ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      - ალისფერ ღვინოს მაგონებ, თასში ჩამოსხმულს, წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება, - ერთ მშვენიერ დილას ასე მიესიყვარულე ნოე ამომავალ მზეს. ძალიან, ძალიან მოენატრა ღვინო. რაღა თქმა უნდა, ღვინო ყოველთვის ენატრებოდა; წვიმის დროს, ღრუბლების გაფანტვის მერეც... ოღონდ ამის შესახებ სიტყვის ჩამოგდებისგან თავს იკავებდა. ლამის ღვინოსავით ჰგვრიდა ზარხოშს მზის მხურვალება, ნოე ამის დიდად მადლიერი იყო, მკრეხელობად მიაჩნდა ღვინო ეხსენებინა. გავიდა დრო, ნოე გაუშინაურდა კარის მეზობლებს, გაუმხილა თავისი გულის ხვაშიადი.

      ისეთი გულიანი ღიმილი შეაგება მზემ ნოეს საპასუხოდ, ცხადი იყო, უსიტყვოდაც კარგად ესმოდა მისი.

      როდესაც მზემ შეიმაღლა და მის ბრწყინვალებაში ოქროსფერმა იძალა, ნოემ მაშინაც ღვინო გაიხსენა:

      - ახლა კი ოქროსფერ ღვინოს ჰგავხარ, თასში ძვირფასი თვალივით რომ ციმციმებს.

      ამ სიტყვებზე მზეს უკვე გულიანად გაეცინა.

      საღამო ხანს კი, ისევ დაემსგავსე ალისფერ ღვინოსო, ნოემ მზეს უთხრა.

      - რა სიამოვნებით დავლევდი შენთან ერთად ღვინოს, გინდა ალისფერს, გინდა ოქროსფერს, - ბოლოს ასე დაუმატა ნოემ. მეწამულათ დაფერილმა მზემ ერთხელ კიდევ გაუღიმა გამგები ღიმილით და ნელნელა მიიმალა წყლით გადალიცლიცებულ ცისკიდურის მიღმა.

      მთვარესთან მუსაიფშიაც ღვინო ახსენა ნოემ იმ ღამით;

      - შენთან ერთადაც დავლევდი ღვინოს, ოღონდ თეთრ ღვინოს, ნისლში გახვეულ მზეს რომ მოჰგავს, ისეთს, - უთხრა მთვარეს ნოემ.

      მთვარეს ხმა არ გაუღია პასუხად, ალბათ ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონოდა.

      მერე კი, როცა ვარსკვლავებმა გამოჭყიტეს თვალები...

      - ერთ კარგ ქეიფს თქვენთანაც გავწევდი, - ასე უთხრა მათ ნოემ, - ძმაბიჭებივით გიბრწყინავთ თვალები.

      არა, არ მოსჩვენებია ნოეს, ვარსკვლავებმა უჩვეულო ძალით გაიბრწყინეს ამის გაგონებისას.

      ამის შემდეგ კი, დღე არ გავიდოდა, ღვინო არ ეხსენებინა ნოეს თავის კარის მეზობლებთან. კვლავ გაიხსენა ის ერთადერთი სიტყვა „ტიკი“, კიდობანზე ფეხის დადგმისთანავე რომ ჩაესმა მომაკვდავისგან. ერთი პირობა კიდევ შეეცადა, რაიმე ტიკის მსგავსი ეპოვნა. ახლაც ამაოდ ჩაუარა ყოველმა ცდამ.

      ღმერთსაც ღვინის თაობაზე გაუბა ნოემ მუსაიფი, ოღონდ ცოტათი კი დაიმორცხვა. თავის მართლებასავით გამოუვიდა, განსაკუთრებით სიტყვის დასაწყისში.

      - ღვინოც ხომ შენი შექმნილია, - ასე წამოიწყო ნოემ თავისი სიტყვა,- ვფიქრობ, ამ საქმისთვის საგანგებოდ გაისარჯე, ასე კარგად რომ გამოგივიდა... ღვინოს ხომ არაფერი სჯობს ამქვეყნად, ღვინო მკვდარსაც კი აცოცხლებს.

      ამ პატარა შესავლის შემდეგ ნოემ თავისი ადრინდელი სათხოვარი გაიხსენა, ჯერ კიდევ ღრუბლების გაფანტვამდე წარმოთქმული, როცა იმედიც კი აღარ ჰქონდა, თუ წვიმა ოდესმე გადაიღებდა.

      უმადურობას ნურც ახლა დამწამებო, შესთხოვა ნოემ ღმერთს, მე ხომ არაფერი დამვიწყებია... წყალწაღებულს ხელი შემაშველე, ამ დიდებულ კიდობანზე ამომიყვანე, შენი ნების გარეშე ეს არ მოხდებოდა... აჰა, ღრუბლებიც გაფანტე, ციური მნათობები ჩემს მეზობლად დაასახლე. როგორ შეიძლება, ეს ყოველივე არ დაგიმადლო. თუმა, ყველაფერი ამისთვის ერთი თასი ღვინოც რომ წაგემატებინა, ერთი ასად დაგიმადლებდი. რაღა არ ვნახე ამ კიდობანზე, ღვინის ნასახიც კი არსადაა...

      მეტად შეფიქრიანებული სახით მიუგდო ნოემ ყური ღმერთის მდუმარების ექოს. უნდა ითქვას, დიდი იმედიანობა არ ეტყობოდა. მერე ირგვლივ მიმოიხედა... ეჰ, სად იყო ღვინო, თუნდაც ერთი ყლუპი... ნატვრა ნატვრად რჩებოდა. ვაზის ნერგი ხარობდა თიხის ქოთანში. ერთი ისღა იყო, რაც ღვინოს გაგახსენებდა, სხვა არაფერი.

      გულნაკლული ნოე მილულავდა თვალს მნათობებით მოხატულ სახურავქვეშ. დილით მზის ოქროვანი ნათელი და მამლის ყივილი აღვიძებდა. კვლავ თვალსაწიერზე ლიცლიცებდა წყალი, წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო მშვიდი, აღარ ბორგავდა ავად, აღარც ბუყბუყებდა. კიდობანიც უძრავად იდგა, თითქოს მარადისობას შეეზარდაო.

      ხანდახან ნოე რაღაცას მოჰკრავდა თვალს ღია ბანიდან, წყალში ატივტივებულს, ხის ნაპობს, თუ რაიმე სხვა ნამუსრევს. ყველაფერი დინჯად ტივტივებდა, აღარ მიექანებოდა ღვარცოფისგან ჩათრეული. წყალიც თანდათან იშორებდა ტალახისფერს, თუმცა ნოე ამას ვერ ამჩნევდა, ღვინოზე ფიქრი სხვა გეზს აძლევდა მის გულისყურს.

      ისევ თავის კარის მეზობლებთან იოხებდა გულს; რომ იცოდე, რა სიამოვნებით დავლევდი თქვენს სადღეგრძელოსო, ასე ეუბნებოდა ციურ მნათობებს, თან ხელს მაღლა ისეთნაირად ასწევდა ხოლმე, თითქოს ღვინით სავსე თასი ეპყრა.

      მნათობები სხვადასხვანაირად ხვდებოდნენ ნოეს სიტყვებს. მზე გულიანად უღიმოდა, თითქოს წინასწარ ეუბნებოდა მადლობას, ნოე მისთვის ასე რომ გაისარჯა. მთვარე ამრეზილ სახეს მიიღებდა ხოლმე, მგონი მეტისმეტი მოგდისო, აგრძნობინებდა.

      რაც შეეხება ვარსკვლავებს, მათ კიდევ უფრო ეშმაკურად აუციმციმდებოდათ თვალები ნოეს ნატვრის სიტყვების გაგონებისას. აშკარად რაღაცას ანიშნებდნენ თვალთა ციმციმით, მაგრამ ნოეს მისი ამოხსნა არ შეეძლო...

მონანიება

      რაღაც ტივტივებდა წყალში, კიდობნიდან კარგა მოშორებით. ნოემ იგი ბანის დასუფთავებისას შეამჩნია. ერთი გადაჰკრა თვალი და მაშინვე აარიდა მზერა. ის „რაღაცა“ არც ტივი უნდა ყოფილიყო, არც ნავი... კიდობანზე ლაპარაკიც ზედმეტია, მსგავსი არაფერი ეტყობოდა, ზომითაც მომცრო ჩანდა.

      მიჰყვებოდა ნოე ყოველდღიურ საზრუნავს, ხელები გამგონედ ასრულებდნენ ჩვეულ საქმიანობას, თავშიაც ჩვეული საფიქრა-საწუხარი უტრიალებდა. ნეტავი სანამდე უნდა ვიყო ცასა და წყალსშუა გახირულიო, ეკითხებოდა საკუთარ თავს. კარგა ხანია, წვიმა შეწყდა, ეს ოხერი წყლი კი დაკლებას მგონი არ აპირებს. საითაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ წყალია, წყალი, მეტი არაფერი. რა იქნებოდა, ცოტა ღვინოც ყოფილიყო სადმე...

      აქ ნოემ, ვინ იცის, მერამდენეჯერ გაიხსენა ზევახის ნაჩუქარი ერთი დოქი ღვინო. ღვარცოფმა რომ წაჰგლიჯა, შიგ ჩარჩენილი რამდენიმე ყლუპი ღვინით. „...ეეჰ, რა ღვინო იყო, რა ღვინო...“

      ამის მერე ჭაბუკობის დროს დაკარგულ მამისეულ დოქს გადასწვდა, ღვინით სავსეს. „...არც ის იყო ნაკლები, მამაჩემმა იცოდა თავისი საქმე...“

      მორჩა ბანის დალაგებას, წელში გაიმართა, წყლით ავსებულ სივრცეს გაუსწორა მზერა. უნებურად კვლავ ჰკიდა თვალი იმ მოტივტივე რაღაცას, რომელიც, აშკარად ჩანდა, ცოტათი მოახლოებულიყო.

      ეტყობა, მთლად უძრავი არაა წყალი, ოდნავ იძვრის, თუმცა მე ვერაფერს ვგრძნობ ამდაგვარსო, გაივლო გულში ნოემ. კიდობანი დიდია და მძიმე, შეუმჩნევლად იძვრის. ის რაღაცა პატარაა, წყალს ადვილად მიაქვს და მოაქვს...

      უეცრად ნოე ერთიანად დაიძაბა, მზერა ყურადღებიანი გაუხდა, მოტივტივე საგანი როგორღაც ეუცნაურა.

      - რა უნდა იყოს? - ხმამაღლა იკითხა ნოემ. - ხის ნაპობს ნამდვილად არ ჰგავს, არც რაიმე ნამუსრევს... მგონი, დოქის ყელს წააგავს, წყალზე დახრილად ატივტივებულს...

      ნოე მოაჯირიდან მთელი ტანით გადაიხარა, ლამის თვალებად იქცა. ცხადად გაარჩია, იმ რაღაცას ამობურცული ფერდი და მაღალი ყელი ჰქონდა, სატუჩეთი დაგვირგვინებული.

      - ჰო, დოქს ჰგავს... ჰგავს კი არა, ნამდვილად დოქია...

      იცოცხლეთ, ნოე დაფაცურდა, მაშინვე თავის რუმბს ეცა, რომელიც იქვე, მოაჯირთან იდო, გაბერილი, სრულ მზადყოფნაში.

      ნოეს სასახელოდ უნდა ითქვას, რუმბს დიდი ყურადღებით მოეკიდა, როგორც კი გაშრა, მაშინვე გაბერა, საყოველშემთხვეოდ გაამზადა...

      სასწრაფაოდ მოისროლა წყალზე რუმბი, თვითონ თოკის კიბეზე დაეშვა. მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად მოუსვა ხელი წყალზე, რუმბზე მთელი ტანით გაწოლილმა. იმ მოტივტივე „რაღაცისკენ“ გაცურა. წყალი ერთიანად ააქაფა, ისე ჩქარობდა, თან იმ „რაღაცას“ თვალებით ჭამდა;

      ჰო, ნამდვილად დოქი უნდა იყოს... რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ემსგავსება დოქს. გვერდზე დახრილად ტივტივებს, სახელური ქაჩავს დაბლა და იმიტომ. ცხადია, სევსე არაა, სავსე დოქი არ იტივტივებს, წყალზე უფრო მძიმეა და ჩაიძირება. კარგადაა ნაკლული. ნეტავი რამდენი ყლუპი იქნება...

      ამ ფიქრებით მიცურდა დოქთან, თვალს წამითაც არ აცილებდა. დაავლო ხელი სახელურს, წყლის სიღრმიდან ამოზიდა, შეაჯანჯღარა... დოქში რაღაც გაჭყაპუნდა.

      - რაღაც არის ფსკერზე, - ამოთქვა ნოემ.

      საჩქაროდ მოხსნა დოქს თავი. ამ დროს კინაღამ ფრჩხილები დაიმტვრია, დოქი მაგრად იყო თავდაცობილი. უწინარეს ყოვლისა, ჩაისუნთქა ვიწრო ყელიდან ამომდინარე სურნელი.

      - ღვინოა, ღვინო! - შესძახა სულწასულმა.

      მაღლა ასწია დოქი, მოიყუდა, სანატრელ სასმელს დაეწაფა... დაეწაფა და, მალევე მოიცილა პირიდან.

      სამად სამი ყლუპი ღვინო გამოვიდა, მეტი არა.

      ნოემ დოქი დაბლა დაუშვა, გაბეცებული სახე ჰქონდა, თვალით თითქოს ვერარას ხედავდა.

      რამდენიმე წამს ქანდაკებასავით გარინდებული იჯდა. წყნარად, უჩუმრად ტივტივებდა რუმბი, ასევე უჩუმრად ტივტივებდა კიდობანი, მეფის სასახლესავით ფართოდ გაშლილი და მკვიდრი. მზეც უჩუმრად სუფევდა ლურჯი ცის თაღზე, არაფერი არღვევდა ამ მკვდრულ სიჩუმეს.

      უეცრად დაირღვა სიჩუმე, ვიღაცის ხაფი ხმა გაისმა. ეს ნოე იყო. იდგა ნავტიკზე, მთელი ტანით გამართული, ორივე ხელი მაღლა აღემართა, მზერა ლურჯი ცარგვალისკენ მიეპყრო. ღმერთს ელაპარაკებოდა, ლურჯი ცარგვალის მიღმა უხილავად მსუფევს.

      - მე სამდურავი არასდროს მიკადრებია შენთვის, თუმცა ჭირი და განსაცდელი არ დამკლებია, - რაც კი შეეძლო, მაღალი ხმით წამოიწყო ნოემ, რა არის ხმა მიეწვდინა ღმერთისთვის, - ხის ნაფოტივით მათრია წარღვნამ, მცენარის კანგაცლილ ფესვებს დაამსგავსა ჩემი ხელ-ფეხი. ყოველ წამს სიკვდილს ველოდი, ერთხელაც არ მიკითხავს, ღმერთო, რას მერჩი, რა დამიშავებია-მეთქი. მერე მარტოობა მარგუნე ხვედრად დიდ კიდობანზე, სადაც ყველაფერი იყო, ღვინის გარდა. რამდენი ვეძებე, ერთი წვეთიც კი ვერსად ვნახე, ცარიელი ჭურჭელი კი რამდენიც გინდა... არც მაშინ დამცდენია სამდურავი. ახლაც მარტო ვარ, ციურ მნათობებთან მუსაიფით ვიოხებ გულს. არ ვიცი, წყალი საით წამიღებს, თუ ვეღირსები ოდესმე, მიწას ისევ დავადგა ფეხი, ან ძეხორციელს თუ შევხვდები. მაინც არ გსაყვედურობ, შენ ბრძანდები ყოვლის მეუფე, შენი ნებაა, სად რას გაარიგებ, მე ვინა ვარ, ცოდვა-მადლი დაგითვალო, მაგრამ ეს სამი ყლუპი ღვინო რაღაა? არ შეგეძლო, ცოტა მეტი გაგემეტებინა? ეს ხომ მასხრად აგდებაა და სხვა არაფერი...

      სულ უფრო და უფრო ბრაზობდა ნოე; ჯობდა სულაც არ დამელია ეს სამი ყლუპი ღვინო, ნეტავი ამ დოქისთვის თვალიც არ მომეკრაო, გაჰყვიროდა მთელი ხმით. ღვინის გემო გამახსენა ამ სამმა ყლუპმა... არა, ღვინის გემო არც უწინ დამვიწყებია, მაგრამ ახლა პირდაპირ ძვალრბილში გამიარა, ისე ცხარედ შემახსენა თავი, დამღუპა და ეგაა...

      გამწარებულმა ნოემ კიდევ უფრო შეიმაღლა ხმა, აღარ მწამხარო, აუწყა ღმერთს, არც არასდროს გიწამებო. ავად გახუმრება გყვარებია... ეს მეტისმეტი ულმობლობაა, ასეთ რამეს არავის ვაპატიებ, მით უმეტეს, ღმერთოსო...

      ორიოდე წამით მიწყდა ნოეს ხაფი ხმა და საყვედურები...

      ნავტიკი შებარბაცდა, აქანავდა; ნოემ, მეტისმეტად გაფიცხებულმა, წინდაუხედავად მოინაცვლა ნაბიჯი და კინაღამ წყალში ამოყო თავი. მაშინვე წელში მოიხარა, ფეხი მოიმაგრა, რათა წონასწორობა აღედგინა. ნავტიკი გასწორდა, ოდნავღა ირწეოდა. ნოემ კვლავ გააგრძელა თავისი საყვედურები.

      -...სამად სამი ყლუპი ღვინო, მხოლოდ და მხოლოდ სამი ყლუპი... მეტი დაცინვა იქნება? ამას როგორ მოითმენს ძეხორციელი... ათი ყლუპი ღვინო მაინც ყოფილიყო. არც ესაა ბევრი, თუმცა სამს მაინც სჯობია. კიდევ უკეთესი, დოქი ნახევრამდე თუ იქნებოდა მოყრილი ...ეეჰ, ეს მართლაც ყველაფერს აჯობებდა... პირთამდე ღვინით სავსე დოქზე ხომ არაფერს ვამბობ, წყალში ვეღარ იტივტივებდა... მე შეუძლებელს არაფერს ვითხოვ. მაგრამ არა, შენ სულ სხვანაირად განსაჯე, სამად სამი ყლუპი ღვინო მომახალე ცხვირპირში, ახლა კი...

      ნოეს სიტყვა შუაზე გაუწყდა, უცნაური თეთრი ჩვენება აებლანდა თვალში, კიდობნის კედელზე, წყლის სიღრმეში მოტივტივე. დააკვირდა ნოე, ხედავს: თეთრ მოჩვენებას განზე გაუშლია თათები, მუცელზეც მუქი ფერის ლაქა ატყვია, თავი კი... თავი თითქოს აქვს და არც აქვს. რაღაცა ჩანს გვერდზე გადაგდებული, სადაც თავი უნდა ჰქონდეს.

      ნოეს უსიამო მოგონება აეშალა, გაახსენდა ბალღების ცხედრები, წარღვნის დროს მღვრიე წყალში მოტივტივე. რაიმე ამდაგვარი ხომ არ არისო, იეჭვა და თვალი აარიდა, თუმცა მერე მაინც გაექცა მზერა თეთრი მოჩვენებისკენ. არა, არ ჰგავდა ბალღს, რაღაც სხვა იყო.

      აღარ გააგრძელა ნოემ თავისი საყვედურები, ჩაიმუხლა, ნავტიკს კიდობნისკენ მისცა გეზი. უნდა გამოერკვია, თუ რა იყო ეს თეთრი მოჩვენება. ახლაღა შეამჩნია ნოემ, რომ წყალი აღარ იყო წინანდებურად მღვრიე, შედარებით დაწმენდილიყო. თუ წყლის სიღრმეში ჩაიხედავდი, მის ბუნდოვან წიაღს უკვე თავისუფლად დაინახავდი, და ეს ბუნდოვანი წიაღი სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ამჟღავნებდა თეთრ მოჩვენებას იმის კვალობაზე, რაც უფრო უახლოვდებოდა რუმბი კიდობანს. ორიოდე ხელის მოსმაც და ნოე თავზე დაადგა თეთრ მოჩვენებას, თათებგაშლილს და როგორც მერე აღმოჩნდა, თოკით მიბმულს კიდონის კედელზე მიმაგრებულ ხის კაკვზე.

      ნოეს რაღაც ენიშნა. ერთი სული ჰქონდა, ხმამაღლა ეთქვა, თუ რა ამოიცნო თეთრ მოჩვენებაში, მაგრამ სიტყვაც ვერ დაძრა, თითქოს ეშინოდა, ვაითუ ჩვენება გაქრესო. ჩაავლო ხელი თოკს, ამოზიდა... თოკზე მიბმული ტიკი შერჩა ხელთ.

      გაოგნებული დააშტერდა ნოე, თვალს ძლივს უჯერებდა. ჰო, ნამდვილად ტიკი იყო, მოჩვენებასავით არ გამქრალა. მთლად სავსე არ ყოფილა, მაგრამ კარგა ბლომად ჭანჭყარებდა მის წიაღში რაღაც. რა უნდა იყოს, ალბათ ღვინოა, თუმცა ვინ იცის, ტიკს ბევრნაირად იყენებენ.

      ნოემ საჩქაროდ მოხსნა თავი ტიკს, არ შეეძლო იქამდე დაეცადა, სანამ კიდობანზე აიტანდა. პირთან მიიტანა ტიკი, მოსვა რამდენიმე ყლუპი. წამით შეისვენა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სასწაული გამოეცხადაო. ,,ღვინოა, ღვინო~ თქვა გახარებულმა, ისევ დაეწაფა სანატრელ სასმელს. საეჭვო აღარაფერი იყო, ტიკში ღვინო აღმოჩნდა, სანაქებო, წითელი, ცინცხალი ღვინო.

      როგორც იქნა, მოიჯერა გული ნოემ, ტიკი დაბლა დაუშვა. ახლა უკვე ვერავინ დასწამებდა, გაბეცებული იერი აქვსო. პირიქით, ერთიანად ბრწყინავდა ბედნიერებისგან. კიდობანს შეავლო სიხარულით აციმციმებული თვალები. როგორ ვერ მოიფიქრა ამდენხანს... ძველისძველი, ცნობილი ამბავია; კიდობანს კაუჭებს უკეთებენ გარე კედლებზე, ისე რომ წყალში უნდა იფარებოდეს. ზოგიერთ ტვირთს მიაბამენ მათზე. წყალში ტვირთს წონა არა აქვს, თან კარგად ინახება... იმასაც მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ის ერთადერთი სიტყვა ,,ტიკი~, მომაკვდავმა რომ წარმოთქვა კიდობანზე... მან იცოდა ამ ტიკის არსებობა, მაგრამ ძალა არ შესწევდა წყლიდან მის ამოსაზიდად. ნოეს კი ტიკის დანახვა არ შეეძლო, მღვრიე წყალში არაფერი ჩანდა. თანაც ისე მოაბეზრა თავი კიდით კიდემდე გადავსებულმა წყალმა, მისი თვალით დანახვაც არ უნდოდა. ახლაც ვერ დაინახავდა ტიკს, რაღაც მანძილით რომ არ დაშორებოდა კიდობანს თავისი რუმბით.

      ნოემ ეს ყოველივე წამში გაიაზრა. ყველაფერი გაირკვა, თავისი ადგილი ჰპოვა, რაც თითქოსდა გაუგებარი და უადგილო ჩანდა. ერთი ისღა დარჩენოდა, კიდობანზე აფოფხებულიყო თავის მონაპოვართან ერთად, მაგრამ ნოე არ ჩქარობდა. ტიკს ხელი უშვა, რუმბზე მიუჩინა ადგილი. თვითონაც რუმბზე მოიყარა მუხლი, მზერა ლურჯ ცარგვალს მიაპყრო. თვალი ბრაზიანად აღარ უელავდა... პირიქით, უდიდესი მოწიწება ეხატა სახეზე...

      - მომიტევე, ღმერთო! - შეჰღაღადა ნოემ ნახევრად მტირალი ხმით, სახეც მტირალივით დაეღრიჯა. - მაპატიე, რაც გაკადრე, დაივიწყე და ნუღარ გამიხსენებ... გეფიცები, ამის მსგავსს ვეღარაფერს გაიგონებ ჩემგან...

      დიდხანს ეხვეწა, ეაჯა ღმერთს ნოე. თავს იმართლებდა, ცხელ გულზე წამომცდა ის სიტყვები, მათი უკან გამოდევნება არ ღირსო. მეტისმეტად გავცხარდი იმ სამი ყლუპი ღვინის გამო... აბა, რა ვიცოდი, თუ ასეთ ძღვენს მიმზადებდიო.

      ჟამიდან ჟამს დაიხრებოდა, თავს რუმბზე ახლიდა, მერე ისევ ლურჯი ცარგვალის მიღმა უხილავად მსუფევ ღმერთს მიაპყრობდა თვალს.

      - ყოველთვის მწამდი და ახლაც მწამხარ, - გულში მჯიღს იცემდა ნოე, - არც შენს ყოვლისშემძლეობაში შემპარვია ოდესმე ეჭვი. ამისთანა სასწაულს რომ მოახდენ, ყოვლისშემძლეც ხარ და უფრო მეტიც. ჯერ სამი ყლუპი ღვინო გამომიგზავნე დოქით, ამით კიდობნიდან ჩასვლა მაიძულე, კიდობნიდან ტიკჭორას ვერ დავინახავდი... როგორ ვნატრობდი ღვინოს, ამ დროს თურმე რა ახლოს იყო ჩემთან, ეს მხოლოდ შენ იცოდი. ისიც იცოდი, გზა როგორ გამეკვლია მისკენ, შენთვის ხომ არაფერია დაფარული.

      ნოე წელში მოიხარა, ერთხელ კიდევ ახალა შუბლი რუმბის მოქანავე ზედაპირს. კვლავ წელში გაიმართა, თოკის კიბეს დაებღაუჭა, ტიკი გულში ჰქონდა ჩაკრული ბავშვივით.

      ბანზე აფოფხებულმა, უწინარეს ყოვლისა, ტიკჭორას მიუჩინა ადგილი, ლამაზ ფარდაგზე დააგორა. ამის შემდეგ რაიმე კბილგასაკრავზე იწყო ზრუნვა. ღვინოს რომ მშიერი კუჭი არ უხდება, ეს ჭეშმარიტება მშვენივრად უწყოდა ნოემ.

      ამ დროისთვის ერთი საინტერესო რამ მოხდა: შორს, ცისკიდურზე, მოლიცლიცე წყლის მიღმა, მთათა მწვერვალები აილანდა, იმის უტყუარი ნიშანი, რომ წყალი დაკლებას იწყებდა. ო, როგორ გაიხარებდა ნოე, ეს რომ დაენახა... მაგრამ რას დაინახავდა, ტიკჭორის გარდა ვეღარაფერს ხედავდა. თუმცა ამით არაფერი დაკლებია, სასიხარულო სხვაც ბევრი ჰქონდა.

აღთქმა

      მოგეცათ ლხენა, ნოემ მოილხინა; ღვინო იყო, მაგრამ რა ღვინო... ტიკს უკლებლად შემოენახა ყველა ის ღირსება, რაც დამწურავმა დაანათლა ამ საოცარ სასმელს. ალისფერ ნაპერწკლებს ისროდა ჩამოსხმისას, მთელი სამყარო ააფერადეს ამ ნაპერწკლებმა.

      - შენს დამლევს რაღა მომერევა, - თავის საყვარელ სიტყვას იმეორებდა ნოე და გულიანად ეწაფებოდა ალისფერ სასმელს, ლამაზ თასში ჩამოსხმულს. - სიკვდილიც კი ვერას დამაკლებს.

      მართლაც, გოლიათის ღონეს გრძნობდა მთელ სხეულში. გულმა მოუმატა ძგერას, ძარღვებს ცეცხლივით დაურბინა ღვინის მხურვალებამ. შორს დარჩა შიში, ვაითუ სისხლი გამიწყალდესო.

      კარის მეზობლებს არ გამოჰპარვიათ ეს ამბავი, ერთ მხარეს მზე მიუჯდა ნოეს სუფრას, მეორე მხარეს მთვარე.ცხადი იყო, შეპირებულ სადგეგრძელოებს ელოდნენ. ნოემაც აგარ დაახანა.

      - მუდამ ასე გაბრწყინებული მენახე, ჩემო ძმაო, - ადღეგრძელა ნოემ მზე, მაღლა ასწია ალისფერი სასმელით სავსე თასი. მზემ გაუღიმა მადლობის ნიშნად, სიცელქეც ერია ამ ღიმილში. რა ახლობელი იყო, რა მშობლიური... სიცოცხლით და ხალისით პირთამდე სავსე. ღვინოშიც ხომ მზე ენთო... ეს ჭეშმარიტება უწინაც იცოდა ნოემ, ახლა კიდევ უფრო ცხადად დაინახა. მზის შემოხედვაც ღვინოსავით ეღვრებოდა სხეულზე. როგორ ჰგავხართ ერთმანეთსო, მზეს და ღვინოს, ორივეს ერთად უთხრა ნოემ. მზემ კიდევ უფრო გულიანად გაუღიმა. ნოე თვალით ვეღარას ხედავდა, სხივების ისეთ ნიაღვარში გაეხვია.

      - შენც გადღეგრძელებ, ჩემო ახლობელო, - ახლა მთვარეს მიუბრუნდა ნოე, - ფერმკრთალი ხარ და პირმრუდე, სახეს გამუდმებით იცვლი. თითქოს საგანგებოდ ირჯები ასე, მზე არ გეგონოთო. მიმზიდველობა არც შენ გაკლია, სულ სხვა პეწი და ხიბლი გმოსავს. ღმერთის ხელის ნათითურებიც გატყვია, ცხადად ამჟღავნებ მის ძლევამოსილებას. ალბათ არ გწყინს, ღამის მაჭანკალს რომ გეძახი...

      მთვარემაც დაუმადლა, არ გაუღიმია პასუხად, მაგრამ ცხადი იყო, დიდად ეამა სადღეგრძელო, ისე უხვად დააფრქვია რძისფერი შუქის კონები ნოეს.

      ამის მერე იხუვლეს თვალციმციმა ვარსკლავებმა, ბრწყინვალე გუნდებად დაეშვნენ ციდან, ირგვლივ შემოეჯარნენ ნოეს და მის ციურ სტუმრებს.

      - ჰაი, თქვენ ეშმაკუნებო, - უთხრა მათ ნოემ, - შორიდან რომ აკვესებთ თვალებს და თავგზას მიბნევთ ცეცხლოვანი ქარაგმებით. ახლა ვხვდები, თურმე რას მანიშნებდით; კარგად იცოდით, თქვენს სადღეგრძელოს რომ დავლევდი ამ ალისფერი ღვინით ერთ მშვენიერ დღეს...

      ვარსკვლავები კიდევ უფრო გაბრწყინდნენ, თვალებიდან ცეცხლოვანი ისრები დააფრქვიეს. ცხადი იყო, ფრიად სასიამოვნოდ დაურჩათ ნოეს სადღეგრძელო.

      წყალობას სიტყვები გაიხსენა ნოემ ორიოდე თასის დალევის შემდეგ (არც კი იცოდა, თუ ასე კარგად ახსოვდა), „ღვინო ნაბიჯს ანელებს, სამაგიეროდ გულისცემას აჩქარებს. რა ფასი აქვს სწრაფ ნაბიჯს, თუ გული გულისთვის უცხოა“. ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა წყალობა სუფრასთან. ჩემო ძმაო (მზეს მიმართა ნოემ), შენი გულისცემა ნამდვილად მესმის. უწინაც მესმოდა, ერთი ის იყო, არ ვაყურადებდი მაინცდამაინც...

      შენც გიძგერს გული (მთვარეს მიუბრუნდა ნოე), ოღონდ ცოტა შენელებულად. სხვანაირად როგორ იქნება, რასაც ღმერთის ხელი შეეხო, ყოველივე ცოცხალია.

      - თქვენ კი, ეშმაკუნებო, - ვარსკვლავებს მიმართა ნოემ, წამით დაფიქრდა და მერე ისევ გააგრძელა. - ჩიტივით გიფართხალებთ გულები... ვერც კი დაითვლი, ასეა ნამდვილად...

      ისიც კარგად ვიცი, ჩემი გულისცემაც რომ გესმითო, ასე დააბოლოვა ნოემ თავისი სიტყვა, წყალობას ნათქვამს რომ მოაყოლა. გამგები ღიმილი შეაგებეს მნათობებმა, ცხადია, ესმოდათ ნოეს გულისცემა.

      მერე კი უცბად აი რა მოხდა: მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრეს ნოეს მნათობებმა, თითქოს რაღაც ანიშნეს და აჰა, ღმერთის ბრწყინვალე ნიშანი გაკრთა ციურ მნათობთა კრებულის მიღმა...

      შეხედვა ვერ გაუბედა ნოემ ღმერთის თვალთა ნათელს, მდაბლად დახარა თავი და კვლავ სთხოვა მიტევება ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვების გამო. დაივიწყე, რაც მაშინ წამომცდა და ნურასოდეს ნუ გამიხსენებო, ეაჯებოდა ღმერთს. ჩემისთანა თავმოუბმელიც ხომ შენი ნებით სუფევს ქვეყანაზეო. იყავ ლმობიერი, როგორც მაშინ, მღვრიე წყლიდან რომ ამომიყვანე, უეჭველ სიკვდილს გამარიდე.

      ნოემ უმდაბლესად სცა თაყვანი ღმერთს, ერთხელ კიდევ სთხოვა, მომიტევეო, მერე კი თასი ასწია.

      - აი, ამ თასით გადღეგრძელებ, სწორედ  შენი საკადრისი ღვინითაა სავსე.    ნურასოდეს  მომიშლი ამ ცინცხალ სასმელს და სიტყვას გაძლევ, ყოველთვის დავლევ შენს სადღეგრძელოს.

      დაასრულა ნოემ თავისი სეფე სიტყვა ღმერთისთვის სათქმელი... ცოდვა გამხელილი სჯობს, გვარიანი ენის ბორძიკით, ნასმუროება შეეტყო უკვე. თასი პირთან მიიტანა, ბოლომდე დაცალა. ოღონდ იმის გაგება ვეღარ მოასწრო, რა თვალით უყურებდა ღმერთი მის სათხოვარს. ყინწი მოწყდა ღვინის სმისაგან, გვერდით მიუწვა თავის ტიკჭორას, უკვე დაფუყულს... და წაიღო კიდეც ღრმა ძილმა. ეძინა ნოეს გულის ძილით, ვერ ხედავდა, თუ როგორ თანდათან მაღლდებოდნენ ცისკიდურზე ალანდული მთათა მწვერვალები. მიიძურწებოდა წყალი, ჩუმად, ქურდივით მიიპარებოდა, ზათქით და ღრიალით მოსული.

ნახვა: 118

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters