ყველაფერს აქვს თავისი კარგი მხარეც და ცუდიცო, - უთქვამს ჩვენ სასიქადულო პერო გრულოს, ვინც ჩემდათავად კლასიკოსად მიმაჩნია და ვინც გაუგებარ, ანდა უფრო სწორად, გასაგებ მიზეზთა გამო, - როგორც თვითონ ფიქრობდა, - დაუმსახურებლად გაკილეს. ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა ის-ის იყო ვიწყებდი წერას საზოგადოებისათვის, ვთქვი: გაცვეთილ ჭეშმარიტებათა გადამღერება მათი გაუვნებელყოფის საუკეთესო საშუალებაა-მეთქი. იმხანადვე იყო, მადრიდის ყოველკვირეულმა „გედეონმა“ მიზანში რომ ამომიღო - ეტყობა, მახვილგონიერებაში გაწაფვის მიზნით, - და განაცხადა, ამგვარი სენტენციები გონებისათვის მიუწვდომელი ღვლარჭნილი პარადოქსების მეტი არაფერიაო. და რაკი ცოცხალი აღარ ბრძანდება ის, ვინც ამტკიცებდა, ესეც და სხვა მსგავსი გამოთქმები, -თუმცა კი ცხადზე ცხადი, - გაუგებარიაო, ვერ დავიჯერებ, მისი დღემდე კარგადმყოფი კოლეგები მაინც თუ გაიგებენ. ჩემთვის კი დღესაც ისევე ნათელია, როგორც მრავალი წლის წინათ იყო, მაშინ, როცა ეს აზრი გამოვთქვი. ასე რომ, თუ კარგად ჩავუკვირდებით ამ ძველ, პეროგრულოსეულ გაცვეთილ ჭეშმარიტებას, რომლის თანახმად, ყველაფერს აქვს თავისი კარგი მხარეც და ცუდიც, დავინახავთ, რომ სრულიად დაეკარგება ის მნიშვნელობა, რაც ჩვენი გონებრივი სიზანტის გამო შეიძინა, ანუ, როცა აზრის ადგილს ფრაზა იკავებს.

       ისეთ ცხოვრებასაც კი, როგორითაც მე ვცხოვრობ - მთავარი მიმოსვლის გზებიდან კარგა მანძილით დაშორებულ ძველთაძველ პროვინციულ ქალაქში, სადაც შედარებით ადვილია განმარტოება - ამისთვის კი შინ დარჩენაც კმარა, - უთუოდ აქვს კარგი მხარეც და ცუდიც; მე თუ მკითხავთ, კარგი უფრო. თითო-ოროლა მეგობარი მაინც გამოჩნდება ხოლმე, ვისაც შეიძლება ფიქრი გაუზიარო; ან ვთქვათ, ზაფხულობით, კარგი ამინდისას მინდორში, მთებში, მუხნარში სეირნობას რა სჯობს; ხანდახან ქალაქის ჭორებს ანდა მუნიციპალიტეტის საქმეებზე მსჯელობას გადააყოლებ გულს. მართალი გითხრათ, ნაციონალურ თუ ინტერნაციონალურ საკითხებზე მოსაბეზრებელი მაინც არ არის, ბოლოს და ბოლოს. შემოდგომაზე, დღეები რომ მოკლდება, თან ამინდიც წამდაუწუმ იცვლება, ხშირად წვიმს, შინ ყოფნას არაფერი მირჩევნია, ჩემს შვილებსა და ჩემს დიდებულ ნეტარხსენებულებთან. კაცობრიობის საამაყო გენიოსებს ვგულისხმობ.სწორედ ასე ვცხოვრობ ახლაც, ვკითხულობ თუკიდიდეს, ტაციტუსს, ოღონდ კი იმაზე არ ვიფიქრო, თუ რა ხდება ევროპაში. გადავდებ ხოლმე განზე გაზეთს, რომელიც გვამცნობს საფრანგეთსა და გერმანიას შორის მოლაპარაკების, თურქეთ-იტალიის ომის მსვლელობის, ჩინეთის რევოლუციის, სიცილიაში ათენელთა ექსპედიციის, ან გერმანიკუსის სიკვდილისა და სხვა ამბებს. ასე წავიკითხე ამ ბოლო ხანებში ვისენტე