მისის დოლოვეი გაგრძელება | Qwelly

   რეციას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ექიმმა ჰოლმსმა უთხრა, სეპტიმუსს არაფერი სჭირსო. რეცია გულის სიღრმეში იმასაც კი ნატრობდა, სეპტიმუსი მკვდარი ყოფილიყო. მის გვერდით ყოფნა აღარ შეეძლო, როდესაც ის უყურებდა და თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა. ყველაფერი საშინლად ეჩვენებოდა: ცა, ხეები, ბავშვები, რომლებიც ურიკებს ეზიდებოდნენ, სტვენდნენ და ეცემოდნენ. სეპტიმუსი თავს არ მოიკლავდა. რეცია გულს ვერავის გადაუშლიდა. ვერავის, საკუთარ დედასაც კი ვერ ეტყოდა ამაზე მეტს: „სეპტიმუსმა ძალიან ბევრი იშრომა და გადაიღალა“. შეყვარებული ადამიანი მარტოობისთვის არის განწირული, – ფიქრობდა ის. და ამას ვერც ვერავის ეტყოდა, სეპტიმუსსაც კი. რეციამ მისკენ გაიხედა. ის მარტოდმარტო, მოკუნტული იჯდა სკამზე გაცვეთილი პალტოთი და რაღაცას დაჟინებით უცქერდა. მხოლოდ ლაჩარი მამაკაცი ლაპარაკობს თვითმკვლელობაზე, მაგრამ სეპტიმუსი ხომ იბრძოდა? მამაცი იყო. ახლა კი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მის მაქმანიან საყელოსა და ახალ ქუდს ვეღარ ამჩნევდა. ლუკრეციას გარეშე ბედნიერიც კი იყო. რეცია კი უმისოდ ვერასოდეს გაძლებდა! ვერასოდეს! ეგოისტი სეპტიმუსი! ყველა კაცი ერთნაირია. ავად სულაც არ არის. ექიმმა ჰოლმსმა თქვა, არაფერი სჭირსო. ხელი თვალებთან მიიტანა და თითები გაშალა. იმდენად გამხდარიყო, ნიშნობის ბეჭედი სძვრებოდა. აი, ვინ იტანჯებოდა ყველაზე მეტად: რეცია, მაგრამ ვერავის ვერაფერს ეტყოდა.

   შორს იყო იტალია თავისი თეთრი სახლებით. ენატრებოდა ის ოთახი, სადაც დებთან ერთად კერავდა ქუდებს. საღამოობით ქუჩები ხალხით ივსებოდა. ყველანი სეირნობდნენ და იცინოდნენ. ისინი არ ჰგავდნენ აქაურ მოსიარულე გვამებს, რომლებიც მოკუნტულები ისხდნენ ბორბლებიან სავარძლებში და ქოთნის უშნო ყვავილებს მისჩერდებოდნენ!

– რომ იცოდეთ, რა ლამაზია მილანის ბაღები! – უთხრა ვიღაცას, მაგრამ ვის?

   იქ არავინ იყო. რეციას ალმოდებულმა სიტყვებმა წყვდიადში რაკეტასავით გაიელვა და გაქრა. ნაპერწკლები ბნელ ღამეში გზას იკვალავენ და წყვდიადში იძირებიან. სახლებისა და კოშკების კონტურებს შავი ფარდა ეფარება. მოშიშვლებული, სევდისმომგვრელი გორაკები და ბორცვები თითქოს უკუნ სიბნელეში იძირებიან. ქრებიან, თუმცა, ღამის წყვდიადი მათით სავსეა. ფერები და ფანჯრები ქრება, მაგრამ მათი არსებობა ყველაზე ნათლად, მძაფრად იგრძნობა. ახლა მოჩანს, რისი წარმოჩენაც დღის ნათელს არ ძალუძს: წყვდიადში შთანთქმულ, მიმოფანტულ საგანთა თრთოლა, მღელვარება და შიში. ისინი მოკლებული არიან იმ სიხარულსა და შვებას, რომელსაც ალიონი ჰგვრის მათ. განთიადი კედლებს ღამის წყვდიადს აშორებს, თითქოს რეცხავს და თეთრად და ნაცრისფრად ფერავს მათ, ფანჯრის მინებს აელვარებს, მინდვრებიდან ნისლს ფანტავს და აჩენს მოყავისფრო-მოწითალო ძროხებს, რომლებიც მინდორში მშვიდად ძოვენ. ყველაფერს ნათელი ეფინება. თითქოს სამყარო ხელახლა იბადება. „მარტო ვარ, მარტო!“ – შეჰყვირა შადრევანთან მდგარმა რეციამ (ჯვრიანი ინდიელის ქანდაკებას დააცქერდა). შუაღამისას ყოველგვარი საზღვარი ქრება, უძირო ზეცის ქვეშ, თვალუწვდენელ სიშორემდე გადაჭიმული ქვეყანა ძველ იერს იბრუნებს, ისეთს, როგორიც მაშინ ჰქონდა, როდესაც რომაელები მოადგნენ მის ნაპირებს. იმ უხსოვარ დროში ამ ნისლიანი ქვეყნის ამ დიდ ბორცვებს სახელები არ ჰქონდა. არავინ იცოდა, საით მიემართებოდა დაკლაკნილი მდინარეები. რეციას სულში წყვდიადი გამეფებულიყო. მოეჩვენა, რომ რაღაც გამოჩნდა. ფეხი დაადგა. ის ხომ სეპტიმუსის ცოლი იყო, რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ მილანში და მას გიჟს არასოდეს, არასოდეს უწოდებდა! ის რაღაც, რასაც ფეხი დაადგა, უკვალოდ გაქრა. რეცია თითქოს უძირო მორევში გადაეშვა. იქნებ სეპტიმუსი წავიდა? – გაიფიქრა რეციამ. იქნებ აღასრულა თავისი მუქარა და ეტლს ბორბლებში ჩაუვარდა?! მაგრამ არა. სეპტიმუსი ისევ იქ იჯდა. ფეხი ფეხზე გადაედო, რაღაცას დაჟინებით უცქერდა და ხმამაღლა ლაპარაკობდა.

   ადამიანებმა ხეები არ უნდა მოჭრან. ღმერთი არსებობს (ამგვარ აღმოჩენებს კონვერტზე იწერდა). სამყარო უნდა შეიცვალოს. სიძულვილით აღარავინ უნდა ჩაიდინოს მკვლელობა. გააგებინე ეს ყველას (სეპტიმუსმა ეს ჩაინიშნა). შეჩერდა და რაღაცას ყური მიუგდო. გისოსზე შემოსკუპებულმა ბეღურამ ხუთიოდეჯერ დაიჟღურტულა: „სეპტიმუს, სეპტიმუს“ და მისი ხმა მიწყდა. ცოცხალი, გამკივანი ხმით, ბერძნულად ამღერდა იმაზე, რომ დანაშაული არ არსებობს. სხვა ბეღურაც აჰყვა. ისინი ბერძნულად, ცოცხალი, ყურთასმენის წამღები ხმით მღეროდნენ. ხეებიდან და მდინარის მიღმა სიცოცხლის მდელოდან, იქიდან, სადაც ადამიანთა სულები ბოლთას სცემდნენ, სიმღერა ისმოდა. ბეღურები მღეროდნენ, რომ სიკვდილი არ არსებობს.

მისი ხელი აქ იყო; იქ კი სულები დაეხეტებოდნენ. გისოსებს მიღმა თეთრი აჩრდილები ბოლთას სცემდნენ. სეპტიმუსი მათკენ გახედვას ვერ ბედავდა. იქ ევანსი იყო!

– რას ამბობ, სეპტიმუს? – ჰკითხა რეციამ და გვერდით მიუჯდა.

ისევ შეაწყვეტინა ფიქრი! რეცია ყოველთვის ასე იქცეოდა.

– ისინი ადამიანებისაგან შორს უნდა იყვნენ! შორს! – შესძახა სეპტიმუსმა (ფეხზე წამოიჭრა), – წავიდნენ იქ, სადაც ხის ქვეშ სკამები დგას, პარკის გრძელი ფერდობი უზარმაზარი, მწვანე ქსოვილივით გადაჭიმულა. ჭერად ცისფერი ქსოვილი და ვარდისფერი ნისლი ხურავთ. უსწორმასწორო სახლები ნისლში იკარგებიან. ქუჩის ხმაური სპირალივით ეხვევა. მარჯვნივ კი მორუხო-მოყავისფრო ცხოველები ზოოპარკის გისოსებიდან გრძელ კისრებს ყოფენ, ყვირიან და ყმუიან. ისინი ხის ძირას ჩამოსხდნენ.

– შეხედე! – შეევედრა რეცია და ხელი გაიშვირა ბიჭებისკენ, რომლებსაც კრიკეტის ჯოხები მიჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი ფეხების ფრატუნით მიაბიჯებდა და ქუსლებზე ტრიალებდა. იმ ჯამბაზს ჰგავდა, რომელიც მიუზიკ-ჰოლში გამოდის.

– შეხედე! – შეევედრა რეცია.

ექიმმა ჰოლმსმა უთხრა, კარგი იქნება, თუ თქვენს ქმარს ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებთ და ფიქრში ჩაძირვის საშუალებას არ მისცემთ, ხშირად იაროს მიუზიკ-ჰოლში და კრიკეტი ითამაშოს. შესანიშნავი სპორტია, რადგან კრიკეტს ღია ცის ქვეშ თამაშობენ, თქვენს ქმარს ძალიან არგებსო.

– შეხედე! – გაუმეორა მან.

   შეხედეო, ეუბნებოდა ვიღაც უჩინარი ამ ქალის ხმით მას, კაცთა შორის რჩეულს, სეპტიმუსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოეთიშა ცხოვრებას, რათა სიკვდილს მშვიდად შეხვედროდა. მაცხოვარს, რომელიც კაცობრიობის ხელახლა შესაქმნელად მოვიდა ამქვეყნად. მიწაზე მწოლიარე უფალი იმ თოვლის ზეწარს ჩამოჰგავდა, რომელსაც მხოლოდ მზე აცხუნებდა, თუმცა, მაინც არ დნებოდა. მის წამებას ბოლო არ უჩანდა. ის იყო განტევების ვაცი, მარადიული ტანჯული. მაგრამ ეს არ სურდა! კვნესოდა, ხელს იქნევდა და თითქოს იშორებდა მარტოობას, უსასოობასა და ტანჯვა-წამებას.

*გაგრძელება*

ნახვა: 1136

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ექიმი, იტალია, პოსტი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters