ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      „გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც გამოანათა, ერთი ესღა დარჩა, და ვიცი, მოწყალე ღმერთი ამასაც აღასრულებსო. იმედის სხივი უკიაფებდა თვალებში, როცა წყლით გადალიცლიცებულ შორეთს გაჰყურებდა. ეჭვიც აღარ ეპარებოდა, მოწყალე ღმერთი ბოლო სურვილსაც შეუსრულებდა, სამშვიდობოს გაიყვანდა და ვინმე ძეხორციელსაც შეახვედრებდა.

      მანამდე კი ციურ მნათობებთან მუსაიფით იქცევდა თავს... რახან ერთხელ დაელაპარაკა მათ, აღარც მოუშლია... თუმცაღა თავდაპირველად ცოტათი ეჩოთირებოდა. დაიმაორცხვებდა ხოლმე ვიღაცის თუ რაღაცის წინაშე. მერე და მერე შეეჩვია, ემუსაიფებოდა მნათობებს, ხმის გამცემს დანატრებული. თავს მარტოსულად აღარ გრძნობდა, დიდ კმაყოფილებას განიცდიდა ამ დროს. სიცოცხლის აშკარა ნიშნები დაინახა მათში ნოემ... ანუ, ცოცხალი ნაპერწკალი, რომელიც ყველა მნათობში ღვივოდა.

      ნოე ასე მსჯელობდა; ნაპერწკლიანი გამოხედვა მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალ არსებებს აქვთ. მკვდარს, უწინარეს ყოვლისა, თვალი ემღვრევა, ნაპერწკალი უქრება თვალში. ჰოდა, ერთი მითხარით, მნათობებზე უფრო ნაპერწკლიანი გამოხედვა ვის ავქს?.. ეკითხებოდა ვიღაცეებს, თვითონაც არ იცოდა, ვის...

      ცოცხალ ნაპერწკალს, რაღა თქმა უნდა, მზე ამჟღავნებდა ყველაზე ცხადად. მზე თვით სიცოცხლის განსახიერება იყო, მხურვალე, ალერსიანი და ნათელი... აბა, რა დაავიწყებდა ნოეს იმ სასწაულს, რაც საკუთარი თვალით იხილა: უღიმღამო, ნაცრისფერი სამყაროს საოცარი გარდასახვა, თითქოს მკვდარი გაცოცხლდაო... მზემ თავისი სხივებით სიცოცხლე შთაბერა ყოველივეს, უკვალოდ გააქრო უღიმღამო ნაცრისფერები.

      ვარსკვლავებიც როგორ აჭყეტდნენ თვალებს, თითქოს ცდილობდნენ, მზეს არ ჩამოვრჩეთო. ამაო სულაც არ ყოფილა ეს მცდელობა, ცხადზე უცხადესად ჩანდა მათში მღვივარი ცოცხალი ნაპერწკალი.

      არც მთვარე ყოფილა გამონაკლისი ამ მხრივ, მიუხედავად თავისი სიფერმკრთალისა. ისიც ცოცხლობდა, მეტად თავისებური, სევდიან-ცრემლიანი სიცოცხლით ცოცხლობდა. ეს თავისებურებაც სიცოცხლის ერთერთი ნიშანი იყო.

      კარის მეზობლებს აგონებდნენ მნათობები ნოეს. სწორედაც რომ კარის მეზობლები არიანო, ამასაც უმტკიცებდა ვიღაც უხილავ მსაჯულს. კარის მეზობლებივით ჩამომისხდებიან ღია ბანზე, თვალებში შემომციცინებენ, სალაპარაკოდ მაქეზებენ, აბა, როგორ არ დაელაპარაკები...

      თანაც რა კარგი მოსმენა იცოდნენ მნათობებმა, უკლებლივ ყველამ. ერთიანად ყურადღებად იქცეოდნენ ხოლმე, ოღონდ კი ნოეს რამე ეთქვა მათთვის... არცერთ მის სიტყვას ძირს არ აგდებდნენ...

      ხანდახან წყალობა ახსენდებოდა ნოეს. გაიფიქრებდა, ნეტავი წყალობა თუ დაელაპარაკებოდა ჩემსავით მნათობებსო. ცოტაოდენი დაფიქრების მერე გადაწყვიტა, რომ წყალობაც ზუსტად მასავით მოიქცეოდა; როგორ შეიძლება, რომ წყალობას, ასეთ ჭკვიან, თვალმახვილ კაცს, ვერ დაენახა ის, რისი დანახვაც შეძლო ნოემ, თავმოუბმელად წოდებულმა; მნათობებში მღვივარი ცოცხალი ნაპერწკალი... ჰოდა, წყალობაც გაუბამდა მუსაიფს ციურ მნათობებს, ნოეს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა.

      თუმცა ერთი ნაკლი თქვენცა გაქვთ, უთხრა ერთხელ ნოემ ციურ მნათობებს... (რაღა თქმა უნდა, ჯერ მზეს, მერე კი სხვებსაც...) სიტყვის შეწევნა არ იცით. მხოლოდ მდუმარებაა თქვენი პასუხი, რაც არ უნდა ვთქვაო.

      მნათობებმა ხმა არ გაიღეს პასუხად... რაღა თქმა უნდა, თანხმობის ნიშნად. ნოესაც სხვა რა გზა ჰქონდა, ურიგდებოდა თავისი კარის მეზობლების შეუვალ მდუმარებას. მით უმეტეს, ისიც კარგად დაინახა, რომ მნათობთა მდუმარება სულაც არ ყოფილა უბრალო რამ... რაღაც სხვა იყო. ეს იყო თავისებურად მეტყველი, ნათელმოსილი მდუმარება...

      და ეს მეტისმეტად ცხადად ჩანდა საიმისოდ, რომ ნოეს ვერ შეემჩნია. სხვანაირად არც შეიძლებაო, ამბობდა გულში ნოე, მნათობები ხომ შუამავლები არიან ღმერთსა და ადამიანს შორის, ამიტომ მათი მდუმარებაც ჩვეულებრივზე აღმატებული უნდა იყოს, ვერავის და ვერაფერს შეადარებო...

მდუმარების ექო

      ერთ ვარსკვლავიან ღამეს ნოემ საოცარი სანახაობა იხილა...

      საქმე იმაშია, რომ კიდითკიდემდე განფენილი წყალი (ნოესთვის იმზომამდე საძულველი, რომ ყოველნაირად თვალს არიდებდა) თანდათან შეიცვალა ამინდის გამოკეთების კვალობაზე; შედარებით დაიწმინდა, აღარ იყო წინანდებურად ტალახისფერი. დინებაც თითქმის აღარ იგრძნობოდა, წყლის ზედაპირიც დამშვიდდა, ლამის სარკესავით გლუვი გახდა, ნიავის დაქროლვა თუ შეარხევდა ოდნავ ამ სიგლუვეს.

      იმ ღამით მთვარეც სადღაც გადაიკარგა, მისი რძისფერი შუქი აღარ ერთვოდა ღამეულ სიბნელეს. ნიავიც არ ქროდა, ჰაერი სრულიად წყნარი იყო წყლის მოსარკულმა, უძრავმა ზედაპირმა მართლაც სარკესავით აირეკლა ვარსკვლავებით მოჭედილი ცარგვალი. ამდენად, მათ შორის განსხვავება სრულიად წაიშალა. საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ვარსკვლავები ციმციმებდნენ, ზევით, ქვევით, მარცხნივ, მარჯვნივ... ვერ გაიგებდი, სად იყო ცა, სად იყო წყალი, კიდობანი ვარსკვლავებით ავსებულ სივრცეში გამოეკიდა.

      ნოე გაოგნებული დარჩა, ასეთი რამ ჯერ არასდროს ენახა. თვითონაც ხომ ვარსკვლავებით ავსებულ სივრცეში გამოეკიდა საკუთარ კიდობანთან ერთად... თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა.

      კარგა ხანს ქანდაკებასავით უძრავად იდგა ნოე ღია ბანზე, თვალებს ფართოდ აჭყეტდა, ამ საოცარი სანახაობის ხიბლი ბოლომდე რომ შეეგრძნო. მერე ქედი მდაბლად მოიდრიკა, და ახლა უკვე ვარსკვლავებს კი არა, ღმერთს დაელაპარაკა, ვარსკვლავებს მიღმა უხილავად მსუფევს.

      - არ ვიცი, ვინა ხარ, რა სახე გაქვს, - ასე მიმართა მოხიბლულმა ნოემ ღმერთს, - ერთი სიტყვაც კი არასდროს მსმენია შენგან, არც თვალი მომიკრავს ოდესმე შენთვის. ის კი ნამდვილად ვიცი, საქმეს მარჯვედ რომ აბამ თავს. ვერავინ დაგწამებს თავმოუბმელობას (ჩემგან განსხვავებით), ეს ყოველივე ხომ შენი შექმნილია, მზე, მთვარე, ვასკვლავები... მთვარეს ახლაც ატყვია შენი ხელის ნათითურები...

      გაყუჩდა ნოე ამ სიტყვების მერე. მიჩვეული იყო, როცა ვარსკვლავებს ეხმიანებოდა, მერე მათი მდუმარებისთვის უნდა მოესმინა, ეგზომ მრავლისმეტყველი რომ ეჩვენებოდა. მისი აზრით, ღმერთის მდუმარების მოსმენასაც შეძლებდა.

      თუმცა ამჯერად ყოველივე განსხვავებულად წარიმართა. ნოეს რაღაცნაირი ორჭოფობა დაეტყო, თავიც არაერთელ მაგრად მოიქექა. მიხვდა, ღმერთის მდუმარება, მნათობთაგან განსხვავებით, ასე ადვილი მოსასმენი არ უნდა ყოფილიყო. მნათობები სინათლის კონებს ასხივებდნენ, რაც მათ მდუმარებას შარავანდედივით გარს ევლებოდა და უჩვეულოდ მრავლისმეტყველს ხდიდა. ღვთიურ მდუმარებასაც უნდა ჰქონოდა თავისი ნათელი, ანუ, ღვთიური ნათელი, მაგრამ, მისი დანახვა მე არ შემიძლია, სამაგისო ნიჭი არ მომდევსო, აღიარა ნოემ. ერთხანს კიდევ იფიქრა, თავიც ერთხელ კიდევ მოიქექა და გადაწყვიტა, ამ საქმეში ისევ მნათობთა მარაქა დამეხმარებაო. მნათობნი ხომ ცასა და მიწას შუა სუფევდნენ, როგორც ღმერთის შუამავლები. ღმერთის მდუმარება მათ გვერდს ვერ აუვლიდა. ამდენად, ნოემდე მაინც მოაღწევდა რაღაც, თუნდაც მდუმარების ექო.

      ასე მსჯელობდა ნოე და მოწიწებით უსმენდა ღმერთის მდუმარების ექოს, მნათობთა მდუმარებაზე არკლილს.

მძიმე ფლოქვი

      თავისი ფათერაკიც გაიხსენა ნოემ კარის მეზობლებთან საუბრისას. დაწვრილებით ამცნო სმენად ქცეულ მნათობებს, თუ როგორ გაიტაცა ღვარცოფმა და რა იღბლად გადაეყარა ამ დიდებულ, მეფის სასახლესავით ფართო და საიმედო კიდობანს. ეს მაშინ, როცა უკვე აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდა.

      - თქვენ ალბათ ვერაფერს დაინახავდით, ცა ერთიანად ღრუბლებით იყო დაფარული, - უამბობდა ნოე ციურ მნათობებს, - არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე წყალში. ჩემი ხელფეხი კანგაცლილი მცენარის ფესვებს დაემსგავსა, ყოველ წამს აღსასრულს ველოდი. უამრავი ცხედარი მოჰქონდა წალს, ბავშვებიც ერივნენ მათ შორის, ღიად დარჩენილ თვალებში გაოცება შერჩენოდათ... არ ვიცი, ასე რატომ განრისხდა ღმერთი...

      აქ ნოე შეყოვნდა. როგორც ყოველთვის, ახლაც მოეძალა შეცბუნების, უხერხულობის თუ მეტად გაურკვეველი დამნაშავეობის განცდა. სიტყვა ვეღარ დასძრა...

      სმენად ქცეულნი დუმდნენ მნათობები, ნათელი მზერით სალაპარაკოდ აქეზებდნენ. მაგრამ ვაი რომ სიტყვა ვეღარ გააგრძელა ნოემ, ოჩანი ხარი (ანუ მისი საფიქრალი) ახლაც უიმედოდ გაიხირა შუა სვრელში. კვლავ ცხადად შეიგრძნო ნოემ საკუთარი უმწეობა. ვერც საკუთარ თავმოუბმელობას მოუხმო შემწედ, როგორღაც დაიმორცხვა მნათობთა ბრწყინვალე მზერის წინაშე. სხვაც ვერაფერი გაარიგა, თუმცაღა არაერთხელ მაგრად მოიქექა თავი...

      - ვერც მოტივტივე ცხედრებს დაინახავდით, ღრუბლები დიდხანს არ გაფანტულან, - ესღა თქვა ბოლოს.

      მნათობებმა, როგორც წესი, დუმილი შეაგებეს პასუხად, და არასდროს მოსჩვენებია ასე მრავლისმეტყველი ნოეს მნათობთა ნათელმოსილი მდუმარება.

      კარის მეზობლებთან საუბრის შემდეგ, ღმერთსაც გაუმხილა თავისი საფიქრალი ნოემ, მნათობთა მიღმა უჩინრად მსუფევს.

      - ისედაც ყველაფერი გეცოდინება, ღრუბლები ხელს ვერ შეგიშლიდნენ მნათობებისგან განსხვავებით, - ასე დაიწყო ნოემ თავისი სიტყვა. მოჰყვა, თუ როგორ ტივტივებდნენ ცხედრები მღვრიე წყალში, როგორ ეხლებოდნენ მის ნავტიკს. მათ შორის ბავშვებიც ერვინენ. ბავშვები რად უნდა დაღუპულიყვნენო, შესჩივლა ღმერთს ნოემ. შენ ხომ ყველა მათგანის სუნთქვა იცი, ხელისგულზე გეფინა მათი გულები...

      აქ ნოეს სიტყვა ყელში გაეჩხირა. ახლაც მოულოდნელად გამოეცხადა ოჩანი ხარი, მაგრამ სვრელს შუა როდი გაიხირა... არა! ხარმა ნოეს შუბლზე დააბჯინა მძიმე ფლოქვი. დაუმძიმდა გუნება ნოეს. სიტყვის თქმას ვინღა დაეძებდა, სულის მოთქმაც კი გაუძნელდა... წყალწაღებულივით ისევ თავის თავმოუბმელობას ჩაეჭიდა.

      - ჩემი თავმოუბმელობაც გეცოდინება, - გააგრძელა სიტყვა ნოემ, - ვინ უნდა იცოდეს შენზე უკეთ, - დაუმატა ბოლოს და როგორც იქნა, მოითქვა სული. ოჩანმა ხარმაც გააგრძელა გზა სვრელის ბოლოსკენ.

      ასე გაექცა ნოე ოჩანი ხარის მძიმე ფლოქვს და, სიმართლე რომ ითქვას, ღმერთის მდუმარების ექოსაც. ამჯერად მეტად დაუმძიმდა მისი მოსმენა.

ნახვა: 14

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:29pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

ცოცხალი მინდორი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2019.
საათი: 11:03pm 0 კომენტარი

      სიმწვანის სიურეალისტური გამოსახვა ჩვენს ყოველდღიურ, ცოცხალ გარემოში ემერიკ ჩანთიერის (Émeric Chantier) მორიგი გატაცებაა და თავისი სკულპტურები სწორედ ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters