მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც ათასგვარი ხმა დადიოდა. მის აშენებას, რამდენი ხანია, არა და არ დაადგა საშველი. ჩაუყრიდნენ საძირკველს, ამოიყვანდნენ საგულდაგულოდ ნაგებ, სქელ კედლებს, ცოტათი შეშრებოდა თუ არა, ერთს დაიჭექებდა და ინგრეოდა ამდენი ხნის ნაშრომი.

      ბევრჯერ დაუფრთხო ხალხს ძილი მისი ნგრევა-გრიალის ხმამ. აღარ იცოდნენ, რისთვის მიეწერათ ეს უცნაური ამბავი. ზოგი მშენებლებს აბრალებდა, ცუდად აშენებენო, ზოგი ვიღაც უჩინარ მტრებზე მიუთითებდა, ჩუმჩუმად წყალს ამღვრევენო. ბოლოს ისიცა თქვენს, თითქოს თვითონ მწყალობელს დაენგრიოს უკვე კაცის სიმაღლემდე ამოყვანილი კედლები; არ მოეწონა და ახლის აშენება ბრძანაო... სხვაგვარად აღარ მოიხსენიებდა ხალხი ამ სახელგანთქმული ციხე-სიმაგრის ბატონ-პატრონს და განმგებელს, რამეთუ კიდით-კიდემდე საანდაზოდ ქცეულიყო მისი უჩვეულოდ რბილი და დამყოლი, მოწყალე ხასიათი. მუდამ იმის შიში სტანჯავდა, ვინმესთვის რაიმე ტკივილი არ მიეყენებინა უნებურად. საკუთარი თავი, საკუთარი ნება-სურვილი სრულებით დაევიწყებინა, მხოლოდ სხვებისთვის იღვწოდა... თანაც ისეთი მონდომებით, რომ სათევზაოდ სიარულიც კი აღიკვეთა. თუმცა, როგორც მისი ახლობლები აღნიშნავდნენ გულნაკლულად, უზომოდ უყვარდა თურმე ეს საქმე. სწორუპოვარ ოსტატადაც ითვლებოდა. მასზე უკეთ არავინ უწყოდა საუკეთესო სათევზაო ადგილები. თითქოს მისთვის ცნობილი იყო ყველა წყალქვეშა ფარული დინება, რომელიც თევზს თვითონ მიაგდებდა მისკენ. თვითონ არხეინად იჯდა სიმშრალეში და ელოდა. კარგ მეთევზეს ფეხიც კი არ უნდა დაუსველდესო, ასე იცოდა თქმა.

      მზის საათი ციხის ნანგრევებიდან სამზეო მხარეს აღემართათ ხელისგულივით სწორ, მოშიშვლებულ ადგილას. სწორკუთხა, ბოლოში წვერწამახული ღერძი რაღაც უჩვეულოდ მკვრივი მასალისგან გახლდათ გამოკვეთილი. კაციშვილს აღარ ახსოვდა, რამდენი თაობის მანძილზე იდგა იგი მზის ქვეშ, დარსა თუ ავდარში, ქარსა თუ წვიმაში... ოდნავადაც არ შეცვლია ფერი, არც რაიმე ნაკაწრი ან ბზარი დამჩნევია. თვითონ დრო-ჟამის აღმნიშვნელი კვალიც აღარ იყო დარჩენილი, მაგრამ იქაურებს თვალი ისე ჰქონდათ შეჩვეული, დანაყოფების გარეშეც მშვენივრად შეეძლოთ დროის განსაზღვრა. სანაძლეოსაც კი დებდნენ, თუ ვინ უფრო ზუსტად გამოიცნობდა დროს ამ ეული ღერძით, სივრცეში რომ გაეყო თავი. ზოგიერთები იკვეხნიდნენ, ღრუბლიან ამინდშიც შეგვიძლიაო მზის საათით დროის გაგება. ზოგი უფრო შორსაც მიდიოდა, ღამითაც ვახერხებთ მზის საათით სარგებლობასო. და თუ ვინმე მსურველი გამოჩნდებოდა... უმეტესად ვინმე გადამთიელი, სტუმრად მოსული, იქვე დაუმტკიცებდნენ თავიანთ იშვიათ უნარს. ამგვარად, მზის საათს ჰქონდა თუ არა რაიმე პრაქტიკული დანიშნულება, ყურადღება მაინც არასდროს არ აკლდა.

      ამას გარდა, იყო ერთი პატარა დეტალიც, რომელიც ცალკე იზიდავდა ცნობისმოყვარეთა ყურადღებას. ამბობდნენ, თითქოს ხანდახან მზის საათთან ვიღაც პატარა ბიჭი გამოჩნდებოდა ხოლმე. ბიჭს თავით ფეხამდე თეთრი ტანსაცმელი ემოსა... საინტერესო იყო, რომ ყველა ერთხმად აღნიშნავდა ამას. სამაგიეროდ, დანარჩენი წვრილმანები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდნენ. ერთნი ამტკიცებდნენ, ბიჭს ხელში ხისგან გამოთლილი მწყემსური არგანი უჭირავსო. სხვები ხან სალამურს მიაჩეჩებდნენ ხელში პატარა ბიჭს, ხანაც მზის სხივებზე დამაბრმავებლად მობრჭყვიალე ოქროს საყვირს. ერთხელ კი ერთმა ცხადად მხილველმა, აღარ დაიტოვა, თუ რაიმე საფიცარი გააჩნდა და ასეთი რამ თქვა: ჩემი თვალით ვნახე, ბიჭს ხელში ფიწალი ეჭირა, სრულიად ჩვეულებრივი, უბრალო ფიწალი, რითაც თივას აბულელებენ ხოლმეო.

      - როდის მოხდა ეს?

      - როდის?.. როცა ფაიზარა მედუქნემ საზიარო დუქანს ცეცხლი წაუკიდა და მოზიარე ძმაკაცი ცოცხლად გამოხრუკა...

      - მართლა... ფაიზარა მედუქნე ხომ ფიწლით მოკლეს...

      ამგვარი მსჯელობით, ძველი ამბების გახსენებით და მოვლენების შეპირისპირებით ხალხი იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ პატარა, თეთრსამოსიანი ბიჭის გამოჩენა სულაც არ ყოფილა უბრალო რამ. იგი სწორედ ისეთ დროს გამოჩნდებოდა, როცა რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო. და ამ გამოჩენით თითქოს მიანიშნებდა, თუ როგორი დასასრული შეიძლებოდა ჰქონოდა მომხდარ ამბავს. არც ამის გამოცნობა გახლდათ ადვილი საქმე. აბა, ვის შეეძლო მაშინ ეფიქრა, თუ ფაიზარა მედუქნეს ფიწლით მოკლავდნენ. მით უმეტეს, რომ ყველას უდანაშაულო ეგონა, ისე იმდუღრებოდა და აკლავდა თავს ნახევრადდამწვარი ძმაკაცის ცხედარს. მაგრამ იმის თქმა კი ყველას დაბეჯითებით შეეძლო, რომ პატარა თეთრსამოსიანი ბიჭი ყოველთვის სიმართლის მხარეზე იდგა. მისი გამოჩენა სიმართლის გამარჯვებას მოასწავებდა.

      - კი მაგრამ, რაღაში არგია სიმართლე ნახევრადდამწვარ ცხედარს? - დაუსვამდნენ კითხვას კამათის მოყვარულები პატარა ბიჭის მხილველებს. - რაღა ფასი აქვს მაგისთანა სიმართლეს. გინდა ყოფილა და გინდა არა.

      ასეთი შეკითხვების მიმცემნი უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ, ქვეყანამოვლილნი, ჭკუაალესილნი, ცოდნა-განათლებით პირთამდე დატენილნი. მათ არაფრად უღირდათ ყოველი მხრიდან ჩიკორივით შემოეტრიალებინათ ნებისმიერი სადავო საკითხი, რათა რაც შეიძლება მკაფიოდ და წინააღმდეგობრივად წარმოეჩინათ იგი: - სიმართლე და სიცრუე, ეს არის ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარე, - ამტკიცებდნენ ისინი. - ერთის არსებობა გულისხმობს მეორის არსებობას, და პირიქით, ერთის არარსებობა მეორესაც გამორიცხავს. ამდენად, მათ შორის განსხვავება არცაა... ორივეს ერთი ფასი აქვს. ამას გარდა, განა ერთ და ორ შუბლგადარეცხილ, უნამუსო ადამიანს შერჩენია ხახვივით ბოროტება და თავისი სიცოცხლე მშვიდად, ბედნიერად გაულევია.

      ამის პასუხად ბევრის არაფრის თქმა შეეძლოთ ჩვენების ცხადად მხილველთ. ერთს ღრმად ამოიოხრებდნენ ხოლმე და გაუბედავად ჩაილაპარაკებდნენ: „... ეეჰ, რას იზამ. ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, სიმართლის ფესვი კი უკვდავია და დაუსაბამო. შეიძლება ერთი სიცოცხლის მანძილზე ვერ მოასწროს დამწიფება იმ ფესვის ნაყოფმა. მაგრამ ის კი უეჭველია, რომ არასდროს დაიკარგება. ოდესმე აუცილებლად იხეირებს, აუცილებლად გამოვა სამზეოზე... დრო, თვით ყოვლისმპყრობელი დროა სიმართლის მხარეზე. თუ სხვა არაფერი, ეს მაინც განასხვავებს სიცრუისაგან“.

* * *

      მზის საათთან გაწოლილი წერწეტა ჩრდილი კარგა ხანია გამოცალკევდა შორეთის მიღმიერი უსასრულობისგან, სასრული ზომა შეიძინა. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ ითქვა. ერთად შეყრილ ხალხს სალაპარაკოს რა გამოულევს. ნეტავი კიდევ დაინგრევა თუ არაო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ სურამის ციხის თაობაზე, რომლის ასაშენებლად, ვინ იცის, უკვე მერამდენეჯერ, გაცხარებული მუშაობა იყო გაჩაღებული. კირითხუროები საქმიანად მიმოდიოდნენ. ხის ფიცრებისგან ფართო ყალიბები აეგოთ. ზოგში უკვე ესხა დუღაბი, ზოგშიც ჯერ არა... მსჯავრდადებული დამნაშავე უკვე იქ იყო. მომაღლო ადგილას დაესვათ, რათა ყველას კარგად დაენახა. ირგვლივ ნანგრევთა ყორეები და საძირკვლისთვის ამოღებული ღრმა თხრილი ერტყა, რაც იქამდე მისვლას საკმაოდ აძნელებდა. თუმცა ამას არც არავინ ცდილობდა, შორიდან შეჰყურებდნენ ცნობისმოყვარეობით. ხელ-ფერი სულმთლად გალურჯებოდა, ისე მაგრად იყო გაკოჭილი, პირშიც ჩვარი ჩაეჩურთათ. სახეზე მკვდრისფერი ედო... ჟამიდან ჟამს ძლივს ახელდა თვალს და უღონო ხმით წამოიზმუვლებდა: ზოგიერთმა იცნეს იგი, ზურაბი ჰქვიაო აუწყეს დანარჩენებს. დედით ობოლი ბიჭია, მამამისს იმედას ეძახიან, საუკეთესო სათევზაო ბადეებს წნავსო.

      - რა დააშავა, თუ იცი?

      - არაფერი ვიცი.

      - მართლა ცოცხლად უნდა დამარხონ?

      - ვერც მაგაზე გეტყვი რაიმეს.

      - ისე, აფსუსი კია, სულმთლად ახალგაზრდაა.

      - თანაც, რა დამიშავებიაო, თურმე ასე გაიძახის...

      - აბა, თვითონვე ვინ იტყვის, დამნაშავე ვარო.

      - იმედა სადღაა...

      - მართლა, იმედა. ნეტავი თუ იცის თავისი შვილის ამბავი.

      - ეცოდინება, აბა რა, გაქცევას მოასწორებდა...

      - რაო? იმედა გაქცეულაო?

      - ჰო, იმედას გაქცევა მოუსწრია, ზურაბი კი დაუჭერიათ.

      ჩრდილი მზის საათთან შეუნელებლად მიიწევდა იმ ადგილისკენ, სადაც ერთ დროს შუადღის აღმნიშვნელი დანაყოფი უნდა ყოფილიყო. ხალხმა საჩრდილობლები იფარა, ზოგმა ქოლგა, ზოგმა თავსაფარი. ზოგმაც კიდევ რა... რაც ხელში მოჰყვათ. წასვლას კი არავინ ფიქრობდა. პირიქით, ფართო კლაკნილ შარაგზაზე, რომელიც სურამის ციხისკენ მიემართებოდა, ჟამიდან-ჟამს გამოჩნდებოდა ხოლმე რომელიმე შეგვიანებულთაგანი. თავმოყრილ ხალხს თანდათან დაეტყო მოუთმენლობა. ამხელა თავყრილობას კაციშვილი არ აქცევდა ყურადღებას. კირითხუროები გაცხარებით მუშაობდნენ, მოჰქონდათ დუღაბი და ყალიბებში ასხამდნენ. ხელფეხშეკრული ზურაბი კი თითქოს საჩვენებლად დაესვათ აქ და მეტი არაფერი. თუ ადრე რაიმე გარკვეულ, სხვადასხვა შინაარსის ფრაზას ხშირად გაარჩევდა ადამიანი ხალხის ნალაპარაკევიდან, ახლა უკვე აღარაფრის გარჩევა აღარ შეიძლებოდა, ერთი სიტყვის გარდა... ეს სიტყვა იყო „მწყალობელი“, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი დაჟინებით იმეორებდა ხალხი. ჰაერში ერთი გაბმული გუგუნი იდგა...

      უცბად ეს გუგუნი ისე მიწყდა, თითქოს ხმლით მოჰკვეთესო; თვითონ ის გამოჩნდა, რომლის სახელსაც ასე დაჟინებით იმეორებდნენ. სრულ სათევზაო ფორმაში გამოწყობილი წარუდგა ხალხს. მხრებზე წყალგაუმტარი მოსასხამი მოეგდო, ხელთ ანკესი ეპყრა. თითქოს მუხლები ვერ უძლებენო, ისე უღონოდ მოფრატუნობდა.

      ანკესი იქვე, ხალხის თვალწინ მიაგდო გვერდით, მოსასხამი გადაიწია და ხალხს ფართოდ გახელილი, გულუბრყვილო თვალებით შემოხედა. ბევრად უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა მოჩვენებოდა ადამიანს. მხრებში იყო მოხრილი და ალბათ ეს ქმნიდა ამ ცრუ შთაბეჭდილებას. მოსასხამს შიგნით ძალზე პეწიანად ეცვა. ძვირფასი ნაქარგები შემოვლებოდა საყელოსა და მაჯებზე.

      რამდენიმე წამს მდუმარედ ათვალიერებდნენ ერთმანეთს მწყალობელი და თავყრილობა, მერე ხალხი ნელ-ნელა ისევ აჩურჩულდა...

      - თევზაობიდან მოუბრუნებიათ, თევზაობიდან...

      - ერთი ვერა და ვერ ითევზავა ჩვენმა მწყალობელმა...

      - საქმე... საქმეს ვერ ელევა.

      ცოტა ხანს იჩურჩულეს და მერე ისევ მიჩუმდა ხალხი, რაღაცას ელოდნენ მწყალობლისგან. ის კი თითქოს ბაიბურშიც არ იყო, აქეთ შემოჰყურებდა მათ გაოცებული იერით.

      ბოლოს, ვიღაც-ვიღაცეებმა გაბედეს და აქეთ-იქიდან წამოიძახეს:

      - როდის დამარხავენ?

      უფრო მეტი გაოცება დაეტყო მწყალობელს, ვისზე მეუბნებითო, იკითხა.

      - ზურაბზე, ზურაბზე... აი, ყალიბის გვერდით რომ ზის ხელფეხშეკრული...

      მწყალობელმა იქითკენ მიიხედა და მერე ხალხს მოავლო მზერა, რომელშიაც ახლა გაოცებასთან ერთად შეძრწუნებაც იხატებოდა:

      - ასეთი რა დააშავა?

      ამ შეკითხვას საშინელი ხმაური მოჰყვა. ისეთი ყაყანი და ღრიანცელი ატყდა, რაიმეს გარჩევა შეუძლებელი იყო. ზოგიერთი ისეთი ხმაც ერთვოდა ამ ღრიანცელს, რაც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას და გაღიზიანებას: თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ და რა უნდათო.

      მწყალობელმა ადროვა ხალხს, რათა გული მოეჯერებინა და როცა ხმაური მინელდა, ასეთი რამ თქვა:

      - როგორც ჩანს, ხეირიანად არავინ იცით, რა დააშავა ზურაბმა. რითი დაიმსახურა ასეთი სასჯელი. ჯერ ეს გაარკვიეთ და მერე თქვენი ნებაა...

      ამ სიტყვების შემდეგ ხალხს კრძალვით დაუკრა თავი, მიბრუნდა, იქაურობას გაეცალა... თუმცა შორს არსად წასულა. იქვე მოფუსფუსე კირითხუროებს დაადგა თავზე, მათ საქმიანობას შემოწმება დაუწყო. თან მკაცრად გააფრთხილა: თქვენი აშენებული, იცოდეთ, ამჯერად აღარ უნდა დაინგრესო.

      ამის შემდეგ ხალხს თითქოს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, უნდა დაშლილიყვნენ და თავიანთ სახლებში წასულ-წამოსულიყვნენ, ჰაი-ჰარად მიტოვებული საქმეებისთვის მიეხედათ. მაგრამ ასე არ მომხდარა, არცერთი მათგანი არ იძროდა. ადგილს ტკეპნიდნენ და ქვეშ-ქვეშ გაჰყურებდნენ ხელფეხგაკოჭილ ზურაბს. თან ყველას ისეთი დაძაბული იერი ჰქონდა, თითქოს რაღაც მიძმე ამოცანის წინაშე იდგნენ და ვერაფრით გადაეწყვიტათ.

      უჩვეულო სიჩუმე იყო გამეფებული. ამხელა თავყრილობისთვის სრულიად შეუფერებელი, ავი სიჩუმე. ჩრდილი მზის საათის ირგვლივ ასევე უჩუმრად ინაცვლებდა ადგილს, აღწერდა მისთვის ჩვეულ, გარდაუვალ წრეს.

      ნელ-ნელა ამ სიჩუმის ზღვას ხმების ნაკადულები შეერია. ჯერ მეტად უღონოდ, მერე და მერე უფრო იმძლავრა.

      - იქნებ მართლა დააშავა რამე...

      - აბა, სხვანაირად როგორ იქნება...

      - თუ არ გატყდა, ხმა ისე არ გავარდება.

      - უდედოდ გაზრდილი ბავშვი ყოველთვის უსაქციელო გამოდის.

      - ეგ ხომ უდავოა.

      - შეხედულება კი ისეთი აქვს, მამა აბრამის ბატკანი გეგონება.

      - ასე იციან დამნაშავეებმა თავის მოკატუნება...

      - მართალს ბრძანებთ. რაც უფრო მძიმე დამნაშავეა, მით უფრო საწყლად გამოიყურება.

      - შეხედე, თავი როგორ გადაუვარდა, აქაოდა ვკვდებიო...

      - თავს გვაცოდებს...

      - არ გაუვა...

      ჩრდილმა მზის საათთან კვლავ უჩუმრად გადაინაცვლა და ხელისგულისოდენაზე შეიკუმშა. შუადღე დადგა, უმოკლესი ჩრდილების ჟამი. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა არცერთი უმძიმესი დანაშაული, რაც ადამიანის ხელიდან შეიძლებოდა გამოსულიყო, ზურაბისთვის რომ არ მიეწერათ. ამასთან ერთად, არავის მოსვლია აზრად, თვითონ მისთვის ეკითხა რაიმე... თუმცა ალბათ უსარგებლოც იქნებოდა. ზურაბი კარგა ხანია აღარ ახელდა თვალს, აღარც კვნესოდა.

      - რას მეუბნები...

      - რა საშინელებაა...

      - დაუჯერებელია...

      - ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომ არ დავუჯერო, სწორედ ის იქნება დანაშაული.

      - მე კი სულ სხვა რამ გავიგე...

      - ეს უფრო ჰგავს სიმართლეს...

      - ჰგავს რომელია, საკუთარი თვალით ნანახს გეუბნები.

      - მაგის ჩამდენი მართლა ცოცხლად დამარხვის ღირსია...

      - ნამდვილად...

      ჩრდილმა მზის საათთან ისევ იწყო მატება. წამიდან წამს, შეუმჩნევლად იწელებოდა წურბელასავით. ხალხის ხმაურიც სულ უფრო მატულობს. მოუთმენლობის გამომხატველი წამოძახილებიც გახშირდა: „...რაღას გვალოდინებენ... მთელი დღე ტყუილუბრალოდ დავკარგე... რას უყურებენ, დასაჯონ ბარემ და დაამთავრონ...“

      სულ უფრო და უფრო მოუთმენლად, უფრო ხმამაღლა ყაყანებდა ხალხი. მაგრამ არცერთი მათგანი არ გამოდიოდა წინ, სხვებზე მეტად არ იმაღლებდა ხმას. ვერც იმას ხედავდნენ, მწყალობელისთვის მოეხმოთ. თვითონ მწყალბელი იქვე ტრიალებდა, მთელი მისი ყურადღება მშენებლობისკენ იყო მიქცეული. ერთხელაც არ მოუხედავს ზღვასავით აბორგებული, მოყაყანე ხალხისკენ.

      გზაზე ვიღაც გამოჩნდა, მთელი ძალღონით მოიჩქაროდა სურამის ციხისკენ. ჯერ კიდევ შორს იყო, როცა ყველამ იცნო ოთარა-სულელი... იცნო მისი გამორჩეული გარეგნობის წყალობით: თავკისერი ისე უცნაურად წაწვრილებოდა, უნებურად თივის გამხმარ ღეროს გაახსენებდა მნახველს. მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი გახლდათ მისი მეტისმეტად სერიოზული, ძალზე შეწუხებული იერი, რომლის შექმნაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა ცალ მხარეს ასიმეტრიულად აზიდული თვალ-წარბი. რაც არ უნდა ეკეთებინა ოთარა-სულელს, რამდენიც არ უნდა ეცეკვა და ემღერა იქაური გოგო-ბიჭების გულის გასახარად, უაღრესად შეწუხებული იერი არ შორდებოდა სახიდან. ეს განსაკუთრებულ მარილს მატებდა მის ნომრებს, მაგრამ ხიფათსაც არ იყო მოკლებული. ხანდახან მოზრდილი ყმაწვილები დაინტერესდებოდნენ, უფრო შეწუხებული სახის მიღება თუ შეუძლიაო. და ამ მიზნით მართლაცდა ძალზე შემაწუხებელ ზომებს მიმართავდნენ: ხან წვეტიანი ჯოხებით დაუწყებდნენ ჩხვლეტას, ხან წიწაკის ფხვნილს ჩაუყრიდნენ კისერში, ხან კიდევ ვინ იცის, რა ოინს აღარ უწყობდნენ საწყალ ოთარა-სულელს. ისიც ტკივილებისგან ყვიროდა, იგრიხებოდა... მაგრამ იმაზე უფრო შეწუხებული იერის მიღება, რაც თვითონ ბუნებამ აღბეჭდა მის სახეზე, არაფრით აღარ შეეძლო. იმ დღეს სწორედ თავის მწვალებლებს გაექცა. მოშორებით იყო მიმალული და იმიტომაც გამოცხადდა ასე დაგვიანებით.

      ჩქარი სიარულისგან აქაქანებულმა ოთარა-სულელმა უაღრესად შეწუხებული თვალი მოავლო იქაურობას.

      - უკვე დამარხეს? - იკითხა შეშფოთებით.

      - არა... ჯერ არა... - ერთმანეთში აირია რამდენიმე ხმა.

      - კიდევ კარგი. - შვებით ამოისუნთქა ოთარა-სულელმა, თუმცა სახე არ შეცვლია, - მეგონა, დამაგვიანდა-მეთქი.

      - რაღა დაგვიანება... მგონი, აღარც კი მარხავენ...

      - აბა, ტყუილად ამოგვიყვანეს აქ ამდენი ხალხი? - შეიცხადა შეწუხებულმა ოთარა-სულელმა, - მწყალობელო, მწყალობელო... - ახლა იქითკენ გაქანდა აქაქანებული. ხალხი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს. - მართლა აღარ მარხავენ?

      მწყალობელმა ჯერ ვერც კი გაიგო, თუ რას ეკითხებოდა ოთარა-სულელი, ძლივს ჩახვდა მის აზრს. მერე პატარა ბავშვივით დაუყვავა, ეს იმათ ჰკითხეო ხალხზე მიათითა ხელი. იმათი ნებაა, მე მაგის შესახებ არაფერი ვიციო.

      ოთარა-სულელი ფიცხლად მობრუნდა ხალხისკენ.

      - თქვენი ნებააო, მწყალობელმა ბრძანა...

      ამ სიტყვების პასუხად ხალხს მძიმე, დახშული ბგერების ტალღამ გადაურბინა. გარკვეულს ვერაფერს გაარჩევდა კაცი ამ ტალღაში, მაგრამ უკიდურესობამდე მისული მოუთმენლობა აშკარად ისმოდა... მწყალობელსაც მისწვდა ამ ტალღის ექო. თავი ანება კირითხუროებს და ხალხს წარუდგა, წინანდელზე უფრო მოკრძალებული და ქედდადრეკილი. რა გადაწყვიტეთ, დღეს უნდა დასაჯოთ თუ არა ზურაბიო, იკითხა.

      სამარისებური სიჩუმე მოჰყვა ამ შეკითხვას, მაგრამ სულ ორიოდე წამს გაგრძელდა ეს სიჩუმე. ეს დრო აღმოჩნდა საჭირო, რათა ოთარა-სულელსაც გაეაზრებინა შეკითხვა. მანაც მაშინვე წამოიყვირა:

      - დავსაჯოთ, აბა რა...

      მწყალობელმა მარჯვენა ხელი ასწია:

      - გეკითხებით, - თქვა მშვიდი, დაბალი ხმით, - თვლით თუ არა ზურაბს დამნაშავედ და აპირებთ თუ არა მის ცოცხლად დამარხვას?

      ისევ სამარისებური სიჩუმე... და ისევ ოთარა-სულელის ხმა:

      - ამას რად უნდა ამდენი შეკითხვა, უნდა დავმარხოთ, აბა, რისთვის მოვიყარეთ თავი ამდენმა ხალხმა...

      მწყალობელი ხელშემართული იდგა, შეკითხვა აღარ გაუმეორებია, ელოდა. ამასობაში ოთარა-სულელის ხმას, მოიერიშესავით რომ ყიჟინებდა, ნელ-ნელა სხვა ხმებიც შეერია... ჯერ ფრთხილად, გაუბედავად... მერე უფრო გარკვევით და ხმამაღლა:

      - თუკი დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს... დამნაშავეა, აბა, რაა... ყველაფერი გარკვეულია... როცა იქნება, მაინც უნდა დაიმარხოს და ბარემ ახლავე... გადადებას რა აზრი აქვს.

      რამდენიმე წამს გულმოდგინედ იჭერდა ამ ხმებს მწყალობელი. მერე ხელი დაუშვა და ხალხს მიმართა მოკრძალებით: მეტად მძიმეაო სასჯელი, რაც თქვენ ზურაბს გადაუწყვიტეთ, მაგრამ თქვენი ნება-სურვილი ჩემთვის ყველაფერზე მეტია... ხელს აღარ შეგიშლითო.

      თქვა თუ არა ეს სიტყვები, თავი მდაბლად დახარა და განზე გადგა.

      - დავმარხოთ... დავმარხოთ... - ყიჟინებდა ოთარა-სულელი.

      თავყრილობა მაშინვე აბორგდა, აჩოჩქოლდა, ამოძრავდა... საქმესაც გულმოდგინედ შეუდგნენ, ამდენი ხნის უმოქმედობით დაგროვილი ენერგია გამოსავალს ითხოვდა. ორმა ზორბა ვაჟკაცმა საჩქაროდ გადალახა ნანგრევთა ყორეები. ხელი ჩაავლეს ზურაბს და ცარიელ ყალიბში დააყენეს. ზურაბს ხელფეხი შეშასავით გაშეშებოდა, თავი მკერდზე ჰქონდა ჩამოვარდნილი. ამოკვნესაც კი არ დასცდენია, გაუგებარი იყო, გრძნობდა თუ არა, რა ამბავი ტრიალებდა მის თავს. დამარხვის საქმეში ყველამ მოინდომა მონაწილეობის მიღება. ერთიანად მობოჭეს, რაც კი ბარი და ნიჩაბი ახლო-მახლო ნახეს, ბევრმა პეშვითაც დაიწყო დუღაბის ჩასხმა, სხვა რომ ვერაფერი იპოვა... ვინც ახლოს ვერ მიუდგა, მჭიდრო წრედ შემოერტყნენ ირგვლივ და თვალმოუშორებლად შეჰყურებდნენ. სიჩემეს მხოლოდ ბარის და ნიჩბის ხმა არღვევდა...

      მწყალობელი განზე გამდგარიყო. თვალებზე ნაქარგმოყოლებული ქათქათა ცხვირსახოცი აეფარებინა, რათა ეს საშინელი სანახაობა არ ეხილა. მთელი მისი გარეგნობა ტანჯვას და სასოწარკვეთას გამოხატავდა... თან ცხვირსახოცის ნაკეცებიდან ფხიზლად ავლებდა თვალს იქაურობას. როგორც განმგებელი, თავს მოვალედ რაცხდა ყოველთვის ყურადღებით დაეთვალიერებინა ციხე-სიმაგრის შემოგარენი. ვერც ახლა ღალატობდა ამ ჩვეულებას.

      მოულოდნელად, თვითონაც ვერ გაიგო, ისე მოიცილა ცხვირსახოცი, თვალებიც ჩვეულებრივზე მეტად გაუფართოვდა: მზის საათთან ვიღაც პატარა ბიჭი შენიშნა. ბიჭს ტანზე ერთიანად თეთრი ტანსაცმელი ეცვა. იგი ჭკვიანად, წყნარად იდგა გნომონის გვერდით და როგორც ჩანდა, მთელი მისი ყურადღება სურამის ციხისკენ იყო მიქცეული... ანუ იმ ამბისკენ, რაც იმ წუთში იქ ხდებოდა.

      ძველთაძველ ზღაპრებს და ლეგენდებს ადვილად არასოდეს არ აჰყოლია მწყალობელი. ის უფრო ეუცხოვა, რომ პატარა ბიჭი განზე იდგა იმ დროს, როცა ყველა სურამის ციხესთან იყო მისეული და სხვა აღარაფერი ახსოვდა ამქვეყნად.

      მერე რაო... პატარა ბიჭი ალბათ რაიმე საჩქარო საქმეზე გაგზავნეს და არ სცალია, გაიფიქრა მწყალობელმა და სცადა, თვალი აერიდებინა მისთვის, მაგრამ ვერ შეძლო. ეს პატარა, ეული ფიგურა უცნაურად იზიდავდა მის ყურადღებას. ერთი წამით ლამის დაავიწყდა კიდეც, თუ რა მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული.

      მოულოდნელად პატარა ბიჭი დაიხარა და ქვა აიღო. ამან კიდევ უფრო გააოცა მწყალობელი: მართალია, ბავშვია, მაგრამ რაღა აქ აგროვებს ქვებსო...

      ბიჭი კიდევ დაიხარა ქვის ასაღებად...

      აქ კი მწყალობელი იძულებული შეიქნა თვალი მოეცილებინა მისთვის. სურამის ციხესთან თავშეყრილ ხალხს ერთიანი მძიმე ოხვრა აღმოხდა: დუღაბის უკანასკნელი ულუფა ჩაასხეს ყალიბში. ზურაბი მთლიანად შთაინთქა მის ქვეშ. ხალხიც ხმამაღლა გამოეხმაურა ამას. უცნაური იყო ეს ამოოხვრა, მრავალი მკერდიდან ერთად ამოხეთქილი...

      როცა ყოველივე აღსრულდა, ისევ მზის საათისკენ მიიხედა მწყალობელმა. იქ აღარ ჩანდა პატარა, თეთრსამოსიანი ბიჭი. გნომონის ფერხთით წერწეტა ჩრდილი გაწოლილიყო. ბოლო აღარ უჩანდა იმ ჩრდილს, თითქოს თვით უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა...

* * *

      იმედას ცუდი არაფერი უფიქრია, როცა ორი თუ სამი ახლობელი კაცი ქაქანით მოიჭრა მასთან: აშკარად არ ჰგავდნენ კარგი ამბის მომტანებს, ისეთი დაღვრემილი სახეები მოიყოლეს თან. არც მაშინ დაუკარგავს წონასწორობა, როცა ეს შემაძრწუნებელი ამბავი ამცნეს და თან ყურადღებით ჩააშტერდნენ სახეში.

      - ჩემი ზურაბი ცოცხლად უნდა დამარხონ, მის მამას კი არაფერს ეკითხებიან? - თქვა გაოცებით. - დაუჯერებელ რაღაცას ამბობთ.

      - წადი და შენი თვალით ნახე... - უთხრეს და უკმაყოფილოდ აარიდეს თვალი.

      იმედამ მაშინვე გვერდზე მიაგდო ნახევრადდაწნული ბადე და სურამის ციხისკენ გაქანდა. გზადაგზა ზურაბთან დილანდელ საუბარს იხსენებდა გაფაციცებით, ნეტავი ასეთი რა უნდა მომხდარიყოო, ფიქრობდა. წინა დღეს ზურაბმა ბადე სთხოვა, სათევზაოდ აპირებდა წასვლას. იმედამ უარი უთხრა, გაბრაზებული იყო: სამი ბადე დაუხია ამ მოკლე ხანში. ძმაკაცებს ათხოვა და სულ ძაფებად დაგლეჯილი მოუტანეს. ზურაბმა მაინც არ დაიშალა, ხელაობით დავიჭერ თევზსო და სახლიდან უთენია გაიქცა. ძალიან უყვარდა თევზაობა ზურაბს, მაგრამ ბადეების დაწვნას გულს ვერ უდებდა.

      სურამის ციხესთან მაშინ მიატანა, როცა იქ გაცხარებული მსჯელობა იყო გაჩაღებული ზურაბის დამნაშავეობის თაობაზე, როცა ის-ის იყო იკვეთებოდა მისი მრავალსახა დანაშაული. ჰოდა, იმედას იქ ყოფნას რომ ხელი არ შეეშალა მათთვის ჭეშმარიტების მიკვლევაში (იმედა ხომ მიკერძოებას გამოიჩენდა დამნაშავის მიმართ, როგორც მისი გულშემატკივარი), სიმართლის ძიების ციებცხელებით ატანილმა ხალხმა ზურაბთან ახლოსაც არ მიუშვა. გონს მოსვლაც ვერ მოასწრო მრავალი ხელით ერთად ატაცებულმა იმედამ, ისე აღმოჩნდა ბნელ ჯურღმულში დამწყვდეული. ხელ-ფეხზეც მძიმე ბორკილები ედო, რომლებიც ქვის კედლებზე ჯაჭვებით იყო მიბნეული... ჭეშმარიტად უსაზღვრო იყო სიმართლის სიყვარული იქაურებში. მისი გულისთვის არაფრის წინაშე არ დაიხევდნენ უკან. თვით ჯოჯოხეთშიაც ჩავიდოდნენ, თუ სამართლიანობა მოითხოვდა.

      როცა სიმართლე გაირკვევა, მაშინვე გამოგიშვებთო, ეს სიტყვა დაუტოვეს და რკინის კარიც გაჯახუნდა.

      სიმართლე...

      ერთადერთი, ეს სიტყვაღა დარჩა იმედასთან, მასთან ერთად წყვდიადში უკვალოდ ჩაძირული.

      დაობებული პურის ორიოდე ნაჭერი ცვიოდა ხანდახან ზევით გამოჭრილი საძრომიდან. წყალი კი თვით დამპალი კედლებიდან მოჟონავდა. ეს იყო მისი სასმელ-საჭმელი. ჯურღმულის აშმორებულ ჰაერს ისუნთქავდა, დღესა და ღამეს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევდა... მზე აღარ ამოდიოდა იმედასთვის, მზეს დაავიწყდა იგი.

      ყველას დაავიწყდა იმედა. მათ შორის იმათაც, რომლებმაც თვითონვე დაამწყვდიეს იგი ამ ჯურღმულში. მათთვის ვინმეს რომ ეკითხა, ძალიანაც გაიკვირვებდნენ. რაო?.. სიზმარში ხომ არ მოგლანდებიათო... და მართალნიც იქნებოდნენ ამ დროს... მათ ნამდვილად დაივიწყეს იმედა... დაივიწყეს სრულიად გულწრფელად. მათ თავში აღარაფერი იყო დარჩენილი იმდღევანდელი ამბიდან. როგორც ჯანმრთელი კუჭი ითვისებს საკვებიდან მხოლოდ იმას, რაც ორგანიზმს სჭირდება, ასევე მათი მეხსიერებაც მხოლოდ იმას ითვისებდა და იტოვებდა თავისთან, რაც გამოსადეგი იყო მათთვის. ნამდვილად აღარ ახსოვდათ იმედა, თითქოს საერთოდ არც არსებულიყო ამქვეყნად.

      იქნებ თვით იმედასაც დავიწყებოდა საკუთარი თავი. იქნებ ერთი დაეხუჭა თვალები და აღარც გაეხილა, უარი ეთქვა ირგვლივ შემომდგარი წყვდიადის დანახვაზე. მისთვის ეს სულერთი იყო; გაახელდა თუ დახუჭავდა თვალს, ერთსადაიგივე წყვდიადს ხედავდა ყოველთვის. იქნებ ერთი ღრმად ჩაფლულიყო ძილში და მოეძებნა მარადიული ძილისკენ გადასასვლელი გზები.

      ერთადერთი სიტყვა, „სიმართლე“ კაწრავდა ამ სიბნელის გაუვალ ზღვას მეტეორივით. ეს სიტყვა მასთან იყო განუშორებლად და ზურაბის სახესთან იყო გაიგივებული. მისი ხატება გამუდმებით ედგა თვალწინ. ეს აფხიზლებდა, აიძულებდა, ფართოდ გაეხილა თვალები და პირისპირ ეცქირა გარსშემომდგარი წყვდიადისათვის, მისთვის შეეჩივლა თავისი უბედურება: „აბა, ვის გაუგია, შვილს ცოცხლად დამარხვა დაუპირონ და მის მშობელ მამას არაფერი გააგებინონ. ჯერ მითხარი, გამაგებინა, რა ცოდვა აწევს ისეთი. რა დააშავა ჩემმა შვილმა და მერე იქნებ მე თვითონ დავსაჯო ჩემი ხელით. სიმართლე გამაგებინეთ, სიმართლე... სიმართლე... მეტი არაფერი მინდა.

      ყოველგვარ სასჯელს გავუძლებ, ყოველგვარი ტკივილი შემიძლია ვიტვირთო, ოღონდ ჯერ სიმართლე ვიცოდე...

      სხვას არაფერს არ გთხოვთ, ოღონდ სიმართლე მითხარით“...

      სანამ ძალა არ გამოელეოდა, განუწყვეტლივ ასე შესჩიოდა ირგვლივ შემომდგარ წყვდიადს. „...სიმართლე მითხარით, სიმართლე...“ უტყვი და უძრავი იყო ყოველთვის წყვდიადი. სიტყვები ისე უკვალოდ ეფლობოდა მასში, როგორც ჭაობში გადაყრილი ქვები.

      ხანდახან სასოწარკვეთა მოეძალებოდა: „ვაითუ, მართლა ცოცხლად დამარხეს ჩემი ზურაბი. ვაითუ, ცოცხლებში აღარც არისო. მაგრამ ამ შავბნელ ეჭვებს მაშინვე იშორებდა თავიდან: არა, არ შეიძლებოდა მომკვდარიყო ჩემი ზურაბი. მის გაჩენას დედამისმა სიცოცხლე ანაცვალა, ორი სიცოცხლე აქვს, საკუთარიც და დედამისისაც... ვერავითარი ძალა ვერ წაართმევდა ამ ორ სიცოცხლეს ერთად... ალბათ ცოცხალია და საღსალამათი. მხოლოდ ჭორის და გაუგებრობის ბადეში გახვეულა უნებურად. ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული, ყველაფერი გაირკვევა და მეც მეშველება.

      ასეთი ფიქრებით გულგამხნევებული, ნამცეცსაც არ ტოვებდა, ისე ჭამდა დაობებულ პურის ნატეხებს. უნდა ვიცოცხლო, უნდა გავძლო იქამდე, სანამ სიმართლეს გავიგებდეო. მძიმე ნაბიჯებით დადის სიმართლე. ხშირად აგვიანდება და როგორმე ძალა უნდა მოვიკრიბო მის მოსვლამდეო. როცა იქნება, ჩემთვისაც ამოვა მზე, სინათლე მოეფინება ყველაფერს. როგორმე მანამდე, უნდა მივიტანო სულიო...

      სიკვდილი მიეახლა ერთხელ... ცივი, სლიპინა მარწუხებით გაუთანგა მთელი სხეული, სახეში გამთოშავი, მოწამლული ჰაერი შეასუნთქა.

      კლდის უმტკიცესად დაუხვდა იმედა: „არა, შენ მე ვერ მომერევი. - გამოუცხადა გულმაგრად. - ვერაფერს დამაკლებ. მე უნდა ვიცოცხლო, უნდა გავძლო მანამდე, სანამ სიმართლეს გავიგებდე, სანამ ჩემს ზურაბს ვნახავდე ცოცხალს და უვნებელს. მერე კი შენი ნებაა..."

      სიკვდილი უკუიქცა მისგან, როგორც ტალღა მოიქცევა კლდოვანი ნაპირისგან.

      არაერთხელ მიეახლა შემდგომშიც, ყოველთვის კლდესავით შეუვალი ნება დაახვედრა იმედამ: „...სიმართლე, სიმართლე უნდა გავიგო ჯერ", „ჩემი ზურაბი უნდა ვნახო ცოცხალი და უვნებელი“. ამბობდა და უდიდეს ძალას გრძნობდა ამ სიტყვების თქმისას. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად იმეორებდა: „სიმართლე, სიმართლე!“

      და სიკვდილიც ყოველთვის უკუიქცეოდა მისგან, ამ სიტყვებით ძალადაკარგული.

      ისევ ცოცხლობდა იმედა...

      ცოცხლობდა ისეთ ჯურღმულში, რაც მკვდარს უფრო გამოადგებოდა სამარედ. გაუთენებელი ღამე იდგა მის ირგვლივ. აქ არასდროს წვდებოდა მზის სხივები და არც მზის საათი აღწერდა გარდაუვალ წრეებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა დროის დინებას. დრო მიედინებოდა, უჩუმრად და უჩინოდ, როგორც მიწის ქვეშ მჟონავი წყლის უღონო ნაკადი.

      და ყოველ წამს ელოდა იმედა, აგერ ახლა გათენება ეს გაუთენებელი ღამე, ვიხილავ მზის სინათლეს... ვიხილავ ჩემს ზურაბს ცოცხალს და საღსალამათსო.

      ხოლო რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს „აგერ ახლა“, წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ.

      ერთ დღეს უცნაური სიმსუბუქე იგრძნო ხელ-ფეხზე. მოისვა ხელები და რაღაც მტვერი მოჰყვა მხოლოდ. ჟანგს სულერთიანად შეეჭამა რკინის რგოლები.

      ამოძვრა ჯურღმულიდან იმედა, დაეჯაჯგურა რკინის კარს და მისდა გასაოცრად, ისიც ხელებში ჩაეფშვნა.

      მერე ქვების რახარუხის ხმა შემოესმა და ყველაფერი მიწყნარდა.

      იმედამ გზა განაგრძო, ქვების გროვაზე ძლივსძლივობით გადაფორთხდა, ხელის ცეცებით მიიწევდა წინ.

      საოცარი იყო, ერთი კედელიც კი არსად გადაეღობა. ამ ქვების გროვების გარდა არაფერი შეხვედრია, ირგვლივ კი ისევ უკუნეთი იდგა.

      ბოლოს, ფორთხვით დაღლილი, ქვების გროვაზე ჩამოჯდა სულის მოსათქმელად.

      ჰაერიც სულ სხვანაირი ეჩვენა. არ ჰგავდა იმ ბნელი ჯურღმულის მძიმე, აშმორებულ ჰაერს; რაღაც უცხო სურნელი შემატებოდა, მრავალნაირად შეზავებული.

      ღრმად ისუნთქავდა ამ უცხო სურნელს. ნელ-ნელა გაახსენდა: ეს სურნელი ხომ სხვა არაფერია, თუ არა თვით სუფთა ჰაერი, დაუბრკოლებლად რომ მოედინება თვით ლურჯი ცის სიმაღლიდან, მწვანე ფოთლებით და ყვავილებით განწმენდილი და გასურნელებული.

      მიხვდა იმედა, დანგრეულიყო ის ბნელი ჯურღმული, სადაც ცოცხლად იყო ამდენ ხანს დამარხული. სწორედ მის ნანგრევებზე იჯდა ახლა.

      მაგრამ ის კი ვეღარ გაეგო, რატომ აღარ თენდებოდა. რატომ იდგა ირგვლივ ახლაც ისეთივე უკუნეთი, როგორც იმ ჯურღმულში.

      ალბათ ჯერ ღამეა, ბნელი და უმთვარო ღამე, როცა იქნება, გათენდებაო, ფიქრობდა იმედა და ელოდა.

      მაგრამ არა და არ თენდებოდა.

      მოულოდნელად იგრძნო, რა რბილად და შემპარავად ეფერებოდა ვიღაცა. ისე ნაზად, ისე სათუთად უცაცუნებდა ხელებს, თითქოს არც კი ეხებაო. მაგრამ ამ მოფერების სითბოს და სინაზეს აშკარად გრძნობდა იმედა.

      - ვინ მეფერება? - იკითხა ხმამაღლა, - ვისა აქვს ასეთი რბილი, სათუთი ხელები, ამდენი სითბო და სინაზე...

      - ვის ელაპარაკები, ბაბუ? - მოესმა ბავშვის ხმა. - აქ არავინაა, არავინ არ გეფერება.

      - მაშინ სითბო საიდანღა მოდის...

      - მზე ამოვიდა, ეს მისი სითბოა.

      - მზე, - ჩაილაპარაკა იმედამ. - მახსოვს მზე... დიდი ხნის წინათ მინახავს. ვიცი, რომ თბილია და მოსიყვარულე, მაგრამ რატომ ვერ ვხედავ ნეტავი... ხომ არ დავბრმავდი?!

      თვალებზე მოისვა ხელები და დაშრეტილი ქუთუთოები რომ მოჰყვა, მიხვდა, მართლა დაბრმავებულიყო წყვდიადში უსაშველოდ დიდხანს ყოფნით.

      - რამდენ ხანს გავძელი ბნელ, გაყინულ ჯურღმულში - მწარედ ამოიკვნესა საბრალო მოხუცმა, - სიკვდილი ვეღარ მომერია. ყველაფერი დაინგრა, მე ისევ ცოცხალი დავრჩი. ახლა ნამდვილად ვინატრებდი სიკვდილს. სიკვდილი მირჩევნია ამ გაუთენებელ ღამეს... მაგრამ ჯერ სიმართლე, სიმართლე უნდა შევიტყო... ჩემი ზურაბი უნდა ვნახო... სურამის ციხეში ცოცხლად უპირებდნენ დამარხვას.

      - ზურაბი? - ახლა სხვა ხმა გამოეხმაურა იმედას. მის ირგვლივ ხალხმა იწყო თავმოყრა. ნანგრევებზე მჯდარი, ძონძებში გახვეული, ძვალტყავად ქცეული მოხუცი სამარიდან ამოსულ მიცვალებულს ჰგავდა და ყველას ყურადღებას იქცევდა. - ეს ამბავი აქ ყველამ იცის. იგი მართლა ცოცხლად დამარხეს სურამის ციხის კედელში. მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი წინათ მოხდა...

      იმედას დაავიწყდა საკუთარი სიბრმავე, დაშრეტილი ქუთუთოები მიაპყრო უცხო მოლაპარაკეს.

      - ვერ დავიჯერებ... ცოცხლად რატომ უნდა დაემარხათ ჩემი ზურაბი.

      - წამოდი და შენი თვალით ნახე, - უთხრა მოლაპარაკემ და მერე გაასწორა, - შენ თვითონ შეამოწმე, როგორც შეგიძლია...

      ხალხის მოზრდილი გროვა ირგვლივ შემოეჯარა იმედას, ფრთხილად, მოწიწებით მიაცილებდნენ სურამის ციხის ნანგრევებისკენ. რაიმეს დანახვა რომ შესძლებოდა იმედას, ბევრ შემბრალე, თანაგრძობის გამომხატველ სახეს დაინახავდა თავის ირგვლივ. ყველას გულწრფელად ეცოდებოდა ეს საოცარი მოხუცი, ერთმანეთს გულმტკივნეულად ანიშნებდნენ: მგონი, სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოსო. თანაც ვერავინ იცნო. საიქიოდან მოსულს ჰგავდა და ხალხის ცნობისმიყვარეობა ძალიან გააღიზიანა ამან.

      - აგერ, შენი ზურაბი! - რამდენიმე ხმა ერთად ჩაესმა იმედას და ხელიც შეუშვეს.

      იმედამ გაუბედავად გადაადგა ნაბიჯები, რაღაც ქვასავით მაგარს მიეახლა. ხელები წინ გაიწოდა და ფრთხილად დაუწყო სინჯვა.

      - სახე თითქოს ჰგავს, - ბუტბუტებდა და თითებს უცაცუნებდა ქვის ქანდაკებას. - შუბლი, ტუჩები, ცხვირი მისია... ნიკაპიც... მაგრამ ეს მაინც არაა ჩემი ზურაბი... ქვასავით მაგარია ეს სახე და... ნიკაპი... ჩემი ზურაბის სახე კი რბილი და ნაზი იყო. გადატკეცილი კანი ჰქონდა, ოდნავ ღინღლით დაფარული...

      - თუკი შენ იმ ზურაბს ეძებ, რომელიც ცოცხლად დამარხეს სურამის ციხის კედელში, სწორედ ისაა, - ისევ რამდენიმე ხმა გამოეპასუხა. - სურამის ციხე დრომ ნანგრევებად აქცია. თვითონ ზურაბს ვერაფერი დააკლო. სალ კლდეზე უფრო მაგარია. რაც თავი გვახსოვს, მუდამ ასე დგას ცოცხალივით.

      ორიოდე წამს ჩუმად იდგა იმედა, ხელებს სათუთად უცაცუნებდა ქვის ქანდაკებას, მერე ჯიუტად გაიმეორა:

      - ჩემი ზურაბი უდანაშაულო იყო. რაიმე რომ დაეშავებინა, მის მშობელ მამასაც მეცოდინებოდა, უდანაშაულო კი რად უნდა დაემარხათ ცოცხლად.

      - სწორედ უდანაშაულო ადამიანი სჭირდებოდა მწყალობელს ციხის კედელში დასამარხად. რამდენჯერაც ააშენეს, ყოველთვის დაინგრა ის ბედუკუღმართი ციხე. მის კედლებში ზურაბის დამარხვის მერე კი აღარ დანგრეულა, სანამ მერე თვითონ დრო-ჟამმა არ შეიწყალა.

      - ...მწყალობელმა თვითონვე შეუკრა ხელ-ფეხი ზურაბს და მერე ხალხს მიუგდო, ვითომდა დიდი დამნაშავეაო...

      - ...ასე იცოდა ხოლმე, თვითონ ყოველთვის განზე იდგა... მის ნებას სხვები აღასრულებდნენ... კარგად იცოდა, როგორ უნდა მიეგდო ძვალი ქოფაკისათვის.

      - თვითონ მწყალობელი მერე ქვებით ჩაქოლეს...

      უტყვი წყვდიადი, რომელსაც ამდენი ხანი ტყუილ-უბრალოდ შესჩიოდა იმედა, ახლა მრავალი ხმით ერთად ამეტყველებულიყო და არცერთ მის შეკითხვას არ ტოვებდა უპასუხოდ. იმედაც ხან ერთ, ხან მეორე მხარეს მიაპყრობდა უჩინო თვალებს და უსმენდა მრავალი ხმით მეტყველ სიბნელეს....

      მაგრამ... რა მწუხარე და უსიამო იყო ეს სიმართლე, რაზეც მწყობრად და დამაჯერებლად მეტყველებდა მრავალხმიანი წყვდიადი. არ უნდოდა იმედას მისი დაჯერება, დაფიქრებული ეძებდა ახალ საშუალებებს და გზებს, რათა ამ სიმწარისთვის როგორმე აერიდებინა თავი.

      - იქნებ ეს სულ სხვა ციხე-სიმაგრეა, - თქვა ბოლოს. - იქნებ სხვაგან მოვხვდი. მახსოვს, იმ ციხე-სიმაგრის მახლობლად მზის საათიც იყო, ძალზე მკვრივი, დრო ვერაფერს აკლებდა.

      - მზის საათიც აქვეა, სწორედ ნანგრევების პირისპირ, სამზეო მხარეს, ზურაბის ქანდაკება სწორედ მზის საათს შეჰყურებს.

      აქ უფრო დიდხანს იყო ჩუმად თავდახრილი იმედა. ყველა გზა მოეჭრა. უნდა დაეჯერებინა, რასაც მრავალხმიანი წყვდიადი ღაღადებდა.

      მაგრამ მერე... მაინც ასწია თავი, სრულიად მოულოდნელი სისხარტით გაიმართა წელში.

      - ეს არ არის ჩემი ზურაბი. - თქვა მტკიცე, შეუვალი ხმით. გაოცებულმა ხალხმა შენიშნა, რა ახალგაზრდულად, ფოლადივით აჟღერდა ახლა ეს ხმა. - ჩემს შვილს ასე ადვილად ვერაფერი მოერეოდა. მის გაჩენას დედამისმა სიცოცხლე ანაცვალა. ორი სიცოცხლე ჰქონდა ჩემს ზურაბს, საკუთარი და დედამისის. არ შეიძლებოდა უსულო ქვად ქცეულიყო. იგი ცოცხალია... ცოცხალია და საღსალამათი. მე, მისმა მშობელმა მამამ, უნდა ვიპოვო იგი, რადაც უნდა დამიჯდეს.

      ხმა აღარავის გაუღია, თითქოს იქაურობა ერთბაშად დაცარიელდა.

      იმედამ ზურგი აქცია ქვის ქანდაკებას. მიხრწნილი მოხუცისთვის სრულიად მოულოდნელი სიმტკიცით გადადგა ნაბიჯები მისგან საწინააღმდეგო მხარეს. გაოცებისგან დამუნჯებული ხალხი ორად გაიყო, გზა მისცეს... დაჯერებულად, მყარად მიაბიჯებდა იმედა, თვალხილულს ჰგავდა ერთი შეხედვით... მაგრამ, ქვას წამოჰკრა ფეხი და წაბორძიკდა.

      - ჯოხი მიაწოდეთ ვინმემ! - გაისმა ხალხში წამოძახილები. - რაც არ უნა იყოს, ბრმაა. როგორ უნდა იაროს უჯოხოდ. ჯოხი... ჯოხი...

      როგორც ხშირად ხდება, აზრის გამოთქმისგან თავი არავის შეუკავებია, არავინ დაიზარა იმის თქმა, რომ ბრმა უჯოხოდ ვერ ივლის, მაგრამ ჯოხის მოძებნაზე არავინ ზრუნავდა. შეჰყურებდნენ ბორძიკით მიმავალ ბრმას და ჯოხი, ჯოხიო გაჰყვიროდნენ.

      ამასობაში იმედა მზის საათს გაუსწორდა. ალბათ დაეჯახებოდა კიდეც, მაგრამ აქ ვიღაც პატარა, თეთრტანსაცმლიანმა ბიჭმა მიაწოდა ჯოხი. გამოართვა იმედამ ჯოხი, მადლი მოახსენა და უფრო გამართული ნაბიჯით განაგრძო გზა. ხალხი ჩუმად შეჰყურებდა, თვალი არ მოუცილებიათ მისთვის, სანამ სულმთლად არ მიიმალა... მერე ვიღაცას გაახსენდა: ჰო, მართლა... ამ მხარეში ერთი უცნაური ლეგენდა არსებობს: მზის საათთან პატარა, თეთრსამოსიანი ბიჭი გამოჩნდება ხანდახან. იმ ბიჭსაც, საცოდავ ბრმას ჯოხი რომ მიაწოდა, თეთრი სამოსი ეცვა და მზის საათთან იდგა...

      მგონი მართლაც ასე იყო, მზის სათთან დავინახეთ პატარა, თეთრტანსაცმლიანი ბიჭი, დაეთანხმნენ დანარჩენებიც. ყველამ მზის საათს მიაპყრო მზერა. იქ აღარავინ იყო... არც სადმე სხვაგან ჩანდა თეთრტანსაცმლიანი ბიჭი. რამდენიმე ბიჭი კი ერია იმ ხალხში, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა თავით ფეხამდე თეთრებში გამოწყობილი...

ნახვა: 115

ტეგები: qwelly, ბლოგი, მზე, მოთხრობა, საათი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters