გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.

      არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: „ჭიტა!“ ანდა სიცილი წამსკდებოდა.

      ახლა კი, „ჭიტას“ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც ძალიან ადვილად მპოულობს. თან რა უცნაურად იქცევა... დგას დაბნეული სახით, თვალებდაჭყეტილი მიყურებს და ხმის ამოღებაც ვერ მოუსაზრებია. რამდენჯერ ვკითხე, რისთვის დამდევ-მეთქი, ყურსაც კი არ იბერტყავს, თითქოს არც არაფერი მეთქვას.

      - იცი თუ არა, თავი ძალიან რომ მომაბეზრე? - ბოლოს ასე ვუთხარი. არც ამის პასუხად უთქვამს რაიმე, არც სახე შეცვლია. მე მგონი, საერთოდ ვერ ხვდება, რას ვეუბნები. ხმა ესმის ჩემი, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევს.

      იმ დღეს წითელ ციყვს ვეთამაშებოდი. ისე ლამაზად დახტოდა ხის ტოტებზე, ისეთ მალაყებს აკეთებდა, მის ყურებას არაფერი სჯობდა. თან რა სასაცილო იყო... ციყვს ვაქეზებდი, რაც შეიძლება ფართო ნახტომი გაეკეთებინა და სიცილით ვკვდებოდი, როცა თავდაყირა დაეშვებოდა ხის კენწეროდან დაბლა.

      აი, ერთხელ კიდევ შეჰკრა კამარა ციყვმა და... უცბად მის მიღმა ადამის დაბნეული სახე დავინახე, მისი დაჭყეტილი თვალებით. ციყვმა მაშინვე თავს უშველა, ეგონა, ადამი ჯოხით გამომიდგებაო.

      რის ჯოხი, რის ციყვი! ადამს იგი არ კი შეუმჩნევია, ჩემს გარდა ვეღარაფერს ხედავდა. ჩამიშალა თამაში.

      მაშინაც ძალიან უთავბოლოდ მოფრატუნდა ადამი როდესაც ვერხვის ძირას ვისვენებდი, მის საამურ ჩრდილქვეშ თავშეფარებული. მხარზე ცისფერი ჩხიკვი მეჯდა, ნაირნაირ ამბებს მიყვებოდა, რაც სამოთხის ბაღში მომხდარა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი.

      უცბად ხის მწვანე ტოტების მიღმა ადამის თავი გამოჩნდა, თმაში ჯერ კიდევ შერჩენოდა ფერადი ფრთები, კაკანათში გაბმულ ჩიტებს რომ აძრობდა (რამდენი ხანია ამ ფრთებით დადის ადამი, მაგრამ თვითონ ამას ვერ გრძნობს). ჰოდა არ ესიამოვნა ცისფერ ჩხიკვს ფერადი ფრთებით შემკული ადამის გამოჩენა. გაჩუმდა, ხმაც აღარ გაუღია.

      ერთხელ პეპლებს ვეთამაშებოდი ყვავილებით გადაჭრელებულ მდელოზე, თვალს მტაცებდა მათი ფრთების სიჭრელე და სილამაზე. უცბად, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, საიდანღაც ადამი გაჩნდა. თვალი ავარიდე, მისთვის ხმის გაცემასაც არ ვაპირებდი, მაგრამ ერთი მეტად უცნაური რამ მოხდა: პეპლებმა ჯერ შეიმაღლეს, ჰაერში იწყეს რიალი, მერე კი გუნდგუნდად გაემართნენ ადამისკენ, მის ირგვლივ იწყეს ფარფატი. ძალიან სასაცილო სანახავი იყო ადამი; ხესავით უძრავად იდგა ყვავილოვანი მდელოს შუაგულში, მის ირგვლივ პეპლების ფერად-ფერადი გუნდები რიალებდნენ. ზოგიერთები იმ ფერადი ფრთების ბღუჯაზე სხდებოდნენ, ადამს თავს რომ უმკობს დღემდე.

      თვითონ ადამს პეპლები არც კი დაუნახავს, მე არ მაცილებდა უაზროდ დაჭყეტილ თვალებს.

      ყველა პეპელა ადამისკენ გაფრინდა, ჩემთან ერთიც არ დარჩენილა, მე კი ძალიან, ძალიან მინდოდა მათთან თამაში.

      არა, ეს უკვე მეტისმეტია.

      მდინარის ნაპირას ხომ არ დავმალულიყავი? იქ ხშირი ბუჩქნარია.

ენაწყლიანი მდინარე

      სტუმართომყვარეა მდინარე, მისი ნაპირები ხავერდოვანი მოლითაა მოგებული. თანაც რა ენაწყლიანია... ერთი წამითაც არ ჩუმდება, რას აღარ გაიხსენებს, რას აღარ მოგიყვება წყნარი დუდუნით. ჩამუხვლაც არ მაცალა, მნათობთა ჭვრეტა თუ გიყვარსო, მკითხა.

      - მნათობთა ჭვრეტას არაფერი მირჩევნია, ცის თაღზეც ხშირად შევყურებ და ორი მზის ტბორშიაც.

      - ალბათ შეამჩნევდი, მთვარე ერთი ნახტომით უფრო ფართო რკალს ავლებს ცაზე, ვიდრე მზე.

      მე დავუდასტურე, რომ მთვარე მართლაც ასე იქცევა, რაც განსაკუთრებით ცხადად მისი ჩასვლა-ამოსვლის დროს შეიმჩნევა. მთვარე თითქოს მზეს ეჯიბრებაო, იხეტიალებს, იხეტიალებს და ბოლოს მაინც იმ უშორეს წერტილს მიადგება.

      - ჰოდა, გეტყვი, ასე რატომ იქცევა მთვარე, - დუდუნებს მდინარე.

      მოხერხებულად მოვიკალათე მწვანედ გაბარდული ბუჩქის ძირას (რა კარგია, ადამის ჭაჭანებაც კი არსადაა!) მდინარემ ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:

      - ერთხელ მზე და მთვარე მწვანედ მობიბინე ველზე დაეშვნენ და ცეკვა გააჩაღეს. რომ იცოდე, რა ლაზათიანი სანახავნი იყვნენ, როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს. სიცოცხლით სავსე და ნარნარი იყო მათი მიმოხვრა, თვალი უკეთესს რას ნახავდა...

      - მართლაც მშვენიერი სანახაობა იქნებოდა, - ვთქვი მე.

      - მთელი სამოთხე შეჰხაროდა მზის და მთვარის ცეკვას, ყოველი სულდგმული მათ შესციცინებდა, თვალს ვეღარ სწყვეტდნენ. ხეები და ბუჩქები ტაშს უკრავდნენ მწვანე ფოთლებით, ფრინველები ფრთებს აფათქუნებდნენ, ცის თაღი ცისარტყელებით მოიფინა...

      - მერე, მერე? - მოთმინება დამელია მე, - რა მოხდა ამ ცეკვისას?

      - ახლა რა ლაზათიანად იხდიდნენ მადლობას იმ დიდი აღტაცების პასუხად, რასაც სამოთხის მკვიდრნი იჩენდნენ მათი ცეკვის მიმართ, - აუჩქარებლად ბუტბუტებს მდინარე, - მზე გულიანად იღიმებოდა და სხივებით ყველას კოცნას უგზავნიდა. მთვარემ, მართალია, გაღიმება ვერ შეძლო, მაგრამ დამერწმუნე, ისიც არანაკლებ ეშხიანად გამოიყურებოდა, ვიდრე მზე. მწყაზარ სახეზე იშვიათი ელფერი გადასდიოდა. არც ნაზი სხივების კონები დაუშურებია, ყველგან უხვად მოჰფინა, საჩინო გახადა მათი ხიბლი და პეწი...

      - მთვარეს ნამდვილად არ ეშლება ასეთი რამეები, - ვთქვი მე.

      - ოღონდ ხომ იცი, მთვარეს სახე ეცვლება მზესთან მიახლოებისას, - ბუტბუტებს მდინარე, - ამას გარდა, ფერიც ეკარგება. მეტად მკრთალდება მისი მწყაზარი და ნაზი ელფერი... მთვარე მაშინ ბრწყინავს მთელი თავისი სისრულით, როცა მზეს დაშორდება ხოლმე. ამიტომაც, როცა მადლობას იხიდნენ, მთვარე ყოველთვის ერთი ნახტომით შორს დგებოდა მზისგან.

      ჰოდა ასე, თითქოს ცალკცალკე, მაგრამ მაინც ერთად იხდიდნენ მადლობას აღტაცებულ მაყურებელთა წინაშე. არც ერთს და არც მეორეს ამით არაფერი დაკლებია, მთელი სისრულით ბრწყინავდნენ თავიანთი სილამაზით.

      - ეს რა კარგად მოუფიქრებია მთვარეს, - ვთქვი მე. მართლა ძალიან მომეწონა მისი მოსაზრებულობა.

      უცბად მდინარემ ასეთი უცნაური სიტყვები მითხრა:

      - შენ და ადამიც ასევე იქნებით, როგორც მზე და მთვარე. შეიძლება ხანდახან სიფერმკრთალემ დაგძლიოს, მაგრამ ეს ნუ შეგაკრთობს. გახსოვდეს, ერთი ნახტომით მუდამ მეტი იქნები მასზე.

      თქვა თუ არა ეს სიტყვები მდინარემ, ბუჩქის მწვანე კენწეროს მიღმა ადამის თავი გამოჩნდა, ორად ორი ფერადი ფრთაღა შერჩენოდა თმაში გარჭობილი.

ადამი და ლეღვი

      ლეღვის ხე მწიფე ნაყოფებით დახუნძლულიყო, გულიანად შემომცინეს ვარდისფრად ალანძულმა ლეღვებმა. აბა გვერდს როგორ ავუვლიდი... ორივე ხელი ავივსე და ბაღის ხავერდოვან ბილიკებს გავუყევი.

      სულ მალე ადამს გადავეყარე, ერთადერთი ფრთაღა შერჩენოდა თმაში გარჭობილი. დაჭყეტილი თვალები შემომაცეცა, აზრადაც არ მოსვლია, ლეღვი წაერთმია ჩემთვის. ის კი არადა, მგონი ვერც კი შეამჩნია, რომ ხელები უტკბილესი მოცინარე ხილით მქონდა სავსე. მე მაინც მივაწოდე მწიფე ლეღვი, სწორედ ისეთი, გულიანად რომ იცინოდა... უფრო სწორად, ხარხარებდა.

      - ჭამე, ძალიან გემრიელია.

      გამომართვა ადამმა ლეღვი, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ზედაც არ დაუხედავს, ისე გააქანა პირისკენ და გადაყლაპა. არც სახეზე დასტყობია რაიმე, მგონი ვერც კი გაიგო, იმ ლეღვის გემო.

      მე კიდევ მივაწოდე ლეღვი, ისიც შეჭამა, მერე კიდევ...

      ჭამს ადამი ლეღვებს, ისე რომ თვალს ერთი წამითაც არ მაშორებს, სახეზე უწინდებური დაბნეულობა ახატია, თვალებიც დაჭყეტილი აქვს.

      ბოლო ლეღვი რომ შეჭამა, უცბად მისი ხმა გავიგონე; შენ ძალიან გავხარ ლეღვსო, ასე მითხრა.

      გაკვირვებული მივაჩერდი; მთელი ამ ხნის მანძილზე როგორც იქნა, ხმა ამოიღო ადამმა, თან ჩემი აზრით, მეტაც უცნაური რამ თქვა. ვითომ მართლა ასე ძალიან ვგავარ ლეღვს?

      ადამი იქვე დავტოვე, მე კი ორი მზის ტბორისკენ გავიქეცი, რათა საკუთარი თავი ერთი კარგად შემეთვალიერებინა. მწვანე ბუჩქები მივწიმოვწიე, გადავიხარე და კამკამა წყლის სარკეში ჩავიხედე.

      ჯერ ვერაფერი დავინახე, ბუჩქად წამოშლილი თმების გარდა. თმები გადავიწიე და... ადამი დავინახე, ახლა უკვე წყლის სიღრმიდან მიყურებს თვალდაჭყეტილი.

      თავდაყირა მდგარი ადამი კიდევ უფრო სასაცილო იყო, ის ერთი ფრთა ჯერ ისევ თმაში ჰქონდა გარჭობილი. გამეცინა გულიანად.

      მგონი მართალი უთქვამს ჩემთვის ამ ყმაწვილს, ლეღვს გავხარო. როცა გავიცინე, მართლა დავემგვანე მოცინარე ლეღვს. ახლა ეს უკვე კარგად დავინახე, თმები აღარ მიშლიდნენ ხელს. ლოყები მწიფე ლეღვივით ვარდისფრად მაქვს ალანძული. სიცილი ხომ სულ მთლად მისი მაქვს, ფართოდ ტუჩგაპობილი და მხიარული.

      ის კი არადა, მგონი ტანითაც ლეღვის ხეს დავმსგავსებივარ; ჩემს სხეულს ლეღვის ხის მსგავსი სიმრგვალე და ბორცვები ეტყობა.

      გაკვირვებული შევყურებ საკუთარ გამოსახულებას. რაღა მაინდამაინც ადამმა დაინახა ეს მსგავსება, მე კი ვერა...

      უცბად წყლის ტყაპუნი გავიგონე. ჩემი ანარეკლი აძიგძიგდა და დაიშალა...

      თურმე ადამი ჩავარდნილა წყალში...

      ძლივს ამოფორთხდა წყლიდან. თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდის, ერთიანად სველია და სიცივისგან ძიგძიგებს. კიდევ კარგი, ის ერთი ფრთა მოსცილდა... ასეთ ყოფაშია და თვალს მაინც არ მაცილებს.

      თითქოს განგებ, მზეც მიეფარა ღრუბლებს მიღმა.

      ძალიან შემეცოდა ადამი. გამახსენდა, მე თვითონ როგორ გადავვარდი ერთხელ ტბორში. არც მაშინ ანათებდა მზე, სიცივისგან ვკანკალებდი. ცისფერი ჩხიკვი მოფრინდა მაშინ ჩემთან, ფრთებით წყლის ნამი შემიშრო და გამათბო.

      ახლა არც ცისფერი ჩხიკვი ჩანს სადმე.

      - მოდი, გაგათბობ, - ვეუბნები ადამს. ნელნელა მომიახლოვდა. თვალს, რა თქმა უნდა, არ მაცილებს. წყალი წურწურით ჩამოსდის მთელი სხეულიდან. სველ ხელებზე მოვუსვი ხელები, ზუსტად ისე, როგორც ცისფერი ჩხიკვი მისვამდა ფრთებს.

      ადამი დარჭობილივით დგას.

      თმებიდან წყალი ჩამოვუწურე, ადამი არც კი შერხეულა...

      მერე სველ ლოყებზე მოვუსვი ხელები. ადამი არც ახლა იძვრის, მაგრამ ვატყობ, თანდათან თბება. სახეზე ფერი მოუვიდა, ლოყები გაუვარდისფერდა.

      მე ისევ მოვუსვი ხელები, ახლა უკვე მთელ სახეზე. ადამს ლოყები ცეცხლივით უგიზგიზებს.

      მე ისევ ვუსვამ ხელებს სახეზე, ადამს ლოყები ახლა უკვე მეტისმეტად ცხელი აქვს, ისე ცხელი, რომ ლამის ხელებს მწვავს. და არა მარტო ლოყები... ადამი მთელი სხეულით ცეცხლივით ანთებულა...

      ყველაზე საოცარი ისაა, რომ ჩემზედაც გადმოინაცვლა ამ ცეცხლისებურმა მხურვალებამ. ორივენი ცეცხლივით ავენთეთ, თითქოს მზე გვაცხუნებსო. ამ დროს კი მზე არსად ჩანდა, კვლავ ღრუბლებს მიღმა გვემალებოდა. თუმცა ჩვენ ეს უკვე აღარ გვაწუხებდა, ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი მზე, არანაკლებ მხურვალე და სხივთამფრქვეველი, ვიდრე ცის თაღზე მსუფევი მზეა. ირგვლივ ყოველივე ალისფერი სხვების ნიაღვარში გადნა და ჩვენც თან გაგვიყოლა.

მზის ზეიმი

      ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გველმა გვიქარაგმა: მე და ადამმა ერთად ვიხილეთ მზე, რომელმაც საოცრად მწველი ცეცხლი დააგზნო ჩვენს ირგვლივ, მხურვალე მკლავებით ავგიტაცა და ჰამაკივით დაგვარწია.

      გველის ნათქვამი სიტყვები მოგვიანებით დაწვრილებით ვუამბე ადამს. მართალი უთქვამსო, დამეთანხმა და მაშინვე ტბორში ჩავარდნის ამბავი გაიხსენა. სულ მთლად სველი ვიყავიო, არც მზე ანათებდაო, მაგრამ ისე სწრაფად გავშრი და გავთბი, ვერც კი გავიგეო.

      თანაც როგორ შეიცვალა ადამი... უწინდებურად დაბნეული სახით როდი იყურება, თვალები მხიარულად უციმციმებს, თითქოს მათში მზე ჩასახლდაო. სახის ფერიც მოუვიდა, ლოყები სულ უღაჟღაჟებს, მათაც უწია მზის ნათელმა.

      - რომ იცოდე, როგორ გავხარ მზეს, - ვეუბნები ადამს, მისი ფერისცვალებით მოხიბლული, - შენი თვალებიდან მზე იყურება, შენს ლოყებზე მზის ნათელი ანთია, შენგან მზის სითბო და სინათლე მეფინება.

      - რას ამბობ, - უკვირს ადამს, - მე კი არა, შენ გავხარ მზეს. შენი სახე მზესავით ანათებს, თვალები ხომ, რაღა ლაპარაკი უნდა, მზესავით გიბრწყინავს. საკმარისია ოდნავ შეგეხო, შენგან ისეთი სითბო და სინათლე მეფინება, მზის სხივებს ბევრად აჭარბებს...

      აღარ გაჩუმებულა ადამი, იმდენი მზე ჩამოთვალა, ვერც კი დაითვლიდი. მეც კიდევ ჩემსაზე ვიდექი, მზეს შენ უფრო გავხარ-მეთქი. ადამი არა და არ მეთანხმება.

      - ორი მზის ტბორში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომელი ჩვენგანი უფრო ჰგავს მზეს, - ვთქვი მე.

      ადამს ეს აზრი მოეწონა, ერთად ჩავიხედეთ ორი მზის ტბორში. გაფაციცებით შევყურებთ ერთმანეთის ანარეკლებს წყლის სიღრმეში, აბა რომელი ჩვენგანი უფრო ჰგავს მზეს? ჩვენს ანარეკლებთან სულ ახლოს მზის ელვარე სახე ბრწყინავს და გულიანად იცინის.

      - აბა ვნახოთ, რომელი უფრო ვგავართ მზეს, - ვეუბნები ადამს და წყლისკენ ვიხრები, რათა ჩვენი სახეების ანარეკლები რაც შეიძლება კარგად დავათვალიერო. ადამიც გადაიხარა...

      უცბად წყალი დაიჭმუჭნა, ტბის ზედაპირი პატარა ტალღებით დაიფარა. ეს ქვა ჩავარდა წყალში, ადამს მოუსხლტა ფეხიდან. ჩვენი ანარეკლები აძიგძიგდნენ და დაიშალნენ, უკვე ძნელია მათი შეთვალიერება. ვეღარ გავარკვიეთ, რომელი ჩვენგანი უფრო ჰგავდა მზეს.

ნახვა: 219

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, გველი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters