გაცოცხლებული ქარაგმა

      მრავლისმეტყველია ვარსკვლავთა მზერა; ისე აკვესებენ თვალებს, თითქოს მანიშნებენ, რომ იცოდე, რამდენი რამ გვაქვს შენთვის სათქმელიო.

      მეც მქონდა ვარსკვლავებისთვის სათქმელი. ძალიან მომწონხართ-მეთქი, ვუთხარი მათ. ღამეულ ცას მოციმციმე სხივებს აქსოვთ, კიდით კიდემდე ქარგავთ ბრწყინვალე გირლიანდებით, მაგრამ ეს როდია ყველაფერი...

      ვარსკვლავები გაფაციცდნენ, აბა კიდევ რას გვეტყვისო.

      - მზე ხომ ლამაზია, ერთიანად ოქროსფრად უელვარებს სახე, - ვაგრძელებ მუსაიფს, - არც მთვარე ჩამორჩება სილამაზით მზეს, თეთრად უქათქათებს მწყაზარი სახე. თქვენ კი, ვარსკვლავებო, ყოველნაირი ფერებით ბრწყინავთ. ზოგ თქვენგანს მოწითალო ელფერი დაჰკრავს, ზოგი მზესავით ოქროსფერია, ზოგიერთებს კი ლურჯი ცისა და თეთრი ღრუბლების ფერები მოუტაცნია. მრავალფერია თქვენი თვალების კამკამი, მიყვარს თქვენი ჭვრეტა.

      ერთი-ორად გაბრწყინდნენ ვარსკვლავები, ჩემი სიტყვები აშკარად ესიამოვნათ. ჯერ სადა ხარო, სიტყვა მომაწვდინეს, ბრყწინვალე სანახაობა წინ გაქვსო.

      შეასრულეს კიდეც თავისი სიტყვა ვარსკვლავებმა, ნაირნაირი სახეების მოქარგვა იწყეს, ხან რას მიამსგავსეს და ხან რას, სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი მოჰქარგეს ღამეულ ცაზე.

      - აგერ ნუკრი, - ვამბობდი მე, - აგერ ფარშევანგი, ლომი, დათვი...

      ყველა მათგანს მაშინვე ვცნობდი და სიხარულით ტაშს ვუკრავდი.

      მერე პაწია ცთომილები შემოიჭრნენ ცის თაღზე, მათ კუდიანი ვარსკვლავები მოჰყვნენ, მთელი ცა ცეცხლოვანი რკალებით და მარყუჟებით აავსეს. ეს კი მართლაც ძალიან თავშესაქცევი იყო, ხელებს გაჩირაღდნებული ცისკენ ვიწვდიდი, ნაირფერი სხივების კონები ჩემს თითებზე ბრწყინავდნენ, მართობდნენ და მახარებდნენ.

მზე თვალებს მიჭრელებს

      რამდენ ხანსაც მინდა, იმდენხანს შევყურებ მთვარეს და ვარსკვლავებს. მზის შესახებ ამას ვერ ვიტყვი. არ მაძლევს ნებას დიდხანს ვუყურო, თვალებს მიჭრელებს ხოლმე.

      ერთხელ ვუსაყვედურე კიდეც ამის გამო, როცა თვალებაჭრელებულმა ვეღარაფერი დავინახე.

      - მზეო, რატომ მიჭრელებ თვალებს?

      პასუხად მზემ ისე გულიანად გაიცინა, ვერც მე შევიკავე თავი სიცილისგან. ძნელია მზეს რაიმე უსაყვედურო, მეტისმეტად გადამდები სიცილი იცის.

საქანელა

      რა მჭიდროდ გადაქსოვია ხვიარა მცენარის ღეროები ხის ტოტებს, მშვენიერი ჰამაკი გაუმართავთ... მაშინვე მოვიკალათე რბილ მწვანე საგებზე. ნიავიც დაბარებულივით ჩემთან გაჩნდა, ნელნელა დამარწია. მიჰქრის, მოჰქრის დაუზარელად, თან ენას არ აჩერებს, ათასნაირ საოცარ ამბებს მიყვება, რაც სამოთხის ბაღში უნახავს თუ გაუგია. კაჭკაჭმა კაკალი ნისკარტით ქვაზე მიამტვრიაო, წითელმა ციყვებმა ნაძვის გირჩებით გუნდაობა გააჩაღესო, სამოთხის ჩიტმა კვერცხები დასდო, მთელი ბაღი ბარტყების გამოჩეკას ელოდებაო.... ვინ იცის, კიდევ რას აღარ გაიხსენებს. მწვანე ფოთლებიც ხმას უწყობენ ნიავს და ჩუმად შრიალებენ. მათ მიღმა ფრთახატულა ფრინველები მიმოჰქრიან, გეზად მითვალთვალებენ და საამურად ჟღურტულებენ. მგონი ისინიც ჰყვებიან რაღაცას მეტად საინტერესოს და გასახარელს, მაგრამ მე აღარ მესმის მათი, ნელნელა მეძინება.

      როცა გამეღვიძა, ჰამაკი აღარ ირწეოდა, ნიავს ჩასძინებოდა. ხელი გავუწოდე მწვანე ტოტს, ისიც მაშინვე შეირხა, ჩემს თითებს ქორფა ფოთლები შემოაგება. ნიავსაც მაშინვე გაეღვიძა, კვლავ დაირწა ჩემი ჰამაკი. ფრთახატულა ფრინველებიც კვლავ აჟღურტულდნენ. ძალიან, ძალიან მიყვარს ჰამაკში ნებივრობა. მომწონს, როცა ხის მწვანე გუმბათი ნელნელა ირხევა ჩემს თავს ზემოთ. მზე, მთვარე, ვარსკვლავები აუჩქარებლად ინაცვლებენ ადგილს ხის მწვანე გუმბათის მიღმა, თითქოს ისინიც ირწევიან ჩემს ჰამაკთან ერთად.

      უცბად ვხედავ, კაჭკაჭი კლანჭებით ჩააფრინდა ხვიარა მცენარის ღეროს, გაქანდა და გამოქანდა. ასე მეც შემიძლია-მეთქი, ვიფიქრე. გადმოვხტი ჰამაკიდან, ჩავეჭიდე ხელებით ხვიარა ღეროს, გავქანდი და გამოვქანდი. კაჭკაჭს თუ ვაჯობე, თორემ ნამდვილად არაფერში ჩამოვრჩენილვარ, ეს თვითონც შეამჩნია.

      - მართლაც მშვენიერი საქანელაა, - მითხრა დარბაისლურად. მეც ვქანაობ, ვქანაობ სულ უფრო და უფრო ძლიერად. უფრო ღონივრად შეირხა და აშრიალდა ხის მწვანე გუმბათი. მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა ბევრად უფრო ფართო რკალები გაავლეს ცის თაღზე, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს მოექცევიან ხის მწვანე გუმბათს, თითქოს ნახტომებს აკეთებენო. ნიავი ხომ სულ მთლად გაგიჟდა, ფართიფურთით მიმოჰქრის და ყურში უცნაურ ხმებს ჩამძახის.

      უცბად გაწყდა მწვანე ღერო, ტრიალით წამოვედი ჰაერში. მწვანე ხელები შემაშველეს ტოტებმა, ნიავმაც მომაწვდინა თავისი მსუბუქი ფრთები. რბილ მწვანე ბალახზე გავგორდი, ხომ არაფერი დაიშავეო, ჩამჩურჩულა ბალახმა მზრუნველად. არაფერია, ოდნავ შემეშინდა, სულ ეს იყო, ვამბობ და კვლავ ვეჭიდები საქანელას.

საით გამირბის თვალი

      აი წითელლოყება ვაშლი, მზის სხივები მის პრიალა კანზე ათინათობენ, აბა, გვერდს როგორ აუვლი? ცოტა იქით ალუბალი კიანთობს მუქწითლად, დროა ჩემსკენაც გამოიქცეო, მანიშნებს. ატამს პეპელა დაჰფარფატებს ხავერდოვან ლოყაზე, მისი სურნელით მოხიბლულა და ყვავილი ჰგონია. ყურძნის მტევნები ვაზის ჩახლართული ტოტების მიღმა შეყუჟულან. რა მოალერსე გემო აქვთ, ენაზე დნებიან, თან გეფერებიან. ჩვენზე უკეთესად რომელი ხილი დაგატკბობსო, თითქოს ამას გეუბნებიან.

      ოქროსფერ მსხლებს ხომ ნუღარ იკითხავთ, რა ლამაზები არიან, თან რა სურნელს აფრქვევენ. თვალი ვეღარ მოვაშორე... სიმწიფისგან პირდაპირ კანი ასკდებათ. მაშინვე ხეზე ავძვერი, როგორც კი გემო გავუსინჯე. ვზივარ ტოტზე, ოქროსფერ მსხალს შევექცევი. ვხედავ, ხეზე დათვი მობობღავს, თურმე მასაც ყვარებია მსხალი. შევხედე, სიცილისგან თავი ვერ შევიკავე, ძალიან სასაცილოდ მიირთმევდა მსხალს. ტოტიდან პირდაპირ პირით კბეჩდა ნაყოფს, რასაც ვეღარ წვდებოდა, თათებით ექაჩებოდა თავისკენ.

      თან მეცინება, თან მსხალს ვკბეჩ.

      მერე სხვა ხეებისკენაც გავემართე. სწორედ მაშინ გადავეყარე წითელ ციყვს, ნაძვის ხის ტოტზე დასკუპებულიყო და გირჩებს მიირთმევდა.

      - განა გირჩების ჭამა შეიძლება? - ვკითხე გაკვირვებულმა.

      - როგორ არა, ძალიან გემრიელია, - მიპასუხა ციყვმა.

      გემო გავუსინჯე გირჩებს, მაგრამ სულაც არ მომეწონა.

      - შესახედავად ძალიან ლამაზი ხარ, ციყვო, მაგრამ მეტად უცნაური პირისგემო გქონია. - ვუთხარი ციყვს. ყურიც არ გაუბერტყია, ისევ გააგრძელა გირჩების ცმუცვნა.

      ციყვი იქვე დავტოვე, მე კი ისევ იქითკენ გავწიე, სადაც ხის ტოტები მწიფე ნაყოფებისგან იზნიქებოდნენ. ლამაზებიც არიან და გემრიელებიც, თვალიც სწორედ მათკენ გამირბის.

მოცინარი ხილი

      ვხედავ, ხის ტოტზე მოცინარე ხილია, ფართო ფოთლების მიღმა გამოუყვია თავი და იცინის, იცინის, კვდება სიცილით. მხოლოდ მზეს თუ შეუძლია ასე გულიანად გაცინება... მაშინვე გავიწოდე ხელი მისკენ, თან ვფიქრობდი, ნეტავი ხელიდან ხომ არ გამისხლტება მზის სხვების მსგავსად-მეთქი. არსადაც არ გამსხლტომია, მოვწყვიტე, შევჭამე და მეც სიცილი ამიტყდა. იმდენი ვიცინე, სანამ არ ჩავბჟირდი. თურმე ლეღვი ჰქვია ამ მოცინარე ხილს. ვინც მას შეჭამს, აუცილებლად სიცილი აუტყდება. მეც მეტი რა მინდა, განა ცოტანი იცინიან მწვანე ფოთლების მიღმა... ერთი მეორის მიყოლებით ვწყვეტ მწიფე ლეღვებს, მივირთმევ და მერე იმდენს ვიცინი, რომ მეტი აღარ შემიძლია.

      თანაც რა რბილია, რა ნაზი და გემრიელი... რამდენნაირი ხილი არ მწიფდება სამოთხის ბაღში, რომელი ერთი ჩამოვთვალო... არც გემო აკლიათ, არც სურნელება თუ შესახედაობა, მაგრამ ლეღვი მაინც გამორჩეულია მათ შორის. ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელია მთელ ბაღში.

      მერე კიდევ, ერთი მითხარით, რომელი ხილი იცინის ასე გულიანად?

      დაბღვერილ კამეჩს მივართვი მოცინარე ხილი; შეჭამე, იქნებ სიცილი ისწავლო... პირიც არ დააკარა, მიტრიალდა და ზანტად გასწია თავის გზაზე. აი სულელი...

      სამაგიეროდ ცისფერ ჩხიკვს არ უთქვამს უარი, პირდაპირ ჩემი ხელიდან დაკენკა მწიფე ლეღვი. სიცილით ვერ გაიცინა, მაგრამ ისე გულიანად ამღერდა, მისგან ჯერ რომ არ გამეგონა. მერე კიდევ ვის აღარ გააჯავრა, ცალკე მისი მოსმენაც მაცინებდა... და მთელი სამოთხის ბაღიც იცინოდა ჩვენთან ერთად.

გველი

      ერთხელ მოცინარე ხილი ძალიან მაღლა დავინახე, ლამის ხის კენწეროსთან ახლოს. თანაც რა გულიანად მიცინოდა... ასეთი გულიანი სიცილი მგონი აქამდე არც კი მენახა. მაშინვე ავცოცდი ხეზე, ცოტათი გამიძნელდა, მაგრამ ბოლოს მაინც მივწვდი, მოვწყვიტე და შევჭამე. თან ტოტებს ვეჭიდებოდი, რათა იმ სიმაღლიდან არ ჩამოვვარდნილიყავი.

      - გემრიელია? - ჩამესმა ვიღაცის ჩუმი ხმა.

      შევკრთი. ეს ხმა არ ჰგავდა არცერთ იმ ხმას, რომელიც კი სამოთხის ბაღში ოდესმე გამეგონა. მოვათვალიერე ხის მწვანე ტოტები. ვხედავ, ერთერთ ტოტს ყოვლად უცნაური არსება ხვართქლასავით შემოხვევია და თვალმოუცილებლად მიყურებს.

      - ძალიან გემრიელია, - ვამბობ პასუხად, თან უცნაურ არსებას შევყურებ. ნაკადული გამახსენა, ისე უპრიალებდა მთელი ტანი. ერთიანად უცნაური ფორეჯებით იყო მოხატულ-მოკაზმული. თვალები ორ ბნელ ლაქას უგავდა. მგონი გველი უნდა იყოს-მეთქი, ვიფიქრე. ნიავს ბევრჯერ უჭორავია მასზე, ცისფერ ჩხიკვსაც უთქვამს, ერთხელ სისინში გამოაჯავრა. მწვანე ბალახმაც გაიხსენა, გამაფრთხილა, შემთხვევით ფეხი არ დააბიჯოო.

      ჰოდა, სიცილი დამავიწყდა, ისე დამაფიქრა გველის ხმამ და სიტყვებმა. მაშინ რა ვიცოდი, თურმე არც ისე ხშირად გავიცინებდი მის გვერდით... ისიც კი ვერ მოვისაზრე, მოცინარე ხილი შემეთავაზებინა მისთვის, რათა სიცილი ესწავლა. თუმცა ამით არაფერი დაშავებულა, თვითონვე გაუმასპინძლდა საკუთარ თავს. პირით მისწვდა მწიფე ლეღვს, დიდი სიამოვნებით გადაყლაპა, მერე ისევ მე მომიბრუნდა:

      - კარგად დაიმახსოვრე ამ ლეღვის გემო, - მეუბნება ისევ იმ ჩუმი ხმით.

      აი კიდევ ერთი უცნაურობა. რატომ უნდა დავიმახსოვრო, განა მოცინარე ხილი აქვე არაა? სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზეა. თვითონვე მეძახიან თავისკენ, ისე გულიანად იცინიან, თავის თავს თვითონვე შემახსენებენ.

      მინდოდა მეკითხა გველისთვის ამის შესახებ, მაგრამ მისი კვალიც ვეღარ ვნახე, თვალსა და ხელს შუა გაქრა სადღაც.

ნახვა: 23

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვარსკვლავები, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters