diary, qwelly, sky, აქილევსი, ბლოგი, ერთი, კუ, ქალაქი, ჩანაწერი, წიგნი

      უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს ევროპული ცნობიერების რომანია ძველი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ კუს და აქილევსის შეჯიბრებიდან იწყება, მაგრამ ყველაზე ცხადად ფრენსის ბეკონმა რომ დააყენა და რომელიც ჩვენს შეგრძნებების მიღმა გაუსვლელობაზე მიუთითებს. ამ პრობლემის ფორმულირება ყველას გვახსოვს, მაგრამ ამ რომანის გაცნობისთანავე მისი მოხმობა აუცილებელია: ყველაფერი, რაც ვიცი – გარემო, ადამიანები, მოვლენები – ვიცი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შეგრძნებების გავლით. რაც უნდა რთული აპარატურა მოვიგონო, საბოლოო ზღუდე, რომელიც მიღებულმა ინფორმაციამ უნდა გადალახოს და გამოცდილებად იქცეს, ჩემი შეგრძნებებია. შესაბამისად, მე ვერასოდეს გავიგებ, როგორია ის, რაც ჩემი შეგრძნებების მიღმაა. მეტიც, მე ვერასოდეს გავიგებ, როგორია დანარჩენი სამყარო იმ დროს, როდესაც მე კონკრეტულ რამეს ვუყურებ და აღვიქვამ; უფრო მეტიც – მე არასოდეს არ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ხე, რომელსაც ამ წუთში ვუყურებდი, ისევ ხედ რჩება, როდესაც მე მას თვალს ვაცილებ და მისგან ზურგით ვდგები. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკური პრობლემაა, რომელსაც ადამიანი ვერ ძლევს. და ის, რომ ადამიანის ცხოვრება ლოგიკას არ ექვემდებარება და ლოგიკა საკმაოდ გვიან მოფიქრებული რამაა, ამ პრობლემის არსებობაც ცხადყოფს: ეს უტყუარი ლოგიკური მტკიცებულება ყველა ადამიანმა რომ გაიზიაროს და გაითავისოს, არანაირი მეცნიერება, ხელოვნება და საერთოდ არანაირი კულტურა არ იარსებებდა; შესაბამისად – არც თქვენ, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობთ, და არც მე, ვინც ეს დავწერე.

      რომანს "ერთი ქალაქი" ამ ლოგიკურ პრობლემაზე აგებული ფაბულა აქვს. ოღონდ ლოგიკური უტყუარობა გაფართოებულია და ერთი სუბიექტიდან ერთ ქალაქზეა გადატანილი. როგორც რომანის სიუჟეტიდან ირკვევა, მთელი სამყარო ერთი ქალაქით შემოიფარგლება. ჩვენ ვართ არა ჩვენ, არამედ მრავალი ადამიანისა თუ ფორმის ერთობლიობა. ქალაქიც არ არის ერთი, არამედ ყოველთვის იცვლის სახეს და წყობას. ეს ცვლილებები სულ ერთ მილიონ სუბიექტზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს. სინამდვილეში თვითმფრინავი აფრენის შემდეგ ისევ ამ ქალაქში ჯდება, ოღონდ ყველა ჩვენგანისათვის, ჩვენი უცნაური ნერვული სისტემის გამო, ეს ქალაქი ის არის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით.

      ჩვენს აღქმაში ეს ცვალებადობა მოწესრიგებულია – ჩვენი არაცნობიერი ურთიერთქმედებს სხვების არაცნობიერზე და უსასრულო შესაძლებელ ხატებს ქმნის. განვითარებაც – იქნება ეს ტექნოლოგიის თუ ქალაქების, ადამიანებისა თუ ლანდშაფტების – ამ არაცნობიერთა ჯაჭვის გამოცდილების განვითარება და დაგროვებაა.

      შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, სინამდვილეში ერთი და იგივე სუბიექტები იყვნენ – უბრალოდ, თქვენ მათ სხვადასხვა სივრცეში მყოფებად აღიქვამთ. წიგნი მკითხველებსაც გვთავაზობს ამის დადასტურების ტესტს: თუკი კარგად დააკვირდებით თქვენს მეგობრებს, მათ შორის მსგავსებას აღმოაჩენთ. ეს იმიტომ კი არ ხდება, როგორც ბევრს ჰგონია, რომ ადამიანი დაახლოებით ერთნაირ მეგობრებს ირჩევს, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება ყველა თქვენი მეგობარი ერთი და იგივე სუბიექტი იყოს, რასობრივი, სქესობრივი თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად.

      წიგნის გმირი ამ ჭეშმარიტებას შემთხვევით აღმოაჩენს. მახვილგონივრულია ის მორალური თუ ესთეტიკური დილემები, რომლებიც მის წინაშე დგება: მაგალითად, ის ხედავს, რომ მისი ბავშვობის მეგობარი, მისი ცოლი და ბაბუა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა – ერთი და იგივე სუბიექტია. კრიტერიუმი ამის დასადგენად მარტივია უნდა გადახედო შენს გარემოს და დააფიქსირო ის ხალხი, ვინც ერთად არასოდეს გინახავს. დიდი შანსია, რომ ყველა ერთი და იგივე სუბიექტი აღმოჩნდეს.

      ამ გამოცხადების შემდეგ წიგნის მთავარი პერსონაჟი სრულ კოლაფსში გრძნობს თავს: აღარ შეუძლია ნორმალური კომუნიკაცია, თავის ყოველ მეგობარში სხვას ხედავს და ასე შემდეგ. ახლობლები საგიჟეთში უპირებენ მოთავსებას. მაგრამ რაკი ფრენსისის მთელი პრობლემა ლოგიკისა და გარემოს ურთიერთობაშია, მისი აღმოჩენილი სურათი იმდენად ლოგიკურია, რომ ვერც ერთი ფსიქიატრი, ვისაც ის ელაპარაკება, ვერ პოულობს წინააღმდეგობას მის ნათქვამში.

      გამოსავალს პროტაგონისტი თვითონვე პოულობს – როდესაც დაუშვებს, რომ "რეალური" სამყარო ლოგიკის წინააღმდეგია და ლოგიკა კი არ არის წარმმართველი სამყაროს მდინარებაში, არამედ – პირიქით, ლოგიკა ფარავს და ნიღბავს. ამის შემდეგ ფრენსისი იწყებს ლოგიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებას – აკავშირებს ერთმანეთთან ლოგიკის მიხედვით დაუკავშირებელს (როგორც მოვლენებს, ასევე ადამიანებს) და, შედეგად, მალე ძალიან წარმატებული და მდიდარი ხდება.

      საინტერესოა, რის თქმა უნდა ამ წიგნით ავტორს: იმის, რომ მხოლოდ საგნების ლოგიკის წინააღმდეგ სიარულითაა შესაძლებელი წარმატება ჩვენს სამყაროში? იქნებ იმ მარტივი აზრისა, რომ წარმატებას ლოგიკა არ აქვს? მე მგონი, არც ერთის და არც მეორის. ვფიქრობ, ეს წიგნი უბრალოდ პაროდიაა მოემის "დიდ გეტსბიზე" და როლანის "ფინანსისტზე"; ასევე ყველა იმ წიგნზე, რომლებიც ფინანსურ თუ სხვა რაიმე ტიპის წარმატებას აღწერს და ცდილობს, ფსიქოლოგიური და ონტო-ფსიქოლოგიური ახსნა მოუძებნოს მას.

ნახვა: 170

ტეგები: diary, qwelly, sky, აქილევსი, ბლოგი, ერთი, კუ, ქალაქი, ჩანაწერი, წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:09pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

ნიკა მელია დააკავეს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm 3 კომენტარი

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

ნდობა ახალი მთავრობისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…

გაგრძელება

პოპ კულტურის სკულპტურა პარიზში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2021.
საათი: 11:07pm 1 კომენტარი

      მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters