აკაკი ბაქრაძე - მწერლობის მოთვინიერება

იდეალი და ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი

      იდეალის თვინიერ სიტყვაკაზმული მწერლობა არ არსებობს. ზოგჯერ აშკარად არის ეს იდეალი გამოსახული და ზოგჯერ - ფარულად, მაგრამ იგი ყოველ ნაწარმოებში არსებობს. თეისტურ საზოგადოებაში იდეალის პოვნა იოლია. იგი ღმერთია და ადამიანი, როგორც არასრულყოფილი არსი, მოვალეა, ისწრაფვოდეს იმ ზნესრულობისაკენ, რასაც უფალი განასახიერებს. იდეალის პოვნა ძნელია და რთული ათეისტურ საზოგადოებაში, რამეთუ აქ ღმერთი უარყოფილია და მწერლობამ არ უწყის ნათლად და მკაფიოდ - ვინ უნდა აღიაროს იდეალად.

      "კაცია-ადამიანი?!"-ში ილია მიმართავს ლუარსაბ თათქარიძეს კითხვით - "წირვალოცვას არ ვაკლდებიო. რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: "ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო". აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისათვის სცდილხარ?.." თუ ათეისტური საზოგადოების ლუარსაბ თათქარიძეს მივმართავდით ამგვარივე კითხვით, მაშინ ვინ უნდა დაგვესვა ზეციერი მამის ანუ ღმერთის ადგილას? ვისებრ სრულყოფილებისაკენ შეიძლებოდა მოგვეწოდებინა? ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ. რაკი ღმერთი უარყოფილია, რჩება მხოლოდ ადამიანი. ადამიანი კი, როგორიც უნდა იყოს იგი, მაინც ადამიანია, ე.ი. არასრულყოფილი არსია. მწერლობის წინაშე დგას გადაულახავი დაბრკოლება. ჯერ ერთი, როგორ აქციოს არასრულყოფილი არსი სრულყოფილად და მეორეც, რა აზრი აქვს, ერთ არასრულყოფილს მოუწოდო მიბაძოს მეორე არასრულყოფილს? ეს გარემოება ქმნის აბსურდულ მდგომარეობას, რაც ცხადად გამოვლინდა საქართველოს ალკკ XXXII ყრილობაზე, 1982 წლის სამ აპრილს შევარდნაძის სიტყვაში.ვსაქართველოს კპ ცკ პირველმა მდივანმა კომკავშირელ ახალგაზრდებს მისაბაძი პირები ჩამოუთვალა. მოიხსენია ჩვეულებრივი ჩინოვნიკები, რომელნიც, შევარდნაძის აზრით, პირნათლად ასრულებენ პარტიული ფუნქციონერის მოვალეობას. ისინი გამოაცხადა იდეალად. მათ შორის იყო ნინო ჟვანიაც.

      "ანდა ნინო აქვსენტის ასული ჟვანია. გირჩევთ ახლა ისევ მიიღოთ იგი კომკავშირში.

      აი. ვის უნდა მიბაძოთ". ვინ არის ამჟამად ნინო ჟვანია? რიგითი პარტიული მოხელე. თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საქალაქო საბჭოში მისი ძირითადი ფუნქციაა საფლავების ადგილთა განაწილება. ყველა თბილისელმა იცის, რომ მიცვალებულისათვის დასამარხი ადგილის შოვნა უფრო ძნელია, ვიდრე ცოცხლისათვის - ბინისა. ამიტომ ჭირისუფალი ყოველთვის ნ. ჟვანიას კართან არის ატუზული. ამბობენ, მიცვალებული დაუსაფლავებელი რომ არ დარჩეს, ნ. ჟვანია ყოველთვის აკმაყოფილებსო მთხოვნელებს. მერწმუნეთ, სრულიად არ მსურს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ნ. ჟვანიას, როგორც ადამიანს, მაგრამ მისებრი ჩინოვნიკების ხომ ურიცხვი და უთვალავი არმიაა სსრკ-ში? ნუთუ ამას იქით კომუნისტთა იდეალი ვეღარ მიდის? ახლა უცბათ წარმოვიდგინოთ საბჭოელმა მწერალმა დაწერა დღევანდელი "კაციაადამიანი?!" მაშინ ილია ჭავჭავაძის ზემორეციტირებული სტრიქონები, შევარდნაძის რჩევის თანახმად, მიიღებს ასეთ სახეს: "კომკავშირის ან პარტიის კრებებს არ ვაკლდებიო. რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენი ცკ მდივნის სიტყვა: "ვითა ნინო ჟვანია იყავ შენ სრულიო". აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ?.." ასე იქცევა ანეგდოტად იდეალის ურთულესი და უსერიოზულესი პრობლემა. ეს კი იმის შედეგია, რომ ათეისტური საზოგადოება უარყოფს ღმერთს და ცდილობს გააღმერთოს ადამიანი. ამით კი ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. აქ მახსენდება ერთი შემთხვევა, მომხდარი ჩემს ბავშვობაში, როცა პირველად მომიყვანეს სკოლაში. ყველაფერი პირველი იყო: პირველი სექტემბერი, პირველი გაკვეთილი, პირველი მასწავლებელი, კლასის პირველი ამხანაგები. მზით გაჩახჩახებულ ოთახში მაგიდასთან იდგა ძაძებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი. ეჭირა საკლასო ჟურნალი და მონოტონური ხმით კითხულობდა მოწაფეთა გვარებს. კითხვა დაამთავრა, ჟურნალი დადო და აგვათვალ-ჩაგვათვალიერა. იგი დუმდა... კლასიც სულგანაბული მისჩერებოდა, რას იტყოდა მასწავლებელი პირველად.როგორც იქნა, მასწავლებელმა პირველი კითხვა დაგვისვა: - ბავშვებო, ვინ გიყვართ ყველაზე უფრო?

      თითქოს ბომბი გასკდაო, ისე ამოვარდა ჩვენი გულებიდან სიხარულის ყიჟინა. კითხვა ადვილი იყო. პასუხის გაცემა ყველას შეგვეძლო. ყველას გვწვავდა თავგამოჩენის სურვილი. როგორც იქნა, მასწავლებელმა მიუშვირა თითი ერთ-ერთ ჩვენთაგანს. იგი წამოხტა და რიხიანად უპასუხა: - დედა!

- არ არის სწორი! - მკაცრად თქვა მასწავლებელმა, - დაჯექი! გაკვირვების ტალღამ გადაუარა კლასს, მაგრამ ენთუზიაზმი მაინც არ გამქრალა: თუ დედა არა, მაშასადამე, მამა უნდა გვიყვარდესო... და კლასი კვლავ ბობოქრობდა. მასწავლებელმა მეორე წამოაყენა. პასუხი ისევ რიხიანი იყო: - მამა! მასწავლებელს უკვე ნერვიულად უთრთოდა სახე.

- არ არის სწორი, არა! დაჯექი!

      კლასში ენთუზიაზმი გაქრა. აშკარა დაბნეულობამ დაისადგურა. მხოლოდ გაბედულები არ ცხრებოდნენ და ისმოდა პასუხი: - ბებია!

- ბაბუა!

- და!

- ძმა! ძარღვებაშლილი მასწავლებელი ოთახში დარბოდა და ცივი ხმით ჰკიოდა: - არ არის სწორი! არ არის სწორი! კლასი დადუმდა, გაჩუმდა და გაიტრუნა. იოლი კითხვის პასუხი ურთულესი აღმოჩნდა. თავზარდაცემული ვცახცახებდით. მასწავლებელი კარგა ხანს ჩუმად მოგვჩერებოდა. მერე დაცინვით შემოგვხედა და ღვარძლიანი ხმით იკითხა: - როგორ, ბავშვებო, თქვენ ლენინი არ გიყვართ? ამის გაგონება იყო და მთელმა კლასმა დაუფიქრებლად ერთხმად ვიბღავლეთ: - გვიყვარს, გვიყვარს, გვიყვარს! მიდიოდა დრო და თანდათან გასაგები ხდებოდა, რომ თეისტური საზოგადოების იდეალი ღმერთი სსრკ-ის ათეისტურ საზოგადოებაში იცვლებოდა პარტიული ადამიანით, უფრო ზუსტად, კომუნისტით. რაკი კომუნისტის იდეალურ განსახიერებად ლენინი ითვლებოდა, იგი იკავებდა ღმერთის ადგილს. მუშავდებოდა და ინერგებოდა ფორმულა - არ არის ღმერთი, გარდა ლენინისა... ამის გაცნობიერება მკაფიოს ხდიდა, რომ სსრკ-ში ბატონდებოდა ახალი რელიგია - მარქსიზმ-ლენინიზმი. თუ არ ვცდები, ქართულ მწერლობაში მარქსიზმ-ლენინიზმი რელიგიად პირველად გერონტი ქიქოძემ მოიხსენია. "მართალია ჩვენი პლანეტა დიდია, ახალი რელიგიის (ე.ი. მარქსიზმ-ლენინიზმის - ა.ბ.) მიმდევარნი კი ჯერ მცირე რიცხოვანნი არიან, მაგრამ განა განახლება ყოველთვის რჩეულ უმცირესობას არ დაუწყია?" მერე ნ. დუმბაძემაც რელიგიად მონათლა მარქსიზმ-ლენინიზმი. " - ჩემი რელიგია (ე.ი. მარქსიზმ-ლენინიზმი ), ბატონო იორამ, ჯერ ასი წლისაც არ არის და იმდენი მორწმუნე ჰყავს, რომ თქვენს რელიგიას (ე.ი. ქრისტიანობას - ა.ბ.) არც კი დასიზმრებია".

      სხვათა შორის, კომუნისტები რომ არც ისე თავგამოდებული ათეისტები არიან, როგორც თავს გვაჩვენებენ, კარგად ჩანს ჰო ში მინის ანდერძშიც. ციტატა საგანგებოდ მომაქვს რუსული თარგმანით: Поэтому я оставляю эти несколько строк, чтобы для всего нашего народа... не было полной неожиданностью если я уйду к Марксу, Ленину и другим революционерам старшего поколения (Из завещания Хо Ши Мина, Ханой, 1969 г.). როგორც ხედავთ, ჰო ში მინი კი არ კვდება, არამედ მარქსთან და ლენინთან მიდის. ეს არ არის მხატვრული თქმა. აქ იმ ქვეყნად გადასახლების რწმენაა გამომჟღავნებული. კომუნისტების დამოკიდებულება მარქსიზმ-ლენინიზმისადმი რომ რელიგიურია და არა მეცნიერული, ამას ბევრი ნიშანი ადასტურებს. პირველი: მარქსიზმ-ლენინიზმი სსრკ-ში გამოცხადებულია ზემეცნიერებად. იგი მიჩნეულია ერთადერთ და უცდომელ მოძღვრებად. მისი ცოდნა სავალდებულოა ყოველი მოქალაქისათვის. მარქსიზმ-ლენინიზმის კრიტიკა სასტიკად აკრძალულია. ნებადართულია მხოლოდ მისი ხოტბა-დიდება. თუ მარქსიზმ-ლენინიზმი მეცნიერებაა, მაშინ მისი კრიტიკა, მისი დებულებების გადაფასებაც უნდა იყოს შესაძლებელი. მოგეხსენებათ, არ არსებობს მეცნიერება, რომელიც არ ცდება და რომლის დებულებებიც არ ძველდება. ასე რომ არ იყოს, მაშინ მეცნიერება ერთ ადგილას გაქვავდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა წინსვლა. კომუნისტების სიტყვით კი, მარქსიზმ-ლენინიზმში არაფერი ძველდება, ყველა დებულება უცვლელი და მარადიული ჭეშმარიტებაა. რაკი განსჯა, მსჯელობა, გადაფასება გამორიცხულია, რჩება ერთადერთი გზა - რწმენა. მარქსიზმ-ლენინიზმი განუსჯელად და ბრმად უნდა იწამო. განუსჯელი და ბრმა რწმენა რელიგიის თვისებაა და არა მეცნიერების.

      მეორე: ზემოთ მოვიხსენიე ფორმულა - არ არის ღმერთი, გარდა ლენინისა, - მაგრამ ბოლომდე არ მითქვამს, რა სახე აქვს მას. სრული სახე ამ ფორმულისა ასეთია: არ არის ღმერთი, გარდა ლენინისა და სკკპ ცკ გენერალური მდივანია მისი მოციქული. ამ ფორმულაში ლენინის ადგილი მუდმივი და შეუცვლელია. ვაკანტურია მხოლოდ მოციქულის ადგილი და მას შესაბამისად იკავებს ის, ვინც სკკპ გენერალური მდივნის ტახტზე ზის. სტალინის დროს არ არის ღმერთი, გარდა ლენინისა და სტალინია მისი მოციქული. ხრუშჩოვის დროს არ არის ღმერთი, გარდა ლენინისა და ხრუშჩოვია მისი მოციქული. ბრეჟნევის დროს არ არის ღმერთი, გარდა ლენინისა და ბრეჟნევია მისი მოციქული. სანამ მოციქული ანუ სკკპ ცკ გენერალური მდივანი ცოცხალია და პოსტი უჭირავს, ისიც ისეთივე უცდომელი და უცოდველია, როგორც ლენინი. თუ კომუნისტი მოციქული ანუ სკკპ ცკ გენერალური მდივანი მოკვდა ან მოხსნეს, მაშინ იგი უთუოდ ცოდვებით არის სავსე. ყველა დანაშაული და ბოროტება მას უნდა დაბრალდეს. თურმე ლენინის მოძღვრება ვერ გაუგია, ვერ აუთვისებია და ამიტომ მომაკვდინებელი შეცდომები დაუშვია. ახალ მდივანს კი ზუსტად და შეუმცდარად ესმის მარქსიზმლენინიზმის არსი და, ლენინის დროშით, პირდაპირ კომუნიზმისაკენ მიუძღვება საბჭოთა ხალხს. ასე მარტო სსრკ-ში არ არის. ასეა სხვა კომუნისტურ ქვეყნებშიც. ერთხელ ხელში ჩამივარდა რუსულად გამოცემული კორეული ჟურნალი "კორეა სეგოდნია" (1978 წ., №3). გადავათვალიერე იგი და რას ვხედავ - თურმე კორეელები ისევე აღმერთებენ კიმ ირ სენს, როგორც საბჭოელი მოქალაქეები ლენინს. რა ეპითეტებით არ ამკობენ ამ ჟურნალში კიმ ირ სენს! მშობლიური ბელადი - მამა, მარშალი - მამა, ერის მზე, დიდი ბელადი, ლეგენდური გმირი, დიდი ამხანაგი, ფოლადის მხედართმთავარი, უპრეცედენტო მხედართმთავარი ზეცით მოვლენილი, დედამიწაზე ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, კაცობრიობის გადამრჩენელი...

      ეს უკანასკნელი ეპითეტი პირდაპირ გამაოგნებელია სსრკ-ის მოქალაქისათვის. თუ კიმ ირ სენი კაცობრიობის გადამრჩენელია, მაშინ ლენინი ვინღაა? თურმე, ნუ იტყვით და, ყველა შოვინისტურ კომუნიზმს თავის საკუთარი "ღმერთი" ჰყოლია და სხვა კომუნისტური ერების "ღმერთებს" არ სცნობს. საბჭოელი მოქალაქეებისათვის ეს ღმერთი ლენინია, ჩინელებისათვის - მაო ძედუნი, კორეელებისათვის - კიმ ირ სენი, ვიეტნამელებისათვის - ჰო ში მინი, ალბანელებისათვის - ენვერ ხოჯა, იუგოსლავიელებისათვის - ტიტო, რუმინელებისათვის - ჩაუშესკუ და ასე შემდეგ. ამის მერე კომუნისტები გვარწმუნებენ, ათეისტები ვართო. როცა ჩვეულებრივი მოკვდავის ამგვარი კულტი და ფეტიშიზმი გაბატონდება, ცხადი და გასაგებია, როგორი სულიერი მონობის მსხვერპლი გახადა კომუნისტურმა მოძღვრებამ კაცობრიობის დიდი ნაწილი. რა აქვს საერთო დიქტატორის ამგვარ ფეტიშიზმს ათეიზმთან? ეს თეიზმის ყველაზე მახინჯი ფორმაა. იგი არღვევს ერთ-ერთ უპირველეს ზნეობრივ მცნებას - არა ქმნნე თავისა შენისა კერპნი.

      მესამე: ქრისტიანულ ფილოსოფიაში არსებობს ცნება - თეოდიცეი. როგორც ცნობილია, ამგვარი ცნების შემოღება აუცილებელი გახდა შემდეგი გარემოების გამო. ყოველივე არსებული ღმერთის შექმნილია. ღმერთი აბსოლუტური სამართლიანობაა. ამ ორმა დებულებამ დაბადა კითხვა: თუ ყველაფერი ღმერთის შექმნილია, მაშინ ბოროტებაც ღმერთს გაუჩენია. თუ ღმერთი აბსოლუტური სამართლიანობაა, მაშინ რატომღა შექმნა ბოროტება? ამ კითხვას პასუხი სჭირდებოდა და შემუშავდა თეოდიცეი, ანუ ღმერთის გამართლება. თეოდიცეი გვეუბნება: მართალია, ბოროტება არსებობს, მაგრამ ღმერთი არაფერშუაშია. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა გონება, ანუ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი. ადამიანმა მათ შორის არჩევანი თავად უნდა მოახდინოს. ღმერთი არ ზღუდავს ადამიანის ნებას. ადამიანის ნება თავისუფალია და უფლებამოსილია შეხედულებისამებრ მოიქცეს. თუ ღმერთი განსაზღვრავს ადამიანის ნებას, მივიღებთ მექანიკურ, დაპროგრამებულ კაცს. ეს დაპროგრამებული კაცი, მართალია, ბოროტებას აღარ ჩაიდენს, მაგრამ აღარ იქნება თავისუფალი, გახდება სხვისი ნების ამსრულებელი. სხვისი ნების ამსრულებელი ადამიანი კი აღარ არის ადამიანი. ამდენად, ქრისტიანულ ფილოსოფიაში არსებული ცნება - თეოდიცეი - უფრო ადამიანის ნების თავისუფლების დაცვაა, ვიდრე ღმერთის გამართლება.

      კომუნისტებმა კი შექმნეს პარტიადიცეის თეორია, თუმცა ისინი ამ ტერმინს არ იყენებენ. ყველა ბოროტება, რომელიც კი სსრკ-ში ხდება, მიეწერება ცალკეულ პირებს, ხოლო კომპარტია ყოველთვის მართალი, უცდომელი და სწორია. თუ ქრისტიანული თეოდიცეი ადამიანის ნების თავისუფლების დამცველია, კომუნისტური პარტიადიცეი თრგუნავს, იმონებს ადამიანის ნებას, რამეთუ სსრკ-ში ადამიანს ერთადერთი უფლება აქვს - კომპარტიის ზედაფენის განკარგულებათა უსიტყვო მორჩილებით ასრულების უფლება. სხვა აზრი ან არჩევანი პირწმინდად გამორიცხულია. ეს ხდება იმიტომ, რომ კომპარტია ყოველთვის მართალია და თუ ასეა, საპრეტენზიო ან საპროტესტო საბჭოელ მოქალაქეს რა უნდა ჰქონდეს?

      მეოთხე: თუ ქრისტიანისათვის წმინდა ქალაქი იერუსალიმია, მაჰმადიანისათვის - მექა, კომუნისტისათვის ამ ფუნქციას ასრულებს მოსკოვი. თუ რომელიმე კომუნისტი არ ცნობს მოსკოვს კომუნისტური სამყაროს მექად, იგი განდგომილია და უნდა მოიკვეთოს.

      მეხუთე: რელიგია ყოველი მორწმუნისაგან ითხოვს აღსარებას. მორწმუნემ გულღიად უნდა გაანდოს კულტის მსახურს ფიქრი, განცდა, ჩადენილი საქციელი. ამ გულწრფელობით იგი დაიმსახურებს ღმერთის კეთილგანწყობილებას, ცოდვების მიტევებას. აღსარების ნაცვლად კომუნისტებს აქვთ თვითკრიტიკა. თვითკრიტიკის დროს ყოველმა მოქალაქემ კომპარტიის წინაშე გულახდილად უნდა აღიაროს ყველა შეცდომა, დანაშაული, ცოდვა. ამით იგი დაიმსახურებს კომპარტიის კეთილგანწყობილებას და მონანიეს პარტია დიდსულოვნად შეუნდობს.

      მეექვსე: რელიგია იცნობს სამოთხის ცნებას. მარქსიზმ-ლენინიზმი სამოთხეს კომუნიზმით ცვლის. როგორც სამოთხეში, ისე კომუნიზმში სუფევს სრული ჰარმონია, აღკვეთილია ბოროტი და მხოლოდ კეთილი დღესასწაულობს. თუ სამოთხის კარი მართლმორწმუნეთათვის არის ღია, კომუნიზმშიც შევა ის, ვისაც უყოყმანოდ სჯერა მარქსის, ლენინის და სკკპ ცკ ცოცხალი გენერალური მდივნის (თუ გენერალური მდივანი მკვდარია ან მოხსნილია, მისი აღარც უნდა გჯეროდეს და აღარც უნდა გახსოვდეს). სამოთხესა და კომუნიზმს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სამოთხეში მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ შეიძლება მოხვდეს მართლმორწმუნე, კომუნიზმში კი ცოცხალი ადამიანები შევლენ, ოღონდ როდის, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.

      მეშვიდე: გავრცელების თვალსაზრისითაც მარქსიზმ-ლენინიზმიც იმგვარ საშუალებებს მიმართავს, როგორსაც რელიგია - პროპაგანდასა და ძალადობას, სადაც მარქსიზმ-ლენინიზმის დასამკვიდრებლად სიტყვა არ სჭრის, იქ ცეცხლითა და მახვილით ბატონდება კომუნიზმი.

      მერვე: რელიგია ინახავს წმინდანთა ნეშტებს. მერე მათ მორწმუნენი თაყვანს სცემენ. ასევე აქვთ შენახული კომუნისტებს მავზოლეუმებში ლენინის, მაო ძედუნის, ხო ში მინის, დიმიტროვის ნეშტები (თუ გაბრაზდნენ კომუნისტები, შეუძლიათ კომუნისტი წმინდანის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოაგდონ, მაგალითად სტალინის). ამ მავზოლეუმების წინ ადამიანთა უსასრულო რიგები დგას. ისინი მოდიან, რომ კომუნისტ წმინდანს თაყვანი სცენ. მერწმუნეთ, თუ კომუნისტებმა კიდევ დიდხანს შეინარჩუნეს რუსეთში ხელისუფლება, ერთ მშვენიერ დღეს მავზოლეუმიდან ლენინის ნეშტი გაქრება და კრემლი გამოაცხადებს - ლენინი ცად ამაღლდა და ღმერთის მარჯვნივ ადგილი დაიკავაო. ვინ უწყის, ტერორიზირებულმა საბჭოელმა მოქალაქეებმა შეიძლება დაიჯერონ კიდეც ეს. რუსულ ფილმში - "დედის გული", - რომელიც ლენინის დედისადმია მიძღვნილი", ტიტრები დაწერილია რაფაელის "მადონას" და სხვა მხატვრების სურათების, სადაც ღვთისმშობელი და ქრისტეა დახატული, ფონზე.

      მეცხრე: ისევე, როგორც ქრისტიანულ მწერლობას ჰქონდა, კომუნისტურ ლიტერატურასაც აქვს აგიოგრაფიული ჟანრი. კომუნისტურ აგიოგრაფიას ეკუთვნის ლენინიადა, სტალინიადა, ძერჟინსკიადა (განსაკუთრებით კინოში), ხრუშჩოვიადა, ბრეჟნევიადა. "წმინდანისადმი" დამოკიდებულებით და მხატვრული საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, ქრისტიანული და კომუნისტური აგიოგრაფიული მწერლობა ჰგავს ერთმანეთს. კომუნისტი "წმინდანიც" ისევეა უდრეკელი, უშიშარი, უცდომელი, რწმენისათვის თავდადებული და გაუტეხელი, ერთგული, ყოველგვარი ტანჯვა-წამების გადამტანი, როგორც ქრისტიანი წმინდანი. როგორც ქრისტესათვის სიკვდილი იყო უდიდესი ბედნიერება და ნეტარება, ასევეა მარქსიზმ-ლენინიზმისათვის სიკვდილი უდიდესი ბედნიერება და ნეტარება. არის განსხვავებაც. ქრისტიანულ აგიოგრაფიას ტრაგიკული პათოსი აქვს, კომუნისტურ აგიოგრაფიას კი - პაროდიული. ქრისტიანული აგიოგრაფოსი რწმენით წერდა, კომუნისტი აგიოგრაფოსი - დაფარული ირონიით. ქრისტიანული აგიოგრაფიული თხზულების კითხვის დროს მკითხველი ღრმა მოკრძალებით იმსჭვალება, ხოლო კომუნისტური აგიოგრაფია ღიმილს ჰგვრის პუბლიკუმს, უნდობლობით მსჭვალავს.

      მეათე: ჩვეულებრივი წესია: მორწმუნე მადლობას სწირავს ღმერთს მზრუნველობისა, მფარველობისა და მოწყალებისათვის. სსრკ-ში კი ამგვარი მადლობა კომპარტიას უნდა უთხრა. გაზეთები აჭრელებულია კომპარტიისადმი მიძღვნილი მადლობებით. ყველაფრისათვის (შიმშილისათვისაც კი, ციხეში ჩასმისათვისაც კი) კომპარტიას უნდა გადაუხადო მადლობა. კომპარტიაა მზრუნველი, მფარველი, მოწყალე. ეს კი საბჭოელი მოქალაქისაგან უსაზღვრო მადლობას და ქედმოდრეკას ითხოვს.

      მეთერთმეტე: როცა საბჭოურ გაზეთებში ნეკროლოგებს კითხულობთ, აუცილებლად წააწყდებით ფრაზას - სკკპ წევრი ამა და ამ წლიდან. ეს იგივეა, რაც ეკლესიის დოკუმენტებში აღნიშნული - მართლმადიდებელი ქრისტიანი, კათოლიკე ქრისტიანი და ა.შ. მეთორმეტე: საბჭოურ სასწავლებლებში მარქსიზმ-ლენინიზმი ისევე ისწავლება (და ეს აუცილებელია), როგორც 1917 წლის ოქტომბრამდე საღმრთო რჯული ისწავლებოდა. მაგონდება ჩემი სტუდენტობის დროს გავრცელებული ხუმრობა. აკად. ივანე ბერიტაშვილისათვის სტუდენტს საგანი ვერ ჩაუბარებია. გაკვირვებულ მეცნიერს მისთვის უკითხავს - რატომ არ იმეცადინეთო? სტუდენტს მიუგია - პარტიის ისტორიას ვსწავლობდი და თქვენი საგნის სწავლა ვეღარ მოვასწარიო. - როგორ, პარტიის ისტორიასაც სწავლობთო, - მთლად გაოგნებულა ივ. ბერიტაშვილი. როცა სტუდენტისაგან დასტური მიუღია, გაუღიმია და უთქვამს - საფრანგეთში უამრავი პარტიაა და ყველას ისტორია რომ ასწავლონ სტუდენტებს, წარმოგიდგენიათ, როგორ გამოყეყეჩდებიანო!.. საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ამ ისტორიული თუ დიალექტიკური მატერიალიზმის, მეცნიერული კომუნიზმისა თუ კომპარტიის ისტორიის სწავლების მიზანი ერთია: ჩაუნერგონ საბჭოელ მოქალაქეებს მარქსიზმ-ლენინიზმისადმი რელიგიური მოკრძალება.

      ყველა ზემორეჩამოთვლილი ნიმუში საბუთია იმისა, რომ სსრკ-ში ათეისტური პროპაგანდის მიზანი იყო და არის ძველი რელიგიების (ქრისტიანობა იქნება, მაჰმადიანობა თუ რომელიმე სხვა) შეცვლა ახლით - მარქსიზმ-ლენინიზმით. დღეს უკვე აშკარაა, რომ კომუნისტების ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდა. ხალხმა დაკარგა მარქსიზმ-ლენინიზმის რწმენა, ზურგი აქცია მას და ისევ ძველი რელიგიისაკენ მიბრუნდა. ამის უტყუარი საბუთია ახალგაზრდობის ლიანგური დაინტერესება რელიგიით. მართალია, ოფიციალური პრესა, რადიო-ტელევიზია, სკოლა-სასწავლებელი, ყრილობა-კონფერენციები მარქსიზმ-ლენინიზმის უძლეველ, უკვდავ და მარადიულ მოძღვრებაზე გაჰკივიან, მაგრამ ინერციით. ნამდვილი მამოძრავებელი მოტორი უკვე დასუსტდა და, სადაც არის, გაჩუმდება, დადგება და გაჩერდება.რამ გამოიწვია ეს ასე მალე? მარქსიზმ-ლენინიზმი სოციალ-ეკონომიკური მოძღვრებაა. მას ეთიკურ-ზნეობრივი ნაწილი არ გააჩნია. თუ ამ კუთხით მარქსიზმ-ლენინიზმი რაიმეს ამბობს, ის უფრო ამორალურია, ვიდრე მორალური. ამას ნათლად დავინახავთ, თუ ქრისტიანული ზნეობრიობის პრინციპების თვალთახედვით განვიხილავთ მარქსიზმ-ლენინიზმის პროპაგანდის შედეგებს. ქრისტიანობა ამბობს - არა კაც ჰკლა. მკაფიო და ნათელი ზნეობრივი პრინციპია. მართალია, მისი განხორციელება პრაქტიკულად არ ხერხდება, მაგრამ ეს სწორედ იმის საბუთია, რომ ზნეობრიობის დაცვისათვის აუცილებელია მაქსიმალიზმი. ქრისტიანობას თეორიულად არ დაუშვია კომპრომისი, მაგრამ პრაქტიკულად იძულებული იყო ზღვა სისხლი დაეღვარა იმ ცნების დასამკვიდრებლად, რომელიც ღაღადებდა - არა კაც ჰკლაო. ახლა ნათლად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა მოხდება იქ, სადაც ზნეობრივი კომპრომისის დაშვება შესაძლებლად მიაჩნიათ. სწორედ კომუნისტური მოძღვრება თვლის შესაძლებლად ზნეობრივი კომპრომისის დაშვებას. ასეა, რაკი მარქსიზმ-ლენინიზმის თანახმად, ჯერ ერთი, "დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია" და, მეორეც, ზნეობა კლასობრივია. თუ კაცობრიობის ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ მას პროგრესის, წინსვლისა და აღმავლობის გზით უვლია. ეს ფაქტია და მისი უარყოფა შეუძლებელია. ამის გათვალისწინება და მისი შეფარდება დებულებებთან - "დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია" და ისტორიის მამოძრავებელი ძალა კლასობრივი ბრძოლაა - მოგვცემს გამაოგნებელ აბსურდულ დასკვნას: პროგრესის, წინსვლის, აღმავლობის საფუძველი ხოცვაჟლეტა ყოფილა, რამეთუ კლასთა ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა დაუნდობელი განადგურება ერთმანეთისა. ამას ნათლად ადასტურებს მთელი ისტორია კაცობრიობისა და კერძოდ ის, რაც რუსეთში, ჩინეთში და კამპუჩიაში მოხდა მე-20 საუკუნეში. მე არ ვიცი, გამოანგარიშებული აქვს თუ არა ვისმეს - რამდენი კაცი დაიღუპა სსრკ-ში სამოქალაქო ომის, კაპიტალისტების, მემამულეების, კულაკობის ლიკვიდაციისა და პარტიული ბრძოლის დროს, ჩინეთში კულტურული რევოლუციის მიმდინარეობისას, კამპუჩიაში პოლ პოტის რეჟიმის ბატონობისას, მაგრამ დარწმუნებული ვარ მსხვერპლთა რიცხვი თავზარდამცემია. ამასთან შედარებით ორი მსოფლიო ომის დროს დახოცილთა რაოდენობა ზღვაში წვეთად მოგვეჩვენება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგიურად მკვლელობამ მიჩვევა იცის, სისხლმა - მოწყურება, ხელმა - გაწაფვა. ასეც მოხდა. სსრკ-შიაც, ჩინეთშიაც, კამპუჩიაშიაც, როცა კაპიტალისტები, მემამულეები, კულაკები შემოელიათ, ერთმანეთს დაერივენ და, ყველას კარგად მოეხსენება, რა ცოდვის კალოც დაატრიალეს. ამორალიზმის ჯინი, რომელიც კომუნისტებმა ბოთლიდან ამოუშვეს, მათვე მიუტრიალდა და მუსრი გაავლო. მერედა, შესაძლებელია ეს უსაზღვრო სისხლისღვრა რითიმე პროგრესთან, წინსვლასა და აღმავლობასთან დავაკავშიროთ? ამ კითხვის უარყოფით პასუხს დიდი ჭკუა არ სჭირდება.

      კაცობრიობის პროგრესი, წინსვლა და აღმავლობა დაკავშირებულია არა მტრობასთან, სიძულვილსა და ხოცვა-ჟლეტასთან, არამედ - სიყვარულთან, ნდობასა და პატიებასთან. ეს კანონზომიერება კლასიკური უბრალოებითა და სიცხადით გამოთქვა ილია ჭავჭავაძემ - "რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია". ზნეობის კლასობრივად გამოცხადებამ ბოროტმოქმედებამდე მიგვიყვანა. ჩამოყალიბდა დამნაშავე ადამიანი, რომლის პრიმიტიული "მორალი" ამბობს: თუ მოვკლავ კაპიტალისტს, ბურჟუას, მემამულეს, კულაკს, ეს სიქველეა, თუ მოვკლავ მუშას ან გლეხს - ეს კი ბოროტება. ამ ზნეობის ადამიანები იწყებენ ბოროტმოქმედებით, კერძოდ მკვლელობით, კვეხნას. "მონაწილეობას ვღებულობდი ტერორისტულ აქტებში - სადგ. გრაკალში მოვკალი ცნობილი ჯაშუში კოშაძე და გორის ხიდზე ციციშვილი, რომელიც დავალებული მქონდა გორის ორგანიზაციის ერთი ჯგუფისაგან", - თავს იწონებს ერთი რევოლუციონერი. "ჩემ მიერ გავლილ რევოლუციურ მუშაობაში მოვახდინე სამჯერ ტერორისტული აქტი: ტფილისში 1899 წ., ბაქოში 1908 წ. და ფინლიანდიაში 1907 წელს" - ტრაბახობს მეორე. რევოლუციონერთა გადაწყვეტილებით, უნდა მოეკლათ გენერალი გრიაზნოვი. "აქტის სისრულეში მოყვანა ამხ. ჯორჯიაშვილს დააგვიანდა. დამიძახა კობამ (დღეს სტალინმა) და მითხრა: მოამზადე რამდენიმე ყოჩაღი ბიჭები და ერთ კვირაში თუ ჯორჯიაშვილმა ვერ შეასრულა, შემდეგ შენ მოგანდობთო. მე ძალიან გამეხარდა. დავამზადე კიდევ ორი ამხანაგი და ველოდებით ერთ კვირას. ამხანაგმა ჯორჯიაშვილმა ჩინებულად შეასრულა თავისი მინდობილობა და მე კი დამტოვა პირღია"[106] - გულდაწყვეტილია მესამე. ბევრი ამგვარი ციტატის მოტანა შეიძლება. ცხადია, ამ კვეხნაში გაკვირვებთ არა ის, რომ ბრძოლის, რევოლუციის დროს მკვლელობა ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. გაოცებთ, დამოკიდებულება მკვლელობისადმი, ის სიხარული, შინაგანი კმაყოფილება, გამოწვეული კაცის მოკვლით, რასაც ზემორეციტირებული სტრიქონების ავტორები ამჟღავნებენ. ისინი სრულიად არ სწუხან იმის გამო, რომ მიზნის მისაღწევად იძულებული იყვნენ კაცი მოეკლათ და სისხლიანი გზა გაევლოთ. ყველა რევოლუციის ისტორიისა და გამოცდილების გათვალისწინება ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს: რევოლუცია და რევოლუციონერები უზნეობის ღრმა პატივისმცემელი არიან. უზნეობა მათ ძლიერებად მიაჩნიათ და ამიტომ ეთაყვანებიან. ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ ახლა გაგახსენებთ ერთს. რუსული "ნაროდნაია ვოლიას" ქართველ მიმდევართა შორის იყო ერთი შიო დავითაშვილი (თუმცა თავად "დავიდოვ" ფორმას ამჯობინებდა და მოგონებანიც ასეთი ხელმოწერით აქვს გამოქვეყნებული), რომელსაც იუდა ქრისტეზე დიდ პიროვნებად მიაჩნდა. იგი საზოგადოებას უმტკიცებდა: "ვკითხულობდი რა სახარებას, ჩემი ყურადღება მიიპყრო იუდა ისკარიოტელის ფიგურამ. რატომ გასცა მან თავისი მასწავლებელი, ნუთუ 30 ვერცხლისათვის, რაგინდ თვალსაჩინოც უნდა ყოფილიყო ეს თანხა იმ დროს? იუდა ხომ ქრისტეს კასის ხაზინადარი იყო და ნუთუ მას, გამცემსა და ბოროტი ბუნების კაცს არ შეეძლო ხელთ ეგდო ასეთი თანხა? შევადარე რა ერთმანეთს სახარებაში გადმოცემული ფაქტები ქრისტესა და იუდას ურთიერთობის შესახებ, მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ იუდა არა თუ არ იყო გამცემი, არამედ, როგორც იდეური მოღვაწე, იგი ზოგიერთი მხრით ქრისტეზე მაღლაც იდგა. და მართლაც, თუ უკუვაგდებთ ქრისტეს სასწაულმოქმედ ძალას, მაშინ ცხადია, რომ ყველა ისეთი სასწაული, როგორც მაგ. წყლის ღვინოდ გადაქცევა ან ხუთი პურით 5 000 კაცის დანაყრება, - არის არა ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაული, არამედ სხვა შეთქმულთა და, უმთავრესად, იუდასი, როგორც ხაზინადარისა, რომელიც განაგებდა სამეურნეო ნაწილს. იყო შეთქმულთა მთელი ჯგუფი, რომელიც სარგებლობდა ქრისტეს ეკზალტიური ბუნებით და შეპყრობილი ჰყავდა იგი ჰიპნოზით. ჯგუფი უკარნახებდა ქრისტეს: სთქვი ასე და ასე და მოხდება სასწაულიო. იესო ხანგამოშვებით ურჩობდა: "არ დამდგარა ჯერ ჩემი დროო", მაგრამ მას არ ეხსნებოდნენ, როგორც ამას ქონდა ადგილი წყლის გადაქცევის დროს ღვინოდ და მისი ვედრება ქმნიდა სასწაულს. მას უთხრეს, რომ იგი უნდა მოკვდეს და კვლავ აღსდგეს სამი დღის შემდეგ და იგი ემორჩილება ამ წინასწარმეტყველებას სიტყვით და საქმით. ბოლოს უკანასკნელ "წმინდა სერობას" ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეთ: "რომელმან შთამოყოს ჩემთან ხელი პინაკსა ამას ამან მიმცეს მე". იუდამ აიღო პურის ნაჭერი და ჩაუწო სამარილეში. იესომ უთხრა იუდას: "წადი და ქმენ რაცა გსურს". იგი ადგა და მიატოვა მასწავლებელი. ქრისტემ იცოდა სად მიდიოდა იგი და იუდამაც იცოდა სად წაიყვანდა ქრისტე თავის მოწაფეთ, იმის ნაცვლად, რომ მიეცა მათ დასვენების საშვალება "სერობის შემდეგ" და იუდას მიჰყავს მცველნი ბაღში, სადაც შეიარაღებული მოწაფენი პირველად იცავენ იესოს. კოცნა და სხვ. ყველაფერი ეს მოხდა წინასწარი შეთანხმებით, რათა მოწაფეებში გაძლიერებულიყო რწმენა ქრისტეს ღვთაებრივობისა. ხოლო, როგორ დაასრულა იუდამ თავისი მისია? მან სახეში მიაყარა მღვდელმთავრებს ყველა 30 ვერცხლი და თავი დაიხრჩო... ამგვარად, ქრისტე მიდიოდა რა საწამებლად, დარწმუნებული იყო, რომ ან არ მოკვდებოდა (უკანასკნელ წუთამდე აღვიძებდა მის გულში იმედს ეს - "ან, ან"), ან და კიდევ მეტი დიდებით აღსდგებოდა მესამე დღეს მკვდრეთით, ხოლო იუდამ დაისაჯა რა თავი, შეგნებულად მისცა თავისი სახელი წყევლა-კრულვას. ასეთი მსხვერპლი ისტორიაში არ მოიპოვება. და ამ მხრით იუდა, როგორც იდეური მუშა და მოწამე უსათუოდ მაღლა სდგას ქრისტეზე". რაკი რევოლუციას მიზნის მისაღწევად სხვა ძალა არ გააჩნია, გარდა ძალადობისა და მკვლელობისა, იგი ბუნებრივად იწყებს უზნეობის ხოტბას. ყოველნაირი ავკაცობის გამართლებას. აღარ ფიქრობს იმაზე, რა შედეგი მოჰყვება ამას. როგორ შეგნებას ჩამოაყალიბებს. მეტი თუ არა ორი ათასი წელი მაინც იქნება, რაც კაცობრიობას მუდამდღე ესმის - ნურავის მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ. წინასწარ განიზრახეთ კეთილი ყოველი კაცისათვის რამდენადაც შესაძლებელია, ყოველ კაცთან მშვიდობიანად იცხოვრეთ. თუ შიოდეს შენს მტერს, პური მიეც, თუ სწყუროდეს - წყალი ასვი. კეთილით სძლიე ბოროტს... (პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, თავი XII, მუხლები - 17, 18, 19, 20, 21). და მაინც ადამიანი ყოველგვარ ბოროტებას სჩადის. ახლა წარმოიდგინეთ, რას გააკეთებს ადამიანი საზოგადოებაში, სადაც ღმერთი უარყოფილია. იგი გადაიქცევა მხეცად, რადგან ღმერთის უარყოფა იმას ნიშნავს, რომ გაუქმებულია ზნეობა. ხოლო იქ, სადაც ღმერთი, ანუ ზნეობა უარყოფილია, უარყოფილია ადამიანიც. მხოლოდ ამგვარ პირობებშია შესაძლებელი წამოცდეს პოეტს, თუნდაც უნებლიეთ - "მე დავლევ სისხლს, რომ ჭიქაში სისხლი დამისხათ". უარესსაც მოისმენთ - "ბობოლებივით მავნე მგოსნებს გაანადგურებს სოციალისტურ მშენებლობის ცხელი ღადარი". ეს არ ყოფილა შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა. ეს გეგმაზომიერი ზნეობრივი პოლიტიკის ლოგიკური დასკვნა იყო. როცა ეს აღსრულდა და მართლაც გაიმართა სახელმწიფო მოღვაწეებისა და მწერლების განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა, გაზეთები გადაჭრელებული იყო ამ ველური აქტის მოწონებითა და ქებით.

      ასეთ ვითარებაში მწერლობის სრული დეჰუმანიზაცია ხდება. იგი კარგავს იდეალს. იქცევა მთარობის ხელში სათამაშო ტიკინად. კისრულობს როგორც თავისთავის, ისე სხვისი ჯალათის როლს და ერთგულად ასრულებს ამ მოვალეობას. ავიწყდება უმთავრესი (ურომლისოდაც არ არსებობს სიტყვაკაზმული მწერლობა და ხელვონება), რომ ყოველ ადამიანში არის ერთიანი სულიერი საწყისი, რაც სიყვარულის საფუძველია. რასაც ქადაგებდნენ კონფუციუსი, ლაო-ძი, სოკრატე, ბუდა, რამაკრიშნა, მარკუს ავრელიუსი, ქრისტე. თუ ნაძალადევად და ხელოვნურად ამ ერთიან საწყისს კლასობრივად დავშლით, მაშინ სიყვარულის ადგილს სიძულვილი დაიჭერს, კეთილისას - ბოროტი. ძნელად ზნეობრიობა ვრცელდება, თორემ ამორალიზმი თვალისდახამხამებაში იპყრობს ყველას. მათ შორის მწერლობასაც. მხატვრული ლიტერატურის კლასობრიობის პროპაგანდა ამორალიზმია, რაც არსებითად მწერლობისა და ხელოვნების დაღუპვის საწინდარია. დავაკვირდეთ სხვა ზნეობრივ მცნებასაც. არა იპარო - ქადაგებს რელიგია. აქაც მოთხოვნა მაქსიმალისტურია. მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც ქურდობს. უფრო მეტიც: ეკლესიის მსახურთა შორისაც არიან მპარავნი. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ამ მცნების დასაცავად შეუძლებელია დავუშვათ კომპრომისი, შევხედოთ მას კლასობრივი თვალსაზრისით. ყველა ჯურის რევოლუციას და რევოლუციონერებს (ცხადია, კომუნისტებსაც) დასაშვებად მიაჩნდათ ექსპროპრიაცია. თვლიან მას სამართლიანობის გამოვლენად. სამართლიანობის ეს იდეალი, მოგეხსენებათ, "არსენას ლექსში" ასეა ჩამოყალიბებული: "მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა". მაგრამ წართმევით თანასწორობისა და სამართლიანობის განხორციელების ცდა ყაჩაღური პრინციპია (ლექსშიც ყაჩაღი ახორციელებს მას). განა საზოგადოებას შეუძლია ყაჩაღის პრინციპით იცხოვროს? რა თქმა უნდა, არ შეუძლია, რადგან საზოგადოების იდეალი შრომით ცხოვრების პრინციპია. საზოგადოება, რომელიც შრომას უარყოფს, იშლება და იღუპება. სხვათა შორის, ყოველი ყაჩაღის უბედურებაც ის არის, რომ იგი შრომას წყდება და არსებობს წართმევის საშუალებით. ამიტომ იღუპება ყოველი ყაჩაღი, მათ შორის არსენაც. წართმევის პრინციპი ანუ ექსპროპრიაცია შრომის პრინციპს უპირისპირდება. ამიტომ არის იგი ანტისაზოგადოებრივი პრინციპი. რევოლუციონერთა შორის გონიერთ ესმით ეს და ისინი ეწინააღმდეგებიან ექსპროპრიაციას, როგორც ზნეობრივად უაღრესად საშიშ მოვლენას. კომუნისტებს შორისაც ყოფილა ექსპროპრიაციისადმი დამოკიდებულების სხვადასხვაობა. "იმ დროს (1905-1907 წლების რევოლუციის - ა.ბ.) ორი მიმართულება არსებობდა პარტიაში ამ კითხვების შესახებ. მენშევიკები გმობენ ექსებს (თუმცა ტფილისში კი აკეთებენ) იმ მოსაზრებით, რომ ექსები პარტიულ ამხანაგებს რყვნისო, ეჩვევა მუქთახორობას, პირდაპირი პარტიული მუშაობიდგან ხრის ცარცვა-გლეჯისაკენ, ფსიხოლოგია უფუჭდება და ბოლო ხანებში "ექსებსაც" პარტიული ელფერი ეკარგება. ბოლშევიკები სულ წინაღამდეგი აზრისანი იყვნენ: სახელმწიფო "ექსები" და ხანდახან ტერორისტული აქტებიც პარტიზანული ომის ნაწილია, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს მთავრობის მეხანიზმში". როგორც ვხედავთ, ზოგიერთ რევოლუციონერს ზუსტად შეუმჩნევია ექსპროპრიაციის, ანუ წართმევის პრინციპის ზნეობრივი შედეგი - გარყვნა, მუქთახორობა, ცარცვა-გლეჯა, უშრომელი ცხოვრება. სოციალისტურმა სინამდვილემ პრაქტიკულად დაადასტურა ამ დასკვნის სიმართლე. სსრკ-ში ტოტალურად გავრცელებული ქურდობა, ფლანგვა და ამგვარი სხვა დანაშაული მორალურად პირდაპირი რეზულტატია წართმევის, ანუ ექსპროპრიაციის პრინციპისა, რასაც ადრე სხვის წინააღმდეგ იყენებდნენ იარაღად. რევოლუციამდე არსებობდა მქონებელთა კლასი. უქონელთა კლასი ძარცვავდა მას. რევოლუციის შემდეგ მქონებელთა კლასი მოსპეს. დარჩა მარტო უქონელთა კლასი. მისი ცნობიერება კი მოწამლულია წართმევის პრინციპით. ექსპროპრიაცია მიაჩნია სამართლიან საქმედ. მაგრამ გასაჭირშია: ძარცვა-გლეჯისათვის მქონებელთა კლასი აღარ ჰყავს, გაანადგურა. იგი, ნებით თუ უნებლიეთ, იწყებს კლასობრივი თანამოძმის გაქურდვას. უფრო მეტიც, თავისთავის გაძარცვას. ამორალური პრინციპი ბუმერანგივით შემოტრიალდა ექსპროპრიაციის მოტრფიალეთა წინააღმდეგ. როცა სსრკ-ში არაოფიციალურად ქურდობა გამოცხადდა არსებობის ერთადერთ წყაროდ და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელმა პარვა დაიწყო, პროფესიონალი ქურდი ზნეობრიობის შარავანდედით შეიმოსა.

      რატომ მოხდა ეს? პროფესიონალ ქურდს არ დაუწყია ნიღბის ტარება, თვალთმაქცობა, სხვისი მოტყუება, თავი არ გაუსაღებია პატიოსან კაცად. ქურდობისათვის რაიმე საპატიო სახელი არ დაურქმევია. არაპროფესიონალი ქურდები კი ტყუიან, თვალთმაქცობენ, ნიღაბს ატარებენ, გაუთავებლად ლაყბობენ სინდის-ნამუსზე, ყველას ჭკუას ასწავლიან. საზოგადოების ბურჯად მოაქვთ თავი. ხელთ უპყრიათ ნაირ-ნაირი თანამდებობანი, ატარებენ ნაირ-ნაირ საპატიო წოდებებს, არაჩხუნებენ ნაირ-ნაირ ჩინ-მედლებს... როცა რიგითმა მოქალაქემ, უბრალო მშრომელმა ერთმანეთს შეადარა ორი ქურდი - პროფესიონალი და არაპროფესიონალი, - აღმოჩნდა, რომ პირველი გაცილებით ალალი, გულწრფელი და სუფთაა, ვიდრე მეორე. მას ბუნებრივად გაუჩნდა პროფესიონალი ქურდის პატივისცემის გრძნობა. დაპატიმრებულ ახალგაზრდა მპარავს ეკითხებიან: "- ვინ მიგაჩნიათ ყველაზე მისაბაძ ადამიანად ქუთაისში?

- კუკურია თვალება... ჯონი ჭინჭველაძე და...

      ვინ არიან ისინი? - ქურდული "ელიტის" წარმომადგენლები..."

      ეს განწყობილება ლიტერატურაშიც აისახა. ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონში" სნეული ბაჩანა რამიშვილის სანახავად მრავალნაირი ადამიანი მოდის. მაგრამ არც ერთ მათგანს გულწრფელად არ აინტერესებს ავადმყოფის მდგომარეობა. ყველას ერთი მიზანი აქვს: ისარგებლონ ბაჩანას ავტორიტეტით და თავისი ავკაცური საქმე მოაჭახრაკონ. ერთადერთი კაცი, ვინც ალალად არის შეწუხებული რამიშვილის ავადმყოფობით და გულით სურს რითიმე დაეხმაროს, ვახტანგ ამბოკაძეა. და თუ, გაოცებული იორამივით, ჩვენც ვიკითხავთ - ვინ არის ეს ღვთისნიერი კაცი, - პასუხად მივიღებთ - ქურდი, პროფესიონალი ქურდი. ცხოვრებაშიაც და მწერლობაშიაც ნათლად ჩანს, ცხოვრების სოციალისტურმა წესმა რა ზნეობრივ სიღატაკემდე მიიყვანა ადამიანი. სოციალიზმს აქ თავის მართლება არ შეუძლია, რადგან სწორედ მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებელი ბრძანებს: "ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას". ამ დებულების თანახმად, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოელი ადამიანის მიერ ქურდის იდეალად გამოცხადება განსაზღვრულია და გაპირობებული სოციალისტური სინამდვილის ყოფიერებით. ამიტომ არის, რომ ე.წ. "ნეგატიური მოვლენების" წინააღმდეგ პრესაში გაჩაღებულ ყაყანს არავითარი შედეგი არ მოაქვს. საბჭოელი ადამიანი მშვიდად აგრძელებს ქურდობას, ფლანგვას, ქრთამის აღებას, ხალტურას, კომბინაციას, გამოძალვას... კარგად იცის, რომ სხვაგვარად ვერ იარსებებს. ამ მდგომარეობის წყალობით, საბჭოურ ლიტერატურაში გაუგონარი მოვლენა მოხდა: რეციდივისტი, სისხლის სამართლის დამნაშავე გამოყვანილია, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი ძალა. ეს პროცესი აქტიურად ქართულ მწერლობაში 60-იან წლებში დაიწყო და თანდათან ძლიერდება. ამის საბუთად შეგიძლიათ წაიკითხოთ გურამ ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი", ვანო ურჯუმელაშვილის "ფერისცვალება", გიორგი ციციშვილის "სძლიე სიხარბესა შენსა", რამაზ კობიძის "გვიმრის ფოთლები", სულხან ქეთელაურის "ზაფხულის ცხელი დღეები" და სხვათა მოთხრობანი თუ რომანები. რა თქმა უნდა, მათი მხატვრული ღირებულება სხვადასხვაა, მაგრამ ლიტერატურაში შემოსულ მოვლენას ნათლად გვიჩვენებენ. განსაკუთრებით მკაფიოდ იგი დრამატურგიაში ჩანს. იშვიათად წაიკითხავთ პიესას, რომლის კონფლიქტი ქურდისა და არაქურდის დაპირისპირება არ იყოს.

      მწერლობის მოყვარულმა ყოველმა მკითხველმა იცის, რომ ყველა დროის და ყველა ხალხის მწერლობაში (ასე იყო ქართულ ლიტერატურაში 50-იან წლებამდე) რეციდივისტი ჩვეულებრივ დახატულია, როგორც საზოგადოების ცხოვრებიდან მოკვეთილი პირი, როგორც პარია. სხვანაირად არც შეიძლება. რეციდივისტად ხდება ადამიანი, რომელიც სხვადასხვაგვარი უსამართლობის შედეგად აცდა ცხოვრების პატიოსან გზას და ბოროტმოქმედების შარას დაადგა. რეციდივისტი, უბედური ყისმათის გამო, შეიძლება იწვევდეს სიბრალულს, დასაშვებია გაჩნდეს მისი გადარჩენის სურვილი, მაგრამ არსად, არასოდეს, იგი სოციალურ ძალას არ წარმოადგენდა. რეციდივისტი გამოთიშულია თავისი საზოგადოების, თავის კლასის სოციალურ ცხოვრებას. ამიტომ არის უძლური და განწირული დასაღუპავად. მას, როგორც დეკლასირებულ ელემენტს, არა აქვს არავითარი ძალა, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაზე რაიმე გავლენას მოახდენს. ადრე მწერლობა რეციდივისტს უყურებდა, როგორც მსხვერპლს და, თუ იგი მხატვრულ ნაწარმოებში შემოჰყავდა, სურდა ამით ეჩვენებინა სოციალური ცხოვრების მანკიერებანი, რომელთაც შეეძლოთ ადამიანის მოკვეთა, მისი განწირვა, მისი დაღუპვა. ამგვარი დამოკიდებულება დღევანდელმა საბჭოურმა ლიტერატურამ ძირფესვიანად შეცვალა და, როგორც უკვე ითქვა, რეციდივისტი წარმოგვიდგინა ძალად, რომელსაც საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოციალიზმის დროს რეციდივისტი მსხვერპლი კი აღარ არის, არამედ - ჯალათი, პარია კი აღარ არის, არამედ - ბატონი.

      რამ გამოიწვია ეს? ამის მკაფიო პასუხს საბჭოური პრესა იძლევა. წაიკითხეთ გაზეთები, მოუსმინეთ და უყურეთ რადიოსა და ტელევიზიას და ნახავთ, რომ საბჭოურ სამოხელეო იერარქიაში არ არსებობს თანამდებობა (სულერთია მინისტრი იქნება, დირექტორი, მმართველი, თავმჯდომარე, მდივანი თუ უმაღლესი სასწავლებლის რექტორი), რომლის მფლობელი ბოროტმოქმედებას არ ჩადიოდეს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოური პრესა მომხდარ დანაშაულებათა მხოლოდ ერთ პროცენტს აშუქებს, ხოლო დანარჩენ ოთხმოცდაცხრამეტს გულმოდგინედ მალავს, შეგიძლიათ სრულად წარმოიდგინოთ საბჭოელი მოხელეების ბოროტმოქმედების მასშტაბი. ბოროტმოქმედებას მარტო არ ეწევიან. ყოველთვის იკრიბება ხალხმრავალი გუნდები. ამ გუნდებში პროფესიონალი რეციდივისტებიც არიან. არაპროფესიონალებს პროფესიონალთა გამოცდილება სჭირდებათ. მათ შორის ჰარმონიული კავშირი მყარდება. დამნაშავეთა გუნდებს კი ამა თუ იმ თანამდებობის პირი თავკაცობს. ბოროტმოქმედი სახელმწიფო მოხელე დიდხანს არის ხელუხლებელი. შეიძლება (და ძირითადად ასეც არის) იგი ისე მოკვდეს, რომ არც კი მოხდეს მისი მხილება. ამას ორი საფუძველი აქვს. პირველი ის, რომ სსრკ-ში თანამდებობის პირის კრიტიკა აკრძალულია. იგი მხოლოდ ლიქნის, ლაქუცის, ხოტბის საგანია. მისი გაკრიტიკება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მოხსნეს და ისიც კომპარტიის ცკ-ის დავალებით. ამიტომ ბოროტმოქმედ თანამდებობის პირს საზოგადოებრივი აზრის არ ეშინია. მეორე კი ის გახლავთ, რომ ბოროტმოქმედ მოხელეს მხოლოდ მაშინ ხსნიან ან იჭერენ, როცა იგი თანამდებობით მასზე მაღლა მდგომ ჩინოვნიკს აწყენინებს. ასე რომ, მავან და მავან ბოროტმოქმედ მოხელეს, თუ იგი თავშეკავებული კაცია, იცის, სად როგორ მოიქცეს, შეუძლია შავი საქმე სიკვდილამდე აკეთოს, ყურზე ხახვს ვერავინ დააჭრის. იმ ფაქტმა, რომ ხანდახან ამა თუ იმ თანამდებობის პირს დანაშაულისათვის იჭერენ, არ უნდა შეგვაცდინოს. მტკიცედ უნდა ვიცოდეთ: მოხსნა ან დაჭერა ხდება არა ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, არამედ - შურისძიებისა. შურისგება მორჩილების იარაღია. ყველა თანამდებობის (დიდი იქნება თუ პატარა, სულერთია) პირს ურყევად უნდა ახსოვდეს: ყველა მოხელეს, რომელიც თუნდაც ერთი საფეხურით მაღლა დგას, უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდე და თაყვანს სცემდე. თუ გაკადნიერდება და ატროკდება ვინმე, მას მაშინვე გაახსენებენ ჩადენილ დანაშაულს და ვირის აბანოში უკრავენ თავს. ყრუ მორჩილების ატმოსფეროში სახელმწიფოც იოლად იმართება და ბოროტი საქმეც ადვილად კეთდება. ცხოვრების ამგვარმა წესმა ყველა ჯურის რეციდივისტი, პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი, ერთმანეთთან დააკავშირა, ერთ მუშტად შეკრა და სოციალურ ძალად აქცია.

      მწერლობამ დაინახა ეს სურათი, შეამჩნია ეს პროცესი და ასახა კიდეც. ცხადია, რომ მას სოციალისტური სინამდვილის მხილება არ ჰქონია მიზნად. იგი ცალკეული ხარვეზების დაგმობას ცდილობდა, მაგრამ შუბი ხალთაში არ დაიმალა. უნდოდა თუ არა ლიტერატურას, ეს ობიექტური სურათი მაინც გამომჟღავნდა. ამ სურათმა კი ყველას გასაგონად მთელი ხმით იყვირა: დაიგმო და უარყოფილი იქნა ძველი მცნება - არა იპარო. გაბატონდა სხვა ლოზუნგი, მართალია დაუწერელი, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებაში მტკიცედ ფესვგადგმული - იქურდე, თორემ სხვანაირად ვერ იცხოვრებ.ამრიგად, ჩვენ თვალწინ მოხდა ზნეობრივი კატასტროფა, რაც უთუოდ გამოიწვევს ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფასაც, შესაძლებელია ეროვნულსაც. ასევე გაუფასურდა სხვა მცნებაც - არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. ახლა ვნახოთ, როგორ ვასრულებდით ამ მცნებას. როცა პროზაიკოსი დააპატიმრეს, კრიტიკოსი წერდა: "ის გარემოება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი სამშობლოს და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილე აღმოჩნდა, უსაზღვრო ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის შეგნებაში. მაგრამ ეს ფაქტი არავის არ გააკვირვებს, რადგან მიხეილ ჯავახიშვილის მთელი მოქალაქეობრივი და სამწერლო ბიოგრაფია მკაფიოდ ახასიათებს მას, როგორც მუხანათურად შენიღბულ და უაღრესი თვალთმაქცობით შეიარაღებულ კლასობრივ მტერს, უსაზღვროდ გაცოფებულს პროლეტარული რევოლუციის მიღწევებისადმი მტრობით და სიძულვილით. ცნობილია, რომ მიხეილ ჯავახიშვილს საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს მოღალატური და კონტრრევოლუციური "მოღვაწეობისა". ქართველი ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური ინტელიგენციის წიაღში აღზრდილი, იგი მტრულად დაუხვდა საქართველოში პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებას და საბჭოთა საქართველოს არსებობის პირველსავე წლებში აქტიური მონაწილეობა მიიღო კონტრრევოლუციური კლასების ბატონობის რესტავრაციისათვის წარმოებულ ბრძოლაში. მაგრამ როდესაც ბრძოლის ამ გზაზე იგი პირისპირ შეხვდა საბჭოთა ხალხის ურყეველ ძლევამოსილებას, მან განიზრახა შეეცვალა გამარჯვებული მუშათა კლასის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები და საშუალებანი. მან გაიხსენა თავისი დიდი ხნით მივიწყებული და უკუგდებული სამწერლო საშუალებანი და მოინდომა ლიტერატურულ ფრონტზე გაეშალა მუშათა კლასი. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული "მუშაობა".

      როცა ბ. ჟღენტი ამას წერდა, განა არ იცოდა, რომ ტყუილს ამბობდა და ცილს წამებდა მიხ. ჯავახიშვილს? რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ თავი უნდა გადაერჩინა. ამისათვის აუცილებელი იყო მოყვასისათვის ცილი დაეწამებინა. 1937 წლის 27 ნოემბრის "ლიტერატურული საქართველო" იუწყება, რომ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა განიხილა ბ. ჟღენტის საკითხი. "ბ. ჟღენტმა, - გვამცნობს გაზეთი, - დაუშვა მთელი რიგი უხეში პოლიტიკურ-ლიტერატურული ხასიათის შეცდომები. იგი ხალხის მტრებთან ახლო ურთიერთობაში იყო; მიუხედავად გაფრთხილებისა, მან დღემდე არ აღიარა თავისი შეცდომები და არაფერი სთქვა თავის ურთიერთობაზე ხალხის მტრებთან. პრეზიდიუმის ამ სხდომაზე მისი გამოსვლა არ იყო დამაკმაყოფილებელი. პრეზიდიუმმა დაუშვებლად ჩათვალა ბ. ჟღენტის ხელმძღვანელ სამუშაოზე დატოვება მწერალთა კავშირში და გამოიყვანა იგი მწერალთა კავშირის სამდივნოდან და პრეზიდიუმის შემადგენლობიდან". 1937 წელს ეს სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. რომ გადარჩენილიყო, სხვა უნდა გაეწირა, თავზე ნაცარი დაეყარა და ყველაფერი ეკისრა. 1937 წლის 10 ივნისს "ლიტერატურული საქართველო" განწირული პოეტის სიტყვის შინაარსს ასე გადმოგვცემს: "... ელიავა ტიპიური ლაზღანდარა, ორჭოფი და შურის ჩამომგდები კაცი იყოო. მისადმი არავითარი სიმპატია არა მქონია, მაგრამ მაინც ვერ შევსძელი მისგან სრულიად ჩამოცილებაო.

      ... ასევე დაახასიათა მან პ. აღნიაშვილი, როგორც სულიერად სნეული, მერყევი ადამიანი, რომელიც პარტიულ ამხანაგებთან ერთს ლაპარაკობდა, ხოლო უპარტიოებთან - მეორეს. როგორც პ. იაშვილმა აღიარა, იგი ხშირად ყოფილა ლომინაძის, აღნიაშვილის, მათიკაშვილის და სხვა თვალთმაქცების ერთად შეკრების მოწმე. ღოღობერიძის ბინაზე მოსკოვში თავს იყრიდნენ თვალთმაქცნი, ხალხის მტრები - მ. ტოროშელიძე, გ. ყურულაშვილი, ფირუმოვი, ივანიანი, ლომინაძე, პ. აღნიაშვილი.

      ... მეც ვიცოდი პარტიული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ თქმული მათი აზრები, მაგრამ მაკლდა მოქალაქეობრივი გამბედავობა მემხილა მათი მტრული განწყობილება, მეშინოდა მათის მხრივ შურისძიებისა". განა პოეტმა, როცა ამას ამბობდა, არ იცოდა, რომ თავის ამხანაგებს და მეგობრებს ცილს სწამებდა და ტყუოდა? რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ მასაც თავის გადარჩენა უნდოდა. მასაც ემუქრებოდნენ: პავლე იაშვილმა, რომელიც უკვე 40-ზე მეტი წლისაა, დროა ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძიდან ჯიქიასკენ, ჯიქიადან აღნიაშვილისაკენ, ღოღობერიძიდან ლომინაძისაკენ და, ბოლოს, ელიავას კლანჭებში". ესეც სიკვდილის განაჩენის მომასწავებელი იყო. პ. იაშვილიც ფართხალებდა, რომ როგორმე თავი ეხსნა. მაგრამ მიხვდა, რომ ხორცი მეტისმეტად ძვირი უჯდებოდა და სულის ხსნისათვის თავი მოიკლა. როცა პოეტი დააპატიმრეს, გიორგი ნატროშვილი წერდა: ნიკოლო მიწიშვილი "... ყოველთვის ცდილობდა დაემალა მკითხველისათვის თავისი ნამდვილი განზრახვანი, რომელიც არ სწერს იმას, რასაც ფიქრობს, რომელიც დაუსრულებლად თვალთმაქცობს მშრომელი ხალხის წინაშე და თავის "ლოიალური" დეკლარაციების იქით ხალხის მტერთა ბინძურ ზრახვებს ლაქიურად ემსახურება. თავისი სიბინძურის და შემაძრწუნებელი გათახსირების გამოაშკარავებისა, ნიღბის ჩამოგლეჯისა, რა თქმა უნდა, მას ეშინოდა". როცა მეორე პოეტი დააპატიმრეს, კრიტიკოსმა ისევ დაწერა: "... მან (ტ. ტაბიძემ - ა.ბ.) შეაფურთხა კაცობრიობასაც, სამშობლოსაც, პოეზიასაც და საერთოდ ყოველგვარ ჭეშმარიტ გრძნობას; თურმე ქართველი ხალხის მთავარი თვისება - სიზარმაცე და ლოთობა ყოფილა. ამაზე მეტი უპასუხისმგებლობა და, თუ გნებავთ, დადაიზმიც მართლაც ძნელი მოსაძებნია.

      ... რეტროგრადული სიბნელით, საშუალო საუკუნეობრივი თილისმებით და მისტიკური ბნედიანობის შხამით მოწამლულია უდიდესი ნაწილი მისი ლექსებისა". როცა ამას წერდა, განა კრიტიკოსმა არ იცოდა, რომ ტყუოდა და ცილს წამებდა ნიკოლო მიწიშვილსა და ტიციან ტაბიძეს? რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ თავის გადარჩენის ინსტინქტი აიძულებდა. 1935 წლის "მნათობის" მეოთხე წიგნში მიმართვა გამოქვეყნდა. ქართველ მკითხველს აუწყებდნენ: "... ქართველი მწერლების რიგებს მოღალატურად სტოვებს და როზენბერგის ბანდებს ეკედლება ერთი ქართველი მწერალი, რომლის სახელი ამიერიდან ხდება სამარცხვინოდ ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქისათვის.

      ეს მწერალი არის გრიგოლ რობაქიძე. ეს თვალთმაქცი ადამიანი, დღიდან საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისა, ატყვილებდა რა ხელისულებას, მწერლობას და საბჭოთა საზოგადოებას, გულში ატარებდა მშრომელთა ქვეყნის და საბჭოთა საქართველოს ღალატის მუხანათურ აზრებს. და ეს ზრახვები დღეს გრიგოლ რობაქიძემ განახორციელა საბჭოთა საქართველოდან ქურდულად უცხოეთში წასვლით, ფაშიზმის ბანაკში აშკარად გადასვლით და იქ ჩვენი დიადი სოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატური, გამცემლური მუშაობით. მისი ღალატის გამომჟღავნების შემდეგ ჩვენთვის აშკარაა, რომ ქართული საბჭოთა მწერლობისათვის ამ უჩვეულო საქციელს სარჩული წარსულში ჰქონდა. და ვინც გაიხსენებს რობაქიძის მუშაობას რუსულ შავრაზმულ პრესაში, მის ბულვარულ რომან "ფალესტრას" და იდეალისტურ რასისტულ წიგნს "გველის პერანგს" და მთელ მის მხატვრულ პროდუქციას, გამსჭვალულს გადაგვარებულ კლასთა იდეურ სიღატაკით და დაკნინებულს მხატვრული ფორმით, - მისთვის რობაქიძის ეს უმსგავსო და ბოროტი საქციელი გასაგები ხდება, როგორც ლოღიკური დასკვნა ამ განდიდების სენით შეპყრობილ, გადაგვარებულ პიროვნების მუშაობისა". განა ამ სტრიქონების ავტორებმა არ იცოდნენ, რომ ტყუოდნენ და ცილს წამებდნენ გრიგოლ რობაქიძეს. რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ ბადეში მოხვედრილი თევზებივით იყვნენ განწირულნი. მოყვასს, მეგობარს, მასწავლებელს წირავდნენ თავისთავის გადარჩენის მიზნით, მაგრამ ამაო იყო ეს ცდა. კომუნისტური სიკვდილის ცელი დაუნდობლად თიბავდა ყველას. ამ ოთხი პოეტიდან მხოლოდ ერთს ერგო ბუნებრივი სიკვდილი. დანარჩენი სამი კომუნისტური ტერორის მსხვერპლი შეიქნა. ყველასათვის ცხადია, რომ ეს მიმართვა ძალდატანებით არის დაწერილი. და დააწერინეს სწორედ გრ. რობაქიძის მეგობრებს. ამით კომპარტია ზნეობრივად ანადგურებდა, სახელს უტეხდა მათ. ლაფში სვრიდა და ამ გზით მუდმივ მორჩილებასა და მონობაში აგდებდა. ზნეობრივად გატეხილ ადამიანს უჭირს როგორც თავისთავის, ისე სხვისი დაცვა და ანკესზე გამობმული თევზივით, საითაც უნდა, იქით წაათრევს მბრძანებელი. ეს გამიზნული პოლიტიკა იყო და კომპარტია განუხრელად ატარებდა მას. ცილისწამება სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი იყო და არის.

      ასეთ სიტუაციაში ცალკეული ადამიანი თუ მთელი საზოგადოება თანდათან უარს ამბობდა მცნებაზე - არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. სამუდამოდ ივიწყებდა მას. სანაცვლოდ გულმოდგინედ იმახსოვრებდა უზნეობის ლოზუნგს - ცილი დასწამე მოყვასს. გაყიდე იგი, თუ გინდა თავად გადარჩე - იხდიდა მას ცხოვრებაში სამოქმედო წესად. ძველი მცნება - "არა იმრუშო" - მხოლოდ ხორციელ სიძვას არ ითვალისწინებდა, უფრო მეტად და ძირითადად გულისხმობდა სულიერ გარყვნილებას. საერთოდ ადამიანის და კერძოდ შემოქმედის სრული დამონებისათვის აუცილებელი იყო სულიერი მრუშობის გაბატონება. მისი განხორციელება სახელმწიფო ტერორით დამფრთხალ და დაშინებულ საზოგადოებაში უკვე ადვილი იყო. ჯერ ბრალად დაგდებენ - "კ. გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერიშოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის, თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმისა და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად. ხსენებული გაუსწორებელი რეაქციონერი მწერალი დღევანდელობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაწარმოებებს აქვეყნებს" - და მერე, როცა თავზე ჯალათის ნაჯახი აღიმართება, გათქმევინებენ: "ლავრენტი ბერიამ გაუზარდა საქართველოს გულმოდგინე პატრიოტები, ქვეყნისათვის, საქმისათვის თავდადებული პარტიული მუშაკები. მისი პირადი გამოცდილების, მისი მითითებების ნიადაგზეა გაზრდილი მრავალი თვალსაჩინო პარტიული მოღვაწე, რომელნიც დიდი წარმატებით განაგებენ დღეს ჩვენს რაიონებს: ჩვენი რაიკომის მდივნები, თავდადებული და თავმდაბალი მოღვაწეები". საერთოდ, კ. გამსახურდია ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც სახლში პური მიაქვს და უკან კბილდაღრჭენილი ქოფაკი მისდევს. პური რომ შინ მიიტანოს და თავად ძაღლის დაკბენას გადაურჩეს, იძულებულია დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. დროებით შეაჩეროს და სახლში შეასწროს. მთელი ცხოვრების მანძილზე ასე გაურბოდა მწერალი უკანდადევნებულ საბჭოთა ხელისუფლებას. ხანდახან უყრიდა მწერლური პურის ნატეხებს - "ბელადს", "ვაზის ყვავილობას", ნარკვევებს, რომ ბუნებრივ სიკვდილამდე მიეღწია და ქართველი ხალხისათვის დაეტოვებინა "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი". ჯერ დაგაწერინებენ ბერიას სადიდებელ ლექსებს, მის მეხოტბედ გაგხდიან და მერე გათქმევინებენ - "უდიდესი კმაყოფილების გრძნობით მიიღო საბჭოთა ხალხმა, ყველა პატიოსანმა ადამიანმა ცნობა ბერიასა და მისი დამქაშების მიმართ სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ" (ირაკლი აბაშიძე, იოსებ გრიშაშვილი, კარლო კალაძე, ალიო მირცხულავა და სხვანი).

      ჯერ დაგაწერინებენ - "მარქსისტულად დამუშავებული თუ მოგვეპოვება რაიმე მეცხრამეტე საუკუნის მწერლობის შესახებ ეს მხოლოდ ამხ. მახარაძის შრომებშია მოცემული" - და მერე გათქმევინებენ - "ამხ. ფილიპე მახარაძე არაა კლასიკოსებთან დამოკიდებულების საკითხში შეცდომისაგან დაზღვეული". და ასე გაუთავებლად, თუმცა არც ამით დაკმაყოფილდებიან. საკუთარი თავის წინააღმდეგ აგამხედრებენ, წამდაუწუმ ბოდიშს მოგახდევინებენ, ვირზე უკუღმა შეგსვამენ და თავლაფდასხმულს ქუჩა-ქუჩა ჩამოგატარებენ. ასე თანამიმდევრულად თრგუნავდა კომპარტია მწერლის სულიერ სიამაყეს, პატიოსნებას, სიმტკიცეს და აყალიბებდა სულიერად მრუშს, სულით ვაჭარს. ძველი მცნების - არა იმრუშო - ადგილს მყარად იჭერდა ახალი - სულით იმრუშე, სამაგიეროდ არ მოგაკლდება კომპარტიის მოწყალე თვალი. ასე იქნა უარყოფილი ყველა ძველი ზნეობრივი მცნება. ძველ ზნეობრივ მცნებათა გაუქმებამ, მათ მაგიერ ამორალიზმის დამკვიდრებამ გამოძერწა ადამიანი, რომელიც წინასწარმეტყველურად დაინახა ვაჟა-ფშაველამ და დაახასიათა კიდეც.

      ... და თქვენ, სადიაცენო, რო ძროხებივით სძღებითა; ღამე მაძღრები დასწვებით, დილით მშივრები სდგებითა; თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როს არ გამოსდგებითა. თავისად სცოცხლობთ, მცონარედ, ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა; გაიგებთ კარგის გარჯასა, გწყინსთ და შურითა ხდებითა; უქმად ჩაჰმალევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა. დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს სწვდებითა. არ იცით, დასჩნდით რისადა, ან რისათვისა ჰკვდებითა. ამ ადამიანებმა შეჰქმნეს განჯგონებულთა საზოგადოება, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული: ბოროტი კეთილად იწოდება, უზნეობა - ზნეობად, ღალატი და გამცემლობა - მოქალაქეობრივ მოვალეობად, სულით მრუშობა - შეგნებულობად, სილაჩრე - კეთილგონიერებად, მონური მორჩილება - წესრიგად, ქურდობა, ხალტურა, მექრთამეობა, კომბინაცია - შრომად, სიცრუე და მოტყუება - კეთილსინდისიერებად, ლაქიობა და კუდის ქიცინი - პირდაპირობად, უპრინციპობა - პრინციპულობად, მტრობა და სიძულვილი - სიყვარულად.

      განჯგონებულთა საზოგადოებას არ სჭირდება იდეალად ღმერთი, როგორც ზნეობრივი სრულყოფილების სიმბოლო. მოწოდება - "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათე, V, 48) - რომლითაც საზრდოობდა ქრისტიანული კაცობრიობის მწერლობა კომუნისტური ხელისუფლების გაჩენამდე, საბჭოური ლიტერატურის მიერ უარყოფილია. იგი შეცვლილია პრაქტიკული განკარგულებით - მოიქეცით ისე, როგორც კომპარტია გიბრძანებთ. თუ საზოგადოება იწამებს ღმერთს, მაშინ აუცილებელია ბრძოლა ზნეობრივ მცნებათა დასაცავად, მათ განსახორციელებლად. ამ რწმენით აღჭურვილ ადამიანს, საერთოდ და კერძოდ მწერალს, ვერ ათამაშებ ტიკინასავით. იგი არ გახდება თოჯინა არავის ხელში. ლიტერატურის პარტიულობის პრინციპის უპირველესი ამოცანა კი ის არის, რომ მწერალი (და საერთოდ ადამიანი) იყოს კომპარტიის სათამაშო თოჯინა. მწერალი (და საერთოდ ადამიანი) უნდა ყოველთვის კომპარტიის დუდუკზე ცეკვავდეს. ამიტომ ებრძვის იგი, ერთი მხრივ, ღმერთს და, მეორე მხრივ, სიტყვას, ანუ უარყოფს რწმენას და მისი გამოხატვის და გადაცემის საშუალებას. უღმერთო, ანუ ურწმუნო კაცი უძლურია. უსიტყვო კაცი მარტოხელა და იზოლირებულია. ცრუ სიტყვას ადამიანთა შეკვრა-შედუღაბება არ შეუძლია. ეს ხელეწიფება მხოლოდ მართალ სიტყვას. ურწმუნო და მარტოხელა კაცი იოლი დასამონებელია და შესაძლებელია ისე იმსახურო, როგორც გსურს. ამიტომ ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი აბატონებს ურწმუნოებას ანუ უღმერთობას და ცრუსიტყვას. ამით საფუძველს უქმნის კომპარტიის განუყოფელ ძალაუფლებას. ძალაუფლების სიმტკიცისათვის სრულებით არ არის საჭირო ზნესრულობის იდეალი, სავსებით საკმარისია მისაბაძი პერსონა. ამან წარმოშვა პარტიული ლიდერის (იქნება იგი ლენინი, სტალინი, ბრეჟნევი თუ სხვა ვინმე, ეს სულერთია) კულტი. ამიტომაც ითხოვს ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი მისაბაძ გმირს. მაგრამ მისაბაძ გმირს შეუძლია ადამიანში აღზარდოს მხოლოდ კომპარტიის დავალების მორჩილად შემსრულებელი. ამგვარი შემსრულებლის იდეალი გახლავთ საფუძველი ისეთი ლიტერატურული პერსონაჟების დახატვისა, როგორიც არიან პავლე კორჩაგინი ("როგორ იწრთობოდა ფოლადი"), დავიდოვი და ნაგულნოვი ("გატეხილი ყამირი"), ტარასი ხაზარაძე ("კოლხეთის ცისკარი") და სხვანი. ზნესრულობის იდეალი ზრდის თავისუფალ ადამიანს, ხოლო ლიტერატურაში ქმნის ისეთ პროტაგონისტებს, როგორიც არიან ავთანდილი, ფაუსტი, დონ კიხოტი, ჰამლეტი. დიდი ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას - რომელი გზა უნდა აირჩიოს მწერლობამ, თუ არ სურს დაკარგოს ფუნქცია. რომელ გზას უნდა მიჰყვებოდეს - ავთანდილის, ფაუსტის, დონ კიხოტისა თუ კორჩაგინების, დავიდოვების, ნაგულნოვების, ხაზარაძეების? რა აკეთოს - დახატოს თავისუფალი ადამიანი, რომლის მოქმედება და საქციელი ბადებს სხვადასხვაგვარ იდეას, თუ აღწეროს აკვიატებული აზრის შესაბამისად კონსტრუირებული მანეკენი? ამ არჩევანის გაკეთება იმას შეუძლია, ვინც მიხვდა, რა იდეალს ემსახუროს. თუ დასკვნის გაკეთებას მოვინდომებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ რელიგიის ("ქრისტიანული იქნება თუ რომელიმე სხვა) მარქსიზმ-ლენინიზმით შეცვლა არ მოხერხდა, მაგრამ ამ ცდამ დაარღვია და დაშალა ზნეობრივი მცნებანი, რითაც კაცობრიობა ცხოვრობდა, და ადამიანი ამორალიზმის მონა გახდა. უზნეო ადამიანმა უარყო ღმერთი, როგორც ზნესრულობის იდეალი, რითაც მორალური კატასტროფისათვის გასწირა პიროვნებაც და საზოგადოებაც. ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ღვთაებრივი იდეალის აღდგენით, მაგრამ არა ძველის განმეორებით, არამედ ახალი გაგებით. თუ ცოდნის დაგროვების პირველ პერიოდში მეცნიერებამ შეარყია რელიგიური რწმენა და ადამიანს ათეიზმის უფსკრულში უბიძგა, ცოდნის დაგროვების მეორე პერიოდში (სხვანაირად რომ ვთქვათ, დღეს) იგივე მეცნიერება საფუძველი ხდება უზენაესის რწმენისა და თეიზმის აღორძინებისა: თანდათანობით ვრწმუნდებით, რომ ცოდნა კი არ გვაშორებს ღმერთს, არამედ გვაახლოებს მას. ეს პროცესი სულ უფრო და უფრო გაიზრდება და ყოვლისმომცველი გახდება. რამდენად ღრმად ჩაიხედავს ადამიანი კოსმოსის საიდუმლოებაში, იმდენად მეტად ირწმუნებს ღმერთს. და რამდენადაც მეტად ირწმუნებს ღმერთს, იმდენად მეტი მოკრძალებით დახრის თავს ზნეობრივი სრულყოფილების წინაშე. ყველასათვის ნათელი გახდება კანტის დიდებული გამონათქვამის აზრი: "ორი რამ აღავსებს სულსა და გულს სულ ახალი და მზარდი საოცრებით... ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზევით და მორალური კანონი ჩემში".

ნახვა: 2146

ტეგები: Akaki_Bakradze, Qwelly, აკაკი_ბაქარაძე, დუმბაძე, რობაქიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არჩევნები 2020 - წინა ღამე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2020.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327…

გაგრძელება

(ა)პოლიტიკური აქცია

გამოაქვეყნა თამუნა ქადაგიძე_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობა, კოვიდის წინსვლა და გადახდილი კომუნალურები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters