qwelly | blog | dream | ზღაპარი | ბლოგი | პოსტები

   ეს წიგნი დიდი, კლასიკური ფორმის, შინაარსისა და ყდის მქონე „ფენტეზია“. სიუჟეტშიც საკმაოდ არის ურჩხულები, ჯადოქრები, ჩვენი სამყაროსაკენ მომავალი ბილიკების პოვნა, უკან დასაბრუნებელი გზების კარგვა, იუმორი, ბრძოლა, საბრძოლო ხელოვნებები, სიყვარული, ბევრი სიკვდილი, ცოტაც ეთნოგრაფიული ფანტაზიები. მოკლედ, ყველაფერი, რაც როჯერ ზელაზნის, ურსულა ლე გიუნის და ფილიპ ფარმერის მოყვარულებს დააინტერესებთ და გაიტაცებთ.
   მაგრამ არის ამ ზღაპრის სიუჟეტში რაღაც, რაც ჩემთვის ამ წიგნს სოციუმზე და ადამიანზე დაკვირვების ორიგინალურ შედეგად აქცევს: სიუჟეტის ცენტრში ურჩხულების და დევების  მიერ აღებული ქალაქია. ეს არც დედაქალაქია და არც ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი, ერთი ჩვეულებრივი ქალაქია ქვეყნის განაპირას, საზღვართან ახლოს. დაპყრობის შემდეგ ქალაქის ადამიან-მაცხოვრებლების ადგილიც ნელ-ნელა ჯადოსნურმა არსებებმა დაიკავეს. ასე რომ, იმ „თავდაპირველი“ ქალაქიდან მარტო კედლებიღაა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მეფეს საკუთარი ძალაუფლების, კეთილდღეობის, ბოლოს და ბოლოს, სულიერი სიმშვიდის დაბრუნების ერთადერთ საშუალებად ამ ქალაქის საკუთარ მმართველობაში დაბრუნება მიაჩნია.
   ქალაქის დასაბრუნებლად მეფე ყველა ხერხს მიმართავს: ქირაობს საუკეთესო მებრძოლებს, ცდილობს, ქალაქი გამოისყიდოს, ხარჯავს ხაზინის ფულს, მაგრამ უშედეგოდ. ეს უშედეგობა წლების განმავლობაში გრძელდება. ცხოვრება კი ჩვეულებრივ მიედინება – ჯადოსნური სამყაროსათვის. არის რამდენიმე მახვილგონივრული მომენტი. მაგალითად, სასახლის ჯადოქრები გადაწყვეტენ, მეფე ქალაქზე მიჯაჭვულობისგან განკურნონ და ჩვენი სამყაროდან ფსიქოანალიტიკოსის გამოხმობა სურთ. უნდათ ლაკანის გამოძახება, მაგრამ საბოლოოდ სლავოი ჟიჟეკს იძახებენ და ფსიქოანალიზის სეანსი კატასტროფით მთავრდება.
   ქალაქში შორეული მოგზაურობიდან ბრუნდება ქალი, რომელსაც მეფე ჯერ კიდევ ბავშვს იცნობდა. ეს ქალი წინა მეფის (ახლანდელი მეფის ბიძის) ერთ-ერთი საბრძოლო რაზმის მეთაურის შვილია. ფენტეზის კლასიკური სიუჟეტის მიხედვით, ეს ქალი ლამაზია და უნიკალურ გამოცდილებებს/უნარებს ფლობს. ქალი ბიბლიოთეკარის თანამდებობას იღებს და მალე მასსა და მეფეს შორის სასიყვარულო ურთიერთობა იწყება. ქალი ცდილობს, მეფე დატყვევებულ ქალაქზე მიჯაჭვულობისგან განკურნოს, უყვება თავისი მოგზაურობის ისტორიებს, აცნობს იმ ხელოვნებებს (მათ შორის საბრძოლოს), რომლებიც წლების განმავლობაში უცხო მხარეში ყოფნისას ისწავლა. მაგრამ ხვდება, რომ ერთადერთი საშუალება, რომ იხსნა მეფე ამ მიჯაჭვულობისგან, ქალაქის დაბრუნებაა.
   შემდეგ ბიბლიოთეკარი იწყებს ქალაქის დაბრუნების ამბების გამოძიებას. იკვლევს ბრძოლებისა და მოლაპარაკებების ისტორიას და აღმოაჩენს, რომ ამ ქალაქის კედლებთან არასოდეს არანაირი ბრძოლა არ მომხდარა და არც მოლაპარაკება გაუმართავს ვინმეს სერიოზულად. ყველა მეომრებიც და მომლაპარაკებლებიც – რაკი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათი მეფის ავადმყოფური ახირებაა, მხოლოდ ფორმალურად, მეფის დასანახად მიდიან ბრძოლაში და ფორმალურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ქალაქისთვის ბრძოლა მთელ არალეგალურ ინდუსტრიადაა გადაქცეული, სადაც მეფის შიშებისა და სურვილების კომერციალიზაცია ხდება. ამ კომერციალიზაციას ჯადოსნური სამყაროსათვის დამახასიათებელი სახე აქვს: მეფის შიშების და სურვილების დაგროვებით შავი მაგია საზრდოობს. წიგნის მთელი თავი ეძღვნება ამის განმარტებას: შავი მაგიის საფუძველი არც სამყაროს თანშობილი ბოროტება და არც „სხვა მაგიაა“. შავი მაგია საფუძველს და ძალას აუხდენელ და შეუძლებელ სურვილებში და უსაფუძვლო შიშებში პოულობს (მით უმეტეს, თუკი ასეთი სურვილი და შიში მეფეს ეკუთვნის). ეს იმ შემთხვევაშიც ხდება, როდესაც ამ სურვილების და შიშების მატარებელთ ჰგონიათ, რომ სურვილიც რეალურია და შიშიც საფუძვლიანი. მეფესთან ერთ-ერთ საუბარში ბიბლიოთეკარი ამბობს, რომ სწორედ ამით (და არა ბოროტების და სიკეთის თანაბარი ძალით) აიხსნება შავი მაგიის მარადიულობა. შავი მაგიის საფუძველი ბოროტება კი არა, გაუნათლებლობა და სულელობაა იმდენად, რამდენადაც გაუნათლებლობა და სულელობა წარმოშობს ორივეს  უსაფუძვლო შიშსაც და და აუხდენელ სურვილსაც. ეს ორივე კი,  ამბობს ქალი,  ძალიან განათლებულ საზოგადოებაშიც კი არის, მართალია, მცირე დოზით, მაგრამ მაინც.
   ქალი ცდილობს გამოსავლის მოძებნას, ხვდება მეომრებს და ჯადოქრებს. ცდილობს, დაარღვიოს ეს „ქალაქის-გამოხსნის-ინდუსტრია“. მეომრები გადაწყვეტენ, მოკლან ქალი, საბედნიეროდ, უშედეგოდ. ჯადოქრების პასუხი კი ერთია – როგორც ეს ზღაპრებშია – ქალაქის გამოხსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი ეს გამოხსნა მას, ვინც ქალაქს აიღებს, ყველაზე ძვირფასს დაათმობინებს. და ეს გამოხსნა ამ დათმობის ცოდნით და სრული გაცნობიერებით უნდა მოხდეს. თანაც, ეს დათმობა ამ ქალაქის აღებას უნდა მოჰყვეს და არა მორალური ქცევის (ყველაზე ძვირფასის დათმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების) შედეგი უნდა იყოს.
   დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ქალი ხვდება, რომ ეს მხოლოდ მას შეუძლია. თუკი ის აიღებს ქალაქს (და ეს მას შეუძლია), მისი საყვარელი ადამიანი განთავისუფლდება ამ მიჯაჭვულობისგან და აღარ იქნება ისეთი, როგორიც მან სამეფოში დაბრუნებისას გაიცნო. სავარაუდოა, რომ მას აღარ მოუნდება ბიბლიოთეკართან სასიყვარულო ურთიერთობა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის მას ყოველთვის იმ დროს მოაგონებს, როცა მისი გონება ქალაქის დაკარგვით იყო დაბინდული, და მეორეც – შეუძლებელია იმის სიყვარული, ვინც შენი ამჟამინდელი მდგომარეობის უპირობო წყაროა.
   ამ რწმენის მიუხედავად, ქალი აგროვებს შვიდ მეომარს (წიგნის მესამედი ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ამ შვიდი მეომრის შეგროვების ისტორიას ეთმობა). რვა მეომარი მიდის ქალაქში და იმარჯვებს. ქალის უკან დაბრუნებისას თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ქალი ატყობს, რომ მისი წინასწარმეტყველება მართლდება. მეფე ნელ-ნელა კარგავს ვნებას მის მიმართ. ქალი ტოვებს სამეფოს და ბრუნდება იმ ქვეყანაში, სანამ სამეფოში დაბრუნებამდე ცხოვრობდა. თითქოს კვდება. ეს ამბავი „ზღაპარში“ გაურკვევლადაა მინიშნებული და სხვა ინტერპრეტაციაც შესაძლებელია.
   წიგნის ბოლო თავში ირკვევა, რატომ ჰქვია ამ რომანს „ზღაპარი“: ეს  მეფის და ქალის სიყვარულის, ქალის მიერ სიყვარულზე უარის თქმის ამბავი  ზღაპრად ითქმის სამეფოში 200 წლის შემდეგაც. ამ სამეფოში ურჩხულები, ჯადოქრები, სასწაულები ყოველდღიურობის შემადგენელი ელემენტებია. ზღაპარი ამ სამყაროში მოქმედებებისა და ამბების საფუძვლად სიყვარულის გრძნობის ქცევა და მასზე ფიქრია – ის, რაც ჩვენს სამყაროში ბანალურ რომანებს და ბავშვურ-თინეიჯერულ ოცნებებს უდევს საფუძვლად.
და კიდევ: „ზღაპარი“ სოციალურ ფორმულასაც გვთავაზობს. ჩვენ ჩვენს გარემოს ისე ვახვევთ ილუზიებში, რომ ბოლოს ვერც ვხვდებით, ისე ვხდებით საკუთარი თავის მსხვერპლი. მაგრამ ილუზიებიდან თავის დაღწევას აქვს ფასი და ამ ფასს, როგორც წესი, სხვები იხდიან. ამ ზღაპრის შემთხვევაში ეს ფასი სიყვარულის შეწყვეტაა. ან სიკვდილი.

ნახვა: 509

ტეგები: qwelly, დევი, დღიური, ზღაპარი, მწერალი, სამეფო, სასწაული, სიყვარული, სოციუმი, ჩანაწერი, მეტი...წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ევროპული გადაწყვეტა ჩვენი პრობლემების

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…

გაგრძელება

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters