მიგელ დე უნამუნო - სულის სიღრმეში


   შენი წერილი ნამდვილად გულს მომიკლავდა და შენს მომავალზეც, მაგ შენს ერთადერთ განძზეც მწარედ ჩამაფიქრებდა, დარწმუნებული რომ არ ვიყო, სასოწარკვეთილების ეგ შეტევა წარმავალია და არსებითად ჩვენი არარაობის გაცნობიერების სიმპტომის მეტი არაფერია, გაცნობიერებისა, საიდანაც ვეზიდებით ხოლმე ახალ-ახალ ძალებსა და სწრაფვას, ვიქმნეთ სრულ. შორს ვერ წავა კაცი, ვინც დაღლა არ იცის.
შენივ პატარაობის გაცნობიერებაა ისევ და ისევ, საიდანაც გამოგაქვს გადაწყვეტილებები, რათა იქმნე სრულ. შენი შინაგანი ცხოვრების პრინციპად მიიღე შენივ სულის სიმწირის, შენივ უნიათობის წრფელი აღიარება და ისწრაფე აბსოლუტისკენ, თუ გსურს წინსვლა შედარებითში. შენი შიში არა მაქვს. ვიცი, კვლავაც დაგიბრუნდება კეთილშობილური სწრაფვანი და ღირსების მაღალი გრძნობები; ამდენად ბედნიერი ვარ ჩემს წილადაც და შენს წილადაც.

   ბედნიერი ვარ ჩემს წილადაც და შენს წილადაც, დიახ, რამეთუ ერთი ყველაზე უარესი რამ, რაც მერე და მერე უფრო უარესს გვიქადის, - მით უმეტეს, ესპანეთში, - გახლავს მომეტებულ სიხარბესთან შეზავებული პატივმოყვარეობის ნაკლულობა. ნეტავი კი ისეთივე მოწადინებით ვილტვოდეთ მაღლა, როგორითაც ვცდილობთ არ დავეშვათ დაბლა, ისევე ვირჯებოდეთ მეტის მოსაპოვებლად, როგორც მემკვიდრეობით მიღებულის შესანარჩუნებლად! უფლის შიშით მიწაში ვფლავთ და ვჩქმალავთ ერთადერთ ბოძებულ ტალანტს, ვინც იქ მოიმკის, სადა არა დასთესა და იქ შეკრებს, სადა არა განუბნევია და ამისთვის ვკარგავთ იმ ერთადერთ ტალანტსაც და იგი მიეცემა მას, ვინც მეტი მიიღო და გააბევრა, რამეთუ „რომელსაც აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ღოს მისგან“ (მათე XXV).
ნუ იქნები ძუნწი. ნუ დაანებენ სიხარბეს მოაშთოს შენში პატივმოყვარეობის გრძნობა, გერჩივნოს ასი აფრენილი ჩიტის დევნაში გამოგესხას ფრთები, ვინემ დარჩე მიწაზე და ერთი ჩიტი შეგრჩეს ხელში.
აღუთქვი, რომ მიზანი შენი იქნება რაც შეიძლება მაღალი, იმაზე მაღალი, რასაც შენი მზერაც ვერ შესწვდება, იქამდე მაღალი, სადაც ჩვენი ცხოვრების პარალელები გადაიკვეთება; დაუმიზნე მიუწვდომელს. წერას რომ შეუდგები, რაკიღა წერა დაგისახავს მიზნად, იფიქრე საერთოდ შენს მკითხველზე და არა მარტო ესპანელზე და ყველაზე ნაკლებად კი შენს თანამედროვე ესპანელზე.

   ჩვენს მწერლებს რომ ამაზე ეფიქრათ, მაშინ სულ სხვა იქნებოდა მათი მოთხოვნილებები და, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც იმ თავიანთ სტილში, მის დედაარსში, მის წყობასა და წიაღში, აზრის რიტმში, ნებისმიერ ადამიანურ ენაზე სათარგმნელ მასალაში ჩასდებდნენ იმ შრომას, რასაც დღესდღეობით მარტოოდენ გარეგნულსა და ზიზილ-პიპილებს ახმარენ, იმას, რაც მხოლოდ ესპანელის თვალსა და ყურს აამებს. არიან კიდევ იაფფასიანი მწერლებიც, რეგვენებისთვის რომ წერენ, დიდების წყურვილი ნამდვილ პატივმოყვარეობის გრძნობას რომ უხშობთ, სამშობლოს მიწას ჩიჩქნიან და ერთადერთ ტალანტს ფლავენ შიგ. დაე, შენი მიზანი იყოს მაღალი. კიდევ უფრო მაღალი და დროზე გაეცალე აქაურობას, ამ დედაქალაქს. და თუ გეტყვიან, ეს არის შენი სამყაროო, უპასუხე, ჩემი სამყარო ჩემშივეა-თქო!

   შენ აქ სრულიად ამაოდ ჭკნები და შვრები, სრულიად უსარგებლოდ, არც შენთვისა ხარ და არც სხვისთვის, ან რამდენ ჩხვლეტა-კბენას უძლებ, ბოლოს და ბოლოს მოთმინების ფიალას რომ აგივსებს. რამდენი ყოველდღიური წვრილმანი გაშფოთებს, ყურადაც რომ არ მიიღება. განა ლომს ძალუძს ჭიანჭველების მთელ ურდოებს გაუმკლავდეს, ანდა თათის დაკვრით რწყილი მოკლას?
დროზე გაერიდე აქაურობას, მაგრამ უწინ მოეშვი ამ განგებას; გადი ველად და მარტოდმარტო ესაუბრე სამყაროს, თუ გსურს, ესაუბრე მთელს ბუნებას ერთიანად. ვითომ შენი ხმა დაიკარგება? განა არა ჯობს უკიდეგანო ცაში დაინთქას შენი სიტყვები, ვინემ მეზობელი ეზოს ოთხკედელშუა ზარივით დარეკოს და მარტო უსაქმური ჭორიკნების ლაქლაქი დაფაროს. განა არ გირჩევნია ოკეანის წარმავალი ტალღა იყო, ვინემ სადღაც ხევ-ხუვში ჩაკარგული გუბურა?
შენს წერილში ერთი რამ არ მომეწონა და აი, რა: თითქოს რაღაც სურვილი აგკვიატებოდეს შენი გზისა და ცხოვრების გეგმის დასახვისა. რომელი წინასწარი გეგმა, შენობა ხომ არა ხარ? განა გეგმა ქმნის ცხოვრებას, პირიქით, ცხოვრება ქმნის გეგმას. ნურც ეცდები შენი ქმედებანი აზროვნებით მოაწესრიგო; გირჩევნია ქმედებას მიანდო შენი ჩამოყალიბება, დაე, მან გარდაგქმნას, მანვე შეგცვალოს და გადაახალისოს შენი აზროვნება. აკი შენ თვითონვე იზრდები თანდათანობით და თვითონვე აღმოაჩენ საკუთარ თავს შენშივე; შენი პიროვნება კი უკვე დასრულებული დაგხვდება ცხოვრების ბოლოში და არა თავში და მარტო სიკვდილთან ერთად თუ დამთავრდება და დაგვირგვინდება.
დღევანდელი ადამიანი არც გუშინდელია და არც ხვალინდელი, და, ისევე როგორც იცვლები შენ თვითონ, შეიცვალოს შენი იდეალიც, რომელსაც თავადვე ჭედავ. შენი ცხოვრება შენივ შემეცნების წინაშე წარმოსდგება ვითარცა მუდმივი გამოვლინება შენივ მარადისობის დროში, ვითარცა შენი სიმბოლოს განვითარება; შენ შენს თავს საქმეში გამოაჩენ. მაშ წინ! წინ, შენი სულის სიღრმეებისკენ და ყოველდღე აღმოაჩენ ახალ-ახალ ჰორიზონტებს, ფეხდაუკარებელ მიწებს, აუმღვრეველი სიწმინდის მდინარეებს, მანამდე არნახულ ცას, ვარსკვლავებსა და ახალ-ახალ თანავარსკვლავედებს. როცა ცხოვრება ღრმაა, მაშინ ეს არის უსასრულო რიტმებში მჩქეფარე პოემა. ნუ მიაჯაჭვებ შენს მარადიულ არსს, დროში განფენილს, მის წარმავალ ანარეკლს, იცხოვრე დღევანდელი დღით, დროის ტალღებში, მაგრამ იჯექი კი შენს ფრიალოზე მარადისობის ზღვის შუაგულში; ამ დღით უნდა იცხოვრო მარადისობაში.

   გიმეორებ, გეგმა კი არ ქმნის ცხოვრებას, თავად ცხოვრება ქმნის-მეთქი გეგმას თავისთვის. გზის დასახვაო? შენი გზა შენივ გასავლელი სივრცეა, ნუ გაჩერდები შენს ორბიტაზე ვითარცა პლანეტა, ტრაექტორიის მონის დარად. გზის წინასწარი დასახვის სურვილი ხომ არსებითად იმას ნიშნავს, რომ მონურადვე მივიღოთ სხვათა მითითებანი, რადგან თუკი ხარ გარკვეული მიზნების მქონე ადამიანი და მტკიცე გეგმებიც გაგაჩნია, ეს ნიშნავს იყო ისეთი, როგორსაც სხვები წარმოგიდგენენ, ჩვენი რეალობა კი დაუმორჩილო მის ანარეკლს სხვათა გონებაში. მაშ ნუ მიჰყვები სხვათა მიერ დასახულ გზებს, შენ შენი გაიკვალე პირდაპირ მინდორში შენივ საკუთარი ნაბიჯებით და, თუ საჭირო გახდა, ნათესებიც კი გადათელე. სწორედ ასე უფრო გაუწევ მათ მეტ სამსახურს, თუნდაც სულ სხვას ფიქრობდნენ თავად. დიახაც, ასეთი ალალბედზე გაკვალული ბილიკებია ის ძაფები, სოციალური ცხოვრების საფუძველს რომ ქმნიან; თუ ყოველი ადამიანი თავის ბილიკს გაკვალავს, მაშინ ამ თავისი გადაკვეთებითა და გადახლართვებით შეიქმნება მდიდრული ქსოვილი და არა თოკი.
შენგან გარკვეულ ორიენტაციას მოითხოვენ? როგორი რუმბიც უნდა ამოირჩიო ქართა სქემაში, შენთვის ყველა სხვა მაინც გამორიცხული იქნება. ანდა იცი კი, რა არის ჰორიზონტს მიღმა? მოდი და იკვლიე ყველაფერი და ყველა მიმართულებით, გარკვეული ორიენტაციის გარეშე და თუ მთელი შენი ჰორიზონტი გაისიგრძეგანე, მაშინღა შეძლებ კვლავ მშვიდად მოეწყო შენს ბუდეში.

   დაე, ნურასოდეს გახდება შენი წარსული შენივ მომავლის ტირანი; სულაც არა ხარ ვალდებული სხვათა მოლოდინი გაამართლო. განა ისინი შენს იმედზე იყვნენ? დაე, საკუთარი თავის იმედზე ყოფნაც ისწავლონ! რაო, გეუბნებიან, ასე ვერსად ვერ მიხვალო? სადაც უნდა მიხვიდე, სწორედ ის იქნება მთლიანად შენი და არა ის ნაწილი, რასაც ისინი მოგაკუთუნებენ. შენი არ ესმით? მაშინ შეგისწავლონ, თუ არადა თავი დაგანებონ; სულაც არა ხარ ვალდებული შენი სული მათს შეგნებამდე დაიყვანო. და რაც მთავარია, დაე, ვუყვარდეთ, სულერთია, გვესმის ერთმანეთისა თუ არა, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ცხოვრების საყრდენი და არა ის, როცა გვესმის და კი არ გვიყვარს. თუ ზოგჯერ მათ წყურვილს უკლავს შენი სულიდან გადმომჩქეფარე წყალი, მაშინ რა მიზანი აქვს წყაროს მთლიანად დანთქმას? თუ შენი ინდივიდუალობის ფორმულა რთულია, ნურც ეცდები გაამარტივო, ოღონდ კი მათს ალგებრას მიესადაგოს; გერჩივნოს ირრაციონალური სიდიდე იყო, ვინემ ერთი ციფრი მათს ანგარიშში.

   ბევრი რამის გაძლება მოგიხდება, რადგან ისე არაფერი აღიზიანებს იაკობინელს, როგორც ის, რაც მის უჯრაში ვერ მოხვდება ხოლმე და ბოლოს სიძულვილს უცხადებს ყველას, ვინც კი მათს კლასიფიკაციას არ ემორჩილება, თანაც გიჟებად და ფარისევლებად აცხადებს. გეუბნებიან, საკუთარ თავს შენვე ეწინააღმდეგებიო? იყავი მუდამ ალალი, იცხოვრე თანხმობით საკუთარ გულთან და სხვას ნურაფერს ათხოვებ ყურს, რადგან თუკი გულწრფელი ხარ და შენი გულიც თანაბრად ძგერს, მაშასადამე, წინააღმდეგობა მათს გონებაში ყოფილა და არა შენში.
რაო, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა ხარო? დაე, ასეთივე მაღალი წარმოდგენისა იყვნენ საკუთარ თავზე ისინიც, რადგან, თუ ჩვენ, ყველა ავმაღლდებით, ამაღლდება ეს სამყაროც. პატივმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და შორს სიხარბე!

   კვლავაც გიმეორებ, ბევრის გასაძლებად იყავი-მეთქი მზად, რამეთუ ის უსიტყვო ბრალდება, მოყვასს რომ წავუყენებთ ხოლმე ჩვენი ქცევით, ყველაზე უფრო აწუხებთ. თავს გვესხმიან იმისთვის, რასაც თავად ფიქრობენ; მაგრამ შენ მათ შენი საქმით აჯობებ. აჯობე, აჯობე მათ სიყვარულის სახელით. შეამზადე შენი თავი ყველაფრისთვის და მოკავშირედ დრო აირჩიე. იკაროსივით სიკვდილი გიჯობს იმისთანა სიცოცხლეს, ერთხელაც რომ არ სცადო აფრენა, თუნდაც ცვილის ფრთებით. მაშ აფრინდი, აფრინდი, რომ ფრთები გამოგესხას, თუ ფრენის სურვილი გაქვს, ფრთებიც გამოგესხმება, ოღონდ იცოდე, როცა მაღლა ახვალ, სართულსა მასა ზედა ტაძრისასა, ნუ გარდაიგდებ თავსა შენსა ხალხის გასაკვირვებლად, იმის იმედით, რომ ანგელოზთა ხელთა ზედა აღგიღონ, არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. აფრინდი უშიშრად და უდრეკად. პატივმოყვარეობა და შორს სიხარბე!
ოღონდ უწინ კი თვინიერება, აქტიური თვინიერება, რაიც სულ არ ნიშნავს იმას, რომ უდრტვინველად ითმინო და არც იმას, რომ არ დაღონდე წარსულისთვის, არც იმას, რომ არ ინაღვლო გამოუსწორებლისთვის, მუდამ თვალი გეპყრას მომავლისკენ, არ დაივიწყო, მარტოოდენ მომავალია თავისუფლების სამეუფეო; რადგან თუკი რამ გაგეპარება დროში, უკვე მის სარტყელს მიეკვრება, არც წარსული შეიძლება იყოს სხვანაირი და არც აწმყო, რაც არის, ის არის, მხოლოდ მომავალი შეიძლება იყოს სხვანაირი. დაე, შენი წუხილი შენივ ნამოქმედარის გამო იყოს იმის საწინდარი, რომ მომავალში უკეთესს მოიმოქმედებ; ყოველგვარი სხვა სინანული სიკვდილია და მხოლოდ სიკვდილი. შეიძლება მიენდო წარსულს, ოღონდ რწმენა კი მხოლოდ მომავლისა გქონდეს, მხოლოდ თავისუფლებისა. აკი თავისუფლება იდეალია და მხოლოდ იდეალი, მთელი მისი ძალაც ესაა. ესაა, იდეალი და შინაგანი გზნება, ესაა სწორედ სამყაროს ჩვენი ფლობის არსიც; მისი გათავისებისა. დაე, მათ, ვისაც აპოკალიფსისა და ათასწლეულებისა სწამს, ისინი დაელოდონ რომ იდეალი ღრუბლებიდან დაეშვება და ჩვენ თვალწინ შეისხამს ხორცს და მის შეხებასაც კი ვიგრძნობთო.

   შენ კი იწამე ნამდვილი იდეალისა, მუდამ მომავალი რომ იქნება და მუდამ უტოპიური, უტოპიური, ე.ი. ნურსაიდან ნუ ელოდები მას, მაგრამ იმედი კი გქონდეს, გქონდეს იმედი, რადგან ცხოვრობს მხოლოდ ის, ვინც იმედს არ კარგავს, ოღონდ გეშინოდეს კი იმ დღისა, როცა დაინახავ, როგორ მოსწყდებიან შენი იმედები მომავალს და მოგონებებად გადაიქცევიან. აი, მაშინ კი ვეღარას უშველი თავს, თუ მოგონებები არ გადააქციე შენს იმედებად, რადგან კვლავაც იცხოვრებ, თუკი ცხოვრობდი.
ნუ გაერევი მათში, ვინც ბრძოლის ველზე მოთმინებადაკარგული ერთმანეთს ებრძვის და ჭურვის მსგავს რაღაც დამრგვალებულ მიკერძოებებს ესვრის, მათი ცალმხრივი დოგმატიზმის წინაშე მტკიცედ დადექი შენს სიტყვაზე, თუნდაც გითხრან, ეს ხომ ყველაფრის უარყოფის გზააო, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს მაინც უფრო ნაყოფიერი უარყოფა იქნება, რაიც, თუ ანგრევს, კიდეც ქმნის და თუ ქმნის, კიდეც ანგრევს. დაუტოვე მათ ის, რაც თავიანთი იდეები ჰგონიათ, თუმცა კი სინამდვილეში თავადვე ეკუთვნიან იმ იდეებს, თავიანთსას რომ ეძახიან.
თავადვე ხარ ცოცხალი იდეა; ნუ ანაცვალებ თავს მკვდარ იდეებს, იმას, გაზეთებში რომ ამოიკითხავენ ხოლმე. ყველა იდეა მკვდარია, თუ ფორმულების სარკოფაგებშია დამარხული, შენს იდეებს კი მოუფრთხილდი, ვითარცა ძვლებს, შიგნით, შენი სულიერი ხორცით დაფარულთა და შემოსილთ, ვითარცა შენს ფიქრთა კუნთების მსახურთ და ნუ დააგდებ ღიად და შიშვლად, დაგმანე, რომ მათ არ აერიოთ, როგორც იციან, დოგმატიკოსთა კიბორჩხალასმსგავსმა სულებმა, სინამდვილისაგან თავის დასაცავად იმ თავიანთ ჯავშნებში რომ შეიკეტებიან და ვერც იმ სინამდვილის დოგმებში ეტევიან. ღრმად შეინახე და ნუ დაანებებ შიგნით შემოაღწიონ იაკობინელთ, იმათ, პალეონტოლოგიაზე რომ არიან გაწაფულნი და ისე გვიყურებენ, ვითარცა ნამარხებს და ძალას არ იშურებენ როგორმე ტყავი გაგვაძრონ, ოთხში ამოგვიღონ, ოღონდ კი თავიანთ კლასიფიკაციას მიგვასადაგონ ჩონჩხის მიხედვით. საკუთარ თავს ნურც სხვაზე მეტად მიიჩნევ და ნურც ნაკლებად, ნურც თუნდაც სხვის ტოლად, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და არა ციფრები, თითოეული ჩვენთაგანი ერთადერთია და შეუცვლელი; იყავ ასეთი შენივ შეგნებითვე და ეს იყოს შენი მიზანი. შენს წერილში თითქოს ჩივილი ჟონავს და ეს, ცოტა არ იყოს, პატარაობად მეჩვენება. თითქოს ფიქრობდე, შემოქმედებითი წარმატებები არა გქონდეს, რაკი ამას შენი თანამოაზრეები არ აღნიშნავენ. გაეცი შენი სულის ოქრო და იგი ხელიდან ხელში გადავა, გინდაც სიქაც კი წაეშალოს, კარგად კი დაინახე, ხომ არ შეაღწიე მათს სულში და ხომ არ შეეხე ამ ჭკუისკოლოფთა ყველაზე სანუკვარს, ასე რომ უფრთხიან და ერიდებიან შენი სახელის ხსენებას. შენს გარშემო ჩამოწოლილ დუმილს რომ უჩივი, ეს საზეიმო დუმილია, შენი სიტყვები უფრო მკაფიოდ ამაღლდება ამ დუმილზე. დაე, მათ გადასძახონ და მიესალმონ ერთმანეთს. გაეცი, გაეცი და ნურაფერს ითხოვ, რადგან რაც მეტს გასცემ, მით მეტს მოიმკი.

   დიდად ნუ გაუწევ ანგარიშს შენს ირგვლივ მოტრიალეთა რიცხვს, რადგან ყოველი ჭეშმარიტი სიკეთე, რაოდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა, ყველას უყოფთ, რამეთუ ამ სიკეთეს ადამიანს მიაგებ. რასაც შენი ნამოქმედარი ინტენსივობაში მოიგებს, იმასვე წააგებს ექსტენსივობაში, კეთილი საქმენი არასდროს ისვენებენ; ისინი გადადიან ერთიდან მეორე სულში, წამით შეყოვნდებიან თითოეულში, რათა გამაგრდნენ და მეტი ძალა მოიკრიბონ. ისე დააღამე ყოველი დღე, რომ მშვიდი ძილი მოიპოვო და რომ შენი გონების დასვენება იყოს მზადება იმ დროისთვის, როცა შენი გული მოისვენებს, ისე ქმენ, რომ დაიმსახურო სიკვდილი. ეძიე ურთიერთობები, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ მხოლოდ შენში და შენთვის იქნება ის, რასაც მიიღებ საზოგადოებისგან, იმდენადვე, რამდენადაც შენ თავად იქნები მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოებისთვის იმით, რასაც გაიღებ მისთვის. ეცადე საზოგადოებისგან მიიღო ყველაფერი, ოღონდ კი მეტისმეტად ნუ მიენდობი და ნუ ანაცვალებ თავს. მაგრამ ახლა, ყოველ შემთხვევაში ამ უახლოეს დროში, გიმეორებ, გამოაღწიე როგორმე მაგ დუქნიდან და მიაშურე ბუნებას, რაიც გახლავს იგივე საზოგადოება, ისევე როგორც საზოგადოება გახლავს ბუნება. შენ თავადვე, შენსავე არსში ხარ კიდეც საზოგადოება. ისევე, როგორც ყოველი სხვა არის საზოგადოება, საიდანაც ამოიზრდება ის, რასაც საზოგადოებას ვეძახით და საიდანაც წარმოსდგება პიროვნებაც, რადგან ვერავინ მოგცემს იმას, რაც თავად არ გააჩნია, თუნდაც ჩვენ ხორციელად ერთი წინაპრებისგან არ წარმოვდგებოდეთ, არამედ მოვდიოდეთ ლეგიონებისა და ლეგიონებისგან; ჩვენ მხოლოდ ერთი ნასკვი ვართ თაობათა ქსოვილზე.

   შენი მეგობრები გირჩევენ: „წამოდი აქეთ“, „ნუ ედები ყობე-ყორეს“. „მოიკრიბე გულისყური“, „აიღე გეზი“, „ნუ გაიბნევი არაკონკრეტულში“. ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ და ის გზა აირჩიე, მათ რომ ყველაზე ნაკლებად მოეწონებათ, ე.ი. სწორედ ის, მათ რომ მოუხდებათ. აკი გითხარი, მათ არ მოეწონებათ-მეთქი შენი, ანუ მოეწონებათ ის იდეები, რაც სინამდვილეში შენი არ არის. ნუ ეცდები გავლენა მოახდინო ნურც ეგრეთ წოდებულ კულტურის წინსვლაზე, ნურც სოციალურ გარემოზე, ნურც შენს ხალხზე, ნურც შენს ეპოქაზე, ნურც მით უფრო, იდეების პროგრესზე, რაც თავისთავად მიედინება; იზრუნე მხოლოდ სულთა ზრდაზე, თითოეულის სულისა, თუნდაც ერთად ერთი სულისა და ესეც კმარა, ერთია, იცხოვრო ისტორიაში, მეორე - იცხოვრო მარადისობაში; უწინ მოიძიე მდუმარე კურთხევა საბრალობელ, დაფანტულ სულთა, ვინემ საუკუნეთა ისტორიის ფურცლებზე; ანდა უკეთ რომ ვთქვათ, ეძიე ეს და იმას ისედაც მიიღებ, ნუ ეცდები ზემოქმედება მოახდინო გარემოზე და ნურც, როგორც იტყვიან, მიუთითებ საზოგადოებას მიმართულებას. ყოველი ადამიანის მოთხოვნილება ყველაზე უფრო უნივერსალურია, რამეთუ ესაა ყველას მოთხოვნილება. თუ შეგიძლია მიდი თითოეულთან ცალ-ცალკე უეცრად, შეკრიბე ყოველი ცალ-ცალკე და ცალკეული ერთად, ააბორგე შიგნიდან, რამეთუ ვინც არ იცის ბორგვა, ვერასოდეს გაიგებს მოსვენების ფასს. იყავ უფრო აღმსარებელი, ვინემ მქდაგებელი. ურთიერთობა გქონდეს თითოეულ სულთან და არა მთლიანად საზოგადოებასთან.

   რა სიხარული, რა წრფელი სიხარული აათრთოლებს შენს სულს, როცა მარტო ივლი, მარტო სხვებს შორის, მარტო შენსავ საზოგადოებაში, იმის საპირისპიროდ, რასაც შენი ამხანაგები გირჩევენ, რომელთაც სურთ, რომ ხელი მოჰკიდო პოლიტიკურ ეკონომიას ანდა ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას, ან კიდევ ლიტერატურათმცოდნეობას, საქმე ისაა, რომ არ უნდა მისცე საშუალება შენს სულს მოიგუდოს, რადგან ამით აბრაზებ მათ. მიეცი მათ მხოლოდ შენი ჭკუა-გონება, ის, რაც შენი არაა, მიეცი მათ სოციალური გარემოს შენი თქორი ისე, რომ ამასთან არ შეეხო მარადიული მოუსვენრობის კუთხეს; ნუ შეუერთდები სამ-ოთხ შენს ძმას, არამედ გადაეცი შემაკავშირებელი და ლოგიკური იდეები სამას და ოთხასს, ოცდაათიათასს თუ ორმოციათასებს, ვისაც არ ძალუძს ანდა არ სურს ან კიდევ არ იცის, რომ დადგნენ პირისპირ ერთადერთი მთავარი პრობლემის წინაშე. ეს რჩევები მიგანიშნებენ შენს გზას. შორს მათგან. ნუ ეცდები გავლენა მოახდინო კოლექტივზე, ეძიე მეტი დიდება, ყველაზე უფრო ღრმა, ყველაზე უფრო მყარი, რაც ნაკლებად იქნება დაკავშირებული მარტო შენს ქვეყანასთან და შენს დროსთან, უნივერსალური და მარადიული და ასე უფრო კარგად გამოადგები შენს თანამემამულეთ და თანამედროვეთ.
დიახ, ეძიე საზოგადოება, მაგრამ ახლა, ამჟამად, ჩაყვინთე ბუნებაში, ის უფრო ადინჯებს ადამიანს. იყავი დინჯი. შენს ცხოვრებას მიეცი მეტი სიდინჯე, საზეიმო სიდინჯე, თუმცა კი წარმართები გეტყვიან, ამით უფრო აბნელებ და ამძიმებ მასო, წარმართს რომ მჭმუნვარედ და დამთრგუნველად ეჩვენება, სწორედ იმ წიაღში შეხვდები ყველაზე მეტად დახვეწილ სიტკბოებას. მიიღე ცხოვრება სერიოზულად, მაგრამ ნუკი დაგათრობს იგი; შენ თვითონ იყავი მისი მბრძანებელი და არა მისი მონა, რადგან შენი ცხოვრება მიდის, შენ კი რჩები და ნუ მიუგდებ ყურს წარმართთ, რომელნი გეტყვიან, შენ მიდიხარ, ცხოვრება კი რჩებაო... ცხოვრება! წარმართთა კერპი, ყოველ ჩვენგანს რომ უნდა მსხვერპლად მიუტანოს ჩვენი სიცოცხლე! ჩაყვინთე ტკივილში, რათა განიკურნო მისი ჯადოსგან; იყავი დინჯი, მაგრამ იყავი ასევე მხიარულიც, ოღონდ დინჯად მხიარული, სიდინჯე არის ბედნიერება, იცხოვრო შენი ცხოვრებით, ცხოვრების სევდას რომ ეფუძნება და ამ სევდასთანაა შერწყმული. სიდინჯის წინაშე, რაც ეფუძნება და ანაყოფიერებს კიდეც ცხოვრებას, სევდა და სიხარული ყოველგვარ აზრს კარგავს.
კიდევ გიმეორებ, გადი ველად, რათა მერე დაბრუნდე საზოგადოებაში და იქ იცხოვრო; მაგრამ მისგან განცალკევებით კი, საამქვეყნიოს უარმყოფელი. ის, ვინც საამქვეყნიოს გაურბის, მის მონად რჩება, რადგან თავის თავში მიაქვს იგი; იყავ მისი მბრძანებელი; აი, ერთადერთი გზა, რომ ეზიარო შენს ძმებს კაცობრიობისას. იცხოვრე სხვებთან ერთად, ოღონდ ნუკი გამოირჩევი მათგან, რადგან ყოველგვარი გარეგნული გამორჩეულობა შინაგანს ახშობს და კი არ ინარჩუნებს. იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობს ყველა, ოღონდ მაინც შენებურად განიცადე იგი, ასე თუ შეინარჩუნებ ურთიერთობას ყველასთან და ყველასას შენთან. ქმენ ის, რასაც ყველა იქმს, ჩასდე მასში მთელი შენი სული და, რასაც უნდა იქმოდე, მაინც სხვანაირი იქნება, რაც უნდა ჩვეულებრივი გეჩვენებოდეს.
მხოლოდ საზოგადოებაში შეხვდები საკუთარ თავს; თუ მას გაემიჯნები, მაშინ შეხვდები მარტოოდენ შენი ნამდვილი მე-ს ლანდს. მარტოოდენ საზოგადოებაში ჰპოვებ მთელს შენს აზრს, ოღონდ მისგან განცალკევებით.
წერილში იმასაც ამბობ, თუ აქამდე ჩემი დევიზი იყო „წინ!“ ამიერიდან „ზევით!“ იქნებაო. მოეშვი ამ „წინ და უკანს“, „ზევითსა და ქვევითს“, პროგრესისტებსა და რეტროგრადებს, აღმავლებსა და დაღმავლებს, მარტო ერთ, გარეთა სივრცეში რომ მოძრაობენ და ეძიე სხვა, შენივ შინაგანი სამყარო, იდეალი, შენი სულის სამყარო, ყოველნაირად ეცადე მასში ჩაატიო მთელი სამყარო, რაც არის საუკეთესო გზა მასში გათქვეფისა. წარმოიდგინე, რომ ღმერთში ხართ შენ და სამყარო და თუ შენ ხარ სამყაროს ნაწილი, რადგან იგი გიფარავს, მაშინ ისიც შენი ნაწილი ყოფილა, რადგან მას შენში შეიცნობ.

   ასე რომ, იმის ნაცვლად იძახო „წინ ან ზევით“, თქვი - „შიგნით!“ ჩაღრმავდი, რათა გამოასხივო; აღავსე შენი თავი, რათა მერე ნაპირებზე გადმოიღვარო, მაგრამ წყაროს კი მოუფრთხილდი. ჩაიძირე საკუთარ თავში, რათა უფრო უკეთ უძღვნა შენი თავი სხვებს მთლიანად და განუყოფლად, „აჰა, გწირავთ ყველაფერს, რაც გამაჩნია!“ იტყვის გულუხვი, „აჰა, გწირავთ ყველაფერს, რადაც ვღირვარ!“ - იტყვის თავდადებული, „აჰა, გწირავთ ყველაფერს, რაც ვარ!“ - იტყვის გმირი. „აჰა, გწირავთ ჩემს საკუთარ თავს!“ - იტყვის წმინდანი. და შენც მის კვალად შესწირე შენი თავი და როცა შესწირავ, თქვი: „ჩემთან ერთად გწირავთ მთელს ჩემს სამყაროს!“ ამისთვის კი უნდა შექმნა სამყარო, ეძიო იგი შენშივე: „სულის სიღრმეში!“.

1900 წ.

ნახვა: 4437

გამოხმაურებები!

საინტერესო მწერალია ილია ჭავჭავაძე გამახსენდა როცა მის ესეებს ვკითხულობდი...მადლობა შენ რომ გამახსენე...

და მაინც... როგორი საინტერესოა ადამიანი, რომელსაც თავისი სამყარო აქვს!

ღირს-საკითხავი უნამუნო! ❤️

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters