ორნი მიუყვებოდნენ აღმართს. წინ მიმავალს თეთრი კვართი ემოსა, რომლის კალთებშიც ბორკილდადებული წვივები გამოუკრთებოდა ხოლმე ჟამიდანჟამს. ხელებიც ფართოდ გაეშალა... და არც შეეძლო ჩამოეშვა, რამეთუ ბარი და ნიჩაბი დაეკრათ მითვის ზურგზე ჯვარედინად. ხელის მტევნები მათზე ჰქონდა მიბმული. ნიჩბისა და ბარის ტარი, და ასევე ბორკილის რგოლებიც, რიკნის წვერწამახული წვეტებით იყო მოფენილი, რომლებიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მწარედ იჩხვლიტებოდნენ. ნაჩხვლეტებიდან სისხლის წვეთები მოწანწკარებდნენ, ზოლ-წოლად ჩამოსდევდნენ თეთრ კვარს, ბორკილებიან ფეხებს და საბოლოოდ გზის მტვერში ერეოდნენ.

      ჩხვლეტის სიმწარეს ნაბიჯის შენელება თუ გაანელებდა მხოლოდ, მაგრამ ამის საშუალებას არ იძლეოდა მეორე, უკან მიმავალი. ამ უკანასკნელს ხელში მათრახი ეჭირა და ხშირხშირად მოუნაცვლებდა ხოლმე ფეხებში წინმიმავალს. მზე უმოწყალოდ აჭერდა.

      ამასთან ერთად, ძნელი სავალი იყო ის აღმართი, რომელსაც ორი მიუყვებოდნენ. ეს გახლდათ ციცაბო, ოღროჩოღრო ბილიკი. იგი ფეხმომრგვალებული მთის ერთერთ ფერდობს ასდევდა. ხანდახან თითქოს იკარებოდა კიდეც, სულ მთლად უჩინარი ხდებოდა მოხშირებულ ეკლიან ბუჩქებში. ჩანდა, მისით არც ისე ხშირად სარგებლოდნენ. მოზრდილი ლოდებიც უხვდებოდათ წინ. მასზე გადაფოფხება განსაკუთრებით უმძიმდა წინმიმავალს, რომელიც იძულებული იყო მოკლე ნაბიჯები გადაედგა ბორკილების გამო. ასეთ დროს უკან მიმავალი ერთი წამითაც არ წყვეტდა მათრახის ტლაშუნს, თან ფართოფარფლებიან ქუდს იხდიდა თავიდან და ინიავებდა. რაც შეეხება წინ მომავალს, მცხუნვარე მზისგან მისი ერთადერთი საფარი გახლდათ გრძელი ხშირი თმა, მხრებამდე დაშვებული. ოფლის წვეთები ნამივით ასხდა სახეზე, პაწია ნაკადულებად ესკვნებოდნენ ნიკაპქვეშ, კისრის დაბერილ ძარღვებს მიჰყვებოდნენ და ბოლოს სისხლის წვეთებს ერთვოდნენ.

* * *

      ამ დროს კი, იმავე თხემმორგვალებული მთის მეორე მხარეს, ბევრად უფრო ადვილად სავალ, კარგად გატკეპნილ ბილიკზე ვიღაც მათხოვარი მიმოდიოდა... სხვანაირად ვერ იტყოდი, იმდენად დაძონძილი სამოსი ეცვა, ხელში ხის არგანი ეპყრა. წითური თმა და წვერულვაში ერთიანად გაბურძგნოდა. აშკარა იყო, მათხოვარი ელოდა ვიღაცას თუ რაღაცას, ისეთი მოუსვენრობა იგრძნობდა მის მოძრაობაში. ერთი წუთით შეჩერდებოდა და არგნის სინჯვას მოჰყვებოდა, რომლის ბოლოშიც ლურსმანს უბრწყინავდა წვეტი, მერე ისევ ბოლთას სცემდა უთავბოლოდ, თან გზასაც შეშფოთებით გაჰყურებდა. იმდენად იყო აღელვებული, ისიც კი ვერ მოეფიქრებინა, დაგლეჯილი მოსასხამის კალთა წამოეგდო თავზე მცხუნვარე მზის სხივებისგან დასაცავად.

      დრო გადიოდა, ბილიკზე არავინ ჩანდა. მზემ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია და გადახრა იწყო. თმაწითური მათხოვნის შეშფოთებამ იმატა. სულ უფრო და უფრო მოუსვენრად წრიალებდა, წინ ფეთიანივით გავარდებოდა ხოლმე, ვითომ ვიღაცის შესახვედრად, მერე ისევ ბრუნდებოდა ამოჩემებულ ადგილას და ჯადოშეყრილივით აწყდებოდა აქეთ-იქით.

* * *

      გზა კიდევ უფრო ციცაბო გახდა. მზეც სულ უფრო და უფრო აცხუნებდა. იმ ორთაგან წინ მიმავალს ძალიან გაუძნელდა სიარული. მძიმედ, ქშენით სუნთქავდა, ოფლი წვიმასავით დასდიოდა თვალებზე. რამდენჯერმე წაიფორხილა კიდეც. ყოველ წაფორხილებას მათრახის განუწყვეტელი ზუზუნი ახლდა თან. ერთგან კი თავი ვეღარ შეიმაგრა, ბილიკიდან გვერდზე გადავარდა, დამფრთხალი მტრედი წამოაფრინა ბუდიდან.

      ძლივს, ტანჯვა-წვალებით წამოიწია, სახე ერთიანად გასწითლებოდა. მძიმედ ქოშინებდა. ისევ გზის გაგრძელება დააპირა, რომ მბრძანებლური ხმით წარმოთქმულმა სიტყვამ შეაყენა:

      - მოიცა!

      წინ მიმავალი მობრუნდა და ცნობისმოყვარეობით მიიხედ-მოიხედა. მათრახი იქვე იდო ბილიკზე, მისი მფლობელი ეკლიან ბუჩქნარში გადასულიყო და ეკლიან ღეროებს ჭრიდა მომცრო დანით. ბილიკზე დაახვავა მწვანეფოთლიანი ნედლი ღეროები, მათ შორის ისეთები ამოარჩია, რომელთაც ყველაზე ბასი და გრძელი ეკლები ჰქონდათ. ხელმარჯვედ დაწნა გვირგვინი და თეთრკვართიანს დაჰხურა თავზე, თან ორივე ხელით ღონივრად დააწვა, რათა ეკლები რაც შეიძლება ღრმად ჩასულიყვნენ ხორცში.

      ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, შეათვალიერა თავისი ნამუშევარი, კმაყოფილების ღიმილი გამოეხატა თვალებში, თეთრკვართიანის შუბლზე მაშინვე გამოჟონა სისხლის ცინცხალმა წვეთებმა, მარდად ჩამოირბინეს სახეზე, ოფლის წვეთებს შეერივნენ.

      - მზისგან დაგიფარავს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ააღწიო თხემამდე...

      ამ სიტყვებს მათრახის ზუზუნიც მოჰყვა. თეთრკვართიანი მობრუნდა და მორჩილად შეუყვა ბილიკს...

* * *

      რა აღელვებულიც არ უნდა ყოფილიყო მრგვალთხემიანი მთის მეორე მხარეს მომლოდინე თმაწითური მათხოვარი, მაინც შეიგრძნო მზის მცხუნვარე სხივების ძალა. იმანაც დაწნა მწვანე გვირგვინი მზისგან თავდასაცავად (მოსასხამის დაგლეჯილ კალთას მაინც ეს არჩია), ოღონდ ისეთი მწვანე ღეროები ამოირჩია საამისოდ, რომელთაც ეკლები არ ჰქონდათ.

      ჩამოიმხო თავზე მწვანე გვირგვინი, ხელებით არგანს დაეყრდნო და გზას გაუშტერა შფოთით სავსე, მომლოდინე თვალი. მზე ისევ უმოწყალოდ აჭერდა...

* * *

      ამასობაში იმ ორთა ააღწიეს თხემს. ფართო სანახები იშლებოდა აქედან, განცხრომით შეეძლო თვალს დაესვენა. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს ცისკიდურიდან ცისკიდურამდე ლაღად გაეშალა მხრები. შიგადაშიგ მოჩანდა მაღალი, წერწერა შენობები, მწვანე ბაღები. გროვად ახორხილიყვნენ ღარიბული ქოხმახები. იმ მრგვალთხემიანი მთის მიმართულებით, სადაც ეს ორნი ამოვიდნენ, ქალაქი მეჩხერდებოდა. თვით მთის კალთებზე ვერავითარ შენობას ვერ დალანდავდა კაცი.

      თვით თხემზე იყო რამდენიმე ნაგებობა. ესენი გახლდათ ქონით გულმოდგინედ გაპოხილი ბოძები, ზოგი ჯვარედინად დაჭედებული, ზოგიც სხვადასხვა ფორმისა... თუნდაც დიდად გამოცდილი არ ყოფილიყო ადამიანი, მაინც იმწამსვე მიხვდებოდა მათ დანიშნულებას. ამას ყვავების გუნდიც ამხელდა, გუნდ-გუნდად ესეოდნენ ზოგიერთ მათგანს, სადაც ჯერ კიდევ ეყარა ადამიანის ძვლები.

      თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ორი ზორბა მაიმუნი გამოემართა ამოსულთაკენ. ოთხზე მოდიოდნენ, კიდურების ზანტი მონაცვლეობით. უმსგავსი, პირტიტველა დინგები ძაღლის მინაგვარად წაეგდოთ წინ. მათრახის ტკაცუნზე შედგნენ, უკან დაიხიეს, მოზრდილი ლოდის უკან ჩაცუცქდნენ და გაირინდნენ. ღორივით წვრილი თვალები ამოსულებისკენ ჰქონდათ მიციებული.

      მათრახით შეიარაღებულმა კიდევ ერთხელ გაატკაცუნა მათრახი და სახეში ჯიქურ შეხედა თეთრკვართიანს. ამ უკანასკნელს არაფერი დასტყობია შიშის ან ძრწოლის მსგავსი, მშვიდად ათვალიერებდა იქაურობას.

      ხელმათრახიას ჩაეცინა, შენისთანებიც გვინახავსო, ასე ამბობდა ეს ღიმილი:

      - აბა, საქმეს შევუდგეთ. გარემოს ჭვრეტით დატკბობას მერეც მოასწრებ, როცა ერთი-ორი მეტრით მაღლა აიწევ ამ მთის მწვერვალიდან.

      ჩაიხითხითა ამ სიტყვებზე, თან ყურადღებით ათვალიერებდა მრავალგზის აჩიჩქნილ და მერე ისევ გატკეპნილ მიწას. ბოლოს ერთგან შეაჩერა თვალი, ფეხითაც მოსინჯა იქაურობა, გაიარ-გამოიარა, მაგრამდ დაჰკრა ნაბიჯი.

      მერე თეთრკვართიანისკენ მიიხედა.

      - აქეთ მოიწი!

      ისიც მორჩილად მიუახლოვდა.

      - მიბრუნდი...

      სწრაფად შეუხსნა ზურგზე დაკრული ბარ-ნიჩაბი და იქვე დაყარა.

      - აი, აქ სამარეს ამოთხრი, - მათრახიანი ხელით მიუთითა.

      პირველად აქ ამოიღო ხმა თეთრკვართიანმა:

      - ვისთვის? - იკითხა მშვიდი ხმით.

      - შენთვის. - იყო მოკლე პასუხი.

      თეთრკვართიანს ძარღვიც არ შესტოკებია სახეზე ამის გაგონებისას, მშვიდად გადაიტანა მზერა სადღაც შორეთში, ორიოდე წამს თითქოს რაღაცას აკვირდებოდა ფართოდ გახელილი თვალებით, და მერე ნელა გააქნია თავი:

      - არა, ეს შეუძლებელია...

      - ვითომდა რატომ? - სალაღობო ტონით იკითხა ხელმათრახიანმა, იგი თვალმოუცილებლად ჩაჰყურებდა სახეში.

      - თავის თავს საფლავს ვერავინ ვერ გაუთხრის, - მოისმა იმავე მშვიდი ხმით ნათქვამი სიტყვები, - საფლავი სხვამ უნდა გაუთხაროს მკვდარს.

      - იმდენი წლების სიცოცხლე მე შემმატოს დამბადებელმა, - ცხარედ შესძახა ხელმათრახიანმა და გულზე დაიკრა მჯიღი, - რამდენისთვისაც მე აქ საფლავი გამითხრევინებია საკუთარი თავისთვის საკუთარი ხელით. ხედავ? ძლივს ამოვარჩიე ეს ადგილი, ყოველ მხარეს ისინი წვანან. მალე შენც იმათ მიუწვები.

      თეთრკვართიანმა მშვიდად მოისმინა ეს ყველაფერი და ისევ გადააქნია თავი.

      - არა, ეს საფლავი არაა ჩემთვის.

      - იქნებ ისიც მითხრა, ვისთვისაა, - ზიზღით ჰკითხა ხელმათრახიანმა. იგი აშკარად ერთობოდა ამ სიტყვა-პასუხით.

      ისევ შენთვის!

      ხელმთრახიანი ადგილზე შეხტა, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ასეთი პასუხი. სახეზე სიცილი შეაცივდა.

      - რაო, რა სთქვი? ვისთვისაა? - ჰკითხა გაოცებულმა

      - შენთვის გაითხრება ეს საფლავი! - მოესმა მკაფიო პასუხი.

      რამდენიმე წამით მდუმარედ იდგა ხელმათრახიანი, თავის უცნაურ თანამოსაუბრეს დაკვირვებით ჩაჰყურებდა სახეში.

      - ხუმრობის ხასიათზე ყოფილხარ! - თქვა ბოლოს, ათიოდე წამის დუმილის შემდეგ, თან მარჯვენა ხელით მრავლისმეტყველი ჟესტი გააკეთა, მაგრამ არც მე ვარ შენზე ნაკლები ხუმარა.

      - მე არ ვხუმრობ. - მშვიდად შეესიტყვა თეთრკვართიანი.

      - თუ ასეა, არც მე ვხუმრობ, - ტუჩის კუთხეები ირონიულად დამანჭა ხელმათრახიანმა, - შენს გათხრილ ორმოში ისევ შენ ჩაწვები. ჩემს სამარედ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიქცევა, თუ აქედან გამექცევი, ასეთი რამე კი არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება. ვერავინ დაიკვეხნის, მარტოხელა ჯალათს დავუძვერი ხელიდანო, ზეცაა ამის მოწმე. მე თუ ვინმეს ჩამიგდებენ ხელში, მხოლოდ იმისთანას, ვისი სიკვდილიც ერთნაირადაა გადაწყვეტილი ზეცაშიც და მიწაზეც. შენ სიკვდილმისჯილი ხარ, მე შენი ჯალათი. ამის მეტი მე არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე.

      ამ სიტყვებს მათრახის ზუზუნიც მოჰყვა, მოქნილი ღვედი გველივით შემოეჭდო თეთრკვართიანს. ისიც ხმისამოუღებლად დაიხარა, ბარი აიღო და საქმეს შეუდგა. სისხლის ცინცხალი წვეთები გამოჩნდნენ ძველ, შემხმარ ნაკვალევზე, მუშაობისას კიდევ უფრო უარესად იჩხვლიტებოდნენ ბარის ტარზე მოფენილი მსხვილი წვეტები.

      ხელმათრახიანი ორიოდე წუთის განმავლობაში ბოლთას სცემდა, თან დამცინავი იერით უთვალთვალებდა თეთრკვართიანს, თუმცა აშკარა დაინტერესებაც გამოსჭვიოდა მის იერში. ასეთ გაბედულებას არც ისე ხშირად შეხვდები კაცი, მით უმეტეს ასეთ გარემოში... მერე უბიდან ცივი საუზმე ამოაძვრინა, საიდანღაც ერთი ხელადა ღვინოც გამოჩხრიკა, იქვე მოხერხებულად მოიკალათა და ჭამას შეუდგა. ყვავ-ყორნებიც სადილობდნენ შორი-ახლოს, ჩონჩხებში შემძვრალნი. ერთი მათგანი ისე გათამამდა, სამარესთან მოჩლახუნდა, მაგრამ მიწის გოროხი მოხდვა, ორმოდან ამოსროლილი, და ისევ აითრია წელი, ჰაერში ყრანტალით აფრინდა.

      დინჯად, მაძღრისად მიირთვა საჭმელი ხელმათრახიანმა ჯალათმა. ღვინოც დააყოლა, კარგადაც დაისვენა; მოჭუტული ქუთუთოებიდან უთვალთვალებდა, თუ როგორ იზრდებოდა მიწის ბორცვი.

      თეთრი რამ მოჩვენება აებლანდა ცხვირწინ. თვალი ფართოდ დააჭყიტა ჯალათმა, თეთრკვართიანი ამომძვრალიყო სამარიდან.

      მზად გახლავთო, მოახსენა.

      ჯალათი წამოდგა, გაიზმორა, ახლოს მივიდა და ყოველი მხრიდან დაათვალიერა ახლადგათხრილი სამარე.

      - გამოდგება. - თქვა მოკლედ. - აბა, ახლა აირჩიე. როგორი სიკვდილით გინდა მოკვდე.

      - მე ავირჩიო?

      - ჰო, შენ თვითონ. სამარე ხომ გაითხარე საკუთარი ხელით. ახლე ეს პატარა საქმე დაგრჩა მოსაგვარებელი.

      თეთრკვართიანი მდუმარედ დააცქერდა ჯალათს, თვალები ფართოდ გაეხილა. იმ თვალებში არც ახლა გამკრთალა რაიმე შიშის მსგავსი.

      - ჰო, ვიცი, ვიცი, არც ისე ადვილია არჩევანის გაკეთება - ჯალათმა აქ უკვე საკუთარ სტიქიაში იგრძნო თავი. საჩუქრით გახარებული ბავშვივით ცმუკავდა. - მე თუ მკითხავ სწორედ ესაა ყველაზე ძნელი. ყველას უძნელდება სიკვდილის ამორჩევა... ზუსტად ისე, როგორც გასათხოვარ, ლამაზ ქალიშვილს უძნელდება საქმროს ამორჩევა მრავალ ღირსეულ ჭაბუკს შორის: ათვალიერებს, მკითხაობს და ვერაფრით ვერ გადაუწყვეტია, რომელ მათგანს მიანიჭოს პირველობა. და ასეთ დროს, ყოყმანის და გაუბედაობის ჟამს საქმროთაგან რომელიმე, ყველაზე გამბედავი, ქრივით დააცხრება ქალიშვილს, არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ხა, ხა, ხა... საქმროები კი ბევრია, ძალიან ბევრი... თანაც ყველა ერთიმეორეზე უკეთესი, რომელი გინდა, სულო და გულო; ჩამოხრჩობა, თავის მოკვეთა, კოცონზე დაწვა, შხამის დალევა, შუა განკვეთა, ცოცხლად დამარხვა, ტყავის გაძრობა, ჯვარზე გაკვრა. თუ გინდა, იმ მაიმუნებს მივუგდებ შენს თავს, ისინი სწორედ ადამიანებზე არიან დაგეშილები...

      - საცოდავო! - მოესმა ამ დროს.

      ჯალათმა სიტყვა შეწყვიტა, სახეზე დაეჭვება დაეტყო, სმენა ხომ არ მატყუებსო. საოცარი არ იყო განა, მისთვის ეწოდებინა საცოდავი იმას, ვისაც ამ წუთში ამდენი სიკვდილი ემუქრებოდა ერთად.

      მაგრამ ისეთი თანაგრძნობა ეწერა სახეზე თეთრკვართიანს, აშკარად ეტყოდა ამ სიტყვას.

      - ამას... მე მეუბნები? - იკითხა ჯალათმა.

      - შენ გეუბნები, სწორედ.

      - რას ხედავ ჩემში საცოდავს?

      - შენ ბევრი ტკივილი ჩამოთვალე, - თქვა თეთრკვართიანმა, - ისინი შენ არცერთი არ გეკუთვნოდა, მაგრამ მე იმათი საშუალებით შენი ტკივილი დავინახე...

      - ჩემი ტკივილი?..

      - ჰო, შენი საკუთარი ტკივილი. იგი დიდი ხანია შენთანაა განუყრელად. სხვადასხვა პატარ-პატარა ტკივილებიც ბევრია, მაგრამ ისინი ფერმკრთალდებიან და უკან იხევენ იმ დიდი ტკივილის წინაშე...

      შენ მაშინ სულ ახალგაზრდა იყავი, თითქმის ბავშვი, სიჭაბუკეს ის-ის იყო ეთამაშებოდი. ხმა გიბოხდებოდა, წითური ღინღლი ამოგივიდა ლოყებზე. როგორ უკვირდა ყველას; წითური ღინღლი ნახშირივით შავქოჩორა ბიჭს... (ჯალათმა თავი ანება ბავშვივით ცმუკვას, ერთ ადგილას გაშეშდა ყურადღებად ქცეული). ძმაბიჭები გყავდა, როგორც ყველა ბიჭს. დროს ხშირად ატარებდით ერთად, დიდ სიხარულს განიჭებდნენ ისინი... სიხარულსაც და ტკივილსაც. და მუდამ ერთმანეთის ტოლნი იყვნენ ისინი, სიხარული და ტკივილი...

      ერთხელ კი, როგორღაც ბიჭებმა ჩაგავლეს ხელი, ერთხანს ბავშვურად ებღლარძუნებოდით ერთმანეთს. მერე ყველა ერთად დაგეხვია თავზე, სამოსი უნდოდათ გაეხადათ შენთვის. როგორი გამწარებით იბრძოდი, არ გინდოდა მათ თვალწინ გაშიშვლება. ვერ შესძელი, მარტო იყავი. ისინი ბევრნი იყვნენ. თავით ფეხამდე გაგაშიშვლეს და ავხორცულად აელვარებული თვალებით ჩააფრინდნენ შენი სხეულის კრძალულ ნაწილს...

      უდიდესი სიამოვნება მიანიჭე შენ იმათ მაშინ... შენი სიშიშვლის ცქერით.

      გაძღნენ შენი სიშიშვლის ცქერით და მერე მოგეშვნენ.

      შენც ჩაიცვი ტანზე, გასცილდი მათ. ბევრი იყვნენ, მარტო იყავი. სამაგიეროს ვერ გადაუხდიდი.

      იმის შემდეგ შეიძულე ისინი, შეიძულე მთელი ძალით, რაც კი გაგაჩნდა. მთელი შენი სიცოცხლის აზრი იქითკენ მიმართე, რათა მათთვის სამაგიერო გადაგეხადა. ამიტომაც გადაწყვიტე, ჯალათი გამხდარიყავი, როცა იქნება ხელში ჩამივარდებიანო... მაშინ, ბავშვმა ასე იფიქრე. მაგრამ შენ ჩვეულებრივ ჯალათად როდი აპირებდი გახდომას. არა, შენ მთელი შენი არსება, მთელი სიცოცხლე ამ საქმისთვის უნდა მიგეტანა მსხვერპლად. ჯალათი უნდა ყოფილიყავი მთელი სულით და გულით, სისხლის ყოველი წვეთით, ჯალათობა უნდა ყოფილიყო შენთვის ერთადერთი სიხარული. ამიტომ განიზრახე იმ ტვირთისგან განთავისუფლება, რაც მამაკაცად დაბადებამ გარგუნა წილად... და რომლის ხილვამაც ასეთი სიამოვნება განაცდევინა შენს ძმაბიჭებს. ამ საქმის მცოდნე ერთ ქალს მიაკითხე, ღორების დაკოდვა რომ ემარჯვებოდა. როგორ გაოცდა და განრისხდა ის ქალი, როდესაც შენ, ენის ბორძიკით და ლუღლუღით, როგორც იქნა გააგებინე, შენთვისაც იგივე სამსახური გაეწია, რასაც ღორებს უწევდა. სასტიკ უარზე დადგა. საქმეს არ უშველა არც საკმაოდ ძვირფასმა საჩუქარმა, დიდი ხნის ნაგროვები ფულით ნაყიდმა. არც იმ ფულმა, მამაშენს რომ მოპარე... არც ოქროს საყურემ, დას რომ აწაპნე. აღარც კი გქონდა იმედი, რომ დაითანხმებდი, ისე უთხრაი, სწავლას და მეცნიერებას მინდა შევწირო თავი, დიდი მეცნიერი უნდა გავხდე და მეშინია ადამიანურმა ვნებებმა არ შემიშალონ ხელიო.

      სრულიად მოულოდნელად, ამის გაგონებისას მაშინვე დაგეთანხმა ის ქალი, მეცნიერებას მეც დიდი პატივს ვცემ, სწავლულ ხალხს ჩემთვის ღმერთის ფასი აქვსო. გროშიც არ გამოგართვა თავისი საქმის საფასურად, მეცნიერებისათვის არაფერი არ მენანებაო.

      კრიჭაშეკრული იწექი ლოგინში, მშობლების მზრუნველ შეკითხვებს პირს არიდებდი და იმ დღეზე ოცნებობდი, როცა ძმაბიჭები ჩაცვივდებოდნენ შენს ხელში...

      წინადადება არც დაემთავრებინა თეთრკვართიანს, რომ ჯალათი ეცა გულისპირში, მაგრად ჩაბღუჯა და სახეში ჩაციებით ჩააცქერდა.

      - შენ ერთი იმათგანი ხარ! - დაიღრინა აფთარივით. - ვფიცავ ჩემს მარჯვენას, რომელსაც ჯერ ჩემთვის არასოდეს უღალატია (და არც მიღალატებს, არასოდეს ამიკანკალდება, რამდენი თავიც არ უნდა დავაგორო ამ მიწაზე), შენც იქ იყავი, იმათში...

      - არა, - თავი მშვიდად გადაიქნია თეთრკვართიანმა - მე იქ არ ვყოფილვარ...

      - ვინმემ თუ გიამბო... იმათგან...

      -აკი გითხარი, მე ტკივილი დავინახე შენი, დიდი ტკივილი. ძალიან ღრმა კვალი დაუტოვებია შენს სულსა და გულზე. ტკივილი ყველაზე ღრმა კვალს ტოვებს. დრო და ჟამი ვერ შლის იმ ნაკვალევს...

      ჯალათმა ნელნელა შეუშვა ხელები, გვერდზე მიაბრუნა თავი.

      - არ ვიცი, რა ტკივილის კვალი დაინახე მაინცდამაინც ჩემში - ჩაიბურტყუნა უგემურად.

      - არა მხოლოდ შენში, ტკივილი ყველაფერშია, უიმისოდ არ ცოცხლობს არცერთი არსება. მაგრამ არავის სიამოვნებს, როცა ამის შესახებ შეახსენებ. მე კი ვერ ვითმენ, არ შემიძლია არ მოვეფერო მათ ტკივილს. არ ვუთხრა, არ მივუთითო საშუალებაზე, რომელიც ტკივილს გაუნელებდათ. სწორედ ამ დროს იყო, გუშინ, ქალაქის მთავარს ველაპარაკე დღესასწაულის დროს. იგი ლოცავდა ხალხს ენით, გული კი შხამით ჰქონდა სავსე. თავმდაბლად მოჰქონდა თავი, ამ დროს კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ აღმატებულიყო ამქვეყნად ყველა მთავარზე უფრო უმაღლეს. ეს ისეთი ტანჯვა იყ იმისთვის, რომ შემეცოდა და ვუთხარი, ნუ სტანჯავ-მეთქი შენს სულს და გულს აგრერიგად: ერთს ამბობ, მეორეს კი ფიქრობ, იღიმები სახით, გულით კბილებს აღრჭიალებ. ძნელია, ძალზე ძნელია ეს სატანჯველი, ძნელია მთელი სიცოცხლე ასე ცხოვრება... ვეღარ გაუძლებ ერთ მშვენიერ დღეს... ფარისევლობა ისე გამოხრავს შენს გულს, როგორც წყლის ნაკადი ყინულის ლოდს დახრავს ხოლმე... მთავარმა მშვიდად მომოისმინა, სახეზე კვლავ ნეტარი ღიმილი ეფინა. მერე მოათითა ჩემსკენ და თქვა, ჭკუანაკლებია ეს საბრალო, გაიკითხეთო. თუმცა კი გულში იმ წამსაც სულ სხვას ფიქრობდა. მე ასეც ვუთხარი, თან დავუმატე, სიმართლის რად უნდა გეშინოდეს-მეთქი, აკი სიმართლეა ის მიწა, რომელზეც დავაბიჯებთ. მაშინ განრისხდა და ჩემი შეპყრობა ბრძანა. მომდურავები სხვაც ბევრნი გამომიჩნდნენ და სიკვდილი გადამიწყვიტეს, თორემ მე სხვა არა დამიშავებია რა...

      - აჰა! - გამარჯვებულის კილოთი შესძახა ჯალათმა, - აჭიკჭიკდი თუ არა სხვებივით. უდანაშაულო ვარო... მერედა, მე რა მესაქმება, რა ჩემი საქმეა შენი უდანაშაულობა... ხომ არ გინდა თავი შემაცოდო? ჰა...

      - არა, - თქვა თეთრკვართიანმა იმავე შემბრალე იერით, - მე შენ მეცოდები მხოლოდ. შენ ხომ ნამდვილი სასწაული ხარ, თვითონვე არ იცი საკუთარი თავის ფასი... შენი სხეული, შენი სული და გული ჭეშმარიტი სასწაულია. შეცნობა სჭირდება ამ სასწაულს და მხოლოდ სიმართლე გამოგადგება ამისთვის. სიმართლე კიდევ მუდამ სინათლის გზას მიჰყვება, და ამ გზაზე...

      - შენზე უფრო კერკეტი კაკალიც შემხვედრია, - აგდებით შეაწყვეტინა ჯალათმა, - ათასნაირ ლათაიებს მოჰყვებოდნენ ხოლმე ბატკნებივით უდანაშაულონი ვართო, ტყუილუბრალოდ გვსჯიანო. მონუსხვაც კი დამიპირეს რამდენჯერმე. ჩემს ფიქრებს კითხულობდნენ, მეუბნებოდნენ გულში რაც მქონდა... შენ იმათ ერთ რამეში აჯობე: ჯერაც არავის უამბნია ჩემთვის ჩემი ბავშვობის თავგადასავალი. მაგრამ მე იმიტომ მქვია მარტოხელა ჯალათი, რომ ბავშვის მოკვლაც შემიძლია ხელის აუკანკალებლად, არც საკუთარი ბავშვობაა გამონაკლისი. იმის მოკვლასაც შევძლებ... ჩქარა მითხარი, რომელი სიკვდილი გინდა. შენთან ყბედობისთვის არა მცალია.

      მათრახის ტკაცუნმა დაამოწმა ეს სიტყვები.

      - რახან ასე არ იშლი, მაშინ მარგუნე შენს მიერ ჩამოთვლილ სიკვდილთაგან რომელიც გინდა, ერთის გარდა... - მშვიდად სთხოვა თეთრკვართიანმა.

      - მერედა, რომელია ის ერთი?

      - ჯვარზე გაკვრა...

      ჯალათმა აუჩქარებლად გაიარ-გამოიარა ამოთხრილი ორმოს გვერდით, თან მათრახს განუწყვეტლივ ატკაცუნებდა. აშკარა იყო ტკბებოდა ამ წუთებით.

      მოწყვეტით შედგა მსხვერპლის წინაშე და ჰკითხა ბავშვურად გაწვრილებული ხმით:

      - მაინც რატომ არ გინდა ჯვარზე გაკვრა? რითია სხვა სიკვდილზე ნაკლები...

      - იმიტომ რომ სწორედ მაგ შემთხვევაში იქცევა ეს ორმო შენს საფლავად, როგორც ადრე გითხარი, - მშვიდად აუხსნა თეთრკვათიანმა, - მთავრის ბიჭები ამ წუთას კამათელს აგორებენ ამ მთის ძირში და მზის ჩასვლას ელოდებიან. ერთს ვარდისფრად უღვივის ქალიშვილივთ ლამაზი ღაწვები, კამკამა თვალებში ბავშვური გულუბრყვილობა ჩაჰფენია. მეორეს ნაჭრილობევი გასდევს პირხმელ, მაგრამ სანდომიან სახეზე, ძვირფასთვლიანი ბეჭდით შემკული ხელით ხმლის ტარი ჩაუბღუჯავს და ბრაზით იყურება, რადგან ვარდისფერღაწვებიანმა დასჯაბნა ხელის სიმარჯვით. როგორც კი მზე გადაიხრება, ისინი ამოვლენ აქ, ნახავენ ცარიელ ორმოს და შენ ჩაგფლავენ მასში. მაგრამ თუ...

      - ჩაიგდებ თუ არა ენას, - გაცოფებით უღრიალა ჯალათმა და პირდაპირ სახეზე გადაუჭირა მათრახი. თეთრკვართიანმა ხელები აღმართა, ჯვარედინად დაიფარა თავპირზე, - თვალთმაქცი მინახავს, მაგრამ შენისთანა არასოდეს... მთავრის ბიჭები მეტისმეტად კარგად გცნობია, მაგით გინდა დამაფრთხო? დიახ, ისინი ამოვლენ აქ საღამო ხანს და ჯვარზე გაკრულს გიხილავენ... სწორედ ისეთი სიკვდილით მოკვდები, რომელსაც ასე გაურბიხარ რატომღაც. ამ საფლავშიც სწორედ შენ ჩაგფლავენ. საღამოსთვის სული უკვე გაყრილი იქნება სხეულთან.

      ჯალათმა ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს ძაღლებს უხმობდა. დიდი ლოდის უკან გარინდებული მაიმუნები წამოდგნენ და ძაღლებივით გამგონედ გამოეშურნენ მისკენ. ძალზე კარგად იყვნენ გაწვრთნილები, სულ უმნიშვნელო ნიშანზეც ხვდებოდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ. მათ მაგრამდ ჩაავლეს თათები თეთრკვართიანს და ჯვარედინად დაჭედებულ მაღალ ხის ძელთან ციმციმ მიიყვანეს. აქ ერთ-ერთი მაშინვე აძვრა ხის ძელზე. მეორემ მსხვერპლი მაღლა ასწია ღონიერი კიდურებით. ძალიან სწრაფად და მარჯვედ დაამაგრეს ჯვარზე მსხვერპლის სხეული. ჯალათმა გულდაგულ დაათვალიერა და თავი მოწონებით დაიქნია, მას თითქმის აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი. მხოლოდ ლურსმნები ჩაურჭო ხელფეხში ჯვარზე გაკრულს და თეთრი კვართი შემოაძარცვა ტანიდან, რათა მცხუნვარე მზეს დაეწვა მისი სხეული.

      შემდგომ ამისა, ჯალათმა რაღაც ნარჩენები მიუყარა მაიმუნებს. იმათ მაშინვე ჩაავლეს ღრჯოლები და ძელს გაეცალნენ. თვითონ ჯალათი შორიახლოს მოეწყო და თვალთვალი უწყო. სახეზე დაქადნებული გამომეტყველება აღბეჭდვოდა.

      მზემ მიაღწია თავის უმაღლეს წერტილს და გადახრა იწყო. კარგა ხანია უსიცოცხლო ჩხირებად იქცნენ ჯალათის ხელით დაკრეფილი ეკლიანი ღეროები. მსხვერპლის სხეულზე შემხმარი სისხლის ნაკვალევნი სულ მთლად გაშავდნენ. ბუზები გუნდ-გუნდად ეხვეოდნენ ჯვარზე მიჭედებულ სხეულს, ყვავ-ყორნებიც უკვე ახლოს დაფართხუნობდნენ... ჯალათს საჩრდილობლისთვის შეეფარებინა თავი, ხშირხშირად გაიხედავდა ხოლმე ჯვარზე გაკრულისკენ.

      მზემ თავისი სავალი გზის სამი მეოთხედი განვლო, აწი მის სვლას საღამოსმიერი ერქვა, თუმცა ჯერ ისევ მაღლა იდგა ცისკიდურიდან. ჯალათმა უეცრად შეამჩნია, რომ ბუზები აღარ ეხვეოდნენ ჯვარზე გაკრულს, ყვავ-ყორნებიც სადღაც გადაკარგულიყვნენ.

      ჯალათი წამოდგა, ჯვარს მიუახლოვდა... მსხვერპლი ნამდვილად თავის ძველ ადგილას იყო მიჭედებული, ტყუილად გადაუქანდა გული ერთი წამით ამ სიმყუდროვის ხილვისას. მაგრამ რა უჩვეულოდ გამოიყურებოდა ის სხეული, რომელიც საკუთარი ხელით მიაჭედა ჯვარზე! იგი თითქოს ერთიანად სანთლისგან იყო ნაქსოვი, გამჭვირვალება და სხივების კონები შერწყმოდნენ ერთმანეთს... და ამ ნათელ გამჭვირვალებაში, რომელსაც აშკარად ადამიანის სხეულის მკაფიოდ და ზუსტი ფორმა ჰქონდა, აშკარად შეიმჩნეოდა სისხლის ძარღვები, მოცისფრო მკრთალი ფერის. ისინი თვალდათვალ განილეოდნენ, სისხლის ალისფერი წვეთები მოჟონავდნენ მათგან და დაბლა, ჯვრის ფუძესთან იყრიდნენ თავს. იქ იდგა სისხლის მომცრო გუბე, უკვე ფერშეცვლილი მზისგან. ყველაზე სხივმოსილად თვალები მოუჩანდა ჯვარზე გაკრულს. ორი ვარსკვლავივით ბრდღვიალებდნენ ისინი... და რაც ყველაზე საოცარი იყო, უდიდესი სიბრალულით და თანაგრძნობით შემოყურებდნენ ეს თვალები მათზე მიშტერებულ ჯალათს. ამ უკანასკნელს თითქოს მოესმა კიდეც ერთხელ უკვე ნათქვამი სიტყვა: ,,საცოდავო!~.

      ხელები აღმართა ჯალათმა, უნდოდა შეხებოდა ამ ნათელმოსილ სხეულს, და იქნებ ჯვრიდან გარდამოეხსნა კიდეც იგი, რამეთუ ასეთი რამ ჯერ არ ეხილა და ძალზე გაოცდა...

      მაგრამ მხოლოდ იმ ლურსმნებს შეეხო, რომლებიც საკუთარი ხელით ჩაუჭედა სხეულში თავის მსხვერპლს. თვითონ სხეულიც უკარება აღმოჩნდა სინათლის სხივივით, მარტოოდენ გარეგნული არ ყოფილა მათი მსგავსება.

      როცა მზე დასალიერს მიუახლოვდა, სინათლის სხეულიც ჩაუდნა ხელებში ჯალათს; მზის კვალს გაჰყვა სინათლის კონასავით, მასთან ერთად მიიმალა.

      ჯალათი არც შერხეულა, არც სადმე წასვლა უცდია. შიშს სრულებით ვერ გრძნობდა, ჯვართან მუხლებზე იდგა, ხელები მისთვის შემოეხვია...

      ასე იდგა მაშინაც, როცა ორმა წითელმოსასხამიანმა მეომარმა, მთავრის ბიჭებმა ააკითხეს... რა იხილეს ცარიელი ორმო, და ჯვარიც ცარიელი, თვითონ ჯალათი ჩააწვინეს იმ საფლავში. სუდარად ის თეთრი კვართი გამოიყენეს, რომელიც თავის მსხვერპს გახადა ჯალათმა. მოსული ტანის, ჩასკვნილი კაცი იყო ჯალათი, და როცა საფლავში უშვებდნენ, კინაღამ თან გადაიყოლა ვარდისფერლოყებიანი მოთამაშე...

* * *

      დაძენძილსამოსიანი წითური მათხოვარი ისევ ერთ ადგილს ტკეპნიდა მრგვალთხემიანი მთის მეორე ბილიკზე. მისი აღელვება გაოცებამ შეცვალა, ნეტავი ამდენ ხანს სად არიანო, ბუტბუტებდა. მერე ისიც ჩაილაპარაკა თავისთვის, იქნებ ხვალისთვის გადასდესო სიკვდილით დასჯა. ვერც წასვლა გადაეწყვიტა, ვერც ვერაფერი გაერიგებინა და იყო ასეთ შავ დღეში.

      უცებ გზაზე ვიღაც ახალგაზრდა გამოჩნდა, სირბილით მომავალი.

      - მათე, მათე! - შორიდანვე ატეხა მან ყვირილი, - სხვა გზით წაიყვანეს, მთის მეორე მხარეს...

      თან ხელდიც გაიქნია იქითკენ ახალგაზრდამ.

      მათე მაშინვე მოწყდა ადგილს და ნაჩვენები მიმართულებით გაქანდა. ახალგაზრდაც უკან მიჰყვა, მაგრამ ის უკვე დაღლილი გახლდათ სირბილისგან, თანაც მათე ისე ჯიქურ, ისე თავდაუზოგავად მიიწევდა წინ, რომ სულ მალე ჩამოიტოვა იგი უკან. დაგეშილი მეძებარივით შეუცდომლად მიაგნო იმ ბილიკს, რომელზედაც იმ ორმა იარა. გაფაციცებით იწყო მისი თვალიერება, შეუმცდარად მისდევდა იმ ორის ნაკვლავებს და რაღაცას გამწარებით დაეძებდა. ხან ქვას გაჰკრავდა ფეხს, ხან ბუჩქებს მიმოსწევდა, ხანაც ბილიკს ჩააცქერდებოდა ჩაცუცქული, და როგორც კი სისხლის გამხმარ, უკვე გაშავებულ წვეთებს მოჰკრავდა თვალს, თავს აქნევდა და სასოწარკვეთილი ოხრავდა. სანახევროდ მტვერს შეეწოვა ეს წვეთები.

      უეცრად სიხარულით შეჰყვია; მტრედის ბუდე იპოვა, სისხლის წვეთებს დაეწინწკლათ კვერცხები. ერთი-ორი მათგანი თითქმის მთლიანად შეღებილიყო წითლად...

      ფრთხილად აიღო ბუდე, მოსასხამში დამალა და ჩქარი ნაბიჯითა გამობრუნდა უკან. მტრედი შეშფოთებული ფრთხიალით დაედევნა, მაგრამ მათე იოტისოდენა ყურადღებასაც არ აქცევდა და თავის გზაზე მიიჩქაროდა.

      ციცაბო ბილიკი რომ ჩამოათავა, ისევ ის ახალგაზრდა შემოეფეთა, რომელმაც მსჯავრდადებულის სხვა გზით წაყვანა აუწყა. ახალგაზრდას უკვე მოესწრო სულის მოთქმა და ახლა თავისუფლად აუწყო ნაბიჯი მათეს.

      - მართლა მკვდრეთით აღსდგება? - იკითხა მან.

      - ფეხებში ნუ მებლანდები. - დაუღრინა მათემ პასუხად.

      - იოანემ მითხრა, საამისოდ ერთი წვეთი სისხლიც საკმარისიაო. - ისევ თავისას აგრძელებდა ახალგაზრდა. მან აინუნშიაც არ ჩააგდო მათეს შემოღრენა, - ადამიანი იგივე მცენარეაო. როგორც მცენარე შეიძლება აღსდგეს თუნდაც ერთი ფოთლიდან, ასევე ადამიანიც ერთი წვეთი სისხლიდან შეიძლება ხელახლა იშვასო...

      ახალგაზრდა გაჩუმდა, პასუხს დაელოდა. მათე უკან მოუხედავად მიიწევდა წინ, ყურიც არ შეუბერტყია... თითქოს არც არაფერი გაუგონია.

      - და კიდევ ასე სთქვა იოანემ; როცა საქმე სინათლისმიერ არსებას ეხება, აღდგომა კიდევ უფრო ადვილდებაო, - ისევ გააგრძელა ახალგაზრდამ. - ოღონდ ესაა, რომ სიკვდილის შემთხვევაში ძალზე ცოტა ნაშთი რჩება მისგან, თითქმის მთლიანად მზეს უართდებაო, თავის პირველწყაროს... მით უმეტეს, თუ ჯვარზე გააკრეს, მაშინ ხომ სინათლის სვეტად აღევლინება ცად. მაგრამ იოანეს იმედი ჰქონდა, ჯერ აწამებენ და მერე დასჯიანო. წამებით სიკვდილისგან სისხლი დაედინებაო...

      ახალგაზრდა ისევ გაჩუმდა... ამჯერად უფრო დიდხანს იყო ჩუმად, გვერდით მისდევდა მათეს და ცდილობდა ფეხებში არ გაბლანდოდა.

      - მე მაინც არ მჯერა! - შეჰყვირა უცებ ახალგაზრდამ, თან ნაბიჯი შეანელა, რათა თანამგზავრს უხიფათო მანძილზე დასცილებოდა.

      - ლაწირაკო! - წაიბურდღუნა მათემ. მას არც კი მიუხედავს უკან.

      - არა, არ მჯერა! - ისევ შეჰყვირა ახალგაზრდამ, ის უკვე აღარ მისდევდა მათეს, - თუ საკუთარი თვალით ვიხილავ ცოცხალს და საღ-სალამათს, მხოლოდ მაშინ დავიჯერებ.

      მათეს არავითარი ყურადღება არ მიუცქევია ახალგაზრდისთვის, გამწარებით მიიჩქაროდა წინ...

      მწვანით მოფენილ ფერდობს შეუყვა, თითქოს საგანგებოდ დარგული ბუჩქნარი მისწი-მოსწია და კლდოვან ღარტაფში ამოჰყო თავი. ყოველ მხარეს მასიური ლოდები წამომართულიყვნენ, მათ შუა მღვიმე ილანდებოდა. მღვიმის წინ, უცნაურად დაღარულ ლოდზე ვიღაც პირტიტველა, სანდომიანი სახის ახალგაზრდა კაცი იჯდა, გრძელი სწორი თმა მხრებზე დაჰფენოდა... მათე კისრისტეხით მიიჭრა მასთან, სიტყვის უთქმელად გაუწოდა ბუდე, თან მთელი ძალით ქოშინებდა, მკერდი აუდ-ჩაუდიოდა.

      სანდომიანმა კაცმა გამოართვა ბუდე, დახედა წითლად შეღებილ კვერცხებს, თავი მოწონებით დაიქნია.

      - სამ დღეში ისევ ძველებურად ივლის ჩვენს ცოდვილ მიწაზე, - თქვა და ბუდეს მოსასხამის კალთა გადააფარა. - მზემ მიიხმო თავისკენ, ისევ მზე დაგვიბრუნებს.

      ამ სიტყვების გაგონებისას ისეთი შვებით ამოსუნთქა მათემ, რომ მისი ამოსუნთქვის ძალით აღძრულმა ნიავმა მხრებზე დაფენილი გრძელი თმა გვარიანად შეურხია სანდომიანს. ეს უკანასკნელი ისევ წითლად შეღებილ კვერცხებს ათვალიერებდა ყურადღებით, ნაძერწ სახეზე კმაყოფილება ეწერა:

      - ...თუკი არ დაიშლის, შეუძლია კიდევ ერთხელ გაისერნოს გოლგოთაზე, თუმცა ძალიან დიდი გაუფრთხილებლობაა მისგან. მუდამ სიმართლის ლაპარაკი ვის გაუგია! არავის არ უნდა სიმართლე... არა! ის კი მხოლოდ სიმართლეს ამბობდა ყოველთვის, სინათლისგან იყო შექმნილი და სხვანაირად არ შეეძლო, ყველთვის ჭვრეტდა დაფარულს... შენი ბარტყებიც გამოიჩეკებიან, ნუ გეშინია...

      ბოლო სიტყვები მტრედს ეკუთვნოდა. იგი მთელი გზა თან მოსდევდა მათეს და ახლა შეშეფოთებით დასტრიალებდა თავს იქაურობას.

      - მეშინოდა... ვაი თუ დავაგვიანე-მეთქი, - როგორც იქნა ხმა დასძრა მათემ, ჯერ კიდევ საბერველივით ქშინავდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკობდა, - ვაითუ ვეღარ ვნახო, ვეღარ დაველაპარაკო-მეთქი. ის ხომ ნამდვილი სასწაული იყო სასწაულთა შორის...

      - ის კიდევ შენ გთვლიდა ნამდვილ სასწაულად, - თქვა გრძელთმიანმა.

      - მართალი ხარ, მართალი, ხშირად ამბობდა ამას. - გულმდუღარედ წამოიძახა მათემ, - ხორცშესხმული სასწაული ხარო, ეს მაგან მითხრა, იოანე, მაგან გამაგებინა თორემ ჩემი თავი სრული არარაობა მეგონა...

      - არა მხოლოდ შენ, ყველას ამას ეუბნებოდა. - რბილად შენიშნა იოანემ.

      - ჰო, ეგეც მართალია, ყველას ასე გვებუნებოდა, - იმავე გულმუხრვალებით გამოეხმაურა მათე, - რამდენჯერ უთქვამს; მე ვარ ერთი თქვენთაგანი, ოღონდ ჩემში ნაკლებია წყალი და მიწა, მეტია სინათლე. თქვენში პირიქით, მეტია წყალი და მიწა, ნაკლებია სინათლე, და სწორედ ესაა უდიდესი სასწაულიო. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ საკუთარ თავზე! ისწავლეთ თქვენივე სხეულის სასწაულთა ამოკითხვა, ამისთვის კი მხოლოდ სიმართლე თუ გამოგადგებათო. სიმართლე, რომელიც მუდამ სინათლის გზას მიჰყვება... კიდევ რამდენ რამეს გვეტყვის, როცა კვლავ დაგველაპარაკება, როცა მზე აღადგენს...

      იოანე ნელა წამოდგა, მღვიმისკენ ჰქნა პირი.

      იოანე სამ დღეში ისევ ძველებურად დაელაპარაკები, და ეცადე ყურადღებით იყო.

      - სამ დღეში ისედაც მალე უნდა დასტოვოს ჩვენი მიწა.

      - დაიცადე, - მოსასხამში ჩაავლი ხელი მათემ, - თომას შეატყობინე, როცა ყოველივე ძველებურად აღსდგება...

      - ეგ რომელი, ურწმუნო?

      - სწორედ ის...

ნახვა: 100

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, მოძღვარი, რწმენა, ქადაგიზე, ჯალათი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიდევ უფრო შორს

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან,…

გაგრძელება

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 5 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters