოს. ამას ემსახურება ჩვევის მექანიზმი, რომელიც ჯეიმსის სისტემაში ყურადღების ცნობიერი მექანიზმის ალტერნატივად არის წარმოდგენილი. ჯეიმსი დიდ ადგილს უთმობს ჩვევების ანალიზს. ჩვევა, როგორც არაინსტინქტური, შეძენილი მოტორული ან მენტალური ავტომატიზმი ძალიან სასარგებლოა. ის აადვილებს და ნაკლებად დამღლელს ხდის საჭირო შედეგის მიღწევის პროცესს, შეაქვს მასში მეტი სიზუსტე. ამ მხრივ ის ერთგვარად ათავისუფლებს ყურადღებას, რომელიც არ არის საჭირო ჩვეული მოქმედებისას. საზოგადოდ, ჩვევა ცნობიერების ანტაგონისტია. ჩვეული მოქმედება, როგორც წესი, არ ცნობიერდება და მთელ რიგ შემთხვევებში ეს ოპტიმალურია და ეფექტური. მაგრამ ვითარება საპირისპიროდ იცვლება, როცა საქმე ცუდ ჩვეულებებთან გვაქვს; ასეთები კი ყველასთან გვხვდება და ზოგჯერ საკმაოდ მრავლადაც. ჯეიმსი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულება გადაიქცევა იმ ძალად, რომელიც აფერხებს პიროვნების განვითარებას და ხელს უშლის მის ბედნიერებას.

      ჯეიმსი უდიდეს ყურადღებას უთმობდა პიროვნების ცნებას. მისი თანამედროვე ავტორებისაგან განსხვავებით, რომლებიც წმინდა ცნობიერების ფსიქოლოგიას ქმნიდნენ, ჯეიმსი ცდილობდა, გაეფართოვებინა ამ მეცნიერების ფარგლები და ცნობიერება სხვა კატეგორიებთან მიმართებაში მოეყვანა. ამ მცდელობათა წყალობით, იგი მრავალი ახალი ფსიქოლოგიური ორიენტაციის წინამორბედი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმსმა, მეცნიერული ფსიქოლოგიის გარიჟრაჟის დიდი თეორეტიკოსებიდან პირველმა დაამყარა მიმართება ცნობიერებასა და პიროვნებას, “მე”-ს შორის. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ცნობიერების განხილვა პიროვნებისაგან განყენებით დაუშვებელია. ცნობიერება ყოველთვის პიროვნულია იმ აზრით, რომ ის ვინმეს ეკუთვნის, ვინმეს ცნობიერებაა. ჯეიმსი, არსებითად, ინიციატორი გახდა ფსიქოლოგიაში პიროვნებისა და “მე”-ს პრობლემატიკის შემოტანისა. იგი პიროვნების ფსიქოლოგიის პირველი დიდი წარმომადგენელია.

      პიროვნებას, ჯემსის აზრით, მიეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანი თავისად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, “მე”-ში სამი მხარე გამოიყოფა: 1) მატერიალური “მე”. მის არსებით ნაწილი ჩვენი სხეულია, მაგრამ ზოგადად, ეს არის იმ სულიერი თუ უსულო ობიექტებისა და მოვლენების ერთობლიობა, რასაც ადამიანი თავისას უწოდებს - მისი ტანსაცმელი, პირადი მოხმარების საგნები, სახლი, მიწა, ანგარიში ბანკში, აგრეთვე მეუღლე, შვილები, წინაპრები, ნათესაობა, მეგობრები და ა.შ. 2) სოციალური “მე”. სხვა ადამიანთა მიერ ჩვენი, როგორც პიროვნების აღიარება საზოგადოებრივ პიროვნებად გვაქცევს. ჩვენ არა მხოლოდ გვიყვარს საზოგადოებაში ყოფნა, არამედ გვაქვს თანდაყოლილი მიდრეკილება მივიპყროთ სხვების ყურადღება. ძნელია წარმოვიდგინოთ, წერს ჯეიმსი, უარესი დასჯა, ვიდრე იყო ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ გაქცევენ ყურადღებას, არ გპასუხობენ კითხვებზე, არ ინტერესდებიან შენი შემოქმედებით, ისე გექცევიან, როგორც უსულო საგანს. ასეთ შემთხვევაში ან სასოწარკვეთილება გვეუფლება, ან ვცოფდებით. ადამიანი, ფაქტობრივად, იმდენი სოციალური პიროვნებისაგან შედგება, რამდენი სხვა ადამიანიც აღიარებს მას. უფრო ზუსტი კი იქნებოდა გვეთქვა, რომ სოციალური “მე” არის ადამიანისთვის აქტუალური სოციალური როლებისა და საზოგადოებრივი ფუნქციების კომპლექსი. 3) სულიერი “მე”. პიროვნების ამ ასპექტში ჯეიმსი გულისხმობდა ცნობიერების მდგომარეობათა, ფსიქიკურ უნართა და თავისებურებათა ერთობლიობას, რომლის ბირთვიც პიროვნების აქტივობის განცდაა.

      პიროვნების ეს ფენები ერთიანობას ქმნიან. მათი ინტეგრაცია ცნობიერებაში სპეციფიკური განცდების სახით აისახება. მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია თვითშეფასების განცდა. თვითშეფასება (საკუთარი თავით კმაყოფილება ან უკმაყოფილება) უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნული თვისებების შეფასებასთან და, ასევე, მათ შედარებასთან სხვა ადამიანების თვისებებთან. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეტენზიის დონესთანაც. პრეტენზიის დონე - პიროვნების თვითშეფასების სასურველი დონეა, რომელიც ვლინდება პიროვნების მიერ დასახული მიზნების სირთულეში. ადამიანის კმაყოფილება საკუთარი თავით და ცხოვრებით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს იგი საკუთარ შესაძლებლობებს, თავის მიზნებსა და დანიშნულებას. განიხილავდა რა თვითშეფასების გავლენას პიროვნების ქცევაზე, ჯეიმსმა გამოიყვანა თვითპატივისცემის ფორმულა, რომელიც წარმოადგენს მარტივ წილადს: მისი მრიცხველი გამოხატავს რეალურ წარმატებას, ხოლო მნიშვნელი - პრეტენზიას. მრიცხველის გადიდებით ან მნიშვნელის შემცირებით წილადი იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ პრეტენზიებზე უარის თქმა გვაძლევს ისეთივე სასურველ შემსუბუქებას, როგორსაც მათი განხორციელება რეალობაში. ეს ფორმულა საფუძვლად უდევს ადამიანის მისწრაფებას თვითსრულყოფისკენ და წარმატებისკენ, თვითგრძნობას და მასთან დაკავშირებულ სხეულებრივ თუ სულიერ ჯანმრთელობას.

      პიროვნებასთან დაკავშირებული განცდების ანალიზისას ჯეიმსი გვერდს ვერ აუვლიდა თვითიდენტურობის განცდას. მართლაც, ცნობიერებაში პიროვნება მუდამ წარმოდგენილია, როგორც ერთი და იგივე, საკუთარი თავის იდენტური “მე”. ამ განცდის არსებობა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ “მე”-ს სპეციფიკურ მდგომარეობაში შედიან, აგრეთვე, წინა მდგომარეობათა შინაარსები, რაც “მე”-ს ფუნქციონალური იგივეობის განცდის საფუძველი ხდება: ახლანდელ წარმოდგენაში მეხსიერების წარმოდგენები შედიან, აზრი წინარე აზრიდან გამომდინარეობს, ემოციური და კოგნიტური მდგომარეობები კი ერთმანეთს გამსჭვალავენ. ამასთან ერთად, თვითიდენტურობის განცდის საფუძველი, ჯეიმსის ძალინ ზუსტი დაკვირვებების თანახმად, არის სხეულიდან მომდინარე ორგანული შეგრძნებები; ისინი მუდამ არსებობენ და მთელი მენტალური ცხოვრებაც მათ ფონზე იშლება.

      სხეულიდან მომდინარე განცდებზე კეთდება აქცენტი ჯეიმსის შეხედულებაშიც ემოციის რაობის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ ემოციის თეორიადაა აღიარებული. ამ თეორიით ჯეიმსი იმის ჩვენებას ცდილობს, თუ რაოდენ მჭიდრო კავშირია ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს შორის. ეს კონცეფცია, რომელსაც შემდგომში ემოციის პერიფერიული თეორია ეწოდა, ჯეიმსმა პირველად წარმოადგინა 1884 წელს, წერილში “რა არის ემოცია”. იმავე წელს პრაქტიკულად იდენტური თვალსაზრისი გამოთქვა დანიელმა ფიზიოლოგმა კარლ ლანგემ. ფსიქოლოგიაში ეს თეორია ჯეიმს-ლანგეს თეორიის სახელით შევიდა. ის უპირისპირდება გავრცელებულ და, ერთი შეხედვით, სრულიად ბუნებრივ შეხედულებას, რომელშიც მოვლენების შემდეგი რიგია დადგენილი: რაიმეს აღქმა იწვევს ემოციას, ხოლო მას მოჰყვება სხეულებრივი ცვლილებები. ჯეიმსის მიხედვით, ემოციურ და სხეულებრივ პროცესებს შორის საწინააღმდეგო მიმართებაა: აღქმა იწვევს სხეულებრივ ცვლილებებს, რომლებიც ორგანულ შეგრძნებათა კომპლექსის სახით განიცდება; ეს განცდა არის ის, რასაც ემოცია ეწოდება. სხეულებრივი პროცესი ემოციას კი არ მოსდევს, არამედ წინ უსწრებს. ამ აზრს ჯეიმსი თავისი ცნობილი “პარადოქსული” გამონათქვამებით გამოხატავს: ჩვენ იმიტომ კი არ ვკანკალებთ, რომ გვეშინია, არამედ იმიტომ გვეშინია, რომ ვკანკალებთ; ან იმიტომ კი არ ვტირით, რომ ვწუხვართ, არამედ იმიტომ ვწუხვართ, რომ ვტირით.

      უფრო მეტიც, ეს ემოციები სხვა არაფერია, თუ არა ორგანულ შეგრძნებათა ერთობლიობა. არ არსებობს ცალკე, სპეციფიკური ემოციური განცდა. ეს უკანასკნელი რეალურად ორგანულ შეგრძნებათა კომპლექსის განცდაა. ამ დებულებას ჯეიმსი, ისევ და ისევ, თავისი გამორჩეული თვითდაკვირვების მონაცემებით ასაბუთებს. ავიღოთ რაიმე ემოცია, ამბობს იგი, და მოვაცილოთ მასთან დაკავშირებული მთელი სხეულებრივი სიმპტომატიკა. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ემოციისაგან არაფერი დარჩება; არ დარჩება არავითარი სხვა “ფსიქიკური მასალა”, რომელსაც შეიძლება ემოცია ეწოდოს. არ შეიძლება აღწერო შიში და არაფერი თქვა გულისცემაზე, კანკალზე, გაფითრებაზე, სუნთქვის შეკვრაზე ან გახშირებაზე, კუნთურ დაძაბულობაზე და ა.შ. შიშის ამ გამოვლინებების მოცილება თვით შიშის, როგორც ემოციის მოცილებას ნიშნავს. ერთადერთი, რამაც შეიძლება მისი ადგილი დაიკავოს, ეს მხოლოდ ინტელექტუალური შინაარსია, ცივი, გულგრილი მსჯელობა, რომ ის, რაც ხდება, ჩემთვის საშიშია. ეს კი, ცხადია, ემოცია არ არის.

      ემოციის გარეგამოხატულებათა შეკავება, შეფერხება, “დაწყნარებული” პოზიციის დაჭერა ემოციის ჩაქრობას იწვევს. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია განზრახ გავაჩინოთ ემოცია, თუ ხელოვნურად გამოვიწვევთ მის შესატყვის გარეგამოხატულებებს. ჯეიმსის თქმით, თუ ადამიანი დიდხანს ზის დარდიანი სახით, დაღვრემილ პოზაში, ოხრავს, ნაღვლიანი ხმით პასუხობს კითხვებზე, მას აუცილებლად დაეუფლება მელანქოლია. ან პირიქით, მხიარული გამომეტყველების მიღებით შეიძლება თავი გაიხალისო. გარდა ამისა, ემოციების გამოწვევა შესაძლებელია გარკვეული ნივთიერებების მიღებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკები). მათ მიერ აღძრული ორგანიზმული ცვლილებები სათანადო შეგრძნებებს იწვევს, რომლებიც განიცდება, როგორც ემოცია.

      ჯეიმს-ლანგეს თეორიის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია. მრავალ გამოკვლევაში, რომელთა შორის აღსანიშნავია გამოჩენილი ფიზიოლოგების ჩარლზ შერინგტონისა და ჯეიმსის მოწაფის უოლტერ კენონის ნაშრომები, ნაცადი იყო ამ თეორიული მოდელის ექსპერიმენტული შემოწმება. ცდების შედეგები ძირითადად მოწმობს იმას, რომ მაშინაც, როცა გარკვეული ანატომიური პროცედურების მეოხებით სხეულიდან მომდინარე ორგანული გაღიზიანების შეგრძნების შესაძლებლობა გამორიცხულია, ცხოველები ამჟღავნებენ მკაფიოდ გამოხატულ შიშის, ბრაზისა და სხვა ემოციებს. ეს შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ ემოცია არ დაიყვანება ორგანულ შეგრძნებებზე. მიუხედავად ამისა, უეჭველია, რომ მათ შორის უმჭიდროესი კავშირი არსებობს. ამ თეორიაში უდავოდ არსებობს რაციონალური მარცვალი, რის გამოც ის დღესაც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას.

      ჯეიმსი განაზოგადებს ემოციის თეორიის დედააზრს და მას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს. სახელდობრ, იგი ამბობს, რომ “ჩვენ შეგვიძლია თამამად წამოვაყენოთ ზოგადი კანონი, რომლის თანახმადაც არც ერთი ფსიქიკური მოდიფიკაცია არ ხორციელდება, თუ მას არ ახლავს სხეულებრივი ცვლილება”. აქედან ჩანს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯეიმსი სხეულებრივის (ფიზიოლოგიურის) და ფსიქიკურის ურთიერთობას. ეს გარემოება პირდაპირ არის ასახული ფსიქოლოგიის ჯეიმსის მიერ შემოთავაზებულ განმარტებაში, რომლის მიხედვითაც ის არის მეცნიერება ფსიქიკური (მენტალური) მოვლენებისა და მათი პირობების შესახებ. ფსიქიკურ მოვლენებში აქ უშუალო გამოცდილება, ცნობიერება იგულისხმება, ხოლო პირობები ნიშნავს ფსიქიკურის საფუძვლად მდებარე და მის თანმდევ სხეულებრივ (მათ შორის ნევროლოგიურ) პროცესებს. ჯეიმსის რწმენით, ფსიქიკური ფენომენების განხილვა უნდა მოიცავდეს ანალიზის განცდისეულ (ფენომენოლოგიურ) და ორგანიზმულ (ფიზიოლოგიურ) დონეს. ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, ჯეიმსი ცდილობდა მოენახა სხეულებრივი საფუძვლები თავისი შეხედულებებისთვის და დაედგინა ფიზიოლოგიური კორელატები ყოველი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. ჯეიმსი თვლიდა, რომ ასეთი მიდგომა მეტაფიზიკიდან თავის დაღწევას და ფსიქოლოგიის ნამდვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოზიციებზე დადგომას ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, მასში არ უნდა დავინახოთ ცალსახა ფიზიოლოგიური დეტერმინიზმის გამოვლინება. პირიქით, ჯეიმსი ებრძოდა ასეთ თვალსაზრისს და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფსიქიკა არ არის უბრალოდ ფიზიოლოგიური პროცესების მომყოლი ეპიფენომენი, მათი თანმხლები უფუნქციო და უკუზემოქმედების უნარსმოკლებული მოვლენა. ის გარემოება, რომ ცნობიერების ინტენსიფიკაცია სწორედ ნერვული პროცესების გართულების შემთხვევებში ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ ცნობიერებას, გარკვეულ პირობებში, შეუძლია ჩაერთოს აქტივობის მიზეზობრივ ჯაჭვში. ამ დროს იგი რეალური ძალაა, ფაქტორია, რომელიც თვითონ ზემოქმედებს სხეულებრივ პროცესებზე. ამდენად, ჯეიმსის მიდგომა ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემისადმი ინტერაქციონისტულია - ფიზიოლოგიური და ფსიქიკური პროცესები ურთიერთზემოქმედებენ და ორივე ერთად განსაზღვრავენ ქცევას.

      ქცევის კატეგორიის განხილვისას ჯეიმსი მართლაც ხშირად მიმართავს ფიზიოლოგიურ და ცერებრალურ ცნებებს. იგი საუბრობს ტვინის უჯრედებსა და ბოჭკოებში გავლილი ნერვული იმპულსების გაძლიერებასა თუ შესუსტებაზე, მათ სიჩქარესა თუ მიმართულებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და, საბოლოოდ, სამოძრაო ცენტრების აგზნებაზე. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმი, ის ფუნქციონირებს ქცევის ფსიქოლოგიური რეგულაციის სხვადასხვა დონეზე. მათ შორის ყველაზე დაბალია რეფლექსებისა და ინსტინქტების დონე, რომელიც თანდაყოლილ და ავტომატურ მოქმედებებს მოიცავს. ჩვევები და ჩვეულებები უფრო მაღალ დონეს შეადგენენ, ვინაიდან მათი გამომუშავება თუ შეძენა ცხოვრების პროცესში ხდება, თუმცა ისინიც ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობენ. თვისებრივად მაღალ დონეზე ავდივართ მაშინ, როდესაც ქცევის ორგანიზაციის საქმეში ერთვება ცნობიერება. აქ უკვე საქმე გვაქვს ე.წ. ცნობიერ მოქმედებებთან. ჯეიმსი მათ ორ სახეობას განიხილავს: იდეომოტორული მოქმედებები და ნებელობითი მოქმედებები. იგი ამოდის იქიდან, რომ აზრი მოძრაობის შესახებ ან მოქმედების მიზნის იდეა უშუალოდ იწვევს სათანადო მოძრაობას, თუ მას არ აფერხებს ცნობიერებაში იმავდროულად არსებული სხვა იდეა. ამ თვალსაზრისს იდეომოტორული თეორია ეწოდება. ამ თეორიას, ჯეიმსის გარდა, სხვა დამცველებიც ჰყავდა (ლოტცე, კარპენტერი, მიუნსტენბერგი, თარხნიშვილი და სხვა). ჯეიმსის მიხედვით, ადამიანის ცნობიერ მოქმედებათა უმეტესობას ასეთი იდეომოტორული აქტები შეადგენენ.

      საკუთრივ ნებელობითი მოქმედება და მისი სანქციონირება ხდება მაშინ, როცა საჭიროა ხელისშემშლელი მოტორული იდეის მოცილება. ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება გადადის ერთი ალტერნატივიდან მეორეზე. ყოყმანის ეს უსიამოვნო მდგომარეობა მაშინ მთავრდება, როდესაც ერთ-ერთი იდეა (იგივე მოტივი) საბოლოოდ იმარჯვებს და ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება. ნებელობა აქტიურად მონაწილეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება შედგეს. “ნებისყოფის დაძაბვით ჩვენ ერთ-ერთ მოტივს უპირატეს მნიშვნელობას ვანიჭებთ”, ამბობს ჯეიმსი. სუბიექტურად და ფენომენოლოგიურად ეს დაძაბვის განცდა ნებისყოფის ტიპური აქტის სპეციფიკური და გამორჩეული მომენტია. ავტორის აზრით, ამ მომენტის არსებობა იმდენად თვალსაჩინოდ არის მოცემული თვითდაკვირვებაში, რომ მისი უარყოფა შეუძლებელია. ის გამოხატავს ნებელობის მუშაობის ორ ძირითად ასპექტს: მოტივის სანქციონირებას, ანუ მოტორული იდეის ყურადღების ცენტრში მოქცევას და ზრუნვას იმაზე, რომ ამ მოტივის გაბატონება დანარჩენებზე მოქმედების დასრულებამდე მყარი იყოს.

      ამავე დროს, ჯეიმსი კარგად ხედავს იმასაც, რომ არსებობს სერიოზული შეზღუდვები გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების გზაზე. არსებობს ფსიქიკური ცხოვრების სფერო, სადაც ნება, უბრალოდ, უძლურია. ნებელობის ვერავითარი დაძაბვით ვერ გააკეთებ იმას, რაც არ იცი, ან რაზეც ხელი არ მიგიწვდება: ჩინურის უცოდინარი ადამიანი ამ ენაზე ვერ ალაპარაკდება და სურვილისამებრ ვერც მარსზე გაფრინდება, მაგრამ რეალური შეზღუდვების სფერო ბევრად ფართოა და მისი ნამდვილი საზღვრის დადგენა უკიდურესად რთულია ან სულაც შეუძლებელი. “გადაწყვეტილებები, რომლებზეც დაიხარჯა გარკვეული ძალისხმევა, თანდათან ერწყმიან იმათ, რომლებიც ძალისხმევის გარეშე განხორციელდნენ და ჩვენთვის არც ისე ადვილია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად სად არის ეს შეზღუდვები”. მაშინ, სად გადის საზღვარი უნებლიე და ნებელობით მოქმედებას შორის? უფრო ზოგადად: თუ არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, რაც აშკარად ასეა, მაშინ როგორია ნებელობის შესაძლებლობები და საზღვრები? პრინციპში, ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ რადიკალური ვოლუნტარიზმის პოზიციაზე და დავუშვათ, რომ თავისუფალი ნების დაძაბვის აქტი არაფერზე არ არის დამოკიდებული - არც გარე პირობებზე, არც მოტივებზე, არც ხასიათზე, ანუ, მათემატიკური ენით რომ ვილაპარაკოთ, “დამოუკიდებელი ცვლადია”. ამ შემთხვევაში იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ მის მიერ გამოწვეული ქმედება ამოვარდნილია დეტერმინიზმის ჯაჭვიდან და, შესაბამისად, მეცნიერების შესწავლის ობიექტი ვერ იქნება. მაგრამ, ჯეიმსის აზრით “ფსიქოლოგს შეუძლია წარმოადგინოს მრავალი მოსაზრება დეტერმინიზმის სასარგებლოდ. იგი მონაწილეობს მეცნიერების მშენებლობაში, იქ კი, სადაც ჩვენ ვხვდებით “დამოუკიდებელ ცვლადს”, მეცნიერებისთვის ადგილი არ არის”.

      ერთი სიტყვით, ჯეიმსის წინაშე მთელი სიმწავავით დადგა ნების თავისუფლების საკრამენტალური პრობლემა. ეს პრობლემა, როგორც ვნახეთ, ანტიკური ხანიდან იდგა იმ მოაზროვნეთა ყურადღების ცენტრში, ვისაც აინტერესებდა ადამიანური ქცევის სპეციფიკა და, ასევე, ზოგადად პიროვნების, როგორც საზოგადოებრივი და ზნეობრივი არსების თავისებურება. მოგვიანებით ამ პრობლემამ თავისუფლება-დეტერმინიზმის პრინციპების დაპირისპირების სახე მიიღო. ბუნების მეცნიერებათა ზეობის ხანაში, როდესაც ჯეიმსი მოღვაწეობდა, ამ პრობლემას მეცნიერთა უმეტესობა, მათ შორის ფსიქოლოგებიც, დეტერმინიზმის სასარგებლოდ წყვეტდნენ. ჯეიმსი თავისუფლება-დეტერმინიზმის დიქოტომიის მახეში გაება. მისთვის ორივე ალტერნატივა ერთნაირად მნიშვნელოვანი და სარწმუნო აღმოჩნდა. ფსიქოლოგიის ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება მკვლევარი, რომელიც ასეთი ეგო-ჩართულობით ებრძოდა ამ პრობლემას. ერთ მხარეს იყო მისი ზოგადმეცნიერული წარმოდგენები, მეცნიერების ის მოდელი, რომელიც იმხანად საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ეს მოდელი გულისხმობდა მიზეზობრიობას, კანონზომიერებას, მოვლენის ახსნას მისი გამომწვევი ფაქტორების დადგენის გზით. ჯეიმსი ფსიქოლოგიას ბიოლოგიასთან აკავშირებდა და, მაშასადამე, ფსიქოლოგიას საბუნებისმეტყველო დარგად თვლიდა, სადაც მკაცრი დეტერმინიზმი სუფევს და რომელიც, მისი სიტყვებით, “მუშაობს პრაქტიკული წინასწარმეტყველებისა და კონტროლის მიმართულებით”. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ნამდვილი მეცნიერება, მაშასადამე ფსიქოლოგიაც, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს.

      მეორე მხარეს იყო არანაკლებ ურყევი და ღრმა რწმენა იმისა, რომ თავისუფალი ნება არსებობს და ის რეალურად ერევა ადამიანის ქცევასა და ცხოვრებაში. ეს რწმენა არ იყო მხოლოდ ვარაუდი ან თეორიული მოსაზრება. ის გამყარებული იყო მისი პირადი გამოცდილებით და, აქედან გამომდინარე, უეჭველი ფაქტის ძალა ჰქონდა. ჯეიმსის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ თავისი მეცნიერული კარიერის დასაწყისში მან პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყვანა საკუთარი თავი უმძიმესი დეპრესიის მდგომარეობიდან, აიძულა თავისი თავი, წაეკითხა ლექციები და, საზოგადოდ, გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა თვითმკვლელობის მძაფრ იმპულსს განიცდიდა. შემდგომში იგი იხსენებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მან ირწმუნა თავისუფალი ნების არსებობა და შეგნებულად მოუღო ბოლო ამ მდგომარეობას. მან თქვა: ჩემი თავისუფალი ნების პირველი აქტი იქნება გადაწყვეტილება, ვირწმუნო თავისუფალი ნება და ყოველმხრივ განვამტკიცო ჩემში არსებული მორალური თავისუფლების განცდა.

      ამრიგად, ჯეიმსი მეტად მძიმე ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან კანონზომიერება, დეტერმინიზმი და მეცნიერება, ან თავისუფლება, ინდეტერმინიზმი და რწმენა. აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ მიმართა ჯეიმსმა თავისი გულისყური რელიგიისა და რწმენის ფენომენებისკენ. მისი ზემოთ ნახსენები წიგნი რელიგიური განცდების შესახებ რელიგიის ფსიქოლოგიის კლასიკური ნიმუშია. ჯეიმსი თავს არ მიიჩნევდა რელიგიურ ადამიანად ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, იგი იშვიათი შეუპოვრობით იცავდა აზრს რელიგიური რწმენის პრაგმატული მიზანშეწონილების თაობაზე. მისი სიტყვებით, “ენერგიულობა და გამძლეობა, სიმამაცე და სასიცოცხლო პრობლემებთან გამკლავების უნარი ახასიათებს იმათ, ვინც რელიგიურია”. რელიგიური განცდების საფუძვლიანმა შესწავლამ მიიყვანა დასკვნამდე, რომ ისინი იწვევენ სიხარულს, “დინამიკურ აგზნებას”, ამით აძლიერებენ და ახალისებენ სასიცოცხლო ძალებს, ებრძვიან მელანქოლიას, იწვევენ სიმშვიდეს და ჰარმონიას სულში, ეხმარებიან პიროვნებას ახალი საზრისის მოპოვებაში. ამდენად, რელიგია და მასთან დაკავშირებული განცდები სასარგებლოა. პრაგმატიზმის ფილოსოფიის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი თავკაციც ჯეიმსი იყო, ეს მათ ჭეშმარიტებაზეც მიუთითებს. პრაგმატიზმის კონცეფციის თანახმად, ჭეშმარიტება არის იდეა, რომელიც ყველაზე კარგად “მუშაობს”, მივყავართ წარმატებასთან, სარგებლობისა და კმაყოფილების მომტანია.

      საბოლოოდ, ამავე ლოგიკით იხელმძღვანელა ჯეიმსმა ნების თავისუფლების პრობლემის “გადაწყვეტისას”. ნების თავისუფლების განცდა აძლევს ადამიანს რწმენას, რომ იგი არ არის გარეშე ძალების ტყვეობაში და შეუძლია თვითონ წარმართოს საკუთარი ქცევა. ამიტომ იგი ამ ქცევაზე პასუხისმგებელი ხდება, რაც მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივი ცხოვრების საფუძველია. ამის გათვალისწინებით, ნების თავისუფლების იდეა სასარგებლოა და, პრაგმატული თვალსაზრისით, ჭეშმარიტი. ერთი სიტყვით, ჯეიმსმა ზემოთ აღნიშნული ჩიხიდან გამოსავალი ფსიქოლოგიაში კი არა, პრაგმატიზმის ფილოსოფიაში მონახა. მან აღიარა, რომ “საკითხი ნების თავისუფლების შესახებ წმინდა ფსიქოლოგიურ ნიადაგზე ვერ გადაწყდება” და მისი გადაჭრა მეტაფიზიკას გადაულოცა. მიუხედავად ამისა, ჯეიმსს არ სურდა მთლიანად მოწყვეტოდა მეცნიერების ნიადაგს და ისიც თქვა, რომ ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას, შეუძლია დეტერმინიზმის პრინციპი განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალი ნება რეალობაა. მას შეუძლია თავისუფლება იმ სივრცეში დატოვოს, სადაც “მეცნიერება უბრალოდ ჩერდება”.

      ამ წინააღმდეგობრივი და არსებითად კაპიტულანტური პოზიციის გამო ჯეიმსმა ბევრი საყვედური დაიმსახურა. თუმცა, ზოგიერთი კომენტატორი, კერძოდ გ. ოლპორტი, მასში დადებით მხარეებსაც ხედავს და ჯეიმსის, როგორც მოაზროვნის პატიოსნებისა და გულწრფელობის გამოვლინებად მიიჩნევს. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლება-დეტერმინიზმის დიქოტომიასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიაში შეთანხმება ახლაც არ არის მიღწეული, ჯეიმსის პოზიციის გაგება სავსებით შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი ავიღოთ საკითხის მეცნიერულ კვლევაზე და დავკმაყოფილდეთ პრაგმატული სარგებლიანობის კონსტატაციით.

      სხვათა შორის, სარგებლიანობის ამ პრინციპს ჯეიმსი ძალიან ფართოდ ავრცელებს და უყენებს ყველაფერს, მათ შორის ცნობიერების ფუნქციის საკითხსაც. მისი აზრით: “ცნობიერება, როგორც ჩანს, ყველა სხვა ბიოლოგიური ფუნქციის მსგავსად, განვითარდა იმიტომ, რომ იგი სასარგებლოა”. აქედან ჩანს, რომ ჯეიმსი ფუნქციონალური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას. ცნო ბიერება პირველ რიგში უნდა განვიხილოთ იმ ფუნქციის, იმ როლის მიხედვით, რომელსაც ის ორგანიზმის გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით ასრულებს. ეს ფუნქცია არის ადაპტური მოქმედების უზრუნველყოფა. ამის გარეშე ცნობიერებას აზრი ეკარგება, მისი წარმოშობა გაუგებარი ხდება. ცნობიერება ევოლუციის მსვლელობაში ფორმირდება, როგორც გართულებული ადაპტური პროცესის ორგანიზაციის უნარი. ინსტინქტურ მოქმედებას არ ესაჭიროება ცნობიერება. ის წინასწარი გეგმისა და დასწავლის გარეშე ხორციელდება. მთავარია არსებობდეს გამღიზიანებელი და სათანადო ნერვული მექანიზმი. მოქმედების დასწავლილ და ავტომატიზირებულ ფორმებსაც (ჩვევა, ჩვეულება) არ ესაჭიროება ცნობიერება. მაგრამ, როდესაც ვითარება რთულდება და მოქმედების ეს სახეები ვეღარ წყვეტენ ადაპტაციის ამოცანებს, საქმეში ჩაერთვის ცნობიერება, როგორც სელექციის, ფილტრაციის, პროგნოზირების, დაგეგმვის, შეფასების, სანქციონიერებისა და ა. შ. მექანიზმი. ის ემსახურება აქტივობის რთულ ფორმებს და, ამ აზრით, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც გვევლინება “საბოლოო მიზნებისთვის მებრძოლ” რეალურად მოქმედ ძალად. ეს იდეები შემდგოში ფუნქციონალიზმში განვითარდა.

      ის გარემოება, რომ ჯეიმსი ფსიქიკას, ერთი მხრივ, მოქმედების კატეგორიასთან მიმართებაში განიხილავს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს კავშირზე ცნობიერებას, სხეულებრივ, ნერვულ პროცესებსა და გარემოს შორის, უფლებას აძლევს ფსიქოლოგიის ზოგიერთ ისტორიკოსს, იგი ბიჰევიორიზმის უშუალო წინაპრადაც კი გამოაცხადოს. ეს, ალბათ, ერთგვარი გადაჭარბებაა, ვინაიდან ჯეიმსი უფრო ცნობიერების ფსიქოლოგიის წარმომადგენელია, ანუ იმ ფსიქოლოგიისა, რომელსაც კლასიკური ბიჰევიორიზმი დაუპირისპირდა. ცნობიერებისა და მოქმედების ურთიერთმიმართება მას, პირველ რიგში, ცნობიერების ფუნქციონალური დახასიათების კუთხით აინტერესებდა, ორთოდოქსული ბიჰევიორიზმი კი სრულებით უარყოფს ცნობიერებას და მის მიმართებას ქცევასთან.

      საზოგადოდ, ჯეიმსი ბევრი ფსიქოლოგიური მიმდინარეობის სათავეებთან დგას, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არც ერთს არ მიეკუთვნება და დამოუკიდებელი ბუმბერაზი ფიგურაა. მისი ინტერესებისა და მიდგომების დიაპაზონი იმდენად ფართო იყო, რომ ვერ ხერხდებოდა მათი რეალიზაცია ერთი კონკრეტული სკოლის ან ორიენტაციის ფარგლებში. მისი მეცნიერული ცნობისმოყვარეობა ვრცელდებოდა ყველაფერზე, დაწყებული ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებიდან, დამთავრებული ჰიპნოზითა და ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობებით. ფუნქციონალური, ბიჰევიორისტული და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები მას თავიანთ ავტორად მიიჩნევენ. პირველ ორთან ჯეიმსის მიმართებაზე უკვე ითქვა. რაც შეეხება ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას, ის ჯეიმსთან კავშირს პიროვნების კატეგორიის მეშვეობით ამყარებს. “მე”-ს სტრუქტურა, თვითგანცდა, თვითშეფასება - ის თემებია, რომლებზეც სწორედ ჯეიმსმა დაიწყო ლაპარაკი და რომლებიც შემდგომში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ინტერესებშიც მოექცა. მიუხედავად ამისა, ჯეიმსი ვერ ჩაითვლება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმდინარეობის წარმომადგენლად თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ფენომენოლოგიურ და ეგზისტენციალურ ფილოსოფიას ემყარება, რომელიც არსებითად განსხვავდება ჯეიმსის პრაგმატიზმისაგან და, უმეტეს შემთხვევაში, კიდეც ეწინააღმდეგება მას. აქ შეიძლება აღინიშნოს ე.წ. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიაც, რომელიც შეისწავლის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს, მისტიკურ განცდებსა და პარაფსიქოლოგიურ ფენომენებს. ჯეიმსი დაინტერსებული იყო ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობებით და მათ გამოსაწვევად საკუთარ თავზე ცდებს ატარებდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით. დღეს ამ მდგომარეობათა შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს და ჯეიმსი ფსიქოლოგიის ფარგლებში კვლევის ამ მიმართულების ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება.

      ჯეიმსი ძალიან პოპულარული იყო ამერიკაში. ამას, უდავო მეცნიერული დამსახურებების გარდა, მისი გამორჩეული პირადი თვისებებიც უწყობდა ხელს. ჯეიმსის ნაცნობები მიუთითებდნენ მის იშვიათ ერუდირებულობაზე, კეთილმოსურნეობაზე, დახვეწილ იუმორზე, თავმადაბლობაზე და თვითკრიტიკულობაზე. ამაში გვარწმუნებს ჯეიმსის მიერ მისივე “ფსიქოლოგიის პრინციპების” შეფასება. ამ მონუმენტურ თხზულებაზე, რომელმაც მას საქვეყნო სახელი მოუტანა, იგი ამბობდა: ეს არის საძაგელი, უზომოდ გაბერილი, წყალმანკით შეპყრობილი ქაღალდის მასა, რომელსაც მხოლოდ ორი ფაქტის დადასტურება შეუძლია: ერთი, რომ ისეთი მეცნიერება, როგორიც ფსიქოლოგიაა, არ არსებობს და მეორე, რომ უილიამ ჯეიმსი არაფრად ვარგა. კიდევ კარგი, რომ თვითშეფასების ფენომენის პირველი მკვლევარი ამ შემთხვევაში ცდებოდა: ამ წიგნმა უთუოდ განამტკიცა ფსიქოლოგიის, როგორც შემდგარი მეცნიერების სტატუსი, მისი ავტორი კი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოაზროვნის სახელით შევიდა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში.

6.5. ფუნქციონალური ფსიქოლოგია

      ჯეიმსის “ცნობიერების ნაკადის” ფსიქოლოგია და ტიჩენერის სტრუქტურული ფსიქოლოგია პირველი ამერიკული თეორიული სისტემებია. ჯეიმსი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, მაგრამ საკუთარი სკოლა არ შეუქმნია. ტიჩენერსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ მისი სკოლა განზე იდგა ამერიკული ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ტენდენციებისაგან. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობის სახით ამერიკაში ფუნქციონალური ფსიქოლოგია გვევლინება. მის ჩამოყალიბებაზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ჯეიმსმაც და ტიჩენერმაც. ჯეიმსი მართებულადაა მიჩნეული ამ მიმდინარეობის წინამორბედად. ფუნქციონალიზმი ეყრდნობა ჯეიმსის იმ დებულებას, რომ ცნობიერება ბიოლოგიური სარგებლიანობით ხასიათდება, რაც გასაგებს ხდის მის წარმოშობასა და განვითარებას. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინება, თუ რას აკეთებს ცნობიერება (ფუნქცია), შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რისგან შედგება იგი (შინაარსი). ჯეიმსის მიხედვით, ცნობიერების მთავარი ფუნქციაა არჩევანი. ცნობიერება ყოველთვის მიმართულია გარკვეულ მიზანზე, რომელიც, საბოლოოდ, ემსახურება ორგანიზმის შეგუებას გარემო პირობებთან. მიზნის მიღწევის გზაზე ცნობიერება მუდმივი შეფასების პროცესშია, რაღაცას იწყნარებს ან უკუაგდებს, მოკლედ, არჩევანის, ფუნქციას ახორციელებს.

      ტიჩენერი, პირიქით, თავის მთავარ ამოცანას ცნობიერების შინაარსის დადგენაში ხედავდა და ცნობიერების ფუნქციას არ იკვლევდა. ამით იგი არსებითად უპირისპირდებოდა ფუნქციონალიზმს, მაგრამ საინტერესოა, რომ თავისდაუნებურად, სწორედ ტიჩენერმა მისცა სტიმული ფუნქციონალური ფსიქოლოგიის, როგორც სტრუქტურული ფსიქოლოგიისადმი ოპოზიციური სკოლისა და მიმდინარეობის დამკვიდრებას. საქმე ის არის, რომ თავის ნაშრომში “სტრუქტურული ფსიქოლოგიის პოსტულატები” (1898), ტიჩენერმა მკაფიოდ გამიჯნა ფსიქოლოგიის სახეები, დაარქვა მათ სახელები და გამოყო პრიორიტეტები. ეს ანალიზი ეყრდნობა ანალოგიას ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამ სახეობას შორის: ბიოლოგიის ერთი ნაწილი მორფოლოგია - ადგენს, თუ რა ორგანოებისაგან შედგება სხეული, ანუ შეისაწვლის მის სტრუქტურას. იმავეს აკეთებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომლის ძირითად ბირთვს ტიჩენერის სკოლის წარმომადგენლები ქმნიან. იგი ცნობიერებას შემადგენელ ნაწილებად ყოფს. სტრუქტურული ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ცნობიერების ანატომიაა. უკვე გამოყოფილ და აღწერილ ორგანოს შეისწავლის ბიოლოგიის შემდეგი დარგი, ფიზიოლოგია. მისი ამოცანაა გაარკვიოს, თუ რას და როგორ აკეთებს ეს ორგანო. ამავე კუთხით - განიხილავს სულიერ ცხოვრებას ფუნქციონალური ფსიქოლოგია, რომელიც ფსიქიკური სტრუქტურების ფუნქციას არკვევს. დაბოლოს, გენეტიკური ბიოლოგია განიხილავს ორგანოების განვითარებას ფილოგენეზში, ემბრიოგენეზში და ონტოგენეზში. შესაბამისად, ევოლუციური ფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკური სტრუქტურებისა და ფუნქციების გენეზისის საკითხებს. აღიარებდა რა ფუნციონალისტური თვალსაზრისის კანონიერებას, ტიჩენერი მოუწოდებდა ფსიქოლოგებს, რომ შეესწავლათ ცნობიერების სტრუქტურა ექსპერიმენტული ინტროსპექციის გზით.

      ამ ნაშრომის გამოსვლამდე ორი წლით ადრე ჯონ დიუიმ (1859-1952) “ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოაქვეყნა წერილი “რეფლექტორული რკალის თეორია ფსიქოლოგიაში”, რომელიც, ფორმალურად, ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ათვლის წერტილად არის მიჩნეული. მანამდე მან გამოსცა პირველი ამერიკული სახელმძღვანელო ფსიქოლოგიაში (1886). ჯეიმსის განთქმული “ფსიქოლოგიის საფუძვლების” გამოსვლამდე იგი ძალიან პოპულარული იყო. 1894 წელს დიუი სათავეში ჩაუდგა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც ათი წლის განმავლობაში სასარგებლო საორგანიზაციო სამუშაო ჩაატარა. მან დააფუძნა სასწავლო ლაბორატორია, ჩართო სასწავლო საგნების სიაში პედაგოგიკა, რაშიც გამოვლინდა მისი ინტერესი გამოყენებითი, კერძოდ, განათლების სფეროს საკითხებისადმი (იხ. თავი 7.3.). ამასთანავე, იგი კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში (დიუი პრაგმატიზმის ფილოსოფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია). 1904 წელს დიუი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც, ძირითადად, ფილოსოფიისა და განათლების საკითხებით იყო დაკავებული.

“ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოქვეყნებულ წერილში დიუიმ გაილაშქრა ავტომატიზმის იდეის წინააღმდეგ ფსიქიკური მოქმედების სფეროში. ამისთვის მან მიმართა ე.წ. რეფლექსური რკალის ანალიზს. დიუის აზრით, უბრალო რეფლექსიც კი არ არის ელემენტების მექანიკური ჯამი; იგი ამ ელემენტების კოორდინაციაა. სინამდვილეში არ არსებობს თავისთავად სტიმული და რეაქცია. სტიმული მხოლოდ მაშინ არის სტიმული, როცა იწვევს პასუხს, ხოლო პასუხი არის პასუხი, რამდენადაც არსებობს სტიმული. რეფლექსი მათ შორის სასარგებლო კოორდინაციის დამყარების საშუალებაა. ფიზიოლოგიური რეფლექსი ერთმანეთს უთანხმებს სტიმულაციასთან დაკავშირებულ შეგრძნებას, საკუთრივ მოძრაობას და მისგან წამოსულ კინესთეტიკურ შეგრძნებას. ის ამ ელემენტების უბრალო ერთობლიობა კი არ არის, არამედ მთლიანი, კოორდინირებული სენსომოტორული აქტია რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს ფსიქიკურ მოქმედებაზე. აქ შინაგან (მოთხოვნილება) და გარეგან (გამღიზიანებელი) - სტიმულაციასა და მოქმედებას შორის ცნობიერება ერთვება. ის აფასებს მოქმედების წარმატებულობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ე.ი. შეგუების კუთხით. თუ კოორდინაცია გარემოსა და მოქმედებას შორის დაირღვა, სუბიექტი იწყებს წარუმატებლობის მიზეზის გაცნობიერებას; მოძრაობა მუხრუჭდება და ყურადღება მიიმართება შემაფერხებელი ვითარების ამსახველ სტიმულებზე. ამგვარად, ქცევა და მასში მონაწილე ცნობიერება უნდა განიხილებოდეს ცოცხალი არსების გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით. ცნობიერი მოქმედების ფუნქცია ორგანიზმის ადაპტაციაში მდგომარეობს და ფუნქციონალურმა ფსიქოლოგიამ სწორედ ეს რეალური პროცესი უნდა შეისწავლოს.

      ფსიქოლოგიას, რომელიც ორიენტირებულია რეალურ ცხოვრებისეულ პირობებში მიმდინარე ფსიქიკურ მოქმედებაზე, და რომელსაც აინტერესებს მისი მიზანშეწონილება და ნაყოფიერება, შეუძლია მოიცვას ინდივიდისა და სამყაროს ურთიერთობათა მთელი მრავალფეროვნება. ამით არსებითად ფართოვდება ფსიქოლოგიის მიყენების სფერო. მასში შედის არა მხოლოდ ცნობიერების შინაარსები, არამედ მისი ფუნქცია, ფსიქიკის ინდივიდუალური გამოვლინებები, პრაქტიკული მოქმედება, მისი დასწავლა-ფორმირება, მოტივირება და ა.შ., მოკლედ ყველაფერი, რის შესწავლაზეც უარს ამბობდა სტრუქტურული ფსიქოლოგია. ამდენად, ის ხდება მყარი საფუძველი ფსიქოლოგიის ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ბავშვისა და პედაგოგიური, დიფერენციალური, კლინიკური, ინდუსტრიული, იურიდიული და სხვა ფსიქოლოგია.

      ამერიკული ფსიქოლოგიის გამორჩეული თავისებურება იმაშია, რომ თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ის ორიენტირებული იყო საზოგადოებრივი პრაქტიკის მოთხოვნებზე. ეს შეესაბამებოდა ამერიკული ცხოვრების წესის ზოგად პრაქტიციზმს. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკას ემიგრანტების ახალი ტალღა დაატყდა. ისინი ჩამოდიოდნენ თავიანთი ენითა და ჩვეულებებით ახალი ცხოვრების დასაწყებად ახალ კულტურაში. საჭირო იყო მათი სოციალური ადაპტაცია, შრომითი უზრუნველყოფა, რაც შესაბამისი პროფესიული ცოდნა-ჩვევების ფორმირებას ითვალისწინებდა. აუცილებელი იყო მათი შვილების “ამერიკანიზაცია”, რაც განათლების ახალი ფორმების დანერგვას გულისხმობდა. ამ ფონზე ფეხი მოიკიდა ე.წ. პროგრესივიზმმა - საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომლის დევიზი გახდა რეფორმები, ეფექტურობა და პროგრესი. დიუის ფუნქციონალური ფსიქოლოგია, თავისი აქცენტით ადაპტაციაზე, ზედმიწევნით მოერგო ამ ამოცანებს. იგივე ითქმის დიუის ფილოსოფიურ მრწამსზეც. იგი ქადაგებდა ინსტრუმენტალიზმს, პრაგმატიზმის ნაირსახეობას, რომლისთვისაც ცოდნა სინამდვილის კანონების ასახვა კი არა, ადამიანის მოქმედების ინსტრუმენტია. ის მოწოდებულია, გააადვილოს და გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრება, მათ შორის სოციალურ სფეროში. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლის და მართვის ოპტიმალური წესების დანერგვა, რაშიც ფსიქოლოგიას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის საპრეზიდენტო სიტყვაში დიუიმ (1900) ილაპარაკა იმაზე, რომ ფსიქოლოგიამ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ადაპტაციაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უბანზე. ყველაზე მეტად მას განათლების სფერო აინტერესებდა, სადაც მწვავედ იდგა “ახალი სკოლის” ორგანიზაციის საკითხი. მასში აქცენტი პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდებოდა.

      დიუის ადგილი დეკანის თანამდებობაზე დაიკავა ჯეიმს როულენდ ენჯელმა (1869-1949) და მომდევნო წლებში ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ე.წ. ჩიკაგოს სკოლის ნამდვილი ლიდერი გახდა. დიუისაგან განსხვავებით, რომელიც არ იყო სტრუქტურისა და ფუნქციის მკაცრი გაყოფის მომხრე, ენჯელმა მიიღო ტიჩენერის გამოწვევა. მან სრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი ფსიქოლოგიის სრულიად განსხვავებულ სახეებად გამოაცხადა და უპირატესობა, ცხადია, ამ უკანასკნელს მიანიჭა. 1904 წელს ენჯელმა გამოაქვეყნა ფუნქციონალიზმის პოზიციებიდან დაწერილი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო. იგი ამტკიცებდა, რომ სხეულის ორგანოები, რომლებთან ანალოგიითაც მსჯელობდა ტიჩენერი, განსხვავდება ფსიქიკური ელემენტებისაგან. ბიოლოგიაში ყოველი ორგანო ასრულებს გარკვეულ ფუნქციას, რომელიც მასთან იმთავითვე განუყრელად არის დაკავშირებული და მის გარეშე არ არსებობს. ხოლო ფსიქიკური ელემენტები არ არიან მუდმივი და მხოლოდ გარეგანი ან შინაგანი აღქმის პროცესში წარმოიქმნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკის სფეროში ფუნქცია წარმოშობს სტრუქტურას, რაც მის აშკარა პრიორიტეტულობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, განსხვავებით ბიოლოგიური ორგანოებისაგან, რომელთა ანატომირება ყოველთვის ერთნაირ სტრუქტურულ შემადგენლობას გვაჩვენებს, ფსიქიკური სტრუქტურების შინაარსი არამდგრადია. უცვლელი მხოლოდ ფსიქიკური ფუნქცია რჩება - შინაარსები სულ იცვლება, მაგრამ ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ნებელობა კი რჩება. სტრუქტურული ფსიქოლოგია არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც მიუღებელია, ვინაიდან ცნობიერებას რეალური, ცხოვრებისეული პირობების გაუთვალისწინებლად განიხილავს.

      კიდევ უფრო მძაფრად დაუპირისპირდა ენჯელი სრუქტურულ ფსიქოლოგიას ამერიკელ ფსიქოლოგთა საზოგადოების წინაშე წაკითხულ საპრეზიდენტო მოხსენებაში (1906). მან განაცხადა, რომ სტრუქტურული ფსიქოლოგია იყო ისტორიული შეცდომა, ხანმოკლე ფილოსოფიური ანტრაქტი ბიოლოგიურად ორიენტირებული მეცნიერული კვლევების განვითარებაში. მხოლოდ ფუნქციონალური ფსიქოლოგია შეიძლება ჩაითვალოს არისტოტელეს, სპენსერის, დარვინისა და პრაგმატიზმის ტრადიციების ნამდვილ მემკვიდრედ. ამავე დროს, ფუნქციონალური ფსიქოლოგია არაა მხოლოდ პროტესტი სტრუქტურული ფსიქოლოგიის წინააღმდეგ. ის არის დამოუკიდებელი, ამბიციური მიმართულება, რომელსაც თავისი პროგრამა აქვს. ამ პროგრამის მიხედვით, ფუნქციონალური ფსიქოლოგია, ფსიქიკური ელემენტების ფსიქოლოგიის საწინააღმდეგოდ, არის ფსიქიკური პროცესების ან გონებრივი ოპერაციების ფსიქოლოგია. უმთავრესი კი ის არის, რომ ფუნქციონალური ფსიქოლოგია არის ცნობიერების სარგებლიანობის ფსიქოლოგია, რომელშიც ცნობიერება გააზრებულია, როგორც “შუამავალი გარემოსა და ორგანიზმის მოთხოვნილებებს შორის”. ცნობიერების, ფსიქიკური პროცესების ფუნქციაა ახალი ვითარებებისადმი შეგუება, შეგუებით მომსახურეობა.

      შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციონალური ფსიქოლოგია სამი მნიშვნელობით არის “ფუნქციონალური”. ერთი მხრივ, ის ფსიქიკური ფუნქციების, ოპერაციების ფსიქოლოგიაა. ამ გაგებით, ის აქტების ფსიქოლოგიაა და არა ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია. მეორე მხრივ, მას მხედველობაში აქვს ამ აქტების როლი, მათი დანიშნულება გარემოსთან ადაპტაციის კუთხით. მისთვის მთავარია გაარკვიოს, თუ რა ფუნქციას ასრულებს ფსიქიკა. გარდა ამისა, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ფუნქციონალურია თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის, თავისი სარგებლიანობის ასპექტით. ყოველივე ამისთვის ინტროსპექცია საკმარისი არ არის. აუცილებელია კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენება. ამით გზა იხსნება ფსიქიკის ადაპტაციური ფუნქციის კვლევისკენ ცხოველებთან, ბავშვებთან, სულიერი გადახრების მქონე ინდივიდებთან; მოკლედ, ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში.

      დიუისა და ენჯელის გარდა, ჩიკაგოს სკოლას წარმოადგენენ ჰ. კერი, გ. ლედი, ჯ. მიდი, ა. მური. ჩიკაგოს სკოლასთან ერთად ფსიქოლოგიის ამ მიმართულებას მიეკუთვნება ე.წ. კოლუმბიის სკოლაც, რომელსაც რობერტ ვუდვორთი (1869-1962) ედგა სათავეში. ვუდვორთის ფორმალური იდენტიფიკაცია რაიმე სკოლასთან პირობითია, რამდენადაც იგი შეგნებული ეკლექტიკოსი იყო და ხაზს უსვამდა თავის მიმღებლურ დამოკიდებულებას სხვა მეთოდოლოგიური პოზიციების მიმართ. იგი აპროტესტებდა ტერმინს “ფსიქოლოგიური სკოლა”, და მას მიიჩნევდა ცალკეული თეორიული სისტემის დომინირების პრეტენზიის გამოხატულებად, რაც მეცნიერებაში დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ვუდვორთის ძირითადი ნაშრომების სულისკვეთება იმდენად ახლოს არის ფუნქციონალურ ფსიქოლოგიასთან, რომ მეცნიერების ისტორიკოსები მას ერთხმად მიიჩნევენ ამ მიმდინარეობის კიდევ ერთი განშტოების ლიდერად.

      ვუდვორთმა ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური განათლება მიიღო ჰარვარდის და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტებში, სადაც შემდგომში 55 წლის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. იგი თვლიდა, რომ ფსიქოლოგიური კვლევის საყრდენი პუნქტია გამღიზიანებელი და მასზე მოტორული პასუხი, მაგრამ რეაქცია მხოლოდ სტიმულის ზემოქმედების შედეგი არ არის. სტიმულისა და რეაქციის ურთიერთმიმართებაში აქტიურად არის ჩართული ორგანიზმი ყველა თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური სისტემით. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიის ფორმულა ასე გამოიყურება: სტიმული - ორგანიზმი - რეაქცია. მაშასადამე, ფსიქოლოგიის კვლევის სფეროში ექცევა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი, როგორც ქცევა, ისე ცნობიერება. ეს გარემოება აისახება მის მეთოდურ აღჭურვილობაში, რაც გულისხმობს, რომ დაკვირვებასა და ექსპერიმენტთან ერთად ფსიქოლოგიამ ინტორსპექციაც უნდა გამოიყენოს.

      თავის სისტემას ვუდვორთი უწოდებდა დინამიკურ ფსიქოლოგიას, ან, ხანდახან, მოტივოლოგიას. აქედან ჩანს, რომ მისი კვლევითი ინტერესის ძირითადი საგანი იყო მოტივაციური პროცესები. ამავე დროს ვუდვორთს კარგად ესმოდა, რომ ყოველგვარ აქტივობას აქვს როგორც დინამიკური, ისე საშემსრულებლო ასპექტი, ამიტომ იგი განასხვავებდა ქცევის მოტივაციას და მექანიზმებს. ერთი უზრუნველყოფს ქცევას იმპულსით, დინამიზმით, მეორე - საშემსრულებლო ტექნოლოგიით. საათმა რომ იმუშაოს, უნდა არსებობდეს ენერგიის რაიმე წყარო და მოქმედების წესის განმსაზღვრელი მოწყობილობა. ასევეა ქცევის შემთხვევაში. მას აქვს თანდაყოლილი (ინსტინქტები) და შეძენილი (ჩვევები) საშემსრულებლო მექანიზმები. მოტივაცია მათ აქტივაციას ახდენს, ამოქმედებს. ქცევის მექანიზმში, თავის მხრივ, ორი რგოლი გამოიყოფა: მოსამზადებელი (განწყობა) და კონსუმატორული (რეაქციის დამასრულებელი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა მიზანი).

      ოციან წლებში ფუნქციონალური ფსიქოლოგია ფაქტობრივად წყვეტს არსებობას და ადგილს უთმობს ბიჰევიორიზმს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკული ფსიქოლოგიის წამყვან მიმდინარეობად დარჩება. უნდა ითქვას, რომ ფუნქციონალურმა ფსიქოლოგიამ ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა ბიჰევიორიზმს. მან სერიოზულად გააფართოვა ფსიქოლოგიური კვლევის სფერო - არ შეზღუდა იგი ცნობიერებით და აქტიურად შემოიტანა პრაქტიკული მოქმედება, ქცევა. ამავე დროს, ფუნქციონალიზმმა ფართოდ გაუღო კარი კვლევის ობიექტურ მეთოდებს და წინ წამოსწია ადაპტური მოქმედების ფორმირების (დასწავლის) საკითხები. აქ უკვე ჩანს ბიჰევიორიზმის ძირითადი ნიშნები - ქცევის შემსწავლელი “ობიექტური ფსიქოლოგია”, რომელსაც ყველაზე მეტად ახალი რეაქციების შეძენის ანუ დასწავლის პროცესის კანონზომიერებათა დადგენა აინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიკის ანალიზი, მისი შეგუებითი ფუნქციის თვალსაზრისით, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანი იყო. ამით ამერიკულმა ფუნქციონალიზმმა ძლიერი ბიძგი მისცა გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარებას.

      ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის ანალიზისას აღინიშნა, რომ ეს მიმდინარეობა ზოგჯერ ევროპული ფუნქციონალიზმის სახით განიხილება. ითქვა ისიც, რომ ასეთი შეფასება არ უნდა იყოს სწორი. მართალია, ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, ენჯელის მიხედვით, ის არის, რომ იგი გონებრივი ოპერაციების (იგივე აქტები ან ფუნქციები, ბრენტანოს და შტუმფის გაგებით) ფსიქოლოგიაა, მაგრამ ფუნქციონალიზმის გამორჩეული და ძირითადი მახასიათებელი მაინც სხვაა - იგი ფსიქიკას მისი დანიშნულების, სარგებლიანობის, ადაპტური ფუნქციის კუთხით ხედავს. ანალიზის ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტი ინტენციონალურფენომენოლოგიურ ფსიქოლოგიაში სულ არ იყო გათვალისწინებული, თუმცა ევროპაში იყვნენ მკვლევარები, ვინც ამ თვალსაზრისით განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. აქ შეიძლება დავასახელოთ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიცაა დ. უორდი, გ. სტაუტი (ინგლისი), თ. რიბო, ა. ბინე (საფრანგეთი), ე. კლაპარედი (შვეიცარია).

      ედვარდ კლაპარედი (1873-1940), ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ფუნქციონალური მიდგომის აუცილებლობას. იგი არ თვლიდა ფუნქციონალიზმს დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ფსიქოლოგიურ კონცეფციად, მაგრამ მიაჩნდა ქცევითი და მენტალური მოვლენების განხილვის ერთგვარ ხერხად, რომელსაც უნდა მიმართონ განსხვავებული თეორიული ორიენტაციის მკვლევარებმა. ეს არის ფსიქიკური ფენომენების ანალიზი იმის მიხედვით, თუ რა როლს თამაშობენ ისინი ცხოვრებაში, რა სარგებლობა მოაქვთ ინდივიდისა და გვარისთვის. ასეთმა მიდგომამ ბევრი რამ შეიძლება შესძინოს ფსიქოლოგიას. მაგალითად, სტრუქტურულ თვალსაზრისთან შედარებით, ის ფსიქიკური მოვლენების უფრო სრულყოფილი დახასიათებისა და ურთიერთგამიჯვნის ბევრად უკეთეს შესაძლებლობას ქმნის. ამის საილუსტრაციოდ კლაპარედი მიმართავს რაიმე პრეპარატის მიკროსკოპით შესწავლის ანალოგიას; მიკროსკოპი, ძლიერი გადიდებით, სტრუქტურაში შეღწევის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ის ვერ დაგვანახვებს, თუ რა ადგილი უკავია პრეპარატის თითოეულ ნაწილს მთელში. ფეხს და ხელს მიკროსკოპის ქვეშ ვერ განასხვავებ, ვინაიდან ორივე ერთ და იმავე კუნთურ და ძვლოვან ქსოვილს შეიცავს.

      იგივე ხდება ფსიქოლოგიური კვლევისას. სტრუქტურული თვალსაზრისით შეუძლებელია, მაგალითად, აზროვნებისა და ნებელობის გამიჯვნა - ორივე შეიცავს წარმოდგენებს, აზრებს, მისწრაფებებს, ემოციებს და ა.შ.. ფუნქციონალური კუთხით მათი განხილვა იმის გარკვევას ნიშნავს, თუ რა როლი აკისრია ამ ფსიქიკურ პროცესებს, რა ვითარებაში განიცდება ისინი და რა სიტუაცია წარმოშობს მათ. თუ აზროვნებასა და ნებელობას ასე გავაანალიზებთ, ადვილად დავადგენთ, რომ ისინი ქცევის დეზადაპტაციით გამოწვეული პროცესებია, მაგრამ ქცევის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს აზროვნების აქტიც და ნებელობისაც. მათ გასარჩევად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა არის დეზადაპტაციის მიზეზი. პრობლემა შეიძლება იყოს ქცევის მიზნის არჩევა ან მოქმედების საშუალებათა გარკვევა. შესაბამისად, ნებელობა დახასიათდება როგორც პროცესი, რომლის ფუნქციაა მიზნის პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო აზროვნება - როგორც პროცესი, რომლის ფუნქციაა საშუალებათა პრობლემის გადაწყვეტა. ფუნქციონალური დახასიათება არ ეხება ფსიქიკური პროცესების სტრუქტურას, მათ ფორმას და ა.შ. თუმცა, მოვლენის ზუსტი აღწერისა და გამოკვეთის გზით, იგი სტრუქტურის უფრო ადეკვატური ანალიზის შესაძლებლობას ქმნის.

      კლაპარედის ფუნქციონალიზმი გასცდა “წმინდა ცნობიერების” ფარგლებს და ფსიქოლოგიის ცენტრალურ პრობლემად ქცევის პრობლემა დასახა. იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერი ფსიქიკური პროცესები მხოლოდ მენტალური აქტივობის ცალკეული სახეობებია, აქტივობისა, რომელიც, ყოველგვარი ქცევის მსგავსად, მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განხორციელებული ღონისძიებების სერიას წარმოადგენს.

      ფუნქციონალური თვალსაზრისი, კლაპარედის აზრით, ზოგადი კანონების დადგენის შესაძლებლობასაც ქმნის. მან თორმეტი ასეთი კანონი ჩამოაყალიბა. ისინი უმთავრესად ეხება მოთხოვნილების (მოტივაციის), ქცევისა და ცნობიერების ურთიერთკავშირს ადაპტაციური ფუნქციის ჭრილში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. გაცნობიერების კანონი. ამ კანონის თანახმად, ცნობიერება ჩნდება მაშინ, როდესაც ადაპტაციური აქტივობა ავტომატურად (არაცნობიერად) აღარ მიმდინარეობს, როდესაც თავს იჩენს რაიმე სირთულე და ინდივიდი იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ქცევის სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი. ამ დროს აღმოცენდება სპეციალური პროცესი, რომელიც ხასიათდება “ცნობიერების უეცარი ამოხეთქვით”. საგულისხმოა, რომ ამ კანონის ძირითად იდეას ფუნქციონალიზმის სათავეებთან მდგომ დიუისთან ვხვდებით. იგი ამბობდა: იქ, სადაც მხოლოდ ისეთი საგნებია, რომლებიც ინდივიდის წინაშე არავითარ პრობლემას არ აყენებენ, ცნობიერებაც არ ფუნქციონირებსო.

      კლაპარედი თავისი დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეცნიერი იყო და საკმაო გავლენით სარგებლობდა, განსაკუთრებით, ფრანგულენოვან ფსიქოლოგთა შორის. ფუნქციონალისტური სულისკვეთების შესაბამისად, ისიც დიდ ყურადღებას უთმობდა ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების საკითხებს. კლაპარედი თვითონ იყო გენეტიკური ფსიქოლოგიის ცნობილი სპეციალისტი და განვითარების პრობლემატიკის კვლევის თვალსაჩინო ორგანიზატორი (იხ. თავი 7.3.).

      ფუნქციონალური ფსიქოლოგია უკვე აღარ არის წმინდა ცნობიერების ფსიქოლოგია. იგი განიხილავს ზოგადად შეგუებით აქტივობას, ქცევას, რომელსაც ფსიქიკური პროცესები ემსახურება. თავის მხრივ, ქცევის ანალიზი განუყოფელია მოტივაციური სფეროს ანალიზისაგან. ამიტომ ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს მოტივაციის საკითხი (ვუდვორთი, კლაპარედი). ე.წ. “ჰორმული ფსიქოლოგიის” ავტორის, უ. მაკ-დაუგოლის შემოქმედებაში კი ქცევასა და მის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გაცილებით დიდ ადგილს იკავებს.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, დიუი, ვუდვორთი, იმედაძე, კლაპარედი, ფსიქოლოგია, ცნობიერება, ჯეიმსი

ნახვა: 3009

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters