ოგიუსტ ბორჟას უძღვნის მისი მეგობარი დე ბალზაკი.

      ექიმმა ბიანშონმა მეცნიერება გაამდიდრა მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური თეორიით. მან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაშივე მოიხვეჭა სახელი პარიზის სამეცნიერო ფაკულტეტზე, რომელიც ევროპის ექიმების მიერ განათლების ცენტრად იქნა აღიარებული. სანამ თერაპევტის სპეციალობას მიიღებდა, იგი დიდხანს მუშაობდა ქირურგად. სწავლის პირველ ხანებში ბიანშონს ხელმძღვანელობას უწევდა ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ქირურგი, მეცნიერებაში მეტეორივით გაელვებული, საყოველთაოდ ცნობილი დეპლენი. დეპლენის მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ მან საფლავში ჩაიტანა თავისი მეთოდი, რის გადაცემაც სხვისთვის შეუძლებელი იყო, როგორც ყველა გენიოსს, მასაც მემკვიდრეები არ აღმოაჩნდა. დეპლენმა ყველაფერი თან მოიტანა და თანვე წაიღო. ქირურგთა დიდება ჰგავს მსახიობთა დიდებას. ისინი მხოლოდ მანამდე არსებობენ, სანამ ცოცხალნი არიან. სიკვდილის შემდეგ კი მათი ნიჭის შეფასება ძნელია. მსახიობები და ქირურგები, აგრეთვე დიდი მომღერლებიცა და ვირტუოზი მუსიკოსებიც - ყველა წუთიერი გმირია. დეპლენის ბედიც იმავეს ადასტურებს, რომ წარმავალ გენიოსებს ბევრი რამ აქვთ საერთო თავიანთ ხვედრში. ჯერ კიდევ გუშინ დიდად ცნობილი მისი სახელი, ახლა თითქმის დავიწყებულია და სამკურნალო სამყაროებს ვერ გასცილებია. მაგრამ რაღაც განსაკუთრებული გარემოება ხომაა საჭირო იმისათვის, რომ მეცნიერის სახელი მეცნიერების არეს გასცდეს და კაცობრიობის საერთო ისტორიაში შევიდეს? გააჩნდა თუ არა დეპლენს ის უნივერსალური ცოდნა, რითაც ადამიანი თავისი საუკუნის გამომხატველ ფიგურად იქცევა? დეპლენს საოცარი ალღო ჰქონდა: ავადმყოფსა და მის ავადმყოფობას იგი ჩასწვდებოდა ბუნებრივი თუ შეძენილი ინტუიციით, ამით შეეძლო მოცემული შემთხვევის ინდივიდუალურ თავისებურებათა დადგენა და იმ ხასიათის და წუთის ზუსტად განსაზღვრა, თუ როდის იყო საჭირო ოპერაციის გაკეთება. შეეძლო აგრეთვე ატმოსფერულ პირობათა და ავადმყოფის ტემპერამენტის თავისებურებათა გათვალისწინება. ბუნების საიდუმლოებათა მისახვედრად ხომ არ შეუსწავლია მას იმ ელემენტთა მუდმივი შეთვისება, რომლებსაც ადამიანი ჰაერსა და მიწაში მოიპოვებს და თავის ყაიდაზე გადაამუშავებს? იქნებ სარგებლობდა დედუქციისა და ანალოგიის იმ დიდი ძალით, რომელსაც კუვიე თავის გენიოსობას უნდა უმადლოდეს? რაც უნდა იყოს, იგი ადამიანის ორგანიზმის მესაიდუმლე შეიქმნა. იგი აწმყოს ემყარებოდა და სხეულის წარსულსა და მომავალს ჩასწვდებოდა. მაგრამ, როგორც ჰიპოკრატემ, გალენმა, არისტოტელემ, მან თავის არსებაში ხომ არ განასახიერა მთელი მეცნიერება? სკოლა ხომ არ შეუქმნია და მისთვის ხომ არ უჩვენებია გზები ახალი სამყაროსაკენ? არა, მართალია უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის ორგანიზმის ქიმიის ეს გულმოდგინე დამკვირვებელი ჩასწვდა მოგვების ძველ მეცნიერებას: სასიცოცხლო საწყისებს იგი ხსნიდა ჯერ კიდევ მათი ქმნადობისას, ხედავდა სიცოცხლის სათავეს, ხედავდა იმ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლე არ გამხდარა და რომელიც მოსამზადებელი თავისი მუშაობით ორგანიზმის არსებობას აპირობებს. მაგრამ, სამწუხაროდ, დეპლენში ყველაფერი პირადულ ხასიათს ატარებდა: ცხოვრებაში მისი მარტოობის მიზეზი ეგოიზმი იყო და ამავე ეგოიზმმა ჩაჰკლა მისი სიკვდილშემდგომი სახელი. დეპლენის საფლავზე არ დგას ქანდაკება, რომელიც მომავალ თაობებს ხმამაღლა აუწყებს გენიოსის თავდადებული ძიებით გახსნილ საიდუმლოებებს. მაგრამ, შეიძლება, დეპლენის ტალანტი მის რწმენას შეესაბამებოდა, ამიტომაც იყო ღრუ, რომელიც თავის წიაღში სიცოცხლეს წარმოშობდა, დედამიწა ნაჭუჭიანი კვერცხის მსგავსი რამ იყო, და აი მას რომ არ შეეძლო კითხვაზე პასუხი გაეცა, რა იყო თავდაპირველად კვერცხი თუ ქათამი, უარყოფდა მამალსაც და კვერცხსაც. არ სწამდა არც პირველყოფილ ცხოველთა სამყაროს შექმნა, არც ადამიანის სულის უკვდავება. დეპლენს კი არ ეეჭვებოდა, იგი უარყოფდა. ეს იყო აშკარა, წმინდა წყლის ათეიზმი, რომელიც ბევრ მეცნიერს გააჩნია: ეს მეცნიერები შესანიშნავი ადამიანები არიან, მაგრამ სულით ხორცამდე ათეისტები, ათეიზმს ისეთივე რწმენით აღიარებენ, როგორითაც რელიგიურად განწყობილი ადამიანები მას უარყოფენ. არ შეიძლებოდა, რომ დეპლენს სხვანაირი რწმენა შეჰქმნოდა: ის ახალგაზრდობიდანვე დაეჩვია ადამიანის - ამ ყოველი ცოცხალი არსების გვირგვინის-სკალპელით გაკეთებას მის დაბადებამდე, სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ, დაეჩვია ხელის ფათურს ყველა მის ორგანოში და ვერსად პოულობდა მთლიან სულს, რომელიც ასე საჭიროა ყველა რელიგიური მოძღვრებისათვის. როდესაც დეპლანმა ორგანიზმში სამი ცენტრი აღმოაჩინა - ტვინის, ნერვებისა და სასუნთქ-სისხლძარღვის ცენტრები, ამათგან პირველ ორს ერთიმეორის შეცვლა ასე შესანიშნავად შეეძლო, - იგი თავისი სიცოცხლის მიწურულს დარწმუნდა, რომ სმენა და მხედველობა სრულად არაა საჭირო, რომ ისმინო და დაინახო: მათი შეცვლა მზის წნულს აშკარად შეუძლია. ამნაირად დეპლენმა ადამიანში ორი სული რომ აღმოაჩინა, ამაში თავის ათეისტურ შეხედულებათა დადასტურება დაინახა, თუმცა ეს ფაქტი სრულიად არ ეხებოდა ღმერთზე საკითხს, ამბობენ, სახელოვანი ქირურგი თავის ცდომილებათა მოუნანიებლად გარდაიცვალა, როგორც სამწუხაროდ, მრავალი გენიოსი ადამიანი კვდება, ღმერთმა შეუნდოს მათ.

      ეს დიდი ადამიანი ბევრ წვრილმანობას იჩენდაო, - ასე ლაპარაკობდნენ დეპლენზე მტრები, რომლებსაც სურდათ შეებღალათ მისი სახელი. მაგრამ ის, რასაც წვრილმანობად სთვლიდნენ, უფრო სწორი იქნებოდა ამაში მარტოოდენ გარეგნული ხასიათის წინააღმდეგობანი დაენახათ. შურიანები და გონებაჩლუნგები ვერასოდეს ჩასწვდებიან იმ განზრახვებს, რომლებიც დიდი ჭკუის ადამიანებს ამოქმედებდნენ. ამიტომ, როგორც კი შენიშნავენ რამდენიმე ასეთ ზერელე წინააღმდეგობას, მაშინვე ხელს ჩასჭიდებენ მას საბრალდებო ოქმის შესადგენად და ცდილობენ, ბრალდებულს დაუყოვნებლივ ბრალი დასდონ. დაე, შემდეგში მიზნის წარმატებით მიღწევამ გაამართლოს ტაქტიკა, რომელმაც ამდენი თავდასხმა განიცადა, და გამოავლინოს საშუალებათა და მიზნის შესაბამისობა, მაგრამ ჭორებთან ავანგარდული შეტაკებანი უკვალოდ არ რჩება. ერთ დროს ნაპოლეონს იმისთვის ჰკიცხავდნენ, რომ მან ინგლისზე გაშალა თავისი არწივის ფრთები: მხოლოდ 1822 წელმა განგვიმარტა 1804 წელი და ბულონის სადესანტო გემები.

      დეპლენის დიდება და ცოდნა უვნები იყო, ამიტომ მტრებმა ნიშანში ამოიღეს მისი ხასიათის ყოველგვარი უცნაურობანი. დეპლენს ჰქონდა უბრალოდ ის თვისება, რასაც ინგლისელები ექსცენტრიულობას ეძახიან. ხან ბრწყინვალედ იცვამდა, ტრაგიკოს კრებილიონივით, ხან ჩაცმა-დახურვისადმი უცნაურ გულგრილობას იჩენდა, ხან ეტლით მგზავრობდა, ხან კი ხარბი და ძუნწი ჩანდა, მაგრამ შეეძლო მთელი ქონება განდევნილი თავისი მბრძანებლებისთვის გადაეცა, რომლებმაც ღირსად ჩათვალეს რამდენიმე დღით მისი მხარდაჭერით ესარგებლათ, - იგი ერთიმეორის საწინააღმდეგო მითქმა-მოთქმას იწვევდა. თუმცა ორდენის რაღაც შავი ლენტის მისაღებად დეპლენს, როგორც ექიმს, თავის შეწუხება არ შეშვენოდა, მაგრამ ლოცვანი მან განგებ დააგდო მეფის კარზე. ისე კი დარწმუნებული იყავით, რომ მალულად ყველაფერს დასცინოდა. დეპლენს შეეძლო დაჰკვირვებოდა მორთულ-მოკაზმულსა თუ მოუკაზმავ ადამიანებს და მათი ნამდვილი სახე დაენახა ყველაზე საზეიმო თუ ყველაზე ჩვეულებრივ პირობებში, - და ადამიანები მას ღრმად ეზიზღებოდა. დიდი ადამიანის სულიერი თვისებები ერთიმეორეს ხშირად შეესაბამებიან. თუ რომელიმე ამ ბუმბერაზს ტალანტი ჭკუაზე უფრო მეტი აქვს, ის მაინც იმაზე უფრო ჭკვიანია, ვისზედაც უბრალოდ ამბობენ: ჭკვიანი კაციაო. გენიოსობა გულისხმობს შინაგან მხედველობას. ეს მხედველობა შეიძლება შეზღუდული იყოს ცალკეული სპეციალობის თვალთახედვით, მაგრამ ვინც ყვავილს ხედავს - ის მზესაც ხედავს. ერთხელ მის მიერ გადარჩენილი დიპლომატი რომ შეეკითხა: იმპერატორი როგორ ბრძანდებაო, დეპლენმა უპასუხა: „კარისკაცი გაცოცხლდა, - გაცოცხლდება ადამიანიც“. ვისაც შესწევს უნარი ასეთი რამ თქვას, ის მხოლოდ ქირურგია, მხოლოდ ექიმი კი არაა, არამედ ამასთანავე დიდი ჭკუის კოლოფიცაა, აი ამიტომ დამკვირვებელი, რომელიც დაჩვეულია მოთმინებითა და გულმოდგინედ ჩაუკვირდეს ყოველივე ადამიანურს, მიუტევებს დეპლენს თავის თავზე დიდ წარმოდგენას და ირწმუნებს, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, რომ დიდი ქირურგი შესძლებდა არა ნაკლებ დიდი მინისტრი გამხდარიყო.

      იმ გამოცანათა შორის, რომლებსაც თანამედროვენი დეპლენის ცხოვრებაში ამჩნევდნენ, ჩვენ შევარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო: მის პასუხს მოთხრობის დასასრულს ვიპოვით, და ეს პასუხი დეპლენის ხსოვნას ჩამოაშორებს ზოგიერთ შეუსაბამო ბრალდებას.

      ორის ბიანშონი იყო დეპლენის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოწაფეთაგანი, რომლებიც მასთან საავადმყოფოში მუშაობდნენ. ორას ბიანშონი ოტელ-დიეს კლინიკაში ასისტენტ-პრაქტიკანტად მოწყობამდე იყო სტუდენტი - მედიკი, რომელიც „ვოკეს სახლად“ წოდებულ ერთ ღარიბულ პანსიონში ცხოვრობდა. აქ ღარიბი ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა, მაგრამ ამ გაჭირვებიდან, როგორც ბრძმედიდან, ძლიერი ტალანტები უნდა გამოვიდნენ სპეტაკნი და უვნებნი ალმასებივით, რომლებიც ყოველნაირ დარტყმას უძლებენ, არ იმსხვრევიან. დაუცხრომლად მოგიზგიზე თავიანთ ვნებათა ცეცხლში ისინი გამოიბრძმედებიან და უანგარო პატიოსნებით იმსჭვალებიან, გაცრუებულ ვნებიან სურვილებს განუწყვეტელი შრომის სალტეში მოაქცევენ. წინასწარვე ეჩვევიან იმ ბრძოლას, რაც გენიოსთა ხვედრია. ორასი პირდაპირი ადამიანი იყო, პატიოსნების საკითხში არ მერყეობდა, მის სიტყვას საქმე მოსდევდა, მეგობრისთვის საკუთარ პერანგს არ დაიშურებდა, არც დროს, არც ღამის თევას მისთვის არ დაინანებდა. ორასი იყო ისეთი მეგობარი, რომელიც სრულიად არ ფიქრობს, გადაუხდიან თუ არა მას სიკვდილისთვის სამაგიეროს. ისედაც, დარწმუნებულია, რომ დათესილზე მეტს მოიმკის. მეგობართა უმრავლესობა ბიანშონს დიდ პატივს სცემდა, და ეს პირფერობით კი არ იყო მისგან გაკიცხვას ერიდებოდა, მაგრამ ორასი თავის ღირსებებს ყოველგვარი პედანტობის გარეშე ამჟღავნებდა. პურიტანიზმისა და მქადაგებლობის სენი არ სჭრიდა. თუ ვინმეს რჩევა-დარიგებას აძლევდა, იგი ზედ ხალისიანად მაგარ-მაგარ სიტყვებსაც მიაყოლებდა, თუ შემთხვევა მიეცემოდა, კარგი დროს გატარებაც უყვარდა.

      მხიარული თანამესუფრე, თავმდაბალი, როგორც ყოველი კირასირი, პირდაპირი და გულღია, მაგრამ არა როგორც მეზღვაური, რადგან ახლანდელი მეზღვაურები ცბიერი დიპლომატები არიან, არამედ როგორც პატიოსანი ახალგაზრდა კაცი რომელსაც თავის ცხოვრებაში დასამალი არაფერი გააჩნია. თავაწეული და მოღიმარი თვალებით წინ დადიოდა. ყველაფერი ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ის იყო პილადე მრავალი ორესტესი: ჩვენ დროს ანტიკური ფურიების ყველაზე რეალურ განსახიერებას ხომ კრედიტორები წარმოადგენენ. ორასი თავის სიღარიბეს სულიერი სიმშვიდით იტანდა, რაც, შეიძლება, ვაჟკაცობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა; და როგორც ყველა ის, ვისაც არაფერი გააჩნია, ფულს თითქმის არავისგან სესხულობდა. აქლემივით თავშეკავებული, ირემივით მკვირცხლი, ორასი თავდაჭერილი იყო, თავის იდეებს მტკიცედ იცავდა. ბიანშონის ბედნიერი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო, როცა გამოჩენილმა ქირურგმა დეპლენმა გაიგო ექიმ ორას ბიანშონის ის დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომლებიც ერთობლივ მას მეგობრებისთვის ძვირფას ადამიანად აქცევენ, თუ კლინიკის მთავარი ექიმი ახალგაზრდა კაცს მფარველობას უწევს, ამ ახალგაზრდის კარიერა უზრუნველყოფილად უნდა ჩაითვალოს. დეპლენს ბიანშონი ხშირად თან დაჰყავდა დამხმარედ მდიდართა ოჯახებში, სადაც თითქმის ყოველთვის რაიმე ანაზღაურება ასისტენტის ქისაშიც მოხვდებოდა და აგრეთვე სადაც პროვინციელისათვის პარიზის ცხოვრების საიდუმლოებანი თანდათან მისაწვდომი ხდებოდნენ. დეპლენი ბიანშონს მაშინაც იყენებდა, როცა ავადმყოფებს თავის ბინაზე იღებდა; ზოგჯერ მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ გაგზავნილ მდიდარ ავადმყოფს გააყოლებდა; ერთი სიტყვით, კლიენტურას უქმნიდა. საბოლოოდ ქირურგ ტირანს ცოტა ხნის შემდეგ სეიდი მოევლინა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მახლობელი გახდა. ერთს პატივისცემისა და მეცნიერების მწვერვალისთვის მიეღწია, უზარმაზარი ქონება შეექმნა, უდიდესი სახელი მოეხვეჭა, და მეორეს არც ქონება, არც სახელი არ გააჩნდა და პარიზის ცისკიდურზე შეუმჩნეველ ვარსკვლავად ციმციმებდა. დიდი დეპლენი თავის ასისტენტს არაფერს უმალავდა. ბიანშონმა იცოდა, მავანი ქალი მისი მასწავლებლის გვერდით სკამზე დაჯდა თუ ყბადაღებულ დივანზე, რომელიც დეპლენს კაბინეტში ედგა და რომელზედაც არ იძინებდა; ბიანშონი იცნობდა ამ ტემპერამენტის საიდუმლოებებს, რომელშიც ლომის მგზნებარე და ხარის ძალა შეერთებულიყო; ამ ტემპერამენტმა დიდი ადამიანის მკერდი თანდათან გასწია, გააფართოვა ზომაზე მეტად და მისი სიკვდილის მიზეზი გახდა (დეპლენი გულის გაგანიერებით გარდაიცვალა). ასისტენტმა ამ ფრიად დაკავებული ადამიანის ყველა უცნაურობა შეისწავლა, მისი სიძუნწე, ყველა იმედი ამ მეცნიერ ადამიანში დამალული პოლიტიკოსისა და გაითვალისწინა ის გულგატეხილობა, რომელიც დეპლენს მოუტანს მისი გულისათვის მისაწვდომ ერთადერთ გრძნობას, რადგან ეს გული მაინც ბრინჯაოსი კი არ იყო, არამედ გარეგნულად ჰგავდა ბრინჯაოს.

      ერთხელ ბიანშონმა დეპლენს უთხრა, სენ-ჟაკის უბნელი ერთი ღარიბი მეთულუხე გადაღლისა და ხელმოკლეობის გამო საშინლად ავად გახდაო: ღარიბი ოვერნელი 1821 წლის ხანგრძლივ ზამთარში მხოლოდ კარტოფილით იკვებებოდა. დეპლენმა ყველა ავადმყოფს თავი მიანება. ცხენს დაუზოგავად მიერეკებოდა. ამ საწყალი ადამიანის ბინაზე ბიანშონთან ერთად მიიჭრა და პირადი მეთვალყურეობით იგი სენდენის გარეუბანში სახელგანთქმული დიუბუას მიერ გახსნილ საავადმყოფოში მოათავსა. დეპლენმა ოვერნელი მოარჩინა, და როცა ავადმყოფი ფეხზე წამოდგა, ფული მისცა ცხენისა და კასრის შესაძენად. შემდეგ ამ ოვერნელს ერთი თავისი მეგობარი ავად გაუხდა, მან ავადმყოფი დეპლენს მიუყვანა.

      - ვერ ავიტანდი, რომ იგი სხვა ექიმთან მისულიყო, - უთხრა მან თავის კეთილისმყოფელს.

      თუმცა დეპლენი უხეში კაცი იყო, მაგრამ მეთულუხეს ხელი ჩამოართვა და უთხრა:

      - ყველანი ჩემთან მოიყვანე.

      კანტალელი ავადმყოფი ოტელ-დიეს კლინიკაში დააწვინა და დიდი მზრუნველობა გაუწია. ბიანშონს უკვე ბევრჯერ შეუნიშნავს, რომ დეპლენი ოვერნელებისადმი, განსაკუთრებით კი მეთულუხეებისადმი, მიკერძოებას იჩენდა, მაგრამ ეს მოწაფეს არაჩვეულებრივ საქციელად არ ჩაუთვლია, რადგან დეპლენი თავის ავადმყოფებს ყოველთვის გულმოდგინედ მკურნალობდა.

      ერთხელ ბიანშონმა დილის ცხრა საათზე, სენ-სულპისის მოედანს რომ გადადიოდა, თავის მასწავლებელს მოჰკრა თვალი, იგი იმ საყდრისკენ მიდიოდა, რომლის სახელიც ამ მოედანს ერქვა. დეპლენი, რომელიც ყოველთვის კაბრიოლეტით დადიოდა, ახლა ფეხით მოსულიყო, პტი-ლიონის ქუჩიდან ის ეკლესიაში შეიპარა, თითქოს საეჭვო სახლში შედისო. ასისტენტი, რომელიც თავისი მასწავლებლის შეხედულებებს კარგად იცნობდა, ამასთანავე თვითონაც კაბალისტი იყო და ეშმაკურად (ალბათ, სწორედ ასე გამოხატავდა რაბლე ეშმაკეულის უმაღლეს ხარისხს) უდრეკი, გასაგებია, ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო; ბიანშონი საყდარში შეუმჩნევლად შევიდა და იქ ნახა სურათი, რომელმაც ძალიან გააკვირვა: ეს დიდი დეპლენი, ეს ათეისტი, რომელსაც არაფერი სწამდა და დაუნდობლად დასცინოდა ლანცეტით ხელშეუხებელ ანგელოზებს, რომლებსაც არც ფისტულები და არც გასტრიტები არ ემართებოდათ, - ეს შეუპოვარი მქირდავი თავმდაბლად დაჩოქილიყო... და მერე სად? ღვთისმშობლის სამლოცველოში. აქ მოისმინა წირვა, გაიღო ეკლესიისთვის შესაწირავი და ღარიბებისათვის მოწყალება, ამ დროს დეპლენი ისეთი სერიოზული იყო, თითქოს ოპერაციის აკეთებდა.

      „ცხადია საყდარში იმისათვის არ შესულა, რომ ღვთისმშობლის მშობიარობის საკითხის ზოგი რამ გამოერკვია, - გაიფიქრა გაოცებულმა ბიანშონმა. - მე რომ მენახა, როგორ ეჭირა მას გავალაკის ერთ-ერთი ფოჩი უფლის გვამის დღესასწაულზე, ეს მხოლოდ სასაცილო იქნებოდა, მაგრამ მისი ნახვა ასეთ დროს საყდარში, მოწმეთა დაუსწრებლად - ეს ჭეშმარიტად დამაფიქრებელი ამბავია!“

      ბიანშონს არ უნდოდა, ვინმეს ეფიქრა ოტელ-დიეს მთავარ ქირურგს უთვალთვალებსო და იქაურობას გაშორდა. შემთხვევით დეპლენმა იმავე დღეს მისი ასისტენტი რესტორანში დაპატიჟა. ჩაროზს რომ შეექცეოდნენ, ბიანშონმა მოხერხებულად ლაპარაკი ჩამოუგდო წირვაზე და მას თვალთმაქცური კომედია უწოდა.

      - კომედია, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს უფრო მეტ სისხლად უღირს, ვიდრე ნაპოლეონის ყველა ომი და ბრუსეს ყველა წურბელა, - თქვა დეპლანმა, - წირვა პაპის გამოგონებაა და მეექვსე საუკუნეზე უხნესი არაა; მას საფუძვლად უდევს სიტყვები: „ესე არს ხორცი ჩემი“... რა ზღვა სისხლი დაიღვარა იმისთვის, რომ უფლის გვამის დღესასწაული დაეწესებინათ, ამით პაპის ტახტს უნდოდა აღენიშნა თავისი გამარჯვება სამასი წლის მანძილზე ეკლესიაში არევ-დარევის შემტან ერეტიკოსებზე იმ დავაში, რომელიც ეხებოდა წმინდა საუფლო ძღვენის ხორცად და სისხლად გარდაქცევას. პაპის ახალმა წესმა გამოიწვია ომი ტულუზის გრაფთან და ალბიგოელებთან: ვალდენსელებსა და ალბიგოელებს არ უნდოდათ ამ დღესასწაულის მიღება.

      აქ დეპლენმა თავის ნებაზე მიუშვა გონებამახვილობა ათეისტისა, მის ბაგეთაგან ვოლტერულ ხუმრობათა ნიაღვარი გადმოეშვა; ზუსტად რომ ვთქვა, ეს „ციტატორის“ ცუდი მიბაძვა იყო.

      „რა საოცრებაა, - ფიქრობდა ბიანშონი, - სადღა გაქრა ჩემი დილანდელი ღვთისმლოცველი?“

      დეპლენს არაფერი უთხრა, თვითონ კი ეჭვი შეეპარა, სენ-სულპისის საყდარში ნუთუ მართლა ვნახეო. დეპლენი ბიანშონს ტყუილს არ ეტყოდა: ისინი ერთიმეორეს ძალიან კარგად იცნობდნენ და უკვე არა ერთხელ გაუზიარებიათ აზრები ერთმანეთისთვის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, არაერთხელ ჰქონიათ მსჯელობა სხვადასხვა სისტემებზე, რომლებიც de rerum natura განმარტავდნენ, მათ ზონდავდნენ და გაჰკვეთავდნენ ურწმუნოების სკალპელით და დანებით. სამი თვე გავიდა. ბიანშონი ამ შემთხვევას არ დაბრუნებია, თუმცა კარგად დაიმახსოვრა. იმავე წელს ერთხელ ოტელ-დიეს კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ბიანშონის თანდასწრებით დეპლენს მკლავზე ხელი მოჰკიდა და ჰკითხა:

      - პატივცემულო მასწავლებელო, სენ-სულპისის ეკლესიაში რატომ ბრძანდებოდით?

      - ავადმყოფი მღვდლის სანახავად ვიყავი - კვირისტავის ჩირქოვანი ანთება აქვს, - უპასუხა დეპლენმა, - ანგულემის ჰერცოგის მეუღლემ პატივი დამდო და მთხოვა მემკურნალა.

      იერიში უკუქცეულ იქნა ექიმი განმარტებით დაკმაყოფილდა, ბიანშონი კი ვერა.

      „ერთი ამას უყურეთ! საყდარში დადის კვირისტავის სამკურნალოდ! - თქვა თავისთვის ასისტენტმა, - წირვა კი მოისმინა“.

      ბიანშონმა გადაწყვიტა დეპლენისთვის თვალყური ედევნებინა. დაიმახსოვრა დღე, საათი, როცა იგი სენ-სულპისში შესული ნახა, და დათქვა მომავალ წელს იმავე დღეს და იმავე საათს ეკლესიაში მისულიყო იმის გასაგებად, მასწავლებელი აქ კვლავ მოვიდოდა თუ არა. თუ დეპლენი ნამდვილად მოვიდოდა, მაშინ საყდარში მისი სიარულის პერიოდულობა მეცნიერული კვლევის საფუძველს მისცემდა, რადგან აშკარა წინააღმდეგობა აზრსა და მოქმედებას შორის ისეთ ადამიანში, როგორც დეპლენია, სრულია შეუთავსებელი იყო მომავალ წელს, იმავე დღესა და საათს ბიანშონმა, რომელიც უკვე დეპლენის ასისტენტი აღარ იყო, დაინახა, რომ ქირურგის კაბრიოლეტი ტურნონისა და პტი-ლიონის ქუჩების კუთხეში გაჩერდა, მისი მეგობარი მალულად გაჰყვა სახლების კედლებს ეკლესიისკენ, შიგ შევიდა და ღვთისმშობლის საკურთხეველთან წირვა კვლავ მოისმინა. ეს ნამდვილად დეპლენი იყო. მთავარი ქირურგი, სულით ათეისტი, ამ მოულოდნელი შემთხვევის გამო კი ღვთისმლოცველი ჩანდა. მდგომარეობა რთულდებოდა. დეპლენი რომ გავიდა, ბიანშონი თავისი საქმით გართულ მნათესთან მივიდა და ჰკითხა: ის კაცი, ახლა რომ გავიდა, აქ ხშირად დადისო?

      - ოცი წელია, რაც აქა ვარ, - უთხრა მნათემ, - და ამ ხნის განმავლობაში ბატონი დეპლენი ყოველ წელიწადს ოთხჯერ მოდის აქ თავის მიერვე შეკვეთილი წირვის მოსასმენად.

      „დეპლენის მიერ შეკვეთილი წირვა! - მიდიოდა და ფიქრობდა ბიანშონი - ეს თავის ყაიდაზე, უბიწო ჩასახვის საიდუმლოებად ღირს, ერთი ასეთი საიდუმლოება ხომ საკმარისია, რომ ყოველი ექიმი ურწმუნო გახდეს“.

      საკმაო დრო გავიდა, მაგრამ ბიანშონს, თუმცა დეპლენის მეგობარი იყო, შემთხვევა არ ჰქონია, მისი ცხოვრების ამ უცნაურობაზე ლაპარაკი ჩამოეგდო. ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს კონსილიუმის დროს, ან მაღალ საზოგადოებაში, აქ კი შეუძლებელი იყო ის გულითადი საუბარი განმარტოებულად, როცა მეგობრები, სავარძელში გადაწოლილნი, ბუხართან ფეხებს ითბობენ და ერთიმეორეს თავიანთ საიდუმლოებებს უზიარებენ. ბოლოს, შვიდი წლის შემდეგ, 1830 წლის რევოლუციის დროს, როცა ბრბო არქიეპისკოპოსის რეზიდენციას არბევდა და რესპუბლიკელთა აგიტაციის ზეგავლენით სახლების თვალუწვდენელ ოკეანეზე ელვასავით მოკაშკაშე მოოქროვილ ჯვრებს ანადგურებდა, როცა ქუჩას ურწმუნოება და აჯანყება დაუფლებოდა, ბიანშონი სენ-სულპისში მიმავალ დეპლენს კვლავ შეესწრო. ბიანშონი თან შეჰყვა და გვერდით დაუდგა. მეგობარს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ოდნავადაც არ გამოუხატავს გაკვირვება დეპლენის მიერ შეკვეთილი წირვა ერთად მოისმინეს.

      - ხომ არ მეტყვით, ჩემო კარგო, - უთხრა ბიანშონმა დეპლენს, როცა საყდრიდან გამოვიდნენ, - ამ თქვენი სარწმუნოებრივი მასკარადის მიზეზს? რატომ გხედავთ აქ მესამეჯერ მოსულს წირვის მოსასმენად? ამ საიდუმლოებაში უნდა გამარკვიოთ და ამიხსნათ. ეს აშკარა შეუსაბამობა თქვენს შეხედულებებსა და საქციელს შორის. თქვენი ღმერთი არა გწამთ, წირვაზე კი დადიხართ, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო, - უთხრა ბიანშონმა, - თქვენ უნდა მიპასუხოთ.

      - მე ვგევარ ბევრ ღვთისმოსავს, რომლებიც გარეგნულად ღრმა მორწმუნე ადამიანებად გვეჩვენებიან, ნამდვილად კი ისეთივე ათეისტები არიან, როგორც მე და თქვენ.

      და დეპლენმა ენამახვილობის გუდას თავი მოხსნა, მასხრად იგდებდა ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი წარმოადგენს მოლიერის ტარტიუფის უახლეს გამოცემას.

      - ამას კი არ გეკითხებით, - თქვა ბიანშონმა, - მინდა ვიცოდე, აქ რატომ მობრძანდით და წირვა რატომ შეუკვეთეთ.

      - მომისმინეთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, - უპასუხა დეპლენმა, - ცალი ფეხი სამარეში მიდგას, და ახლა შემიძლია გიამბოთ, როგორ დაიწყო ჩემი ცხოვრება.

      ამ დროს ბიანშონი და დიდი ადამიანი იმყოფებოდნენ კატრ-ვანის ქუჩაზე - პარიზის ერთ-ერთ ყველაზე საძაგელ ქუჩაზე.

      დეპლენმა ობელისკის მსგავს შენობათა შორის დაანახა ერთი სახლის მეშვიდე სართული. ამ სახლებში შესასვლელად უნდა გაიარო პატარა ჭიშკრიდან ხრახნილი კიბისკენ მიმავალი გრძელი გადასასვლელი; კიბე ჩვეულებრივ ძუნწადაა განათებული ყრუ სარკმლებით, რომლებიც მართლაც დაყრუებული არიან... წაბორძიკებულ მობინადრეთა წყევლა-კრულვის მიმართ. ეს სახლი მომწვანო ფერისა იყო; მის პირველ სართულზე ავეჯის ვაჭარი ცხოვრობდა, სხვა სართულებზე კი ეტყობოდა სხვადასხვანაირი სიღატაკე დაბინავებულიყო. დეპლენმა ენერგიულად ასწია ხელი მაღლა და ბიანშონს უთხრა:

      - იქ, მაღლა ორ წელიწადს ვცხოვრობდი.

      - ვიცი. დ’არტეზიც იქ ცხოვრობდა. ჩემს ახალგაზრდობაში იქ თითქმის ყოველდღე დავდიოდი. მაშინ ამ ქორედს „გენიოსთა ქვევრი“ შეერქვათ.

      - ჩვენ მიერ მოსმენილი წირვა წარსულ ამბებთანაა დაკავშირებული. მაშინ მე იმ ქორედში ვცხოვრობდი, სადაც თქვით, დ’არტეზიც ცხოვრობდა. აი იქ, სადაც ფანჯარასთან ყვავილიანი ქოთანი დგას და მის ზემოთ გაბმულ თოკზე ჩამოკიდებული თეთრეული ფრიალებს. პარიზში ცხოვრების დაწყება ისეთ მძიმე პირობებში მომიხდა, ჩემო ძვირფასო ბიანშონ, რომ უფლება მაქვს პირველობის დაფნის გვირგვინი მოვითხოვო, იმ საშინელი ტანჯვა-წვალების გადატანისათვის, რაც პარიზმა მარგუნა: შიმშილ-წყურვილი, უფულობა, ტანისამოსის, ფეხსაცმლისა და თეთრეულის ნაკლებობა. ყველაფერი, რაც კი საზიზღარ სიღარიბეს გააჩნია. „გენიოსთა ქვევრში“ სიცივისაგან გათოშილ ხელებს სულის შებერვით ვითბობდი. როგორც მინდა, თქვენთან ერთად იგი კვლავ ვნახო. ერთხელ ისეთი ცივი ზამთარი იყო, რომ ვმუშაობდი, ჩემ თავს ორთქლი ისე ასდიოდა. როგორც ყინვაში ცხენებს. არ ვიცი, ასეთ ცხოვრებასთან საბრძოლველად ძალას რა მაძლევდა. მარტო ვიყავი, ყოველგვარ დახმარებას მოკლებული, ერთი სუც არ გამაჩნდა, არც წიგნების შესაძენად, არც სწავლის ფულის შესატანად. არც მეგობარი მყავდა და, არავის უნდოდა დაენახა, რომ ჩემი გულფიცხობა აუტანელი შრომითა და გაჭირვებით იყო გამოწვეული. ცხოვრების ფსკერზე ვიმყოფებოდი და ვიბრძოდი იმისთვის რომ ზედაპირზე ამოვსულიყავი. მიუხედავად ამისა, შემიძლია გითხრათ, თქვენთან ხომ თვალთმაქცობა არ მჭირდება, რომ შევინარჩუნე კეთილი გრძნობები და გულისხმიერება, რომლებიც ძლიერ ადამიანებს ყოველთვის განასხვავებენ. ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი ყოველ მწვერვალს დაეუფლონ, თუგინდ ამისთვის სიღატაკის ჭაობში ჩაფლულებს დიდი დრო დასჭირდეთ. არავითარ დახმარებას არ მოველოდი არც ნათესავებისაგან, არც მშობლიური კუთხიდან იმ მცირე დახმარების გარდა, რასაც მაძლევდნენ. საკმარისია გითხრათ, იმ ხანებში დილად ვჭამდი ცოტა ძველ პურს, რომელსაც პტი-ლიონის ქუჩის მეპურესთან ახალ პურზე უფრო იაფად ვყიდულობდი. პურს პატარა ნაჭრებად რძეში ვალბობდი: დილის საუზმეზე მხოლოდ ორი სუ მეხარჯებოდა. დღეგამოშვებით ერთ რესტორანში თექვსმეტ სუდ ვსადილობდი. ამრიგად დღეში ათ სუს ვხარჯავდი. თქვენთვისაც გასაგებია, განა შემეძლო ჩაცმა-დახურვისათვის დიდი ყურადღება მიმექცია. არ ვიცი, შეედრება თუ არა ის წყენა, რომელიც მერე ამა თუ იმ კოლეგის მოღალატურ საქციელს ჩვენთვის მოუყენებია, იმ მწუხარებას, რაც ჩვენ ორივეს განგვიცდია, გახეული ფეხსაცმლის ვერაგული გაღიმება რომ შეგვინიშნავს, ანდა იღლიის ქვეშ გახეული სერთუკის ტკაცანი რომ გაგვიგონია. მხოლოდ წყალს ვსვამდი და პარიზის კაფეების დიდი პატივისმცემელი ვიყავი. ცოპის კაფე რაღაც აღთქმულ ქვეყნად მეჩვენებოდა, რაც მხოლოდ ლათინური უბნის ლუკულებისთვის იყო ხელმისაწვდომი. „ნუთუ ოდესმე შევძლებ, რომ იქ ერთი ფინჯანი ნაღებიანი ყავა დავლიო და დომინოს პარტია ვითამაშო?“ - ვფიქრობდი მე ჩემი სიღარიბით გამოწვეულ გაშმაგებას მუშაობით ვანელებდი. თავს არ ვზოგავდი, დიდი ცოდნა რომ შემეძინა ჩემი ღირსების ასამაღლებლად, არარაობისაგან თავის დასაღწევად და საზოგადოებაში საპატიო ადგილის დასაჭერად. პურს არ ვჭამდი იმდენს, რამდენსაც ზეთს ვხარჯავდი; განათება ღამით, თავაუღებლად რომ მემუშავა, საჭმელზე უფრო ძვირი მიჯდებოდა.

      ეს იყო ორთაბრძოლა ხანგრძლივი, შეუპოვარი, უნუგეშო. არავინ თანამიგრძნობდა. მეგობრები რომ გაიჩინო, უნდა გაეცნო ჭაბუკებს, ჯიბეში რამდენიმე სუ უნდა გქონდეს. მათთან ერთად ყელი უნდა გაისველო, მათთან ერთად იარო იქ, სადაც სტუდენტები დადიან. მე კი არაფერი მებადა. პარიზში კი ვერავის წარმოუდგენია, რას ნიშნავს არაფერი როცა ვინმეს ჩემს გაჭირვებულ ცხოვრებაზე ვუამბობდი. ყელში ნერვულ კრუნჩხვას ვგრძნობდი, რაღაც მახრჩობდა. როგორც ავადმყოფები გვეუბნებიან ხოლმე. მერე შევხვედრივარ მდიდარ ოჯახში დაბადებულ ადამიანებს, რომლებსაც გაჭირვება არასოდეს განუცდიათ და არც სამთა წესზე ეს ამოცანა არ სცოდნიათ: ახალგაზრდა კაცი ისე შეეფარდება დანაშაულს, როგორც ხუთფრანკიანი ფული იქსს. ეს გამოთაყვანებული მდიდრები მეუბნებოდნენ: „რატომ ჩაეფალით ვალებში, რატომ იკისრებთ მძიმე ვალდებულებანი?“

      მათ მომაგონეს ის პრინცესა, რომელმაც, რომ გაიგო ხალხი შიმშილით კვდებაო, იკითხა რატომ ფუნთუშებს არ ყიდულობენო. მინდოდა მენახა რომელიმე ამ მდიდართაგანი, რომლებიც ჩემზე სამდურავს გამოთქვამდნენ, ოპერაციას ძალიან ძვირად აკეთებსო, - მინდოდა მენახა იგი, პარიზში მარტოდმარტო დარჩენილი, უფულოდ, უმეგობროდ, უკრედიტოდ, რომელსაც საკუთარი თავისა და ხელების გარდა არაფერი გააჩნია! რას იზამდა? ვის მიადგებოდა მშიერ-მწყურვალი? ბიანშონ, ხომ გინახივარ ზოგჯერ გაბოროტებული და შეუბრალებელი: მე შურს ვიძიებდი სიჭაბუკეში გადატანილი ტანჯვისთვის იმ გულქვაობაზე, იმ ეგოიზმზე, რაც მაღალ საზოგადოებაში ყოველ ნაბიჯზე გხვდება; კარგად მახსოვს, რამდენ დაბრკოლებას მიქმნიდნენ დიდებისაკენ მიმავალ გზაზე სიძულვილი, შური, ჭორი. პარიზში, რომ დაგინახავენ ცხენზე შეჯდომას აპირებენ, ზოგი ჩამოსათრევად კალთაზე ჩამოგეკიდება, ზოგი მოსართავს გაგიხსნის, რომ ჩამოვარდე და თავი გაიტეხო; ზოგი ცხენს ნალების აყრას დაუწყებს, სხვა მათრახს მოგპარავს; ყველაზე პატიოსანი კი ის არის, ვინც პისტოლეტით ხელში გიახლოვდება, რომ შიგ გულში გესროლოს. ჩემო შვილო თქვენ ნიჭიერი ხართ და მალე გაიგებთ, თუ ჩვეულებრივი მოკვდავი თავის მჯობნს რა სასტიკ ბრძოლას უმართავს. საღამოს თუ ოცდახუთი ლუიდორი წააგეთ, მეორე დღეს ქვეყანას მოსდებენ, მოთამაშეაო, და თქვენი საუკეთესო მეგობრები იტყვიან: ოცდახუთი ათასი ფრანკი წააგოო. თუ თავი აგტკივდებათ, ხმას გაგივრცელებენ, გიჟდებაო. თუ რაიმე მკვახე სიტყვა წამოგცდათ - ისეთ ადამიანად დაგსახავენ, რომელსაც ვერავინ შეეგუება. თუ ამ არაკაცების ლაშქართან ბრძოლის დროს ძალა და შეუპოვრობა გამოიჩინეთ, თქვენი საუკეთესო მეგობრები ყვირილს მორთავენ, რომ თქვენ ვერავის იტანთ, რომ ბატონობა გწადიათ. ერთი სიტყვით, თქვენი ღირსებები ნაკლოვანებად, მანკიერებად გადაიქცევიან, თქვენი ნასიკეთარი კი დანაშაულად. თუ ვინმე გადაარჩინეთ - იტყვიან, მოკლაო, თუ ავადმყოფი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა - იტყვიან, თქვენ მიერ ხელოვნურად გამოწვეული დროებითი გამოკეთებაა, რისთვისაც ავადმყოფი ცოტა ხანში დაისჯებაო. თუ ახლა არ მოკვდა, მერე მოკვდებაო, წაბორძიკდებით - იტყვიან: დაეცაო. რაიმეს გამოიგონებთ და თქვენი უფლებების დაცვას შეეცდებით - ჩაგთვლიან უაღრესად ჯიუტ, ამასთანავე ანგარიშიან, ცბიერ ადამიანად, რომელიც ახალგაზრდა ძალებს გასაქანს არ აძლევს. ამრიგად, ჩემო მეგობარო, თუ ღმერთი არა მწამს, კიდევ უფრო ნაკლებად მწამს ადამიანი. თქვენ ხომ იცით, ჩემში ცხოვრობს დეპლენი, რომელიც სრულიად არა ჰგავს იმ დეპლენს, რომელზედაც ამდენ ცუდ რამეს ლაპარაკობენ. მაგრამ ამ ტალახში ჩხრეკა არ ღირს. ამრიგად, მე ამ სახლში ვცხოვრობდი, პირველი გამოცდის ჩასაბარებლად ვემზადებოდი, ჯიბეში არაფერი მიჭყაოდა. იცით, ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი, როცა ამბობენ: ჯარში წავალო. ერთი იმედით ვცხოვრობდი. ჩემი მშობლიური კუთხიდან თეთრეულით სავსე ჩემოდანს მოველოდი. საჩუქარს ჩემი ბიცოლებისგან, რომლებიც პარიზულ ცხოვრებას სრულიად არ იცნობდნენ და ჩემი პერანგებისთვის ზრუნავდნენ, ეგონათ ოცდაათი ფრანკით თვეში მწყრებს მივირთმევდი. ჩემოდანი რომ მოიტანეს, შინ არ დავხვედრივარ, უნივერსიტეტში ვიყავი. გადმოგზავნის ხარჯი-ორმოცი ფრანკი გადაუხდია მეკარეს - გერმანელს, ფეხსაცმლის მკერავს. იგი კიბის ქვეშ ცხოვრობდა. დიდხანს დავეხეტებოდი სამედიცინო ფაკულტეტისა და ფოსე-სენ-ჟერმენ-დე პრეს ქუჩებში, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მომეხერხებინა, ჩემოდანი ისე მიმეღო, რომ წინასწარ ორმოცი ფრანკის გადახდა არ დამჭირვებოდა. ცხადია, ამ თანხის თეთრეულის გაყიდვის შემდეგ გადავიხდიდი. ვერაფერი მოვისაზრე, რამაც დამარწმუნა, რომ ერთადერთი მოწოდება არის ქირურგია. ჩემო მეგობარო, სათუთ სულიერ თვისებათა მქონე ძლიერი ადამიანები, როდესაც უფრო მაღალ სფეროში უწევთ მოქმედება, ვერ იჩენენ უნარს, ჩვეულებრივი ადამიანივით მოაწყონ ინტრიგები, მათ აკლიათ მოსაზრება, მოხერხებულობა. აი, ამ არსებათა კეთილი გენია არის შემთხვევა; ისინი კი არ ეძებენ, არამედ პოულობენ. დაღამებისას შინ დავბრუნდი. ამავე დროს დაბრუნდა ჩემი მეზობელიც, მეთულუხე ბურჟა, სენ-ფლურელი. ჩვენ ერთიმეორეს ვიცნობდით, როგორც ერთმანეთს იცნობენ გვერდიგვერდ მდებარე ოთახებში მობინადრე მეზობლები: ყოველმა მათგანმა იცის, როგორ სძინავს მეზობელს, ახველებს, როგორ იცვამს ტანისამოსს, და საბოლოოდ ერთმანეთს ეჩვევიან. ჩემმა მეზობელმა მაცნობა, სახლის პატრონი ბინიდან გაგდებს, რადგან სამი თვის ბინის ქირა არ გადაგიხდიაო, მეორე დღეს ოთახი უნდა დამეცალა. ბინიდან მასაც აძევებდნენ იმისთვის, რომ მეთულუხე იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ღამე მაშინ გავატარე. „სად მეპოვა მუშა ჩემი მჭლე ბარგისა და წიგნების გადასატანად? არც მუშის, არც მეკარის მისაცემი ფული არ გამაჩნდა. სად წავსულიყავი?“ თვალცრემლიანი თავს გაუთავებლად ერთსა და იმავეს ვეკითხებოდი გიჟივით, რომელიც აკვიატებულ სიტყვებს იმეორებს. ბოლოს ჩამეძინა. გაჭირვების საუცხოო მანუგეშებელია ტკბილი სიზმრები.

      მეორე დღეს დილით, რძეში დამბალ პურს რომ ვჭამდი ჩემთან ბურჟა შემოვიდა და ოვერნული კილოთი მითხრა:

      - ბატონო სტუდენტო, მე ერთი საწყალი კაცი ვარ, მიგდებული ბავშვი, სენ-ფლურის თავშესაფარმა მიპატრონა, დედ-მამა არა მყავს, არც იმის წელი მაქვს, რომ ცოლი შევირთო. არც თქვენ გყავთ ბევრი ნათესავი, არც ფული გაქვთ. ყური დამიგდეთ, მე უკვე ურიკა დავიქირავე, საათში ორ სუს ვიხდი. დავაწყოთ ჩვენი ბარგი-ბარხანა, ბინა ერთად ვიქირაოთ, აქედან ხომ ორივე გაგდებული ვართ. არც აქ ვცხოვრობდით ამქვეყნიურ სამოთხეში.

      - მართალია, ჩემო კეთილო ბურჟა, - ვუთხარი, - მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ქვევით მაქვს ჩემოდანი, რომელშიც ასი ეკიუს საღირალი თეთრეული აწყვია. ამის გაყიდვით ბინის ქირისა და მეკარის გადახდასაც შევძლებდი, ახლა კი ასი სუც არ გამაჩნია.

      - კარგი, მე ცოტა ფული მომეპოვება, - მიპასუხა ბურჟამ მხიარულად და ძველი გაქონილი ქისა მიჩვენა - თეთრეული თქვენთვის დაიტოვეთ.

      ბურჟამ გადაიხადა ჩემი ბინის სამი თვის ქირა, თავისიც, მეკარესაც მისცა ორმოცი ფრანკი. მერე ურიკაზე დააწყო ჩვენი ავეჯი, ჩემი თეთრეული და, და ქუჩებს გავყევით. ყოველი სახლის წინ ვჩერდებოდით, სადაც ბინის გაქირავების განცხადები იყო გამოკრული. მე სახლში შევდიოდი დასაქირავებელი ბინის სანახავად, გამოგვადგებოდა თუ არა. შუადღემაც მოატანა, ჩვენ კი ისევ ლათინურ უბანში დავეხეტებოდით და ბინას დავეძებდით. დიდ დაბრკოლებას ქირა წარმოადგენდა. ბურჟამ მითხრა, სამიკიტნოში ვისაუზმოთო. ურიკა გარეთ დავტოვეთ. საღამოს როანის ქუჩაზე, კომერციულ გადასასვლელთან ერთი სახლის სხვენზე ორი ოთახი აღმოვაჩინე, ერთიმეორეს კიბის ბაქანით დაშორებული. თითოეულს ბინის ქირად წელიწადში ორმოცი ფრანკი უნდა გადაგვეხადა. ასე მოვეწყვეთ მე და ჩემი მოკრძალებული მეგობარი. ერთად ვსადილობდით. ბურჟას, რომელიც დღეში საშუალოდ ორმოცდაათ სუს თუ გამოიმუშავებდა, დაახლოებით ასი ეკიუ ექნებოდა დაგროვილი. მას უკვე შეეძლო თავისი გულითადი სურვილის შესრულება. ცხენისა და კასრის შეძენა. ბურჟამ გაიგო ჩემი მდგომარეობა. ეშმაკური გულკეთილობით საიდუმლოება გამომტყუა; ამის გახსენება ახლაც გულს მიღელვებს, ბურჟამ დროებით გადასდო მთელი თავისი ცხოვრების სანუკვარი ოცნების განხორციელება. ოცდაორი წლის განმავლობაში დაჰქონდა წყალი და იმან მთელი თავისი ასი ეკიუ ჩემს მომავალს შესწირა.

      აქ დეპლენმა ბიანშონს ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა.

      - ბურჟამ მომცა საჭირო ფული, გამოცდებისთვის მოსამზადებლად! მეგობარო ეს ადამიანი მიხვდა ჩემი ცხოვრების დანიშნულებას და ჩემი გონების გაჭირვებანი თავის გაჭირვებაზე უფრო მნიშვნელოვნად ჩასთვალა. ზრუნავდა, „ჩემო შვილოს“ მეძახდა, ფული მასესხა წიგნების შესაძენად, ზოგჯერ ჩუმად მოვიდოდა, დამხედავდა, როგორ ვმუშაობდი; ბოლოს დედობრივი მზრუნველობა გამოიჩინა და არანოყიერი საჭმელი მარგებელი და უხვი საჭმლით შემაცვლევინა. ბურჟა ორმოცი წლისა იქნებოდა; შუა საუკუნეების ქალაქელის სახე ჰქონდა, გამოზნექილი შუბლი, - მხატვარს მისი მიხედვით შეეძლო ლიკურგი დაეხატა. საბრალომ არ იცოდა, თავის გულში დაგროვილი სინაზით ვინ დაეჯილდოვებინა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას შეთვისებოდა, პუდელი ყოფილა, იგი ახლახან მოკვდომია, და ბურჟა სულ თავის ძაღლზე მელაპარაკებოდა, მეკითხებოდა, ეკლესია ხომ არ დამეთანხმება მისი სულის მოსახსენიებლად სწიროსო, ეს პუდელი ნამდვილი ქრისტიანი იყოო: თორმეტი წლის განმავლობაში ბურჟასთან ერთად საყდარში დადიოდა, იქ ერთხელაც არ დაუყეფია, ორღანს სულ ჩუმად უსმენდა და თავის პატრონს უჯდა გვერდით ისეთი გამომეტყველებით, თითქოს მასთან ერთად ისიც ლოცულობსო. ამ ადამიანმა თავისი გულის მთელი სითბო მე შემალია. შემითვისა, როგორც ობოლი და უბედური; იგი ყველაზე მზრუნველ დედად, ყველაზე ფრთხილ, თავაზიან მწყალობლად მომევლინა. ერთი სიტყვით ის იყო სათნოების იდეალი - ადამიანი, რომელსაც თავისი კეთილი ნამოქმედარი ახარებს. როცა მას ქუჩაში შეხვდებოდი, მიუწვდომელი კეთილშობილებით მბრწყინავ თვალებს მომაპყრობდა; ცდილობდა ისე გაევლო თითქოს ტვირთი არც კი მიჰქონდა; ეტყობოდა თავს ბედნიერად გრძნობდა იმით, რომ ჯანმრთელსა და კარგად ჩაცმულს მხედავდა. ეს იყო თავგანწირვა მდაბიო ადამიანისა, გრიზეტის გაკეთილშობილებული სიყვარული. ბურჟა დავალებებს მისრულებდა, ღამით დანიშნულ დროს მაღვიძებდა, ლამპას მიწმენდდა, ჩვენი კიბის ბაქანს აპრიალებდა. ის იყო ჩემთვის კარგი მამა, ასევე კარგი მსახური და ინგლისელი მოახლე ქალივით ფაქიზი. ოჯახურ საქმესაც მიკეთებდა; ფილოპემენივით შეშას ხერხავდა. ყველაფერს აკეთებდა უბრალოდ, მაგრამ თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა, თითქოს ესმოდა, რომ დასახული მიზანი ყველაფერს აკეთილშობილებს.

      როდესაც ოტელ-დიეს კლინიკაში ასისტენტ-პრაქტიკანტად მიმიღეს, ამ კეთილი ადამიანის მიტოვება მომიხდა, რადგან კლინიკაში უნდა მეცხოვრა. ამ ამბავმა, რომ ჩემთან ერთად ვეღარ იცხოვრებდა, ძალიან დაადარდიანა, მაგრამ მერე თავი იმით ინუგეშა, დისერტაციის მუშაობისთვის საჭირო ფულს დავუგროვებო; პირობა დამადებინა - თავისუფალ დღეებში მენახულა. ბურჟა ჩემით ამაყობდა, მას ვუყვარდი, ჩემი გულისთვის და თავისთვისაც. თუ თქვენ ჩემს დისერტაციას მოძებნით, ნახავთ, რომ ეს შრომა მას მივუძღვენი. ასისტენტ-პრაქტიკანტად მუშაობის ბოლო წელს საკმაო ფული დავაგროვე, რათა გადამეხადა ყველაფერი, რაც ღირსეული ოვერნელის მემართა. ცხენი და კასრი ვუყიდე. ბურჟა ძალიან გამიწყრა, როცა გაიგო მისთვის ფული დავხარჯე, მაგრამ ამავე დროს თავის აღტაცებასაც ვერ ჰფარავდა, რომ სანუკვარი სურვილი აისრულა; იცინოდა და მტუქსავდა, შესცქეროდა თავის კასრს, თავის ცხენს, ცრემლს იწმენდდა და მეუბნებოდა: „ეს არ ვარგა! ოჰ, რა მშვენიერი კასრია! ცუდად მოიქეცით... რა ღონიერი ცხენია - პირდაპირ ოვერნულია!“

      ამაზე უფრო ამაღელვებელი არაფერი მინახავს, თუმცა წინააღმდეგობა გავუწიე, ბურჟამ მოისურვა ჩემთვის აუცილებლად შეეძინა მოვერცხლილი კოლოფი ქირურგიული იარაღებით. იმ ნივთებს შორის, რომელიც თქვენ ჩემს კაბინეტში გინახავთ, ეს კოლოფი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. თუმცა ჩემი პირველი წარმატებით მთვრალი იყო, არასოდეს ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია, არც რითიმე გამოუხატავს: ადამიანად მე გაგხადეო. მართლაც, ბურჟა რომ პატიოსნად არ გამომჩენოდა, სიღატაკე ბოლოს მომიღებდა. საწყალმა თავი შემომწირა: იგი თურმე ნიორწასმულ პურს ჭამდა იმისათვის, რომ მე ყავა მესვა და ღამით მუშაობა შემძლებოდა. ბურჟა ავად გახდა. თქვენთვის გასაგებია, რომ მის სასთუმალთან ღამეებს ვათევდი, მისი გადარჩენა შევძელი პირველად, მაგრამ ორი წლის შემდეგ ავადმყოფობამ კვლავ გაუხსენა, თუმცა მოვლა და მკურნალობა არ დამიკლია, მის ლოგინს არ მოვშორებივარ, მედიცინის ყველა საშუალება გამოვიყენე, მაგრამ ბურჟა მაინც გარდამეცვალა. ასეთი მოვლა მეფესაც კი არ ღირსებია. დიახ, ბიანშონ, არაფერი დავიშურე, თავი გადავდე, რომ ბურჟა სიკვდილის კლანჭებიდან გამომეგლიჯა. მინდოდა გამომეხატა ის, - რაც შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არ გამეორებულა, - მადლიერების გრძნობა, რომლითაც სავსე იყო ჩემი გული, მინდოდა ჩამექრო ის ცეცხლი, რომელიც დღემდე მწვავს.

      - ბურჟამ, ჩემმა მეორე მამამ, ჩემს ხელზე დალია სული, - დუმილის შემდეგ განაგრძო აღელვებულმა დეპლენმა, - ყველაფერი, რაც გააჩნდა, ანდერძით მე დამიტოვა. ეს ანდერძი, რომელიც საბუთების შემდგენ კანტორაში დაუწერინებია, იმ წლით იყო დათარიღებული, როცა ჩვენ როანის ქუჩაზე დავბინავდით. ბურჟა ღვთისმოსავი ადამიანი იყო. ისე უყვარდა ღვთისმშობელი, როგორც თავისი ცოლი ეყვარებოდა. თუმცა ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო, ჩემს ურწმუნოებაზე ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია.

      მომაკვდავმა მთხოვა: არაფერი დაიშურო იმისთვის, რომ ეკლესიამ წყალობა არ მომაკლოსო. ყოველდღე ვაწირვინებდი და ღმერთს მის კარგად ყოფნას ვთხოვდი. ღამღამობით ხშირად მეკითხებოდა: საიქიოს რა მომელისო? სინანულს გამოთქვამდა: კეთილად არ მიცხოვრიაო. საბრალო ადამიანი! დილიდან საღამომდე მუშაობდა. თუ სამოთხე არსებობს, იქ დასამკვიდრებლად მასზე ღირსეული ვინ იქნებოდა? უკანასკნელად ეზიარა, როგორც წმინდანი და (იგი ხომ, მართლაც წმინდანი იყო) მოკვდა ისე, როგორც შეეფერებოდა მისი ცხოვრების კაცს. სამარემდე მხოლოდ მე მივაცილე.

      როდესაც ჩემი ერთადერთი კეთილისმყოფელი მიწას მივაბარე, სულ იმაზე ვფიქრობდი, მისი სიკეთე რითი გადამეხადა; მას არც ოჯახი, არც მეგობრები, არც ცოლ-შვილი არა ჰყოლია. მაგრამ ის იყო მორწმუნე! რელიგიური რწმენა ჰქონდა - განა შემეძლო მე ამაში შევდავებოდი! ერთხელ გაუბედავად, სულის მოსახსენიებელ წირვაზე ჩამომიგდო ლაპარაკი; მას არ უნდოდა ჩემთვის ასეთი ვალდებულება დაეკისრებინა; იგი ფიქრობდა, ეს სამაგიეროს გადახდის მოთხოვნა იქნება იმ დახმარებისათვის, რომელიც მე აღმოვუჩინეო. პირველი შესაძლებლობისთანავე სენ-სულპისის ეკლესიაში საჭირო თანხა შევიტანე, რომ ბურჟას სულის მოსახსენიებლად წელიწადში ოთხჯერ ეწირათ - ეს იყო ერთადერთი რამ, რაც განსვენებულის სურვილის შესასრულებლად შემეძლო გამეკეთებინა. წირვას ვესწრები დაწესებულ დღეს - გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის პირზე - და ვამბობ ბურჟასთვის სასურველ ლოცვებს, წარმოვთქვამ სკეპტიკოსის გულწრფელობით: „უფალო თუ გაქვს სავანე, სადაც გარდაცვალების შემდეგ მართალნი განისვენებენ, კეთილი ბურჟა მოიგონე, მისი ტანჯვა მე მარგუნე, რათა იგი, რაც შეიძლება, მალე მოხვდეს სამოთხეში“. აი, ჩემო კარგო, ყველაფერი ის, რის ნებაც შეიძლება თავს მისცეს ჩემი შეხედულების ადამიანმა. ღმერთი, ალბათ, კეთილია და ამას არ მიწყენს. გეფიცები, მთელ ჩემს ქონებას არ დავიშურებდი, ოღონდ ბურჟას რწმენა ჩემს ტვინს დაუფლებოდა.

      ბიანშონი, რომელიც დეპლენს მისი უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მკურნალობდა, ვერ იტყვის ახლა, რომ გამოჩენილი ქირურგი ათეისტად გარდაიცვალა. განა მორწმუნენი თავს ბედნიერად არ იგრძნობდნენ, ეფიქრათ, რომ თავმდაბალმა ოვერნელმა დეპლენს ისე განუხვნა ცის კარი, როგორც გაუღო მას კარი მიწიერი ტაძრისა, რომლის ფრონტონზეც ვკითხულობთ: „დიდ ადამიანებს - მადლიერი სამშობლო!“

ონორე დე ბალზაკი

ნახვა: 1228

ტეგები: qwelly, ბალზაკი, ბლოგი, ლიტერატურა, მოთხრობა, მხატვრული

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters