მყუდრო ოთახი იყო, ვერ დაიწუნებდი. განათება, გათბობა, რბილი სავარძელი...  შეგეძლო მოხერხებულად დამჯდარიყავი და კარგად დაგესვენა, ისე რომ აღარაფერზე გეფიქრა ამქვეყნად, გამოგებერტყა თავიდან ყველა საზრუნავი, ერთი წამითაც რომ არ აძლევს მოსვენებას ადამიანს. თვითონ ოთახი ქმნიდა საამისო განწყობას, იმდენად მკვიდრი, პატიოსნად და გულიანად ნაშენ-ნაგები იერი ჰქონდა.

   ჭერი, იატაკი, კედლები, ყოველივე ლარივით სწორ ხაზზე გადიოდა. ეს ხაზები უდიდესი სიზუსტით გამოთვლილ წერტილებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე ისევ შორდებოდნენ. არსად, არც ერთი მიმართულებით არ ირღვეოდა ეს უნაკლო სწორხაზოვნება, უდიდესი გეომეტრიული სიზუსტე სუფევდა ოთახში და ვერც წარმოიდგენდი ძალას, რომელსაც მისი შებღალვა შეეძლო.

   არც პეწი და ლაზათი აკლდა, მსუყე, დახვეწილ ფერებს და ფორმებს გაჰქონდათ ირგვლივ ბზინვა და კრიალი. იატაკზე ხალიჩა ეფინა, ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული ნაყშებით მოხატული. წითელი ფერი სჭარბობდა იმ ნაყშებში, ასე ჩანდა თვალის ერთი გადავლებით. კედლებზე შპალერი გაეკრათ, ისიც მოხატულ-მოკაზმული: ყვავილები, ღეროები, ფოთლები, მერე რამდენიმე წერტილი, ისევ ყვავილები... აქაც ყოველივე უდიდესი სიზუსტით იყო შერწყმული. შპალერი შპალერის ნაწიბურს ისე ხვდებოდა, რომ ყვავილი ყოველთვის ზუსტად თავის ღეროზე იყო ამოზრდილი. რამდენიც არ უნდა გეძებნათ და გეკირკიტათ, ვერ ნახავდით ისეთ ყვავილს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ წესს დაარღვევდა, ანუ საკუთარ ღეროს აცდენოდა.

   თუმცა, ბოლოს მაინც შევამჩნიე ისეთი ყვავილი, რომელიც საკუთარ ღეროს სცდებოდა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ ერთ ადგილას აღმოჩნდა, სხვაგან აღარ განმეორებულა, თან ეს გადახრაც ძალზე უმნიშვნელო გახლდათ. ასე რომ, დიდ ცოდვად არ ჩაითვლებოდა, გარკვეული აზრით სასარგებლოც კი იყო.

  ეს ძლივს შესამჩნევი აცდენა ღეროსა და ყვავილს შორის კიდევ უფრო უსვამდა ხაზს ოთახის უნაკლო სიმწყობრეს, უფრო ააშკარავებდა მის უზუსტეს შინაგან მთლიანობას და კეთილმოწყობილ იერს.ანუ, ეს იყო მცირე უწესრიგობა, რომელიც დიდ წესრიგს ადასტურებს.

   ჭერის სიმაღლეს რაც შეეხება,  ვერც ამ მხრივ იტყოდი რაიმე შენიშვნას. ამ  ოთახს რომ შეეფერებოდა, სწორედ ისეთი სიმაღლე ჰქონდა. ოღონდ....  ეჰ, ნეტავი დროზე მიმექცია ამისთვის ყურადღება. მხოლოდ მოგვიანებით შევამჩნიე, რომ ჭერი დაბლდებოდა. ოთახის თვალიერებას მოვუნდი, მთელი ყურადღება მის მორთულ - მოკაზმულობაზე მქონდა გადატანილი.

   გამიკვირდა ეს ამბავი, ვითომ რატომ უნდა დაბლდებოდეს ჭერი? ასეთი რამ ძველებურ რომანებში თუ წამიკითხავს, შუასაუკუნეობრივ კოშკებში იყო თურმე მსგავსი საწამებელი ოთახები, ჭერი დაეშვებოდა და ადამიანს ბაღლინჯოსავით დაასრესდა იატაკზე. ამის წარმოდგენაზეც კი ყველას გააჟრიალებს...  რა დღეში უნდა ჩავარდე, როცა ცხადად იხილავ ასეთ კოშმარულ სურათს, _ დაბლა ჩამოწეულ ჭერს. თანაც ეს ჭერი შენს თავს ზევით რომაა...

   თავდაპირველად არ დავუჯერე საკუთარ თვალს, ვიფიქრე, რაღაც წარმოსახვითი საშიშროების ტყვეობაში ვიმყოფებოდი. ოთახი, რომელიც ასეთი მყუდრო და კეთილმოწყობილი გახლდათ, სიმშვიდეს და სიმკვიდრეს რომ გაგრძნობინებდა ერთი შეხედვისთანავე, არაფრით არ შეიძლებოდა საწამებელი იარაღი ყოფილიყო. ამის წარმოდგენაც კი როგორღაც აბსურდული და მიუღებელი ჩანდა.

   დავირწმუნე თავი, რომ თვალი მატყუებდა და ჩემს თავს ზემოთ გამოკიდებულ ჭერს ერთი მილიმეტრითაც არ ჩამოუწევია დაბლა. გაზეთი გავშალე სავარძელში მყუდროდ მოკალათებულმა და უახლესი ამბების თვალიერებას შევუდექი... ნაირ-ნაირი ჟურნალ-გაზეთებით  დაზვინული პატარა მაგიდა სავარძლის წინ იდგა...

   მაგრამ ერთ სიტყვასაც ვერ ვიგებდი წაკითხულიდან. ანდა რას გავიგებდი, როცა მთელი ყურადღება მაღლა, ჭერისკენ მქონდა მიმართული. ნეტავი დაბლდება თუ არა? კიდევ ხომ არ ჩამოიწია... ეს კითხვა განუწყვეტლივ ხმიანობდა ჩემს ფიქრებში, თან მაღლა ახედვის მეშინოდა.         ასეთ გაურკვეველ ყოფაში დიდხანს ვერავინ გაძლებს. ბოლოს მაინც ავიხედე მაღლა და ვნახე, რომ ჭერი კიდევ უფრო დადაბლებულიყო.

   აშკარაა, ეს ოთახი საწამებელი იარაღი ყოფილა, ჭერი ნამდვილად დაბლდება! - ვთქვი გადაწყვეტილად. ორიოდე წუთს კიდევ დავიცადე, რათა ამაში საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი. ამ მცირე ხნის მანძილზე ცხადად დავინახე, ჭერი როგორ ჩამოიწია.

      ამას გარდა, ისიც შევამჩნიე, რომ კედლებმაც წამოიწიეს წინ. თურმე კედლებიც მოიწევდნენ, ეს მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ აღმოვაჩინე, რადგანაც თვალი ჭერისკენ მეჭირა გამუდმებით. აბა, რას ვიფიქრებდი, თუ ეს ოთახი, ასეთი მყუდრო და შნოიანი, ბევრად უფრო უარესი იყო, ვიდრე შუასაუკუნეობრივი საწამებელი ოთახები.

    ერთხელ კიდევ მოვავლე თვალი უსიამოვნოდ იერშეცვლილ, დაპატარავებულ ოთახს და ერთ -ერთ კედელში დატანებულ კარებში გავაბიჯე...გავერიდე იმ  საშინელებას,  რაც ამ ოთახში მელოდა უეჭველად.

    

     იქაც ოთახში ამოვყავი თავი. უწინარეს ყოვლისა,  ჭერს და კედლებს მივაპყარი მზერა. მადლობა უფალს, ჭერი სრულიად ნორმალური სიმაღლისა იყო.  კედლების დაშორებასაც არა უშავდა, საეჭვოს ვერაფერს შენიშნავდი.

    როცა გული ამ მხრივ დავიარხეინე, ანუ როცა დავრწმუნდი, რომ სრულიად ჩვეულებრივ, ნორმალურ ოთახში ვიმყოფებოდი და არა რაღაც შუასაუკუნეობრივ საწამებელ დილეგში, დანარჩენ წვრილმანებსაც გადავხედე. ეს ოთახიც წინანდელივით მყარად და მკვიდრად ნაგები, კეთილმოწყობილი და შნოიანი გახლდათ. არც აქ ირღვეოდა სწორხაზოვნება: კედლები, ჭერი, იატაკი, ყველაფერი დარბაისლურად გაჭიმულიყო ლარივით სწორ ხაზზე. იატაკზე აქაც ხალიჩა ეფინა, კედლებზე შპალერი იყო გაკრული.

    ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: როგორც ხალიჩის, ისე შპალერის ნაყშები და მოხატულობა მეტ - ნაკლებად განსხვავდებოდნენ წინანდელისგან, ხალიჩაზე ლურჯი ფერი სჭარბობდა, რაც შეეხება შპალერს, მასზე შედარებით მომცრო ყვავილები იყო მოხატული, ფორმაც ოდნავ განსხვავებული ჰქონდათ.

    როცა დავუკვირდი, აქაც აღმოვაჩინე, რომ ერთგან ყვავილი აცდენოდა თავის ღეროს, ზუსტად იმდენზე აცდენოდა, რამდენზეც წინა ოთახში.

    რბილი, მოხერხებული ავეჯი აქაც იდგა. ფაფუკი სავარძელი თავისკენ გიხმობდა მოსასვენებლად. სავარძლის წინ პატარა მაგიდა იდგა, ჟურნალ - გაზეთებით დაზვინული. ერთი სიტყვით, ამ ოთახის წამიერი თვალის გადავლებაც კი მყუდროების საამურ გრძნობას ბადებდა.მეც აღარ დამიხანებია, მოვიკალათე სავარძელში, ჟურნალ-გაზეთების თვალიერებას მივყავი ხელი...

    არ ვიცი, როდის ან როგორ შევამჩნიე, რომ ჭერი აქაც დაბლდებოდა. მე ხომ არაფრით არ ველოდი ამას. სრულიად შემთხვევით ავიხედე მაღლა... ანდა ვინ იცის, იქნებ სადღაც სულის სიღრმეში მაინც მქონდა რაღაც ამდაგვარის მოლოდინი.

    სათქმელადაც კი ძნელია, თუ რა თავზარი დამცა ამის დანახვამ. შიშის გრძნობას გაკვირვებაც დაერთო. ვთქვათ, ერთი ოთახი საწამებლად იყო გამოყენებული, როგორც შუასაუკუნეობრივ ციხე-კოშკებში იცოდნენ.  დავიჯერო,მეორეც ასეთია? რიღასთვის დასჭირდათ იმ მეორე ოთახის ზუსტი ასლი? ნუთუ ერთი საკმარისი არ იყო... ანდა იქნებ თვალი მატყუებს?..

    არა, თვალი არ მატყუებდა, ჭერი ლამის თვალდათვალ იწევდა დაბლა.

    ... და რა თქმა უნდა, კედლებიც... ვხედავ, აქაც იგივე ამბავია, რაც წინა ოთახში. კედლები აქაც მოიწევენ ჩემზე. აღარაა საჭირო მათი  გულდაგულ კირკიტი, ანდა მანძილის გაზომვა მათ შორის. ყველაფერი ისედაც ცხადად ჩანს. რა შეუბრალებლად, რა შეუნელებლად მოიწევენ. გგონიათ, ერთი წამით შეყოვნდებიან? არა, რამდენჯერაც არ უნდა შეამოწმო, ყოველთვის ამჩნევ, თუ როგორ განუხრელად მცირდება მანძილი მათ შორის. თითქოს სივრცე იკუმშება ჩემს ირგვლივ, შეკუმშული სივრცე თავის თავში იწოვს ჭერს და კედლებს, მე კი მათ შორის ჭუპრივით ვარ გამომწყვდეული.

    ვერაფერი სახარბიელო მდგომარეობაა.  კიდევ კარგი, გამოუვალი მაინც არ ეთქმის: ამ ოთახის კედლებშიც არის კარები დატანებული.

    გულმა არ მომითმინა, ერთხელ მაინც არ გადამევლო თვალი ამ დაპატარავებული ოთახისთვის, მეტად უსიამოვნო სანახავი იყო... და მხოლოდ ამის შემდეგ გავაბიჯე კარებში.

     ამ კარების იქითაც ოთახი აღმოჩნდა, დაახლოებით წინანდელის ზომისა.

      ნეტა  სხვა მხრივ როგორაა საქმე?

     ვნახოთ(მგონი მეტისმეტად ეჭვიანი გავხდი).ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, ეს ოთახი არაფრით არ ჩამოუვარდება მის წინამორბედებს. არც კეთილმოწყობით, არც პეწით და ლაზათით. თუმცა მსგავსი წვრილმანების კირკიტით თავს აღარ ვიწუხებ, აღარც ღეროდან აცდენილ ყვავილს დავეძებ კედელზე აკრულ შპალერში, თუმცა ვიცი, აუცილებლად აქაც იქნება რომელიმე კედელზე. ოთახში შესვლისთანავე სავარძელში ვჯდები და ნეტარებით ვისვენებ. ორი წინა ოთახი საწამებლადაა გამოყენებული, შეუძლებელია მესამეც მათი მსგავსი იყოს.

    მაგრამ ეჭვის ჭია შეუჩერებლად ფათურობს გულში. რას გააჩუმებ: თუ ერთხელ მაინც ნახე ასეთი უსიამო და მომაკვდინებლად საშიში რამ, მთელი ცხოვრება მისი ტყვე ხარ. არავინ არ თქვას, ამის დავიწყებას შევძლებო, რა გულოვანიც არ უნდა ბრძანდებოდეს.და მეც მაღლა ვაპყრობ მზერას, ნეტავი რა ხდება ჩემს თავს ზემოთ?

    ვამჩნევ,   ჭერი დაბლა აქაც ჩამოწეულა, აშკარად  ჩანს.    

    კედლები? კედლებს რაღა შეაჩერებთ. ჭერთან ერთად ისინიც მოიწევენ, ისინიც დაძრულან ადგილიდან, შპალერგაკრული თუ შეღებილი, მოხატული თუ ჩუქურთმამოვლებული, პრიალა თუ ხავერდოვანი. ყვავილებიც მოიწევენ, ღეროდან აცდენილიც და დანარჩენებიც.

     კარები... ერთადერთი ჩემი მხსნელი.

     კარებს მიღმა  ისევ ოთახი, წუნდაუდებელი ხაზებით და ფორმებით. არც მყუდროება აკლია სხვა სიკეთესთან ერთად და არც ღეროდან აცდენილი ყვავილი.

     ახლა კი ფეხს აღარ მოვიცვლი აქედან.

     იქნებ სულაც მეჩვენება ყველაფერი, იქნებ არ დაბლდება ჭერი და არც კედლები გადმოდიან იერიშზე.

     საქმე გაძლებაზეა, უნდა გავუძლო...

     დავჯდები და დაველოდები. ვნახოთ, რა მოხდება.

     გაზეთს ვფურცლავ და ვცდილობ ზევით არ ავიხედო.

     თუმცა ზევით ახედვა არაა აუცილებელი, ისედაც ვამჩნევ (ვამჩნევ იმ მხედველობით, რითაც ადამიანი გარე სივრცეს აღიქვამს), რომ ჭერმა აქაც ჩამოიწია.

     ჩამოიწია და ჩამოიწიოს, მე ზევით აღარ ვიხედები.

     კედლებიც მოიწევენ.

      არ მაინტერესებს,

     ჭერი კიდევ უფრო დაბლდება,

     კედლებიც უფრო მოახლოვდნენ.

     არაფრის დანახვა არ მინდა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებაა.

     წინა  ოთახებშიც მხოლოდ მეჩვენებოდა ყველაფერი, თორემ არც ჭერი დაძრულა ადგილიდან და არც კედლები გადმოსულან იერიშზე.

     იქ ილუზიის ტყვეობაში ვიყავი.

     ახლა აღარ უნდა დავემორჩილო ამ მოჩვენებით საშიშროებას.

     ყველაფერი რიგზეა, არც ჭერი დაბლდება, არც კედლები მოიწევენ და არც ვიწუხებ თავს ამის შესამოწმებლად, არც ჭერს ვუყურებ, არც კედლებს.

     მთელი არსებით გაზეთში ვარ ჩაღრმავებული.

     უეცრად ვიგრძენი, როგორ მსუბუქად შემეხო თავზე რაღაც...

     დაუჯერებელია...

      ნუთუ მართლა ჩამოიწია ჭერმა?

      მე მისი სიმკვრივე შევიგრძენი, როცა თავზე შემეხო, მაგრამ ხომ შეიძლება,  ეს შეგრძნება მოჩვენებითი იყოს...

     „შეიძლება“ კი არა, ნამდვილად ასეა!

     არც ამ მოჩვენებას უნდა ავყვე.

     ადამიანს ბევრი რამ შეიძლება მოეჩვენოს, მისი ნერვიული სისტემა ძალზე მგრძნობიარე და მოწყვლადია.

     მაგრამ აი, სავარძელი, მოხერხებული, მაღალზურგიანი, რბილი სავარძელი... იგი უსულო საგანია, არც აზროვნება გააჩნია, ვერც ვერაფერს გრძნობს. აქედან გამომდინარე, არც არაფერი მოეჩვენება.

    რბილ ნოხზე ვჯდები, სავარძლის გვერდით.

    საინტერესოა, სავარძელს თუ შეეხება ჭერი?

    ვნახოთ...

    ისევ ჟურნალ-გაზეთებს მივუბრუნდი, გულის გადაყოლების ნაცად საშუალებას და მართლაც გადავაყოლე გული, ცოტა ხანში ოთახი სრულებით დამავიწყდა.

      უეცრად ჭახანის ხმა მომესმა.

      თავი ავწიე. ვხედავ: სავარძლის ზურგი შუაზე გადახლეჩილა ჭერის დაწოლისგან.

      კედლები? კედლები ისე ახლოს მოწეულან, ხელი რომ გავწიო, ოთხივეს შევეხები ადგილიდან დაუძვრელად. ნამდვილი კუბოა...

     ეჭვი არაა, ეს ოთახიც საწამებლად ყოფილა შექმნილი. რაც უფრო მალე გავალ აქედან, მით უკეთესი.

     დიახ, მით უკეთესი, მაგრამ...

     თავში დამცეცხლა... მართლა, კარები! ამ ოთახშიც არის კარები, როგორც მის წინამორბედებში. ჰოდა, სანამ მე აქ ვყურყუტობდი, ალბათ დაპატარავებულ კედლებში მოემწყვდა და ვაითუ ვეღარ გავაღწიო...

     შიშისგან ეკალდაყრილი მივხოხდი კარებთან, წამოდგომა უკვე აღარ შეიძლებოდა... ორივე ხელი ჩავავლე კარის სახელურს და მოვწიე.

    მადლობა უფალს, გაიღო...

    გამოვაღე და გავძვერი, ფორთხვით გამოვედი  იმ შეკუმშული ოთახიდან...

    ძლივს თავისუფლად ამოვისუნთქე.

    აქაც ოთახი...

    კეთილმოწყობილი, მკვიდრად ნაგები, მიხატულ-მოხატული და ა.შ.

    რბილი სავარძელი აქაც დგას, ჟურნალ-გაზეთების პატარა მაგიდით.

    მაგრამ დაჯდომას არ ვჩქარობ.

    იქნებ ეს ოთახიც საწამებლადაა შექმნილი!

    უფრო ჭკვიანური იქნება, მანამ გავასწრო აქედან, სანამ ჭერი და კედლები იერიშზე გადმოვიდოდნენ.  . ვინ იცის, იქნებ საწამებელი ოთახების მთელ კოლექციას გადავეყარე, თუმცა გასაკვირი კია, ვის რაში დასჭირდა ერთად ამდენი საწამებელი ოთახი. რაც შეიძლება, შორს უნდა გავცილდე აქაურობას... ბოლოს და ბოლოს, აქედან მოშორებით ალბათ ჩვეულებრივი ოთახიც იქნება სადმე.

    ასე გადავწყვიტე და აღარც დამიყოვნებია: გავაღე კარები და გვერდით ოთახში გავედი. იქიდან კიდევ სხვა ოთახში, იქედანაც სხვაში და ასე დაუსრულებლად. მიმოვდივარ ოთახიდან ოთახში... ყველა ოთახი ლამის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ყველა კეთილმოწყობილია და მკვიდრი, ყველა მოხარულ-მოხატულია და ცხადია, ყველგან იქნება ღეროდან აცდენილი ყვავილი, თუ კარგად მოძებნის კაცი...

   ოთახი... კიდევ ოთახი... სავარძელი... შპალერი... ღეროდან აცდენილი ყვავილი...

    ბოლოს, სიარულით დაღლილი, დავჯექი ერთ-ერთ ოთახში და ვთქვი, ფეხსაც არ მოვიცვლი

აქედან, თუნდაც ჭერმა ბუზივით მიმასრისოს იატაკზე.

    შევასრულე კიდეც ეს აღთქმა.

    კარგა ხანს გავუძელი... დიახ, გავუძელი, რადგან აქაც დაიწყო ჭერის და კედლების იერიში, მე კი ადგილიდან არ ვიძროდი... თუმცა ალბათ დაღლილობის ბრალიცაა, ადგომის თავი აღარ მქონდა.

    თურმე ყველა ოთახი საწამებელი იარაღი ყოფილა.

    აქაც მოიწევენ ჩემზე, ჭერიც და კედლებიც. რა საზარელია ეს მდორე, ჩუმი და შემპარავი ცოცვა. თანდათან, შეუბრალებლად აპატარავებენ სივრცეს ჩემს ირგვლივ და ეს შეკუმშული, დაპატარავებული სივრცე ყოველგვარ მჭრელ იარაღზე უარესია. იგი გახრჩობს, გახრჩობს ისე, რომ არც კი გეხება.

    ეს ყველაფერი უარესია, სიკვდილზე უფრო ძნელია. იქნებ ვინმემ, ჩემზე ძლიერმა გაუძლოს ჭერის და კედლების  ამ უხმო იერიშს. მე არ შემიძლია...

     იქედანაც გავრბივარ სხვა ოთახში...

     ცოტა ხნით ნეტარებით ვისვენებ... ვისვენებ იმ დროის განმავლობაში, სანამ ჭერსა და კედლებს შორის ჯერ კიდევ საკმარისი დაშორებაა და ჩემს ირგვლივ შედარებით ფართო სივრცეა. ამ დროს თავისუფლად ვსუნთქავ, თავს თითქმის არხეინადაც კი ვგრძნობ.

   მერე კი, როცა ჭერი და კედლები გადმოვლენ იერიშზე და სივრცე კვლავ დაიწყებს შეკუმშვას ჩემს ირგვლივ, სასწრაფოდ გავაღებ კარებს და სხვა ოთახში გადავინაცვლებ, უაღრესად კეთილმოწყობილ, მყუდრო ოთახში, სადაც იქნება სავარძელი, ჟურნალ-გაზეთების პატარა მაგიდა და კედელზე მიხატული ღეროდან აცდენილი ყვავილი.

ნახვა: 249

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters