წვიმის წვეთებმა მალე შეწყვიტეს სიმღერა. ბუნებას უყვარს ხანდახან ასეთი ხუშტურები, ამ შუა ოქტომბერში ნამდვილი ზაფხულის წვიმა წამოვიდა, შემოდგომის წვიმას არაფრით ჰგავდა. მზემაც გამოანათა და წვიმის წვეთები ძვირფასი თვლებივით აბრჭყვიალდნენ.

      ვისაც მზეზე მობრჭყვიალე წვიმის წვეთები არ უყვარს, იმან ვერც იმის თქმა ვერ უნდა გაბედოს, ბრილიანტი მიყვარსო, ბრილიანტი კი თითქოს ყველას უყვარს...

      წვიმამ საკმაოდ გააგრილა ჰაერი. ოქტომბრის თვიდან ხანდახან ვანთებ ხოლმე ბუხარს. ჩვენს ძველ ბინას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: დიდი, ლამაზი ბუხარი. დედაჩემი ვერ შეელია, ძალიან უყვარს ცეცხლის ტკაცუნის მოსმენა, ამაზე მშვენიერი მუსიკა ჩემს სიცოცხლეში არ მსმენიაო, იტყვის ხოლმე და ახლა მოგებულნი დავრჩით, ბუხარი ისევ შემოვიდა მოდაში. მუდამ გვაქვს მომარაგებული კოხტად დაჭრილი შეშა ცეცხლის დასანთებად. ნაკვერცხლებზე ხანდახან გემრიელ ნამცხვარსაც ვაცხობთ. მართლაც სხვანაერი, განსაკუთრებული გემო აქვს. ამას ყველა ერთხმად აღიარებს, ვისაც ჩვენი ნამცხვარი უჭამია.

      სახლში არავინაა, დედაჩემი სტუმრადაა თავის დასთან. მე ბუხრის წინ დავჯდები, ცეცხლის ტკაცუნს ყურს მივუგდებ და ახალ წიგნს გადავშლი. წიგნს ძალიან მაცდუნებელი შესახედაობა აქვს. ყდაზე ნიღბიანი პრინცესა ახატია, გვერდით აღმოსავლურ კოსტუმში გამოწყობილი პრინცის მუქი სილუეტი. სათაურიც შთამაგონებლად ჟღერს: „ყალბი ბრილიანტი“. რა ბედნიერებაა, ჯერ წაკითხული რომ არ მაქვს...

      ფრთხილად გადავშალე თავფურცელი, ერთი ფრაზის წაკითხვაც ვერ მოვასწარი, კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. თავიც არ ამიწევია, ისე გავძახე, შემოდი, კარები ღიაა-მეთქი, ალბათ მეზობლის ბავშვი იქნება, ამ ბოლო დროს დავმეგობრდით, მასაც ჩემსავით უყვარს ზღაპრების კითხვა.

      ჩუმი, რბილი ნაბიჯების ხმა გაისმა და შეწყდა. თავი ავწიე, ჩემს წინ მწვანე ღამურა იდგა.

      - რა გინდა? - ვკითხე ღამურას.

      - ფერიების ბაღში კარნავალია. ამოირჩიე რომელი ნიღაბი გინდა, - მან ნიღბების აცმა გაშალა.

      ძალიან საინტერესო ღამურაა. მუქი მწვანე ფერის კოსტიუმი აცვია და ნიღაბიც ამ ფერის აქვს. ეს მწვანე ფერი მართლაც საოცრად ამსგავსებს ღამურას, უფრო მეტად ვიდრე ნაცრისფერი დაამსგავსებდა. ნიღბებიც მრავალფეროვანი აქვს; მგონი ცხოველთა არცერთი ეგზემპლარი არ გამორჩენია. ყველა მათგანი მისი კოსტიუმივით გონებამახვილურად და ლამაზად არის შერჩეული. რომელი ავირჩიო? აგერ შვლის ნუკრიც ყოფილა, მშვიდი დანამული თვალებით ცოცხალივით იყურება. რა უმწეო, რა საყვარელი იერი აქვს.

      ხელი ნუკრისკენ გავიწოდე და იქვე მის გვერდით პრინცესა დავინახე. მშვენიერი ნიღაბია, ნაზი, სათუთი ნაკვთებით და მოშვილდული გრძელი წარბებით. თავზე ჯიღა ადგას, მუყაოსი, მაგრამ ისე ოსტატურად შესრულებული, რაიმე ძვირფასი გეგონება.

      პრინცესას ნიღაბი სახეზე გავიკეთე და სარკესთან მივედი. თითქოს საგანგებოდ ჩემთვის გაუკეთებიათ.

      - ეს მირჩევნია ყვლას, - ვთქვი და მოვტრიალდი. ღამურა სადღაც გამქრალიყო.

      გამაკვირვა ღამურას ასეთმა გაუჩინარებამ, აივანზე გავედი და ეზოში გადავიხედე. არავინ იყო მერაბის გარდა (ჩემი კარის მეზობელია), თავის რძისფერ მანქანას აპრიალებდა. მერაბს განსაკუთრებით უყვარს ეს ფერი, ტანსაცმელს რძისფერს იცვამს, სახეზე რძისფერი გადასდის. ნეტავი მასაც ხომ არ ესტუმრა მწვანე ღამურა? მინდოდა მეკითხა, მაგრამ შევყოყმანდი... ისეთი ყურადღებით შეჰყურებდა ქარსაფარ მინას და ისე ყურადღებით უცაცუნებდა რბილ ნაჭერს, თითქოს ეფერებაო მანქანასაც და მინაში არეკლილ საკუთარ ორეულსაც. საკუთარი თავივით უყვარს ეს ლაპლაპა, ოთხბორბლიანი ქმნილება. მისი ნახვა ან მანქანაში შეიძლება ან თხელი ფიცრებით გადატიხრულ ჩვენს საერთო აივანზე, სადაც მთელი მონდომებით ვარჯიშობს სპორტულ ფორმაში (ისიც რძისფერია) გამოწყობილი. რაიმე სხვა საქმით დაკავებული მერაბი ჯერ არავის უნახავს, თუმცა დედამისი, ქალბატონი ელენე სულ გაიძახის, ძალიან ბევრს მუშაობსო. შეიძლება მართლაც ჩალიჩობს რაღაცას თავიანთ საიუველირო მაღაზიაში... ქალბატონ ელენეს წატრაბახება უყვარს, ირწმუნება, შეუმცდარი თვალი მაქვსო. საკმარისია, ერთხელ გადავხედო ნაკეთობას, მაშინვე ვხვდები, ნაღდია თუ არაო. ჩემი მერაბიკოც მე მგავს, სიყალბეს ვერავინ შეაპარებსო. საერთოდ საკმაოდ სანდომიანი ყმაწვილია. ეს თვითონაც კარგად მოეხსენება და ნამდვილი ნარცისივით ტკბება საკუთარი გარეგნობით. რასაც არ უნდა აკეთებდეს, სულ სარკის ძებნაშია. მანქანაშიც სარკეების მთელი კოლექცია აქვს. აკი გაჭორეს კიდეც ამასწინათ ჩვენს სამეზობლოში: როცა გელაპარაკება, სადღაც შენს მიღმა იყურებაო... რა თქმა უნდა, მაშინაც სარკეს ეძებს.

      შევტრიალდი ოთახში. „ყალბი ბრილიანტი“ წაუკითხავი დამრჩა, უამრავი საქმე გამომიჩნდა ერთბაშად. ნიღაბი, ხო, მშვენიერი მაქვს, მაგრამ კოსტუმი? მწვანე ღამურა კოსტუმებს არ არიგებდა, ამაზე მე თვითონ უნდა მემტვრია თავი. რომელი კოსტუმი მოუხდება პრინცესას ნიღაბს?... სასურველია გაშლილი კაბა ესპანურ სტილში, მე რომ ასე მომწონს. ჩემს გარდერობში მაგის მსგავსი არაფერი მომეპოვება. ერთი საღამოს კაბა კი მაქვს, მაგრამ მეტისმეტად უპრეტენზიოა და ამ ნიღაბთან არ გამოდგება. არადა, საღამომდე რას მოვასწრებ...

      უეცრად თვალში ფანჯარაზე ჩამოფარებული ლამაზი ფარდა მეცა და ჩემი ფიქრებიც იქითკენ წარიმართნენ. რამდენ ფილმში მინახავს ფარდებისგან ნაუცბათევად კაბას რომ იკერავენ. მაგრამ ეს ფარდა ხომ დედაჩემმა იყიდა ეხლახანს საკმაოდ ძვირად. არ დავჭრი, მხოლოდ ჩამოვხსნი და მდიდრული მოსასხამივით მოვიხვევ.

      ერთი სიტყვით საღამოსთვის მთელი ბინა ფარდის ნაკუწებით იყო მოფენილი, მე კი მშვენიერი, მდიდრული კაბა მეცვა, პრინცესას რომ შეეფერება, ზუსტად ისეთი. საკუთარ თავს შევყურებდი სარკეში, რაღაც მაკლია თვალში, ჰო, რა თქმა უნდა, ბრილიანტი. ვის გაუგია პრინცესა ბრილიანტების გარეშე? სადღაც უნდა მქონდეს შუშის ძველი ბრჭყვიალა მძივები.

      „საგანძური“ ამოვჩხრიკე, ათასნაერი ბრჭყვიალა ხარა-ხურა, რითაც ბავშვობაში ვერთობოდი. ერთ დროს კი ეს შუშის მძივი კისერზე მეკიდა და ჩემი თავი დედოფალი მეგონა. შუაში მოზრდილი თვალი აქვს, თხილისოდენა იქნება. ესღა შემოგვრჩა მე და დედაჩემს, ერთ დროს კი ამ ხარახურის პატრონს, ბებიაჩემს ნამდვილი ბრილიანტებიც ჰქონდა თურმე. იშვიათი სილამაზის ქალი ყოფილა, თანაც გადასარევად მღეროდაო, თაყვანისმცემლების მთელი გუნდი ეხვია ირგვლივ თურმე. ძალიან არეული ცხოვრება კი ჰქონია... რომანისტების ენით რომ ვთქვათ, მისი ცხოვრება შეხვედრების და განშორებების უწყვეტი ჯაჭვი ყოფილა. ძველ, ჩაყვითლებულ სურათზეც ჩანს, რა ლამაზი ქალი იქნებოდა ერთ დროს. შუბლზე ძვირფასი ბრილიანტის დიადემა უკეთია და იმ ბრილიანტებზე ნაკლებად როდი უელვარებს თვალები. სად ჩაიყლაპა მერე ის ბრილიანტები... დედაჩემის სიტყვით პატარაობისას ჩემს აკვანზე ეკიდა და იმით ვთამაშობდიო., მერე კი როცა წამოვიზარდე, მათი კვალიც არსად ჩანდაო. როცა ბებიას ამაზე რაიმეს შეეკითხებოდნენ, მაშინვე ტირილს იწყებდა, როგორც დედაჩემი ამბობს, იმ ბრჭყვიალა ქვებს კი არ მისტიროდა, რაღაც უსიამოვნო მოგონებებს განიცდიდა, რაც იმ ბრილიანტებთან იყო დაკავშირებული. დღემდე საიდულმლოებითაა მოცული ჩვენთვის იმ დიადემის ისტორია.

      როგორ გამომადგებოდა ახლა, ამ ხარახურაში რომ ერიოს ერთი იმ ბრილიანტთაგანი... თუმცა ლამაზი კი არის ეს მოზრდილი თვალი. ისე ბრწყინავს,მართლა ბრილიანტი გეგონება.

      თვალი ფანჯარასთან მივიტანე, მართლა როგორ ელვარებს, მართლა ლამაზია, წვიმის წვეთივით ლამაზი.

      „ბრილიანტი“ წვრილ მავთულზე ავაგე და მუყაოს ჯიღაზე დავამაგრე. აი, ეხლა კი ნამდვილი პრინცესა ვარ, - ვთქვი ხმამაღლა, როცა ჩემი გამოსახულება კარგად დავათვალიერე სარკეში, - შემიძლია წავიდე კარნავალზე და იქ აუცილებლად შევხვდები ზღაპრულ პრინცს. მე, როგორც ნამდვილი პრინცესა მხოლოდ პრინცთან თუ ვიცეკვებ, სხვასთან არავისთან.

     

      ფერიების ბაღი ასეთი ლამაზი არასოდეს მენახა. ყოველთვის მომწონდა ეს ბაღი; განსაკუთრებით მიზიდავდნენ ფერიების ნაირ-ნაირი ქანდაკებები, რომლებიც მთელ ბაღში იყვნენ მიმოფანტულნი. აქ იყვნენ ზღვის თევზისკუდიანი ფერიები, ხელფრთიანი მომღიმარი ქერუბიმები. ტყის თმებგაშლილ ალებს ისე მრავლისმეტყველად გაეწვდინათ ხელები, თითქოს რაღაც საიდუმლო რიტუალს ასრულებენო... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ახლა კი, სადღესასწაულო ფერადი განათების ზღვაში ნაირნაირი ნიღბებით და კოსტუმებით შემოსილი ხალხის გარემოცვაში ისინი თითქოს გაცოცხლდნენ, თავიანთ მშობლიურ სტიქიაში იგრძნეს თავი. ირგვლივ ყველაფერი, ზღაპრული და უჩვეულო იყო.

      ... და კიდევ იმიტომაც მიყვარს ფერიების ბაღი, რომ აქ შეგიძლია თავი ზღაპრის გმირად იგრძნო. შეგიძლია ჩამოჯდე რომელიმე ზღაპრული პერსონაჟის გვერდით, არხეინად იყავით, აუცილებლად ვიღაც ჩამოჯდება მეორე მხარეს და თქვენ შეგიძლიათ, როგორც ზღაპრის გმირებმა, გააბათ ერთმანეთში საუბარი. ერთი სიტყვით, შეგიძლიათ ზღაპარში გადასახლდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, ზღაპარი წარსულში ხდებოდა და მომავალში უნდა მოხდეს, დღევანდელობასთან კავშირს სრულიად ვწყვეტთ. (მობილურ ტელეფონებს შესასვლელში გვატოვებინებენ) ამასთან ერთად, შეგიძლია რაღაც თავგადასავლის მსგავსი ურთიერთობებიც ააწყო, ამისი უფლებაც გაქვს, ოღონდ აუცილბლად ზღაპრული შეფერილობის უნდა იყოს. არ არის გამორიცხული, რაიმე სიუჟეტი განვითარდეს ამ ურთიერთობისაგან. რამდენადაც ვიცი, კონკურსებიც კი ტარდება ამ სიუჟეტების კვალობაზე. ხანდახან რაღაც საინტერესო ნაპერწკლებიც ჩნდება ამ ურთიერთობათაგან, ლიტერატურული ღირებულების მსგავსი, ასე ამბობენ მცოდნე თავები. ასეთი რამ ჯერჯერობით მე არ მიცდია, თუმცა დიდად არ ვიწუხებ თავს. მომწონს აქაურობა, - ესაა სულ.

      სხვისი არ ვიცი და მე კი ნამდვილად ფერიასთან ვიცეკვებ ალბათ. რა ხანია ვათვალიერებ და ამდენ ნიღბებში ერთი პრინციც არ ჩანს. აგერ მეფისტოფელი მეპატიჟება, წითელ დიდებულ კოსტუმში გამოწყობილი. თამამი ჟესტით მიწვდის ხელს; მოდი, პრინცესა, ჩემთან იცეკვე! - ხმაც შესაფერისი ჰქონია, ბოხი, შთამაგონებელი.

      - არა.

      - რატომ?

      - მე მხოლოდ პრინცთან თუ ვიცეკვებ, სხვასთან არავისთან.

      - შენ თვითონ ნამდვილი პრინცესა ხარ?

      - რა თქმა უნდა, ნამდვილი. ათი ლეიბის ქვეშ ბარდის მარცვალიც რომ დამიდონ, იმასაც კი ვიგრძნობ.

      - მერე სად ნახავ ნამდვილ პრინცს, სადღა არიან... ისევ გირჩევნია ჩემთან იცეკვო.

      ეჰ, მგონია მართლაც აღარ არიან ნამდვილი პრინცები და მარტო მომიწევს ყოფნა ამ კარნავალზე. მერე რა მხიარულებაა! ფერადი ნათურებით განათებული შადრევნის ირგვლივ ისეთი ფერხული გაუჩაღებიათ, მათ მაყურებელს თავბრუ მეხვევა. უკვე საბოლოოდ დამეკარგა იმედი, დათმობაზე წასვლაც არ მინდოდა და ცუდ გუნებაზე მყოფმა სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.

      და სწორედ ამ დროს დავინახე ნამდვილი პრინცი, ვაჟკაცური და საოცრად მოხდენილი. აღმოსავლური კოსტუმი აცვია, ათას ერთი ღამის პერსონაჟს ჰგავს. თავზე ჩალმა ახურავს, ჩალმაზე დიდი ბრილიანტი უბრჭყვიალებს. იმანაც დამინახა და გამიღიმა, რამდენადაც ნიღბის მიღმა ამის დანახვა შევძელი. სახეც მეტად სიმოპათიური უნდა ჰქონდეს, ხმის ამოღებასაც არ ვაცლი, მაშინვე შეტევაზე გადავდივარ:

      - რატომ არ ცეკვავთ, მარტო რად ხართ?

      - მე მხოლოდ პრინცესასთან თუ ვიცეკვებ, სხვასთან არ შემიძლია. მთელი საღამო დავდივარ და დავეძებ პრინცესას, როგორც იქნა, გნახეთ.

      - თქვენ წარმოიდგინეთ, მეც მაგ დღეში ვარ, ამდენ ხალხში სრულიად მარტო ვგრძნობ თავს, - შევჩივლე მე.

      - ჩვენს მარტოობას ბოლო მოეღო, - ხელი ჩამჭიდა და საცეკვაოდ გამაქანა. ახლა კი ნამდვილად გაცოცხლდნენ ფერიები. ამოძრავდნენ, აცეკვდნენ, აყვნენ მუსიკით და სინათლით დამუხტულ, გაჯერებულ ჰაერს.

      როცა სული მოვითქვით, ბაღის მყუდრო, მწვანე შუქით განათებულ კუთხეში აღმოვაჩინეთ ჩვენი თავი. იქვე ჩვენს გვერდით მოზაიკისნაპირებიანი მომცრო აუზის შუაგულში თევზისკუდიანი ზღვის ფერია მორკალულიყო, ორივე ხელით მოზრდილი ნიჟარა ეჭირა და ისეთი ყურადღებით დაჰყურებდა, თითქოს მარგალიტს დაეძებდა მის სიღრმეში.

      ოდნავ სუნთქვააჩქარებულებმა მწვანე შუქზე იჩქითად შევათვალიერეთ ერთმანეთი და რაც ენაზე მომადგა, ის კითხვა დავუსვი:

      - რომელი სკოლა დაამთავრეთ?

      პრინცმა გაოცებით მომაპყრო ნიღბიანი სახე;

      - მე სკოლა არ დამიმთავრებია ჩემო პრინცესა, კერძო პედაგოგები მასწავლიდნენ! - და გამოჩენილ მეცნიერთა გვარების კორიანტელი დააყენა.

      ერთი ამას დამიხედეთ! დაიცა გიჩვენებ სეირს.

      - აჰა, გასაგებია, ნამდვილი არიფი ყოფილხართ.

      - როგორ თუ არიფი. მე ხომ ადამიანური სიბრძნის ყველა საფეხურს ვარ განდობილი. მეცნიერების და ხელოვნების ყველა საფეხურს გავეცანი.

      - ეს კარგია, მაგრამ ცხოვრებას ხართ მოწყვეტილი, დარწმუნებული ვარ დამოუკიდებელი აზროვნების და მოქმედების უნარი არ გაგაჩნიათ. თქვენ რომ გიყურებთ, ასე მგონია პატარა სანიმუშო ბიჭუნას შევყურებდე, რომელიც მხოლოდ დედიკოს უჯერებს და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს. საკუთარი ნება-სურვილით კი ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია.

      ოდნავ შეცბუნებული პრინცი ყურადღებით მისმენდა, მე ჩემსას მივერეკებოდი.

      - არაფერს არ ვაფასებ ადამიანში ისე, როგორც რისკიან, თავისუფალ ხასიათს. უნდა შეგეძლოს ხანდახან თვალდახუჭული გადაეშვა სადღაც...

      - თქვენ თუ შეგიძლიათ პრინცესა რაიმე წინასწარ განუსჯელი, დაუფიქრებელი საქციელის ჩადენა! - ისეთი გულმხურვალებით მკითხა პრინცმა, სიცილი ძლივს შევიკავე. არა უშავს რა, კარგად ასრულებს თავის როლს.

      - მაგას რა კითხვა უნდა. თავისთავად ცხადია შემიძლია. მე შემიძლია გავიპარო მოოქროვილი გალიიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. შემიძლია ინკოგნიტოდ ვიარო, სადაც მოვისურვებ და რომ იცოდეთ, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ამ დროს სულიერად ვისვენებ ხოლმე. თქვენ კი, ნამდვილად ვიცი, ძალიან გაგიჭირდებათ გაპარვა, კიდეც რომ მოგსვლოდათ თავში ასეთი რამ.

      ამაზე პრინცს მგონი გუნება შეეცვალა და სევდიანი ხმით მიპასუხა:

      - მართალი ხარ ჩემო პრინცესა, ხანდახან დიდი სურვილი მიჩნდება, გავიპარპო ჩემი ოქროს გალიიდან, ამას ვერაფრით ვერ ვახერხებ. ჩემმა მშობლებმა ყოველი ჩემი ნაბიჯი იციან. ინკოგნიტოდ ჯერ არსად მივლია. აგერ ის ორი ნიღაბი, - მან ლომისნიღაბიანებზე მიმითითა, ნელ-ნელა რომ ჩაგვიარეს შორიახლოს და მგონი გადმოგვხედეს კიდეც, - მე დამდევენ, თვალს არ მაშორებენ.

      ოჰო, ჰო, რა მარჯვე ცრუპენტელაა.

      - მებრალებით, ძალიან მებრალებით. არაფერია უფრო მტანჯველი, ვიდრე სულ ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. აი, მე კი არავინ დამდევს ახლა, არავინ იცის სად ვიმყოფები, თანაც პრინცესას ნიღბით. ეს ნიღაბი განგებ ამოვირჩიე. არავის მოუვა აზრად რომ ნამდვილი პრინცესა ვარ. ყველას ჰგონია ნიღაბი მიკეთია და მეტი არაფერი. ეს ბრილიანტიც ყველას ყალბი ჰგონია, ამ დროს ნამდვილი ბრილიანტია, ძალიან ძვირფასი, საკუთარი სახელიც კი ჰქვია: „ჩრდილოეთის ციალი“.

      - ეს კი „ სამხრეთის ჯვარია“, - მიმითითა პრინცმა თავსი ბრილიანტზე.

      თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს!

      ასეთი საუბრით ნელ-ნელა ისევ ხალხმრავალ ადგილას გამოვედით. პრინცი შეფიქრიანებულივით გაჩუმდა, მეც არ ვიღებდი ხმას, გაბუტულებივით მივაბიჯებდით. ამ ყოფით მივადექით გაზიანი წყლის ფარდულს, სადაც უამრავი ნიღაბი ირეოდა. პრინცმა მარჯვედ გაიკვლია გზა ხალხის ტალღაში, გაზიანი წყალი იყიდა და მომირბენინა. აქ მგონი ნაცნობები ნახა, ვიღაცეებს ელაპარაკება. ის ორი ლომისნიღბიანიც დავინახე. წყალს ნელნელა ვსვამდი და ვფიქრობდი: როგორ ახსნის პრინცი ლომისნიღბიანებთან დიალოგს. ალბათ სასწრაფო სახელმწიფო საქმე, ან რაღაც ამდაგვარი... ვნახოთ, რას მოიფიქრებს. აგერ, ვიღაც პატარა ბიჭს ელაპარაკება, პატარა ბარათი გადასცა და ჩუმად რაღაც უთხრა. ხომ ჭედვა და ღრიანცელი იყო, მაინც შევამჩნიე, რომ პრინცი თავისი მოქმედების შენიღბვას ცდილობდა. ნეტავი რა ჩაიფიქრა?

      გამოვცდით იმ ხმაურიან ფარდულს, ისევ მყუდრო ხეივნებს მივაშურეთ. პრინცი ხმისამოუღებლად მიაბიჯებს, რაღაცაზე მწუხარედ ჩაფიქრებულა. მერე ერთი ისე ამოიოხრა, თითქო გულიც თან ამოაყოლაო და თქვა:

      - ეჰ, თქვენსავით რატომ მეც არ შემიძლია ხანდახან მაინც დავაღწიო მათ თავი?

      მე ხელახლა დავიწყე, თუ რა ადვილი იყო ოქროს გალიიდან გაპარვა, თუ ამას ძალიან მოინდომებდი, დაწყებული ტანსაცმლის გამოცვლიდან, გრიმის გაკეთებით დამთავრებული, ათასგვარი ტექნიკური ხერხების ნამდვილი კორიანტელი დავაყენე. პრინცი ურწმუნოდ აქნევდა თავს.

      - ყველა ეს საშუალება ვცადე, რასაც თქვენ მეუბნებით, არცერთი გამომადგა, მუდამ მპოულობენ - იმეორებდა იგი.

      ნამდვილად აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, როგორ გამეგრძელებინა საუბარი, ინიციატივას ვკარგავდი, აქამდ ეხომ მე ვფლობდი მოქმედებათა ძაფს, იმედი მქონდა, რაიმე სიუჟეტსაც ავაწყობდი. შუბლზე მოვისვი ხელი და აი, უეცრად გონება გამინათდა: ჩემი ხელი ბრილიანტს შეეხო.

      - კიდევ არის ერთი საშუალება - ვთქვი გახარებულმა.

      - რომელი? - იკითხა პრინცმა.

      - ჩრდილოეთის ციალი - ვუპასუხე მე. მისი საშუალებით შეგვიძლია სივრცე შევცვალოთ.

      პრინცი ორიოდ წამს დუმდა, მერე კი მკითხა:

      - ეს მართლაც კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორ მოვახერხებთ?

      - ძალიან ადვილად, - ვთქვი მე, - ახლავე ბრილიანტს შევაბრუნებ და... (ის აღარ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო შეცვლილი სივრცე, მაგრამ ამაზე ფიქრით თავს აღარ ვიწუხებდი. იმედი მქონდა, ფანტაზია არ მიღალატებდა) მაგრამ ვეღარ მოვასწარი ბრილიანტს შევხებოდი... ვიღაცა პატარა ბიჭმა მოირბინა და პრინცს ბარათი გაუწოდა, ეს თქვენთან გამომატანესო. აშკარად შეშფოთებულმა პრინცმა გაშალა ბარათი, წაიკითხა და თავი სევდიანად ჩაჰკიდა.

      - არა, იმედი აღარ მაქვს, ვერასოდეს დავაღწევ თავს, - ჩაილაპარაკა ჩავარდნილი ხმით.

      - რა მოხდა?

      - აჰა, წაიკითხეთ რას მწერს მამაჩემი. „ ჩემო ბიჭუნა, როცა დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ წასვლას დააპირებ, არ დაგავიწყდეს კბილის ჯაგრისის წაღება. იგი შენს საწოლ ოთახში, პატარა ტუმბოს მარჯვენა უჯრაში დევს“. განა ეს საოცარი არ არის?

      - მართლა საოცარია, - ვთქვი მართლა გაოცებულმა და დაბნეულმა, ძალიან მარჯვე პარტნიორი შემხვდა. აი, თურმე რა გადასცა იმ პატარა ბიჭს ფარულად.

      - ახლა სხვა გზა არაა, - განაგრძო პრინცმა ისეთივე ტონით, - სასწრაფოდ უნდა ვეახლო მამაჩემს: ხვალ აუცილებლად გნახავთ, ჩემო პრინცესა, აუცილებლად. ახლა კი ნება მიბოძეთ დაგემშვიდობოთ.

      - ყველას როდი აქვს ინკოგნიტოდ სიარულის უნარი, - როგორც იქნა გამოვფხიზლდი მე, - ეს მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულის ხვედრია.

      -იქნებ მეც შევძლო ოდესმე მაგ რჩეულთა შორის მოხვედრა, - მეოცნებესავით თქვა პრინცმა და ჰარპიების გუნდს მიღმა მიიმალა, რომელიც სწორედ ამ დროს შემოგვეხვია ირგვლივ.

     ...

     მეორე დილით თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე უფარდო ფანჯარა შემეჩხირა თვალში და საზიზღარ გუნებაზე დავდექი. ეს რა სისულელე ჩავიდინე; ამისთვის დავჭერი ეს მშვენიერი ფარდა, რომ მთელი საღამო ვიღაც ცრუპენტელასათვის მეგდო ყური. თანაც, რა სულელური, ვითომდა ზღაპრული სიუჟეტი აეწყო, ვერცერთ კონკურსზე ვერ წარვადგენ. რაზე უნდა ვილაპარაკო, საკუთარ გაბითურებაზე? როგორ ვიდექი შუა ქუჩაში და მიმავალ მანქანას მივჩერებოდი. როგორღა დავხვდე დედაჩემს, რა მეშველება? ამ ფიქრებით შეწუხებულს იქვე მაგიდაზე გამომწვევად დადებულმა პრინცესას ნიღაბმა და „ჩრდილოეთის ციალმა“ თითქოს მდუღარე გადამასხეს. „თქვენღა მაკლდით“ - ვთქვი გაღიზიანებულმა, თქვენ მაინც მოგივლით, როგორც საჭიროა“ ჯერ დავაპირე სანაგვე ყუთში ჩამეყარა, მაგრამ გადავიფიქრე და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გადავუყარე, აჰა, ითამაშეთ-მეთქი. პრინცესას ნიღაბი ნინიკომ დაიჭირა და გახარებულმა მაშინვე გაიკეთა. ბრილიანტი ასფალტზე გაგორდა. ვიღაც ბავშვმა ხელი დაავლო და თამაშიც გაჩაღდა. ბრილიანტს, ჯერ როგორც პატარა ბურთს, ისე აგდებდნენ მაღლა, მერე ჩოგანიც ითამაშეს, თითქოს პინგპონგის ბურთი იყო. როცა ესეც მობეზრდათ, მიზანში სროლა დაიწყეს ბრილიანტით. ფათერაკებიც მაშინ დატრიალდა. ბეღურას დაუმიზნეს, მაგრამ ასცდა და დეიდა მარგოს შუშაბანდს დაეჯახა ტკაცანით. შუშა გატყდა. დეიდა მარგომ მოთამაშე ბავშვები წყევლა-კრულვით აიკლო, როცა შუშის ნამტვრევებს სანაგვე ყუთში ყრიდა. მერე ბრილიანტი ბიძია აბელს მოხვდა შუბლზე, როცა სარკის წინ წვერს იპარსავდა. ბიძია აბელმა აიღო ბრილიანტი და რაც შეიძლებოდა შორს მოისროლა. ბიჭებმა მაშინვე იპოვეს და ნამცეცა პაატამ სახლში გააქანა, მაგრამ დედამისმა სახლიდან ცემა-ტყეპით გამოაგდო, სახლი ნაგვით ნუ ამივსეო.

      კიდევ კარგი, მერაბის რძისფერი მანქანა არ იდგა ეზოში, თორემ იმდენი სარკეებიდან ერთ-ერთი მაინც შეეწირებოდა „ჩრდილოეთის ციალს“.

      ბოლოს ბავშვებს თამაში მობეზრდათ, ნიღაბი და ბრილიანტი შუა ეზოში მიაგდეს და თვითონ სადღაც მიიმალნენ. ეზოში მეზობლის ქალი სარეცხს რეცხავდა, ჭუჭყიანი წყალი პირდაპირ ასფალტზე გადმოღვარა. წყალმა აატივტივა ნიღაბი და ბრილიანტი, წყლის ჩასადენ ჭასთან მიიტანა და იქ თითქოს საგანგებოდ შემოასკუპა. აივნიდან ვუყურებდი, ჩავარდებოდა თუ არა, არ ჩავარდა. მივანებე თავი მის ყურებას და სახლში შევბრუნდი. ისევ ჩემი გაჭირვების ტალკვესს, ბუხარს მივუბრუნდი. ცეცხლის პირას იქნება რაიმე მოვიფიქრო.

      მართლაც, ცეცხლის გუზგუზა ხმამ და ნაპერწკლების მხიარულმა ტკაცა-ტკუცმა თავისი ქნეს. უსიამოვნო ფიქრები თითქოს შეშასთან ერთად ჩაიწვნენ. უფრო კარგად შევუკეთე ბუხარს.

      მოულოდნელად ყვავის ჩხავილივით უსიამოვნო ხმამ ყველაფერი წაბილწა:

      მართლაც, ცეცხლის გუზგუზა ხმამ და ნაპერწკლების მხიარულმა ტკაცა-ტკუცმა თავისი ქნეს. უსიამოვნო ფიქრები თითქოს შეშასთან ერთად ჩაიწვნენ. უფრო კარგად შევუკეთე ბუხარს.

      მოულოდნელად ყვავის ჩხავილივით უსიამოვნო ხმამ ყველაფერი წაბილწა:

      - ეს ნაგავი აქ ვინ დაყარა?

      დეიდა მარუსიას ხმაა, მთელი ეზოს ბატონ-პატრონისა და მბრძანებლის. მის სიტყვებს პაუზა მოჰყვა, ალბათ ხმადაბლა მიაწოდეს ინფორმაცია ჩემს შესახებ.

      - კეთილი ინებოს და ჩამობრძანდეს, ახლავე მოაშოროს ეს ნაგავი აქედან!

      ვიცი, არაფრით არ გაჩერდება, მორჩილად ჩავდივარ ეზოში, დოინჯშემოყრილ მარუსიას წინ ვიხრები, ვიღებ იმ ბედნავს ნიღაბს და წამოსასვლელად მოვტრიალდები.

      - ამას ვის უტოვებ? - თვალებით მანიშნებს ბრილიანტზე. ამასაც ვიღებ და მოვდივარ.

      - მე რომ არ ვიყო, აქაურობას ვინ იცის, რას დაამსგავსებდნენ - ამბობს დეიდა მარუსია, კამფეტს პირში იდებს, ქაღალდს ჩუმად აგდებს ძირს და გამარჯვებული სახით შედის სახლში.

      საბრალო პრინცესა, ნუთუ არავის სჭირდები, არც შენ, არც შენი ჩრდილოეთის ციალი. აღარ გადავყრი, გავრეცხავ და შევინახავ ყველას ჯინაზე.

      გარეცხილი, გაბრწყინებული „ჩრდილოეთის ციალი“ ბუხრის წინ პატარა მაგიდაზე დავდე, ნიღაბი კი აივანზე გაჭიმულ თოკზე გადავკიდე გასაშრობად. პრინცესას სახეზე წყლის წვეთები ცრემლებივით ჩამოსდიოდა და ძირს ასფალტზე ეცემოდა. ერთი წვეთი მერაბს დაეცა თავზე, რომელიც სწორედ ამ დროს შემოსრიალდა თავისი მანქანით ეზოში და სწორედ ჩვენი აივნის ქვეშ გადმოვიდა მანქანიდან.

      „ჩრდილოეთის ციალი“ კიდევ უფრო მეტი დიდებულებით ბრწყინავდა გაღვივებული ნაკვერჩხლების შუქზე. მართლაც რა ლამაზი რამეა.გამახსენდა წაკითხული ამბავი, ვიღაც დედოფალი ბრილიანტებს ცეცხლში რომ ყრიდა. ისინიც იწვოდნენ და დედოფალი ამით ძალიან ერთობოდა. თუ „ჩრდილოეთის ციალი“ ნამდვილი ბრილიანტია, მაშინ ესეც დაიწვება ცეცხლში ჩაგდებისას, ნახშირად იქცევა. ბრილიანტი ხომ ნახშირის ალოტროპიული სახეცვლილებაა... ამ ფიქრებში გართულს ჩემს თავზე გამეცინა, ეს რომ ნამდვილი ბრილიანტი იყოს, მაშინ მართლა იქნებოდა შესაძლებელი მის ფასად კუნძულის ყიდვა,. ეს ისეთივე ბრილიანტია, როგორიც მე პრინცესა ვარ... ეეჰ, რა იქნებოდა ბებიაჩემს ნამდვილი ბრილიანტი შეენახა ამის სანაცვლოდ.

      უცბად კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა.

      - შემოდი, - გავძახე. ალბათ ნინიკო იქნება, ბრილიანტი მოენატრებოდა. კარები გაიღო და ნინიკოს ნაცვლად ჩემს თვალწინ რძისფერებში გამოწყობილი მერაბი აისვეტა.

      - ეს ნიღაბი შენია? - მკითხა და სადღაც ჩემს მიღმა გაიხედა. იქ ბუხარია, თავის თავს ვერ დაინახავს.

      - ჩემია, ვთქვი და მის ხმას მივაყურადე, მაშინვე მეცნაურა რაღაც.

      - კარგად ასრულებდი შენს როლს, - თეთრი კბილები გააელვარა მერაბიმ.

      - რომელ როლს?

      პასუხად ჯიბიდან პრინცის ნიღაბი ამოიღო. საეჭვო აღარაფერია, ამასაც ესტუმრა მწვანე ღამურა. ჩანს, მაშინვე მიცნო, მე კი … ჰმ... რაღა მე და რაღა პატარა ნინიკო.

      ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რაც შეიძლებოდა ოფიციალური სახე მივიღე და ვუთხარი:

      - არ ვიცი რომელი როლის შესახებ ლაპარაკობთ.

      - პრინცესას როლის - ენა მომიჩლიქა.

      - არავითარ როლს არ ვასრულებდი, მე ნამდვილი პრინცესა ვარ.

      - მართლა? გულგრილად მკითხა და ბუხარს თვალი მოაცილა.

      - დიახ, ვუპასუხე ლაკონურად და ვცადე რაც შეიძლება მეტი სიმკაცრე მიმეცა ხმისთვის.

      - ის ბრილიანტიც... რა ერქვა? „ჩრდილოეთის ციალი“, ნამდვილია არა? ბევრი გაქვს მასეთი?

      - ძალიან ბევრი. ხანდახან იმით ვერთობი, რომ მათ ცეცხლში ვყრი.

      - მერე, იწვიან ცეცხლში?

      - იწვიან. აი, ნახეთ თუ არ გჯერათ.

      ამ სიტყვებით ხელი დავავლე მაგიდაზე დადებულ „ჩრდილოეთის ციალს“ და ბუხარში მოვისროლე. მერაბმა ალმაცერი ღიმილით გაიხედა ისევ ბუხრისკენ. მე ჩუმად ვიდექი, თვალი ცარიელ სივრცეს გავუშტერე, ისე, რომ მერაბის სახესაც კარგად ვხედავდი. ვიდექი და თან იმაზე ვიმტვრევდი თავს, რითი გამეგრძელებინა ეს პაექრობა, რა მეთქვა, როცა ბრილიანტის სიყალბე გამომჟღავნდებოდა. მოდი, ვეტყვი:ალბათ ჩუმად შემიცვალე. ეს შენი სამხრეთის ჯვარი იქნება, ჩალმაზე რომ გქონდა დამაგრებული, „ჩრდილოეთის ციალი“ კი ნამდვილი იყო-მეთქი...

      უცბად ვხედავ, ბუხარზე თვალმიშტერებულ მერაბს სახე შეეცვალა, ნიკაპი გვერზე მოეღრიცა, თვალებში შიში და გაოცება გამოეხატა. შეშინებულმა მეც მივიხედე ბუხრისკენ და რას ვხედავ; „ჩრდილოეთის ციალს“ ცეცხლი მოსდებია და იწვის, მართლაც ნამდვილი ბრილიანტივით იწვის.

      მერაბი უძრავად იდგა გაოგნებული, სანამ ბრილიანტი ბოლომდე არ ჩაიწვა. ვერც მე მოვდიოდი გონს. მაშინ გამოვფხიზლდი, როცა „ჩრდილოეთის ციალისგან“ პატარა გუნდა დარჩა.

      - აბა, ვნახოთ, თქვენი „სამხრეთის ჯვარი“ თუ დაიწვება, გადააგდეთ ცეცხლში! - ვეცადე ნამდვილი პრინცესასავით მეთქვა, მაგრამ ხმამ აშკარად მიღალატა, ბოლო სიტყვაზე მაინც...

      მერაბმა თვალი მოაცილა ბუხარს და შემომხედა... შემომხედა გამოცარიელებული, თავზარდაცემული თვალებით. რამდენიმე წამს ისე მიყურა, თითქოს სიცოცხლეში პირველად მხედავსო, მერე უცბად მიტრიალდა, გარეთ გავარდა და ბრახა-ბრუხით ჩაირბინა კიბეები. გავიგონე ,მანქანის კარების ჯახუნი. ისეთი ძალით ჩართო მოტორი, მთელი სამეზობლო გარეთ გამოეფინა. მეც გავედი აივანზე, აქ უკვე მუხლებმაც მიღალატეს, ჩემსკენ ცნობისმოყვარეობით თვალმოპყრობილი მეზობლების თვალწინ ჩავიკეცე.

      როცა თვალი გავახილე, თავზე ექიმი მადგა, მთელი ბინა მეზობლებით იყო სავსე.

      - თავს როგორ გრძნობ? - მკითხა ექიმმა.

      - არა მიშავს, - ვთქვი მე, მაგრამ ბრილიანტი დაიწვა. ისეთი ძვირფასი, ნამდვილი ბრილიანტი.

      - რა ბრილიანტი?

      მეც ყველაფერი მოვყევი. როცა დავამთავრე ბინა სულ დაცარიელებული იყო, ექიმის გარდა ყველა გაპარულიყო.

      - დასანანია. - ამოიოხრა ექიმმა. - ასეთი შემთხვევა ადამიანს ერთხელ თუ მიეცემა სიცოცხლეში. ხანდახან ნამდვილი ბრილიანტი ჩაგვივარდება ხელში, მაგრამ ვერ ვამჩნევთ მის ღირსებას და დაუფიქრებლად ცეცხლში ვისვრით. რას იზამ, ძალიან ძნელია დღეს ერთმანეთისგან გაარჩიო ყალბი და ნამდვილი. თუ ბრილიანტი მტვერში გდია, ვერავინ ამჩნევს მის ღირსებებს. თუ მეფეთა გვირგვინს ამშვენებს, არავის შეეპარება ეჭვი მის მაღალ ღირსებაში. მთავარია მაშინ შეამჩნიო ბრილიანტი, როცა მტვერში გდია.

      ამ გრძელი ტირადის შემდეგ ექიმმა რაღაც წვეთები დამალევინა და წასვლა დააპირა, მაგრამ ვეღარ წავიდა...

      სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მთელი ღამე იდგა ჩვენი ეზოს შესასვლელთან. მძღოლს თავი საჭეზე ჩამოედო და არხეინად ხვრინავდა, ექიმი კი ბინიდან ბინაში დარბოდა. ყველა მეზობელი ერთბაშად ცუდად გახდა, ყველას წნევამ აუწია. მარგო დეიდამ ტირილით და მოთქმით ამოქექა სანაგვე ყუთიდან შუშის ნამტვრევები, მაგიდაზე დააწყო და სასოებით შეჰყურებდა:

      - ბრილიანტმა დაამსხვრია ეს შუშები! - მოთქვამდა იგი; რატომ ხელი არ ვტაცე იმ ბრილიანტს, რა ვიცოდი...

      ბიძია აბელს ხელი ვეღარაფრით ჩამოაღებინეს შუბლიდან, სადაც ბრილიანტი მოხვდა. ხელი ზედ ედო და გაუთავებლად იმეორებდა: „აი, აქ მომხვდა ბრილიანტი, აქ მომხვდა... „ - ბოლოს ხელი ქამრით გაუკრეს და წელზე მიუმაგრეს, მაგრამ მაინც ამოაძრო და ახლაც შუბლზე ხელმიდებული დადის. ნამცეცა პაატას დედას ნამდვილი ისტერიკა დაემართა. – „ამ ხელებით ვცემე და გარეთ გავაგდე ბავშვი, როცა სახლში ბრილიანტი შემომიტანა. აი,ამ ხელებით“ - გაჰკიოდა და ხელებს თავ-პირში იცემდა. დეიდა მარუსია გულწასული იწვა, ვერაფრით გონზე ვეღარ მოიყვანეს. წნევამ ისე აუწია, აპარატით აღარ ისინჯებოდა. ხელებს მოცურავესავით ასავსავებდა და თვალდახუჭული გაჰკიოდა: „ არიქა, წყალმა წამართვა ბრილიანტი, არიქა, წყალს მიაქვსო...“ ეტყობა ძალიან შორს შეტოპა იმ ბრილიანტის ძებნაში, უკან ვეღარ გამოცურა და იმავე ღამეს თქვენი ჭირი წაიღო.

      როგორც იქნა გათენდა ის ღამეც. ყველა ნელ-ნელა გონს მოეგო. წნევა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა, თვალში გამოიხედეს და ერთმანეთს დილამშვიდობისა უთხრეს. მხოლოდ მე ვეღარ მიტანდნენ, ჩემს დანახვას ყველაფერი ერჩიათ.

      მეც ვგრძნობდი ამას და სულ ვიმ ალებოდი დამნაშავესავით, ვცდილობდი არავის შევჩხეროდი თვალში. არც მე მსიამოვნებდა იმ საკარნავალო ღამის გახსენება. განსაკუთრებით მერაბი გამირბოდა, თითქმის ვეღარც კი ვხედავდი, თუ უწინ ხმას არ მცემდა, ახლა დანახვაც აღარ უნდოდა ჩემი. მისი სიტყვები მომიტანეს მეზობლებმა, თურმე უთქვამს: როგორც კი დავინახე როგორ იწვოდა ბრილიანტი, მაშინვე მივხვდი ნაღდი რომ იყო, მაგრამ არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, თითქოს რაღაც ჯადომ შემკრაო. ამან უარესად გამაღიზიანა, თავი დამნაშავესავით ვიგრძენი... ამ განწყობილების ტყვეობაში მყოფმა ვეღარც ის წიგნი წავიკითხე, „ყალბი ბრილიანტი“ რომ ერქვა სათაურად. ეს სიტყვები რაღაც მერაბის ხმით აჟღერდნენ. „ყალბი ბრილიანტი, ყალბი ბრილიანტი...“ ჩამესმოდა რბილი, მუსიკალური ხმა, როგორც კი წიგნს ხელს ვახლებდი.

      ბოლოს, როცა მთელი წელი გავიდა,ამ ამბავსაც თანდათან დაეკარგა სიმწვავე. დრომ ნელ-ნელა მოაშუშა ყველაფერი, მერაბის მჟღერი მუსიკალური ხმაც ნელ-ნელა მიწყდა. ჰოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, როცა ნაწვიმარზე მზემ გამოანათა და წვიმის წვეთები ბრილიანტებივით აბრჭყვიალდნენ, მე ისევ დავანთე ცეცხლი ჩვენს ძველ ბუხარში. სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულმა ავიღე წიგნი, „ყალბი ბრილიანტი“ რომ ჰქონდა სათაურად, ყდაზე ნიღბიანი პრინცესა ეხატა, გვერდით პრინცის მუქი სილუეტით. ერთი ფრაზის წაკითხვაც ვერ მოვასწარი, კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.

      - მობრძანდი, კარები ღიაა - გავძახე თავაუწევლად.

      რბილი ნაბიჯების ხმა გაისმა და შეწყდა. თავი ავწიე, ჩემს წინ მწვანე ღამურა იდგა ხელში ნიღბების აცმით.

      - ფერიების ბაღში კარნავალია. აირჩიე, რომელი ნიღაბი გინდა...

ნახვა: 278

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, ღამურა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters