ბუმერანგი (ამონარიდი)

      მეტი რომ აღარ შეიძლებოდა, ისეთი კმაყოფილი იყო მებაღე. როგორც ჩანს, ენატრებოდა თავისი ამბები (გამოცდილებით დაგროვილი) ვინმესთვის გაეზიარებინა, მე კი სანიმუშო მსმენელი გამოვდექი. ბავშვის წერილი გვერდზე გადადო, საქაღალდეს წაეტანა, ქაღალდების დასტა ამოიღო, პირველი ფურცელი წინ დაიდო.

      - ბუმერანგი! - გამოაცხადა დიდი ამბით.

      - რა ბუმერანგი? - ვკითხე გაოცებულმა.

      - სათაურად ბუმერანგი ჰქვია ამ ზღაპარს, - თქვა მებაღემ ისე, რომ თავი არ აუწევია, - ხომ გითხარი, მე აქ მარტო მხატვრები და პოეტები კი არ მყავს, მწერლებიც არიან, მეზღაპრეებიც...

      - მგონი თავი მოგაბეზრეთ, - სასწრაფოდ წამოვხტი მე, ზღაპრის მოსასმენად ნამდვილად არ მცხელოდა.

      მებაღემ სრულიად აუღელვებლად განმიმარტა, რომ ახლა ჩემთვის აუცილებელია ამ ზღაპრის შინაარსის გაცნობა. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვის წერილი უკვე წამაკითხა, დედის მაძიებელი ბავშვის... ამ ზღაპარში ეს წერილი ბუმერანგის როლს ასრულებს.

      - ვაითუ, დაგღალოთ, - არ ვნებდებოდი მე.

      - სულაც არ დავღლილვარ,- ჩემმა თანამეინახემ ღვინით შეჟუჟუნებული სახე მომაპყრო. თვალები უბრწყინავდა, თმის ბულული ნისლივით ეფინა თავზე.

      - მე მგონი, საკმაოდ სქელტანიანი უნდა იყოს ეს ზღაპარი, დიდ დროს წაგვართმევს.

      - ფურცლები ბევრია, მაგრამ ძალიან უთავბოლოდაა ნაწერი. ხომ იცი მათი არეული თავის ამბავი... ზოგიერთზე ორად ორი წინადადება თუა, მეტი არა. მალე გავალთ ბოლოში.

      აღარაფერი მითქვამს, სკამზე ჩამოვჯექი და ბედს შერიგებული სახე მივიღე. რაც არ უნდა იყოს, მართლაც საინტერესო იყო ბავშვის წერილის თავგადასავალი. მებაღე მიუბრუნდა თავის უსტარს, დაიწყო ზღაპრის კითხვა:

* * *

      „შემმოსეს მე სამეფო სამოსელით, ოქროს გვირგვინი დამადგეს თავზე. ძვირფასი ფარღულით დამიმშვენეს გულისპირი, ყარყუმის მანტია წამომასხეს. ოქროთი ნაჭედი ფეხსამოსით დამიფარეს ტერფები, ძვირფასი ბეჭდები ჩამოარიგეს ჩემს თითებზე...~

      მოზეიმე ხმით წარმოთქვამდა ამ სიტყვებს მებაღე, უნაკლოდ და ზედმიწევნით მიჰყვებოდა ტექსტს. უცბად შეჩერდა, თავი მაღლა აიღო.

      - გაუგებარი დარჩება, თუ წინასწარ არ გითხარი, - მითხრა უკვე ჩვეულებრივი ხმით, - ამ ზღაპარში ორ სხვადასხვა ცთომილზეა ლაპარაკი. ერთი მხრივ, უკეთური ცთომილია, ასევე უკეთური მზით განათებული. მეორე მხარეს კი სხვა ცთომილი, რომელსაც სხვა მზე ანათებს. ზღაპრის გმირი წინასწარ არაფერს ამბობს ამის შესახებ, პირდაპირ იმით იწყებს, თუ როგორ გაიჭრა რომელიღაც სხვა ცთომილის საძებრად. ესაა მისი აუხდენელი ოცნება.

      - საინტერესო უნდა იყოს, - ვთქვი მე.

      - მართლაც, - დიდი გულმხურვალებით შემეხმიანა მებაღე, - აბა, ვის არ უოცნებია, გაჭრილიყო სადღაც შორს, სულ სხვა სივრცეში, სხვა ცთომილზე... ეეჰ, ხანდახან რა უმაქნისი გვეჩვენება ეს ჩვენი დედამიწა...

      მებაღე ისევ მიუბრუნდა ხელნაწერს.

* * *

      -„შემმოსეს მე სამეფო სამოსელით...~ - და მებაღემ წინანდებურად მოზეიმე ხმით ჩააბულბულა ჩემთვის უკვე ცნობილი სიტყვები. ალბათ დაავიწყდა, რომ ეს უკვე წაიკითხა, გავიფიქრე მე. ეს არაა მიუტევებელი ცოდვა. ველოდი, რომ მებაღე გააგრძელებდა ზღაპრის კითხვას, მაგრამ არა, ისევ შეჩერდა.

      - ამ ზღაპარში მეც ვარ გამოყვანილი, - როგორღაც დამორცხვებით შემომხედა მებაღემ, - გოლიათის სახით გამომიყვანა. სახელად გოლიათი მქვია, მამაჩემმა დამარქვა. იცი, რატომ? ჩემმა შვილმა ამ ცხოვრებას ათი გოლი უნდა გაუტანოსო. ეეჰ, ათი კი არა, ერთიც ვერ გავიტანე...

      მებაღემ ამოიოხრა, ისევ მიუბრუნდა ხელნაწერს:

* * *

      „შემმოსეს მე სამეფო სამოსელით...

      მებაღემ კვლავ უკლებლად ჩააბულბულა ზღაპრის შესავალი.

      ისევ შეწყვიტა კითხვა, თვალი მომაპყრო.

      - ერთი რამ უნდა გითხრა კიდევ... ბავშვის წერილი გულისპირში უდევს ამ ზღაპრის გმირს. არც ამის შესახებ ამბობს რაიმეს წინასწარ, მხოლოდ მოგვიანებით გაირკვევა, რომ თურმე წერილი გულისპირში ჰქონია.

      ისევ დახარა თვალები ხელნაწერისკენ მებაღემ.

* * *

      „შემმოსეს მე სამეფო სამოსელით...~ და ა.შ. კვლავ ჩააბულბულა შესავლის ტექსტი უკლებლად. ერთი სიტყვით, მებაღეს რაღაც ემართებოდა, იგი ჰგავდა მანქანას, რომელიც ვერა და ვერ იძვრის ადგილიდან. ნეტავი რა სჭირს?

      იქნებ ძალიან სიამოვნებს ამ მაღალფარდოვანი შესავლის წაკითხვა, სადაც მეფურ სამოსელზეა ლაპარაკი. მგონი, მართლაც ასე უნდა იყოს. არცაა დიდად გასაკვირი... აბა, ვის არ უხარია, თუ მეფის სამოსელით შემოსავენ, ანუ პირველთა უპირველეს ადგილს მიაკუთვნებენ თავის მსგავსთა შორის? „მთელი სამყარო შენს ფერხთა წინაშეა!~ ყველას ესალბუნება ეს სიტყვები. როგორც ჩანს, არც ჩემი თანამეინახეა გამონაკლისი ამ მხრივ. ამ საამური სიტყვებით იოხებს გულს, მითუმეტეს, რომ ასე გულნაკლულია. ერთი გოლიც კი ვერ გავიტანე ათი შესაძლებლიდანო, ჩივის.

      მებაღემ დაასრულა საზეიმოდ გაწელილი ტექსტი. გულისფანცქალით შევყურებდი; აბა, რას იზამს, გააგრძელებს კითხვას, თუ რაიმე მიზეზს გამოჩიჩქნის უკან დასაბრუნებლად...

      ჩანს, ასეთი ვერაფერი იპოვა, ამიტომ მხოლოდ ოდნავ შეყოვნდა და ისევ გააგრძელა ხელნაწერის კითხვა:

      - „მომგვარეს ბედაური, სხეულით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე. ვარსკვლავთა გირლიანდებს უგავდა აღკაზმულობა, სუნთქვით ცეცხლს აფრქვევდა, ფლოქვები ნაპერწკლებს აკვესებდნენ. ნიავქარივით მსუბუქი იყო მისი ნაბიჯი და გრიგალივით ძლევამოსილი. ვგრძნობდი, არ მიმტყუნებდა ეს ბედაური, მასზე ამხედრებული უეჭველად გავარღვევდი ცისკიდურს, დავტოვებდი ამ უკეთურ ცთომილს, რომელსაც ასევე უკეთური მზე ანათებს, სულ სხვა სივრცეში გავიჭრებოდი...~

      ისევ მოსწყვიტა თვალი ხელნაწერს მებაღემ:

      - აჰა, ხომ გეუბნობოდი, ასეთი აკვიატება ჰქონდა ამ მეზღაპრეს. გარბის უკეთური ცთომილიდან, სხვა ცთომილს დაეძებს, რომელიც სხვა სივრცეშია და სხვა მზის სხივებითაა განათებული. სულ ეს აკერია ენაზე.

      - გასაგებია, გააგრძელე! - შევაწყვეტინე საკმაოდ მკვეთრად. ჯერ არ გამნელებოდა შიში, ისევ შესავალთან არ დაბრუნებულიყო.

      - ძალიან აბნეულად წერს ხანდახან, - თავი იმართლა მებაღემ და გააგრძელა ზღაპრის კითხვა:

      - „მივდივარ, მივაგელვებ ბედაურს, სივრცეები უკან იხევენ, ცის სილურჯე შიშით ფითრდება, მთები თავმოდრეკით მესალმებიან. წინ რა უნდა გადამეღობოს? აუცილებლად გავაღწევ სხვა სივრცეში... იქ, სადაც სხვა ცთომილი სუფევს. ჯერ მარტო მისი დანახვა რად ღირს; ვარდის კოკორივით მშვენიერია და სურნელოვანი. თავზე ევლება მზე, ლმობიერად მანათობელი. ცისარტყელების ბილიკებს ქსოვს აბრეშუმივით რბილი სხივებით. ამ ბილიკებით ერთიანად დაქსელილია უცხო ცთომილის ირგვლივ სივრცე. არც იქ მიღალატებს ჩემი ბედაური, ცისარტყელების ბილიკსაც მივწვდები მასზე ამხედრებული.

      - მივდივარ, მივაგელვებ ბედაურს, - მებაღემ წამით ამომხედა, არ გეგონოს, ისევ უკან დავბრუნდიო, - ასე წერს, - ჩაილაპარაკა მეტი დამაჯერებლობისათვის, - ნისლივით ფრიალებს ყარყუმის მანტია, ნაზად წკარუნობენ ძვირფასი სამკაულები, გულისპირზე და ხელებზე ჩამორიგებულნი. როგორ ბრწყინავენ, როგორ ბრწყინავენ.... ეს განსაკუთრებით ოქროს გვირგვინზე ითქმის, ნაირფერი ათინათები მეფრქვევა მისგან.

      „სხვა“ სივრცე ჯერჯერობით შორს იყო ჩემგან, ჯერ არ გავცილებოდი უკეთური ცთომილის საზღვრებს, უკეთურ ცთომილზე კი, როგორც ცნობილია, ვერსად ვერ ივლი, თუ ვინმეს არ გადაეყარე. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი, მრავლად მხვდებოდნენ ცთომილის მკვიდრნი. თვალს ვერ მწყვეტდნენ, შემომნატროდნენ, ასეთი სრულქმნილი რამ დაგბადაო, მეუბნებოდნენ, თანაც ბედსვიანი. განგება ფრიად მოწყალე ყოფილა შენთვისო.

      როცა გაიგეს, თუ საით მქონდა გეზი, მათ აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, მათაც ბევრი რამ სცოდნოდათ უცხო ცთომილის შესახებ.

      - სულ სხვაა ის ცთომილი, - ამბობდნენ ისინი, - ვარდის კოკორივით თვალწარმტაცია და სურნელოვანი. სულ სხვაა ის მზე, ლმობიერია და ალერსიანი, მისი ღიმილი ყველაზე სანატრელი სახის ღიმილს ჰგავს.

      ამის შემდეგ დაფიქრდებოდნენ, აღტაცება გონებას უთმობდა ადგილს, შეკითხვას შეკითხვაზე დამაყრიდნენ ხოლმე. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია: ყოველივეს აეხსნება ფარდა იმ სივრცეში, საითაც მე მივიწევდი, ყველა კითხვას დაეძებნება პასუხი.

      - ავლილი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი არავინ, - უსათუოდ ჯერ ამას იტყოდა ყოველი მათგანი, - მაგრამ განგება თუ იმდენად მოწყალე გამოდგა შენთვის, აქეთკენაც შეძლო ჩამოვლა, იქნებ გაიგო და მეც გამაგებინო, რატომ მიილტვის დრო მხოლოდ წინ, მხოლოდ ერთი მიმართულებით, რატომ არ ბრუნდება უკან, თუნდაც სულ ცოტა ხნით.

      უნდა ითქვას, უმეტესწილად მსგავსი ხასიათის შეკითხვები აწუხებდათ ჩემს შემთხვევით მოსაუბრეებს: „საითკენ მიდის დრო, სად მიაქვს ჩვენი სიჭაბუკე და სილამაზე,“ - აი, ამ სიტყვებს შემომღაღადებდნენ ყოველი მხრიდან.

      - სხვა სივრცე გამცემს პასუხს ამ კითხვაზე, - ვეუბნები მათ გულდაჯერებით. ისინიც იმედიანი თვალებით მაცილებდნენ.

* * *

      შემომხვდა გოლიათი, თავით ღრუბლებს მოარღვევდა, მიწა იძროდა მის ფეხქვეშ.

      მომიახლოვდა, მზე ჩამოაბნელა ჩემს თავზე.

      - ვერა და ვერ გავიტანე მეათე გოლი, - დაიგრუხუნა ყურისწამღები ხმით. შევხედე, უშველებელი ბურთი ამოეჩარა მკლავქვეშ. ბურთზე მატერიკების კონტურები იყო გამოსახული, ლურჯი ოკეანეებიც გავარჩიე.. მომეჩვენა, თითქოს თვით დედამიწა ჩაებღუჯა გოლიათს.

      - ცხრა გოლი თუ გაიტანე? - მე ჩემი მხრით ვკითხე.

      - რა თქმა უნდა, ცხრა გოლი გავიტანე.

      - მეტი რაღა გინდა. განა ცოტაა? ათიდან ცხრა....

      - არავითარი აზრი არ აქვს, გინდა ცხრა გოლი გაგიტანია, გინდა მთლად ცარიელზე დარჩენილხარ. ათივე უნდა გავიტანო აუცილებლად. ჰკითხე იქ, სხვა სივრცეში ეცოდინებათ ამის მიზეზი, თუ რატომ ვერ გამაქვს მეათე გოლი.

      გოლიათი გამეცალა, მეც ჩემს გზას ვეწიე. ცოტა ხანში მძიმე გმინვა შემომესმა. მივიხედე; გოლიათი მიწაზე დამხობილა რაღაც მაღალი თაღის წინაშე. თურმე იმ თაღში უნდა გაეტანა ათი გოლი და ისევ მოეცარა ხელი, ამიტომაც გმინავდა ასე გამწარებით.

* * *

      მებაღემ ისევ ასწია თავი, მომღიმარი თვალი გამისწორა.

      - აი, ასეთი სახით გამომიყვანა მეზღაპრემ, ასეთნაირად დამინახა... - ამ სიტყვებთან ერთად მორცხვად გაიცინა. ცოტა უცნაურიაო, თავისთვის ჩაილაპარაკა.

      - მშვენივრად ხარ გამოყვანილი, - სასწრაფოდ შევაწიე სიტყვა, - ისეთი არაფერია, გულში ხინჯად რომ ჩაგრჩენოდა.

      მებაღემ თავი დამიქნია და ისევ მიუბრუნდა ხელნაწერს.

* * *

      ..პოეტს გადავეყარე, ხელში ჭრელი ყვავილების თაიგულით.

      - ყვავილები ჯადოქრები არიან, - თქვა და ყვავილებს მიესიყვარულა, - მათ იციან სინათლის ენა, ყველაზე სრულქმნილი ენა მთელს სამყაროში. იციან სინათლესთან ახლო მეგობრობის წყალობით. ისინი ხედავენ დროს, მაგრამ ვერ ხედავენ სივრცეს... ჩვენ, ადამიანები, ვხედავთ სივრცეს, მაგრამ ვერ ვხედავთ დროს, მათგან განსხვავებით.

      - მერედა, ამათგან რომელი მიგაჩნია საუკეთესოდ? - ვკითხე მე, - რომელი ენა უფრო ახლოა მშვენიერებასთან....

      - ორივე მშვენიერია და საუკეთესო, ოღონდ სასურველია ერთად იყვნენ. მე ადამიანი ვარ და მინდა ორივეს ერთად ვფლობდე. ჰკითხე იქ, სხვა სივრცეში, იქნებ გითხრან, როგორ უთავსდება ერთმანეთს სივრცისმიერი და დროისმიერი ხედვა.ჩემს ლექსებსაც ძალიან წაადგება, სულ სხვა ხმით ალაპარაკდებიან...

* * *

      შორს ვიღაც კაცი გამოჩნდა. შევყურებ, თითქოს ორი თავი აქვს, თავი თავს ზემოდან ადგას. მომიახლოვდა, აკვარიუმი ედგა თავზე, ბურთივით მრგვალი, ის მომეჩვენა მეორე თავად. აკვარიუმში მედუზას გაეშალა მქრქალი საცეცები.

      - ის ჩემზე ჭკვიანია, - მითხრა და მაღლა, აკვარიუმისკენ მიმითითა.

      - მედუზას შესახებ ამბობ? - გამიკვირდა მე, - ის ხომ სრულიად უტვინოა, ამ სიტყვის ყოველგვარი მნიშვნელობით.

      - სამაგიეროდ მან იცის, რა არის სიკვდილი, - მრავალმნიშვნელოვანი სახით მითხრა ორთავამ, - აი, შუაზე გავკვეთ მედუზას, - აკვარიუმი დაბლა ჩამოდგა, თავისი მუქარა აღასრულა, - ხვალ ამ დროს მოდი და ნახე, აკვარიუმში ორი მედუზა იქნება, ორივე ნახევარი აღიდგენს მთლიანობას. დღეს მკვდარია, ხვალ კი იცოცხლებს ორმაგი სიცოცხლით. გესმის? სიკვდილ-სიცოცხლე იქ ერთად არიან, ერთმანეთს თვალებში ჩაჰყურებენ, არაფერი აქვთ ერთმანეთისგან დამალული. მედუზამ იცის, რა არის სიკვდილი, მე კი არაფერი ვიცი მის შესახებ. ჰოდა, მითხარი, მედუზა ჩემზე ჭკვიანი არაა?

      - მედუზას ჭკუაზე რა მოგახსენოთ, სიკვდილი კი მართლაც უდიდესი საიდუმლოა, - ვთქვი მე.

      - ასეა, ასე, ჭკვიანია მედუზა. - დაიჩემა ორთავამ, - მისთვის სიკვდილი იგივეა, რაც ჩვენთვის მეორე ოთახში გასვლა. იკითხე იქ, სხვა სივრცეში, იქნებ გითხრან, როგორია მედუზას ცოდნა, როგორ გამოიყურება სიკვდილი მისთვის. იკითხე ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ და მეც მითხარი, ძალიან დაგიმადლებ.

      ორთავამ ისევ თავზე შემოიდგა აკვარიუმი და თავისი გზით გასწია.

* * *

      შემომეყარა ერთი ვინმე, ჰალსტუხიან-შლიაპიანი, ნოუთბუქი ჩაებღუჯა. აი, ასეთ რამეს მეუბნება:

      - ბალღი იბადება, მისი გონება იმ დროისთვის სუფთაა, ტვინში არაფერია ჩაწერილი. მერე, დროთა განმავლობაში თანდათან ვითარდება ტვინი, თან იტვირთება, გესმით? ორივე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ჩატვირთვა და განვითარება.

      მე კი, ჯერ პროგრამა უნდა დავამუშავო, ასე ვთქვათ, განვავითარო, მერე ჩავტვირთო, სხვანაირად არ შემიძლია. ჰოდა, ეს ძალიან მაწუხებს. მინდა, რაიმე ისეთ მეთოდს მივაგნო, როცა პროგრამის ჩატვირთვა და განვითარება ერთდროულად აღესრულება, ისე, როგორც ახალშობილი ბავშვის შემთხვევაში ხდება, გესმის? სხვა სივრცეში, სადაც შენ მიდიხარ, ალბათ ეცოდინებათ, ეს როგორ ხდება. ნუ დაიზარებ, დაწვრილებით გამოიკითხე. ეს საუკუნის აღმოჩენა იქნება.

* * *

      საქმიანი კაცი შემომხვდა, კეისით აღჭურვილი. დამინახა თუ არა, მაშინვე საქმიანი საუბარი წამოიწყო.

      - ძალიან მომგებიანი კაპიტალდაბანდებაა, - დიდის ამბით მაცნობა მან.

      - რაზე ამბობ?

      - ჩვენს ცხოვრებაზე! - ისეთი ტონით მითხრა, თითქოს უკვირდა, ეს როგორ არ იციო, - არსთა გამრიგემ მშვენივრად იცის თავისი საქმე და იგი არასდროს აგებს, გესმის? არასდროს! მუდამ მოგებულია. ჩვენ კი რამდენს ვწვალობთ, ვჯახირობთ და რა ხშირად ვრჩებით გაწბილებული. იშვიათად გვახარებს განგება.

      - ვერ გავიგე.

      - რა არის აქ გაუგებარი. მთელი ჩვენი ცხოვრება ვაჭრობა და გარიგებაა. არსთა გამრიგე ჩვენს წუთისოფელს ურიგდება, თავის კაპიტალს დებს მასში.

      - კაპიტალსო, ამბობ?

      - ჰო, ჰო, კაპიტალს.

      - მითხარი ერთი, რომელია ეს კაპიტიალი, რა ზომა-წონისაა.

      - სწორედ ეს მინდა ვიცოდე, - სასწრაფოდ მომახალა საქმის კაცმა, - რა კაპიტალია ისეთი, მუდამ მომგებიანი რომაა... დიახ, ასეა; არსთა გამრიგე უდიდესი საქმოსანია საქმოსანთა შორის, ისეთ კაპიტალს მიაგნო, რომელიც მუდამ მოგებას იძლევა.

      იკითხე ერთი, სხვა სივრცეში ალბათ ეცოდინებათ რაიმე მის შესახებ. მინდა, მუდამ მოგებული ვიყო, არ მიყვარს წაგება! ბრრრ...

* * *

      ქალი შემომხვდა, ხუჭუჭა კრავი აეტატებინა.

      - საზღაპროა მისი თვინიერება, - თვალით კრავზე მანიშნა ქალმა, თან ხუჭუჭა ბეწვზე მიეფერა, - ყველგან თან დამყვება, გამგონედ, უხმოდ... არ სჭირდება არც დაძახილი, არც თოკის ჩაბმა, ურჩობის მსგავსს ნურაფერს ელი მისგან. ჩანს, თვითონ ზეცამ დაანათლა თვინიერება, თანაც როგორი უმწეოა... თავის დაცვა არაფრით შეუძლია. მისი ყოფნა-არყოფნა მუდამ იმაზე ჰკიდია, თუ რამდენად დაინდობს გარემოება.

      მე ვნახე უმწეობა, როდესაც საკუთარი ახალშობილი შვილი ვიხილე. სრულიად უღონო, პაწია სხეულს დავხედე და... გამაოგნა იმ უდიდესმა ძლევამოსილებამ, რომელიც მის უმწეობაში იკითხებოდა. ჩემს სიცოცხლეში აღარაფერი მინახავს მასზე უფრო ძლიერი და აღმატებული, იგი მთელ სამყაროზე მეტი იყო.

      ჩხავილი მორთო პაწია სხეულმა, ანუ: მიბრძანა, მემსახურეო... იმ წუთიდან ჩემი სიცოცხლე მას ეკუთვნოდა განუყოფლად.

      ...და იმის შემდეგ, სადაც უმწეობას ვხედავ, ვხედავ ძლევამოსილებასაც. მუდამ ერთად არიან განუყრელად, თუმცა შეიძლება ეს ერთი შეხედვით ვერ აღიქვა.უმეტესწილად დრომ უნდა თქვას თავისი სიტყვა, ყველაზე შეუმცდარმა მსაჯულმა.

      მინდა ვიცოდე, უმწეობამ თავის თავში როგორ დაიტია ძლევამოსილება, როგორ შეთავსდნენ შეუთავსებელნი. სხვა სივრცეში ალბათ იციან, ეს როგორ ხდება.

* * *

      ბაღს მივადექი, ცოცხალი ღობით შემოსაზღვრულს. მებაღეც იქვე საქმიანობდა, ხელში თოხით. ჩემი დანახვისას თოხს ხელი უშვა, დაიხარა, პეშვით მიწის გუნდა აიღო და გამომიწოდა. გუნდას თან პაწია ნერგი ამოჰყოლოდა.

      - შეხედე, როგორ გაურბიან ერთმანეთს, - თვალით პაწია ნერგზე მანიშნა მებაღემ.

      -რაზე ამბობ? - ვერ მივუხვდი მე.

      - ამ მწვანე ორ ფოთოლზე გეუბნები. ერთი გულია, მეორე თავი. მე ასე შევარქვი.

      - რა შუაშია აქ გული და თავი...

      - საწინააღნდეგო მხარეს მიიწევენ. ეს წუთია მიწას ამოცდნენ და მაშინვე სხვადასხვა მხარეს აიღეს გეზი, გულის და თავის მსგავსად.

      - მართლაც უცნაურია, - ვთქვი მე. მებაღის სიტყვებში ნამდვილად მენიშნა რაღაც, ის კი თავისას აგრძელებდა;

      - ამოვლენ სხვა ფოთლებიც, ერთმანეთს შეერევიან, ყოველი მხრით გაიბარდებიან, მაგრამ ვერ გადაფარავენ იმ პირველ აცდენას, პირველი ორი ფოთოლი ვერასდროს შეხვდება ერთმანეთს.თავსა და გულზეც იგივე თქმის, სხვადასხვა მხარეს არიან მიდრეკილი, არ ესმით ერთმანეთის ენა.

      - მგონი მართალს ამბობ, - ვთქვი შეფიქრიანებოლმა,

      - ვიცი, საითაც გიდევს გზა,ავლილი ბევრი მინახავს, ჩამოვლილი არავინ...იქ ხვდებიან ერთმანეთს გული და თავი, ესმით ერთმანეთის ენა..ყური კარგად დაუგდე მათ საუბარს, მერე მეც გამაგებინე...

* * *

      - მეტად უცნაურ სამტყუპას გადავეყარე, სასაცილო სანახაობა იყო; ორნი წინ მოდიოდნენ მხარდამხარ, ერთი უკან მოსდევდათ, ასე, ათიოდ ნაბიჯზე. ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ისე, როგორც ერთი კვერცხიდან გამოჩეკილებს შეეფერებათ.

      სამივე ერთად გამოექანა ჩემსკენ, როგორც კი დამინახეს. „ავლილი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი არავინ,“ ერთხმად დააგუგუნეს ეს გაცვეთილი ფრაზა. მერე შეკითხვების ჯერი დადგა.

      - პირველად იყო სული, - თქვა ორთაგან ერთმა.

      - არაა მართალი, პირველად სხეული იყო, - გამოეხმაურა მეორე.

      - სიტყვას დაუკვირდი: სხეული, ანუ რაღაც ისეთი, რაც სულმა მოისხა, - ხმა აიმაღლა პირველმა.

      - ჯერ სხეული შექმნა უფალმა, მერე ჩაბერა უკვდავი სული. ეს ყველამ იცის, შენისთანა ბედოვლათის გარდა, - აგნიასდა მეორე.

      მესამე ტყუპისცალმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ, მოგვიახლოვდა.

      -პირველად გონება იყო, - მე მომმართა, იმ ორისთვის ზედაც არ შეუხედავს, - გონება ძერწავს სულსაც და სხეულსაც. ამავე დროს, გონებაა ის ჯადოსნური სარკე, რომელშიაც მათი აზრები (ჰმ, საკმაოდ უბადრუკი) აირეკლება.

      იმ ორმა თავი ანებეს ერთმანეთთან ქიშპობას, შეერთებული ძალით მესამეს დაესხნენ თავს. ეს უკანასკნელი საკმაოდ მარჯვე გამოდგა, თავიდან ასე მოკრძალებული რომ ჩანდა.

      - რას გააწყობდით გონების გარეშე? - დაცინვით იმეორებდა იგი, - როგორღა იკამათებდით? თვით უზენაესიც აღიარებს გონების უპირატესობას, თქვენ ვინღა ხართ? ეს ჯადოსნური სარკე მისთვისაც აუცილებელია. აბა, დაფიქრდით: მან გონება ადამიანს უძღვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ უზენაესმა გონება გატყორცნა უშორეს სივრცეთა სიმრავლეებში, რათა შეძლოს მასში ჩახედვა. როგორ ჩაიხედავ სარკეში, თუ იგი მეტისმეტად ახლოა შენთან?

      - წარმოუდგენელი აბდა-უბდაა,- აყვირდა ერთი.

      - გაგონებაც არ მინდა, - ბანი მისცა მეორემ.

      - ასეა, ასე! - დამცინავად იმეორებდა მესამე, - უზენაესი სწორედ გონების სარკეში უჭვრეტს თავის ჭეშმარიტ არსს.

      ასე და ამგვარად გააგრძელეს, აღარ მორჩნენ დავას. გაცლა დავაპირე მათგან. სამივე ერთად ამედევნა, როცა ეს შეამჩნიეს. ხვეწნა დამიწყეს, მათი თავსატეხი სხვა სივრცემდე მიმეტანა, ჩვენი დავა მხოლოდ იქ გადაწყდებაო. მეც შევპირდი, სხვა რა გზა მქონდა.

      სხვებიც მრავლად შემხვდნენ, გამიჭირდება ყველა მათგანის ჩამოთვლა. ისეთი არავინ გამოერია, გაკვირვება არ გამოეხატა, როცა გაიგებდნენ, საით მივდიოდი. „ავლილი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი არავინ,“ - გამუდმებით ჩამესმოდა ეს სიტყვები. ამის მერე შეკითხვები იწყებოდა: ...,რატომ? როგორ? რისთვის?~... მეც გულზე ვიჭდევდი მათ და წინ მივიწევდი. ნისლივით ფრიალებდა ყარყუმის მანტია, ნაირფერ ათინათებს მფენდნენ ოქროს გვირგვინი და სამკაულები, ნაპერწკლებს აფრქვევდნენ ჩემი ბედაურის ფლოქვები. რა შემაფერხებდა მასზე ამხედრებულს? კიდევ ცოტაც და... გავიჭრებოდი სხვა სივრცეში. შორს დარჩებოდა უკეთური ცთომილი, რომელსაც ასევე უკეთური მზე ანათებს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვიყავი.

ნახვა: 228

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბუმერანგი, მოთხრობა, ქადაგიძე

ლაშა: თებერვალი 16, 2019||11:24am

ეს ამონარიდი, წინა ამონარიდის გაგრძელებაა თუ სხვადასხვა ეპიზოდებიდან არის? 

nunu qadagidze: თებერვალი 16, 2019||1:22pm

ისევ ამონარიდის გაგრძელებაა, ოღონდ ეს აღარ არვნიშნე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters