ფსიქოლოგიის ისტორია, I თავი, I ნაწილი 

1.1. ფსიქოლოგიის ისტორიის საგანი და ფუნქციები

      სანამ შევუდგებით უშუალოდ ფსიქოლოგიის ისტორიის შესწავლას, აუცილებელია, გავერკვეთ ზოგიერთ ფუძემდებლურ საკითხში: კერძოდ, რას და როგორ იკვლევს ფსიქოლოგიის ისტორია, რით არის გამოწვეული მისი შესწავლის საჭიროება, რა თავისებურებანი ახასიათებს ცოდნის ამ სფეროს. საკითხების ეს ერთობლიობა ქმნის საგნის მეთოდოლოგიას. ტერმინი მეთოდოლოგია მრავალი მნიშვნელობით იხმარება და არ არსებობს მისი საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება. ტერმინი შედგება ორი მდგენელისგან (ბერძნული METHODOS - პირდაპირი მნიშვნელობით: „გზა რაღაცისკენ„ და ლოგოს - მოძღვრება). განსაზღვრებათა უმეტესობაში იგი აღნიშნავს სწავლებას მეცნიერული შემეცნების პრინციპებისა და მეთოდების შესახებ. პრინციპებს (ძირითად წესებს) იკვლევს თეორიული მეთოდოლოგია, მეთოდებს (ხერხებს) - პრაქტიკული მეთოდოლოგია.

      სასურველია, აგრეთვე, ერთმანეთისგან გავარჩიოთ მეთოდოლოგიის სამი სახეობა: 1) ზოგადი მეთოდოლოგია - შეისწავლის მეცნიერული შემეცნების ზოგად კანონზომიერებებს მიუხედავად იმისა, რომელ კონკრეტულ მეცნიერულ დისციპლინაში ხორციელდება იგი. განიხილება საკითხები, თუ რას ნიშნავს მოვლენების ახსნა, გაგება, აღწერა, როგორ კავშირშია ემპირიული და თეორიული ცოდნა, როგორ ხდება მეცნიერული თეორიების აგება, შეფასება, შემოწმება, ფაქტების სანდოობის დადგენა, რას ნიშნავს კანონი და კანონზომიერება, როგორ ვითარდება მეცნირული ცოდნის სისტემა და მრავალი სხვა. ამ პრობლემატიკას ხშირად „მეცნიერების ფილოსოფიის„ ტერმინის ქვეშ აერთიანებენ.

      2) კერძო მეთოდოლოგია - განიხილავს მეცნიერებათა ჯგუფის, ერთეული დისციპლინის ან მისი რომელიმე დარგის თეორიულ-მეთოდოლოგიურ პრობლემატიკას. ამ შემთხვევაში ლაპარაკობენ ფიზიკის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის და ა.შ. მეთოდოლოგიაზე. მაგალითად, რატომ და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული ციკლის მეცნიერებათა მეთოდოლოგიური პრინციპები? ანდა - რა სპეციფიკა აქვს ახსნას თუ გაგებას ფსიქოლოგიური მეცნიერებაში, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური კანონზომიერება, რა თავისებურებანი ახასიათებს ფსიქოლოგიურ თეორიებს, როგორია მიმართება აკადემიურ და გამოყენებით ფსიქოლოგიას შორის, მეცნიერულ და არამეცნიერულ ფსიქოლოგიურ ცოდნას შორის და ა.შ.

      3) კონკრეტული მეთოდოლოგია ანუ მეთოდიკა - ახასიათებს ცალკეულ კვლევით ოპერაციებს კონკრეტული მეცნიერების ფარგლებში. მაგალითად, თვითდაკვირვების, ექსპერიმენტის ან ტესტების მეთოდი ფსიქოლოგიაში, გამოკითხვის მეთოდი სოციოლოგიაში, წყაროების ანალიზის მეთოდი ისტორიაში და ა.შ.

      როგორც ითქვა, კერძო მეთოდოლოგია აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ მეცნიერულ დისპლინებს, არამედ იგი შეიძლება ჰქონდეს მათში შემავალ ცალკეულ დარგებსაც. ფსიქოლოგიის ისტორია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგია და მასაც აქვს თავისი მეთოდოლოგია, თანაც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული (კონკრეტული). ეს უკანასკნელი იმ ხერხებსა და საშუალებებს აანალიზებს, რომლებიც გამოიყენება ფსიქოლოგიურისტორიული კვლევის პროცესში. ასეთები კი საკმაოდ ბევრია.

      ამ თავში ფსიქოლოგიის ისტორიის თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები იქნება განხილული. სახელდობრ, რა ზოგად-თეორიული პრინციპებით ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიის ისტორია თავისი საგნის კვლევისას. ბუნებრივია, სანამ მათზე დაიწყება საუბარი, თვით ამ საგნის და მისი კვლევის მნიშვნელობის ნათელყოფა უნდა მოხდეს.

      იმის გარკვევისას, თუ რას შეისწავლის ფსიქოლოგიის ისტორია, ანუ რა შეადგენს ფსიქოლოგიის ისტორიის საგანს, ხშირად მიუთითებენ, რომ არ შეიძლება მისი აღრევა თვით ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების საგანთან. მეცნიერული ფსიქოლოგია შეისწავლის სულიერი ცხოვრების ფაქტებს, მექანიზმებს, კანონზომიერებებს, მოკლედ - ფსიქიკურ რეალობას. მოპოვებული ცოდნა ორგანიზებული და განზოგადებულია ფსიქოლოგიური ცნებებისა (კატეგორიების) და თეორიების მეშვეობით. ხოლო ფსიქოლოგიის ისტორია არ იკვლევს საკუთრივ ფსიქიკურ სინამდვილეს. მისი დანიშნულებაა დაახასიათოს, თუ როგორ ხდებოდა ამ სინამდვილის ფაქტებისა და კანონზომიერებათა მოპოვება/დადგენა და სათანადო თეორიების შექმნა/ფორმირება. ასეც ამბობენ - ფსიქოლოგიის ისტორიის ამოცანაა ფსიქიკაზე მეცნიერული ცოდნის აღმოცენებისა და შემდგომი განვითარების ანალიზი. ამრიგად, ფსიქოლოგიის ისტორია განიმარტება, როგორც ფსიქოლოგიური ცოდნის გენეზისისა და ევოლუციის ისტორიული პროცესის თავისებურებათა შემსწავლელი დარგი.

      ეს განმარტება არსებითად სწორია. ამასთან, შესაძლებელია მისი ერთგვარი დაზუსტებაც. ფსიქოლოგიური ცოდნა არ ამოიწურება არც ფსიქოლოგიური ფაქტებითა და კანონზომიერებებით და არც მათი ამხსნელი და სისტემაში მომყვანი თეორიებით. ამ ფსიქოლოგიურ ცოდნასთან ერთად, რომელსაც შეიძლება „საგნობრივი ცოდნა“ ვუწოდოთ, არსებობს ცოდნა თვით ფსიქოლოგიური კვლევის პროცესის შესახებ, ანუ, როგორ მოიპოვება, ფიქსირდება და რეალიზდება საგნობრივი ცოდნა ფსიქიკურის შესახებ. ამ უკანასკნელს „მეთოდოლოგიური ცოდნა„ ვუწოდოთ. დაბოლოს, არსებობს ცოდნა, რომელშიც ასახულია პირველი ორი სახეობის ცოდნის დაგროვება/განვითარების თანმიმდევრობა და რომელიც გვეხმარება შევიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იყო ფსიქოლოგიის მდგომარეობა ყოველ კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში. ამ ცოდნას, სრული უფლებით, „ისტორიული ცოდნა“ უნდა ეწოდოს. აქ მთავარი ისაა, რომ ისტორიული ცოდნა საგნობრივ და მეთოდოლოგიურ ცოდნასაც გულისმობს. ამიტომ ფსიქოლოგიის ისტორიის საგნის განსაზღვრისას, ალბათ უფრო ზუსტი იქნება, ვილაპარაკოთ არა ფსიქოლოგიურ ცოდნაზე, არამედ ფსიქოლოგიურ შემეცნებაზე. ეს უკანასკნელი უფრო ფართო ცნებაა და გარდა უკვე მოპოვებული ცოდნის სისტემისა (შინაარსეულ-ლოგიკური ასპექტი), მოიცავს პროცესუალურ მხარესაც, ე.ი. თეორიული და ემპირიული კვლევის სტრატეგიებსა და ხერხებს (მეთოდოლოგიური ასპექტი); მოიცავს აგრეთვე იმ ფაქტორებს, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებს ცოდნის მოპოვების პროცესზე, და გამომდინარეობს როგორც საზოგადოების, ისე თვით მკვლევარის თავისებურებებიდან (სოციალურ-პიროვნული ასპექტი). მაშასადამე, ფსიქოლოგიის ისტორია არის ისტორია ფსიქოლოგიური შემეცნებისა. ამ შემეცნებას სამი მხარე აქვს: შინაარსეულ-ლოგიკური, მეთოდოლოგიური და სოციალურ-პიროვნული.

      თავის დროზე ისტორიის ფილოსოფიის ცნობილმა მკვლევარმა რ. კოლინგვუდმა ასე გამოხატა „ისტორიის იდეა“: „საკუთარი თავის შემეცნება ნიშნავს იმის გაგებას, თუ რისი გაკეთების უნარი გაქვთ, ხოლო რადგანაც ეს არავინ შეიძლება იცოდეს, თუ არ იმოქმედა, ამიტომ პასუხი შეკითხვაზე, რა შეუძლია მოიმოქმედოს ადამიანმა, მის წარსულ ქმედებებში ძევს. ისტორიის ღირებულება ამიტომ იმაში მდგომარეობს, რომ მისი საშუალებით ვიგებთ რა გააკეთა ადამიანმა, და ამით - თუ რას წარმოადგენს იგი“.

      ისტორიის ასეთი გააზრება მართებულია არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მეცნიერების მიმართაც. ფსიქოლოგიის ისტორია, მართლაც, შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, რა გაკეთდა ფსიქოლოგიაში და ამით გავერკვეთ იმაში, თუ რას წარმოადგენს იგი, როგორც თავისებური მეცნიერება. ასე დანახული ფსიქოლოგიის ისტორია ფსიქოლოგიური მეცნიერების თვითგააზრების, თვითრეფლექსიის პროცესის სახით წარმოგვიდგება. ლაპარაკია ფსიქოლოგიაზე, როგორც მთლიანობაზე, რომელიც აერთიანებს ბევრ დარგს, აკადემიურ-ფუნდამენტურ კვლევას და მრავალფეროვან პრაქტიკას. ფსიქოლოგიის ისტორიის შესწავლისას მრავალი ფუნდამენტური საკითხისა და პრობლემის სხვადასხვაგვარ გააზრებას შევხვდებით. მაგრამ მეცნიერული ფსიქოლოგიური აზრის ისტორია, პირველ რიგში, მისი საგნობრივი სფეროს ცვალებადობის ანალიზს გულისხმობს, იმის ნათელყოფას, თუ როგორ იყო გაგებული ისტორიული გზის სხვადასხვა ეტაპზე საკითხთა საკითხი - რას შეისწავლის ფსიქოლოგია. ეს საკითხი, თავის მთლიანობაში, მოიცავს შეხედულებათა სისტემას იმის შესახებ, თუ რა ცნებებით (კატეგორიებით) ხდება ფსიქოლოგიის მიერ შესასწავლი სინამდვილის დახასიათება, რა უმთავრესი პრობლემები აქვს გადასაჭრელი ფსიქოლოგიას კვლევის პროცესში და რა ძირეული პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მან ამ პროცესში.

      აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ფსიქოლოგიური შემეცნების ისტორიული გზის ძირითადი მონაკვეთების გამოყოფისას ყველაზე ხშირად სწორედ ფსიქოლოგიის საგნის კრიტერიუმს მიმართავენ. ასე მოიქცა, მაგალითად, დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე, როდესაც, იმდროინდელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსების მსგავსად, ფსიქოლოგიის განვითარების სამი ძირითადი ეტაპი გამოყო _ იმის მიხედვით, თუ მეცნიერულ შეხედულებათა ცვალებადობის პროცესში რა იყო მიჩნეული შესამეცნებელ რეალობად: სული, ცნობიერების მოვლენები თუ ქცევა.

      პერიოდიზაციის საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. ახლა კი დავფიქრდეთ იმაზე, რატომაა ასე აუცილებელი ფსიქოლოგიის ისტორიის შესწავლა. ხოლო იმას, რომ იგი აუცილებელია, მოწმობს განათლების, ფსიქოლოგიის სპეციალობის დაუფლების პრაქტიკა. გასული საუკუნის დასაწყისიდან ფსიქოლოგიის ისტორიის კურსი უკვე გამოჩნდა უნივერსიტეტებში, დღეს იგი აუცილებელი საგნების რიცხვშია ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. ეს, ცხადია, არ არის შემთხვევითი. მართლაც, ფსიქოლოგიის ისტორია ფრიად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს როგორც სპეციალისტი ფსიქოლოგების მომზადების საქმეში, ისე უშუალოდ კვლევით საქმიანობაში.

      ყოველი სერიოზული კვლევა საკითხის დასმით იწყება. იმისთვის, რომ დაასაბუთო საკითხის კვლევის აუცილებლობა, მისი სიახლე უნდა აჩვენო, ხოლო სიახლე მხოლოდ ძველთან, უკვე არსებულთან შეპირისპირებაში იკვეთება. ახალი პრობლემის დასმა ან საკითხის ახლებური გააზრება ისტორიული ანალიზის საშუალებით ხერხდება - აბა სხვაგვარად რა ვიცით, რომ იგი ახალია? მაშასადამე, ისტორიული ანალიზი უშუალოდ გადადის კვლევის პრობლემის დასმაში. ფსიქოლოგიის ერთი ისტორიკოსის თქმით: „ყოველი მკვლევარი თავისი საკითხის ისტორიკოსი უნდა იყოს“. ამასთან, რაც უფრო ღრმაა განსახილველი პრობლემური სივრცის ისტორიული ანალიზი, მით უფრო ფუნდამენტურია მეცნიერული კვლევის შედეგი. თუ კვლევა ემპირიულია, მაშინ ყოველი ახალი ფაქტი მონაცემთა სისტემაში, „საკითხის ისტორიაში“ უნდა ჩაირთოს და სერიოზული თეორიული განზოგადების სახე მიიღოს. აქ უკვე ჩანს ფსიქოლოგიის ისტორიისა და ფსიქოლოგიის თეორიის ორგანული კავშირი.

      ეს კავშირი სრულებით ცხადი ხდება თეორიული კვლევისას. ახალი კონცეფციის ავტორები, პირველ ყოვლისა, იმას აჩვენებენ, თუ რა არ მიაჩნიათ მართებულად ადრინდელ შეხედულებებში. ისტორიის შესწავლა შეიძლება განვიხილოთ, როგორც თეორიული აზროვნების სკოლა. მეცნიერების ისტორიის გარეშე ვერ შეიქმნება ვერც ერთი მკაცრად მეცნიერული თეორია. მაგალითად, დ. უზნაძემ, როდესაც თავის ცნობილ განწყობის თეორიას ქმნიდა, პირველივე გამოქვეყნებული სქელტანიანი წიგნის უდიდესი ნაწილი განსხვავებული, მანამდე არსებული თვალსაზრისების ანალიზს დაუთმო _ ანუ იმუშავა როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსმა. ხოლო თავისი ახალი შეხედულება მხოლოდ ამის მერე და ისიც საკმოდ კომპაქტურად დაალაგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიის თეორია, თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა წარსულის სწორი გაშუქებისა და გაცნობიერებისთვის. თეორიის გარეშე ისტორია ბრმაა.

      საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიის ისტორია თავის კვლევით-შემეცნებით ფუნქციაში სასარგებლოა იმით, რომ გვაძლევს ცოდნას არსებულ შეხედულებათა შესახებ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ყველა ისტორიულად არსებული შეხედულება სასარგებლოა ორი მნიშვნელობით - პოზიტიურით და ნეგატიურით. პოზიტიური სარგებლიანობა გასაგებია - ეს ის ახალი და რაციონალური მომენტებია, რომლებსაც იგი შეიცავს. არ არსებობს სერიოზული მეცნიერული შეხედულება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ რაციონალურ (პოზიტიურ) შინაარსს, რომელიც არ შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს. მაგალითად, უძველესი ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტეს მოძღვრება იმის შესახებ, რომ სული სამყაროს ერთიანი საწყისის - ცეცხლის გამოვლინებაა („ნაპერწკალია“), თითქოს მოკლებულია რაიმე რაციონალურ აზრს. მაგრამ, თუკი მას ანალოგიად ან მეტაფორად მივიღებთ, ბევრ რაციონალურს აღმოვაჩენთ. სახელდობრ, ცეცხლი და, შესაბამისად, წვის პროცესი აქტიურობის, მხურვალებისა და ენერგიის გამოხატულებაა. ამის მიხედვით, სული სხეულის მოძრაობის და, საზოგადოდ, ადამიანის აქტივობის საწყისად გვევლინება. იგი საფუძველია აგრეთვე სულიერი ცხოვრების ცვალებადობისა და განვითარებისა. ეს, მართალია, ცეცხლოვანება-მხურვალების დონეებთან მიმართებაში განიხილება, მაგრამ ამასთან გვევლინება ფსიქოლოგიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე გენეტიკური იდეის მეცნიერებაში ერთ-ერთ პირველ ფორმულირებად. იგივე შეგვეძლო გვეთქვა დეტერმინიზმის იდეაზეც - რამდენადაც სული სამყაროს მაორგანიზებელი ცეცხლოვანი საწყისის გამოვლინებაა, მასშიც ის წესრიგი და კანონზომიერებაა დამკვიდრებული, რომლის შემეცნებაც ადამიანს ხელეწიფება. როგორც ვხედავთ, ჰერაკლიტეს ცეცხლოვანი ფანტაზიის მიღმა ბევრი რაციონალური იდეა იმალება. ამ პოზიტიური მომენტების გამოვლენა ფსიქოლოგიის ისტორიკოსის პირდაპირი საქმეა.

      მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ნეგატიურ მომენტს, იგი ხომ არსებითად ამა თუ იმ შეხედულების შეცდომას ახასიათებს? საქმე ისაა, რომ ამ შეცდომების გაცნობიერებაც აუცილებელია, რათა სხვა მკვლევარებმაც იგივე არ გაიმეორონ. ვიღაც ხომ უნდა წავიდეს მცდარი გზით, რათა დანარჩენებმა დაინახონ ამ გზის უპერსპექტივობა, მიხვდნენ, რომ იქ ჩიხია და რომ კვლევის ახალი მიმართულებაა მოსანახი. მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისში ბევრისთვის ნათელი გახდა მანამდე გავრცელებული კლასიკური ექსპერიმენტული ცნობიერების ფსიქოლოგიის სუსტი მხარეები. ამან საშუალება მისცა მკვლევარებს, შეემუშავებინათ ახალი თეორიული და მეთოდური პრინციპები, რომლებიც არსებითად უპირისპირდებოდნენ წინა შეხედულების ზოგიერთ საკვანძო დებულებას. ასე წარმოიქმნა სულ ცოტა ორი მიმდინარეობა, ბიჰევიორიზმი და გეშტალფსიქოლოგია, რომელთაც დიდწილად განსაზღვრეს ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების თავისებურებანი. ამგვარად, ცნობიერების კლასიკური ფსიქოლოგია, გარდა იმისა, რომ მან იკვლია და გამოავლინა მთელი რიგი ახალი კანონზომიერებანი (პოზიტიური სარგებლიანობა), სასარგებლო აღმოჩნდა ნეგატიურადაც - თავისი ხარვეზებით ბიძგი მისცა ფსიქოლოგიის ახალ მიმართულებათა განვითარებას.

      მაშასადამე შეცდომების ანალიზი „უარყოფით ნიმუშებს„ გვაწვდის და ამით გვეხმარება გზის გაკვლევაში. ამის გარდა, მას კიდევ ერთი სასარგებლო მხარე აქვს. ინდივიდუალური შეცდომის ანალიზი ხშირად თვით საკითხის ღრმა გააზრებაში გვეხმარება. ხოლო მთელი თეორიისა თუ მიმდინარეობის „კოლექტიური„ შეცდომა კიდევ უფრო ძვირფას მასალას გვაწვდის.

      სწორედ ყოველივე ამის ნათელყოფას ცდილობენ ფსიქოლოგიის ისტორიკოსები, რომელთა მიზანი არსებულ შეხედულებებში დადებითისა და უარყოფითის გამოვლინება და იმის ჩვენებაა, როგორ მიდის მეცნიერება მეცდომების გადალახვის გზით ჭეშმარიტებისკენ. ფსიქოლოგიის ისტორია გვასწავლის, თუ როგორ აღმოცენდა დღევანდელი ცოდნა, მეცნიერების თანამედროვე დონე. ფსიქოლოგიის ისტორია, გარკვეული აზრით, ესაა მეცნიერების ლოგიკური მეხსიერება. ამ კუმულაციურ ფუნქციაში, ე.ი. ფსიქოლოგიური ცოდნის შემონახვის და გამდიდრების ფუნქციაში, იგი გვასწავლის მეცნიერულ სიფრთხილეს, სიმკაცრეს, მოგვიწოდებს, რომ არ გავიმეოროთ წარსული შეცდომები; აგრეთვე ავირიდოთ უკვე აღმოჩენილის აღმოჩენა.

      მოპოვებული მეცნიერული დონის შეფასება ისტორიული ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია. ეს განსაკუთრებით ითქმის ფსიქოლოგიის მიმართ, რომელიც იყო და რჩება განსხვავებულ, ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ შეხედულებათა და მიმდინარეობათა ერთობლიობად. თვალსაზრისების ამ მოზაიკაში და მათი ჭიდილის პერიპეტიებში გარკვევა საკმაოდ რთულია, რადგანაც, ფაქტობრივად, ყველას აქვს ნათელი და ჩრდილოვანი მხარეები და სულაც არ არის თავისთავად ცხადი, რომელია უკეთესი. ამავე დროს, ვინაიდან ყოველი შეხედულება გარკვეულად (დადებითად თუ უარყოფითად) დაკავშირებულია წინა შეხედულებასთან, ხოლო ეს უკანასკნელი _ თავის წინამორბედთან, მისი სრულყოფილი გაგება მთელი ამ კონტექსტის გააზრებას მოითხოვს.

      ყველა ფსიქოლოგს, ადრე თუ გვიან, მოუწევს არსებულ შეხედულებებში, კონცეფციებსა თუ მიმართულებებში არჩევანის გაკეთება და კონკრეტულ თეორიულ პოზიციაზე დადგომა. ამის გარეშე არათუ მკვლევარი, არამედ პრაქტიკოსი სპეციალისტიც ვერ ივარგებს, ვინაიდან გამოყენებით ფსიქოლოგიაშიც არსებობს მრავალგვარი მიდგომა, რომლებიც ფუნდამენტურმეცნიერული აზრის განსხვავებულობაში იღებენ სათავეს. აქედან ნათელია, რომ ისტორიული ცოდნა ფუნდამენტური განათლების მომტანი და სპეციალისტი ფსიქოლოგის მომზადების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია. მოკლედ, ფსიქოლოგიის ისტორია არის საფუძველი ფსიქოლოგის შეფასებით მსჯელობათა სისტემის, ეტალონური სკალის ფორმირებისა, რომელიც უნდა გახდეს საზომი და ათვლის წერტილი სხვადასხვა შეხედულებათა და მიმართულებათა შეფასებისას. კიდევ უფრო რომ განვაზოგადოთ და გავამძაფროთ, ასეც შეგვიძლია ვთქვათ - მეცნიერების ისტორიის ცოდნა მეცნიერის განათლებულობისა და პროფესიონალიზმის მაჩვენებელია, ფსიქოლოგიური კვლევის კულტურის უზრუნველყოფის პირობაა. ეს ყოველივე მიუთითებს ფსიქოლოგიის ისტორიის საგანმანათლებლო და აქსიოლოგიურ ფუნქციებზე.

      ფსიქოლოგიის ისტორია მეცნიერების მეხსიერებაა, რომელიც დღევანდელობას ემსახურება. დღევანდელობა, თავის მხრივ, მომავლისკენაა მიმართული. ამდენად, ფსიქოლოგიის ისტორია არის ვექტორი, რომელიც მიგვითითებს, საიდან მოვდივართ, სად ვიმყოფებით ამჟამად და სად შეიძლება მივიდეთ. საქმე ეხება ფსიქოლოგიის ისტორიის პროგნოსტულ მნიშვნელობას; იგი არკვევს კავშირს დროებს შორის და საშუალებას გვაძლევს, წარსულის საფუძველზე, აწმყოს გადასახედიდან, დავინახოთ ფსიქოლოგიის მომავალი.

      თავისი პროგნოსტული ფუნქციით ფსიქოლოგიის ისტორია ერთდროულად ახორციელებს სოციალურ ფუნქციასაც _ იმის წინასწარმეტყველებას, თუ როგორ განვითარდება ფსიქოლოგია მომავალში, პრინციპული მნიშვნელობა აქვს მისი ადგილისა და როლის განსაზღვრაში საზოგადოების განვითარების დაგეგმარებისას, რაც ითვალისწინებს პოლიტიკური, წარმოებითი, საგანმანათლებლო, სამართალდაცვის, ჯანმთელობის დაცვისა თუ სხვა პროცესების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას.

      ამრიგად, ფსიქოლოგიის ისტორია რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: კვლევით-შემეცნებითს, კუმულაციურს, საგანმანათლებლო-აქსიოლოგიურს, პროგნოსტულს და სოციალურს.

      დროებს შორის ისტორიული ურთიერთმიმართება, ფსიქოლოგიის წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირი დაფარული დარჩება ჩვენთვის, თუკი არ ჩავწვდებით საერთო ტენდენციებსა და თავისებურებებს ფსიქოლოგიური აზრის განვითარებაში. ამდენად, ფსიქოლოგიური მეცნიერების ფორმირების პროცესის საერთო ხაზის გამოვლენა მთელი ისტორიული პერსპექტივის გადმოსახედიდან აღიარებულია თანამედროვე ფსიქოლოგიის ისტორიოგრაფიის უმთავრეს ამოცანად. ეს საერთო და უმთავრესი ამოცანა შედარებით კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას ითვალისწინებს. კერძოდ, ფსიქოლოგიის ისტორიამ უნდა:

      1. შეისწავლოს ფსიქიკურის შემეცნების პროცესის განვითარების ზოგადი კანონზომიერებანი;

      2. გაარკვიოს, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ფსიქოლოგიური ცოდნის აღმოცენებისა და დაგროვების პროცესი;

      3. ისტორიული კუთხით გააშუქოს ფსიქოლოგიის მიმართება სხვა მეცნიერებებთან, რაზეც დამოკიდებულია მისი წარმატებები;

      4. შეისწავლოს პიროვნების როლი, მისი ინდივიდუალური გზა მეცნიერების ქმნადობაში;

1.2. ფსიქოლოგიის ისტორიის პერიოდიზაცია

      დავიწყოთ იმის ზოგადი დახასიათებით, თუ როგორ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შემეცნების პროცესი. კაცობრიობის მთელი ისტორიის გადასახედიდან გააზრებისას შევამჩნევთ რამდენიმე არსებით გარემოებას. პირველი ისაა, რომ ეს პროცესი მრავალ საუკუნეს და ისტორიულ ეპოქას გაივლის. ფსიქოლოგიური ცოდნის დაგროვება კაცობრიობამ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო (თუმცა საკუთრივ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, შედარებით ახალგაზრდაა). მეორე ისაა, რომ ფსიქოლოგიური, ისევე როგორც ყოველგვარი მეცნიერული შემეცნება, არსებითად და მთლიანობაში, პროგრესის გზით მიდის. დღეს ჩვენ შეუდარებლად მეტი ვიცით ფსიქიკური ცხოვრების კანონზომიერებათა შესახებ, ვიდრე წინა ისტორიულ ეპოქებში. ამავე დროს, მეცნიერების, და კერძოდ, ფსიქოლოგიის პროგრესი, არ არის სწორხაზოვანი. შესამეცნებელი რეალობის სულ უფრო ღრმა და ადეკვატური ასახვის საერთო პროგრესულ ტენდენციასთან ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიულ განვითარებაში აღინიშნება რეგრესიული ტენდენციებიც - ადგილზე ტკეპნა, უკვე განვლილ და გადალახულ დონეზე, ან უფრო დაბალ დონეზე დაბრუნება, ახლის შეუმჩნევლობა, უკვე აღმოჩენილის თავიდან აღმოჩენა და ა.შ. ფსიქოლოგიური შემეცნების ადეკვატური დახასიათება ამ ვითარებათა სათანადო გათვალისწინებას მოითხოვს.

      ბუნებრივად დგება საკითხი - კონკრეტულად რა ეტაპებს გაივლის ეს პროცესი? ეს არის საკითხი ფსიქოლოგიის პერიოდიზაციის შესახებ. პერიოდიზაცია გულისხმობს ფსიქოლოგიური შემეცნების ერთიანი პროცესის დაყოფას საფეხურებად, ეტაპებად, რომლებიც ცოდნის თვისებრივად ახალი დონის მაჩვენებლებს შეესაბამება. პერიოდიზაცია საშუალებას გვაძლევს, უფრო მკაფიოდ დავინახოთ განვითარების დინამიკის თავისებურებანი ცოდნის მატებისა და დომინანტური ტენდენციების გამოვლინება/ფიქსაციის კვალდაკვალ.

      უნდა აღინიშნოს, რომ საერთო, ყველას მიერ მიღებული პერიოდიზაცია არ არსებობს, რაც პირველ რიგში, პერიოდიზაციის კრიტერიუმის შერჩევის სირთულითაა გამოწვეული. საქმე ისაა, რომ ფსიქოლოგია არ ვითარდებოდა ვაკუუმში, მხოლოდ საკუთარი ლოგიკის მიხედვით; მასზე ზემოქმედებდა ბევრი სხვა გარეგანი ფაქტორი, ისეთები, როგორიცაა საზოგადოების სოციოკულტურული განვითარება, ან მეცნიერების საერთო განვითარების დონე. ფსიქოლოგია ორი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა, როგორც ფილოსოფიის ნაწილი, ხოლო ამ უკანასკნელს განვითარების საკუთარი გზა და საკუთარი პერიოდიზაციის კრიტერიუმები აქვს. სხვა მეცნიერებათა გავლენის შემთხვევაშიც არსებითად იგივე ითქმის. კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ფსიქოლოგიური ცოდნის განვითარების უთანაბრობა და სპეციფიკურობა სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. გარდა ამისა, რაკი ერთი ეტაპი ან პერიოდი რაიმე არსებითი ხასიათის სიახლესთან უნდა იყოს დაკავშირებული, ხშირად ძნელი ხდება იმის გარკვევა, თუ საიდან უნდა დაიწყოს ქრონოლოგიურად ესა თუ ის ეტაპი - იქიდან, როცა რაიმე ახალი მნიშვნელოვანი მოსაზრება (იდეა) გამოითქვა პირველად, თუ იქიდან, როცა ამ იდეამ გავრცელება და მხარდაჭერა მოიპოვა ფართო სამეცნიერო საზოგადოებაში. მაგალითად, ასოციაციის იდეა უდავოდ ერთ-ერთი საეტაპო იყო ფსიქოლოგიაში, მაგრამ ასოციაციის თეორიის ელემენტებს, როგორც ქვევით დავრწმუნდებით, უკვე XVII საუკუნეში ვხვდებით (ჰობსი, სპინოზა, ლოკი); მისი ნათელი ფორმულირება და დამკვიდრება კი მოხდა მომდევნო ორ საუკუნეში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასოციაციონიზმი ყოველთვის რჩებოდა ბრიტანულ მიმდინარეობად და არ ყოფილა ჯეროვნად გაზიარებული სხვა მოწინავე ფსიქოლოგიური ქვეყნების, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ (იხ. თავი 4).

      კიდევ ერთი მაგალითი: ყველა თანხმდება, რომ ფსიქოლოგიის ისტორია უნდა დაიყოს ორ დიდ პერიოდად: ფსიქოლოგია, რომელიც ვითარდებოდა ფილოსოფიისა და სხვა მეცნიერებათა (უმთვარესად ბუნებისმეტყველების) წიაღში და ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. ეს სავსებით მართებულია, მაგრამ საკამათო ისაა, თუ საიდან იწყება დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერების პერიოდი. აქ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ ფსიქოლოგიამ უკვე XVIII საუკუნის ბოლოდან გააცნობიერა თავისი კვლევის საგნის განსხვავებულობა სხვა მეცნიერებათაგან და დაასაბუთა თავისი ადგილის უნიკალურობა მეცნიერებათა სისტემაში. უმრავლესობა ფსიქოლოგიის ემანსიპაციას მის გაექსპერიმენტალურებას უკავშირებს. თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ ეს უკვე XIX საუკუნის დასაწისში მოხდა. ზოგი ამას გ. ფეხნერის სახელს და მის მიერ „ფსიქოლოგიის ელემენტების“ _ კლასიკური ექსპერიმენტული გამოკვლევის გამოქვეყნების თარიღს, ანუ 1860 წელს უკავშირებს; უფრო მეტნი კი ასახელებენ ვ. ვუნდტს და მის მიერ 1879 წელს პირველი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დაარსებას.

      ასეა თუ ისე, აღნიშნული დაყოფა, თავისთავად, სრულიად ნათელ კრიტერიუმს ეყრდნობა. ამავე დროს, თვალშისაცემია, რომ გამოყოფილი ორი პერიოდი უკიდურესად არათანაფარდია დროის ხანგრძლივობის მხრივ. ფსიქოლოგიის ფილოსოფიური ეტაპი მოიცავს დაახლოებით 2,5 ათას წელს (VI ს. ძვ.წ. - XIX ს. შუა ხანი), ხოლო დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერება სულ 1,5 საუკუნეს ითვლის. ჰ. ებინჰაუსის თქმით - ფსიქოლოგიას გრძელი წარსული და ხანმოკლე ისტორია აქვს. თუმცა მაინც ორივე პერიოდს ესაჭიროება უფრო დაწვრილებითი დანაწევრება. აქ შეიძლება და უპრიანიცაა გამოვიყენოთ სხვადასხვა კრიტერიუმი. ზოგჯერ უბრალოდ ფორმალური ქრონოლოგიით ვიხელმძღვანელოთ - განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ფსიქოლოგიური შეხედულებები ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებში, ახალ დროში, XVIII საუკუნეში და ა.შ., რიგ შემთხვევაში კი გამოვიყენოთ ტერიტორიულ-რელიგიური პრინციპი - ფსიქოლოგია ინგლისში, საფრანგეთში, საქართველოში, აღმოსავლური ფსიქოლოგია, არაბული ფსიქოლოგია და ა.შ. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის განვითარების ისტორიის პერიოდიზაციისას სასარგებლოა, მივმართოთ სამეცნიერო სკოლებისა თუ მიმართულებათა ჩამოყალიბება-განვითარების კრიტერიუმს: სტრუქტურული და ფუნქციონალური ფსიქოლოგია, სიღრმის ფსიქოლოგია და პოსტფროიდიზმი, კლასიკური ბიჰევიორიზმი და ნეობიჰევიორიზმი და ა.შ. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ უნივერსალური პერიოდიზაცია მთელ ფსიქოლოგიურ ცოდნას უნდა მოიცავდეს, რომელიც, არსებითად, ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგების ცოდნათა ერთობლიობაა. ამიტომ გამოსაყენებელია ე.წ. დარგობრივი მიდგომა _ როდესაც ისტორიულ ჭრილში განიხილება ფსიქოლოგიის სპეციალური და გამოყენებითი დარგების აღმოცენებისა და განვითარების პროცესი.

      ზემოთ ჩვენ უკვე ვახსენეთ პერიოდიზაციის საკმაოდ გავრცელებული ფორმა. მხედველობაში გვაქვს სამი კატეგორიის - სულის (მეტაფიზიკური ფსიქოლოგია), ცნობიერების მოვლენების (ემპირიული ფსიქოლოგია) და ქცევის (ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია) მონაცვლეობაზე აგებული პერიოდიზაცია. მაგრამ იგი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. მაგალითად, ე.წ. მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპზე, რომელიც ახალ დრომდე გრძელდებოდა და დაუკვირვებადი სულის შესახებ მეცნიერებად მიიჩნეოდა, საკმაოდ ბევრი იდეა და შეხედულება გამოითქვა, რომლებიც თავისი არსით ემპირიულ ფსიქოლოგიას უფრო მიეკუთვნებოდა (თუნდაც არისტოტელესთან). თავის მხრივ, ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ეტაპზე, რომელიც მოწოდებული იყო, დაეხასიათებინა რეალურად არსებული ფსიქიკური მოვლენები, განაგრძობდა არსებობას და განვითარებას ფაქტობრივად მეტაფიზიკური ფსიქოლოგია, ოღონდ სხვა, ე.წ. „რაციონალური ფსიქოლოგიის“ სახელით (მაგ., ვოლფისა და კანტის ფსიქოლოგია, ე.წ. შოტლანდიური სკოლა და სხვა). საყოველთაოდ მიღებულ მიმდინარეობად ვერც ბიჰევიორიზმი იქცა, რომელმაც უარყო ცნობიერება და ქცევა გახადა კვლევის საგნად. მან დაიპყრო ამერიკა, მაგრამ ევროპას არასდროს უთქვამს უარი ცნობიერებისა შესწავლაზე. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ფსიქოლოგიის საყოველთაო ტენდენცია ქცევისა და ცნობიერების გამთლიანება გახდა. დავუმატოთ ამას პიროვნებისა და არაცნობიერის კატეგორიებიც, რომელთა გარეშე დღევანდელი ფსიქოლოგიური სისტემები ვეღარ მოიაზრება, და გასაგები ხდება, რომ სამი კატეგორიის მონაცვლეობაზე დამყარებული აღნიშნული სამეტაპობრივი სქემა შორსაა სრულყოფილებისაგან. პერიოდიზაციის ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენება საშუალებას მოგვცემს, თვალნათლივ დავინახოთ, როგორ ყალიბდებოდა ფსიქოლოგიური მეცნიერების სისტემა, როგორია მისი თანამედროვე სტრუქტურა, როგორ შეიძლება მოხდეს მისი შემდგომი დიფერენციაცია და შევიქმნათ წარმოდგენა ფსიქოლოგიის რეალურ და შესაძლო დისციპლინათშორისი კავშირების შესახებ. მოცემულ მონოგრაფიაში, შეძლებისდაგვარად, ნაცადი იქნება პერიოდიზაციის ამ პრინციპების კომპლექსური გამოყენება საერთო სურათის შესაქმნელად.

1.3. ცოდნის დაგროვების პროცესის დინამიკა

      ახლა ცოტა რამ ვთქვათ ფსიქოლოგიური ცოდნის დაგროვების პროცესის ხასიათის შესახებ. უკვე აღინიშნა, რომ ეს პროცესი, არსებითად, პროგრესის ნიშნით ხასიათდება. მაგრამ როგორია ამ პროგრესისკენ მიმართული პროცესის საერთო დინამიკა? როგორ ხდება მეცნიერული და, სახელდობრ, ფსიქოლოგიური ცოდნის მატება/ზრდა? ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებათმცოდნეობაში ორი პრინციპული პოზიცია არსებობს: კუმულაციონიზმი და ანტიკუმულაციონიზმი.

      პირველი ამოდის თვალსაზრისიდან, რომ ხდება ცოდნის მუდმივი დაგროვება (კუმულაცია). იგულისხმება, რომ მეცნიერული ცოდნა თანდათან იზრდება ახალი ფაქტების აღმოჩენისა და ამხსნელი თეორიების დამუშავების კვალდაკვალ. მეცნიერების განვითარების კუმულაციური კონცეფცია ამტკიცებს, რომ: 1. ახალი ცოდნა მეცნიერებაში შენდება ძველის საფუძველზე. 2. ახალი მეცნიერული ცოდნა წინსვლითად ვითარდება, უმჯობესდება და სულ უფრო უკეთ (ზუსტად, სრულად, ღრმად) ასახავს სინამდვილეს.

      კუმულაციური თვალსაზრისი ხაზს უსვამს ევოლუციას, მემკვიდრეობითობას და უწყვეტობას მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ადრე მონახული ფაქტები ახალი ფაქტების მოპოვების ბაზად იქცევა. ახალი მეცნიერული იდეები აღმოცენდება, როგორც ძველი იდეების გაგრძელება და განვითარება. მეცნიერების განვითარების ასეთი სურათი დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ სრულებით ბუნებრივ და ერთადერთ შესაძლებელ ხედვად. მეცნიერების ფენომენის შემსწავლელი პირველი პოზიტივისტები (ო. კონტი, ე. მახი, ჰ. სპენსერი და სხვა) ამ შეხედულებას იზიარებდნენ. კუმულაციური თვალსაზრისის საყოველთაო ბატონობა პირველად XX საუკუნის დასაწყისის ფიზიკის რევოლუციურმა ცვლილებებმა შეარყია. მოვლენები, რომელთაც ფარდობითობის თეორია და ქვანტური მექანიკა თავისი პრინციპებითა და ფაქტოლოგიით ხსნიდა, არსებითად დაუპირისპირდა ნიუტონის მექანიკას. გაჩნდა იმის გაგება, რომ აქ საქმე გვაქვს მეცნიერული ცოდნის რევოლუციურ გადახალისებასთან და არა მის თანდათანობით დაგროვებასთან.

      მეცნიერებათმცოდნეებმა, მათ შორის მეცნიერების ისტორიკოსებმა, სხვა თვალით გადახედეს მეცნიერების ისტორიას და ისეთი მომენტები დაინახეს, რომლებსაც მანამდე ყურადღება არ ექცეოდა. მართლაც, მეცნიერების ისტორია ბევრ მცდარ იდეას იცნობს, რომლებიც მეცნიერებამ მთლიანად უარყო. ასეთებია, მაგალითად, ფლოგისტონის თეორია, რომელიც წვის პროცესის ასახსნელად სხეულებში ჰიპოთეტური ნივთიერების (ფლოგისტონის) არსებობას უშვებდა ან ფლუიდის თეორია, რომელიც ფიზიკური პროცესების (მაგნეტიზმი, ელექტრობა) ასახსნელად ასევე ამტკიცებდა ჰიპოთეტური სითხის (ფლუიდის) არსებობას და სხვა. ამიტომ, მეცნიერების ისტორია არ შეიძლება აღიწეროს, როგორც იდეებისა და თეორების უბრალო დაგროვება. მეცნიერების განვითარების საკვანძო პუნქტებში ახალი აღმოჩენები ან ახალი თეორიები უბრალოდ კი არ უმატებს ძველ ცოდნაზე ახალს, არამედ ძირფესვიანად უარყოფს ძველ ცოდნას და ცვლის მას სრულიად ახლით. სამყაროს გარკვეული სფეროს შესახებ უკვე არსებული მეცნიერული წარმოდგენები რადიკალურად იცვლება. კოპერნიკ-კეპლერის ჰელიოცენტრისტულმა თეორიამ მთლიანად შეცვალა კოსმოლოგიური ცოდნის სისტემა, რომელშიც მანამდე გაბატონებული პტოლემეოსის გეოცენტრისტული კონცეფციისთვის ადგილი სულ აღარ დარჩა. ან ერთია სწორი, ან მეორე; ან დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო ან პირიქით - ორივე ჭეშმარიტი ვერ იქნება.

      ამ შემთხვევაში ვეღარ ვიტყვით, რომ ახალი ცოდნა ძველზეა დაშენებული, ან, თუნდაც, მას ითვალისწინებს; ძველი ცოდნა უბრალოდ უკუგდებულია და სახეზეა მეცნიერების ნახტომისებური, რევოლუციური და არა ევოლუციური, თანდათანობითი, კუმულაციური განვითარების პრეცენდენტი. ასეთი პრეცენდენტები მრავლად აღმოჩნდა ბენებისმეტყველებაში. ბიოლოგიაში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფსიქოლოგიასთან, ამის მაგალითებად გვევლინება დარვინისა და მენდელის მეცნიერული გარღვევები.

      XX საუკუნის შუახანებში, პოსტპოზიტივისტური მიმართულების რამდენიმე გამოჩენილი მეთოდოლოგისა და მეცნიერებათმცოდნის მიერ ჩამოყალიბდა ე.წ. ანტიკუმულაციური თვალსაზრისი. კუმულატივიზმი მართალი იყო, როდესაც ხაზს უსვამდა მეცნიერული ცოდნის მემკვიდრეობითობას. მაგრამ მას ეშლებოდა, როცა ვერ ამჩნევდა ცოდნის თვისებრივ ტრანსფორმაციას მეცნიერების განვითარების პროცესში. ეს განვითარება არ დაიყვანება ცოდნის თანდათანობით ევოლუციაზე, რაოდენობრივ მატებაზე. პირიქით, ცოდნის მატებას უმთავრესად რევოლუციური, ნახტომისებრივი ხასიათი აქვს. ესაა ანტიკუმულაციონიზმის მთავარი თეზისი, თუმცა ამ საერთო შეხედულების ფარგლებში გამოითქვა არაერთი განსხვავებული და თავისებური თვალსაზრისი.

      ყველაზე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ამერიკელი ფილოსოფოსისა და მეცნიერების ისტორიკოსის თომას კუნის (1922-1995) კონცეფციამ, რომელიც გადმოცემულია საპროგრამო წიგნში „მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა“. კონცეფციის ანტიკუმულაციური სულისკვეთება მისი სათაურიდანაც ჩანს. ამ უდავო გარემოების ფონზე მასში ერთგვარად მაინც ნაცადია კუმულაციური და ანტიკუმულაციური თვალსაზრისების შერიგება. კუნის თეორიის საკვანძო ცნება არის „პარადიგმა“ (ბერძნულიდან - პარადეიგმა - მაგალითი, ნიმუში). ამიტომ მას პარადიგმატულ მიდგომასაც უწოდებენ. კუნი პარადიგმას განსაზღვრავს, როგორც „ყველას მიერ აღიარებულ მეცნიერულ მიღწევებს, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში აწოდებენ მეცნიერულ საზოგადოებრიობას პრობლემების დაყენებისა და გადაწყვეტის ნიმუშს“. პარადიგმა არ არის მხოლოდ თეორია. იგი მეცნიერული მოღვაწეობის საყოველთაოდ მიღებული წესია და შეიცავს კანონებს, თეორიულ დებულებებს, დასკვნებსა და ახალი (მათ შორის პრაქტიკული) ამოცანების მიმართ მათი გამოყენების ხერხებს. პარადიგმა, არსებითად, მეცნიერული მსოფლმხედველობაა, რომელიც განსაზღვრავს სამყაროს ამა თუ იმ სფეროს (მონაკვეთის) მეცნიერულ სურათს, იმას, თუ როგორ უნდა დაინახო და იკვლიო იგი. კოპერნიკ-კეპლერის ჰელიოცენტრისტულ სისტემას, ან აინშტაინის რელატივისტურ ფიზიკას კუნი პარადიგმის მაგალითებად ასახელებს.

      ყოველივე ამის შესაბამისად, მეცნიერების განვითარების ისტორია წარმოდგენილია, როგორც პარადიგმების აღმოცენებისა და მათი მონაცვლეობის ისტორია. მეცნიერების განვითარების საწყის ეტაპზე პარადიგმა ჯერ კიდევ არ შექმნილა (ე.წ. პარადიგმამდელი პერიოდი). მკვლევართა შორის არ არსებობდა თანხმობა იმის თაობაზე, როგორია შესასწავლი რეალობის საზღვრები, რა ცნებებით უნდა დახასიათდეს იგი, რა ძირეული პრობლემები იჩენს თავს მისი შესწავლისას და როგორ უნდა წარიმართოს მისი კვლევა. მოკლედ, არ არსებობს არავითარი თანხმობა სხვადასხვა სამეცნიერო სკოლების წარმომადგენლებს შორის ძირეულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე. განვითარების პროცესში მეცნიერი ან მკვლევართა ჯგუფი ქმნის სინთეზურ თეორიას, რომელსაც ძალუძს დააინტერესოს და თავისკენ მიიზიდოს შემდგომი თაობის მკვლევარები; წინანდელი სკოლები ქრება, ყალიბდება პარადიგმა. იგი ხდება ნორმა კონკრეტულ სფეროში დაკავებული ყველა მოაზროვნისთვის (ან მათი უმრავლესობისთვის). ეს ნიშნავს, რომ მეცნიერება შევიდა სიმწიფის ხანაში - იგი გახდა პარადიგმატული. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა ე.წ. მეცნიერული საზოგადოება, რომელიც ამ პარადიგმას იცავს და ავითარებს. ამიერიდან იწყება მეცნიერების განვითარების ე.წ. ნორმალური პერიოდი.

      ნორმალურ პერიოდში მეცნიერება ვითარდება კუმულაციურად. ხდება ფაქტების დაგროვება და საფუძველმდებარე თეორიასთან მათი მორგება. თუმცა ყველაფერი კეთდება იმ ჩარჩოებში, რომლებიც პარადიგმამ დააწესა. მეცნიერები იმ პრობლემებს იკვლევენ, რომლებსაც მეცნიერული საზოგადოება კანონიერად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. პარადიგმას დიდი ძალა აქვს. იგი იქვემდებარებს მეცნიერთა გონებას და არ უშვებს მათ ალტერნატული გზების საძებნად. ამავე დროს, იგი საკმაოდ „ღიაა“ იმისთვის, რომ მის ფარგლებში მიმდინარეობდეს ნორმალური მეცნიერული მუშაობა - „ბუნების თავსატეხების ამოხსნა“.

      გარკვეულ დრომდე მეცნიერების ამ დარგში მომუშავენი მიჰყვებიან მოცემულ პარადიგმას, როგორც ერთადერთ შესაძლებელს. საკუთრივ საფუძველმდებარე თეორიის მართებულობის მიმართ შეკითხვები არ ჩნდება. მის მიერ პროგნოზირებული ფაქტები გროვდება და ასიმილირდება.Mმაგრამ კვლევის პროცესში აუცილებლად ჩნდება ისეთი ფაქტებიც, რომლებიც თეორიის ფარგლებში არ თავსედება. კუნი მათ „ანომალიებს“ უწოდებს. პირველ ხანებში, სანამ პარადიგმა ძლიერია, ხდება მათი რაციონალიზაცია, ანუ თეორიაზე საგანგებოდ მორგება-დაქვემდებარება, ან, თუ ეს შეუძლებელია, უბრალოდ მათი უგულებელყოფა. საბოლოოდ ასეთი ანომალიების რაოდენობა კრიტიკულ მასას აღწევს, რის შემდეგაც მათი უგულებელყოფა შეუძლებელი ხდება. აქ წყდება მეცნიერების ნორმალური განვითარების პერიოდი და იწყება კრიზისული ეტაპი. მეცნიერულ საზოგადოებას იპყრობს პროფესიული დაურწმუნებლობა, იწყება ალტერნატული თეორიული მოდელების შექმნა, ჩნდება დაპირისპირებული სკოლები, ბანაკები. საბოლოოდ იმარჯვებს ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც პარადიგმის ძალას იძენს. კრიზისი სრულდება მეცნიერული რევოლუციით, რომელიც ახალი პარადიგმის გამეფებას ნიშნავს.

      ისტორიულ პერსპეტივაში მეცნიერული რევოლუცია მყისიერი პროცესია. მეცნიერული რევოლუციის შედეგად იცვლება მეცნიერთა მიერ სამყაროს ხედვა. მეცნიერი ყოველთვის სამეცნიერო საზოგადოების წევრია, რომელიც გარკვეული პარადიგმის სათვალით აღიქვამს რეალობას. როცა პარადიგმა იცვლება, იცვლება სათვალეც. ერთი და იგივე მოვლენები (ფაქტები) სხვაგვარად გამოიყურება ახალი პარადიგმატული სათვალით მზერისას. მეცნიერული რევოლუციის შემდეგ მკვლევარები ხშირად ამბობენ, რომ მათ „ლიბრი ჩამოშორდათ თვალებიდან“, ან მიუთითებენ „გასხივოსნებაზე“, რომელიც ისე გააშუქებს რთულ თავსატეხსა თუ პრობლემას, რომ იგი სრულებით ახალ რაკურსში წარმოჩინდება და ნათელყოფს მისი გადაწყვეტის გზას.

      საინტერესოა, რომ ამ ტრასფორმაციების საილუსტრაციოდ კუნი ფსიქოლოგიის გამოცდილებას მიმართავს. სახელდობრ, იგი მიუთითებს გეშტალტის გადართვაზე ორმაგი გამოსახულების სურათებში (იხ. თავი 9.1.). „ის, რაც მეცნიერს რევოლუციამდე ეჩვენებოდა იხვად, რევოლუციის მერე აღმოჩნდა კურდღელი“. აღწერილია აგრეთვე ცნობილი ექსპერიმენტები სათვალით, რომელიც თავდაყირა აყენებს გარემოს გამოსახულებას. თავდაპირველად ცდისპირები დეზორიენტირებულნი არიან და განიცდიან მძაფრ პიროვნულ კრიზისს. თანდათან ისინი ეჩვევიან და ანომალური მხედველობის ველი ნორმალურად გამოიყურება. „შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც შეეჩვია გადაბრუნებულ გამოსახულებას, განიცდის აღქმის რევოლუციურ ცვლილებას“. ახალი პარადიგმის შემთხვევაშიც ასეა. სამწუხაროდ, მეცნიერებს არ შეუძლიათ ამ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მონაწილეებივით გადართონ თავიანთი აღქმა ამა თუ იმ მიმართულებით. ამიტომ არის, რომ ზოგიერთი მეცნიერი ვერ ახერხებს, გაითავისოს ახალი პარადიგმის მიერ შემოთავაზებული მსოფლმხედველობრივი ცვლილებები და მეცნიერული საზოგადოებრიობის გარეთ რჩება. კუნი აჩვენებს, რომ ახალი პარადიგმა მაშინ მკვიდრდება, როცა მისი მომხრეები სოციალურ გამარჯვებას აღწევენ და მეცნიერების საკვანძო პოზიციებიდან ძველი პარადიგმის დამცველებს განდევნიან. მ. პლანკი იმასაც ამბობს, რომ „ახალი მეცნიერული იდეა იმარჯვებს არა ოპონენტების დარწმუნების გზით, არამედ იმის წყალობით, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს გარდაიცვლებიან, ხოლო ახალი თაობის მეცნიერები უკვე ახალი იდეის მიმდევრებად იზრდებიან“.

      მოკლედ, კუნის მოდელის თანახმად, მეცნიერული საზოგადოება მხოლოდ ერთ პარადიგმას ცნობს. ყველა ეპოქას თავისი პარადიგმა აქვს. პარადიგმათა თანაარსებობა გამორიცხულია. ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ პარადიგმები ერთმანეთის მიმართ უთანაზომო არიან. მათ არაფერი აქვთ საერთო, რაც გამორიცხავს მათ შორის მემკვიდრეობას, უწყვეტობას. ახალი პარადიგმა მთლიანად უარყოფს ძველს. ეს ვითარება იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მეცნიერული რევოლუციის მერე სახელმძღვანელოებიც ახლიდან იწერება.

      კუნის შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერებათმცოდნეობაზე. ამავე დროს, მათ არც კრიტიკა დაჰკლებია. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კრიტიკული განსჯის საგნად გადაიქცა როგორც „ნორმალური მეცნიერების“, ისე „მეცნიერული რევოლუციის“ ცნებები. ითქვა, რომ კუნის მიხედვით მეცნიერული საქმიანობა ნორმალური მეცნიერების პერიოდში ფაქტობრივად ამოიწურება პარადიგმის დაზუსტებით; ამ დროს მეცნიერები არ ისახავენ პრინციპულად ახალი თეორიების შექმნის მიზანს. მაგრამ ასეთი საქმიანობა სულაც არ არის დამახასიათებელი ჩვეულებრივი (ნორმალური) კვლევითი პროცესისთვის. მეცნიერული კვლევა შემოქმედებითი საქმიანობაა, რომელსაც ვერ შეზღუდავ პარადიგმატული დოგმებით. კრიტიკულად მოაზროვნე მეცნიერი თუმცა კი მუშაობს გარკვეული თეორიის ჩარჩოებში, მაგრამ მას შეუძლია გავიდეს მის ფარგლებს გარეთაც. ამას შეიძლება ვუწოდოთ მეცნიერული რევოლუცია, თუმცა მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს უკანასკნელი არაა ისე დრამატულად გაზვიადებული მოვლენა, როგორც ეს კუნის რევოლუციების კონცეფციაშია აღწერილი. იგი ხდება ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი ნორმალური კვლევითი პროცესისა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მეცნიერების ფილოსოფოსი კარლ პოპერი (1902-1994) მიუთითებს, რომ ნორმალურ მეცნიერებას და მეცნიერულ რევოლუციას შორის არ არის ისეთი არსებითი განსხვავება, როგორც ეს პარადიგმატურ მიდგომაშია წარმოდგენილი. მისი აზრით, მეცნიერულ შეხედულებათა ინტერპრეტაცია უნდა ხდებოდეს მხოლოდ ლოგიკის (დამტკიცება, ვერიფიკაცია), და არა სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის საშუალებებით, როგორც ეს კუნთან ხდება ხოლმე. კუნისეულ „ნორმალურ მეცნიერებას“ პოპერი მეცნიერებად არც კი მიიჩნევს. თუკი მეცნიერი ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომლის მნიშვნელობის გაგება მხოლოდ მოცემულ კულტურულ ან სოციალურ კონტექსტში შეიძლება, ან თუკი ის ცდილობს, უბრალოდ შეუსაბამოს თავისი კვლევა „მეცნიერულ საზოგადოებაში“ დამკვიდრებულ ნორმებს და თუკი კვლევა მოკლებულია რევოლუციურ პოტენციალს, მაშინ ასეთი „ნორმალური მეცნიერება“, პოპერის გაგებით, აღარცაა ნამდვილი მეცნიერება. „ნორმალური“Pმეცნიერი, რომელიც მხოლოდ მიღებული პარადიგმის ფარგლებში ფიქრობს და მოქმედებს, აუცილებლად ხდება დოგმატიკოსი. ჩვეულებრივ, რეალური მეცნიერი ინარჩუნებს კრიტიკულობას პარადიგმის ჩარჩოების მიმართ, რომელშიც იგი მუშაობს და, სურვილის შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლია ამ ფარგლებს გასცდეს.

      პოპერის კრიტიკაში უთუოდ არის რაციონალური მარცვალი, მაგრამ იგი მაინც გადაჭარბებულია. მეცნიერება ვერ იქნება სოციალურ-ფსიქოლოგიურად სტერილური, რამდენადაც მას საზოგადოების წევრი პიროვნებები ქმნიან. ვერც ყოველგვარი კვლევა იქნება რევოლუციური. მეცნიერულ გარღვევას, ნახტომს განვითარებაში უნდა მოჰყვეს ცოდნის თანდათანობითი მატება, რომელიც გამოიხატება პრინციპულად ახალი შეხედულების გააზრებაში, დალაგებაში, დაზუსტებაში, მისი ემპირიული ბაზის გაფართოებაში, შევსებაში და ა.შ., ანუ მუშაობაში შექმნილი პარადიგმის ფარგლებში. ცნობილი მეთოდოლოგი ს. ტულმინი კუნის მოდელის პოპერისეულ კრიტიკას უმატებს მოსაზრებას, რომ მეცნიერებაში „ყველაზე დრამატულ რევოლუციებსაც კი არ მივყავართ წარსულთან კავშირის სრულ გაწყვეტამდე“; და, საბოლოოდ, მართებულად შენიშნავს, რომ სინამდვილეში მეცნიერული რევოლუცია ნაკლებად რევოლუციურია, ხოლო ნორმალური მეცნიერება - ნაკლებად კუმულაციური.

      ყველაზე მეტი საყვედური მაინც კუნის პარადიგმათა (თეორიათა) უთანაზომობის პრინციპმა გამოიწვია. იგი, უბრალოდ, არ შეესაბამება მეცნიერების ისტორიის მონაცემებს. ცნობილია უამრავი თეორია, რომლებშიც მოცემულია ძველის ელემენტები, ან ეყრდნობა გარკვეულ ტრადიციას. ძველ და ახალ შეხედულებებს შორის არსებობს მემკვიდრეობითობა. მაშინაც, როცა ახალი თეორია პირდაპირ ეწინააღმდეგება ძველს, ეს უკანასკნელი არ შეიძლება უბრალოდ მოვიშოროთ, როგორც სრული უაზრობა. ახალმა კონცეფციამ უნდა ახსნას ის, რომ წინანდელ თეორიასაც ჰქონდა თავისი ემპირიული დასაბუთება. მაგალითად, ფარდობითობის თეორიაც და ქვანტური ფიზიკაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ნიუტონის ფიზიკას, რომელიც მშვენივრად მუშაობდა საუკუნეთა განმავლობაში. მასზე დაყრდნობით აშენებდნენ ხიდებს, ზუსტად წინასწარმეტყველებდნენ მზის დაბნელებებს და სხვა. უფრო მეტიც, თანამედროვე კოსმოსური ხომალდების ფრენის ტრაექტორიებიც კი სწორედ ნიუტონისეული მექანიკის კანონებს ემყარება. ნიუტონის თეორიამ გაიარა უსერიოზულესი ექსპერიმენტული გამოცდა და ბრწყინვალედ ჩააბარა ტესტი ვერიფიცირებულობაზე. მაგრამ როგორაა ეს შესაძლებელი, თუკი თეორია მცდარია? საქმე ისაა, რომ თუმცა ახალი თეორია, ახალ საფუძვლებზე დაყრდნობით, სხვაგვარად ხედავს სამყაროს, იგი მაინც ინარჩუნებს ძველი კანონების ძირითად ნაწილს. ესე იგი ახალი შეხედულება უწინ აღმოჩენილი ფაქტებისა და თეორიის ახსნას უნდა გვაძლევდეს. ქვანტური ფიზიკის ერთ-ერთმა ავტორმა, ნ. ბორმა ამას „შესატყვისობის პრინციპი“ უწოდა: „თეორიები, რომელთა მართებულობა ექსპერიმენტულად დასაბუთებულია ფიზიკური მოვლენების ამა თუ იმ სფეროსთვის, ახალი, უფრო ზოგადი თეორების წარმოშობის შემდეგ კი არ უარიყოფა, როგორც მცდარი, არამედ ინარჩუნებს თავიანთ მნიშვნელობას მოვლენათა ძველი სფეროსთვის, როგორც ახალი თეორების შემოსაზღვრული ფორმა და შემადგენელი ნაწილი“. ანუ სხვადასხვა ხედვა, თუკი ისინი ლოგიკურად დასაბუთებულია, ერთმანეთს იმდენად კი არ გამორიცხავს, რამდენადაც ავსებს _ თვითეულს თავ-თავისი „მართებულობის არე„ აქვს, შედარებით ვიწრო ან ფართე. აქედან გამომდინარე, თვით ნიუტონის მექანიკა აინშტაინის თეორიის ნაწილად წარმოგვიდგება (კუნის მიხედვით კი ისინი სხვადასხვა უთანაზომო პარადიგმებად განიხილება); ან კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ატომური წონების როლი ქვანტურ ფიზიკაში პრინციპულად განსხვავდება მენდელეევის შეხედულებებისაგან, მენდელეევის ცხრილი მაინც ქიმიის უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებად რჩება. და ასეა ყველგან.

      მემკვიდრეობის პრინციპი გულისხმობს გარკვეული ადგილის მიჩენას ძველი ცოდნისთვის. რა თქმა უნდა, მეცნიერების ისტორია იცნობს შეხედულებებს, რომლებიც აშკარად მცდარია და თანამედროვე მეცნიერებისთვის სრულიად მიუღებელი. მაგრამ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მათი გამოყენებაც, ოღონდ ძალიან შეზღუდული არეს მიმართ. დედამიწა, რასაკვირველია, ბრტყელი არ არის, მაგრამ გეოდეზია, რომელიც დედამიწის კონკრეტულ მონაკვეთთან მიმართებაში მის სიმრგვალეს მხედველობაში არ იღებს, სრულებით გამართლებულია. სული, ცხადია, არაა ცეცხლი, მაგრამ, როგორც ზემოთ დავინახეთ, ჰერაკლიტეს ცეცხლოვანების იდეა დღევანდელი ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც შეიცავს რაციონალურ მარცვლებს.

      ანტიკუმულაციური შეხედულების ფარგლებში სხვა თვალსაზრისებიც გაჩნდა. დამსახურებული ავტორიტეტი მოიპოვა უნგრული წარმოშობის ცნობილი ინგლისელი მეცნიერების მეთოდოლოგის, იმრე ლაკატოშის (1922- 1974) თვალსაზრისმა. ლაკატოშის თეორიის ძირითადი ცნებაა სამეცნიეროკვლევითი პროგრამა. არსებითად, ესაა სხვადასხვა დონის თეორიების ჯგუფი, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებს პროგრამის ბირთვი _ საერთო ფუნდამენტური დებულებები და მეთოდოლოგიური პრინციპები; პროგრამას აქვს ე.წ. პოზიტიური და ნეგატიური ევრისტიკა, ანუ ნორმატიული წესებირეგულატორები, რომლებიც განსაზღვრავენ, რა გზებია უფრო პერსპექტიული პროგრამის განვითარებისთვის და შემდგომი კვლევისთვის (დადებითი ევრისტიკა) და რა გზებს უნდა ვერიდოთ (უარყოფითი ევრისტიკა). დაბოლოს, ე.წ. დამცავი სარტყელი - დამხმარე ჰიპოთეზები, რომლებიც იცავენ ბირთვს ემპირიული უარყოფისაგან და რომლებიც ექვემდებარება მოდიფიკაციას.

      მაგალითად, ნიუტონის ფიზიკურ თეორიაში, რომელსაც ლაკატოში სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის მაგალითად მიიჩნევს, ბირთვია მექანიკის სამი კანონი და, ასევე, მიზიდულობის კანონი. ამ საფუძველზე შექმნილია მრავალი თეორია ასტრონომიის, ოპტიკისა თუ სხვა სფეროებში. ამ კანონების მიხედვით გამოთვლილი პლანეტა ურანის ორბიტა განსხვავდებოდა ასტრონომიული დაკვირვებებით დაფიქსირებული ორბიტისაგან, მაგრამ ამის გამო არ მომხდარა თვით კანონების უარყოფა. გამოითქვა დამატებითი ვარაუდი (დამცავი სარტყელი) მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტის არსებობის შესახებ და მალე ასეთი პლანეტა (პლუტონი) კიდეც აღმოაჩინეს. ეს ჰიპოთეზა რომ არ დადასტურებულიყო, სხვას შეიმუშავებდნენ. ახალ პროგრამაზე გადასვლის საჭიროება მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ინგრევა პროგრამის ბირთვი. პროგრამების ცვლილება არის მეცნიერული რევოლუცია.

      სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის განვითარებაში ორი ეტაპი გამოიყოფა - პროგრესული და რეგრესული. პირველ შემთხვევაში თეორია წინ უსწრებს ფაქტებს და წინასწარმეტყველებს მათ არსებობაზე. მეორე შემთხვევაში თეორია ჩამორჩება ფაქტებს, ანუ გროვდება იმაზე მეტი ემპირიული მონაცემი, ვიდრე თეორიას მათი ახსნა შეუძლია. რეგრესული პროგრამა შეიძლება შეცვალოს დაპირისპირებულმა პროგრამამ. მეცნიერების განვითარების მოცემული მოდელი უშვებს პროგრამების ერთდროულობას და კონკურენციას. კუნისაგან განსხვავებით, ლაკატოში მიიჩნევს, რომ ნორმალური მეცნიერების პერიოდები, როდესაც გაბატონებულია ერთი სამეცნიერო პროგრამა, დიდი იშვიათობაა. კუნის პარადიგმა სხვა არაფერია, თუ არა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელმაც დროებით მოიპოვა მონოპოლია. ბევრად ხშირია, როცა პროგრამები რამდენიმეა და ისინი ერთმანეთთან კონკურენციის მდგომარეობაში იმყოფებიან. მეცნიერება არც უნდა იყოს ნორმალური (კუნისეული მნიშვნელობით) იმიტომ, რომ რაც უფრო მალე დაიწყება მეტოქეობა და შეჯიბრი, მით უკეთესია პროგრესისთვის. მეცნიერების ისტორია ყოველთვის იყო და უნდა იყოს მეცნიერული პროგრამების ბრძოლის ისტორია, ამბობს ავტორი. კვლევითი კონკურენციის პროცესში ერთ-ერთი პროგრამა გამოდის გამარჯვებული და სწორედ ესაა მეცნიერული რევოლუცია. კუნის თანახმად, რევოლუცია მყისიერია და მოულოდნელი, ლაკატოშის მიხედვით კი მეცნიერული რევოლუცია თანდათან მზადდება პროგრამების კონკურენციის პირობებში. პარადიგმები არ არსებობს ერთდროულად; ხოლო სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები თანაარსებობენ და იბრძვიან.

      ამ აზრს აგრძელებს და ამძაფრებს გავლენიანი მეთოდოლოგი, ე.წ. „ანარქისტული ეპისტემოლოგიის“ ავტორი პოლ ფეირაბანდი (1924-1994). „ჩვენი შემეცნების განვითარების ყოველ მომენტში არსებობს მრავალი ურთიერთშეუთავსებელი თეორია ... პროგრესი მიიღწევა მხოლოდ განსხვავებული თეორიების აქტიური ურთიერთქმედებით“. აქედან გამომდინარე, ფეირაბანდი აყალიბებს ე.წ. „პოლიფერაციის პრინციპს“. იგი მოითხოვს ახალ-ახალი ალტერნატული თეორიების გამუდმებულ პროდუცირებას, მაშინაც კი, როდესაც უკვე არსებობს დასაბუთებული და აღიარებული თეორია. შეხედულებათა ჭიდილი საჭიროა, რათა არ დამკვიდრდეს დოგმატიზმი, მეცნიერულმა აზრმა არ დაიწყოს დამუხრუჭება და გაგრძელდეს წინსვლა. ალტერნატული თეორიები აგებულია საერთო ემპირიულ ბაზისზე, მაგრამ მის განსხვავებულ ახსნას იძლევა. უპირატესობას ის აღწევს, რომელსაც მეორისთვის აუხსნელი დამატებითი მონაცემები აღმოაჩნდება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, იმედაძე, პერიოდიზაცია, ფსიქოლოგია, შემეცნება

ნახვა: 5339

გამოხმაურებები!

ცხადია, თუმცა მნიშვნელოვანია საწყისების ცოდნა - „სად გაჩერდა მამა რომ შვილმა იქიდან გააგრძელოსო“, ხომ გაგიგია? )) 

Kakha said:

არსებობს მესამე ვარიანტიც, რომ ფსიქოლოგიის ისტორია ისეთი მომაბეზრებელია, რომ არც ღირს თვალის გადავლება, ნუ ეს უფრო ახლოს დგას სიმართლესთან ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters