უხსოვარ დროში დიდი მაღალი ხეები არ ირთვებოდნენ თურმე ყვავილებით. მხოლოდ მწვანედ მობიბინე ველ-მინდორს ანდა ტანდაბალ ბუჩქნარს თუ ეწვეოდნენ ბუნების ეს პირლამაზი შვილნი, ნაირფერებით მოკაზმავდნენ და გაალამაზებდნენ. დიდი ხეები კი იდგნენ მწვანე გუმბათებივით. მწვანე ფოთლების გარდა სხვას ვერაფერს შენიშნავდი მათ ტოტებზე.

      და აი, ერთხელაც მოფრინდა ყვავილების დედოფალი. ხელში მოწნული კალათა ეჭირა, რომელიც პირთამდე სავსე იყო ნაირფერი ყვავილებით. დედოფალმა ნება-ნება გადაუქროლა თავზე ტანმაღალ ხეებს, თან კალათიდან ყვავილებს იღებდა და მწვანე ვარჯებზე აყრიდა. მოხდა ნამდვილი საოცრება: ტანმაღალი ხეები ნაირფერი ყვავილებით მოიკაზმნენ. საკმარისი იყო თუნდაც ყვავილის ერთი ფურცელი შეხებოდა მათ მწვანე ვარჯებს, რომ მაშინვე ყვავილთა კონებით დაფარულიყო. ეს იმიტომ, რომ კალათა ჯადოსნურ ბაღში დაკრეფილი ყვავილებით იყო სავსე. დიდი სიხარულით მიიღეს ხეებმა ძვირფასი საჩუქარი, ყვავილთა დედოფალს მოკრძალებით უხრიდნენ კენწეროს მადლობის ნიშნად. ისიც ღიმილით პასუხობდა მათ მადლიერებას, თან ნელ-ნელა ინაცვლებდა ხეების თავზემოთ, რათა ყველა მათგანისთვის ეძღვნა უძვირფასესი საჩუქარი. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ კალათა პირწმინდად არ დაიცალა. ყვავილების დედოფალიც თვალს მიეფარა კვლავ დაუბრუნდა თავის ჯადოსნურ ბაღს ცარიელი კალათით ხელში.

      განა საკმარისია ეს სიტყვა, ხეები გალამაზდნენო, თუ ვიტყვით? ალბათ გინახავთ აყვავებული წაბლის, ნუშის თუ ატმის ხეები, განა შეიძლება მათი სილამაზე აიწეროს? თუნდაც წიფელა ვთქვათ, თელა, მუხა... მათ მოკრძალებულ, ნაზ ყვავილებს თუ კარგად დაუკვირდებით, სილამაზის მთელ ოკეანეს აღამოაჩენთ მათში. ყველა მათგანი განუმეორებლად ლამაზია, ერთი-მეორის მჯობი. ჭეშმარიტად დაუფასებელი გახლდათ ყვავილთა დედოფლის ძღვენი და უდიდესი იყო ტანმაღალი ხეების ბედნიერება. ამას გარდა, ერთმანეთსაც სიამოვნებით უჭვრეტდნენ მაღალი ხეები, ერთმანეთის სილამაზე ცალკე ახარებდათ. მინდვრის ყვავილებმა და ბუჩქებმა გულითადად მიულოცეს მაღალ ხეებს გალამაზება და მათი სიხარული გააორკეცეს. ფრთოსნებს ერთი ჟრიამული შეუდგათ, ფრენა-ფრენით თავზე ევლებოდნენ აყვავებულ ხეებს. პეპლებს და ფუტკრებს ხომ ნამდვილი ზეიმი ჰქონდათ. რაც შეეხება ტყის ბინადრებს, ირმებს, კურდღლებს თუ მელაკუდებს, კისრები დაეღალათ მაღლა-მაღლა ყურებით, თვალს ვეღარ წყვეტდნენ არაჩვეულებრივად გაფურჩქვნილ ხეებს. ცაზე მოხეტიალე ღრუბელიც კი შეჩერდა, ერთხანს გაოცებით უყურა და მერე ჟუჟუნა წვიმა გამოუგზავნა მათ. მართლაც, დიდად ბედნიერი დღე გაუთენდათ ტანმაღალ ხეებს. ჰკითხეთ ნიავს, იგია მოწმე მათი დიდი სიხარულისა.

      ოღონდ ერთ-ერთი მათგანი გამოაკლდა ამ დიდ სიხარულს. რატომღაც ისე მოხდა, რომ მას არ შეხვდა არცერთი ფერადოვანი ფურცელი ჯადოსნური კალათიდან და ვერ შეიმოსა ფერადოვანი ყვავილებით. დაღონდა ფრიად უყვავილოდ დარჩენილი ხე, ვეღარ მიიღო მონაწილეობა საყოველთაო ზეიმში. ეს კიდევ არაფერი, ვერც შემდგომმა დღეებმა მოუტანა რაიმე სანუგეში. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა მის გარდა. ფრთოსნებიც კი ბუდეს აღარ იკეთებდნენ იმ ტოტებზე, აყვავებული ხეები ერჩივნათ. პეპლეპზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ახლოსაც არ ეკარებოდნენ. ნიავი რომ ნიავია, ისიც კი გვერდს უვლიდა, სხვა ხეებთან შეთამაშება უფრო მოსწონდა. თავი ძალზე ცუდად იგრძნო უყვავილოდ დარჩენილმა ხემ. განაპირდა, უღონოდ ჩამოუშვა ტოტები, ფერიც არასასიკეთოდ შეცვალა. ცოტაც და, საცაა ჩამოჭკნებოდა კიდეც.

      ბედად, ფუტკრებს ჰქონდათ სკა უყვავილოდ დარჩენილი ხის ტოტზე. არც მათ დაურჩათ სასიამოვნოდ ზემოთ აღწერილი ამბავი, ერთი პირობა იმ ხის მიტოვებაც კი განიზრახეს, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. ჯერ ერთი, რომ მეტად მოხერხებულად ჰქონდათ სკა გამართული და დაენანათ. მეორეც, შეებრალათ ისედაც დაჩაგრული ხე. ყველაფერს სჯობია ჯადოსნური ბაღიდან ჩვენ თვითონ მოვიტანოთ ყვავილი და ხეც აყვავილდებაო, ასე გადაწყვიტეს. არც საკუთარი თავი დავიწყებიათ ამ პაწია, შრომისმოყვარე არსებებს, თავიდანვე იგუმანეს; ნექტრით მდიდარი ყვავილი უნდა შევარჩიოთ, გაცდენილ დღესაც აგვინაზღაურებს და შემდგომშიც გამოგვადგებაო.

      მაშინვე იწყეს მზადება ჯადოსნურ ბაღში გასამგზავრებლად, სკაში ბჭობა გაიმართა, რა ვიღონოთ და როგორაო... ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე ფუტკრები ერთმანეთს არ აცდიდნენ, არა მე გამგზავნე და არა მეო, მაგრამ როცა დედა ფუტკარმა ჰკითხა მათ, თუ საით აპირებდნენ გაფრენას, ხმაც ვერ ამოიღეს. არცერთმა არ იცოდა ჯადოსნური ბაღის ადგილსამყოფელი. ვერც ახსნა-განმარტებამ უშველა საქმეს.

- ისევ მე გაგიძღვებით წინ, თქვენი იმედი არ მაქვს, - თქვა მოთმინებადაკარგულმა დედა ფუტკარმა, გაშალა ფრთები და სკიდან გამოფრინდა. მთელი ოჯახი უკან გაჰყვა... მიფრინავდა დედა ფუტკარი, სკა ბზუილით მისდევდა უკან. ვინმეს რომ დაენახა, იფიქრებდნენ, ფუტკრის ნაყარიაო. აბა, რა იცოდნენ, რაში იყო საქმე... ბევრი იფრინა დედა ფუტკარმა, თან ისეთი მიხვეულ-მოხვეულ ირაოს აკეთებდა, მის მადევარ ფუტკრებს ცოტა არ იყოს, თავბრუ დაესხათ. კიდევ კარგი, თვითონ გამოგვიძღვა წინ, თორემ ჩვენ აუცილებლად გზას დავკარგავდითო - ასე ჩურჩულებდნენ ერთმანეთში. მერე დედა ფუტკარმა ჰაერში ტრიალით მაღლა-მაღლა იწყო ასვლა, თურმე ჯადოსნური ბაღის გალავანს მისდგომოდნენ უკვე, რომლის სიმაღლეც, თუ ხმებს დავუჯერებთ, თვით ღრუბლებამდე უწევდა, მთელი სკაც თან აჰყვა. მიიწევდნენ და მიიწევდნენ მაღლა ჰაერში ტრიალით, თითქოსდა დასასრულიც არ უჩანდა ამ აღმა სვლას, ნეტავ, სანამდე უნდა ავაღწიოთო, ასე ჩურჩულებდნენ დამფრთხალი ფუტკრები, როცა დედა ფუტკარმა ლამაზი რკალი მოხაზა ჰაერში და დაბლა დაეშვა, სკა შლეიფივით გადმოჰყვა თან, უკვე ჯადოსნურ ბაღში იყვნენ, გალავანის გადმოღმა.

      უმშვენიერეს წალკოტში ამოჰყვეს თავი სადამდისაც კი თვალს მიუწვდენდი, ათასფერ ყვავილებს გაჰქონდათ ღაღანი. არაფერი სჯობდა მათ ყურებას. ზოგიერთი მათგანი ჯერაც არავის ეხილა თვალით, რადგან ამ მაღალი გალავნის მიღმა არასდროს გაფურჩქნულიყვნენ. ამდენად მათი თვალიერება უაღრესად საინტერესოც იყო, სასიამოვნოზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ფუტკრებს ჯერ ამისთვის არ ეცალათ. მაშინვე ყვავილების დედოფალს მიაშურეს, რომელიც ნედლი რტოებისგან დაწნულ ჰამაკში ნებივრობდა, ყვავილების კალათაც იქვე იდო. ფუტკრები ცოცხალ ფიანდაზად დაეფინენ ყვავილების დედოფლის წინაშე, უაღრესად თავაზიანად მიესალმნენ და მერე დედა ფუტკარი თავის ოჯახს მიუბრუნდა:

- მითხარით, ჩემო კარგებო; ყვავილების დედოფალი უფრო ლამაზია, თუ ჯადოსნური ბაღის ყვავილები?

- ყვავილების დედოფლის სილამაზეს ყველანი ვხედავთ, მაგრამ თვით ყვავილებთან შედარება არ შეგვიძლია, რადგან ჯერ თვით ბაღი არ გვინახავს, - ერთხმად აზუზუნა მთელი სკა.

      დიდი ბჭობა გვქონდა მთელ ოჯახს და ვერაფრით საერთო დასკვნამდე ვერ მივედით, - ახლა ყვავილების დედოფალს მიუბრუნდა და დათაფლული ხმით ალაპარაკდა დედა ფუტკარი,

- კარგი იქნება, თუ დაგვათვალიერებინებთ ამ წალკოტს, მაშინ ალბათ ყველას გაგვიჩნდება რაიმე სათქმელი. თუმცა მე აქედანვე მეპარება ეჭვი, ამ ბაღში იყოს ისეთი ყვავილი, რომელიც სილამაზით აქაურობის მბრძანებელს შეედრება.

      ტკბილი სიტვა ყველას სიამოვნებს, არც ყვავილთა დედოფალი ყოფილა გამონაკლისი, მან კმაყოფილებით გაიღიმა, ჰამაკიდან წამოიწია და ფერადოვან კვლებს გაუყვა, ფუტკრებიც ზუზუნით თან მიჰყვნენ. უნაზესი სურნელი იკმეოდა ჰაერში, თვალს სჭრიდა ცინცხალი ფერების ნამდვილი ნიაღვრები. ფუტკრებმა აღარ იცოდნენ, საით გაეხედათ, თვალები აცაბაცა გაურბოდათ.

- ბევრჯერ გვსმენია ჯადოსნური ბაღის ქება-დიდება, მაგრამ ამის მსგავსი ვერაფერი წარმოგვედგინა, - გაბმით ზუზუნებდნენ პაწია ფრთოსანი სტუმრები. დედა ფუტკარს თავი უფრო დინჯად ეჭირა, გვერდიდან არ სცილდებოდა ყვავილების დედოფალს. არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ჯერ არცერთი ყვავილი არ შეხვედრია ისეთი, სილამაზით აქაურობის დედოფალს გაუწიოს მეტოქეობაო.

- რა თქმა უნდა, - ზუზუნებდა სკა.

      ყვავილების დედოფალს არ გამოპარვია თავისი პაწია სტუმრების აღფრთოვანება ჯადოსნული ბაღით, მათი თავაზიანობაც სასიამოვნოდ დაურჩა. თვითონაც თაფლად დაიღვარა, ფერადოვან კვლებს შორის დინჯად მიმოდიოდა და ყვავილთა ღირსებებზე საუბრობდა; ამ ყვავილს არაჩვეულებრივი სურნელება ახლავს. ეს სამკურნალოდ გამოდგება, ეს კი ყველას თვალს მოსჭრის თავისი ჭახჭახა ფერებით. დედა ფუტკარი ყურადღებით უსმენდა და ფიქრობდა, რა ვიღონოო.

      ბოლოს, როცა ყვავილების დედოფალი ერთ-ერთი ყვავილის წინ შეჩერდა და თქვა, ამ ყვავილს არაჩვეულებრივად ტკბილი ნექტარი ახლავს, თაფლის დასამზადებლად ნამდვილი განძი იქნებაო, დედა ფუტკარმა დრო იხელთა და თავისი სათხოვარი გაუმხილა:

- ჩვენს ტყეში ერთი მაღალი ხე უყვავილოდ დარჩა. იქნებ მისთვის გაგეტანებინა ეს თაფლოვანი ყვავილი!

- ის ხე განგებ დავტოვე უყვავილოდ. ხომ უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყურება უყვავილო მცენარე, - თქვა ყვავილების დედოფალმა და თან ისე მკაცრად გადახედა დედა ფუტკარს, ეს უკანასკნელი მიხვდა, თხოვნით ვერას გავაწყობო. რაიმე სხვა საშუალებისთვის უნდა მიემართა. ერთი წამით დაფიქრდა და როგორც შემდგომში დავინახავთ, მართლაც მშვენიერი რამ მოიფიქრა.

- თუ ასეა, რომელიმე მისგან განსხვავებული ფოთოლი მაინც გაგვატანე უყვავილო ხესთან, იქნებ თავი ინუგეშოს როგორმე, თორემ ხელში ჩაგვაჭკნება დარდისგან, - სთხოვა მან ყვავილების დედოფალს.

- ეგ შეიძლება, - თქვა ყვავილების დედოფალმა. გადაიხარა, ვიწრო სალათისფერი ფოთოლი შეაწყვიტა ერთ-ერთ ხეს და დედა ფუტკარს გაუწოდა. მანაც დიდი მადლიერებით გამოართვა ფოთოლი, თან თავის ოჯახს თვალით ანიშნა იმ თაფლოვან ყვავილზე. ფუტკრებიც მშვენივრად მიუხვდნენ და როგორც კი ყვავილების დედოფალი მიტრიალდა, სასწრაფოდ მოწყვიტეს მის მიერ შექებული თაფლოვანი ყვავილი.

      ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ ამის შემდეგ როგორ მოიქცნენ ფუტკრები: ჩუმად მოწყვეტილი ყვავილი ნაჩუქარ ფოთოლს მიამაგრეს ქვემოდან, რათა ყვავილების დედოფლის თვალიდან მოერიდებინათ. სხვათა შორის, ეს ხერხი თვითონვე მოიფიქრეს, დედა ფუტკრის მითითება არ დასჭირვებიათ.

      შემდეგ ისევ ნელ-ნელა გააგრძელეს გზა ყვავილების კვლებში. ფუტკრებს ისე ეჭირათ სალათისფერი ვიწრო ფოთოლი, რომ მასზე გამობმული ყვავილი მუდამ საწინააღმდეგო მხარეს იყო მოქცეული. საითაც არ უნდა მიტრიალებულიყო ყვავილების დედოფალი, ფუტკრებიც იმწამსვე პაწია სარკესავით იქით მიაბრუნებდნენ იმ ფოთოლს. ყოჩაღად და შეთანხმებულად ირჯებოდა მთელი ოჯახი, ჰოდა ყვავილების დედოფალმაც ვერაფერი ვერ შეამჩნია. თავაზიანად დაათვალიერებინა ჯადოსნური ბაღი თავის პაწია სტუმრებს და ასევე თავაზიანად გაუღო ბაღის ჭიშკარი, რათა მაღალი გალავნის ხელახალი დალაშქვრა აღარ დასჭირვებოდათ. დიდი მოწიწებით დაემშვიდობნენ ფუტკრები, უკან-უკან მწყობრად იხევდნენ ღია ჭიშკრისკენ, სალათისფერი ფოთლის თავისუფალი მხარე ახლაც ყვავილების დედოფლისკენ იყო მიქცეული, თითქოს პაწია სარკეაო, მეორე მხარეს კი თაფლოვანი ყვავილი იმალებოდა. ცხადია, არც მადლობის თქმა დავიწყებიათ ფუტკრებს, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო აღნიშნეს. ოღონდ ჯერჯერობით ვერ განვსჯით, რომელი უფრო ლამაზია, ყვავილების დედოფალი თუ თვით ჯადოსნური ბაღის ყვავილები, რადგან თვალები ძალიან აგვიჭრელდაო. გაუთავებლად ასე ზუზუნებდნენ ფუტკრები და ადგილიდან არ იძროდნენ, სანამ ყვავილების დედოფალმა ჯადოსნური ბაღის ჭიშკარი არ მიუხურა მათ.

      მერე კი იცოცხლე, მოუსვეს ფუტკრებმა უყვავილოდ დარჩენილი ხისკენ, ზუზუნით გადაუქროლეს მაღალ ხეებს, ასე სწრაფად ალბათ არასოდეს უფრენიათ. საოცარ რკალებს ხაზავდნენ ჰაერში, თან სალათისფერ ფოთოლს მიარიალებდნენ.

      ო, რა დღეში იყო უყვავილოდ დარჩენილი ხე! ხომ არ დავაგვიანეთო, შიშით გაივლეს ფუტკრებმა გულში მისი დანახვისას. კიდევ კარგი, ხეს შერჩენოდა სასიცოცხლო წვენი; როგორც კი ფუტკრებმა თავიანთი მოტანილი ნობათი შეახეს, მთელი ხე მაშინვე ასეთივე ყვავილებით დაიფარა. ალბათ მკითხველს ემახსოვრება, რომ ჯადოსნური ბაღის ყვავილებს ასეთი თვისება აქვთ.

      თვითონ ხეც თვალის დახამხამების უმალ გარდაიქმნა, კენწერო მაღლა შემართა, ტოტები ლაღად გაშალა, სიხარულის და ბედნიერების ნამდვილ განსახიერებად იქცა. ჰქონდა კიდეც სასიხარულო, მასავით ლამაზად არცერთი ხე არ ყვაოდა მთელ ტყეში. ახლა სურნელს არ იკითხავთ? მთელ ტყეს მოეფინა მისი სურნელი, უნაზესი, გამაბრუებელი, მართლაც თაფლივით ტკბილი...

      რაც შეეხება ფუტკრების მოხერხებას, საანდაზოდ იქცა მთელ ტყეში, პეპლები, ჩიტუნები, თუ ტყის სხვა ბინადრები ჯგუფ-ჯგუფად მოეშურებოდნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ ეს საოცრება, ფოთოლზე გამობმული ყვავილი, თან სიმარჯვეს უქებდნენ ფუტკრებს.

      მართლაც, თუ დაუკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ცაცხვის ყვავილი (იმ ხეს მერე ცაცხვი უწოდეს), მართლაც ფოთოლზეა გამობმული, თანაც ის ფოთოლი განსხვავდება სხვა ფოთლებისგან; შედარებით ვიწროა და უფრო ღია ფერისაც არის.

      ამგვარად ტყეში აღარ დარჩა უყვავილო ხე, ყველანი ყვავილობდნენ, ხოლო ცაცხვი აშკარად გამოირჩევა მათში. მას ხანდახან ყვავილოვან ხესაც ეძახიან გამორჩეულად ლამაზი და სურნელოვანი ყვავილების გამო.

ავტორის განმარტება: სწორედ ახლა ყვავილობს ცაცხვი, ფუტკრებიც დროს უქმად არ კარგავენ.

ნახვა: 218

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters