ყოველი საიდუმლოი

       რასაც ამ წერილში ვიტყვი, მართალია, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ, ჩემი აზრით, მას არსებობის უფლება აქვს. მისი მკითხველისათვის გაზიარების სურვილი დაბადა ორმა სტატიამ. ერთი რამაზ პატარიძეს ეკუთვნის და მეორე - ზურაბ კიკნაძეს. ორივე წერილი ეხება ჰიმნს - "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" - და ორივე ავტორი ცდილობს განმარტოს სტრიქონი "ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს". აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რ. პატარიძის ნარკვევი ვრცელია და იხილავს სხვა საყურადღებო საკითხებსაც - ჰიმნის დაწერის თარიღი, ავტორის ვინაობა, ტექსტის დაზუსტება. მაგრამ ამჯერად მსჯელობის საგანია "ყოველი საიდუმლოჲ". გულახდილად რომ გითხრათ, "ყოველი საიდუმლოჲს" უტყუარი ამოცნობა მანამ შეუძლებლად მიმაჩნია, სანამ ზუსტად არ გაგვიგია, რას ნიშნავს სტრიქონები - "სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეჲსა წილი ზის" და "სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუთა ენათა ქრისტეჲს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე". ამ სტრიქონების ეჭვმიუტანელი განმარტება ჯერხანობით ვერავინ მოახერა და მათ შორის, ცხადია, მეც, თუმცა დიდად ვეცადე მათი აზრის მიგნებას. მიუხედავად ამგვარი უიმედო განცხადებისა, "ყოველი საიდუმლოჲს" შინაარსის ძიება იმ გზით, რა მიმართულებითაც ამას რ.პატარიძე და ზ. კიკნაძე იკვლევენ, სწორად მიმაჩნია.

       ჰიმნის "ყოველი საიდუმლოჲს" რ. პატარიძე ქართულ ანბანთან აკავშირებს.

       "... ვფიქრობ, არის რაღაც უხილავი კავშირი ერთის მხრივ ქართული ასომთავრული ანბანის საიდუმლოსა და მეორეს მხრივ თხზულების იმ "ყოველ საიდუმლოს" შორის, რომელიც ქართულ "ენასა შინა დამარხულს არს".

       ზ. კიკნაძე კი ამტკიცებს, რომ ჰიმნის "ყოველი საიდუმლოჲ" გულისხმობს აღდგომის საიდუმლოს. ავტორი ამბობს - "ლაზარეში დამარხულია აღდგომის საიდუმლო". ჰიმნის მიხედვით, "სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქუიან". მაშასადამე, "ცოცხალ ლაზარეში დამარხული იყო მეორედ მოსვლის გინა აღდგომის საიდუმლო და იგი, საიდუმლოს დამმარხველი, დუმდა, რადგან მეგობარი საიდუმლოს დამარხვის საიმედო ჭურჭელია. ასე უკავშირდება ერთმანეთს "ქებაჲს" კონტექსტში - საიდუმლო, დუმილი, მეგობრობა".

       პირველი შეხედვით, ორი სხვადასხვა დასკვნაა. თითქოს გამორიცხავენ კიდეც ისინი ერთმანეთს. ასეც მიაჩნია თავად ზ. კიკნაძესაც, რადგან მის სტატიას რ. პატარიძესთან პაექრობის ინტონაცია ახლავს. "და ბოლოს, რამდენად მართებულია ავტორისეული "ყოველი საიდუმლოჲს" დაყვანა ანუ დამცრობა ერთ რომელიმე კერძო, ამასთანავე არასარწმუნოებრივ საიდუმლომდე (თუკი არსებობდა ასეთი საიდუმლო "ქებაჲს" ავტორის შეგნებაში). თუ ასეა, როგორღა ვთვლი ორივე მიმართულებას სწორად? სად არის მათი გაერთიანების შესაძლებლობა? ვეცდები მოგახსენოთ ეს.

       ჯერ დავიწყოთ საყოველთაო თანასწორობის იდეით. ვინც, ცოტად თუ ბევრად, ქრისტიანულ მოძღვრებას იცნობს, კარგად იცის, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი იდეა საყოველთაო თანასწორობის იდეაა. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში განმარტავს: "არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოჲს მიერ".

       დღესავით ნათელი ტექსტია, მაგრამ მაინც გავიმეორებ დღევანდელი ქართულით: ქრისტეს მიერ ყველანი თანასწორნი ხართ, არავითარი სხვაობა არ არის ებრაელსა და წარმართს, მონასა და აზნაურს, დედაკაცსა და მამაკაცს შორის. ე. ი. აღიარებულია ეროვნული, რელიგიური, სოციალურ-კლასობრივი და სქესთა თანასწორობა.

       საყოველთაო თანასწორობის ეს იდეა ქართულმა მწერლობამ (როგორც სხვა ქრისტიანულმა ლიტერატურამ) გაიზიარა და "ვეფხისტყაოსნის" ენით პოეტურად გამოთქვა.

       "არა არს ჰურიაება, არცა წარმართება". არაბი ავთანდილი, ჰინდო ტარიელი, მულღაზანზარელი ფრიდონი - სხვა და სხვა ერისა და სარწმუნოების ადამიანები თანასწორნი და თანაბარნი არიან, შეკავშირებულნი მოყვასის სიყვარულით".

       "არა არს მონება, არცა აზნაურება". სოციალური კიბის სხვა და სხვა საფეხურზე მდგომნი როსტევანი, ავთანდილი და შერმადინი სულიერად თანასწორნი და თანაბარნი არიან. მათ შორის სრული ჰარმონიაა, რასაც საფუძვლად ისევ მოყვასის სიყვარული უდევს. ასეთივე ურთიერთობაა ჯერ ასმათსა და ნესტანს და მერე ასმათსა და ტარიელს შორის.

       "არა არს რჩევა მამაკაცსა, არცა დედაკაცისა". "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" - გვეუბნება რუსთაველი და, მართლაც, თინათინი და ავთანდილი, ნესტანი და ტარიელი თანაბარნი და თანასწორნი არიან. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ვერ აღსრულდება იდეალი, რომელიც ჰარმონიულ და თანასწორუფლებიან საზოგადოების შექმნას ითვალისწინებს. ამიტომ არის, რომ ტარიელისა და ავთანდილის "საბრძანისთა შიგან თხა და მგელი ერთგან ძოვდეს". "ქებაჲ" ქართული ქრისტიანული მწერლობის ძეგლია და თანასწორობის იდეა ამ ჰიმნის დედააზრიც არის. მით უმეტეს, რომ ქრისტიანული საყოველთაო თანასწორობის იდეა ენათა თანასწორობას პირდაპირ და უშუალოდ გულისხმობს. ყური დაუგდეთ, რას გვიამბობს მოციქულთა საქმის მეორე თავი. მეერგასისე (ორმოცდამეათე) დღეს მოციქულები ერთ სახლში იყვნენ თავშეყრილნი. უცებ, თითქოს ქარმა დაუბერაო, ხმაური მოისმა და მოციქულებს ენები გამოეცხადნენ. თითოეულს ცალ-ცალკე დაეფინა ესა თუ ის ენა. ყველა სულიწმიდით აღივსო და დაიწყეს უცხო ენით ისე მეტყველება, როგორც სული უბრძანებდა. ამ დროს იერუსალიმში ყველა ხალხის წარმომადგენლები იყვნენ. როცა ხმაური გაისმა, ისინი შეძრწუნდნენ, რადგან ყოველ მათგანს მშობლიურ ენაზე ესმოდა ლაპარაკი. პართიელები, მიდიელები, მესოპოტამიელები, უჟიკნი, ელამიტელები, კაპადუკიელები, პონტოელები, ფრიგიელები, პამფილიელები, ეგვიპტელები, რომაელები, კრიტელები, არაბები და სხვანი გაოგნებულნი კითხულობდნენ - რა ხდება, როგორ მეტყველებენ მოციქულნი სხვა და სხვა ენაზე და რანაირად გვესმის ჩვენ მშობლიური ენით ღმრთის სადიდებელი?

       მაშინ წარუდგა ხალხს მოციქული პეტრე და აუწყა: თქვენ ჯვარს აცვით იესო, მოვლინებული უფლის მიერ. მაგრამ დაწყვიტა მან სიკვდილის ჯაჭვები და ამაღლდა. ღმერთმა აღადგინა იგი. მამაღმერთისაგან მან მიიღო აღთქმა, რომელიც მოჰფინა. ახლა თქვენ მას ხედავთ და იგი გესმით. თუ გინდათ ცოდვები გეპატიოთ, სულიწმიდის ნიჭი (საჩუქარი) მიიღოთ, უნდა მოინანიოთ და ნათელიღოთ.

       დაიწყო ხალხის ლიანგური ნათლისღება.

       როგორც ხედავთ, სულიწმიდის მოფენა მოხდა. იესო ქრისტე ყველა ხალხს თავთავის ენაზე დაელაპარაკა. ღმრთისათვის ყველა ხალხის ენა თანასწორ და თანაბარუფლებიანი აღმოჩნდა. სხვანაირად შეუძლებელიც იყო. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში გვეუბნება - "ვითარმედ უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყუის უფალი". ამას დავუმატოთ ამავე ეპისტოლეს მეთოთხმეტე მუხლში ნათქვამი -Ибо. Когда я молюсь на незнакомом языке, то хотя дух мой и молится, но ум мой остаëтся без плода. ციტატი რუსულად იმიტომ მოვიტანე, რომ ქართულ ტექსტში სიტყვა "უცხოჲთა" რატომღაც გამოტოვებულია: რამეთუ უკეთუ ვილოცვიდე? ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს".

       მაშასადამე, ღმერთს მაშინ ესმის ადამიანისა (და პირიქით: ადამიანს - ღმერთისა), როცა მშობლიური ენით ელაპარაკება კაცი უფალს (და პირიქით: უფალი - კაცს).

       ჰიმნში ამ აზრით არის ქართული ქრისტეს ენა და ამიტომ "ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ახლა დავსვათ კითხვა: გვაქვს კი ნება ენათა ზოგად, საერთო თანაბარუფლებიანობის იდეაში კონკრეტულად ქართული ენის ბედიც დავინახოთ? ჩემი რწმენით, გვაქვს. ჯერ ერთი, ქრისტიანობა ყველა ზოგად, საერთო იდეას კონკრეტული გამოვლენით გამოხატავს. იოანე მოციქული პირველ ეპისტოლეში ამბობს: თუ არ გიყვარს ძმაი შენი, რომელსაც იცნობ, როგორ შეიყვარებ ღმერთს, რომელიც არ გინახავს?. გამოდის, რომ ძმის, მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება ღმრთის სიყვარული.

       ამ დებულების პერიფრაზით შეგვიძლია ვთქვათ: როგორ იწამებ ენათა თანასწორუფლებიანობის საერთო იდეას, თუ არ გჯერა მშობლიური ენის თანასწორუფლებიანობა? მეორეც, ჰიმნში საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ქართული ენის თავგადასავალი.ლეონტი მროველის პირით, "ქართლის ცხოვრება" გვატყობინებს, რომ ფარნავაზმა "განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული".

       ამ ცნობას ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს. არ სჯერა მისი. თუმცა არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია არ ვენდოთ ლეონტი მროველს. მას ვერავინ დასწამებს თავგადამკვდარ ქართულ ორიენტაციას. უფრო პირიქით შეიძლება ითქვას. მაშინ რა საბუთით უყურებს ზოგიერთი ეჭვის თვალით ლეონტის ცნობას? ცხადია, მას რაღაც მტკიცე საბუთი ჰქონდა, რაკი წერს - ფარნავაზმა შექმნაო მწიგნობრობა ქართული და განავრცო ენა ქართული.

       ვინც ლეონტის ცნობას უნდოდ ეკიდება, როგორც წესი, კითხვას სვამს - რატომ დღემდე არ აღმოჩნდაო წინაქრისტიანული ხანის ქართული დამწერლობის ნიმუში. სულწასულობა ნუ დაგვძლევს. არქეოლოგიას ჯერ ისე გამოწვლილვით არ შეუსწავლია ქართული მიწა-წყალი, რომ აღმოჩენის იმედი გადავიწუროთ. თანდათანობით არქეოლოგიას სულ ახალი და ახალი ცნობები გამოაქვს სამზეოზე. ერთ მშვენიერ დღეს წინაქრისტიანული ქართული დამწერლობის ნიმუშიც შეიძლება ვიხილოთ.

       ვისაც ლეონტი მროველის სჯერა, იგი წინაქრისტიანული ქართული დამწერლობის უქონლობას ქრისტიანობას აბრალებს. თითქოს ქრისტიანობამ მოსპო იგი. ეს კი მტკნარი სიცრუეა. ცამდე მართალია გერონტი ქიქოძე, როცა ამბობს - "არსად დედამიწის ზურგზე ეს ქრისტიანობას არ ჩაუდენია, ძნელი დასაჯერებელია, რომ მარტო იბერიაში ჩაიდენდა... ძნელი წარმოსადგენია, რომ მებრძოლ ქრისტიანულ ეკლესიას ყველა წარმართული შინაარსის პაპირუსი და პერგამენტი გაენადგურებინოს; მით უმეტეს წარმოუდგენელია, რომ ის აკლდამებში შეჭრილიყოს და იქ ყველა წარმართული დროის ქართული წარწერა მოესპოს, ხოლო ბერძნული, არამეული, ებრაული წარწერები ხელუხლებლად დაეტოვებინოს".

       მაშინ მაინც რისი მიზეზით არ ჩანს აქამომდე წინაქრისტიანული ხანის ქართული დამწერლობის ნიმუშები? აქ შეიძლებოდა შემდეგი რამ გვეთქვა: ჯერ ერთი, ადრე, ქრისტიანობამდე, ენათა თანასწორუფლებიანობის იდეა არ არსებობდა. ანტიკურ ეპოქაში ტრილინგვისტური თეორია ბატონობდა. ამის თანახმად, წერა-კითხვა და განათლების მიღება სამ ენაზე შეიძლებოდა - ბერძნულად, ლათინურად და ებრაულად. ეს სამი ენა იყო კულტურისა და სახელმწიფოებრივი მართველობის ენა. სხვა რომელიმე ენას ამის უფლება არ გააჩნდა.

       მეორეც, ელინიზმის დროს სრულიად მკაფიოდ გამოკვეთილი ტენდენცია არსებობდა - ბერძნული ენის ათვისების გზით, ბარბაროსების ანუ არაბერძენი ხალხების გაბერძნების ტენდენცია. ინგლისელი ისტორიკოსი რობინ ჯორჯ კლინგვუდი ამბობს: "იმ დროს ჩვეულებრივი გახდა ბარბაროსთა ელინად მოქცევა. ბარბაროსთა გრეციზაცია ბერძნულად იწოდება ელინიზმად (სიტყვა "ელლენიძეინ" ნიშნავს ბერძნულად ლაპარაკს, უფრო ფართო აზრით, ბერძნული ზნე-ჩვეულების მიღებას), ხოლო ელინური პერიოდი არის პერიოდი, როცა ბარბაროსებმა აითვისეს ბერძნული ზნე-ჩვეულება. ასე რომ, ბერძნული ისტორიული შეგნება, თუ ადრე ჰეროდოტესათვის უპირველესად იყო ბერძნებისა და ბარბაროსთა შორის მტრობის შეგნება (ომები სპარსეთში), ახლა იგი ყალიბდება ბერძნებსა და ბარბაროსთა შორის თანამშრომლობის შეგნებად, მაგრამ თანამშრომლობის ისეთ შეგნებად, როცა ბერძნები ხელმძღვანელობენ, ბარბაროსები კი ემორჩილებიან მათ ხელმძღვანელობას, ხდებიან ბერძნები, ბერძნული კულტურის მემკვიდრეები და ამით ბერძნული ისტორიული შეგნების მემკვიდრეებიც".

       რაოდენ ძლიერი იყო ელინიზმის კულტურული ექსპანსია კარგად ჩანს პართიის მაგალითით. "პართიელებმა ისწავლეს ბერძნული მეტყველება, თავიანთი მეფეების კარზე დგამდნენ ევრიპიდეს ტრაგედიებს, ელინი ხუროთმოძღვრების გეგმების მიხედვით ამაგრებდნენ ქალაქებს და ალამაზებდნენ მათ ათენური და მილეთური ქანდაკებების მსგავსი ნახელავით..."(ლ .ნ. გუმილჲოვი - "ეთნოგენეზი და დედამიწის ბიოსფერო", ლენინგრადი, 1979 წ., გვ. 238). პართია კი არც პატარა ყოფილა, არც უძლური და არც მცირერიცხოვანი. ამგვარ რთულ გარემოებაში ქმნის ფარნავაზი ქართულ დამწერლობას და ავრცელებს ქართულ ენას. იგი უპირისპირდება და ებრძვის ტრილინგვისტურ თეორიასაც და გაბერძნების ტენდენციასაც. მაგრამ, როგორც ჩანს, ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ, მისი დაწყებული საქმე მარცხდება. აქ არაფერია მოულოდნელი. თუ, ერთი მხრივ, გარედან ფარნავაზის წამოწყების განხორციელებას მტრობს და ბორკავს ტრილინგვისტური თეორიის ბატონობა და გაბერძნების ტენდენცია, მეორე მხრივ, შიგნიდან ხელს უშლის შინაარეულობა. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ფარნავაზის ძეს საურმაგს ქვეშევრდომები აჯანყებიან. მეფეს ძალა-უფლება უცხოთა (სპარსელების) დახმარებით დაუბრუნებია. ამას ისიც დამატებია, რომ საურმაგს ვაჟი არ ჰყოლია. იძულებული გამხდარა სამეფოს პატრონად და მემკვიდრედ ცოლის ნათესავი, სპარსი ნებროთის შვილი, მირვანი მოეყვანა. ალბათ მირვანის შთამომავლებს ქართული ენის ღირსების დასაცავად იმ თავგამეტებით აღარ უბრძოლიათ, რომლითაც ფარნავაზი ომობდა. დასაშვებია, რომ ამ სიტუაციის წყალობით, ქართული ენა და ქართული დამწერლობა ისევ დაკნინებულა, დაჩაგრულა და დაცემულა. მით უმეტეს, რომ ირანში სასანიდთა დინასტიის გაბატონების (ახალი წელთაღრიცხვით 220-იანი წლები) მერე საქართველო ახალი ეროვნული ყოყოჩობის წინაშე აღმოჩნდება. იმდროინდელი სპარსელები თავიანთ თავს "კეთილშობილს" (კომდორონ) ეძახდნენ და სხვა ხალხებს ამის ღირსად არ თვლიდნენ (ლ. ნ. გუმილჲოვის დასახელებული წიგნი, გვ. 77).

       აქ ენისა და დამწერლობის ბედს ვერ გავყოფთ. ანბანის, დამწერლობის გზით ხდება, ენა კულტურის, განათლების, მწიგნობრობის, მმართველობის იარაღი. დამწერლობის, ანბანის უქონლობა იძლევა სწორედ ენის დაკნინება-დაჩაგვრის უტყუარ სურათს. ამიტომ განსაზღვრავს დამწერლობის, ანბანის ბედი ენის ყისმათს. თორემ სხვანაირად, რა თქმა უნდა, ენა არსებობს და ასრულებს კიდეც თავის ფუნქციას. ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხალხური ზეპირსიტყვიერება იმ დღიდან არსებობს რა დღიდანაც ენა. ამ თვალსაზრისით ქართული მწერლობა ქართული ენის გაჩენიდანვე არსებობდა (ისევე, როგორც ყველა ენა და ლიტერატურა). ოღონდ მას ფიქსირებული სახე არა აქვს, რაკი ანბანი არ არსებობს და მხოლოდ ფოლკლორით არის წარმოდგენილი. ენა ასრულებს თავის ფუნქციას, როგორც მმართველობის საშუალებაც. ქართველი მამასახლისი, მთავარი თუ მეფე, ცხადია, ქართულად ესაუბრება ქვეშევრდომებს, განკარგულებებს იძლევა, აწესრიგებს საზოგადოებას. თავდაპირველად ქრისტიანობის მოქადაგენი საქართველოში, იქნება იგი ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი თუ სხვა ვინმე, ქართულ მოსახლეობას ქრისტიანობის იდეას იმ პირთა საშუალებით გადასცემენ, რომელნიც მათ თარჯიმნობას უწევს. სხვაგვარად ხომ წარმოუდგენელია ეს პროცესი! მაშასადამე, ზეპირსიტყვიერების გზით ქართული დახვეწილი ენაა როგორც ლიტერატურისათვის, ისე მმართველობისათვის, ქადაგებისათვის. მაგრამ მაინც დაჩაგრულად და დაკნინებულად მიიჩნევა იგი, რაკი საკუთარი ანბანი, დამწერლობა არ ანიჭებს მაღალკულტურული ენის სტატუსს. რაკი ქართული დამწერლობა ჯერ იმ უფლებით არ არის აღჭურვილი, რითაც ბერძნული ან ლათინური.

       განა ქართული ენის ეს მდგომარეობა პირდაპირ არ ისახება "ქებაჲში"? მას ხომ, უდიდესი გულისტკივილით, მდაბალსა და დაწუნებულს უწოდებს ჰიმნის ავტორი! მაგრამ იმედს არ კარგავს და რწმენით აცხადებს - აღდგომა მოელისო. ამ გინცის საფუძველია ის, რომ ქართული ენა შემკული და კურთხეულია უფლის მიერ.

       ახლა ისევ მატიანეს მივმართოთ. კარგად ცნობილია, რომ საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანია. ლეონტი მროველის ცნობით, არც ის არის ქართველი, სპარსია, მაგრამ სხვანაირია მისი დამოკიდებულება ქართული სამყაროს მიმართ. კმაყოფილი გვიამბობს მემატიანე: "აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შუიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყვარნა ქართველნი, და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ენა ქართული". რის გამოც "შეიყვარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა". ამას ახლავს უაღრესად საყურადღებო ცნობა: "შეამკო საფლავი ფარნავაზისი". მირიანი უბრალო პატივისცემის გამო არ ამკობს ფარნავაზის საფლავს. იგი ფარნავაზის იდეას აგრძელებს. მირიანის დროს ხელსაყრელი პირობებია ქართლოსიანთა დინასტიის მიერ დაწყებული საქმის აღდგენა-გაგრძელებისა. წმ. ნინო ქრისტიანობას ქადაგებს. ეს მოძღვრება ეროვნულ ენასა და მწიგნობრობას იყენებს გავრცელების იარაღად. ქრისტიანობა ანადგურებს როგორც ტრილინგვინისტურ თეორიას, ასევე ყოველგვარი დაჩაგვრისა და დისკრიმინაციის მოთხოვნას. მირიანი უკვე ფლობს იდეოლოგიურ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მას ძალუძს ააღორძინოს ეროვნული მწიგნობრობა. აღჭურვოს ქართული მწიგნობრობის, კულტურის, განათლების და სახელმწიფო ენის ფუნქციით. ეს ფარნავაზის საქმის საბოლოო გამარჯვებაა. ამიერიდან აღარასოდეს შეფერხდება და დაკნინდება ქართული".

       "ქებაჲში" კარგად ჩანს, რომ დაკნინებული ქართული ენა ქრისტიანობამ ააღორძინა.

       ამიტომ მიმაჩნია დამაჯერებლად რ. პატარიძის დასკვნა: "ქრისტემ იგი მკვდრეთით აღადგინა, ქრისტეს მცნებას აზიარა. უფლის სახელით შეამკო და აკურთხა და მით უკვდავება მოიპოვა". რაკი ჰიმნში ქართულ ენას ლაზარე ეწოდება, ეს მკაფიოდ გვეუბნება, რომ, როგორც მკვდარი ლაზარეს აღდგინება გულისხმობს აღდგომის საერთო იდეას, ასევე ითვალისწინებს "მდაბალი და დაწუნებული" ქართული ენის აღორძინება აღდგომის საერთო იდეას.

       ქრისტიანული რელიგია ოპტიმისტური რელიგიაა. ამის უმთავრესი და ძირითადი საბუთი სწორედ აღდგომის იდეაა. იგი შეიცავს კეთილის, თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის გამარჯვების რწმენას. ადამიანმა, ერმა, კაცობრიობამ შეიძლება ტანჯვა-ვაების გზით იაროს (ქრისტეს ვნებანი), მაგრამ აღდგომის ძალით იგი ღმრთის წიაღში მოხვდება (ქრისტეს აღდგომა-ამაღლება). იქ მხოლოდ კეთილი სუფევს. იქ აღარ არის ბოროტი. აღარ არსებობს მდაბალი და დაწუნებული - არც ადამიანი, არც ერი, არც ენა. მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე ითქვა, ქრისტიანობის თანახმად, ყველა ენა თანასწორი და თანაბარუფლებიანია. ყოველ ადამიანს ღმერთი მშობლიურ ენაზე ელაპარაკება.

       და ბოლოს, ჩემი დასკვნა ის არის, რომ ერთმა ავტორმა "ყოველი საიდუმლოჲს" კონკრეტული აზრი ამოიკითხა, მეორემ - საერთო, ზოგადი ქრისტიანული იდეა. ამდენად, მათ შორის წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რამეთუ საერთო კონკრეტულსაც მოიცავს. რაკი მკაფიოდ ჩანს "ქებაჲს" ორი ძირითადი აზრი - აღდგომის იდეა და ქართული ენის მესიანისტური იდეა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - როდის დაიწერა ეს ჰიმნი? ადრე იგი მეათე საუკუნის ლიტერატურულ ძეგლად ითვლებოდა. მერე პ. ინგოროყვამ და რ. პატარიძემ მეცხრე საუკუნის დამდეგის თხზულებად მიიჩნიეს. თავის დროზე "ქებაჲს" საერთო ინტონაციამ მათქმევინა - "როგორც ჩანს, ჰიმნი ეროვნული და პოლიტიკური კრიზისის ეპოქაში იწერებოდაო". მაგრამ რომელია მაინც ეს ეპოქა, ქართული ენის დისკრიმინაციის თვალსაზრისით? ამ დისკრიმინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ სწორედ ამას უჩივის ჰიმნის ავტორი. თუ კონკრეტულ ისტორიულ პირობებს გავითვალისწინებთ, არ გვექნება იმის უფლება, რომ დავიწუწუნოთ - მე-9 ან მე-10 საუკუნეებში ქართული ენა დამცირებული და დაკნინებულიაო. პირიქით, ყველა ჩვენთვის ცნობილი ფაქტი ქართულის აღორძინებას მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ მეათე საუკუნეში დაიწერა ფორმულა - "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების..." თითქოს ამ ეპოქაში ავტორს არა აქვს საფუძველი ივალალოს ქართული ენის ბედზე. თითქოს არ უნდა ამბობდეს - "ესე ენა მძინარე არს დღესამომდე". თითქოს ამის საბუთი არ გააჩნია. თუ ასეა, მაშინ როდის შეიძლებოდა დაეწერათ "ქებაჲ"?

       ამ საკითხის გადასაწყვეტად, ჩემი აზრით, სამ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება: პირველი, მესიანისტური იდეის გაჩენას, მეორე, აღდგომის იდეას და მესამე, მირიანის მეფობის დროს შექმნილ პირობებს. ყოველ ერში არსებობს მესიანისტური იდეა. იგი აქვთ სომხებს, რუსებს, პოლონელებს და სხვებს. ბუნებრივია, რომ ქართველმა მოაზროვნეებმაც გამოიმუშავეს, ჩამოაყალიბეს იგი. ეს იდეა ერის თვითგამტკიცებას, თვითრწმენას, ძლიერებას უწყობს ხელს. ამა თუ იმ ისტორიულ სიტუაციაში ეროვნული ოპტიმიზმის საფუძველია და ებრძვის ეროვნულ სასოწარკვეთილებას.

       ძნელია და დიდძალ მასალას მოითხოვს ქართული მესიანისტური იდეის შეპირისპირება სხვა ხალხების ამგვარსავე იდეასთან, მაგრამ სომხურ მესიანისტურ იდეასთან შედარება კი აუცილებელიც არის და საყურადღებოც.

       სომხური მესიანისტური იდეა ეფუძნება წარღვნის მითს. როგორც კარგად ცნობილია, დაბადების წიგნის თანახმად, წარღვნის შემდეგ, ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. აქ გამოვიდა გარეთ ნოე და მისი სახლობა. აქედან დაიწყო კაცობრიობის ხელმეორე აღორძინება. ძველ სომხურ მწერლობას მიაჩნია, რომ ბიბლიის არარატი სომხეთის არარატია. წარღვნის შემდეგ ნოემ მთელი ცხოვრება (ბიბლიის მიხედვით კი მან 350 წელიწადი იცოცხლა) სომხეთში გაატარა, იცოდა სომხური ენაც და დასაფლავებულიც ნახჭევანშია. მაშასადამე, სომხური მწერლობის აზრით, სომხეთი კაცობრიობის რეგენერაციის აკვანია. ქრისტიან ხალხებში ბიბლიის ავტორიტეტი საფუძველს აძლევდა ზოგიერთ სომეხ მემატიანეს ემტკიცებინა - ყველა ხალხი სომხებისაგან წარმოიშვა და ყველა ენის მშობელი სომხურიაო. ნურავინ მიიჩნევს ამას უბრალო მიამიტობად. იგი სომხური მესიანისტური იდეაა და მძიმე ისტორიული კატაკლიზმების ეპოქაში ეხმარებოდა და იმედით ასაზრდოებდა სომეხი ხალხის სიმტკიცეს, მხნეობას, ვაჟკაცობას. ამ იდეამ არსებითი როლი შეასრულა სომეხი ხალხის გადარჩენაში. სხვათა შორის, სომხური მესიანისტური იდეის გავლენა იმდენად დიდი ყოფილა, რომ რუსეთშიც არარატის მთებიდან, სომხეთიდან მოელოდნენ მესიას. ასე ფიქრობდნენ მანამ, სანამ 1701 წელს სომეხ მოღვაწეს ისრაელ ორის წერილი არ გაუგზავნია პეტრე პირველისათვის და არ უცნობებია - მოსკოვიდან მოევლინებაო ქვეყნიერებას მესია.

უპირველესად მესიანისტური იდეა სომხეთს სჭირდებოდა ბიზანტიის მესიანისტური იდეის წინააღმდეგ, მასთან დასაპირისპირებლად. ასევე სჭირდებოდა მესიანისტური იდეა ქართველ ერსაც, ერთი მხრივ, ბიზანტიის პოლიტიკური და რელიგიური აგრესიის წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, სომხური ეკლესიის იდეოლოგიური პრეტენზიის შესაკავებლად.

       ამისათვის აუცილებელია ქართულის განსაკუთრებულობა. ეს განსაკუთრებულობა კი იმით გამოიხატება, რომ ქართული, არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტეს ენაა. "ქებაჲს" ავტორი ბრძანებს - მეორედ მოსვლის ჟამს "ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა". ამის მერე, ცხადია, ლოგიკურია, რომ მე-6 საუკუნეში, როცა ასურელი მამები ჩამობრძანდნენ საქართველოში, კათალიკოს ევლავიოსს ქართულად დაელაპარაკა მათი თავკაცი იოანე, თუმცა მას ქართული "არცა ოდეს ასმიოდა, არ თუ ესწავა". მაგრამ ეს სასწაული ქრისტეს წყალობით მოხდა. ასევე ლოგიკურია იმის რწმენა, რომ ავადმყოფ ექვთიმე მთაწმინდელს სიზმარში ქართულად ესაუბრებოდა ღმრთისმშობელი.

       მესიანისტური ფორმულა შექმნილია: ქართული ქრისტეს ენაა. ამით შესაძლებელია დაუპირისპირდე, წინააღმდეგობა გაუწიო ყველა მესიანისტურ იდეას.

       როგორც სომხური, ისე ქართული მესიანისტური იდეა უდავოა ყალიბდება ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებისა და გავრცელების ეპოქაში. ეს აუცილებელი იყო ორი თვალსაზრისით: ერთი, ქრისტიანობა მოდის რომიდან და უკან მოჰყვება რომის პოლიტიკური და სამხედრო ძლიერება. თუ გინდა გაუძლო და გაუმკლავდე რომს (იმპერიის გაყოფის მერე ბიზანტიას), ქრისტიანობა, რაკი იგი საყოველთაო თანასწორობის იდეას აღიარებს, უნდა გამოიყენო თავდაცვის იარაღად და არ მისცე უფლება მტერს მოიხმაროს იგი დამონება-დამორჩილების ინსტრუმენტად. მეორე, ქრისტიანობის მიერ ნაქადაგები აღდგომის იდეა რწმენას, იმედს, ოპტიმიზმს უნერგავს რომის იმპერიის დაჩაგრულ ხალხებს და განახლებული ისტორიული ცხოვრების გინცს[22] აძლევს. მართლაც, მეხუთე-მეექვსე საუკუნეების ძეგლებში აღდგომის იდეა ფრიად პოპულარული და აქტუალურია. მართალია, აღდგომის იდეა ქრისტიანულ მწერლობაში, ამა თუ იმ დოზით, ყოველ ეპოქაში არსებობს, მაგრამ მეხუთე-მეექვსე ასწლეულში იგი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. გავიხსენოთ თუნდაც წრეში ჩახატული ჯვრის ორნამენტი, ანდა "აყვავებული ჯვარი". როგორც კარგად ცნობილია, წრეში ჩახატული ჯვარი სიმბოლოა აღდგომისა, მარადიული სიცოცხლისა. ასევე აღორძინებას, მარადიულ სიცოცხლეს გამოხატავს "აყვავებული ჯვარი". როგორც ერთი, ისე მეორე მეტად გავრცელებულია V-VII საუკუნეების ხელოვნებაში (იხ. ჯუანშერ ამირანაშვილი - "ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები").

       ყურადღება უნდა მივაპყროთ იმასაც, რომ "შუშანიკის წამების" ძირითადი აზრი აღდგომის იდეაა. განსაკუთრებით ერთი ადგილია მნიშვნელოვანი. გახსოვთ ალბათ, როცა შუშანიკის სიკვდილის დღე მოახლოვდა, მოუწოდა დედოფალმა აფოცსა და სხვებს და უთხრა - "უკეთუ ღირს რაჲმე ვარ უკანაჲსკნელი ესე მეათერთმეტეჲ მოქმედი ვენახისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა..." როგორც ხედავთ, შუშანიკი თავისთავს უწოდებს ვენახის მეთერთმეტე მოქმედს. ეს სიტყვები გახლავთ მათეს სახარების მეოცე თავიდან, სადაც ნაამბობია სახლის პატრონზე, ვინც მუშები დაიქირავა ვენახის დასამუშავებლად. სახლის პატრონმა ყველაზე ადრე მოსულ მიწისმოქმედს იმდენი დრაჰკანი მისცა, რამდენიც ბოლოს მოსულს. ეს პირველმა იწყინა, მაგრამ დამქირავებლისგან პასუხად მიიღო: მე მსურს უკანასკნელსაც ის მივცე, რაც შენ, რამეთუ "იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინ". მათეს სახარების ეს პარაბოლა გულისხმობს დამცირებულთა აღზევებას, დაჩაგრულთა აღდგომას, უკანასკნელის პირველად გახდომას. ამ იმედით კვდება შუშანიკი. ეს გინცია გამოთქმული "ქებაჲშიც".

       ამდენად, აღდგომის იდეის თვალსაზრისით, უშუალო კავშირი არსებობს "შუშანიკის წამებას", V-VII საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების აზრობრივ მოტივებსა და "ქებაჲს" შორის. "ქებაჲში" საკმაოდ მკაფიოდ იხატება მირიანისა და მომდევნო ეპოქის საქართველოში შექმნილი სიტუაციაც. ერთი მხრივ, ანტიკური ეპოქის ენობრივი ტრადიცია ებრძვის ქართული ენის აღორძინებას და, მეორე მხივ, ახლადშემოსული ქრისტიანობა ცდილობს ქართულის გაბატონებას. პირველი ტენდენცია ავტორს ახსენებს ძველ მდგომარეობას, როცა ქართული დაჩაგრულ-დაკნინებული იყო, ხოლო

       მეორე ტენდენცია მისი აღდგომა-განახლების იმედს უნერგავს. ამიტომ მოელის მდაბალი და დაწუნებული ქართული უფლის მეორედ მოსვლას, როცა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება თანასწორობა და თავისუფლების სუფევა.

რაც ზემოთ ვთქვი, ის მაფიქრებინებს, რომ "ქებაჲ" ქართული ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია. იოანე-ზოსიმე კი არის მჩხრეკალი, გადამწერი მისი და არა ავტორი.

ნახვა: 525

ტეგები: Qwellyland, აკაკი_ბაქარაძე, ვეფხისტყაოსანი, საიდუმლოი, ქებაჲ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2019.
საათი: 2:53pm 0 კომენტარი

                                                                                                       …

გაგრძელება

ლოურენს რიზი - უსახელო ალიანსი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

       1939 წლის 23 აგვისტოს ნაშუადღევის ოთხი საათისთვის სტალინის პირადმა ავტომობილმა წითელი მოედანი გადაკვეთა. მანქანაში საბჭოთა ლიდერის უჩვეულო სტუმარი იჯდა. დიპლომატიის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე…

გაგრძელება

ალექსანდრე იასაღაშვილი - შავი ვარდი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:00pm 0 კომენტარი

      პროფესორ პავლე ნაპირელის ოჯახი ყირიმში ისვენებდა, დაძაბული შრომით მოქანცულ მეცნიერს ძალიან მოუხდა იქაური მზე და ზღვის ჰაერი. ამინდებიც კარგი დაუდგა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ავტომანქანით…

გაგრძელება

გვარამიას სამართალი და გასაყიდად გამოტანილი რუსთავი ორი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 12, 2019.
საათი: 11:23pm 6 კომენტარი

      აქციები ისევ არ წყდება მაგრამ ხალხი ისე მიეჩვია, რომ მედიისთვისაც რაიმე განსაკუთრებულ ამბებს არ წარმოადგენს. აი, რუსთავი ორის გაყიდვის ამბავი კი დღის ყველაზე ხმაურიანი ნიუსი გამოდგა, ცხადია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters