ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში. მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა. დილით ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი. ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამოდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ `ქალაქელები~ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს). სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა და, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს. _ დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, _ ეუბნებოდნენ ისინი. ბებოც ელოდა. _ შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ. ქალაქელებს რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს. _ შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო. ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას. ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს. ბინდდებოდა. გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან რომელი. დუღდა ხინკლიანი ქვაბი. ნაღველი დუღდა ბებოს გულში. მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა. მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი. ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში _ წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა: _ ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა! _ ამინ! _ ამინ! _ დასტურს იძლეოდნენ მეზობლები. ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა. მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა. ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული. ძლივს თიბავდა ბებო ბალახს. მხარი სტკიოდა. მუხლებშიც ძალა აღარ ედგა. მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა. შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა. იმ წელს თბილი შემოდგომა იყო. ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა. ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს. _ სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, _ მეზობლებს შესჩიოდა ბებო. დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები. ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში. მუხლები აუკანკალდა ბებოს. უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა. ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა. გზას გაჰყურებდა. ის დღეც მოლოდინში დაღამდა. ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა. დილით კი ... იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი. უშეშოდ დარჩა ბებო. დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა. მიწაც თოვლით იყო დაფარული. თოვდა. გამოდარებას არ აპირებდა. თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე. მეზობლების მიმოსვლა შეწყდა. საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი. ღამ-ღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მეუღლე ეპატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი და ისე წამოვიდეო. ციოდა. შიგნიდანაც შეჭირხლული იყო სახლის კედლები. რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა. ცოტა დათბა. აგუგუნდნენ ზვავები. ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა. ფიქრობდა: ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა. იქნებ შვილებზე, იქნებ ქმარზე. იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავის ბალღობიდან. იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებოები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ. ჰოდა ფიქრობდა ბებო. დღე კი ილეოდა. ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რაკი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა. ჩაეძინა. შუაღამისას რაღაც საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა. ტორტმანებდა მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაჰქონდა. ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა. ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა. მიწისძვრას დააბრალა ბებომ ეს ამბავი. ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა. დაწყნარდა სახლი. ისევ ჩასთვლიმა ბებოს. დილით მამალმა გააღვიძა. ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე, სახლის ეზოში ყიოდა მამალი. _ მელამა კი არ გამიწყვიტოს ქათმები _ ლოგინიდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა. გაოცებისგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა: მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა, ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახლკაროდ დარჩენილ მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით. ბებო გაოცებას ვერ ფარავდა: ამდენი ხანი ამ სოფელში, ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი. მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული. ბებომ საკენკი დაუყარა ქათმებს და ისინიც რიგ-რიგობით ჩამოფრინდნენ ძირს. მარტო მამალი არ ჩამოვიდა. მზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა. რაღაცა უხაროდა ბებოს. რა, თვითონაც არ იცოდა და ის-ის იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახეგაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს. ეზოში ხმაურით შემოვიდა მისი ოთხივე ბიჭი. ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს არ ჰქონია. მამალი კი ხის კენწეროზე იჯდა და ისე გადმოჰყურებდა ეზო-გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავის სამეფოსი. ხოლო მაშინღა იკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს. რაღაცით ჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს. _ მე რა მინდოდა? _ გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს

ნახვა: 682

ტეგები: Qwelly, ბებო, ლიტერატურა, მოთხრობა, მონატრება, სოფელი, ჩოხელი

ino: დეკემბერი 25, 2012||10:16pm

დღეს ჩემი ბებოს დაბადების დღეა..
აღარ ახსოვდა ))))

ნინუნა: მარტი 22, 2013||9:55pm

ბებო მინდაა  :( :(

ლაშა: მარტი 22, 2013||10:01pm

სახლში მყავს ბებო, გათხოვო ნინუნავ? :D

ნინუნა: მარტი 22, 2013||10:03pm

კი მათხოვე :(  მე არ მყავს ბებო :( არც პაპა :( არავინ ... :( 

თათია: ივნისი 29, 2014||3:52pm

ჰო, გოდერძი სულ ამას დარდობდა... მე ბედნიერი ვყოფილვარ, ოთხივე გვერდში მყავს. ♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters