უცნობი წიგნები ქართველებისთვის

New Grave World


       ამჟამად ზაგრებში მცხოვრები სერბი მწერლის, მილოშ არმიჩის, დეტექტიურ რომანში New Grave World მოქმედება ხდება სერბეთის არმიის მიერ კონტროლირებულ კოსოვოს ნაწილში. რომანის სიუჟეტი „კოლომბოსავით“ ვითარდება: დასაწყისში აღწერილია მკვლელობა, შემდეგ ირკვევა, თუ როგორ იგეგმებოდა იგი, ბოლოს კი ვიგებთ მკვლელობის მოტივს. შემთხვევათა ამ სამი ბლოკის გადმოცემის ფონია სამხედრო პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიება. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და თანამედროვე რომანის კითხვისას, მკითხველი აღმოაჩენს, რომ გადმოცემული შემთხვევების მიმდევრობა ლიტერატურული ხერხი კი არა, რეალური ვითარების აღწერაა; ვკითხულობთ ამბავს, სადაც ჯერ ხდება მკვლელობა, შემდეგ ამ მკვლელობის დაგეგმვა და მკვლელების მიერ თვითგამოაშკარავების შესაძლებლობების კვლევა, ხოლო შემდეგ წარმოიშობა ამ მკვლელობის ჩადენის სურვილი და მოტივი. შემთხვევათა ეს რეალური მიმდევრობა გამაგრებულია და განამდვილებულია იმითაც, რომ გამოძიება მიმდინარეობს „თანმიმდევრულად“ – ანუ, გვამის აღმოჩენის შემდეგ ინიშნება გამომძიებელი, გაიხსნება საქმე და ა.შ. სამხედრო მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც ჩესტერტონის მამა ბრაუნს წააგავს, ხვდება, თუ რა შემთხვევასთან აქვს საქმე. ამის შემდეგ ის უბრალოდ ელოდება, როდის დაიწყება მკვლელობისათვის მზადება და მოხდება მკვლელობის მოტივის ფორმირება.
აღსანიშნავია მილოშ არმიჩის რომანის დასასრული: მკვლელები და მათი გავლენიანი მეგობრები აცხადებენ, რომ მღვდელი გაგიჟდა, და უპირებენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებას. სერბეთის საეკლესიო წრეების მმართველობა სამხედრო მღვდელს მწვალებლობაში ადანაშაულებს. რამდენიმე მღვდელი, მათ შორის ადრე სამხედრო მღვდელთან დაპირისპირებული მისი ზედმეტი ტოლერანტულობის გამო, მხარს უჭერს მას და ცდილობს, საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა მოიპოვოს. საქმეში რამდენიმე არასამთავრობო აქტივისტიც ერთვება, თუმცა უშედეგოდ. სამხედრო მღვდლის მხარდამჭერებს უჭირთ ახსნა, რატომ არ არის მღვდელი „ფსიქიკურად არამდგრადი“ და ამჯერად რა შუაშია სერბეთის საეკლესიო წრეების რეტროგრადობა და მათი კავშირი რუსეთის ეკლესიასთან.
ცნობილი არგენტინელი კრიტიკოსი, ორანდო გარსია ლუსიენდე სტატიაში „Signs of Future“, რომელიც პოსტკომუნისტური ქვეყნების ლიტერატურაში სამხრეთამერიკელი მწერლების გავლენას ეძღვნება, მილოშ არმიჩის ამ მოთხრობაში ხედავს ბორხესის, კასავეედას და კასარესის კვალს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯი არც ერთ მათგანს არ გადაუდგამს, და „New Grave World“-ში განხორციელებული რეალობის არანაკლებ გაბედულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს: სამყარო, წერს ლუსიენდე, გამუდმებით იცვლება, თანაც – ცნობიერების გავლენით. არმიჩის რომანში აღწერილი რეალობა ჩვენი სამყაროა, რომელიც ასეთი გახდა მას შემდეგ, რაც ტექსტს, ტექსტურობასა და ტექსტის ქმნადობას მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა. ეს ამბავი დაიწყო პლატონის მიერ დიალოგების წერით, მაგრამ აშკარა და ცხადი გახდა ჩვენს დროში, როდესაც ყველაფერი ტექსტად გამოცხადდა და როდესაც სამყაროს შეხედეს, როგორც ტექსტს. სამყარომაც არ დააყოვნა ტექსტად ქცევა. სამყაროს ტექსტურობის ნიშნები თანდათან სულ უფრო და უფრო გამოჩნდება. საბოლოო ჯამში, „სამყაროს ტექსტად ქცევა“ მეტაფორაა, – ამბობს ლუსიენდე, – რაც ნიშნავს რეალობის ქრონოლოგიური განვითარების ფორმიდან სიუჟეტური განვითარების ფორმაზე გადასვლას. თანდათან ჩვენს გარემოში მოვლენები სიუჟეტურ დროში დაიწყებს არსებობას. სტატიის ბოლოს ლუსიენდე ცდილობს სერიოზულობა დაუკარგოს თავის თეორიას, ის მილოშ არმიჩის „New Grave World “-ს უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ პაროდიად აცხადებს და ამბობს, რომ არმიჩის ეს რომანი ეკოს, ჩესტერტონის, ბორხესის, კასარესისა და ტარანტინოს „მაკულატურის“ წინამორბედი, მათი ფანტასტიკური სიუჟეტების ძირითადი იდეის (core idea) მატარებელი შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ სამოქალაქო ომი, რომელიც ბორხესმა გახსენებით და გადმოცემით იცის, არმიჩისათვის ხორციელდება იმ გარემოში, სადაც ის წერს „New Grave World“-ს.

შელოცვები


Anti-Social Utopia

       2002 წელს გამოიცა ესპანურენოვანი მწერლის, ხორხე ადამ კასავეედას რომანი „შელოცვები“. კასავეედა ცნობილი მწერალია. ის ცნობილი გახდა 1997 წელს, როდესაც აშშ-ში მისი მოთხრობების კრებული „Tomba tails and others“ (CONDI PHY) დაიბეჭდა. ამ ანთროპოლოგიურმა ფანტაზიებმა (სხვანაირად ამ კრებულში შესულ მოთხრობებს ვერ აღწერ) გამოცემისთანავე მიიპყრო მკითხველებისა და კრიტიკოსების ყურადღება. შეიძლება კასავეედა ზედმეტად იყენებს ტომბას ტომთან (სამხრეთ ამაზონის ჯუნგლები) მისი წინაპრების კავშირს და თავსაც იწონებს ამით, მაგრამ ის მითები და თქმულებები, რომლებსაც ის ამუშავებს და გადმოსცემს „ტომბას კუდებში“, ძალიან საინტერესო სააზროვნო და საკითხავია. რომანი „შელოცვები“, როგორც ეს სათაურშივეა ნათქვამი, ანტი-სოციალური უტოპიაა. ანტიუტოპიები ცნობილია (ზამიატინი, ორუელი, ჰაქსლი), მაგრამ ჩემს კითხვით ბიოგრაფიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ სიტყვათშეხამებას ვხვდები. არა მგონია მოვახერხო ამ საინტერესო ექსპერიმენტის ახსნა სიუჟეტის გადმოცემის გარეშე. შეიძლება არც სიუჟეტის თხრობის შემდეგ გახდეს ცხადი კასავეედას ექსპერიმენტის უნიკალურობა, მაგრამ მაინც ვცდი.
რომანი იწყება შესავლით, რომელიც ყვება ამბავს/მითს. როგორც მოგვიანებით ირკვევა, ამ ამბავმა მთელ საზოგადოებას შეუქმნა საუკუნეების განმავლობაში არსებობის საფუძველი. ამ ამბის მიხედვით, ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ერთ კაცს, რომელიც არაფრით არ გამოირჩეოდა, გამოღვიძებისას უაზრო და უშინაარსო ბგერათა შეხამება წამოსცდა. ბგერების ეს ერთობა, სრულიად შემთხვევით, სხვა სამყაროდან საშინელი ძალების გამომხმობ შელოცვას დაემთხვა. ბოროტი ჯადოსნური არსებები უხსოვარ დროს გადაისროლა ძლიერმა ჯადოქარმა სხვა სამყაროში და ისინი არც კი ოცნებობდნენ ჩვენს სამყაროში დაბრუნებაზე, რადგან არამცთუ ენა, რომელზეც მათი გამოხმობის შელოცვა უნდა წარმოთქმულიყო, ბგერების გამოთქმის იმდროინდელი წესიც კი უკვალოდ გამქრალიყო. დაბრუნებულმა ბოროტებამ დამანგრეველი მოქმედება დაიწყო. ბრძენმა ხალხმა დაადგინა, რომ მათი გაგდება და განადგურება მხოლოდ გაძევების შელოცვით შეიძლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, გაძევების შელოცვაც იმ ენაზე უნდა წარმოთქმულიყო, რომელზეც გამოხმობის შელოცვა ითქვა; არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, არამცთუ თვითონ ენა, იმ ენაზე სიტყვების გამოთქმის წესიც კი აღარ არსებობდა. შეიქმნა ბოროტების გაძევების ორდენი. ორდენი თავისებური სტატისტიკური მიდგომით ხელმძღვანელობდა: ორდენის დამაარსებლების აზრით, მთელ ქვეყანაში უნდა შექმნილიყო ჯგუფები, რომლებიც უაზრო ბგერათშეთანხმებისა და გამოთქმის წესებს გამოიგონებდნენ. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტი ასეთი ჯგუფი იმუშავებდა, მით უფრო მეტი შანსი იქნებოდა, მიეგნოთ ბგერისა და მოძრაობის იმ ერთადერთი სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ბოროტ ძალებს გააძევებდა სამყაროდან. ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი უფრო აქტიურად დაიწყო ჯგუფების შექმნა, რომლებიც უაზრო ბგერათშეთანხმებებს იგონებდნენ და მათ სხვადასხვა პოზაში წარმოთქვამდნენ.
აქ შესავალი ნაწილი მთავრდება. შემდეგი ნაწილი აღწერს ამ ქვეყნის არსებობის ერთ პერიოდს, რომელსაც ჩვენს სამყაროში ევროპული შუასაუკუნეები შეესაბამება. მოქმედება ერთი სააბატოს რამდენიმე კვირის ცხოვრების აღწერის ფონზე ვითარდება. ბოროტება ისევ სამყაროშია. ოსტატურადაა აღწერილი შიში, რომელსაც სააბატოში და მის გარეთ მცხოვრებლები შეუპყრია. არანაკლებ ოსტატურადაა აღწერილი კომიკური სცენები, როდესაც ბერები ბგერების შეხამებისა და პოზების მიღების რიტუალს ატარებენ; ხშირია დიალოგებიც, სადაც სხვა, არაორთოდოქსული წესების მიმდევარი, ერეტიკული ბგერებისა და პოზების მაძიებელი ჯგუფებია მოხსენიებული. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებით ხშირად ისმის სიტყვა „ეროტიკული“. ცხადი ხდება, რომ არაორთოდოქსული სექტების ერთ-ერთ მიმდინარეობას ამ ბგერებისა და მოქმედებების მოსაძებნ გზად სექსი აურჩევია. ასევე, აღწერილია მეომრების ორდენი, რომელიც მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებას სცნობს ბოროტებასთან ბრძოლის იარაღად. კარგად და სტივენ კინგის სტილშია დაწერილი სამი მეომრისა და ორი ბერის მგზავრობისა და ბოროტებასთან შეხვედრის ისტორია (მოგვიანებით, მესამე ნაწილში, ირკვევა, რომ ეს ამბავი, როგორც ისტორიული ფაქტი, ისტორიის სახელმძღვანელოებშია შესული). კიდევ ერთი საინტერესო სექტაა „ღალატის სექტა“, რომლის თეორიაც ეყრდნობა ბოროტებასთან თანამშრომლობას და „თავის მოჩვენებას“, რომ სექტის წევრები ბოროტი ძალების აბსოლუტურად იდენტურები არიან. ამ სექტის სწავლების მიხედვით, როდესაც საზოგადოების უმეტესობა სექტის წევრი გახდება, ბოროტება თვითონ წავა ამ სამყაროდან, იმიტომ, რომ აზრი მის ამ სამყაროში დარჩენას უბრალოდ აღარ ექნება. თუმცა, ეს სექტა სულაც არ არის mainstream-ის ნაწილი: ძირითადი არგუმენტი ამ სწავლების საწინააღმდეგოდ, გარდა იმისა, რომ ის არ შეესაბამება ძირითად „განდევნის მოძღვრებას“, არის ისტორიულად დასაბუთებადი მტკიცება, რომ ეს სექტა ერთადერთია, რომელიც თვითონ ბოროტმა ძალებმა შექმნეს. ამ სექტის ისტორიის წაკითხვისას საკვირველია ის, რომ ის კიდევ ფუნქციონირებს და კიდევ ჰყავს წევრები. მისი ბოროტებასთან კავშირის დამადასტურებლად მყარი და უტყუარი საბუთები არსებობს.
მესამე ნაწილში ჩვენი თანამედროვეობის შესაბამისი დროა აღწერილი. ინდუსტრიული ნახტომი უკვე მომხდარია. როგორც ტექსტიდან ჩანს, ბოროტების გაძევების საუკეთესო გზის დასადგენად რამდენიმე მსოფლიო ომიც მომხდარა. ბოროტების გასაძევებელი შელოცვის ძიება ისეთი ტოტალურია, როგორც არასდროს. ოღონდ, ძალიან ბევრი მცირე ორდენია წარმოქმნილი, რომელიც გაძევების შელოცვის ძიების საკუთარ გზას ამკვიდრებს.
        წიგნის მესამე ნაწილში უხვადაა ჩანართები იმ სამყაროს ესეისტიკიდან და სამეცნიერო ნაშრომებიდან. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი ესე, რომელსაც სიტყვა „ერეტიკული“ „ეროტიკულიდან“ გამოჰყავს და შელოცვის მაძიებელთა ორთოდოქსული ხაზიდან სექსუალური გზის ამრჩევების გამოყოფას უკავშირებს. ასევე ეფექტურადაა დაწერილი ამონარიდი ავანგარდისტი ისტორიკოსის წიგნიდან, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ წიგნის დასაწყისში მოთხრობილი ბოროტების გამოხმობის ამბავი მხოლოდ მითია, რომელიც ელიტებმა მოიგონეს მასების სოციალური კონტროლისათვის. საინტერესოა ფრაგმენტები წიგნიდან „გაძევების სოციოლოგია“, სადაც ავტორი სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით აჩვენებს, რომ ნამდვილ მაძიებელთა რიცხვი კატასტროფულადაა შემცირებული, სამაგიეროდ მოსახლეობის უმეტესობა ამა თუ იმ მაძიებელთა სექტას ეკუთვნის და თავისუფალ დროს საკუთარი სექტის უპირატესობის დამადასტურებელ საზოგადოებრივ აქციებსა თუ კამათს უთმობს. „გაძევების სოციოლოგიის“ ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ დროთა განმავლობაში მცირდება, ხოლო მის დროში ყველაზე უფრო მცირეა უშუალოდ შელოცვის მაძიებელთა რიცხვი. შესაბამისად, ბოროტების გამძევებელი შელოცვის პოვნის შანსიც სულ უფრო და უფრო მცირდება. ცხადია, ეს წიგნი ასევე ავითარებს არგუმენტაციას „ღალატის სექტის“ წინააღმდეგ: ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს არგუმენტაცია „შელოცვის ძიების შემცირებაში“ „ღალატის სექტის“ წვლილს ეხება.
არ მოვყვები, როგორ მთავრდება წიგნი. თუმცა, ვფიქრობ, საკმარისი ვთქვი იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, თუ რატომაა ეს უტოპია ანტისოციალური: სოციალურ სამყაროში სიკეთისაკენ მიმართული ყველა ქმედება უაზრო რიტუალად იქცევა, ქმედება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მიზანი. ეს არის ორი მთავარი დასკვნა ადამიანთა საზოგადოების შესახებ, საითაც მიჰყავს კასავეედას სიუჟეტი. შედეგად, კასავეედა წარმატებულია სოციალური, როგორც ანტიადამიანური, სისტემის აღწერაში; სისტემისა, რომელიც უპირისპირდება სიკეთეს, სიყვარულს, გრძნობას, ვნებას. უტოპია კი აქ მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს: თუკი დავაკვირდებით, სოციალური სივრცე იმდენად სასაცილოა (ტრაგიკულიც) და იმდენად უშედეგო, რომ ცხადია, ის უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ ჩვენში.

 

ფოტოდეტექტივი – ხიდისა და ფოტოაპარატის ისტორია

Photodetective: on Bridge and Camera

        ეს ყველაზე ორიგინალური დეტექტივია მათ შორის, რაც მინახავს და წამიკითხავს: არა მარტო იმიტომ, რომ ფოტოები მის სიუჟეტში, ფაბულაში და თვითონ „თხრობაშიც“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, ორიგინალურობისათვის ფოტოებით „დაწერილი“ ტექსტიც საკმარისი იქნებოდა. წიგნი 200-გვერდიანია. ყოველ გვერდზე კარლოსის ხიდზე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ერთი ან ორი ფოტოა; ოღონდ, ფოტოები ტექსტის ილუსტრაცია არ არის, ტექსტია ფოტოების განმარტება.
სიუჟეტი „დეტექტიურია“: პრაჰაში, კარლოსის ხიდზე მკვლელობა ხდება. მოკლული საბავშვო წიგნების ცნობილი ილუსტრატორია. იმდენად, რამდენადაც მკვლელობა შემოდგომაზე მოხდა, ხიდზე ძალიან ბევრი ფოტოაპარატით შეიარაღებული ტურისტი იყო. გამომძიებელი ფიქრობს, რომ მკვლელის პოვნაში ხიდზე იმ დღეს გადაღებული ფოტოები დაეხმარება. ამიტომ ის ინტერნეტში აქვეყნებს თხოვნას, გაუგზავნონ კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ რიცხვში კარლოსის ხიდზე გადაღებული ფოტოები. თხოვნის მიზეზად პოსტავანგარდისტულ აქციას ასახელებს – თითქოს პოლ ოსტერის სცენარის მიხედვით გადაღებული „Smoke“-ის ერთ-ერთი პერსონაჟის (ჰარვი კეიტელი) მსგავსად, სურს, ხიდის ისტორიის ერთი მომენტის სრული სინქრონული ალბომი შეადგინოს (განსხვავება კეიტელის პერსონაჟისგან ის არის, რომ „Smoke“-ის პერსონაჟი ფოტოკამერის ერთი რაკურსის დიაქრონულ ისტორიას ადგენს). გამომძიებელი ფოტოების ავტორებს ამ გაბედული პროექტის თანაავტორობას სთავაზობს. თხოვნის პასუხად მას 900-მდე ფოტოს გამოუგზავნიან. ბოლოს ვნახავთ, რომ სულ არ არის შემთხვევითი ტექსტში „ავტორის“ და „ავტორობის“ ხშირი გამოყენება – როგორც სიტყვების და როგორც სიუჟეტური ელემენტის. ვფიქრობ, ეს იმ იშვიათ წიგნთაგანია, სადაც „ფეისბუქი“, როგორც თხრობის ინსტრუმენტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამომძიებელი სწორედ „ფეისბუქის“ მეშვეობით იწყებს ფოტოების მოძიებას და თავის კოლეგებსაც ხშირად ამ გზით ესაუბრება. ამ 900 ფოტოდან გამომძიებელი შეარჩევს 300-ს, რომლებიც იმ 5 წუთშია გადაღებული, როდესაც, როგორც ეს ექსპერტიზის და წინასწარი საგამოძიებო მუშაობის შედეგად დადგინდა, მკვლელობა მოხდა.
აქ იწყება დეტექტივის ყველაზე საინტერესო ნაწილი: ბევრ სურათზე აშკარად ჩანს ერთი პერსონა, რომელიც საეჭვო მდგომარეობებშია დაფიქსირებული: ხან ბოძს ეფარება, ხან თავს აჩვენებს, რომ გასაყიდ სუვენირებს ათვალიერებს, ხანაც – გულის ჯიბეში ხელშეყოფილი სადღაც მიიჩქარის.
საინტერესო კი ის არის, რომ ამ პერსონას გამომძიებელი ჯიუტად ვერ ამჩნევს. ის აწყობს დისკუსიას კოლეგებთან, ხვდება ფოტოების ავტორებიდან ზოგიერთს, მაგრამ არსად არ ახსენებს იმ უცნაურ პერსონას, რომელიც თითქმის ყველა სურათზეა აღბეჭდილი. ასე გრძელდება დაახლოებით მე-100 გვერდამდე. მე-100 გვერდზე ერთ-ერთი პერსონაჟი გამომძიებელს აღწერს. მკითხველი ხვდება, რომ ის უცნობი და საეჭვო პერსონა, რომელიც მე-100 გვერდამდე ხვდებოდა ფოტოებზე, სწორედ გამომძიებელია. მკითხველს უჩნდება ეჭვი, რომ მკვლელი თვითონ გამომძიებელია და საკუთარი თავის ფოტოებზე არშემჩნევით ცდილობს, დამალოს საკუთარი კვალი. ეს ეჭვი მკითხველს უმყარდება, როდესაც ერთ-ერთ ფოტოგადამღებთან სტუმრობისას გამომძიებელს მასპინძელი თითქოს იცნობს და კედლიდან ჩამოხსნილი ხანჯლით ცდილობს გაუმკლავდეს. ორთაბრძოლაში მასპინძელი კვდება. პოლიცია იწყებს ამ შემთხვევითი მკვლელობის გამოძიებას: ძიების პროცესში გამომძიებელს ჯერ გამოძიების უფლებას ართმევენ, ხოლო შემდეგ აპატიმრებენ. მეორე დილას გამომძიებელს ჩამომხრჩვალს პოულობენ საკანში. ექსპერტიზა ასკვნის, რომ მან თავი მოიკლა. საქმე იხურება – გამომძიებლის დანაშაული კარლოსის ხიდზე ჩადენილ მკვლელობაში უტყუარია. მოტივი, როგორც საბოლოოდ ასკვნიან, სიყვარული და ეჭვიანობა. მაგრამ როდესაც მკითხველი ბოლო გვერდს გადაშლის, ის წააწყდება ფოტოების კოლაჟს: წიგნში გაფანტული ფოტოების ნაკრებს, ოღონდ ბევრად მცირე ზომისას. თუკი კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ის ფოტოებია, სადაც გამომძიებლის ფიგურა უნდა ჩანდეს. არადა, თუკი გამადიდებელ შუშას მოიმარჯვებთ, აღმოაჩენთ, რომ ამ ფოტოებზე გამომძიებლის ფიგურა აღარ არის.
„სინამდვილეში“, გამოძიება აქ იწყება. მკითხველი იწყებს ფიქრს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური ფინალი. ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, თქვენ ხვდებით, რომ ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრისა არის ის, რომ გამომძიებლის დანაშაულის ფაბრიკაცია მოხდა: თუკი თვალს თავიდან გადაავლებთ ტექსტს, ნახავთ, რომ ის ამ „ახალი“ სურათების (ანუ, გამომძიებლის ფიგურის გარეშე) შესაბამისია და არანაირი წინააღმდეგობა წიგნში აღწერილ გამომძიებლის მოქმედებასა და წიგნის ბოლო გვერდზე განლაგებულ კოლაჟში მოქცეულ სურათებს შორის არ არის. ბუნებრივია, ეს წიგნი ასეა ჩაფიქრებული. როგორც ვიცი, ეს ერთადერთი დეტექტივია, რომელიც სცდება წიგნის ფურცლებს, გადმოდის ჩვენს სამყაროში და მოგვიწოდებს, მკვლელობების დამგეგმავი და ჩამდენი წიგნის გარეთ ვეძებოთ.
        ვფიქრობ, რომ ეს პირველი დეტექტივია, სადაც აშკარადაა მითითებული, რომ მკვლელი ავტორია. ცხადია, რომ ყველა დეტექტივის შემთხვევაში ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ მხოლოდ „ფოტოდეტექტივი: ხიდისა და ფოტოკამერის ისტორია“ გვეუბნება ამას ღიად და წიგნში მომხდარ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას ავტორს აკისრებს. იანოშ ზგრაგა პირველი ავტორია, რომელიც დეტექტივის ავტორების მორალურ (ჩვენს სამყაროში) და სამართლებრივ (დეტექტივის ავტორების მიერ შექმნილ სამყაროში) პასუხისმგებლობაზე მიგვითითებს და ამ ფაქტს დეტექტიურ სიუჟეტს უდებს საფუძვლად. თუკი სინამდვილესთან ახლოა ის თეორია, XIII საუკუნის დომინიკანელ იერონიმუსს რომ მიეწერება, რომლის მიხედვითაც ყველა შესაძლო სამყარო [ღმერთში] არსებობს, მაშინ ყველა დეტექტივის ავტორს პასუხი მოეთხოვება იმ მკვლელობებზე, რომლებიც მათ თავიანთ წიგნებში, თავიანთ შექმნილ სამყაროში ჩაიდინეს. თუმცა, იერონიმუსის თეორიიდანვე გამომდინარეობს, რომ ყველა შესაძლო სამყაროში ყოველი ქმედება თავისუფალი არჩევანის შედეგია. ამიტომ, თუკი მართალია ის, რომ დეტექტივში ავტორი კლავს, ასევე მართალია ის, რომ სადღაც არსებობს სხვა წიგნი, სადაც ავტორი არ კლავს იმავე პერსონაჟს, ანდა, არსებობს სამყარო, რომელშიც წიგნის პერსონაჟს აქვს არჩევანის თავისუფლება. მაგრამ, გონების და მსჯელობის სიცხადის შენარჩუნებისათვის ჯობია ჩვენსავე გარემოში და „ფოტოდეტექტივის“ მიერ შექმნილ ჩვენი სამყაროს ახალ განზომილებაში დავრჩეთ. ჯერჯერობით – ამ ტექსტის ბოლო ხაზამდე მაინც. არ ვიცი, დეტექტიური ჟანრის განვითარებისათვის რამდენად პროდუქტიულია, დეტექტივების ავტორებს მორალური თვალით რომ შევხედოთ. თუმცა, „ფოტოდეტექტივი“ ნამდვილად გამორჩეულია თავის ჟანრში და ნაბიჯია ახალი მიმართულებით, მაგრამ, ვშიშობ, ეს ნაბიჯი გადადგმისთანავე კედელს მიებჯინა. ამასთან, ისიც ხომ ცხადია, რომ ავტორები საკუთარ წიგნებში სჯიან და განაგებენ. შესაბამისად, ამ წიგნებში მოქცეული სამყაროს ყველა უბედურება, ბავშვის ყველა ცრემლი მათ კისერზეა. მით უმეტეს, თუკი ჩვენ გარშემო განფენილ უსასრულობაში მართლაც არის თუნდაც ერთი წერტილი, სადაც დეტექტივების ავტორების შექმნილი სამყაროები არსებობს.

elisabed: იანვარი 6, 2015||5:25pm

არ ,,მევასება“ წიგნების განხილვების კითხვა და რა ვქნა.. ჯობია წიგნი წაიკითხო, რაღაც უსაქმურობა მგონია განხილვებს რო ვკითხულობ, სხისი აზრის წაკითხვა წიგნზე რომელიც არ წაგიკითხავს გაპროგრამებს და მერე იმისი თვალიტ უყურებ იმ წიგნს, ნუ შეიძლება ეს არ მოხდეს მაგრამ.. თვით ბორხესის განხილვებიც კი არ წავიკითხე! :დ

Kakha: იანვარი 6, 2015||5:29pm

elis მერე გიგისთან ოთხი წელი რომ სწავლობდი რატომ არ ეუბნებოდი მაგას? :DD 

elisabed: იანვარი 6, 2015||5:32pm

ვინ გიგისთან? :დ 

elisabed: იანვარი 6, 2015||5:33pm

ააააა თევზაძეე? :დ  მაგას აქვს განხილვები? არც ვიცოდი, აწი თუ შემხვდა ვეტყვი  ქმოონ გიგი თქო :დ 

Kakha: იანვარი 6, 2015||5:40pm

elis დიახ ეგ გიგი :DD რომ გაიგე ვინც არის აღარ აკრიტიკებ ჰო? :D :P

elisabed: იანვარი 6, 2015||5:41pm

სად დაინახე რო აღარ ვაკრიტიკებ :დ :დ გიგისაც და ყველასაც ეხება ეგ  :დ  უსაქმურები ხართ ბიძია :დ  და ისინი უფრო ვინც კითხულობთ ამეებს :დ  აი ასე :დ 

Kakha: იანვარი 6, 2015||5:57pm

 შენ მარტო გამოიწვიე გიგი მაგრამ არ დაუწუნე ქცევა :DD

elisabed: იანვარი 6, 2015||6:14pm

კახა მე ეხლა მეძინება და ნუ მიწვევ პოლემიკაში :დ 

Kakha: იანვარი 6, 2015||6:28pm

elis არ გიწვევ უბრალოდ მინდა რომ სამართლიანი იყო :D :P

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცესკომ მანდატები დაარიგა, ოპოზიცია მტკიცე უარზეა, მინისტრები აქტიურობენ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
საათი: 10:44pm 0 კომენტარი

      ნატოში სულ კარგ რამეებს ამბობენ - უნდა დავახლოვდეთო, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო მაგრამ ჯერ ვერ მიგიღებთო. ცესკომ, საბოლოოდ დაადგინა შედეგები და გამარჯვებულ-დამარცხებულებიც ოფიციალურად წარადგინა. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია კვლავაც მტკიცეს დგას თავის უარზე, ხოლო კორონავირუსი ყველა პრობლემის სათავეს წარმოადგენს. სვანები არ გეგონოთ - კოვიდიანები - 147636 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 124568, გარდაცვლილი - 1387, კარანტინში -…

გაგრძელება

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება…

გაგრძელება

სასესხო დოკუმენტები - შესაძლებლობები და პრობლემები

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

When Notary Signing Agents go to the signing table, they bring countless pages of documents, and borrowers often have questions about them. But there is fine line between what an NSA can and cannot say, and Servicenummer often gets phone calls asking relating to this.

Whilst you may explain loan documents, you are never permitted to make clear how loan documents will affect borrowers. Yet how can you define "explain, " and how do you know when you have crossed the line?

Why…

გაგრძელება

ახალ ოცწლედში შესვლის ბიუჯეტი და კარტოგრაფია სასამართლოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185…

გაგრძელება

Qwelly World

free counters