ბადრი გაბრიჩიძე, 62 წლის, წარმოშობით ტყიბულიდან. საცხოვრებელი ადგილი- ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, კორპუს N36- თან მდგარი შავი „ვოლგა“... დიახ, შავი „ვოლგა“... როდესაც მითხრეს, რომ ეს ადამიანი მანქანაში ცხოვრობდა, ვერ დავიჯერე და გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა. ადგილზე მისული გავოგნდი: ზედ გზის პირას, #36- ე კორპუსის კუთხეში უკრაინული ნომრების მქონე მანქანის უკანა სავარძელზე ასაკოვანი მამაკაცი იჯდა და სადღაც სივრცეში იყურებოდა... როდესაც მასთან მივედი და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მისი ამბავი მაინტერესებდა, სევდიანად მომიბოდიშა- მანქანიდან ვერ გადმოვალ, ცალი ფეხი არ მაქვსო... უკანა სავარძლის ფანჯრებზე ნაჭრები ჰქონდა ჩამოფარებული- გამვლელების მზერისა და მზისგან დასაცავად... სალონში მძიმე სუნი იდგა, ხოლო წინა სავარძელზე ყავარჯნები იყო მიყუდებული. საწოლის შინდისფერი გადასაფარებელი, ბალიში და ორიოდე ხელი, გაცვეთილი ტანსაცმელი- სულ ეს არის ბატონი ბადრის ავლა- დიდება... ნანახით შემცბარმა მორიდებით ჩავრთე დიქტოფონი და ერთს დავამატებ: მთელი ინტერვიუს განმავლობაში, მოხუც მამაკაცს ცრემლების შეკავება უჭირდა და თავის ამბავს იმდენად ემოციურად ჰყვებოდა, რომ ხმას ვერ ვიღებდი...

ბადრი გაბრიჩიძე:

- სპეციალობით მშენებელ- ინჟინერი ვარ. 1970- 75 წლებში დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, შემდეგ წავედი უკრაინაში და იქ 25 წლის მსახურობის შემდეგ, გავხდი უკრაინის დამსახურებული მშენებელი. საქართველოში მას შემდეგ ჩამოვედი, როცა მოგვიწოდეს- დაბრუნდით ემიგრანტები, მაგარ პირობებს შეგიქმნით აქო.

- მიხეილ სააკაშვილმა რომ მოუწოდა ემიგრანტებს, იმ პერიოდზე გაქვთ საუბარი?

- დიახ... აქ მქონდა ბინა და რომ ჩამოვედი, დამხვდა განადგურებული, ვიღაცები იყვნენ ჩაწერილი და სანამ ის ბინა დავიბრუნე და რემონტი დავიწყე, მაგ დროს ფეხი დავიზიანე. მე შაქარი მაქვს მაღალი და განგრენა დამემართა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი საქართველოს მოქალაქე და რომ ვითხოვე, დამეხმარეთ მკურნალობაში- მეთქი, უარი მითხრეს. სანამ საქართველოს მოქალაქეობა არ მივიღე და სანამ ბინა არ გამაყიდინეს, მანამდე თითიც არ დამაკარეს... ერთ ფაქტს გეტყვით: უკრაინაში ყოფნისას, მარჯვენა ფეხზე თითი დამიზიანდა და დახმარება რომ ვითხოვე, არავის ჩემთვის ფული არ მოუთხოვია, მომათავსეს ძვირფას საავადმყოფოში, ოპერაციაც გამიკეთეს, მომარჩინეს და გამომიშვეს... აქ კიდევ ბინა გამაყიდინეს, ფეხი მომაჭრეს და მანქანაში „ჩამკეტეს“... ამის შემდეგ რაღაზე ვისაუბრო? (ტირის)... დამინიშნეს 70 ლარი და ზამთარში მანქანაში რომ არ გავყინულიყავი, იმ ფულით ბენზინს ვასხავდი და ისე ვთბებოდი...

- რამდენი ხანია, რაც მანქანაში ცხოვრობთ?

- ფეხზე ოპერაცია გავიკეთე 2013 წლის 14 მაისს. ქალაქ ზესტაფონში ფეროს ქარხანასთან არის უკრაინის დაფუძნებული საავადმყოფო, იქ გამიკეთეს ფეხის ამპუტაცია მუხლს ქვემოთ და მადლობა ექიმებს, რომ მთლიანად ფეხი არ მომაჭრეს... გარისკეს და დამიტოვეს, თუ გართულდება და არ შეხორცდება, მერე მოვჭრით დანარჩენს, იქნება და არ გართულდესო, იმედოვნებდნენ... მაშინ ჯერ კიდევ უკრაინის მოქალაქე ვიყავი და ოპერაციაში ფული არ გამომართვეს. მკურნალობა დამიჯდა ძვირი, თან მხედველობაც გამირთულდა, შაქარიც და... მერე ჩამოვედი სამკურნალოდ თბილისში, თვალზე უნდა მემკურნალა კიდევ და მამიდაშვილთან ვცხოვრობდი, მოსკოვის პროსპექტზე. ის არაპატიოსნად მომექცა- წავიდა, დაიკარგა და მისმა მეუღლემ გამომაგდო სახლიდან... მას მერე, ანუ 2013 წლის 4 ნოემბრიდან მანქანაში ვცხოვრობ. ჩამრიცხეს უმწეოთა სიაში, მაგრამ ეს არც მკურნალობაში და არც ექიმის გადასახადზე არ მომხმარებია.

- ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობთ?

- აბსოლუტურად ვერ ვსარგებლობ! არავის ერთი კაპიკის შეღავათი არ მოუცია ჩემთვის! როგორც გითხარით, შაქარი მაქვს, ვთხოვე გამგეობას, წამალი დამიფინანსეთ- მეთქი და აი, მაშინ გამომიწერა გამგეობამ. ჯანდაცვამ თვენახევარი განიხილა ჩემი გაცხადება და მერე მომცა. ახლა მითხარით: თვენახევრის მერე შაქრის დასაწევი წამალი გამომადგება? მე შაქრისგან შოკი მემართება ხოლმე და წნევა მიწევს და ეს ნებისმიერ წუთში შეიძლება დამემართოს (ტირის)... რა ვიცი, შეიძლება ვიღაცამ ისიც კი იკითხოს, რა დამსახურება მაქვს მე საქართველოს წინაშე? გეტყვით: როდესაც ომი დაიწყო აფხაზეთთან და რუსეთთან, „უნა- უნსოს“ 300 კაციანი ბრიგადა ფაქტიურად, ჩემი დაფინანსებულია! ეს საკმაოდ დიდი თანხა დამიჯდა მაშინ. საქართველოში ორი სტუდენტი ჩემი გაზრდილია, 15 წლის მანძილზე 250 ათასი დოლარი მქონდა მათთვის გამოგზავნილი; თუ ვინმე საწყალი ქართველი ჩამოდიოდა უკრაინაში სამუშაოს საშოვნელად, მე ვპატრონობდი მათ, ვეხმარებოდი სამსახურის შოვნაში და ვარჩენდი მათ ოჯახებს... როდესაც აქ ჩამოვედი, ვიფიქრე რაღაცას ვეწეოდი, ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გავაკეთებდი, მაგრამ ტყუილად ჩამომიყვანეს...

- თქვენ ტყიბულელი ხართ და ტყიბულში არ მიმართეთ ვინმეს ადგილობრივი ხელისუფლებიდან?

- კი, როგორ არა... ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ელისო ჩაფიძეს მივმართე- მომეხმარე, დამაკვალიანე რა გავაკეთო- მეთქი... „მე რა შუაში ვარ, ფეხი მე მოგაჭერიო?’- ასე მიპასუხა... ამას მეუბნება დეპუტატი... ქვემო სამგორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დათო ჟღენტს ერთხელაც არ ვუნახივარ... ვეხვეწები- მნახეთ, რამეში დამეხმარეთ- თქო. მითხრეს, ბინას გიქირავებთო, მაგრამ რვა თვეა, ქუჩაში ვარ...

- ბატონი ბადრი, უკაცრავად და, რით არსებობთ? რას ჭამთ, რას სვავთ?

- აი, შემხედეთ, როგორ ვარსებობ... წვერი გაპარსული მაქვს, ვახერხებ ამას. ვუძლებ, ვცდილობ, თავი შევინახო... მე ეგენი ვერ გამტეხენ!

- თავის შენახვას ამ პირობებში ახერხებთ?

- დიახ... ერთადერთი კაცი, ვინც მეხმარება, ეს არის ღარიბაშვილი...

- პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე გაქვთ საუბარი? არ გავხართ მის დახმარებულს...

- არა, გენაცვალე, ერთი ახალგაზრდა ბიჭია, გვარად ღარიბაშვილი, მოდის ხოლმე ჩემთან და მეხმარება რითაც შეუძლია. ახლაც გამგეობაში წავიდა, რომ განცხადება დაწეროს ჩემზე, - თურმე, ამათ (იქვე 10 მეტრში არსებული უფასო სასადილოსკენ იშვერს ხელს, რომელიც გამგეობის დაქვემდებარებაშია და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აძლევს უფასო საკვებს- ნ. ლ. ) არ შეუძლიათ, მე საჭმელი მაჭამონ, თუ ხელმეორედ არ დავწერ განცხადებას გამგეობაში... ვითომ ცდილობენ ჩემს დახმარებას და გუშინწინ საჭმელი კი არა, წყალი მომიტანეს... ძაღლი და ღორი არ შეჭამდა იმას... რატომ მამცირებ? (ტირის)... იმ სალაფავის მოტანას, ჯობია საერთოდ არ მომიტანო, ადამიანო... მე ხომ არ გთხოვ არაფერს? ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია, ისიც კი არ ვიცი რა უნდა მოვითხოვო... (ტირის) მერე დავრეკე პავლე კუბლაშვილთან, ტყიბულში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, მეზობლები ოჯახებით ვახლობლობდით. დავრეკე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი... არაფრით არ დამხმარებია... მანუჩარ მაჩაიძეს ვთხოვე დახმარება, ერთად ვართ გაზრდილები, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, მეც სპორტსმენი ვიყავი. შემპირდა- თუ ამირჩიეს გიშველიო, თუ არადა, რა გიყოოო... სხვა რა საქმე მაქვს? სადაც ხმა მიმიწვდება, ყველგან ვრეკავ...

- ჟურნალისტებს არ დაურეკეთ?

- მაია ასათიანთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან დავრეკე და მითხრეს- შენი მასეთი ამბავი არ გვაინტერესებსო. მე ვუთხარი შოუს კი არ გიდგამთ, დახმარებას გთხოვთ- მეთქი, მაგრამ არანაირი რეაგირება...

- ამ სასადილოს რაც შეეხება, აქ საკვები ოფიციალურად თუ გეკუთვნით?

- ამავე რაიონში არსებობს კიდევ ერთი სასადილო, 5 დეკემბრის ქუჩაზე. მაშინ იქ ვიდექი ამ მანქანით. ზამთარში ერთი დღით გადამიყვანეს თავშესაფარში, მაგრამ ვერ გავძლებდი იქ, უაღრესად რთული პირობები იყო, თითქმის, ყველა იქ მყოფს რაღაც დაავადება ჰქონდა და ინვალიდ კაცს კიდევ რამე რომ დამმართნოდა, ვერ გავუძლებდი... აი, იმ ერთი დღის, გამო, როცა თავშესაფარში ვიყავი, 5 დეკემბრის სასადილოში მითხრეს- აღარ გაძლევთ სადილსო. ამიტომ გადმოვედი აქ და მიუხედავად იმისა, რომ ამავე რაიონში, ამავე გამგეობას ექვემდებარება ეს სასადილო, რომელსაც პირველი, თურმე მაინც განცხადება მაქვს თავიდან დასაწერი, ეს უფეხო კაცი უნდა დავდგე რიგში... უნდა ვუყურო ამ ქურდბაცაცებს, როგორ იპარავენ სასადილოში ხალხის საჭმელს... მაგათ ისევ მომიტანეს საჭმელი, მაგრამ უარი ვთქვი. რატომ უნდა ვაგრძნობინო ჩემს თავს, რომ ბადრი, იცი, რა? შენ ამის ღირსი ხარ და ეს უნდა ჭამო?! ასეთი დამსახურება მიმიძღვის საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რომ „წყალი“ ვჭამო? (ტირის)... ასე იძახიან ჩემზე- ჯერ ვინც ძირითად სიაშია, მათ უნდა მივცეთ სადილი, მერე დამატებით სიაში ვინცაა იმათ და თუ რამე მორჩება, მერე მივცემთ მაგასო... ანუ გამოდის, ძაღლი ვარ...

- ადგილობრივი მოსახლეობა თუ გეხმარებათ რამით?

- აბსოლუტურად არავინ არ მეხმარება აქ... ერთი ბიჭი მოვიდა, ნასვამი იყო და ტანზე მაისური შემოიხია- ჩემთან აგიყვან სახლში, რასაც მე შევჭამ შენც იმას გაჭმევ, ასე, ისე... მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, აქ გაივლის და გამოივლის ხოლმე, მაგრამ ზედ არ მიყურებს... ორი პატარა მეხუთეკლასელი ბიჭია, ძალიან მერიდება, მაგრამ ის ბავშვები მეხმარებიან ხოლმე და მათაც დაუშალა მუსიკის მასწავლებელმა- ნუ ეხმარებით მაგას, ეს კარგი საქციელი არ არისო... უფეხო კაცმა ბავშვი აქვე მაღაზიაში წყალზე რომ გავაგზავნო, ცუდი საქციელი ყოფილა... მე ხომ ვთხოვ, განა ვაძალებ? თხოვნასა და მოთხოვნას შორის არ არის განსხვავება? (ტირის)...

- ბატონო ბადრი, ეს მანქანა თქვენია, ხომ?

- დიახ, ჩემია, ამ მანქანით ჩამოვედი, მაგრამ მასაც აღარ აქვს მოძრაობის უფლება, 1 500 ლარი ვალი დამადეს. კანონი ყოფილა ასეთი: თურმე ყოველ სამ თვეში უნდა გავსულიყავი საზღვარზე, აღმეწერა მანქანა, ფული გადამეხადა და ისევ უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ როგორ მომეხერხებინა ეს ინვალიდ კაცს? ყოველ გადაცილებულ დღეზე 50 ლარი იყო ჯარიმა. ვთხოვე, შეღავათი გამიწიეთ, ფიზიკურად გადაადგილება არ შემიძლია- მეთქი, მაგრამ ტყუილად... დღემდე მანქანა უკრაინულ ნომრებზეა... ძალიან კარგად ვიცნობ კახი კალაძეს, კიევში მისი ობიექტების ნახევარზე მეტი ჩემი აშენებულია და როცა დახმარება ვთხოვე, მიღებაზეც კი უარი მითხრა... ერთი რამ მინდა ვთქვა კიდევ: მანქანიდან აკუმულატორი მომპარეს...

- ეგ როგორ? თქვენ ხომ სულ მანქანაში ხართ?

- კი, მაგრამ ვიღაც ბიჭები მოვიდნენ, ჩემი მდგომარეობა შეიცხადეს და მითხრეს- აკუმულატორს მაინც დაგიტენითო. ამოიღეს, წაიღეს და აღარც მოუტანიათ... პოლიციას რომ ვთხოვე დახმარება, - არა, ვერ დაგეხმარებით, შენ თვითონ მიგიციაო, მიპასუხეს... მათ ხომ მოტყუებით წაიღეს ის აკუმულატორი, ვითომ ჩემი დახმარება უნდოდათ?

- რა ნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ მიეცით აკუმულატორი? ფაქტია, რომ აღარ დაუბრუნებიათ, ანუ მოგპარეს და ამაზე რეაგირება როგორ არ მოახდინეს?

- ფაქტია, არანაირი საქმე არ აღძრულა ამაზე. რატომ ენდეო, პოლიციელებმა მკითხეს... კი, მაგრამ აღარავის უნდა ვენდო ამ ქვეყანაზე? საიდან უნდა გამომეცნო, თუ რა ჩანაფიქრით იყვნენ მოსულები ისინი? არავის არ ვუჩივი, არ მინდა ვინმე დაიჭირონ, მაგრამ მე რა ვქნა? ახლა რა გავაკეთო? ვერც ტელეფონს ვტენი, არც მანქანის შუქი მაქვს, ვერც რადიოს ვუსმენ, რომ რამე ინფორმაცია გავიგო. აბსოლუტურად „ჩაკეტილი“, იგნორირებული და მშიერ- მწყურვალი ვარ... მალე ორი თვე გახდება, რაც ამ ადგილას ვდგავარ და არავინ არ მესარჩლება. პოლიციის თანამშრომლებს გული კი შეტკივათ ჩემზე, მაგრამ ვერაფრით მეხმარებიან. როცა აქ გაივლიან, ყოველთვის აჩერებენ მანქანას, თბილად მესალმებიან, ინტერესდებიან ჩემი მდგომარეობით, მეკითხებიან ვინმე ხომ არ მავიწროებს და მორჩა, ესაა სულ... ძლივს წავედი უკრაინის საელჩოში, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და მიპასუხეს- „ტი უჟე გრაჟდანინ გრუზიი“ და ჩვენ ნუღარ შეგვაწუხებო... ყველამ ხელი დაიბანა ჩემზე და რა გავაკეთო არ ვიცი (ტირის)...

- კი, მაგრამ რატომ არ „გიმჩნევენ?“ ასეთი გაჭირვებული, ინვალიდი, მშიერ- მწყურვალი ადამიანი დგახართ აქ, ცხოვრობთ მანქანაში... რისი ბრალია ეს, ბატონო ბადრი, რა ხდება? ასეთი გულგრილი ხალხი გვყავს?

- ერთ ამბავს გეტყვით: აქვე რამდენიმე მეტრში სამკერვალოა, მანდ დავდივარ ხოლმე საპირფარეშოში... მე მეორე ფეხზეც პრობლემა მაქვს, შაქრის გამო მასზეც განგრენა დამემართა და თითები მაკლია... სამკერვალოს წინ დავეცი და კაციშვილი არ მოსულა, რომ ადგომაში დამხმარებოდა... გადაგივლიან და წავლენ (ტირის)... ადრე სხვა დრო იყო, ასეთი რაღაც არ ხდებოდა, ადამიანი ადამიანობდა... ვიცი და მესმის, რომ არავინ არ არის ვალდებული, დამეხმაროს, მითუმეტეს უცხო ადამიანები. ყველას თავის პრობლემა აქვს. მე აქ მყავს ნათესავები, მაგრამ ისინი არ მეხმარებიან და სხვას როგორ უნდა ვთხოვო ეს? (ტირის)

- ჯანდაცვიდან დღემდე არაფერი ისმის?

- მანდ არის საჯაიას განყოფილება, სადაც უმწეოებს ეხმარებიან. რვა თვის წინ ვიყავი და ვთხოვე, სახელმწიფო თავშესაფარში მაინც გადამიყვანეთ- მეთქი, მიპასუხეს- თუ ვინმე მოკვდება, მის ნაცვლად პირველი შენ იქნები სიაშიო... ღმერთმა ყველა იქ მაცხოვრებელი დაიფაროს, მაგრამ ასე მიპასუხეს... აქ ხომ ბევრი სხვადასხვა თავშესაფრებია, ინვალიდთა, პენსიონერთა და ა. შ. მაგრამ...

- საპატრიარქოს თუ მიმართეთ?

- დიახ, მივმართე, თქვენ მაინც მომეხმარეთ, ხალხნო, ქრისტიანი კაცი ვარ- მეთქი. კი, დაგეხმარებითო, შემპირდნენ. დამირეკეს მერე და მითხრეს- შენ ჯერ არ ხარ პენსიონერიო და ამიტომ ჩვენს თავშესაფარში შენ ადგილი არ მოგეცემაო... მე ვუთხარი, ინვალიდი ვარ, ვერ გადავაადგილდები, მკურნალობას ვსაჭიროებ- მეთქი, მაგრამ „ვერ დაგეხმარებითო“... დავუშვათ, კიდევაც რომ ვიმკურნალო, გეკითხებით: ჩემი მანქანაში ცხოვრება შეიძლება? ის მკურნალობაც ხომ წყალში ჩაიყრება, თუ ისევ ამ პირობებში ვიცხოვრე? (ტირის)...

- ფეხის პროთეზი რომ გაგიკეთონ, ამასაც ვერ ახერხებენ?

- მივედი, დავწერე განცხადება პროთეზზე. ჯერ ერთი თვე მარბენინეს, რაღაც საბუთები მომთხოვეს და რომ მივიტანე ყველაფერი, მითხრეს, ნოემბერ- დეკემბერში შეიძლება გაგიკეთოთო... გავიდა ის ნოემბერ- დეკემბერი, მეორე მოდის უკვე და არ ვიცი... კიდევ ვისღა მივმართო დახმარებისთვის, მითხარით? ერთადერთი, ისევ იმ ხალხს თუ მივმართავ, რომლებსაც თავის დროზე მე ვეხმარებოდი კიევში, ისინი დღეს საქართველოში არიან და ჩემი გაკეთებული სიკეთის სამაგიერო იქნებ მცირე სიკეთით მაინც გადამიხადონ (ტირის)... დიდი სიამოვნებით წავიდოდი დღესვე უკრაინაში, მაგრამ გზის ფულს რომ თავი გავანებოთ, ჯარიმა ხომ უნდა მომიხსნან? ჩემი პენსიით როგორ ან რატომ გადავიხადო ამხელა თანხა? რის გამო?

- ბატონო ბადრი, უკრაინაში ოჯახი თუ გყავთ?

- ერთი 18 წლის გოგო მყავს, რომელიც ძალიან, ძალიან მენატრება (ტირის)... აქ რომ ჩამოვიყვანო, მანქანაში ვაცხოვრო?

- იცის, რა მდგომარეობაშიც ხართ?

- არა... რატომ ვანერვიულო 18 წლის ბავშვი? (ტირის)... აქ უკრაინელები იყვნენ სამუშაოდ ჩამოსულები და შემთხვევით მნახეს, რა დღეშიც ვიყავი. დაურეკიათ ჩემი შვილისთვის და რომ უთქვამთ, მამაშენს ფეხი მოკვეთესო, ისე ინერვიულა... და ახლა ის გავაგებინო, რომ აქ მანქანაში ვცხოვრობ? ხომ გამიგიჟდება ბავშვი (ტირის)... მე ჩემს ბინას იმიტომ ვარემონტებდი, რომ შვილი ჩამომეყვანა და გვერდით მყოლოდა, მაგრამ სადღა მაქვს ბინა... აქ ხალხი ძალიან გულგაციებულია... მე არავის არაფერს არ ვთხოვ და შენც ტყუილად ნუ მპირდები, ადამიანო... თუ მპირდებით, შემისრულეთ და თუ ვერ შემისრულებთ, ნუ მპირდებით... დანაპირების შესრულების ლოდინი რთული და დამამცირებელია ჩემთვის... როცა ვიცი, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და არ მოდის, ეს ხომ მძიმეა... რატომ მანერვიულებთ? რატომ მაიმედებთ ტყუილად? შემიბრალეთ, ხალხი არ ხართ? (ტირის)... ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი, უამრავ ადამიანთან მქონია შეხება და ასეთი გულგრილობა არსად მინახავს... ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის სიმართლეში, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ყოველ ღამე ვტირი, ყოველ ღამე დაძინების მეშინია, რადგან არ ვიცი როგორი ხვალინდელი დღე მექნება... ან ასეთი გაჭირვების მქონეს, საერთოდ გამითენდება კი?..

P.S. - წამოუდგენელი გულგრილობის მომსწრე ვართ! ხელისუფლება ორი წლის წინ შეიცვალა, მაგრამ გაჭირვებული ხალხის პატრონი როგორც ჩანს, არავინ არის! სადაა გამგეობა? რას მიკეთებს ჯანდაცვა? საპატრიარქო რას ელოდება? ანდა, დათო ჟღენტი, გძინავს?? თბილისში მოხუცი, ცალფეხა, დიაბეტიანი ადამიანი მანქანაში ცხოვრობს და უპატრონობით იღუპება!!! როდემდე უნდა ხდებოდეს ასეთი შემაძრწუნებელი ამბები ჩვენს ქვეყანაში??

ბატონი ბადრის მობილური ტელეფონის ნომერია 579 06-72-73. თუ ვინმეს გექნებათ მისი დახმარების სურვილი, დაუკავშირდით მას აღნიშნულ ნომერზე. ისევ ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები თუ დავეხმარებით ასეთ გაჭირვებულებს!ასევე გახსნილია emoney_ს ანგარიში და შეგიძლია აქ ჩარიცხოთ თანხა ან პირადად მომაწოდოთ. ესაა - 372230759 მიმღები კოკა ესაიაშვილი. ასვე ვეხმარებით ტანსაცმლით, საჭმლით და რითაც შეგვიძლია. შეგახსენებთ ცხოვრობს მოსკოვის პროსპეტზე N36_თან მდებარე კორპუსთან, შავ 21 მანქანაში. თუ რამე სურვილი გექნებათ დახმარების შემეხმიანეთ, პარასკევს ვაპირებთ წასვლას და ამოუდგეთ გვერდში ამ ადამიანს. მადლობა

ნახვა: 265

ტეგები: ბლოგი, გაჭირვება, დახმარება, დღიური, სახლი, ჩანაწერი

nino bubulashvili: ივნისი 4, 2014||8:48pm

ნუთუ არავინ არ ნახულობთ ამ პოსტს :( არადა 15ნახვა აქვს და აქედან არცერთი არ შემეხმიანეთ,არადა როგორი იმედი მქონდა რომ ყველა ნახავდით და როგორც qwelly ითარგმნება ამას გაამართლებდით...სამწუხაროდ შევცდი :(

ლაშა: ივნისი 4, 2014||9:05pm

nino რამე იდეა გაქვს როგორ უნდა დავეხმაროთ? :( მართლა მძიმე ყოფაშია :((((

კი მეც შემიმჩნევია რომ აქ პოსტებს არ ნახულობენ ხოლმე თუ არ მიწერე :((

nino bubulashvili: ივნისი 4, 2014||9:13pm

აქ წერია ლაშ ყველაფერი :( პარასკევს ვაპირებ გასვლას რამოდენიმე ადამიანთან ერთად და იქნებ რითაც შეგვეძლებოდა საჭმელი,თანხა,ტანსაცმელი მოგეწოდებიათ ან ასევე გახსნილია emoney-ს ანგარიშიც,საბანკო ანგარიში არ აქვს სამწუხაროდ :( წერია აქ ყველაფერი...ჩემზე ძალიან იმოქმედა მა ადამიანის ისტორიამ,მე ყველანაირად ვეცდები დავეხმარო თუნდაც მორალურად რაც მართლა ჭირდება....აქ იმიტომ დავდე რომ მეგონა ყველა თუარა უმეტესობა რამეს შემომთავაზებდა,თუნდაც მხოლოდ წამოსვლას :(

ლაშა: ივნისი 4, 2014||9:30pm

ააა, ეგ კი ვნახე მივდივარო მაგრამ თუ შენი დაწერილი იყო არ მეგონა. ვიფიქრე ინტერვიუს მოჰყვა. 

Emoney_ს ანგარიში რომელმა ჭკვიანმა გაუხსნა? რაში უნდა გამოიყენოს მანქანაში მცხოვრებმა კაცმა ელექტონული ფული :(( წარმატებები ნინო, იმედია ხალხს შეკრებ.

წაკითხვით კიდე რა ვიცი აბა, ზოგჯერ ძალიან გვეზარება ადამიანებს კითხვა... 

nino bubulashvili: ივნისი 4, 2014||9:38pm

არაა ლაშ ემონეის ანგარიში გახსნილია სხვა ადმიანი სახელზე,რომელიც იღებს ფულს და იმით რაც ჭირდება ვყიდულობთ...ხოო ის მე მივაწერე,მე მივდივარ და))კარგი მადლობა)) ხო მაგრამ როცა სათაური აქვს ისეთი რომ დახმარებას საჭიროებს მემგონი არ უნდა დაგვეზაროს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

უზენაესი გამარჯვება რუსეთზე და ცივი აცრა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm 0 კომენტარი

      დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…

გაგრძელება

გირჩულ-ელისაშვილური ტანდემი, პანდემიის შემცირება და ნავალნის დაპატიმრება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…

გაგრძელება

კაპიტოლიუმის დაცვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm 1 კომენტარი

      უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…

გაგრძელება

შეცვალე შენი ცხოვრება - გაუხსენი გზა პირად განვითარებას

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი





Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…

გაგრძელება

Qwelly World

free counters