ფ. ლოპესის „არგენტინის რესპუბლიკის ისტორია“, რომლის წყალობითაც ბევრი ისეთი რამ გავიგე, რასაც მერე ვიტყვი. კარგი მკითხველი სამ, ოთხ და ხუთ წიგნსაც კი ერთდროულად უნდა კითხულობდეს, ერთისაგან მეორეში რომ დაისვენოს. ასე ვკითხულობდი ამ დღეებში ქსენოფონტეს, ტაციტუსს, ერთ გერმანულ თხზულებას ქრისტიანული რელიგიის შესახებ, პორტუგალიურ წიგნს, დიდი ჩრდილოამერიკელი ისტორიკოსის პარკმანის ისტორიულ ნაშრომს და ამავე დროს ვკითხულობდი და ხელახლა ვკითხულობ ფლობერს, მისი წერილების ხუთი ტომი კი არ ვიცი, მერამდენედ გადავიკითხე. ფლობერი ხომ ჩემი ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა. აზრადაც არასდროს მომსვლია მივბრუნებოდი ზოლას რომელიმე რომანს, მაშინ, როცა სამჯერ წავიკითხე ბალზაკის ერთი რომანი, ძმებ გონკურებსაც გადავავლე თვალი, მაგრამ კვლავ და კვლავ ვუბრუნდები ფლობერს. საქმე ისაა, რომ ზოლა - ეს მართებულად აღნიშნა ფლობერმაც, - თითქმის მთლიანად უგულვებელყოფს ხელოვნებას, სილამაზეს. იგი დაღუპა ექსპერიმენტული რომანის შექმნის მცდელობამ და მეცნიერების გულუბრყვილო რწმენამ; მან მეტისმეტად ბავშვურად დაიჯერა მეცნიერებისა, თუმცა სულერთია, მაინც ვერაფერი გაუგო. მაგრამ ფლობერი, ეს მართლაცდა გოლიათი ფლობერი თხემით ტერფამდე ხელოვანია, წმინდა ხელოვანი, ერთიანადაა გამსჭვალული ხელოვნებით, თან სკეპტიციზმითაც და თანაც ღრმა იმედგაცრუებით. თავიდან გადავიკითხე „გრძნობათა აღზრდა“, „სამი მოთხრობა“, მინდა ხელახლა წავიკითხო „მადამ ბოვარი“, დავასრულე „ბუვარი და პეკიუშე“, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი „წერილები“ მხიბლავს! აი, სად ჩანს მთელი სისრულით ეს მწერალი, ის, ვისზეც ამბობენ, - თვითონ ამასვე ამბობს, - საკუთარი პიროვნება სულ ერთიანად გააქრო თავის წიგნებშიო. არა, ეს არ არის და არც შეიძლება იყოს მართალი, თუკი დიდ ხელოვანზეა საუბარი. ავტორის პიროვნება არა ჩანს მხოლოდ საშუალო მწერლის შემოქმედებაში და არა ჩანს მხოლოდ იმიტომ, რომ მას არც გააჩნია ინდივიდუალობა, ხოლო ის, ვისაც ეს მადლი აქვს ბოძებული, ყველგან და ყველაფერში სჭვივის, ყველაფერში, რასაც კი შეეხება, და რაც მეტად ცდილობს თავისი პიროვნების მიჩქმალვას, მით ცხადად ვხედავთ მას. ხოლო ფლობერს ნამდვილად ცოცხლად ვხედავ მის წიგნებში და ვხედავ არამარტო ფრედერიკ მოროს სახეში - „გრძნობათა აღზრდა“, - არამედ ემა ბოვარისა და წმინდა ანტონისა, ანდა, თუ გნებავთ, პეკიუშეს სახეშიც, დიახ, სწორედ პეკიუშეს სახეში. თვითონ ფლობერი ამბობს, ავტორი თავის ქმნილებებში ისე უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ღმერთი ამ სამყაროში, რომელიც ყველგან არის, თუმცა ყოველთვის უხილავიაო. ამ დროს კი მავანი ცდილობს დაგვარწმუნოს, თითქოს მის წიგნებში სჭვივის ღმერთი. მე კი დაბეჯითებით გეუბნებით, რომ მის ნაწარმოებთა არაერთი გმირის სახეში მე ვცნობ თვითონ ფლობერს, მისივე წერილების ავტორს. ამ დღეებში კი განსაკუთრებული გულისყურით ვაკვირდებოდი ამ ადამიანის გრძნობათა საკვირველ ცვალებადობას, ამაღლებულთან ერთად ვხედავ ჩვეულებრივ სანიადაგდღეოს, აღფრთოვანებასა და დაღვრემილობას, უსასოობასაც და იმედგაცრუებასაც! მაგრამ ყველაზე უწინ მაინც მაკვირვებს ერთი მისი თავისებურება და ეს გახლავთ ტანჯვა, რასაც მაშინ განიცდის, როცა უსმენს ადამიანთა სისულელეებს. მერედა რა კარგად მესმის მისი და განა მარტო მესმის? მეც ამასვე განვიცდი, ჩემთვისაც კარგადაა ნაცნობი ის გრძნობა, რამაც ათქმევინა წიგნში „ბუვარი და პეკიუშე“ - „და მაშინ მათში გაღვივდა ის მტანჯველი უნარი (une faculte pitoyable), როცა სისულელეებს მოისმენდნენ, აღარ მოეთმინათ“. ფრანგული სიტყვა „betise“ კიდევ უფრო მძაფრად გამოხატავს ამ გრძნობას. ხოლო 1880 წელს თავის მეგობარს, მადამ როჟე დე ჟენეტს სწერდა: „მთელი ორთვენახევარი სრულ მარტოობაში გავატარე, სწორედ ისე, დათვი რომ შეიყუჟება თავის ბუნაგში და, მართალი გითხრა, ძალიან კარგადაც გავატარე; შეხვედრითაც კი არავის შევხვედრივარ და, ამდენად, სისულელეების მოსმენასაც გადავურჩი. ლამის ავადმყოფობად გადამექცა ადამიანთა სისულელეების სმენა, ისე მაკარგვინებენ მოთმინებას, ასე მგონია, განგებას ეს თვისება მათთვის მარტო ჩემს გასაღიზიანებლად მიუცია-მეთქი; ამიტომაცაა, მხოლოდ უკაცრიელ სივრცეში რომ ვსუნთქავ თავისუფლად“. ეს მეც კარგად მესმის და არათუ მესმის, - რაც უნდა ის ილაპარაკონ ჩემზე, ჩემს რაღაც პატივმოყვარეობაზე, - ეს ავადმყოფობა ჩემთვისაც კარგადაა ნაცნობი. ეს მართლაც რომ გაუსაძლისი ტანჯვაა, მწარე განცდა, და კარგად მესმის ფლობერის სატკივარიც; ძალზე უსიამოვნოა, მაგრამ ეს სენი მეც შემეყარა, დაე, თუნდაც ქედმაღლობაში ჩამომართვან, მაინც ვიტყვი, რომ ვეღარც მე ვუძლებ ადამიანთა სისულელეებს, მით უმეტეს, როცა სიკეთის სახით გამოგვეცხადება ხოლმე. მომიტევოს უფალმა, თუ ვცოდავ, მაგრამ გონიერი და ბოროტი კაცი მირჩევნია კეთილ სულელს; სიკეთე და სისულელე ერთმანეთში კიდეც რომ მორიგებულიყვნენ, თუკი ეს შესაძლებელია, უკეთეს შედეგს, სულერთია, მაინც არ გამოიღებდა, რადგანაც სისულელე უბირია, შურიანია და კნინი; ეტყობა, სულელს სწორედ სისულელე უშლის ხელს, ბოროტება რომ ჩაიდინოს, მაგრამ სიკეთის ქმნაც რომ არ ძალუძს! მე თვითონ უფრო ადვილად დავხუჭავდი თვალს ბოროტებაზე, ვინემ უსახურებასა და უხამსობაზე, მით უმეტეს, როცა ისე შემოგაპარებენ, გეგონება დიდად საგულისხმო რამ იყოს. გონებრივი უგერგილობა და უღიმღამობა ლამის ფიზიკურ ტკივილს მგვრის. ზოგიერთ ჩემს მეგობართან შეხვედრასაც კი ვერიდები, სულ ერთი და იგივე გაცვეთილი და გულისგამაწყალებელი, თუნდაც მარადიული ჭეშმარიტებები რომ არ ვისმინო, თუნდა კათოლიკეები იყვნენ და თუნდაც ანარქისტები, მორწმუნენი ან ურწმუნონი, ოპტიმისტები თუ პესიმისტები, ხოლო დღევანდელი უხამსობა, ასე რომ მოიკიდა ფეხი, კიდევ უფრო მაღონებს, ვინემ ძველი, ტრადიციული; მაგრამ ხვალინდელი ანბანური ჭეშმარიტებანი სულერთიანად მაკარგვინებს მოთმინებას, რადგან სიახლესა და გამორჩეულობაზე დებს თავს და გუშინდელთან სახსენებელიც არ არის. ამიტომაა, კათოლიკური სისულელე ისე არ მაღიზიანებს, როგორც ანარქისტული. წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ბუვარისა და პეკიუშეს, ამ ყეყეჩი და უიმედო ადამიანების ამბავს, ნამდვილად გულისდამამძიმებელი წიგნია; მერედა წერის რა ხერხი შეურჩევია - მშრალი, წყვეტილი, ერთიდან მეორეზე გადადის. ალაგ სარკაზმებს მიმოაბნევს, მართლაც რომ მძიმეა. მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით, ამ ორ მიამიტ ადამიანს, - თუმცა არც ისე მიამიტს, - რაღაც აახლოვებს დონ კიხოტესთან, ფლობერის ამ ერთ ყველაზე საყვარელ გმირთან და თვით ფლობერთანაც. ბუვარიცა და პეკიუშეც, ისევე, როგორც დონ კიხოტე და სანჩო პანსა, უთუოდ გენეტიკურად მონათესავე სახეები, არც ისეთი კომიკურები გახლავთ, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, ისიც მარტო იმ სულელთა თვალით ჩანან ასეთები, რომელთაც თვლა არა აქვთ, სოლომონს რომ უთქვამს, სინამდვილეში კი ისინი ტრაგიკულნი არიან, ღრმად ტრაგიკულნი. დონ კიხოტე“ ფლობერის უსაყვარლესი წიგნი იყო; 1852 წელს, მაშინ იგი ოცდათერთმეტი წლისა გახლდათ, თავის მუზას ლუიზ კოლეს სწერდა: „დონ კიხოტეში“ ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ მასში ხელოვნურობის კვალსაც ვერსად მიაგნებთ, ხოლო ილუზიისა და რეალობის მართლაც გასაკვირი თანაარსებობის წყალობით წიგნი ერთდროულად სასაცილოცაა და პოეტურიც. მის გვერდით ნებისმიერი წიგნი გახუნდება! რა არარაობად წარმომიდგება საკუთარი თავი, ღმერთო ჩემო, რა პაწაწინად!“ დონ კიხოტემ ფლობერის სულში ნამდვილად წარუშლელი კვალი დატოვა; მისი შემოქმედებაც ერთიანადაა გაჟღენთილი კიხოტიზმით; სერვანტესი, რაბლესთან და ალბათ გოეთესთან ერთად, იყო ერთი იმ გენიოსთაგანი, ვინც ასე რიგად აღაფრთოვანებდა მას. ვინ იცის, ეგებ სწორედ სერვანტესისაგან გადაედო მასაც „ესპანეთის ავადმყოფობა“; ამაზე ამბობს კიდეც ერთ თავის წერილში: „Je suis malade de L’Espagne“ („მე ავადა ვარ ესპანეთის ავადმყოფობით“). ამ დროს კი მან დანტეს, ამ დიდებულ ფლორენციელს, ვინც ჩემს უსაზღვრო აღფრთოვანებას იწვევს, ჯეროვანი პატივი არ მიაგო; ალბათ ეს ვოლტერისადმი მისი ერთგულებითაც აიხსნება, რასაც მე პირადად ვერ გავიზიარებ; ესეც არ იყოს, გემოვნების საკითხიცაა, უფრო სწორად, აღზრდისა; ფლობერს კი სათანადო კათოლიკური აღზრდა არ მიუღია, თუმცა კათოლიციზმის ძალას ასე თუ ისე მაინც გრძნობდა. 1858 წელს მან მადემუაზელ ლერუაიე დე შანტის, ქალს, რომელიც ღრმად იყო ჩაფლული რელიგიურ საურავში - rara avis! - ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „კიდევ ასიოდე წელი გასტანს დავა ორი ტიპის ადამიანებს შორის - ერთ მხარეს კათოლიკებს, მეორე მხარეს ფილოსოფოსებს შორის“. საბრალო ფლობერი კი ვერც ერთს მიაკუთვნებდა თავს და ვერც მეორეს; მას მტკიცე რელიგიური რწმენა არ გააჩნდა, მაგრამ ვერც იმ ჩვეულებრივი გონების ადამიანთა რიცხვს მიაკუთვნებდით, ვისაც უსაზღვროდ აღაფრთოვანებს ფილოსოფია და მეცნიერება, პროგრესი და ტექნიკა. კარგად მესმის მისი მდგომარეობა, ანდა როგორ შეიძლება არ მესმოდეს? განა მეც ამასვე არ განვიცდი? განა მეც მის დღეში არა ვარ? 1864 წელს მადამ როჟე დე ჟენეტს სწერდა: „მიზეზთა ძიება ანტიფილოსოფიურიცაა და ანტირელიგიურიც, ხოლო რელიგია როცა ამტკიცებს, თითქოს მისთვის მიზეზი ცნობილია, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ფილოსოფია, თუნდაც ეს გონების მოთხოვნილება იყოს! რას გვთხოვს გული? თანახმა ვარ, ოღონდ სწორედ ამას უნდა მივაგოთ პატივი, ვიდრე ეფემერულ დოგმებს!“ რამდენჯერ მითქვამს მეც იგივე! ახლა ყურადღება მიაქციეთ იმავე ქალბატონისადმი 1861 წელს გაგზავნილ წერილში გამოთქმულ აზრს: „მართალი ბრძანდებით, ლუკრეციუსი ნამდვილად ღირსსაცნობია; მას მხოლოდ ბაირონს თუ შევადარებდი, ოღონდ ეგ არის, ბაირონს მისი დიდმნიშვნელოვნება და სევდის გულწრფელობა აკლია. ანტიკური მელანქოლია უფრო ღრმა მეჩვენება, ვიდრე თანამედროვე, რადგანაც ახალი დროის ადამიანები, ასე თუ ისე, მაინც ახსენებენ უკვდავებას, ბნელი ქვესკნელის მიღმა რომ არსებობს თურმე, ანტიკურობისთვის კი ის ქვესკნელი თვით უსასრულობად წარმოგვიდგება. მათი ზმანებანი ამ ქვესკნელს დასტრიალებენ თავს, არცა კივილი, არცა ტკივილი, სულ არაფერი, მხოლოდ სიმშვიდე იხატება მათ გარინდებულ სახეებზე. ღმერთები უკვე აღარ ბოგინობდნენ, ქრისტე კი ჯერ არ მოვლენოდა ამქვეყანას. ციცერონიდან მოყოლებული ვიდრე მარკუს ავრელიუსამდე დროის შუალედში დამდგარიყო წამი, ერთადერთი წამი, როცა ადამიანი დარჩა მარტო. ვეღარასოდეს ვეღარავინ მოესწრებოდა ასეთ დიდებულ წამს; მაგრამ ამავე დროს ლუკრეციუსი უკვე გაუსაძლისი გამხდარიყო თავისი ფიზიკითა და პოზიტივიზმით. მისი სისუსტე ის იყო, რომ ეჭვი არა ღრღნიდა; მან მოინდომა ყველაფრის ახსნა და შეჯამება!“ ეს რა ადამიანია! მე არათუ ვხედავ მას, ვგრძნობ კიდეც და ვგრძნობ პირდაპირ გულისგულში! და ეს კაცი, ვინც გულგრილ, უგრძნობ ადამიანად მიაჩნიათ და მის ხელოვნებასაც უპიროვნებოდ თვლიან, დიახ, სწორედ ეს კაცი 1854 წელს, მაშინ იგი ოცდაცამეტი წლისა გახლდათ, კოლეს სწერდა: „ასე მგონია, ვბერდებით, ვმწარდებით, ვმჟავდებით და ჩვენი ძმარი იმღვრევა! და როცა ზოგჯერ შევანჯღრევ საკუთარ თავს, მაშინღა ვხვდები, რა გრძნობა მქონია შენდამი - ჯერ ფიზიკური ლტოლვა, მერე სულიერი ნათესაობა, მტკიცე მამაკაცური ერთგულება და პატივისცემა. სიყვარული ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას ამ ცხოვრებაში და მასზე ტყუილუბრალოდ არასდროს ვლაპარაკობ. გასულ ღამეს ჩემს ოცნებას, თხუთმეტი წლის ყმაწვილის კვიმატ ოცნებას, სილა გააწანი და გააწანი ნამდვილ ბურჟუასავით, ბრალი დამდე სულმოკლეობაში. ახლა ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა და მერე როგორი ცხადი! მაგრამ შენ მაინც როგორ ვერაფერი გაიგე ჩემი წერილებიდან? ნუთუ ვერ იგრძენი ის ირონია, როცა გრძნობის წინააღმდეგ გავიბრძოლე, ეს უფრო დამარცხებულის გმინვა იყო, ვინემ გამარჯვებულის ყიჟინა!“ დიახ, დამარცხებულის გმინვა, რასაც ხუთი წლის შემდეგ - 1859 წელს - ერნსტ ფეიდოს წერდა მისი მეუღლის გარდაცვალების გამო: „ნურც ეცდები გაექცე დავიწყებას, პირიქით, კიდეც მოუხმე! ჩვენისთანა ადამიანებმა ოდენ სასოწარკვეთილებაში უნდა ვეძიოთ ჩვენი რწმენა. ბედზე მაღლა უნდა დადგე და მასავით გულგრილი გახდე. როცა ჭვრეტ ქვესკნელს და იმეორებ „ასეა, ასეაო!“ მაშინღა მშვიდდები, მაგრამ მშვიდდები კი? განა მართლა ასეა? არა, არ მშვიდდები. მაგრამ იმედი აკი სწორედ უიმედობაში უნდა ვეძიოთ და თავიდან მოვიშოროთ ყველა ეს მეცნიერებაზე გადარეული სულები, სულ იმ თავიანთ სიმღერებს რომ გაჰკივიან, ვითომ მთლიანად არ ვქრებით, ვითომ სხვა მარადისობაში გადავდივართ და რომ ადამიანთა მოდგმა წინ მიიწევსო და სხვა ათასგვარ უაზრობას. წაიკითხეთ ფლობერის წერილები და თვალწინ წარმოგიდგებათ კაცი, რომლის შემაძრწუნებელი ირონია მხოლოდ დამარცხებულის გმინვა გახლდათ, ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა მადამ ბოვართან ერთად, ფრედერიკ მოროსთან, მადამ არნუსთან, წმინდა ანტონთან და პეკიუშესთან ერთად... თქვენ წარმოგიდგებათ ადამიანი, ვისთვისაც ლამის რელიგიად გადაიქცა სასოწარკვეთილება და თვითკმაყოფილი ბურჟუასადმი ზიზღი, ვინც ვითომ ჩაწვდა ჭეშმარიტებას და ტკბება ამ ცხოვრებით, თან სისულელეებით დაგარეტიანებთ რწმენისა და გონების სახელით, ამასთან მეცნიერებას და რელიგიას მოიშველიებს, ოღონდაც დაგაჯეროთ; განა გასაკვირია, თუ ასეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ ფლობერი, ცხოვრობდა კრუასეში და მტკივნეულად განიცდიდა სისულელეებს, ადამიანთა ამ Betise-ს, ოღონდ კი განრიდებოდა და აღარ ესმინა მათთვის, მთლიანად ჩაეფლო წიგნებში და თავისი ტკივილი საკუთარ ქმნილებებში ჩაახშო. მას სტკიოდა თავისი სამშობლო, მერედა როგორ სტკიოდა! საკმარისია წაიკითხოთ მისი 1870 წლის, პრუსიელთა შემოსევისა და პარიზის ალყის დროინდელი წერილები. მას სჯეროდა, რომ თვითონ იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც საფრანგეთის ამ უბედურებამ განუზომელი ტკივილი მიაყენა. მას მერე აღარც დაუტოვებია კრუასე, რათა ექმნა ის, რაშიც ხედავდა თავის მოწოდებას, ანუ ეწერა წიგნები. „გრძნობათა აღზრდა“ დიდად პატრიოტულ ნაწარმოებად ჩაიფიქრა და კიდეც აღასრულა. მისი წვლილი ქვეყნის ცხოვრებაში გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მათი, პარლამენტში რომ ლაყბობდნენ. ხოლო ეს თხზულება არსებითად ღრმად პოლიტიკურია, რომელიც შექმნა იმ ადამიანმა, ვისაც მთელი არსებით სძულდა ის, რასაც დღეს პოლიტიკას უწოდებენ. და განა ასეთ პიროვნებას შეეძლო სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონოდა პოლიტიკისადმი? ადამიანს, ვისთვისაც გაუსაძლისი გამხდარიყო ადამიანთა სისულელე? აბა, მე რიღასთვის გავიდე შინიდან ამ დღეებში? რისი გულისთვის? განა იმისათვის, რომ მოთმინება დამაკარგვინოს მონარქისტთა სისულელეებმა, ანდა რესპუბლიკელთა, კონსერვატორების, ლიბერალების, კარლისტებისა თუ სოციალისტთა სისულელეებმა? გავიდე იმისათვის, რომ მოვისმინო გამოთაყვანებული მორწმუნის რჩევა-დარიგება? იმისა, ვისთვისაც უცხოა ეჭვი? ანდა მასავით თავდაჯერებული თავისუფლად მოაზროვნე რეგვენისა? არა, არა და არა! მირჩევნია ისევ შინ ვიჯდე და ბედთან შესახვედრად გული გავიმაგრო, ვიკითხო დიდი სკეპტიკოსები და დიდებული ენთუზიასტები, უიმედობის მოციქულნი და უკვდავი იმედის მოციქულები, ისინი, ვისაც უნდათ რომ არსებობდნენ, და ისინი, ვისაც უნდათ რომ არ არსებობდნენ მარადიულად. და ამასობაში დაე ცოცხლებმა იცინონ გიჟებზე, დაე გაგრძელდეს სიგიჟე მათი, ვისაც საკუთარი თავი კეთილგონიერი ჰგონია!

ოჰ, წმინდა მარტოობა!

1911. 24. XII.

ტეგები: qwelly, ესსე, ლიტერატურა, უნამუნო, ფლობერი

ნახვა: 2513

გამოხმაურებები!

''რიღასთვის გავიდე შინიდან ამ დღეებში? რისი გულისთვის? განა იმისათვის, რომ მოთმინება დამაკარგვინოს მონარქისტთა სისულელეებმა, ანდა რესპუბლიკელთა, კონსერვატორების, ლიბერალების, კარლისტებისა თუ სოციალისტთა სისულელეებმა? გავიდე იმისათვის, რომ მოვისმინო გამოთაყვანებული მორწმუნის რჩევა-დარიგება? იმისა, ვისთვისაც უცხოა ეჭვი? ანდა მასავით თავდაჯერებული თავისუფლად მოაზროვნე რეგვენისა? '' <3 საოცრებაა.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters