ვიდრე ფარდა გაიხსნება ისმის მუსიკა, მუსიკის ფონზე მეზღაპრე იწყებს მოყოლას:

მეზღაპრე: იყო და არა იყო რა (ფარდა ნელნელა იხსნება. სცენაზე ჩნდებიან სიცივისაგან, შიმშილისაგან და სიბნელისაგან შეწუხებული და ატირებული ადამიანები) - იყო ერთი ქალაქი. ის ქალაქი ბოროტ დევს დაეპყრო და მოეჯადოვებინა. იქ გამუდმებით ციოდა, ბნელოდა... ირგვლივ მხოლოდ შიმშილი, ტირილი და გოდება გამეფებულიყო. დღითი–დღე იცლებოდა ქალაქი, - დღითი–დღე ცარიელდებოდა. დევი კი ამ ყველაფერს არად აგდებდა. უფრო მეტიც, მხიარულადაც კი ღიღინებდა:

(შემოდის დევი, მდიდრულად შემოსილი და ამაყი, თათავისი მლიქვნელი მსახურებით გარემოცული. ირგვლივ მედიდურად მიმოიხედავს და ხმამაღლა იღრიალებს:)

დევი: ჰააა!!! მუხლებზე ყველა! ხომ არ დაგავიწყდათ ვინ ვარ მე!

დევის სიმღერა:

მე ვარ დევი ამ ქალაქის მპყრობელი,
ჩემს ხელშია მისი ყველა კვანძი,
მისი ტყე და მისი წყლებიც ჩემია,
მე მეკუთვნის ამ ქალაქის განძი.

მისამღერი 2-ჯერ:
აბა ვინმემ აიმაღლოს ხმა,
აბა ვინმემ შემიშალოს ხელი.
ურჩევნია ამის გაფიქრებაზეც,
თავის ხელით გამოიჭრას ყელი.

მე ვარ დევი ამ ქალაქის ბატონი,
ერთადერთი ხელმწიფე და პატრონი,
და ჩემს მეტი აქ თითს ვერვინ გაანძრევს,
ნემსის ყუნწში ძაფსაც კი ვერ გააძვრენს!

მისამღერი 2-ჯერ:
აბა ვინმემ აიმაღლოს ხმა,
აბა ვინმემ შემიშალოს ხელი.
ურჩევნია ამის გაფიქრებაზეც,
თავის ხელით გამოიჭრას ყელი.

(გულზე მჯიღს იცემს და ხარხარებს.)

მეზღაპრე: ხალხი კი გულმოკლული ქვითინებდა.

მღერის მოხუცი:
რა შევცოდეთ ამისთანა, რა შევცოდეთ,
ვინ დაგვწყევლა, ვინ დაგვწყევლა ნეტავ?
ნუთუ აღარ უნდა დადგეს ნათელი,
ნუთუ აღარ უნდ ადაგეს მეტად.

(მღერის მოხუცი დედაბერი, რომელიც ჭიდან წყალს იღებს, თან გოდებს):

ნუთუ აღარ უნდა გამოიზამთროს,
ან გაზაფხულს ვერ ვიხილავთ კვლავ,
მზის სხივები ნუთუ აღარ გაგვათბობს,
ამ "ტირანის" ხელი რატომ გვკლავს.

მისამღერი: (მღერის მთელი ქალაქი)
ღმერთო გამოგვიგზავნე
შენი მხსნელი მარჯვენა,
ღმერთო გვიწყალობე ჩვენ
სიცოცხლე გადარჩენა,
ღმერთო გამოგვიგზავნე
შენი მადლით ჩვენ შველა
ღმერთო შეგვიწყალე ჩვენ,
შეგვიწყალე ჩვენ ყველა.

ნუთუ ერთხელ კიდევ აღარ გაგვათბობ,
და ჩვენ პირში წყევლა აღარ გაქრება,
ნუთუ ერთხელ მაინ ცარ დაგვაპურებ,
ჩვენს გულშიაც ნაღველი არ გაქრება.

მეზღაპრე: აი ასეთი დღეები იდგა ამ ქალაქში, აუტანელი და გაუსაძლისი. საცოდავ ხალხს ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა. დევი კი შემოიკრებდა თავის ქვეშევრდომებს და გულისამრევად ეტრაბახებოდა. (დევი ეძახის თავის ქვეშემდომებს)

დევი: ჰეი, ჭინკუკაა! ჭინკუკა მეთქი, მოდი აქ დროზე.

ჭინკუკა: აქა ვარ თქვენო მოწყალებავ, აქა ვარ! (თავპირის მტვრევით გამორბის)

დევი: ჭინკუკა, თუ იცი მზე რატომ არ ანათებს ჩემს ქალაქს?

ჭინკუკა: (დაბნეულია) არ ვიცი ჩემო მბრძანებელო; ალბათ იმიტომ რომ (თავისთვის ჩაიბურტყუნებს): რა ვუპასუხო ახლა ამ უპატრონოს, (მერე ისევ აგრძელებს) ალბათ იმიტომ რომ...

დევი: (აგრძელებს პასუხს): იმიტომ რომ ჩემი შუქით და-ვაბ-ნე-ლეეე!

ჭინკუკა: (აღტაცებული იყვირებს); მართალია შენი შენი შუქით დააბნელე ბატონო, შენი შუქით! (თავისთვის კი ჩაიბურტყუნებს) ისე გაგისკდა ეგ უტვინო თავი, რავარს შენ არაფერი შუქი არა გქონდეს, შე გამოთაყვანებულო შენ!

დევი: მართალია ჩემო ჭინკუკა... (ოდნავ პაუზა) ჩემი შუქით დავაბნელე მზე! ახლა დემონუკას დამიძახეთ! (თვითონვე ყვირის) დემონუკა!
დემონუკაა! (ჭინკუკაც ყვირის)

ჭინკუკა: (იმერული აქცენტით) დემონუკა შენ მოუკვდი შენს პატრონს და შენ მოგიკვტა პატრონი, მოდი დროზე!

(დემონუკა გამორბის ყვირილით)

დემონუკა: (გურული აქცენტით) ელანძე მანდ განჩნდები ბატონო, ელანძე მანდ გავჩნდები... (გარბის აქოშინებული და დევის ფეხებათან დაემხობა) გისმენთ, ბაყბაყ-დევ ურჩხულევიჩ!

დევი: თუ მისმენ მიპასუხე! თუ იცი რატომ არ არსებობს სითბო და გაზაფხული ამ ქალაქში?

დემონუკა: თავში შემოირტყამს ხალს და თავისთვის შესძახებს: ------- რაი ვუპასუხო ახლა ამ აბდალას, რაი აქვს ჩაფიქრებული ნეტა? (ხმამაღლა იტყვის) ალბათ იმიტო ჩემო ბაყბაყ-დევ ურჩხულევიჩ, რომ... დავალიანება გვაქვს და ღმერთიც აღარ გვაძლევს გაზაფხულს...

დევი: არა შე უტვინო შენა! ჩემმა სითბომ დაჯაბნა გაზაფხული და იმიტომ!

დემონუკა: საცხა ეგეც მართალია ჩემო ბატონო! (თავისთვის) სულ მთლად გააბდლდა აი ბერიკაცი, ტიტუუ!

დევი: აბა ახლა ტარტაროზა მიხმეთ! (ჭინკუკა და დემონუკა აყვირდებიან) – ტარტაროზაა! ტარტაროზაა!

ჭინკუკა: ეუბნება ჩუმად დემონუკას
ვინ დაარქვა ამ უპატრონოს აი უბედური სახელი, როზა ქე ვიცი ქალის სახელია და აი "ტარტა" რას ნიშნავს კაცი ვერ გაიგებს (ჩაიფხუკუნებენ და აგრძელებენ ყვირილს)-ტარტაროზაა! თარტაროზაა! ტარტაროზა ქართლელია, გამორბის და თავისთვის ბურდღუნებს:

ტარტაროზა: ამათმა ხომ გამიხურეს საქმეი, წამდაუწუმა ტარტაროზაი, ტარტაროზაი. (ხმამაღლა კი იძახის) მოვდივარ ჰოოდე, მოვდივარ. (მოდის და ისიც ცალ მუხლზს მოიყრის დევის წინაშე, გულზე ხელს დაიდებს და მდაბლად ეტყვის) ტარტაროზაი გეახლა.

დევი: აბა თუ მართლა ტარტაროზა ხარ მიპასუხე: ცეცხლი რატომ არავის უნთია ამ ქალაქში?

ტარტაროზა: შეშა მაგათ არა აქვთ და გაზი, ცეცხლს რა ჯანდაბითგა დაანთებდნენ ჩემო ბატონო?!

დევი: ეეე, ჩაიჭერი ტარტაროზა, ჩაიჭერი! ჩეცხლი იმიტომ არა აქვთ, რომ ჩემმა ცეცხლმა სხვისი ცეცხლი ჩააქრო, გაიგე?

ტარტაროზა: ჰოო. გავიგე, მაშა?! (თავისთვის) ეეჰ, ხანდახან რა ახირებული არის ხოლმე, ჰაა?!

დევი: აბა ახლა კიდე ჯამბაზას დამიძახეეთ! (ყვირიან) ჯამბაზა, ჯამ-ბა-ზაა! ჟამბაზა გვერდყირამალებითა და ხტუნვით გამორბის და თან ყვირის: მოვდივარ ბატონო ჯოო, მოვდივარ (კახელია)

მიირბენს, ბატონის წინ დაიჩოქებს და ეტყვის:

ჯამბაზა: აქა ვაარ-ყე ჩემო ბატონო!

დევი: ჯამბაზაა, აბა გამოიცან, ქალაქში რატომ არა მღერიან?

ჯამბაზა: უტვინოები არიან და იმიტომა...

დევი: არა ჯამბაზა, ვერ გამოიცანი.

ჯამბაზა: კიდევა ვცდი შენი ჭირიმე.

დევი: კარგი, ერთხელაცა.

ჯამბაზა: ღვინოი ეგენი არა სვამენ და ქეიფის თავი მაგაი არა აქვთ, აბა თუ არ დალიე და მაილხინე როგორ უნდა იმღერო ჯოო, ო, მაპატიე,-ბატონოო!

დევი: კიდევ ვერ გამოიცანი ჩემო ჯამბაზაა!

ჯამბაზა: აბა რათა ჯო; რათ არა მღერიან?

დევი: ჯო კა არა ბატონოო, ჯამბაზ, ბატონოო!

ჯამბაზა: ჰო, ჯო, ბატონო, რად არა მღერიან მაშ?

დევი: იმიტომ, რომ ჩემ სიმღერამ სხვის სიმღერა გააქრო, გაიგე?

ჯამბაზა: ჰოოოო, ხედამ რა ბრძნულადა თქვა, ჯო!? ჩემმა სიმღერამაო, სხვისი სიმღერა გააქროვო, მოფიქრება არ უნდა ამასა?! რა ბრძენია ჯო, რა ბრძენია... (თავის ბჭობს)

დევი: გაიგე მეთქი?(უყვირებს)

ჯამბაზა: გავიგე, როგორ არ გავიგე ბატონო? გავიგე.

დევი: თუ მიხვდი როგორ მოხდა ესა?

ჯამბაზა: როგო არ მივხვდი ბატონო, შენ სიმღერაზე ბატონო ხალხი სათებს ასწორებს, ყარამანიანთ მიხოი ვირი მოგონებაა შენთანა ჩემო მწყალობელო, ე მაგი შემხედვარესა ვიღაი მოუნდებოდა სიმღერა ჯო, გააქრობდა მა რა მოუვიდოდა, ჰაა?!

იწყება დევის სიმღერა:

ჩემი შუქით დავაბნელე მზე,
და ეს შუქი მხოლოდ მე მეკუთვნის,
მე ვარ მხოლოდ ერთადერთი ბატონი,
ჩემს ხელშია გუთანი მეგუთნის.

ლაქია ქვეშევრდომებიც თვალთმაქცურ ხოტბას შეაცხამენ:

მსახურების მისამღერი:

შენ ხარ მხოლოდ,
შენ ხარ მხოლოდ,
ჩვენო მზეო და მთვარევ,
შეძელი და იბატონე,
ცოტაც ჩვენ გაგვახარე (თან თითებით ფულზე მიანიშნებენ)
ცოტა ჩვენც გამოგვიწოდე,
ცოტა ჩვენც გვიწყალობე,
თქვენო უბრწყინვალესობავ,
დიდებულო ხელმწიფევ.

1 ჩემმა სითბომ გაზაფხული დაჯაბნა,
და ეს სითბო მხოლოდ მე მეკუთვნის,
მე ვარ მხოლოდ ერთადერთი ხელმწიფე,
ჩემს ხელშია ხაზინა მედუქნის.

მის:

2 ჩემმა ცეცხლმა სხვისი ცეცხლი ჩააქრო,
და ეს ცეცხლი მხოლოდ მე მეკუთვნის,
მე ვარ მხოლოდ ერთადერთი მფლობელი,
ჩემს ხელშია ბედი მეთუნუქის.

მის:

ჩემ სიმღერამ სხვის სიმღერა გააქრო,
და სიმღერაც მხოლოდ მე მეკუთვნის,
მე ვარ მხოლოდ ერთადერთი მგოსანი,
ჩემს ხელშია ბედი სალამურის.

მეზღაპრე: დევს ერთი საშინელი ჩვევაც სჭირდა, თუ გაიგებდა, რომ ქალაქში ვინმე მასზე ჭკვიანი იყო, დაუძახებდა და პაექრობაში გაიწვევდა; - და თუ დარწმუნდებოდა მოპაექრის უპირატესობაში, იმ წუთში ხრამში გადაუძახებდა, ან კიდევ შეჭამდა.

ერთხელ ლაქიებმა ამბავი მიუტანესა.

დემონუკა: (თან თავში ხელის რტყმით მორბის, დანარჩენებიც უკან მოჰყვებიან) დიტუუ ბატონო! დიტუუ!

დევი: (ტახტზე გორაობს) რა ამბავია, რა მოხდა?

ჭინკუკა: რაღა რა ამბავია მწყალობელო, იქანეს ვინცხა კაცია და შენ წარმეიდგინე თურმე მღერის, აპა?!

დევი: მერე რა ამღერებს? ალბათ გიჟია.

ჭინკუკა: გიჟი კი არა, მომღერალია ჯო, მომღერალი.

დევი: მომღერალი...

ტარტაროზა: მაა კაცო, მომღერალი არის და მღერის გაიგეი?... თანაც თურმე ბულბულას ეძახიან.

დევი: (უფრო ხმადაბლა) მომღერალი?!... ბულბულასა...

ტარტაროზა: რა მომღერალი და მომღერალი აგიტყდა, ვერ გიაგე, მომღერალი მღერისო, - შენა...

ჯამბაზა: თანაცა იგრედ ამბობენ ბატონზედ უკეთესადაც მღერისო...

დემონუკა: წარმეიდგენდა მაგას ვინმე ბაყბაყდევ ურჩხულევიჩ? რას არ გაიგონებს კაცი, გააბდლდება თლად...

ჭინკუკა: უნდა დოუძახოთ ბატონო, უნდა დო-უ-ძა-ხოთ...

დევი: ბატონზე უკეთ მღერისოოო... თან მღერისო, თანაც ბატონზე უკეთაო...(ხმამაღლა იყვირებს) აბა, ახლავე აქ მომგვარეთ!

(მსახურები შეხტებიან)

დემონუკა: თლა ეგრე "სტროგათ" არ გინდათ ბატონო.

დევი: (კვლავ იღრიალებს) აააააააააა!

(ჭინკუკა დემონუკას მუჯლუგუნ წაარტყამს:)

ჭინკუკა: რას აღრიალებ ამ უპატრონოს, წავიდეთ ჩვენც და მოუთრიოთ ის ვიღაც ბულბულა თუ ყვავის ბახალა, კისერი ერთმა იტეხოს და კვენჩხი მეორემ... აბა წავიდეთ,

(გადიან, დევი მარტო რჩება, თავისთვის მსჯელობს)

დევი: თუ გიჟი არ არის, რა ამღერებს? გათბობა მაგას არა აქვს და სინათლე, ან კიდე მანიაკია, სიმღერის მანიაკი. თანაც მაიცა რას ეძახიანო? ჰო გამახსენდა: "კრაკადილაო", ჰი-ჰი-ჰი(ჩაიცინებს) "კრაკადილი" ხო ქართულად ნიანგს ნიშნავს.(სერიოზულად) ალბათ მართლა კარგად მღერის თორემ "კრაკადილას" არ დაარქმევდნენ. თანაც ბატონზე უკეთესადაო კაცოო?!... ბატონზე უკეთესადაო. მოიცა რაღაც შემეშალა... "კრაკადილას" კი არა, კარგად გავიხსენო... ბუ-ბუ... "ბულბულაო", ჰო, "ბულბულაო", მგონი ასე თქვეს, ნეტავი ეს ბულბული რაღა არის? ალბათ ეგეც მღერის. ერთი აქ მოათრიონ, მე ვაჩვენებ მაგასა სიმღერასა, ისე გავაბულბულ-გავაკრაკადილო როო... სულ გარდი -გარდმო მეჩხირებოდეს კბილებში. და გიჟი რომ გამოადგეს ისე გიჟებისა ცოტა არ იყოს მეც მეშინია რა იცი, უცბად მოუაროს თავში ჩაგარტყას რაღაცა მერე სად მიდიხარ? ეგეც შე-ნი ბაყ-ბაყ-დე-ვიი. ვინმე ისეთი არიყოს, აი ერთი რო იყო, იმის სახელის ხსენებაც კი არ მინდა მაგრამ მაინც ვიტყვი, აი ისაა, ისა ნაცარ... არა არა, არ ვიტყვი, სახელის ხსენებაზე უცებ აქ არ გაჩნდეს, ძლივს გამოვეპარე, აი ნაღდი გიჟი ის იყოო... მოიცა საით გავუტიე, მოიცა.. ის ამბავი რა გასახსენებელია ტფუი ეშმაკს ტფუი.

(ამასობაში მომღერალიც მოიყვანეს)

ჭინკუკა: მოვიყვანეთ ბატონო! (მოახსენაბს)

დევი თავის ფიქრებშია გართული, რომელიც ნაცარქექიაზე ფიქრობს, მოულოდნელად შეშინდება და დასამალად გაემზადება, თან შესძახებს.

დევი: ვინ მოიყვანეთ? (თან ცდილობს ტახტის ქვეშშეძვრეს).

ჭინკუკა: (თავისთვის) ამან მგონი მართლა გოუტიაა, (შემდეგ ხმამაღლა) ვინ მოგიყვანეთ ბატონო და იგი ბულბულა თუ ვინცხა.

დევი: ბულბულაა... ჰოო, თუ ბულბულა მოიყვანეთ... (ისევ ტახტის ქვეშაა ნახევრად)

ჭინკუკა: მანდ რას აკეთებთ ბატონო?

დევი: (დაბნეული) აი ისაა, ისაა, ნემსი დამივარდა და.

ჭინკუკა: (თავისთვის) ნემსი თვარა არ მყავდე ახლა შენც სასახლის მოდელიორი (ხმამაღლა კი იტყვის) თუ მიბრძანებთ მოგეხმარებით ბატონო მის მოძებნაში.

დევი: არაა, იყოს, მერე მოვნახოთ, აბა შემოიყვანეთ ი ბულბულა, ვნახო ერთი რა კაცია. (შემოყავთ)

ჯამბაზა: (მომღერალს)ფეხი გადადგი ჯო, რაი მიიკლარწები.

ტარტაროზა: შენა აქა რაა "სასვეტაო" ბაღი ხუ არა გგონია, ჰაა?

დემონუკა: დიტუუ, ეს რა "ნეჟნი" ვინცხა ყოფილა, ელანძე ფეხი გადაადგი ბიძიე თვარაა??...

მომღერალი: უახლოვდება დევს, დევი ტახტზე ზის.

დევი ახედ-დახედავს.

დევი: შენ ვინ ხარ?

მომღერალი: სალამურას მეძახიან ბატონო.

დევი: აკი "კრაკადილაო", "კრაკადილა" კი არა ისა, რა ქვია, "ბულბულაო?!"

სალამურა: სალამურას მეძახიანმეთქი, ხომ მოგახსენეთ ბატონო.

დევი: (მსახურებს) აბა ბიჭებო ჯერ თქვენ დაკითხეთ, მაინტერესებს ერთი რას იტყვის.

ჯამბაზა: შენა ჯო, "სალამურა" ხარ, "ბულბულა" თუ, "კრაკადილაი" სუ არ გვაინტერესებს ჩვენა გაიგეე? ერთი ის მიპასუხე რა გამღერებს?

სალამურა: მემღერება და ვმღერი ბატონო.

ტარტაროზა: შენა მაგას თუ ნაღდად ამბობ, გულითა არაა, მაშინა შენა ნაღდათ აფრეეენ!

სალამურა: რატომ ჩემო ბატონო?

ტარტაროზა: როგორ თუ რათა კაცო, შუქი არა გაქ, გათბობა არა გაქ, საჭმელი არა გაქ, სასმელი არა გაქ, მა რა ჩემი ფეხები გამღერებს ჰაა, თუ არაფერი არა გაქვს რა გემღერება?

სალამურა: სიყვარული მამღერებს ჩემო ბატონო, სამშობლოს სიყვარული.

ჭინკუკა: აგი მაგარი "დურაკია" ვინცხაა, ან ჩვენ "გვადურაკებს" ჩემო ბატონო, ერთს შეგეკითხები და ყოლიფერს გავარკვევ, ა უყურე. ხელფასი რამდენი გაქვს?

სალამურა: ხელფასი არ მაქვს, ვინც რას გაიმეტებს იმით ვარ კმაყოფილი.

ჭინკუკა: აბა რა ჯანდაბამ შეგაყვარა აი სამშობლო, ხელფასი შენ არა გაქვს და პენსია, რა სიყვარული გამღერებს, ამიხსენი ერთი.

სალამურა: რა ვქნა, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი სამშობლოა.

დემონუკა: ელანძე ბაყ-ბაყ-დევ ურჩხულევიჩ, აი სალამურაა თუ ვინცხა აბდალა "ნატურში" აგინტია. (მიმართავს სალამურას) ბიჭო, ორ-ორი ათასი დოლარი გვაქვს ხელფასი და კიდო რაცხა გამორჩენები და ჩვენ არ გვიყვარს აი სამშობლო, ერთი სული გვაქვს როდის გავიქცევით აქიდან, შენ რაღამ შეგაყვარა? არა აგენტი ხარ შენ, რეზიდენტი.

სალამურა: არა ბატონო, ღმერთს გეფიცებით, მართლა პატრიოტი ვარ.

დევი: აბა ერთი სიმღერაშიც გავეჯიბროთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

სალამურა: სხვა რა გზა მაქვს ჩემო ბატონო, თქვენი სიტყვა კანონია.

დევი: პირველი მე დავიწყებ.

სალამურა: გისმენთ ბატონო.

დევის სიმღერა:
მე ვარ დევი, ბაყბაყ დევი,
და ვმღერივარ მუდამ,
მუცელ ამოვსებული ვარ
ყოფა ასე უნდა.
მე ვარ დევი, დევთა-დევი,
და მჭამელი ბევრის,
მაძღარს ძალმიძს დავიმატო
სარჩო მთელი ერის.

ლაქიებმა იმ წუთში ხოტბა შეასხეს:
აი ასეთი ბატონი გვყავს
მეტად ძლიერი.
შენ კი ვინა ხარ ბებრუხუნავ,
მჭლე და ხნიერი,
ჩვენი ბატონი იმდენსა ჭამს,
თუნდაც ათას ხარს,
შენ კი ბებერო რა შეგიძლია,
ძლივსღა ჭუტავ თვალს(დასცინიან)

სალამურამ (ის მოხუცია) წკრიალა ხმით დაიწყო:

1 მე ვუმღერი ჩემს ქვეყანას,
ჩემი ქვეყნის ხალხს და მის ცას,
თუ სანშობლო არ მექნება,
იმ წუთს შევეჭამე მიწას.

2 ჩემი ტკბილი ხალხი მიყვარს,
ჩემი ერის ტკბილი ნანა,
მის მოსმენას თუ ვერ შევძლებ,
სული დამილიოს მანამ.

3 მიყვარს ზეცა, მე მზე მიყვარს,
მიყვარს მთვარე, ვარსკვლავები,
მიყვარს ყველა მოყვარე და,
მიყვარს თუნდაც ჩემი მტრები.

4 მოხუცი ვარ მაგრამ მაინც,
ჩემს სიცოცხლეს შევტრფი მუდამ,
თუ ის ჩემს ხალხს არ არგებს რას,
გადამაგდონ სადაც უნდა.

დევი და მისი მსახურები, ყველა გაოგნებული და პირდაღებული უსმენდა. ბოლოს დევმა ამოიღო ხმა:

დევი: მდაა. (მსახურებს გადახედავს) თქვენ რას იტყვით, ხრამში გადავაგდოთ თუ შევჭამო?

ჭინკუკა: რა ვიცი ბატონო, ის ხომ არ ჯობდა ცოტა ჩაგვემურაბებინა და მერე, ერთი-ორი-სამი წლის შემდეგ შეგეჭამათ, მანმადე კი ცოტას ქე გაგვართობდა თავისი სიმღერით ჰაა?

დემონუკა: მართლაც ბატონო. იქამდე სულაც ჩაგვემწნილ-ჩაგვემჟავებინა, იქიდანაც ქე მოახერხებდა ჩვენამდის ხმის მოწვდენას... კი ვერაფერი სახარბიელოდ ვერ მღერის მარაა, მაინც მოუსმებდა კაცი გაჭირვების ჟამს. რომ მოგვწყინდებოდა მისი მოსმენა მერე შეგეჭამათ, ან სულაც ხრამში გადაგეგდოთ

ჯამბაზა: იქნება დაგვევიჩინებინა ჯო, სახაშლამე ხორცად შემოგვენახა. კარგად დაგვემარილებინა და გიყვარდეს, შავინახამდით რამდენ ხანსაც გვინდა, მანამ შესჭამდი იმღერებდაა, გაგვაიმასამაქნებდა რა ქვია კაცო... გაგვახალისებდაა, რა ვიცი ჯო, მე ეგრე ვფიქრობ.

ტარტაროზა: ე,ე,ე, ესენი უბერამენ ბატონო, არ დაუჯერო! როდის იყო რომა მურაბაი, მწნილი და ხაშლამაი მღეროდა, ჰაა? ბატონო, მოდი და ციხეში ჩავსვათ, ცოცხალი და საღსალამათი, იჯდეს ციხეში და იქ იმღეროს თქვენი აღმატებულების გასართობადა, მართალია შენ ვერა გჯობნის, მარაა... შენს მერე ბადალი არა ჰყავს ჩემო ხელმწიფევ. თანაც სულ მუდამ შენ ხომ არ იმღერებ ჩვენო მწყალობელო. გყავდეს ეგ მომღერალი, როგორც საკუთრება და ამღერე მაშინ როცა შენს გუნებას მოესურვება, ჩემო ხელმწიფეო.

დევი: (დაფიქრებული) თქვენი რჩევები ჭკუაში დამიჯდა, განასკუთრებით ტარტაროზასი, ისე იყოს როგორც ტარტაროზამა თქვაა.

მეზღაპრე: ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც დევის მჯობნი კაცი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა სამუდამოდ პატიმრობა სალამურასთვის გარდაუვალი იყო.
ასეთი დღე და ამაზ უარესი ადგებოდა ყველას, ვინც კი დევს აჯობებდა. დრო კი გადიოდა. ხალხი კვლავ გოდებდა, მაგრამ მოწყალე ღმერთს შეესმინა მათი ვედრება და ართ დღეს ქალაქის კარიბჭეს უკვდავი ცისკარა მოადგა. მცველებმა, რომლებიც ქალაქის კარიბჭეს იცავდნენ, ცისკარას გზა გადაუღობეს და გაკვირვებულებმა მრისხანეთ ჰკითხეს:

მცველი: შენ ეი, ვინა ხარ, ასე თამამად რომ მიაბიჯებ? აქ ჩვენი ბატონის შიშით ცაში "სუ 125" ვერ გადაუფრენია და დაბლა წყალქვეშა ნავებს ვერ გაუცურავთ. შენ როგორ ბედავ, რომ ასე ფეხით და უიარაღოდ, მოდიხარ და მობლატაობ აქა, ჰაა?

ცისკარა: ბიჭო, თქვენთან რა იარაღი მინდა, ისედაც ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ სულ კუდით ქვას გასროლინებთ, თქვენცა და თქვენს ბატონსაც, გაიგეთ?

მეორე მცველი: მაინც რისი იმედი გაქვს, რით "ბლატაობ"?

ცისკარა: რა რისი? ჯერ ერთი, რომ ამერიკული განათლება მაქვს, ევროპაშიც ვსწავლობდი, ასე რომ ცოდნით დაგჯაბნით, მეორეც: მე ისეთი საძმო მყავს, თითი ზედმეტად რომ შემახოთ, ჩათვალეთ, რომ სერიოზული პრობლემები გაქვთ, გაიგეთ?

(თან თითს მიოუტანს მცველს თვალებთან, გაეყინჩება საჩხუბრათ)

მეორე მცველი: ხელი ჩაწიე ძმაო!

პირველი მცველი: (მეორე მცველს ჩუმად) მოიცა ბიჭო, მაგარი "შერეკილი" ვინმე ჩანს, თავი დაანებე, ძლიერი ზურგი რომ არ ჰყავდეს ასე არ "იბლატავებდა". სახელი მაინც ვკითხოთ ვინ არის?

მეორე მცველი: კარგი, ეგრე იყოს.

პირველი მცველი: (ცისკარას) სახელი მაინც გვითხარი ვინ ხარ?

(ცისკარა ამაყად აწევს თავს და დაიწყებს როკენ-როლის მუსიკაზე):

ცისკარას სიმღერა:

1 ვარ ცისკარა ღვთისაგან გამოგზავნილი,
უფლისაგან მაქვს მადლი მონიჭებული,
წელს მარტყია მეტად მჭრელი მახვილი,
სიცოცხლის და სიხარულის მაქვს როლი,
ჩემთან ერთად იცეკვეთ როკენ-როლი.
როკენ-როლ, როკენ-როლ (აცეკვებს მცველებს)

2 ვინ მიგდია ბაყბაყდევ - გაბერილი
თვით ღვთისაგან ვარ მხსნელად გამოგზავნილი,
ვარ უკვდავი, ცისკარა, მხიარული;
და ცეკვის დროს ფეხებში გამდის ბოლი,
გირჩევთ ჩვენთან იცეკვოთ როკენ-როლი.
როკენ-როლ, როკენ-როლ (ცეკვავენ)

(დაღლილ-დაქანცული მცველები აქეთ-იქით მიეყრებიან, აქოშინებულები.)

პირველი მცველი: მართალა რა მაგარი ვინმე ყოფილა?

მეორე მცველი: ეეე, ჩვენ ბაყბაყუკას მგონი მართლა დაერხაა...

ცისკარა: (მცველებს) რამე პრეტენზია ხო მარ გაქვს ძმაო?

პირველი მცველი: არა ძმაო, მიდი იგულავე როგორც გინდა.

მეორე მცველი: როგორ უცებ "დაგვაჩმორა" კაცოო?

(ცისკარა გზას მშვიდობით განაგრძობს და შედის ქალაქში წინ ერთი დედაბერი შემოეყრება. ჩისკარას უცხოდ რომ დაინახავს გაოცებული აკვირდება, მიუახლოვდება და ნაღვლიანად ჰკითხავს:)

დედაბრის სიმღერა:

ვინა ხარ შვილო, და აქ რა გინდა, მითხარი...
ან, ვინ გაგიღო შენ ამ ქალაქის ჭიშკარი,
რისთვის მოხვედი ამ ბნელ ქალაქში, რა გინდა,
თავს ნუ მოიკლავ, არ დაიღუპო, არ გინდა.

მისამღერი:

წადი აქედან, დედა-შვილობას, წადი,
შენი დაღუპვა გულს დამიკოდავს შვილო,
მოშორდი ამ ბნელს, სიცივესა და წყვდიადსა,
იჩქარე სწრაფად, იქნება თავს უშველო.

შენი თვალები ისე ანათებს როგორც მზე,
შენი კბილები, როგორც ელვარე მთვარე,
ვარსკვლავს გამსგავსებ, თითქოს ზეციურ ვარსკვლავს.
შენი სიცოცხლე საფრთხეს რად გადაჰყარე.

(ცისკარამ კი მოხუცს სიყვარულით გადახვია ხელი და უპასუხა):

ცისკარას სიმღერა:

რატომ ნაღვლობ ასე მწარედ გული ვინ დაგიჩაგრა,
ვერ მომკლავენ ჩემო დედი, ვარ, უკვდავი ცისკარა.
ჩემი შუქით შემოვიჭერ ამ ბნელეთის ქალაქში,
რომ წყვდიადი გავაქარწყლო სიცოცხლე ვთესო ხალხში.
დავამარცხო ბაყბაყ დევი, და გზა მივცე გაზაფხულს.
სიცივეს ბოლო მოვუღო, უსუსურს და დაძაგრულს.
ვარ ცისკარა ამ ქალაქის მხსნელად გამოგზავნილი,
თქვენთვის მომაქწვს სიცოცხლე და პური, ღვინო, მარილი.

მოხუცი მუხლებზე ეცემა და ღმერთს მადლობას სწირავს რომ მათი თხოვნა შეისმინა. შემდეგ წამოდგება და სიხარულის ტირილით ცისკარას დედა-შვილურად გადაეხვევა.

დედაბერი: ამ დღეს რამდენი ხანია ველით შვილო, დავილიეთ ამ დღის ლოდინში.

ცისკარა: ნუღარ ინაღვლებთ დედი, ხსნა უკვე ახლოა მალე განთავისუფ-ლდებით ბოროტი დევის ბატონობისაგან.

დედაბერი: შენ ენას შაქარი შვილო, შენ ენას შაქარი. ახლა თუ მიკადრებ ჩემსას წამოდი, ნამგზავრი ხარ ცოტა დაისვენე, მართალია შენს საკადრის ვერაფერს მოგართმევ მაგრამ რასაც მოგართმევ, გულით იქნება,წრფელი გულით.

ცისკარა: მადლობელი ვარ დედი, დასვენება მართლა მჭირდება, ხვალ დილიდან კი... (მოხუცს ხელსგადახვევს და მიდიან)

მეზღაპრე: დილით ალიონზე კი, სოფლის გოგონებმა,რომლებიც მღვრიე წყლის ამოსაღებად მიდიოდნენ ჭაზე, დედაბრის სახლს ჩაუარეს ჩვეულებისამებრდა აი საოცრება: დედაბრის ქოხიდან სინათლე გამოდიოდა, გაოცებული გოგონები ერთმანეთს ეკითხებოდნენ:

პირველი გოგონას სიმღერა:

ნეტავ რა არის, ის რომ ანათებს!
თითქოს ცეცხლს არა ჰგავს?!
ნუთუ მზე არის, (თან ფანჯარას უახლოვდება და შიგ იყურება)
არა, მოიცა, მგონი ვიღაცა ჰყავს:

მეორე გოგონა:

უჰ, ვაჟი არის, ლამაზი ვაჟი,
მსგავსი პირსახით მზის (გაოცებულია)
ასე ლამაზი ნეტავ ვინ არის,
ალბათ შვილია მზის.

ორივე ერთად დედაბერს ეძახიან:

დედი ვინ არის ეგ მშვენიერი?
პირსახით მსგავსი მზის,
როგორ ანათებს, თვალები მოგვჭრა (გაოცებულები)
გვითხარ ვინ არის ის.

დედაბერი: (დედაბერი ქოხიდან გამოდის გოგონებს მიუახლოვდება და თითქოს საიდუმლოს გაანდობს)

ეგ არის ამ ქალაქის ხსნა, გამოგზავნილი ღვთის,
მიტომ ანათებს მისი პირსახე, თითქოს შუქია მზის.
ცისკარა არის მისი სახელი იმედი ჩვენი ხსნის.
იგი ძე არის უსაყვარლესი მანათობელი მზის.

(ეს ამბავი იმ წუთას მთელ საღამოს მოედო და იმედით ავსილები ყველა აქ შეიყარა)

მთელი ქალაქი მღერის:

გამოგვიჩნდა იმედი ჩვენთან არის ცისკარა,
შუქმა შემოანათა, სხივმა შეკრა კამარა,
აღარ გვინდა სანთელი, ჩვენ უკვე გვაქვს ნათელი,
ყველამ გავხსნათ ჭიშკარი, ჩვენთან არის ცისკარა.

(ამასობაში ცისკარაც გამოსულა და მთელი ქალაქი მის ირგვლივ ცეკვავს და მხიარულობს)

მეზღაპრე: დევს ეს ჟრიამული შემოესმა და გაკვირვებულმა იკითხა: რა მოხდა, რა მხიარულობაა?

(შემოდის ჭინკუკა დადამფრთხალი და აკანკალებული დევს მოახსენებს)

ჭინკუკა: დავიღუპეთ! ქალაქში ბატონო უკვდავი ცისკარა შემოიჭრა! დავი-ღუპეთ!

დევი: ეგ ვიღაა, ვისი ტიკიტომარაა?!

ჭინკუკა: ნუ გადამრიე ბატონო, უკვდავი ცისკარაა არიცი? (შემდეგ მარაოს დაინიავებს და თან აღშფოთებული მარცვლავს წინადადებას) ერთხელ მაინც წე-გე-კითხა მაგაზე, მერე ქე მიხვდებოდით ვინცხაა იგი, (შემდეგ კი ცოტაარ იყოს ნიშნის მოგებითაც კი გააგრძელებს) "ტერორიზმთან ბრძოლის სადაზვერვო განყოფილების უფროსია ბატონო და პარალელურად განსაკუთრებული საქმეების უფროსი გამომძიებელი ( ტირილს იწყებს): მგონი დაგვერხა თქვენო მოწყალებავ, მგონი დაგვერხააა...

დევი: (შეიცხადებს შეშინებული) ეეე! დაგვერხაა. (მერე ყვირილით) დაგვერხა არა გადმოგვერხა, წადით ახლავე და მოკალით!

ჭინკუკა: უიმე ბატონო, სულ ვეღარ აზროვნეებ, უკვდავია მეთქი შე ჩემი ცოდვით სავსე, უკვდავი! გაიგე?!

(ამ დროს შემოდის დანარჩენი სამი მსახურიც)

დემონუკა: "ცისკარიაა" "კაშკაშიაა" თუ ვინცხა უბედურობა, ბუნტს აწყობს ბატონო ქალაქში, ბუნტს.

დევი: (შეშინებული) წესიერად ამიხსენით რა ხდება!

ჟამბაზა: რაღა რა ხდება ჯოო, ე მაგ ჩვენი ცოდვით სავსესა, შაუკრიბამს მთელი ქალაქი კოჭლამაზიანთ ქოხის წინა და მიტინგი გაუმართავს, მააშ...

ტარტაროზა: თანაცა ასე ამბობს, რომა: ბაყბაყდევიო უნდა დავიჭიროვო და ისე უნდა ვცემოო რომაო თავი მაისურში არ გაეტიოსო, მერეო მკვლელობის მუხლით გავასამართლებო და "პაჟიზნენი"სროკსაც გავტენიო", გაიგეეე? თანაცაო სასამართლოსაო დაერთობაო მაგის კორუპციული საქმეებიცაო და ხალხს აჯერებს რომა არც ერთი ამინისტია არ შეეხება "ბაყბაყასაო" და სამუდამო პატიმრობაში ამოძვრება ის აყროლებული სულიო, გაგიგონოა ჰაა?

ამ დროს დევის სასახლის კარებს ცისკარა და ქალაქის მაცხოვრებლები ჩამოიღებენ და სასახლეში შეიჭრებიან, ცისკარა სულთა მხუთავივით წამოდგება და ეტყვის

ცისკარა: ვა, ბაყბაყ, გაები ძმობილო?

დევი: რა გინდა კაცო (შეშინებულია) რა დაგიშავე?

ცისკარა: მე რა უნდა დამიშავო შე ცინგლიანო შენა მარა, ამ ხალხს რომ დაუშავე შენც ხომ იცი?

დევი: მმმაინც რა დავუშავე? (შიშით ენა ებმება)

ცისკარა: რა და ახლავე ჩამოგითვლი:

1. სინათლე გადაუკეტე!
2. გათბობა შეუწყვიტე
3. სიცილსა და სიმღერას გადააჩვიე
4. საჭმელ-სასმელი მოუსპე!
5. ხელფასების გარეშე ამუშავებ და ნამუშევარს შენ ჭამ
6. პენსიები გაუყინე, საშვილიშვილოდ
7. კლავ! აშინებ! ატერორებ! ამათ სარჩო-საბადებელს შენ ტუტუც მსახურებს აჭმევ და კიდევ ვინ მოსთვლის...

(ჯამბაზუკა თავის გუნდელებს გადაულაპარაჯებს შეშინებული)

ჯამბაზუკა: ჩვენც გადმოგვწვდა ჯოო

ცისკარა: ძარცვავ, გლეჯ, ართმევ... კიდევგავაგრძელო? ხმა ამოიღე, გამეცი პასუხი!

(ამ დროს შემოდის ნაცარქექია და დევს უყვირის)

ნაცარქექია: აიტ! შე, ტურტლიანო შენა, ძლივს არ მოგაგენი?

დევი: (მთლად შეშინებული) ვაი მეე! ოღონდ ეს არა.., ვაი მეე!!! ეს რა ღვთის რისხვა დამატყდა თავსა, ოღონდ ეს წყეული არა, ვაი მეე! (ცისკარაც ამოეფარება)

ნაცარქექიას ხელში უჭირავს თოკი და დევს ნიშნის მოგებით უყურებს, ბოლოს ეუბნება:

ნაცარქექიას სიმღერა:

გამარჯობა ბაყბაყდევო, როგორც იქნა გიპოვე!
მთა და ველი შევაჯვარე, სად აღარ მოვიარე,
დაგეძებდი იმ წუთიდან რაც რომ გამომექეცი,
ეს მე როგორ გამიბედე! ასე ვის მოექეცი? (თან მათრახს უქნევს)
ხომ იცოდი შე მყრალო, არა მყავდა მე მონა,
შენ კი გამომეპარე მოგატყუა დემონმა.
მაშ მე არა ვყოფილვარ ბიჭი "ნაცარქექია,"
შენ რომ მე მომატყუო ტრაბახამ და ბრექიამ.
აბა დროზე შეიბი ეს ბაწარი კისერზე,
აბა წინ გამიძეხი სახლში ვიყოთ დღის წვერზე!

ნაცარქექია: აბა დროზე გაამზადე, დროზე მეთქი ვის ვეუბნები? (მათრახით დასდევს)

ცისკარა: (ნაცარქექიას) ნაცარქექია ძმაო, როგორ ხარ? ასე რამ გაგაჯავრა, რომ სალამიც დაგავიწყდა?

ნაცარქექია: ოო, მაპატიე ძმაო "ცისკარ"(გადაეხვევა) გამაჯავრა კი არა ისეთი ვარ დანა კბილს არ მიხსნის. ამ გარეწარს ჩვენი სამმართველო დაეძებს უკვე რამდენი ხანია. მის ძებნაში მთელი ათასხუთასი ლარი დაგვეხარჯა, უნდა წავიყვანოთ, ჯერ იძულებით უნდა ვამუშაოთ და ეს თანხა ამოვაღებინოთ. შემდეგ კი სასამართლოს გადავცეთ ცხელი კეცისადა ჭადის ფქვილის ქურდობისათვის.

(ამ დროს იწყება დევის სიმღერა რომელიც შეშინებული ეხვეწება ცისკარას)

დევის სიმღერა:

მიშველე ცისკარავ, მიხსენი ამისაგან
გევდრები, შენ ხომ მხსნელი ხარ
ველა უბედურის, თუნდაც დევის,
დამტოვე შენთან,
შენ გამასამართლე,
გთხოვ მიშველე,
მხოლოდ მასთან არა,
მასთან არ გამიშვა, შემიწყალე.
ცხოვრება მომისპო,
მონაგონია ჯოჯოხეთი,
კისერზე შემაჯდა,
კინაღამ მომკლა გეუბნები,
უხ, რა ძლიერია,
ქვას ხელით წურავს, გეფიცები,
მასთან არ გამიშვე, მთლად არ
გამწირო გევედრები... (თან ტირის)

ცისკარა: (ნაცარქექიას) რა ვიცი ძმაო, ჩვენთანაც ძებნაშია ეს უპატრონო, თქვენი სამმართველოც ეძებს (ამ დროს ცისკარას მობილური დარეკავს) მაპატიე ერთ წუთს ჩემო "ნაცარქექიავ", მერე მოვილაპარაკოთ, "ასფურცელა" მირეკავს სპეც დავალებაზე უპირებდნენ გაგზავნას და მაინტერესებს ერთი რა ქნა...

(ყურმილს იღებს) გისმენ "ასფურცელავ!

სატელეფონო სიმღერა:

ასფურცელა:

გამარჯობა ძმობილო
როგორა ხარ მითხარი,
სამსახურის საქნმეებს
როგორ გაართვი თავი,
როგორ არის ეგ "ბანძი,"
მყრალი დევი, ყბადიდა,
მისი მოხსნა მეფობიდან
მითხარ ხომ არ გაჭირდა.

ცისკარა:

არა ძმაო ასფურცელავ,
ნუ გაწუხებს ეგ მხარე,
დევი აგერ აქა გდია,
მტირალი და მწუხარე,
მევედრება არ მიმცეო,
ისევ ნაცარქექიას,
აღარა ჰგავს გუშინდელ დევს,
ტრაბახას და ბრექიას.

ასფურცელა:

მაშინ იქნებ აპატიოთ,
შანსი მისცეთ ცხოვრების,
იქნებ მართლაც აეხილა
ბნელი თვალი გონების
ჩემგან თხოვე აპატიოს,
ჩვენ ძმამ ნაცარქექიამ,
თავისუფლება ვაჩუქოთ
მაგ უტვინო ბრექიას.

ცისკარა:

ახლა მითხარ შენი მხრისკენ
რა ხდება და რა ისმის?

ასფურცელა:

ერთ ქალაქში მაგზავნიან
გველეშაპთან დავისთვის

ცისკარა:

რა უქნია მაგ მანიაკს, კიდევ რა ჩაიდინა?

ასფურცელა:

დედა შეუგინებია მეფუნთუშე ქალისთვის.

ორივე ერთად:

რა ვქნათ ძმაო ჩვენი საქმე ასე არის რა ვქნათ,
დღეს აქა ვართ, ხვალ სხვა ქალაქს, მიგვავლენენ ალბად,
ქვეყნად სიკეთე რომ ვთესოთ გავავრცელოთ სიკეთე,
ხალხის მტრები დავამარცხოთ, გავახაროთ მოკეთე.

ნაცარქექია: (ცისკარას) რაო ასფურცელამ, რა ხდებაო?

ცისკარა: ასფურცელამ გვთხოვა, რომ თუ ხედავთ რომ მართლაც გულით ინანებს თავის საქციელსო იქნებ აპატიოთო...

ნაცარქექია: ვაპატიოთ? რას მიჰქარავს ეგ კაცი დევების აგენტი ხომ არ არის?

ცისკარა: (იცინის) არა ჩემო ძმაო, არა, უბრალოდ უფრო მეტად იხედება ადამიანების სულში. თუ საჭიროა ვაპატიოთ კიდეც...

ნაცარქექია: შენ როგორ ფიქრობ, ვაპატიოთ მაგ ყურუმსაღს თავისი შავბნელი საქმეები?

ცისკარა: თუ საჭიროა ვაპატიოთ კიდეც... და ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მივცეთ, მაგრამ თუ მაშინაც აურია, მაშინ კი გვიფრთხილდეს. მაგრამ უკეთესია თვითონ მას ვკითხოთ! ვნახოთ თვითონ რას გვიპაასუხებს

დევი: ოღონდ ახლა მაპატიეთ და რაგინდათ მთელს ჩემს ქონებას ღარიბ-ღატაკებს ჩემი ხელით დავურიგებ, ყველას ჩამოვუვლი და მუხლზე დაჩოქილი პატიებას ვთხოვ, ხო მართლა ერთი კარგი მომღერალიც მყავს სასახლეში და იმასაც გამოვუშვებ...

ნაცარქექია: ვინ გყავს?

დევი: მომღერალი, სალამურა ჰქვია

ნაცარქექია: უი შე ყურუმსაღო! რამე ხომ არ დაგიშავებია, რამდენი ხანია დავეძებთ მაგ კაცს...

დევი: არა ბატონო ნაირ-ნაირებს ვაჭმევდით, მხოლოდ ეგ იყო ვამღერებდით, უფასოდ.

ცისკარა: რაღას უყურებ მიდი გამოუშვი!

დევი: ჭინკუკა მიდი სალამურა გამოუშვი!

ჭინკუკა: მიდი და გამოუშვი, არ შეჭამა გული თავის"უპრაგონო" ბრძანებებით?! (თან დოინჯს დაიკავებს და ამაყად და ნიშნის მოგებით ცხვირს გვერძე აიბზუებს)

ნაცარქექია: მიდი ახლა, ჭინკუკა ხარ თუ ჯანდაბა, სალამურა გარეთ გამოიყვანე, თორემ ისეთ დღეს დაგაყრი როო!.. (თან წამოუხტება)

ჭინკუკა: გავრბივარ ბატონო გენაცვალე, გავრბივარ. (სალამურა გამოჰყავს, ცისკარა და ნაცარქექია სალამურას გადაეხვევიან, მოიკითხავენ)

ნაცარქექია: მოდი "ნაცარ..." ძმაო და სალამურასაც ვკითხოთ: სალამურა შენ როგორ ფიქრობ ვაპატიოთ დევს თავისი შავ-ბნელი საქმეები?

(სალამურა დაფიქრებით ირგვლივ მიმოიხედავს და შემდეგ იტყვის)

სალამურა: კაცს რომელსაც სიმღერა მართლაც უყვარს, გახსოვდეთ, ის ბოროტი ნამდვილად არ არის, დევმა მხოლოდ იმიტომ არ შემჭამა, რომ ჩემი სიმღერა მოეწონა და ჩემი ტყვეობის დროს, არაფერს მაკლებდა იმისთვის, რომ ტკბილი სიმღერა მოესმინა.

ცისკარა: გამოდის, რომ თანახმა ხარ ყველაფერი ვაპატიოთ?

სალამურა: თანახმა ვარ.

ნაცარქექია: თუ სუყველა თანახმა ხართ, მეც თანახმა ვარ, მოგვინიჭებია ბაყ-ბაყ-დევისთვის თავისუფლება, მაგრამ გახსოვდეს თუ ოდნავ სადმე ფეხი გადაგიცდა მაშინ კი მიფრთხილდი

(ამ დრომდე სცენა ნახევრადაა განათებული, ხოლო ფრაზის დამთავრების შემდეგ ცსენა მთლიანად ნათდება, ქალაქის მცხოვრებლები სიხარულით აჟივილხილდებიან. )

პირველი მოქალაქე: ნახეთ! მზის სხივი...

მეორე მოქალაქე: მზე ამოვიდა, შეხედეთ!

მესამე მოქალაქე: როგორ დათბა.

მეოთხე მოქალაქე: რა კარგი ყოფილა სინათლე.

მეხუთე მოქალაქე: რა დიდი ძალა ჰქონია პატიებას და სიყვარულს.

მექვსე მოქალაქე: შეხედეთ! Eეს რა არის?

(ამ დროს პირველი მერცხალი შემოფრინდება და გაზაფხულს ახარებს)

მერცხლის სიმღერა:

მოვიდა გაზაფხული,
ჩხრიალებს ნაკადული,
გახარებთ მერცხლები თქვენ!
გაცოცხლდნენ ენძელები,
ლურჯთვალება იები
გილოცავთ "მისტერ მენ"
"მისის" გაიხადეთ
უკვე აღარ ცივა
მზის სხივმა გაგვათბო ჩვენ!
"მისტერ" შენი ქურქიც
წარსულს გაატანე
გაზაფხულს გილოცავთ თქვენ!
პეპლები დაწყვილდნენ,
მერცხლებიც დაწყვილდნენ,
მოდით დაწყვილდით თქვენც,
მისტერ" წყვილი ნახეთ
ერთად გაიხარეთ
"მისის" მოძებნეთ "მენ"

მისამღერი:

გაზაფხული მოვიდა
გაჩნდნენ ჭრელი პეპლები,
მოგილოცავთ, გაგახარებთ,
წვიმის თბილი წვეთებით

იღვიძებს დათვი
პირში აქვს თათი,
იძახის: "მისის ბენ"
მისის დათუნია მორცხვად თვალებსა ხრის
შენი ვარ დრუნჩა "მენ"
ტირის ტირიფი,
და ტირის ვაზი,
ვხარობთ და ვღელავთ ჩვენც!
ჩხრიალა ნაკადულიც
სიხარულიტ ტირის,
გაზაფხულს გილოცავთ თქვენ!
მოშორდა ქურქები,
მოშორდა ქუდები,
ერთმანეთს ვხედავთ ჩვენ,
მოკლე კაბები
ნატიფი ნაკვთები
"მისის" გაახარე "მენ"

ყველა მხიარულობს, ცეკვავს იცინის და ა.შ.

პირველი მოქალაქე: რა ლამაზი ყოფილა გაზაფხუყლი

მეორე მოქალაქე: რა თბილი და სურნელოვანი.

მესამე მოქალაქე: ცოტა მტირალაც და მგრძნობიარეც.

მეოთხე მოქალაქე: ნახეთ! ნახეთ! ყველაფერი დაწყვილებულა!

მეხუთე მოქალაქე: სიყვარულმა იფეთქა ირგვლივ!

მეექვსე მოქალაქე: (მორცხვად) ერთი იმათ შეხედეთ

წყაროზე მისულ გოგონას სიყვარულს უხსნის ვაჟი.

ვაჟის სიმღერა:

ნუთუ ეს შენა ხარ ჩემო დედოფალო,
თვალებს ვერ ვუჯერებ, ვერა,
მას შემდეგ რამდენი წლები მიილია,
შენზე ოცნებებში მზერა,
ნუთუ ეს შენ ხარ ჩემო სიყვარულო,
ჩემო ბავშვობის ხანავ,
რამდენი ცრემლიც შენთვის დამიღვრია,
ოი, არა მკითხო, არა.

ქალიშვილის სიმღერა:

ჩემო უფლისწული, ნუთუ ეს შენ ხარ,
ვერ წარმოვიდგენდი, ვერა,
რამდენი წელია შენს შეხვედრას ვნატრობ,
ახლა სასწაულის მჯერა,
შენზე ვოცნებობდი ჩემო სიყვარულო,
ჩემო ბავშვობის ხანავ,
რამდენი ცრემლიც შენთვის დამიღვრია,
ოი, არა მკითხო, არა.

ერთობლივი სიმღერა:

ჩემი სიყვარული წრფელია იცოდე,
ჩემი ოცნება შენ ხარ,
სიყვარულს გაფიცებ,მაგრად მომეხვიე,
მე გელი, შენ კი დგახარ.

ვაჟი:

ჩემო დედოფალო სულ ბავშვი იყავი,
თქმას ვერ გიბედავდი ვერა,
მაგრამ სიყვარულით მსურდა მოგხვეოდი,
მსურდა შენს თვალებში მზერა.
მაგრამ ვერ ვბედაბდი, თვალს ვერ გისწორებდი,
არა, არ შემეძლო, არა,
რამდენი ღამე თეთრად გავათენე,
ოი, არა მკითხო, არა.

ქალი:

ჩემო უფლისწულო შენს ვნებიამ თვალებს,
თავს მეც ვერ ვაღწევდი, ვერა,
თქმას ვერა ვბედავდი, გულში კი ვფიქრობდი,
მე მაგ თვალებისა მჯერა,
მსურდა რომ მეყვირა, მაგრამ ვერ ვამბობდი,
არა, არ შემეძლო, არა
რამდენი ღამეც, თეთრად გავათენე,
ოი, არ მკითხო. რა.

სიმღერის დასასრულისას ისმის შორეული ყვირილი:

"ცისკარაავ!" "ასფურცელაავ!" "ნაცარქექიაავ!" ჩქარა, აქეთ, ჩქარა: კონკიას დედინაცვალმა საქორწინო კაბა დაუხია, უშველეთ ჩქარააა!!!

ცისკარა: აბა ძმაო ნაცარქექიავ წავიდეთ ჩქარა, ჩვენს ობოლ დას, კონკიას მივეშველოთ, ჩქარა! (სცენიდან გადიან)

მეზღაპრის სიმღერა:

ასე დასრულდა ეს ჩვენი ზღაპარი ღამე შეცვალა დღემ,
ცივი ზამთარი მზის სხივმა გაალღვო სიბნელე-სინათლემ

მისამღერი: (მთელი დასი)

ცისკარა ბნელს ამარცხებს, ასფურცელა ურჩხულს, ნაცარქექია დევს
ეს ჩვენი ზღაპარი ტყუილი არ გეგონოთ ეს არის სიმართლე!
ვუმღეროთ სიმართლეს, ვუმღეროთ სინათლეს, ვუმღეროთ ცას და მზეს,
სიყვარული ვთესოთ, სითბო გავავრცელოთ, მუხლი მოვუდრიკოთ ღმერთს.

მისამღერი:

ასე დასრულდა ეს ჩვენი ზღაპარი,
ბოროტს ცვლის სიკეთე,
ცივი ზამთარი მზის სხივმა გაალღვო
სიკვდილი-სიცოცხლემ.

(თან ფარდა იხურება)

ნახვა: 1003

ტეგები: Qwelly, ზღაპარი, პიესა, საბავშვო, ტეტუნაშვილი, ქველი

ლაშა: თებერვალი 9, 2017||9:30pm

მშვენიერი დევგმირული ზღაპარია, ჩვენს მინისტრს წავაკითხოთ, ახლა ჭიანჭველას კომპეტენციას რომ იწუნებს ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters