მეღორე ვარ და მიხარია. რა გიხარიაო, იკითხავთ. მაგასაც გეტყვით, ნუ ამაჩქარებთ, თორემ სათქმელი დამებნევა და ვეღარაფერს გაგაგებინებთ. დავიწყოთ იქიდან, რომ მეღორეობა ძველთაგანვე საპატიო და შემოსავლიანი საქმიანობა იყო. არაფერს ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ, თუნდაც ევმაიოსი გაიხსენეთ, ყველასათვის კარგად ნაცნობი ლეგენდარული გმირი, თვით ჰომეროსის კალმით ნაქები. იქნებ ვინმე სულ სხვა აზრისაა ამ საკითხზე, გულზე დიდად არ ეხატება ღორის ღორული დინგი, და საერთოდ მისი ღორული ბუნება. ამაზე მე ასე ვიტყოდი: რა მეხატება გულზე და რა არა, ეს ჩემი საქმეა. მე არ მიყვარს სხვისი გემოვნების ცხრაკლიტულში ჩაკირკიმალება და არც სხვას მივცემ მაგის უფლებას. მეღორეობა ჭეშმარიტად საპატიო საქმეა და ნურავინ გაირჯება, საწინააღმდეგო ამტკიცოს. ხოლო რაც შეეხება მის სარგებლიანობას, აქ ნამდვილად არაფერია სადაო. თუნდაც სკოლის სახელმძღვანელოში ნახავთ, რა სარგებლობა მოაქვს ღორს ადამიანისთვის.

      ცხადია, იოლი არც მეღორეობა გახლავთ, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა (სინეკურა არ მაქვს მხედველობაში), მაგრამ აბა, უშრომლად რა მოდის? არ უნდა იზარმაცო, საქმეში სული და გული უნდა ჩააქსოვო და დატკბები საკუთარი შრომის ნაყოფით.

      რაო, რა მკითხეთ? მაინცდამაინც არ მეტყობა, ღორის ჭყვიტინი მატკბობდეს? აჰა, ვიცი ქარი საით უბერავს, ყურსაცვამებზე გადამიკარით სიტყვა. დიახ, ყურსაცვამებს წამითაც არ ვიშორებ, მაგრამ ამას სულ სხვა დანიშნულება აქვს, ღონის ჭყვიტინი აქ არაფერ შუაშია. დადგება დრო, მაგაზეც მოგახსენებთ. სათქმელი თავის დროზე უნდა ითქვას, თორემ ყოველგვარი პეწი და ლაზათი დაეკარგება.

      ერთი სიტყვით, დავაზუსტეთ, რომ მეღორეობა ფრიად საპატიო და შემოსავლიანი საქმეა. ეჭვის შეტანაც არ შეიძლება იმაში, ამიტომ აღარავის უნდა უკვირდეს პირველთა უპირველესი ფრაზა ამ უსტარისა, მეღორე რომ ვარ და მიხარია. ჭეშმარიტად სასიხარულო მაქვს, თუ მეღორეობას გამოვკარი ხელი, მაგრამ ეს კიდევ ცოტაა: მთავარი ისაა, თავად ღორი როგორია... ანუ რა ჯიშისა და ჯილაგისაა ის მოღრუტუნე ცხოველი, რომლის მეღორეობაც მარგუნა ბედმა. ზემოხსენებული დასკვნები და განმარტებები უბრალო ღორის შესახებაა ნათქვამი, რომელსაც ჯერ კიდევ ბიბლიური დროიდან მწყემსავდა ადამიანი. მე კი, უნდა მოგახსენოთ, უბრალო ღორის მწყემსი არ გახლავართ. ჩემი ღორი სრულიად განსაკუთრებული ჯიშისაა. კიდევ მეტიც; გადაჭარბებული სულაც არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი სრულიად არაჩვეულებრივი. ჩემმა ღორმა ბევრი ისეთი რამ იცის, რაზედაც ძველ ღორებს ოცნებაც არ შეეძლოთ. დიახ, მათი ღორული ტვინი ვერც კი წარმოიდგენდა, ისეთი რამეები იცის ჩემმა არაჩვეულებრივმა ღორმა.

      უკვე მესმის, ვიღაცა მსაყვედურობს; რა გააჭირე საქმე მაგ შენი არაჩვეულებრივი ღორის ქება-დიდებით. გვითხარი, გაგვაგებინე, რა იცის ამისთანა, რა შეუძლია და რა არა. დანარჩენს ჩვენ თვითონვე განვსჯით, თვითონვე მივხვდებით, მართლა არაჩვეულებრივია თუ არა... კი ბატონო, გეტყვით, მოდგა დრო მაგის სათქმელად.

      ოჰ, როგორ მიჭირს სათქმელის დალაგება... ნურავის გაუკვირდება, მე ხომ არაჩვეულებრივი ღორის თვისებები უნდა ავწერო. თანაც ისე, რომ ცხადზე უცხადესად დავანახო ყველას, ეს კი სულაც არაა ადვილი საქმე. მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიტყვაკაზმულობა მიუწვდომელი მწვერვალია. ხანდახან შეიძლება სიტყვა გამექცეს, ან პაუზა დამჭირდეს და ამას აქედანვე უნდა შეეგუოთ. მთავარია, ნუ ამაჩქარებთ, როგორც უკვე გთხოვეთ სულ თავიდან. სათქმელს როგორმე მოვაბამ თავს... დიახ, იმის თქმა მინდოდა, რომ მეც კი უბრალო ღორი მეგონა ჩემი არაჩვეულებრივი ღორი, როცა სულ პირველად დავინახე იგი, მეც კი შემიყვანა შეცდომაში მისმა ჭეშმარიტად ღორულმა იერმა. ახლა, ალბათ, იმასაც იკითხავთ, თუ რატომ ვამბობ „მეც“. ანუ „ც“ ნაწილაკზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას. იმიტომ, რომ საგანგებო წვრთნა და სწავლება მაქვს გავლილი ღორების ამოცნობის საქმეში. ამას ცხოვრებისეული გამოცდილებაც დაუმატეთ... ასე რომ, მის ღორობაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლებოდა. მითხრეს (თუ მიბრძანეს, რა მნიშვნელობა აქვს), ამის მცველი და მფარველი იქნები, გასამრჯელოსაც კარგს მიიღებო. აბა, მითხარით, ჩემს ადგილას ამაზე უარს ვინ იტყოდა? გაფურჩქვნის ასაკში ვარ, ჯან-ღონით სავსე. ფიზიკური წრთობაც არ მაკლია, სროლა ვიცი, მუშტის მოქნევაც მეხერხება. ჰოდა, ბედმაც გამიღიმა. რა ძნელი საქმეც ეგ არის; მშვენივრად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ღორს თვალი არ უნდა მოვაშორო, გვერდიდან არ უნდა მოვცილდე. თუ მდგომარეობა საფრთხილოა, უნდა ავეფარო, ხან წინ, ხან უკან. თანაც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად იმყოფება ჩემი ღორი, შენობაში თუ მის გარეთ, მანქანაში თუ მის გარეთ... ერთი სიტყით, ან უნდა დავუცადო გარეთ, ან შპალერივით უნდა ავეკრა. თუ რაიმე დამავიწყდა, ინსტრუქცია აგერ არ მაქვს? ბოლოს და ბოლოს, რა დიდი საქმე ესმაა, ერთი ღორის მომწყემსვას რა უნდა, ევმაიოსი მთელ კოლტს დარაჯობდა...

      მაგრამ მერე, როცა ჩემი ღორის არაჩვეულებრივობა შევნიშნე, მივხვდი, თუ რატომაა, რომ ერთ ამისთანა ღორს, სულ მცირე, ერთი მეღორე მაინც სჭირდება. არა, ევმაიოსი ვერ მოუვლიდა ამისთანა ღორების კოლტს. მეტსაც გეტყვით. არიან ისეთი ღორები, რომელთა მომწყემსვასაც იქით სჭირდება მეღორეების მთელი კოლტი. ეს კიდევ ცალკე სათქმელია. თუ ოდესმე მოვიცალე, მაგაზეც შეგაწევთ ერთ-ორ სიტყვას.

      საქმე ისაა, რომ ჩემმა ღორმა, როგორც აღმოჩნდა, ღრუტუნისა და ჭამის გარდა, სხვა რაღაც-რაღაცეებიც იცის. ეს პირველად მაშინ შევნიშნე, როცა მობილურმა ტელეფონმა ატეხა ერთი ვაი-უშველებელი სადღაც შარვლის უკანა ჯიბეში. ჩემმა ღორმა დინჯად ამოაცოცა მობილური, (მგონი, ჯერ არ მითვქამს; ჩემი ღორი ჩაცმული... უფრო მეტიც, დაზმანული დაბრძანდება!) ყურთან მიიტანა და პირველად მაშინ გავიგონე მისი დინგისგან რაღაც ადამიანის ლაპარაკისნაირი. დიახ, მის ღრუტუნსა და ქშუტუნში დანაწევრებული ბგერები გავარჩიე... ამან საშინლად გამაოცა, მაგრამ ჩემი გაოცება არაფრით არ გამომიხატავს. თუმცა უბრალო მეღორე ვარ, მაგრამ კარგად ვიცი; თავი ისე უნდა დაიჭირო, ვითომ არაფერი გიკვირს, თორემ ნამდვილ არიფად ჩაგთვლიან, ამას კი ბევრი უსიამოვნება შეიძლება მოყვეს. ყოველი მხრიდან თავს დაგესხმიან, ყველა შენს გასულელებას მოინდომებს... დიახ, თუ გინდა, რომ ჭკვიანად მოაჩვენო ხალხს თავი არაფერმა არ უნდა გაგაოცოს: „მოლაპარაკე ღორი? დიდი ამბავი! მაგისთანების მეტი რა მინახავს!“ აი, ასეა საჭირო...

      ჰო, რას ვამბობდი? აღმოჩნდა, რომ ჩემმა ღორმა ლაპარაკი იცის. რაღაც ერთი-ორი სიტყვა კი არა, მთელი ლაპარაკი. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხნის ერთგული სამსახურის მერე, მე შევაჩვიე ყური და შევძელი მის ღრუტუნ-ქშუტუნში სიტყვები ამომეცნო. ამჟამად მე და ჩემს არაჩვეულებრივ ღორს მშვენივრად გვესმის ერთმანეთის. თუკი რაიმე უნდა, სულ ადვილად მაგებინებს.

      ახლა ალბათ იმასაც იკითხავთ, ნეტავი ღორს რა უნდა, კარგი ჭამის მეტიო, ნუ გავიწყდებათ, რომ ჩემი ღორი არაჩვეულებრივია. კარგი დანაყრება, ცხადია, მასაც სჭირდება, მაგრამ ეს ძალზე ცოტაა სათქმელად. ჩემს ღორს ყოველდღიურად სჭირდება... ვაიმე, ვაიმე, ეს რა ძნელ საქმეს შევეჭიდე! არა, მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე, ვერ ჩამოვთვლი, თუ რამდენი რამ სჭირდება ყოველდღიურად ჩემს არაჩვეულებრივ ღორს. თუნდაც მისი დილის ტუალეტი ვთქვათ, სულ ცოტა, სამი საათი რომ გრძელდება, ეს მასაჟიო, ის აბაზანაო... არ გეგონოთ, ლაფში წვება და ისე იღებს აბაზანებს. არა, ჩემო ბატონო! საგანგებო აეროზოლების მთელი კოლექცია აქვს. მისი აბაზანა დღეს რომ ცაცხვის სუნით „ყარს“, ხვალ ვარდის სუნი ასდის, ზეგ ნაძვის წიწვების და ა.შ. იმას რა ჩამოთვლის... სულ ნაირნაირი სურნელი ტრიალებს მისი ლაპლაპა დინგის ირგვლივ. ახლა იმას აღარ იკითხავთ, დროს როგორ ატარებს? აქეთ ეგზოტიკური რესტორნები, იქით კაზინოები, ცხენების დოღი... აქ ნამდვილად მღალატობს სიტყვაკაზმულობის ნიჭი, ვერანაირად ვერ აგიწერთ ჩემი არაჩვეულებრივი ღორის დროსტარებას. უჰ, მოვიფიქრე! სადმე იშოვეთ და გადაათვალიერეთ პოპულარული სუპერვარსკვლავების ცხოვრების წესი და განრიგი. თუ ამას მოახერხებთ, ჩათვალეთ, რომ ჩემი ღორის ცხოვრების წესით ხელისგულზე გაქვთ. მე მხოლოდ ერთს დავუმატებ; ჩემი ღორი თავის თავს არსად არ ღალატობს, ყოველთვის ღორულად იქცევა. აი, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ამას სწვდება ჩემი მჭერმეტყველების უნარი.

      რაც შემეხება მე, თავი ყოველთვის ისე მიჭირავს, როგორც ჭეშმარიტ მეღორეს შეეფერება, ფხიზლად ვდარაჯობ მის ყოველ ნაბიჯს, ყურთასმენაც გაფაციცებული მაქვს, რათა არაფერი გამომეპაროს, მისი ნება-სურვილი ჩემთვის კანონია. დაიღრუტუნებს, გვერდიდან არ მომცილდეო, მეც მაშინვე გვერდზე ავეკვრები. გარეთ დამელოდეო, მეც გარეთ ველოდები. ჩემს წინ იარეო, კვიცივით წინ გავრბივარ. ეჭვი არ მეპარება, მაშინაც მის წინ გაქცევა მომიწევს, თუკი ვთქვათ, დანაღმულ ველზე ამოვყავით თავი. კიდევ კარგი, ასეთი რამეებისგან შორს ვართ.

      არც ისე იშვიათად სხვებსაც ვხვდები ჩემნაირ მეღორეებს, როცა ჩემი არაჩვეულებრივი ღორი სადმე მოსაცდელში დამტოვებს, ვთქვათ, რესტორანში, ღამის კლუბში, კაზინოში... თავის მხრივ ისინიც ელოდებიან თავიანთ ღორებს. აგერ ამასწინათ, ჩემი არაჩვეულებრივი ღორი საგანგებო შეხვედრაზე წაბრძანდა ასევე საგანგებო კაფე-რესტორანში. მე ჩვეულებისამებრ მოსაცდელში დამტოვა. იქ ერთ ჩემნაირ მეღორეს გამოველაპარაკე დროის მოსაკლავად. აი, ჩვენი დიალოგის მოკლე შინაარსი:

      - რასა იქს შენი ღორი?

      - არა უშავს. შენი ღორი როგორღაა?

      - ამასაც არა უშავს, ჭამის მადას არ უჩივის.

      - არც ჩემი უჩივის ჭამის მადას, მაგრამ ერთი უბედურება სჭირს; აუჩემებია: წონაში უნდა დავიკლოო.

      - დაიკლოს მერე, რა გენაღვლება.

      - რას ქვია, რა მენაღვლება! დარბის და მეც დამარბენინებს.

      თანაგრძნობით შევხედე, ვაი შე საწყალო-მეთქი, მივუსამძიმრე. მართლაც ცოტა არ იყოს, მოღლილი იერი ჰქონდა. კიდევ კარგი, ჩემს ღორს ჯერჯერობით ასეთი აზრი არ მოსვლია თავის ღორულ თავში. იმას კიდევ, იმ საცოდავი მეღორის მწვალებელს, პირდაპირ აღარ ვიცი, რა ვუწოდო. ღორზე უფრო უღორესი? თუ რაიმე უფრო უარესი... უფრო მწვავე და საზიზღარი... არა, ერთი მითხარით, თუ წონაში დაკლება უნდა, არ სჯობია, ნაკლები ჭამოს? მაგრამ აბა, ერთი გაბედე და მაგნაირ ღორს უთხარი, ნაკლები ჭამე-თქო. ხომ შენც ზედ მიგაყოლა თავის სათქვლეფავს.

      ერთხელ კიდევ ერთმა მეღორემ, სულ მთლად გამაშტერა, ისეთი რამე მითხრა ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს მოსაცდელში. მეო, ასე თქვა, ჩემი ხელობის კმაყოფილი არ ვარო, რაიმე სხვა საქმეს უნდა მოვკიდო ხელიო.

      რათა-მეთქი, - ვკითხე. ამ უმუშევრობის დროს ამაზე სარფიან საქმეს სად ნახავ. ღორს უნდა აეკრა ხან წინ, ხან უკან, რა დიდი ლარი და ხაზი მაგას უნდა. მერე კი დაჯექი და ჭამე, მუცელი სულ ამოყორილი გექნება.

      არაო, მითხრა, ეგ არ მაკმაყოფილებსო.

      სხვა რაღა გინდა-მეთქი, ვკითხე.

      და აი, მაშინ გავიგონე მისგან გასაშტერებელი ამბავი; უწინ ღორები დადიოდნენ მეღორეების ჭკუაზე, ახლა კი პირიქით, მეღორეები დადიან ღორების ჭკუაზე, ქვეყანა ამოყირავდაო.

      ამაზე ადრე არ მეფიქრა, ცოტათი მეც კი შევფიქრიანდი, მაგრამ სულ ერთი წამით (ძალზე ჭკვიანი და წინდახედული ვარ), ჭკუაზე დავარიგე ის მეღორე; მერე რა, ამოყირავდეს ქვეყანა, ჩვენ სადმე შუაში ჩვენთვის მყუდროდ ვიყოთ-მეთქი.

      მაგრამ იმ ჯეელს ვერაფერი შევასმინე, თავს მაინც ურწმუნოდ აქნევდა. ვიფიქრე, ეს ამბავი ასე მშვიდად ვერ ჩაივლის-მეთქი. აგიხდეთ ყოველივე კარგი, მე ეს ვარაუდი ამიხდა; სულ მალე გავიგე, იმ ჯეელს და მის ღორს დინგები დაუმტვრევიათ ერთმანეთისთვის: უფრო დაწვრილებით ვერაფერს მოგახსენებთ (ვერ დავკონკრეტდები), რამდენადაც საქმე გამოძიებაშია და სიფრთხილეა საჭირო, ენას კბილი უნდა დააჭირო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ერთი რამ კი ნაღდად ვიცი: მეღორე უღოროდ (ანუ უმუშევრად) დარჩა!

      მერე კიდევ შევხვდი ერთ ჩემისანა მეღორეს. არა, მთლად ჩემისაანა არ იყო, იმან ის ჯარისკაცი მომაგონა, გენერლობაზე რომ ოცნებობს. ალბათ უკვე ხვდებით, რისი თქმაც მინდა. ჩვენი ღორები აუზში დგაფუნობდნენ, გაჰქონდათ ერთი ღრუტუნ-ხორხოცი: ჩვენ ჩვენთვის ვმუსაიფობდით აქეთურ-იქითურზე. უცბად დარეკა მობილურმა... ახლა ხომ მობილური ტელეფონის გარეშე აღარც ღორია და აღარც მეღორე.. იმანაც სასწაფოდ ამოაცოცა მობილური და როცა ლაპარაკი დაიწყო... უფრო ზუსტად, როცა ღრუტუნი დაიწყო, მე გაოგნებული დავრჩი. დიახ, იგი ღრუტუნებდა, ნამდვილი ღორივით ღრუტუნებდა. ვიღაცას ათიოდე სიტყვა უთხრა, მე ხომ ბადალი არ მყავს ღრუტუნის ამოცნობაში. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სთქვა, აქ არაა მოსატანი. მთავარი ისაა, რომ იგი მართლაც ღორივით ღრუტუნებდა.

      დაასრულა ლაპარაკი (თუ ღრუტუნი), მობილური ჩაიდო ჯიბეში, მე პირდაღებული შევყურებდი. ის ჩუმად იჯდა თავმომწონე იერით და მგონი ჩემგან რაღაცას ელოდა. მეც მივუხვდი, აღარ ვალოდინე და ვუთხარი, შენ ახლა ნამდვილი ღორივით ღრუტუნებდი-მეთქი.

      მართლაო? მკითხა, თვალები გაუბრწყინდა.

      - მართლა! ეს ნამდვილად არ შემეშლება.

      კისერი ღირსეულად მოიღერა და თქვა, - დიდი ხანია დროა!

      - რისი დრო?

      - რომ მეც ღორივით ავღრუტუნდე.

      - რათა, რად გინდა?

      - როგორ თუ რად მინდა! მთელი ცხოვრება მეღორედ ხომ არ დავრჩები. როცა იქნება, მეც ღორად უნდა ვიქცე!

      აი, ახლა კი გამიჩნდა საფიქრალი. მართლაც, ყოველი ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს, რაზე უნდა იოცნებოს მეღორემ? რომ ღორად იქცეს? არა, მე მგონი, მთლად ასე არ ითქმის, აქ რაღაც სხვანაირადაა საქმე. ეჰ, ღმერთო! ნეტავი მეტი განსჯის უნარი მოგეცა ჩემთვის, იქნებ რაღაც მომესაზრებინა, იქნებ იმ საწყალი მეღორისთვის მერჩია რაიმე: ნუ იქცევი ღორად, რაცა ხარ, იგივე დარჩი... ანდა პირიქით, რაც შეიძლება, ჩქარა გადაიქეცი ღორად, სხვა არავინ დაგასწროს... რა ვთქვა? რომელი სჯობია? მე თვითონ რა მინდა, ნუთუ ღორობა მინდა?

      არ ვიცი, ამაზე ადრე არ მიფიქრია. ის კი მშვენივრად ვიცი; რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, ვერაფერსაც ვერ მოვიფიქრებ და ისევ ისე გაქაჩული დავრჩები ღორსა და მეღორეს შორის. არ მინდა, არა! მე ვიცი ჩემი ადგილი, ვიცი რომ მეღორე ვარ. მეტს ნურაფერს მოითხოვთ ჩემგან, ჩემს საბრალო თავს მეტი არ შეუძლია.

      ოღონდ ერთი პატარა ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, ერთი იმასაც გიამბობთ და მერე ამ საკითხზე ხმასაც აღარ ამოვიღებ; ყოვლად უცნაურ ადამიანს გადავეყარე ამასწინათ... არა, ის ღორი არ ყოფილა, და არც მეღორე, თუ ვინმეზე იტყვიან, ღვთის ჩიტიაო, ალბათ სწორედ მასზე ითქმოდა. სახლიდან ცოლშვილს გამოეგდო, როგორც ყოვლად უსარგებლო, ცოვრობდა მშენებარე სახლის კარკასში, სწორედ იქ შევხვდი მას. ის შენობა ჩემს ღორს ეკუთვნოდა, როცა დასრულდა. იმ უცნაური კაცის აბარგება მე მომიწია, აქედან მოაშორეო, მიბრძანა ჩემმა ღორმა. არა, მთლად ტყუილად კი არ აჩერებდნენ იქ, სანამ მშენებლობა მიმდინარეობდა; მას ხომ ნამდვილ ღორებთან ჰქონდა საქმე.. რაღაც წვრილმან საქმეებს აკეთებინებდნენ „წაიღე-მოიტანეს“ ვარიანტებში, მგონი ცოტათი დურგლობაც ეხერხებოდა. რაც მთავარია, იცოდნენ რომ რაღაც უცნაურად გულწრფელი და ალალი იყო, დარაჯობდა საშენ მასალას ისე, რომ ქვიშის ერთი მარცვალიც არ უნდოდა თავისთვის. ამას გარდა, ლექსებსაც წერდა, რაღაც უცნაურ ჩანაწერებს აკეთებდა, ყველაფერს თავისებურ სახელებს არქმევდა, ზღაპრების მოყოლა ყველაფერს ერჩივნა. ოღონდ სულ ოდნავი ყურადღება მიექცია ვინმეს მისთვის, მეტიც არ უნდოდა, მაშინვე მოხსნიდა გუდას პირს. მე, როგორც მოგახსენეთ, მისმა აბარგებამ მომიწია. ერთი გაქუცული ჩანთა ჩაალაგა და ამასობაში ერთი თავის ბავშვობისდროინდელი ამბავი გაიხსენა: მაშინ ორი წლის ვიქნებოდიო, მითხრა (პირდაპირ ასე დაიწყო, ყოველგვარი შესავლის გარეშე), სამზადში ვიჯექი, მამიჩემის სახლშიო. მარჯვე კაცი ყოფილა თურმე. ღორი დაკლა, ზურგზე წამოიკიდა და სამზადში შემოიტანა დასამუშავებლადო. ჰოდა, დავინახე, შემოდის ორფეხა ღორი... ხომ გესმით, მან ხომ ღორი ზურგზე მოიკიდა, წინა ჩლიქებში ხელებჩავლებულმა, ღორის თავი მხარზე ჰქონდა გადმოსვენებული... ფართო ყურებით, მის სახეს მთლიანად ფარავდაო. დავიჭყივლე, ისეთი ხმით დავიჭყივლე, მთელი ხალხი შევყარე... შემეშინდა, გესმის? ორფეხა ღორის შემეშინდა.

      აი, ამის მოყოლა მოასწრო იმ უცნაურმა კაცმა იმ დღეს ჩემთვის, აიღო თავის გაქუცული ჩანთა და წავიდა სხვა მშენებარე სახლის კარკასში, რათა ედარაჯა სხვისი ქონებისთვის სრულიად უსასყიდლოდ.

      მე კი, - უნდა მოგახსენოთ, საკმაოდ გუნებაწამხდარი დამტოვა იმ უცნაური კაცის ზღაპარმა, ანდა ამბავმა. თუ ოდესმე უკუღმართი აზრი მომსვლია თავში ღორზე და მეღორეზე, ყველაფერი ერთბაშად გამახსენდა და კრაზანებივით დამესია. ვინა ვარ და რა ვარ? მეღორე ვარ და ღორობა მინდა, თუ არ მინდა? ვიფიქრე, ვიფიქრე და.. აღარ მიხარია მეღორეობა, ასე შევატყვე ჩემს თავს. ეს კი სახუმარო ამბავი არავის ეგონოს, თუ საქმე არ გიხარია, იქიდან სასიკეთო არაფერი გამოვა. მეტსაც გეტყვით: ჭამის მადაც კი დავკარგე! ლუკმაც ვერ გადავყლაპე, როდესაც ჩვენი ღორები მორჩნენ ქეიფს და სუფრასთან მეღორეები მიგვიშვეს.

      მერე ნელნელა გადამავიწყდა ის უცნაური კაციცა და მისი ზღაპარიც (კიდევ კარგი!), დიახ, ხასიათი გამომიკეთდა, ახლა ისევ მიხარია მეღორეობა... როგორც ვატყობ, ჩემი არაჩვეულებრივი ღორიც კარგ ხასიათზეა, ისე ღრუტუნებს და ხორხოცებს. წყლის შხაპუნში აშკარად მესმის მისი ხმა. აქედან ღამის კლუბში მიბრძანდება, თვითონ რაღაც არგაგონილ სათქვლეფს შეთქვლიფავს, მე ყოვლად ჩვეულებრივ საუზმეს გამომიგზავნის, ოღონდ საკმაოდ ყუათიანს, მეტი არც არაფერია საჭირო, მეღორემ იცის თავის ადგილი და პირისგემო. ალბათ იქაც შევხვდები ვინმე ჩემისთანა მეღორეს. დიდად არ ჩავუღრმავდები მუსაიფს, თუ ვინმე დარეხვილს გადავეყარე.

      რაც შეეხება იმ უცნაურ კაცს, ამას იქით ძალზე ფრთხილად ვიქნები, არ მჭირდება არც მისი ზღაპრები, არც მისი ლათაიები. თუ ჩემი არაჩვეულებრივი ღორი ისევ მე მიბრძანებს მის აბარგებას, ყოველნაირად შევეცდები თავის დაძვრენას, მაგრამ თუ საამისოდ მაინცდამაინც მე ამომიღო თვალში (ასედაც ხდება), ვიცი, თავს როგორ უნდა ვუშველო: ყურსაცვამებს ავიფარებ ყურებზე და ერთ სიტყვასაც ვერ გავიგონებ მისი მოყოლილი ზღაპრიდან, არც ხასიათი გამიფუჭდება და არც ჭამის მადა დამეკარგება. აი, იმისთვის მჭირდება ეს ყურსაცვამები, წამითაც არ ვიშორებ. სწორედ ამაზე მოგახსენეთ იმ უსტარის დასაწყისში, სათქმელი თავის დროზე უნდა ითქვას-მეთქი.

ნახვა: 321

ტეგები: Qwelly, ადამიანები, მეღორეობა, მოთხრობა, ღორები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters