ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.

      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა მათ.

      ათიოდე წამი გაოგნებული აცეცებდა თვალებს, მერე კი ასეთი დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვა;

      ეჰ გოგი, გოგი, მართლა გზა დაგბნევია (საკუთარ თავს მიმართა), როგორ, რანაირად აღმოჩნდი შენს ქუჩაზე... შენ ხომ მთვარეზე იმყოფები, მთვარეზე და არა დედამიწაზე..

      თავპირზე მოისვა ხელი, მოდი, დავფიქრდეთ, უთავბოლოდ სიარული აღარ გვარგებსო, გუნებაში გადაწყვიტა. უწინარეს ყოვლისა, შეკრულების მთა წარმოუდგა თვალწინ, სწორედ იმ სავარძელზე დახვავებული, სადაც თვითონ უნდა დამჯდარიყო. კარგად ახსოვს, რა უსიამოვნოდ დაურჩა ეს ამბავი, საჩქაროდ ბილეთი დააძრო ჯიბიდან.

      -უკაცრავად, ეს ჩემი ადგილია, - უმისამართოდ წარმოთქვა, იმედი ჰქონდა, ვინმე გაიგონებდა მის სიტყვებს.

      შეკრულების მიღმა მაშინვე ვიღაცის გაფიჟვინებულმა სახემ ამოყვინთა, ხელებიც გამოცურდნენ, შეკრულების მთას დაებღაუჭნენ.

      - ორი ბინა მაქვს, ორივე ძალიან კომფორტული... - თითქოს დროებით შეწყვეტილ საუბარს აგრძელებსო, ისე აუწყა შეგვიანებულ მგზავრს სახეგაფიჟვინებულმა... და აღარც გაჩუმებულა. ოჰ, რაც იმან ილაპარაკა... ერთმანეთის მიყოლებით იღებდა შეკრულებს სავარძლიდან, თან თავის, კომფორტის უკანასკნელი სიტყვით მოწყობილ ბინებზე ლაპარაკობდა. მათი დაწვრილებითი აღწერა მოასწრო, სანამ შეგვიანებული მგზავრი სავარძელში მოკალათებით იყო გართული. ორივე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა, ტრანსპორტისთვის მოხერხებულ ადგილასო, საგანგებოდ გაუსვა ხაზი. სამეზობლოც სანიმუშო მყავსო, ჩემს მზეს ფიცულობენო. ერთი სიტყვით, არაფერი გამორჩენია, სულ უმცირესი წვრილმანიც კი... თუმცა არც ამის მერე გაჩუმებულა, და მისი ლაპარაკის თემა იყო ბინები, ბინები და ისევ ბინები..

       სხვა რა გზა ჰქონდა გოგის, უსმენდა ყბედ მეზობელს... ერთი მხრივ უკეთესიცაა, დრო მალე გავაო, ფიქრობდა. თუმცა დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იჩენდა, ასე ვთქვათ, უსმენდა და არც უსმენდა.ბოლოს მართლაც ძალიან გაბეზრდა, სალონი ყურადღებით მოათვალიერა, იქნებ სადმე თავისუფალი ადგილი იყოს და ამ ყბედს გადავრჩეო. ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა... შეურიგდა ბედს, სავარძელში გადაწვა, თვალებიც მილულა.სანახევროდ ბურანში წასული, თვლემით იფარავდა თავს სიტყვების ნიაღვრიდან, მეზობელი სავარძლიდან რომ ეფრქვეოდა თავზე. მაგრამ როცა ყბედი მეზობელი ბინების გაცვლა - გამოცვლაზე ალაპარაკდა, ძალიანაც დაინტერესდა. როგორც ქალაქელს, მასაც ჰქონდა ბინა, საკმაოდ კომფორტული.. გაფართოებაზე უარს სულაც არ იტყოდა, ყბედმა პირხმელა მეზობელმა კი მეტისმეტად ფართო ცოდნა გამომჟღავნა ამ მიმართებით.

      - ბინა ბინას ჰგავს და განსხვავდება კიდეც, - ქაქანებდა იგი სულმოუთქმელად და ხან ერთ შეკრულას მისწევდა თავისკენ, ხან მეორეს. ცალკე ის აკვირვებდა გოგის, ამდენი რამის სალონში შემოტანა როგორ მოახერხაო, -- მხედველობიდან არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, სულ მისხალმისხალ უნდა აწონდაწონო ყველაფერი, თორემ სანანებლად გაგიხდება... ჩემმა ბიძაშვილმა ბინა გადაცვალა, თითქოს ყველაფერი გაითვალისწინა, და რა დაემართა, თუ იცი? ვეღარ დაიძინა ახალ ბინაში, ირგვლივ ყოველივე ზრიალებდა და ყანყალებდა... ბინის ქვემოთ მაღაზია იყო, დიდი მაცივრები ჰქონდათ ჩართული,მათი ვიბრაცია მთელ ბინას ეფინებოდა. ვერაფერი გააწყო იმ მაღაზიასთან, მაცივრებს ვინ გამორთავდა მისი გულისთვის? არც მეტოქესთან გაუვიდა რაიმე, თავის მხრივ აქეთ სდებდა ბრალს, ამომავალი მზის პირველი სხივი არ ხვდება ჩემს ბინასო... დღემდე დაობენ და ვერ მორიგებულან..

      აქ ცოტა ხნით გაჩუმდა ყბედი მეზობელი, რატომ? სტიუარდესამ ჩამოიარა, ბუტერბროდები ჩამოარიგა. გოგისაც მიაწოდა , თან გაუღიმა. გრძელი კბილები ჰქონდა სტიუარდესას, გოგის მოეჩვენა, კბილებით უკანვე სტაცებდა თავისივე მიწოდებულ ბუტერბროდს.

      ორიოდე წამის მერე ისევ ალაპარაკდა ყოვლისმცოდნე მეზობელი. საოცარი იყო, რომ არ იღლებოდა. გოგი კი დაიღალა, ცოტა არ იყოს, ყურადღება გაეფანტა, სახლები, კარები, ფანჯრები, ყველაფერი ერთმანეთში აერია, ამ ქაოსს უკვე ვეღარაფერს გამორჩებოდა. ამას გარდა, რა დასამალია და, თვითონაც გაუჩნდა რაიმეს თქმის სურვილი. აბა, ვის მოეწონება, მუდამ სხვის სგმირო საქმეებს უსმინოს და თავისი აღარაფერი თქვას? არც გოგი იყო გამონაკლისი, მაგრამ რა, ერთხელაც ვერ ჩააკერა სიტყვა, ისე გაუჩერებლად ქაქანებდა მისი მეზობელი. სათქმელი კი ნამდვილად ჰქონდა, თუ მოუსმენდა ვინმე. ჯერ შორიდან დაიწყებდა; რა არის ჩვენი ცხოვრება? დასვამდა რიტორიკულ შეკითხვას და პასუხსაც თვითონ გასცემდა; გამუდმებული ძიება , მცდელობა... ყველანი რაღაცას მიველტვით, დავეძებთ რაიმე გამორჩეულს, გასაოცარს, შეუდარებელს... მერედა რამდენად მიგვიწვდება ხელი ყოველივე ამაზე, აი ესაა საკითხავი. მთავარ სათქმელსაც მხოლოდ ამის შემდეგ გაამხელდა. იტყოდა, რომ მასავით ვერავინ აცხობს სხვადსხვა ნაირნაირ გემრიელობებს...პირდაპირ დნებიან ენაზე, მათი გემო არასოდეს დაგავიწყდება, თუ გაგიმართლა და ერთხელ მაინც გასინჯე... აი ასე იტყოდა. მერე როგორ აფორმებს... ბისკვიტს მორთავს, ვეღარ გამოიცნობ, ტორტია თუ რომელიღაცა ჯერ აღმოუჩენელი,მინიატურული თანავარსკვლავდი... თუნდაც თაფლაკვერა ვთქვათ, შედარებთ მოკრძალებული ნამცხვარი, მაგრამ აბა გემო ნახე? სახელი შესაფერისი შეურჩია, ყავისფერი ცთომილვარსკვლავი..... სწორედ მას, გოგის ეძახიან, თუ სადმე საგანგებო სუფრა იშლება.... მერე როგორ ეფერებიან, როგორ ეაჯებიან; ყელი არ გამოგვჭრა, გოგლიკო, ხომ იცი, უშენოდ არ ვარგივართო..... მოფერებით ასე შეარქვეს,.... რატომ? იმიტომ რომ გოგლიმოგლის გარეშე ტორტი არ ცხვება, გოგლიმოგლს კი მასავით ვერავინ ათქვიფავს, უწონადო ნისლეულს გაგახსენებს..... ჰოდა, მისი სახელიც მის ათქვეფილ გოგლიმოგლს დაამსგავსეს, სწორედაც რომ დიდი პატივისცემის ნიშნად.... ახლაც დიდებულ სუფრაზე მიელიან, მერედა როგორ მიელიან, როგორი გულისფანცქალით...კარგად იციან, უიმისობა ცუდად დააჩნდება იმ სუფრას... სულ აპირებდა გოგი (იგივე გოგლიკო) ყოველივე ამის თქმას, მაგრამ ვერა და ვერ თქვა, ისე გაუჩერებლად ქაქანებდა ის ყბედი მეზობელი.

      მერე ისევ ჩათვლიმა... ჰო, ნამდვილად ასე იყო, კარგად ახსოვს...ჩათვლიმა და სიზმარის ნახვაც მოასწრო. სტიუარდესა დაესიზმრა, თავისი ბუტერბროდებით, ოღონდ კი არ დადიოდა რიგებს შორის... დაფრინავდა. გოგისთანაც მოფრინდა, მოართვა ბუტერბროდი და მერე უკანვე წაართვა თავისი გრძელი კბილებით.

      ისევ სავარძლებს შორის მოსიარულე რომ დაინახა სტიუარდესა, მაშინღა მიხვდა გოგი-გოგლიკო, სიზმარი მინახავსო. ყბადმა მეზობელმა (სხვათ შორის, მის სახელს ვერასოდეს გავიგებთ, ამის სათქმელად ვეღარ მოიცალა) კიდევ უფრო ფართოდ გაშალა საზღვრები, სხადასხვა ქალაქებში გაცვლაგამოცვლაზე ალაპარაკდა, იქ ცივა, აქ ცხელა, ტემპერატურას უნდა მიაქციო ყურადღება... მერე კი, არც მეტი,არც ნაკლები, მიწიერი საზღვრების მიღმა გაუტია... მარსი, ვენერა, და ასე შემდეგ, საზღვარი აღარ ჰქონდა მის გაქანებას.

      - იყო დრო, ადამიანებს მიწიერი გრავიტაცია დაჰქონდათ თან, სადაც კი წავიდოდნენ, - დიდის ამბით აღნიშნა მან, - ოღონდ მყარი მიწიერი ნაბიჯებით ევლოთ, მათთვის ეს იყო მთავარი, სხვას დიდად არ დაგიდევდნენ. ახლა სხვა დროა, ბევრი რამ შეიცვალა, ყოველივე სულ სხვანაირად გადაფასდა. ბინას დაეძებ მარსზე? არ დაგვიწყდეს, მარსი ცივი ცთომილია, ისეთი უნდა შეარჩიო, რომელსაც ფართო ფანჯრები ექნება, რათა რაც შეიძლება მეტი მზის სხივი შემოვიდეს. ვენერაზე პირიქით, ილუმინატორივით ვიწრო ფანჯრები დაგჭირდება... მერკურზე კიდევ საგანგებო ქოლგები ახლავს ბინებს, ეს არ უნდა დაგავიწყდეს, თორემ შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეს. რაც შეეხება ნეპტუნს... თუკი ვთქვათ, იქ მოინდომებ დასახლებას, იქ უკვე სრულიად საწინააღმდეგო რამ, ანუ მზის სხივების შემკრები ეკრანებია საჭირო, წინასწარ უნდა გაითვალისწინო მათი განლაგების ადგილები, ერთ მისხალშიაც არ უნდა შეცდე, თორემ სანანებელი გაგიხდება. და ასე შემდეგ... უსმენდა გოგლიკო, რაღაც მარცვალს იქნებ მაინც გამოვრჩეო, იმედოვნებდა, სტიუარდესა კი ხან დაფინავდა სავარძლებს შორის, ხან ჩვეულებრივად მიმოდიოდა. გოგი უკვე ვეღარ ხვდებოდა, ამათგან რომელი იყო სიზმარი და რომელი ცხადი. ერთხანს შეეცადა ამის გარკვევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ხელი ჩაიქნია... უცნაური კი იყო, ვერასოდეს ვერ გაისიგრძეგანა, აი ახლა კი ნაღდად სიზმარში ვარო. სიზმარში თუ ცხადში თავს ერთნაირად ვგრძნობო, ერთი ისღა დაასკვნა.

      მერე რაღაც ღრიანცელი გაისმა, თურმე დედამიწა არ ღებულობდა მათ ხომალდს და მთვარეზე ეშვებოდნენ. მგზავრები ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. გრძელკბილებიანი სტიუარდესა მათ დამშვიდებას ცდილობდა. შეგიძლიათ მოსაცდელ დარბაზში დაისვენოთ, იქ რაიმე გასართობსაც მოძებნითო, მგზავრებს არიგებდა... ქალაქში გასეირნებასაც მოახერხებთ, თუ ამის სურვილი გექნებათ. დრო საკმარისად გვაქვს, მთვარიდან საღამომდე ვერ გავფრინდებითო.

      გოგის ეს ამბავი ძალიანაც არ ესიამოვნა, სხვაგანაც ელოდნენ იმ დიდი სუფრის შემდეგ, საეჭვო იყო, მოასწრებდა თუ არა... რაც შეეხება მის ყბედ მზობელს, ისეთი სახით გამოიყურებოდა, თითქოს მთელი მისი ცხოვრების მიზანს სწორედ ის წარმოადგენდა, როდესმე მთვარეზე დამჯდარიყო.

      - მთვარეზე ბევრი ბინა ვიცი, - მიახარა გოგის, - ჩამოვუვლი, შევათვალიერებ, დრო ტყუილად არ დაიკარგება, საქმეც გაკეთდება...

      - ერთი მე მკითხე, - ბოღმიანად გაივლო გულში გოგიმ, ხმამაღლა არაფერი უთქვამს. მიჰყვა ხალხის ტალღას გასასვლელისკენ, გაძვრაგამოძვრა და იმდენი მოახერხა, თავი დააღწია თავის ყბედ მეზობელს... ყოველ შემთხვევაში, მისი ჭაჭანებას არ ჩანდა, როცა მთვარეზე ფეხი დაადგა.

      შვებით ამოისუნთქა გოგიმ, რა კარგია, როგორც იქნა, თავი დააღწია იმ ყბედს... როგორმე გაიყვანს დროს საღამომდე, გაისეირნებს ქალაქში, თვალს წყალს დაალევინებს. იქნებ რაიმე გასართობიც მოძებნოს... ასე ფიქრობდა და სახეზე აშკარად ეხატა სიამოვნება ამით გამოწვეული, მაგრამ ერთი მიიხედ მოიხედა და ის სიამოვნება გაოცებამ შეცვალა.

      - მთვარეზე ვარ თუ დედამიწაზე? - იკითხა გაოცებულმა.

      მიტრიალდა, მოტრიალდა, უფრო გულდაგულ მოათვალიერა იქაურობა, მაგრამ ამით არაფერი არ შეცვლილა; იგივე დაბეტონებული ბილიკები, იგივე საგანგებო მეტალის კარკასები, ხომალდის მომსახურებისთვის განკუთვნილი... არანაირი სხვაობა არ იყო იმ სურათისგან, რაც კი ოდესმე დედამიწაზე ენახა. ის ცეცხლოვანი წარწერა რომ არა, რომელიც ღაღადებდა, რომ აქ მთვარეა და არა დედამიწა, თავი ნამდვილად შინ, ანუ დედამიწაზე ეგონებოდა.

      ცალკე იმით იყო გაოცებული, ამ საოცარ მსგავსებას უწინ აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდიო. უწინ არაერთხელ ყოფილა მთვარეზე, საგანგებო ქორწილი გააფორმა და დაამშვენა თავისი ტორტებით, მაგრამ დედამიწასთან ასეთი მსგავსება მაშინ არ შეუმჩნევია. ნეტავი რატომ... იმიტომ ხომ არა, რომ ასეთი ყბედი მეზობელი არ შეხვედრია, თავი არ გამოუტენია მისთვის უამრავი მსგავსება - განსხვავებებით...

      თუმცა ეს არაა დიდად გასაკვირიო, გადაწყვიტა ცოტაოდენი დაფიქრების მერე, ხომალდის დასაჯდომი ბაქნები ყველგან ერთნაირადაა მოწყობილი და ჰგვანან კიდეც ერთმანეთსო.

      მაგრამ ის მსგავსება, რაც მთვარის ქალაქში აღმოაჩინა გოგიმ, მართლაც გასაკვირი იყო, თან სრულიად მოულოდნელიც... რაიმე გასართობის მოძიება რას მიქვია, სრულიად აებნა თავგზა, ეჩვენებოდა, თითქოს მშობლიური ქალაქის ქუჩებში მიაბიჯებდა, სადაც დაიბადა, გაიზარდა, გაეცნო ცხოვრების ავკარგს... ირგვლივ ყოველივე რაღაც საოცრად ნაცნობი ეჩვენებოდა, ყოველივე თავისი ცხოვრების წვრილმანებს აგონებდა. ‘’რამდენჯერ გამივლია ამ ქუჩაზე,“ ამბობდა და ჯიქურ მიარღვევდა ხალხის ტალღას, ამ კაფეში კი, ვინ იცის, რამდენჯერ ვყოფილვარ. ყველაფერი საოცრად მსგავსი... უფრო მეტიც,თითქმის იგივე... აგერ, ქალაქის მთავარი ქუჩაც, იგივე მიწიერი ქუჩა... ხალხიც ისეთივე ფაცაფუცით მიდიმოდის, დაძაბული სახეებთ... ცოცხალი ტალღები ევლება ყოველი მხრიდან...

      მიაბიჯებდა გოგი, დიდი მონდომებით ათვალიერებდა ირგვლივ ყოველივეს, ცდილობდა რაიმე ისეთი შეემჩნია, რასაც დედამიწაზე ვერ იპოვიდა, რაც მიახვედრებდა, რომ მთვარეზე იმყოფებოდა და არა დედამიწაზე. სრულად ამაოდ დაშვრა, არანაირი სხვაობა,სულ მცირეც კი, ვერსად აღმოაჩინა. არ სიამოვნებდა ეს ამბავი, ცდილობდა თავიდან მოეშორებინა ამაზე ფიქრი, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებდა, თვალები მისდა დაუკითხავად ეძებდნენ მსგავსებათა ნიშნებს. მაინც როგორ გამოუტენა თავი იმ ყბედმა მეზობელმა თავისი მსგავსება - განსხვავებებით... ბოლოს ისიც კი სცადა, რაიმე ახსნა მოეძებნა მსგავსებათა ამ კასკადისთვის; ბინა ბინას ჰგავს, ხომალდის დასაჯდომი ბაქნებიც გვანან ერთმანეთს, ვითომ ქალაქები რატომ არ შეიძლება დაემსგავსონ ერთმანეთსო, საკუთარ თავს შეახსენა....ეს არც ისე დიდი საკვირველებაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. სადაც არ უნდა გაემგზავროს ადამიანი,.დედამიწაზე თუ მთვარეზე ( ანდა სადმე უფრო შორს) ყველგან კეთილმოწყობას მიელტვის. მუდამ იმას ცდილობს, თავი რაც შეიძლება კარგად იგრძნოს, ეს კი ყველგან ერთი და იგივეა, ანდა თითქმის იგივე...

      ერთი შემთხვევაც გაიხსენა, დიდის ამბით მიესალმა ერთ ძველ ნაცნობს ქუჩაში შეხვედრისას. მას გაეცინა და უთხრა, მე ის არა ვარ, ვინც გეგონათ, მისი ძმა ვარო. თურმე ტყუპისცალი ძმა ჰყოლოდა....მოგვიანებით ერთად ნახა ისინი გოგიმ და უმრავი განსხავებანი აღმოაჩინა მათ შორის. ძმა შედარებით უფრო მაღალი იყო, უფრო თხელიც. ცალცალკე ერთმანეთის განმეორებანი იყვნენ, ერთად უკვე აღარ. ალბათ ეს ქალაქებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაღაცით, მაგრამ ვერ ვამჩნევ, ერთმანეთისგან შორს მყოფობის გამო.

      ასე ინუგეშა თავი და კვლავ მოჰყვა ნაცნობ (თუ უცნობ) ქუჩებში ხეტიალს, ცოტად თუ ბევრად უკვე აფრთხობდა გასაოცარ მსგავსებათა კასკადი, ყოველი მხრიდან რომ ატყდებოდა თავს.

      ბოლოს კი ეს ყოველივე იმით დამთავრდა, რომ საკუთარ ქუჩაზე ამოჰყო თავი, როგორც ზემოთ ვთქვით. ამან მართლაც ძალიან დააბნია, გზის გაგრძელების სურვილიც დაუკარგა. ვერც რაღაცრაღაცეების გახსენებამ მოუტანა რაიმე ხეირი, ვერცერთი ძაფი ვერ მონიშნა, რომელზედაც შეიძლებოდა ჩაბღაუჭებულიყო.

      იქნებ მეჩვენება და მეტი არაფერი, ეკითხებოდა საკუთარ თავს გოგი, ტროტუარზე დარჭობილივით მდგარი... იქნებ არც ისე გვანან ერთმანეთს, იმ ტყუპისცალების არ იყოს... და მაინც, მსგავსება მეტისმეტად დიდია, ნაცნობი ტროტუარი, ქუჩაში გამომავალი სადარბაზოები, ნაცნობი მაღაზიების ვიტრინები...

      ეს ხომ წვრილმანებია, წამით შეედავა საკუთარ თავს და იქვე უარყო ეს მოსაზრება, ისეთ დღეში ვარ ჩავარდნილი, წვრილმანები აღარ არსებობენო. და საერთოდ! რატომ, რისთვის მოვიდა ამ... ასე ვთქვათ, საკუთარ ქუჩაზე... რას დაეძებდა აქ? არაფერს, სრულიად არაფერს... ნამდვილად არ ჰქონია აზრად, საკუთარი ქუჩა ეძებნა ამ ქალაქში.როგორც ჩანს, თავისთავად მოიყვანეს ფეხებმა. ასეა მუდამ, ადამიანი ყოველთვის თავისი საცხოვრებლისკენ ილტვის, მთვარეზე იქნება თუ დედამიწაზე...

      ბოლოს და ბოლოს, დაიძრა დგილიდან გოგი, სანამდე უნდა ყოფილიყო შუა ტროტუარზე

      ხესავით დარჭობილი. მუჯლუგუნებმაც თავისი ჰქნეს... გაუყვა საკუთარ ქუჩას. აქ სრულიად შეიცვალა

      მისი მოძრაობის ხასიათი. არც აქამდე გრძნობდა თავს საკუთარ ტყავში, მაგრამ ამას არ იმჩნევდა, ისეთი

      გამიზნული ნაბიჯით და საქმიანი იერით მიისწრაფვოდა წინ, თითქოს რაღაც გადაუდებელ საქმეზე

      მიიჩქარისო. აქ კი, საკუთარ ქუჩაზე, ისე გაუბედავად ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს ჭაობის ჟალტამი ეგო ფეხქვეშ ასფალტის ნაცვლად...

      რამდენიმე ნაბიჯიც და... საკუთარ სახლს მიადგა. შესასვლელი, ზუსტად ისეთია, როგორიც დედამიწაზე ეგულებოდა და მეტისმეტად კარგად ახსოვდა... ასევე ლიფტიც... ეგ არაფერი, ლიფტი ბევრგანაა ზუსტად ერთნაირი, მხოლოდ აი ეს ნაჩხაპნი მეტისმეტად ნაცნობია.... მისი დანახვისას გოგის ოდნავ შეაჟრჟოლა, დაჰყურებდა და ფიქრობდა, ნეტავი ზუსტად ისეთივეა, როგორიც დედამიწაზე მინახავს, თუ მიმსგავსებულიო. შორიდან თითქოს ერთნაირები ჩანან, მაგრამ ერთმანეთის გვერდით რომ მოათავსო, მაშინ როგორღა გამოჩნდებიანო, თუ იქნება მათ შორის რაიმე, თუნდაც ოდნავი განსხვავებაო... ბოლოს დაბოლოს, რა გახდა ეს ერთი ნაჩხაპნი, შეუძახა თავის თავს ამ უსაგნო ფიქრებით შეჭირვებულმა. უბრალო დამთხვევაა, ლიფტის კარებზე ხშირად ნახავ ასეთ ნაჩხაპნებს.

      მიადგა საკუთარ (თუ საოცრად მსგავს) ბინას, ხელი ჩვეული მოძრაობით წაიღო ჯიბისკენ, გასაღები

      ამოიღო და შეჩერდა. სხვის ბინაში შესვლას ვაპირებ? გაოცებულმა ჰკითხა თავის თავს,

      მართალია, ძალიან ჰგავს ჩემს ბინას, მაგრამ მე ხომ მთვარეზე ვიმყოფები და არა დედამიწაზე.’’

      ცოტა ხნით კიდევ იყოყმანა, მერე როგორც იქნა, გაბედა, ხელი აღმართა, მაგრამ კარის გაღება აღარ უცდია, ზარი დარეკა.

      სულ ერთიანად დაჭიმული ელოდა... ორიოდე წამში ნაბიჯების ხმა გაისმა და კარები გაიღო.გოგის მოეჩვენა,ვიღაცამ ცხვირწინ სარკე მომიტანაო, ისე ჰგავდა კარებში მდგარი უცნობი.

      ერთმანეთს უხმოდ მიაჩერდნენ.

      - ბოდიშს ვიხდი, - წაიბურტყუნა ბოლოს გოგიმ, როგორც იქნა, მოისაზრა, რომ თავისი მოსვლის მიზანი

      უნდა განემარტა დამხვდურისთვის,- მინდოდა მეკითხა, რომ... ერთი სიტყვით, თქვენ აქ ცხოვრობთ?

      - დიახ, -იყო პასუხი.

      - ამ ბინაში...

      - ცხადია, ამ ბინაში.

      - მაშინ მე ვინა ვარ და სად ვცხოვრობ?

      შეკითხვა რომ ასე მკვეთრად დასვა, გოგის თავისი მიზანი ჰქონდა, გაოცების და შეშფოთების გრძნობა უნდოდა გამოეწვია დამხვდურში. მერე კი განემარტა, რომ საშიში არაფერია, რომ თვითონ დედამიწაზე ცხოვრობს. მსგავსებათა კასკასდმა გააკვირვა და სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში. მაგრამ გაოცებაც და შეშფოთებაც ისევ მისი ხვედრი აღმოჩნდა, ისეთი პასუხი მიღო;

      - აბა რა ვიცი, ჩემს სიცოცხლეში პირველად გხედავთ.

      გოგი ერთი წამით დაამუნჯა ამ პასუხის მოულოდნელმა შინაარსმა.

      - როგორ თქვით? სიცოცხლეში პირველად მხედავთ?- როგორც იქნა, დასძრა ენა.

      - პირველად, - დაუდასტურა დამხვდურმა.

      - წინათ არასოდეს გინახივარ?

      -არასოდეს.

      - არც ჩემი მსგავსი შეგხვედრიათ ვინმე?

      - არა.

      გოგი თვალებში ჩააცქერდა უცნობს, თუ საკუთარ ორეულს. შეძრწუნებით შენიშნა, თუ რა განურჩეველი იერით შემოჰყურებდა ის, მეორე მე... იყო რაღაც მეტად უსიამო და საზარელი იმაში, რომ მეორე მე სრულებით ვერ აიქვამდა იმ საოცარ მსგავსებას, რაც გოგის ასე ძალიან აფრთხობდა და თვალში მეტად უსიამოვნოდ ეჩხირებოდა. უკან-უკან დაიხია, ბოლოს მობრუნდა და კისრისტეხით დაეშვა კიბეებზე, ლიფტი აღარც კი გახსენებია, ისე შეაძრწუნა ამ საოცარმა, სიბრმავის სრულად განსაკუთრებულმა სახეობამ... გუნებაში ასე უწოდა.

      ქუჩაში გამოსულმა ასე თხუთმეტიოდე წუთი იარა ჩქარი ნაბიჯით. სიარულმა დაამშვიდა, გონს მოეგო და ინანა, მეტად სულელური მოეჩვენა თავისი საქციელი. რა ცუდად გამოუვიდა, ასე ჯიქურ არ უნდა დაეწყო, ალბათ დააფრთხო ის მეორე მე თუ ვიღაცა... ახლა ამ საქმეს აღარაფერი ეშველება, არც კარს გაუღებს, არც ხმას გასცემს. არადა, გოგის ალბათ აღარ მოასვენებს ამაზე ფიქრი. დროც აღარ ჰყოფნიდა, უკვე მოსაღამოვდა, სხვა დროისთვის უნდა გადასდოს სიბრმავის ამ უცნაური ნაირსახეობის ჩხრეკა და ძიება. როცა იქნება, გაარკვევს რაიმეს, ახლა კი ჰაიდა დედამიწისკენ... გოგიმ ტაქსი გააჩერა.

      მაშინვე თვალები დახუჭა, როგორც კი ტაქსში მოიკალათა, აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა. არანაირი ნაცნობი თუ უცნობი ქუჩა, სახლი თუ შესახვევი, ჩქარა, შინისკენ…თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა, როდესაც მძღოლის ხმა ჩაესმა. მოვედითო, უთხრა.. გოგიმ მგზავრობის საფასური გადაიხადა, ტაქსიდან გადმოვიდა და დაბნევით მიიხედმოიხედა. მძღოლი კიდევ რაღაცას ეუბნებოდა, თან ხელით სადღაც უთითებდა. გოგი ძლივს ჩახვდა, შესასვლელისკენ ასწავლიდა გზას. ცოტა მოშორებით გაუჩერებია, გზები შეკრული იყო, ვიღაცას ხვდებოდნენ თუ აცილებდნენ.

      -აი იქითკენ უნდა წახვიდე, - მძღოლმა ხელი გაურკვეველი მიმართულებით გაიქნია, - სამზარეულოს მხრიდან რესტორანში შეხვალ, იქიდან კი მოსაცდელსაც მიაგნებ.

      გასწია გოგიმ მძღოლის ნაჩვენები მიმართულებით, თან შემოგარენს ათვალიერებდა. საყურადღებო ახლომახლო არაფერი ჩანდა, მაგრამ როცა მაღლა აიხედა, რაღაც მეტად ნაცნობი სახე დაინახა, ცის თაღზე გამოკიდებული. ათიოდე წამი მაინც დასჭირდა გოგის, რათა მიმხვდარიყო, რომ იქაურ ღამის მნათობს, იქაურ მთვარეს ანუ ახლადამოსულ დედამიწას შეჰყურებდა.

      შეყოვნდა გოგი, აღარ მიჰყვა მძღოლის ნაჩვენებ გზას, რომელიც მოსაცდელ დარბაზში და ბოლოს, ხომალდის წიაღშიც შეიყვანდა. კირკიტა თვალით დაუწყო ჩხრეკა მშვენიერ მოცისფრო ბურთს და ბოლოს თავისი აკვიატებული შეკითხვა დაუსვა;

      - ნამდვილად დედამიწა ხარ თუ მხოლოდ ჰგავხარ მას?

      იმწამსვე იაზრა, რა უადგილო იყო ეს შეკითხვა და თვითონვე გაეცინა საკთარ თავზე. დედამიწა მუდამ დედამიწაა, ამაში ეჭვის შეტანა როგორ შეიძლებაო... მართალია, მთვარე ისე დაამსგავსეს ადამიანებმა დედამიწას, რომ თავი შინ გეგონება და უკვე მშობლიურ ცთომილში გეპარება ეჭვი... არა, მაინც არ შეიძლება,

      დედამიწა ყოველგვარ ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს.

      - დედამიწას ჰგავხარ, და ხარ კიდეც დედამიწა... - ეუბნებოდა გოგი იქაურ მთვარეს, - და ნეტავი ის მაცოდინა, მე ვინ ვარ შენს შენს თვალში? ნამდილად ვარ ის, როგორც ჩემს თავს ვხედავ, თუ ვინმე სხვა ვარ?

      წამით დადუმდა, ყური მიუგდო შეკითხვის საპასუხო დუმილს და მერე ისევ განაგრძო;

      - რამდენჯერ დამინახავს მთვარე მიწიერ ცაზე... სულ მინდოდა მეკითხა მისთვის, რატომ ჰგავს მოხარშული კვერცხის გულს... და პირიქით, მიწიერი მთვარე მაგონდება მოხარშული კვერცხის გულის ჭამისას. ხომ მართალი ვარ? მართლაც ძალიან გვანან ერთმანეთს...

      პაუზა. გოგი ისევ დადუმდა, მერე კი გააგრძელა;

      - მზე სხვაა, მზე უმი კვერცხის გულს ჰგავს... ერბოკვერცხის შეწვისას მეჩვენება, თითქოს პირდაპირ მზე დავახალე ტაფაზე. გოგლიმოგლის ათქვეფისას კი მეჩვენება, თვითომ მზეებს ვურევ და ვთქვიფავ ერთმანეთში.

      პასუხად ისევ დუმილი მიითვალა გოგიმ და მერე კვლავ განაგრძო;

      -აგერ მე საკუთარ თავს შევხვდი მთვარეზე და ვერ მიცნო, მე კი ვიცანი. შენ ალბათ ნამდვილად იცნობ , თუ ოდესმე შეხვდები საკუთარ თავს, ახლა კი ნება მომეცი, დაგემშვიდობო... უფრო სწორად, მოგესალმო, სულ მალე ერთად ვიქნებით.

      გოგიმ ხელი დაუქნია მნათობს, მისალმების თუ დამშვიდობების ნიშნად, აღარ ცდილობდა ამის დაზუსტებას. კიდევ უთხრა რაღაც რაღაცეები, საკუთარმა თავმა ვერ მიცნოო, შესჩივლა... ისიც გაიხსენა, როდესაც მთვარისკენ მოვფრინავდი, სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ამერიაო.ვეღარ გავიგე, სტიუარდესა სავარძლებს შორის მართლა დაფრინავდა თუ არაო. რაც ენაზე მოადგებოდა, იმას ამბობდა, თავს არ იწუხებდა იმაზე ფიქრით, ღირდა თუ არა სათქმელად... არ ჩქარობდა მოსაცდელი დარბაზამდე მიღწევას. მისი ანგარიშით, ხომალდის გაფრენამდე საათზე მეტი დრო იყო დარჩენილი, მოსაცდელში ყურყუტს მნათობთან საუბარი არ ერჩია?

      მაგრამ ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან გოგის; ის ხომ ვინმე ჩვეულებრივ არსებას არ ესაუბრებოდა, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილს... ნაცნობს თუ უცნობს, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ამჯერად მისი მეწყვილე ხომ თვით ბრწყინვალე მნათობი იყო, მნათობებთან მუსაიფისას კი დრო სულ სხვა განზომილებაში გადადის. როგორც მნათობნი (მზე, მთვარე , ცთომილები, ვარსკვლავები და ძმანი მათნი) არ ჩქარობენ და მუდამ ერთნაირი სიდინჯით მიცურავენ ცის კაბადონზე, დროც ასევე ნელა, ანუ უფრო დინჯად მიედინება მათთან საუბრისას, მიუხედავად იმისა, რომ საათი ისევ ძველებური რიტმით წიკწიკებს და წუთებს დაოთხილივით მიერეკება. საკუთარი თავის დანახვა რომ შეძლებოდა მნათობთან მუსაიფში გართულ გოგის, შეამჩნევდა, თუ რა აუჩქარებლად, რა გაწელილად წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას, რა შენელებული იყო ყოველი მისი მოძრაობა... ბოლოს კი, როდესაც ხელი ძალიან, ძალიან ზანტად დაუქნია ცისფერ დედამიწას, ანუ ცისფრად მოციმციმე სფეროს, ღრმა ძილში მყოფ მთვარეულს დაემსგავსა.

      მაღლა აწვდილი ხელი ჯერაც დაბლა არ ჩამოეშვა, ცხადია, იმავე ნელი, ნარნარი მოძრაობით, როცა ჰაერში ერთი გრიალით და ჭახაჭუხით აფრინდა ვეება ხომალდი, შორიდან დიდ თევზს რომ წააგავდა, დედამიწისკენ აიღო გეზი. ყბედი მეზობელი ახლა განაპირა სავარძელში მჯდარ მგზავრს ათაყვანებდა თავის მსგავსებაგანსხვავებით, გოგის ცარიელ სავარძელში შეკრულების მთა იყო დახვავებული.

ნახვა: 186

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კოსმოსი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters