მინდა გიამბოთ ზღაპარი ციცინათელების შესახებ. უფრო ზუსტად, იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდნენ ციცინათელები ჩვენს მშვენიერ ცთომილზე, ასევე მშვენიერი სახელი, დედამიწა რომ ჰქვია.

      ხომ ლამაზია ციცინათელები, პაწია მანათობელი არსებები, ივნისის ღამეებში რომ გამოეფინებიან ხოლმე. ზღაპრული ქვეყნის მოციქულებივით დაფარფატებენ ჰაერში, ირგვლივაც ყოველივეს ზღაპარს ამსგავსებენ, ერთიორად ალამაზებენ ისედაც მშვენიერ ივნისის ღამეს.

      ჰოდა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ ივნისის ღამე ციცინათელების გარეშე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ირგვლივ აღარ დაფარფატებენ ეს პაწია მანათობელი ქმნილებანი, ჰაერში ნაპერწკლებივით მოპწკიალენი. რამდენი სილამაზე დააკლდებოდა ამით ივნისის სურნელოვან, სიცოცხლით სავსე ღამეს.

      მე რომ მკითხოთ, ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო ივნისის ღამე ციცინათელების გარეშე. ვიცი, ეს თქვენც ჩემზე არანაკლებ გაგიძნელდებათ. გაგონებაც კი არ გინდათ; ივნისის ღამე უციცინათელებოდ? არა, ეს ყოვლად შეუძლებელია. არადა, იყო დრო, როცა ივნისის ღამეს არ ალამაზებდა ციცინათელების ზღაპრული ციმციმი. ისინი მხოლოდ მას შემდეგ მოფრინდნენ, როცა...

      თუმცა მოვლენებს წინ რად ვუსწრებთ, ყოველივეს დალაგებით გიამბობთ.

      ასე რომ, სმენა იყოს და გაგონება.

* * *

      დიდი ხნის წინათ, მწვანედ დაბურული ტყის პირას ერთი ღარიბი ქვრივი ქალი ცხოვრობდა. ქალს ორი გოგონა ჰყავდა. ერთს ციცინო ერქვა სახელად, მეორეს ნათელა. გამრჯე და კეთილი გოგონები იყვნენ, დედასაც უჯერებდნენ და საქმის კეთებაც ემარჯვებოდათ, მაგრამ მაინც ბავშვები იყვნენ, ცელქობისთვისაც ხშირად მიუწევდათ გული. ასედაც უნდა იყოს. აბა, სად გაგონილა ისეთი ბავშვი, რომელიც ხანდახან არ ცელქობდეს?

      ცელქობის გამო დედა ხშირად ტუქსავდა გოგონებს, მუყაითობისა და წესიერებისაკენ მოუწოდებდა ხოლმე მათ, როგორც ყველა დედა დედამიწის ზურგზე. ამიტომ მწვანე ტყის პირას ხშირად გაისმოდა ძახილი: „ციცი, ნათელა!“ აქვე შევნიშნავთ, რომ დედა იმ გოგონას, ციცინო რომელსაც ერქვა სახელად, შემოკლებით ციცის ეძახდა.

      მერედა, ვინ დაარქვა ციცინოს ციცი, თუ იცით? ვინ და ნათელამ.

      როდესაც ნათელა პატარა იყო, ვერ ახერხებდა სრულად წარმოეთქვა თავისი დის სახელი,

      „ციცინოს“ ნაცვლად „ციცის“ ეძახდა. ძალაუნებურად დედაც აჰყვა ამაში. ხომ შეგიმჩნევიათ, რა სიამოვნებით იმეორებენ დედიკოები პაწია ბალღების მიერ სახეშეცვლილ თუ შემოკლებულ სახელებს.

      ჰოდა, ასე შერჩა ციცინოს სახელად „ციცი“.

      რაც შეეხება თვითონ ნათელას, მისი სახელი თავიდანვე სრულად იქნა წარმოთქმული, რადგანაც ციცინო ერთი წლით უფროსი იყო თავის დაზე და უკვე გამართულად ლაპარაკობდა, როცა ნათელა დაიბადა.

      როცა დედა თავის გოგონებს ეძახდა, უპირველეს ყოვლისა, უფროსს შეეხმიანებოდა ხოლმე. „ციცი, ნათელა!“ ასეთნაირად გაისმოდა მისი ძახილი მწვანე ტყის პირას. არც ნათელას, არც ციცინოს არ ახსოვდათ, რომ მათი სახელების მიმდევრობა დარღვეულიყოს. ჯერ

      „ციცი“ ისმოდა, მერე „ნათელა“. ჩვენც ასე დავუძახოთ.

      ცხოვრობდნენ მშვიდად, აუმღვრევლად. როგორც უკვე ვთქვით, გარჯა არ ეზარებოდათ. თუკი მათ კარმიდამოს ჩაუვლიდი, ვერავინ ვერ დასწამებდა, აქაურობას მზრუნველი ხელი აკლიაო. პირიქით, მათი ეზო გამოირჩეოდა კიდეც სხვა ეზოებისგან სილამაზით, რადგან ყველაზე მშვენიერი ყვავილები სწორედ აქ ხარობდნენ. ქვრივ ქალს, გოგონების დედას, ყვავილები ძალიან უყვარდა და გოგონებიც შეაჩვია მათზე ზრუნვას.

      მეზობლადაც კეთილი ადამიანები ცხოვრობდნენ, ხალისით უმართავდნენ ხელს მარტოხელა ქალს და მის გოგონებს.

      ტყესთან ახლოს ყოფნაც სასიკეთო იყო მათთვის, მუდამ გამოულევლად ჰქონდათ ტყის ნაირნაირი ნობათი; ველური ხილი თუ კენკრა, სოკო თუ თაფლი, წაბლი თუ თხილი. ტყის პირას წყარო მოჩქაფუნებდა, მასში კალმახს იჭერდნენ ხოლმე. ამას გარდა, გოგონების დედას სამკურნალწამლო ბალახების ცნობაც ემარჯვებოდა. აბედა სოკოსაც ეზიდებოდა ტყიდან... მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ასანთი, ცეცხლის ასანთებად აბედა სოკოს ხმარობდნენ. ზემოთ ჩამოთვლილი მრავალგვარი ნობათისთვის ისევ მათ თუ მოაკითხავდნენ მეზობლები, თორემ თვითონ საძებარი არასოდეს არ გახდომიათ.

      თუმცა, როგორც ჩანს, საკმაოდ ხშირად მართლდება ანდაზა: „მჭედელი უჯაჭვოდ!“ ერთ მშვენიერ დღეს გოგონების დედამ ცეცხლის ანთება მოინდომა, რათა ვახშმის თადარიგს შედგომოდა და აბედა სოკო ვეღარ იპოვა.

      ეს ივნისის თვეში მოხდა. როდესაც ძალიან გვიან ღამდება. დღის სინათლე დიდხანს ზეობს, არც ღამეა მაინცდამაინც ბნელი, ღამის ცა ისეთი მოცისფრო ელფერითაა სავსე, თითქოს დღის ცას ეჯიბრებაო.

      დედამ დიდხანს ეძება აბედა სოკო სახლში, ვერ დაეჯერებინა, უიმისოდ როგორ დავრჩიო. რომ ვეღარ იპოვა, თავის გოგონებს დაუძახა.

      - მეტი გზა არაა, ცეცხლი უნდა მომიტანოთ მეზობლიდან, - უთხრა მათ დედამ. ციციმ და ნათელამ დედას თხოვნა არ გაამეორებინეს, მაშინვე გაიქცნენ ცეცხლის მოსატანად. მათი სახლი განკერძოებით იდგა და არც ისე მცირე მანძილი ჰქონდათ გასავლელი. თანაც საღამო ხანი იყო, მზე დასალიერს უახლოვდებოდა. ჩაურბინეს ტყის პირს. ო, როგორ ბიბინებდა იქაურობა, რა სურნელებით იყო სავსე. მდელოს ხავერდივით გაჰქონდა ღაღანი, ზედ ნაირფერი ყვავილები მოკენჭილიყვნენ. ყველაფერი თითქოს სათამაშოდ ეძახდათ, მაგრამ გოგონები წამითაც არ შეჩერებულან. დედისთვის დროზე უნდა მიეტანათ ცეცხლი, თორემ მშივრები დარჩებოდნენ.

      მეზობელი, რომელსაც ცეცხლი სთხოვეს, ჯერ კიდევ არ შესდგომოდა ვახშმის თადარიგს, ამიტომ ცეცხლი ჯერ არ აენთო. იგი მრავალრიცხოვანი ოჯახის პატრონი გახლდათ და ამჯერად ბავშვების თავმოყრით იყო გართული. ასე რომ, გოგონებს დაცდა მოუხდათ. როდესაც ბოლოს და ბოლოს ცეცხლი აინთო, იმ დროისთვის მზე ჩავიდა კიდეც.

      როდესაც ცეცხლმა კარგად დაიწყო გუზგუზი, მეზობელმა აიღო კეცის ორი ნატეხი, ზედ ღადღადა ნაკვერჩხლები დაალაგა და გოგონებს მისცა.

      - თუ ერთი ჩაქრა, მეორე მაინც შეგრჩებათ, - უთხრა მათ იმ კეთილმა კაცმა და გამოისტუმრა. გოგონებმა მადლობა გადაუხადეს და მაშინვე სახლისკენ გამოეშურნენ. ნაკვერჩხლებიანი კეცის ნატეხები ფრთხილად მოჰქონდათ. ხანდახან სულსაც უბერავდნენ, არ ჩაგვიქრესო.

      ამასობაში დაისი მიინავლა. როცა ტყის პირს მიაღწიეს, შებნელდა კიდეც. გოგონებმა ნაბიჯს აუჩქარეს, დედა რა ხანია გველოდება, ვაი თუ შეშინდესო.

      ამას გარდა, გზის შემოკლებაც გადაწყვიტეს, რათა სახლში დროზე მისულიყვნენ და დედას შეშინება ვერ მოესწრო. ამ მიზნით ტყეში შევიდნენ, ნაკვერჩხლებიან კეცის ნატეხებს ციმციმ მიარბენინებდნენ.

      სწორედ იმ დროს, როცა ტყეში შეაბიჯეს, ხეებს შუა ახლადამოსულმა სავსე მთვარემ ამოანათა.

      მთვარის დანახვა გოგონებს ყოველთვის ახარებდათ. დედისგან ჰქონდათ ნასწავლი:

      „ციურ მნათობებს ყოველთვის სიხარულით უნდა მიესალმოთო, მათ უხარიათ თქვენი დანახვა, თქვენ კი რატომ არ უნდა გაგიხარდეთო“.

      ამჯერად მთვარის დანახვა ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაუხარდათ. მოეჩვენათ, თითქოს ძველი მეგობარი შემოეფეთათ წინ.

      - გზა გაგვინათე, მთვარევ, დედისთვის ცეცხლი მიგვაქვს, - უთხრა ციციმ მთვარეს.

      - მერე კი ერთად ვითამაშოთ, - დაუმატა ნათელამ.

      მთვარეს ხმა არ გაუღია, მაგრამ სინათლე აშკარად მოემატა, უფრო იწყო ქათქათი, რაც იმის აშკარა ნიშანი იყო, რომ ნათელას ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა. ამ ყოფით მიადგნენ წყაროს, რომლის ნაპირებზეც, ვინ იცის, რამდენი უთამაშიათ კალმახებზე თევზაობის დროს. აქ ციციმ შეამჩნია, რომ წყაროს წყალში მთვარის სხივები საოცრად ლამაზად ციმციმებდნენ.

      - შეხედე, მთვარე წყაროში ბანაობს, - შესძახა მან.

      - აბა, სად? - იკითხა ნათელამ. იგი ყოველთვის პატივისცემით ეკიდებოდა თავის უფროსი დის სიტყვებს.

      ციციმ თავისუფალი ხელით მიუთითა დას წყაროს წყალში არეკლილი მთვარისკენ. ნათელამ უყურა, უყურა და ბოლოს თქვა, მთვარეს იმდენი უბანავია, სულ მთლად გათეთრებულაო.

      მართალიც იყო, რაც დრო გადიოდა, მთვარე მით უფრო ქათქათდება. თუ ასე გაგრძელდებოდა, ალბათ თოვლივით დაიწყებდა ქათქათს.

      ამან გოგონები ისე დააინტერესა, რომ წყაროს აღარ მოსცილდნენ, აღმა აუყვნენ წყაროს ნაპირებს, თან განუწყვეტლივ იჭვრიტებოდნენ წყალში.

      - ნახე, კიდევ უფრო გათეთრდა, - ყვიროდა ნათელა, - უკვე თოვლისფერი გახდა.

      - არა, თოვლისფერს ჯერ კიდევ ბევრი უკლია, - პასუხობდა ციცი.

      ბოლოს ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნათელას ფეხი დაუცდა და წყაროში მოადინა ტყაპანი.

      - ფრთხილად, ცეცხლი არ ჩაგიქრეს, - მიაძახა ციციმ.

      გვიანღა იყო; ნაკვერჩხლებიანი კეცის ნატეხი წყალში ჩაიძირა, მისი ნასახიც აღარსად ჩანდა.

      ამ გახსენებაზე ციციმ თავის კეცის ნატეხსაც დახედა და რას ხედავს, ორიოდე ნაპერწკალი ძლივსღა ბჟუტავს. მაშინვე დაფაცურდა ციცი, სული შეუბერა ნაპერწკლებს, ჩინჩხვარიც დააყარა. ამაოდ. ის ორიობდე ნაპერწკალიც ჩაქრა, შავი ნაკვერჩხლებიღა ეწყო კეცის ნატეხზე.

      ეჰ, ნეტავი ასე არ აჰყოლოდნენ მთვარესთან თამაშს და ცელქობას გოგონები. აფსუს, დედა ვერ ხედავდა მათ, რომ ჩვეულებისამებრ დაეძახნა „ციცი, ნათელა“ და ცელქობა მოეშლევინებინა.

      - უცეცხლოდ სახლში ვერ დავბრუნდებით, დედა გაგვიჯავრდება, - თქვეს გოგონებმა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მეზობელს ცეცხლს ისევ გამოვართმევთო.

      თამაშის ხასიათზე უკვე აღარ იყვნენ, ამიტომ აღარც უჭვრეტდნენ წყაროს წყალში მობანავე მთვარეს, სულ მიატოვეს წყაროს ნაპირები, უფრო მშრალ ადგილებში ამჯობინეს სიარული, რათა ტყისთვის თავი რაც შეიძლება მალე დაეღწიათ.

      ძალიან ჩქარობდნენ გოგონები, მაგრამ გზა მაინც უჩვეულოდ გაგრძელდა, ტყეს თავი ვერა და ვერ დააღწიეს. ამას ისიც დაერთო, რომ სიარულიც გაუძნელდათ. ტყის ბილიკები სულ უფრო და უფრო გაბარდული გახდნენ.

      გოგონებს გულში უკვე შიში შეეპარათ, მაგრამ თავს იმაგრებდნენ, ხმისამოუღებლად მიიწევდნენ წინ.

      ბოლოს ნათელამ ვეღარ გაძლო, იგი ხომ ერთი წლით უფრო პატარა იყო.

      - ციცი, არ მინდა ცეცხლის ხელახლა წამოღება, დედასთან მინდა, - თქვა აკანკალებული ხმით.

      - კარგი, წავიდეთ დედასთან, რახან ასე გეშინია, - თქვა ციციმ. ხმა იმასაც კარგა გვარიანად უკანკალებდა.

      გოგონები მობრუნდნენ და ახლა პირუკე მიმართულებით გაუდგნენ გზას. აქ კიდევ უარესი დღე დაადგათ. ძლივსღა მიიწევდნენ წინ, ისეთ ეკალ-ბარდებში ამოყვეს თავი. წყაროც აღარსად სჩანდა. მისი ხმაც არ ისმოდა. ამჯერად გოგონები დარწმუნდნენ, ნამდვილად გზა აგვებნაო, ერთმანეთს ჩასჭიდეს შიშისგან აკანკალებული ხელები და ალალბედზე მიიწევდნენ წინ, იქნებ შემთხვევით გამოსულიყვნენ ტყიდან. ერთხანს ასე იარეს, მერე კი, როცა სიარული ვეღარ შესძლეს დაღლილობისგან, ერთი ფუღურო ხის ძირას მიიკუნჭნენ და ასლუკუნდნენ. ხის ტოტებიდან მთვარე იჭყიტებოდა, მაგრამ მისი დანახვა აღარ ახარებდათ ციცის და ნათელას.

      ამასობაში კი გოგონების დედა მათზე არანაკლებ გაწამაწიაში იყო. მან ყოველივე მოაწესრიგა, რისი გაკეთებაც უცეცხლოდ შეიძლებოდა, ქათმები დააპურა, ძროხაც მოწველა. ფიქრადაც არ გაუვლია, თუ რაიმე საშიშროება ელოდათ გოგონებს. მეზობელთან სხვა დროსაც ხშირად გაუგზავნია ისინი და ყოველთვის მშვიდობიანად ბრუნდებოდნენ შინ. მით უმეტეს, რომ მზე ჯერ კიდევ მაღლლა იდგა.

      როდესაც მზე დასალიერს მიუახლოვდა და გოგონები სახლში არ დაბრუნდნენ, არც მაშინ შეშფოთებულა დედა, იფიქრა, ალბათ გზაში ცელქობას შეჰყვნენო. მაგრამ როცა მზე ჩავიდა, დედა შფოთმა შეიპყრო, ვაითუ გოგონებს გზაში ბინდმა მოუსწროთო, და მათ შესახვედრად გაემართა. გზაზე ნელ-ნელა წვებოდა ბინდი, ცაზე პირველი ვარსკვლავები აკიაფდნენ, ციცი და ნათელა არსად ჩანდნენ.

      როცა დედამ იმ მეზობელთან მიაღწია, საიდანაც გოგონებმა ცეცხლი წამოიღეს, უკვე კარგად შეღამებული იყო.

      - რამდენი ხანია წამოვიდნენ გოგონები, ცეცხლი წამოიღეს. უკვე სახლში უნდა იყვნენ, - აუწყა მეზობელმა.

      დედა ისე შეშინდა, კინაღამ იქვე ჩაიკეცა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და საჩქაროდ ისევ სახლისკენ გამობრუნდა, იქნებ გზაში ავცდი ჩემს გოგონებსო. არც გზაში შეხვედრია ვინმე, სახლიც ცარიელი დახვდა. ამ დროისთვის უკვე ნამდვილი ღამე იყო.

      საშინელ დღეში ჩავარდა საბრალო ქალი, თავბედს იწყევლიდა, ეს რა მომივიდაო.

      - ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გამიგზავნიხართ მეზობლებთან და ყოველთვის მშვიდობიანად დაბრუნებულხართ. ახლა ნეტავ რა დაგემართათ! ციცი, ნათელა, სადა ხართ შვილებო! - შესძახა ღამეს.

      პასუხი არავის გაუცია, საამოდ ფშვინავდა ივნისის სურნელოვანი ღამე. მხოლოდ ღამის მომღერალთა ხმები არღვევდნენ მყუდროებას, სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ.

      დაკარგული ბავშვების დედას რა დაამშვიდებდა, არც კი დაფიქრებულა, ისე გაიქცა მათ საძებრად ღამის სიბნელეში. თვალებს გაფაციცებით აცეცებდა, იქნებ ცეცხლის გაპწკიალებას მოვკრა თვალიო, იმ ცეცხლისა, რომელიც გოგონებს უნდა მოეტანათ.

      მაგრამ რამდენიც არ აცეცა თვალები, ვერსად ვერ დაიანახა ცეცხლის მოპწკიალე ნაპერწკლები... მთვარის შუქით შემღვრეული სიბნელე ზეობდა ირგვლივ, და არც ციცინათელები დაფრინავდნენ...

      დედა მაინც არ ცხრებოდა. „ციცი, ნათელა, სადა ხართ შვილებო, ხმა გამეცით“, - გაიძახოდა და უგზო-უკვლოდ გარბოდა ღამის სიბნელეში. ისევ დაეძებდა სიბნელეში მოპწკიალე ცეცხლის ნაპერწკლებს. რას წარმოიდგენდა, თუ მისი გოგონები ფუღურო ხის ძირას ისხდნენ შუაგულ ტყეში.

      ვერ მოძებნიდა მათ დედა, ვინ იცის, რა ხიფათს გადაეყრებოდნენ გოგონები, მშველელი რომ არ გამოსჩენოდა შვილების დაკარგვით გამწარებულ დედას. მერე რა მშველელი; მშვენიერი, პირბადრი, ყოვლისმხილველი თვალის და უტყუარი ალღოს მქონე.

      ეს მთვარე გახლდათ.

      მთვარე კარგა ხანია თვალს ადევნებდა დაკარგული გოგონების დედას და ისე შეებრალა იგი, დახმარება გადაწყვიტა. ცოტა არ იყოს, თავს დამნაშავედ გრძნობდა გოგონების დაკარგვაში, აკი მასთან თამაშით გაერთნენ ციცი და ნათელა.

      ახლა კი, ნება მომეცით, თვით მთვარის შესახებ გითხრათ ორიოდე სიტყვა. მთვარე არ არის მხოლოდ ის, რასაც ცაზე ვხედავთ, ანუ არ არის მტვრის ერთი გუნდა, როგორც წვეროსანი მეცნიერები ამტკიცებენ. მთვარეს აქვს თავისი არსებობის მარად უხილავი, იდუმალი სამყარო, სადაც იგი ისეთივე ნათელია, როგორიც ჩანს. ამ სამყაროში მთვარე მკრთალი სინათლის ბულულია, თანაც მარტო როდია, ისევე მდიდარია ბინადრებით, როგორც ჩვენი დედამიწა. ყველა მისი ბინადარი მთვარისფერია, ანუ მკრთალი ნათელი ფერისაა. აქ ყველაფერი ნაზ შუქს აფრქვევს, თვალს რომ არ მოგჭრის და თავისკენ უხმოდ, ალერსიანად გეძახის. დიაღაც რომ მშვენიერია მთვარის ეს ნათელი, იდუმალი სამყარო, ოღონდ იგი ერთნაირად მიუწვდომელია ყველასთვის. არავინ დაიტრაბახოს, ეს სამყარო საკუთარი თვალით ვიხილეო. კოსმონავტები უკვე ესტუმრნენ მთვარეს და მომავალშიც კიდევ უფრო ხშირად ესტუმრებიან, მაგრამ მათთვის მოუხელთებელი და უხილავი დარჩა მთვალის იდუმალი სამყარო, მისი არსებობის ნათელი მხარე. ამ ნათელ, იდუმალ სამყაროში ყოველთვის სიმშვიდე და თანხმიერება სუფევს. აქ ყველა გულისხმიერია, თვითონ მთვარით დაწყებული, მისი ბინადრებით, თუნდაც სულ პაწია მწერებით დამთავრებული. ყველა მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს კეთილი საქმისთვის მაშვრალს, გზა გაუნათოს გაჭირვებაში ჩავარდნილს, საამისოდ კი ისეთ იდუმალ, ეშმაკურ ხერხს მიმართავენ, არავის აზრადაც არ მოსდის საქმეში მათი მონაწილეობა.

      ამრიგად, მთვარემ გადაწყვიტა, დახმარება გაეწია გასაჭიიში ჩავარდნილი დედისა და მისი შვილებისათვის. ამ მიზნით მან ორ პაწია, მანათობელ მწერს მოუხმო.

      - ახლავე გაფრინდით დედამიწაზე, - უთხა მათ მთვარემ, - წინ გაუფრინ-გამოუფრინეთ დედას, დაკარგულ შვილებს რომ დაეძებს. იფიქრებს, ჩემი გოგონები არიან, ცეცხლი მოაქვთ ჩემთვისო და აუცილებლად დაგედევნებათ, თქვენ კი იმ ხისკენ გაუძეხით, რომლის ძირშიც გოგონები სხედან. ვხედავ, უკვე ჩასძინებიათ კიდეც. იჩქარეთ, იმ ხისკენ დათვი მიემართება.

      მანათობელმა პაწია ქმნილებებმა სიტყვის დამთავრებაც არ აცალეს მთვარეს, მაშინვე დედამიწისკენ ჰქნეს პირი. წამიც არ გასულა, უკვე დედამიწაზე იყვნენ. მთვარის ნათელ მხარესა და დედამიწას შორის არსებობს ასევე ნათელი, იდუმალი ბილიკები, რომლებითაც ასეთ შემთხვევებში სარგებლობენ ხოლმე მთვარის ბინადრები. ამ ბილიკებით ისე სწრაფად მიდი-მოდიან, ვერც ერთი მფრინავი აპარატი ვერ შეედრებათ, თვით სინათლეც კი ვერ გაუწევთ მეტოქეობას.

      პაწია მანათობელმა ქმნილებებმა სულ ადვილად იპოვეს ლამის უკვე სასოწარკვეთილებამდე მისული დედა, თავის დაკარგულ გოგონებს რომ დაეძებდა და შორი-ახლოს გამოუქროლეს, როგორც მთვარემ დაარიგა.

      - ციცი, ნათელა! - შესძახა დედამ, როცა მბრწყინავი წერტილები შენიშნა ღამის სიბნელეში და მაშინვე მათკენ გაქანდა. მართლაც ასე იფიქრა, ჩემი გოგონები არიან, ცეცხლი მოაქვთ ჩემთვისო.

      პაწია მანათობელმა ქმნილებებმა მიახლოების საშუალება არ მისცეს, უფრო შორს გაფრინდნენ, რათა დედისთვის გაუგებარი დარჩენილიყო, თავის გოგონებს რომ არ მისდევდა.

      - ციცი, ნათელა! - ისევ შესძახა დედამ და კვლავ გამოუდგა.

      მბრწყინავმა წერტილებმა კიდევ უფრო შორს გადაინაცვლეს, ოღონდ ისე, რომ მხედველობიდან წამითაც არ დაკარგულან. ბოლოს ტყეში შეფარფატდნენ. დედა იქაც შეჰყვა მათ.

      - ციცი, ნათელა! დამიცადეთ, რატომ გამირბიხართ, შვილებო! - მისძახოდა დედა მბრწყინავ ნაპერწკლებს, რომლებიც ხან გაიპწკიალებდნენ, ხან მიიმალებოდნენ ხეებს შორის.

      ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ ორი პაწია მანათობელი ქმნილება არ მიფარფატდა იმ ფუღურო ხემდე, რომლის ძირშიც გოგონებს ეძინათ. აქ მათ რამდენჯერმე შემოუფრინეს ირგვლივ იმ ხეს, აღარც მოსცილებიან იქაურობას.

      ცოტა ხანში იმ ხესთან დედა მიიჭრა.

      - ციცი, ნათელა! - შესძახა ქალმა, როცა ხის ირგვლივ მოფარფატე მნათი წერტილები შენიშნა.

      - დედა, დედიკო! - მოესმა პასუხად. ამ დაძახილზე გოგონებს გაღვიძებოდათ. სიტყვა ვერ აღწერს, ისე გაიხარეს დედამ და შვილებმა. ერთმანეთს გადაეხვივნენ და სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ. ორი პაწია მანათობელი ქმნილება მათ ირგვლივ დაფარფატებდა. მათ შეასრულეს თავიანთი ვალი, დაკარგული გოგონები აპოვნინეს დედას და წესით უკვე მთვარეზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ისე მოიხიბლნენ დედის და შვილების სიხარულით, გულმა არ მოუთმინათ, თვითონაც არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სიხარულის ზეიმში. ასე რომ, ძალაუნებურად გაამჟღავნეს თავი.

      - მე კი მეგონა, ჩემს გოგონებს ცეცხლი მოჰქონდათ ჩემთვის, - თქვა გაოცებით დედამ.

      - რას ამბობ, დედიკო, ცეცხლი რა ხანია ჩაგვიქრა, - გაეცინათ ციცის და ნათელას.

      როგორც კი ცოტათი დამშვიდნენ, სახლის გზას დაადგნენ, ტყე საჩქაროდ უნდა მიეტოვებინათ, რათა რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდნენ. ორმა პაწია მანათობელმა ქმნილებამ მათი მეგზურობა იკისრა. რამდენადაც თავი უკვე გაამჟღავნეს, რაღა აზრი ჰქონდა დამალვას და ცეცხლის ნაპერწკლებად თავის მოჩვენებას.

      ჯერ ისევ ტყეში იყვნენ, როცა ლაპარაკის ხმა გაიგონეს, ანთებული ჩირაღდნებიც დაინახეს და სულ მალე ხალხის შუაგულში ამოჰყვეს თავი, თურმე ლამის მთელი სოფელი მათ საძებრად წამოსულიყო.

      - კიდევ კარგი, რომ ტყეში არ დაიკარგეთ, - ეუბნებოდნენ მეზობლები დედას და მის გოგონებს.

      - არ დავიკარგებოდით, მბრწყინავი ნაპერწკლები მიგვიძღოდნენ წინ, - პასუხობდნენ ისინი.

      ეს კი ყველასთვის ახალი ამბავი იყო, ასეთი რამ ჯერ თვალითაც არავის ენახა და არც გაეგონა. თან ყველას უნებურად პირზე ადგა ეს ორი სიტყვა: „ციცი, ნათელა!“ ამ სიტყვებს გაიძახოდნენ, როცა ჰაერში მოპწკიალე ნაპერწკლებს შეჰყურებდნენ, გულით გაიხარეს ამ საამური სანახაობით.

      მაგრამ მათი სიხარული რა იყო იმასთან შედარებით, რითაც ბავშვებმა გაიხარეს, როცა ჰაერში მოფარფატე მბრწყინავი ნაპერწკლები დაინახეს.

      ჭეშმარიტად; ყველაზე დიდი სიხარული ბავშვის სიხარულია! ყველამ ერთად მოინდომა მანათობელ ქმნილებებთან თამაში, დასდევდნენ ჰაერში მოფარფატე მბრწყინავ ნაპერწკლებს და „ციცი, ნათელა“, გაიძახოდნენ უფროსების მიბაძვით. მაშინვე აიტაცეს ეს ორი სიტყვა. დაძინება ვიღას ახსოვდა. კიდევ კარგი, არც უფროსებს გახსენებიათ დაძინება, ისინიც ძალიან მოიხიბლნენ ამ საოცარი მანათობელი ნაპერწკლებით, რომლებიც არა და არ ქრებოდნენ.

      პაწია მანათობელი ქმნილებებიც გაერთნენ ბავშვებთან თამაშით, ძალიან მოეწონათ მათი ხმამაღალი, მხიარული სიცილ-კისკისი. თვითონაც გულით გაიხარეს და ვერც კი გაიგეს, ისე სწრაფად გავიდა დრო. ღამე მიილია, მთვარე გადაიხარა, საცაა ჩავიდოდა კიდეც...

      - ახლა კი ნამდვილად დაბრუნების დროა, - ერთმანეთს გადაულაპარაკეს პაწია მანათობელმა ქმნილებებმა და ჰაერში შემაღლება იწყეს.

      ბავშვებს ეს არ გამოპარვიათ.

      - ციცი, ნათელა! სად მიფრინავთ! - შესძახეს მათ.

      პასუხად მანათობელმა პაწია ქმნილებებმა კიდევ უფრო შეიმაღლეს, თუმცა თვითონაც ძალიან წყდებოდათ გული, დედამიწას რომ ტოვებდნენ.

      ბავშვები მიხვდნენ, რაღაც არასასიკეთო ამბავი რომ ხდებოდა და ძალიან დაღონდნენ, ცრემლებიც კი გადმოყარეს. ამას კი ვეღარ გაუძლეს პაწია მანათობელმა ქმნილებებმა.

      - ოღონდ თქვენ ნუ იტირებთ, არ დავბრუნდებით მთვარეზე, ისევ თქვენთან დავრჩებით, - უთხრეს ბავშვებს და ისევ დაბლა ჩამოფრინდნენ. ცხადია, მთვარესაც სთხოვეს ნებართვა, რომ დედამიწაზე დარჩენილიყვნენ (უამისობა არაფრით არ იქნებოდა). მთვარემ ხმისამოუღებლად მისცა დასტური და დინჯად ჩაეშვა ცისკიდურს მიღმა. ის კი არადა, მთელი გუნდი მანათობელი პაწია ქმნილებები გამოგზავნა, უფრო მხიარულად იქნებითო.

      არც შემცდარა. ბავშვების სიხარული გაათკეცდა, როცა ჰაერში მოპწკიალე უთვალავი მბრწყინავი ნაპერწკლები დაინახეს. სიხარულის ყიჟინით გამოუდგნენ, მათაც „ციცი, ნათელაო“, ასე მისძახოდნენ. უფროსებმაც მხარი აუბეს ბავშვებს და გაისმოდა სიხარულით სავსე შეძახილები ივნისის ღამეში; ციცი, ნათელა! ანუ იგივე, ციცინათელა!

      ასე მოფრინდნენ ციცინათელები დედამიწაზე, ივნისის ერთ მშვენიერღამეს.

ნახვა: 699

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ქადაგიძე, ჩანახატი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters