ჯემალ ქარჩხაძე - სოლომონიანი

   ის დღე (ხუთშაბათი იყო, სრულიად ნეიტრალური დღე) ჩვეულებრივად გათენდა: გამჭვირვალე ჰაერში მოახლოებული სუსხის სუნი ტრიალებდა, ფოთლებშემოძარცვულ ხეებზე ჩიტები გალობდნენ და აღმოსავლეთით შემოდგომის გრილი მზე ამოდიოდა. სოლომონს არც ცუდი სიზმარი უნახავს და არც ავი წინათგრძნობა გასჩენია. და თუ დღეები თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მიხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძნობიარე სული სჭირდება.
ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი აიდუღა, ისაუზმა და, შინიდან რომ გავიდა, კარი ფრთხილად გაიხურა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები, რომელთაც ჯერ ისევ ეძინათ, არ გაეღვიძებინა.
   სოლომონი, რომელიც იმ წელიწადს სამოცდასამისა გახდა და სამოცდამეოთხეში გადადგა, კარგა მაღალი კაცი იყო, ძვალმსხვილი და ფერხორციანი. თავის დროზე ალბათ წარმოსადეგიც ეთქმოდა, მაგრამ, რაც ასაკში შევიდა, თანდათან ქონი მოიკიდა. იმგვარი ღიპი, ღვინის მსმელ ხალხს რომ ედება ხოლმე, არ დასდებია. უბრალოდ, წელის არეში გასქელდა, თანაბრად და ყოველ მხარეს, ხოლო რაკი მხრები იმთავითვე ცოტა ვიწრო და დამრეცი ჰქონდა, საბოლოოდ ისეთი ფორმის ტანი გაუხდა, რომელიც განსაკუთრებით გეცემათ თვალში, როდესაც კაცს მჭიდროდ შემოტმასნილი და ყველა ღილზე შეკრული ლაბადა აცვია. სოლომონს კი ადრე შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე სწორედ ასეთი ლაბადა ეცვა - მჭიდროდ შემოტმასნილი, ყველა ღილზე შეკრული, კრემისფერი, გაუგებარი სიგრძის ლაბადა, რომელიც ხან ზომაზე გრძელი გეჩვენებოდათ, ხან ზომაზე მოკლე, იმისდა მიხედვით, თუ რას მოითხოვდა მოდა, ხოლო თავად მოდას არასოდეს თანხვდებოდა. თავზე (უკან გადავარცხნილი, ჭაღარაშერთული თმა ჰქონდა) მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოწურა და დეგრადაციის გზას დაადგა: ჯერ მოძველდა, მერე მოდიდან გამოვიდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მასთან არაფერი ესაქმებოდა. ქორწილის დღესაც კი, როდესაც კაცი ცდილობ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი იყო, რაც ხელთ მოხვდა, ის ჩაიცვა, ისე რომ არც იცოდა, კარგად ეცვა თუ ცუდად. თუ ყოველივე იმას, რაც უკვე ითქვა, დავუმატებთ წითურ, ხორცსავსე სახეს, ჭროღა თვალების უმისამართოდ გულკეთილ მზერას და ხშირ, გრძელბეწვიან, ქერა წარბებს, მივიღებთ ისეთ ტიპიურ გარეგნობას, რომელშიც ხშირად ზედმეტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავლობა და ადამიანის გონებრივი ზღვარდადებულობა და ამის გამო, ადვილი შესაძლებელია, ავტობუსში ახალგაზრდა და მჭლე, მაგრამ თავდაჯერებულსა და აზროვნების ურთულეს ლაბირინთებში ოპტიმისტურად ჩაძირულ ინტელექტუალს მის დანახვაზე თვალი გაუშტერდეს, გულზე კოსმიური მელანქოლია შემოაწვეს და ანალიზის ძაფი გაუწყდეს. თუმცა პირადად სოლომონი ამგვარ ხიფათს იშვიათად ქმნიდა, რადგან ფეხით სიარული უყვარდა და ავტობუსში, როგორც წესი, არ ჯდებოდა. მით უმეტეს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი აწყობილი და წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა და ამიტომ თითქმის არასოდეს ეჩქარებოდა. ხელებს, ჩვეულებისამებრ, ზურგსუკან დაიწყობდა, ტანსაც ოდნავ უკან გადაზნექდა, დადიოდა დინჯად, აუჩქარებლად, მძიმე-მძიმედ და, რაკი გარემოსთან შეგუების უნარი კარგად ჰქონდა განვითარებული და ისეთი ჯიშის ხალხს ეკუთვნოდა, რომლებიც ტყვიების ზუზუნს ყურადღებას არ აქცევენ და სანამ თვითონ არ მოხვდებათ, არც სჯერათ, რომ სროლას შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს, ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია.
   სწორედ ამ მძიმე-მძიმე სიარულის გამო შეარქვეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სოლომონ ბრძენი და, თუმცა სოლომონმა მშვენივრად იცოდა, რომ ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა ამ სიტყვას, ადამიანური სისუსტის წყალობით და ისეთი არაპირდაპირი, ბუნდოვანი მიზეზების გამო, როგორიცაა უეცარი გამოდარება, გემრიელი სადილი, მოულოდნელი განმარტოება, საკუთარი კეთილშობილური საქციელი და სხვა, ზოგჯერ ისე ჩაიხლართებოდა ყოველივე, ისე აირეოდა და აიჭრებოდა, წამით მოეჩვენებოდა, თითქოს ამ მეტსახელში ღრმად ჩამარხული, სხვათათვის უხილავი და თავად მეტსახელის შემრქმევთა მიერ გაუცნობიერებლად გამჟღავნებული სიმართლე იყო. საბედნიეროდ, ეს წამიერი სისუსტე, რომლისგანაც დაზღვეული არავინა ვართ და ამიტომ ღმერთიც იოლად გვპატიობს ხოლმე, მალევე ქრებოდა და მის ადგილს მყარი რეალობის ყოველდღიური და ნაცნობი გრძნობა იკავებდა. იმ დროს, როდესაც სოლომონს სოლომონ ბრძენი შეარქვეს, მის მძიმე, აუჩქარებელ სიარულს (და მძიმე, აუჩქარებელ ლაპარაკს) შესაძლებელია, ხელოვნურობის იერი დაჰკრავდა და ისეთი რამის ჩვენებას ლამობდა, რაც არ არსებობდა, მაგრამ მერე და მერე იგი ბუნებამ შეისისხლხორცა, საკუთარ ჩვევად აქცია და ისეთი ადგილი მიუჩინა თვისებათა ჭრელ ხალიჩაზე, ხელოვნური ახლა ის მოგეჩვენებოდათ, სოლომონი რომ უცებ აჩქარებული და ამჩატებული გენახათ. გარეგნულად ასაკი არ ემჩნეოდა. არა თავშენახულობის გამო, არამედ იმის გამო, რომ იმგვარ ფიზიკურ ტიპს ეკუთვნოდა, ვისშიაც დაბერების პროცესი ფარულად მიედინება და ზედაპირზე გვიან გამოვა ხოლმე, გვიან და ერთბაშად, როგორც მოულოდნელი დასკვნა. თუმცა, ვინც ფიზიკურ ტიპებში კარგად ერკვევა, ზოგიერთი არაპირდაპირი ნიშნის მიხედვით სოლომონის ასაკს მაინც იოლად გამოიცნობდა. პროფესიის გამოცნობა უფრო ძნელი იყო, რადგან ამგვარ გარეგნულ კონსტრუქციას ფართო დიაპაზონი აქვს და მრავალ განსხვავებულ ხასიათს, მრავალ ტიპოლოგიურ განშტოებასა და მრავალ პროფესიას ითავსებს. მაგალითად, ასეთი ბრგე, ფერხორციანი, ასაკის სიმსუქნეშეპარული, კრემისფერ ლაბადაში მჭიდროდ გამოკვართული, რუხშლაპიანი კაცი თავისუფლად შეიძლება იყოს ანტიკური ფილოლოგიის პროფესორიც, ვეტექიმიც, ხელმოცარული მუსიკოსიც, საფინანსო განყოფილების რევიზორ-ბუღალტერიც, ვეტერანი ფეხბურთელიც (უფრო ცენტრალური მცველი) და სხვა. სოლომონი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ასე იყო ოფიციალურად და ასე იყო ფაქტიურად. სულიერი მიდრეკილებითა და ემოციური დამოკიდებულებით, შესაძლებელია, მხოლოდ ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ვინაიდან გრამატიკა მაინცდამაინც არ უყვარდა. თუმცა ეს სუბიექტური მიდრეკილება ხელს არ უშლიდა, რომ გრამატიკასაც ისეთივე პროფესიული კეთილსინდისიერებით მოჰკიდებოდა, როგორც ლიტერატურას ეკიდებოდა.
სოლომონი ზურგზე ხელებდაწყობილი და ოდნავ უკან გადაზნექილი გამოვიდა შინიდან, გასცდა მაღალი სახლების ალყაში მოქცეულ ვიწრო ქუჩას, გადაჭრა მომცრო მრგვალი მოედანი, რომელიც დილის მზეს ისე თანაბრად ირეკლავდა, უძრავ ჰაერში გარინდებული კამკამა ტბა გეგონებოდათ, კიდევ ერთი, შედარებით ფართო ქუჩა გაიარა და პატარა ბაღს მიადგა. აქ გზიდან გადაუხვია და ბაღში შევიდა. არა იმიტომ, რომ გზა შეემოკლებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს ბაღი უყვარდა. იქნებ ბაღი კი არა, თავისი ჩვევა უყვარდა, არავინ იცის. ჩვენ ხომ საკუთარ გრძნობებში ცუდად ვერკვევით და ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისათვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ.
ასე იყო თუ ისე, სკოლაში რომ მიდიოდა და სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, სოლომონი ამ ბაღს თავისი დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით ყოველთვის თავით ბოლომდე გადაკვეთდა ხოლმე.
   ბაღი ძალიან ძველი იყო (რაზედაც მეტყველებდა უზარმაზარი, საუკუნეს მიტანებული ხეები), მაგრამ სრულიად გაპარტახებული და ბედის ანაბარა მიტოვებული, ეტყობოდა, პატრონი არ ჰყავდა, ან თუ ჰყავდა, თავის მოვალეობას ცუდად ასრულებდა. თუმცაღა ბებერ ხეებს ალბათ არ სწყინდათ, პირიქით, უხაროდათ კიდეც, რომ ბაღს არავინ უვლიდა. მცენარეს ხომ, ისევე როგორც ცხოველს, ზრუნვა და დამცველი ზღუდე არც რგებს და არც სიამოვნებს, მას თავისუფლება უყვარს და ის ურჩევნია, თავისი წილი ჰაერი და საზრდო თვითონვე მოიპოვოს. ამიტომ დიდრონი ხეები მიტოვებულ ბაღში ლაღად იდგნენ, განიერი ტოტები ამაყად გადაეშალათ და, მიწიდან ამოზრდილები, ცისკენ მიისწრაფოდნენ. სამაგიეროდ, რასაც ადამიანის ხელი სჭირდებოდა, ყველაფერი სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე უხსოვარი დროიდან აქაურობას არავინ გვიდა, რის გამოც ყველაფერი - დამპალი ნეშო, კონსერვის ცარიელი ქილები, დაჭმუჭნილი გაზეთები, სიგარეტის კოლოფები, სიგარეტის ნამწვი და სხვა - ერთმანეთში იყო არეული და მთელ ბაღში მიმოფანტული. ზოგიერთი ხის ძირას ჯერ კიდევ იდგა მორყეული, ნახევრად დამპალი მერხები, რომლებზედაც, თუ წინასწარ სიმაგრეს არ შეუმოწმებდით, დაჯდომა საშიში იყო და რომლებსაც, როგორც გაფცქვნილ თევზს ქერცლი, აქა-იქ შერჩენოდა საღებავის ნაშთი იმის ნიშნად, რომ ისინი ერთ დროს მწვანეები და, შესაძლოა, ლამაზებიც იყვნენ. შუაგულ ბაღში ერთი გაუქმებული აუზი იყო. ახლა ამ აუზის არსებობას მოწმობდა მხოლოდ ჩამოქცეული კედლები და ამ ჩამოქცეული კედლებიდან ამოშვერილი, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მილები, საიდანაც, ეჭვი არაა, ერთ დროს წყალი ამოჩქეფდა, თუმცა ახლა ალბათ ქალაქში ცოტაღა მოიძებნებოდა ისეთი კაცი, ეს რომ ხსომებოდა. აუზი ნაგვით იყო სავსე. აუზიდან ცოტა მოშორებით თაბაშირის ქანდაკება იდგა, რომელიც მოქანდაკეს ვიღაცის უკვდავსაყოფად აღემართა, რათა ამით საკუთარი უკვდავება უზრუნველეყო, მაგრამ ორივე მიზანი მიუღწეველი დარჩენოდა, რადგან დღეს აღარც იმის სახელი იყო ცნობილი, ვინც აღმართეს, და აღარც იმისი, ვინც აღმართა. ქანდაკება ერთ დროს თეთრი იყო, ახლა კი ისე გაეყვითლებინა ნესტში ღრმად ჩამკვდარ ჭუჭყს, რომ სიყვითლისა და ჭუჭყის გარდა სხვა შთაბეჭდილებას უკვე აღარ ტოვებდა. რომელიმე სუფთა და მოვლილი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად თანაბრად გაკრეჭილი სკვერი ასეთ ქანდაკებას იქნებ დაემახინჯებინა კიდეც, მაგრამ აქაურობას ვეღარაფერს აკლებდა, რადგან ბაღს იგი თავისი გაველურებული ბუნების ნაწილად ექცია და ჩიტებიც კი უკვე ისე ეპყრობოდნენ, როგორც დანარჩენ ხეებს. ბაღის სიღრმეში, სადაც ერთ დროს ღია ესტრადა იყო, ახლა მის მოსაგონებლად იდგა ქვის დაბალი სვეტები (რომლებსაც ცემენტი შემოცლოდა და ამიტომ თავიანთ საიდუმლოს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ერთიანი სვეტები კი არ იყვნენ, არამედ ერთიმეორეზე დაწყობილი ბრტყელი და უთანაბრო ქვები, დაუფარავად ამჟღავნებდნენ), რკინის ჩონჩხი (რომელსაც ადრე იატაკი ეყრდნობოდა და რომელიც ახლაც პატიოსნად შეასრულებდა თავის მოვალეობას, იატაკი რომ არ დამპალიყო და ნაწილ-ნაწილ არ ჩაშლილიყო) და ესტრადაზე ამავალი ოთხსაფეხურიანი კიბე (რომელიც რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ მის დგომაში უკვე უაზრობის კომიზმი იყო, რადგან, რაკი ფიცარნაგი აღარ არსებობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი ახლა არარაობაში მიდიოდა). აუზი, ქანდაკება და ესტრადა ისე იყვნენ განლაგებული, რომ ტოლგვერდა სამკუთხედს ქმნიდნენ.
   სოლომონს რაღაც ძალა ეწეოდა ამ ბაღისაკენ. ზოგჯერ სახლიდან განაგებ ადრე წამოვიდოდა, აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შორის, დიდი ცაცხვის ძირას, ერთი, შედარებით მყარი მერხი ჰქონდა ამოჩემებული, ჩამოჯდებოდა ამ მერხზე და ფიქრებში ჩაიძირებოდა. ამ ხეებს რომ შესცქეროდა, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იდგნენ აქ, როცა ქალაქის დღევანდელ მცხოვრებთაგან დაბადებულიც კი არავინ იყო, ეჩვენებოდა, თითქოს ძველსა და შორეულ, სევდიან სურნელს გრძნობდა, ისეთ სურნელს, როგორსაც, მთელი ქვეყანა რომ შემოგევლოთ, ვეღარსად წააწყდებოდით. რაც შეეხება მერხებს, მათი ახალგაზრდობა და სიმწვანე კარგად ახსოვდა და ახლა, მათს გაქუცულსა და წასაქცევად გამზადებულ სიბერეს რომ უყურებდა, ზოგჯერ თავისი სიყმაწვილე აგონდებოდა, კერძოდ (ამის მიზეზს ვერ მიაკვლია, თუმცა რამდენჯერმე საგანგებოდ ჩაუღრმავდა), ის ხანა, მეზობლის გოგოებმა რომ პირველი კვირტები გამოიტანეს და ამის დანახვაზე ბიჭებს თავზე წინდაჩამოცმულებს ეძინათ, რათა ურჩი თმა მოერჯულებინათ და ისეთი მიმართულება მიეცათ, რომელიც, მათი აზრით, უფრო სოლიდურ შესახედაობას მიანიჭებდათ, ხოლო დილდილაობით, გაღვიძებისთანავე, კედელთან დგებოდნენ, სადაც მათი გუშინდელი სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზი იყო გავლებული, და გულის ფანცქალით ეზომებოდნენ იმ იმედით, რომ წუხელ ერთი-ორ სანტიმეტრს კიდევ მოიმატებდნენ. ხანდახან სოლომონს სულ სხვა პრობლემები გაიტაცებდა, უფრო ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, და თავის დანიშნულებაზე დაიწყებდა ფიქრს, არა თავის, როგორც სოლომონის, დანიშნულებაზე, არამედ სოლომონის, როგორც მთლიანი, განუყოფელი ადამიანის შემადგენელი ნაწილის დანიშნულებაზე. ასეთ დროს გაუვალ ლაბირინთებში იხლართებოდა, ძაფი უწყდებოდა, გზა ებნეოდა და გულში არარაობისა და მკვდარი სიცარიელის ტკივილი უჩნდებოდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ქრებოდა, რაც, სკოლაში მისული, ყოველდღიურსა და გადაუდებელ საქმეებში ჩაეფლობოდა. ზოგჯერ ისე იჯდა ხოლმე, ტყუილად, და არაფერზე არ ფიქრობდა. უფრო სწორად, ალბათ ფიქრობდა, მაგრამ მერხიდან რომ წამოდგებოდა, უკვე აღარაფერი ახსოვდა, თითქოს ამ ხნის მანძილზე მის მაგივრად მერხზე სხვა ვიღაც იჯდა და სხვა ვიღაც ფიქრობდა. სკოლაში ყოველთვის მიუხაროდა. როდესაც ადამიანის მიდრეკილება და საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა, იტყვიან ხოლმე, სამსახური მისთვის მეორე ოჯახიაო. ასეთი კაცისაგან განსხვავებით, სკოლა სოლომონისათვის პირველი და, გარკვეული აზრით, ერთადერთი ოჯახი იყო. ამგვარმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლაში გულითადი მეგობრები ჰყავდა, რომელთა წრეში ტრიალი სულიერად ამდიდრებდა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარი იქნება. მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება, იშვიათი და დროებითი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ გულგრილი იყო და ფორმალური თავაზიანობის ზღვარს არ სცილდებოდა. და თუ სოლომონს მაინც მათთან ყოფნა ერჩივნა და კვირა დღე ჭირივით ეჯავრებოდა, ეს იმიტომ, რომ სამსახურსა და ოჯახს, ჩვეულებრივ, სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს ვუყენებთ და ზოგი წვრილმანი უსიამოვნება, რაზედაც სამსახურში იოლად ვხუჭავთ თვალს, ოჯახში გულსა გვტკენს და გუნებას გვიმღვრევს, თორემ, შინ რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი ჰქონოდა და მუდმივ დაძაბულობაში ეცხოვრა, როგორც არა ერთი და ორი ცხოვრობს, სოლომონს ეყოფოდა გამბედაობა (ყოველ შემთხვევაში, საიმისოდ მაინც ჰყოფნიდა, რომ ასე ეფიქრა) სულ მიეტოვებინა ოჯახი და სადმე გადახვეწილიყო. საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა საქმე. ეგ არის მხოლოდ, რომ შინ აღარაფერს ეკითხებოდნენ და ამის გამო თავს, ცოტა არ იყოს, ზედმეტ ბარგად გრძნობდა. შესაძლოა, აზვიადებდა კიდეც. მაგალითად, ხმამაღლა რომ ეთქვა, არაფრად მაგდებთო, იოლად დაუმტკიცებდნენ, რომ ცდებოდა. ზოგჯერ თვითონაც ეჩვენებოდა, რომ აზვიადებდა. უფრო მეტად მაშინ, როცა რაიმე საქმის გამო ქალაქიდან მოუხდებოდა გამგზავრება. საკმარისი იყო ორი დღით მოშორებოდა სახლს, გულზე მძიმე სევდა შემოაწვებოდა, თვალზე ლამის ცრემლი მორეოდა და ერთბაშად იგრძნობდა, თუ რა მწარედ ცდებოდა, როცა თავი ოჯახიდან გარიყული ეგონა. სახლ-კარს მოშორებული და მართლა მარტო დარჩენილი, შორიდან ნათლად ხედავდა, რომ იმ მოჩვენებითი მარტოობის უკან იდგა მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი, რომელიც თავგანწირულად იზიდავდა და სევდიანი, ცრემლმორევამდე სევდიანი ნატვრით უხმობდა, და მხოლოდ მაშინ, უკან რომ მობრუნდებოდა, შინ შევიდოდა, კედლებს შეხედავდა, ავეჯს შეხედავდა, ცოლ-შვილს შეხედავდა, ხვდებოდა, რომ თურმე ის „მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი“ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ილუზია, მირაჟი, რომელიც გიზიდავს, მაგრამ არ არსებობს, და კვლავ გარიყულობის ნაცნობი გრძნობა ეუფლებოდა. ეს გაორებული დამოკიდებულება, თუმცა კი ხშირად გულზე უამურად უფხაჭუნებდა, ცხოვრების მთავარ კალაპოტს ვერ ამღვრევდა და ვერ აღელვებდა, გარიყულობისა და ზედმეტობის გრძნობაც ზედაპირზე დაცურავდა, გარედან, მხოლოდ კანზე ეხებოდა და, მართალია, ზოგჯერ მწვავე აფეთქებას იწვევდა, მაგრამ სულის ღრმა ფენებს, სადაც ჩვენი არსებობის ძირითადი ბირთვია მოთავსებული, ვერ წვდებოდა და ვერ აზიანებდა. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ სოლომონს მშვიდი ცხოვრება უყვარდა (ხოლო, ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს, ის ახერხებს კიდეც მშვიდად იცხოვროს), მეორე ის, რომ ოჯახის სადავეები ერთბაშად კი არ გამოსცლია ხელიდან, ნელ-ნელა დაკარგა, თანდათან, შეუმჩნევლად, ამიტომ ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. მეხის გავარდნა ხომ თავისი მოულოდნელობით გვაკრთობს, თორემ, ნელ-ნელა რომ მოდიოდეს და შეუმჩნევლად უმატებდეს ხმას, ისე გავარდებოდა, ვერც გავიგებდით, ან გავიგებდით, მაგრამ უკვე შეჩვეული ვიქნებოდით და ყურადღებას არ მივაქცევდით. და თუ სოლომონი თავის ცხოვრებას ბედნიერებას ვერ დაარქმევდა, ვერც უბედურებას დაარქმევდა, ეს კი რეალისტი კაცისთვის, ვისაც პატივმოყვარეობა არ ახრჩობს, სავსებით საკმარისია.
   ცოლი ოცდახუთი წლისამ შეირთო. ნათესავებმა შეურჩიეს ქალი და ერთხელ, წვეულებაზე, შეახვედრეს. ქალი შესახედავად დიდი ვერაფერი შვილი იყო. სამაგიეროდ სოლომონს ძალიან მოეწონა ის, რომ ერთთავად მორცხვად თავდახრილი იჯდა და თვალებში შემოხედვას ვერ უბედავდა. გარდა ამისა, მოეწონა სახელი - ასმათი, რომელიც სიყრმიდანვე, როდესაც პირველად წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“, რჩეულ სახელთა ნუსხის თავში მოექცა. იმ დროს სოლომონი ახალბედა მასწავლებელი იყო, ხოლო ასმათი ქიმწმენდაში მუშაობდა ტექნოლოგად. რაც შემდეგ მოხდა, იმის გამო სოლომონს არც ერთი საყვედურის სიტყვა არ დასცდენია თავის შუამავალ ნათესავებთან, რადგან იმ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომელთა მოწმეც მოგვიანებით შეიქნა და რომლებიც იქნებ იმთავითვე ეწერა შუბლზე ასმათს, სოლომონის უბირი ნათესავები, ცხადია, წინასწარ ვერ განჭვრეტდნენ. თავიდან ყველაფერი წესსა და რიგზე მიდიოდა. ასმათი მეოჯახე, მოსიყვარულე, ალერსიანი და ერთგული ქალი იყო და ცოლის ყველა მოვალეობას კარგად და გულმოდგინედ ასრულებდა. როდესაც საღამოობით სოლომონი თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს უზიარებდა ხოლმე, ასმათი ყურადღებით უსმენდა. მართალია, საკუთარ მოსაზრებებს იშვიათად გამოთქვამდა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი იყო. კაცს მსმენელი გჭირდება და არა მოსაზრებები. განსაკუთრებით ტკბილად აგონდებოდა სოლომონს ღამეული საუბრები, რომლებიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით მიმდინარეობდა ლოგინში, ძილის წინ, როდესაც საერთო სარეცელი მთელი ცხოვრების მყარ, მტკიცე, უღალატო კალაპოტად იქცეოდა, რომელშიაც ცოლ-ქმრის სული და ხორცი ამ სარეცელივით ერთი და განუყოფელი იყო და რომელშიაც ცოტა ჭარბი გულახდილობა, ცოტა ჭარბი სიმხურვალე, ცოტა ჭარბი რომანტიზმი და ცოტა ჭარბი იდეალიზმი ისე უბრალოდ, ისე ბუნებრივად, ისე კარგად ისხდნენ თავთავიანთ ადგილას, თითქოს ცხოვრება სწორედ ასეთი ყოფილიყოს, ხოლო ის, რაც დღისით ეგონა ცხოვრება, ახლა მის მრუდე ანარეკლად ეჩვენებოდა.
   ორი წლის შემდეგ ასმათი გაერთიანება „ოქროს საწმისში“ გადავიდა სამუშაოდ და მალე ცეცხლთან თამაში დაიწყო. „ოქროს საწმისი“ ჩვენი პატარა ქალაქის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დაწესებულება იყო, რომელიც მოსახლეობას ამარაგებდა საკუთარ საამქროებში დამზადებული (მაგრამ უვარგისი) და გარედან შემოტანილი (მაგრამ ძნელად ხელმისაწვდომი) ისეთი აუცილებელი საქონლით, როგორიცაა კაფელის ფილები, აბაზანები, უნიტაზები, ონკანები, ნიჟარები და სხვა. ასმათი ძველ სამსახურშიც გამოირჩეოდა სიყოჩაღითა და ენერგიით, მაგრამ „ოქროს საწმისში“ ისეთი ფხა გამოიჩინა, არა მარტო ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, არამედ გზადაგზა კიდევ ერთხელ, საკუთარ მაგალითზე, დაამტკიცა, თუ რაოდენ რთული მოვლენაა ადამიანი და რა სახიფათოა მისი დღევანდელი დღის მიხედვით მის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა. ჯერ წუნმდებელი იყო, მერე ეკონომისტი, მერე უფროსი ეკონომისტი, მერე განყოფილების გამგე, ბოლოს კი დირექტორის მოადგილე გახდა. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მორცხვი, უთქმელი, უპრეტენზიო ქალი პატივსაცემ, საქმიან, მკაცრ დირექტორის მოადგილედ ქცეულიყო, რომელსაც მანქანაც კი ემსახურებოდა. მართალია, ეს იყო იმ ტიპის „მოსკვიჩი“, უკან რომ ოთხკუთხა, დახურული, კიდობნის მაგვარი ძარა ადგას, მაგრამ მაინც მანქანა იყო, მძღოლი ჰყავდა, ბორბლები ჰქონდა და, რაც მანქანას მოეთხოვება, ყველაფერს მშვენივრად აკეთებდა. და თუ შესახედაობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევდით, იმ სპეციფიკური დანიშნულებისათვის, რომელზედაც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, შუშებით შემოღობილ, ღია, ყველა ცნობისმოყვარე თვალისთვის სააშკარაოზე მყოფ მანქანას ასეთი გაუმჭვირვალე კიდობანი სჯობდა.
   ასმათი ჯერ მხოლოდ უფროსი ეკონომისტი იყო და თავისი კარიერის ბოლო პუნქტამდე კიდევ დიდი გზა ედო, როცა პირველად მოიტანა შინ რამდენიმე შეკვრა უცხოური კაფელი და ერთი უცხოური უნიტაზი. სოლომონს გაუკვირდა. საქმე ისაა, რომ არც კაფელი ჰქონდათ გამოსაცვლელი და არც უნიტაზი, ხოლო, რაკი მთელი მისი არსება მშობლიური ლიტერატურის სიყვარულში იყო გახსნილი და ამის გამო პრაქტიკული აზროვნება ცოტა მოჩლუნგებული ჰქონდა, ერთბაშად ვერ მიხვდა, რისთვის დასჭირდა ცოლს ამ ნივთების მოზიდვა. როცა გაიგო, გასაყიდად მოეტანა, აღელდა. ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რასაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს: სოლომონმა ყრუ ტკივილით იგრძნო, რომ მის არსებაში ღელავდა არა მარტო ზნეობრივი აღშფოთება, არამედ (იქნებ უფრო დიდი დოზითაც) შიში, შიში იმისა, რომ ვიღაც პასუხს მოსთხოვდა. თუმცა, როცა თავის აღელვებას გზა მისცა და სიტყვებად ჩამოყალიბებას შეუდგა, აქცენტი, რაღა თქმა უნდა, აღშფოთებაზე გადაიტანა, შიში კი მხოლოდ გაკვრით ახსენა (რაზედაც ასმათმა დამცინავად გაიღიმა). საერთოდ, სოლომონი ისე ვერ ღელავდა და ისე ვერ შფოთავდა, როგორც საჭირო იყო და როგორც აღელდებოდა და აღშფოთდებოდა, კაფელი და უნიტაზი რომ ცხვირწინ არ ჰქონოდა და საკითხი მხოლოდ თეორიულ პლანში ყოფილიყო გადასაწყვეტი. ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ ცოლ-ქმრის შეხლა-შემოხლა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს რამდენიმე მოკლე ფრაზა სტყორცნეს, რომლებშიაც ემოცია მეტი იყო, ვიდრე აზრი, და რომლებიც უმთავრესად ერთიმეორის სუბიექტურ დახასიათებას წარმოადგენდა, ასმათმა დოინჯი მრისხანედ შემოიყარა და ამ მრისხანებასთან შეუთანხმებელი, წყნარი, ჩუმი, ლამის საწყალობელი ხმით თქვა: - ბატონი ბრძანდები. შენა ხარ ოჯახის უფროსი და, როგორც მეტ-ყვი, ისე ვიზამ. ახლა რაღა ეშველება, ამ ერთ ღამეს გაუძელი და ხვალ მოვკიდებ ხელს და, საიდანაც მოვიტანე, ისევ იქ წავიღებ. - დოინჯიც რომ არა, ასეთი დასკვნა ისედაც არ გამომდინარეობდა წინამავალი საუბრიდან, ამიტომ სოლომონი ცდუნებას არ აჰყოლია და თავისი გამარჯვება არ დაუჯერებია, მით უმეტეს, რომ გულის შორეულ სიღრმეში გრძნობდა, რომ გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა (რადგან კიდევ უფრო შორეულ სიღრმეში, ვინ იცის, ეგებ არც უნდოდა ჰქონოდა). მართლაც ასმათმა თავისი სიტყვი ასე დაასრულა, - სულ მივატოვებ ამ ოხერ სამსახურს, ბავშვებს მაინც მივხედავ (ამ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდათ). ქალი სახლში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდეს. ოჯახს კაცი უნდა არჩენდეს, - აქ წამით შეყოვნდა, თითქოს ვითარება აწონ-დაწონაო, მერე დაუმატა, - მე შენ გეტყვი, ვერ გვაცხოვრებ შენი ხელფასით!
სოლომონს ეს სიტყვები ემწარა, მაგრამ არც ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან ახლა იმასაც მიხვდა, რომ შვიდი წლის მანძილზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ, ამ სიტყვებს წინ უამრავი სხვა სიტყვა უძღოდა, რომლებისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია და რომლებიც, ამ უყურადღებობის წყალობით, კიდევ უფრო მუყაითად მუშაობდნენ და კიდევ უფრო ბეჯითად ამზადებდნენ საბოლოო სათქმელს. ამიტომ აღარც იმის განცდა გამოდგა ახლა ძალიან მწვავე, რომ სოლომონს თურმე რა ხანია უკვე ოჯახის უფროსობა ჩამორთმეული ჰქონდა, ეკონომიკის სადავეები ასმათს ეპყრა ხელთ და ახლა მხოლოდ იმაზეღა იყო ლაპარაკი, რომ იდეოლოგიური სადავეებიც აეღო, რაც ეკონომიურ ბატონობას ადრე თუ გვიან უეჭველად უნდა მოჰყოლოდა.
   და სოლომონი გაჩუმდა. ხოლო, რაკი სოლომონი გაჩუმდა, მშვიდობიანობაც ჩამოვარდა და ცოტა ხნის შემდეგ ასმათმა უკვე ტკბილად, დაყვავებით და დამაჯერებლად აუხსნა ქმარს, რომ მის საქციელში საძრახისი არაფერი იყო: როგორც ცნობილია, ადგილობრივი პროდუქცია ძნელად საღდება. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, ზემოთაც კარგად იციან. ამიტომ გეგმის შესასრულებლად გაერთიანებას დროდადრო უცხოურ საქონელს აწვდიან. ამ საქონელს, რომლის ეგრეთწოდებული „თავისი ფასი“, დავუშვათ, ასი მანეთია (რეალური ფასები სოლომონის თავში მალე აირ-დაირია, ამიტომ მხოლოდ შეფარდებები დაიხსომა), რაღაც მანქანებით ხელთ იგდებს გადამყიდველი და ყიდის სამას მანეთად. საქონელზე მოთხოვნილება დიდია და მუშტარი, ოღონდაც იშოვოს და, სიამოვნებით იხდის ამ თანხას. ასეთ ვითარებაში ასმათი სრულიად კანონიერად და ოფიციალურად ყიდულობს ამ საქონელს თავისი გაერთიანების მაღაზიაში, იხდის ას მანეთს, მოაქვს შინ და რომელიმე თავის ახლობელს აძლევს ორას მანეთად. ამ უმტკივნეულო კომბინაციით არა მარტო ასმათი იგებს ას მანეთს, არამედ მუშტარიც, მას ხომ ორასი მანეთი დაუჯდა ის, რაშიც უყოყმანოდ გადაიხდიდა სამას მანეთს! განა ცუდია, ადამიანს, რომელსაც, ვინ იცის, როგორ უჭირს, ასი მანეთი გადაუნარჩუნო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლაცაა, რამდენადაც შავ ბაზარზე ფასების დაცემას უწყობს ხელს. ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარ ოპერაციას არც ისე კარგი სუნი უდის, მაგრამ, დავუშვათ, ასმათმა არ წამოიღო ეს საქონელი და სარეალიზაციოდ გაუშვა. რა მოხდება? იმდენი რომ იყოს, მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს, კაი დაგემართოს ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ ამდენი არ არის. ამიტომ იგი უეჭველად რომელიმე გადამყიდველს ჩაუვარდება ხელში და, ვისაც ასმათის წყალობით ორასი მანეთი დაუჯდებოდა, ახლა სამასი მანეთი დაუჯდება. ისიც, თუ იშოვა. ასეთი აღმოჩნდა საქმის ვითარება. და თუმცა სოლომონი გრძნობდა, რომ ამ უცნაური ლოგიკის უკან რაღაც შეუსაბამობა იმალებოდა, მაგრამ ფიქრის დრო აღარ დარჩა, ვინაიდან რვეულები ჰქონდა გასასწორებელი.
იმ დღიდან მოყოლებული სოლომონის სახლში (ხოლო სამი წლის შემდეგ უკვე ასმათის სახლში, რადგან ძველი ბინა ჩააბარეს, ხოლო ახალი, რომელშიაც ამჟამად ცხოვრობდნენ, ასმათმა მიიღო) უნიტაზი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც ასმათმა ახლობლები და მეზობლები (ჯერ ძველ და მერე ახალ ბინაში) მოილია, იძულებული შეიქნა მოქმედების არე გაეფართოებინა. ამ მიზნით დაუკავშირდა ერთ მეზობელს, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობდა და სანეპიდსადგურში მუშაობდა მღრღნელებისა და ტარაკანისმაგვართა განყოფილებაში. შავი, პატარა ქალი იყო, გამხდარი, მოუსვენარი და მოძრავი. ერთთავად დარბოდა და დასუნსულებდა, თან სხეული ისე დაჰქონდა, გეგონებოდათ, ფართხალებსო. გაჩერებული რომ დაგენახათ, ვერც კი მოასწრებდით იმის შემჩნევას, რომ გაჩერებული იყო, თითქოს თქვენი გამოჩენის შეეშინდაო, ერთბაშად აკრეფდა სიჩქარეს და უეცრად გასუნსულდებოდა გაურკვეველი მიმართულებით. როცა მათსა ამოვიდოდა (ამოსვლით კი უკვე ხშირ-ხშირად ამოდიოდა), სოლომონს არაერთხელ წაუსწრია საკუთარი თავისთვის და გაკვირვებით გაუცნობიერებია, რომ თურმე სულ იმის მოლოდინში იყო, ან ახლა შეძვრება პლინთუსის ქვეშ და ან ახლაო. ეს ქალი ორი რამით იყო მეზობლებში ცნობილი: ერთი - სამსახურში საწამლავს იპარავდა და უბანში მცირე გასამრჯელოს ფასად კერძო ტარაკნებს სპობდა, და მეორე - დროდადრო უცხო ქალაქებშიც დასუნსულება, რაღაც-რაღაცეები ჩამოჰქონდა და ჰყიდდა. სახელად ლუბა ერქვა. ასმათის უნიტაზებისთვის ახალი სავაჭრო გზების გაჭრა სიამოვნებით იკისრა. იკისრა და, როგორც იტყვიან, შეასრულა კიდეც. ასმათს თავის, პირობითად რომ ვთქვათ, ას მანეთს მუდამ პატიოსნად აბარებდა, თავად რამდენს იგებდა, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ენთუზიაზმის გამო, ცხადია, ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა.
   ამის შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანებს საერთო საიდუმლო დააკავშირებს, ლუბა, ეს პატარა მღრღნელი, ისე შეეჩვია და გაუშინაურდა ასმათისა და სოლომონის ოჯახს, რომ, უნიტაზისა არ იყოს, მალე ინტერიერის შემადგენელი ნაწილი გახდა. დროს იშოვიდა თუ არა, მაშინვე ამოსუნსულდებოდა. ხან მურაბის რეცეპტი ამოჰქონდა, ხან მწნილის რეცეპტი მიჰქონდა, ხან ისე, სამუსაიფოდ ამოვიდოდა. თავიდან სოლომონი ვარაუდობდა, რომ ლუბა ტარაკნისგან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ მერე, როცა თავად ლუბამ მისცა პირველი ბიძგი მისი სამი მნიშვნელოვანი დაკვირვებიდან ერთ-ერთს, კერძოდ იმას, რომელიც დარვინის მოძღვრებას ეხებოდა, სოლომონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქმე პირიქით იყო - ტარაკანა წარმოიშვა ლუბასგან და არა ლუბა ტარაკნისგან. თვითონ სოლომონს რაც შეეხება, იმ საუბრის მერე, რომელმაც საბოლოოდ მოჰფინა ნათელი მისი ეკონომიური და, შესაბამისად, იდეოლოგიური დამოუკიდებლობის დაკარგვას, პროტესტს ხმამაღლა ვეღარ გამოთქვამდა, მაგრამ თავის გულში ასმათის საქმიანობას არასოდეს შერიგებია. ერთი ხანობა გადაწყვიტა ბავშვები მაინც გაეზარდა ისე, რომ ამ მაცდურ ქსელში არ მოყოლილიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხა. არა იმიტომ, რომ ასმათი იყო ამის წინააღმდეგი. პირიქით, ასმათი მოხარული იქნებოდა, სოლომონი თუ თავის გადაწყვეტილებას შეასრულებდა, რადგან ადამიანმა, რა გზასაც არ უნდა ადგეს, მშვენივრად იცის, კარგი რა არის და ცუდი რა არის (სხვათა შორის, სწორედ ესაა მათი აქილევსის ქუსლი და არა შიში, როგორც მიამიტურად ვფიქრობთ), და ასმათმა გულის სიღრმეში (ხოლო ნათელ წუთებში გულის ზედაპირზეც) იცოდა თავისი საქმიანობის ფასი და ერჩივნა შვილები მისი გავლენის არეში არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ, როდესაც სოლომონმა გადაწყვიტა ბავშვები ისე გაეზარდა, ცუდ გზას არ დადგომოდნენ, უბრალოდ, არ იცოდა, კონკრეტულად რა შინაარსი იდო ამ ზოგად და გვარიანად ბუნდოვან სიტყვაში „ისე“.
ცხოვრება კი ამასობაში ასმათის ხაზს მიჰყვებოდა. და თუმცა ხაზის დასაწყისში არავითარი საამისო ნიშანი არ ჩანდა და, ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, სოლომონი დიდად გაკვირვებული დარჩებოდა, ფაქტი ის არის, რომ ამ ხაზმა ერთ მშვენიერ დღეს კონსპირაციამდე მიიყვანა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ლოგიკის მრუდი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ლოგიკის მრუდი, სწორედ აქეთკენ მიდიოდა. სოლომონს, როგორც უკვე ითქვა, მთელი ქართული ლიტერატურა დიდი სიყვარულით უყვარდა. თუმცა რჩეულებიც ჰყავდა. რჩეულთა შორის რჩეული კი ილია ჭავჭავაძე იყო, ვინც თავგანწირვით იბრძოდა ყველა ეროვნულ ფრონტზე, თანაც, სოლომონის აზრით, მრავალთაგან განსხვავებით, იმიტომ კი არ იბრძოდა, რომ ერის წინამძღოლი გამხდარიყო, არამედ იმიტომ გახდა ერის წინამძღოლი, რომ იბრძოდა. რა თქმა უნდა, სოლომონს იმის პრეტენზია არა ჰქონია, ილია ჭავჭავაძის სიმაღლეებს შეჰპოტინებოდა, ან მასთან სულიერი კავშირი ეპოვა (და, საერთოდ, სოლომონი უპრეტენზიო კაცი იყო), უბრალოდ, ცდილობდა მისი ცხოვრების მაგალითზე საკუთარი გადაწყვეტილებანი და ნამოქმედარი შეემოწმებინა, რადგან ეს ცხოვრება ვეება სულიერი ეკრანი იყო და ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება იქ ჭეშმარიტ სახესა და ჭეშმარიტ ღირებულებას იძენდა. ამ მხრივ სოლომონი ზოგჯერ ღრმადაც შეტოპავდა ხოლმე. მაგალითად, როცა სახლში სანტექნიკური ბუმი დაიწყო, გვარიანად მკრეხელური, თუმცაღა სავსებით ბუნებრივი კითხვა დაებადა: ილია ჭავჭავაძე რომ მის დღეში ჩავარდნილიყო, რას იზამდა? ამ კითხვაზე სოლომონმა პასუხი ვერ იპოვა, რადგან ასეთი ვითარების წარმოდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეუძლებელი აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ის ილია ჭავჭავაძე იყო, არამედ სხვა, გაცილებით უფრო დიდი და ღრმა მიზეზების გამო, რომლებსაც სოლომონი თუმცა კი გრძნობდა, მოხელთებასა და აზრად ჩამოსხმას ვერ უხერხებდა. ერთი სიტყვით, ილია ჭავჭავაძე რჩეულთა შორის რჩეული იყო. სოლომონს განსაკუთრებით მისი პუბლიცისტური წერილები უყვარდა. ბევრი მათგანი ზეპირად იცოდა. და ყველას, მათ შორის იმათაც, რომლებიც ზეპირად იცოდა, ჟამიდან ჟამზე, უფრო ისეთ დროს, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ამბოხის გუნებაზე დგებოდა, მიუბრუნდებოდა და ისე-თი ჯიბრიანი სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა, თითქოს ვიღაცის ჯავრს იყრიდა ან ვიღაცას ნიშნს უგებდა. იმ დღეს სწორედ „ქუთაისის ბანკის საქმეს“ კითხულობდა, როცა ასმათის ფეხის ხმა მოესმა და ამ ხმის გაგონებაზე გადაშლილი რვეული, რომელიც იქვე ედო, გვერდით, სწრაფად დააფარა წიგნს, თან კალმისტარი მოიმარჯვა და ისეთი სახე მიიღო, თემების გასწორებისას რომ ჰქონდა ხოლმე. როგორც კი თავისი საქციელი გააცნობიერა, წამსვე მიხვდა, რომ რვეულიცა და კალმისტარიც წინდაწინ ჰქონდა მომზადებული და, საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ასმათის გამოჩენაზე რომ წიგნს მალავდა. სოლომონს ეს ამბავი ცოტა გაუკვირდა. იქნებ უნდა შემცბარიყო კიდეც, მაგრამ არ შემცბარა, რადგან ეს იგივე შენელებული მეხი იყო, რომელსაც ყური ვეღარ აღიქვამს. გაკვირვებითაც მხოლოდ იმიტომ გაუკვირდა, რომ ასმათს არასოდეს მისთვის წიგნის კითხვა არ აუკრძალავს. როგორც ჩანს, სოლომონს თავად გამოუტანია დასკვნა, რომ, იმ დროს, როდესაც ცოლი ოჯახზეა გადაგებული და ყველაფერი ოჯახის სამსხვერპლოზე მიაქვს, ქმრის მხრივ, მეტი რომ არა ვთქვათ, უხერხულია ისეთი რამის კეთება, რასაც უშუალო მატერიალური სარგებლობა არ მოჰყვება.
   გაცნობიერებას შედეგი არ მოუტანია. არც ავი, არც კარგი. და სოლომონმა არალეგალური მუშაობა განაგრძო, რისთვისაც წარმატებით იყენებდა მოსწავლეთა რვეულებს. რვეულების სწორების გამო, თუნდაც ამ საქმეში ღამეები ეტეხა, ვერავინ დაძრახავდა, დიდი-დიდი, ასმათს ცოტა კომიკური მოსჩვენებოდა შეფარდება შორმასა და ანაზღაურებას შორის და ამის თაობაზე რამე გესლიანი შენიშვნა გამოეთქვა.
   საკვირველი კი იყო, მაგრამ ასმათი, რაც უფრო წინ მიიწევდა სამსახურებრივი კარიერის გზაზე, მით უფრო სანდომიანი ხდებოდა, თუმცა არავითარ პარფიუმერიასა და სხვა ხელოვნურ საშუალებებს არ იყენებდა. თითქოს უფრო მაღალი და ტანადიც კი გამოჩნდა. ამან სოლომონი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ თანამდებობა ადამიანს ალამაზებს. იქნებ ასეცაა (და, საერთოდ, ულამაზო ქალს ლამაზი ქალი ერჩივნა), მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ასმათის წინსვლისა და, შესაბამისად, გალამაზების კვალობაზე, რატომღაც თანდათან კნინდებოდა სოლომონის მამაკაცური გამბედაობა, რის გამოც ინიციატივამ ღამეულ საქმიანობაშიც ასმათის მხარეს გადაინაცვლა და სოლომონს ოდენ პასიური (ხანდახან გაბოროტებულად პასიური) მომლოდინის როლიღა შერჩა.
ხოლო თქმა იმისა, რომ თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს ცოლს უკვე ვერც დღე და ვერც ღამე ვეღარ უზიარებდა, ალბათ ზედმეტიც კია. საბოლოოდ სოლომონი დაემსგავსა მდინარის ფსკერზე, თეთრი ლოდის ძირას ჩაგუბებულ პატარა მორევს, რომელიც ფორმალურადღაა მდინარის ნაწილი, რადგან, როდესაც მდინარე თავზე გადაუვლის და ხმაურით წავა, ამ დინებას არც აფერხებს და არც მიჰყვება, თავისთვისაა შეყუჟული ლოდქვეშ, თვალდახუჭულია, გატრუნული და, თუ ზაფხულის თბილი ნეტარება ვეღარ ახარებს, ვეღარც ზამთრის სუსხიანი ტკივილი აღონებს, თუ ერთ ადგილზე დგომით ობს მოიკიდებს, ისე ნელ-ნელა მოიკიდებს, ვერც კი მიხვდება, რომ ობი მოიკიდა, თუ ცოტ-ცოტაობით თეთრ ლოდს ძირს უთხრის, ამას თავისდაუნებურად სჩადის და ამიტომ არც ეძრახვის და არც მოეკითხება.
ეს შედარება ეგებ ზედმეტად მძაფრია და, რახან სოციალურად შეზღუდულია, მაინცდამაინც ვერც სიზუსტეს დაიკვეხნის. სინამდვილეში, სანამ ცოცხალი ვართ, გვინდა თუ არა, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ძაფები დაუწყდა და შვილებისაკენ მიმავალი გზებიც დაკარგა, სოლომონმა მთავარი სასიცოცხლო აქცენტი სკოლაზე გადაიტანა.
   როგორც უკვე ითქვა, სკოლაში (ცხადია, სკოლის გარეთაც) სოლო-მონს მეგობრები არა ჰყოლია. სამაგიეროდ, სკოლაში მოქმედებდა ერთგვარი დაუწერელი ეთიკური კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ მასწავლებლებს ერთიმეორის არსებობა ეღიარებინათ, ერთიმეორის რეპუტაციას მოფრთხილებოდნენ და ერთიმეორის მიმართ, რამდენადაც ამის საშუალებას ცხოვრება იძლეოდა, თავაზიანობის ნორმები დაეცვათ. მართალია, ეს კანონი, როგორც კანონის წესია, მხოლოდ ზედაპირს ეხებოდა და არა არსს, სოლომონს იგი მაინც სავსებით აკმაყოფილებდა. ცხოვრება ჭრელია და, რაღა თქმა უნდა, ეს სიჭრელე აქაც იჩენდა თავს, შეხლა-შემოხლაც იყო, ინტრიგებიც, აყალ-მაყალიც, მაგრამ მთავარი დოზაა, მაქსიმალისტური მოთხოვნები კი სოლომონს პრაქტიკული ცხოვრების მიმართ არასოდეს ჰქონია. სამასწავლებლოში ხშირად სულიერადაც ისვენებდა. აქ ხშირი იყო საუბარი საკაცობრიო საკითხებზე, მნიშვნელოვან თემებზე, სულზე, მაღალ მატერიებზე. ჭორაობაც კი აქ უფრო ნატიფი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამ მხრივ, ეჭვი არაა, სოლომონის კოლეგები გაცილებით სჯობდნენ „ოქროს საწმისის“ ხმაურიან და ტლუ თანამშრომლებს, რომლებსაც ასმათი ზოგჯერ წვეულებას გაუმართავდა ხოლმე და რომელთა ინტელექტუალური და სულიერი დონე სოლომონს ყოველთვის ნაღვლიან გუნებაზე აყენებდა. ლუბაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ლუბა ნაღვლიან გუნებაზე არ აყენებდა. ლუბა აღიზიანებდა. აღიზიანებდა არა იმიტომ, რომ ჩახლეჩილი, რაღაც უწმაწური ხმა ჰქონდა, და ამ ხმით ხშირად უწმაწურ აზრებსაც გამოთქვამდა, არამედ იმიტომ, რომ, საერთოდ, ლაპარაკობდა. სოლომონს რატომღაც მიაჩნდა, რომ ლუბას მეტყველების უნარი არ უნდა ჰქონოდა. დარწმუნებული იყო, მისგან რომ მხოლოდ ღმუილი და დაუნაწევრებელი ბგერები მოესმინა, ასე არ გაღიზიანდებოდა.
  მოსწავლეებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და უკვე რა ხანია საბოლოო, დასრულებული, ინერციული სახე მიიღო. პედაგოგის პირვანდელ თეორიულ მოდელში, რომელიც გაჟღენთილი იყო ახალგაზრდობისათვის (მაშინდელი ახალგაზრდობისათვის) დამახასიათებელი იდეალიზმით, ცხოვრებამ საჭირო ცვლილებები შეიტანა, ჭრელაჭრულა კვირტები მოაშორა, უნიადაგო იდეალიზმის მყიფე შრეები გამოაცალა, დაწნეხა და პრაქტიკული, გამოყენებითი სახე მისცა. ეს იყო ჩვეულებრივი და გავრცელებული, მაგრამ, ამავე დროს, თუკი შეეგუებოდი და რაღაც ისეთს არ მოინდომებდი, რაც კოორდინატებში არ ეტევა, მყარი, უტყუარი და უღალატო მოდელი. სოლომონი შეეგუა, რადგან უკიდურესობას არც ერთ მხარეს არ ესწრაფოდა. იგი არ მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებულ „საყვარელი მასწავლებლის“ კატეგორიას (თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასელებს არ მოუგონიათ, რომელთაც დედა ენატრებათ და, ეს ნატვრა რომ ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავენ), მაგრამ არც იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სკოლაში რომ შემთხვევით აღმოჩნდება. სოლომონი ბუნებით პედაგოგი იყო. მშობლიური ლიტერატურა, გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარდა, კარგადაც იცოდა და ცდას არ აკლებდა, რომ მოსწავლეებისათვის თავისი ცოდნა გადაეცა და თავისი სიყვარული გადაედო. სიყვარულის გადადება, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძნელდებოდა. ბავშვები იცვლებოდნენ. თაობები სოლომონის თვალწინ მიაბიჯებდნენ და სოლომონი ნათლად ხედავდა ცვლილებებს, რომლებიც უმთავრესად ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური ხასიათისა იყო. ერთი მხრივ, გაცილებით უფრო გონიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავდნენ რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშელასაც ვუწოდებთ ხოლმე), უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად აღარ ენდობოდნენ, ხშირად მათს ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკულად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ. დროდადრო ეს პროცესი იმდენად მძაფრი იყო, რომ სოლომონი, რომელიც თავისი საგნის მიხედვით მსჯელობდა, აშკარად და გარდაუვალად მოელოდა ლიტერატურულ ღირებულებათა გადაფასებას და მერე, წლები რომ მაშინდელ მოსწავლეებს მოწიფულ ხალხად აქცევდა და მოსალოდნელი გადაფასება კი არსად ჩანდა, უკვირდა და გულში ფიქრობდა, ნეტა ის ბავშვები რა იქნენ, რომ ხმას აღარ იღებენო.
   მოსწავლეები არც სოლომონის დიდ სიყვარულს იზიარებდნენ და ზოგჯერ ისეთ სუსტ ადგილებს გაიხსენებდნენ მასწავლებლის სათაყვანებელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, რომლებიც, ერთი მხრივ, შეგნებულ სკეპტიციზმზე მიუთითებდა, საკუთარი შეხედულების გამართლებას რომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობს, მეორე მხრივ კი, მიზნად ისახავდა მასწავლებლის გამოცდას და შეძლებისდაგვარად „ჩაჭრასაც“, და ამიტომ, იმ დროს, როცა გაკვეთილი არ იცოდნენ, ციტატები ყველაზე ნაკლებ ცნობილი ნაწარმოებებიდან მოჰქონდათ. მადლობა ღმერთს, სოლომონი ზოგ-ზოგებს არ ჰგავდა, სასკოლო პროგრამის ფარგლებში რომ არიან გამომწყვდეულები. სოლომონმა საგანი ვრცლად და ღრმად იცოდა და მისი „ჩაჭრა“ იოლი არ იყო, თუმცა ვერც იმას დაიკვეხნიდა, თითქოს მოწაფეების სკეპტიციზმს შერყევას უხერხებდა.
   ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, მაინც ცდილობდა მშობლიური მწერლობის სიყვარული გაეღვივებინა ბავშვებში, რადგან ამ სიყვარულის მართებულობა მისთვის წმინდა და შეუვალი ჭეშმარიტება იყო. ზოგჯერ, დამატებითი ბიძგების ძებნაში, საქართველოს ისტორიაზეც დაიწყებდა ხოლმე საუბარს (რასაც ბავშვები კმაყოფილებით ხვდებოდნენ, რადგან ასეთ დროს სოლომონს ხშირად ახალი მასალის ასახსნელად დრო აღარ რჩებოდა), ერთხელ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც კრახით დასრულდა: სოლომონმა ერთი ლექსი იცოდა. ბავშვობაში გაიგონა თავისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და სამუდამოდ დაამახსოვრდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლექსი სადა იყო, ნათელი, ადვილი დასაზეპირებელი და სათქმელს ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად ამბობდა, არამედ იმიტომაც (ამას გვიან მიხვდა), რომ, იმ დროს, როცა მასწავლებელმა სოლომონსა და მის თანაკლასელებს ეს ლექსი უთხრა, მისი პათეტიკა სავსებით ბუნებრივი იყო და მის ეროვნულობას კოპწიაობის არავითარი დაღი არ ესვა, რადგან მთქმელიცა და მსმენელებიც ერთსა და იმავე განზომილებაში იმყოფებოდნენ. სოლომონს მთელი თავისი მასწავლებლობის მანძილზე, თითქოს ტანში ეშმაკი უზისო, არ ასვენებდა იმის სურვილი, რომ ეს სცენა გაემეორებინა. გრძნობდა, სხვა დრო იყო, და გაბედვა უჭირდა. მაგრამ უთქმელობაც აწვალებდა, ამიტომ გამუდმებით ემზადებოდა და ხელსაყრელ დროს ეძებდა. გასულ წელს, ბოლოს და ბოლოს, გაბედა, მაგრამ ამდენ ჭოჭმანსა და რჩევა-რჩევაში, როგორც ჩანს, საამისოდ ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელი დრო აირჩია. იმ ღდეს მეცხრე კლასში ახალი ქართული სალიტერატურო ენის შესახებ ჰქონდა საუბარი. როდესაც ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დამსახურებაზე ილაპარაკა, შეუმჩნევლად გასცდა საკითხის კონკრეტულ რკალს, ცოტა როლშიც შევიდა, შთაგონების მაგვარი რაღაც იგრძნო, უეცრად მიხვდა, რომ სწორედ ახლა იყო ის ხელსაყრელი დრო, რომელსაც თითქმის ორმოცი წელი ელოდა, აღელდა, გული აუძგერდა, თვალზე თხელი ბურუსი გადაეფარა (რის გამოც ფოკუსი აერია და კლასს ბუნდოვნადღა ხედავდა) და საუბარი ასე დაასრულა: - ...მათი ღვაწლი განუზომელია არა მარტო ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებაში, არამედ, საზოგადოდ, ქართული კულტურის აღორძინებაში. ეს სახელები წმინდა სახელებია, ან, როგორც პოეტი იტყოდა: ილია და აკაკი, აკაკი და ილია, ამისთანა სახელები
თაფლზე უფრო ტკბილია.
   კლასში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და სოლომონმა იგრძნო, რომ გულმაც ძგერა შეწყვიტა. ხოლო მეორე წამს ბოლო მერხიდან (მარცხენა რიგში), სადაც მსუქანი დათეშიძე იჯდა, მკაფიოდ, თითქმის დამარცვლით, გაისმა საპასუხო ლექსი: სოლომონ ბრძენი - სუპერმენი!
   სოლომონი ორივე ხელით დაეყრდნო ჭიებისგან დაჭმულ, დაფუტუროებულ მერხს, მძიმედ წამოდგა, ხელები ზურგსუკან დაიწყო, ტანიც ოდნავ უკან გადაზნიქა და დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით გაუდგა გზას. არავითარი წინათგრძნობა არა ჰქონია. საერთოდ, წინათგრძნობა მისთვის უცხო ხილი იყო: თვალით არ ენახა, ყურით არ გაეგონა, გემოთი არ გაესინჯა და, როგორც სჩვევია ხალხს, ვინც ასეთ საკითხებში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და საზომად მხოლოდ საკუთარ თავს იყენებს, არც სჯეროდა მისი არსებობა. ბაღს გასცდა, ქუჩა ჩაათავა და პატარა, ვიწრო ჩიხში შეუხვია, რომლის ბოლოშიაც სკოლა იდგა.
   სკოლის დანახვაზე ისე აუჩქროლდებოდა ხოლმე გული, როგორც პაემანზე დაგვიანებულ ქალს შეიძლება აუჩქროლდეს შეყვარებულის დანახვაზე, რომელიც ნერვიულობს, ტუჩებს იკვნეტს, წამდაუწუმ საათზე იყურება, მაგრამ მაინც დგას და ელის. ამ ჩიხში რომ შემოუხვევია და ეს აგურით ნაგები, სამსართულიანი, კოხტა შენობა დაუნახავს, რამდენჯერ დარდი გადაჰყრია და ამღვრეული გუნება დასწმენდია. სკოლა სოლომონისათვის ეკლესია იყო, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობდა და ამიტომ ასმათს მასთან ხელი არ ჰქონდა. ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ცოლი მის სასკოლო საქმეებში ჩაერია. ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. ზამთრის პირი იყო. ასმათი სამსახურიდან უგუნებოდ დაბრუნდა. კარგა ხანს უმიზნოდ იწრიალა, როგორც გალიაში გამომწყვდეულმა ძუ ვეფხვმა, ბოლოს სოლომონს მიუახლოვდა და უთხრა, ერთი სათხოვარი მაქვს და უსიკვდილოდ უნდა შემისრულოო. სოლომონს გულმა რეჩხი უყო. „ოქროს საწმისის“ დირექტორის მოადგილე უმნიშვნელო საქმის გამო მის წინაშე თავს არ დაიმცირებდა და, საერთოდ, სოლომონს აღარც კი ახსოვდა, მას შემდეგ, რაც ბრძანების უფლება მოიპოვა, ასმათს მისთვის რამე ეთხოვოს. ასმათმა სოლომონს დამშვიდება აცალა, ამასობაში თვითონ, თავი მისკდებაო და, წამალი დალია და მერე სწრაფად, ერთბაშად, მოკვეთით უთხრა, შენს ერთ მოწაფეს ნიშანი უნდა აუწიოო. სოლომონმა შორს დაიჭირა, არც კი უკითხავს რომელ მოწაფეზე იყო ლაპარაკი. ასმათმა მაშინვე დაანება თავი, მაგრამ კვნესას უმატა. სოლომონი ვერ მიხვდა, კვნესა მეთოდი იყო თუ მართლა ასე აწუხებდა ტკივილი, ყოველ შემთხვევაში, არ დაუჯერებია, რომ იმას, რისთვისაც ქმრის წინაშე თავის დამცირება მოუხდა, ეგრე იოლად დათმობდა. ეჭვი სულ მალე გაუმართლდა. კვნესა მეთოდი გამოდგა, უფრო სწორად, შესავალსა და მეთოდს შორის გადებული ხიდი. თვით მეთოდი სწორხაზოვანი რისხვა იყო, რომელიც სოლომონს ირონიით შეზავებულ მეხად დაატყდა თავს (წმინდანი! მამა აბრამის ბატკანი! ქათქათა ხელები არ დაგილაქავდეს! მე ნემსის ყუნწში უნდა გავძვრე, ეკლებზე უნდა ვიარო და ათასი მამაძაღლობა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო, არ მოგვშივდეს და არ მოგვწყურდეს, ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს, ხელში თავისი ქეციანი პატიოსნება ეჭიროს და მარაოსავით ინიავებდეს! მაგრად მოუჭირე ხელი, არავინ მოგტაცოს! შენ იმას როგორ იკადრებ, მოწაფეს ერთი ნიშანი აუწიო! აბა, მე კი არ მგავხარ! მე მიხარია ყოველ საღამოს ლუბასნაირ ვიგინდარებთან ჭუკჭუკი, უნიტაზების თრევა და სირცხვილის ოფლის წურვა! ან როგორ ჩერდები ასეთ ქალთან! მე რომ შენს ადგილას ვიყო, ჩემისთანა ცოლს ერთს გემოზე გავასილაქებდი, რომ ჭკუა ესწავლა და თავის ტყავში დატეულიყო. მაგრამ შენ ამას არ იზამ. ეს რომ ქნა, მერე პატიოსნებას ვიღასი ფულით იყიდი!..). - რა გვარია? - შეაწყვეტინა, სოლომონმა, რომელმაც იგრძნო, რომ ცხრაკლიტულის საგულდაგულოდ ჩაურდულებული კარი იღებოდა, და იმის წარმოდგენაზე, თუ რა სანახაობა ელოდა ხახადაღებული უფსკრულის ძირას, ტანში გააცია.
   ყურაშვილი, - სწრაფად შეცვალა კილო ასმათმა, - ვარლამ ყურაშვილის გოგოა. მამამისი თავისი სარევიზიო ჯგუფით გუშინდლიდან „ოქროს საწმისში“ გვიზის და გვამოწმებს. შესამოწმებელი რა გვჭირს, ყველაფერი აჟურში გვაქვს, მაგრამ ადამიანები ვართ, გამწარებულმა კაცმა თუ მოინდომა, ყოველთვის გამოძებნის ხელმოსაკიდს. არადა, ფრჩხილის ტოლაც თუ იპოვა რამე, შეიძლება ზედ იმხელა მთა დადგას, მთელი გაერთიანება ქვეშ მოიყოლოს. ერთი ნიშანი ყველაფერს წაღმა შემოაბრუნებს.
   ყურაშვილის ბავშვმა საგანი გამართულ სამიანზე იცოდა. გამართულ სამიანსა და დამადლებულ ოთხიანს შორის კი აბა რა ისეთი განსხვავებაა, ამდენ დავიდარაბად ღირებულიყო! ეგ კი არა, სოლომონი ზოგჯერ თავადაც ყოყმანობდა, ეგებ ჯობდეს ოთხიანი დავუწერო, წახალისდება და უფრო ბეჯითად იმეცადინებსო.
   ოპერაციამ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით, რომ ამით დირექტორმა ისარგებლა და ერთი ნიშანი გიგიაძისთვისაც წაამატებინა. დირექტორმა ყურაშვილი ისე ახსენა, გაკვრით, რათა სოლომონისთვის ეგრძნობინებინა, საქმის კურსში ვარო, მოტივად კი ის გამოიყენა, რომ სკოლა სარემონტო იყო და ამ საქმეს გიგიაძის მამის დაუხმარებლად თავი არ მოებმებოდა.
   სკოლას ირგვლივ დიდი ეზო ერტყა. წინ ნაძვნარი იყო, რომელსაც ჭიშკრიდან შენობის შესასვლელამდე მოკირწყლული ბილიკი გასდევდა, მარჯვნივ - კალათბურთის მოედანი, სადაც ყოველთვის ფეხბურთს თამაშობდნენ, უკან და მარცხნივ - ეგრეთ წოდებული „დამხმარე მეურნეობა“. აქ უმთავრესად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ. შენობა ეზოს შუაგულში იდგა. სოლომონმა ნელა შეაღო მუხის დიდი, მძიმე კარი. სამივე სართულს ზუსტად ერთნაირი განლაგება ჰქონდა. შესასვლელთან, კიბის ძირას, ორი დერეფანი ემიჯნებოდა ერთმანეთს. ერთი - უფრო მოკლე - პირდაპირ მიდიოდა, მეორე - გრძელი და უფრო ნათელი - ხელმარცხნივ. მოკლე დერეფნების ბოლოში პირველ სართულზე ფიზკულტურის დარბაზი იყო, მეორეზე სამასწავლებლო და დირექტორისა და მისი მოადგილეების კაბინეტები, მესამეზე კლუბი. გრძელი დერეფნების ორსავ მხარეს, კედლებზე, ისეთ სიმაღლეზე, რომ მოწაფეები ვერ მისწვდომოდნენ, ეკიდა გამოჩენილ მწერალთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, სპორტსმენთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა პორტრეტები. ზოგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პორტრეტი, სამივე სართულზე მეორდებოდა. პირველი სართულიდან მეორე და მესამე სართულზე ქვის კიბე ადიოდა, დამრეცი, დაბალსაფეხურიანი და სასიარულოდ მოხერხებული.
   სოლომონი ქვის კიბეს შეუყვა. რამდენიმე საფეხური რომ აიარა, ზემოდან ჩქარი ნაბიჯით მომავალი ნუკრი ვაჩეიშვილი შეეფეთა, ფიზკულტურის მასწავლებელი და მთელი სკოლის მოსწავლეთა კერპი. ნუკრი ვაჩეიშვილმა მისალმების ნიშნად დიდი ხელი მსუბუქად შემოჰკრა მკლავზე, ბეჭის ძირას, და თვალებგაბრწყინებულმა უთხრა: - ნახე, ვერნისაჟამ რა სახინკლე გახსნა? თუმცა შენ სად ნახავდი! ერთი თქვენი რესტორანიცა და თქვენი კარგებიცო, თქვა და მიასნიკოვის და წულუკიძის კუთხეში სახინკლე გახსნა. ხომ იცი მერე, რა ჩალიჩა კაცია! თუმცა შენ საიდან გეცოდინება! ხინკალს აკეთებს, იმის დედა ვატირე! მიმიქარავს ჯოკონდას ღიმილი! ლუდიც მაგარი აქვს! ორმოცდაათი ცალი შევუკვეთე თორმეტი საათისთვის. ხომ არ წამოხვალ? თუმცა შენ რას წამოხვალ! ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა და ისევ ისეთი სწრაფი, ენერგიული ნაბიჯით განაგრძო გზა.
   ნუკრი ვაჩეიშვილი თავის დროზე მძიმეწონოსანი მოკრივე იყო და იმ თორმეტ წელს, რომლებიც აქტიურ სპორტს შესწირა, ყოველთვის მწარე სინანულით იგონედა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ, როცა ისა და სხვა მისი მსგავსი მძიმეწონოსნები ორთქლის აბანოში იხარშებოდნენ და ოფლში ცურავდნენ, რათა ზედმეტი გრამები დაეკლოთ და მერე, რინგზე, უმიზეზოდ და უსასყიდლოდ თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს, დანარჩენი საზოგადოება არხეინად შეექცეოდა ხინკალს და ზედ ცივ ლუდს აყოლებდა. ამიტომ, ვეტერანებში გადაინაცვლა თუ არა, მტკიცედ გადაწყვიტა, ის გაცდენილი თორმეტი წელი აენაზღაურებინა და წინ წასულებს დასწეოდა, რისთვისაც ყოველ თავისუფალ წუთს სახინკლეში ატარებდა. მართლაც, არათუ დაეწია, მალე ყველა უკან მოიტოვა. ოღონდ იმის შიშით, რომ ამდენ ლუდსა და ხინკალს სპორტული აღნაგობისთვის არა ევნო რა, თითო კათხა ლუდში თითო ჭიქა არაყს ისხამდა ხოლმე. არავინ იცის, მართლა არაყი შველოდა თუ სხვა რამე საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც არ ამხელდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ქონის ნასახი არ დასტყობოდა, ძველებურად ხმელი იყო, გამართული და სპორტული. ბავშვებს ისე უყვარდათ, სულში იძვრენდნენ. ზოგჯერ ისტორიიდან ან მათემატიკიდან გამოპარულები, იმის მაგივრად, რომ კინოში წასულიყვნენ, მის გაკვეთილს ესწრებოდნენ. ასეთ სიყვარულს სერიოზული მიზეზები ჰქონდა: ჯერ ერთი, ნუკრი ვაჩეიშვილი ძველებურად ფლობდა კრივის ილეთებს და საიმოვნებითაც ასწავლიდა ბავშვებს, მეორე, თავისი სპორტული წარსულიდან ხალისით ყვებოდა ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც რინგს გარეთ, კულისებში, უფრო ზუსტად, სასტუმროს ნომრებში ან მივლინებაში მყოფი ქმრების სახლებში ხდებოდა, და მესამეც, მეტყველებაში არავითარ პირობითობას არა ცნობდა, თანამოსაუბრეებს არასოდეს ახარისხებდა სქესისა და ასაკის მიხედვით და ისეთ სიტყვებს ხმარობდა მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებთან, რომ ზოგი მათგანის მნიშვნელობის დადგენა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი ჭირდა. სოლომონმა, კიბე რომ აათავა და მეორე სართულზე ავიდა, მარცხნივ, დერეფანში, ნატალია დავიდოვნას მოჰკრა თვალი და წამით შეჩერდა, მაგრამ მაშინვე ისევ განაგრძო გზა, რადგან ნატალია დავიდოვნამ, უფრო სწორად, ნატალია დავიდოვნას პიჯაკმა და ქვედა კაბამ, ერთი გაიელვა დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ გაუხვია.
   იმ დღეს სოლომონს დილის ორი გაკვეთილი ჰქონდა, ერთი მეცხრე კლასში და ერთიც მეათეში, ამიტომ თერთმეტის ნახევარზე უკვე გათავისუფლდა და, რაკი ოთხ საათამდე თავისუფალი იყო, შინ წავიდა. არავითარი წინათგრძნობა არ გასჩენია. თუმცა, სანამ წავიდოდა, ერთი ისეთი ეპიზოდი მოხდა, რომ უფრო ფხიზელი და სკეპტიკური გონების კაცი იქნებ დაეჭვებულიყო კიდეც. სწორედ იმ დროს, როდესაც ლაბადის ღილების შეკვრა მოათავა და სამასწავლებლოდან გასვლა დააპირა, დირექტორმა თავისი კაბინეტიდან გამოსძახა: - სოლომონ!
   სოლომონი შეჩერდა და სანახევროდ მიტრიალდა. დირექტორი მას ხან სოლომონს ეძახდა, ხან სოლომონ ბატონს. ისე კი მუდამ შენობით ელაპარაკებოდა. - არ დაიგვიანო, - უთხრა დირექტორმა, - ხომ იცი, განათლებიდან გვესწრებიან.
    სოლომონმა უხმოდ დაუქნია თავი და სამასწავლებლოდენ გამოვიდა. ეს დამატებითი გაფრთხილება სრულიად ზედმეტი იყო, რადგან სოლომონს თუ რამე სწამდა, პირველ რიგში მოვალეობა სწამდა და, საცა კი ოდესმე გამოსაცხადებელი ყოფილა, ყველგან ყოველთვის დაუგვიანებლად გამოცხადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დირექტორის ნათქვამს მაინც არ დაუეჭვებია. პედაგოგიური საბჭოს სხდომა ოთხი საათისთვის იყო დანიშნული. რა საკითხი უნდა განეხილათ, სოლომონმა არ იცოდა, რადგან დირექტორს დღის წესრიგი წინასწარ არ გამოუცხადებია. საკვირველი და დასაეჭვებელი არც ამაში ყოფილა რამე. თავისი ხანგრძლივი მასწავლებლობის მანძილზე სოლომონს ნაირ-ნაირი გარეგნობის, ნაირ-ნაირი ჭკუის, ნაირ-ნაირი ხასიათის დირექტორები ჰყავდა გამოცვლილი, მაგრამ, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველა მათგანს ჰქონდა რამდენიმე საერთო ნიშანი, რომლებიც, სოლომონის ვარაუდით, ცნება „დირექტორს“ ფორმას აძლევდა და კონკრეტულ სახეს ანიჭებდა. ერთი ამ ნიშანთაგანი იყო ერთგვარი არითმიის კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ თანამშრომლები ზედმეტად არ შეჩვეოდნენ დირექტორს, როგორც მდინარის პირას დასახლებული კაცი ეჩვევა წყლის მონოტონურ დუდუნს და ვეღარც კი ამჩნევს, მდინარის პირას თუ ცხოვრობს. მდინარეს შეუძლია ფუფუნების ნება მისცეს თავს, დირექტორს კი ამის უფლება არა აქვს, ვინაიდან მისი ძალა, მდინარისაგან განსხვავებით, სწრაფწარმავალია და საყრდენი უმთავრესად გარეთა აქვს. ამიტომ იგი ხან აცხადებს წინასწარ პედსაბჭოს დღის წესრიგს და ხან არა. ახალბედა თანამშრომელს ხშირად აღიზიანებს დირექტორის ამგვარი ჩვევა, მასში უსამართლობას ხედავს და გულში ბუნტარული განწყობილებაც კი უჩნდება (რაც, როგორც წესი, გულის ფარგლებს არ სცილდება), მაგრამ მერე, კანონის ლოგიკას რომ იგრძნობს და მიზეზს დაინახავს, წყნარდება, რადგან ხელქვეითის გულისწყრომას იწვევს არა იმდენად უსამართლობა, რამდენადაც მოტივის უცოდინარობა. სოლომონის ამჟამინდელ დირექტორს, თუ მაინცდამაინც სასწორზე შეაგდებდით, კარგი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ცუდი. შესახედავად კარგი კი არა, მშვენიერი იყო: ახალგაზრდა, ლამაზი, ელეგანტური, მუდამ გამოწკეპილი, სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი, ლაღი, თამამი, დარდიმანდი. ისე შეგაყვარებდათ თავს, ვერც კი გაიგებდით, განათლების განყოფილებაშიც შინაურ კაცად ითვლებოდა. რაღაც ჭორები კი დადიოდა ვითომც მედლებითა და ატესტატებით ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ ასეთი ჭორები ვისზე აღარ დადის! ხალხის ლაპარაკს რომ ყური უგდო, შეიძლება ადამიანის სახსენებელი შეგძულდეს. სოლომონი აფასებდა დირექტორს და ზომიერების ფარგლებში პატივსაც სცემდა, თუმცა ერთხელ კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. დირექტორმა სულ სხვა საქმეზე დაიბარა და მერე, იმ საქმეს რომ მორჩა, სასხვათაშორისოდ პენსიაზე ჩამოუგდო სიტყვა. პენსიის ხსენებაზე სოლომონი ის იყო უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ დირექტორმა სწრაფად და სიცილ-სიცილით უკან წაიღო თავისი ნათქვამი, საიდანაც სოლომონმა ის დასკვნა გამოიტანა, რომ დირექტორი ან მართლა შემთხვევით შეეხო ამ საკითხს, ან, თუ გამიზნულად წამოიწყო, მაშინ დამარცხდა და აღიარა კიდეც თავისი დამარცხება.
ძველ ბაღში სოლომონი კვლავ შეჩერდა, კვლავ ჩამოჯდა თავის ამოჩემებულ მერხზე აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შუა და კვლავ მიაჩერდა ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა გაძარცულებს, არამედ განწმენდილებს, ამიტომ ძველებურად ამაყად და მხნედ იდგნენ და მშვიდად, უდრტვინველად, დაჯერებულად უსწორებდნენ თვალს ზეცას. ეჭვი არ იყო, რომ ორი ათასი წლის დასასრულსაც ასე მხნედ შეხვდებოდნენ. სოლომონს თვითონაც უნდოდა ამ საოცარ წამს მოსწრებოდა. საერთოდ, სიცოცხლე უყვარდა და, რაც უფრო დიდხანს იცოცხლებდა, ის ერჩივნა, მაგრამ ახალი ათასწლეულის საკუთარი თვალით ნახვა განსაკუთრებული ნატვრა იყო, რომელსაც ვერავის უზიარებდა (რადგან არ იცოდა, რომ ამ დღეს ასეთივე გულისფანცქალით და თუმცა არაერთგვაროვანი, მაგრამ რაღაცის ერთნაირად გაურკვეველი, იდუმალი მოლოდინით მოელის ყველა - ურწმუნოც, მორწმუნეც და ცრუმორწმუნეც). სოლომონს იმედი ჰქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა. რა, არ იცოდა, ისე კი ხან გლობალურ წარღვნას წარმოიდგენდა, ხან გლობალურ განახლებას (რაც, შესაძლებელია, სულაც ერთი და იგივეა).
როდესაც ამაზე ფიქრობდა, სოლომონი გონების თვალით ხედავდა ბუნდოვან კოსმიურ ძალას, რომელიც ცხოვრების მდინარეს კვლავ სათავეში აბრუნებდა და იმ მოუხელთებელ წამს, როცა ორი ათასი წელი უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხელახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს. ამ დროს სოლომონი აღარ იქნებოდა თავისი ოჯახის მამა, რომელსაც ოჯახში აღარაფერს ეკითხებიან, და თავისი მოსწავლეების მასწავლებელი, რომლის სიყვარულს არავინ იზიარებს. ეს იქნებოდა წამი, როცა ყველაფერი თავიდან იწყება, შეგიძლია შენი ცხოვრების გეზი ახალგაზრდობაშივე შეცვალო. მაგალითად, უარით გაისტუმრო შუამავალი ნათესავები და... ნატალია დავიდოვნა სოლომონის პატარა საიდუმლო იყო, საიდუმლო, რომლის არსებობა სოლომონის გარდა ქვეყნად არავინ იცოდა, მათ შორის არც ნატალია დავიდოვნამ. ეს ამბავი ოთხიოდე წლის წინ მოხდა. შუა აპრილი იდგა. ახლადგაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში, იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტიქიური აღორძინების მაცდურ ქსელში ხვევდა, რომელიც მიზიდულობის ძალას ფეხისგულებში უღიტინებდა და საამოდ აფორიაქებდა. ნათელი დილა იდგა. მზე ახალი ამოსული იყო და აპრილის ხასხასა ფერებში გახვეული მისი სხივები ჰაერში ნეტარებით ცახცახებდნენ. სოლომონს, ჩვეულებისამებრ, ხელები ზურგსუკან დაეწყო და გაზაფხულის მძაფრი სუნთქვით ოდნავ გაბრუებული და ოდნავ მოთენთილი, დინჯად მიიკვლევდა გზას იასამნის სურნელოვან ბურუსში. იმ ქუჩაზე რომ გადაუხვია, რომელიც ბოლოში სკოლის ჩიხს უერთდებოდა, უეცრად წინ მიმავალი ნატალია დავიდოვნა დაინახა. მიუხედავად ამისა, რომ ჯერ კიდევ გვარიანად გრილოდა, ნატალია დავიდოვნას თხელი, უმკლავებო კაბა ეცვა, ერთიანი და მწვანე ფოთლებით მოხატული. ეტყობა, სწორედ გაზაფხულის ბრალი იყო, რომ სოლომონს წამით თავბრუ დაეხვა და სამყარო უეცრად იქცა უსასრულო და ცარიელ სივრცედ. და ამ ცარიელ სივრცეში მხოლოდ ნატალია დავიდოვნა მოჩანდა, სავსე და მკვრივი, როგორც ბადრი მთვარე, მწვანეფოთლებიან კაბაში გამოწყობილი და არაამქვეყნიურად მშვენიერი. ნატალია დავიდოვნა თავად იღვრებოდა გაზაფხულის უცხო სილამაზედ, საკუთარი არსების ხატს, ნატალია დავიდოვნათა უსხეულო და უხილავ წყებას, სინათლის ტალღებად ასხივებდა ოთხსავ მხარეს, საკუთარი არსების წარმტაც სილამაზეში ახვევდა ყოველივეს და გაზაფხულის ნათელი და დამათრობელი ნეტარებაც სწორედ ეს იყო. საბედნიეროდ, ხილვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სოლომონი მალევე მოეგო გონს. ისა და ნატალია დავიდოვნა მხოლოდ სალმით იცნობდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ, ვთქვათ, ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როდესაც მასწავლებლებს დიდი ხანია ერთმანეთი არ ენახათ, თანახმად ურთიერთობათა კოდექსის მოთხოვნისა, სალამს თავაზიანი „როგორ ბრძანდებით - გმადლობთ, კარგად - თქვენ როგორ“ მოჰყვებოდა, ამაზე შორს კი საქმე არასოდეს წასულა. ამიტომ, როგორც კი სოლომონი გონს მოეგო, შიში და შვება თითქმის ერთდროულად იგრძნო. შიში იმისა, რომ შეიძლებოდა ასე შორიდან კი არ დაენახა, არამედ შეჰფეთებოდა, და შვება იმისა, რომ, მადლობა ღმერთს, არ შეჰფეთებია. რომ შეჰფეთებოდა, კარგა მოზრდილი მონაკვეთი მასთან ერთად უნდა გაევლო, სოლომონმა კი არ იცოდა, რაზე ელაპარაკა, რადგან ნაცნობობის ფორმათა შორის ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე ხვდები, მაგრამ ეს შეხვედრები არასოდეს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენს. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კარად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღება და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება. ასეთი ნაცნობობა ფრიად სახიფათო რამ არის, რადგან ყოველ წუთასაა მოსალოდნელი, რომ ცხოვრების ჭირვეულმა ხლართებმა ისეთ დროს შეგვყაროს მარტო, როცა თავის დაკვრის მშრალი რიტუალი საკმარისი არ იქნება და ვითარება საუბრის გაბმას მოგვთხოვს, საუბრის გაბმა კი მით უფრო ძნელია, რაც უფრო ხანგრძლივი იყო ურთიერთობა მკვდარი ფორმულის გაქვავებულ ფარგლებში. ამიტომ სოლომონი, თუმცა ეს განწყობილების ქაოტური ბრუნვა იყო და არა გამოკვეთილი აზრი, გულში მადლობას სწირავდა უფალს, რომ მასა და ნატალია დავიდოვნას შორის საპატიო მანძილი იდო და ეს მანძილი, მათი სიარულის ტემპის სხვადასხვაობის გამო, კიდევ უფრო იზრდებოდა. სოლომონს გაცილებით ერჩივნა, ასე დინჯად მიჰყოლოდა შორიახლო და ასე დარბაისლურად ემზირა ნატალია დავიდოვნას სრული, მაგრამ ჯერ კიდევ მოქნილი და მოხდენილი სხეულისათვის, რადგან ეს საამოც იყო და არც არაფერს ავალდებულებდა. მაგრამ მოულოდნელად ნატალია დავიდოვნა შეჩერდა, ჩანთა, რომელიც აქამდე მარჯვენა ხელში ეჭირა, მარცხენაში გადაინაცვლა, გახსნა და შიგ რაღაცას დაუწყო ძებნა. სოლომონი შეკრთა, მაგრამ შეშფოთებით არ შეშფოთებულა: მანძილი დიდი იყო და იმედი ჰქონდა, რომ, სანამ ეს მანძილი იმ ზომამდე შემცირდებოდა, რომლის იქითაც უკვე ხიფათია მოსალოდნელი, ნატალია დავიდოვნა იპოვიდა, რასაც ეძებდა, და გზას განაგრძობდა. ეს იმედი (თუ მანძილს გავითვალისწინებთ, სავსებით საფუძვლიანი) ერთხანს მხნედ მიუძღოდა წინ, მაგრამ მალე დნობა დაიწყო, რადგან მანძილი თანდათან მოკლდებოდა, ნატალია დავიდოვნა კი ჯერ კიდევ საქმიანად ჩხრეკდა ჩანთას. სოლომონს მღელვარება მოეძალა, გულში შიშმა თვალი გაახილა, კანის ფორებში ოფლის წვეთები შეირხნენ და ასაგორებლად მოემზადნენ. თუ ნახევარ წუთში ნატალია დავიდოვნა ვერ იპოვიდა, რასაც ეძებდა (ასეთს რას ეძებდა?), ადვილი შესაძლებელია, მერე უკვე გვიანი ყოფილიყო. ნაბიჯის შემდგომი შენელება სოლომონს აღარ შეეძლო, ვინაიდან ეს უკვე მოძრაობის სრული შეწყვეტა იქნებოდა, ამას კი ვერ გაბედავდა: რომ გაჩერებულიყო, ისეთი სურათი წარმოიქმნებოდა, არ შეიძლებოდა გამვლელებს საეჭვოდ არ მოსჩვენებოდათ, და გარდა ამისა, ერთიც ვნახოთ და, ნატალია დავიდოვნას მოეხედა, ხომ მთლად სულელურ ვითარებაში უნდა აღმოჩენილიყო, რომელსაც ვეღარაფრით ვეღარ გაამართლებდა. და სოლომონმა გზა განაგრძო. როდესაც მანძილი სულ რამდენიმე ნაბიჯამდე შემცირდა, უეცრად ნატალია დავიდოვნას შიშველ მკლავებზე ხორკლი დაინახა. ამ სანახაობამ რაღაც უცხო, მაგრამ ტკბილი და გამაბრუებელი გრძნობა აამოძრავა და მღელვარებამ სხვა ძალით და სხვა მხრიდან შემოუტია. ეს თეთრი, მკვრივი და ალბათ გრილი მკლავი წამით თითქოს სოლომონის სულის სარკისებურ ზედაპირს შეეხო და თავისი ხორკლის შესაბამისად დაკეჭნა. სოლომონს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ამასობაში ის უკანასკნელი რამდენიმე ნაბიჯიც ამოიწურა და დადგა გარდაუვალი და გადამწყვეტი ჟამი, როცა სოლომონი მისალმების ფორმულის შემდეგ ჩვეულებისამებრ ვეღარ განაგრძობდა გზას, იძულებული გახდებოდა შეჩერებულიყო და ამით ერთგვარი შესავალი გაეკეთებინა იმ საუბრისათვის, რომლის გაბმასაც ვერ მოახერხებდა. მაგრამ ხსნა არსაით იყო და სოლომონი შეჩერდა.
- დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა!
- აა, ბატონო სოლომონ! - შემოსცინა ნატალია დავიდოვნამ, - დილა მშვიდობისა! - და (ეს საქციელი სოლომონისთვის გაუგებარი დარჩა) მაშინვე დაანება თავი იმის ძებნას, რასაც ეძებდა, ჩანთა დახურა და ისევ მარჯვენა ხელში დაიჭირა.
   სოლომონმა ერთი პირობა დააპირა ეკითხა, ხომ არაფერი დაკარგეთო, მაგრამ წამსვე უარყო ეს განზრახვა, რადგან მოეჩვენა, რომ ეს სხვის პირად საქმეში უადგილო და უტაქტო ჩარევა იქნებოდა, და გარდა ამისა, რა იცი, რას ეძებდა.
   ახლა ისინი ერთად, წყვილად მიარღვევდნენ იასამნის სურნელის მსუბუქ ბურუსს და დუმდნენ. ხორკლებიც რომ არ ჰქონოდა ნატალია დავიდოვნას გრილ მკლავებზე, სოლომონს მაინც გაუჭირდებოდა საუბ-რის გაბმა, მაგრამ ხორკლები (თუმცა ალბათ იმაზე მეტს აბრალებდა, ვიდრე იმსახურებდა) მართლა ძალიან უშლიდა.
   რაკი ნატალია დავიდოვნას გახსნილი ჩანთა საუბრის ამოსავალ წერტილად არ გამოდგა, სოლომონმა სხვა თემებს დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა. უფრო სწორად, პოვნით კი იპოვა - სათქმელის მეტი რა იყო - მაგრამ ისეთი ვერ იპოვა, რომ თქმად ღირებულიყო. მაგალითად, განა სისულელე არ იქნებოდა, ეთქვა: „რა საამური დილაა არა, ნატალია დავიდოვნა?“ როცა ნატალია დავიდოვნა თავადაც მშვენივრად ხედავდა, რომ საამური დილა იყო. ან იმის კითხვას რა აზრი ჰქონდა, დღეს რომელ კლასში გაქვს პირველი გაკვეთილიო. სულ ერთი არ არის, რომელ კლასში აქვს ადამიანს პირველი გაკვეთილი? სოლომონმა ნატალია დავიდოვნას პირადი ბიოგრაფიიდანაც იცოდა ზოგი რამ, მაგალითად ის, რომ ნატალია დავიდოვნა ქვრივი იყო, რომ ქმარი დიდი ხნის წინ გარდაცვლოდა, რომ შვილი არ დარჩენოდა, რომ მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა სადღაც, აქვე, სკოლის მახლობლად. მაგრამ საუბრისთვის ეს ცნობები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რაც იცოდა, იმას ხომ არ გამოიკითხავდა? და რაც არ იცოდა... „დედათქვენი რამდენი წლისაა, ნატალია დავიდოვნა?“ სულელური ცნობისმოყვარეობაა და მეტი არაფერი. ან დაქვრივების დროსა და გარემოებაზე ხომ ვერ ჩამოუგდებდა სიტყვას! ჯერ ერთი, რა შენი საქმეა, და მეორეც, ასეთ თემაზე ლაპარაკი ქალმა შეიძლება რაღაცის ქარაგმად მიიღოს და მთლად აირ-დაირიოს ყველაფერი.
ახლა ისინი იასამნის სურნელის მსუბუქი ბურუსის გარდა სიჩუმის მძიმე ტალღებსაც მიარღვევდნენ.
   უცებ სოლომონის თვალწინ (არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით თვალწინ, ზუსტად წარბების სიმაღლეზე, ერთი ხელის დადების მოშორებით, იმდენად ნათლად, რომ ალბათ გარეშესაც თავისუფლად შეეძლო დაენახა) გაჩნდა სიტყვები, წვრილი, იისფერი მელნით დაწერილი სტრიქონი: „ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას“. სოლომონი თავის თავს შემოსწყრა, რა დროს ფრანციააო, წარმოსახვის ძალით მარჯვენა ხელი ასწია, სტრიქონი ორი თითით აიღო და ტროტუარზე მოისროლა, მაგრამ სტრიქონი ჭიაყელასავით დაიკლაკნა, ასხმარტალდა, მერე რაღაც მანქანებით ჰაერში აიჭრა და ისევ ისე გამაღიზიანებლად და გამომწვევად გაიშალა წარბების სიმაღლეზე. ეს სტრიქონი მოსწავლეებს რატომღაც სასაცილო ეჩვენებოდათ, სოლომონი ამას საგნის უპატივცემულობად თვლიდა და ბრაზობდა, თან ცდილობდა, თვითონაც მოსწავლეების თვალით შეეხედა, რათა მიმხვდარიყო, მართლა იყო ამაში რამე სასაცილო თუ არა. სიჩუმე კი ამასობაში მძიმე ლოდად იქცა და, ვიდრე ამ ლოდის შესაკავებლად (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას) კაპიტალურ ბოძებს დაამზადებდა, მანამ რომ დროებით საყრდენი მაინც შეედგა (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას), თქვა: - სხვა, როგორ ბრძანდებით, ნატალია დავიდოვნა?
- გმადლობთ, არა მიშავს, - გაიღიმა (რაზე გაიღიმა?) ნატალია დავიდოვნამ, - თქვენ როგორ გიკითხოთ?
- გახლავართ ასე, გვარიანად.
ნატალია დავიოდვნა, გვარად ჯორჯაძე, დედითაც და მამითაც ქართველი იყო, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა და თუმცა ქართული ჩინებულად იცოდა (ამით ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც), ოდნავი, ძლივშესამჩნევი აქცენტი მაინც დაჰკრავდა, რაც მოწაფეებს სავსებით ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ ათასი მაიმუნობა მოეგონებინათ, სოლომონს კი მიაჩნდა, რომ ეს ოდნავი აქცენტი, რომელიც თითქოს ნაზ, უცხო, ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილად ერტყა ირგვლივ (და ყოველდღიურობიდან გაქცევის სავსებით ადამიანურ ოცნებას რაღაც დამატებით საზრდოს აძლევდა), საყვარელი მიამიტობის გარდა, ძნელად განსასაზღვრ, მაგრამ ღრმა შინაგან მომხიბლაობას ანიჭებდა.
   სოლომონი ერთბაშად მიხვდა, რომ საუბრის გაბმის საუკეთესო საშუალება გაუშვა ხელიდან. მართლაცდა, რა უნდა იყოს იმაზე ჩვეულებრივი და ბუნებრივი, ადამიანს ჰკითხო, ხომ არაფერი დაგიკარგავსო, როცა ხედავ, რომ ჩანთა გაუხსნია და შიგ რაღაცას ეძებს. ახლა ცხადზე უცხადესი იყო, რომ არავითარი უხერხულობა ამ შეკითხვას არ ახლდა, პირიქით, მოვალეც იყო ეკითხა. „დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! რამე დაკარგეთ?“ „აა, დილა მშვიდობისა, ბატონო სოლომონ! დიახ... მგონი, გასაღები დამრჩა სახლში“. „ოჰ, რას ბრძანებთ! ეს როგორ დაგემართათ! მერედა, დედათქვენი შინ არ არის?“ „შინ არის, მაგრამ მამიდაჩემთან აპირებდა წასვლას და ვაითუ ჩემს იმედად იყოს და თავისი გასაღები თან არ წაიღოს“. „ეს ვერ იქნება კარგი საქმე... იცით რა? როგორც კი მივალთ სკოლაში, მაშინვე უნდა დაურეკოთ. გაქვთ ტელეფონი?“ „ეგ კარგი მითხარით. სწორედ ასე ვიზამ. ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეზობელთან შემიძლია დავრეკო“. „თუ დაირეკა (ირონიული ღიმილი)... ხომ მოგეხსენებათ ჩვენი ტელეფონების ამბავი... თუ არადა (მხნე კილო), შესვენებაზეც მოასწრებთ გადარბენას. მგონი, სადღაც ახლო ცხოვრობთ“. „დიახ, აქვე ვცხოვრობ, კუთხეში. თავისუფლად მოვასწრებ შესვენებაზე გადარბენას“. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ახლა რომ ეკითხა, წეღან რომ ჩანთაში რაღაცას ეძებდით, რას ეძებდით, ხომ არაფერი დაგიკარგავთო, ამ კითხვას უკვე დაინტერესების სუნი აუვიდოდა და ამიტომ საეჭვოც იქნებოდა და სულელურიც. და იმ დროს, როცა ბეჭებში ჭირის ოფლის მანქანა სრული ძალით ამუშავდა, ნაპოლეონმა უკანასკნელად გარდმოავლო თვალი ფრანციას და მისი ადგილი (საიდან სადაო!) ჯემს უატმა დაიჭირა, ოღონდ სოლომონმა ვერ მოიგონა, ჯემს უატი და პოლზუნოვი სხვადასხვა პიროვნება იყო თუ ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გვარი, ნატალია დავიდოვნას კი ამას ვერ ჰკითხავდა, რადგან შეიძლება არ სცოდნოდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ხოლო საერთო ნაცნობი, რომელიც უეჭველად წაგადგება თავს, როცა არაფერში გჭირდება, როცა გულით ნატრობ, არასოდეს გამოჩნდება.
იმ დღეს სოლომონი, საკუთარ თავზე ისე გაბრაზებული, როგორც სხვაზე გავბრაზდებით ხოლმე, მთელი დღე (განსაკუთრებით კი ღამე) გუნებამოშხამული იყო, მაგრამ მეორე დილით, როდესაც დერეფანში შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რომელმაც ის იყო გაკვეთილი დაამთავრა და, მოწაფეებთან ნაომარი, სახეაწითლებული გამოვიდა საკლასო ოთახიდან, უეცრად ნათლად იგრძნო, რომ, მიუხედავად სამარცხვინო დუმილისა, მიუხედავად ნაპოლეონისა და ჯემს უატისა, გუშინდელ შეხვედრასა და ათიოდე წუთის უბრად, მაგრამ გვერდიგვერდ სიარულს (მკლავებზე ნატალია დავიდოვნას სიგრილის ხორკლები ეყარა) მისალმების გახევებული და გამომშრალი ფორმულისათვის თითქოს სასიცოცხლო ნამი ეპკურებინა და ურთიერთობაში ახალი (თუმცაღა ჯერ კიდევ სუსტი) ძაფი გაება.
მაგრამ სოლომონის საიდუმლო ეს არ ყოფილა.
   სოლომონის საიდუმლო ის იყო, რომ ერთხელ ნატალია დავიდოვნას შინ ეწვია. ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ცხოვრება კვლავ ძველ, პირობითობის ფორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა და ურთიერთობის დამატებითი ძაფი, რაკი საყრდენი ვერ იპოვა და გვერდით სხვა, ახალი ძაფები ვეღარ დაიგულა, ისევ გაწყდა.
   მაგრამ ერთხელ, როდესაც სოლომონი, რომელსაც იმ დღეს თერთმეტის ნახევრიდან მოყოლებული ზედიზედ სამი გაკვეთილი ჰქონდა, სკოლაში მივიდა, აღმოჩნდა, რომ იმ სამი გაკვეთილიდან პირველი უცდებოდა, რადგან ქალაქში ვიღაც საპატიო სტუმრები ჩამოსულიყვნენ და განათლების განყოფილების განკარგულებით მთელი სკოლის ბავშვები დილაადრიან შესახვედრად წაელალათ. მომდევნო გაკვეთილამდე ერთი საათიღა იყო დარჩენილი და, რაკი შინ წასვლას აზრი არ ჰქონდა, სოლომონი ეზოში ჩავიდა, ნაძვნარში მერხზე დაჯდა, ფიქრებში ჩაიძირა და მალე თვლემაც წამოეპარა. სწორედ ამ დროს მოესმა ნატალია დავიდოვნას ხმა: - თქვენც გაგიცდათ გაკვეთილი, ბატონო სოლომონ?
   ნატალია დავიდოვნას სირინოზის ხმა ჰქონდა (რაც ვარაუდი უფრო იყო, ვინაიდან სოლომონს სირინოზის ხმა არასოდეს გაეგონა).
- დიახ, - გამოფხიზლდა სოლომონი და ზეზე წამოდგა, - მოვედი და არავინ დამხვდა, მეოთხე გაკვეთილისთვის დაბრუნდებიანო, დირექტორმა.
- მესამისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ, - თქვა ნატალია დავიდოვნამ, - მე ორი გაკვეთილი უკვე გამიცდა. მესამისთვის დაბრუნდებიანო, მითხრეს და მოვედი, მაგრამ არ დაბრუნებულან და ესეც მიცდება.
- რას იზამთ, - უადგილოდ დაამშვიდა სოლომონმა.
- მთელი საათი აქ უნდა ელოდოთ? - ჰკითხა ნატალია დავიდოვნამ და, როცა პასუხად სოლომონმა დინჯად და უხმოდ აიჩეჩა მხრები, დაუმატა, - იცით, ჩემთან წამობრძანდით, იქ უკეთ დაისვენებთ. თან დედაჩემი საუცხოო ჩაით გაგვიმასპინძლდება.
   ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ, სანამ სოლომონი გაარკვევდა, თუ რატომ შედგებოდა ის ელდა, რომელმაც მთელი მისი არსება შეარყია, ერთმანეთში გადახლართული შიშისა და სიხარულისაგან, ალბათ, წუთზე მეტი გავიდა. შემდეგ, როდესაც ბურუსი გაიფანტა და ნაძვები, ეზო, სკოლა და ნატალია დავიდოვნა კვლავ თავთავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, სოლომონის არსების რომელიღაც ნაწილმა, რომელიც ძალიან ფხიზელი და ძალიან გონიერი იყო, უარის თქმა დააპირა, რადგან, თუმცა დათანხმებაში არაფერი ისეთი არ იქნებოდა, რაც მორალური საზომით უნდა გაზომილიყო, რაღაც მოუხელთებელი კავშირით მაინც მორალს უკავშირდებოდა, მაგრამ სიხარულმა, უფრო სწორად, უცნაურმა გაბრუებამ, რომელიც, როცა დაიწმინდებოდა და საბოლოო სახეს მიიღებდა, არავინ იცის, სიხარული იქნებოდა თუ არა, იძალა, სიფხიზლე და გონიერება ბნელ ხაროში გამოამწყვდია და საბოლოოდ, მთელი ამ შინაგანი ბრძოლის შემდეგ, სოლომონმა ასეთი მერყევი გადაწყვეტილება მიიღო: - გმადლობთ, ნატალია დავიდოვნა, მაგრამ... უხერხულია... ვაითუ დედათქვენი შევაწუხო...
- არა, რას ბრძანებთ! პირიქით, დედაჩემს ძალიან გაეხარდება. სტუმარი ჩვენთვის დღესასწაულია. ჩვენ ხომ აქ სულ მარტონი ვართ. არც ნათესავები გვყავს და არც ახლობლები.
   სოლომონმა კინაღამ ჰკითხა, როგორ, მამიდაო? კიდევ კარგი, უკანასკნელ წამს გაახსენდა, რომ ეს მამიდა მისი შარშანდელი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაშინ ცოტა კიდევ, ამჯერად წმინდა ფორმალური თავაზიანობის გამო, იყოყმანა და, როცა ნატალია დავიდოვნამ ეს ყოყმანიც იოლად გაუფანტა, მორჩილად წაჰყვა. საუბრის გაბმასთან დაკავშირებული გაჭირვება ამჯერად აღარ დადგომია, მეტიც: ერთი-ორჯერ სავსებით ბუნებრივი და საჭირო ფრაზაც მოუვიდა თავში, მაგრამ რად გინდა - ნატალია დავიდოვნას სწრაფი და უპაუზო ლაპარაკის მდინარეში, რომელიც სახლამდე სულ ჩუხჩუხით, შეუწყვეტლად დიოდა, ადგილი ვერ მოძებნა, რომ ჩაემატებინა. ნატალია დავიდოვნა ლაპარაკობდა თავის თავზე, დედაზე, ჩაის დაყენების მრავალრიცხოვან მეთოდზე, რასაც დედამისი ჩინებულად ფლობდა, რუსეთზე, სადაც ჰავა შედარებით მშრალია და ამიტომ ზამთრის სიცივეც ნაკლებშემაწუხებელია, სამოვარზე, მოწაფეებზე, რომლებიც ძალიან ანცები არიან, მაგრამ, ანცები რომ არ იყვნენ, არც ასეთი საყვარლები იქნებოდნენ, და კიდევ ათას რამეზე.
   ნატალია დავიდოვნას დედას სოლომონის სტუმრობა მართლა გაეხარდა. ამ სიხარულს ხშირ-ხშირად ამჟღავნებდა, ხან ქართულად და ხან რუსულად. დედა-შვილი ვიწროდ ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახში. სამაგიეროდ ოთახი ვრცელ აივანზე გადიოდა, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა. ჩაი სწორედ ამ აივანზე დალიეს და მართლა დიდებული რამ იყო. ნატალია დავიდოვნა სწრაფად, პატარა გოგასავით მიდი-მოდიოდა და სუფრა უცებ და ლამაზად გაშალა. დედამისი ჩინებული ქალი გამოდგა. მართალია, სოლომონს ერთთავად საოპერო მუსიკაზე ელაპარაკებოდა, რაც სოლომონის მრავალრიცხოვან აქილევსის ქუსლთა შორის შესაძლოა ყველაზე სუსტი ქუსლი იყო, მაგრამ ნატალია დავიდოვნას დედა როგორღაც ისე ახერხებდა ამ თემაზე საუბარს, რომ სოლომონს არც ერთხელ თავისი უვიცობა არ უგრძვნია და ჭირის ოფლის მოწმენდა არ დასჭირვებია. საბოლოოდ ისე მოიხიბლა, რომ, როდესაც წასვლის მწუხარე ჟამმა დაჰკრა (გულახდილად უნდა ითქვას, სოლომონს წასვლა უკვე აღარ უნდოდა), რაღაც უცხო და გაუგებარი ელექტრობიძგის წყალობით, გამოთხოვებისას ნატალია დავიდოვნას დედას (ნატალია დავიდოვნას არა) ხელზე აკოცა.
   იმ დღეს სოლომონს ზეაწეული განწყობა არ მოშორებია და ამიტომ ერთთავად იმის ცდაში იყო, სადავე მუდამ მოზიდული ჰქონოდა და თავი ნებაზე არ მიეშვა, რათა ისე არ ამჩატებულიყო, რომ მისი ქცევა სასაცილო და საეჭვო გამოჩენილიყო. განსაკუთრებით სახლში ფრთხილობდა. შინ დაბრუნებულმა ასმათის დანახვაზე უეცრად იგრძნო, რომ მისი იდუმალი ვიზიტი იყო არა უწყინარი თვითნებობა, როგორც აქამდე ეგონა, არამედ ღალატი (მრისხანე სიტყვაა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ არც შემცდარა. ბოლოს და ბოლოს, ღალატი მარტო ის ხომ არ არის, რაც ღალატია! ალბათ ისიც ღალატია, სხვასთან რომ უკეთ გრძნობ კაცი თავს, ვიდრე საკუთარ ცოლთან!).
   ამის შემდეგ, თუმცა სოლომონისა და ნატალია დავიდოვნას შეხვედრები კვლავ ოფიციალური და თავაზიანი მისალმების ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა, სოლომონს ყოველთვის ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს, მისალმებისას რომ ერთმანეთს გაუღიმებდნენ, მათი ღიმილის უკან რაღაც საიდუმლო იმალებოდა, სხვათათვის გაუგებარი და მხოლოდ მათთვის ცნობილი, შორეული, მაგრამ მთრთოლვარე და რომანტიკული საიდუმლო, და ძველ ბაღშიც სოლომონის ფიქრთა მჭიდრო ქარავანი დროდადრო გაიშლებოდა და თავისუფალ ადგილებში, რომლებიც ამ გაშლის შედეგად ჩნდებოდა, უხმაუროდ, ფრთხილად, შეკავებული მღელვარებით, როგორც იდუმალ და სახიფათო პაემანზე მიმავალი ქალი, შემოდიოდა ნატალია დავიდოვნა. შემოდიოდა და არა მხოლოდ ბუნებრივად და ლამაზად ეხამებოდა მისთვის ამ ახალ და უჩვევ ად-გილს, არამედ ქარავანის თავდაპირველ სიმძიმეში სიმსუბუქე, სიხალისე და უცხო სიცოცხლე შემოჰქონდა. ასეთ დროს სოლომონს ზოგჯერ ახალგაზრდობა მოაგონდებოდა და (სულო ცოდვილო!) წარმოიდგენდა, ვითომ მანამ, სანამ სულწასული ნათესავები ცოლს შერთავდნენ, შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რის გამოც ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა და სამყარომ სულ სხვა სახე მიიღო. კერძოდ, რა გზით წავიდა და რა სახე მიიღო, ამას სოლომონის ფიქრები აღარ აზუსტებდნენ, რადგან ფიქრებს ბალღამივით უკან მიჰყვებოდა დანაშაულის გრძნობა, რომელიც წარმოდგენას ზედმეტად ფრთების გაშლის ნებას არ აძლევდა. შინიდან რომ წამოვიდა და კვლავ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მესამედ), სოლომონი ამჯერად თავის საყვარელ მერხზე აღარ დამჯდარა, შეუჩერებლივ, ოღონდ ჩვეული დინჯი და დარბაისლური ნაბიჯით, ჩაუარა ძველ აუზს, ძველ ესტრადას, ძველ ქანდაკებას, ბაღს გასცდა და სკოლის გზას დაადგა. როდესაც სამასწავლებლოში შევიდა და ლაბადის გახდა დაიწყო, ოთხს ჯერ კიდევ ათი წუთი აკლდა.
   სხდომაზე მოწვეულთაგან ნაწილი, უმთავრესად ისინი, ვისაც გვიანობამდე ჰქონდა გაკვეთილები და ამიტომ შინ წასვლა ვეღარ მოასწრეს, სამასწავლებლოში ტრიალებდა. ბესარიონ ჭედია კუთხეში თავის მაგიდას უჯდა და, როგორც ყოველთვის, გამალებული ფხაჭუნით წერდა რაღაცას. ბატონი დიმიტრი ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდზე დაეკრიბა, სივრცეს გასცქეროდა და ფიქრებში წასულიყო. ალბათ შვილებზე ფიქრობდა. ბატონ დიმიტრის ორი სახელოვანი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ერთი მწერალი იყო, მეორე - საზოგადო მოღვაწე, და ორივე მაღალ და თბილ თანამდებობაზე მუშაობდა, რაც მამას საშუალებას აძლევდა, თავი იოლად არავისთვის გაეყადრებინა, დირექტორის მოადგილეები არად ჩაეგდო და ზოგჯერ თვით დირექტორისთვისაც კი თამამად შეებრუნებინა სიტყვა, რისთვისაც მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დასჭირდებოდა იმის ხმამაღლა თქმა, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მისი ვაჟები. კატო მასწავლებელი, ჭაღარა და სანდომიანი, მშვიდი, საყვარელი ქალი, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლიდა, სხდომის მოლოდინში დროს არ აცდენდა და თავისი ციცქნა მოწაფეების რვეულებს ჩაჰკირკიტებდა. ერთი გამოსვლა ეთერ გვალია გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და დირექტორის კაბინეტისაკენ გაეშურა, მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა და უკანვე დაბრუნდა, ეტყობა, დირექტორთან შესასვლელად დამაჯერებელი მიზეზი ვერ მოძებნა.
   მალე ისინიც მოგროვდნენ, ვისაც შინ წასვლა და დასვენება მოესწრო. მათ შორის პირველი მოვიდა ნესტან ვაჩეიშვილი, ნუკრი ვაჩეიშვილის ალალი ბიძაშვილი, ქიმიის მასწავლებელი და მთელ სკოლაში (ზოგიერთების აზრით, მთელ ქალაქშიც) ულამაზესი ქალი, მაღალი, თხელი, ქანდაკებასავით ჩამოსხმული. შავი, სწორი თმა, რომელიც ისე ჰქონდა დავარცხნილი, რომ სანახევროდ ლოყებსაც უფარავდა, მხრებზე სცემდა. თვალ-წარბიც შავი ჰქონდა, ცხვირი - თხელი და სწორი, სახის ოვალი - მკაფიო და ნატიფი, მაღალი ყელი, მაღალი მკერდი, მაღალი თეძოები და მაღალი ფეხები. ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზე ადრე საკუთარ თავს თვითონვე შეჰხაროდა, უფრო ლაღი იყო, უფრო უშუალო და მახლობელი, და ადიდებულ მდინარეს ჰგავდა, რომელსაც ჯებირები მოურღვევია, ნაპირები გადმოულახავს და, საცა კი გაივლის, ყველგან კვალს ტოვებს. ამ დროს რომ მის გვერდით აღმოჩენილიყავით, თითქოს მისი სილამაზე გადმოგედოთო, თქვენი თავიც ლამაზი და მომხიბლავი მოგეჩვენებოდათ. რაც ასაკში შევიდა (უკვე ორმოცს იყო გადაცილებული), ძველებური სილაღე და სიგიჟმაჟე დაკარგა. ამის მიზეზი, ასაკს გარდა, ალბათ ისიც იყო, რომ ახლა ამ სილამაზის შესანარჩუნებლად საჭირო შეიქნა საგანგებო მოვლა და ყოველდღიური ზრუნვა. ნესტან ვაჩეიშვილიც ზრუნავდა. ამბობდნენ, საათობით შიშველი ზის აბაზანაში და სახისა და სხეულის მასაჟს იკეთებსო. რაღაც სპეციალური ვარჯიშიც სცოდნია. სიცილის დროს პირის ბოლომდე გაღებას უკვე ერიდებოდა, რათა ზედმეტი ნაოჭები არ გასჩენოდა. ნელსაცხებლებსა და სუნამოს, როგორც ირწმუნებოდნენ, თვითონვე ამზადებდა. ეტყობა, კარგადაც ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ოსტატურად ხმარობდა, რადგან, რამდენიც არ უნდა გეცქირათ, მის სახეზე ფერ-უმარილის კვალს ვერ შეამჩნევდით. ასეთი მოვლისა და ყურადღების შედეგად ახლაც წინანდებურად ლამაზი იყო. მართალია, ამ სილამაზეს ძველებური გადამდები ძალა დაკარგული ჰქონდა, ცივი გამხდარიყო, შორეული და ცოტა ამპარტავნულიც, სამაგიეროდ, უფრო დახვეწილი იყო, უფრო ჰარმონიული და უფრო მკაცრ ფორმაში მოქცეული. კოლეგები (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ქალებზე) ზურგსუკან დასცინოდნენ და ზოგჯერ სოფლელი დედაკაცებივით ქოქოლასაც კი აყრიდნენ. ცხადია, მის უტყუარ სილამაზეში ეჭვს ვერ შეიტანდნენ. ეგ კი არა, თავის მოვლას რომ ამდენ დროს უთმობდა, ამაზეც ვერაფერს ამბობდნენ, რაკი შედეგი ასეთი განსაცვიფრებელი იყო. პირიქით, მისი გარეგნობის საქებრად იმაზე მეტსაც კი ლაპარაკობდნენ, ვიდრე გულში ფიქრობდნენ, რათა ამით უფრო გაესვათ ხაზი იმისთვის, რისკენაც მათი დაცინვის ისარი იყო მიმართული. ისარი კი მიმართული იყო ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზის უაზრობისაკენ. საქმე ის არის, რომ ნესტანი გაუთხოვარი იყო და არც არასოდეს ჰყოლია საყვარელი (რომ ჰყოლოდა, არ დაიმალებოდა). ამრიგად, მისი სილამაზე თითქმის უქმი, უსარგებლო და უაზრო იყო და ქალებმაც, რომელთაც კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი შედარებითი შეუხედაობა, აქ იპოვეს ის სუსტი წერტილი, სადაც შეიძლებოდა შურისთვის დაცინვის სახე მიეცათ. სოლომონი, თუმცაღა ამ აზრს, ცხადია, ხმამაღლა არ გამოთქვამდა, ფიქრობდა, რომ ამ უაზრობაში შესაძლებელია ნამდვილი თავგანწირვა იმალებოდა. რაკი თავისი სილამაზე თვითონ არაფერს რგებდა, მაშასადამე, ნესტან ვაჩეიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებისთვის ზრუნავდა და სხვებისთვის ხარჯავდა იმ ძვირფას დროს, რასაც თავის გარეგნობას ანდომებდა. ვინ იცის, რამდენი დარდიანი კაცი ხასიათზე მოსულა და რამდენ გუნებამოშხამულს გულზე მოჰფონებია, ქუჩაში რომ ასხლეტილი და ყელმოღერებული, ჯიშიანი ცხენივით მიმავალი ნესტან ვაჩეიშვილი დაუნახავს. და ნესტან ვაჩეიშვილიც ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ლამაზი, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაეცა ეს სილამაზე და უსასყიდლოდ დაერიგებინა ნაცნობებისთვის და უცნობებისთვის, მეგობრებისა და ამხანაგებისთვის, გამვლელებისთვის და გამომვლელებისთვის.
   ბოლოს (მაგრამ დაუგვიანებლად, ზუსტად ოთხ საათზე) გამოჩნდა განათლების განყოფილებაც, რომელიც ამჯერად ქალბატონი ცისანას სახით მოვიდა. ქალბატონი ცისანა სქელი და მოსული ქალი იყო, მაგრამ ასეთ ბრგე ტანის კვალობაზეც კი რაღაც უაზროდ დიდი გავა ჰქონდა, დიდი და ყველა ნიშნის მიხედვით (ეს ერთი თვალის შევლებითაც აშკარად ჩანდა), სატარებლად ძალიან მოუხერხებელი. გავა შორ მანძილზე იყო გაშვერილი და ვეება გორელიეფს ჰგავდა, ამიტომ სიმძიმის ცენტრს ტერფებიდან ქუსლებზე გადაენაცვლებინა და ქალბატონ ცისანას, სხეულის ფარული ძალები რომ გამოეთავისუფლებინა და დაკარგული სიმძიმის ცენტრი უკან დაებრუნებინა, მკლავები გან-გან დაჰქონდა, როგორც კულტურისტს, რომელმაც აღარ იცის კუნთები სად დასტიოს, და სიარულის დროს ბეჭებს ღონივრად იქნევდა. ეს მძიმე შრომა იყო. ამიტომ სახე დაძაბული ჰქონდა, გამომეტყველება კუშტი და კონცენტრირებული, რის გამოც მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე განათლების განყოფილების წარმომადგენელს, და ადვილი შესაძლებელია გაგჩენოდათ უნებური სურვილი, გონების თვალით წარმოგედგინათ (რათა მერე შეგბრალებოდათ) მისი ქმარი. ქალბატონმა ცისანამ უხმოდ დაუქნია თავი სამასწავლებლოში მყოფთ მისალმების ნიშნად და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა. მალე დირექტორმა დანარჩენებიც იქ იხმო. ქალბატონი ცისანა დირექტორის კაბინეტში სრულიად შეცვლილი იყო. ჯერ ერთი, უკვე სათათბირო მაგიდას უჯდა და მხოლოდ წელზევით ჩანდა, რასაც თავისთავად საგრძნობი კორექტივი შეჰქონდა მის გარეგნობაში, გარდა ამისა, და სწორედ ამიტომ (არა იმიტომ, რომ მხოლოდ წელზევით ჩანდა, არამედ იმიტომ, რომ იჯდა), სახე დაამებოდა, დამშვიდებოდა, საომარი გამომეტყველება წაშლოდა. ახლა იგი ოჯახის დედას ჰგავდა, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს, სანდომიანს, კეთილს, მზრუნველს, ქმრის ერთგულსა და ამ ერთგულებით ქმარზე მეტად კმაყოფილს. მრგვალი თავი ჰქონდა, თეთრი და სუფთა სახის კანი, ცისფერი თვალები, ძალიან ქერა თმა, ვიწრო, პატარა ტუჩები და იშვიათი სილამაზის მოკლე, ნატიფი ცხვირი, რომელიც იქნებ სხვა სახე-ზე უფრო მომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ქალბატონი ცისანას სახესაც ძალიან შვენოდა. რაკი მჯდომარე ქალბატონი ცისანა ასე მკვეთრად განსხვავდებოდა მოსიარულე ქალბატონი ცისანასაგან, ახლა მთავარი როლი ხმას ეკისრებოდა, ხმა შეიძლებოდა გამომდგარიყო ის ოცდამეერთე კაცი, რომელზედაც გადასაჭრელი პრობლემის ბედი ჰკიდია, რადგან დანარჩენი ოციდან ათი მომხრე აღმოჩნდა და ათიც წინააღმდეგი. მაგრამ, სამწუხაროდ, სხდომა ისე დამთავრდა, ქალბატონ ცისანას ხმა არ ამოუღია. საქმე ისაა, რომ იგი აქ უფრო წონის გამო იყო, ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ევალებოდა, თუ უკიდურესი აუცილებლობა წარმოიშობოდა, უკიდურესი აუცილებლობა კი არ წარმოშობილა.
   სხდომას სულ თორმეტი კაცი ესწრებოდა და საბოლოოდ, როცა თორმეტივემ თავთავისი ადგილი დაიკავა ვიწრო და მოგრძო სათათბირო მაგიდის ირგვლივ, რომელიც დირექტორის საწერი მაგიდიდან მოწყვეტილი იყო და ცალკე იდგა კაბინეტის შუაში, ასეთი სურათი წარმოიქმნა: თავში დირექტორი იჯდა, ბოლოში ნუკრი ვაჩეიშვილი, დანარჩენები მაგიდის გასწვრივ ისხდნენ, ხუთი - ერთ მხარეს და ხუთი - მეორე მხარეს. დირექტორის ხელმარცხნივ, მაგიდის დასაწყისში, მოადგილეები ისხდნენ, ჯერ პირველი, მერე მეორე. პირველი ალექსანდრე ღუდუშაური იყო, წყნარი, ბუნჩულა და უპრეტენზიო კაცი, რომელიც, თუ ძალით არ ჩარევდნენ, თავისი ნებით არაფერში ერეოდა. საერთოდ, როგორც ცნობილია, თანამედროვე იერარქია მოითხოვს, რომ კიბის პირველი საფეხურის შემდეგ, სადაც დირექტორი დგას, მომდევნო რამდენიმე საფეხური ცარიელი იყოს და მხოლოდ კარგა ქვემოთ, ისეთ ადგილას, საიდანაც რიგითი თანამშრომლები უფრო ახლო არიან, ვიდრე დირექტორი, სხედან მოადგილეები და სხედან ძირითადად უსაქმოდ, რადგან დირექტორი მათ ნაკლებად ენდობა და ამიტომ ყველაფერს თვითონ აკეთებს. ზოგ მოადგილეს ასეთი საეჭვო მდგომარეობა არაფრად ეჭაშნიკება, ალექსანდრე ღუდუშაურს კი იგი სავსებით აკმაყოფილებდა და ის ერჩივნა, რაც ნაკლები თავსამტვრევი ექნებოდა. საერთოდ, უკვე ისეთ ასაკში იყო, როცა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დიდი ხანია უკან დარჩა, ახალგაზრდობის იმედები და ოცნებები ნაწილი ასრულდა და ნაწილიც აუსრულებლად დაჭკნა, ისე რომ მშვიდი ინერციის მეტი წინ აღარაფერი ედო. ინერციას კი ალექსანდრე ღუდუშაური დიაღაც რომ აფასებდა და, საერთოდ, მიაჩნდა, რომ ამ ფუნდამენტური ცნების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თუმცა ერთი ნატვრა მაინც შემორჩა, რომლის ასრულება, მისი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლებოდა: იგი ისტორიას ასწავლიდა და ძალიან უნდოდა მოსწავლეებს მისთვის ჰეროდოტე შეერქმიათ. ამ მიზნით ისტორიის მამას გაცილებით უფრო ხშირად (ზოგჯერ უადგილოდაც) ახსენებდა ხოლმე, ვიდრე მის შედარებით გვიანდელ კოლეგებს. მაგრამ მოსწავლეებმა, რომლებიც უტყუარი ალღოთი გრძნობდენ, რა ურჩევნია მასწავლებელს და რა არა, არ აუსრულეს ნატვრა და არ შეარქვეს ჰეროდოტე. სამაგიეროდ შეარქვეს ჰეროდე, რაც სრულიად გაუგებარი იყო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, ბავშვებს გაგონილი ჰქონოდათ შორეული, ბუნდოვანი და საეჭვო ლეგენდა სისხლის აღრევის თაობაზე, რაც თითქოსდა ალექსანდრე ღუდუშაურის ახალგაზრდობის წლებს ედო ლაქად. ალექსანდრე ღუდუშაურის გვერდით იჯდა ეთერ გვალია ანუ „შმაგი ეთერი“, როგორც ბავშვები ეძახდნენ, მეორე მოადგილე, რომლისაც მოწაფეებს ყველაზე მეტად, თვით დირექტორზე მეტადაც კი, ეშინოდათ. არა იმიტომ, რომ ქალი იყო, არამედ იმიტომ, რომ უიმედოდ შეყვარებული იყო და, ბუნებრივია, ჯავრს მოსწავლეებზე იყრიდა. სიყვარულით კი დირექტორი უყვარდა, რასაც, მართალია, სიტყვიერად არ ამხელდა, მაგრამ სხვა ყველა შესაძლებელი საშუალებით გამოხატავდა. თათბირებზე და სხდომებზე სევდიანად მიბნედილ თვალებს არ აშორებდა და ამ თვალებში არა მარტო დირექტორს, არამედ ყველას, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა, დაწვრილებით შეეძლო წაეკითხა, გულში რა ედო. დღე ერთი იყო და ათჯერ მაინც შეაკითხავდა კაბინეტში. თუ საქმე არაფერი ჰქონდა, რამეს მოიგონებდა. ორი საქმე თუ ჰქონდა, ორივეს ერთდროულად არ მოითავებდა, რათა ხელმეორედ შესვლისთვის საბაბი შემოენახა. მის ცალმხრივ სიყვარულს საუკეთესო წამები მაშინ უდგებოდა, როცა რაიმე ხელმოსაწერი ქაღალდი შეჰქონდა. ასეთ დროს წინიდან კი არ მივიდოდა მაგიდასთან, როგორც სხვები შვრებოდნენ და როგორც, საერთოდ, წესია, გვერდიდან მიადგებოდა, ხელმოსაწერ ქაღალდს წინ დაუდებდა, თვითონაც დაიხრეოდა, ისე რომ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი დირექტორის სხეულის რომელიმე ნაწილს შეჰხებოდა და თავის სხეულში დატრიალებული დენი დირექტორის სხეულისთვის გადაეცა, თან ამ დროს ჩქარ-ჩქარა და მძაფრად სუნთქავდა. დირექტორი, რომელსაც არავითარი სექსუალური გასაჭირი არ ადგა (ან კი რა სექსუალური გასაჭირი უნდა დადგომოდა მისი სილამაზისა და სითამამის პატრონს!), მოადგილის გრძნობებს არ იზიარებდა (თუმცა შეტყობით ატყობდა) და განუხრელად იცავდა დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელი საკუთარ სამწყსოში სამიჯნურო ინტრიგებს უნდა ერიდოს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ძმრად წამოსდინდეს. ასე რომ ეთერ გვალია, ვისაც ის კარი, რომლისკენაც დაუოკებლად მიილტვოდა, დაკეტილი დახვდა, ხოლო იმ კარისკენ, რომელიც ყურთამდე იყო ღია (რადგან შიგნით თვინიერი ქმარი ელოდებოდა), თავად აღარ მიუდიოდა გული, სულ მთლად მშრალზე დარჩა. ასეთ ვითარებაში კი არ შეიძლება არ დაგროვდეს ჭარბი მუხტები, რომლებიც ყველაზე იოლად მოსწავლეების თავზე ფეთქდება. ეთერ გვალიას შემდეგ მოდიოდნენ მათემატიკის მასწავლებელი, ჩუმი და უაღრესად თავაზიანი გურამ ხომერიკი, რომელიც ამავე დროს ქალაქის ჩემპიონიც იყო ასუჯრედიან შაშში, რითაც სკოლა ძლიერ ამაყობდა, ჩვენი სოლომონი და ნესტან ვაჩეიშვილი. მაგიდის მეორე მხარეს პირველი იჯდა ქალბატონი ცისანა, მერე ბატონი დიმიტრი, ბესარიონ ჭედია, ნატალია დავიდოვნა და კატო მასწავლებელი. ბოლოში, დირექტორის პირდაპირ, როგორც ითქვა, ნუკრი ვაჩეიშვილი იჯდა.
   როდესაც მაგიდასთან ყველანი მოხერხებულად დასხდნენ და სკამების ხრიგინი მიწყდა, დირექტორმა მარჯვენა ხელით ჭრელი, ფოთლებიანი ჰალსტუხის სქელი ნასკვი შეისწორა, თუმცა ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ნასკვი მწვანედ მოელვარე პერანგის საყელოს ორივე წვეტიდან, რომლებზედაც უფუნქციო ღილები ისხდა, აბსოლუტურად თანაბარი მანძილით იყო დაშორებული (რის გამოც დირექტორის ჟესტსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა: ცერითა და შუა თითით მან ოდნავ მისწი-მოსწია ჰალსტუხის ნასკვი, მერე ოდნავ ასწი-დასწია და საბოლოოდ იმავე ადგილას დატოვა, სადაც პროცედურის დასაწყისში იყო), და თქვა: - ერთი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ამიტომ შეგკრიბეთ. იმდენად მძიმე საკითხია, რომ აგერ, ქალბატონი ცისანას შეწუხებაც კი მოგვიხდა, - დირექტორმა ხელი წაიღო და ქალბატონ ცისანას მაჯას, რომელიც მაგიდაზე იდო, ოდნავ შეეხო, რათა ამით განათლების განყოფილებაში თავისი პოზიციის სიმტკიცისათვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ქალბატონმა ცისანამ პასუხად თვალები დახუჭა და გაახილა; ისე დახუჭა და გაახილა, თითქოს ორი პატარა, ოვალური, ოდნავ ნაოჭდაყრილი თეატრალური ფარდა ორ სცენაზე ერთდროულად დაეშვა და აიწია, ხოლო ეთერ გვალიას, რომელიც მარჯვენა ხელისგულს ნიკაპით დაყრდნობოდა და დირექტორს თვალმოუშორებლივ შესცქეროდა, სახეზე ტკივილმა და რისხვამ გადაუარა. დირექტორმა კი განაგრძო, - მშობელთა კოლექტიური განცხადებაა შემოსული. ორი დღის წინ გადმოგვიგზავნა განათლების განყოფილებამ. კიდევ გიმეორებთ: საკითხი რთულია, მძიმე და მტკივნეული. ამიტომ გთხოვთ გულდასმით მოისმინოთ და ყველამ მიიღოთ მონაწილეობა განხილვაში. აბა, ბესარიონ, წაიკითხე.
   დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა. ქალბატონმა ცისანამ, ეს რომ შენიშნა, ყური მიუშვირა (პატარა და თხელი, თითქმის გამჭვირვალე ყურები ჰქონდა). დირექტორმა რაღაც ჩასჩურჩულა. ქალბატონმა ცისანამ თავი დაუქნია (მერეც, მთელი სხდომის განმავლობაში, დირექტორი დროდადრო გადაიხრებოდა და მოშვერილ ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, რაზედაც ქალბატონი ცისანა თავს უქნევდა).
   ბესარიონ ჭედიამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა, მრგვალშუშებიანი სათვალე ამოიღო, ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, გაიკეთა და საქაღალდე გაშალა.
ბესარიონ ჭედია ყურცქვიტა კაცი იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და სულ მთლად ქაჩალი. სამაგიეროდ ულვაში ჰქონდა ძალიან გრძელი. ულვაში, ისევე როგორც ცხვირი, თითქმის ნიკაპამდე სწვდებოდა და სიარული იცოდა რაღაც უცნაური - ფიცხი და მუქარიანი. თქვენკენ მომავალს რომ დაინახავდით, განსაკუთრებით თუ ბინდი იყო და მაინცდამაინც არც სიმამაცით გამოირჩეოდით, გული შეგიქანდებოდათ და ადვილად შეიძლებოდა შეგქმნოდათ ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს ჯიბეში რევლოვერი ედო. სინამდვილეში უწყინარი კაცი იყო. წერა-კითხვა უყვარდა და ხმა ჰქონდა ისეთი ბოხი, მსუყე და სასიამოვნო, რომ დაგელაპარაკებოდათ, გეგონებოდათ, კი არ ლაპარაკობს, არამედ რაღაცას ძალიან გემრიელსა და სასარგებლოს ჭამსო. ამიტომ, თუკი სკოლაში რამე საჯარო წაკითხვას საჭიროებდა (საჩივრები, მადლობები, წინადადებები და სხვ.), ყველაფერს ის კითხულობდა. დაწერითაც ყველაფერს ის წერდა, მოყოლებული დირექტორის გამოსვლათა ტექსტებიდან და ნაირ-ნაირი საანგარიშო მოხსენებებიდან, დამთავრებული კოლეგების დახასიათებებით, შუამდგომლობებით, უბრალო განცხადებებით... ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდა. მეტიც: მოცილე რომ გამოსჩენოდა, ალბათ იქით მისცემდა გასამრჯელოს, ოღონდაც თავიდან მოეშორებინა, ისე უყვარდა ეს საქმე. განსაკუთრებით წერა. უყვარდა და ემარჯვებოდა კიდეც. მართალია, შიგადაშიგ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ ეს შეცდომები უმნიშვნელო იყო და, საერთოდ, შეუმცდარი ვინ არის ამქვეყნად! მშობელთა კოლექტიური განცხადებაც, ჩვეულებისამებრ, ნელა წაიკითხა, გემრიელად, გამოთქმით, სასვენ ნიშნებთან ხანგრძლივად ჩერდებოდა და მსმენელებს საშუალებას აძლევდა უკვე წაკითხული აუჩქარებლად და გულდინჯად გადაემუშავებინათ. ეს იყო მხოლოდ, ცოტას კეკლუცობდა, რათა კოლეგები შეცდომაში შეეყვანა და თავის მსახიობურ ნიჭზე, რომელიც სინამდვილეში ჩანასახის სტადიაში იმყოფებოდა, მათთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნა, გარდა ამისა, კილო ჰქონდა ყალბი, სიტუაციისთვის შეუფერებელი და ცოტა ორჭოფულად საზეიმო, როგორც მხცოვან ოფიცერს, რომელიც თვითმოქმედების საღამოზე საკუთარ ლექსს კითხულობს, მაგრამ დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იცის, კარგია ლექსების წერა თუ ცუდი.

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, კრებული, ლიტერატურა, მოთხრობა, ქარჩხაძე

ნახვა: 3964

გამოხმაურებები!

ოო, კაი მოთხრობა ძალიან თავისი საინტერესო დაკვირვებებითურთ

დიდია ქარჩხაძის კვალი! ველოდებით გაგრძელებას :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters