საკუთარი ნაბიჯების ხმა თითქმის სულ არ მესმოდა, უხვად ცვარნაპკურები ბალახბულახი ფაფუკი ნოხივით მეგებოდა ფეხქვეშ. მიწაც აფუებულიყო, ღამის სინედლით და ზაფხულის ბოლო დღეების სინოყივრით გაჟღენთილი. ამინდს კარგი პირი უჩანდა; როცა დილის ნამი უხვია, წესით არ უნდა გაავდრდეს. ცაც ისე იყო მოწმენდილი, ისეთი კაშკაში გაჰქონდა თაფლივით დამტკბარ-დაშაქრულ მზეს, კაცი იფიქრებდი, ეს დღე როგორც გათენდა, ისევე უნდა დაღამდესო.

    მივყევი ჩემს ჩვეულ ბილიკს, სადაც საკმაოდ იღბლიანად მინადირნია ადრე. გნოლიც მომიკლავს, ტყის ქათამიც, კურდღელიც გამიგორებია. უფრო მსხვილ ნადირზე რა მოგახსენოთ, ტყუილს ვერ ვიტყვი, თუმცა მონადირული ტყუილები დიდ ცოდვად არ ჩაითვლება. თავგადაკლულ მონადირეს ვერავინ ვერ დამიძახებს, სამაგისო არც დრო მაქვს და არც ის დაუოკებელი ჟინი, ზოგიერთებისთვის რომ შემიმჩნევია, მაგრამ ხანდახან ისეთი ძალით მიმიზიდავს, დანარჩენს ყველაფერს დამავიწყებს ხოლმე. ნადირობას აქვს რაღაც ისეთი ჯადო, რაც ვერანაირ სხვა საქმიანობაში ვერ აღმომიჩენია, თუმცა კარგა ხანია დავაბიჯებ ამ დალოცვილ ქვეყანაზე. ახლაც ბავშვივით მიხარია სანადიროდ გამზადება, ჩემს ორლულიან თოფს სულ ლაპლაპი გაუდის, ისე საგულდაგულოდ მაქვს გაწმენდილი და დაზეთილი. დანარჩენი აღჭურვილობაც, წყალგაუვალი ტანსაცმელი, რეზინის მაღალყელიანი ჩექმები, სანადირო აბგა, ყველაფერი სრულ წესრიგშია. თვალიც მიჭრის და მარჯვენაც მემორჩილება დიდი ხნის ნაჩვევი ინსტრუმენტივით.

    თითქმის შუადღემდე ვიხეტიალე ასე, სრულ საბრძოლო ფორმაში მყოფმა. სასხლეტდაშვებული თოფი მხარზე მქონდა გადებული, ხელი ჩახმახზე მედო. ერთი ჩიტიც ვერ ვნახე წამლად. მერე ვიფიქრე, ალბათ წინასწარ იგრძნეს, ამინდი რომ შეიცვლებოდა და მყუდროდ დაიბუდეს თავისთვის. ადამიანს არ აქვს სამაგისო ალღო და მიხვედრილობა. ჩიტები და ცხოველები კი წინასწარ გრძნობენ, თუ გაავდრებას აპირებს. ამიტომაც იყო ყველაფერი ისე მიყუჩებული, კოღოც კი აღარ ბზუოდა ჰაერში.

    ბეგიც თან მახლდა. ამდენ ხანს განგებ არ ვახსენე, არ ღირს სახსენებლად. სწორედ მას უნდა ეგრძნო ამინდის მოსალოდნელი ცვლილება და რაიმეთი ენიშნებინა ჩემთვის. აქვთ ძაღლებს სამაგისო ენა. მოიბუზებიან ხოლმე და ცას შესწკმუტუნებენ ბალანაშლილები. მეც მივუხვდებოდი და დროზე გავეცლებოდი იქაურობას. მაგრამ ბეგო ისე იყო გამოფიტული ცალკე სიბერით, ცალკე მგონი რაღაც ავადმყოფობით, ამინდის წინასწარმეტყველებას ვინ დაეძებდა, ნადირობის თავიც აღარ ჰქონდა. ნაბულს კი აკეთებდა ძველებური ეშხით და ლაზათით... მთელ სიგრძეზე გაიჭიმებოდა მაღალ ბალახში, წინა თათს ასწევდა პოინტერისთვის დამახასიათებელი ტიპიური მანერით, გადახტებოდა და... არაფერი, ერთი ღობემძვრალა ჩიტიც კი ვარ აუფრენია. ასე ბევრჯერ გააკეთა და მეც საბოლოოდ დავრწმუნდი, ვეღარაფერს გამოვრჩებოდი სახელოვან ბეგის.

    - აფსუს, ძია პეტრე, რა ტყუილუბრალოდ წამოვიყვანე შენი ბეხრეკი ძაღლი, - ვთქვი ჩემთვის ხმამაღლა. მერე რამდენი ლაილაი და თავის დამდაბლება დამჭირდა მაგის გულისთვის. ერთი საათი მაინც ველაპარაკე აქეთურ-იქითურზე. მოუკითხავი არ დამრჩენია მეზობლები, ნათლიები, მოკეთეები. ბოლოს დიდი მორიდებით შევაპარე ლაპარაკში, სანადიროდ მივდივარ და შენი ბეგი გამატანე-მეთქი.

    ძია პეტრემ ძლივს ინება ჩემკენ გამოეხედა ამ თხოვნის საპასუხოდ, თუმცა მთლად მისი ბრალიც არ იყო. ცოლი თმას კრეჭდა, ძია პეტრეც მისი ბრძანების მიხედვით ატრიალებდა მხცით შემოსილ თავს ხან აქეთ, ხან იქით. ჩხიკ, ჩხიკ! ჩხაკუნებდა მაკრატელი, თეთრი თმის ბეწვები დაბლა იფანტებოდნენ. ბეგი იქვე გაწოლილიყო. ჩემს მისვლაზე თავი ოდნავ წამოსწია და კუდი ზარმაცად გააქიცინა ჰაერში. ამაზე მაინც როგორ ვერ მივხვდი რაიმეს. ადრე ჩემს მისვლაზე მკერდზე შემომახტებოდა ხოლმე და ტანსაცმელს ტალახით მითხუპნიდა.

    ბეგის ჟესტებს ყურადღება არ მივაქციე, სხვა მხრივ კი მაინცდამაინც არაფერი ეტყობოდა სიბერის. ბეწვი კარგად ჰქონდა შენახული, ესეც ალბათ ძია პეტრეს მარჯვე თანამეცხედრის წყალობა იყო.

    ხანმოკლე პაუზის შემდეგ ძია პეტრეს ცოლმაც გამოიხედა ჩემსკენ და აწუწუნდა: ეჰ, ისეთ დღეში აგდებენ ამ საცოდავ ძაღლს, ისეთ დღეში... წაიყვანენ სადღაც ცხრა მთის იქით და მთელი დღე შეუსვენებლივ აწანწალებენ. ყეფის თავიც აღარ აქვს ხოლმე შინ მობრუნებულს, თან ერთ-ორ ნატეხ პურსაც არ დაუგდებენ.

   - თუ მწყრები მოვკალი, ნახევარს მოგართმევთ, - მივაგებე სასწრაფოდ.

   - ჩხიკ, ჩხიკ. - ხმიანებდა მაკრატელი.

   - კურდღელს სულ თქვენ დაგიტოვებთ. მე სულ ერთია, ალერგია მაქვს ნანადირევის მიმართ, - ვთქვი შეშინებულმა, არაფრით არ მინდოდა სანადიროდ უძაღლოდ წავსულიყავი. ისიც კარგად ვიცოდი, ადვილად ვერსად ვერ ვიშოვნიდი პოინტერს, გახურებული ნადირობის სეზონია. ძალიან ვინანე იმ წუთში, ძაღლი რომ აღარ მყავდა. არაფრით არ შემარჩინეს. ჩემიანებს არავის არ უყვარს ძაღლი.

   -...თანაც მე და ბეგის უკვე რამდენჯერ გვინადირია ერთად, შეჩვეულები ვართ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მე მგონი, ჩემთან გული არაფერზე დაწყეტია.

   - ჩხიკ, ჩხიკ!

   როდის-როდის ისევ გამოიხედა ჩემსკენ ძია პეტრემ და ხელის აწევით მანიშნა, ძაღლი წაიყვანეო. ნამდვილი მეფური ჟესტი გამოუვიდა, გულუხვ საბოძვარპს რომ უწყალობებს თავის ქვეშევრდომს.

   აჰა, აგერ ძია პეტრეს მეფური მოწყალება! უსიცოცხლო, უგონო ავტომატად ქცეულა. სრულიად უაზროდ, შეუგნებლად იმეორებს იმ მოძრაობებს, რაც ერთ დროს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ბრმა ჩვევა, წლების მანძილზე ძვალსა და რბილში გამჯდარი. ეეჰ! ბევრ წყალს ჩაუვლია, საცოდავი ბეგი, რაც მე და შენ უკანასკნელად ვინადირეთ ერთად, სულ მთლად დაჩაჩანაკებულხარ და აღარაფერში გამომადგები.

   ერთი დავუცაცხანე და მერე აღარ გამიხედია მისკენ, მე ჩემთვის ცალკე ვუთვალთვალებდი, იქნებ რაიმეს წავწყდომოდი შემთხვევით, ის თავისთვის ჯახირობდა ბუჩქებში, ვითომდა ნადირობდა.

   ჩრდილი რომ წამომადგა თავზე, მაშინღა ავიხედე ზევით და გამიკვიდა, ისეთი პირქუში სურათი დავინახე; მძიმე, ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ ნახევარზე მეტი ცა. ჰორიზონტზე გაყოლებული მთების მწვერვალებზე ისე მოცოცავდნენ, თითქოს გველეშაპი ეპარება მსხვერპლს ჩასანთქმელადო. პირდაპირ ჩემს თავს ზემოთ გაფოფრილი, ჩაშავებული ღრუბელი ისე დაბლა ჩამოწოლილიყო, თითქოს მიწაზე აპირებდა ჩამოსვლას.

   არ მესიამოვნა ამის დანახვა, გუნებაში ჩემი თავი გავლანძღე, ამდენ ხანს ვეღარ ავიხედე ზევით? ბეგიზე უკვე აღარაფერს ვამბობ, გინდა ყოფილა და გინდა არა. როგორ გამომეპარა მხედველობიდან, ცა ასე რომ აირია. გადამიყოლა იმ წყეული ჩიტების დევნამ, ერთი მაინც მენახა და მომეკლა წამლად.

   იმწამსვე გამოვბრუნდი უკან, კარგა დიდი გზა მქონდა გასავლელი, საკმაოდ შორს მოვასწარი წასვლა. ბეგისაც შევძახე, თავის დაბლაგვებული ცხვირით ჰაერი დასუნა და ცქვიტად წამოძუნძულდა ჩემსკენ. მგონი ამ საცოდავმაც იგრძნო რაღაც, კარგი დროსია, მაგისმა მზემ.

   გამოვბრუნდი და გამოვწიე რაც შემეძლო ჩქარი ნაბიჯით. ბეგი ისე ახლოს მომდევდა, ლამის ქუსლებზე მეხებოდა დრუნჩით. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ აშკარად ვიგრძენი, კარგი დალბობა არ ამცდებოდა. სულ მალე დამეწია წვიმის სუნით გაჟღენთილი გრილი ნიავი, ჭექა-ქუხილის შორეული გუგუნიც შემომესმა.

 

   თითქოს ერთ წამში დაღამდაო, მოლურჯო-რუხი ბინდი მოეფინა ყველაფერს. საყურებლად ძალიან მომხიბლავია ასეთი ბუნდოვანი შუქნით განათებული ხედები. კარგია როცა თბილად, მყუდროდ ზიხარ შენთვის და ფანჯრის ჩარჩოდან შეჰყურებ ქარიშხლის მშფოთვარე მოლოდინით შეპყრობილ ბუნებას, ჰაერში დატრიალებულ ხვიჭას და ფოთლების კორიანტელს, მაშინ კი ამ სანახაობით დასატკბობად ნამდვილად არ მცხელოდა. უკვე თითქმის მოვრბოდი, ისე ავუჩქარე ნაბიჯს. დაბალ ბორცვებზე გადავირბინე, უკვე შემღვრეულ რუს გადმოვახტი და დასცხო კიდეც კარგი მსხვილ-მსხვილი წვიმა. რუს პირას მიმდგარ თხმელებს შევაფარე თავი. მორგვივით დახვეულმა ბეგიმ ჩემს ფეხებთან მოიკალათა. ერთი-ორი წუთი კი გვიპატია იმ თხმელებმა კარავივით გადმოშლილი ფართო ფოთლებით, მაგრამ მერე ისე წამოუშინა, კარგი შხაპივით მესხმებოდა თავზე. რაღა აზრი ჰქონდა იქ დგომას, გამოვედი და გზა გავაგრძელე. მივტოპავდი და დამდიოდა თავზე ზაფხულის თბილი წვიმის ღვართქაფი. ერთი რომ დამკრა, კოჭებამდე ჩამიარა წყალმა, ჩემს წყალგაუვალ აღჭურვილობას სულ ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა. გადაღებას არ უჩანდა პირი, ის ჩაშავებული ღრუბელი კიდევ უფრო დაბლა ჩამოიწია, თითქმის ზედ გაეკრა მიწას, მოდიოდა და მოდიოდა წვიმის თქეშები მისი გულმუცლიდან.

    ჭექა-ქუხილმაც თანდათან მოიცა ძალა, ისე გრუხუნებდა, ლამის ქვეყანა დაეყრუებინა. ამ დროს ერთი უცნაური რამ მოხდა: როგორც კი ახლოდან გაისმა მეხის ხმა, ბეგიმ თავი ასწია, ერთი შეჰყეფა და მერე თვალითაც აღარ მინახავს, მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გავიგე. ,,აღარც ეს ძველთაძველი ინსტიქტი შეგრჩენია, საცოდავო ბეგი, - ვთქვი მისი მისამართით. - ძაღლური ერთგულების ინსტიქტი, ასე მყარად ფესვგადგმული შენი ჯილაგის ცხოველთა შორის. ყნოსვა და ალღო ხომ დაგიკარგავს, აღარც ეს შეგრჩენია, ძაღლისთვის ყველაზე ძირითადი, ყველაზე დამახასიათებელი თვისება~.

   ჩავიქნიე ხელი, მისთვის თავის ტეხა აღარ ღირდა, თუმცა სასიამოვნოდ არ დამრჩენია ბეგის დაკარგვა. მინდოდა სულიერი არსება ყოფილიყო ჩემს გვერდით, თუნდაც ერთი გამოთაყვანებული ძაღლი. თანაც, თუ რაიმე დაემართა, გაჭიანურებული ახსნა-განმარტება მომიწზევს ძია პეტრესა და მისი თანამეცხედრისათვის. ასე ადვილად არაფერს არ შემარჩენენ.

   თითქოს ცა გაირღვაო, ელვა ცისკიდურიდან ცისკიდურამდე გადაიკლაკნა. ახლა კი უკვე სახიფთაო იყო სიარული. ამოვარჩიე ერთი მოზრდილი ხე და მის გვერდით გავჩერდი, ასეა საჭირო ჭექა-ქუხილი დროს, როგორც გამიგია. თოფი იქვე ხის ძირში მივაგდე.

 

 

    ვიდექი ასე წვიმისათვის შუბლმიშვერილი და ჩემი თავიც ხე მეგონა. როგორც იმ ხეს არ შეეძლო ადგილიდან დაძვრა და გაქცევა, ისე მეც არ შემეძლო, სადმე გავქცეოდი, დავმალვოდი იმ ჭექა-ქუხილს. იმ წუთში არავითარი უპირატესობა არ მქონდა იმის წყალობით, მე ფეხები რომ მაქვს, ხე კი უფეხოა. იდგა ჩემს გვერდით მწვანე გოლიათივით, მთელი თავის იერით მშვიდ, აუღელვებელ მორჩილებას განასახიერებდა.

   თანაც რა ლამაზად, რა მეტყველად გამოსდიოდა ეს ყველაფერი... წვიმისგან დამძიმებული კენწერო თავმდაბლად დაეხარა განრისხებული ზეცის წინაშე, მხრებიც დაბლა ჩამოეშვა მოკრძალებით. როცა ეს სურათი გამახსენდება, ასე მგონია, ადამიანი მართლაც არაფრით არაა რაიმეთი ხეზე აღმატებულ, უკეთეს მდგომარეობაში, ანუ, ადამიანმა თუ რაიმე შეიძინა იმის წყალობით, გადაადგილება რომ შეუძლია, ალბათ რაღაცა არანაკლებ ძვირფასი დაჰკარგა სანაცვლოდ. ბუნება უფასოდ არაფერს არ იძლევა. რამდენი ხათაბალა, რამდენი ჭირი და სნება დასდევს ადამიანს მთელი თავის სიცოცხლე, რომელთაც ვერსად ვერ გაექცევა, რაც არ უნდა სწრაფად დარბოდეს.

   მიჯაჭვულივით ერთ ადგილას დგასო? არც მთლად ასეა. ფესვებით მიწის სიღრმეში მიიკვლევს გზას, კენწეროთი ცისკენ მიიმართება. ერთად ფლობს დიდ სიღრმესაც და ფართო თვალსაწიერსაც. რა შეუვალია მისი სიმშვიდე! საიდან მოდის ეს სიმშვიდე? უგონობიდან? თუ ჩვეულებრივზე ბევრად აღმატებული, უდიდესი გონიერებიდან, ერთნაირად რომ ეგებება ზეცის რისხვასაც და წყალობასაც. ალბათ, გონეირებიდან. ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მინდა რომ იყოს; ამ მშვიდი, ბრძენთაბრძენი ხის გვერდით არც მე შემეშინდება, თუნდაც მთელი ქვეყანა დაანგრიოს ჭექა-ქუხილმა!

   თუმცა ჭექა-ქუხილსაც გააჩნია, იმისთანას არაფერს მოვსწრებივარ, ისეთი გრიალი გაჰქონდა, ცას და მიწას არყევდა. გაუნძრევლად ვიდექი და ღმერთს შველას ვეხვეწებოდი, სხვა რაღა დამრჩენოდა. როცა ახლო-მახლო ეცემოდა მეხი, გაელვებას გრიალიც იმწამსვე მოსდევდა ხოლმე. ამ დროს შიშისგან თვალებს ვხუჭავდი, რა დასამალია, ჩემს ადგილას ყველას ასე დაემართებოდა. მართლაც კარგი შიში მაჭამა იმ წყეულმა ჭექა-ქუხილმა.

   ვდგევარ ასე დარჭობილივით. უეცრად იჭექა გამაყრუებლად და ელვის ისეთი ცეცხლოვანი ღვართქაფი დამატყდა თავს, სიზმარშიაც არ მომლანდებია რაიმე მისი მსგავსი. სულ რაღაც ერთ წამში, ან უფრო სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი.

     მერე ისევ ჩემს ნაცნობ ჭალაში ამოვყავი თავი. აღარ წვიმდა, ირგვლივ ყველაფერი მშრალი იყო. მივდიოდი, მივაბიჯებდი ამ დალოცვილ ქვეყანაზე ისე, როგორც მივლია გაჩენის დღიდან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივზე უფრო კარგადაც. ის საამო სიმსუბუქე გამჯდომოდა მთელ სხეულში, რაც ჯანსაღად და გუნებიერად ყოფნის შედეგია. ნაბიჯი ჩემი დაჯერებული იყო და ხედვა ყოვლის მომცველი, ჩემი სხეული ვეღარ იტევდა შინაგან ძალმოსილებას, რომელიც ყოველწამს გადმოხეთქვას ლამობდა დიდი ხნის დაგუბებული წყალივით.

 

 

    ვიარე ასე, შინაგანი ძალმოსილებით ამსუბუქებული ნაბიჯებით და მოულოდნელად ერთ ხიდს მივადექი, ღრმა უფსკრულზე იყო გადებული. გამიკვირდა, თითქოს ჩემს ნაცნობ ჭალაში დავდიოდი ამდენ ხანს და ახლა ეს უფსკრული საიდან გაჩნდა? ღრმა უფსკრულები მხოლოდ მაღალ მთებს ახლავს თან, ამ ჭალებში მთებს რა უნდა. მარტო დაბალი ბორცვებია აქა-იქ, წეღან რომ ვახსენე. იქნებ გზა დამებნა და სადმე სხვაგან ამოვყავი თავი?

    შევყოყმანდი, აღარ მინდოდა გზის გაგრძელება. ცოტა ხანს ვიფიქრე და უკან გამობრუნება დავაპირე, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ ვიპოვნე, ვეღარაფერი დავინახე ჩემთვის ნაცნობი, ჩვეული. რაც უფრო ვაკვირდებოდი, მით უფრო გადასხვაფერებული, შეცვლილი მეჩვენებოდა გარემო.

     თვით ზეცაც კი გადასხვაფერებული ჩანდა... ჯერ იმან გამაკვირვა, რომ მოკაშკაზე მზესთან ერთად ისე ნათლად, ისე მკაფიოდ დავინახე ახალი მთვარე, როგორც ბნელ ღამეში დაინახავ ადამიანი. მზის სხივები სულაც არ უშლიდა ხელს, მთვარესაც ეფრქვია თავისი მკრთალი შუქი.

   გარდა ამისა, რატომღაც ძალიან დაშორიშორებულნი იყვნენ ერთმანეთისაგან. ორი დღის მთვარე მზიდან ორი ,,მთვარის~ მანძილზეა, სამი დღისა სამი ,,მთვარის~ და ასე თანდათან გადაინაცვლებს ცაზე, სანამ საბოლოოდ ორი კვირის, ანუ თოთხმეტი ,,მთვარის~ მანძილზე არ დაშორდება მზეს. ასე ვუწოდებ მე ჩემთვის ამ ხილულ მანძილს, თვალით ვზომავ. იქ კი ორი დღის მთვარე იმ მანძილზე იყო მზიდან, რა მანძილზეც შვიდი თუ რვა დღის მთვარე შორდება ხოლმე. ამიტომაც, როცა სივრცეს გავყურებდი, რაღაც უცნაურად გაფართოებული, შორს გაზიდული მეჩვენებოდა.

   მერე ის ხიდი... რომ დავუკვირდი, სრულებით არ მომივიდა თვალში. ძალიან არასაიმედო ჩანდა. ხის თხელი ფიცრებისგან იყო შეკრული, ვიწრო, მოქანავე. ორი კაცი გაჭირვებით აუქცევდა მხარს ერთმანეთს. პატარა მდინარეზე ან ხევზე შეიძლება გახვიდე იმისთანა ხიდით, მაგრამ ასეთ უფსკრულზე? არა, ცოცხალი თავით მასზე ფეხის შემდგმელი არ ვიყავი.

    ვიდექი ასე დაბნეული, ვეღარც წინ წასვლა მომეხერხებინა, ვეღარც უკან დაბრუნება. და ამ დროს ვიღაც კაცი გამოჩნდა. იმდენად ჩვეულებრივი ანუ შეუმჩნეველი გარეგნობისა იყო, ვერც კი ავწერ, რომ მოვინდომო. ტანსაცმელიც ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ეცვა, აკი არაფერი მომხვედრია თვალში. რაიმე ძვირფასი და ლამაზი რომ ცმოდა, ხომ მაშინვე შევამჩნევდი, პატრონზე ადრე სამოსელს ვხედავთ ხოლმე.

    მითხრა, მომყევიო და ხიდზე შეაბიჯა. ისე არხეინად, ისე თამამად შედგა ფეხი იმ მოქანავე ხიდზე, თითქოს მყარ იატაკზე დაფენილი ხალიჩა ეგო წინ. არც კი უყურებდა, ფეხს სად ადგამდა. მის მაცქერალს გული მომეცა. ჯერ ერთი, თანამგზავრი ვნახე, მარტო აღარ ვიყავი, მერე კიდევ მისმა გაბედულებამ მალამოსავით მარგო. მეც შევდგი ფეხი იმ ხიდზე, მივყევი იმ კაცს.

    უფსკრულზე სიარულისთვის ერთი მთავარი პირობაა საჭიროო; თვითონ უფსკურლს თვალი უნდა აარიდო ყოველნაირად. მეც მთელი მონდომებით ვასრულებდი ამ პირობას. ვცდილობდი არ ჩამეხედა ქვევით, სადაც უძირო ღამეს დაეღო პირი. მხოლოდ წინ ვიყურებოდი, ჩემი თანამგზავრის უბრალო ფიგურას შევყურებდი და მის მიღმა უცნაურად შორს გაზიდულ სივრცეს, მეტს ვერაფერს ვხედავდი.

    თავდაპირველად მეც საკმაოდ თავისუფლად მივაბიჯებდი, შეიძლება ითქვას, არხეინადაც. შეწყობილად მივყვებოდი ჩემს თანამგზავრს და ნაბიჯიც მსუბუქი გამომდიოდა, მაგრამ შინაგანად დაძაბული ვიყავი მაინც. ეს შინაგანი დაძაბულობა ისე იდო ჩემს გულღვიძლში, როგორც ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვიის საფანტი. პატარა იყო ის საფანტი, მაგრამ რაღაც ერთ წამში უსაშველოდ იზრდებოდა და მთელ სხეულს ისე გამითანგავდა, თითქოს სხეულიც ტყვიისა მქონდა მაშინ. ასე მეგონა, ფეხებზე წისქვილის დოლაბები მომაბესო, ისე მიმძიმდებოდა ამ დროს ნაბიჯი. სულს მიხუთავდა, მოძრაობას მიბორკავდა. ,,თავისუფლად, ნუგეშინია~. - შევუძახებდი თავს ასეთ დროს. - ,,მოუშვი კუნთები, ნუ ხარ დაძაბული, ხომ გაივლიდი ამ ხიდზე, მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე რომ იყოს გადებული? თავისუფლად, უფრო თავისუფლად.

ეს ნამდვილი ავტოჰიპნოზი იყო და მშველოდა, ნამდვილად მშველოდა. ტყვიის მძიმე ნაკადები უკუქცევას იწყებდნენ, ისევ პირველსაწყისს, სადღაც გულღვიძლის სიღრმეში ჩაკარგულ პატარა საფანტს უბრუნდებოდნენ. რა პატარა იყო ის საფანტი და რა მძიმე, ძნელი იყო მასთან ბრძოლა.

    მივდიოდით შეუჩერებლივ. არ ვიცოდი, რომელ ნაპირზე გამიყვანდა ის ხიდი. არც ვფიქრობდი ამაზე, ოღონდ ჩქარა გამევლო, ოღონდ ჩქარა დამეღწია მისგან თავი, ხოლო აუცილებლად რომ უნდა გამევლო, ამაში დარწმუნებული ვიყავი რატომღაც. სიმხნევეს ჯერ არ ეღალატა ჩემთვის, შევძლებდი იმ მძიმე ტალღების მიქცევა-მოქცევასთან ბრძოლას და ხიდზე სიარულს, მხოლოდ ის ერთი პირობა რომ ყოფილიყო საჭირო: დაბლა დახედვის აკრძალვა საკუთარი თავისთვის, მაგრამ აქ სხვა რამემაც იჩინა თავი...

 

    ხიდმა დავიწროება დაიწყო. ისედაც ვიწრო იყო, როგორც უკვე ვთქვი. თანამგზავრი რომ არ გამომჩენოდა, მასზე არასდიდებით ფეხს არ შევდგამდი, და ახლა ვხედავ, თანდათან აკლდება სიგანე.

    ჯერ ვიფიქრე, თვალი ხომ არ მატყუებს-მეთქი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, ჩემი თვალი არ ცდებოდა. მართალია, ხიდის დაკვირვებით დათვალიერება არ შემეძლო, დაბლა ვერ ვიხედებოდი უფსკრულის შიშით, მაგრამ გარე მხედველობით კარგად ვამჩნევდი ხიდის ნათელ სილუეტს, მკაფიოდ გამოირჩეოდა ჩაშავებული უფსკრულის ფონზე, და ეს სილუეტი თანდათან დაპატარავდა, ჩემმა თვალის არემ ეს კარგად აღიქვა.

    ამ აღმოჩენამ ნიადაგი გამოაცალა ჩემს ისედაც გაჭირვებით შეკოწიწებულ სულიერ მხნეობას და სიმშვიდეს. მივაბიჯებდი მთელი სხეულით დაჭიმული, უდიდეს ძალას ვატანდი თავს, რომ თვალები დაბლა და დამეხარა, ძირს არ დამეხედა. ეს ხომ გარდაუვალი დაღუპვა იქნებოდა, თავს ვეღარაფრით ვერ შევიმაგრებდი, ხიდის დავიწროებით ისედაც აფორიაქებული. არადა, რა ძალით მიზიდავდა ის უფსკრული... თითქოს მეძახდა, მიხმობდა, ერთი ჩამოიხედეო ჩემსკენ... არა!.. მთელმა ფიზიკურმა თუ სულიერმა ძალამ, რაც კი გამაჩნდა, ჩემს თვალებში მოიყარა თავი, და ჩემი თვალები ერთი წამითაც არ ცვლიდნენ ხედვის მიმართულებას... არ ცილდებოდნენ ჩემი თანამგზავრის მხსნელ ფიგურას და მის მიღმა შორს გაზიდულ სივრცეს. იგი ისევ ისე არხეინად მიაბიჯებდა იმ წვრილ ხიდზე, არაფრით არ დასტყობია, თუ რაიმე შეიცვალა. თითქოს ვერც კი ამჩნევდა, ხიდი ასე რომ დავიწროვდა. კი არ მიდიოდა, მისეირნობდა, ჰო, მისეირნობდა, თავისუფლად და არხეინად... მეც მივყვებოდი, მივყვებოდი შეუჩერებლივ, მისი საოცარი სიმშვიდით გულმოცემული.

    ხიდი კიდევ უფრო დავიწროვდა... თვალდათვალ დნება წყალში ჩაგდებული ყინულის ნაჭერივით. ახლა ის უკვე ხიდი კი არა, თხელი, ვიწრო ფიქალია, უფრო სწორად ლატანია, თხელი, მერყევი, ფეხქვეშ რეზინასავით იდრიკება. ლატანი მეტად აღარ უნდა დავიწროვდეს, თორემ მასზე სიარული სრულიად შეუძლებელი იქნება... ჰო, მგონი მეტად აღარ ვიწროვდება. შევძლებ მასზე სიარულს, მთვარია უფსკრულზე არ ვიფიქრო, უფსკრული საერთოდ არ არსებობს, ნაბიჯი ზუსტი მიმართულებით გადავადგა.

 

 

    ტყუილად ვიიმედებდი თავს. მინდოდა თუ არ მინდოდა, მხედველობის გარე ორბიტით უნდა დამენახა, ის ლატანიც ვიწროვდებოდა. დაპატარავდა, სულ მთლად გაილია, სანამ ნამდვილ ჯამბაზის თოკად არ იქცა.

    ჩემი თანამგზავრი კი... ერთი მოეხედა იმ დალოცვილს, დაენახა რა დღეში ვიყავი. ხელი გამოეწოდა ჩემთვის. არც უფიქრია, მიდიოდა, მირონინებდა თავისთვის, მე კიდევ ხმის ამოღების კი არა, სუნთქვისაც მეშინოდა, ვაითუ წონასწორობა დავკარგო-მეთქი. ერთი ამობგერება, ჰაერით ოდნავი შერხევაც საკმარისი იქნებოდა ამისთვის. უკიდურესად დაძაბული და თვალგაშტერებული უხმოდ ვადგამდი ნაბიჯებს, სადღაც ქვევით თვალის არეში ხიდის მკრთალი სილუეტი ციმციმებდა.

    ბოლოს ეს მკრთალი სილუეტიც დამეკარგა მხედველობიდან. თითქოს უფსკრულის სიშავეში გაიხსნაო, ისე გაუჩინარდა, ის საცოდავი წვრილი საყრდენიც გამომეცალა ფეხქვეშ. უკვე აღარაფერი მაკავებდა, საცაა ჩავეშვებოდი იმ უფსკრულში. ერთი პირობა იმ აზრმაც კი გამიელვა, ალბათ მე უკვე მივფრინავ მისკენ და ვერცა ვგრძნობ ამას, შიშმა დამიკარგა თავგზა.

    რაღა მაქვს დასაკარგი-მეთქი, ვიფიქრე და შევძახე ჩემს თანამგზავრს შიშით აკანკალებული ხმით: მომხედე, ადამიანო, ვიღუპები, ხიდი აღარ ჩანს.

მან მოიხედა, მოიხედა და რა სახე ჰქონდა იცით? არა, რაიმე განსაკუთრებული კი არა, მაგრამ სულ სხვა სახე კი იყო, იმას არ ჰგავდა, რითაც ხიდის დასაწყისში გამომეცხადა. აღწერით კი ვერც იმას აღვწერ, ვერ დავაკვირდი კარგად, არ მცხელოდა საამისოდ. სულწასული ველოდი, რას მეტყოდა. იქნებ ეთქვა დავიღუპეთო, გზა დაგვკარგვიაო. არა, არაფერი მაგის მსგავსი. იდგა არხეინად იმ არარსებულ ხიდზე, როგორც თქვენ დგახართ ამ წუთას მყარ იატაკზე. იდგა და მიყურებდა, სრულიად აუღელვებლად, მშვიდად. ჩემს სასოწარკვეთილ ყვირლზე ,,სადაა ხიდი, ფეხი სად დავაბიჯო“, მან დინჯად მითხრა: ,,შენს სხეულზე დაიხედე~.

    გამაკვირვა მისმა სიტყვებმა, ვეღარაფერი ვთქვი, გულში კი გავიფიქრე: ,,რა უცნაურ რამეს ამბობს. ასე ხომ შეიძლება წონასწორობა დავკარგო, თუ კიდევ მაკავებს რაიმე ამ დაწყევლილი უფსკრულის თავზე. არა, მხედველობის დაბლა დახრა, სულ მცირე გადაადგილებაც არ შეიძლება ჩემთვის, უკვე აღარც ხმას ამოვიღებ.

    ყველაფერი ეს ერთ წამში გავიფიქრე, ის თითქოს ჩემს გულში იჯდაო მიმიხვდა და ისევ გაიმეორა დინჯად: შენს სხეულზე დაიხედე.

    ცოტა ხანს კიდევ ვიყოყმანე, მერე მისი მშვიდი იერით გულმოცემულმა გავბედე თვალების დახრა, დავიხედე ჩემს სხეულზე, ჩემთვის აგრერიგად ნაცნობ, მახლობელ სხეულზე და მხოლოდ უძირო, საზარელი უფსკრული დავინახე. რამდენი არ ვეცადე, ვერაფერი ვერ დავინახე ამ უძირო ღამის გარდა. ვეღარც ჩემი ფეხები შევამჩნიე, რომლებითაც თითქოს ამდენ ხანს მოვაბიჯებდი, ამ ბეწვის ხიდზე, და საერთოდ არაფერი არ ჩანდა ჩემი. არც ხელები მქონდა, საკუთარი სხეულის სიმკვირვე რომ მომესინჯა, არაფერი, სრულიად არაფერი, დიდი შიში ვჭამე, ალბათ უფსკრულში ჩავარდნის აშკარა შეგრძნება არ დამცემდა უფრო მეტად თავზარს.

    - ეს რა ამბავია ჩემს თავს! - შევყვირე შეშინებულმა. - სადაა ჩემი სხეული! ვინა ვარ მე, ან შენ თვითონ ვინა ხარ?

    მან გაიღიმა, გაიღიმა საოცრად მშვიდი, ალერსიანი ღიმილით. აი, ის ღიმილი კი ნათლად მახსოვს, არც დამავიწყდება ჩემს სიცოცხლეში. ძალიან ნათელი,  თითქოს სხივების მფრქვეველი იყო. ადამიანის თვალით ხილულს მხოლოდ მზეს თუ შეუძლია ასეთნაირად გაღიმება, სხვას არაფერს. მე ინსტიქტურად მივეტანე ჩემი არარსებული სხეულით, მინდოდა მისთვის ხელი მეტაცნა, შიშით ატანილს, მანაც გამომიწოდა ხელი, შემეხო... მისი შეხებისთანავე თვალისმომჭრელად იელვა... ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა. იმ წამსვე ყველაფერი შეირხა, შორს გაზიდული, უცნაურად გაფართოებული სივრცე თითქოს უკუღმა ამოტრიალდა. შავად პირდაღებული უფსკრული სადღაც ჩემს თავს ზემოთ მოექცა, მე ადგილიდან მოვწყდი და ქვასავით გავქანდი სადღაც.

     თვალი რომ გავახილე, ისევ მზის ნათელი დავინახე. ცუღლუტი მეგობარივით მიღიმოდა, რაღაცას რომ გიეშმაკებს, გაგეხუმრება და მერე თვითონ კვდება სიცილით, შენ კი სრულებითაც არა ხარ სიცილის გუნებაზე. სველმა, გალუმპულმა ძლივს ავითრიე წელი. მწვანე გოლიათს, მე რომ შემიფარა, მეხი დასცემოდა. შავად დანახშირებული ნაიარევი მიუყვებოდა შტამბზე, შეტრუსულ ფოთლებს მოწყენით ჩაექინდრათ თავები. ბეწვზე გადავრჩენილვარ! ვთქვი ჩემთვის და მართლაც ხის ძირში მიგდებულ თოფს რომ ვიღებდი, ორივე ხელზე დამწვრობა შევამჩნიე.

    დავჯექი იმ ხის ძირში და დავფიქრდი. აზრების მოკრება მჭირდებოდა. თანაც ამ ცხელ კვალზე უფრო ადვილი იყო აღმედგინა ჩემი თავგადასავალი. ხეს მეხი დაეცა და მეც გული წამივიდა, ეს გასაგებია, მაგრამ მერე გრძნობაზე რაღამ მომიყვანა? იქნებ ამ ხეს ხელმეორედ დაეცა მეხი და იმან საამქვეყნოდ მომაბრუნა... ხომ ნათქვამია, რაც მოგკლავს, ისევ ის დაგარჩენსო. თუმცა რას ვამბობ, შევეკამათე ჩემს თავს: დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორჯერ ზედიზედ ერთ ხელს მეხი როგორ დაეცემა, ეს ხომ ალბათობის თეორიას ეწინააღმდეგება, ყველა მათემატიკოსი ასე მეტყვის.

    ვეღარაფერი ვერ მოვიფიქრე ამ ცხელ კვალზე და წამოვლასლასდი ნელ-ნელა, სულ მთლად დამტვრეულ-დაბეჟილი ვიყავი. მაგრამ ძია პეტრეს ძაღლის დაკარგვა ისე მაწუხებდა, ჯერ იმასთან შევიარე. ვიფიქრე, ასეთ დღეში რომ მნახავს, თავს აღარ გამოიდებს-მეთქი. მივედი და რას ვხედავ: ძია პეტრე პატრიარქივით ზის სავარძელში, ბეგი იქვე არხეინად გაწოლილა, ცხვირი ბალახში წაურგავს. ჩემს მისვლაზე თავი ოდნავ წამოსწია და კუდი ზარმაცად გააქიცინა ჰაერში. მოვუყევი ძია პეტრეს ჭექა-ქუხილის ამბავი, როგორც გასამართლებელი საბუთი, ნანადირევი რომ ვერ მივართვი. ჩემსკენ დინჯად მოაბრუნა მხცით შემოსილი თავი, გამოხუნებული თვალები შემომაშტერა და რის ჭექა-ქუხილი, როდის იყო ჭექა-ქუხილიო, მკითხა.

ნახვა: 563

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, ქუხილი, წვიმა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters