ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      ო, რა ამბავი ატყდა, რომ იცოდეთ, როდესაც ორსახა ნიღაბი მორჩა თავის სათქმელს. ნიღბები არა მარტო აჟივჟივდნენ და ახმაურდნენ გახარებული ბავშვებივით (ეს მათგან აღარ მიკვირდა), მოძრაობითაც გამოხატავდნენ თავიანთ აღფრთოვანებას მოსმენილით. ადგილზე ხტოდნენ, ხელებს იქნევდნენ, დათვს ბაძავდნენ მოუხეშავ ტორტმანში... რამდენადაც ჩუმად იყვნენ მხეცის ავაზასთან მსგავსების აღმოჩენისას (ავაზამ ისინი, პირდაპირ დაამუნჯა), იმდენად გამხიარულდნენ და აცქმუტდნენ დათვის ფეხების შესახებ საუბრისას. ყველამ სცადა, დათვისებურად ებაჯბაჯა, მოუხეშავად ექნია ტორები. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო დაემსგავსებოდა დათვს.

      - მხეცი უკვე სულ მთლიანად ამოვიდა ზღვიდან, - დაიგრუხუნა უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთმა, თან დათვივით ტორტმანებდა, - ვეღარსად დაგვემალება!

      ნიღბებმაც ქოროსავით გაიმეორეს:

      - ვეღარსად დაგვემალება!

      რა თქმა უნდა, ვარსკვლავებმაც გაიზიარეს ჩვენს ირგვლივ გამეფებული მხიარულება, დიდი დათვის თანავარსკვლავედი გამოსახეს ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში. სულ პირველად ჭექა-ქუხილის ღმერთმა მიგვითითა მისკენ... ამან მხიარულების ახალი ტალღა გამოიწვია ნიღბებში.

      როგორც შევამჩნიე (ამისთვის ბევრი საბაბი მქონდა), ამ საოცარი, შორსგაზიდული სივრცის წიაღი მეტისმეტად მგრძნობიარედ აღიქვამდა ყველა იმ განწყობილებას, ნიღბებს შორის რომ დაისადგურებდა... ჯერ არ ვიცოდი, მე თვითონ რამდენად მეხებოდა ეს გარემოება, თუმცა, ბოლოს მივხვდი, არც მე ვყოფილვარ უცხო მისთვის.

      მერე კი, თითქოს ვიღაცამ უბრძანაო, ნიღბებმა უცბად შეწყვიტეს მხიარულება, ყველა მე მომაჩერდა.

      უკვე ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა, თავი გავიქნიე იმის ნიშნად, არც ახლა მაქვს რაიმე სათქმელი-მეთქი.

      - ნუთუ შემთხვევითობა არაფერს გვეტყვის? - ახმიანდნენ ნიღბები, მათ ხმებში საყვედური ისმოდა. ოქროს ნიღაბმა ხელიც კი ჩაიქნია ამის დანახვისას, გულმა რეჩხი მიყო. რას მემართლებიან ეს ნიღბები, რატომ მოითხოვენ ჩემგან შეუძლებელს. აბა, რა უნდა ვუთხრა მათ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ... მე ხომ არ შემიძლია ვარსკვლავებამდე ამაღლება, დრო-სივრცის უფართოესი რკალი მიუწვდომელია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ასეთ რამეებზე ფიქრით თავი არასდროს გამიცხელებია. ამას გარდა, ახლა სულ სხვა საფიქრალით ვარ შეპყრობილი...

      ხმის ამოღებას როგორ გავბედავდი, თავი ჩავღუნე, ჩუმად ვასკდებოდი ჩემს გულს... „როგორმე გაუძელი“ კიდევ ერთხელ შევუძახე თავს. როცა იქნება, ეწევი საწადელს, თუმცა, გაძლებაც არის და გაძლებაც, ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა უკვე.

      ყოველივეს აქვს დასასრული, ეს პატარა უსიამოვნებაც (მე ასე დავარქვი) დასრულდა; ცისარტყელას ნიღაბმა შეიმაღლა ხმა, ასე თქვა: მეც გამიჩნდა სათქმელი ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ. პირდაპირ მოთმინება არ მყოფნის სანამ გაგიზიარებთო.

      ნიღბებმაც (კიდევ კარგი) ახლა უკვე მას მიაპყრეს თვალი.

* * *

      ზღვიდან ამომავალ მხეცს ვუტრიალებთ ირგვლივ... ის უკვე მთლიანად ამოვიდა ზღვიდან, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. წმინდა წერილში სწერია: „...მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება“. რომელ ტახტზეა აქ ლაპარაკი?

      მინდა შეგახსენოთ: ყველაზე უდიდესი მხატვარი დედამიწაზე მზის სხივი გახლავთ. მზის სხივი ქმნის შუქჩრდილებს, ხატავს და აღწერს ყოველივეს, რასაც კი ჩვენი თვალი მიწვდება. მზე შობს ცისარტყელებს, თვალმახარა ზეციურ რკალებს. მთვარის შუქიც ხომ მზის სხივების ანარეკლია... ერთი სიტყვით, ჩვენი ხედვა მთლიანად მზის სხივის ყოფნა-არყოფნაზეა დამოკიდებული.

      მაგრამ ახლა, როდესაც დრო-სივრცის უფართოეს რკალზე გადავინაცვლეთ (ანუ ვარსკვლავებამდე ავმაღლდით), უკვე აღარ ვართ დამოკიდებულნი მზის სხივზე, როგორც შუქის ერთადერთ წყაროზე. თითქოს ფარდა გადაიწიაო, სულ სხვა სინათლე შემოიჭრა რომელიღაცა იდუმალი სარკმლიდან. გამოუცნობი ბუნებისაა ეს სინათლე, ვერ ვამჩნევთ თვითონ მას, მზის სხივებისგან განსხვავებით. ვერც ფერებს დაუთვლი, როგორც ცისარტყელას. ამდენს ვერ შებედავ, მაგრამ იმდენს კი ვხედავთ, თუ რა განსხვავებული შუქი მოეფინა ყველაფერს.

      ამ საოცარმა, იდუმალმა სინათლემ ყველაფერი ახლებურად წარმოაჩინა, ბევრი ისეთი რამ გაამჟღავნა, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით (ამ სიტყვების გაგონებისას მე ოქროს ნიღაბის საყვარლად ჩახვეულ რქებს მივესიყვარულე თვალებით), მის დანახვაში მზის სხივი ვერ გვეხმარებოდა, რამდენადაც შეუვალია მის მიმართ.

      ჰოდა, რა არის ის, რაც მზის სხივისთვის შეუვალი ყოფილა?

      უპირველეს ყოვლისა, ოქროს ნიღბის კრავისებური რქები (კიდევ კარგი, მოიფიქრა ამის თქმა), თუმცა ეს როდია ყველაფერი. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ფართო დრო-სივრცის არეალზე განფენილი შტრიხები და კონტურები... სწორედ მათ ჩაუსაფრდნენ ნიღბები, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს...

      მეც მოვახერხე რაღაც, თვალი მოვკარი ხსენებული კონტურების გარკვეულ ნაწილს და მოყვანილობას. მინდა ჩემეული ხედვა მოგახსენოთ ამის შესახებ.

      ჩვენი ცთომილი თავისი განვითარების ხუთ ერას მოითვლის. მათი ჩამოთვლა, ვფიქრობ, აუცილებელი არაა, ისინი ყველასთვის ცნობილია. ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ ერათა მონაცვლეობას ვნახავთ, თუ რა თანმიმდევრულად მისდევენ ერთმანეთს, თითქოს ვიღაც უხილავი რეჟისორი წყვეტდეს, რომელმა რომელი უნდა ჩაანაცვლოს და როდის. ცვლილებათა ხანა მეტისმეტად მკაცრადაა განსაზღვრული. როდესაც მოაწევს ჟამი რომელიმე სახეობის აღზევებისა, ეს აღსრულდება კიდეც, წინ ვერაფერი დაუდგება. მანამდე არსებული ბიოლოგიური სახეობა თმობს თავის ადგილს მზის ქვეშ, მისი დრო ამოიწურა, ასეთია გარდაუვალი ნება ამ უწყვეტი ცვალებადობისა.

      მინდა თქვენი ყურადღება იმ ერაზე შევაჩერო, რომელიც კაინოზურს (ადამიანის ზეობას) უძღოდა წინ. მას მეზოზოის უწოდებენ...

      ასე რომ, მეზოზოური ერა, დინოზავრების ზეობის ხანა... ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ დედამიწას, ერთი კარგად მოვათვალიეროთ მთელი მისი ზედაპირი, ხმელეთი, წყალი თუ ჰაერი... აბა, სად არიან დინოზავრები?

      „ყველგან არიან!“ აი ამ სიტყვებით შევეხმიანებით, თუ მსგავს შეკითხვას დაგვისვამს ვინმე. სადღა არ არიან... საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დინოზავრებია; ხმელეთზე, წყალში, ცაში... მათ დაიპყრეს მთელი დედამიწა, ჰაერში ფრთები გაუშლიათ ყოვლად უჩვეულო შესახედაობის მფრინავ ხვლიკებს, მათი გაშლილი ფრთების სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. ჭაობი ხომ, თქმა არ უნდა, მათ ეკუთვნით განუყოფლად. რა აღწერს მათ ნაირგვარობას და მრავალრიცხოვნობას. განუწყვეტლივ იქმნებიან სხვადასხვა სახეობათა განშტოებანი, ძალზე ძნელია მათ კვალზე მიყოლა.

      ზოგიერთ განშტოებას განსაკუთრებულად დიდი ზომის სხეული აქვს, შესაბამისად დიდი ღონითაც გამოირჩევა... შეიძლება ითქვას, ნამდვილ გიგანტებად იქცნენ ის დინოზავრები, ამ განშტოებას რომ ეკუთვნიან. მიწა ზანზარებს მათი მძიმე ნაბიჯების ქვეშ.

      ერთერთი მათგანი გამოვიხმოთ ამ გიგანტებიდან. სახელად სტეგოზავრი ჰქვია. ზომებით ხომ ფრიად მოსული ვინმეა... დღევანდელი ადამიანი მის გვერდით სათამაშოსავით პატარა გამოჩნდებოდა. ცხადია, ღონეც სხეულის შესაფერისი უნდა ჰქონდეს. როგორც იტყვიან, კუნთები ასკდება ზედმეტი ღონისგან... ამას გარდა (მიაქციეთ ყურადღება), მთელი თავისი გიგანტური სხეული არაჩვეულებრივად მკვრივი გარსით (რქოვანით) აქვს შემოჯავშნული. თანაც ეს გარსი დაკბილულია... ასე რომ, ჩვენი ზორბა ჯეელის სხეული ერთიანად აღჭურვილია ფარებით და მახვილებით. რა კარგია, არა? ჩვენს გიგანტს არ სჭირდება; არც იარაღის საგანგებო საწყობები, არც საჭურველმტვირთველები, შეიარაღების მთელ არსენალს თან ატარებს... ჰოდა, წარმოიდგინეთ რა ძლევამოსილი უნდა იყოს ამ ზომის და ღონის მქონე სხეული, თანაც კბილებამდე (ეს სიტყვა აქ სრულ ჭეშმარიტებას ასახავს) შეიარაღებული. მას შეუძლია თავისი დაკბილული კუდის ერთი მოქნევით შუაზე გაწყვიტოს ადამიანი, თუ სადმე გადაეყარა მას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბაღლინჯოსავით რომ შეუძლია მისი გასრესა... თუმცა ადამიანი რას მიქვია, ჩვენს მრისხანე ჯეელს ვერავინ უწევს მეტოქეობას იმ დროსა და სივრცეში, საიდანაც ის ჩვენ გამოვიხმეთ. როგორც იტყვიან, მას მტერი არ ჰყავს ბუნებაში. ანუ, მიეცა მეუფება დედამიწაზე...

      ალბათ მიაქციეთ ყურადღება; ფარებიც ვახსენე, როდესაც სტეგოზავრის შეიარაღებაზე მოგითხრობდით. თითქოს გასაოცარია, ფარები რიღასთვის სჭირდება? მას ხომ, როგორც ვიცით, მტერი არ ჰყავს ბუნებაში... გიპასუხებთ: ერთმანეთისგან თავდასაცავად სჭირდებოდათ ფარები, ერთმანეთს ესხმოდნენ თავს, „გავლენის სფეროებს“ ინაწილებდნენ, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ.

      დავტოვოთ მეზოზური ერა, კაინოზოურში გადავინაცვლოთ. ეს ჩვენთვის სულ ადვილია, დრო-სივრცის უფართოეს რკალს მივყვებით. ახლაც ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ დედამიწას, მოვათვალიეროთ; აბა, სად არიან ადამიანები?

      „ყველგან არიან!“ აქაც ამ ორად ორი სიტყვით ვუპასუხებთ მსგავს შეკითხვას. სადღა არ არიან ადამიანები, ხმელეთზე, წყალში, ჰაერში, ამ ბოლო დროს კოსმოსშიც... მათ დაიპყრეს ყველა მიწიერი სტიქია, თავიანთ სამსახურში ჩააყენეს მათ წიაღში მთვლემარე ფარული ენერგიები... მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს მიეცა მეუფება დედამიწაზე.

      მერედა როგორ, რა საშუალებით შეძლო ადამიანმა მთელი დედამიწის ზედაპირზე გაბატონება... ის ხომ ვერ დაიკვეხნის ისეთი წარმოსადეგობით, ჩვენს მიერ გამოხმობილი ზორბა ჯეელი (სტეგოზავრი) რომ იწონებდა თავს... არც ბუნებრივი შეიარაღება გაუმეტებია მისთვის განგებას... ადამიანი ამ მხრივ შეუდარებლად მოკრძალებულად გამოიყურება, უმწეო სათამაშოს ჰგავს გიგანტური ხვლიკის გვერდით, თითქოს არსებობის უფლებაც კი არ აქვს, ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ... (დიახ, აქ არის „მაგრამ“, რომელიც ყველაფერს გადაწონის). ადამიანს წარმოუდგენლად უფრო განვითარებული გონება მიანიჭა განგებამ, ვიდრე მის ზორბა წინამორბედს ჰქონდა. ამ მეტად ქმედითი, საოცარი გონებისმიერი ენერგიით ნამდვილ სასწაულებს ახდენს. არც იარაღი აკლია ამ ჩვენს არც ისე წარმოსადეგ ჯეელს (ადამიანს), ოღონდ აქ ერთი უმთავრესი განსხვავებაა; სტეგოზავრს იარაღი სხეულზე ჰქონდა ასხმული, თან დაატარებდა მუდამ, ადამიანმა კი საკუთარი სხეულის მიღმა გადაიტანა თავისი შეიარაღება... ასე ვთქვათ, სხვაგან მიუჩინა მას ადგილი. თუმცა არც ისე შორს, როგორც იტყვიან, ხელის გაწვდენაზე.

      ასე რომ, ადამიანმა იპოვა გამოსავალი, არაჩვეულებრივად განვითარებული გონების წყალობით, რაც ბუნებამ დააკლო, გონებამ აანაზღაურა. მის განკარგულებაში საბრძოლო იარაღის მთელი არსენალია. თანაც ეს არსენალი განუწყვეტლივ მდიდრდება და იხვეწება. მის მრავალფეროვნებას ხომ, ვერც კი ჩამოთვლი.

      ვთქვათ მოკლედ: ადამიანს მიეცა მეუფება დედამიწაზე, სხეულის ძლევამოსილება გონების ძლევამოსილებამ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს ნამდვილად არ ჰყავს მეტოქე ჩვენს ცთომილზე. სხვაგან, არ ვიცი...

      „მისცა მას გველეშაპმა ტახტი და მეუფება“, წმინდა წერილის სიტყვებია.

      მერედა, განა მართლა გველეშაპს არ ჰგავს ის საოცარი არსება, მეცნიერებმა სტეგოზავრი რომ უწოდეს? ალბათ ყველას გსმენიათ ზღაპრული გველეშაპის შესახებ. ისიც ხომ გიგანტური ხვლიკის მსგავსი არსება იყო, ოღონდ... ფრთებით აღჭურვილი. ჰოდა, აქაც ყოველივე ცხადია: დინოზავრთა ზოგიერთი სახეობა ჰაერში დაფრინავდა, როგორც უკვე ვიცით... ასე რომ, არც ფრთები დაჰკლებია დინოზავრთა მოდგმას, ანუ გველეშაპს. აქ ერთ საზღვრებშია თავმოყრილი დინოზავრთა ყველა სახეობის თვისებები; ხმელეთზე სიარული, წყალში ცურვა და ჰაერში ფრენა... სწორედ ამას ნიშნავს წმინდა წერილში მოხსენიებული გველეშაპი, ადამიანმა (ზღვიდან ამომავალმა მხეცმა) მისგან გადაიბარა მიწიერი ტახტი და მეუფება.

      „გაკვირდა მთელი დედამიწის მოსახლეობა და უკან გაედევნა მხეცს“.

      წმინდა წერილის ეს სიტყვები თვითონვე მეტყველებენ ყველაზე ცხადად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანი (ზღვიდან ამომავალი მხეცი) ბუნების გვირგვინია, მან საკუთარი სხეულის წიაღში გაითავისა ცოცხალი არსების ყველა სახეობა, რაც კი ოდესმე დედამიწის ზურგზე გაჭაჭანებულა. ჰოდა, ყველა ეს სახეობა აღიარებს ადამიანის უპირატესობას და ძლევამოსილებას. ეს აღიარება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ზოგი მას (ადამიანს) ემორჩილება... გნებავთ, ემონება. მოშინაურებული პირუტყვი მყავს მხედველობაში. ზოგიც პირიქით, გაურბის და ემალება. ამით იგი საკუთარ მარცხს, ანუ უძლურებას აღიარებს ადამიანის წინაშე. გამარჯვებული არ გარბის, გარბის მხოლოდ დამარცხებული. გამარჯვებული თავის ნებას კარნახობს დედამიწის ყველა ბინადარს, მისგან განსხვავებულს. ყველგან და ყოველთვის თავის ნებისაებრ მოქმედებს, და მას ზღვიდან ამომავალი მხეცი ეწოდა დღესდღეობით, ანუ ადამიანი მისი ყველაზე ზოგადი ნიშნით.

* * *

      ცისარტყელას ნიღაბს ძლივს აცალეს სიტყვის დასრულება... ო, რა ჟრიამული ატყდა; „სად არიან?“ „ყველგან არიან“... ეს ორი სიტყვა მესმოდა ყველაზე ხშირად. ჩანს, ნიღბებს ძალიან მოეწონათ ცისარტყელას ნიღბის მიერ დახატული, მათრლაცდა ფერადოვანი სურათი; ჯერ დინოზავრების ზეობა, მერე კი ადამიანის აღზევება. ძალიან გაუხარდათ (ჩემი აზრით), გველეშაპმა მხეცს რომ გადაულოცა მთელი თავისი ძლევამოსილება. „მხეცი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ადამიანს“; ასეთი გახლდათ მათი საბოლოო დასკვნა მოსმენილის შესახებ. ალბათ ციური მნათობებიც იზიარებდნენ ნიღბების დიდ სიხარულს. ვერც კი ავწერ, ისეთი რიალი და ფორიაქი შექმნეს ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში.

      მერე კი, ცხადია, მე შემომაცეცეს თვალები ნიღბებმა: აბა, გველეშაპის შესახებ რას გვეტყვიო.

      - აბა, რა უნდა გითხრათ, - ვამბობ თავჩაღუნული, თან საკუთარ თავს ვამხნევებ... „ცოტაც გაუძელ, მხეცი უკვე ამოვიდა ზღვიდან... ალბათ მალე მორჩებიან... მთავარია, ოქროს ნიღაბი არ დავკარგო მხედველობიდან.

      მაგრამ „გაძლება“ სულ უფრო გაუსაძლისი ხდება... ნიღბები მეტისმეტად ხმამაღლა აჟრიამულდნენ; ამას ვერ მოვითმენთ, შემთხვევითობამ აუცილებლად უნდა გვითხრას რამეო, მოითხოვეს.

      - ჯერჯერობით არაფერი მომდის თავში, - ვამბობ შეშინებული, - ცოტა მაცალეთ, იქნებ რაიმე მოვიფიქრო...

      - მაინც, რამდენ ხანს უნდა გაცალოთ? - მკითხა ოქროს ნიღაბმა, სწორედ მან,... პასუხის მოლოდინში მთელი ტანით აღიმართა აუზის პირას და ჯიქურ შემომხედა.

      ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, მგალობელი ფრინველის ნიღაბი ჩაერია ჩვენს საუბარში:

      - ერთი რაღაც მომივიდა აზრად, - თქვა მან, - ჯერ მე მომისმინეთ, შემთხვევითობამ მერე ილაპარაკოს.

ნახვა: 239

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, მხეცი, ნიღაბი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters