პლატონი "სახელმწიფოს" VII წიგნს _ გამოქვაბულის ცნობილ მითს იწყებს შემდეგი სიტყვებით:
"ამის შემდეგ შენ შეგიძლია მიამსგავსო ეს მდგომარეობა განათლების და გაუნათლებლობის ჩვენეულ ბუნებას".
"განათლებულობა" აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს გაგებული. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ერთსა და იმავე დროს აღზრდას, კულტურას, განათლებას. აქ ეს სიტყვა ყველა თავისი მნიშვნელობითაა მოყვანილი და ნიშნავს ადამიანურ კულტურას, გარკვეულ აღზრდაში ყოფნას. მაშასადამე, წინადადების ეს მონაკვეთი შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს: გარკვეულ აღზრდაში (კულტურაში) ყოფნის და არყოფნის ჩვენეული ბუნება. "არ ყოფნა" ამ შემთხვევაში ნიშნავს სხვა კულტურაში, სხვა აღზრდაში, სხვა განათლებულობაში ყოფნას. იმაზე, რომ აქ გარკვეულ აღზრდაზეა ლაპარაკი და არა საერთოდ აღზრდისა და კულტურის შესახებ, მიგვითითებს ფრაზა _ "ჩვენეული ბუნება". _ აქ იგულისხმება აღზრდის გარკვეული ბუნება. თუ რატომ ვანიჭებთ ამ წინადადების სწორედ ასეთ თარგმანს დიდ მნიშვნელობას, მოგვიანებით ვნახავთ;
შემდეგ სოკრატე იწყებს თვით მითის მოყოლას: "წარმოიდგინე რომ ხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩაკეტილნი არიან მიწისქვეშა გამოქვაბულში, რომელშიც შუქი შედის დიდი შესასვლელიდან. ეს ადამიანები ბავშვობიდანვე არიან ბორკილებსა და ჯაჭვებში ჩაჭედილები და უძრავებს მხოლოდ პირდაპირ ყურება შეუძლიათ (ამავე გამოქვაბულში _ გ. თ.). ამ დროს ადამიანების ზურგს უკან, ზევით და შორს ანთია ცეცხლი; ხოლო ცეცხლსა და ტყვეებს შორი გადის გზა, რომელზედაც თითქოს პატარა კედელია (თეჯირი _ გ. თ.) აგებული, როგორც ფოკუსების ოსტატებთან. ადამიანების წინ ჩნდება (ეცემა _ გ. თ.) კედელი (კედლის ჩრდილი, ცეცხლის ალით გამოწვეული _ გ. თ. ), რომლის ზემოდანაც საოცრებებს აჩვენებენ…" ამ კედელთან ადამიანებს მიაქვთ ყველანაირი ნივთები, ქანდაკებები და სხვა ცხოველები, ქვის ან ხის და ყველანაირი ნაკეთობა ისე, რომ თავს ზემოთ უჭირავთ და ამ ნივთების (მატარებლებიდან _ გ. თ.) ნაწილი ხმას იღებს და ნაწილი მდუმარეა საჭიროებისდა მიხედვით".
გლავკონის განცვიფრების პასუხად სოკრატე ამბობს, რომ ეს ხალხი, რომლის შესახებაც ის ჰყვება, მათი მგავსია და რომ გამოქვაბულში ყველა მყოფი ხედავს ჩრდილებს, მათ შორის ისინიც, ვისაც თეჯირის უკან ფიგურები დააქვს. "ასეთები", _ ამბობს სოკრატე _ "სხვას არას მიიჩნევენ ჭეშმარიტებად, თუ რა ხელოვნური საგნების ჩრდილებს".
შემდეგ სოკრატე ჰყვება, თუ რა მოუვა იმას, ვისაც გაათავისუფლებენ და აიძულებენ შეხედოს, რა ხდება გამოქვაბულში და ზემოდან ჩამომავალ სინათლეს. მას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება და შეეცდება დაამტკიცოს, რომ რასაც ადრე ხედავდა, ის უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ის საგნები და მდგომარეობა, რომელთაც ახლა ხედავს და თუ მას აიძულებენ აფოფხდეს ზევით და მიწის ზედაპირზე გამოვიდეს, მისთვის ძალიან ძნელი იქნება უყუროს საგნებს და მზეს. მან ჯერ ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოს თვალი (ჩრდილების, ღამის საშუალებით), ხოლო შემდეგ შეხედოს მზეს და გაიგოს, რომ სინამდვილეში მზე არის წელიწადის დროთა მონაცვლეობის და ყველაფერის არსებობის საფუძველი, მიზეზი.
ყოველივე ამის დამნახველი, რა თქმა უნდა, განთავისუფლდება და თავს ბედნიერად ჩათვლის, ხოლო თავის თანამოპატიმრეებს კი _ უბედურებად. მას დიდი სირთულეები ელის მათთან ურთიერთობაში, თუკი ის დაბრუნდება.
ბოლოს სოკრატე ხსნის ამ მითის თუ ალეგორიის კომპონენტებს: ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ, გამოქვაბულის მსგავსია და ცეხლის ალი მასში _ მიმსგავსებულია მზესთან. გარეთ გამოსვლა და საგნების ყურება არის გონებით საწვდომ, რეფლექსიის სამყაროში ასვლა, ხოლო მზე ანუ სიკეთის იდეა _ უკანასკნელი საფეხური, რისი წვდომაც შეიძლება. ამ იდეას უნდა უყურებდეს ყველა, ვისაც კი უნდა მოქმედება, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ამ მითს ხსნიან, როგორც იდეების თეორიის გადმოცემას; მაგრამ არის რამდენიმე მომენტი, რომელიც განზეა დატოვებული და არანაირი ახსნა არა აქვს. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები, რომლებსაც თეჯირის უკან ფიგურები დააქვთ. აგრეთვე ცეცხლი, რომლის შესახებაც პლატონი ამბობს, რომ "გამოქვაბულში ცეცხლის სინათლეს ამსგავსებენ მზის ნათელს" (324). თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ადამიანებიც, რომლებსაც ფიგურები დააქვთ, ჩრდილების გარდა ვერაფერს ხედავენ (515).
იმისათვის, რომ ამ მითში გავერკვეთ, დავიწყოთ მისი დაწვრილებითი განხილვა: როდესაც ბორკილებიდან განთავისუფლებული ადამიანი დგება და გამოქვაბულს მოავლებს თვალს, ის ხედავს, რომ რასაც ადრე უყურებდა, მხოლოდ ჩრდილებია და ამ ჩრდილების წყარო _ რაღაც სპექტაკლის მსგავსი. პლატონი ამბობს, რომ გამოქვაბული თვალით ხილული სამყაროა. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩრდილები, რომლებიც გამოქვაბულს ეცემიან, არიან საგნების ფორმები. მათი მატერია ანუ შინაარსი კი _ გამოქვაბული. ამ ფორმების წყარო არის ცეცხლი. პლატონი ჰერაკლიტეს დიდი პატივისმცემელი იყო და ჰერაკლიტესეულ ცნებას მისივე შინაარსის გარეშე არ გამოიყენებდა. ცეცხლი არის ლოგოსი, წესრიგი. გამფორმებელი, სამყაროს რიტმი. ცეცხლი რომ გონებაა, ამას თუნდაც ის მიგვითითებს, რომ ის საგნების და, საერთოდ, გამოქვაბულის ფორმის წყაროა. როგორც ანათებს ის გამოქვაბულს და როგორ ჩრდილებსაც იძლევა, ტყვეებიც ისე ხედავენ.
მაგრამ, გარდა იმისა, რომ პლატონი იძლევა ფორმის, მატერიისა და გამფორმებლის სურათს, ის ამავე დროს გაფორმების წესსაც აღწერს; შებორკილებსა და ცეცხლს შორის არის გზა, რომელზედაც თეჯირია და ამ თეჯირს ზემოდ ადამიანები აჩვენებენ სხვადასხვა ფიგურებს. ამ ადამიანებისათვის საკუთარ მოქმდებას აზრი არა აქვს, რადგანაც ისინიც მხოლოდ ჩრდილებს ხედავენ. ისინი მოქმედებენ გარკვეული წესის "აუცილებლობის მიხედვით" (515 ბ), ამბობს პლატონი. მათ მოქმედებას აზრი ეძლევა ცეცლის ანუ გონების საშუალებით. გონებას მათი უაზრო მოქმედებებიდან ფორმები გამოჰყავს და აფორმებს ბნელ მატერიას. როგორც უნდა იწვოდეს ცეცხლი, ფიგურების ტარების წესი იგივე რჩება. ეს ორი დამოუკიდებელი პროცესია, რომელნიც თანხვედრისას ხილულ სამყაროს ქმნიან.
როდესაც განთავისუფლებული ადამიანი თვალს შეაჩვევს გამოქვაბულში მყოფ საგნებს, კარგად დაათვალიერებს მათ, ის ამოდის მიწის ზედაპირზე და ისეთსავე საგნებს ნახულობს, ოღონდ მზის შუქით განათებულს. პლატონი ამ სამყაროს გონებით საწვდომს უწოდებს. აქ მთავარი ის არის, რომ ილუზიების სამყაროდან გონებით საწვდომ ანუ ილუზიებიდან თავისუფალ სამყაროში გადასულს პრინციპულად ახალი არაფერი დახვდა. _ იგივე საგნები, ოღონდ უფრო კარგად და გარკვევით დანახულნი. ამ დანახვის საფუძველი არის ყოველგვარი მიწიერი სურვილებისა და ვნებებისაგან განთავისუფლება ანუ სიკეთის იდეა, როდესაც ყველაფერი ჩანს არა განსჯისა და ვნებების საფუძველზე, არამედ ისე, როგორც სინამდვილეშია მოვლენილი.
მაშასადამე, პლატონი ამ მითით ამბობს, რომ ყველაზე უფრო მაღალი, რასაც შეიძლება მისწვდე, კვლავ ფენომენების სამყაროა, ოღონდ ილუზიებისაგან განთავისუფლებული. ამიტომაც არის გამოქვაბულში ცეცხლის ალი მზესთან გაიგივებული, რადგან იგი, რომელიც არის განსჯა და რომელიც ფარავს, იმის მაგივრად, რომ გამოაჩინოს, ემსგავსება მზეს (გონება) თავისი მოწოდებით ანუ ადამიანის მიერ ორივეს ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ დაკისრებული. სწორედ გონებაში არის სიკეთის იდეა, რომლის საშუალებითაც კეთილი ანუ დაუინტერესებელი თვალით უყურებ გარემოს და მის ნამდვილ სხეულს და ნამდვილ ჩრდილს კარგად ამჩნევ.
ამ განმარტების შემდეგ ჩვენ მითის ერთი ნაწილი გვრჩება გაუხსნელი: ფიგურების მატარებელი ადამიანები. ჩვენ ვთქვით, რომ ისინი გარკვეული წესით მოქმედებენ, ისე, რომ შეგნებულად არ იციან ამ წესის მნიშვნელობა და არც თავიანთი მოქმედების აზრი. ისინი ფოკუსების ოსტატთა დამხმარენი არიან, რომელთაც ოსტატი ეუბნება, თუ რა უნდა გააკეთონ, ხოლო საოცარი შედეგის და უცნაური მოქმედების ახსნა თვითონ ჯადოსნის გარდა არავის ხელეწიფება.
ამ ადამიანების მოქმედების გარეშე, ბუნებრივია, არანაირი ჩრდილი არ წარმოიშობა. ჩრდილიც სწორედ იმის ჩრდილია, რასაც ეს ხალხი ატარებს. ამიტომაც ჩვენ შეიძილება დავუშვათ, რომ იმ საგნების შინაარსი, გარდა თვითონ გამოქვაბულისა (რომელზედაც ჩრდილი ეცემა), არის ამ ადამიანების მოქმდებაც. მაშასადამე, განსჯის მიერ გაფორმებულ საგანს ორგვარი შინაარსი აქვს: ერთი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს შინაარსი ბნელია და მეორე მხარე, რომელიც გვიჩვენებს, რომ ეს შინაარსი არის გარკვეული წესი, რომელიც თვითონ ადამიანების მოქმედებებზეა დამყარებული და მათგან გამომდინარეა.
ცეცხლი სხვადასხვანაირ ჩრდილებს იძლევა ერთი და იმავე საგნებიდან. ცვალებადობა მხოლოდ ჩრდილებს თუ შეეტყობათ. თეჯირს უკან კი მუდამ დააქვთ ფიგურები. ასრულებენ რაღაც წესს. მისმა შემსრულებლებმა იციან რაღაც წესი და მოქმედებენ ამ წესის საშუალებით, ხოლო რას და რატომ აკეთებენ, ამის ხილვის და ცოდნის საშუალება არ აქვთ.
მაშასადამე, თუკი ცეცხლი არის განსჯა, ცნობიერება, რომელიც ფორმას აძლევს მოცემულ მატერიას, მაშინ ფიგურების მატარებლები არიან ადამიანური სამყაროს შინაარსი, რომლის გარეშეც არ იქნება არც საგნები და არც საგნების ფორმები.
კიდევ ერთხელ თავიდან რომ მოვიაზროთ ამ მითის შინაარსი, შემდეგ სურათს მივიღებთ: ცეცხლი არის ცნობიერების ფორმა, რომელშიცაა ნებისმიერი საგნის თუ მოქმედების საფუძველი. ფიგურების მატარებლები და თეჯირი არის ცნობიერების შინაარსი ანუ ის წესი, რა წესითაც შემოდის სამყარო ჩვენში და რა წესითაც არსებობს ის ადამიანებისათვის. ჩრდილები, რომლებიც გამოქვაბულს ეცემიან, არიან გარე სამყაროს საგნები, რომელთა აღქმა გაშუალებულია ჯერ აღქმის წესით ანუ ცნობიერების შინაარსით, ხოლო შემდეგ _ აღქმის უნარით ანუ ცნობიერების ფორმით. ერთადერთი არაცვალებადი ამ სურათში არის ფიგურების მატარებელთა მოძრაობა. დანარჩენი ყველაფერი ციმციმებს, მოძრაობს და სხვადასხვა ფორმებს ღებულობს.
მაშასადამე, ცნობიერების შინაარსი არის მუდმივი და უცვლელი. ცნობიერების შინაარსის საშუალებით შემოდის სამყარო ჩვენში. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ ამ მითის შინაარსი და უფრო გასაგები რომ გავხადოთ, უნდა ვთქვათ, რომ პლატონისათვის ცნობიერების შინაარსი არის გარკვეული წესი (ანუ ყველაზე ზოგადი და უშინაარსო მოქმდება, რომელმაც შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი დაიშინაარსოს), რომელსაც სხვადასხვა ფორმები ესადაგებიან. ცეცხლის ყოველი ახალი აალებისას ახალი ჩრდილი ჩნდება, თუმცა ამ ჩრდილის "სახე", რეალობა იგივეა.
ასევე, აქ შეგვიძლია ავხსნათ, თუ რას ნიშნავს, რომ "ცეცხლის ნათელს მზის სინათლეს უიგივებენ": ცეცხლის ნათელი არის სხვადასხვა ფორმები, რომელშიც წესია ჩამჯდარი. პლატონმა ამით თქვა, რომ ცნობიერების ეს სხვადასხვა ფორმები, მართალია ადამიანურია და ერთობ ადამიანური, სინამდვილეში ილუზიაა და ილუზიებიდან განთავსუფლება უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რათა ფენომენების ნამდვილ სამყაროს ჩავაღწიოთ, დავინახოთ იგი ყოველგვარი ბნელი და სუბიექტური წესისაგან თავისუფალი.
ახლა უნდა ავხსნათ, თუ დასაწყისში რატომ მოვითხოვეთ paideia-ს მაინცდამაინც "აღზრდის (კულტურის) ჩვენეულ ბუნებად" თარგმნა _ თუკი ასეთ თარგმანს მივიღებთ, მაშინ ერთმანეთს თანხვდება ამ მითის შინაარსი და სოკრატეს ეს სიტყვები _ სწორედ გამოქვაბულის მითს ანუ ადამიანის ბუნებას გულისხმობს პლატონი ამ წინადადებაში. ამასთანავე, ამ სიტყვებით აღინიშნება სწორედ გარკვეული ფორმა, რომელიც ყოველ მომენტში აქვთ ჩრდილებს გამოქვაბულში, ცეცხლს, რომელიც ადამიანის ბუნებას კონკრეტულ რაღაც ბუნებად აქცევს, ცნობიერებას, რომელიც ჩრდილს კონკრეტულ ფორმას აღებინებს. სწორედ ცეცხლია, რომელიც განსაზღვრავს აღზრდის, კულტურის, სამყაროში ყოფნის ამა თუ იმ ბუნებას. სხვადასხვა ბუნება იგივეა, რაც ცნობიერების სხვადასხვა ფორმა, მაშინ, როდესაც შინაარსი უცვლელი რჩება.
ჩვენ შეგვიძლია გავადევნოთ თვალი ცნობიერების ფორმების ცვალებადობას და ბოლოს დავადგინოთ, თუ რა არის "სამყაროში ყოფნის ჩვენეული ბუნება" ანუ გავიგოთ, თუ რა დროში ვცხოვრობთ. პლატონისთვის დროების ცვალებადობას (პლატონისდროინდელ ბერძნულ ენაში "დრო" aiwn _ ნიშნავდა გარკვეულ ხანას, დროის მონაკვეთს, პერიოდს) მნიშვნელობა არ ჰქონდა. _ "ონტოლოგიურად" ეს ცვლილება არარეალურია, _ რადგანაც შინაარსი არ იცვლება, ფორმების ცვალებადობა კი _ საბოლოოდ მხოლოდ ილუზიაა.
მაგრამ ამ ცვალებადობას აქვს ექსისტენციალური მნიშვნელობა. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ მხრივ განისაზღვრება.
როდესაც ცნობიერების ძირითად ფორმებზე ვლაპარაკობთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ცნობიერების ფორმა არის ის, რის მიხედვითაც აწყობს თავის მოქმედების გეგმას ადამიანი და რის საშუალებითაც ერკვევა ის სამყაროში; ანუ, რითაც და როგორც აწესრიგებს ადამიანი სამყაროს.
სამყაროს მოწესრიგების ყველა წესი დაიყვანება სულ რამდენიმეზე: ესენია _ უპირველეს ყოვლისა, მითი. ის ჩვენ გვეძლვევა, როგორც პირველი წესი. მითი არის ამბავი, რომელშიც სამყარო წესრიგდება ღმერთების და/ან ადამიანების მოქმედებით (ურთიერთმოქმედებით). ეს ამბავი დროში არ მიმდინარეობს, ზედროულია.
მითს ჩვენ ვიხილავთ როგორც ცნობიერების ფორმას: მითი არის სწორედ აღქმის ფორმა, უნარი, რითაც და როგორც მითის დროში მყოფი ადამიანი აღიქვამს სამყაროს. როგორც უყურებს ის გარემოს და როგორ ახსნას უძებნის მას. მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა დროები სამყაროს სხვადასხვა ახსნის წესებია; ანუ, ეს ის განსხვავებებია, რომლებიც გვაშორებენ ძველი საბერძნეთის მცხოვრებს და შუა საუკუნეების ევროპელს.
რაც შეეხება ცნობიერების შინაარსს; ჩვენ უნდა ვნახოთ მისი შესატყვისი ადამიანის ყოფიერებაში. როგორც ვთქვით, ცნობიერების შინაარსი არის უზოგადესი და უშინაარსო მოქმედება, რომელმაც შეიძლება ყველაფერი დაიშინაარსოს, მისი ფორმა გახდეს. _ ჩვენ უნდა ვიპოვოთ მოქმედება, რომელიც განურჩევლად ახლავს ცნობიერების ფორმის ნებისმიერ გამოვლენას, რომელიც მისი აუცილებელი ნაწილია.
ასეთი ზოგადი მოქმედება მითის დროში არის რიტუალი. რიტუალი არის მოწესრიგებული სიმბოლური მოქმედება, რომელიც გულისხმობს რაღაცაზე მიმართულობას, რაღაცის გამოხატვას; მაგრამ რიტუალი მხოლოდ მითის დროის შესაბამისი არ არის. რიტუალებს, ან რაღაც მათ მსგავსს, ჩვენ ჩვენს დროშიც ვხედავთ. ერთმანეთის მსგავსი რიტუალები ყველა დროში შეიძლება ვნახოთ _ ამ რიტუალებს ერთი რამ თუ განასხვავებს ერთმანეთისაგან: მიმართულობა. მითის დროში რიტუალი მითის შინაარსზეა მიმართული, მას ასრულებს, შემდგომ, უკვე სხვა დროში, როდესაც მითი უკვე აღარ მთავრობს _ რიტუალი რელიგიურ ტექსტებს (მაგალითად ქრისტიანულს) უკავშირდება და ა. შ.
მაშასადამე, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცნობიერების შინაარსის შესაბამისი რეალობა არის რიტუალი _ ზოგადი, უშინაარსო მოქმედება, რომლესაც შეუძლია ყველაფერი დაიშინაარსოს, ყველაფერზე მიმართული გახდეს. შემდგომი დროები გვიჩვენებენ, რომ რიტუალი ასეთი მოქმედებაა და რომ არ არის საჭირო მაინცდამაინც მითის სტრუქტურის არსებობა, რიტუალმა რომ იმოქმედოს. შემდგომში ჩვენ ცნობიერების შინაარსის გამოვლენას სამყაროში რიტუალს ვუწოდებთ.
თანდათან გასაგები ხდება, თუ რატომ მოძრაობენ გამოქვებულის მითში მაინცდამაინც ადამიანები და არა რაიმე მექანიზმი, რომლეზედაც ფიგურები იქნებოდნენ დამაგრებულნი. ცნობიერების შინაარსის ბუნება რომ გასაგები გაეხადა, პლატონს უნდა ეჩვენებინა, რომ ამ წესის შემსრულებლები სწორედ ადამიანები არიან, რომ ცნობიერების შინაარსი მარტო ცნობიერებაში კი არ არსებობს, არამედ ცხოვრებაშიც ვლიდნება სწორედ მრავალი რიტუალის სახით. _ ის რიტუალები, რომლითაც პლატონი გარშემორტყმული იყო, სწორედ ძირეულის, ცნობიერების შინაარსის გამოვლინებაა, ხოლო ამ რიტუალის მიმართულობის ობიექტი _ ცეცხლის ალის სხვადასხვანაირი თამაში _ ამ რიტუალის გაფორმება.
მითის შედეგ შემომხვედრი სამყროს მოწესრიგების მომთავრე წესი არის ჟამთააღმწერლობა (ძველი და ახალი აღთქმა, ქრონიკები და სხვა). მათში სამყრო წესრიგდება ჟამთააღმწერლურად ანუ სამყარო მათში დროული (ჟამიერი) ხდება. მოთხრობილი ამბავი დროში იშლება და ღმერთის ჩარევა ხდება "ისტორიის" მსვლელობაში. ამ დროში მომხდარი რიტუალიზაციით მიიღება, მაგალითად, ქრისტიანული რელიგია.
პრინციპულად, თავისი ფორმის მიხედვით, მითიური რიტუალი და თუნდაც ქრისტიანული რიტუალი _ არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მეტიც _ პრინციპულად შესაძლებელია იპოვო მათში ორი რიტუალი, რომლებიც აბსოლუტურად დაემთხვევიან ერთმანეთს. მათ განასხვავებს მიმართულობა ანუ თუ რომელი ამბის რიტუალიზაციად გვევლინება ისინი _ მითის თუ ჟამთააღმწერლობის.
ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ერთადერთი მუდმივი, რაც ნარჩუნდება დროთა ანუ ცნობიერების ფორმათა ცვალებადობაში, არის ცნობიერების შინაარსი, რომლესაც შეუძლია ნებისმიერ ფორმას მიესადაგოს, მისთვის შინაგანი გახდეს.
სამყაროს მოწესრიგების შემდეგი წესი, რომელიც ჟამთააღმწერლობას მოსდევს, უნდა იყოს ისტორია. ისტორია ჟამთააღმწერლობისაგან განსხვავდება იმით, რომ ამბავი, რომელიც მასშია მოთხრობილი, "ზუსტად" დადგენილი და შემოწმებულია. გარდა ამისა, ჟამთააღმწერლობის გმირი ყოველთვის კონკრეტული ადამიანია, ისტორიის გმირი _ სუბიექტი კი _ ყოველთვის ზოგადია, ის წარმოადგენს ან სახელმწიფოს ან ხალხს. ისტორიის ფორმა არის ის დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუ რა მიიღება ისტორიის რიტუალიზაციით, არის ამჯერად ჩვენი კვლევის საგანი.
ჰერაკლიტეს ცეცხლი აალდება და იღველფება. ჩვენ ვაძლევთ თავს უფლებას პლატონის მითში ჰერაკლიტეს ცეცხლი დავინახოთ. რა არის ამ აალების და ჩაღველფების მიზეზი, თუ არა თავად ცეცხლის არსება. არაფერს გარედან არ შეუძლია მასზე ზემოქმედება. ეს ხდება მხოლოდ შიგნიდან. სამყროს მოწესრიგების წესი უნივერსალურია, ხოლო ცნობიერების შინაარსი _ იმდენად ყოვლისმომცველი, რომ შეუძლებელია გარეგანი ზემოქმდებით მოხდეს შეცვლა. ამიტომაც ცვლილება ხდება თვითონ ფორმის შიგნიდან. მართალია, სამყროს მოწესრიგების ყოველი წესი უნივერსალურია, ის მაინც ფორმაა და მკაცრად ზის თავის საზღვრებში. ასე რომ, ამ საზღვრების ნებისმიერი გაფართოება უნდა იწვევდეს ამ ფორმის დაშლას და ახლის წარმოქმნას. ცლილება ხდება მაშინ, როდესაც ფორმა თავის თავს თავის საზღვრებში ამოწურავს.
ფორმის საზღვრების გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ამ ფორმის ჰიპერობოლიზაციას. ჰიპერბოლიზაციის მიზეზი შეიძლება იყოს ფორმის საზღვრების დაზუსტებისაკენ სწრაფვა, წინააღმდეგობის, რომელიც ფორმის ორ გამოვლენას შორის წარმოიშობა, მოხსნის სურვილი, ფორმის ტოტალურად გავრცელებისკენ მიმართულობა და ა. შ.
ახალი, "მესამე" დროის დასაწყისად ჩვენ მიგვაჩნია პერიოდი, როდესაც ფრანგმა განმანათებლებმა, თავიანთ უცხოელ წინამორბედებზე დაყრდნობით, წამოაყენეს მეცნიერული ისტორიის შექმნის მოთხოვნა; ანუ, მათი სურვილი იყო ზუსტად და განსაზღვრულად ექციათ ის, რაც ადრე წინააღმდეგობრივი იყო. _ მათ დაადგინეს ისტორიის სუბიექტი _ ერი, ხალხი და ამით დაუპირისპირდნენ "მეფეების და ომების ისტორიას" (ე. ი. ჟამთააღწერლობას). _ ფაქტობრივად, ჟამთააღმწერლობის დაზუსტებამ და მისი მომცველობის გაფართოების სურვილმა გამოიწვია ისტორიის, როგორც ახალი ცნების შექმნა. ნიშანდობლივია, რომ განმანათლებლებიდან ზოგიერთი ღმერთის იდეის წინააღმდეგაც გამოდიოდა, მაგრამ, საეჭვოა, ხვდებოდნენ თუ არა ისტორიის სტრუქტურის დამუშავებასა და ათეიზმს შორის ორგანულ კავშირს.
ერთი აუცილებელი ნაშანიც, რომელიც მუდამ თან ახლავს ერთი დროის მეორეთი შეცვლას, არის აპოკალიფსური ცნობიერების წარმოშობა. _ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცნობიერების ძველი ფორმით ცხოვრობენ, ვერ ხედავენ ახალ ფორმას და ჰგონიათ, რომ მოიშალა სამყაროს მოწესრიგების საფუძველი. დროთა მიჯნაზე თაობათა უთანხმოების მიზეზი სწორედ ეს არის, _ ღირებულებების დაკარგვა; მაგრამ ამ "დროს" ხდება არა დაკარგვა, არამედ გადაფასება, ახალი ღირებულებების წარმოშობა.
სწორედ ასე დახვდნენ განმანათლებლებს და ასეთივე რეაქცია იყო მითიური რწმენიდან რელიგიაზე გადასვლის პერიოდში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ერთი დრო მთავრდება სადღაც და მეორე იწყება. დროის ყოფნა ნიშნავს, რომ რაღაც პრინციპი ტოტალურად არის და არა აბსოლუტურად. წინა დროის ფორმები ნარჩუნდება და მსჭვალავენ ახალს, თანდათან ახალი დროის ნიშნებს იძენენ, სხვაფერდებიან.
ახლა უკვე შეიძლება დაზუსტებით დავახასიათოთ, თუ რა არის ის ისტორია, რომელსაც ჩვენი დროის განმსაზღვრელად ვთვლით. ეს ცნება ნათელი ხდება ჟამთააღმწერლობასთან დაპირისპირებაში; ჟამთააღმწერლობა აღწერს მხოლოდ კონკრეტული პიროვნების _ მეფის ან გმირის _ ცხოვრებას. განმანათლებლებმა კი თემად, უპირველეს ყოვლისა, მთელი კაცობრიობის ისტორია დასახეს. ამ მიზნის მისაღწევად მათ შემდეგი გზა აირჩიეს; ეს გზა ნიშნავდა დედუქციის მეთოდის გადატანას ისტორიის კვლევაზე. განმანათლებლების მსჯელობა ისტორიის საგნის, თემის შესახებ შემდეგნაირად უნდა წასულიყო: იმისათვის, რომ კაცობრიობის ისტორია მიღწეულ იქნეს, ჯერ უნდა შეიქმნას კაცობრიობის ნაწილების ისტორია. შემდეგ ეს ნაწილები შეერთდება და მივიღებთ კაცობრიობის ისტორიას. ამიტომ, კაცობრიობის ნაწილად უნდა შერჩეულიყო ის ფენომენი, რომელიც, ჯერ ერთი, ნაწილად ივარგებდა (ძალიან ბევრი არ უნდა ყოფილიყო) და თანაც, განსაზღვრებადი, მყარი ერთეული იქნებოდა და არავითარ შემთხვევაში _ შემთხვევითი. ამიტომაც ისტორიის საგანი, სუბიექტი გახდა არა რომელიმე ერთი ადამიანი, არამედ სახელმწიფო ან ხალხი, რომელიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობს და გარკვეული ერთიანობა ახასიათებს.
ეს "ისტორიული დედუქცია" შეიძლება ევროპული კულტურის მეცნიერული ორიენტაციის გამოვლენად ჩავთვალოთ: ისტორიის მეცნიერებად დაფუძნებაში შეიძლება დავინახოთ მეცნიერების საბოლოო გატოტალურება, მისი ყოვლისმომცველად გადაქცევა (განმანათლებლების მოთხოვნა ჟამთააღმწერლობისადმი იყო მეცნიერებად ყოფნა. მეცნიერული ჟამთააღმწერლობა კი უკვე ისტორიაა).
კიდევ ერთი ნიშანი, რომლიც ისტორიას აუცილებლობით ახასიათებს, არის პროგრესისა და ისტორიის მსვლელობის გაიგივება. _ ისტორია ზე-აღმავალი მიმართულებაა. სწორედ განმანათლებლების წრეში წარმოიშვა დებულება (ბეკონი, ვოლტერი), რომ ბერძნული კულტურა კაცობრიობის ბავშვობაა, მათი დრო კი _ სიმწიფე.
("ისტორიის ფილოსოფიის" ცნებაც ვოლტერის შემოტანილია. ის მასთან ნიშნავს ისტორიის, როგორც მეცნიერების წაკითხვას. ისტორიის ფილოსოფია, რომელსაც ჩვენი საუკუნის გონება უყურებს როგორც რაღაც მისტიკურს და საიდუმლო მკვლევარს, წარმოიშვა როგორც მეტა-მეცნიერება, რომლესაც ისტორიისათვის კონტროლი უნდა გაეწია, _ რომ ის მეცნიერების საზღვრებს არ დაშორებოდა და ზღაპრად ან თქმულებად არ ქცეულიყო).
ამრიგად, ყალიბდება ისტორიის ოთხი პრინციპი: ისტორიის მიზნად მთელი კაცობრიობის ისტორიის დასახვა (1). ისტორიის სუბიექტად ხალხის, ერის გამოცხადება (2). ისტორიის, როგორც მეცნიერების განხილვა (3). ისტორიის და პროგრესის გაიგივება (4). რაც შეეხება პირველ ნიშანს; ნებისმიერი ისტორია ხაზს უსვამს ისტორიის ამა თუ იმ სუბიექტის კავშირს სხვა ხალხებთან, სახელმწიფოებთან, ე. ი. სხვა ისტორიების სუბიექტებთან. ეს ნიშნავს, რომ ყველა ისტორიაში ძევს ეს ნიშანი, რომელიც თავის თავში წინააღმდეგობრივია (თუ რატომ, ამას ქვემოთ ვნახავთ).
იმისათვის, რომ ჩვენი დებულების სისწორე შევამოწმოთ, ვცადოთ ემპირიული მოცემულობის დახმარებით გავერკვეთ, თუ რა უდევს თანამედროვე ადამიანის მსოფლმხედველობას საფუძვლად.
ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საფუძველი მითია და ამით ყოველგვარ შესაძლებელ გართულებას განვერიდოთ. მითი ანუ გამითება, გარიტუალება _ ყველა დროის აუცილებელი ნაწილია; ჩვენ ვეძებთ, თუ რისი "მითია" ჩვენ თავს.
მსოფლიო აღარ იძვრის რელიგიურ საფუძველზე მომხდარი ომებით და ადამიანების ურთიერთობისას წინა პლანზე აღმსარებლობა აღარ დგას.
ჩვენს დროში ომებს ნაციონალისტური საფუძველი აქვთ. მსოფლიოც არასოდეს არ ყოფილა ისე მძაფრად დაყოფილი ქვეყნებად და ეროვნებებად, როგორც ახლა. ადამიანების ურთიერთობაში ხაზი ესმება, თუ რომელი ეროვნების არიან ან, რომ საერთოდ არც ერთ ეროვნებას არ ეკუთვნიან. აღმოსავლეთშიც კი, სადაც ყოველ მოქმედებას რელიგიური მოტივი ჰქონდა, ბოლო ომის საფუძველი აშკარად ნაციონალისტური იყო. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ მეორე მსოფლიო ომიც, რომლის ნაციონალისტურ ფონსაც მტკიცება არ სჭირდება.
ჩვენ გვინდა წამოვაყენოთ ჰიპოთეზა: იმდენად, რამდენადაც ომის მიზეზი ყველაზე კარგად უნდა გამოხატავდეს ეპოქის არსებას და ეს არსება მით უფრო დამტკიცებულად უნდა ჩავთვალოთ, თუკი ადამიანების ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ვნახულობთ მის შესატყვის მოქმედებებს, ჩვენ ვცხოვრობთ ნაციონალიზმის დროში.
მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ მეტაფორული გამოთქმაა და გარკვეული მტკიცება ესაჭიროება.
სიტყვა "ნაციონალიზმს" ნაცია, ერი უდევს საფუძვლად. ერის განსაზღვრებისას ჩვენ ამოვდივართ კონკრეტული ადამიანიდან და ვამბობთ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის რომელიმე ერის წარმომადგენელი, როდესაც მას თავი ამ ერის შვილად მიაჩნია. შეიძლება ვინმე რომელიმე ერის წარმომადგენლად თვლიდეს ადამიანს, რომელსაც ამის ცნობიერება არ გააჩნია, _ ასეთი პოზიცია ეყრდნობა ერის, როგორც ბიოლოგიურ-სოციალური კატეგორიის განსაზღვრებას. ამ მიმართულების მიხედვით ერი არის ერთ ტერიტორიაზე მოსახლე, ერთი სისხლის, კულტურის და ენის მქონე ხალხი და მეტი არაფერი. აქ ხდება ერისა და ეთნოსის ცნებების აღრევა, მათი ურთიერთგაიგივება.
ეთნოსი სწორედ მონათესავე ხალხია, რომელთაც აქვთ ერთი სისხლი. ცხადია, რომ ხშირად ერი ერთი ეთნოსის წარმომადგენლებისაგან შედგება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი ეთნოსი რამდენიმე ერში განაწილებულა, ან _ რამდენიმე ეთნოსს ერთი ერი შეუქმნიათ.
ერის განსაზღვრების ბიოლოგიური ფესვის ძიება ჩვენ ცუდ უსასრულობაში წაგვიყვანს და ამიტომაც ეს განსაზღვრება უშუალოდ ცნობიერების სფეროში უნდა ვეძიოთ.
რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი რომელიმე ერს ეკუთვნის ანუ როდესაც ამ ერის შვილად მიაჩნია თავი? უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ იგი თავის თავს თვლის ამ ერის პროდუქტად, ამ ერის ტრადიციების გამგრძელებლად, ამ ერის იტორიაში მყოფად. ე. ი. ერის არსებობა, უპირველეს ყოვლისა, არის ამ ერის ისტორიის არსებობა; _ ერი ისტორიული კატეგორიაა. ისტორია ერს ანიჭებს იმ აუცილებელ ნიშანს, რომლის გარეშეც ამ ცნების წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა _ ერთიანობას. მხოლოდ ისტორიას შეუძლია ერი ერთიან ორგანგიზმად დაგვანახოს ანუ მოუპოვოს მას არსებობს უფლება.
ფაქტს, რომ ერი ერთიანი ორგანიზმია, კიდევ უფრო შორს მიმავალ შედეგებამდე მივყავართ; ერთიან ორგანიზმს, ცნობილია, აქვს ნაწილები, მაგრამ ის ავტონომიური ნაწილებისაგან კი არ შედგება, არამედ ერთმანეთზე კარგად მისადაგებული და უერთმანეთოდ არსებობის ვერშემძლე ელემენტებისაგან. ამავეს გვეუბნება ისიც, რომ ისტორიაში ისტორიის სუბიექტის ადგილი ერს უკავია; ანუ ერი არის ერთადერთი მოქმედი. ეს კი მიგვითითებს, რომ კონკრეტული ადამიანი კარგავს ღირებულებას ერის ცნობიერების გვერდით.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ისტორიის ისეთი სახეები, სადაც კონკრეტული ადამიანები არიან ისტიორიის სუბიექტები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის ჟამთააღმწერლობა, რომლის ადგილი ჩვენს სამყაროში ისტორიამ დაიკავა.
ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ერის ცნება მხოლოდ გარკვეულ დროშია წარმოშობილი და მუდამ არ არსებობდა. _ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერის ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული ისტორიასთან, ისტორია კი თავად მხოლოდ გარკვეულ ეტაპზეა შექმნილი.
ერის ცნებაც, ისევე როგორც ისტორიისა, განმანათლებლობის ეპოქაში გაჩნდა. მის წარმოშობასაც მეცნიერულობა უდევს საფუძვლად; განმანათლებლების სურვილი იყო ერთხელ და სამუდამოდ დაეგდინათ ისტორიის საგანი ანუ სუბიექტი და რადგანაც მათი საბოლოო მიზანი კაცობრიობის მთლიანი ისტორიის შემქნა იყო დედუქციური მეთოდით (ჯერ ნაწილების ისტორიის შექმნა და შემდეგ ამ ისტორიების გაერთიანება), მკაცრად უნდა ყოფილიყო განსაზღვრული კაცობრიობის შემადგენელი ნაწილი. რადგანაც უარი იყო ნათქვამი მეფეების და ომების ისტორიაზე, ისტორიის სუბიექტად ირჩიეს ხალხი, რომელიც იმ დროს სახელმწიფოთი და კულტურით იყო ერთიანი. ამით კი საფუძველი ჩაუყარეს ამ ხალხების ისტორიების დაწერას ანუ ერის ცნების შექმნას.
ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ კაცობრიობის ერთიანი ისტორია, როგორც ყოველ ისტორიაში დაფარული მიზანი, თავის თავში წინააღმდეგობრივია. ახლა უკვე შეგვიძლია ავხსნათ, რატომ; ამ მიზანმა განაპირობა კაცობრიობის ნაწილების გამოყოფა და ავტონომიურად ქცევა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, არც ერთი დამოუკიდებელი, ინდივიდუალობის მქონე ორგანიზმი არ მოინდომებს გახდეს რაიმეს ნაწილი. პირიქით, ყოველ მათგანშია ჩადებული მისწრაფება სხვა გაიხადოს თავის ნაწილად (ამტომაცაა ნაციონალიზმის რადიკალური ფორმის სოციალური გამოვლენა იმპერიის შექმნა). მაშასადამე, ერთი მხრივ ის მიზანი ნარჩუნდება, რადგანაც ყველა ერის ისტორიაში არის ამ ერის სხვა ერებთან (სახელმწიფოებთან) ურთიერობის მომენტები. მეორეს მხრივ კი _ თვითონ ისტორიაში ჩადებული მისწრაფება განსაკუთრებულობისაკენ და მნიშვნელოვნებისაკენ.
ყოველი ისტორია მიისწრაფვის იქითკენ, რომ რაც შეიძლება "ძველად" ანუ საფუძველთან ახლოს მყოფად წარმოაჩინოს თავისი სუბიექტი. ერის ისტორია ბევრად უფრო დიდ დროს მოიცავს, ვიდრე თავად ერის ცნობიერება ანუ ერის ცნება. როგორც წესი, ყოველი ერის რეალურ ეროვნულ ცნობიერებას გაცილებით უფრო მცირე ისტორია აქვს, ვიდრე ამ ერის ისტორიას. თანაც, ისინი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არიან. შეიძლება ერის ისტორია 25 საუკუნეს ითვლიდეს, ეროვნული ცნობიერება კი სულ 10-15 წლის იყოს.
ჩვენ მივედით ისტორიასთან მეორე ბოლოდან _ ნაციონალიზმიდან. მანამდე გავლილი გვქონდა ცნობიერების ფორმა-შინაარსი-ისტორიას შორის მდებარე სივრცე. ამით ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ის შედეგი, რომლის მიღებაც ჩვენ ვცადეთ პლატონის მითის ანალიზით და თეორიული მსჯელობით, ემპირიიდან ამოსული განაზრებებით გაგვემეორებინა. შევეცადეთ დაგვედგინა, რომ ჩვენ ისტორიის დროში ვცხოვრობთ, რომელსაც ამავე დროს ნაციონალიზმის დროც შეიძლება ეწოდოს.
ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რას ნიშნავს ისტორიის დროში რიტუალიზაცია _ ერად ყოფნას. თავად რიტუალი განაპირობებს ერის, როგორც მსოფლმხედველობის გრძნობადი ელემენტის წარმოშობას. რიტუალი ანუ ცნობიერების შინაარსი წარმოგვიდგება ერისა და ეროვნულობის სახით. ყველა იმ რიტუალს ანუ სამყაროს აღქმის წესს, რომელსაც ადამიანი ტაძარში ატარებდა, თანამედროვე ადამიანი ატარებს ისეთ ადგილას, სადაც მას ერის სიმბოლო ეგულება, _ სულ ერთია, იქნება ეს ნივთი, ღმერთი თუ ადამიანი.
როდესაც ნაციონალიზმის დროზე ვლაპარაკობთ, შეიძლება შეგვეწინააღმდეგონ, რომ არსებობს ნაციონალიზმისადმი დაპირისპირებული მსოფლმხედველობა და ამ უკანასკნელის მატარებელი ხალხის რიცხვი არანაკლებია ნაციონალისტური მსოფლმხედველობის მქონეებზე. ეს მართლაც რომ ასე იყოს, საქმის ვითარება მაინც არ შეიცვლება. _ საქმე იმაშია, რომ ეს დაპირისპირებული მსოფლმხედველობა მართლაც მხოლოდ დაპირისპირებულია და სხვა არაფერი, _ და ამიტომაც ყოველმხრივ განსაზღვრულია ნაციონალიზმთ. თანაც მას დამოუკიდებელი შინაარსი არ გააჩნია, ის უარყოფით ნიშანს უყენებს იმას, რაც ნაციონალიზმში დადებითი ნიშნით ფიგურირებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ისტორიის დროში ხდება: ისტორიის სუბიექტად ერის გამოცხადების შემდეგ შესაძლებელი ხდება ლაპარაკი ერის მისიაზე (ჟამთააღმწერლობა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მისიაზე ლაპარაკობდა). ამ შემთხვევაში ისტორიის აუცილებლობა ერის ცნობიერებისათვის კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან შესაძლებელი ხდება ერის მისიის გააზრება მთელი მისი ისტორიის მანძილზე და ამ მისიის დამადასტურებელი მაგალითების ისტორიაში პოვნა.
ჩვენ დავასახელეთ ჩვენი დრო ანუ ცნობიერების ფორმა, რომელიც ახლა ტოტალურად არის და ისიც, თუ რა მიიღება კონკრეტულად ამ ფორმის და ცნობიერების შინაარსის თანხვედრით. ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა განვჭვრიტოთ შემდგომი დროის არსება და ხანა. ყოველ შემთხვევაში, ისიც "ამბის" ერთ-ერთი მოდიფიკცია უნდა იყოს, როგორებიც იყო მითი, ჟამთააღმწერლობა და ისტორია. ყველა დროს თავისი შესაბამისი რიტუალიზაცია ანუ შესაბამისი შინაარსი აქვს, რითაც შედის ის კულტურაში (ან სოციალურ სისტემაში); ასე _ ისტორიის დროს მოაქვს ნაციონალიზმი, ჟამთააღმწერლობას _ რელიგია, მითს კი ტრადიცია _ რიტაული ამ შემთხვევაში სამყაროზე ტრადიციული (არა მეცნიერული და არ რელიგიური, ჩვენი თვალით) წარმოდგენაა და მითის ეპოქის ადამიანი და კულტურა ისევე სრულად ისაზღვრება ტრადიციით _ გადმოცემულით, ერთხელ დადგენილით, როგორც სხვა დროების ადამიანები თავისი შესაბამისი მიმართებებით.
ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ცნობიერების შინაარსის და ცნობიერების ფორმების არსებობის წესი. ცნობიერების შინაარსი ირაციონალურია, მაგრამ არა შეუმეცნებადი. როდესაც ჩვენ ირაციონალურზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ გერმანელი ფილოსოფოსის ემილ ლასკის ინტერპრეტაციას ("მოძღვრება კატეგორიების შესახებ და ფილოსოფიის ლოგიკა"), რომ ირაციონალურობა ნიშნავს საზღვრის პრინციპულ უქონლობას, ხოლო რაციონალურობით _ პირიქით. არ არსებობს არც ერთი საგანი, ან მოქმედება სამყაროში, რომელიც არ მოექცევა ჩვენს მიერ დახასიათებულ ცნობიერების შინაარსში. თავად ფორმა მალე ამოწურავს თავის თავს, რადგან, რა ფართო სივრცეებიც უნდა ეკავოს მაინც სასრულია და ოდესმე აღწევს თავის საზღვარს და მიისწრაფვის მისი გადალახვისაკენ. ამ დროს წარმოიშობა ახალი ფორმა, შინაარსი კი ცვლილებისადმი ინდიფერენტულია.
როდესაც ფსიქოლოგები არაცნობიერზე ლაპარაკობენ, ისინი სწორედ ცნობიერების ამ ირაციონულ შინაარსს გულისხმობენ, იქნება ეს არაცნობიერი თუ არქეტიპული მეხსიერება. რადგანაც ისინი შინაარსის საზღვრებს ვერ ამჩნევენ, შეუძლებელი მიაჩნიათ მასში რაციონალური ოპერირება და მას შეუმეცნებლად აცხადებენ.
"სინამდვილეში" კი ცნობიერების შინაარსი არა თავისი არსებით, არამედ თავისი ფუნქციით ანუ მოქმედებით არის ირაციონალური; მის მოქმედებას არა აქვს საზღვრები, ყველაფრის მომცველია. ხოლო ის, რაც თავად ამ შინაარსს წარმოადგენს, სავსებით წვდომადია.
ამ საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეალურად არანიარი არაცნობიერი და შეუცნობელი არ არსებობს. ალბათ სარტრი ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ ადამიანი ყველაფერს ცნობიერად აკეთებს. ზოგჯერ ეს დებულება ისე ესმოდათ, თითქოს სარტრის მიხედვით _ ადამიანი გაცნობიერებულად აკეთებდა იმას, რასაც ფროიდი არაცნობიერ საფუძველს უძებნიდა. სარტრი ალბათ გულისხმობდა, ჯერ ერთი იმას, რომ არაცნობიერი არ არსებობს და ყველაფერი, რასაც არაცნობიერს მიაწერენ ცნობიერებაში ხდება და მეორე _ ადამიანის მიერ თავისი მოქმედების პრინციპულ გაცნობიერებადობას. _ არსებობს მხოლოდ ცნობიერების შინაარსი და ცნობიერების ფორმები.
ის, რაც საერთოა ყველა და ყველა დროის ადამიანში, არის ცნობიერების შინაარსი. ადამიანებს განასხვავებს ერთმანეთისაგან ამ შინაარსთან დამოკიდებულება: ადამიანი თავისუფალი ხდება რეფლექსიით საკუთარ ცნობიერებაზე. ეს პლატონის მითის ანალიზმაც გვიჩვენა. არ არის აუცილებელი, რომ ეს მარტო ფილოსოფოსის საქმე იყოს. ყველა მოჯანყეს აქვს საშუალება ფენომენთა სამყარო იმ ილუზიების გარეშე დაინახოს, რომლებითაც მისივე ცნობიერება მოსავს მათ.
ჩვენ აქამდე პლატონის მონათხრობს "მითს" ვუწოდებდით. ეს უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგანაც ეს ამბავი არ გავს იმ მითებს, ჩვენ რომ წიგნებში ვხვდებით ხოლმე და მაინც, ტრადიციულად, "სახელმწიფოს" ამ მონაკვეთს "გამოქვაბულის მითი" ჰქვია. შესაძლებელი ახსნა ამ ფაქტისა ალბათ ის არის, რომ ამ ამბავში გადმოცემულია მითის ფუნქცია ანუ ცნობერების შინაარსი, რომელიც სტრუქტურით არამითსაც კი მითად აქცევს.
ყოველი მოჯანყე ცდილობს ჯერ თავი დააღწიოს ცნობერების არსებულ ფორმას, ხოლო შემდეგ, თუ მოთმინება და გამძლეობა ეყო, ცნობიერების შინაარსსაც. მხოლოდ ფორმისაგან თავის დაღწევისაკენ სწრაფვა, საუკეთესო შემთხვევაში, მთავრდება ახალი ფორმის შექმნით. ამაზე გაჩერება ადამიანს სოციალურ მოღვაწედ აქცევს. როდესაც მოჯანყე არ კმაყოფილდება მხოლოდ ფორმის გადალახვით და ცდილობს შინაარსსაც დააღწიოს თავი, ეს უკვე შინაგანი თავისუფლებაა, რომელსაც ვერანაირი გამოქვაბულის ბორკილები ვეღარ შეზღუდავს. რას ნიშნავს თავისუფლება, თუ არა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისაგან განთავისუფლებას _ ამ სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს გამოქვაბულის მითის არსება.
მხოლოდ საკუთარი თავიდან განთავისუფლებით მოიპოვებ საკუთარ თავს _ ეს არის მეორე დასკვნა გამოქვაბულის მითიდან. რას ნიშანვს საკუთარი თავის მოპოვება, თუ არა განთავისუფლებას იმ საერთოდან, რაც ცნობიერების შინაარსია და ამიტომ შეუზღუდაობას იმისაგან, რასაც ცნობიერების ფორმები ჰქვია.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია