კამათელი (ამონარიდი)

      რა თქმა უნდა, ცისარტყელას შესახებ ვილაპარაკებ... სხვა რა უნდა მოგივიდეს თავში, როდესაც სინათლის სხივის და ამ ჯადოსნური ციფრის, შვიდიანის შეკავშირება-შეუღლებას მოინდომებ. შვიდი ძირითადი ფერი დაინახა მასში ადამიანმა, როგორც კი თვალი აეხილა და ფერადოვანი რკალით დამშვენებულ ზეცას უსწორა თვალი. ეს მართლაც მეტად ამაღელვებელი წამი იქნებოდა... აფსუს, არ ვიცით, როდის, სად და ვის მიერ აღს-რულდა ეს საოცრება. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ეს თამაში იყო, მშვენიერი, წარმტაცი, სიხარულით პირთამდე გულსავსე თამაში. მზე გაეთამაშა ადამიანს, შვიდფეროვანი რკალი ბაირაღივით გადმოუფინა ახალნაწვიმარ ცაზე და `ჭიტაო” დაუძახა. ადამიანსაც მაშინვე გაუჩნდა თამაშის სურვილი, ანუ მაშინვე ეზიარა თამაშის სიბრძნეს, ყველაზე აღმატებულს სიბრძნეთა შორის. ამის შედეგი გახლავთ, ფერების თვლას რომ მოჰყვა, თორემ აბა, რაში სჭირდებოდა ან თვითონ ცისარტყელა, ან მისი ფერები, რაში გამოიყენებდა.

      ამრიგად, ადამიანმა მიიღო მზის თამაში, სიხარულით შესცინა ცისარტყელას. ფერები ხომ სათითაოდ დაუთვალა, ხელიც კი გაიწვდინა მისკენ, ანუ მისი მოხელთება სცადა. ამაოდ ჩაუარა, ვერ მისწვდა ცისარტყელას, მაგრამ როდი შეცბუნებულა... თამაში რისი თამაშია, თუ რაიმე იდუმალს და მოულოდნელს არ გვთავაზობს? ეს იმთავითვე მშვენივრად იცოდა. ეს სიბრძნე არც ჩვენთვისაა უცხო, ახლაც იმავე თამაშს ვაგრძელებთ, ვცდილობთ სინათლის ზღაპრული ფრინველი მოვიხელთოთ, ანუ სინათლეს ვუდგევართ კვალში... ( მერწმუნეთ, ეს ერთი და იგივეა), ციფრი შვიდიანი ბადესავით დავუხვედრეთ წინ. ვნახოთ, თუ გაებმება ამ ბადეში.

      ერთი სიტყვით, შვიდი ფერი დავითვალეთ ცისარტყელას ფერადოვან რკალში, ფარშევანგის კუდივით რომ გადმოგვიშალა სინათლის ზღაპრულმა ფრინველმა. ვითომ მართლა შვიდია? ცოტა მეტი ყურადღებით შევხედოთ, ფერთა მთელი ოკეანე გადაგვეშლება თვალწინ. დავინახავთ, როგორ მეზობლობენ ფერები, როგორ ახალისებენ და ამდიდრებენ ერთმანეთს ნაირგვარ ელფერთა წარმოქმნით. ჯერ მარტო წითელი ფერი ვთქვათ, ერთ-ერთი განაპირა ფერი (მეორე განაპირა ფერი ლურჯი ფერია), რამდენნაირი გარდამავალი ელფერი ახლავს: იისფერი, წითელი და ალისფერი. ამას მოსდევს ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე. შემდგომ, მტრედისფერი, ლურჯი და იისფერი. თუ არ ვცდები, ცხრა გამოვიდა, გავცდით შვიდიანს. ყველა ეს ფერები სამი ძირითადი ფერის, წითელის, ყვითელის და ლურჯის ურთიერთგარდამავალი კომბინაციაა.

      ხომ ხედავთ, ჩვეული საზღვრები როგორ დაარღვია ცისარტყელას ფერთა სიმრავლემ, გაგვიძნელდა ციფრ შვიდიანის ჯებირებში მისი მომწყვდევა... თითქოს უქმია ამ ციფრისგან დაწნული ბადე, სჯობს აქ შევჩერდეთ. თუ ასე დაწალიკებით გამოვედევნებით, ფერთა გარდამავალი ტონები უფრო მეტად დანაწევრდებიან და იქნებ ცხრიანიც უკან ჩამოვიტოვოთ. ჩემი სურვილი იქნება (ალბათ, სხვებიც დამეთანხმებიან), შვიდმაგ ბადეში ვითომდა გაბმული დავტოვოთ სინათლის ზღაპრული ფრინველი... ანუ ისევ შვიდი ფერი დავითვალoთ იმ მრავალ-ფერად რკალში, ცისარტყელა რომ ჰქვია სახელად. ასე აღიქვა იგი ახლადთვალგახელილმა ადამიანმა და ჩვენც მისი ერთ-გულნი ვრჩებით, რამეთუ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის თავდაპირველი თვალთახედვა, ჩვენი ცნობიერების გარიჟრაჟზე რომ გვებოძა.

      ახლა კი სამი ძირითადი ფერის შესახებ მინდა გესაუბროთ. მე მას ფერთა ქვაკუთხედს ვუწოდებდი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. წითელი ფერი გამორჩეულია მათ შორის, რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ ასე მახლობელია ჩვენთვის. წითელი ფერი ხომ სისხლისფერია, იგივე სიცოცხლის ფერი. წითელი უპირველესი ფერია, ჩვენი შვიდფერა ცისარტყელა მისგან იწყება.

      თუ შეგიმჩნევიათ, ხვიარა მცენარის პწკალები როგორ დაფათურობენ ჰაერში, თითქოს რაღაცას ეძიებენ. სინათლეს ეძიებენ და უპირველეს ყოვლისა, წითელ ფერს. მცენარე ხომ წითელი ფერით სულდგმულობს…მხოლოდ წითელ ფერს შთანთქავს მზის სხივებიდან, ლურჯს და ყვითელს აირეკლავს. მერე როგორ გვანან ქორფა ბალღის ხელებს... ბავშვიც ზუსტად ასე, ქორფა პწკალებივით აფათურებს ხელებს, ისიც სინათლეს უდგას კვალში, წითელი ფერის სინათლეს, უწინარეს ყოვლისა.

      ნება მიბოძეთ, ბავშვობისდროინდელი ამბავი გავიხსენო;

      ოთხი წლის ვიქნებოდი, წითელა შემეყარა... მახსოვს, გავიღვიძე, ვწევარ ლოგინში, დედაჩემი თავზე მადგას... მისი დანახვა არ გამძნელებია, მაგრამ სხვა ვეღარაფერი დავინახე, თვალების ბოლომდე გახელა ვეღარ შევძელი. მახსოვს, როგორ ვატანდი თვალებს ძალას, ვცდილობდი რაიმეს დანახვას, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თვალები არ მემორჩილებოდნენ (მინდა იცოდეთ, ჩინებული მხედველობა მაქვს, ამ მხრივ რაიმე პრობლემა არასდროს მქონია). ძალიან შემაშინა საკუთარი თვალების უცნაურმა გაჯიუტებამ. ტირილი დავიწყე, თვალებს ვერ ვახელ-მეთქი, დედას შევჩივლე. დედამ აიღო ლამაზი წითელი ფერის ნაჭერი და საწოლის თავზე გადმომიფინა. შევხედე იმ წითელ ნაჭერს, შევძელი თვალი გამესწორებინა მისთვის. ჩემი თვალთახედვა დამაგრდა წითელ ფერზე, შევყურებდი, თვალი ისვენებდა, ძალას იკრებდა. ცოტა ხანში ისიც კი მოვახერხე, რომ საწოლიდან გადმომეხედა, მოვათვალიერე იქაურობა, მთელ ოთახს მოვავლე თვალი.

      ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი და იმიტომ მახსოვს ასე ცხადად. წითელი ფერი წინ გამიძღვა, სხვა დანარჩენი ფერებიც დამანახვა... და არა მარტო ფერები. მკითხავთ, ამის გახსენება რისთვის დაგჭირდაო. გეტყვით:

      წითელი ფერი ის ბილიკია, რომელიც უშუალოდ გვაკავშირებს ჩვენს გარემომცველ სამყაროსთან. ის ყველაზე მახლობელია ჩვენთვის, ის თვით სიცოცხლის ფერია.

      ახლა კი მეორე განაპირა ფერის, ლურჯი ფერის შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ცისარტყელას ფერადოვანი რკალის ბოლო ფერი გახლავთ, და შეუძლებელია ამოწურო სათქმელი, როცა საქმე მას შეეხება. რამდენ საოცრებას იტევს თავის თავში, რას აღარ მოეფინება... უდიდესი ენერგიის და განფენილობის მქონე, იდუმალი ფერია; ლურჯია ზეცა, უსაზღვროების განსახიერება. ლურჯია ზღვა, რომელიც თვით ზეცის უსაზღვროებას აირეკლავს... ლურჯია თვით უსასრულობა. ცოტა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სივრცემ ლურჯი ფერი მიისაკუთრა, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით ვუსწორებთ თვალს, ჩვილობის ასაკიდან კარგა ხნის გამოსულები. თითქოს უსასრულობაში ვინთქმებით, ისეთი განცდა გვიჩნდება, როდესაც ზეცას შევყურებთ. სიშორის, მიუწვდომლობის, ოცნების ფერია ლურჯი ფერი, წითლისგან განსხვავებით, რომელიც ასე მახლობელია ჩვენთვის. ჩვენს არსებაში როგორ მკვიდრობს ეს ორი განაპირა ფერი,

      ამის შესახებ თუ დაფიქრებულხართ ოდესმე? ცხადია, ჩემეული ხედვა გამაჩნია, მაგრამ მინდა თქვენგანაც მოვისმინო. აი, თქვენს წინაშეა ორი ძირითადი ფერი, წითელი და ლურჯი, გააბით ძაფები მათ შორის.

      ... დიახ, გისმენთ, წითელი ფერი ბავშვური გულუბრყვილობის ფერია, განუსჯელი რწმენის, გულწრფელობის ფერი. ლურჯი ფერი მისი საპირისპიროა, მოწიფულობის, განსჯის, შორსმჭვრეტელობის ფერია. ძალიან კარგი, კიდევ რას მეტყვით?

      ... წითელი ფერი გულიანი სიცილის, უზრუნველობის ფერია... ანუ თვით სიხარულის ფერი... ლურჯი ფერი კი პირიქით, მელანქოლიას, მოწყენილობას, ცრემლებს განასახიერებს. გეთანხმებით, მართლაც ასეა.

      ... როგორ თქვით? წითელი ვარდი და ლურჯი ია... დიახ, ყვავილები ხომ ნამდვილი ჯადოქრები არიან, ფერების საოცარ ჰარმონიას ქმნიან. წითელი ვარდი და ლურჯი ია, ანუ იავარდი; ხატოვანი სიტყვების იშვიათი ნიმუში... აი, როგორ ჩაექსოვა აქ ერთმანეთს ორი განაპირა ფერი... მართლაცდა მშვენიერი რამაა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ: ჩვენს სხეულზე უნდა აისახოს ეს ორი ფერი, ჩვენი ამოცანა ესაა.

      ... ცოტა ხმამაღლა, ვერ გავიგე... წითელი სისხლი და ლურჯი თვალები? სხეულთან ახლოს ვართ, მაგრამ თანხმიერება მაინც არ გვაქვს. ეს ორი ფერი აქ სხვადასხვა სიბრტყეზე ძევს, შეუძ-ლებელია მათ შორის ძაფის გაბმა. სისხლი ყოველთვის წითელია, თვალები კი ყველას როდი აქვს ლურჯი. .. წითელი ტუჩები და ლურჯი თვალები? არც ისე ცუდია, აქ ფერები ერთ სიბრტყეზეა მოთავსებული, სულ ადვილია მათ შორის ძაფის გაბმა, ოღონდ ორივე შემთხვევაში კერძო გამოვ- ლინებასთან გვაქვს საქმე, განზოგადოების უფრო მაღალი ხარისხი გვჭირდება.

      ახლა კი, ჩემეული ხედვა მინდა მოგახსენოთ, თუ როგორ აისახება ჩვენს სხეულზე ეს ორი ფერი. წითელი ფერისაა სისხლი, ჩვენს ძარღვებში რომ ჩქეფს, ეს ყველამ ვიცით... თვითონ ძარღვები ლურჯი ფერისაა, ესეც ცნობილი ჭეშმარიტება გახლავთ... და, აჰა, რა უბრალოდ იპოვეს ერთმანეთი... ლურჯ ძარღვებში ჩქეფს წითელი სისხლი... ასე შეერწყა ერთმანეთს მახლობელი და მიუწვდომელი, სანიადაგო და საოცნებო, ცრემლი და სიხარული, ჩვენს ძარღვებში შეთავსდნენ შეუთავსებელნი.

      კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა გვეთქვა ლურჯი ფერის შესახებ, მაგრამ ყვითელი ფერი გველოდება, მასაც უნდა მივაწვდინოთ ხმა. ყვითელი ფერი ცისარტყელას ფერადოვანი რკალის შუალა ფერია, მისი გულისგული. ორი განაპირა ფერის, წითლის და ლურჯის მიჯნაზე სუფევს, ორივეს ცნობს, ორივეს ახლო მეგობარია. ანუ, ყვითელი ფერი ზომიერების ფერია, ორ უკიდურესობას შორის მოქცეული. ზომიერება კი, მოგეხსენებათ, ყველაზე ახლოა ღვთაებრივ სიბრძნესთან. იგი საფეხურია, რომელზეც ფეხი უნდა მოიმაგროს ყველამ და ყოველმა, მათ შორის ყოველგვარმა უკიდურესობამ. უკვე ვთქვი, რომ ყვითელი ფერი წითლის და ლურჯის მეგობარია. იქ ცოტა განვავრცობ სათქმელს. დიახ, ყვითელი ფერი ამ ორი ფერის მეგობარია, თანაც ისეთი მეგობარი, სათნოების და ლმობიერების შარავანდედი რომ ახლავს თან. ჰკითხეთ მხატვრებს, გეტყვიან: ყვითელი ფერის სულ ოდნავი შერევაც კი საოცრად არბილებს და ალმობიერებს ფერთა ნებისმიერ გამ-მას. რაც შეეხება წითელს და ლურჯს, მათი შერევა ყოველივეს ამკვეთრებს. ყვითელ ფერს მოციქულის როლიც ეკისრება, რამდენადაც ორ უკიდურესობას შორის სუფევს. იგი ხიდია წითელსა და ლურჯს შორის. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ: ოქროც, ყვითელი ფერია მეტალი, იქცა მოციქულად ადამიანებს შორის, ანუ ყვითელ ფერს ოქროს ხიდიც შეიძლება ვუწოდოთ.

      ოქროს კვეთა გავიხსენოთ. ვითომ შემთხვევითია, რომ ასე ეწოდა ამ საოცარ აღმოჩენას? ყვითელი ფერი აქ ზუსტად თავის შესაფერ ადგილას სუფევს. ყვითელი ფერისაა მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, ჩვენი

      თვალი მას ასე აღიქვამს. მე მირჩევნია მას ოქროსფერი ვუწოდო... დიახ, ოქროსფერია მზე, მისგან ბოძებული ოქროსფერი ჩირაღდანი ანთია ყველა ჩვენგანში სიცოცხლის სახით. ოქროს ხიდებს აგებს ლურჯ ძარღვებსა და წითელ სისხლს შორის.

      და აი, თამაშ-თამაშით შეკრული სამი ნასკვიც მივაშველეთ ზემოთ ნახსენებ შვიდმაგ ბადეს, იქნებ მასში მაინც გაბმულიყო სინათლის ზღაპრული ფრინველი... თვითონ ხომ გამუდმებით გვეთამაშება, თვალს გვიპაჭუნებს, თავგადასავლებისკენ გვაქეზებს... ჰოდა, რას გამოვრჩით? ალბათ ბევრს ვერაფერს, მეტისმეტად უკარება გამოდგა. ყურები მაინც არ ჩამოგვიყრია, კვლავ და კვლავ ჩავუდგებით კვალში ამ მოუხელთებელ ზღაპრულ არსებას. ვინ იცის, რამდენჯერ დაგვტოვებს გაწბილებულებს, მაგრამ... სინათლე ხომ მოგვეფინება მისგან...

      ***

      უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა, როგორც კი ცისარტყელას ნიღაბმა თავისი სიტყვა დაასრულა. გამიკვირდა... უკვე შევეჩვიე ხალისიან გამოხმაურებას, ყოველ მესიტყვეს რომ ახლდა განუყოფლად.

      ნამალევად გადავხედე ნიღბებს, მგონი რაღაცაზე ფიქრობდნენ, და როგორც მერე გამოირკვა, საოცრად ამაღლებული განწყობა დაუფლებოდათ თურმე... იმიტომაც მდუმარებდნენ, სიტყვებს განცდები სძალავდნენ. ორსახა ნიღაბი ცოტათი ქსუტუნებდა კიდეც... მეტად მგრძნობიარე ხასიათი ჰქონია, როგორც ჩანს.

      პირველად სიჩუმე მზის ნიღაბმა დაარღვია:

      - მზის სინათლე, ჩვენი ბავშვობის პირველი მეგზური... _ გრძნობისაგან ათრთოლებული ხმით თქვა მან... - და არა მარტო ბავშვობის... მთელი სიცოცხლე წინ მიგვიძღვის, სიბნელეს ფანტავს, გვათბობს, გვახარებს, - მაშინვე მივაშველე სიტყვა... ხმა, მგონი, მეც მითრთოდა...

      ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, ნიღბები კვლავ დაფიქრდნენ. ფიქრებში ალბათ ყველა მათგანი სინათლის ზღაპრულ ფრინველს შეჰფოფინებდა...

      - სიმღერაც სინათლესავითაა! – წაიღიღინა უცბად ვიღაცამ.

      მოვიხედეთ, ფრინველის ნიღაბი შეგვრჩა ხელში. დაწინწკლულ

      პეპელა ჰალსტუხს ისწორებდა, სალაპარაკოდ ემზადებოდა...

     

ნახვა: 200

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, კამათელი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters