clemens, gost, langhorne, literature, mark twain, novels, qwelly, samuel, stormfield, story, twain, ამბავი, ამერიკა, ბაყაყი, ბენტონი, ბროდვეი, გული, დახმარება, დრო, ელვა, იატაკი, იუმორი, იღბალი, კალავერასელი, კლასიკა, კლემენსი, ლენგჰორნი, ლოგინი, მაკუილიამსები, მაკუილიამსი, მარკ ტვენი, მარტოობა, მეცნიერება, მილსი, მიცვალებული, მკვდარი, მოგზაურობა, მოვაჭრე, მოთხრობა, მოჩვენება, მხტუნავი, ნაბიჯი, ნოველა, ნოველები, პროზა, რომანი, საათი, სამოთხე, სასაფლაო, სასწავლებელი, საუკუნეები, სახელგანთქმული, სიგნალიზაცია, სიმღერა, სიცილი, სპილო, სტრომფილდი, ტვენი, ფიქრი, ქართული, შენობა, შუქი, ჩემი, ცეცხლი, ცნობილი_ავტორი, ცოცხალი

მარკ ტვენი - მოჩვენების ამბავი

      უშველებელ, ძველისძველ შენობაში, შუაგულ ბროდვეიზე, ერთი მოზრდილი ოთახი ვიქირავე, ჩემამდე მანდ ზემო სართულზე კარგა ხანს არავის ეცხოვრა და აი, მეც გადავედი. მტვრით, აბლაბუდებით, მარტოობითა და სიჩუმით იყო სავსე იქაურობა. პირველივე საღამოს, ჩემს ბინაში რომ ავდიოდი, მომეჩვენა, სასაფლაოზე მივაბიჯებ ხელის ცეცებით და მიცვალებულებს ვურღვევ მყუდროებას-მეთქი. ცხოვრებაში პირველად ვიქეცი ცრუმორწმუნე კაცად და შიშმა ამიტანა. აი, ბოლოს კიბის ბნელ კუთხეში თავი რომ მოვაბრუნე და ობობას უხილავი ქსელი შემომებლანდა სახეზე, ისე გამაჟრჟოლა, ვიფიქრე, მოჩვენებას გადავეყარე-მეთქი.

      ოთახში რომ შევედი, კარი რომ გადავკეტე და რომ გადავწყვიტე, ახლა მიცვალებულები და სიბნელე ნამდვილად გარეთ დარჩა-მეთქი, მაშინღა მოვითქვი სული. ბუხარში ცეცხლის ენები ყირაზე გადადიოდნენ, მეც სიამოვნებით დავუჯექი წინ და შვებით ამოვისუნთქე. ორ საათს ვიჯექი ასე, ჩავლილ დროებაზე ვფიქრობდი, ძველ ამბებს, სანახევროდ დავიწყებულ სახეებს ვიხსენებდი, წარსულის მტვერს ვაშორებდი; ყურს ვუგდებდი ხმებს, ახლა რომ აღარსად გაისმის და სიმღერებს, ახლა რომ აღარ მღერიან. სულ უფრო და უფრო მერეოდა სევდა, ჩემთვის ქარის ზუზუნი ქვითინად იქცა, ფანჯრის მინებზე წვიმის გამალებული ბრახუნი უბრალო რაკუნად გადაიქცა, ბოლოს ქუჩიდან შემოსული ხმებიც სათითაოდ მიწყდა, სიბნელეში ჩაიკარგა უკანასკნელი შეგვიანებული მგზავრის აჩქარებული ფეხის ხმაც და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა.

      ცეცხლიც ჩაიბჟუტა. მარტოობა შემომაწვა გულზე. ავდექი, გავიხადე, თითის წვერებზე გავიარე ოთახში, ყველაფერს უხმაუროდ ვაკეთებდი, თითქოს მძინარე მტრებს მოვექციე ალყაში და მეშინოდა, არ გავაღვიძო, თორემ ჩემთვის საბედისწეროდ დასრულდება ეს გაუფრთხილებლობა-მეთქი. საბანი გადავწიე და ლოგინში შევწექი, წვიმას, ქარს, შორეული დარაბების ჭრიალს მივუგდე ყური და, როგორც იქნა, ჩამეძინა.

      ღრმად მეძინა, ოღონდ დიდხანს როდი გაგრძელდა ჩემი მოსვენება. თვალი გავახილე თუ არა, უცნაურმა წინათგრძნობამ შემიპყრო და გამაჟრჟოლა. ყველაფერი სიმშვიდის საბურველში გახვეულიყო, ყველაფერი, ჩემი გულის გარდა, ისე მიცემდა, თითქოს ბუდიდან ამოხტომა უნდაო. უცებ საბანი ქვემოთ დაცურდა, თითქოს ვიღაც ექაჩებაო! შიშისგან ვეღარც ხელი გავატოკე, ვეღარც ენა მოვაბრუნე პირში. საბანი კი მიცოცავდა და მიცოცავდა ქვემოთ, უკვე მკერდიც მომიშიშვლდა. აი, მაშინ კი ვიკადრე, ვტაცე ხელი და თავზე გადავიფარე. ვიცდიდი. თან ყურები მქონდა დაცქვეტილი, თან ვიცდიდი.

ისევ ნელ-ნელა დაცურდა საბანი, ისევ უსასრულოდ გაიწელა წამები, ისევ მომიშიშვლდა მკერდი. როგორც იქნა, შემოვუძახე თავს, დავქაჩე საბანი ჩემკენ და რაც ძალა და ღონე მქონდა, ჩავებღაუჭე. ვიცდიდი. ნელ-ნელა ისევ დაქაჩეს, მეც ისევ მთელი ძალით მოვებღაუჭე. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო მეტად ექაჩებოდნენ, ვეღარ გავუძელი და მესამე ჯერზე საბანი სულ ერთიანად გადამძვრა. ამოვიკვნესე.

      საწოლის ბოლოდანაც კვნესით მიპასუხეს. ცივმა ოფლმა დამასხა. კინაღამ წერილი წავიღე. მერე ოთახში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, სპილო თუ დადის-მეთქი, ვიფიქრე, აბა, ადამიანისას არაფერი უგავდა. მაგრამ მივხვდი, ამ ნაბიჯების პატრონი თანდათან მშორდებოდა - მომეშვა გულზე. გავიგონე, ვიღაც როგორ მივიდა კართან, არც გასაღები უხმარია, არც ურდული აუწე-ვია, ისე გავიდა გარეთ, მოქუშულ დერეფანში ჩავლისას იატაკის ფიცრებმა და კოჭებმა დაიჭრიალეს, მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

      მღელვარებამ ცოტა რომ გადამიარა, საკუთარ თავს ვუთხარი, ყველაფერი სიზმარია-მეთქი, „საშინელი სიზმარი და მეტი არაფერი“. იმდენხანს ვიფიქრე, ბოლოს მართლა დავიჯერე, დამესიზმრა-მეთქი, სიცილი წამსკდა და სულიც მოვითქვი. ავდექი, შუქი ავანთე და ოთახი დავათვალიერე, როცა კლიტეცა და ურდულიც ზუსტად ისე დამხვდა, როგორც დაწოლისას დავტოვე, გული გამინათდა და კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი. ჩიბუხი მოვძებნე და გავაჩაღე, ისევ ცეცხლს მივუჯექი, რომ უცებ აკანკალებული ხელიდან ჩიბუხი გამივარდა, სისხლმა თავში ამასხა და სული შემეხუთა! ბუხართან ჩემი შიშველი ფეხის ანაბეჭდის გვერდით, მეორე ანაბეჭდიც მოჩანდა, უფრო დიდი, იმხელა, რომ იმასთან შედარებით, ჩემი ნაბიჯი ჩვილის დანაბიჯები გეგონებოდათ! გამოდის, სტუმარი მართლა მყოლია, ამას ეს სპილოსხელა ნაფეხური ადასტურებდა.

      შუქი ჩავაქრე და ლოგინში დავბრუნდი, შიშისგან თითქოს დამბლა დამეცაო. დიდხანს ვიწექი, დაჟინებით ჩავცქეროდი ირგვლივ გამეფებულ წყვდიადს და სმენად ვიყავი ქცეული. უცებ გარედან საშინელი ხმა მომესმა, ჯერ თითქოს იატაკზე მძიმე სხეულს მოათრევენო, მერე თითქოს განზე მოისროლესო, პასუხად ჩემმა ფანჯრებმაც დაიზრიალეს. ყური მოვკარი, სახლში როგორ გაჯახუნდა კარები, ვიღაც დაეხეტებოდა დერეფნებში აქეთ-იქით, ადი-ჩამოდიოდა კიბეებზე. ხანდახან ჩემს კარსაც მოადგებოდა, შეყოყმანდებოდა და მერე ისევ უკან გაბრუნდებოდა. ჯაჭვების ჩხრიალიც გავიგონე, ხმა შორიდან დაიწყო და ნელ-ნელა მოახლოვდა. ვიღაც მძიმედ ამოდიოდა მაღლა, ყოველი ნაბიჯის გადმოდგმისას ჯაჭვი ისე ჟღრიალებდა, თითქოს ავი სული მობრძანებას წინდაწინ გვატყობინებსო. ყური მოვკარი ჩურჩულით წარმოთქმულ წინადადებებს, ხავილს, თითქოს ვიღაცას ყელში ხელი წაუჭირესო, უხილავი სამოსის შრიალს და უხილავი ფრთების ფართხუნს. უცებ ვიგრძენი, დაუპატიჟებელი სტუმრები შემომსეოდნენ - ოთახში მარტო აღარ ვიყავი. საწოლთან ახლოს ოხვრა-კვნესასა და იდუმალ ჩურჩულსაც მოვკარი ყური. ზუსტად ჩემს თავს ზემოთ სამი პატარა ფოსფორისფრად მანათობელი სფერო გამოჩნდა, ეკიდნენ იქ ერთხანს, კიაფობდნენ, მერე დნობა დაიწყესავით, ორი წვეთი სახეზე დამეცა, ერთიც - ბალიშზე, თბილი სითხე იყო. ალღომ არ მიმტყუნა, იმ სიბნელეშიც კი მივხვდი, სისხლი იქნება-მეთქი. მერე გაფითრებული სახეებიც დავინახე, მღვრიე შუქით ოდნავ განათებული და თეთრი ცისკენ აპყრობილი ხელებიც, ჰაერში რომ მოლივლივებდნენ უსხეულოდ, ილივლივეს ერთ წუთს და მერე როგორც გამოჩნდნენ, ისევ ისე გაუჩინარდნენ. ჩურჩულიც მიწყდა, ის უცნაური ხმებიც და კვლავ სამარისებურმა სიმშვიდემ დაისადგურა. ვიცდიდი, ყურები დაცქვეტილი მქონდა. ვგრძნობდი, შუქი თუ არ ავანთე, ჩემი საქმე ნამდვილად წასულია-მეთქი. შიშისგან აღარაფრის თავი აღარ მქონდა, რის ვაი-ვაგლახით წამოვჯექი და უცებ ვიღაცის სველი ხელი არ მომედო სახეზე! ძალ-ღონე სულ ერთიანად გამომეცალა და მოცელილივით გადავვარდი უკან. მერე ისევ გავიგონე ტანსაცმლის შრიალი. იმ ვიღაცამ გაიარა დაკეტილი კარი და წავიდა. როცა კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, როგორც იყო, გადმოვფოფხდი ლოგინიდან, გული მიმდიოდა, ფეხზე ძლივს ვიდექი და გაზის ნათურა რომ ავანთე, ასი წლის ბებერივით მიკანკალებდა ხელი. შუქი დავინახე თუ არა, ცოტა მომეშვა. დავჯექი და თვალს არ ვაშორებდი ნაცარში დარჩენილ იმ ვეებერთელა ნაფეხურს. ნელ-ნელა მასაც შემოენთო ალი და ცოტა არ იყოს, მოხაზულობაც გაიდღაბნა.

თანდათან შუქიც ჩაილია და სწორედ იმ წუთს ისევ გავიგონე სპილოსავით ნაბიჯების ხმა. ამ ჭიანაჭამ დერეფანში რაც უფრო ახლოდან ისმოდა ხმა, მით უფრო იბჟუტებოდა სინათლე. ნაბიჯები ზუსტად კართან შეწყდა. შუქი ისე ჩაილია, გარშემო ძლივსღა ვარჩევდი საგნებს. კარი არც ამჯერად გაღებულა, მაგრამ ვიგრძენი, ლოყაზე როგორ მომელამუნა ნიავი, ვიგრძენი ჩემ წინ რაღაც უშველებელი ღრუბლის მსგავსი რამ დგას-მეთქი. მოჯადოებულივით შევყურებდი. რაღაცნაირ მკრთალ სინათლეს ასხივებდა, გაურკვეველი მოხაზულობიდან თანდათან ჯერ მკლავი გამოიკვეთა, მერე ფეხები, სხეული, ბოლოს ვეებერთელა ნაღვლიანი სახეც შემომაცქერდა ბურუსიდან. შემოიცალა თავისი თხელი გარსი და თვალწინ წარმომიდგა შიშველი, დაკუნთული, ძალიან სანდომიანი, დიდებული კარდიფელი გოლიათი. ძლივს არ მოვითქვი სული? ისეთი კეთილი სახე ჰქონდა, ბავშვიც მიხვდებოდა, არაფერს დამიშავებსო. გულზე მომეშვა და თითქოს მე მეთანხმებაო, გაზის ლამფაც ისევ ძველებურად აბრიალდა. არც ერთ დევნილს ისე არ გახარებია, თანამეინახე ვიპოვეო, როგორც მე გამიხარდა იმ გოლიათის დანახვა. ვუთხარი: - შენა ხარ? ბოლო ორი-სამი საათია, მოვკვდი კაცი შიშისგან. არადა, როგორ გამიხარდა შენი ნახვა. ნეტა მაგარი სკამი მაინც მქონდეს, არა, აქეთ, აქეთ, არ დაჯდე მანდ.

      მაგრამ რაღა დროს. დაჯდა თუ არა, მაშინვე ძირს მოადინა ზღართანი - ჩემს დღეში არ მინახავს, სკამი ასე თვალის დახამხამებაში დამსხვრეულიყოს. „მოიცა, მოიცა, დაამტვრევ ყვე... „

      მაგრამ რაღა დროს. ისევ დაჯდა და კიდევ ერთი სკამი დაანაფოტა.

      - ეშმაკმა წაგიღოს, აზრზე ხარ საერთოდ? მთელი ავეჯი გინდა დამიმტვრიო? აქეთ, აქეთ-მეთქი, შე გაქვავებულო სულელო, შენა.

      მაგრამ რა, შეაყარე კედელს ცერცვი. სანამ შევაჩერებდი, ახლა საწოლზე დაჯდა და ისიც ჩაამტვრია.

      - აბა, რას აკეთებ? ჯერ იყო, გრიალით შემომივარდი ოთახში და თუ სადმე მაწანწალა ავი სული დახეტიალობდა, ყველა თან მოიყვანე, ისე შემაშინეთ, კინაღამ სული მივაბარე უფალს, მეორეც არის და რაა ეს, რანაირად გაცვია, უხერხულია, კულტურული ხალხი მარტო რიგიან თეატრში თუ მოითმენს ამას, იქაც სხვა სქესის წარმომადგენლები დადიან მასე. თან კიდევ, რაზეც დაჯე-ქი, ყველაფერი დამიმტვრიე, იცოდე, აუცილებლად უნდა ამინაზღაურო. რატო შვრები მაგას? მარტო ჩემთვისაა ცუდი? შენ რა ხეირი დაგადგება მაგით ვითომ? შეხედე, ზურგის ძვალი გაგიტეხავს, შენი ბარძაყის ნამტვრევებითაა მოფენილი მთელი იატაკი, ოთახი კი არა, მარმარილოს საამქრო ეგონება კაცს. გრცხვენოდეს, ბოლოს და ბოლოს, იმხელა კი ხარ, იცოდე, სად როგორ უნდა მოიქცე.

      - კარგი, ავეჯს აღარ დაგიმტვრევ. მაგრამ რა ვქნა, მეც ხომ უნდა გამიგო? საუკუნეა, არ დავმჯდარვარ, - და ცრემლი ჩამოუგორდა.

      - შე საწყალო, შენ, - ვუთხარი მე, - რა მაქვს შენთან საჩხუბარი. შენც ობოლი ხარ ალბათ, რა ლაპარაკი უნდა მაგას. დაჯექი აგერ ძირს, შენი წონის პატრონს მეტი ვერ გაგიძლებს ვერაფერი. თან, რა წესია ეს, დამყურებ ზემოდან, დაჯექი დაბლა, მე ავძვრები აგერ კანტორის სკამზე, ვიქნებით პირისპირ და ვიყბედოთ მერე რამდენიც გინდა.

      მოკლედ, დაჯდა იატაკზე, გააჩაღა ჩემი მიცემული ჩიბუხი, ჩემი წითელი საბანი მოიხურა ბეჭებზე, თავზე მუზარადივით ჩამოიცვა ჩემი აბაზანა და მოეწყო მოხერხებულად, იმის ყურებას არაფერი ჯობდა. სანამ მე ბუხარს ვანთებდი, გადაიდო ფეხი ფეხზე და თავისი დახვრეტილი ფეხისგულები სიამოვნებით მიაფიცხა ცეცხლს.

      - რა გჭირს? რამ დაგიღარა მასე ფეხები?

      - საშინელმა ყინვამ, ნიუ-უელის ფერმის ქვეშ რომ ვიწექი, მაშინ გავიყინე. მაგრამ მაინც მიყვარს ეგ ადგილი, მანდ ასე მგონია, სახლში ვარ. თან ისე მშვიდად ვგრძნობ თავს, ისე, რომ ტყუილია, მეტი არ შეიძლება.

      ერთი ნახევარი საათი ვილაპარაკეთ, მერე შევატყვე, დაღლი-ლი სახე ჰქონდა და მიზეზი ვკითხე.

      - დაღლილი? - მკითხა, - ჰოო, შეიძლება. რადგან ასე კარგად მომექეცი, გეტყვი ყველაფერს. მე იმ გაქვავებული კაცის სული ვარ, შენი სახლის პირდაპირ, მუზეუმში რომ წევს. კარდიფელ გოლიათს მეძახიან. სანამ იმ საწყალ სხეულს ისევ არ დამარხავენ, ჩემთვის არც სიმშვიდე იქნება, არც მოსვენება. ჰოდა, სხვა რაღა უნდა მექნა, ვიფიქრე, როგორ ვაიძულო ეს ხალხი ჩემი სურვილი შეასრულონ-მეთქი? გადავწყვიტე, ხშირ-ხშირად გამოვჩენილიყავი ჩემი სხეულის გვერდით და შემეშინებინა. მოკლედ, ყოველ ღამე მუზეუმში ვიყავი. სხვა სულებსაც ვთხოვე, მიშველეთ რამე-მეთქი. მაგრამ არ გამოვიდა არაფერი, ვინ დადის მუზეუმში შუაღამისას. მერე ვიფიქრე, მოდი, გადავალ ქუჩის იქით და ამ ადგილსაც მოვინახულებ, მთავარია ხმა გავაგონო ადამიანებს და მერე ჩემი სურვილის ასრულებას წინ რაღა დაუდგება-მეთქი, თან თუ სადმე დაწყევლილი ავი სული იყო, ყველა თან მახლდა.

ყოველ ღამე დავხეტიალობდით ამ ჭიანაჭამ დერეფნებში, ვაჟღარუნებდით ჯაჭვებს, ვოხრავდით, ვჩურჩულებდით, დავბოდიალობდით აღმა-დაღმა კიბეზე, ბოლოს, სიმართლე გითხრა, უკვე მაგრად მოვიქანცე. მაგრამ დღეს ღამით შენს ოთახში რომ შუქი დავინახე, ისევ მოვიკრიბე ძალ-ღონე და ძველებურად მთელი გულით მოვკიდე საქმეს ხელი. ოღონდ ახლა აღარაფრის თავი აღარ მაქვს - დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვდგავარ. გემუდარები, პატარა იმედი მაინც მომეცი!

      აღტაცებული გადმოვხტი ჩემი ქანდარიდან და შევძახე: - აუ, ამისთანა არაფერი გამიგონია! შე საწყალო, შე ბებერო გამოშტერებულო შენ, რისთვის იწვალე ამდენი, თაბაშირის ასლთან ჩნდებოდი ხშირ-ხშირად? ნამდვილი კარდიფელი გოლიათი ხომ ოლბენში წევს! ეშმაკმა წაგიღოს, საკუთარ ნარჩენებს ვერ უნდა სცნობდე?

      ისეთი საცოდავი სახე მიიღო, ისე შერცხვა, ისე შერცხვა, სად წასულიყო, არ იცოდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა და მეუბნება: - პატიოსნებას გაფიცებ, რასაც ამბობ, მართალია?

      - როგორც ის, რომ ახლა შენ წინ ვდგავარ.

      ჩიბუხი გამოიღო, შემოდო ბუხრის თავზე, მერე ერთი შეყოყმანდა (უნებურად, ადრე დაჩვეული იყო ეტყობა, თავისი არარსებული შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ჩაჰკიდა თავი ფიქრიანად) და ბოლოს, როგორც იქნა, ამოიღო ხმა: - ჰოო, ასეთ სულელურ მდგომარეობაში ჩემს დღეში არ ჩავვარდნილვარ. ის გაქვავებული კაცი ხომ წაღმა-უკუღმა ატყუებდა ყველას და აგერ, საკუთარი ლანდიც არ მოატყუა! შვილო ჩემო, თუ ოდნავ მაინც გებრალება ჩემისთანა საწყალი, მარტოხელა მოჩვენება, არ გამთქვა, შენი ჭირიმე. წარმოიდგინე, შენ რომ ვირი გეგონოს საკუთარი თავი, კარგი იქნება? კარგა ხანს აღწევდა ჩემს ყურამდე მისი დიდებული ნაბიჯების ხმა. მესმოდა, როგორ ჩაიარა კიბე, როგორ გავიდა ქუჩაში. გული დამწყდა, ხომ იცით, რომ წავიდა, საწყალი კაცი, მაგრამ უფრო ის მეწყინა, ჩემი წითელი საბანი და აბაზანა რომ გააყოლა ხელს.

ნახვა: 1644

გამოხმაურებები!

რა კარგი იყოო

საყვარლობაა :დ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters