Qwelly, მოთხრობები, მორჩილაძე, ნოველები, ჭავჭავაძე, literatura, aka morchiladze

      საშუალოზე დაბალი, ჩამრგვალებული, სანდომიანი სახით, დინჯად მოარული - როგორც მისი თანამედროვეები ამბობენ, ასეთი იყო ილია ჭავჭავაძე. ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი - გრიგოლ ორბელიანის მოსწრებული გამოთქმა. ყველა მემუარისტი ადასტურებს, რომ ასეთი იყო, და პირველად სწორედ ეს ფრაზა გაგახსენდება. მაგრამ ეს არ იყო კომიკური სიმრგვალე, ეს იყო სიდინჯისა და ჭკუის ერთგვარი გამოხატულება.

      მთავარ შთაბეჭდილებას ადამიანებზე მისი სახე ახდენდა და არა მისი სიმაღლე. ერთ-ერთი მისი თანამედროვე ამბობს, თუ ილია მხოლოდ ფოტოზე გინახავს, ნიშნავს, რომ ილია არ გინახავსო. ხმა ჰქონდა დინჯი და ოდნავ ყრუ, მოძრაობები - არცთუ სხარტი.

      მთავარი მის გარეგნობაში იყო თვალები და მთავარი მის მოქმედებაში იყო სიტყვა.

      ილია ჭავჭავაძე იყო ყველა ქართული საქმის უფროსი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ის იყო ყველა ქართული საქმის წამომწყები, მეთაური, წამყვანი, ათას დიდსა და პატარა ამბავში ჩართული ადამიანი, რომელსაც მამად მოიხსენიებდნენ. თვითონ ხუმრობდა, სადაური მამა ვარ, საკუთარი შვილიც კი არა მყავსო. ცოტას ლაპარაკობენ მის პირად ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე. არადა, ეს ძალიან საინტერესო ამბავი იყო.

      საქართველოში მაშინ ყველა ამბობდა, რომ ილია ჭავჭავაძე მილიონერი იყო. სიბერეში, როცა სოციალ-დემოკრატიულმა გაზეთებმა ლანძღვა დაუწყეს, ყოველთვის აღნიშნავდნენ მის სიმდიდრესა და მემამულეობას.

      მრავალ ცუდთაგან ისიც დაწერეს, რომ ერთხელ, ზამთარში მან წყლით სავსე კოკა გლეხკაცისთვის თავზე გადაამტვრევინა მოურავს, თვითონ კი ამ დროს აივანზე იდგა ოთხმოცთუმნიან ქურქში გამოხვეულიო. ამბობდნენ, გლეხებს წყალი წაართვა, მის ეზოში გადმოსულ გლეხს ჩოხა გახადა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

      ილიას ამ ბრალდებებისთვის ერთხელ უპასუხია: ოთხმოცთუმნიანი ქურქი ცხოვრებაში არა მქონიაო. და როგორც ირკვევა, ილია ჭავჭავაძე არ იყო მდიდარი კაცი. ის ხელფასზე მცხოვრები კაცი იყო, ხელფასს კი იღებდა ბანკში, რომელსაც თავმჯდომარეობდა. ბანკის ხელფასი ოცი წლის განმავლობაში მცირე იყო. მხოლოდ სიბერეში შეძლო ილიამ, რომ წელიწადში ხუთიათასმანეთიანი ჯამაგირი ჰქონოდა. მკვლელობამდე წელიწად-ნახევრით ადრე, როცა სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა და ხშირად უწევდა პეტერბურგში სიარული, ილიას შემოსავალმა აშკარად იმატა, რადგან საბჭოს წევრობა უბრალო რამ არ იყო.

      ეს იყო და ესა.

      მემამულეო, რომ დასძახებდნენ, მამული მისი არ იყო. ცოლის ნამზითვი გახლდათ. მისი მამული ყვარელში იყო და დღესაც ნახავთ იმ საბრალო სახლს, რომელიც ჭავჭავაძეების ამ შტოს შეძლებაზე მეტყველებს.

      სხვა ამბავია, რომ ილიას ძალიან უყვარდა საგურამოს სახლი და თავის სახლადაც ის მიაჩნდა. ეს სახლი ილიამ თავად ააშენა.

      მზითევი რომ სალაპარაკო გახდებოდა, ვინ იფიქრებდა.

      ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, ერთხელო, საგურამოში, აივანზე ვისხედით და მითხრაო, აბა, ბიჭო, ჭკვიან კაცს მეძახიან და ამდენ წელიწადში ამ სახლს და მამულს 52 ათასი მანეთი დავახარჯეო. ამ ფულით თბილისში ორ სახლს ავაშენებდი, იქ სახლი არა მაქვსო.

      ბევრმა არ იცოდა, რომ ილიას თბილისში სახლი არ ჰქონდა და სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა ათწლეულების განმავლობაში, მისი დის, ელისაბედ საგინაშვილისა გახლდათ. მხოლოდ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გადავიდა ილია სხვა სახლში, რომელიც ჯერ იქირავა ანდრიას ქუჩაზე, მერე კიდევ იყიდა.

      ჭორიკნები ამბობდნენ, ილია თავის დასთან კი ცხოვრობს, მაგრამ ურთიერთობა ცუდი აქვთ, სიბერემდე მოიტანეს საქმე და სიბერეში კი ვეღარ გაძლო ილიამ და გამოეყოო, თუმცა რა ჭორები და რა ამბები იყო იქა და რა ურთიერთობა ჰქონდათ, ბევრმა არავინ იცოდა. ეს იყო დახურული და ჩუმი ოჯახი და საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა იქ მიმდინარე ამბებისა...

      ოლღა იყო საოცარი ცოლი. როგორც ძველები ამბობენ, სულ თვალებში შესციცინებდა ილიას და მისი ყოველი წარბის მოძრაობაზე ხვდებოდა, როგორ გუნებაზე იყო ქმარი და რა უნდოდა. ამ ქალმა ნამდვილად მიუძღვნა ცხოვრება ამ კაცს და ამ კაცსაც ეკუთვნოდა ასეთი სიყვარული. თუმცა, აქაც იყო ერთი ძველი და მოარული ჭორი, რომელსაც თბილისში ენამწარეები ავრცელებდნენ.

      ერთი გამავრცელებელი აკაკი წერეთელიც იყო. იქ, სადაც ახლა გრიბოედოვის ქუჩაა, ქუჩის დასაწყისშივე იდგა ერთი ცნობილი მირზოევის სახლი.

      ამ სახლში ხშირად ჩერდებოდა აკაკი. მას თბილისში სახლი არ ჰქონდა და, როგორც წესი, მეგობრებთან ცხოვრობდა ხოლმე. მისი მეგობრები ცხოვრობდნენ იქა და ერთ-ერთი მობინადრე იყო ლიზა მარჯანიშვილი, ქვრივი, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დედა. ქალიშვილობის გვარი ლიზასი იყო აბელაშვილი. ისა და მისი და კატო იყვნენ აკაკის მეგობრები და ძველი ამბების მოყოლასა და გარჩევაში გადიოდა საღამოები.

      (ოდესღაც ილიამ ლიზა მარჯანიშვილს ლექსი „გახსოვს ტურფავ“ მიუძღვნა. მათ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა ახალგაზრდობაში, მაგრამ ეს იმდენი ხნის დასრულებული ისტორია იყო, რომ საჭორაოდაც არ ღირდა).

      ერთ-ერთი იქიდან გამოტანილი ამბავი ის არის, რომ აკაკის უთქვამს, თითქოს სტუდენტად წასვლის წინ ილიას პირობა დაედოს, ლიზას შევირთავო. აკაკი ამბობდა, ეს პირობა წერილობითიც კი იყოო, სოლომონ ჭავჭავაძემ დააწერინა, რომ ცოლად შეირთავ ლიზასო და ამის გამო სწავლის ფულიც მისცაო, მაგრამ ილია რომ დაბრუნდა, ოლღა შეირთო იმიტომ, რომ გურამიშვილები მდიდრები იყვნენ და ოლღას დიდი მზითევი მოჰყვებოდაო. ოლღას ერთადერთი მზითევი კი საგურამო გამოდგა.

      ოლღას მამა, თადეოზ გურამიშვილი, იყო ძველი ყაიდის თავადი, ყურთმაჯებიანი ჩოხის ერთგული. ზუსტად ისეთი, აკაკი რომ დასცინის გრიგოლ ორბელიანს, მაგას საქართველო კი არა, ქეიფი უყვარდა და ყურთმაჯების ფრიალი ცეკვის დროსო. აი, ასეთი თავადი იყო თადეოზ გურამიშვილი. სწავლა ჰქონდა იმ ძველი ქართველი თავადისა, რაიც არ იყო მაინცდამაინც ღრმა სწავლა.

      მეორე ცოლისგან შვილები რომ მისცემოდა, ის შვილები არ გამოსდგომოდა. ვაჟი, ზალიკო, ჭკუანაკლული ჰყავდა. თადეოზი მაშინ ავჭალაში ცხოვრობდა. იქ მისული ილია არავის ენახა. მეორე ქალიშვილიც მეორე ცოლისგან საკმაოდ ჭკუასუსტი იყო. პირველი ქორწინებიდან მიცემული ორი ქალიშვილი კი კარგად გაეთხოვებინა. მაინც უკმაყოფილო იყო. ილიაზე ამბობდა, ღარიბია და ოლღა რაღა ღარიბს წაჰყვაო. ხოლო მეორე სიძეზე ბრაზობდა, რუსიაო. ეს მეორე სიძე კი იყო დიმიტრი სტაროსელსკი, რუსი გენერალი, ჯერ ბაქოს გუბერნატორი, მერე ქუთაისისა, ილიას ერთ-ერთი ახლო მეგობარი. ძალიან დიდი დამხმარე ქართველებისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, რომლის მეთაურადაც იყო ილია.

      სიძეები მყავსო, უნდა ეტრაბახა და უკმაყოფილო კი იყო. ილიას ქართული საქმეები ხელში ეჭირა. ის წარმართავდა და მიაგორებდა წინ. რაღაცეებში საერთოდ არ ერეოდა, მაგრამ უიმისოდ არც ერთი საქმე არ კეთდებოდა. მოდიოდნენ და ეხვეწებოდნენ კიდეც, აი, ამას ვაპირებთ და დაგვეხმარეო. თუ გინდოდა, საქმე გამოგსვლოდა, ან მთავრობასთან გქონდა სალაპარაკო, ილია ჭავჭავაძე უნდა წამოგყოლოდა. თუ წამოგყვებოდა, საქმე უკეთ გამოდიოდა.

      ბრაზითაც კი ამბობდნენ ხოლმე, მაგას ყველგან ხალხი ჰყავსო. ჰყავდა, როგორ არა. მაგალითად, თბილისის მთავარი ნოტარიუსი მისი მეგობარი იყო და ათასი რამ უფრო იოლად გვარდებოდა ხოლმე. ეს იყო ივანე პოლტორაცკი, ექვთიმე თაყაიშვილის სიმამრი. პოლტორაცკი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა და ექვთიმე იხსენებს, ერთადერთი შემთხვევა, ილია ჭავჭავაძე რომ ატირებული ვნახეთ, ივანეს დაკრძალვა იყოო. სხვა დროს ილიას თვალზე ცრემლი არავის უნახავს. როგორც ამბობენ, თადეოზ გურამიშვილი ჯვრისწერაზეც კი არ მისულა. ეს მზითევი მისცა ქალიშვილს და, კახელი ჩადგა ქართლელის სახლშიო, ასე ამბობდა...

      ასე ამბობდა ხოლმე. ეს გურამიშვილები ძალიან მდიდრები იყვნენ. რომ დაატყვეს, ქვეყანა იცვლება, ბატონყმობა გაუქმდა და საქმე ცუდად წაგვივაო, ოთხი ძმანი შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, თუ რომელიმე ჩვენგანი ცოლს შეირთავს, დანარჩენები არ დავქორწინდეთ, რომ მამულები არ დანაწილდეს და ვიცხოვროთ ასეო. შეირთო თადეოზმა და მთელი მიწებიც გადაეცა.

      ილიამ წლები მოანდომა საგურამოს მოწყობას და ყველაზე მეტადაც იქ უყვარდა ყოფნა. ყოფასა და ყოველდღიურობაში ილია ჭავჭავაძე ძალიან უბრალო იყო. მუშაობაშიც ძალიან უბრალო იყო, ოღონდ ძალიან ყურადღებიანი. კორექტურის და სხვისი სტატიის სწორებისას ჩაიკეტებოდა ხოლმე და მასთან შესვლა თითქმის შეუძლებელი იყო.

      თუ თავის რაღაცას წერდა, ხომ საერთოდ - ეგებ კაბინეტში ათ დღესაც ვერავინ შესულიყო. ასეთ დროს ეწეოდა ძალიან ბევრს. მაშინდელი თამბაქოს წევა არ იყო იმ ტემპისა და გაქანების, როგორიც დღეს არის, მაგრამ ოთახის კარს რომ შეაღებდი, კვამლის მეტს თურმე ვერაფერს დაინახავდი, მერეღა შეამჩნევდი, რომ ტახტზე მიწოლილიყო და ეწეოდა. ასეთ დროს დღე და ღამე არეული ჰქონდა და სრულიად უჭმელ-უსმელიც იყო. როგორც კი ამას მორჩებოდა, უცებ მოეშვებოდა. უყვარდა კარგი ქართველური დასვენება - იწვა ტახტზე და უსაქმურობდა.

      არ უყვარდა ქეიფში სიარული, სძულდა ვიზიტებზე წასვლა, არ დადიოდა თეატრში, არც ოპერაში.

      ერთხელ წავიდა და ამან ერთი კომედია გამოიწვია: თბილისში იყო ერთი მხიარული კაცი, სოსიკო ბაქრაძე. ის სულ ნაირგვარ პროფესიებს მისდევდა - ხან რას მოედებოდა და ხან რას. თანაც, ხალისიანად აკეთებდა ყველაფერს. ერთხელ ილიას შეუჩნდა, რა არის, რომ არც თეატრში მოდიხარ, არც ოპერაში დადიხარ, ეგრე არ შეიძლებაო. ილია სახლისმოყვარე კაცი იყო, თუმცა ეხუმრა, რომ წამოვიდე, რა ხეირი, რით გამართობო. ბაქრაძემ, შენ წამოდი და ნახავ, რა სეირსაც ვიზამ, სწორედ რომ ახლა ოპერის ორკესტრში ვმსახურობ, დოლებს ვუბაგუნებო. და წავიდა ილია ოპერაში, იყიდა ძვირიანი ბილეთი და პირველ რიგში დაჯდა. იდგმებოდა „ტოსკა“ და მეორე აქტის ბოლოს, ყველაზე დრამატულ მომენტში, როცა ყველა გაირინდება და მხოლოდ ფლორია ტოსკას ხმა ისმის, ბაქრაძე მისდგა თავის დოლს და დაუწყო ბრაგუნი. დირიჟორი გადაირია. წარმოდგენა ჩაიშალა. ილიამ ბევრი იცინა. სხვებისთვის რამდენად სასაცილო იყო, უცნობია, მაგრამ რასაც დაჰპირდა ეს კაცი, შეუსრულა.

      თვითონ ილიამ კარგად იცოდა იუმორის ფასი და მასთან ლაპარაკსა და ხუმრობას ბევრი არაფერი სჯობდა. თუმცა, როცა ცუდ გუნებაზე იყო, სჯობდა არ გაჰკარებოდი. მტერს და ავს...

      იმ დროის თბილისური ხუმრობების მსხვერპლი ილიაც იყო. ერთხელ „ტიფლისკი ლისტოკის“ გამომცემელმა ხაჩატუროვმა უთხრა ილიას, გამიგია, რომ დედა სომხის ქალი გყავდა და ალბათ ამიტომაც გამოხვედი ეგეთი ჭკვიანიო, ილიამ კი უპასუხა, შენ დედაც სომეხი გყავს და მამაც და რატომ გამოხვედი ასეთი სულელი, მაინც ვერ გავიგეო.

      ნიკო ხიზანიშვილიც, როგორც დიდი ოხუნჯი და უახლოესი მეგობარი, აუტყდებოდა ილიას, სომხური გესწავლა, ენაში ჩაგეთვლებოდაო, ილია კიდევ ეტყოდა, რა ფილოსოფიური ტრაქტატები უნდა წამეკითხა სომხურად და ბაზარში კი მე არ დავდივარ, მოურავი დადისო. აი, ასეთი სიტყვა-პასუხები ყოველთვის იყო. ასეთი ოხუნჯობები ბევრი იყო, მაგრამ ილიამ იცოდა გემოვნების დაჭერა ამ ხუმრობებში.

      მოხდა ერთხელ ასეთი ამბავი: თედო სახოკიამ, შემდგომში დიდმა მოქართულემ და დიდმა რევოლუციონერმა, საუკეთესო წიგნების ავტორმა და ვაჟკაცმა კაცმა, სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა აკაკის ოხუნჯობების კრებული. ეს იყო ნაირგვარი ანეკდოტით სავსე წიგნი.

      აკაკი ბევრს და კარგად ხუმრობდა და მისი ანეკდოტები ხალხში დადიოდა. ბევრი აკლდებოდა და ემატებოდა მის ნათქვამს, თუმცა ანეკდოტის არსიც ხომ ეს არის.

      ილიას „ივერიამ“ ამ პატარა კრებულს საშინელი რეცენზია მიუძღვნა. ისეთები დაუწერეს, რომ სახოკიამ წიგნაკი ვეღარც კი გაყიდა. ჰოდა, ადგა და უჩივლა ილია ჭავჭავაძეს სასამართლოში, მან ჩამიგდო ტირაჟიო. სახოკიას ადვოკატად ჰყავდა გრიგოლ გვაზავა, ცოტათი ისიც მელექსე კაცი. ილიამ კი მოსამართლეს უთხრა, მე თვითონ დავიცავ თავსო. ილიამ ეს საქმე მოიგო და მოიგო სრულიად უბრალოდ: დაიჭირა ხელში სახოკიას გამოცემული წიგნი და მოჰყვა კითხვას.

      წაიკითხავდა ქართულად ანეკდოტს და უთარგმნიდა რუსულად მოსამართლეს. მე-7 თუ მე-8 ანეკდოტზე რომ მივიდა, მოსამართლემ ყვირილი დაიწყო: საკმარისია, გასაგებია, გასაგებიაო, მაგრამ ილია მაინც ჯიუტად აგრძელებდა ანეკდოტების კითხვას და თარგმნას. იქ ბევრი რამე ძალიან უწმაწური იყო და ამის სმენა სასამართლოს გაუჭირდა.

      ილიამ საქმე მოიგო, თედო სახოკიას კი უთხრა, აკაკის ხუმრობა ყველას მოგვწონს, მაგრამ აკაკის ხუმრობა ბაზრის ხუმრობასავით არ არის და ასეთად არ უნდა გადააქციოო.

      გასართობად კი ილიას იმ დროის მთავარი გასართობი, ბანქოსა და ნარდის თამაში ჰქონდა. ეს მაშინდელი ცხოვრების წესი იყო. ოღონდაც ილია ამას მხოლოდ როგორც გასართობს, ისე არ უყურებდა. როგორც მის ოთარაანთ ქვრივს ჰქონდა ნაირგვარი ქისა ნაირგვარი ხარჯისთვის, ასე ილიასაც სათამაშო ფული ცალკე ედო.

      ექვთიმე თაყაიშვილი წერს მშვენიერ მოგონებებში, რომ როგორც თამაშისგან, ბანქოსგან და ნარდისგან შორს მდგომი კაცი, ყველას ვეკითხებოდი, რატომ ხდება, რომ ილია ყოველთვის იგებს და აკაკი კი ყოველთვის აგებსო. გარკვეულ პასუხს ვერავინ ვერ მეუბნებოდა, მაგრამ რაღაცეებს კი ვხვდებოდიო. ილია და აკაკი, ორივენი თამაშობდნენ ნარდსაც და ბანქოსაც, ოღონდ სულ სხვადასხვანაირად. ილია, როგორც ყველაფერში, თამაშშიც ძალიან მოზომილი და დაფიქრებული იყო. ამბობდა, რომ თამაშობდა ერთადერთი მიზეზით, იმისათვის, რომ მოეგო და ჯიბე შეევსო. შესაბამისად, თამაშისას ძალიან ბევრს ფიქრობდა და ბანქოშიც თამაშობდა ისეთ თამაშებს, რომელსაც უფრო ფიქრი სჭირდება და არა მარტო აზარტი და კომერცია. თითქოს აკაკიც ამ მიზეზით თამაშობდა, მაგრამ აკაკი უფრო იღბლის თამაშებს მისდევდა.

      ილია ამბობდა ხოლმე, გასართობად ნარდის თამაში იმას ჰგავს, რომ თოფში ტყვია არ იდოს და ისე ისროდეო. ილიასგან განსხვავებით, აკაკი ძალიან ხშირი სტუმარი იყო სათამაშო სახლებისა და კლუბებისა. განსაკუთრებით ხშირად დადიოდა ქართულ კლუბში.

      ის არასოდეს თამაშობდა საპარტნიორო თამაშებს, რომლებსაც ილია მისდევდა.

      აკაკის თამაში მოსვლაზე იყო. ამბობდნენ, რომ ის თითქმის ყოველთვის აგებდა და კლუბებში რიგი იდგა ხოლმე მის გვერდით დასაჯდომად. იცოდნენ, რომ ის უიღბლო მოთამაშე იყო და მის გვერდით ყოფნისას რაღაც თანხის მოგება ბანკისთვისაც და მისთვისაც ყოველთვის შეიძლებოდა.

      ეს აკაკის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამბავიც იყო. ქალაქებში აკაკის სახლი არ ჰქონდა. ცხოვრობდა ძირითადად სასტუმროებში და მეგობრებთან და ხშირად მთელ ღამეებს ატარებდა ხოლმე კლუბებში.

      ალბათ იგებდა კიდეც, მაგრამ წაგებულის სახელი ჰქონდა. პოეტ სანდრო შანშიაშვილს აქვს ერთი პატარა მოგონება, თუ როგორ გადააწყდა უკვე ძალიან მოხუც აკაკის ქართულ კლუბში. აკაკი იჯდა და ეთამაშებოდა კრუპიეს. შანშიაშვილი სწორედ იმ დროს შევიდა იმ ოთახში, როცა აკაკიმ ბოლო წააგო და ნისიაზე არ ენდობოდნენ, მას კი ადგომა არ უნდოდა.

      სანდრო შანშიაშვილისთვის აკაკი არ იყო უბრალოდ მოთამაშე, ისე, როგორც იქ მყოფი სხვა ხალხისთვის, და შესთავაზა: 25 მანეთი მაქვს, თუ გნებავთ, მოგართმევთო.

      ჯიბეში მეტი არაფერი მქონდაო, წერს შანშიაშვილი და აკაკიმ უსიტყვოდ გამომიწოდა ხელი, გამომართვა 25 მანეთი, დადო და წააგო, მე კი წამოვედი ფეხით სახლში, ხოლო აკაკი იქ დარჩა შეწუხებულიო.

      სამაგიეროდ, სულ სხვანაირად თამაშობდა ილია, რომელიც ასევე აგებდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად იგებდა და მოგებული კაციც ერქვა. მან იცოდა მოგების ხერხები ნარდშიც და ბანქოშიც. ერთხელ თვითონ უამბია, მთელ ღამეს ვითამაშე და გამთენიამდე 80 თუმანი წავაგეო. ეს ძალიან დიდი ფული იყო მაშინ. 80 თუმანი წავაგე, გამოვედი და ერთი თუმნიანი მქონდა დარჩენილიო, სხვა არანაირი ფულიო და მეეტლეს მივეცი ის თუმნიანი, ხურდას აღარც დაველოდე, სადაც 80 წავაგე, იქაც ოთხმოცდამეერთეო.

      თუმცა, ამ მისი განთქმული წაგების ამბავს სხვანაირი ბოლოცა აქვს, თითქოს ილიამ უსიტყვოდ გაუწოდა ეს თუმანი მეეტლეს, მეეტლემ კი იფიქრა, მთელი ღამე უთამაშია, მოუგია და თუმანს მჩუქნისო და უთხრა: კნიაზო, სულ ეგეთი მოგებული გატაროს ღმერთმაო.

      ილიამ იცოდა სხვანაირი თამაშიც. ცნობილი ამბავი იყო, თუ როგორ ეთამაშებოდა ილია ერთ ბორჩალოელ თავადს ნარდს და ყოველთვის როგორ უგებდა. ეს კაცი იყო ვინმე დავით ბარათაშვილი. რახან ბორჩალოელი იყო, იგულისხმება, რომ მდიდარიც იყო. ბორჩალოში ძალიან მდიდარი მემამულეები იყვნენ და როგორც ამბობენ, ამ ბარათაშვილს 10000 ძირი მარტო კაკალი ედგა. ასე რომ, ფული ბევრი ჰქონდა, მაგრამ სხვა მხრივ ქერქეტა და მსუბუქი კაცი იყო: საქმე დიდი არაფერი ჰქონდა ცხოვრებაში და მთელი დღეები დადიოდა ქართულ დაწესებულებებსა და კლუბებში და იქ საუბარში ატარებდა ხოლმე დროს. ამავე დროს, ძალიან აზარტული კაცი იყო და უყვარდა თამაში. შორეულ ნათესავად მოხვდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილს და ამიტომ ჰქონდა ლექსების წერის სურვილი. დაჰქონდა ეს ლექსები ჯიბით და სადაც შევიდოდა, ყველას უკითხავდა.

      ხშირად მიდიოდა ხოლმე ბანკში ილიასთანაც. ამოალაგებდა ამ ლექსებს, წაუკითხავდა თანამშრომლებს და მალიმალ მოიკითხავდა ხოლმე, ილიამ მოიცალაო? ილია იყო მისი პარტნიორი ნარდში.

      ბოლოს ილია მოიცლიდა ხოლმე. 3 საათზე ამთავრებდა მუშაობას.

      გამოვიდოდა, იცოდა, რატომაც ელოდა ბარათაშვილი და ეტყოდა: „კნიაზო, ჩემთან ხო არ გვესადილაო?“ წაიყვანდა, ისადილებდნენ და ჩაუსხდებოდნენ ნარდს და კარგა გვარიანად გამოუბერტყავდა ხოლმე ილია ჯიბეებს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბარათაშვილს მისთვის ოდესმე მოეგოს, მაგრამ წლების განმავლობაში მოდიოდა და ეთამაშებოდა. კი ამბობდა ხოლმე, ილიასთან სადილობა რაღაც ძვირი მიჯდება ხოლმეო, მაგრამ ვერ ითმენდა. თავის მხრივ, ილიასაც თურმე დაჭერილი ჰქონდა მისი ეს სისუსტე და ბანკში რომ გაივლ-გამოივლიდა ხოლმე სამუშაო დროს, იკითხავდა: ბარათაშვილი ხომ არ გამოჩენილაო?

      ეტყობა, მაშინ ფული სჭირდებოდა ხოლმე.

      ილია იყო გულჩათხრობილი და უთქმელი კაცი. ძალიან ხშირად საათობით იყო ჩუმად. საერთოდაც, მარტო ყოფნა უყვარდა. არ უყვარდა ხალხში ტრიალი და სახალხოდ ლაპარაკი, არც ცნობილ მიღებებზე სადღეგრძელოების თქმა. იჯდა და გაიღიმებდა ხოლმე. სმითაც დიდად არ მოიკლავდა თავს.

თუმცა, იყო ერთი დღე, როცა ილია თვრებოდა. ეს იყო 20 ივლისი, ილიაობა დღე. ამ დღეს საგურამოში სასწაული ხდებოდა. საერთოდ, ილიამ იცოდა წელიწადში რამდენჯერმე ხალხის დაპატიჟება. ახალ წელს, ოლღას დაბადების დღეზეც... ხუთშაბათობით კი ყოველთვის ჰქონდა სადილი მეგობრებისთვის. თუ მეგობარი იყავ, უთქმელად მიხვიდოდი.

      ილიაობა კი იყო დიდი და სერიოზული საქეიფო ღონისძიება, რომლის მოწყობასაც უნდოდა დიდი ჯანი და ეს ჯანი მთლიანად ოლღასი იყო.

      ილია სუსტი იყო ასეთ საქმეებში. აბა, წარმოიდგინეთ თბილისიდან დაძრული 200 კაცი, შეიძლება სამასიც. ამათთვის დაქირავებული ეტლები, დროგები, ლინეიკები, ცხენები. იქ წამოქცეული 10 ძროხა, რამდენი ხბო და რამდენი ქათამი.

      ამას არავინ ითვლიდა. მოხდილი ქვევრები, ასეულობით ლიტრი ღვინო. სტუმრად კი ყველა ახლომახლო მეზობელი თავადიშვილი, ვისაც კი რაიმე ურთიერთობა აქვს საგურამოსთან, მთელი თბილისის ლიბერალური ბომონდი, ილიას პირადი მეგობრები, მთელი საგურამოს გლეხობა, სტუდენტები წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სასწავლებლისა, სადაც ილიას მეგობარი ილია წინამძღვრიშვილი იყო უფროსად...

      აქეთ გლეხები მღერიან, იქით თბილისიდან ამოყვანილი დასტები უბერავენ. თავადები თავიანთი გიტარებით, ცეკვა ხან ერთ კუთხეში ატყდება, ხან მეორეში და არის გაბმული სმა. ეს იყო იმხელა სუფრა, რომ აზრი არ ჰქონდა, ერთი თამადა ჰყოლოდა, მაგრამ სმა კი მძლავრი იყო. ზოგჯერ ვიღაც ახირდებოდა და თუ თავიდანვე მოსთხოვდნენ ილიას დიდ ყანწებს, ქეიფი ადრე თავდებოდა და ფუჭდებოდა. გლეხები არ სვამდნენ ყანწებს.

      თითქოს ქართველმა გლეხებმა უკეთესი ქეიფი იცოდნენ, ვიდრე ქართველმა თავადებმა. თავადების ქეიფში ხმაური მეტი იყო, გლეხებისაში კი - სინამდვილე.

      ილია შემოივლიდა ამ დიდ სუფრებს: ყველასთან ერთად უნდა დაელია და ემღერა. სიმღერა ძალიან უყვარდა. თუმცა, სმენა არ ჰქონდა. მხოლოდ როცა დალევდა, ააყოლებდა ხოლმე ხმას სხვებს. გამორჩეულად უყვარდა ერთი სიმღერა, „მუმლი მუხასაო“. ბოლო დაძახილზე აუცილებლად მუშტს დაჰკრავდა ხოლმე მაგიდას და დააყოლებდა, აი, ეგრე მოერია მუხა მუმლსო. მერე ჩავიდოდა გლეხებთან, იქაც უნდა დაელია. აქეთ ესენი ცეკვავდნენ ქართულს, იქით - გლეხები. კარგა საღამომდე გაიწელებოდა ეს ქეიფი და მერე იწყებოდა ჭიდაობა. ჭიდაობა იწყებოდა და ჭიდაობით ღამდებოდა.

      თბილისიდან ამოსულ ხალხს ახლდა ხოლმე ლოთური ამქარიც, თბილისელი მოქეიფეები და ისინი აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ. ასიკო ცაგარელს ვინ დაამშვიდებდა და ვინ მიაძინებდა?!

      საქმე კი ბევრი იყო, იმიტომ, რომ სახლში და აივანზე, სადაც ეს სუფრები იყო გაშლილი, და ეზოშიაც კი, ეს ყველაფერი უნდა აელაგებინათ და ყველაფერი საწოლ ოთახებად უნდა ქცეულიყო, რახან ამ ხალხის უმრავლესობა იქა რჩებოდა და მეორე დღეს წამოვიდოდა ხოლმე, იმიტომ, რომ დილისთვის კეთდებოდა ხაში და ერთი დათრობის ანგარიშიც იყო.

      აი, ეს ერთი დიდი და განსაკუთრებული ქეიფი ჰქონდა ილიას და ამ ქეიფს ირგებდა და არგებდა სხვასაც.

      ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს, უცებ მოიწყენდა ხოლმეო. მისთვის უთქვამს, ბევრი დარდი მაქვს, მაგრამ ისეთი კაცი არა ვარ, რომ სხვას გული გადავუშალო, ამიტომ ჩემს დარდებზე არაფერს გეტყვიო.

      ერთი დარდი ჩვენთვის ცნობილია - ილია უშვილო იყო.

      ამიტომ რასაც აკეთებდა, ცდილობდა, იმდღევანდელი დღისთვის ეკეთებინა. ადამიანურად ცხოვრობდა, როგორც ერთი საშუალოზე საშუალო თავადიშვილი. მისი ჭკუის კაცი ბევრად მდიდარიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომავლისას არ ფიქრობდა, რაც მისი მკვლელობის შემდეგ მისმა ანგარიშებმაც გამოაჩინა - უცებ აღმოჩნდა, რომ ოლღა ხელმოკლეა. საწყალი ოლღა თვითონ, აბა, რის მქნელი იყო ილიას სიკვდილის შემდეგ?! კომუნისტების დროს სიღატაკეში დალია სული.

      ამიტომაც ამბობდა, უამრავ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ ვისთვის გავაკეთოო. მეურნე არ იყო ილია, მამულს მართავდა მოურავებით და მოურავები კი ჰყავდა, როგორც წესი, ერთმანეთზე უარესი. ვინც კარგი ჰყავდა, ის მოუკლეს რევოლუციის დროს. მერე ვინცა ჰყავდა, ვიცით, იმან რაც დამართა, ცნობილია. აი, როგორი კაცი იყო - დაჯდებოდა და კითხულობდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ბევრს მეურნეობაზე, იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა მიაჩნდა საქართველოსთვის ბევრი რამის გადამწყვეტად. ვაჰ! აი, როგორი ხელსაწყოები მოუგონიათ სახნავად და საფარცხად და არ დაინანებდა, გადაიხდიდა, გამოიწერდა, ჩამოიტანდნენ, მაგრამ გლეხებმა ამის ხმარება არ იცოდნენ, აგრონომი კი ჭირდა. რაღაც პატარა გაუფუჭდებოდა და მერე სარდაფში ეყარა. ერთხელ რაღაც წაიკითხა ქათმების ინკუბატორზე და გამოიწერა ეს ინკუბატორი. ჩამოიტანა საგურამოში, მაგრამ მოვლის წესები არ იცოდნენ და თვითონ იქ კი შაბათ-კვირას ჩადიოდა. ეს ქათმები დაეხოცა.

      იცოდა სიმყუდროვის შექმნა. სახლი ისე ააშენა, რომ მოარგო სახლის უკან მდგომ ძალიან ძველ კაკალს და წყაროს. ეს წყარო მერე სალაპარაკო გახდა, გლეხებს არ ასმევს იქიდანო. წყაროს გადააყოლეს, შეიძლება ითქვას. ეუბნებოდა, ბიჭო, ღობეს ნუ გადმოამტვრევთ, შემოუარეთ და ისე შემოდითო. ვინ შემოუვლიდა, ქართველები არა ვართ? - უნდა გადმოემტვრიათ, ისე უფრო მოკლე იყო. იქ უყვარდა ხოლმე, სახლის უკან გავიდოდა და კაკლის ძირას იჯდა.

აკა მორჩილაძე

ნახვა: 3068

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters