დავიწყებული მწვერვალი კილიმანჯარო ან ევერესტი

ეს ის დროა როცა სათვალეები მოვიმარჯვოთ და შევუდგეთ კითხვას! 

 

ისლამური

Islamisch

       რომანის დასაწყისში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ურსულა ლა გუინისეულ ანთროპოლოგიურ ფენტეზში მოხვდი: მოქმედება იშლება საქართველოში, მისი ტოპონიმებით და გარემოს აღწერით. ოღონდ, ამ გარემოში, ჩვეულებრივი, რუტინული მოვლენაა კაცისათვის ოთხი ცოლისა და ქალისათვის ოთხი ქმრის ყოლა. რომანის მთავარი ხაზია ერთ-ერთი ოთხქმრიანი ოჯახის ცოლის ისტორია – როგორ პოულობს ის თავის თავში დაუძლეველ სურვილს, გახდეს ოთხეულის ნაწილი/ერთი ქმრის ცოლთაგან ერთ-ერთი (უყვარდება მომავალი ოთხეულის ქმარი) და რა ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემების წინაშე დგება: მორალური პრობლემა – მიატოვოს თავისი ქმრები, რომლებზეც ემოციურადაა დამოკიდებული, როგორ არწმუნებს მას მისი მომავალი სამი თანა-ცოლი, რომ ის მათთან კარგად იქნება და დროზე უნდა წამოვიდეს საკუთარი ოჯახიდან და ა.შ. პროტაგონისტს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანია, ამის გამო მძიმე ნევროზი ეწყება. ნევროზის გადასალახავად დადის ფსიქოანალიტიკოსთან, ფსიქოთერაპევტთან, თავის მეგობარ ანთროპოლოგთან, ნევროლოგთან და ასე შემდეგ. ამ სტუმრობების დროს გამართულ დიალოგებში, რომელთაგან ზოგიერთი სამკურნალო მიზნით, ზოგიც, უბრალოდ, მეგობრულად იწარმოება, მკითხველისათვის თანდათან ცხადი ხდება ამ საზოგადოების სოციალური სტრუქტურა: მის საფუძველში დევს არა ნუკლეარული ოჯახის (დედა, მამა, შვილი) არამედ, სულიერი ნათესაობის ცნება: ტრადიციულად, ამ ქვეყნის (სამყაროს) ადამიანების სოციალიზაციის მნიშვნელოვანი საფეხური ოთხეულების ჩამოყალიბებაა – ერთი სქესის ახალგაზრდები ოთხწევრიან, მყარ მიკროსოციუმად ყალიბდებიან. თუკი მათი ერთად ყოფნის სურვილი დიდია, ისინი იწყებენ ერთი სექსუალური პარტნიორის ძებნას, რომელთან ერთადაც აპირებენ ოჯახის შექმნას. ასე – ოთხი მამრობითი სქესის ადამიანი ეძებს ერთ მდედრობითი სქესის პარტნიორს, რომელიც დათანხმდება მათთან ერთად ოჯახის შექმნას და პირიქით – ოთხი მდედრობითი სქესის ადამიანი ეძებს მამრობით სქესს, რომელიც დათანხმდება მათთან ერთად ოჯახის შექმნას. ცხადია, ოთხეულები „მარტოსულებს“ ეძებენ – მათ, ვინც ჯერ ვერ მოასწრო საკუთარი ოთხეულის შექმნა, ან უკმაყოფილოა საკუთარი ბედით („საკუთარი ოთხეულით“). როგორც ანთროპოლოგი უხსნის რომანის მთავარ გმირს, ამ სოციალური სისტემის უპირატესობა და ეკონომიურობა შემდგომში მდგომარეობს: 1. ოჯახი არ არის საზოგადობის შემადგენელი პირველადი უჯრედი, ამიტომ, ამ საზოგადოებაში არ დგას სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის გაგების პრობლემა; 2. ოთხი ერთი სქესის ადამიანისაგან შემდგარი მიკროსოციუმი (სანამ ოჯახი შეიქმნება) ერთსა და იმავე დროს მდგრადიცაა და თავისუფალიც – ისინი ერთმანეთსაც კარგად იცნობენ და რაციონალურად თანხმდებიან, იყვნენ ერთად, ხოლო სურვილის შემთხვევაში – დაშორდნენ – თუმცა, ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან; 3. საზოგადოება თავისუფალია ძლიერი/სუსტი სქესის სტერეოტიპისაგან – მსგავსი ოჯახური მოწყობის სისტემაში ამის დადგენა და გამოყოფა უბრალოდ შეუძლებელია – ერთქმრიანი ან ერთცოლიანი ოჯახები სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ეს ერთი ძლიერის და დომინანტის როლს ასრულებს – ბევრია შემთხვევა, როცა ვითარება პირიქითაა; 4. ოჯახები დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ ბავშვებმა ლამის დაბადებიდან დაიწყონ ოთხეულის ძებნა – ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამით მათზე პასუხისმგებლობას იშორებენ, პირიქით – იზრდება მზრუნველობა და ამავე დროს წარმატებული სოციალიზაციის შანსიც.

       ფსიქოანალიტიკოსთან საუბრისას ირკვევა, რომ პრობლემები, რომლებიც ამ სისტემას აქვს, არანაკლებ შთამბეჭდავია. ფსიქოანალიტიკოსი ყვება, რომ მათ საზოგადოებაში იზრდება ე.წ. ნუკლეარული, ფარული ოჯახების რიცხვი და ასეთი ოჯახების შექმნის სურვილი – ოჯახები, სადაც ქალი და კაცი ერთმანეთის პირისპირ არიან. ეს კი არა მარტო მათ უქმნის პრობლემებს, არამედ ამ ოჯახებიდან გამოსული ბავშვების სოციალიზაციაც პრობლემაა: იმის გამო, რომ მათ ოჯახში სულ ორი ადამიანია, ისინი ვერ ახერხებენ ისე გაანაწილონ დრო, რომ ბავშვის, ან უარეს შემთხვევაში, ბავშვების სოციალიზაციას (ანუ, ოთხეულის წევრების ძებნას) საჭირო ყურადღება დაუთმონ. შედეგად, თუკი ორწევრიანი ოჯახი შემთხვევითობის გამოა ასეთი (ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა, ფიზიოლოგიური გადახრა...), ამ ოჯახიდან გამოსული ბავშვი აღზრდით ხდება ორწევრიანი ოჯახის შექმნისაკენ მიდრეკილი. ამან კი მომავალში, – ასკვნის ფსიქოანალიტიკოსი, – შეიძლება ჩვენი საზოგადოების ძირეული ცვლილება გამოიწვიოს. პროტაგონისტის ფსიქოთერაპევტთან დიალოგში ირკვევა ის პრობლემები, რომლებიც ჰომოსექსუალებს აქვთ: როგორ უჭირთ მათ ოთხეულებად დარჩენა – ხუთეულების საზოგადოებაში. ასევე, იმ ვითარებებზე, როდესაც ოთხეულის წევრები სხვა ოთხეულებში მეხუთეები ხდებიან – რა ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გადალახვა უწევს ოთხეულებს. სტატისტიკურად დადასტურებულია, – ამბობს ფსიქოთერაპევტი, – რაც უფრო გვიან ხდება ეს „გადასვლა“ ოთხეულიდან სხვა ოთხეულის მეხუთე წევრად (ცოლად ან ქმრად), წარმატებულობის შანსი მით უფრო ნაკლებია. ოსტატურადაა დაწერილი და მკითხველის ყურისათვის უჩვეულოა დიალოგები რომანის გმირსა და მის ოთხ ქმარს შორის – როდესაც მათ მოჰყავთ არგუმენტები, რატომ არ უნდა მიატოვოს მან ისინი. მორალური არგუმენტია – მათი ოჯახი დაიშლება, რადგან ძნელია და ხშირად შეუძლებელია ოთხი ქმრისათვის კვლავ ერთი ცოლის პოვნა; როგორც წესი, ნაკლული ოჯახები იშლება. ერთ-ერთ „კერძო“ საუბარში თავის ერთ-ერთ ქმართან, რომანის გმირი ისმენს შეგონებას, რომ მას არავინ არ უშლის გვერდით კავშირებს – რომ უმეტესობა ასე ცხოვრობს და სულ არ არის აუცილებელი, მისი შეცვლილი სექსუალური დამოკიდებულების და გატაცების გამო ოჯახი დაიშალოს. ასევე, საინტერესოა რომანის გმირის მომავალ ოთხეულთან (სამ მომავალ თანაცოლთან და ერთ ქმართან) დიალოგები – როგორ ელოდებიან ისინი ოჯახის შექმნას და რა პერსპექტივებს სახავენ ერთად. ამ გამაოგნებელი და ანთროპოლოგიურად საინტერესო სოციუმის აღწერის შემდეგ რომანის კითხვა იმდენად რუტინული ხდება, რომ ტექსტში ჩართული სექსუალური ქცევის დეტალებიც კი აღარ არის საინტერესო.

       მაგრამ ავტორი უეცრად იმდენად უცნაურ ილეთს აკეთებს, რომ მკითხველს კვლავ გაოცებულს ტოვებს: დაახლოებით რომანის შუიდან რომანში პოლიტიკური ვითარებების აღწერა იწყება – ირკვევა, რომ რომანში აღწერილი მოქმედება 2007 წლის ნოემბერია – და მკითხველი რჩება უპასუხო კითხვის წინაშე: ის, რაც ამ რომანში წერია – პარალელური სამყაროს აღწერაა თუ – ჩვენი სამყაროს ფარული „ნამდვილი“ სახისა? განწყობას, რომ ეს ჩვენი სამყაროს აღწერაა, აღრმავებს რომანის ნარატივში აქა-იქ გაბნეული ადგილები, რაც პროტაგონისტების მიერ თავიანთი საქციელის დაფარვაზე თუ შენიღბვაზე მიუთითებს. თავიდან, ამ ადგილებს რომ გადაეყრება, მკითხველი მათ გაუგებრობად ან რედაქტირების ნაკლად მიიჩნევს, სანამ სიუჯეტის პოლიტიკური კონტექსტი და გარემო არ ხდება ცხადი. ჩემთვის ძნელია განსაზღვრა, რა არის ეს წიგნი – მომავლის მანიფესტი, სატირა ჩვენს საზოგადოებაზე თუ ანთროპოლოგიური ფანტაზია. ჩემი სულიერი სიმშვიდისათვის მირჩევნია, შევხედო ამ რომანს, როგორც იმ ჰიპოთეტური ვითარების აღწერას, რომელიც შეიქმნებოდა ჩვენს სამყაროში, სექსუალური ქცევისა და ოჯახის შექმნის ის წესი (და რელიგია) რომ გამხდარიყო დომინანტური, რომელიც მიდის, ჰერბერტის და XX საუკუნის პირველი ნახევრის სხვა ანთროპოლოგების წიგნებშია აღწერილი.

 

ტექნიკის შესახებ

       გამომცემლობა „მერან-მეცნიერი“. თბილისი,1978.) ეს წიგნი, არც სათაურის და არც გამოცემის დროის მიხედვით, განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო: მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდოთ, საბჭოთა საქართველოში გამოცემული წიგნებიდან ფილოსოფიაში (იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში, ქართულ ენაზე გამოსულ წიგნებს საბჭოთა კავშირის მოსკოველი იდეოლოგების მხრიდან მაინდამაინც დიდი ყურადღება არ ექცეოდა), არის იმდროინდელი „დასავლელი“ მოაზროვნეების ნააზრევის მაქსიმალურად ადეკვატური გადმოცემები მინიმალური „საბჭოთა კრიტიკის“ თანხლებით. ვისაც „კითხვის ასაკი“ ამ დროის ჩავლის შემდეგ დაუდგა, ვეტყვი, რომ საბჭოთა კავშირში „საბჭოთა კრიტიკა“ ნიშნავდა „დასავლეთში“ წარმოშობილი ნებისმიერი აზრის კრიტიკას მარქსიზმ-ლენინიზმის პოზიციიდან და იმის მტკიცებას, თუ როგორ გამოუვალ კრიზისშია დასავლური საზოგადოებრივი ცნობიერება და აზროვნება [იგულისხმებოდა – საბჭოთა ცნობიერებასთან და აზროვნებასთან შედარებით]. პრინციპში, ამის დაწერა საბჭოთა ფილოსოფოსების მხრიდან დიდ მორალურ დათმობას არ მოითხოვდა, რადგანაც ზუსტად იმავეს ამტკიცებდნენ ე.წ „დასავლელი“ ფილოსოფოსები საკუთარი გარემოსა და აზროვნების შესახებ. მეტიც – თავისუფალი სამყაროს ზოგიერთი მოაზროვნე ცდილობდა, საპირისპირო (ანუ საბჭოთა კავშირში საზოგადოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების არაკრიზისულობა) დაემტკიცებინა. საბჭოთა კონტექსტიდან გამომდინარე, არც სათაური იყო ძალიან იმედისმომცემი: ჩანდა, რომ წიგნი ჰაიდეგერის (ექსისტენციალისტების) გავლენითაა დაწერილი და უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, თუ როგორ უკარგავს ტექნიკა „თვითობას“ ადამიანს და რომ სახნისი და თოხი ავთენტურია და ადამიანის თვითობასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ტრაქტორი და კომბაინი. მოკლედ, ამ წიგნს ყურადღებასაც არ მივაქცევდი, რომ არა მისი სარჩევი, რომელშიც უხვადაა სიტყვები „ემოცია“ და „შიში“. ამ სიტყვების, როგორც ცნებების, გამოყენება საბჭოთა კავშირის ფილოსოფიურ ლიტერატურაში დიდი იშვიათობა იყო, მით უმეტეს – ტექნიკასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ჩავთვალე, ამ წიგნში იქნებოდა იმის მტკიცების მცდელობა, თუ როგორც ცლის ტექნიკა ემოციებისაგან ადამიანს და რაც უფრო ბევრი ტექნიკური ნაწარმია ჩვენ გარშემო, მით უფრო ვემსგავსებით მანქანებს – „მექანიკური ფორთოხლის“ საბჭოთა ვარიანტი – მაინც გადავწყვიტე, თვალი გადამევლო წიგნისათვის და იქვე, პლეხანოვის N47-ში მდებარე ბუკინისტურში ჩამოვჯექი. მოულოდნელად, წიგნი საინტერესო საკითხავი აღმოჩნდა. აბოშაძე ამტკიცებს, რომ ტექნიკა ემოციების განვითარების, გამოთავისუფლების და ე.წ. რევერსულობის (შეტრიალების) წყაროა: ამ დასკვნამდე მიღწევის მსჯელობის ჯაჭვი ასეთია: ტექნიკა არა მარტო ჩვენს ფიზიკურ უნარებს ანაცვლებს და ფიზიკურ ძალას ათავისუფლებს. სწორედ იმის გამო, რომ ის ჩვენს ფიზიკურ ძალას [მის გამოყენებას] ათავისუფლებს, ასევე ათავისუფლებს ამ ძალის გამოყენების შედეგებსაც.

       შუა საუკუნეების ადამიანების უმრავლესობა, წერს აბოშაძე, დროის უმეტესობას საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ანდომებდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი კი ამავე დროს საფრთხის მიმართ შიშის დაძლევის პროცესია. თუკი მართებულია ის დებულება, რომლის მიხედვითაც ტექნიკის ისტორია ყოველდღიური ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისტორიაა, მართებულია ის დებულებაც, რომ მთელი ტექნიკის ისტორია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ყოველდღიური და საყოველთაო შიშის დაძლევის ისტორია. შიშის დაძლევა კი „უბრალოდ“ დაძლევა არ არის. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, – წერს აბოშაძე, – მუდმივი შიშის გარემოცვაში. მთელი თქვენი ემოციური პოტენციალი შიშზე იხარჯება და თქვენ კარგად ხართ მხოლოდ მაშინ, თუკი ისე მოაწყობთ თქვენს გარემოს, რომ რაღაც დროის განმავლობაში შიშს აღარ იგრძნობთ. შესაბამისად, – ასკვნის ავტორი, – ტექნიკის განვითარებით და ფიზიკური გარემოს უსაფრთხოების მიღწევით ემოციური პოტენციალი თავისუფლდება შიშისგან და სხვა ემოციები ხდება საყოველთაო. საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ შიში იყო საყოველთაო ემოცია, – წერს აბოშაძე. სხვა ემოციები, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, სიძულვილი, ამაღლებულობა, სოლიდარობა – მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო – მათი, ვისაც ყოველდღიური ფიზიკური უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ჰქონდა. ამიტომაცაა, რომ შუა საუკუნეების ხელოვნება ამ „სხვა“ ემოციების გამოხატვაა და სხვა არაფერი. მხოლოდ ახალ დროში, როდესაც ყოველდღიური შიშის გრძნობამ ნელ-ნელა სამედიცინო სფეროში გადაინაცვლა, ხოლო სხვა ემოციები საყოველთაოდ შესაძლებელი გახდა (ინდუსტრიულ ქვეყნებში მაინც – ამატებს ავტორი), ადამიანებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც სხვადასხვა (და არა ერთ რომელიმე) ემოციაზეა დამყარებული. დღევანდელ ადამიანს უფრო მეტად შეუძლია შეიგრძნოს სამყარო, მეორე ადამიანი; უფრო მეტად შეუძლია ატაროს ემოციური ექსპერიმენტები. ეს ყველაფერი ტექნიკის განვითარებამ მოიტანა. თავისი მოსაზრებების დასადასტურებლად, შუა საუკუნეების საბჭოთა და „არასაბჭოთა“ მკვლევართა ნააზრევს შორის, აბოშაძეს მოჰყავს იოჰან ჰუიზინგას წიგნი „შუა საუკუნეების შემოდგომა“, სადაც ნაჩვენებია, რომ ბავშვების სიყვარული შესაძლებელი გახდა მედიცინის განვითარების შემდეგ, როდესაც ბავშვთა ლამის 100%-იანი სიკვდილიანობა შემცირდა.

       მაგრამ ასე დანახული ისტორია სულაც არ არის გზა ბედნიერებისა და სასუფევლისაკენ: ტექნიკის განვითარება შიშსაც უცვლის ბუნებას: შიში, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული – შიში ეპიდემიების, ატომური ომის, გლობალური დათბობის მიმართ – გლობალური ხდება. ტექნიკა, ერთი მხრივ, ყოველდღიურობას „წმენდს“ შიშისგან, მეორე მხრივ კი, შიშის გლობალიზაციას ახდენს. აბოშიძის აზრით, ვითარება, შუა საუკუნეებთან შედარებით, რევერსული გახდა: თუკი „იმ დროს“ ყოველდღიური შიში საკუთარი არსებობის შეწყვეტის მიმართ იყო საყოველთაო, ხოლო სიყვარული, მეგობრობა, სიძულვილი, სოლიდარობა – ერთეულების ხვედრი, დღეს შიში გლობალური საფრთხეების წინაშე ერთეულების ხვედრია, ხოლო უმრავლესობა გრძნობებისა და ემოციების მრავალფეროვნებაშია გახვეული ისე, რომ გლობალურ შიშებს ვერც ამჩნევს და არც სჯერა. თუმცა, – ამბობს აბოშაძე, – საინფორმაციო და განათლების სისტემები (რომლებიც ასევე უხვად იყენებენ და თავადაც წარმოადგენენ ტექნიკას) ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გლობალური შიში კვლავ ლოკალურად და ყოველდღიურად/საყოველთაოდ აქციონ – მედია-საგანმანათლებლო საშუალებებით იმდენად ფართოდ შუქდება ეპიდემიები და ატომური ომის საფრთხე. ეს მეტაფორაა, მაგრამ როგორც ჩანს, შიში „იბრძვის“, რომ კვლავ საყოველთაო და ყოველდღიურ ემოციად იქცეს (გვ.145). რას ნიშნავს ტექნიკის განვითარებით მოტანილი ემოციების რევერსია და უკურევერსია? ჩვენი არსებობის შიშზე დამყარებულობის გარდაუვალობას თუ პირიქით – შიშის რაციონალიზაციის შესაძლებლობას: დავცალოთ ის ემოციურობისგან და ამით ჩვენი სამყარო გონებაზე დავაფუძნოთ? – კითხულობს ავტორი.

       თუმცა, მას არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. წიგნი ამ კითხვაზე შესაძლო პასუხების ანალიზით მთავრდება (გვ.150-200). ამ პასუხების განხილვას ახლა არ შევუდგები. უბრალოდ დავამატებ, რომ ჩვენს დროში ცხადი გახდა ფილოსოფოსების ნააზრევის გარდაუვალი კავშირი მათ სოციალურ და ემოციურ გარემოსთან. სრულიად შესაძლებელია, რომ საზოგადოების შიშზე დამყარების იდეა აბოშაძეს საკუთარმა გარემომ უკარნახა – ცნობილია, რამდენად იყო გამჯდარი შიში საბჭოთა მოქალაქეებში და რამდენად უწყობდა ხელს საბჭოთა მთავრობა ამ შიშის ინსტიტუციონალიზაციას). მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აბოშაძის დასკვნები არასწორია. ყოველ შემთხვევაში, ტექნიკის განვითარების კავშირი ემოციების რევერსიულობასა და უკურევერსიულობასთან, ასევე, შიშის დე-ემოციონალიზაციასა და რე-ემოციონალიზაციასთან – საინტერესოდ, თუმცა, ზედმეტად ინტელექტუალურად მეჩვენება. თუმცა, ეს წიგნი კიდევ ერთ, დამატებით კითხვას მიჩენს: სრულიად მესმის შიშის შესახებ რეფლექსია, რაც, მართალია, არაორდინალური, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოაზროვნისათვის ადეკვატური აქტია. მაგრამ ჩემთვის უცნაურია აბოშაძის აზრები შიშს მიღმა და შიშის მაგივრად არსებული ემოციების შესახებ. საყოველთაოდ გავრცელებული და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, აზროვნება მოითხოვს გამოცდილებას, შეგრძნებაში სააზროვნოს არსებობას. საინტერესოა, სად მიიღო ეს გამოცდილება აბოშაძემ. და თუკი ეს გამოცდილება მას არ მიუღია, მაშინ ზემოთ მოყვანილი საღი აზრის ერთადერთი დამადასტურებელი ტექსტი გვაქვს ხელთ. თვითონ აბოშაძეზე არანაირი ცნობები საქართველოში არ მოიპოვება. შესაძლოა, ეს ფსევდონიმიც იყოს, მაგრამ ვერც ერთ ჩემთვის ცნობილ ფილოსოფოსს, რომელსაც შეეძლო ასეთი წიგნის დაწერა (ასეთი კი სულ რამდენიმეა), „ტექნიკის შესახებ“ ვერ დავუკავშირე.

 

 

 

♦ ოლიმპომდე კიდევ შორია ♦

ნახვა: 319

ტეგები: alfred, blog, book, post, qwelly, qwellyssimo, sad, ალფრედ, აპოკრიფები, არისტოტელე, მეტი...ბიბლიოთეკა, ბლოგი, ბორხესია, ვარდის, ისტორია, პოეტიკა, პოსტი, საქართველო, სახელის, სტატია, ტრაგედია, წიგნები, ჰიჩკოკი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

RuneScape continues to grow more than ever

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2020.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Naturally the team and I are saddened that some gamers are upset about free spins and some also do not enjoy the capacity to also purchase extra spins, however, the truth is 90% of our members are still enjoying the Squeal of Fortune on a daily basis and RuneScape gold more than 70 percent of our free players use the Squeal of Fortune daily also - which makes it a number of the most widely appreciated content release thus far. Nearly all our players also continue to take advantage of the…

გაგრძელება

ათასეული კორონა და ქება-კრიტიკა საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…

გაგრძელება

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

ნახევრადღია არჩევნები და გაცხარებული ურთიერთკრიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 16, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      შესავალ სიტყვაში მხოლოდ არჩევნების თემა დომინირებს, ასევე კორონასგან გამოწვეული ახალი შეზღუდვები და დახურული სკოლა-ბაღები. კარტოგრაფიამ გარეჯიდან თბილისში, თბილისიდან კი სტრასბურგში გადაინაცვლა და იქ საჩივრდება. რაც შეეხება კორონას რიცხვებს - დადასტურებული შემთხვევა - 15327, გამოჯანმრთელებული - 7613, გარდაცვლილი - 124. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2186 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ოქტომბერი,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters