ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გულისგამწყალებლად გაჭიანურდნენ დღეები. ისევ ისე წვიმდა, განუწყვეტლივ, თანაბარზომიერად. წვიმის წვეთები ჭმუჭნიდნენ წყლით გადავსებულ სივრცეს, წვიმა შხაპუნობდა კიდობნის სახურავზე, რომელიც ერთ წვეთსაც კი არ ატარებდა. ყველაფერი გამორჩეულად მკვიდრი და საიმედო იყო მეფის სასახლესავით ფართო კიდობანზე. ნოე ამაში დღითი დღე რწმუნდებოდა.

      მართლაც ძალიან გამიღიმა ბედმა, ამ კიდობანს რომ გადავეყარეო, ფიქრობდა. ვინ იცის, მერამდენეჯერ იხსენებდა, თუ როგორ ამოფოფხდა თოკის კიბეზე, როგორ გადააბიჯა სანატრელ სიმშრალეში, მაგრამ ამის გახსენება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახარებდა.

      საქმე იმაშია, რომ მეტისმეტად გაბეზრდა მარტომყოფობით, წარღვნამდელი დრო მოენატრა. თურმა რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ და არც კი ვიცოდიო, ამბობდა გუნებაში. ადამიანები იყვნენ ჩემს გვერდით, მათი ხმა მესმოდა, ხან ავს მეტყოდნენ, ხან კარგს. ხანდახან ძალიანაც გამამწარებდნენ (ასედაც მომხდარა)... რაც მთავარია, მარტო არ ვყოფილვარ, ყოველთვის ვხვდებოდი ვიღაცას, ნაცნობს ან უცნობს. ძმაბიჭებიც მყოლია, შემხვედრია ვინმე გულზიარი, წყალობას მსგავსი; თუმცა, დიდხანს ვერასდროს შევრჩით ერთმანეთს. მე ცხოვრების მდინარე დამაქანებდა, ხან სად წამიღებდა, ხან სად . . . ისინიც თავის გზას ეწეოდნენ. არც წყალობა ყოფილა მაინცდამაინც დიდხანს ჩემს გვერდით, აქ უკვე ნამდვილი მდინარე ჩაერია საქმეში... რა იქნებოდა, ამ კიდობანშიც დამხვედროდა ვინმე ძეხორციელი. იმას მაინც ეცოცხლა, ერთადერთი სიტყვა „ტიკი“ რომ თქვა.

      მსგავსი ფიქრები სულ უფრო და უფრო ხშირად აწუხებდნენ ნოეს. მიადგებოდა მოაჯირს, თვალით მოჩხრეკდა წყალნისლოვან სივრცეს, იქნებ რაიმე ისეთი დაენახა, რასაც ადამიანებთან საერთო ექნებოდა; ნავი, კიდობანი, ტიკი ან რაიმე ამდაგვარი. კიდევ უკეთესი, თუ ხმელეთის ნაპირი გამოჩნდებოდა.

      სანუგეშოს არაფერს სთავაზობდა წარღვნით წალეკილი სივრცე, არსად არაფერი ჩანდა, წყლის და ნისლის გარდა. ნოე თვალს არიდებდა ამ გულისშემაღონებელ სანახაობას ისევ ღია ბანისკენ მიბრუნდებოდა. თავისდა უნებურად, იქაც ძეხორციელს დაეძებდა მისი თვალთამზერა. რა თქმა უნდა, არც ბანზე ჭაჭანებდა ვინმე, მხოლოდ მამალი დააბიჯებდა დარბაისლურად და ნოეს ცალი თვალით ზვერავდა.

      ნოემ თავს გაიქნევდა, ცდილობდა გაეფანტა შავბნელი ფიქრები, ცოტა ხნით წარღვნამდელ დროში გადასახლდებოდა. რა ბევრი რამით იყო იგი მიმზიდველი... თუნდაც მწვანე ბალახზე სეირნობა ვთქვათ, მყარი მიწა ფეხქვეშ... და ადამიანები. ათასი ჯურის და სახის ადამიანები. ყველანი როგორღაც უაღრესად სასურველნი გამხდარიყვნენ ნოესთვის. ისინიც კი, ვისთანაც რაიმე სასიამოვნო მოგონება სულაც არ აკავშირებდა. თავდაპირველად ეს ძალიან აოცებდა ნოეს, თუმცა მერე შეეჩვია, ჩვეულებრივ ამბად ჩათვალა. შეიძლება ითქვას, რომ წარღვნამდელი დროის კარგიც და ცუდიც ლამის ერთნაირად ენატრებოდა მარტომყოფობით შეჭირვებულ ნოეს.

      უმადური არ უნდა იყო ადამიანი, შეახსენებდა თავის თავს ნოე, თან მამალს დაუტევდა გაბრაზებით, რა არხეინად გრძნობს თავსო. დიდად მოწყალე გამოდგა ჩემს მიმართ განგება... ცოფიანი ნადირივით მდია ნიაღვარმა და ვერაფერი დამაკლო. თავშესაფარი მეღირსა, თანაც როგორი... სამეფო სასახლესავით ფართო და მდიდარი. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ რა... მარტოდ ყოფნამ ფასი დაუკარგა. არადა, თითქოს მარტო არა ვარ, რამდენი ცოცხალი არსებაა ირგვლივ.

      ეს ბოლო სიტყვები სხვადასხვა ჯურის ცხოველებს ეკუთვნოდა, ღია ბანზე გალიებში რომ სახლობდნენ. რომელიმე მათგანს ხანდახან თვალებში ჩააცქერდებოდა ხოლმე მარტოობით გაბეზრებული ნოე. თითქოს ცდილობდა, რაიმეთი საინტერესო ნაპერწკალი დაეჭირა მათ გამოხედვაში... და სულ მალე მათგან პირს იბრუნებდა გაწბილებული. რაღა თქმა უნდა, თავისებური სიცოცხლით ცოცხლობდნენ გალიის მკვიდრნი, მათაც სულ ედგათ, ნოეს ხმა ესმოდათ, თავისებურად ეხმიანებოდნენ კიდეც. რაღაც გონებისმიერი ნაპერწკალი მათ თვალებშიაც ღვივოდა, მაგრამ რა შორს იყო იმისგან, რასაც ადამიანის თვალი, ადამიანის გამოხედვა ერქვა. თუნდაც წყალობას გამსჭვალავი გამოხედვა ვთქვათ. ცხადია, ყველა ვერ დაიტრაბახებს ამით, მაგრამ ადამიანის თვალი მაინც სულ სხვაა... ეეჰ, თურმე ადამიანს ისევ ადამიანი სჭირდება ყველაზე მეტად. უწინ ეს არ ვიცოდი, არასდროს ვყოფილვარ ასე დიდხანს მარტო...

      ძმაბიჭებთან ქეიფს ხომ არაფერი შეედრებოდა ამქვეყნად... აი, რა ენატრებოდა ნოეს ყველაზე მეტად. ეს მართლაც ყველაფერზე აღმატებული ბედნიერება იყო, რაც კი ძეხორციელს შეიძლებოდა განეცადა. რა სჯობია ღვინით სავსე თასის აწევას, ცინცხალ წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება... იტყვი ფერადოვან სადღეგრველოს, სავსე თასს პირთან მიიტან, მთელი მკერდით ჩაისუნთქავ ღვინის სურნელს და ნელნელა მოსვამ სანატრელ სასმელს. მაშინვე ცეცხლი დაგივლის მთელ სხეულში, ირგვლივაც ყოველივე გადასხვაფერდება, თითქოს ფერადოვანმა სადღეგრძელომ ხორცი შეისხაო.

      მართლანი არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ნოეს ღვინო აქამდე არ გახსენებია. როგორ არა... აბა, რა დაავიწყებდა ღვინოს, ანუ ღმერთების საჩუქარს, როგორც თვითონ უწოდებდა ამ დიდებულ სასმელს. ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს: გარემოებამ ყოველთვის თქვა თავისი სათქმელი; მეტისმეტმა შეჭირვებამ მისი თვალიდან ცოტა ხნით მაინც მოაფარა ღვინის ხიბლი. ღვინისთვის ნამდვილად არ სცხელოდა ნოეს, როდესაც წყალმცენარესავით ტივტივებდა წყალში, გაბერილ რუმბზე ჩაფრენილი. არც მაშინ, როცა კიდობანზე დაადგა ფეხი წყლიდან ამოფოფხებულმა. ყველაზე უფრო სიმშრალე ენატრებოდა მაშინ ნოეს, მშრალი და მყარი საყრდენი იყო მისთვის ყველაფერზე აღმატებული ბედნიერება. მერე კი, როდესაც კარგად დაისვენა, ღვინოც გაიხსენა. ღვინო ნამდვილად მოუხდებოდა იმ ყუათიან საჭმელს, ღია ბანზე მოკალათებული რომ მიირთმევდა, მით უმეტეს, რომ წყალმა საკმარისად მოაბეზრა თავი. ვაითუ სისხლი გამიწყალდესო, შიშობდა ნოე. მისი აზრით, მხოლოდ ღვინო უშველიდა ამ საქმეს.

      იწყო ნოემ ღვინის ძებნა. ეჭვიც არ ეპარებოდა, აუცილებლად ვიპოვიო. როგორ შეიძლებოდა ღვინო არ ყოფილიყო ყოველგვარი სიკეთით სავსე კიდობანზე. ბევრი ეძება, ჩხრიკა, სათავსოები გადაქექა, მაგრამ ღვინოს ვერსად მიაგნო.

      ცარიელ ჭურჭელს კი მრავლად გადაეყარა, დოქებს, ხელადებს, ტიკებს... წვეთი ღვინოც კი არ იყო რომელიმე მათგანში ჩარჩენილი, ღვინის სუნი კი აშკარად ასდიოდათ.

      - როგორც ჩანს, ამ კიდობნის ბინადრებს ჩემზე არანაკლებად უყვარდათ ღვინო,- გულნაკლულად თქვა ნოემ.

      მეტი რა ჩარა იყო, ისევ წყალი დააყოლა საჭმელს. ყელში გადასცა და ხველებით კინაღამ დაიხრჩო.

      ფარხმალი მაინც არ დაუყრია , ისევ ცდილობდა ღვინის მოძებნას, საგულდაგულოდ ჩხრეკდა ყველაფერს.

      არცერთი კუთხე-კუნჭული არ დატოვა გაუჩხრეკავი, ყველაზე ბნელ მიუვალ სათავსოებში ჩაძვრა, საგანგებოდ შენიღბული სამალავები გადაქექა, არა და არა! ღვინის ნასახსაც კი ვერ მიაგნო.

      სამაგიეროდ, რა საგანძური არ ნახა იმ სამალავებში, რა ოქრო-ვერცხლი, თვალმარგალიტი, იშვიათი უძვირფასესი ნივთები... ბევრი მათგანის დანიშნულებას ვერც კი ხვდებოდა.

      - ვინ იცის, იქნებ ზევახის ოქროც ერიოს ამაში, - თქვა ნოემ და ხელი ამოურია ოქროთი სავსე ზარდახშას. ოქრო ვერა და ვერ გაიმეტა ზევახმა, ღვინით სავსე დოქი გამოატანა ოქროს ნაცვლად. კიდევ კარგი, რომ ასე მოეწყო საქმე, იმ ღვინომ ძალიანაც აამა ნოეს. როგორ უფრთხილდებოდა, მაინც წაჰგვარა ღვარცოფმა ის დოქი შიგ ჩარჩენილი რამდენიმე ყლუპი ღვინით. „ეეჰ, რა ღვინო იყო, რა ღვინო“, თავი დანანებით გადააქნია ნოემ ამის გახსენებისას.

      ერთადერთი იმედი ისევ ვაზის ნერგი იყო, ღია ბანზე რომ ხარობდა. ნოე გულში ელოლიავებოდა იმედს, ამ ნერგს ოდესმე მიწაზე დავრგავო. ნერგი გაიზრდებოდა, ყურძენს დაისხამდა და დაამწიფებდა. ნოე იმ ყურძნიდან ღვინოს დაწურავდა. ასეთი ფიქრები ძალიან ესალბუნებოდა მის სულს და გულს.

      თუმცა იმასაც ეჭვობდა უკვე,დროის გასვლის კვალობაზე; ალბათ მიწაზე ადგილი აღარსად დარჩა ნერგის გასახარებლად, ყველაფერი წყალმა დაფარაო.

      ბოლო დროს საქმეზედაც გული აიცრუა... ხელი არ აუღია კიდობნის მოვლა-პატრონობაზე, მაგრამ ძველებური გულმოდგინებით ვეღარ ირჯებოდა. ის კი არადა, დილით თვალის გახელა ეზარებოდა. რა უნდა დაენახა; მძიმედ დაგრაგნილი ყომრალი ღრუბლები და წვიმით დაჭმუჭნილი წყალნისლოვანი სივრცე. თუ უწინ ეჭვობდა, მგონი სამყაროს აღსასრული დადგაო, ახლა ეს ეჭვი ლამის რწმენად ექცა. ფიქრობდა, ალბათ ყოველივე წყალმა წალეკა, ცოცხალი აღარავინ დარჩაო. ძალზე მკვიდრია ეს კიდობანი, მაგრამ სანამდე იტივტივებს? როცა იქნება, ამის აღსასრულიც დადგება. ჯანდაბას ყველაფერი, ღვინო მაინც მქონდეს, კიდობანზე სულაც არ ვინაღვლიდი... აღსასრულის წინ მეტს არაფერს ვითხოვ.

      იქამდე მივიდა, ის დროც კი მოენატრა, როცა მთის კორტოხზე იყო შერჩენილი და ყოველი მხრით ავად აყმუვლებული ნიაღვრები უტევდნენ. „ღვინო იყო მაშინ ჩემს გვერდით, მამხნევებდა, მაცოცხლებდა... მაშინ ბევრად უფრო ბედნიერი ვიყავი“...

უცნაური ხმა

      ინახად იჯდა ნოე, თავი ჩაექინდრა, სახეც ვაგლახად დაღრეჯოდა. მეტისმეტად გააბეზრა მარტომყოფობამ და უღვინობამ, ერთად აღებულმა. გულგატეხილობაც მოეძალა. გაფაციცებით აღარ ზვერავდა წყალნისლოვან სივრცეს, იქნებ რაიმე სანუგეშო დავინახოო, ანუ რაიმე ისეთი, რაც ადამიანს გამახსენებსო. მღვრიე წყალი და ყომრალი ღრუბლები, სხვა არაფერი ჩანდა, რამდენჯერად არ უნდა გადაეხედა კიდობნის მოაჯირს მიღმა. ნოეს სულშიაც შეაღწიეს იმ ყომრალმა ღრუბლებმა და გუნება დაუმძიმეს. წვიმის გაბმული შხაპუნისაგან ხომ გულზე ეყრებოდა. ასეთი სიცოცხლე ნამდვილად არ ღირსო, ფიქრობდა. ალბათ სჯობდა, დროზე მომღებოდა ბოლო, მეც ერთი იმათგანი ვყოფილიყავიო, წყალში მოტივტივე ცხედრებს იხსენებდა...

      ნოემ უწადინოდ გაღეჭა ლუკმა, გულზე დაადგა, წამოახველა. ხელი თასისკენ წაიღო, წყალი დააყოლა, სახე კიდევ უფრო დაეღრიჯა. „ღვინო, ერთი ყლუპი ღვინო...“ ამოთქვა და თასი ძირს დაანარცხა. თასი ნამსხვრევებად იქცა. ნოეს ყურიც არ გაუბერტყია, თავჩაქინდრული იჯდა ისევ. „ეეჰ, აღარაფერს აღარ აქვს აზრი, ნამდვილად ქვეყნის აღსასრული დადგა...“ ჩაილაპარაკა თავისთვის.

      როდის-როდის წაიღო ისევ ხელი საჭმელისკენ, კვლავ გაღეჭა ლუკმა, ისევ ისე უწადინოდ.

      უცბად რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა...

      ნოეს მოეჩვენა, თითქოს რაღაც უცხო ხმა მომესმაო, ღეჭვა შეწყვიტა, დააყურა.

      ჰო, ნამდვილად შეიცვალა რაღაც, მაგრამ რა? ნოე ამას ვერ მიმხვდარიყო, იჯდა და უსმენდა იმ უცხო ხმას.

      უნებურად ხელადას გაჰკრა ხელი. ხელადა გადაყირავდა, წყალი წანწკარით დაიღვარა. ამან ნოე მიახვედრა, რა იყო ის უცხო ხმა... ის სიჩუმე იყო.

      მგონი, წვიმას გადაუღია, აღარ ისმის მისი მომაბეზრებელი შხაპუნი, ნანატრი სიჩუმე გაბატონებულა მთელ კიდობანზე.

      იცოცხლეთ, ნოე ცქაფად წამოხტა ფეხზე. სასწრაფოდ მიიჭრა მოაჯირთან, გადაიხედა... ჰო, ნამდვილად აღარ წვიმს, მღვრიე წყლის ზედაპირი მოსწორებულა, აღარ იჭმუჭნება წვიმის წვეთებისგან.

      თვალს და ყურს აღარ ენდო ნოე, ვერ იჯერებდა ამ დიდ ბედნიერებას. ორივე ხელი მოაჯირს მიღმა გაიწოდა, რათა მოესინჯა, აბა, მართლა თუ შეწყდა წვიმაო.

      ორიოდე წვიმის წვეთი დაეცა ხელებზე ... ნამდვილად აღარ წვიმს, წვიმის წვეთები თქეშად აღარ მოგორავენ კიდობნის სახურავზე. ის ორი წვეთი ნაწვიმარზე ჩამოდენილი წვეთებია...

      - იქნებ ღმერთმა აღარ გაწიროს ქვეყანა დასაღუპად, - თქვა ნოემ ხმამაღლა. გამომცდელად დაჰყურებდა სარკესავით მოსწორებულ მღვრიე წყლის ზედაპირს. აღარსად ჩანდნენ საძულველი წვიმის წვეთები, ერთიც კი არ გაჭაჭანებულა სადმე... ყოველ შემთხვევაში, ნოეს თვალსაწიერზე.

      სხვა მხრივ თითქოს არაფერი შეცვლილა, ცის თაღზე კვლავინდებურად იგრაგნებოდნენ ყომრალი ღრუბლები, ცისკიდურსაც ნისლოვანი ფარდები ბურავდნენ და მაინც, ნოეს მოეჩვენა, თუ მართლა ასე იყო, ცოტათი უკან დაიხიეს ნისლოვანმა ფარდებმა, ცისკიდურიც თითქოს უფრო გაფართოვდა.

      ერთ წამში გაქრა უკვალოდ გულგატეხილობა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, წვიმა შეწყდა. აღარც კი ეგონა ნოეს, ოდესმე ამას თუ მოესწრებოდა. იქნებ ამ სასიკეთო ნიშანს ბევრი სხვაც მოჰყვესო, გაივლო გულში. ბევრ რამეს გულისხმობდა ამაში; ღრუბლების გაფანტვას, მზის გამონათებას, ვინმე ძეხორციელთან შეხვედრას... და რაღა თქმა უნდა, ღვინით სავსე თასის აწევას... თუკი მე გადავურჩი ამ წარღვნას, ალბათ სხვაც შეიძლებოდა გადარჩენილიყოო, ასე ვარაუდობდა.

      მკლავშიაც ათი კაცის ღონე მიეცა, იმედის სხივი აუკიაფდა თვალებში. ძველებურად გულიანად მოეკიდა საქმეს, ღია ბანზე ყოველივეს თავისი ადგილი მიუჩინა, გალიებიც დაასუფთავა... თან ხშირხშირად ათვალიერებდა ყომრალი ღრუბლებით დაფარულ ცას. რა იქნება, ეს ღრუბლები ჩქარა გაიფანტოსო, ნატრობდა. მეტად უღიმღამო სანახაობა იყო; ერთიანად ნაცრისფერი ცა, მღვრიე წყლით ავსებული შორეთი.

      ის დღე ისე დაღამდა, ღრუბლები არ გაფანტულან. თუმცა თანდათან შეთხელდნენ, ეს აშკარად ჩანდა.

      შებინდების წინ მკრთალი ფერადოვანი რკალი გამოისახა ღრუბლების კალთაზე, ეს ცისარტყელა იყო. მისმა დანახვამ ნოეს იმედები გაუცხოველა, ნამდვილად გამოდარებას აპირებსო, თქვა. უკეთესის მოლოდინით აღსავსემ მილულა თვალი იმ ღამით კიდობნის მოხატული სახურავის ქვეშ. რა ბედნიერება იყო, აღარ ჩაესმოდა საძულველი წვიმის შხაპუნი.

მზე

      ოქროსფრად მოელვარე სინათლის სვეტი დაინახა ნოემ თვალის გახელისთანავე. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი მიხვდა, ამ სინათლის სვეტს საერთო არაფერი ჰქონდა კიდობნის სახურავზე მოხატულ მნათობებთან. საჩქაროდ წამოხტა, მოაჯირთან მიიჭრა, თვალი მოავლო უსასრულოდ გაფართოებულ ცისკიდურს. თვალსაწიერზე ლიცლიცებდა წყალი, მოწმენდილ ცას კამკამი გაჰქონდა, ცასა და წყალს შორის მზის ელვარე ბურთი ეკიდა.

      - შენს მობრძანებას გაუმარჯოს, ჩემო ძმაო და მეგობარო, - მიესალმა ნოე მზეს. ხელები ფართოდ გაშალა გულიანად გაუღიმა. როგორც ძველ ნაცნობს, ისე შეეხმიანა. ამ დროს ერთი წამით თავში გაუელვა, რა უცნაურად ვიქცევიო. მზეს, როგორც ცოცხალ არსებას, ისე ვესაუბრებიო, მაგრამ ამ უცნაურობის განსჯას აღარ გამოკიდებია. სად ეცალა, მზეს ვერ წყვეტდა თვალებს. მეტად დიდებული რამ იყო სანახავად, მეწამულით უხვად დაფერილი, გულიანად მომღიმარი. თან რა ალერსიან სხივებს აფრქვევდა... ნოეს მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა ამ მოალერსე სხვებისგან. სხვა ყოველივე გადაავიწყდა ამქვეყნად, ქანდაკებასავით უძრავად იდგა ღია ბანზე, მონუსხულივით შეჰყურებდა მზის ელვარე ბურთს. თურმე როგორ მომნატრებიხარო, ამბობდა. ასე მანამდე გაგრძელდა, სანამ მზის ელვარე ბურთი რამდენიმე ბურთად არ იქცა...

      ნოემ მოწყვიტა მზერა ამომავალ მნათობს, თვალი ირგვლივ მიმოავლო... ჯერ ვერაფერს ხედავდა აჭრელებული თვალებით, მერე კი დაინახა...

      ო, როგორ შეცვლილიყო ყოველივე; სადღა იყო ის უღიმღამო, ყომრალი ფერები, ნოეს ასე რომ მოაბეზრეს თავი. ღრუბლებთან ერთად ისინიც გამქრალიყვნენ. ცინცხალი, გამჭვირვალე ფერები ზეობდნენ ყველგან, საითაც არ უნდა გაგეხედა; ცის თაღს ლურჯ-სადაფისფრად გაჰქონდა კრიალი, ცისკიდურს ვარდისფერი ზოლი ეფინა. ნათელი ეფინა კიდობანს, მეფის სასახლესავით ფართოდ გაშლილს, თითქოს სინათლის სამოსით შეიმოსაო.

      თვით საზიზღარი მღვრიე წყალიც კი, ირგვლივ ყოველივე რომ დატბორა, აღარ იყო წინანდებურად უსიამო სანახავი. იმასაც კი ნათელი მოეფინა. მზის სხივები ათამაშდნენ და აბრჭყვიალდნენ წყლის მოსარკულ ზედაპირზე, ალისფერ-ოქროსფერი მეტობდა ამ ბრჭყვიალში, ამომავალი მზის ფერი.

      რასაც მე ახლა შევყურებ, მკვდრის გაცოცხლებას ჰგავსო, თქვა ნოემ ხმამაღლა, მის ხმაში გაოცება ისმოდა. რა უღიმღამო და უფერული იყო ირგვლივ ყველაფერი, ცაში თუ წყალზე. მკვდრისფერი ბატონობდა ყველგან. მზემ ერთი ჰკიდა თვალი და მაშინვე გააცოცხლა ყველაფერი.

      მერე დაფიქრდა, ოდესმე თუ მინახავს მზის ასეთი დიდებული ამოსვლაო. ბევრი ვერაფერი გაიხსენა ამდაგვარი. „მზე ამოვიდა, მზე ჩავიდა“. ამ სიტყვებს მიღმა არ მიდიოდა ნოეს ალღო-გუმანი. არ შეუმჩნევია, რა მაცოცხლებელ სხივებს აფრქვევდა თურმე ეს მოელვარე ბურთი, სახელად მზე...

      მამლის ყივილი ჩაესმა ნოეს, საყოველდღეო საქმე ეძახდა. აქცია ზურგი ნაირგვარი ფერების გამოფენას, ასე სასურველს და მონატრებულს. შეუდგა ყოველდღიურ ფუსფუსს, ცოტათი ნაგვიანევად. ხალისიანად ირჯებოდა, გული იმედებით ჰქონდა სავსე, „გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“, იმეორებდა გულში... გაახსენდა, როგორ ციმციმ დაუშვა ქარიშხალმა ჩიტის ბუდე მიწაზე ერთადერთი დაჭორფილი კვერცხით... „დღეს მზემ გამოანათა, როცა იქნება, ხმელეთსაც დავინახავ...“

      ღია ბანზეც ყოველივე გადასხვაფერდა. ყოველივე ხარობდა, სულიერი თუ უსულო, ყველაფერში მზის სხივი ერია. ნოე ხალისიანად მიმოდიოდა, სიხარულით სავსე გულით მსახურებდა ყოველივეს, თან თვალი გამუდმებით მზისკენ გაურბოდა, თითქოს ეშინოდა, არ დამეკარგოსო. მარტოსულად აღარ გრძნობდა თავს. სიცოცხლით სავსე არსება იყო მის გვერდით, რომელიც კეთილი თვალით შემოჰყურებდა, ათბობდა და ამხნევებდა. რა გემრიელი იყო საუზმე, რომელსაც მზის სხივი დაჰნათობა... და რაღა თქმა უნდა, უფრო გემრიელი იქნებოდა, თუ რამდენიმე ყლუპ გვინოსაც დააყოლებდა...

      აქ ნოემ გაბრაზებით გაიქნია თავი, ფიქრი უკუჰყარა. შეეშინდა, ვაითუ ლუკმა ყელში აღარ გადამივიდესო...

      მზემ საშუადღეოდ შეიმაღლა, ალისფერი ბურთი ოქროსფერ ბურთად იქცა. ცარგვალიც უფრო ჩამუქდა, სადაფისფერმა ლურჯ ფერს დაუთმო ადგილი. ნოემ ახლა ამ სილურჯეს გაუსწორა თვალი, დიდი ხნის მონატრებულ ფერს. მზის ელვარე ბურთს უკვე თვალს ვეღარ უმაგრებდა, თვალდახუჭული ეფიცხებოდა მის მაცოცხლებელ სხივებს. ნოეს ლამის ზარხოში მოჰგვარეს ამ სხივებმა.

      ნაშუადღევს მეტისმეტად დაცხა. ნოემ მოხატულ სახურავს შეაფარა თავი, იქ დაემალა მზის მცხუნვარებას. ნეტარებით აღსავსე ისვენებდა, თვალსაც მილულავდა ხოლმე, თუმცა მალევე ახელდა, რათა კვლავ დაენახა მზის სანატრელი ნათელი და ლურჯი, ლურჯი ცა.

      გადაიხარა მზე, დღეც გასრულდა. ნოემ მზის ჩასვლა იხილა, არანაკლებ დიდებული და ფერადოვანი, ვიდრე მზის ამოსვლა იყო.

      - მალე ისევ შევხვდებით, - უთხრა ნოემ მზეს, თვალს უკვე თავისუფლად უსწორებდა ალისფრად დაფერილ მნათობს. მზემ პასუხად მრავლისმეტყველად შემოხედა და ნელა ჩაეშვა წყლით გადავსებული ცისკიდურის მიღმა. მისი მეწამული არილი კარგა ხანს ენთო მიმკრთალებულ ცაზე.

      ბოლოს ეს არილიც აიკრიფა და უცბად ნოემ ახალი მთვარე დაინახა, გალწობილი, ვერცხლისფრად მოკიაფე.

      - შენც გაგიმარჯოს ღამის მაჭანკალო, - მიესალმა ნოე მთვარეს. თვითონაც არ იცოდა, რატომ უწოდა ასე.

      თურმე შენც ძალიან მომნატრებიხარო, დაუმატა ბოლოს. იგრძნო, რარიგ სიამოვნებდა მთვარის ჭვრეტა.

      ახლა იმაზე დაფიქრდა ნოე, უწინ მთვარე თუ დამინახავსო. მთვარე როგორ არ დამინახავს, შეეკამათა საკუთარ თავს, ოღონდ არ მახსოვს, ოდესმე კარგად თუ შემითვალიერებია. ერთს შევავლებდი თვალს და მორჩა... ახლა კი თვალი ვეღარ მომიშორებია მისთვისო.

      თვალს მიეფარა ორივე მნათობი, როგორც დღის, ისე ღამის... ბინდმაც თანდათან იძალა და ნოეს ახალი საჩუქარი გაუმზადა; ვარსკვლავებმა გამოჭყიტეს თვალები. ჯერ ერთმა გაიბრწყინა ჩამუქებულ ცაზე, იმას მეორეც მალე მიჰყვა, თითქოს ეტოქებაო. კიდევ ცოტაც და, ვარსკვლავთა ბრწყინვალე მარაქა დაეფინა ღამეული ცის კალთებს ყოველი მხრით.

      - თქვენც გაგიმარჯოთ, ძმაბიჭებო! - ხმამაღლა შესძახა ნოემ ვარსკვლავებს, - ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა.

      სრულ სიმართლეს ამბობდა, თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდნენ სიხარულისგან.

      - ვისზე ნაკლებნი ხართ, როგორ აკვესებთ თვალებს, - აგრძელებდა ნოე ვარსკვლავებთან მუსაიფს.

      არა, არ მოსჩვენებია ნოეს. ვარსკვლავები უჩვეულოდ გაბრწყინდნენ ამ სიტყვების გაგონებისას. ის კი არადა, ერთმა, სხვებზე სულწასულმა, მნათი ცეცხლოვანი რკალი მოხაზა ცაზე.

      - აი, თქვენი საპასუხო სალამიც, - თქვა ნოემ მოწყვეტილი ვარსკვლავის დანახვისას. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები იმ საოცარ, მართლაცდა ზღაპრულ დღეს, მკვდარივით დაეძინა ამდენი შთაბეჭდილებებით დაღლილს.

      მომდევნო დილითაც მზის სხივების ბრწყინვალე ნიშატი დაინახა ნოემ თვალის გახელისთანავე, ახალი დღის ოქროვანი კარიბჭე... მერე კი მიჰყვნენ ერთმანეთს ოქროსფრად დაფერილი, მშვენიერი დღეები. ცა რახან ერთი მოიწმინდა, ციცქნა ღრუბელიც კი აღარ გაკარებია მის ლურჯ გუმბათს. მზე სუფევდა მთელი დღის განმავლობაში,ათბობდა და ახარებდა ნოეს, ასე მონატრებულს მის ნათელს. ღამით მთვარე ცვლიდა მზეს, რომელიც თანდათან ივსებოდა. გალწობილი მნათი რკალი ჯერ ნახევარ კომშს დაემსგავსა, მერე მთლად გაივსო. გაბადრული სახით გადმოიხედა მიმკრთალებული ციდან. ვერცხლისფერი სხივებიც ბარაქიანად დააფრქვია მოლიცლიცე წყალს და მასში შეცურებულ კიდობანს.

      ვარსკვლავებიც მეტისმეტად ეშმაკურად აკვესებდნენ თვალებს, თითქოს რაღაცას პირდებოდნენ ნოეს, მაგრამ ამის თქმას არ ჩქარობდნენ. თანაც რა სხვადასხვანაირები ყოფილან, ნოე პირდაპირ გაოცებული იყო... ერთი ალისფრად ბრდღვიალებდა, მეორეს ცისფრად გაჰქონდა ბრჭყვიალი, სხვა კიდევ ოქროსფრად... საზღვარი აღარ ჰქონდა ამ ნაირფერებს. ერთი სიტყვით, ზეციური სილამაზის სასწაულები, ნოეს, შეიძლება ითქვას, ბღუჯაბღუჯა ეყრებოდა თავზე, როგორც დღისით, ისე ღამით. ციური მნათობები თითქოს ცდილობდნენ, რაც შეიძლება ლამაზად წარმოეჩინათ თავი...

      უკვირდა ნოეს, ამ საოცარ სილამაზეს, ციურ მნათობთა ბრწყინვალებას უწინ (ანუ წარღვნამდე) რატომ ვერ ვამჩნევდიო, წარღვნის შემდეგ თვალები რაღამ ამიხილაო.

      ბევრი იფიქრა ამაზე და ბოლოს თავისი აზრი გაუზიარა ციურ მნათობებს;

      - ღრუბლებმა დამანახეს თქვენი თავი. იმდენხანს დაგმალეს, სანამ ძალიან არ მომენატრეთ, მონატრებულზე კი თქვენი დანახვა ღვინოსავით მეამა...

      ეს უმაღლესი შეფასება იყო ნოესგან, თუ ვინმე (მათ შორის მნათობიც) ამის ღირსი გახდებოდა.

      მერე თავის თავს ჰკითხა ნოემ, ნეტავი თუ შევძლებდი მნათობთა სილამაზის დანახვას, ღრუბლებს იმდენხანს რომ არ მოეფარებინათ ჩემი თვალისგანო. ბევრი იფიქრა, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა ამ კითხვაზე. თავი ისე იგრძნო, თითქოს რომელიღაცა მეტად იდუმალი კიდობნის წიაღში იხეტიალა და იქ ისეთ საოცარ ნივთებს წააწყდა, რომელთა დანიშნულებაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

ნახვა: 16

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისი ფული და ვისი სახელი?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2019.
საათი: 11:21pm 1 კომენტარი

      როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები…

გაგრძელება

სათამაშო დიდები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 21, 2019.
საათი: 11:09pm 1 კომენტარი

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von)…

გაგრძელება

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters