ფრანსუაზ საგანი, სალამი სევდავ, ფრანსუაზ საგანი, qwelly, fransiuaz sagani, salami sevdav, literatura, ლიტერატურა, ბლოგი, sagani, sevda, salami, blogi, literatura, ქველი

ფრანსუაზ საგანი სალამი სევდავ

      მშვიდობით, სევდავ, სალამი, სევდავ, შენა ხარ ყველგან – შენ აწერიხარ ჭერსაც, თვალებსაც, რომლებიც მიყვარს, და სიღარიბე არა ხარ სულაც, რადგან ამქვეყნად ყველაზე მწირი – ტუჩებიც კი შენ გამჟღავნებენ თავის ღიმილით.

      სალამი, სევდავ, სიყვარულო მშვიდთა სხეულთა

      და ძლიერებავ თვით სიყვარულის.

      ეგ სათნოება არის ურჩხული უსხეულო, პირმშვენიერი და განხიბლული.

პოლ ელუარი

ნაწილი პირველი

თავი პირველი

      არ ვიცი, დავარქვა თუ არა სევდა – ეს მშვენიერი სახელი – ამ უცნობ გრძნობას, თავისი სიმწარითა და სიტკბოთი უკვე მთლიანად რომ მიმორჩილებს. ეს იმდენად ყოვლისმომცველი, იმდენად ეგოისტური გრძნობაა, მე თითქმის მრცხვენია მისი. არადა სევდა მუდამ რაღაც მოწიწებას მგვრიდა. აქამდე იგი ჩემთვის უცნობი გრძნობა იყო. სამაგიეროდ, მოწყენას, სინანულს, იშვიათად სინდისის ქენჯნასაც კარგად ვიცნობდი. დღეს კი აბრეშუმივით ნაზი, მთრთოლარე გრძნობა მეუფლება და სხვებისაგან მაშორებს. იმ ზაფხულს ჩვიდმეტი წელი შემისრულდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. "სხვებისგან-მეთქი", რომ ვამბობ, მამაჩემსა და მის საყვარელს, ელზას, ვგულისხმობ. მცდარი წარმოდგენა რომ არ შეგექმნათ, ჯობს ახლავე გაგაცნოთ საქმის ვითარება: მამაჩემი ორმოცი წლისა გახლავთ. თხუთმეტი წლის წინ დაქვრივდა. ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე მამაკაცია. ამ ორი წლის წინ, როცა პანსიონიდან გამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ საყვარელი ჰყავდა. ოდნავ გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ქალებს წელიწადში ორჯერ იცვლიდა, თუმცა უფრო მოგვიანებით, მისი მომხიბვლელი გარეგნობის, უზრუნველი ცხოვრებისა და ბუნებით მომადლებული ნიჭის წყალობით ამასაც მივეჩვიე. ეს გახლდათ უზრუნველი, მოხერხებული, ერთთავად ცნობისმოყვარე კაცი, ყველაფერი რომ ადვილად ჰბეზრდებოდა და ქალებს რომ ძალიან მოსწონდათ. იგი ისეთი კეთილი, დიდსულოვანი, მხიარული ადამიანი იყო, ისე ნაზად მეპყრობოდა, რომ სულ არ გამჭირვებია მთელი გულით შემყვარებოდა. მასზე უკეთესი მეგობარი თუ სასიამოვნო ადამიანი არავინ მეგულება. იმ ზაფხულის დამდეგს თავაზიანობა გამოიჩინა, მკითხა, ელზა (მისი ახალი მიჯნური გახლდათ) მინდა წამოვიყვანო აგარაკზე და საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებაო. მე ისღა დამრჩენოდა, დავთანხმებოდი, რადგან ვიცოდი, უქალოდ ცხოვრება არ შეეძლო. თანაც ელზა სულაც არ უნდა ყოფილიყო აუტანელი. ელზა მაღალ-მაღალი, წითური ქალი გახლდათ, მსუბუქი ყოფაქცევისა. ელისეს მინდვრების ბარებსა და სტუდიებში მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. სანდომიანი, უბრალო და უპრეტენზიო იყო. ამას გარდა, მე და მამას ისე გვიხაროდა ქალაქიდან გასვლა, ასეთ უმნიშვნელო რამეზე დავა არც ღირდა. მამამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სწორედ ისეთი დიდი, თეთრი, ლამაზი აგარაკი დაიქირავა, როგორზეც ვოცნებობდით ივნისის ცხელი დღეების დადგომიდან. აგარაკი განმარტოებით იდგა კონცხზე, ზღვას გადაჰყურებდა და, ფიჭვნარში ჩამალული, შარაგზიდან არც კი მოჩანდა. საცალფეხო ბილიკს კლდეებში მოქცეულ ოქროსფერ ყურემდე ჩაჰყავდი, სადაც ზღვა უჩვეულოდ ლივლივებდა. პირველ ხანებში ზღაპარში გვეგონა თავი: სიცხისაგან გათანგულნი საათობით ვიწექით ხოლმე ზღვის ნაპირას, ნელ-ნელა გვედებოდა ჯანსაღი ბრინჯაოსფერი, ელზას გამოკლებით... მას მზე კი არ ეკიდებოდა, კანი უწითლდებოდა მხოლოდ და ტკივილისაგან იტანჯებოდა. მამაჩემი დღენიადაგ ვარჯიშობდა, უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეგდო ღიპი, ნელ-ნელა რომ შეჰპაროდა ამ დონ ჟუანს. როგორც კი ირიჟრაჟებდა, მე უკვე წყალში გახლდით. გრილი და გამჭვირვალე იყო წყალი. ვყვინთავდი, ვცდილობდი პარიზის ჭუჭყი და მტვერი ჩამომერეცხა. შემდეგ ქვიშაზე გავიშოტებოდი, მუჭით მოყვითალო, თბილ სილას ვიღებდი, თითებში ვცრიდი. ვფიქრობდი, სილაც ისევე ქრება-მეთქი, როგორც დრო. მერე ერთბაშად გამიელვებდა, ეს რა მოსწრებული აზრი გამომივიდა, რა კარგია, ასეთი მოსწრებული აზრები რომ მოგდის-მეთქი ადამიანს თავში! ზაფხული იყო. მეექვსე დღეს პირველად ვნახე სირილი. მსუბუქ, აფრიან ნავში იჯდა და ნაპირს მოჰყვებოდა. უცებ ჩვენს ყურესთან ნავი გადაუყირავდა. მივეშველე, სიცილ-ხარხარით გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. შევიტყვე, რომ სახელად სირილი ჰქვია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და არდადეგებს დედასთან ერთად ატარებს მეზობელ აგარაკზე. რომაული სახე ჰქონდა, შავგვრემანი, გულღია. რატომღაც მაშინვე მომეწონა ამ სახეზე აღბეჭდილი დინჯი, მზრუნველი იერი. მე მუდამ გავურბოდი უნივერსიტეტის სტუდენტებს. უხეში, თავკერძა ხალხია, ახალგაზრდობით მოაქვთ თავი, ყველაფრის მიზეზად ის მიაჩნიათ. ახალგაზრდებისაკენ გული არ მიმიწევდა. ბევრად მერჩივნა მამაჩემის მეგობრები, ორმოცი წლის მამაკაცები, ნაზად და თავაზიანად რომ მეპყრობოდნენ. ზოგი მამობრივ სითბოს მაგრძნობინებდა, ზოგი მიჯნურივით მესიყვარულებოდა. მაგრამ სირილი მომეწონა. იგი მაღალი ტანისა იყო, ზოგჯერ ლამაზიც, მისი სილამაზე ნდობით განგაწყობდათ. მამაჩემისგან განსხვავებით, მე არ მძულდა სიმახინჯე. ამ სიძულვილის წყალობით ხომ მეტწილად ბრიყვების საზოგადოებაში გვიხდებოდა ყოფნა. ეს კია, ფიზიკურად ულამაზო ადამიანებთან რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს. ვერ გამეგო, როგორ შერიგებოდნენ ბედს, არასოდეს არავის მოვეწონებითო. განა, მოწონების სურვილის გარდა, სხვა მიზანიც გვაქვს ცხოვრებაში? თუმცა დღესაც არ ვიცი, რად გვინდა სხვისი მოხიბვლა: იმისათვის, რომ სიცოცხლის ჭარბი უნარი დავამტკიცოთ თუ ხელში ჩავიგდოთ ვინმე? ან იქნებ გვამოქმედებს ფარული მოთხოვნილება, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, გვქონდეს საკუთარი თავის იმედი.

      წასვლის წინ სირილმა შემომთავაზა, აფრიანი ნავის მართვას გასწავლიო. შინ რომ დავბრუნდი, სირილზე ფიქრმა გამიტაცა, მამაჩემისა და ელზას საუბარში თითქმის არ ჩავრეულვარ სადილზე. თუმცა კი, ბოლოს შევამჩნიე, მამა რატომღაც ნერვიულობდა. ნასადილევს, როგორც ყოველ საღამოს, ტერასაზე გავედით და სავარძლებში მოვკალათდით. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. შევცქეროდი ვარსკვლავებს და ბუნდოვანი იმედი მესახებოდა გულში, საცაა მოწყვეტილ ვარსკვლავს დავინახავ-მეთქი ცაზე. მაგრამ ჯერ კიდევ ივლისის პირველი დღეები იყო და ვარსკვლავები ადგილიდან არ იძროდნენ. ტერასაზე დაყრილ ხრეშში ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ. სიცხითა და მთვარის შუქით გაბრუებულნი, ათასობით ირეოდნენ ირგვლივ და მთელი ღამე მათი სასაცილო სერენადები გვესმოდა. მითხრეს, ამ ჭრიჭინს ფრთების ერთმანეთზე ხახუნით გამოსცემენო, მაგრამ მე ვამჯობინებდი მეფიქრა, რომ ჭრიჭინები ფრთებით კი არა, ყელით მღერიან ისევე ინსტინქტურად, როგორც კატები კრუტუნებენ-მეთქი მარტის თვეში. სამივენი კარგად ვგრძნობდით თავს. მხოლოდ პერანგში ჩაცვენილი სილა მიფრთხობდა ამ სასიამოვნო ბურანს. უეცრად მამამ ჩაახველა, შეზლონგიდან წამოიწია და გვითხრა: – უნდა გაუწყოთ, რომ სტუმარი გვეწვევა! სასოწარკვეთილმა თვალები დავხუჭე. რა თქმა უნდა, ისე მშვიდად ვცხოვრობდით აქამდე, ეს ნეტარება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა!

  – ჩქარა გვითხარით, ვინ ჩამოვა? – იყვირა ელზამ. მას სტუმრიანობა მუდამ უყვარდა.

  – ანა ლარსენი, – თქვა მამამ და მე გადმომხედა.

      გაკვირვებისაგან ენა დამება.

  – ასე ვუთხარი, როცა კოლექციები თავს მოგაბეზრებთ, ჩვენთან ჩამოდით-მეთქი. ჰოდა, ჩამოდის!

      ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ანა ლარსენი დედაჩემის მეგობარი იყო და მამას იშვიათად ხვდებოდა. ორი წლის წინ, პანსიონიდან რომ გამოვედი, მამაჩემს ისე მძიმე ტვირთად დავაწექი, არ იცოდა, რა ექნა, და ანას მიმაბარა. ანამ ერთ კვირაში დახვეწილი გემოვნებითაც გამომაწყო და ცხოვრებაც მასწავლა. მაშინ ამ ქალს ღრმა აღფრთოვანებით შევციცინებდი, მაგრამ ეს გატაცება თვითონვე მეტად მოხერხებულად გადამატანინა ერთ ჭაბუკზე; ამგვარად, პირველი კოპწიაობა და პირველი სიყვარული მისი წყალობით ვიგემე და დიდად მადლიერიც დავრჩი. ორმოცდაორი წლის ასაკში ანა ლარსენი ძალიან მიმზიდველი, ნატიფი ქალი გახლდათ. მშვენიერი სახე ჰქონდა, ამაყი, დაღლილი, გულგრილი გამომეტყველება. ამ გულგრილობის გარდა, ვერავითარ წუნს ვერ უპოვიდით. თავაზიანი, თანაც უკარება იყო და მტკიცე ნებისყოფა ჰქონდა, ისეთ სიმშვიდეს აფრქვევდა, უნებურად მოკრძალება გიპყრობდა. ქმართან განქორწინებული იყო, მაშასადამე, თავისუფალი, მაგრამ საყვარელი არასოდეს ჰყოლია. სხვათა შორის, ნაცნობების საერთო წრე არ გვქონდა: იგი დახვეწილ, ჭკვიან, დარბაისელ ხალხთან მეგობრობდა, ჩვენ კი – სიცოცხლეს მოწყურებულ, მშფოთვარე საზოგადოებასთან, მამაჩემი რომ ლამაზი და მხიარული ხალხისგან შეკრებდა ხოლმე. ჩემი აზრით, ანა ათვალწუნებით გვიყურებდა მე და მამაჩემს, რადგან ჩვენ მხოლოდ გართობასა და ქარაფშუტულ ცხოვრებაზე ვფიქრობდით, მას კი საშინლად სძულდა ყოველივე გადაჭარბებული. ჩვენ მხოლოდ საგანგებოდ გამართულ სადილებზე ვხვდებოდით ერთმანეთს, როცა ამას საერთო საქმე მოითხოვდა: იგი სამკერვალო საქმით იყო დაკავებული, მამაჩემი – რეკლამით. ამას გარდა, დედაჩემის ხსოვნა და ჩემი საქმიანობაც გვაკავშირებდა. თუმცა მის წინაშე თავს ერთგვარად შებოჭილად ვგრძნობდი, აღტაცებას მაინც ვერ ვფარავდი. მისი მოულოდნელი სტუმრობა ხელის შეშლად უნდა ჩაგვეთვალა, თუკი მხედველობაში მივიღებდით ელზას აქ ყოფნას და ანას აზრებს ჩემი აღზრდის თაობაზე. ანას ვინაობის გამოსარკვევად ელზამ კითხვა კითხვაზე დააყარა მამაჩემს და, როცა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა, დასაწოლად წავიდა. მე და მამა მარტო დავრჩით. მე კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი, მის ფეხებთან; იგი დაიხარა, ხელები მხრებზე დამაწყო და მითხრა: – ასეთი გაკნაჭული რატომ ხარ, ჩემო ტკბილო გოგო? იცი, გარეულ კატუნიას ჰგავხარ! მე კი მინდა უფრო ტანადი, ლამაზი, ქერა გოგო მყავდეს, ფაიფურისთვალება და...

  – რა დროს ეგაა! – ვუთხარი. – ანა ლარსენი რატომ დაპატიჟე? ან თავად რატომ დაგთანხმდა?

  – აბა, რა ვიცი? შენი ბეხრეკი მამის სანახავად თუ ჩამოდის!

  – შენ არა ხარ ისეთი მამაკაცი, ანას რომ მოეწონო, – ვთქვი მე, – მეტისმეტად ჭკვიანია და თავის თავს პატივს სცემს. და ელზა? ელზაზე თუ იფიქრე? ნუთუ გგონია, რომ ანასა და ელზას რაიმე საერთო შეიძლება ჰქონდეთ?

  – ამაზე არ მიფიქრია, – აღიარა მამამ, – მართლაც, საშინელება იქნება! სესილ, ჩემო ტკბილო გოგო, მოდი, პარიზში დავბრუნდეთ!

      ჩუმად გაიცინა. თან ხელს კეფაზე მითათუნებდა. მოვტრიალდი და შევხედე. მუქი თვალები უცნაურად უელვარებდა, თვალის კუთხეები სასაცილო, პაწია ნაოჭებს დაეფარა, ბაგეები ოდნავ ასწეოდა. ნამდვილ ფავნს ჰგავდა. სიცილში მეც ავყევი. ასე ვიცინოდით ხოლმე, როცა რამეში გამოვიჭერდი.

  – უშენოდ რა მეშველება, ჩემო მეგობარო?! – თქვა მან.

      ეს სიტყვები ისე მტკიცედ, ნაზად წარმოთქვა, მივხვდი, უჩემოდ მართლაც უბედური იქნებოდა. გვიანობამდე ვისაუბრეთ, რა არის სიყვარული და რა დახლართული შედეგები მოსდევს ხოლმე. მამაჩემის აზრით, ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო მხოლოდ. დაბეჯითებით უარყოფდა, რომ არსებობდა ერთგულება, ნამდვილი გრძნობა, პასუხისმგებლობა. მიხსნიდა, ყოველივე თვითონ შენს ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა კი თავის შეწუხებად არ ღირსო. სხვისგან რომ მომესმინა ასეთი რამ, ალბათ, მეჩოთირებოდა, მაგრამ ვიცოდი, მიუხედავად ამ აზრებისა, მამაჩემი მაინც მოსიყვარულე, ერთგული მამაკაცი იყო და, თავისდა უნებურად, ადვილად ემორჩილებოდა სწორედ იმ გრძნობებს, რომლებსაც წარმავალად თვლიდა. მისი ასეთი შეხედულებანი ძალიან მიტაცებდა: სწრაფი, ძლიერი, წარმავალი სიყვარული! მე ჯერ კიდევ არ ვიყავი იმ ასაკში, როცა ადამიანმა იცის ერთგულების ფასი. არც სიყვარულისა გამეგებოდა ბევრი რამ: ჯერჯერობით პაემანი, კოცნა და ის გრძნობა გამოვცადე მხოლოდ, დაბნევა რომ ჰქვია!

თავი მეორე

      ანა ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. მეც არ ვკარგავდი ამ ნამდვილი არდადეგების უკანასკნელ დღეებს. აგარაკი ორი თვით გვქონდა ნაქირავები, მაგრამ ვიცოდი, როგორც კი ანა ჩამოვიდოდა, ჩვენს ნებაზე ვეღარ დავისვენებდით. იგი თავისებურად უყურებდა ყველაფერს. საკმარისი იყო მამაჩემს ან მე რაიმე სიტყვა დაგვცდენოდა უნებურად, მაშინვე სულ სხვა მნიშვნელობას მიანიჭებდა. გემოვნებასა და წესიერებაზე საკუთარი შეხედულება ჰქონდა. მისი უეცარი გულჩათხრობილობა, შეურაცხმყოფელი გაყუჩება ან მწარე გამოთქმები გაგრძნობინებდა ამას. მართალი გითხრათ, მისი საქციელი ერთსა და იმავე დროს გამაღიზიანებელი და დამამცირებელიც გახლდათ, რადგან ვგრძნობდი, ანა მუდამ მართალი იყო. გადავწყვიტეთ, ანას მამა და ელზა დახვდებოდნენ ფრეჟიუს სადგურზე. ამ ექსპედიციაში მონაწილეობაზე მე გადაჭრით ვთქვი უარი. იმედგაცრუებულმა მამაჩემმა, რაც კი ხმალა იყო ბაღში, სულ დაკრიფა, ანასთვის რომ მიერთმია მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე. მე ისღა ვურჩიე, თაიგულს ელზას ნუ დააჭერინებ-მეთქი. სამ საათზე პლაჟზე ჩავედი. საშინლად ცხელოდა. სილაზე გავწექი, ჩავთვლიმე, მაგრამ მალე სირილის ხმამ გამომაღვიძა. თვალი გავახილე: სიცხისაგან ცა გადათეთრებულიყო. სირილისათვის პასუხი არ გამიცია. მოთენთილი, პირგამშრალი სილაზე ვიყავი მიკრული.

  – ცოცხალი ხართ? – მკითხა მან. – შორიდან რომ დაგინახეთ, კატასტროფის შემდეგ ნაპირზე გამორიყული ნაფოტი მეგონეთ.

      გამეღიმა. იგი გვერდით დამიჯდა. გულმა ყრუდ დამიწყო ცემა, რადგან სილაზე დაჯდომისას ხელი მხარზე შემახო. გასულ კვირას, ჩემი ნაოსნობის ბრწყინვალე მანევრების დროს, ათჯერ მაინც გადავყირავდით წყალში და მივეკარით ერთმანეთს, მაგრამ არავითარი აღელვება არ მიგრძნია. დღეს კი აუტანელი სიცხე, ბურანი, ხელის უნებური შეხება საკმარისი გახდა, რომ ავფორიაქებულიყავი. თავი მისკენ მივაბრუნე. მიყურებდა. მისი ბუნება მხოლოდ ახლა, ამ ბოლო ხანს შევიცანი: ზომაზე მეტად თავშეკავებული თავისი ასაკის ახალგაზრდებთან შედარებით, მეტისმეტად სპეტაკი ყმაწვილი გახლდათ. ამიტომ ჩვენი სახლი, ანუ სამთა ეს უცნაური კავშირი, ეტყობოდა, ეჩოთირებოდა. ამას არ მეუბნებოდა, რადგან მეტად კეთილი ან, იქნებ, მეტად მოკრძალებული იყო, მაგრამ მამაჩემს ისე მტრულად, ისე ალმაცერად შეხედავდა ხოლმე, ყოველივეს ადვილად ვხვდებოდი. გულით ეწადა, ალბათ, ჩემი ოჯახის ამბავს ძალიან დავეტანჯე. ჩემზე კი ეს სულაც არ მოქმედებდა. ერთადერთი, რაც იმ წუთში მტანჯავდა, მისი გამოხედვა და ჩემი უგუნებობა იყო. ჩემკენ დაიხარა. უნებურად გამახსენდა უკანასკნელი დღეები, მისდამი ნდობა, ჩემი სიმშვიდე მასთან ყოფნისას და ამ ოდნავ მსხვილი ტუჩების მოახლოება აღარ მესიამოვნა.

  – სირილ, – ვუთხარი მე, – ჩვენ ისეთი ბედნიერები ვიყავით... ნაზად მაკოცა. ცას ავხედე. შემდეგ კი, მოხუჭული ქუთუთოებიდან ავარდნილი წითელი სხივების გარდა, არაფერი დამინახავს. ცეცხლი წამეკიდა და რეტი დამასხა პირველი კოცნის სიტკბომ, ისმოდა მხოლოდ ჩვენი აჩქარებული სუნთქვა. მანქანის ხმამ ქურდებივით გაგვყარა. სირილი უსიტყვოდ მივატოვე და შინისაკენ გავქანდი. მიკვირდა, ასე მალე რატომ დაბრუნდნენ-მეთქი. ანას მატარებელი ჯერაც არ უნდა ყოფილიყო მოსული. მიუხედავად ამისა, ანა ტერასაზე დამხვდა. საკუთარი მანქანით ჩამოსულიყო.

  – მძინარე მზეთუნახავის სახლს ჰგავს თქვენი აგარაკი! – თქვა მან. – როგორ გაშავებულხართ, სესილ! ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.

  – მეც, – ვუთხარი, – კი მაგრამ, განა პარიზიდან არ ჩამოხვედით?

  – მანქანით წამოსვლა ვამჯობინე. ძალიან კი დავიღალე.

      მისთვის განკუთვნილ ოთახში ავიყვანე, ფანჯარა გავაღე, იმედი მქონდა, სირილის ნავს დავინახავ-მეთქი, მაგრამ წასულიყო. ანა საწოლზე ჩამოჯდა. შევამჩნიე, თვალის უპეები ჩაშავებოდა.

  – რა ლამაზი აგარაკია! – ამოიოხრა მან. – ოჯახის უფროსი სად ბრძანდება?

  – მამა და ელზა სადგურზე წამოვიდნენ თქვენს შესახვედრად.

      ანას ჩემოდანი სკამზე დავდგი. როცა მოვბრუნდი, გული შემეკუმშა. ანას ერთბაშად შესცვლოდა სახე, ბაგეები უკანკალებდა.

  – ელზა მაკენბურგი? განა ელზა მაკენბურგი აქ ჩამოიყვანა?

      ვერაფერი ვუპასუხე. გაოგნებული შევცქეროდი მის აქამდე მუდამ მშვიდ, გულგრილ სახეს... მომშტერებოდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ისინი ედგა თვალწინ, ვინც ეს წუთია ვახსენეთ. ბოლოს, როგორც იქნა, მეც შემამჩნია და თავი მიაბრუნა.

  – უნდა გამეფრთხილებინეთ, – თქვა მან, – მაგრამ წამოსვლა ისე მეჩქარებოდა, ისეთი დაღლილი ვიყავი...

  – ახლა... – ჩემდა უნებურად განვაგრძე მე.

  – ახლა რა? – მკითხა.

      ისე გამომწვევად, ისე ამრეზილად მიყურებდა, თითქოს მეკითხებოდა, განა ისეთი რა მოხდაო?!

  – ახლა... თქვენ აქა ხართ! – ხელების ფშვნეტით დავასრულე ბრიყვულად. – იცით, ძალიან მიხარია, აქ რომ გხედავთ. ქვევით დაგიცდით. თუ მოგწყურდათ, მშვენიერი ბარი გვაქვს. უაზროდ ვბუტბუტებდი ამ სიტყვებს. მერე აფორიაქებული ჩავყევი კიბეს. რატომ ჰქონდა ასეთი აღელვებული სახე, ხმა? ასე ერთბაშად რად შეიცვალა? შეზლონგზე ჩამოვჯექი, თვალები დავხუჭე, ვცდილობდი ანას ადრინდელი, მშვიდი, გოროზი გამომეტყველება გამეხსენებინა, მუდამ ირონიული, ძალდაუტანებელი, თავის თავში დარწმუნებული. ახლა კი ამ დაღდასმული სახის დანახვამ კიდეც ამაფორიაქა და კიდეც გამაბრაზა. მამაჩემი ხომ არ უყვარს? ნუთუ ეს შესაძლებელია? მამაჩემის არც ერთი თვისება არ შეესაბამებოდა მის გარეგნობას. მამა თავქარიანი, ზოგჯერ უნებისყოფო ადამიანი იყო. იქნებ, მგზავრობამ მოქანცა? იქნებ, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი? მთელი საათი ვიყავი ამ ვარაუდებში.

      ხუთ საათზე მამა და ელზა დაბრუნდნენ. ვუყურებდი, როგორ გადმოდიოდა მანქანიდან, ვცდილობდი გამომეცნო, შეიძლებოდა თუ არა, რომ იგი ანას ჰყვარებოდა. მამა სწრაფად წამოვიდა ჩემკენ, თავი უკან გადაეხარა. იღიმებოდა. ერთბაშად გავიფიქრე, ადვილი შესაძლებელია, ანას შეუყვარდეს-მეთქი!

  – ანა მატარებელში არ იყო, – შორიდანვე დამიყვირა მამამ. – იმედი მაქვს, ვაგონიდან არ გადავარდებოდა!

  – ანა თავის ოთახშია. მანქანით ჩამოვიდა, – ვუთხარი.

  – არა, მართლა? ჩინებულია! მაშ, შეგიძლია თაიგული აუტანო.

  – როგორ, ყვავილებიც მომართვით? – გაისმა ანას ხმა. – რა გულისხმიერი ხართ!

      იგი ლაღად ჩამოვიდა კიბეზე და მამას შეეგება. სახეზე ღიმილი უთამაშებდა. კაბა მოხდენილად ედგა ტანზე. ნაღვლიანად გავიფიქრე, ანა მხოლოდ მაშინ გამოვიდა ოთახიდან, როცა მანქანის ხმა გაიგონა, თუმცა შეეძლო, უფრო ადრე გამოსულიყო და ჩემთან ესაუბრა-მეთქი. იქნებ, იმიტომ არ მოისურვა ჩემთან ლაპარაკი, რომ გამოცდები ვერ ჩავაბარე? ამ აზრმა დამამშვიდა.

      მამა მისკენ გაეშურა და ხელზე აკოცა.

  – მთელი თხუთმეტი წუთი ვიდექი სადგურის ბაქანზე თაიგულით ხელში და სულელურად ვიღიმებოდი. მადლობა ღმერთს, უკვე აქა ხართ! ელზა მაკენბურგს ხომ იცნობთ?

      თვალი ავარიდე.

  – თუ არ ვცდები, სადღაც შევხვედრივართ ერთმანეთს, – თავაზიანად თქვა ანამ. – რა მშვენიერი ოთახი შეგირჩევიათ ჩემთვის! რა კეთილი ხართ, რაიმონდ, რომ დამპატიჟეთ... ძალიან დაღლილი ვიყავი. მამაჩემი გულმოდგინედ ფუსფუსებდა. მის თვალებში ვერავითარ ღელვას ვერ ამოიკითხავდი. თან ლაპარაკობდა, თან ბოთლებს ხსნიდა. ჩემს თვალწინ კი ხან სირილის ვნებით ანთებული სახე გაიელვებდა, ხან ანასი – ორივე ძლიერი სულიერი მღელვარებით ანთებული – და ვფიქრობდი, გამართლდებოდა თუ არა მამაჩემის წინასწარმეტყველება, როცა ამბობდა, არდადეგებს შესანიშნავად გავატარებთო! პირველმა სადილმა მხიარულად ჩაიარა. მამამ და ანამ ზოგიერთი საერთო ნაცნობი გაიხსენეს, ვინც უფრო გამორჩეული იყო. მე სიამოვნებით ვუგდებდი ყურს. მაგრამ როცა ანამ მამაჩემის კომპანიონს მიკროცეფალი უწოდა, არ მომეწონა. მართალია, ის ბევრს სვამდა, მაგრამ სასიამოვნო კაცი იყო. მე და მამას მასთან ერთად არაერთხელ გვისადილია და კარგი დროც გვიტარებია.

  – ლომბარი იქნებ უცნაური კაცი კია, ანა, მაგრამ საკმაოდ მხიარულია, – შევეკამათე მე.

  – მიუხედავად ამისა, დამეთანხმეთ, რომ მაინც რაღაც აკლია, თანაც იუმორი...

  – შეიძლება დიდი ინტელექტის პატრონი არ იყოს, მაგრამ...

  – რასაც თქვენ დიდ ინტელექტს უწოდებთ, ასაკის წყალობაა, – ლმობიერი კილოთი შემაწყვეტინა მაშინვე.

      ამ ამომწურავმა განსაზღვრამ მომხიბლა.

      ზოგი ფრაზა ფაქიზ, ინტელექტუალურ ბურუსში გამხვევს ხოლმე და, თუნდაც სავსებით ვერ ჩავწვდე მის აზრს, მაინც მიმორჩილებს. ანას ფრაზამ კი სურვილი აღმიძრა, ფანქარი და ქაღალდი ამეღო ხელში და ჩამეწერა. ეს სურვილი ანას გავუზიარე. მამაჩემს სიცილი წასკდა: – კიდევ კარგი, ღვარძლიანი არა ხარ! არც შეიძლებოდა გულღვარძლიანი ვყოფილიყავი, რადგან ანა არ იყო ბოროტი. მის გულგრილობას აშკარად ვგრძნობდი, სამაგიეროდ, მის მსჯელობაში სიავის ნატამალი არ იგრძნობოდა. ოღონდ ესაა, გულს გატკენდათ ძალიან. ამ პირველ საღამოს ანამ თითქოს ვერ შეამჩნია, როგორი ნებსითი თუ უნებლიე უდარდელობით შევიდა ელზა პირდაპირ მამაჩემის საძინებელ ოთახში. ანამ ნაქსოვი მაისური მომიტანა თავისი კოლექციიდან, მაგრამ მადლობის თქმა არ მაცალა. მადლიერების გამოხატვა აღიზიანებდა და, რაკი არც მე მეხერხებოდა სამაგიეროს მიგება, მადლობის სათქმელად თავი არ შემიწუხებია.

  – ძალიან მომწონს ეს ელზა, – თქვა მან, ვიდრე ოთახიდან გავიდოდი.

      თვალი თვალში გამიყარა. არ იღიმებოდა. ეტყობოდა, უნდოდა ჩემს სახეზე ამოეკითხა რაღაც, რაც გააქარწყლებდა მის ფორიაქს; თითქოს ცდილობდა, დამევიწყებინა მისი დილანდელი აღელვება, რომლის დაფარვაც ვერ შეძლო!

  – დიახ, დიახ, მშვენიერი... ჰმ... ქალია... ძალიან სიმპათიური! ვბუტბუტებდი. სიცილი აუტყდა. მეტისმეტად აფორიაქებული წავედი დასაძინებლად. სირილზე ფიქრში ჩამეძინა: ალბათ, გოგოებთან ცეკვავს-მეთქი კანში! ვგრძნობ, რომ მავიწყდება, იძულებული ვარ, დავივიწყო მთავარი: ზღვა, მისი შეუწყვეტელი დუდუნი, მზე. არც პროვინციული პანსიონის ეზოში დარგული ოთხი ცაცხვი მაგონდება, არც მათი სურნელება, არც სამი წლის წინ სადგურის ბაქანზე მდგარი მამაჩემი, როცა პანსიონიდან გამოსულს უხერხული ღიმილი შემომაგება, რადგან მაშინ ნაწნავებს ვატარებდი და ძალიან უშნო კაბა მეცვა. შემდეგ მანქანაში ერთბაშად გამხიარულდა, გამარჯვებული სახე მიიღო. ალბათ, მიხვდა, თვალებითა და ტუჩებით მას ვგავდი და მისთვის ძვირფასი, უჩვეულო სათამაშო ვიქნებოდი. მე ხომ ჯერ არაფერი გამეგებოდა; იგი გამაცნობდა პარიზს, შემაჩვევდა ფუფუნებას, იოლ ცხოვრებას! ჩემი აზრით, ფულს უნდა ვუმადლოდე ყველა იმ სიამოვნებას, მაშინ რომ მივიღე: მანქანით სეირნობა, ახალი კაბები, ფირფიტები, წიგნები, ყვავილები. ამ მსუბუქი გართობისა მე აქამდე არ მრცხვენია; სხვათა შორის, ამ თავშექცევას მხოლოდ იმიტომ ვუწოდებ მსუბუქს, რომ ირგვლივ ყველა ამ სახელს უწოდებდა. სამაგიეროდ, სიამოვნებით დავთმობდი, ადვილად ვიტყოდი უარს ჩემს დარდებზე ან ჩემს მისტიკურ განწყობაზე, დროდადრო რომ მეუფლებოდა! ჩემი ხასიათის ერთადერთი გონიერი მხარე სწორედ სიამოვნებისადმი, ბედნიერებისადმი ლტოლვა გახლავთ! იქნებ, საკმაოდ ნაკითხი არ ვიყავი? პანსიონში მხოლოდ ჭკუისდამრიგებლურ წიგნებს გვაკითხებდნენ. პარიზში კითხვის დრო არ მქონდა: როგორც კი ლექციები დაგვიმთავრდებოდა, ამხანაგები მაშინვე კინოში მიმათრევდნენ. ძალიან უკვირდათ, მსახიობთა გვარები რომ არ ვიცოდი. ზოგჯერ კაფეებს გარეთ ვისხედით, მზის გულზე. დიდ სიამოვნებას მგვრიდა იქ ყოფნა: ირგვლივ ხალხი ირეოდა, ნელ-ნელა შევექცეოდით ღვინოს, მერე ვინმე თვალს თვალში გამიყრიდა, ხელზე მომიჭერდა, მომაშორებდა ხალხის ამ ტალღას, ქუჩა-ქუჩა დავყავდი, სახლთან რომ მივიდოდით, კართან მიმიმწყვდევდა და მკოცნიდა. კოცნის სიტკბოსაც გავუგე გემო. იმ მოგონებებს სახელს არ ვარქმევ – ჟანი, ჰუბერტი, ჟაკი... ყოველი ქალიშვილის მეგობრებს ასე ჰქვიათ. საღამოობით ხანდაზმული ქალივით დავდინჯდებოდი, მამასთან ერთად სტუმრად დავდიოდი, სადაც არაფერი მესაქმებოდა, სადაც საკმაოდ ჭრელი საზოგადოება იკრიბებოდა, მეც რომ მართობდნენ და თვითონაც რომ ერთობოდნენ ჩემი ასაკით. შინ დაბრუნებისას მამა სახლთან გადმომსვამდა ხოლმე მანქანიდან და თვითონ რომელიმე მეგობარი ქალის გასაცილებლად მიდიოდა. როდის ბრუნდებოდა, ვერ ვიგებდი. არ მინდა იფიქროთ, თითქოს მამა ტრაბახობდა თავისი თავგადასავლებით. მაგრამ ის კი მართალია, რომ ცდილობდა არაფერი დაემალა ჩემთვის, ანუ ტყუილები არ ეთქვა ჩვენს ბინაში ზოგი მეგობარი ქალის ხშირი სტუმრობის ან ხანგრძლივი, საბედნიეროდ, დროებითი... ჩამოსახლების გასამართლებლად! როგორც უნდა მოქცეულიყო, სულერთია, დიდი ხნით მაინც ვერ დამალავდა ამ "სტუმრებთან" ურთიერთობას; ამას გარდა, ეტყობა, ჩემი ნდობის დაკარგვაც არ უნდოდა, მით უფრო, რომ არც ტყუილების მოჩმახვა დასჭირდებოდა საამისოდ. შესანიშნავი წინდახედულობა გახლავთ! მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ილუზიას მოკლებული ცინიზმი შთამაგონა სიყვარულზე, მე კი, ჩემი ასაკისა და გამოუცდელობის გამო, ასე მეგონა, სიყვარული ბედნიერების მომნიჭებელი კია, მაგრამ ღრმა კვალს არ ტოვებს-მეთქი. მე ძალიან ხშირად და სიამოვნებითაც ვიმეორებდი მოსწრებულ სიტყვებს. მათ შორის ოსკარ უაილდის ნაკვესი მომწონდა: "მჭახე ფერთა შორის ცოდვა მაინც ყველაზე უფრო გამოირჩევა თავისი სიმჭახით ამ სამყაროში". ეს ნათქვამი ისე დაბეჯითებით მივიჩნიე საკუთარ აზრად, თითქოს უკვე გამომეყენებინოს იგი ცხოვრებაში. ასე მეგონა, ჩემი ცხოვრებაც ამ ნათქვამის ბრმა მიბაძვა იქნება და მხოლოდ ის შთამაგონებს-მეთქი.

მესამე თავი

      მეორე დილით მზის ირიბმა მწველმა სხივმა, ჩემს საწოლს რომ დაჰფენოდა, უცნაური, არეული სიზმრებიდან გამომაფხიზლა. რაკი ჯერ ისევ ბურანში ვიყავი, ვცდილობდი, მცხუნვარე მზის აბეზარი ათინათი სახიდან ხელით მომეშორებინა, მაგრამ მერე თავი მივანებე. ათი საათი იყო. პიჟამით გავედი ტერასაზე. იქ ანა დამხვდა; გაზეთებს ათვალიერებდა. შევამჩნიე, მსუბუქი, უნაკლო მაკიაჟი გაეკეთებინა. თითქოს არასოდეს აძლევდა თავს უფლებას, ბოლომდე მოშვებულიყო და დაესვენა. ყურადღება არ მომაქცია. ერთი ფინჯანი ყავა და ფორთოხალი ავიღე, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი და დილის ნეტარებაში გადავეშვი: ფორთოხალს ვკბეჩდი, ტკბილი წვენი პირში მეწვეთებოდა, მაშინვე ცხელ, შავ ყავას ვაყოლებდი, მერე ისევ ხილის წვენით ვიგრილებდი პირს. მზე თმას მიხურებდა, წოლისგან გაჩენილ ნაოჭებს მისწორებდა კანზე. ხუთი წუთის შემდეგ საბანაოდ წავიდოდი. ანას ხმამ შემაკრთო: – სესილ, რატომ არაფერს ჭამთ?

  – დილით ყავა მირჩევნია, რადგან...

  – საზოგადოებაში გამოჩენას თუ აპირებთ, სამი კილო მაინც უნდა მოიმატოთ. ყბები ჩაცვენილი გაქვთ, ნეკნებს დაგითვლით კაცი. წადით, პური და კარაქი მოიტანეთ!

      შევევედრე, კარაქიან პურს ნუ დამაძალებთ-მეთქი. ის-ის იყო, დამიწყო ახსნა, რამდენად აუცილებელი იყო ეს ჩემთვის, რომ მამაჩემი გამოჩნდა. საუცხოო წინწკლებიანი ხალათი ეცვა.

  – რა შესანიშნავი სანახაობაა! – თქვა მან. – ორი შავგვრემანი გოგო მზეზე ზის და კარაქიან პურზე საუბრობს!

  – ვაი რომ, აქ მხოლოდ ერთი გოგოა! – სიცილით თქვა ანამ. – მე თქვენი ტოლი ვარ, ჩემო საბრალო რაიმონდ.

      მამა დაიხარა და ანას ხელი აიღო.

  – რა კვიმატი ენა გაქვთ, – ნაზად უსაყვედურა მან.

      შევამჩნიე, ანამ ისე დაახამხამა ქუთუთოები, თითქოს მოულოდნელად აკოცესო.

      შემთხვევით ვისარგებლე და გავიქეცი. კიბეზე ელზას შევეფეთე. ეტყობოდა, ეს წუთია ამდგარიყო. თვალები დასივებოდა, მზისგან გაწითლებულ სახეზე ბაგე უფერული უჩანდა. კინაღამ შევაჩერე და ვუთხარი, ქვემოთ ანა ზის, კანი მოვლილი და გაკრიალებული აქვს, მალე მასაც მოეკიდება მზე, მაგრამ სახე კი არ აუფორაჯდება, ზომიერად გაერუჯება-მეთქი. ერთი სიტყვით, მინდოდა გამეფრთხილებინა, მაგრამ გადავიფიქრე, ვაითუ ცუდად გამიგოს-მეთქი. ელზა ოცდაცხრა წლისა იყო, ე. ი. ანაზე ცამეტი წლით უმცროსი, და მაშასადამე, უპირატესობაც მეტი ჰქონდა. საბანაო კოსტიუმი ავიღე და ყურეს მივაშურე. როგორ გამიკვირდა, სირილი უკვე იქ რომ დამხვდა თავისი ნავით. დინჯად შემომეგება. ხელი მომკიდა.

  – გუშინდელი ჩემი საქციელისთვის ბოდიში უნდა მოგიხადო! – მითხრა.

  – მე თვითონ ვარ დამნაშავე, – ვუპასუხე.

      არავითარ უხერხულობას არ ვგრძნობდი, ამიტომ უფრო გამაოცა მისმა ზომაზე მეტმა სიდინჯემ.

  – ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია... – წამოიწყო ხელახლა და ნავი ზღვაში შეაცურა.

  – ნეტავი რა გაქვთ საპატიებელი?! – უდარდელად ვუთხარი.

  – რას ამბობთ?

      მე უკვე ნავში ვიჯექი. სირილი მუხლებამდე იდგა წყალში და ნავის ცხვირს ისე დაჰყრდნობოდა, იტყოდით, სასამართლოს კათედრაზე დგასო. მივხვდი, ნავში მანამ არ ჩაჯდებოდა, სანამ ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს. მეც დაძაბული ვუსმენდი. მისი სახე უკვე კარგად მქონდა შესწავლილი და შიგ საკუთარ თავს სარკესავით ვხედავდი. გავიფიქრე, ამ ოცდახუთი წლის ყმაწვილს თავი გოგოს შემცდენელად წარმოუდგენია-მეთქი, და სიცილი წამსკდა.

  – ნუ იცინით! – მითხრა მან. – გუშინ სასტიკად დავაშავე. ეს თქვენც კარგად იცით. ვერაფრით ვერ გამამართლებთ... მამათქვენი, ის ქალი, მათი მაგალითი... ნამდვილ არამზადასავით მოვიქეცი... ვინ იცის, რა იფიქრეთ... არ შემეძლო, სასაცილოდ რომ ამეგდო. ვგრძნობდი, მეტად კეთილი ყმაწვილი იყო და შემიყვარებდა კიდეც, თუკი მოვისურვებდი. ხელები ყელზე მოვხვიე, ლოყა ლოყაზე მივადე. ჩემთან შედარებით განიერი ბეჭები და მკვრივი სხეული ჰქონდა.

  – რა კარგი ხართ, სირილ! – წავიჩურჩულე. – თქვენ ჩემი ძმობილი იქნებით. ერთი კი ამოიყვირა რაღაცა, მომხვია მკლავები და ნავიდან ფრთხილად ამომიყვანა. ხელში ამიტაცა, მკერდზე მიმიკრა და თავი მხარზე ჩამომადებინა. იმ წუთში მართლა მიყვარდა. დილის შუქზე ჩემსავით ქერა ჩანდა. მფარველად ვიგულე. როცა მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, სიამოვნებისგან ორივენი ავცახცახდით. ჩვენს კოცნას არც სინდისის ქენჯნა ეტყობოდა, არც სირცხვილი. დროდადრო ჩურჩულით შეწყვეტილი, ერთმანეთისადმი ღრმა ლტოლვა იყო და სხვა არაფერი. ხელიდან დავუსხლტი და ნავისკენ გავცურე. იგი დინებას წაეღო. გონს მოსასვლელად და გასაგრილებლად წყალში ჩავყურყუმელავდი... წყალი მწვანე იყო. ვიგრძენი, ბედნიერი ვიყავი, ბედნიერი და სრულიად უდარდელი. თორმეტის ნახევარზე სირილი წავიდა. ბილიკზე მამა და მისი ქალები გამოჩნდნენ. იგი შუაში მოდიოდა და ორივეს ჩვეული თავაზით, რიგრიგობით აშველებდა ხელს. ანას დილის ხალათი ეცვა, ჩვენ თვალწინ მშვიდად გაიხადა და იქვე, ნაპირზე გაწვა. წვრილ წელს, ჩამოსხმულ წვივებს ოდნავ მოდუნება თუ ეტყობოდა, თორემ სხვა მხრივ დიდებული სანახავი გახლდათ. უეჭველია, წლების განმავლობაში გამუდმებული ზრუნვითა და მოვლით შეენარჩუნებინა ასე მშვენივრად სხეული. მოწონების ნიშნად წარბები ავზიდე და რატომღაც მამაჩემს შევხედე. გამიკვირდა, თვალი რომ ვერ გამისწორა და მაგრად დახუჭა. საცოდავი ელზა სავალალო სანახავი იყო: ტანზე ზეთს ისვამდა. ერთი კვირის ვადას ვაძლევდი მამაჩემს, რომ... ანამ ჩემკენ მოიხედა: – ასე ადრე რატომ ადექით, სესილ? მახსოვს, პარიზში შუადღემდე გეძინათ.

  – მაშინ სამუშაო მქონდა და ძლივს ვიდექი ფეხზე.

      არ გაღიმებია. ხათრით არასდროს იღიმებოდა სხვებივით. მხოლოდ მაშინ გაიღიმებდა, როცა გულით უნდოდა.

  – გამოცდების საქმე როგორა გაქვთ?

  – ჩავიჭერი, – მხიარულად ვუპასუხე, – სამარცხვინოდ ჩავიჭერი!

  – ოქტომბერში ხელახლა უნდა ჩააბაროთ გამოცდა, აუცილებლად!

  – რა საჭიროა? – ჩაერია მამა, – დიპლომი არასოდეს მქონია, მაგრამ ხელგაშლილად მაინც ვცხოვრობ.

  – სამაგიეროდ ქონება გქონდათ! – შეახსენა ანამ.

  – ჩემი შვილი მუდამ იპოვის ისეთ მამაკაცს, კარგად რომ აცხოვროს, – დინჯად უპასუხა მამამ.

      ელზას სიცილი წასკდა, მაგრამ, როგორც კი ჩვენი სამი წყვილი თვალი მიაჩერდა, მაშინვე გაისუსა.

  – არდადეგების დროს უნდა იმუშაოს, – მტკიცედ განაცხადა ანამ, თვალები დახუჭა და ლაპარაკიც ამით დაამთავრა.

      სასოწარკვეთილი მივაჩერდი მამას. პასუხის ნაცვლად უხერხულად გამიღიმა. უცებ წარმოვიდგინე, ბერგსონის წიგნზე დახრილს როგორ მიხტოდა თვალწინ შავი ასოები და... ყურში სირილის სიცილი ჩამესმა. ამის გაფიქრებამ შემაძრწუნა. ანასთან მივცოცდი და ხმადაბლა დავუძახე. თვალები გაახილა. შეშინებული, მუდარით სავსე სახე ახლოს მივუტანე, ლოყები ღრმად შევისრუტე, სწავლით გადაღლილი იერი რომ მქონოდა, და შევევედრე: – ანა, ასეთ სისასტიკეს ნუ ჩაიდენთ, ამ სიცხეში მუშაობას ნუ მაიძულებთ. რომ იცოდეთ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩემთვის ამ არდადეგებს. ერთხანს დამაშტერდა, შემდეგ უცნაურად გაიღიმა და თავი გვერდზე მიაბრუნა.

  – ამ "სისასტიკეს" აუცილებლად ჩავიდენ!.. როგორც თქვენ ამბობთ, სწორედ ამ სიცხეში უნდა გამუშაოთ. თქვენი ხასიათი რომ ვიცი, მხოლოდ ორი დღე იბუზღუნებთ, სამაგიეროდ გამოცდას ჩააბარებთ.

  – არის რაღაცები, რის გაკეთებასაც თავს ვერ აიძულებ! – დინჯად ვუთხარი.

      დამცინავად და გამომწვევად შემომხედა. ისევ გავწექი სილაზე შეწუხებული. ელზა გატაცებით ლაპარაკობდა ზღვის სილამაზეზე, მაგრამ მამა ყურს არ უგდებდა: მათი სხეულებისგან შექმნილ სამკუთხედს თავში მოჰქცეოდა და ანას პროფილსა და შიშველ მხრებს თვალს არ აშორებდა. მამაჩემის ამ ჯიქურ, შეუპოვარ შემოხედვას კარგად ვიცნობდი!.. ნელა, ფრთხილად შლიდა და კუმშავდა ხელს სილაზე, შლიდა და კუმშავდა, შლიდა და კუმშავდა. ზღვას მივაშურე, შიგ ჩავხტი... გული მიკვნესდა. რა სასიამოვნოდ ვაპირებდით ზაფხულის გატარებას და როგორ ჩაგვმწარდა! დრამის მოქმედი პირნიც აქვე იყვნენ: მაცდური მამაკაცი, დემიმონდენი[2] და ჭკვიანი მანდილოსანი. ზღვის სიღრმეში მშვენიერი ნიჟარა შევნიშნე, მოთეთრო ვარდისფერი ქვა; ჩავყვინთე მის ამოსაღებად და საუზმემდე ხელი არ გამიშვია. გადავწყვიტე, ეს თხელი, გაცვეთილი ქვა ბედნიერების მომტანია-მეთქი, და მთელი ზაფხულის განმავლობაში თან მინდოდა მეტარებინა. თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ არ დამიკარგავს... მე ხომ ყველაფერს ვკარგავ?!.. ახლაც ხელში მიჭირავს ეს ვარდისფერი, თბილი ქვა და ტირილის სურვილს მიღვიძებს.

თავი მეოთხე

      მომდევნო დღეებში ანა ისე გულთბილად ექცეოდა ელზას, რომ პირდაპირ გამაოცა. ელზას სულელური ყბედობა ერთხელაც არ შეუწყვეტია გესლიანად და საცოდავი ელზა არ გაუმასხრებია. ანას მოთმინებითა და დიდსულოვნებით აღტაცებული ვიყავი და ვერ წარმომედგინა, მის საქციელში რაიმე მზაკვრობა თუ ერია. სხვა დროს მამაჩემს, ალბათ, მალე მოჰბეზრდებოდა ეს დაძაბული თამაში. ახლა კი პირიქით, ანას მადლიერი ჩანდა და არ იცოდა, რითი გადაეხადა სამაგიერო. სინამდვილეში მადლიერების ეს გრძნობა მხოლოდ საბაბი გახლდათ. რასაკვირველია, ანას ისე ელაპარაკებოდა, როგორც მეტად პატივსაცემ ქალს, როგორც მისი ქალიშვილის დედობილს. სწორედ ამას იმიზეზებდა ხოლმე, როცა სთხოვდა, თვალყური ედევნებინა ჩემთვის, ჩემი საქციელის ავკარგიანობაზე ეკისრა პასუხისმგებლობა, თითქოს ამით სურდა უფრო დაეახლოებინა, უფრო მჭიდროდ დაეკავშირებინა ჩვენს ოჯახთან. მაგრამ თვითონ ისე უყურებდა, ისე ექცეოდა ანას, როგორც უყურებენ და ექცევიან უცნობ ქალს, ვისი გაცნობის დიდი სურვილი აქვთ... თავშესაქცევად. ასეთი შემოხედვა სირილსაც შევამჩნიე რამდენჯერმე და რამდენჯერაც შევამჩნიე, იმდენჯერ გაორებული გრძნობა დამეუფლა: თან მინდოდა გავშორებოდი და თანაც მისი გაღიზიანება მსურდა. ეტყობა, ასეთი შემთხვევა ჩემზე უფრო ახდენდა გავლენას, ვიდრე ანაზე. იგი თავშეკავებული თავაზიანობით, გულგრილად ექცეოდა მამას და მეც მშვიდად ვიყავი, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, ანას ჩამოსვლის დღეს შევცდი-მეთქი. იმას კი ვეღარ ვამჩნევდი, რომ ეს ორაზროვანი თავაზიანობა მამაჩემს მეტისმეტად აღიზიანებდა, განსაკუთრებით მისი გარინდება... დიახ, ანას მეტად ბუნებრივი, შეუდარებელი გარინდება სჩვეოდა. ელზას განუწყვეტელი ჟღურტული და ანას გარინდება ერთგვარ ანტითეზს ქმნიდა, ისევე, როგორც მზე და ჩრდილი. საბრალო ელზა... ნამდვილად ვერაფერს ამჩნევდა. მზეზე შეტრუსული ეს ქალი ერთთავად აღგზნებული, აფუსფუსებული ჩანდა. მაგრამ, აი, ერთ დღეს კი რაღაცას მიხვდა, მამაჩემის მზერა დაიჭირა. საუზმის წინ რაღაცა უჩურჩულა ყურში: მამაჩემი ერთხანს დაბნეული, გაოცებული უყურებდა, შემდეგ გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. დავლიეთ თუ არა ყავა, ელზა წამოდგა და კარისკენ გაემართა. მერე მიბნედილი იერით, აშკარად ამერიკელი კინომსახიობებისაგან რომ ჰქონდა გადმოღებული, ჩვენკენ შემობრუნდა და ჭეშმარიტი ფრანგული თავაზიანობით იკითხა: – არ წამოხვალთ, რაიმონდ? მამა წამოდგა, სახეზე წამოწითლდა, პაპანაქება სიცხეში, შუადღისას სასარგებლოა დასვენებაო, წაილაპარაკა და ელზას გაჰყვა. ანა არ განძრეულა, თითებში სიგარეტი გაერჭო და ბოლქვს ბოლქვზე უშვებდა. შემრცხვა. რამე უნდა მეთქვა.

  – ხალხი ამბობს, შუადღის სიცხეში დასვენება სასარგებლოაო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მცდარი აზრი უნდა იყოს...

      სიტყვა გამიწყდა, ჩემი ორაზროვანი ნართაულისა მევე შემრცხვა.

  – ძალიან გთხოვთ! – მშრალად მითხრა ანამ.

      თვითონ ნართაულით არ უთქვამს, ჩემს უკბილო ხუმრობას მაშინვე მიმიხვდა. შევხედე. ისეთი წყნარი, დაძაბული სახე ჰქონდა, რომ შემეცოდა. ვინ იცის, იმ წუთში იქნებ კიდეც შურდა ელზასი. მის დასამშვიდებლად ერთი ცინიკური აზრი მომივიდა თავში და, როგორც ყოველთვის, აღმაფრთოვანა. ამიტომაც ვერ მოვითმინე და ეს აზრი ხმამაღლა გამოვთქვი: – ელზას ისე აქვს კანი დამწვარი, დარწმუნებული იყავით, რომ მისი ეს სულელური გამოგონება, ნაშუადღევს დასვენება, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ მოჰგვრის სიამოვნებას. ჯობდა კი, კრინტი არ დამეძრა.

  – მძაგს ასეთი მსჯელობა! – თქვა ანამ. – თქვენს ასაკში კი ეს არათუ სისულელე, უფრო მეტიც, სისაძაგლეა!

      ერთბაშად ავენთე: – ვიხუმრე, მაპატიეთ, ისე კი ეჭვი არ მეპარება, რომ ორივენი ძალიან კმაყოფილნი დარჩებიან.

      განაწამები სახე ჩემკენ მოაბრუნა. მაშინვე ბოდიში მოვუხადე. ანამ თვალები დახუჭა და ხმადაბლა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ წაილაპარაკა: – თქვენ აუბრალოებთ სიყვარულს. ეს მხოლოდ ცალკეული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეგრძნებები არ გახლავთ... გავიფიქრე, ყველა ჩემი სიყვარული ასეთი იყო-მეთქი: ვისიმე სახით, მოძრაობით, კოცნით მიღებული უეცარი ემოციები... უთავბოლო სასიამოვნო წამები – აი, მხოლოდ ასეთი მოგონებანიღა მრჩებოდა მუდამ.

  – ეს სულ სხვა რამაა, – განაგრძობდა ანა, – არსებობს მუდმივი სიყვარული, ნაზი ლტოლვა, ისეთი გრძნობა, თითქოს ვიღაცა გაკლია... ეს ისეთი რამაა, თქვენ ვერ მიხვდებით. მრავლისმეტყველად ჩაიქნია ხელი და გაზეთი აიღო. მერჩივნა, ჩემს სენტიმენტალურ უაზრობაზე გაბრაზებულიყო, არ ყოფილიყო ჩვეულებისამებრ გულგრილი. ვფიქრობდი, ანა მართალია, წამიერ სურვილებს ავყოლივარ, პირუტყვივით ვცხოვრობ, საცოდავი და უსუსური ადამიანი ვარ-მეთქი. თავი შემეჯავრა, ეს კი საშინლად მძიმე იყო ჩემთვის, რადგან ასეთ გრძნობას არ ვიყავი შეჩვეული. ჩემს თავზე არც ცუდი, არც კარგი წარმოდგენა არ გამაჩნდა. ოთახში ავედი. ყურებში კი ანას სიტყვები ჩამესმოდა: "ეს სულ სხვა რამაა... ისეთი გრძნობაა, თითქოს ვიღაცა გაკლია"... მაკლდა კი ვინმე ოდესმე? უკვე აღარ მახსოვს ის წვრილმანი ამბები, რაც იმ ორი კვირის განმავლობაში მოხდა. აკი ვთქვი, წინასწარ რაიმეს დანახვა, რაიმე ავის შემჩნევა არ მსურდა. არდადეგების ბოლო დღეები, რა თქმა უნდა, ძალიან ზუსტად მახსოვს, რადგან მთელი ჩემი გულისყური მისკენ მქონდა მიპყრობილი. მაგრამ ეს იყო სამი კვირა, საერთო ჯამში, სამი ბედნიერი კვირა... რომელ დღეს დააშტერდა მამაჩემი ანას ბაგეს? იმ დღეს ხომ არა, როცა ნაძალადევი ღიმილით ხმამაღლა უსაყვედურა გულგრილობა? იქნებ, იმ დღეს, როცა ანას შორსმჭვრეტელობა ელზას სისულელეს შეადარა, თანაც ღიმილი ერთი წუთითაც არ შეჰპარვია სახეზე? მაშინ მე იმიტომ ვიყავი მშვიდად, რომ ასე მეგონა: თხუთმეტი წელია ერთმანეთს იცნობენ და თუ ერთმანეთის შეყვარება უნდოდათ, უფრო ადრე მოახერხებდნენ; მაგრამ თუკი ეს ამბავი მაინც უნდა მოხდეს, მას მხოლოდ სამი თვე ეყვარება ანა, ანას კი რამდენიმე სასიყვარულო მოგონება და მცირეოდენი დამცირების გრძნობაღა შერჩება-მეთქი. საკვირველია, ნუთუ არ ვიცოდი, რომ ანა ისეთი ქალი იყო, ვისი ასე მიტოვებაც შეუძლებელია?! მაგრამ მაშინ, სირილის გარდა, არაფერზე შემეძლო ფიქრი. საღამოობით ხშირად დავდიოდით სენ-ტროპეზის რესტორანში, კლარნეტის ხმაზე ვცეკვავდით, ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით სამიჯნურო სიტყვებს, რომლებიც იმ საღამოს ტკბილად ჩამესმოდა ყურში, მაგრამ მეორე დღეს უკვე მავიწყდებოდა. დღისით აფრიანი ნავით ზღვის ნაპირს მივყვებოდით. ხანდახან მამაც მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. იგი პატივისცემით ეპყრობოდა სირილს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან კროულის მატჩი განგებ წააგო მამაჩემთან. მამა "ჩემო პატარა სირილს" ეძახდა, ხოლო სირილი "ბატონოთი" მიმართავდა. მე კი სულ იმაზე ვფიქრობდი, რომელი მათგანია უფრო ახალგაზრდა-მეთქი.

      ერთ ნაშუადღევს სირილის დედას ვესტუმრეთ. ჩაით გაგვიმასპინძლდა. ეს მშვიდი, მოღიმარი მოხუცი იმ სიძნელეებზე გველაპარაკა, რომელთა გადალახვაც მოუხდა ცხოვრებაში, როგორც ქვრივსა და დედას! მამამ თანაუგრძნო, ანას მადლიერი თვალებით გადახედა და მრავალი ქათინაური უთხრა მოხუც მანდილოსანს. უნდა გამოვტყდე, მამაჩემს დროის დაკარგვისა არასოდეს ეშინოდა. ანა თავაზიანი ღიმილით შესცქეროდა ამ წარმოდგენას. შინ რომ ვბრუნდებოდით, ისიც კი თქვა, სასიამოვნო მანდილოსანი ყოფილაო. მე აუგად მოვიხსენიე მოწუწუნე ქალები, მამამ და ანამ ირონიული ღიმილით გადმომხედეს. ავენთე – თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა კმაყოფილია საკუთარი თავით! – წამოვიყვირე მოთმინებადაკარგულმა. – კიდეც ამაყობს ამგვარი ცხოვრებით, აქაოდა, ვალი მოვიხადეო...

  – ეს ასეცაა! – თქვა ანამ. – როგორც იტყვიან, დედისა და მეუღლის ვალი პირნათლად მოუხდია...

  – კახპის ვალიც მოიხადა ვითომ? – ვიკითხე მე.

  – უხეშობა არ მიყვარს, თუნდაც პარადოქსული! – თქვა ანამ.

  – აქ არაფერია პარადოქსული! იგი ისევე გათხოვდა, როგორც ყველა თხოვდება – ან იმიტომ, რომ თვითონვე სურდა, ან იმიტომ, რომ ასე ხდება ხოლმე. გაუჩნდა შვილი... ალბათ, იცით, როგორ ჩნდება ხოლმე შვილი?

  – რა თქმა უნდა, თქვენსავით კარგად არ ვიცი, – დამცინავად მიპასუხა ანამ, – მაგრამ რაღაც წარმოდგენა მეც მაქვს.

  – შემდეგ აღზარდა ბავშვი. საყვარელი კი იმიტომ არ გაიჩინა, უსიამოვნებებს და შფოთს აარიდა თავი. ისევე ცხოვრობდა, როგორც მრავალი და მრავალი ქალი ცხოვრობს, და ახლა კიდეც ამაყობს ამით. გესმით თუ არა? ახალგაზრდობიდანვე იყო ჩვეულებრივი ბურჟუა ქალი, ასეთივე მეუღლე და დედა. თითი თითზე არ დაუკარებია იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეეცვალა, ახლა კი სწორედ ამით იბღინძება.

  – ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, – თქვა მამამ.

  – სამაგიეროდ, თვალის ახვევის საშუალება გახლავთ! – დავიყვირე მე. – ასეთი ქალები არაფერს აკეთებენ, მაგრამ ბოლოს კი თავს ირწმუნებენ, მოვალეობა პირნათლად მოვიხადეთო. ქუჩის ქალი რომ გამხდარიყო, მაშინ პატივისცემის ღირსიც იქნებოდა.

  – თქვენი აზრები ახლა მოდაში კია, მაგრამ იაფფასიანია! – მითხრა ანამ.

      იქნებ, მართალიც იყო. მე მხოლოდ იმას ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი. მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ეს აზრები სხვისგან მქონდა გაგონილი. ჩემი და მამაჩემის ცხოვრება სწორედ ამ თეორიას ემყარებოდა. ანა კი მას ამრეზით უყურებდა და ამით ნამდვილად შეურაცხმყოფდა. არარაობასაც ისევე შეიძლება ჩაეჭიდოს ადამიანი, როგორც სხვა რამეს, მაგრამ ანა მოაზროვნე ადამიანად არ მთვლიდა. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო დაუყოვნებლივ შემეცვლევინებინა ეს შეხედულება. მაგრამ რა ვიცოდი, თუ შემთხვევა ასე ჩქარა მომეცემოდა ან თუ ამ შემთხვევას გამოვიყენებდი! თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ, შესაძლოა, ერთი თვის შემდეგ ამ საკითხზე სულ სხვა შეხედულებისა ვყოფილიყავი და ჩემი მოსაზრებები შეცვლილიყო. ჰოდა, როგორღა უნდა ვყოფილიყავი დიდსულოვანი?!

თავი მეხუთე

      და აი, ერთ დღეს ყველაფერი დასრულდა. დილით მამაჩემმა გადაწყვიტა, კანში წავსულიყავით, მთელი საღამო იქ გაგვეტარებინა. ვიცეკვებდით, გავერთობოდით. მახსოვს, როგორ გაუხარდა ელზას – კაზინოში შინაურულად გრძნობდა თავს. იქაურ ცხოვრებას შეჩვეული კვლავ გამოცოცხლდებოდა, რადგან ჩვენი მყუდრო ცხოვრებისა და მზის გულზე ყოფნის წყალობით ახლა სულ დარეტიანებულივით დადიოდა, საცოდავი! ვიფიქრე, ანა იქ წასვლის წინააღმდეგი იქნება-მეთქი, მაგრამ შევცდი. დათანხმდა და, მგონი, კმაყოფილიც დარჩა. ნასადილევს ჩემს ოთახში ავედი და ერთადერთი საგარეო კაბა ჩავიცვი. ეგზოტიკური, დიახ, მეტისმეტად ეგზოტიკური გახლდათ ჩემი ხნის გოგოსთვის, მაგრამ მამამ ამირჩია; არ ვიცი, ასეთი გემოვნება ჰქონდა თუ მიჩვეული იყო ასეთ მორთულობას, ეს კია, მუდამ ნავსიანი, საბედისწერო ქალივით მაცმევდა. მამა ქვევით დამხვდა, ახალი სმოკინგი ეცვა და დიდებული სანახავი იყო. კისერზე ჩამოვეკიდე.

  – შენზე ლამაზი მამაკაცი არ შემხვედრია!

  – სირილის გარდა! – მითხრა მან, თუმცა ნათქვამისა თვითონვე არ სჯეროდა. – შენზე ლამაზი გოგო კი მართლა არ მინახავს.

  – ელზასა და ანას გარდა! – იმავე კილოთი ვუპასუხე.

  – რაკი აქ არ ბრძანდებიან და იმდენად გაკადნიერდნენ, რომ გვალოდინებენ, მოდი, შენს ბებერ, რევმატიზმიან მამას ეცეკვე!

      მე კვლავ დამეუფლა ბედნიერების განცდა, რომელსაც სახლიდან გასვლისას ვგრძნობდი ხოლმე წინათ. რა თქმა უნდა, მოხუც მამას იგი სულაც არ ჰგავდა. ვცეკვავდი და თან ვგრძნობდი მისი ოდეკოლონისა და თამბაქოს სუნს. თვალებდახრილი ტაქტს აყოლებდა ფეხს და, ჩემი არ იყოს, ტუჩებზე მასაც ბედნიერი ღიმილი უკრთოდა.

  – ბი-ბოპი უნდა მასწავლო! – მითხრა მან. ეტყობა, რევმატიზმი გადაავიწყდა.

      ერთბაშად ცეკვა შეწყვიტა და თითქმის ავტომატურად წაიბუტბუტა რაღაც, თავაზიანი მისალმების მსგავსი. ელზა ნელა ჩამოდიოდა კიბეზე, მწვანე კაბა ეცვა და ისე იღიმებოდა, როგორც კაზინოს ხშირი სტუმარი, მაღალი წრის იმედგაცრუებული ქალი. ჩანდა, ბევრი იწვალა, სანამ ზღვის წყლისაგან გახეშეშებულ თმასა და მზეზე შეტრუსულ კანს თავის ჭკუაზე მოიყვანდა, მაგრამ შედეგით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა. კიდევ კარგი, რომ თვითონ ვერაფერს გრძნობდა!

  – წავიდეთ?

  – ანა ჯერ არ გამოჩენილა! – ვუპასუხე.

  – ადი, ნახე, მზადაა თუ არა, – მითხრა მამამ, – წასვლის დროა, ღამის თორმეტი საათი იქნება, კანში რომ ჩავალთ.

      კიბეს ავუყევი. საცეკვაო კაბაში თავს ცუდად ვგრძნობდი. ანას ოთახის კარზე დავაკაკუნე. შემოდითო, დამიძახა. კარის ზღურბლზე შევჩერდი. ნაცრისფერი კაბა ეცვა, უცნაური რუხი ფერისა, თითქმის თეთრი. ელექტრონის შუქზე ისე ლივლივებდა, როგორც გარიჟრაჟზე, მზის პირველ სხივებზე ლივლივებს ხოლმე ზღვა. მისი შემხედვარე იტყოდით, რაც კი ამქვეყნად სიმშვენიერეა, ამ ქალისათვის მოუმადლებიათო ამ საღამოს.

  – დიდებულია! – წამოვიყვირე. – ო, ანა, რა ლამაზი კაბაა!

      ანამ სარკეში გამიღიმა. ასე იმ ადამიანს უღიმიან ხოლმე, რომელსაც სადაცაა მიატოვებენ.

  – ეს რუხი ფერი ნამდვილად დიდებულია! – თქვა მან.

  – დიდებული თქვენ თვითონ ხართ! – ვუთხარი მე.

      ყური ამიწია, თვალებში ჩამხედა. ლურჯი თვალები ჰქონდა. დავინახე, როგორ აციმციმდნენ ისინი და გაიღიმეს.

  – ძალიან კარგი გოგო ხართ, თუმცა ზოგჯერ საშინლად დამქანცველი ბრძანდებით.

      მერე წინ ჩამიარა და ისე წავიდა, ჩემი კაბისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კიდეც გამიხარდა და გულიც მეტკინა. ანა კიბეს ჩაუყვა. მამა მისკენ გამოეშურა, კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, შეჩერდა და მიაშტერდა. ელზაც შეჰყურებდა. ზუსტად მახსოვს ეს სცენა: წინ – ანას ოქროსფერი კეფა, დიდებული მხრები, ცოტა ქვევით – მამაჩემის გაოცებული სახე, წინ გაწვდილი ხელი, ხოლო შორს – ელზა!

  – ანა, – უთხრა მამამ, – რომ იცოდეთ, რა არაჩვეულებრივი ხართ!

      ანამ გაუღიმა, გვერდით ჩაურა და მანტო აიღო.

  – იქ შევხვდებით, არა? – ჰკითხა მან. – სესილ, ხომ ჩემთან ერთად წამოხვალთ? მანქანის ტარების ნება მომცა. ღამით გზა ისეთი ლამაზი იყო, ნელა მივდიოდით. ანა დუმდა. თითქოს რადიოს ხმაც არ ესმოდა. როცა მამაჩემის მანქანამ ჩაგვიქროლა, წარბიც არ შეუხრია. ვიგრძენი, სულ მალე თამაშგარეთ აღმოვჩნდებოდი და აღარაფერში ჩამრევდნენ. კაზინოში მამაჩემმა იმდენი მოახერხა, რომ სწრაფად დავკარგეთ ერთმანეთი. მე ელზასა და მის ერთ ნაცნობთან აღმოვჩნდი ბარში. ეს შეზარხოშებული სამხრეთამერიკელი რომელიღაც თეატრს ხელმძღვანელობდა და ისეთი გატაცებული იყო თავისი საქმიანობით, მეც კი დამაინტერესა. მასთან სიამოვნებით დავყავი ერთი საათი, მაგრამ ელზას მოსწყინდა. ტექნიკა არ იტაცებდა, ბოლოს მკითხა, მამა სად არისო. მე საიდან უნდა მცოდნოდა! ელზამ მიგვატოვა. ამან სამხრეთამერიკელი ერთხანს დაანაღვლიანა, მაგრამ ერთი ჭიქა ვისკი გადაკრა და ლაპარაკის საღერღელი კვლავ აეშალა. მე არაფერზე ვფიქრობდი და, რაკი ზრდილობის გულისთვის მისი ღრეობის მონაწილე გავხდი, საუცხოოდ ვგრძნობდი თავს. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო სასაცილო გახდა, როცა ცეკვა მოინდომა. ბარბაცებდა. იძულებული ვიყავი, ხელი წელზე მომეხვია და ჩემგან ცოტა მოშორებული მყოლოდა – მეშინოდა, ფეხი არ დაედგა ჩემთვის. ყველაფერი ეს დიდ ძალას მართმევდა. ხმამაღლა ვიცინოდით; ელზამ მხარზე დამკრა ხელი, მივხედე. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ნამდვილ კასანდრას ჰგავდა. კინაღამ ვუთხარი, თავიდან მომწყდი-მეთქი.

  – რა იქნა, ვერსად მიპოვია! – თქვა მან.

      გაუბედურებული იერი ჰქონდა, პუდრი გადასცლოდა, კანი უპრიალებდა, თითქოს სახე დაჰგრძელებოდა. შეგებრალებოდათ. ერთბაშად საშინლად გავბრაზდი მამაჩემზე. უჩვეულო უზრდელობა გამოიჩინა.

  – ჰო, ვიცი, სადაც იქნებიან! – ღიმილით ვუთხარი, თითქოს მინდოდა მენიშნებინა, საგანგაშო არაფერია და გულს ნუ გაიტეხ-მეთქი. – ახლავე დავბრუნდები.

      მე რომ გამოვეცალე, სამხრეთამერიკელი ახლა ელზას ჩაუვარდა მკლავებში და, მგონი, უკეთაც იგრძნო თავი. ნაღვლიანად გავიფიქრე, ელზა ჩემზე გულმოწყალეა, რას იზამ, არ უნდა გავბრაზდე-მეთქი.

      კაზინო დიდი იყო: ამაოდ შემოვიარე ორჯერ, არც ერთი ტერასა არ დამიტოვებია, ბოლოს მანქანა მომაგონდა.

      მანქანის ძებნაში კარგა ხანს მომიხდა პარკში ხეტიალი. შიგ ისხდნენ. მანქანას უკნიდან მივეპარე და სარკეში ორივეს დადინჯებული სახე შევამჩნიე. ერთმანეთს მიჰკვროდნენ და უცნაურად ლამაზნი მოჩანდნენ ფარნის შუქზე. ეტყობოდა, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ, რადგან ბაგეების მოძრაობას ვხედავდი, ხმა კი არ მესმოდა. მინდოდა, უკან გავბრუნებულიყავი, მაგრამ ელზა გამახსენდა და მანქანის კარი გამოვაღე.

      მამას ანას მკლავზე ედო ხელი. ძლივს შემომხედეს.

  – რა ჩინებულად ერთობით! – წამოვიძახე მე.

  – რა მოხდა? – გაანჩხლებით მომმართა მამამ. – აქ რას აკეთებ?

  – თქვენ რას აკეთებთ? ელზა მთელი საათია, დაგეძებთ.

      ანამ ნელა მოაბრუნა თავი ჩემკენ და თითქოს სინანულით წაილაპარაკა: – ჩვენ შინ ვბრუნდებით. უთხარით, რომ მე დავიღალე და მამათქვენმა სახლში წამიყვანა. როცა დროის ტარება მოგბეზრდებათ, ჩემი მანქანით დაბრუნდით.

      ისე აღვშფოთდი, ვკანკალებდი, სიტყვა ვეღარ მეპოვა.

  – როცა დროის ტარება მოგვბეზრდება, არა? კი მაგრამ, ფიქრობთ, რასაც სჩადიხართ? ეს ხომ საზიზღრობაა!

  – რაა საზიზღრობა? – გაკვირვებით მკითხა მამამ.

  – ზღვაზე მოგყავს წითური ქალი, რომელიც მზეს ვერ იტანს, და როცა კანი სძვრება, თავს ანებებ! რა ადვილი საქმეა?! ელზას რა ვუთხრა?

      ანამ დაქანცული სახე მიაბრუნა მამაჩემისკენ. მამა მას უღიმოდა, მე კი ყურს არ მიგდებდა. აღშფოთებულს სუნთქვა შემეკრა: – მე ვეტყვი... მე ვეტყვი, რომ მამაჩემმა სხვა საყვარელი იშოვა, შენ კი თავისუფალი ხარ-მეთქი... ასე ვუთხრა, არა?

      მამაჩემმა გაოცებისგან შეჰყვირა, ხოლო ანამ სილა გამაწნა. მანქანიდან სწრაფად გამოვწიე თავი. ანას დარტყმული მეტკინა.

  – ბოდიში მოიხადე! – მიბრძანა მამამ.

      გაოგნებული ვიდექი მანქანის კართან და წამოშლილ ფიქრებს ვერ ვიგერიებდი. კეთილშობილური აზრი მუდამ გვიან მომდის ხოლმე თავში.

  – აქ მოდით! – მითხრა ანამ.

      საშიში აღარ ჩანდა და მივუახლოვდი. ხელი ლოყაზე მომითათუნა და ისე ტკბილად, წყნარად გამიბა მასლაათი, თითქოს დებილ ბავშვს ელაპარაკებოდა.

  – ნუ ხართ ასეთი ბოროტი! ელზას ამბავი მეც მაწუხებს, მაგრამ თქვენ ისეთი სათუთი ბუნება გაქვთ, ამ საქმეს ჩვენზე უკეთ მოაგვარებთ. ხვალ მოვილაპარაკოთ. ძალიან გატკინეთ?

  – როგორ გგონიათ? – ზრდილობიანად ვკითხე.

      ჩემი უხეში საქციელის შემდეგ ანას ამ მოულოდნელმა დაყვავებამ გული ამიჩუყა და ტირილი მომინდა. როცა წავიდნენ, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სული დამიცარიელდა. ერთადერთ ნუგეშად ჩემი სისათუთის აღიარებაღა დამრჩა. ნელი ნაბიჯით დავბრუნდი კაზინოში, სადაც ელზა და მის მკლავზე ჩამოპორწიალებული სამხრეთამერიკელი დამხვდენენ.

  – ანა ცუდად გახდა, – უდარდელად ვუთხარი ელზას, – მამა იძულებული იყო შინ წაეყვანა. დავლიოთ რამე?

      ელზამ უსიტყვოდ შემომხედა. შევეცადე, უფრო დამაჯერებელი საბუთი წარმედგინა: – გული აერია... საშინელება იყო! კაბა სულ დაესვარა.

      ჩემი აზრით ამ წვრილმანს წყალი არ გაუვიდოდა, მაგრამ ელზას ტირილი აუვარდა. ჩუმად, ნაღვლიანად სლუკუნებდა. დაბნეული შევყურებდი.

  – სესილ, – მითხრა ბოლოს, – ო, სესილ, რა ბედნიერები ვიყავით...

      ქვითინს მოუმატა. სამხრეთამერიკელიც ატირდა და ისიც იმეორებდა: "ოჰ, რა ბედნიერები ვიყავით... რა ბედნიერები!"..

      იმ წუთში ანა და მამაჩემი მძაგდნენ. რას არ ჩავიდენდი, ოღონდ საბრალო ელზას არ ეტირა, თვალებთან წასმული საღებავი არ გაგლესოდა სახეზე, ამ ამერიკელს არ ესლუკუნა!

  – ჯერ კიდევ ეშველება საქმეს, ელზა. წამოდით, დავბრუნდეთ!

  – მე მხოლოდ ჩემოდნების წასაღებად დავბრუნდები! – აქვითინდა იგი. – მშვიდობით, სესილ, ჩვენ ისე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს!..

      ელზასთან ამინდსა და მოდაზე თუ მისაუბრია მხოლოდ, მაგრამ ასე მეგონა, ძველ მეგობარს ვკარგავდი. ერთბაშად მოვტრიალდი და მანქანისკენ გავიქეცი.

თავი მეექვსე

      მეორე დილით საშინელ გუნებაზე გამომეღვიძა – ალბათ, წინაღამეს დალეული მეტისმეტად ბევრი ვისკის გამო. ბნელოდა; პირი მიშრებოდა, ხელ-ფეხი გაოფლიანებული მქონდა, ლოგინი – სულ აფუთკნული. დარაბების ჭრილიდან შემოღწეულ მზის სხივზე მტვრის სვეტები რიალებდა. არც ლოგინიდან ადგომა მინდოდა, არც წოლა. სულ იმაზე ვფიქრობდი, ელზა რომ დაბრუნდეს, ანა და მამაჩემი რა პირით შეხვდებიან-მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, წამოვდექი და გაბრუებულმა, გულდამძიმებულმა იატაკის გრილ ფილებზე დავდგი ფეხი! სარკის წინ ჯიუტად გავჩერდი. სავალალო სანახავი ვიყავი: გაფართოებული თვალები... დასივებული ტუჩები... უცნაური სახე... ნუთუ ამ ბაგის, სახის ამ წყობის, ამ საძაგელი ნიშნების წყალობით უნდა მქონდეს უსუსური და ლაჩარი ადამიანის სახელი? და თუ შეზღუდული ადამიანი ვარ, ასე აშკარად რატომღა ვგრძნობ ისეთ რაღაცას, რაც ჩემს ბუნებას სრულიად ეწინააღმდეგება? ერთხანს საკუთარი თავის სიძულვილით გავერთე. დიახ, ეს დაღარული სახე, ეს მგლის იერი, წუხანდელი თავაწყვეტის შედეგი, საშინლად მძულდა! ჩემს ორეულს თვალებში ჩავაშტერდი და რამდენჯერმე გავიმეორე სიტყვა "თავაწყვეტა"; ერთბაშად გამეცინა. მართლაც და, რის თავაწყვეტა, რა თავაწყვეტა! რაღაც ორიოდე ჭიქა ვისკი, სილა და ცრემლები! ეს იყო და ეს! სასწრაფოდ კბილები გავიხეხე და ძირს ჩავედი. მამა და ანა უკვე გვერდიგვერდ ისხდნენ ბანზე. წინ საუზმით სავსე სინი ედგათ. დილა მშვიდობისა-მეთქი, წავიბუტბუტე და მათ პირდაპირ დავჯექი. სახეში შეხედვა ვერც ერთს ვერ გავუბედე. მრცხვენოდა. ანას სახის ნაკვთები დაგრძელებოდა. ალერსში გატარებულ ღამეს მხოლოდ ეს ნიშანი დაეტოვებინა. ორივეს ბედნიერი ღიმილი ეფინა. ამან ჩემზე იმოქმედა: ბედნიერება მუდამ გამარჯვების ნიშნად მიმაჩნდა.

  – კარგად გეძინა? – მკითხა მამამ.

  – არა უშავს რა! – ვუპასუხე. – წუხელ ბევრი ვისკი დავლიე.

      ყავა დავისხი, მოვსვი. მაშინვე დავდგი ფინჯანი. მათი დუმილი რაღაც ისეთი მოლოდინით იყო სავსე, უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. მე კი ისე ვიყავი მოთენთილი, ამ გრძნობას დიდხანს ვერ გავუძლებდი.

  – რა მოხდა? ეგეთი იდუმალი სახეები რატომ გაქვთ?

      მამამ თავს ძალა დაატანა, უნდოდა სიგარა მშვიდად აენთო. ანამ შემომხედა. ამჯერად აშკარად დაეტყო შეცბუნება.

  – ერთი რამ მინდა გთხოვოთ, – მითხრა ბოლოს.

      უარესს ველოდი.

  – კვლავ მაბარებთ რამეს ელზასთან?

      ანამ მამასკენ მიაბრუნა სახე: – მე და მამათქვენმა გადავწყვიტეთ, დავქორწინდეთ! – თქვა მან.

      ჯერ ანას მივაშტერდი, მერე მამას. მისგან რაიმე ნიშანს, თვალის ჩაკვრას ველოდი, რაც, ალბათ, კიდეც აღმაშფოთებდა, კიდეც დამამშვიდებდა. იგი თავის თითებს დაჰყურებდა. შეუძლებელია-მეთქი, გავიფიქრე, თუმცა ვიცოდი, რაც მითხრეს, მართალი იყო.

  – ძალიან კარგი აზრია! – ვთქვი ბოლოს, დროის მოსაგებად. ვერაფერი გამეგო: მამაჩემი ხომ მუდამ წინააღმდეგი იყო ბორკილებისა. ერთ ღამეში გადაწყვიტა ქორწინება?!. ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებას ცვლიდა. დამოუკიდებლობას ვკარგავდით. უცებ წარმოვიდგინე, როგორ ვიცხოვრებდით სამივე, წარმოვიდგინე ანას დახვეწილი გემოვნებით, გონივრულად აწყობილი ცხოვრება, სწორედ ისეთი, წინათ რომ შევნატროდი! ჭკვიანი, ზრდილობიანი მეგობრები, სასიამოვნო, მშვიდი საღამოები... უეცრად შემზიზღდა ჩვენი სადილები, ხმაური, ღრიანცელი, სამხრეთამერიკელები, ყოველგვარი ელზები... რაღაც უპირატესობისა და სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა უკვე.

  – ძალიან, ძალიან კარგი აზრი მოგსვლიათ! – გავიმეორე და ორივეს გავუღიმე.

  – ჩემო ფისუნავ, ვიცოდი, რომ კმაყოფილი დარჩებოდი! – მითხრა მამამ.

      დამშვიდებული, აღტაცებული ჩანდა. ანას კი ალერსისგან დაქანცული ნაკვთები თითქოს ხელახლა დარბილებოდა და ისე დანაზებოდა, როგორც არასდროს.

  – აქ მოდი, ფისუნავ! – მითხრა მამამ.

      ორივე ხელი გამომიწოდა, თავისკენ, ანასკენ მიმიზიდა. მე თითქმის ჩაჩოქილი ვიდექი მათ წინ. აღელვებულები შემომყურებდენენ, ნაზად მისვამდნენ თავზე ხელს. მე კი ვფიქრობდი, მართალია, ამ წუთიდან ჩემი ცხოვრება, ალბათ, სავსებით შეიცვლება, სამაგიეროდ, მათთვის მხოლოდ ფისო, პატარა, მოსიყვარულე ცხოველი ვიქნები-მეთქი. ვგრძნობდი, რაღაც წარსული, მომავალი, ერთი სიტყვით, ისეთი რამ აკავშირებდა ამ ორ ადამიანს, რაც ჩემთვის უცნობი იყო. მათ ადგილზე, ალბათ, ვერც მე შევიკავებდი თავს. უნებურად თვალი დავხუჭე, თავი მუხლებზე დავადე ორივეს, მეც გავიცინე და ხელახლა ჩავდექი კალაპოტში. ბოლოს და ბოლოს, განა ბედნიერი არ ვიყავი? ანა კარგი ქალი იყო, არასოდეს მეწვრილმანეობა არ შემიმჩნევია მისთვის. ჩემი მეგზური, მრჩეველი იქნებოდა, ცხოვრებაში გზას გამიკაფავდა, მისი წყალობით სრულფასოვანი ადამიანი გავხდებოდი და ჩემთან ერთად მამაც გარდაიქმნებოდა!

      მამა წამოდგა, შამპანურს მოვიტანო. უსიამოდ გამკრა გულში. იგი ბედნიერი იყო. რასაკვირველია, მთავარია, ის ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ მისი სახე იმდენჯერ მინახავს სხივმოფენილი ამა თუ იმ ქალის გამო, რომ...

  – ცოტა არ იყოს, თქვენი მეშინოდა! – მითხრა ანამ.

  – რატომ? – ვიკითხე.

      ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩემს უარს შეეძლო ხელი შეეშალა ამ ორი მოწიფული ადამიანის ქორწინებისთვის.

  – ვღელავდი, ვაითუ ჩემი შეეშინდეს-მეთქი! – მითხრა და სიცილი აუტყდა.

      მეც გამეცინა, რადგან ცოტათი მართლაც მეშინოდა მისი. ანამ კი მაგრძნობინა, რომ ამას ვერ ხვდებოდა, და ისიც მანიშნა, შენი შიში უსაფუძვლოაო.

  – ხომ სასაცილოა ბებრების დაქორწინება?

  – თქვენ სულაც არა ხართ ბებრები! – რაც შეიძლება, დაბეჯითებით ვუთხარი, რადგან სწორედ ამ დროს მამაჩემი შემოვიდა ვალსის ცეკვით ოთახში, იღლიაში კი შამპანურის ბოთლი ამოეჩარა. ანას გვერდით დაჯდა და მხარზე მოხვია ხელი. ანა უნებურად მთელი სხეულით გადაიწია მისკენ. თვალები დავხარე. რა თქმა უნდა, ამ კაცს იგი ცოლად მიჰყვებოდა იმიტომ, რომ მას უყვარდა სიცილი, ჰქონდა ძლიერი მკლავები, უყვარდა სიცოცხლე და უჩქეფდა სისხლი. ანას არც თავისი ასაკი – ორმოცი წელი ავიწყდებოდა. ამას ემატებოდა, ალბათ, მარტოობის შიში, გრძნობების უკანასკნელი მოძალება... ანაზე არასოდეს მიფიქრია, როგორც ქალზე. ის იყო მუდამ სიმტკიცის, თავდაჯერებულობის, მოხდენილობის, ჭკუის განსახიერება და არა ქალური მგრძნობიარობის, სისუსტისა... მივხვდი, მამა ამაყობდა: მას ცოლად მიჰყვებოდა ქედმაღალი, გულგრილი ანა ლარსენი! უყვარდა იგი? ანდა ეყვარებოდა კი დიდხანს? არ ვიცი, შემეძლო კი განმესხვავებინა ეს გრძნობა იმისგან, რაც მას ელზას მიმართ ჰქონდა?! თვალები დავხუჭე. მზემ გამაოგნა. სამივენი უცნაური გარინდებით, ფარული შიშითა და ბედნიერებით შეპყრობილნი ვისხედით ბანზე. იმ დღეებში ელზა არ გამოჩენილა. ერთმა კვირამ სწრაფად გაირბინა. ეს შვიდი დღე გახლდათ ერთადერთი ბედნიერი, სასიამოვნო დრო. ვადგენდით ათასნაირ გეგმას: როგორ მოგვეწყო ბინა, როგორი უნდა ყოფილიყო ყოველდღიური განრიგი... მე და მამას მოგვწონდა ასეთი გეგმები, გვინდოდა, ისინი ყოფილიყო რაც შეიძლება ძნელი, დახლართული... ასეა მუდამ, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმით, როცა მათთვის უცნობია ახალი რამ!.. მაგრამ საკითხავი ისაა, გვჯეროდა კი ამ გეგმების? ნუთუ მამას შესაძლებლად მიაჩნდა, ერთსა და იმავე დროს, დღის პირველის ნახევარზე სასაუზმოდ მოსულიყო ერთსა და იმავე ადგილას, ესადილა, მერე მთელი საღამო შინ დარჩენილიყო?! მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ადვილად დათმო ბოჰემური ცხოვრება, ბურჟუის წესიერ, წყნარ ყოფას ადიდებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მისთვისაც და ჩემთვისაც ფანტაზიის ნაყოფი იყო და სხვა არაფერი! იმ ერთ კვირას დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ. მინდა კვლავ განვიცადო ის დღეები. ანა მორჩილი, მინდობილი, ნაზი იყო, მამას უყვარდა. დილით ხელკავით ჩამოდიოდნენ ტერასაზე, სახეგაბადრულნი, თვალებამოღამებულნი. გეფიცებით, გულით მინდოდა დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო მათი ასეთი დამოკიდებულება. შებინდებისას სანაპიროზე ჩავდიოდით ხშირად ან აპერიტივს შევექცეოდით ტერასაზე. ყველგან ისე გვექცეოდნენ, როგორც ერთსულოვან, ყოვლად წესიერ ოჯახს. და მეც, მამასთან მარტო სიარულსა და ხალხის ღიმილს, ეშმაკურ ან სიბრალულით სავსე შემოხედვას შეჩვეულს, ახლა მიხაროდა, ჩემი ხნის გოგოს შესაფერისი როლი რომ დამიბრუნდა. პარიზში უნდა დაქორწინებულიყვნენ, სექტემბრის დამდეგს. ჩვენს ოჯახში მომხდარმა ცვლილებებმა საწყალი სირილი, ეტყობა, ისე გააოგნა, დიდხანს ვერ მოსულიყო გონს, მაგრამ ეს კანონიერი დასასრული მასაც ახარებდა. ერთად დავდიოდით ნავით, ვკოცნიდით ერთმანეთს, როცა გვინდოდა. ზოგჯერ მისი ბაგე ჩემსას რომ შეეხებოდა, თვალწინ წარმომიდგებოდა ანა, მისი მოთენთილი სახე დილდილობით, ალერსისგან მოქანცული, ზანტი მოძრაობა და მშურდა მისი. ხვევნა-კოცნასაც ბოლო აქვს და სირილს ძალიან რომ არ ვყვარებოდი, იმ კვირაში, ალბათ, მისი საყვარელი გავხდებოდი. ექვს საათზე კუნძულიდან ვბრუნდებოდით. სირილს ნავი სილაზე ამოჰქონდა და შინ ფიჭვნარით მივდიოდით. გასათბობად ინდურ თამაშს ვიწყებდით, ჰანდიკაპური სირბილი რომ ჰქვია. შინ მისვლამდე სირილი უეჭველად დამეწეოდა, გამარჯვების ყიჟინას დასცემდა, ფიჭვის გირჩებზე დამაგდებდა, მკლავებს გადამიგრეხდა და მკოცნიდა. ახლაც კი მახსოვს იმ კოცნის გემო, სუნთქვის შემკვრელი და მეხსიერებიდან წარუშლელი. მახსოვს, სირილის გულისცემა ჩემს გულისცემას რომ უერთდებოდა სილაზე მომწყდარი ტალღების შხუილთან ერთად... გულის ერთი, ორი, სამი, ოთხი აძგერება – სილაზეც ერთი, ორი, სამი ტალღის ნაზი გასრიალება... იგი სულს მოითქვამდა, ტუჩებზე დამეკონებოდა და მაშინ მე ზღვის ხმაური კი აღარ მესმოდა, არამედ საკუთარი სისხლის სწრაფი და შეუწყვეტელი შხუილი ყურებში. ერთ საღამოს ანას ხმამ ერთბაშად გაგვთიშა. სირილი ჩემ გვერდით გაშოტილიყო; ნახევრად ტიტვლები ვიწექით ჩამავალი მზის მოწითალო სხივებისა და ჩრდილების ფონზე. რა თქმა უნდა, ამას ადვილად შეეძლო შეცდომაში შეეყვანა ანა. მან მკაცრი ხმით დამიძახა. სირილი ანაზდად წამოხტა. რასაკვირველია, შერცხვა. მეც ავდექი, ოღონდ ზანტად, თან თვალს არ ვაშორებდი ანას. იგი სირილს მიუბრუნდა, მაგრამ ისე მიმართა, თითქოს ვერ ხედავსო: – იმედი მაქვს, ამის შემდეგ აღარ გნახავთ! სირილმა არაფერი უპასუხა, დაიხარა, მხარზე მაკოცა და წავიდა. მისმა საქციელმა გამაოცა, ამაღელვა, თითქოს ამით რაღაც პირობას მიდებდა. ანა ისეთი დინჯი, უშფოთველი თვალებით მიყურებდა, იტყოდით, სხვა რამეზე ფიქრობსო. ამან უფრო გამაღიზიანა: თუ სხვა რამეზე ფიქრობდა, მაშინ ასეთი რამ რატომ თქვა! მისკენ გავემართე და ზრდილობის გულისთვის შეწუხებული სახე მივიღე. ანამ თითქოს მხოლოდ ახლა დამინახაო, ანგარიშმიუცემლად ფიჭვის წიწვი მომაშორა კისრიდან; შევამჩნიე, ამრეზილი, დაღლილი, გამკილავი იერი მიიღო ერთბაშად, რაც ასე ძალიან უხდებოდა, ხოლო მე შიშს მვგვრიდა.

  – უნდა იცოდეთ, მსგავსი თავშექცევა მუდამ კლინიკებში მთავრდება! – მითხრა მან.

      ანა ფეხზე იდგა და თვალმოუშორებლად მელაპარაკებოდა. საშინლად მეწყინა. იგი ქალების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელთაც შეუძლიათ გაუნძრევლად იდგნენ ფეხზე და ისე გესაუბრონ; მე კი სავარძელში უნდა ვიჯდე ან რაიმე ავეჯს ვეყრდნობოდე, ხელში სიგარეტი მეჭიროს, ფეხს ვაქნევდე და თან მის მოძრაობას თვალს ვადევნებდე...

  – გადაჭარბება რა საჭიროა! – ღიმილით ვუთხარი. – მე მხოლოდ ვაკოცე სირილს, ამან კი, არა მგონია, კლინიკის კარამდე მიმიყვანოს...

  – გთხოვთ, დღეიდან ამ ყმაწვილს აღარ შეხვდეთ! – ისე მითხრა, თითქოს ტყუილი მეთქვას. – ნუ ჯიუტობთ: თქვენ ჩვიდმეტი წლისა ხართ. ამიერიდან ერთგვარად მე ვაგებ პასუხს თქვენს საქციელზე და არ დაგანებებთ, რომ სულელურად გაიფუჭოთ მთელი ცხოვრება. ამას გარდა, უნდა იმუშაოთ. ამიერიდან უსაქმოდ აღარ იქნებით ნაშუადღევს. ზურგი შემაქცია და ზანტი ნაბიჯით გაემართა შინისკენ. თავზარდაცემული გავშეშდი ადგილზე. ეს ქალი მხოლოდ იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა: ჩემს ნათქვამს, ჩემს არგუმენტებს ისე გულგრილად ეკიდებოდა, რომ ზიზღზე უარესი იყო. თითქოს არც კი ვარსებობდი, თითქოს მე ის სესილი კი არ ვიყავი, ვისაც დიდი ხანია იცნობდა და ვისი დასჯის უფლებაც ჰქონდა, არამედ ნივთი, რომლის გადაკეთებაც შეიძლებოდა. ერთადერთ იმედად მამაღა მრჩებოდა. მისი რეაქცია ჩვეულებრივი იქნებოდა: "ვინ არის ის ყმაწვილი, ფისო? ლამაზი და ჯანსაღი მაინც თუა? მატრაბაზებს მოერიდე, ჩემო გოგო!" დიახ, სწორედ მისი იმედი მქონდა. თუ არა და მთელი არდადეგები ჩამშხამდებოდა. სადილობამ კოშმარივით ჩაიარა. ანას ერთხელაც არ უგრძნობინებია ჩემთვის: "მამათქვენს არაფერს ვეტყვი, ენატანია არ ვარ, ოღონდ უნდა დამპირდეთ, რომ კარგად იმუშავებთ!" მსგავსი ანგარიში უცხო გახლდათ მისთვის. ეს ამბავი კიდეც მახარებდა და კიდეც მაბრაზებდა, რადგან ასეთი დამოკიდებულების გამო მისი შეძულება შემეძლო. ამ არასწორი ნაბიჯისგან ანამ თავი შეიკავა. ჩანს, სხვა საშუალებებსაც აარიდა თავი და თითქოს მხოლოდ მაშინ მოიგონა დღევანდელი ამბავი, როცა წვნიანს მოვრჩით.

  – რაიმონდ, კარგი იქნებოდა, გონივრული რჩევა მიგეცათ თქვენი ქალიშვილისათვის. ამ საღამოს ფიჭვნარში ვნახე სირილთან. ეტყობოდათ, თავს შესანიშნავად გრძნობდნენ.

      საწყალი მამაჩემი შეეცადა ხუმრობაში გაეტარებინა ანას ნათქვამი: – რას მეუბნებით?! მაინც რას აკეთებდნენ?

  – ვკოცნიდი! – წამოვიყვირე გაცეცხლებულმა. – ანას კი ეგონა...

  – არაფერიც არ მეგონა! – შემაწყვეტინა ანამ. – ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ერთხანს შეწყვეტს მასთან სიარულს და ფილოსოფიაში წაიმუშავებს.

  – საბრალო გოგო! – თქვა მამამ. – ყოველ შემთხვევაში, სირილი სასიამოვნო ყმაწვილია, არა?

  – სესილიც სასიამოვნო გოგოა, – თქვა ანამ, – სწორედ ამიტომ მეტკინება გული, რაიმე ხიფათს რომ გადაეკიდოს. ხოლო ამ საშიშროებას თავიდან ვერ აიცდენს, თუკი სრულ თავისუფლებას მისცემთ, თუკი ეს ყმაწვილი წამითაც არ მოშორდება და თუკი ასე უსაქმურად იქნებიან. თქვენც ხომ ასე ფიქრობთ?

      ამის გაგონებაზე, – თქვენც ხომ ასე ფიქრობთო, – მამას შევხედე. მან მოიწყინა და თავი დახარა.

  – ალბათ, მართალი ხართ! – თქვა ბოლოს. – დიახ, უნდა იმუშაო, სესილ. ნუთუ არ გინდა ხელახლა ჩაუჯდე ფილოსოფიას?

  – რაში მჭირდება? – მოკლედ მოვუჭერი.

      მამამ შემომხედა და მაშინვე ამარიდა თვალი. დავიბენი. მუდამ მეგონა, რომ უზრუნველობა ერთადერთი გრძნობა იყო, ჩვენს ცხოვრებას რომ სულს უდგამდა და არავითარი საბუთი არ სჭირდებოდა გასამართლებლად.

  – ყური მიგდეთ, – მითხრა ანამ, მაგიდიდან წამოიწია და ხელი მომკიდა, – ნუთუ ძნელია, ტყის გოგონა ბეჯითი მოწაფით შეიცვალოს, ისიც მხოლოდ ერთი თვით? განა, ეს დიდი ამბავია?

      იგი თვალს არ მაშორებდა, ღიმილით მიყურებდა: ასე კამათი ადვილი იყო. ნელა გავწიე ხელი და მივუგე: – დიახ, დიდი ამბავია! ეს ისე ხმადაბლა ვთქვი, ვერც კი გაიგონეს ან არ მოისურვეს გაეგონათ. მეორე დილით ბერგსონის პირისპირ აღმოვჩნდი. სანამ მისი ფრაზის მნიშვნელობას ჩავწვდებოდი, რამდენიმე წუთი დამჭირდა: "როგორი ნაირსანახაობაც უნდა ვიპოვოთ ფაქტებსა და მიზეზებს შორის, ქცევის წესიდან როგორი სიშორეც უნდა იგრძნობოდეს საგანთა არსის მტკიცებამდე, კაცობრიობის სიყვარულის ძალის ამოწურვა მხოლოდ ადამიანურ მოდგმათა პირველად პრინციპთან შეთანხმებით შეიგრძნობა". რომ არ გავღიზიანებულიყავი, ჯერ ნელა, ხმადაბლა ვიმეორებდი ამ ფრაზას, შემდეგ ხმამაღლა. თავი ხელებში ჩავრგე და ყურადღებით ჩავუკვირდი. ბოლოს, როგორც იქნა, მივხვდი და ისეთივე სიცივე, ისეთივე უსუსურობა ვიგრძენი, როგორიც ამ ფრაზის პირველად წაკითხვისას. კითხვას ვეღარ დავუდე გული. მომდევნო სტრიქონებს დიდი მონდომებითა და ინტერესით დავყურებდი, მაგრამ ერთბაშად რაღაცამ ამაფორიაქა, გრიგალივით ამიტაცა და საწოლზე დამაგდო. სირილზე ვფიქრობდი... იგი ოქროსფერ ყურესთან მელოდა. ვფიქრობდი ტალღებზე მოქანავე ნავზე, ვფიქრობდი ჩვენს ხვევნა-კოცნაზე, ვფიქრობდი ანაზე. როგორც კი ანა გამახსენდა, ისეთი აზრები დამიტრიალდა თავში, გული მიძგერდა და ლოგინზე წამოვჯექი. თავს ვირწმუნებდი, ეს სისულელეა, საშინელებაა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ მე განებივრებული, ზარმაცი ბავშვი ვარ და უფლება არ მაქვს ასე ვიფიქრო-მეთქი. მიუხედავად ამისა, ჩემდა უნებურად მაინც ვმსჯელობდი: იგი მავნე და საშიში პიროვნებაა, გზიდან უნდა ჩამოვიშორო-მეთქი. გამახსენდა, როგორი კრიჭაშეკრული ვიჯექი ამ დილით საუზმეზე, ღვარძლისაგან გაბოროტებული, მოშლილი ვიყავი... ამ გრძნობამ თავი შემაზიზღა, სასაცილო გახდა საკუთარ თვალში. ამას კი სწორედ რომ არ ვაპატიებდი ანას – ჩემს თავს მაძულებდა. მე ხომ ბედნიერებისათვის, ლაღი, უზრუნველი ცხოვრებისათვის ვიყავი გაჩენილი, ახლა კი მისი წყალობით საყვედურებისა და სინდისის ქენჯნის სამყაროს უნდა ვზიარებოდი და კიდევაც დავიღუპავდი თავს, რადგან ჩემს გრძნობებზე დაკვირვებას არ ვიყავი ჩვეული. ამის სამაგიეროდ რას მთავაზობდა? ერთბაშად მისი შესაძლებლობების ანალიზს შევუდექი: მოისურვა მამაჩემი – კიდეც მიიღო! ნელ-ნელა ანა ლარსენის ქმრად და გერად გვაქცია, ე. ი. ცივილიზებულ, კარგად აღზრდილ და სვებედიან ქმნილებებად. იგი ხომ ჩვენ გვაბედნიერებდა! კარგად ვგრძნობდი, რომ ჩვენ, მერყევი ბუნების მამა-შვილი, ადვილად წამოვეგებოდით მის ანკესზე. დიახ, იგი მეტისმეტად ძლიერმოქმედი ძალა გახლდათ. მამა უკვე მეთიშებოდა; როგორი დარცხვენილი იყო ამ დილით სუფრაზე! მარიდებდა თვალს! ვიგონებდი ადრინდელ ჩვენს შეთქმულებებს, სიცილ-ხარხარს მანქანაში, როცა ალიონზე პარიზის მტრედისფერი ქუჩებით შინ ვბრუნდებოდით, და ცრემლები ყელში მებჯინებოდა. მორჩა! ბოლო მოეღო ყოველივეს! ანა მალე მეც ჩამიგდებს ხელში, მომარჯულებს, ამიყოლიებს. თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც კი ვიტანჯებოდი: გონივრულად, შეპარვით მოქმედებდა, მე კი წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ შემწევდა, ექვსიოდე თვის შემდეგ კი, ალბათ, ამის სურვილიც აღარ მექნებოდა! მაგრამ არა, თავი უნდა დავაღწიო ამ მდგომარეობას, ხელახლა მოვიგო მამაჩემის გული, წინანდებურად უნდა ვიცხოვროთ! ანაზდად ჩემთვის საოცარი მომხიბვლელობით შეიმოსა გასული ორი წელი, მხიარული და უზრუნველი ორი წელი, დრო, რომელიც ეს-ეს არის ხელიდან გამიქრა და რომელზედაც იმ დღეს ასე ერთბაშად ვთქვი უარი! გაქრა თავისუფლება, ვეღარ ვიფიქრებდი ჩემებურად, ვეღარ ვიცხოვრებდი ჩემს ჭკუაზე. ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა. ვერ ვიტყვი, ჩემი საკუთარი მეც-მეთქი, რაგან მე საძერწი თიხა ვიყავი მხოლოდ, ვერც ერთ ყალიბს რომ ვერ იგუებდა. ვიცი, რომ შეიძლება ამ ცვლილებას რთული ახსნა მოუძებნონ, რომ შეიძლება შესანიშნავი კომპლექსებიც კი შემომთავაზონ: არაჯანსაღი სიყვარული მამაჩემისადმი, არაჯანსაღი გრძნობა ანასადმი, მაგრამ მე ხომ ვიცი ნამდვილი მიზეზი: მზე, ბერგსონი, სირილი ან, უკეთ, სირილის არყოფნა. მთელი დღე მასზე ვფიქრობდი, მასზე ფიქრს კი თან სდევდა უსიამოვნო მღელვარება, ერთი და იმავე აღმოჩენიდან რომ მომდინარეობდა: ყველანი ანას მონები გავხდით და, რადგან აქამდე დაფიქრებას არ ვიყავი შეჩვეული, გული მომდიოდა. სადილზეც არ ამომიღია ხმა. მამამ გადაწყვიტა, ხუმრობაში ჩაეტარებინა ყველაფერი.

  – ახალგაზრდებში მე მხოლოდ მათი გიჟმაჟი ხასიათი, უადარდელი საუბარი მხიბლავს... მკაცრად შევხედე. რაც მართალია, მართალია, ახალგაზრდობა ნამდვილად უყვარდა და მეც ვისთან მისაუბრია, თუ არა მასთან? რა თემაზე არ გვიმუსაიფია: სიყვარულზე, სიკვდილზე, მუსიკაზე! ახლა კი თვითონვე მიმატოვა, თვითონვე ამყარა ფარ-ხმალი. კვალავ შევხედე და გავიფიქრე: "წინანდებურად აღარ გიყვარვარ, მიღალატე!" ვცდილობდი უსიტყვოდ მიმეხვედრებინა, თუ რა ნამდვილ ტრაგედიად გვექცა ეს ამბავი. მამამ შემომხედა, ერთბაშად აფორიაქდა, ალბათ მიხვდა, რომ ეს უკვე აღარ იყო თამაში და რომ ჩვენს ურთიერთგაგებას საფრთხე ემუქრებოდა. დავინახე, როგორ გაქვავდა და თვალებით რაღაცას მეკითხებოდა. ანა მომიბრუნდა: – ცუდად გამოიყურებით. ვნანობ ამდენი, რომ გამუშავეთ! არაფერი მიპასუხია. თავი შემძაგდა. სადილობა მოვათავეთ. სასადილო ოთახის ფანჯრიდან შემოჭრილი სხივი ტერასის სწორკუთხედს ანათებდა. ანაზდად თვალი მოვკარი ანას ხელს, გრძელ, ათრთოლებულ ხელს, უცებ რომ შეინძრა და მამაჩემის ხელს შეეხო. სირილი მომენატრა, მინდოდა, ჭრიჭინებით გაყრუებულ და მთვარით ავსებულ ამ ტერასაზე ხელში ავეყვანე, მინდოდა, მომფერებოდა, დავემშვიდებინე, საკუთარ თავთან შევერიგებინე. მამა და ანა დუმდნენ. მათ ხვევნა-ალერსით სავსე ღამე ელოდათ, მე კი – ბერგსონი! ვცდილობდი მეტირა, თავი შემბრალებოდა; ამაოდ, მე უკვე ანა მეცოდებოდა, თითქოს დარწმუნებული ვიყავი, რომ დავამარცხებდი.

ნაწილი მეორე

თავი პირველი

      ამ დღიდან მოყოლებული ყველაფერი ისე ცხადად მაგონდება, თვითონვე მიკვირს. უფრო ყურადღებით ვეკიდებოდი სხვისას თუ საკუთარ სინდისს. მე ხომ უშუალობა და უბრალო თავკერძობა მუდამ ფუფუნებად მიმაჩნდა, მუდამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრება ცხოვრება იყო! მაგრამ ამ რამდენიმე დღემ იმდენად ამაფორიაქა, იძულებული გამხადა, ფიქრი დამეწყო, ჩემს ცხოვრებას ჩავკვირვებოდი. თვითანალიზის ყოველგვარ უსიამოვნო მხარეს გავუძელი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ შევურიგდი. "ჩემი გრძნობა, – ვფიქრობდი, – ჩემი გრძნობა ანას მიმართ ისევე სულელური და უბადრუკია, როგორც ჩემი სურვილია გიჟური, როცა მამაჩემისა და ანას დაშორებას ვნატრობ". თუმცა ასე სასტიკად რატომ ვკიცხავდი ჩემს თავს? რაკი საკუთარი "მე" მაქვს, განა ჩემი ნება არ არის, განვიცადო ყველაფერი, რაც კი ირგვლივ ხდება?! პირველად ჩემს სიცოცხლეში მომეჩვენა, რომ ეს "მე" გაიყო და ამგვარმა გაორებამ საოცრად გამაკვირვა. თავის გასამართლებლად ათასგვარი საბუთი მომყავდა, ჩემს თავს ვეჩურჩულებოდი, მიმაჩნდა, რომ გულწრფელი ვიყავი, მაგრამ, აი, ერთბაშად მეორე "მე" წამოყოფდა ხოლმე თავს და ჩემივე საბუთებს უარყოფდა, – თუმცა გარეგნულად მათ სიმართლეში ეჭვს ვერავინ შეიტანდა, – მიკიჟინებდა, საკუთარი თავის ნდობას ბოროტად იყენებო... იქნებ, სწორედ ეს მეორე "მე" მატყუებდა? ყველაზე საშინელი შეცდომა იქნებ სწორედ გონების ეს სიცხადე იყო! ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და მთელი საათების განმავლობაში ვბორგავდი, საკუთარ თავს ვეკამათებოდი, მინდოდა გამეგო, მართალი იყო თუ არა ის შიში და მტრული დამოკიდებულება, ამჟამად ანა რომ იწვევდა ჩემში, ან იქნებ თავკერძა და მოჩვენებითი დამოუკიდებლობით განებივრებული გოგო ვიყავი მხოლოდ? ჯერჯერობით კი დღითი დღე ვხდებოდი. ზღვის ნაპირზე მხოლოდ იმისთვის ჩავდიოდი, რომ დამეძინა, ხოლო სუფრასთან ჩემდა უნებურად ხმას არ ვიღებდი, ეს კი უხერხულ მდგომარებაში აგდებდა ორივეს. ანას ვაკვირდებოდი, განუწყვეტლივ ვუთვალთვალებდი და სულ ვფიქრობდი: განა სიყვარულის აღიარება არ არის მისი საქციელი მამაჩემის მიმართ? განა აშკარად არ ჩანს, რომ ეს გრძნობა სხვისადმი აღარასოდეს ექნება! ან როგორ შეიძლებოდა გავჯავრებულიყავი ანაზე, როცა ვხედავდი, რა შეწუხებული თვალებით მიღიმოდა? მაგრამ როგორც კი იტყოდა: "როცა პარიზში დავბრუნდებით, რაიმონდ"... მაშინვე გავკერპდებოდი, წარმოვიდგენდი, როგორ შემოიჭრებოდა იგი ჩვენს ცხოვრებაში, მისი მონაწილე გახდებოდა! და უკვე ქვეშქვეშა, ცივსისხლიან ადამიანად მიმაჩნდა. ასე ვფიქრობდი: "ამ ქალს სისხლი ცივი აქვს, ჩვენ კი გვიდუღს; იგი ბრძანებების მოყვარულია, ჩვენ კი დამოუკიდებლობა გვიყვარს; იგი გულგრილია, ხალხი არ აინტერესებს, ჩვენ კი საზოგადოება გვიტაცებს; იგი თავშეკავებულია, ჩვენ კი მხიარულები ვართ; მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ცოცხალი არსებანი, ის კი ცდილობს ჩვენ შორის შემოიჭრას, ჯერ გათბეს ჩვენი სიახლოვით, შემდეგ ნელ-ნელა მოგვაშოროს ეს უდარდელი, სასიამოვნო სითბო და, ბოლოს, ლამაზი ქვეწარმავალივით ყველაფერი წაგვართვას"... კი, კი ლამაზი ქვეწარმავალივით! ანა პურს მაწვდიდა, მეც ანაზდად გამოვფხიზლდებოდი და გულში ხმამაღლა ვუკიჟინებდი ჩემს თავს: "კი მაგრამ, ეს ხომ სიგიჟეა? ეს ხომ ანაა, ჭკვიანი ანა, ჩემზე რომ ზრუნავს! ეს გულცივობა, უბრალოდ, მისი ბუნების დამახასიათებელია. შენ არ შეგიძლია ანგარებად ჩაუთვალო. ეს გულგრილობა ათასნაირი წვრილმანი სისაძაგლისგან იცავს მას; იგი კეთილშობილების საწინდარია და მეტი არაფერი!" ლამაზი ქვეწარმავალი... სირცხვილისაგან ვფითრდებოდი, ვუყურებდი ანას და გულში პატიებას ვევედრებოდი. ზოგჯერ თითქოს მამჩნევდა რაღაცას და, გაკვირვებულსა და დაეჭვებულს, სახე ექუფრებოდა, სიტყვა უწყდებოდა. უნებურად მამას ეძებდა თვალებით; მამა კი ვერ ხვდებოდა მისი შეშფოთების მიზეზს და აღტაცებით ან ჟინით შეჰყურებდა. ბოლოს მხოლოდ იმას ვაღწევდი, რომ ჩვენი ეს დაძაბული მდგომარეობა აუტანელი ხდებოდა, მე კი საკუთარი თავი მძაგდა. მამა იმდენად იტანჯებოდა, რამდენადაც მისი ბუნების ადამიანი შეიძლებოდა დატანჯულიყო, ე. ი. არცთუ ძალიან, რადგან გაგიჟებით უყვარდა ანა, სიამაყითა და კმაყოფილებით თავგზა ერეოდა და მხოლოდ ამ სიყვარულით ცოცხლობდა. მიუხედავად ამისა, ერთ დღეს, როცა დილით ზღვაში ვიბანავე და ნაპირზე გაშოტილი ვთვლემდი, ჩემ სიახლოვეს ჩამოჯდა და შემომხედა. მაშინვე ვიგრძენი მისი მზერა. მინდოდა წამოვმდგარიყავი, ვითომ მხიარულად მომეჩვენებინა თავი, – ეს ხომ ჩვევად მექცა, – და შემეთავაზებინა, წამო, ერთად ვიბანაოთ-მეთქი. მაგრამ მან ხელი დამადო თავზე და სიბრალულით წამოიძახა: – ანა, ერთი აქ მოდით, ნახეთ, ეს კალია როგორ გახდა. თუ მეცადინეობას ასეთი ცუდი შედეგი მოჰყვება, თავი უნდა დაანებოს. ალბათ, ფიქრობდა, ამ სიტყვებით რამეს გავაწყობო. ათი დღის წინ იქნებ ასეც ყოფილიყო, მაგრამ მე მეტისმეტად შევტოპე, სამუშაოდ განკუთვნილი საათები ახლა სრულიად არ მაწუხებდა. მე ხომ ბერგსონის შემდეგ არც ერთი წიგნი არ გადამიშლია. ანა მოგვიახლოვდა. არ გავნძრეულვარ, კვლავ სილაზე ვიწექი პირდაღმა, მთელი გულისყური კი მისკენ მქონდა. ანა გვერდით მომიჯდა: – ასე მართლა არ გამოვა არაფერი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ფეხმორთხმით იჯდეს ოთახში, საკმარისი იქნებოდა გულდასმით ემუშავა... ერთბაშად შემოვბრუნდი, ორივეს შევხედე. საიდან იცოდა, რომ არ ვმუშაობდი? იქნებ, ჩემი ფიქრებიც გამოიცნო? ეს ქალი მართლაც გულთამხილავია! ამ აზრმა შემაშინა.

  – ფეხმორთხმით სულაც არ ვზივარ! – შევეკამათე.

  – იქნებ, იმ ყმაწვილზე დარდობ? – მკითხა მამამ.

  – არა.

      სულ მთლად ასე არ იყო, მაგრამ ის კი მართალი იყო, რომ სირილზე ფიქრის დრო არ მქონდა.

  – ასეა თუ ისე, ცუდად გამოიყურები, – მკაცრად მითხრა მამამ. – ანა, ერთი შეხედეთ! განა იმ წიწილას არ ჰგავს, რომ გამოუშიგნიათ და მზეზე გამოუდვიათ შესახრუკად?

  – ჩემო პატარა სესილ, – წამოიწყო ანამ, – თავს ძალა დაატანეთ, ცოტა-ცოტა წაიმუშავეთ და მეტი ჭამეთ. ამ გამოცდას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის...

  – გამოცდის დარდი არა მაქვს! – დავიყვირე. – გესმით, გამოცდის დარდი არა მაქვს!

      სასოწარკვეთილი, პირდაპირ სახეში შევყურებდი ანას. მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ეს ამბავი გამოცდის ჩაბარებაზე უფრო ბევრს ნიშნავდა. მას უეჭველად უნდა ეკითხა ჩემთვის: "მითხარით, რა მოხდა?" კითხვა კითხვაზე უნდა დაეყარა, ყველაფერში უნდა გამოვეტეხე. აი, მხოლოდ მაშინ მომტეხდა, რასაც მოისურვებდა, ყველაფერს გამაკეთებინებდა. სამაგიეროდ, ასეთი მწარე და ავი ფიქრებით გულდამძიმებული აღარ ვიქნებოდი. მაგრამ ანა დაკვირვებით დამაცქერდა მხოლოდ. ვხედავდი ყურადღებითა და საყვედურით დანისლულ მის ლაჟვარდისფერ თვალებს. ანაზდად მივხვდი, რომ არასოდეს შემეკითხებოდა, რა მაწუხებდა, არასოდეს შეეცდებოდა ჩემს დამშვიდებას, რადგან თვლიდა, ასეთი რამ ზედმეტიაო. იგი საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, თუ რა მაწუხებდა, ან თუკი დაფიქრდებოდა, ეს მხოლოდ გულგრილობითა და ათვალწუნებით მოსდიოდა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ სხვა გრძნობის ღირსი არც იყო ის ფიქრები, ჩემდამი რომ გამოიმეტებდა. ანა მუდამ ზუსტ მნიშვნელობას აკუთვნებდა თითოეულ საგანს, ამიტომ ვერასოდეს, ვერასოდეს მე და ანა ერთმანეთს ვერ შევეწყობოდით! გაბრაზებული, კვლავ დავეგდე ქვიშაზე, თბილ სილას ლოყა დავადე და აკანკალებულმა ამოვიოხრე. ანამ თავისი მშვიდი, მტკიცე ხელი კეფაზე დამადო და, სანამ ნერვიულმა ცახცახმა არ გამიარა, ხელი არ აუღია.

  – სიცოცხლეს ნუ იმწარებთ! – მითხრა. – თქვენ ხომ ცხოვრებით კმაყოფილი, გიჟმაჟი, ცეტი გოგონა იყავით! ახლა რად გახდით ასეთი გონიერი და სევდიანი? ასეთი გმირის განსახიერება სულ არ გიხდებათ!

  – ვიცი, მე უცნაური, მაგრამ ჯანსაღი ახალგაზრდა ქალი ვარ, ქარაფშუტა და მხიარული, – ვუთხარი.

  – წამოდით, ვისაუზმოთ! – მითხრა ანამ.

      მამა წინ გაგვიძღვა, ამგვარი კამათი ეჯავრებოდა. გზაზე ხელი მომკიდა, დიდხანს ეჭირა თავის ხელში. ეს ღონიერი ხელი მუდამ სიმხნევეს მმატებდა: სწორედ ამ ხელმა შემიმშრალა ცრემლები, როცა პირველმა სიყვარულმა გული მატკინა; უშფოთველ, სრული ბედნიერების წუთებშიც ამ ხელს ეჭირა ჩემი ხელები; გამოუვალ მდგომარეობაში თუ თავშეუკავებელი სიცილის დროსაც ეს ხელი მიგრძნია მალულად. ეს ხელი მინახავს საჭეზე, მინახავს, გასაღები რომ ეჭირა და ღამით ამაოდ ცდილობდა კარის საკეტისთვის მოერგო; ეს ხელი მინახავს ქალის მხარზე, მინახავს სიგარეტით, მაგრამ ახლა მას უკვე აღარაფერი შეეძლო ჩემთვის. და მაინც მაგრად მოვუჭირე ხელი. მამა ჩემკენ მობრუნდა და გამიღიმა.

"გაგრძელება"

ნახვა: 2459

ტეგები: Qwelly, blog, sagan, პროზა

Kakha: მაისი 2, 2015||11:23am

ეს კიდევ კარგი დედინაცვალია, უარესებიც არსებობენ :D 

Natucc Davitadze: ივლისი 24, 2015||1:55pm

gagrdzeleba aqvs amas kide?
gagrdzeleba-s vaklikav da ar gadadis

ლაშა: აგვისტო 26, 2016||2:09pm

უკვე გადადის და შემდეგ სრულდება 

Kakha: აგვისტო 26, 2016||2:13pm

დიდი ხანია, გაგრძელება დევს! მაგრამ დედინაცვლის სევდას არაფერი შეედრება!)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters