როგორ ცდილობდა მახარე საკუთარი სახელის გამართლებას

      მახარე ისევ გაუყვა ქალაქის ქუჩებს, რაც შეეძლო ჩქარობდა, მაგრამ მალე მიხვდა, რა სწრაფადაც არ უნდა ევლო, ძალიან დააგვიანდებოდა მწვანე ტყემდე მიღწევა, ამისთვის მანქანა იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ისეთ პატარა არსებას, როგორიც თვითონ იყო, მანქანას არავინ გაუჩერებდა, ამაში მწარე გამოცდილებით ბევრჯერ დარწმუნდა. ამიტომ მახარემ ტროტუართან ცოტა ხნით შეჩერებული მანქანების მძღოლებთან ამჯობინა გამოლაპარაკება.

      - თუ შეიძლება, მწვანე ტყეში წამიყვანეთ, - მეტად ტკბილი ხმით სთხოვა მახარემ მშვენიერი, კრიალა მანქანის მძღოლს. - ალისფერი ყვავილი უნდა ვიპოვო, თურმე ქალაქში არ იშოვება.

      ამას რომ ამბობდა, თავისი ბრჭყვიალა ქუდი მოიხადა და ჰაერში შეათამაშა, რათა მძღოლს დაენახა. მძღოლმაც შენიშნა იგი და თვალები აღტაცებით აუციმციმდა.

      - რა ლამაზი სათამაშოა, ძალიან მოუხდება ჩემი მანქანის საქარე მინას, - წამოიძახა მან და კარები გააღო.

      - მე სათამაშო არა ვარ, მე მახარე ვარ, - დინჯად აუხსნა მახარემ - მწვანე ტყეში მინდა წასვლა.

      - ბიჭოს, ლაპარაკობს კიდეც, - თქვა გახარებულმა მძღოლმა და ხელი მისკენ გაიწოდა. მახარემ ძლივს მოასწრო მისი ხელიდან გასხლტომა.

      ბევრი იარა მახარემ, ბევრი ეცადა, მაგრამ ვერცერთი მანქანის მძღოლის დაყოლიება ვერ შეძლო. ყურსაც არავი იბერტყავდა მის ლაპარაკზე. ერთხელ კინაღამ მანქანის კარებში მოჰყვა, რომელიც ცხვირწინ მიუჯახუნა მძღოლმა. ერთმა უშველებელმა მანქანამ კი, საშინელი გრუხუნით გადაუარა თავზე. ხმაურისგან გაბრუებულ მახარეს ეგონა, უკვე დამთავრდა ჩემი მოგზაურობა, ისე რომ არც დამიწყიაო. კიდევ კარგი, ბორბლები ასცდნენ, გვერდით, სულ ახლოს ჩაუქროლეს. მძღოლმა უკან მოიხედა, ყურებამდე გაიღრიჭა და მახარეს ანიშნა, რას იზამ, ძალიან პატარა არსება ხარ და დროზე ვერ შეგამჩნიეო. არადა, მახარეს არ გამოჰპარვია, რომ იგი მძღოლმა შეამჩნია და საგანგებოდ ამოუმატა სისწრაფეს, დამუხრუჭება არც კი უფიქრია.

      - ეეჰ, - ამოიოხრა მახარემ. - როგორც ჩანს, არც ისე ადვილია ალისფერი ბუნებრივი საღებავის შოვნა, რითაც კრემის ვარდებს ისე ღებავენ, ნამდვილი გეგონება.

      მაგრამ უკან დაბრუნება ერთი წამითაც არ უფიქრია, გზა გულადად განაგრძო, სცენაზე მახარე ვიყავი, ახლაც მახარე ვარ, ასეთ კარგ სახელს გამართლება სჭიდებაო, ფიქრობდა გულში და ალაქის ხმაურიან ქუჩებს მიუყვებოდა.

რითი ფასდება მანქანა

      უცბად მახარემ ერთი პატარა, მაგრამ ძალიან კოხტა მანქანა შენიშნა, იქვე ტროტუართან იდგა. მძღოლიც იქვე იყო, მანქანის კარებს მიეყრდნობოდა. საქარე მინაზე აბრა იყო დამაგრებული. მახარე ფრთხილა მიუახლოვდა.

      აბრა შემდეგი შინაარსის აღმოჩნდა:

      „იყიდება მანქანა

      სიჩქარე 50 კმ/სთ.“

      ქვემოთ კი უფრო მომცრო ასოებით ეწერა:

      „სამაგიეროდ შეუძლია დროში მოგზაურობა“.

      მახარემ მანქანა ყურადღებით დაათვალიერა, ცოტა არ იყოს, მოძველებული მოდელის აღმოჩნდა, მაგრამ მახარე ახლა ამას არ დაგიდევდათ, სიარულისგან ფეხები ერთიანად სტკიოდა.

      - სიამოვნებით ვიყიდდი ამ მანქანას... - წამოიწყო მახარემ...

      ძლივს მიასწრო ამ სიტყვების თქმა, რომ მანქანის პატრონი ელვის სისწრაფით მოტრიალდა მისენ, თვალები სე ანთებოდა, შუქფარები გეგონებოდათ, ხელი რკინის მარწუხივით ჩაავლო:

      - იყიდე, მშვენიერი მანქანაა, საიმედოა, არ გიმტყუნებს, - თქვა ლითონისებური მჟღერი ხმით.

      მახარეს სიმწრით სახე მოეღრიცა მისი რკინისებური მარწუხებისგან, მაგრამ მაინც თავისებურად ტკბილად დაასრულა სათქმელი...

      - ...ფული რომ მქონოდა.

      მძღოლმა ამის გაგონებაზე შეუშვა მარწუხისებური ხელი, თვალებშიც სანათლე მოაკლდა, ისინი ახლა ორ პატარა ნათურას დაემსგავსნენ.

      - თუ ფული არ გაქვს, რაღას ყიდულობ. - შეუღრინა უკმაყოფილოდ.

      - მე როდი ვყიდულობ. - თავმდაბლად შენიშნა მახარემ. - მე მხოლოდ ის ვთქვი, ვიყიდდი-მეთქი. ამ წუთში მე ძალიან მჭირდება მანქანა.

      მძღოლი მას ყურს არ უგდებდა. იგი ძველ პოზაში მიეყრდნო მანქანის კარებს და ჩივილს მოჰყვა:

      - ეს რა უბედურებაა, რამდენი ხანია ამ მანქანის გაყიდვა მინდა, ვერა და ვერ მოვახერხე. როგორც კი გაიგებენ მყიდველები, რომ 50 კმ-ზე მეტი სიჩქარე არა აქვს საათში, ამშინვე უკანმოუხედავად გარბიან. არავის არ უნდა ასეთი დაბალი სიჩქარის მანქანა, მე კი ძალიან მინდა მისი გაყიდვა. ფული მჭირდება, რათა ახალი მოდელის მანქანა ავაწყო, ბგერის სიჩქარეზე ნაკლები სიჩქარე რომ არ ექნება... ერთადერთი მყიდველი ვნახე, რომელმაც ჩემი მანქანა არ დაიწუნა და ისიც უფულოა.

      მახარე თვალს არ აშორებდა მანქანის კარებზე მიყრდნობილ მძღოლს, მის უჩვეულოდ ლაპლაპა გარეგნობას უკვირდებოდა, ჩივილსაც გულდასმით უგდებდა ყურს. მას არ გამოპარვია ლითონისებური ბგერები, რაც ამ ჩივილში ისმოდა. ისიც თვალში ეცა, რომ მძღოლს თავი ჭადრაკის დაფასავით ჰქონდა აჭრელებული სხვადასხვა ფერის უჯრედებით.

      - შენ რობიკო გქვია, არა? - ჰკითხა მახარემ.

      - საიდან მიცნობ? - კითხვა დაუბრუნა მძღოლმა.

      - დათუნას წყალობით.

      - დათუნა ვინღაა...

      - დათუნა არის მთელ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი და კარგი ბიჭი - აღფრთოვანებით წამოიწყო მახარემ - მთელ დედამიწის ზურგზე თავში არავის არ მოუვა ისეთი აზრები, როგორიც დათუნას მოსდის ხოლმე. მე სწორედ მისგან გავიგე, რომ არსებობენ რკინის დიდი ადამიანები, ისინი რობოტები არიან. და კიდევ რკინის პატარა ადამიანიც არის სადღაც, მას რობიკო ჰქვია სახელად, თავი ჭადრაკის დაფას უგავსო. ეს სწორედ შენ ხარ.

      რობიკოს თვალები მრავალფერადად აუციმციმდნენ, აშკარად ესიამოვნა ამის მოსმენა.

      - ჭკვიანი ბიჭი ყოფილა, თუ ამდენი რამ იცის ჩემს შესახებ, - თქვა აჟღერებული ხმით, - კიდევ რა იცის?

      - იცის, რომ ხუთი წლისაა...

      - დიდი ამბავი - რკინის მარწუხი აგდებით ჩაიქნია რობიკომ, - ხუთამდე თვლა ბევრს არაფერს ნიშნავს.

      - ...და კიდევ ფერებს არჩევს რაღაც არაჩვეულებრივად. თუ კრემის ვარდები ალისფერი არ იქნება, ტორტს პირსაც არ დააკარებს, - სასწრაფოდ დაუმატა მახარემ.

      კრემის ვარდების ხსენებისას რობიკოს თვალები ჩაუქრა.

      - კრემის ვარდების მე არაფერი გამეგება, ყოველთვის ძალიან მიკვირდა იმათი, ვისაც შეუძლია კრემის ვარდები ერთმანეთისგან რამეთი გაარჩიონ. ეს ჩემთვის უცხო სამყაროა...

      - აბა რა გეგონა, - სიამაყით თქვა მახარემ, - დათუნას არაფერი შეეშლება, როდესაც საქმე კრემის ვარდებს ეხება, რაღაც იშვიათი ალღო აქვს ამ მხრივ.

      რობიკოს თვალები ისევ აენთო, თუმცა აღარ ციმციმებდნენ.

      ახლაც ალისფერი საღებავის საძებნელად მივდივარ, დღეს დათუნას დაბადების დღეა და ტორტი უნდა გამოუცხონ. შენი მანქანა სწორედ ამისთვის მჭირდება... იქნებ ერთად წავსულიყავით, _ მოხერხებულად ჩააკერა ლაპარაკში მახარემ.

      რობიკოს თვალები კვლავ დაე,სგავსნენ ორ პატარა ნათურას, წამით დაფიქრდა და ასეთი რამ თქვა:

      - ჯერ მანქანა უნდა გავყიდო, ყველა პრობლემა მიმდევრობით უნდა გადაწყდეს. განა შეიძლება მეორე კითხვაზე გადახვიდე ამოცანის ამოხსნის დროს, როდესაც ჯერ პირველი არ გადაგიწყვეტია?

უცნობი ნაცნობები

      უცბად შორიდა ყვირილი მოისმა. რობიკომ და მახარემ მიიხედ-მოიხედეს და ქოლგიანი კაცნა დაინახეს, ბამბასავით თეთრი წვერულვაშით შემკული.

      - ჰეი, დამიცადეთ! - ყვიროდა იგი და თავქუდმოგლეჯილი მორბოდა, - ნიავმა ამბავი მომიტანა, რობიკო და მახარე ალისფერი ყვავილის საძებრად მიდიანო. მეც თქვენთან ერთად უნდა წამოვიდე, ჩემზე კარგად არავინ იცის, სად შეიძლება მისი პოვნა.

      ამ სიტყვებით ქოლგიანი კაცუნა სასწრაფოდ შეძვრა მანქანაში, სავარძელზე მოიკალათა და ქოლგა მუხლებზე დაიდო.

      - წავედით, რაღას ვუცდით? - თქვა გაკვირვებულმა და კითხვის თვალით შეხედა დარჭობილივით მდგარ რობიკოს.

      - ეს უცნაური არსება საიდან გამოგვეცხადა... - როგორც იქნა, გონს მოეგო რობიკო.

      - განა არ იცნობ, რობიკო? - გაიბადრა მახარე - ეს ხომ ქოლგოსანია, ჩვენი საყვარელი ქოლგიანი კაცუნა. ერთი ჰკითხე მწვანე ტყის ბინადრებს, რა საოცარ ამბებს მოგიყვებიან მაგის შესახებ. ყველასა შინაურია მთელ მწვანე ტყეში, ყველაფრის ენა ესმის... ვინ მოსთვლის, რამდენი ბიჭისთვის ამოუღია თითიდან ეკლები, ანდა რამდენი ბარტყისთვის უსწავლებია ფრენა, როცა ისინი ჯიუტობდნენ და დედა-ჩიტებს არ უჯერებდნენ. ქოლგოსანი ამ დროს ტოტიდან ტოტზე დახტის თავისი ქოლგით და ბარტყებს ასე ეძახის: მოდი აქ, პატარა ჩიტუნიავ, ნახე, რა მსუქანი ჭია ვიპოვე...

      - შენ თვითონ ვინ გაგაცნო ქოლგოსანი? - იკითხა რობიკომ, თან ეჭვით უთვალთვალებდა თოვლივით თეთრ წვეროსან კაცუნას. ჩანდა, მისი ვერაფერი გაეგო.

      - როგორ თუ ვინ, დათუნამ - საყვედურნარევი ხმით უთხრა მახარემ, - დათუნა ჩვენ ყველას შესანიშნავად გვიცნობს, ჩვენ კი, როგორც ჩანს, ერთმანეთს არ ვიცნობთ. აბა, ეს როგორ შეიძლება.

      - მაგაში მართალი ხარ, ეს ყველაფერი როგორღაც უცნაურად გამოიყურება, - თქვა რობიკომ და ქოლგოსანს რკინის მარწუხი გაუწოდა. ქოლგოსანმა ხელი შეაგება მაშინვე, - ოღონდ უნდა ღვნიშნო, რომ ნიავს ამბავი მთლად სწორად ვერ მოუტანია შენთვის. ამოცანა მიმდევრობით უნდა გადაწყდეს, ჯერ მანქანა უნდა გავყიდო...

      - ყური კარგად დამიგდე, რობიკო - წამოიწყო ქოლგოსანმა და ხელი წვერ-ულვაშზე ჩამოისვა დარბაისლურად, - შენს მანქანას სულერთია, ვერ გაყიდი. დღეს არავის არ უნდა ისეთი მანქანა, რომელიც ასეთი დაბალი სიჩქარით დადის. ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვა ჩემი სათქმელი, იმ საშუალებით ვერ გაყიდი, რასაც დღემდე მიმართავდი. რაღაც ახალი საშუალებაა საჭირო, ახალი იდეა.

      - მერედა, როგორია ეს ახალი იდეა? - იკითხა რობიკომ.

      - ჯერჯერობით არ ვიცი, - თქვა ქოლგოსანმა - იქნებ მერე მოვიფიქრო, დრო მჭირდება. მე ხომ მწვანე ტყეში დავიბადე და გავიზარდე, შენსავით სწრაფად ვერ ვაზროვნებ. სანამ ალისფერ ყვავილს ვიპოვიდეთ, ამ ხნის განმავლობაში უეჭველად მოვიფიქრებ.

      - ყველაზე ძვირად იდეა ფასობს, - წამიძახა გახარებულმა მახარემ.

      რობიკოს ეს ფრაზა ძალიან მოეწონა.

      - დათუნამაც თუ იცის, რომ ყველაზე ძვირად იდეა ფასობს? - ჰკითხა მახარეს.

      - იცის რომელია, _ უპასუხა მახარემ - სწორედ მისგან გავიგონე...

      რობიკო საჭეს მიუჯდა.

      - როგორც ეტყობა, მართლა ჭკვიანი ბიჭი ყოფილა დათუნა. - თქვა მან მეტისმეტად დინჯი ხმით, - მე დაგეხმარებით ალისფერი ყვავილის მოძებნაში, რათა დათუნას ალისფერივარდებიანი ტორტი გამოუცხონ. თქვენ კი თქვენი ახალი იდეით დამეხმარეთ მანქანის გაყიდვაში.

      - რა კარგია! - ტაში შემოჰკრა მახარემ და ისიც მანქანაში შეძვრა.

ნახვა: 132

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, მახარე, რომანი, საავტორო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters