თუ არა უფალს, ვის შეეძლო, გალობის ნიჭი ებოძებინა ფრინველებისთვის. ჭეშმარიტად, მშვენიერებით გამორჩეული იყო ის დრო და ჟამი, როდესაც ეს სასწაული აღსრულდა. ამ დღისთვის საგანგებოდ გაიღო სამოთხის ორფრთიანი კარიბჭე. უფალი ყვავილოვან ტახტზე დაბრძანდა, მის ფერხთით მომცრო ზარდახშა იდო, ცისარტყელას ყველა ფერებით შემკული. სწორედ მასში იყო ყოველნაირი ხმები ჩამწყვდეული. უფალი ხელს შეახებდა ზარდახშას და ფრინველს სწორედ იმ ხმას უბოძებდა, რომელსაც მისთვის შესაფერისად ჩათვლიდა. თუ ეს ხმატკბილი გალობა იყო, რა სჯობდა ამას, თუ არადა, უფლის ნობათია ყოველგვარი ამობგერება, რითაც ფრინველები ცასა და მიწას ეხმიანებიან.

      ტოროლა მოფრინდა სულ პირველად, უფალს თავისი გულისნადები გაანდო;

      - ძალიან მიყვარს ადრეული განთიადი, მინდა ხმა მივაწვდინო ამომავალ მზეს, კრიალა ზეცას, ვარდისფრად შეფერადებულ ცისკიდურს. ისიც ძალიან მინდა, ყველამ ცას მიაპყროს თვალი ჩემი ხმის გაგონებისას და თქვას, რა ლამაზად თენდებაო.

      უფალს ძალიან მოეწონა ტოროლას სიტყვები.

      - შეგისრულებ მაგ სურვილს, ჩემო პატარავ, - უთხრა და ქოჩორა თავზე მიეფერა, - ვინც კი შენს გალობას გაიგონებს, ყველა ცას მიაპყრობს თვალს.

      ამ სიტყვებთან ერთად ფერადოვან ზარდახშას შეახო ხელი უფალმა. ტოროლამაც მაშინვე საოცრად წარმტაცი, წკრიალა ხმა გამოსცა. თვითონვე მოიხიბლა საკუთარი ხმით. გაშალა ფრთები, აფრინდა ამომავალი მზის სხივებით შეფერადებულ ზეცისკენ, მთელი ცა აავსო მისმა წკრიალა ხმამ.

      ტოროლას სხვებიც მოჰყვნენ, გუნდ - გუნდად მოფრინავდნენ ფრინველები, ერთმანეთს აღარც კი აცდიდნენ, ყველა ჩქარობდა, რაც შეიძლება მალე მიეღო უფლის ხელიდან ძვირფასი ნობათი; გალობის ნიჭი. ასე რომ, კაჭკაჭს დიდი საზრუნავი გაუჩნდა. მოგეხსენებათ, ცოტათი მეტიჩარა გახლავთ, რაც ამ ჯერზე გამოადგა კიდეც. ყველგან ყველაფერში ჩაეჩხირა, სცადა, წესრიგი გაეჩინა ფრინველებისათვის, რათა რიგ - რიგობით მისულიყვნენ უფალთან. იხილა რა მისი გულმოდგინება, უფალმა იგი მაღალი, მჭახე ხმით დააჯილდოვა, ამ საქმეში გამოგადგებაო. აქედანვე ვიტყვი; სწორედ იქიდან შემორჩა კაჭკაჭს მაღალი, ომახიანი ხმა. უფალმა ასე განსაჯა; ამაზე შესაფერისი შენთვის არაფერი მეგულებაო. კაჭკაჭმაც მიიღო ეს ნობათი და კმაყოფილიც დარჩა.

      ბეღურა ვის ჩამორჩებოდა, მისი მოხერხება საყოველთაოდ ცნობილია. პირველთაგანმა გაიკვლია გზა, სკუპ - სკუპით მიუახლოვდა უფალს, მრგვალი თვალები ცნობისმოყვარეობით მიაპყრო, რაღაც გამორჩეულს ელოდა ალბათ. უფალს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი გამორჩეული გულმოდგინება.

      - ერთნაირად ხვდები ზამთარს თუ ზაფხულს, - უთხრა უფალმა ბეღურას ცნობისმოყვარე მზერის პასუხად, - ერთნაირად ეთამაშები ყვავილების ფურცლების თუ თოვლის ფანტელების ცვენას, სკუპ - სკუპით ინაცვლებ ადგილს თოვლიან გზაზე თუ მშრალ ბილიკზე. ხმაც ყოველივე ამის შესაფერისი გექნება, მუდამ ერთნაირად იჟღურტულებ, როგორც არ უნდა შეიცვალოს დრო და სივრცე შენს ირგვლივ.

      ბეღურამ მაშინვე სიხარულით დაიჟღურტულა, რამდენიმე სკუპი კიდევ გააკეთა უფლის თვალწინ, მერე კი გაფრინდა მეტად ბედნიერი და კმაყოფილი. უნდა ვთქვათ, საკუთარი ხმა ძალიან მოეწონა.

      ბეღურას ფარშევანგი მოჰყვა, კაჭკაჭს არ უნდოდა გამოეტარებინა, წესრიგს არღვევო, შენზე ადრე მოფრენილები ელიან თავის რიგსო. ფარშევანგმა არად ჩააგდო მისი ჭახჭახი, ფრინველები მისწი მოსწია და უფლის წინაშე ფართოდ გაშალა თავისი ფერადოვანი კუდი. ნამდვილად წარმტაცი სანახავი იყო.

      - ისეთი ხმა მინდა მქონდეს, ჩემს ფერადოვან ბოლოს რომ შეეფერება.

      ამ სიტყვებთან ერთად დავლური ჩამოუარა ფარშევანგმა, თან გაშლილი ბოლოც მარაოსავით შეარხია.

      - ჯერ ბოლო დაკეცე და გალობის ნიჭი მერე მოითხოვე, - ვეღარ მოითმინა კაჭკაჭმა, ვერა და ვერ მოენელებინა ფარშევანგის თავხედობა. ამის გაგონებისას ძალიან გაანჩხლდა ფარშევანგი, ეს რა მესმისო, ჩემი კუდის გაშლას ყველანი სასოებით ელოდებიან, ეს კი რას მეუბნებაო. ხმაც ძალიან გაანჩხლებული გამოსცა.

      - აი, სწორედ ეს იქნება შენი გალობის ხმა, - ბრძანა უფალმა ფარშევანგის გაანჩხლებული ხმის გაგონებისას.

      ფარშევანგმა კიდევ ერთხელ აღმოუტევა სიანჩხლის გამომხატველი ხმა, უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას. ჩანდა, ძალიან გაბრაზებული უნდა ყოფილიყო.

      მალე მერცხალმა ჩამოიქროლა ნავარდით, ფრთები ბოლომდე არც კი დაუკეცავს, ისე დაჯდა მწვანე კორდზე, გული არ უთმენდა, დროზე მიეღო ნობათი უფლის ხელიდან, რათა კვლავ ცაში აჭრილიყო.

      უფალმა სიამით გაიღიმა მისი დანახვისას, ჩანს, ძალიან მოსწონდა მისი სილაღე და მოქნილობა.

      - მარდი ხარ და ლაღი, - ბრძანა უფალმა, - ნავარდით ხან ისარს ავლებ ჰაერში, ხან საოცრად ჩახლართულ ბილიკებს აღწერ, თვალის მიდევნება მეც კი მიძნელდება. შენი გალობაც შენი ნავარდის მსგავსი იქნება, იჭიკჭიკებ, როგორც დაფრინავ, ხანდახან შენი ჭიკჭიკი საოცრად ჩახლართულ კრიმანჭულად გარდაისახება ხოლმე.

      მერცხალს ცხადად შეეტყო, გულში რაიმე ამდაგვარს რომ ნატრობდა. მაშინვე აიჭრა ჰაერში, საოცრად ჩახლართულ ჰაეროვან ბილიკებზე გაინავარდა, ჭიკჭიკიც სწორედ ამ ნავარდს აუწყო, ნამდვილ კრიმანჭულს დაამსგავსა.

      ფრინველებს თვალი მოსტაცა მერცხლის ნავარდმა, მისი კრიმანჭულიც საამურად დაურჩათ. ამიტომ დროზე ვერ შენიშნეს მტრედი. იგი მწვანე კორდზე მოკალათებულიყო, თან ხუნდი მოეყვანა და ეფერებოდა. ძალიან ნაზად უცაცუნებდა ნისკარტს, ფრთასაც სათუთად შეახებდა ხოლმე. მწვანე კორდზე უცბად სიჩუმე ჩამოვარდა, შეიძლება ითქვას, ნამდვილი მყუდროება გამეფდა. ფრინველები თვალს არ აშორებდნენ მტრედს, ძალიან მოხიბლა ისინი ამ სანახაობამ.

      მოულოდნელად მტრედი აღუღუნდა, არავის დაუნახავს, თუ როგორ შეახო უფალმა ხელი ფერადოვან ზარდახშას, სწორედ ის ხმა შეარჩია მტრედისთვის, რაც ყველაზე მეტად შეეფერებოდა მისი მოფერების ნიჭს და უნარს.

      - სიმშვიდე და მყუდროება რომ ალაპარაკდეს, ამაზე შესაფერის ხმას ვერსად იპოვის, - ჩაილაპარაკა კაჭკაჭმა ჩუმად, ისე, რომ მტრედის ღუღუნი არ დაერღვია. სხვები ხმას არ იღებდნენ.

      მერე ყველამ უფალს შეხედა, თუმცა უფალი უკვე გუგულს ემუსაიფებოდა.

      - გამოუცნობი არსება ხარ, იდუმალებით სავსე, - უთხრა უფალმა გუგულს, - ასევე, შენი გალობის ხმაც იდუმალების ექო უნდა იყოს.

      გუგულმა ფრთა გამართა, ჰაერში შეიფრთხიალა, ხმა არ გაუღია, ისე მიეფარა თვალს, არ ჩქარობდა საკუთარი ხმის გამჟღავნებას. გავიდა რამდნიმე წამი და ტყის სიღრმიდან მართლაც იდუმალებით სავსე ხმა მოისმა.

      - გუ გუ - ასე ჟღერდა ეს ხმა. იდუმალებამ რომ ხმა ამოიდგას, ამაზე შესაფერისს ვერაფერს იპოვნიდა, ყველა ამ აზრის იყო.

      სად იყო და სად არა, თოლია გამოჩნდა, თავისებურად ზარმაცად მოიქნევდა ფრთებს, აუჩქარებლად მოიკეცა მწვანე კორდზე, თან რაღაც მოჰქონდა, რასაც საგულდაგულოდ მალავდა. იმ რაღაცას მთელი ტანით გადაეფარა. როგორც მერე გაირკვა, ის „რაღაცა“ ნიჟარა აღმოჩნდა.

      არ ჩქარობდა თოლია, სხვებისგან განსხვავებით. კაჭკაჭს ერთი წამითაც არ მისცა საბაბი, მისთვის შენიშვნა მიეცა. ბოლოქანქარას დაუთმო რიგი, თვითონ განზე მიიყუჟა ფრთებმოკეცილი, დიდი გაფაციცებით მალავდა ნიჟარას.

      ბოლოქანქარამ რამდენჯერმე გაიარ - გამოიარა უფლის თვალთა წინაშე, გრძელი, კოხტა ბოლოთი აღჭურვილმა.

      - მეც მინდა შევეხმიანო ცასა და მიწას, - მოითხოვა მან და კოხტა ბოლოსაც დიდი მონდომებით აქანქარებდა ჰაერში.

      უფალს გულიანად გაეღიმა ბოლოქანქარას დანახვაზე და აი, რა უთხრა:

      - ვინც კი შენი ბოლოს ქანქარს შეხედავს, შენი ხმის გაგონება არც კი გაახსენდება.

      და უფალმა ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, არც ისე საამური ხმა უბოძა ბოლოქანქარას, თუმცა ამით მას ბევრი არაფერი დაჰკლებია. განა ვინმეს მოუვა თავში გალობის ნიჭი მოითხოვოს ბოლოქანქალასგან? ეს უკვე მეტისმეტად ბევრი იქნებოდა ერთი პაწია ჩიტუნიასგან. ეს თვითონაც მშვენივრად იცის და არც დარჩენილა უკმაყოფილო უფლის ნობათით.

      სად იყო და სად არა, სტვენიაც გამოჩნდა (სტვენია მოგვიანებით ეწოდა, ძალიან უფერული, პაწაწინა ჩიტი იყო და წრიპას ეძახდნენ), მწვანე კორდზე გაისუსა, მოლოდინით აღსავსე თვალი მიაპყრო უფალს, ყველაფრიდან ჩანდა, რომ ხმის ამოღება ერიდებოდა. ასე უფერულს და პატარას აბა, ვინ რას მაჩუქებსო, ალბათ ასე ფიქრობდა გულში.

      - ნუ გადარდებს, ასე პატარა და უფერული რომ ხარ. ცოტაც მოითმინე, შენი გალობის უნარი და ნიჭი ბევრ ფერადოვან ფრინველს შეშურდება.

      ამ სიტყვებით უფალმა შეახო ხელი ფერადოვან ზარდახშას, და ჩიტუნამ ისეთი ხმა გამოსცა, ფრინველები აღტაცებისაგან ერთხმად აჟივჟივდნენ. პატარა მგალობელმა ამით კიდევ უფრო მოიცა ძალა, ისე შეიმაღლა ხმა, ფრინველების ჟივჟივიც გადაფარა, თან როგორი ტკბილი, როგორი სავსე იყო ეს ხმა . . . ამ პაწია ჩიტუნას მას შემდეგ სტვენია უწოდეს. სწორედ მისი ხმატკბილი და ძლევამოსილი გალობის შესაფერისად.

      და, აჰა, როგორც იქნა, ბულბულიც გამოჩნდა. ძალიან კი შეაგვიანდა, მზე უკვე საშუადღეოზე იყო წამოსული. ბულბული ახლოს მიგოგმანდა უფალთან, ჩანს, ბევრი რამ ჰქონდა მისთვის სათქმელი.

      - აბა, გისმენ, - უთხრა უფალმა და ხელი ზურგზე გადაუსვა.

      - ვარდის კოკორს დავტრიალებდი თავზე - დაიწყო ბულბულმა თავისი ამბის მოყოლა, - მართლაც მშვენიერი რამ იყო მწვანე, ზურმოხტოვან ქობაში გამოკრული. ცხადად ეტყობოდა, გამორჩეული სილამაზის ვარდი გაიფურჩქნებოდა მისგან. მთელი ღამე ველოდი, იმედი მქონდა, მზის სხივი მიუალერსებს თუ არა, მაშინვე დაიწყებს გაფურჩქვნას მეთქი. როგორც იქნა, ამოვიდა მზე, კოკორსაც სტყორცნა სხივები და მან ერთადერთი ალისფერი ფურცელი გამოშალა. თვალისმომჭრელი სილამაზის იყო ის ერთადერთი ფურცელი, ვიცოდი, სხვები კიდე უკეთესები იქნებოდნენ. ერთს მეორეც მოჰყვა, მესამეც ... ოღონდ ეს უცბად არ მომხდარა, დრო დასჭირდა, მზემ შემაღლება მოასწრო, კოკორი ნელ - ნელა შლიდა ფურცლებს. და ბოლოს, როცა მთლიანად გაიფურჩქნა, თვალებს ძლივსღა დავუჯერე, მართლაც იშვიათი სილამაზის ვარდი გამოდგა, თანაც რა სურნელებას აფრქვევდა. და ახლა ძალიან მინდა, ისეთი გალობა შემეძლოს, იმ მშვენიერ ვარდს რომ შეეფერება და ეკადრება. სიცოცხლესაც კი არ დავინანებდი, ოღონდ ისეთი ხმატკბილი საგალობელი ვთქვა, მის მშვენიერებას რომ არ დაამცრობს, პირიქით, კიდევ უფრო გაალამაზებს.

      - მშვენივრად და ხატოვნად მიამბე ყველაფერი, - თქვა უფალმა და კვლავ მიეფერა ყავისფერ ზურგზე ბულბულს, - შენი განზრახვაც მოსაწონია, მზად ხარ საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო მშვენიერებისთვის. მაგრამ შენი შესაფერისი საგალობელი ამ ზარდახშაში არ მოიძებნება.

      ბულბულმა შიშით მიაპყრო უფალს თვალები, შეეტყო, ძალიან გულნატკენი დარჩა.

      - ნუთუ ვერ შევძლებ, ჩემი საგალობელი ვუთხრა მშვენიერ ვარდს, - დაიჩივლა ბულბულმა.

      ამის პასუხად უფალმა ხელი აღმართა, სამოთხის ხმები გამოიხმო ღიად დარჩენილი ორფრთიანი კარიბჭიდან.

      იმავე წამს უტკბესი ხმები გაისმა, ეს ბულბული გალობდა, სამოთხის ხმებით უხვად დაჯილდოებული.

      ფრინველებიც მიჩუმდნენ, ამ ხმატკბილი გალობით მოჯადოებულები. ბულბულმაც აღარ დაახანა, გალობით აფრინდა ჰაერში, იმ ვარდის კოკორისკენ გაეშურა, რომლის გაფურჩქვნასაც მთელი ღამე ელოდა. მიწყდა თუ არა ბულბულის გალობის ხმა, მწვანე კორდზე ერთხანს ისევ სიჩუმე სუფევდა. ფრინველები მისი ხმატკბილი გალობის გამოძახილს უსმენდნენ.

      ამის შემდეგ უფლის წინაშე თოლია წარდგა, უხერხულად გამოგოგდა მწვანე მოლზე, მონდომებით მალავდა ნიჟარას.

      - რას ითხოვ ჩემგან? - ჰკითხა უფალმა.

      - გალობის ნიჭს, - გაანდო თოლიამ გულისნადები.

      - მაგ ნიჟარაში რაღას მალავ?

      ამაზე თოლიამ ხმა ვეღარ გასცა, თავი სევდიანად ჩაჰკიდა. მიხვდა, უფლის თვალს არაფერი დაემალებოდა. მან ხომ თავის ნიჟარაში სამოთხის ხმები გამოამწყვდია. . . ძალზე მოხერხებულად კი მოიქცა; ნიჟარა მარჯვედ შეაბრუნა, როდესაც უფალმა სამოთხის ხმები გამოიხმო ორფრთიანი კარიბჭის მიღმიდან, სამოთხის ხმები ნიჟარის წიაღშიც აღმოჩნდნენ, სწორედ ამას ელოდა თოლია, როდესაც თავის რიგს სხვა ფრინველებს უთმობდა. სევდიანი, ნაწყენი ხმა გამოსცა თოლიამ და მაშინვე გაეცალა იქაურობას. იცოდა, სხვას ვერაფერს მიიღებდა უფლის ხელიდან. ნიჟარა კი, სამოთხის ხმებით სავსე, იქვე დარჩა, ფერადოვანი ზარდახშის გვერდით.

      უცბად მწვანე კორდს განსხვავებული სინათლე მოეფინა, თურმე სამოთხის ფრინველი მოფრენილიყო. მისი ფრთები ისე ალივლივდნენ, თვით ჯადოსნურ ზარდახშას უწევდნენ მეტოქეობას. მიუხედავად ასეთი თვალისმომჭრელი გარეგნობისა, მეტად თავმდაბლურად იქცეოდა. ფრთებდაკეცილი გაირინდა უფლის წინაშე, თავდახრილი ელოდა, რათა მისი ხელიდან მიეღო სასურველი ნობათი.

      - შენი გალობის ნიჭი თვით შენი ფრთების ფერებია - ბრძანა უფალმა, - რა ხმაც არ უნდა გამოსცე, მუდამ შენი ფრთების მიღმა მიიმალება.

      სამოთხის ფრინველმა კიდევ უფრო დაბლა დახარა თავი მადლობის ნიშნად, მერე კი გაფრინდა სრულიად კმაყოფილი. მართლაც, მის ხმას უფერულს უფრო უწოდებ, ვიდრე ფერადოვანს, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აწუხებს.

      ამის შემდეგ ერთბაშად მოჯარდნენ ფრინველები. კაჭკაჭი ვეღარ ახერხებდა წესრიგის მიჩენას. ერთხანს იჭახჭახა, მერე კი გაფრინდა. თქვენი გადამკიდე მშიერი დავრჩიო, - თქვა.

      მიუხედავად ამისა, როგორც კი უფლის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, წესი და რიგი არ ავიწყდებოდათ ფრინველებს, მდაბლად და უხმოდ ელოდნენ ძვირფას ნობათს და უფალიც აჯილდოვებდა ყოველ მათგანს ისეთი ხმით, რაც სწორედ მათთვის შესაფერისი იყო. განა შოშია უკეთეს ხმას ინატრებდა? შენი ხმა ლეღვის მწიფობას ჰგავსო - უთხრა უფალმა და მართლაც მწიფე ლეღვივით მსუყეა შოშიას ხმა. ალბათ თქვენც გსმენიათ, შემოდგომის ცას მოეფინება ხოლმე.

      შაშვს კი ასე უთხრა უფალმა: მხიარული და ცქვიტი ხარ, შენი გალობაც და ხმების სწორედ ამისი ნიშანი იქნებაო. მართლაც შაშვი თავისი ხმით ხან გვეთამაშება, ხან გვიმღერის.

      კოდალას გულიანად გაუცინა და უთხრა: შენი გალობა შენი საქმიანობაა... და მართლაც კოდალას კაკუნი და მისი გალობა თითქმის არ განირჩევა ერთმანეთისაგან. ჰკითხეთ კოდალას, განა უკმაყოფილო დარჩა ამით?

      ჭეშმარიტად იცოდა უფალმა, ვისთვის რა ებოძებინა.

      როდესაც გვრიტი ეახლა, რათა გალობის ნიჭი გამოეთხოვა, უფალმა ცოცია მიიხმო მასთან ერთად. გეცოდინებათ პაწაწინა ჩიტუნია, ხეზე ცოცვა უყვარს, სწორედ ამიტომ ჰქვია სახელად ცოცია.

      უფალმა მოისმინა მათი გულისნადები და უპირველეს ყოვლისა, გვრიტს მიუბრუნდა:

      - მუდამ დასცინოდი ცოციას და ამითი დიდ კმაყოფილებას განიცდიდი, ამიტომ შენი გალობა დაცინვას დაემსგავსება. როცა გალობას მოინდომებ, საკუთარ თავს დასცინებ მუდამ.

      მოგეხსენებათ, ცოციას ჰაერში ფრენა არ ემარჯვება, ვერც მწვანე კორდზე იჩენს დიდ მოხერხებას. მოუქნელად გადაქანდებოდა ხოლმე ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. მისი მოუქნელობის შემყურე, გვრიტიც ძალიან ხალისობდა.

      სხვა რაღა დარჩენოდა გვრიტს უფლის სიტყვების შემდეგ, თავდახრილი გაეცალა იქაურობას. თუ ყურადღება მიგიქცევიათ, მისი ხმა მართლაც ჰგავს დაცინვას. რაც შეეხება ცოციას, მის ხმას დაცინვას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, არც მისი აღწერაა ადვილი, განსაკუთრებული ფერებით არ გამოირჩევა. უმჯობესი იქნება, თვითონ მოისმინოთ ცოციას გალობა, ხეზე ცოცვის მისი უნარიც ყველას მოგეწონებათ.

      ... და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ფრინველი მოფრინდა იმ საოცარ დღეს უფალთან, მისი ხელიდან გალობის ნიჭის მისაღებად. ყველა მათგანის ამბავს ნამდვილად ვერ გადმოგცემთ, საამისოდ არც დრო გვეყოფა, არც მელანი.....

      სულ ბოლოს ყვავი მოფრინდა, არ იკითხავთ, რატომ? თურმე იმ დილით კაკალი იპოვა. მერე როგორი კაკალი, სულ ოქროსფრად გაუდიოდა ბზინვა. . . ზომითაც მოზრდილი გახლდათ, ერთი შეხედვითვე ეტყობოდა, მსუყე გულით პირთამდე რომ იყო სავსე.

      - ნისკარტით მაგრად ჩავბღუჯე კაკალი, - გაანდო ყვავმა უფალს, - მივაგენი ერთ სიპ ქვას, ვურტყი და ვურტყი კაკალი, ვურტყი და ვურტყი. არ ტყდებოდა, მეტისმეტად მაგარი გამოდგა. არადა, ვიცოდი, ძალიან გემრიელი იქნებოდა. აგერ ახლახანს როგორც იქნა, გატყდა. მართლაც მეტად მსუყე და გემრიელი გამოდგა.

      ყვავმა ნისკარტი გააკაპუნა და უფალს მოლოდინით სავსე თვალი მიაპყრო. ნისკარტზე კაკლის გულის პაწია ნატეხი ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი.

      - დაგაგვიანდა, - ასეთი პასუხი გასცა უფალმა ყვავს, - ზარდახშა უკვე ცარიელია. თუმცა, ვნახოთ, იქნებ შემთხვევით დარჩა რომელიმე ხმა ან მისი ნარჩენები.

      ამ სიტყვებთან ერთად უფალმა ხელი ჩაჰყო ზარდახშაში, მოჩხრიკა მისი შიგთავსი და როგორც აღმოჩნდა, ხმების რაღაც ნარჩენები ჯერ კიდევ მოიძევებოდა ზარდახშის სიღრმეში.

      ასე რომ, ებოძა ყვავს ხმების ნარჩენები უფლის ხელისგან. მაშინვე ფართოდ გააღო ნისკარტი, უნდოდა მოესმინა საკუთარი გალობა:

      - ყვა, ყვა, ყვა! - გაისმა მისი ცნობილი ყრანტალი.

      და რა გგონიათ? ყვავი კმაყოფილი დარჩა საკუთარი ხმით.

      - როცა ჩემი გალობის ხმა მესმის, მეჩვენება, თითქოს კაკალს სიპ ქვაზე ვურტყამდე გასატეხად, - თქვა და გაფრინდა ბედნიერი და კმაყოფილი.

      ახლა კი ნამდვილად მიიწურა ეს საოცარი დღე, ფრინველთაგან თითქოს არცერთი აღარ ჭაჭანებდა მწვანე კორდზე. თუმცა, არა, მომცრო, ნაცრისფერმა გუნდამ მიიქცია უფლის ყურადღება. გუნდამ თავი ასწია, თითქოს რაღაცას აყურადებდა. ჩხართვი აღმოჩნდა და უფალმა შენიშნა იგი, მაშინვე თავისკენ მიიხმო, ხელისგული შეაგება.

      - შენ მეტისმეტად თვინიერი ხარ, ყოველთვის უკან იხევდი, სხვა ფრინველებს უთმობდი გზას ჩემსკენ. მათ მიიღეს რაც ერგებოდათ, შენღა დამრჩი.

      უფალი შეყოვნდა, ფრინველს ყურადღებით შეჰყურებდა. მასაც ფართოდ გაეღო მოლოდინით სავსე თვალები.

      - დიდი ჯილდოს ღირსია შენი თვინიერება, მაგრამ სამოთხის კარი დაიხურა, ხმების ზარდახშაც ცარიელია.

      თითქოს გამოსავალი აღარ ჩანდა, ჩხართვმა დაღონებით ჩაჰკიდა თავი, მაგრამ უფალმა გამამხნევებლად გაუღიმა.

      - აი, ამ ნიჟარას შეახე ნისკარტი - უთხრა ჩხართვს. მკითხველს ალბათ ემახსოვრება, ნიჟარა თოლიამ რომ მოიყოლა თან. სამოთხის ხმებით სავსე ნიჟარა ისევ ისე იდო მწვანე კორდზე, მას არავინ გაკარებია.

      ალბათ ხვდებით, რაც მოხდა; ჩხართვმა შეახო ნისკარტი სამოთხის ხმებით სავსე ნიჟარას, მწვანე კორდს მაშინვე სამოთხისებური ხმები მოეფინა, ეს ჩხართვი გალობდა. სწორედ ჩხართვს ერგო ერთერთი ყველაზე უძვირფასესი საჩუქარი უფლის ხელიდან, რომელსაც მისი თვინიერება არ გამორჩენია.

      გალობა წამითაც არ შეუწყვეტია, ისე მიეფარა ჩხართვი თვალს. ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი ხმით. ცხადია, იგივე ითქმის ყველაზე, ვისაც მისი გალობის ხმა მისწვდა.

      ისიც უნდა ითქვას, ნიჟარაში გამომწყვდევამ რაღაც თავისებური კვალი დაამჩნია იმ სამოთხისებურ ხმებს, რაც ჩხართვს ებოძა. ბულბულის ხმა თითქოს რაღაცით აღემატება ჩხართვის გალობას, მაგრამ გული ერთნაირად ხმიანებს ორივე მათგანში, გალობისთვის კი არაფერია ამაზე ღირებული.

ნახვა: 737

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გალობა, მოთხრობა, ნიჭი, რწმენა, უფალი, ფრინველები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters