... ადამიანის ცნობიერება „დროის ოკეანის
სანაპიროსთან დაფარფატებს, როგორც
პეპელა წყლის ზედაპირზე, და ეძებს ხომალდს.“

უპანიშადები

      ქვიშის საათზე მინდა გესაუბროთ, ამ ბალღურ-ეშმაკურ სათამაშოზე. მისი სული და გული მინის ორი კონუსია, წვეროებით ერთმანეთზე მირჩილული. წვეროების გარდა მინის კონუსებს არაფერი აქვთ საერთო, თუ ქვიშას არ ჩავთვლით, განცალკევებით არიან დაფუძნებულები ხის მომცრო ფირფიტებზე, ზუსტად ერთმანეთის საპირისპირო მხარეს. ნამდვილი სათამაშოა, წერწეტა, კოპწია სათამაშო. ზომითაც მომცროა, შეგიძლია დაიდო ხელისგულზე, გაერთო მისი ცქერით, გულიც გაიხალისო, როგორც თამაშს შეეფერება.

      ამ კოპწია სათამაშოს პირდაპირ დანიშნულებას რაც შეეხება (დროის გაზომვა მაქვს მხედველობაში), ამის თაობაზე ნურავინ გაირჯება. არ ვიცით, დროის რა ულუფაა გამომწყვდეული მინის კონუსებში. არც გვაინტერესებს, ჩვენი თამაშისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

      წინასწარი პირობებიც გვაქვს, როგორც ნებისმიერი თამაშის დროს; წერწეტა სათამაშო ხელისგულზე ისე უნდა იდოს, რომ ერთერთი კონუსის ფუძე უშუალოდ ხელისგულს ეყრდნობოდეს. მეორე კონუსი ამ დროს სივრცეში თავდაყირა გამოეკიდება. თუ ამ წესს დავარღვევთ და მინის კონუსების ფუძეები სიბრტყის მიმართ განსხვავებულად განლაგდებიან, ჩვენი თამაში ვეღარ შედგება.

      მინის ორივე კონუსი ნამის წვეთივით გამჭვირვალე უნდა იყოს, ესეც ერთერთი აუცილებელობა გახლავთ, გაუმჭვირვალე მინაც ხომ არსებობს... ჩვენ კი ძალიან, ძალიან გვინდა, შევიჭვრიტოთ მინის კედლის მიღმა, დავინახოთ, რა ხდება იქ, ჩვენი კოპწია სათამაშოს წიაღში.

      ჰოდა, რას ვხედავთ? განსაკუთრებულს არაფერს, ქვიშის საათისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სურათია; მინის ერთერთი კონუსი თავდაყირაა, ფუძით მაღლა. რაღა თქმა უნდა, იგი ცარიელია. მეორე კონუსის ფუძეზე კი, რომელიც უშუალოდ ხელისგულს ეყრდნობა, ქვიშა ყრია თხელ ფენად. ერთი შეხედვისთანავე ჩანს, ქვიშა შაქრის პუდრივით სუფთაა და წმინდა. კიდევ ერთი გარდაუვალი პირობა: ქვიშა საგულდაგულოდ გაცხრილულ გასუფთავებული უნდა იყოს, ყოველგვარი მინარევებისგან თავისუფალი. სხვა რამ გამორჩეული თვისება მას არ გააჩნია, სწორედ ის ქვიშაა, რომლითაც ასე უხვად მოფენილა ჩვენი მშობლიური ცთომილის მთელი ზედაპირი, ზღვის პლაჟები, მდინარეების ნაპირები, უდაბნოები... და საერთოდ, სად არ გადაეყრები ქვიშას, იგია დედამიწის წიაღის უმეტესი წილი, ამის გამო მას ქვის ცთომილს უწოდებენ. ქვის ცთომილებია უახლოესი მეზობელი ცთომილებიც, მათ სახელებს აღარ ჩამოვთვლი. ერთი სიტყვით, მეტად ფართოა ქვიშის გავრცელების არეალი მთელ სამყაროში. ქვიშის ამ პაწია ბორცვმაც, ვინ იცის, რამდენი იმოგზაურა, სანამ ჩვენი წერწეტა სათამაშოს წიაღში ამოჰყოფდა თავს.

      ახლა კი მოვმართოთ სათამაშო, ანუ, ქვიშის საათი გადავაბრუნოთ. რა მოხდება? არაფერი განსაკუთრებული, მინის კონუსები ადგილებს გაცვლიან. ახლა უკვე ცარიელი კონუსი დაეყრდნობა ხელისგულს. ზემოთ ის მოექცევა, რომლის ფსკერზედაც ქვიშის თხელი ფენა ეყარა. ქვიშა მაშინვე დაიძვრება ადგილიდან, მინის კონუსის წვერს ამოავსებს და იწყებს გადანაცვლებას მეორე კონუსში, ქვიშის წვრილ ძაფს გააბამს კონუსებს შორის. რატომ? იმიტომ რომ კონუსების წვეროებს შუაში ვიწრო ჭუჭრუტანაა დატანებული. ქვედა კონუსის ფსკერი მაშინვე მოიფინა ქვიშის თხელი ფენით.

      ერთი სიტყვით, ჩვენი თამაში დაიწყო, თანაბარზომიერად იყრება ქვიშა ერთი კონუსიდან მეორეში. თვალდათვალ ვამჩნევთ, თუ როგორ დაიწყო დამცრობა ქვიშის ბორცვმა ზედა კონუსში, სამაგიეროდ სულ უფრო მატულობს ქვიშის ფენის სისქე ქვედა კონუსში. ქვიშის წვრილი ძაფიც გამუდმებით ჩვენს თვალთა წინაშეა. მის ძალიან სუსტ, უღონო შრიალსაც გავიგონებთ, თუ ყურს საგანგებოდ გავიმახვილებთ.

      აჰა, ქვიშამ უკვე მთლიანად გადაინაცვლა იმ მინის კონუსში, რომელიც ჩვენს ხელისგულს ეყრდნობა. ქვიშის წვრილი ძაფიც გაწყდა. მეორე კონუსი, მის თავს ზემოთ თავდაყირა მდგარი, სრულიად ცარიელია.

      საკმაოდ მიმზიდველი სანახაობაა, ამ წერწეტა სათამაშოთი ერთხანს ნამდვილად შეიძლება შეიქციო თავი...

      ჩვენც ნუღარ დავაყოვნებთ, მინის კონუსებს კიდევ ერთხელ შევუცვალოთ დგილი. თამაშიც ხელახლა დაიწყო, იცლება ქვიშა ზედა კონუსში, ქვიშის პაწია ნამცეცები მიჯრით მისდევენ ერთმანეთს... აჰა, ქვიშის ბორცვმა გადაინაცვლა ერთი კონუსიდან მეორეში, ანუ აღწერა დროის რაღაც ულუფა... ქვიშის წვრილი ძაფი ხომ დროის დინებას აღწერს, რომელიც ერთგან იცლება, მეორეგან კი გროვდება რაღაც რაოდენობით, ანუ ხანგრძლივობით. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს და არც არაფრად გვჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ, ქვიშის წვრილი ძაფი და მისი საშუალებით ქვიშის ბორცვების ადგილმონაცვლეობა ჩვენთვის მხოლოდ თამაშია და სხვა არაფერი. ანუ, ჩვენ დროს ვეთამაშებით, მინის კედლის მიღმა მსუფევ დროის რაღაც ულუფას. თვით ყოვლისმპყრობელ დროს ვიწვევთ სათამაშოდ. ისიც ღებულობს ჩვენს გამოწვევას, გვეთამაშება.

      სადაც თამაშია, იქ სიცოცხლეა, ისინი განუყოფელნი არიან... ასე რომ, ქვიშის პაწია ბორცვის გადანაცვლება ერთი კონუსიდან მეორემდე სულაც არაა უბრალოდ ქვიშის ნამცეცების ცვენა და სხვა არაფერი, აქ თვით დრო ცოცხლდება, დროის ცოცხალ ნაკადს ვხედავთ მინის კედლებს მიღმა... ყოვლისმპყრობელი, მბრძანებელთა მბრძანებელი დრო ცოცხლობს ამ კოპწია, უცნაური შესახედაობის ნივთში, ასე ძალიან რომ ჰგავს სათამაშოს.

      აი თურმე რა დიდ სასწაულს იტევს თავის თავში ქვიშის ყოველი ნამცეცი, ყოველ მათგანში სუფევს დროის რაღაც ატომი, მოლეკულა, კვანტი... არც კი ვიცი. როგორ ვთქვა. ანუ, ქვიშის პაწია მარცვალი თვითონაც ცოცხალია რაღაც გაგებით, როგორც სიცოცხლის, ამ ყველაზე იდუმალი, ყველაზე მიუწვდომელი ენერგიის მტვირთველი.

      ჩუმად, უხმოდ გარინდებული იცდის იგი ერთერთი კონუსის ფსკერზე. მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს თავის თავში მსუფევ დროის კვანტს(ანუ სიცოცხლეს), როდესაც ქვიშის საათს მომართავ... ანუ კონუსებს შეანაცვლებ. ისიც დაიძვრება ადგილიდან, დროის ცოცხალ ნაკადში ჩართული. გვეთამაშება, გვახარებს, ჩვენც გვიწვევს სათამაშოდ, როგორც სიცოცხლის წესია. . . გასრულდება ქვიშის ჩამოცლა, ქვიშის ნამცეცი წინანდებურად გაინაბება, უსასრულო მოლოდინით აღჭურვილი.

      რამდენ რამეს გვეტყოდა ქვიშის პაწია ნამცეცი, დროის კვანტის მტვირთველი, მისი ენა რომ გვესმოდეს. რა საოცარ ამბებს მოგვიყვებოდა თავის უთვალავ უანგარიშო ძმებზე, ანუ ქვიშის ზღვებზე, მთელი დედამიწის ზედაპირზე ასე ბარაქიანად რომ მოფენილა. და არა მარტო... შორეული ქვის ცთომილების შესახებაც ბევრ რამეს შევიტყობდით, სამყაროს სივრცეში რომ მიმოქრიან, დაეძებენ მზით განათებულ სამყაროებს. იმ ცთომილთა მოზეიმე ხმებსაც მოვისმენდით, რომლებმაც თავი დააღწიეს წყვდიადს, სანატრელ მზეს მიაკვლიეს. მათ მკერდზე გაფურჩქვნილ მშვენიერ ყვავილებზეც გვეტყოდა ალბათ რაიმეს ქვიშის პაწია მარცვალი. ასე რომ, ძალზე ბევრი რამ უნდა მითხრას დროის ამ პაწია ნამცეცმა, თუ კვანტმა, ქვიშის ნამცეცთან ჩახუტებულმა... იტყვის კიდეც, როცა ამის დრო მოაწევს (ისევ და ისევ ყოვლისმპყრობელი დრო), მანამდე კი ამ ახალთახალი (ახალი ხომ კარგად დავიწყებული სიძველეა) სათამაშოთი გავერთოთ.

      სხვისი არ ვიცი, (გემოვნებაზე ნამდვილად არავინ დაობს), მე კი ძალიან მომწონს ეს წერწეტა სათამაშო. მან ნამდვილ სასწაულს გვაზიარა, მისი წყალობით თვით დროის ოკეანის შორეულ გამოძახილს მოვუსმინეთ. ანუ იმ დროის გამოძახილს, რომელსაც ადამიანი ვეღარ ზომავს, ვეღარ ითვლის. ჩვენი დრო ხომ მისი ერთერთი შენაკადია... თანაც რა უბრალოდ ასრულდა ეს ყოველივე... ხელის ერთი გაქნევით, როგორც ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე. სხვა რომელი სათამაშო დაიკვეხნის ასეთი სილაღით და უბრალოებით. თანაც, სივრცის ასეთი განფენილობით.

      არც სხვა მხრივ აკლია ღირსებები... რა ბედნიერებაა! ჩვენს სათამაშოს არ სჭირდება არც მომართვა, არც დაზეთვა, არც შეკეთება. თუ არ დაამსხვრევ, (რაც სულ ადვილია), იმუშავებს უსასრულოდ. იგი თვით მარადისობას აირეკლავს ამ თვისებით. როგორ განსხვავდება ამ მხრივ ციფერბლატიანი საათისგან, ანუ, იმ ბრტყელსახიანი მატრაბაზისგან, ისრები შუბებივით რომ მოუღერებია, და რომელიც გამუდმებით წიკწიკებს, ტიკტიკებს, უსტვენს, ზრიალებს, რეკავს, გონგს ცემს და ვინ იცის, რა ხმებს აღარ გამოსცემს, რა არის ვინმეს ყურადღება მიიქციოს. რამდენი რამ არის საჭირო, რათა როგორმე ჩაირთოს ეს ჟღარუნა სათამაშო (საათიც ხომ სათამაშოა, თუმცა თვითონ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს), ისრებმა შეძლონ ადგილიდან დაძვრა, აღწერონ წრებრუნვათა უსასრულო მონაცვლეობა. ეს მომართვაო, ის დენის წყაროსთან მიერთებაო, და კიდევ ვინ იცის, რა და როგორ...

      რაკი სიტყვამ მოიტანა, ერთი კარგად შევათვალიეროთ ეს ბრტყელსახა მატრაბაზი, თვალი გავუსწოროთ მის გაბღენძილ, თვითკმაყოფილ იერს. რას გვანიშნებს, რას გვეუბნება?

      ერთი რამ ცხადია დანახვისთანასვე; ადამიანმა საკუთარი სახე გადაიტანა დროის რომელიღაც ტალღაზე, სცადა, როგორმე მისთვის მოერგო. ყოველ შემთხვევაში, ძალიან გაისარჯა საამისოდ. მგონი რაღაც გამოუვიდა... სხვა თუ არაფერი, დროის დანაწევრებას გულდაგულ ცდილობს. ლამის საკუთარ თავს გადაასწროს, იმ ზომამდე დანაწევრდა ბრტყელსახა საათის დრო. თანაც ეს უსასრულოდ გრძელდება...

      რაც შეეხება ქვიშის საათს, მას სახე არ აქვს, სივრცეში ჰკიდია მოწეული ნაყოფივით. სადღაც მოიწია ეს ნაყოფი, მერე დროის ოკეანემ გამორიყა ადამიანის თვალსაწიერზე, ზუსტად ისე, როგორც ზღვის ტალღები გამორიყავენ ნიჟარას. ზღვის ნაპირას მოთამაშე ბავშვი მაშინვე ხელს იწვდის ამ უცხო სათამაშოსკენ.

      ერთობა ბავშვი ზღვის ნობათით, რა ლამაზად ციმციმებს მზის სხივებზე, მისგან ზღაპრული ციხეკოშკების აგება შეიძლება, მერე კი დგება წამი, ყურთან მიაქვს იგი...... ბავშვს ესმის იმ მოგუგუნე ტალღების გამოძახილი, რომლებმაც ამ საოცრებით დაასაჩუქრეს. ანუ, ბავშვი ზღვას გაეთამაშა, ასედაც შეიძლება ითქვას... ზღვის ნიჟარამ გაუკვალა გზა ამ თამაშისკენ,

      და ბედნიერია ზღვის ნაპირას მოთამაშე ბავშვი, სასწაულად ეჩვენება ნიჟარის წიაღში მოკალათებული ბგერების ხმიანობა. გუმანით იმასაც კარგად გრძნობს, რამდენ საოცრებას გადაუშლის თვალწინ ეს თამაში.

      როდის აღსრულდა ეს სასწაული? ადამიანიც ხომ დიდი ბავშვია, თუ დღევანდელი თვალსაწიერით შევხედავთ.... რითი მიიზიდა იგი ზღვის ნიჟარაში ახმიანებულმა ბგერებმა. ვკითხოთ ამის შესახებ იმ ბრტყელსახა მატრაბაზს, ნაირნაირი ხმების შლეიფი რომ ახვევია გარს. უნდა აღინიშნოს, ბოლო დროს ჩუმად ყოფნაც ისწავლა. დროის დანაწევრებაც, მისი უსაყვარლესი საქმიანობა, სიჩუმეში გარინდებულს უკეთესად გამოსდის... მერედა, რა არის ამ საქმიანობის შედეგი? ინებეთ; ადამიანს, მის გადამკიდეს, დრო ხელში შემოეფცქვნა, დანაწევრებული დრო... ჰოდა, დრო საერთოდ არ არსებობსო, გამოაცხადა. მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობა არსებობსო. ამაზე მეტი სიბრიყვე გაგონილა? არარსებობა ხომ სიკვდილის სინონიმია... გამოდის, რომ დრო მოკვდა. ანუ, ბრტყელსახა მატრაბაზი მკვდარ დროს ითვლის. მეტად მძიმე მოსასმენია ეს სიტყვები, ვერაფერს გააწყობ, მოვლენათა თანმიმდევრობამ სწორედ აქამდე მიგვიყვანა. ჰო, ისევ მას ვკითხოთ, ნაირნაირი ხმების შლეიფით თუ მდუმარებით გარემოსილ ბრტყელსახა მატრაბაზს, ვინ და რამ ჩააგონა დიდ ბავშვს, ყურთან მიეტანა ნიჟარა და მასში ჩამწყვდეული ხმებისთვის მოესმინა...

      „ამინ“ გეტყვით თქვენ, ამაოდ გაირჯება, ვინც ამას შეეცდება. ბრტყელსახა მატრაბაზი ვერაფერს გვეტყვის ამის შესახებ, ვერც ვერაფერს გვანიშნებს... ის მხოლოდ ითვლის, სულ ესაა მისი საქმიანობა. შეუძლია დაითვალოს დროის ულუფა, ჩვენს კოპწია სათამაშოს წიაღში მსუფევი, რაც ჩვენ არაფრად გვჭირდება. თვითონ თამაშის შესახებ ვერაფერს გვეტყვის, მონაწილეობასაც ვერ მიიღებს მასში.

      ცოტათი უცნაურია, არა? საათი ხომ თვითონაც სათამაშოა, როგორც უკვე ითქვა... სულ ერთია, ჟღარუნა თუ ჩუმად მყოფი. ამ დროს კი წარმოდგენაც არ აქვს თვითონ თამაშზე. ის მხოლოდ მოწმეა სხვათა თამაშში, ითვლის მათ დროს, სხვა არაფერი შეუძლია; ეჰ, მართლაც შესაბრალისი არსებაა ეს ბრტყელსახა მატრაბაზი.

      დროს კი თამაში უყვარს, უფრო მეტიც, თამაში მისი უპირატესი ბუნებაა. სათამაშოდ გამოწვევაზეც არასოდეს ამბობს უარს. ერთი კარგად მიიხედ - მოიხედოს დიდმა ბავშვმა, მოთამაშე დროის დანახვის სურვილი თუ გაუჩნდება, აუწერლად მრავალფეროვანი სურათები გადაიშლება მის თვალთა წინაშე, თანაც ყოველ ნაბიჯზე... თუნდაც ზღვის ტალღები ვთქვათ, რომლებმაც ასე გულუხვად დაასაჩუქრეს. ტალღები დგაფუნით აწყდებიან ნაპირს, თამაშის გარდა ამას ვერაფერს უწოდებ. ზღვა ნაპირს ტალღებით ეთამაშება, ეს ერთი დანახვისთანავე ცხადია... და არა მარტო ნაპირს... როცა იქნება, ზღვის ფრთონვასაც დაინახავს დიდი ბავშვი. ძალიანაც მოიხიბლება, მართლაც რომ ღირს სანახავად, თამაშს ალბათ არასოდეს მიუღია ამაზე უფრო შთამბეჭდავი სახე. ერთი სიტყვით, ზღვა გამუდმებით თამაშობს, ეს მისი მაჯისცემაა. სანდახან ეს თამაში მეტისმეტად ენერგიულიც ხდება. ამ გარემოებასთან შერიგება გვიხდება, რამეთუ ასეთია ამ თამაშის წესი; თუ მაჯისცემა შეწყდა, ზღვა მოკვდება, ისე როგორც ბრტყელსახა საათის დრო მოკვდა... აჰა, ისევ იქ დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ. ვერა და ვერ გავექეცით ამ ბრტყელსახა მატრაბაზს.

      მოთამაშე დროის კიდევ ბევრ სურათხატებას დაინახავს დიდი ბავშვი, თუ არ დაიშლის და ცნობისმოყვარე თვალთა მზერას ყურადღებიტ მიმოავლებს ირგვლიგვ; ნიავქარის ქროლვა, ფერადოვან ყვავილებს და მწვანედ შემოსილ ხეებს რომ ეთამაშება, სხივების ნაპერწკლები ჩანჩქერის ჭაქვლებში, ღრუბელთა ნაირგვარობა, გამუდმებით რომ იცვლიან ფერს თუ მოყვანილობას. და სხვა მრავალი... უსასრულოა მოთამაშე დროის სურათების მრავალგვარობა.

      ჩვენც გვიყვარს თამაში, ვეთამაშეთ ქვიშის საათს, და აგერ, კიდევ ერთი მოთამაშე, ზღვის ნიჟარაც შემოგვემატა.

      იქნებ ვინმემ გაიკვირვოს, რა საერთოა მათ შორისო. სად ნიჟარა და სად ქვიშის საათი. ნიჟარა ზღვის ქმნილებაა, ადამიანის ხელი აქ არ ურევია. ქვიშის საათი სულ სხვაა, ადამიანის ხელმა შექმნა... და საერთოდ, ადამიანის გარეშე მის არსებობას არავითარი აზრი არ აქვს.

      მე კიდევ გეტყვით, მათ ძალზე ბევრი რამ აქვთ საერთო. უფრო მეტიც, ძალიან გვანან კიდეც ერთმანეთს. ამას ახლავე დაინახავთ.

      უმთავრესი მსგავსება ისაა, რომ ორივე სათამაშოა. ქვიშის საათს თავიდანვე ასე ვუწოდეთ, ძალიანაც შეიფერა.

      ზღვის ნიჟარაც სათამაშოა... ზღვის ტალღების სათამაშოდ იქცა, როგორც კი მისი წიაღი მიატოვა მისმა ბინადარმა. მერე ბავშვის ხელებში გადაინაცვლა...

      სახე არცერთს არ აქვს, ამის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ. ორივე სივრცის პირმშოა და სივრცეში სუფევს.

      შიგთავსი ორივეს ცარიელი აქვს, თითქოს საგანგებოდ, რათა იქ ნაირნაირმა ხმებმა და ბგერებმა დაიბუდონ.

      ორივეს წყალობით ჩვენ მხოლოდ ექოს ვუსმენთ. თუ ნიჟარაში ზღვის ტალღების გამოძახილია ჩამწყვდეული, ქვიშის საათის წიაღში დროის ოკეანის გამოძახილი ისმის. მინის კონუსებს შორის გაბმული ქვიშის ძაფის უღონო შრიალი სწორედ ამის მანიშნებელია.

      მათი მსგავსებაც აქ მთავრდება, იწყება განსხვავება. . .

      ...და როგორია ეს განსხვავება?

      ახლავე მოგახსენებთ; ნიჟარის წიაღით ზღვის გამოძახილს თუ ვუსმენთ, ისიც შეგვიძლია, თვითონ ზღვასაც მოვუსმინოთ. მისი ტალღების გუგუნიც ხომ გვესმის, როცა ზღვის ნაპირს მივეახლებით.

      ქვიშის საათს რაც შეეხება, აქ ამდენს ვეღარ ვახერხებთ; ყურს ვუგდებთ ქვიშის წვრილი ძაფის უღონო შრიალს, ანუ დროის ოკეანის შორეულ გამოძახილს, მაგრამ თვითონ დროის ოკეანეს ვერ ვუსმენთ, ეს სრულიად შეუძლებელია ჩვენთვის.

      არადა, რა დასანანია, რომ ვერ ვუსმენთ თვით დიდ დროს, ანუ დროის ოკეანეს, ჩვენი ყურთასმენა საამისოდ არაა მომართული. მხოლოდ მის შორეულ , სუსტ გამოძახილს ვუსმენთ... ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, დროის ოკეანის პაწია ტალღამ მოაღწია ჩვენამდე, წამით აშრიალდა ჩვენს ყურსაწიერზე და კვლავ დაუბრუნდა იმ წიაღს, საიდანაც იშვა.

      გულდაწყვეტილები დავრჩით, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, იქნებ ოდესმე შევძლოთ, ისეთ სათამაშოს მივაკვლიოთ, ფრთებს რომ შეასხამს ჩვენს ოცნებებს, მივწვდებით უკარება დროის ოკეანის ნაპირს, გავიგონებთ მისი ტალღების დგაფუნს. აი, თამაშიც ის იქნებოდა...

      თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, არასოდეს გაფერმკრთალდება ამ წერწეტა, კოპწია სათამაშოს იერსახე, არ დაიკარგება მისი მეტად თავისებური ხიბლი. დროის ოკეანისკენ სულ პირველი ნაბიჯი ხომ ქვიშის საათის მეშვეობით გადადგა ადამიანმა...

      აქ შეიძლება ვინმე შემომედავოს, დიდი ვერაფერი გასართობი გიშოვნიაო, ირონიული ღიმილით მითხრას. ამ თამაშით რას ეწიეთ, რა მოიგეთო, იკითხოს. ამრეზით შეხედოს ჩვენს კოპწია სათამაშოს. ... და საერთოდ, არასერიოზული უწოდოს ქვიშის საათით ჩვენს გატაცებას.

      არ მეგულება თამაშზე უფრო სერიოზული საქმე, ასეთ პასუხს გავცემდი მსგავს შეკითხვას. თანაც ეს ისეთი სერიოზულობაა, როცა არავინ არაფერს ითვლის და არც ანგარიშობს. ესაა თამაში თამაშისთვის, ანუ ბავშვის სერიოზულობა, როგორც ბრძენკაცნი იტყვიან... თანაც (არ დაგავიწყდეთ) ჩვენ დროს ვეთამაშებით, უდიდესთა შორის უდიდეს მოთამაშეს. ჩვენი მოგებაც ესაა, ყველა მოგებას ხომ დრო მიითვლის საბოლოოდ... ვინ დაიტრაბახებს, დროს რაიმეს გამოვრჩიო? ... და ეს ყოველივე სწორედ ქვიშის საათის წყალობით გახდა შესაძლებელი.

      ... და კიდევ რა მინდა გითხრათ; მე იმ მოთამაშე დროს დავეძებ, რომელსაც დიდი ბავშვი გაეთამაშა. მეტისმეტად შორია ის დრო, უღონოა მისი ხმა, ვერაფერს ვერ შევადარებ, გარდა მინის კონუსებს შორის გაბმული ქვიშის ძაფის ოდნავ გასაგონი ხმისა, ეს კი სულაც არ გახლავთ პატარა რამ... ამაზე ვერც კი იოცნებებს ის ბრტყელსახა მატრაბაზი, ნაირნაირი ხმების შლეიფით თუ მდუმარებით გარემოსილი, სულ რაღაცას რომ ითვლის და ჰგონია, დროს ვითვლიო. ასე რომ, ნურავინ შეხედავს ამრეზით ჩვენს კოპწია, წერწეტა სათამაშოს.

      სწორედ თამაშისას შეხვდა ერთმანეთის ეს ორი ძალზე სანდომიანი სათამაშო, ქვიშის საათი და ნიჟარა, ადამიანის ქმნილება და ბუნების საჩუქარი. ბედნიერი გამოდგა ეს შეხვედრა, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე მოუხდნენ ერთმანეთს. ხმებიც დაუზარელად შეგვაწიეს ჩვენს თამაშში.

      ერთად დავტოვოთ ორივე, თამაში გრძელდება...

ნახვა: 19

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, სათამაშო, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters