გურამ დოჩანაშვილი, ლიტერატურა, qwelly, guram dochanashvili, literature

ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად გამონაგონი.

მონადირე

- ძალიან გეტკინა, შვილო? - იქა ჰკითხეს.

ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, - „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:

- მე არ მოველოდი.

უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი:

- ჩემი იქნები. აღარაფერი შეგაჭირვებს. აღარასოდეს. გიხაროდენ.

- თქვენ... მაპატიეთ, - მორიდებით უთხრა გოგონამ, ძალიან-ზე მეტად ღელავდა. - თქვენ სწორედ ის ხართ?

- მამა დამიძახე.

გოგონას ადრე, დედამიწაზე, სიხარულით არასოდეს უტირია, როგორღაც ბედი არ სწყალობდა, იმისი არ ესმოდათ, და გულდაწყვეტით ხშირად აცრემლდებოდა ხოლმე, ახლა კი უხილავ, ფერმკრთალ ღაწვებზე სიხარულის ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ეწვეთებოდა იმ პატარა მკერდზე, რომლითაც მერე და მერე, დრო რომ დადგებოდა, აქ, ქვემოთ, ბავშვი უნდა ესაზრდოებინა, მაგრამ ის დრო ვეღარ მოვიდოდა, რადგან ერთ-ერთმა ბარიანმა სწორედ მასზე შემართა ბარიანი ხელი; სწორედ იმ ჩამქრალ სადედო მკერდზე ეწვეთებოდა სიხარულის მლაშე ცრემლები, იმან კი, თავად მამამ, თქვა:

- ჯერ მარიამთან მიიყვანეთ.

და უხილავ მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა. გოგონა რა, სხეული როცა ჰქონდა, მაშინაც კი ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.

აქა კი, ქვემოთ, მონადირე იმის ახლახანა საფლავთან გულგასიებული იდგა და, კიდევ კარგი, ტიროდა, რადგან ცრემლს ვაება ასე თუ ისე გამოჰქონდა. საფლავის ქვაზე ასე ეწერა: - რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი...

დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.

აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა, მაგრამ აქ ბგერა აუარება ხმიანებას მოიცავდა, ეს შუა ბგერა, რომელსაც ერქვა „ძე“, იყო მბრძანებლურიც და მუდარიანიც, „არამოიღო... არა... არა... არა ჰქმნე...“, და, „გიყვარდეს... გიყვარდეს... პატივ-ეც...გიყვარდეს...გიხაროდენ.“

- მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა.

იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგავდა.

და ისევ, ისევ ტიროდა ნეტარებით გაოგნებული გოგონა, „მე აქ ასე ძალიან ვარ და... ჩემებმა რა იციან..

- უნდა იცოდნენ წესით, შვილო.

და რადგან გოგონას მაინც შერჩენოდა რაღაც ჩვენური, ქვემოური, იჭვი, რადგან გოგონა მაინც ისევ – როგორის ნაზის მოფერებით – საყვარელი შტერუკანა იყო, დიად ნათქვამზე: „უნდა იცოდნენ წესით, შვილო“, აკი არ დასცდა: „მართლა?“

და ამ უცაბედი შეეჭვებისა გამო შერცხვა და ისე მოიბუზა, გინდაც მის თავზე ხელმეორედ შეემართათ ბარიანი გაწაფული ხელი, მაგრამ დიადმა ქალბატონმა გულზე მიიკრა, დედათაგან უნეტარესმა კარგად იცოდა იქ, ქვემოთ, აქაც, ჭრილობიანი ტკივილის ფასი, რა ხანმა განვლო, მაგრამ შვილის ნალურსმნალები ისევ ტკიოდა იესოს დედას, ვინც ადრე, აქა, გაოგნებული შესცქეროდა ბრბოს, გაავებულ, სიმწრით დაღმეჭილ სახეებს, რომ უსასრულობამდე უკეთესი ძე კაცისაი მოუვიდათ და იხილეს, იხილეს, ნახეს, დაიჯერესა და ამიტომ სიმწრით გაჰყვიროდნენ: „ჯუარს აცუ, ჯუარს აცუ ეგე!“, და თავიანთი ვითომც მოქნილი და მაინც უგუნური ჭკუით დასცინოდნენ კიდეც, ვითომ – ბასრ ეკალთაგან შეთხზული გვირგვინი დაადეს თავზე - „მეუფე ხარა?“, და ყუჩ იესოს ნათელ შუბლზე ცისფრად ფაქიზი სისხლი სდიოდა, იცინეს, იცინეს ვითომ, მერე ისევ გაბალღამდნენ და ისედაც უბრალო ტანსაცმელი შემოაფლითეს, ჯოხებს ურტყამდნენ, ყვრიმალში სცემდნენ, ჰნერწყვიდნენ კიდეც!, უბადრუკები, იმას ჰნერწყვიდნენ, ვინც ერთხელ „უპყრა ხელი ბრმასა მას და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყვიდა თვალთამისთა“, და მოარჩინა, და სწორედ იმას, იმ ნერწყვის მალამოდ უფალს, თავიანთი ბინძური და გაცოფებულის დუჟით ჰნერწყვიდნენ, გიზგიზა ბოროტებას შეცოცებულებმა, აღარ იცოდნენ ერთიმეორისათვის იმ თავიანთ საქმეში როგორ ეჯობნათ და, უკვე ჯვარზე მილურსმულს, მწყურვალს ისე რომ, ჩვეულებრივი ადამიანივით, დაიკვნესა კიდევაც: „მწყურის“, და ორიოდ ყლუპ წყალს კი არა, შუბზე წამოგებულ ძმრიან ღრუბელს აჩრიდნენ იმ ბაგეებში, რომელთაგანაც ბევრჯერ ითქვა: „გვიყვარდეს ერთმანეთი“, და მერე იმის სიკვდილს ვეღარც დაუცადეს და ბინძურსულსწრაფობით მკერდში აძგერეს მახვილი, მაგრამ იმისადმი სიძულვილი გასაგები იყო, რადგან მთელის არსებით შურდათ, თუმც თავიდან მისი არსებობა ხალხის ჯგროს კი არა, შედგომილებსაც კი უკვირდათ: „მოძღუარ, არა ჰზრუნავა, რამეთუ წარვწყმდებით? და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ. და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. და ჰრქუა მათ: რაისა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაი? და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაიცა ერჩიან მას?“, სხვებმაც გაიგეს, და დაინახეს დიდშემძლეობა მისი, და იცოდა დიდმა მარიამმა, კარგაფ იცოდა შური – ადამიანთა ზნე, მაგრამ ამან, ამ გოგონამ, ასე პატარამ, რა დააშავა რომ საგულდაგულოდ ალესილი ბარი – ყოვლად შეუსაბამობავ! მიწა-კეთილის იარაღი! - აღმართეს მასზე!!, და კარგად იცოდა ყველაზე დიდმა ქალბატონმა ტკივილის ფასიც, რადგან იმისმა შვილმა იესომ, ჯვარზე გაკრულმა, ზედ მოკვდომის წინ ვეღარ მოითმინა და დაიჩივლა, ასე წამოსცდა: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?“ და, „ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა“, და ორიოდ დღით მიიცვალა, და თუმც ახლა ყველაზე დიდი ქალბატონის ერთიღა შვილი იესო ქრისტე, ნაზარეველი, თავად თავადი, ყველაზე დიად სამხმოვანებაში უზენაესის შემდგომ ჟღერდა, იმ ნალურსმნალებს მაინც, ახლაც კი, აღზევებული, დაატარებდა და მზე-მარიამმა ისევ მაგრად ჩაიხუტა გულში გოგონა, ჭრილობაზე აკოცა, უთხრა:

მართლა.გოგონა კი ძალიან დაიხარა და ფეხზე კოცნა ვერ გაუბედა, კალთაზე ემთხვია. მთელი თავისი არსებით ეამბორებოდა ტანსაცმლის კალთას და იქვე ორი ლამაზი ფეხის მტევანი დაინახა, ოღონდ მთლად დაკაწრული, გადაყვლეფილი..

- ნინოა ესე, ჩემი და შენი.ეთქვა.

* * *

რამდენამდე ადრე კი, აქა:

ეს მართალია, მე შენი დედა...?

რაა მართალი, მე შენი დედა...?

შენზე ამბობენ, ბიჭი შეეძინაო, ეს მართალია, მე შენი დედა...?

კი, კაკრაზ გუშინწინ, მე შენი დედა...

მერედა, არ აღვნიშნოთ, ნაძვები მწვანე?

აიღეს და აღნიშნეს.

სუფრა იყო რომ? სულო და გულო: ორი პორტვეინი, მჟავე კიტრი, ორიც მოხარშული კვერცხი, პიჩენია, ორი ჭიქა, რამე.

კედელზეც, ხილის კაი ნატურმორტი ეკიდა, ფოტოაპარატით დაფიქსირებული.

მაგრამ ადამიანის გული – საწყაული აღუვსებელი:

თითოც ხომ არ დაგველია? მეძავი.

რა ვიცი მე, მეძავი.

მე აქ... მე... მთელი სამოცდათორმეტი კაპიკი მაქვს... ახალი ფულით. არა,

მხოლოდ სამოცდათერთმეტი ყოფილა.

შენც აიღე და ბოთლები დაამატე. მეძავი.

არ მაქვს მე.

როგორ არ გაქვს, გუშინ დაგინახე.

კარგი. ეჰ.

ხოდა, ნუ, სამ პივაზე გვეყოფა, მეძავი.

რაო, რა სახელი დავარქვიო?

სტასიკ.

ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა. - თქვა სტასიკის მამის მეზობელმა.

მეც მაგის დედა. ბევრჯერ. უკვე. - თქვა სტასიკის მამამაც.

რა სჯობს კარგ ქეიფსა და დროსტარებას.

* * *

სამხმოვანების მესამე, წინა ორსავით მარადი ბგერა, სულიწმიდისა, ახლა დიდ ბაღში ბზინავდა, ჟღერდა.

შენი კუთხეა.

ბაღი იყო რომ, როგორი მერე... არსად ენახა ასეთი უცხოდ ფერადოვანი ყვავილები, ბაღი იყო რომ, რა მოხატული, სურნელი იდგა? იქა, მეორეს არცერთი ჰგავდა, და ყოველისგან, ახალ-ახალი სურნელისთვის თუ დაიხრებოდა, საოცრება რამ ამოდიოდა, მოტივტივებდა: ხან საოცნებო ხმები ამოჩქეფდა, ხანაც ნახატებს ხედავდა დიადს, ზოგისგანაც კი, ისე მართალი და სწორად ძნელი, სანუკვარი სიტყვები ესმოდა, ამ სიდიადით ითრგუნებოდა და მაინც, მაინც მაღლდებოდა ერთი პატარა ქართველი გოგონა,

ამას რა ჰქვია, დეიდა წმინდა ნინო?

იაკობი.

გოგონამ ყური ნეტარებით მიუგდო და, წამოიძახა:

სწორედ ახლახან გვასწავლიდნენ... ცურტაველია არა?

ცურტაველია, შვილო.

ცოტათი იქით ყვავილი იდგა? გონიერი და შემართული, წმინდა ნინოსკენ მორჩილად და მოწიწებით თავდახრილი მაინც, ყვავილი კი არა, უფრო ყვავილის დიდი ხე იყო, დაბინდული რამ შვინდისფერი გადაჰკვროდა, როგორ ნათობდა, კრძალვით ასცქეროდა გოგონა,

და ამას, დეიდა წმინდა ნინო?

მაგას, დავითი.

ვიცი, კი, ვიცი, - ძალიან გაუხარდა გოგონას, აღმაშენებელია არა? დიდგორის კაცი.

აღმაშენებელია, შვილო. თავის ძნელ დროში საქართველო მაგან გადაგვირჩინა.

ვიცი, ვიცი, - გახარებული ჟღურტულებდა გოგონა, - მაგან, ძალიან დიდმა

კაცმა, თურმე ძალიან კარგი ბრძოლა იცოდა, მაგრამ თან თურმე სნეულებისთვის და ობლებისთვის თავშესაფრებს აგებდა და ძალიან ბევრი ეკლესია ააშენა, და ლექსებსაც წერდა, იცით, მე ერთხელ გელათში ვიყავი ექსკურსიაზე დეიდა წმინდა ნინო, ისეთი კარგი იყო? ორი დღით ვიყავით, ხაჭაპური, ნამცხვრები, ფხალი, ლიმონათი გვქონდა ექსკურსიაზე წაღებული.

ეგ ექსკურსია არ იყო, შვილო.

აბა, რა იყო? პიონერხელმძღვანელმა ასე გვითხრა.

ექსკურსიაზე სხვაგან მიდიან. გელათი შენი ადგილია.

მართლა? - და გული დაწყდა, - რა კარგი იყო მაშინ?!

ახლაც კარგია... აიხედე.

გასაოცრებავ! უზარმაზარი ყვავილის თავზე, უზარმაზარივე, ძალიან მძიმე და თან ჰაეროვანი ბრძენი შენებულებაი დატივტივებდა, ყვავილხეს, დიდ მეფეს, დავითს, შარავანდედთან ერთად ადგა.

* * *

სტასიკი უკვე მოზრდილი იყო, უკვე მსმენელი გახლდათ, როცა როგორც სწავლისა და სამსახურის წარჩინებული, სხვა სწავლისა და სამსახურის მსმენელებთან ერთად, მთავარ ექსკურსიაზე წაიყვანეს. იმსიგრძე რიგი ძეხვის რიგშიც კი არ ენახა თავისი ოლქის მთავარ ქალაქში სტასიკს. მთელი ოთახი საათი და ნოლ-ხუთი წუთი თან იდგნენ და თან წინ მიიწევდნენ, წინ. მაგრამ დრო შედარებით კარგად გადიოდა, რადგან ცდაში სასტიკი მოწიწებით შეჰყურებდა თანამედროვეობის დიდი პოლიტიკური მოღვაწის, ვინც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის ბედი ხელჩართულ ბრძოლებში გადაწყვიტა, ამჟამად კი აღიარებულის წარმატებით აგვირგვინებდა შინა და საგარეო მოღვაწეობის პოლიტიკას ერთდროულად, სტასიკი მიჩერებოდა და შეჰყურებდა ხალხთა ძმობისა და სოლიდარობის სულისჩამდგმელ და სწორუპოვარ, წარბებიანი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის დიდ (17მx14), ამაღელვებელ სურათს.

„მე მაგის მეათედი ჯილდოები და ზვანიები მომცა?“ - შურნარევი მოწიწებით გაიფიქრა სტასიკმა, მაგრამ შეცბა- ხუთ ვარსკვლავს რა გაჰყოფდა ათზე ანუ ერთს შუაზე, ეს ხომ მკრეხელობა იყო, და, ამიტომაც, ოცნებრივად გათამამდა: „ნეტა ძვირფასი ლეონიდ ილიჩის ჯილდოები მომცა და... ოლქში პირველ კაცად დავბრუნდებოდი. ოღონდ მარტო კუთვნილი შვებულების დროს. ცოტა ხნით. ვიტია გაგიჟდებოდა(მეზობლის ვიტია მასზე უფროსი იყო და ამიტომ ბავშვობაში ხშირად სცემდა იგი მას). კუთვნილ შვებულებას კალორიებ ულტრა-იისფერსხივებიან ნეტა უწვიმო კრიმში გავატარებდი, ჩვენს თურმე ძალიან ვიტამინებიან სასადილო-სანატორიუმში, სადაც თურმე მინიმუმ პადპალკოვნიკები საბრძოლო მზადყოფნის განმტკიცებისათვის ისვენებენ. გავირუჯებოდი, როგორც მოძმე „ხალხი.“

ასე ოცნებობდა სტასიკი, ასეთი იყო ახალგაზრდა სტასიკის ვნებანი, მაგრამ ჯერ, ამჯერად, რიგში, კრიმი კი არა, ძალიან ციოდა.

* * *

ისედაც გასიებული გული მდუღარე ნაცარში ეთუთქებოდა მონადირეს. გოგონას საწერ მაგიდას და მის ყოფილ ნივთებს ათვალიერებდა. ბურთულიანი საწერ- კალამი, ლურჯი... ბოლომდე ვერგაცვეთილი წიგნები - გეოგრაფია, ალგებრა, ბოტანიკა... გეომეტრია, სხვისი ისტორია და მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა – ილიაიანი, აკაკიანი, ვაჟაიანი... შოთაიანი! ინგლისური ენა, საერთო რვეულები... და ერთიც – ყველაზე მთავარი რვეული, სასთუმალქვეშ საიდუმლოდ შენახული – დღიური გოგონასი: „ჩემი არავის ესმის...“ „დღეს კარგად წვიმდა...“ „მე მიყვარს...“

პატარა კაბა... პატარა ფეხსაცმელი... მძივი...

მონადირეს ვეღარ შეეძლო მეტის ატანა, მონადირემ იცოდა, რომ, სანამ გოგონა თავის ღამესათევ ხალხს შეუერთდებოდა, ცოტათი ჩაფიქრდა და მერე თბილი წინდები ჩაიდო პატარა ჩანთაში - „არ გავცივდე“.

გააცივეს და... როგორ!

მაგრამ ეს მხოლოდ აქა, მიწაზე.

* * *

იქა კი:

დიდი სათუთი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა რომ? - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...“ - სულ ფირუზად და სულ ზურმუხტად აალებულიყო, წვით ციაგებდა.

ბუჩქიც იყო რომ? ბრძენი, გონიერი, დაფიქრებული, იქაურობას დარდიან სურნელს მიმოჰფენდა - „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“ - ბუჩქი იყო რომ, იქაურობის სინდისი და ნამუსი.

და, ბუჩქიც იყო, მინდვრის ყვავილებით ჭარბად მოხატული, ალაგ კი – ვარდებამოყრილი, რა ფერად აღარ ხასხასებდა - „რამ შემქმნა ადამიანად, რად არ მოვედი წვიმადა“ - სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი...

იმ სიბრძნის ბუჩქთან შეჩერებულიყო გოგონა, ხარბად ისუნთქავდა. იკითხა მერე:

და, მართალს, რატომ ესროლეს, დეიდა წმინდა ნინო?

ესროლეს, შვილო.

ყველა მკვლელი მართლა ქართველი იყო?

ქართველი, შვილო. და კიდევ სხვებიც. უარესები.

ახლა სად არიან?

სხვაგან არიან. იმათთან შენ არაფერი საქმე არა გაქვს, შვილო.

გოგონამ უკვე იცოდა წმინდა ნინოსგან რაღაცეები, მაგრამ ბევრ რამეს ვერა ხვდებოდა:

ანდა, ბარაბა რატომ განუტევეს? თვით იმის ნაცვლად...

ამ ბუჩქთან მოდი.

დიადი ბუჩქი ამოზრდილიყო რომ? თვალუწვდენლად უხვფოთლება, ისეთი ლამაზი და მშობლიური ფოთლები არსად ენახა, ფოთლები ესხა? - დედასავით, არსად ენახა იმდენი დედა, და ყოველ ფოთოლზე დედის სხვადასხვაგვარი, მალამოსავით სიტყვები ეწერა, წმინდა ნინომ კი ერთ-ერთი ხელისგულზე დაიდო, სახესთან ახლოს მიუტანა, რა ეწერა და:

„ბარაბა – განვრცობა“.

სულხან-საბასია, დეიდა წმინდა ნინო?

სულხან-საბაა, შვილო. და ეს მთავარი ბუჩქი შენი ენაა, მშობლიური, სამუდამოდ დალოცვილი მზე-მარიამისგან.

გოგონას აღარ შეეძლო მეტის ატანა, და შვების ბუჩქთან მივიდა, დადგა:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო“,

კარგი რამ იყო სტასიკის ოლქი: აქეთ წახვიდოდი, ბარი იყო, იქით წახვიდოდი – იქითაც ბარი. გაიხედავდი, ბარი იყო, გამოიხედავდი – მაინც ბარი. მოსაწყენი იყო ძალიანი. კიდევ კარგი, უფროსი ვიტია ორფეროვნებისათვის სცემდა მაინც, იგიც მოწყენილი იყო. საქმე თავიდანვე უნდოდათ. არადა, ბარი დაჰყვა და დაჰყვა. სტასიკი ბარში დაიბადა.

ეს რა მღვიმეა, დეიდა წმინდა ნინო?

შენია, შვილო.

მღვიმე რამ იყო? გრილი, საამო, წყნარი, თითქოსდა სევდასავით, მაგრამ სევდა კი არა, განუზომელი უბედურება და ჩუმი ვაება ტრიალებდა იქ, მღვიმის კედლებზე სუფთა წვეთები მოჟონავდა, და გოგონა როგორც კი შევიდა, მთლად დაიცვარა მღვიმის კედლები, ჟონვამ იმატა, დაცხა, და რაღაც მშობლიური რომ იგრძნო გოგონამ, პატარა პეშვი შეუშვირა ჩამონაჟონს, სახეზე მოისვა, ყოველი წვეთი ეფერებოდა, მალამოდ შეეჟღინთა, არადა, მხოლოდ მლაშე კი არა, ცხარეზე ცხარე და მდუღარე წვეთები იყო,

დეიდა წმინდა ნინო, ასეთი ცხელი, რაა?

ეგ დედაშენის ცრემლებია, შვილო.

და აქ გოგონაც ძალიან ატირდა, და, მერამდენედ: „მე აქ ასე ძალიან კარგად ვარ და... იქ რა იციან,“ დამნაშავესავით ჩაქინდარა თავი, მღვიმის იატაკზე კი დაბზარული ქვა იდო, ისე დაბზარული, გოგონამ ვეღარ მოითმინა, დაიხარა და სველი ხელისგულით მიეფერა, უცაბედობით, თავისი ცრემლიც დააწვეთა და , შეკრთა – უფრო გაბზარა, დაიხია,

დეიდა წმინდა ნინო, ასე ძალიან დაბზარული, რაა?

ეგ მამშენის გულია, შვილო.

კიდევ კარგი რომ, მთელი იმ კუთხის იქაურობა, ის ბუჩქები და ხედ ყვავილები, აის ბალახი, ადამიანთაგან ერთი კაცისა, რუსთაველისა იყო, კიდევ კარგი რომ, გაისმოდა და უზენაეს ხმას შეერთვოდა:

„რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,“

* * *

ნაპლეე-ჩოუ!

ერთ-ორ! - სტასიკი სხარტად ასრულებდა პრიკაზებს.

კნაგეე-ე!

ერთ-ორ-სამი.

ნალეე-ვოუ!

ერთ-ორ.

შაგოომ... მარშ!

ერთ-ორ, ერთ-ორ, მიდიი... რომელი ჯარისკაცი არ ოცნებობს გენერლობაზე, თანაც, სწორუპოვარი მხედართმთავრის, ვინაც მეორე მსოფლიო ომი სულ ხელჩართულ ბრძოლებში ერთიპიროვნულად მოიგო (ალბათ კარატე იცოდა კარგი), უხვებწარბება ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის აღმაფრენულად დახატული პორტრეტი ყოველ ყაზარმაში თვალსაჩინოებისათვის ეკიდა. ლეონიდ ილიჩ იმდენად მაგარი იყო, რომ მშვიდობიანობისასაც კი მარშალი გახდა, აფერუმ! ლეონიდ ილიჩს კალამი უჭრიდა? სულ რაღაც ორიოდ წელიწადში საწყალ პუშკინზე გაცილებით აუარება ლაურეატობები ორივე ხელით მოხიკა, საღოლ! მალადეც! სულელი ეძახე შენ... და ქმრებდასაწინაურებლად ჰგიჟდებოდნენ მასზედიდპორტმონეიანი ტიტველ-მანდილოსან-სუქან-სუქანი ქალები, და კაცმა არ იცის, რომელი ჰქონდა უფრო ბასრი ლეონიდ ილიჩს – ხიშტი, კალამი თუ უძრაობაო, შემდგომ რომ იმის ეპოქას შეარქვეს შურიანებმა – რისი უძრაობა, თავად ლეონიდ ილიჩს სულაც რომ თავი გავანებოთ, იმისი საკუთარი ოჯახის ერთ-ერთ წევრსაც კი მოძრაობები სცოდნია ისეთი? - რისი ვაჟკაცი და მამაკაცი... მერედა, რორგორ დააწინაურა გინდა სოფლის მეურნეობა, გინდ ტრაქტორული ინდუსტრია, ან აღებ-მიცემობის ტექნიკა და ანდა სოციოლოგია თუნდაც? ნამდვილი სოციოლოგები გავხდით, შედარებები ვიცოდით მშვენიერი, თვალსაჩინოებისათვის თუნდაც 1913 წელი ავიღოთ, ჰოიი, როგორ დავწინაურდით? - აბა სადა ჰქონდათ მაშინ ამდენი მტრის ჯინაზე აჩახჩახებული 220 ვოლტიანი თავად-ილიჩის ნათურა, ტელევიზორი ხომ მაშინ თვალითაც არავის ენახა, ახლა კი ზოგს ორიც აქვს, რისი მაგნიტოფონი კი არა, ჩამორჩენილებმა, რადიო რომ რადიოა, რადიოც კი არ იცოდნენ, დიქტორებიანი რადიოც კი არ მოეძევებოდათ, და ტელეფონი რომ ტელეფონია, ისიც კი უნდა დაგექოქა, მაჯა-ენერგია სჭირდებოდა იმასაც, ეს იყო საქმე? თუმც უკეთესად მუშაობდა... მაგრამ თუნდაც ჩვენი ახლანდელი უბრალო ნივთი – ელექტროსაპარსი, აბა სად იყო მაშინ განა? სოფლის მეურნეობითაც მთელ ოთხ აფრიკულ სახელმწიფოს, სადაც მერე რა რომ წიწაკოვანი გვალვები იყო, პირწმინდად გადავახტით, მედიკამენტები და ერთჯერადი შპრიცებიც მრავლად გავუგზავნეთ, და ახლა მსუბუქ მრეწველობას აღარ იკითხავთ?აბა რომელი რაგინდ თავმომწონე ძველი ქვისხანელი არ ჩაიცვამდა მწერალ-კარატისტ ლეონიდ ილიჩის დროს გამოშვებულ ტელაგრეიკას? ეგ კი არა და, ვალენკებზე შეიძლება ნეოლითის დაწინაურებულ ხანაშიც კი და-გაგიჟებულიყვნენ. გარეგნობაც რომ ხელს უწყობდა? გარეგნობითაც, ჯმუხი რომ იყო? ისე თავისუფლად შეგეძლო გეყვირა: „ლეონიდ ილიჩ, ჩვენო ძალიან ძვირფასო, შენ კი გენაცვალე მაგ შავ წარბებში“ -ო, არავის შეეხამუშებოდა კი არა, უძრაობა ეძეხე შენ და, დაგაწინაურებდნენ, წინაურდებოდა ხალხი. ერთი ეგ იყო, ყბა არ უვარგოდა... რადგან იმდენად კაცთმოყვარე იყო, ქალებზე მეტად ერთგულად მაქებარი კაცები ჰყავდა ნაკოცმ-ნაპროშტნი, და ყბა ამაში იტკინ-გაცვითა. კოცნა სამობით უყვარდა გენერალურს... მარშალი იყო და, თავმდაბლობით, მხოლოდ გენერალური დაირქვა. ერთიც, ძლიერ გულდასაწყვეტი ის იყო, კომპოზიტორობა არ დასცალდა, ახალი ჰიმნი ჰქონდა ჰომო-პროშტნუსს ჩაფიქრებული, სულ წკლაპა-წკლუპა ნოტებიანი.

ერთ-ორ, ერთ-ორ, ყალიბდებოდა სტასიკ.

* * *

„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო...“

რატომ უყვარდათ, ნეტავი რატომ უყვარდათ თავიანთი სამშობლო, საქართველო, ასე?

„ხარს ვგევარ ნაიალაღარს,

რქებით მიწას ვჩხვერ, ვბუბუნებ,

ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,

ძილშიაც ამას ვდუდუნებ...“

ალბათ რაღაცა იყო, ნაღდად იყო საქართველოში ისეთი რაღაც, რომ,

დეიდა წმინდა ნინო, მე მეჩვენება, თუ საქართველო მართლა კარგია?

მხარზე დაედო წმინდანის ხელი:

- წამოდი, გაჩვენებ.

სად წაიყვანა და, ხალხის ჭალაში.

ირგვლივ, მდინარე დაბრუნავდა, წყაროზე წმინდა..

გაბრუებული იდგა გოგონა – ცეკვები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ გაიგებდა: სხვა, დიდი-დიდი, აღფრთოვანებულიყო

სიმღერები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ ჩასწვდებოდა, სხვა, დიდი-დიდი, აღტაცებულიყო.

ფრესკები ჰქონდათ? მოიხიბლებოდნენ სხვებიც.

ეკლესიები ედგათ? ციდან სულის მყარ მალამოდ დაკიდებულნი, გული ჰქონდათ რომ? სხვა ვერასდროს დააფასებდა...

და, დიადი ხალხური პოეზია ჰქონდათ ისეთი, რომლის გაგებაც სხვას არ ეწერა.

განა შეიძლება რომ, ხალხს ამისთანები შეექმნას და, თან, ცუდიც იყოს, შვილო?

და გოგონამაც ძალიან გამოიდო თავი:

- არა, ეს როგორ შეიძლება, ეს არ შეიძლება, რომ ხალხს ამისთანა... ეე,შემოქმედება ჰქონდეს და თან ცუდიც რომ იყოს, დეიდა წმინდა ნინო, შემოქმედებაში ხომ ყოველივე ის, რაც...

ყური დამიგდე.

... მიჩერებოდა.

- აქ შენი კუთხის მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ხედავ, შვილო,ის სხვები მამამ არ დაგანახა, შენი თვალები შეებრალა. მეც მეცოდები იმათ შემყურედ, თქმით კი, გაგიმხელ. ბევრი გვყოლია უღირსი, შვილო.მოღალატეები, გამყიდვლები, სხვისა ჯიბისა თუ დიდების მასუქებლები, სხვისა ჩინ-მენდლების გაფაციცებით მაძიებელნი, ერთმანეთს ვყიდდით, მტერთანაც ბევრი გვილაქუცნია, მაგრამ იცოდე – საქართველოში რაღაცა ცუდი თუმც ყოველ მოსახვევშია, კარგი – მის ყოველ ცდაშია, შვილო.მაგრამ ადამიანთა სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ, აგერ, იმ ორს, საქართველოში დაბადებულებს, ლამის არი სულ ერთიანა გადაგვაყოლონ და, ის არ იციან თუ ვერ ახსოვთ, რომ სხვაგან ოხრულ-მარჯვედ შეკოწიწებული წყეული სულით, სხვა ყველაფერი იყვნენ ის ორნი, ქართველთა გარდა. არადა, მესამეს, ეგებ იმ ორზეც კი უარესს, დიდ პატივს სცემენ, ქარხნებს, რაიონებს, ქალაქსაც კი დაუტოვეს იმისი გვარი, ეგებ იმიტომ აფასებენ, საქართველო რომ კარგა უხვად გაასაჩუქრა.

- მე ერთხე ლიმის ძეგლს დიდი პამიდორი ვესროლე და შიგ მხარში მოვარტყი! -გახარებულმა წამოიძახა გოგონამ.

- თუთ... - გაუღიმა დეიდა წმინდა ნინომ, - შე ყაჩაღანა... შენ გენაცვალე, - გულზე

ძალიან ფრთხილად მიიკრა გოგონას ჭრილობიანი თავი, თუმც იქ არავის არაფერი არა ტკიოდა.

- იმას ვამბობდი, ცუდის შენიშვნის სენით რომაა შეპყრობილი ხალხი, სხვისადმი -მით უმეტეს. ვაშლის ან ყვავილის ორი გამყიდველი რომ დადგეს სხვის ვრცელ ქალაქში დახლთან, ნახევარი ქალაქი შეამჩნევს და ამას დიდად აღნიშნავს ხოლმე, ხოლო ილიამ და აკაკიმ რომ ჩაიარონ იგივ ვრცელ ქალაქში, არად ჩააგდებენ, ერთადერთი, სილამაზით თუ მიიქცევენ მზერას.

- დეიდა წმინდა ნინო, - შეაცქერდა გოგონა, - ილია და აკაკი მართლა ლამაზები იყვნენ?

- ძალიან, შვილო. აბა ილიას თვალ-წარბი გაიხსენე, - და ძლივს, წვალებით დაამატა: - შუბლი... მოწიწებით ასცქეროდა ჩახუტებული, ყუჩი გოგონა:

თქვენ ჩვენთან, მცხეთაში, ძალიან შორიდან მოხვედით?

შორიდან, შვილო. კაპადოკია გაგიგია?

არა.

უფრო შორიდან მოსული ვარ.

და სხვაგან არსად შეჩერებულხართ?

არა. საქართველოში თვით ღვთისმშობელმა გამომაგზავნა.

გოგონა დუმდა. იკითხა, მერე:

დეიდა წმინდა ნინო, საქართველოს რა ეშველება?

ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. შენს ბაღს კი, რა წაშლის... ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი... აგერ, ერთ უწინაპრო ქაღალდის კაცს შურმა ისიც კი ათქმევინა, რომ ქართველები ავადმყოფი ერი ვართ თითქოს... ურიგო მწერალი არაა სხვათაშორის, სხვათა შორის რიგიანი მწერალია... უწინაპრობამ შეაჩვენა... ჩვენს დანახვაზე ძალიან შეცბა, რადგან თავისდა ვერაუხსნელად, ჩვენს დანახვაზე რაღაცა მდგრადი, უცხო და უნებური სიამაყე შეგვამჩნია, და ვერ იგუა, ავადმყოფობით ახსნა ვითომ, არადა, შვილო, არ ვატაროთ მხრებითა და თვალებით შოთა? სულხან-საბა და გიორგი მთაწმინდელი? ვაჟა, აკაკი, ილია მართალი? გურამიშვილი, ბარათაშვილი? არ გვახსოვდეს და არ ვიამაყოთ წამებული ქეთევან დედოფლით? უწინაპროები არიან სწორედ, იმ უბედური აპრილის შემდეგ, ყოვლად ბუნებრივი, ადამიანური თანაგრძნობის ნაცვლად, უმადურად შემოხიზნულებმაც, გადამთიელებმაც, თანადგომის ნაცვლად... შურია, შვილო – გველის თავები წამოიმართნენ, გველის ენები გამომზეურდნენ!

გაოცებული შესცქეროდა გოგონა, ვერ წარმოედგინა, დეიდა წმინდა ნინოს საამური ხმის ასე აწევა და განრისხება თუ შეეძლო.

ძლივს გაუბედა:

და... საქართველოს, რა გადაარჩენს?

და კვლავაც თავზე, ჭრილობაზე დაედო ხელი:

- ისმინე, შვილო.

აის დიადი სამხმოვანება, მამისა, ძისა და სულიწმიდისა, ჟღერდა. მთლად ბუბუნებდა იქაურობა, ადამიანებისათვის გაისმოდა უხვად ამაღლებული, და ჭეშმარიტი ხმები, გოგონას თავზე სიყვარულითა და სასოებით დასცქეროდნენ თვით თავად მამა და ძე იმისი და გაისმოდა მათი ერგული მოციქული ბახი სულიწმიდა კი დიდად ნეტარი მოცარტში იდო. მაგრამ ადამიანის სული ხომ – საწყაული აღუვსებელი და კიდევ რაღაც მაინც სურდა ამ აღზევებული ბედნიერებით თავზარდაცემულ გოგონას და წმინდა ნინოც მაშინვე მიუხვდა ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი, ეპყრა, და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...

„შეენ ხარ ვენახი“, იყო.

და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის, ხმაც ჩამოესმა.

* * *

რამდენადმე ადრე კი აქა:

მხოლოდ გამორჩეულები რომ შეარჩიეს, ასის ფარგლებში ართეული, რაღაცა დასაწინაურებელი გუმანით იყნოსა სტასიკმა ა ტვინმა სიხარულის რეჩხი უყო: „ძლივს, საქმე...“ არადა, სადამდე შეეძლო ესრულებინა მხოლო ეს: „ნაპლეეჩო, კნაგეე, შაგოომ...“ ნამდვილი სქმე, ხელებით საქმე, მოქმედი, იარაღიანი, ნაღდი, მონატრებოდა, აბა როგორია კომპოზიტორი იყო და – უსაკრავოდ, მხატვარი იყო და, უსაღებავოდ, - მიდი და იქნიე ცარიელა ფუნჯი, და აბა რორგორია ქადაგად დაცემული გარეწეარი – უენოდ, ანონამშჩიკი – უმელანქაღალდოდ, რორგორია, ჰა, გაგიჟდები კაცი, კიდევ კარგი რომ, ახლაღა მაინც ჰგზავნიდნენ სადღაც, ნამდვილ საქმეზე, თანაც, თვითმფრინავით, დიდ საიდუმლო განზე მდგარ თვითმფრინავში ჩასხეს შემართული სტასიკ და გამორჩეული მეყაზარმენი მისნი, თვითმფრინავის გუგუნში, გზაში, კრინტი არავის დასცდენია, რომელიღაც აეროპორტთან მშვიდობიანად დაფრინდნენ უცხო მიწაზე, და აქ თვით დაწინაურებული პრიკაზჩიკი დახვდათ; თუმც ნამეტმავად შესაშური პოგონები ედო, მაინც პატარა პრიკაზჩიკი იყო, რადგან ყოველთვის სხვის, ანუ რომელიმე მთავარი მეპრიკაზეს ბრძანებებსა თუ მითითებებს დაუყოვნებლივ და განუხრელად ასრულებდა; გარეგნულად თუმც ქედმაღალი, სწორუპოვარი და მკაცრად დარბაისელი ჩანდა, მომავალი ნაღდსაქმიანი ოპერაციით იმასაც ძლიერ უკაწკაწებდა ჩასაფურთხებელი სული: აბა სად გაგიგიათ კომპოზიტორი უსაკრ....., ყინულისგულა სნაიპერი – ულინზათოფოდ, ახალშლიაპკებიანი მუსკომედიელი ქალი – უსარკეებოდ, ძველი ჯალათი – უნიღბოდ და, ასე...

დიდპოგონებიანს სოც-საქმისთვის დიდად მზრუნველის ნიღაბი ედო. სარგადაყლაპული ხუთმაგი მწკრივის წინარე გოროზად დამდგარიყო პრიკაზჩიკი იროდ.

პრიკაზჩიკ იროდის ახსნა-ბრძანება-განმარტება მოკლე, ტევადი და ამომწურავი იყო:

- მრავალეროვანი დედასამშობლო (?! - მონადირე) ექსტრემისტების გამო განსაცდელშია. დადგა ჯერი თქვენი მაღალი მხედრული ვალის ასრულებისა. თქვენს დანახვაზე თავს მოიკატუნებენ. არ დაუჯეროთ. არ დაინდოთ არც დიდი, არც პატარა. მშვიდობას გაუმარჯოს!

ვემ... სახ... საბ... შირს!!! - იფეთქა მწკრივმა.

მოემზააა-დეთ!

ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში უცხო ქალაქს ავტომანქანებით უახლოვდებოდნენ, და ერთი მათგანი ალბათ უკვე ნამყოფი იყო იქ, რადგან მთაწმინდისა და მამადავითის დანახვაზე უყოყმანოდ თქვა:

ეს თბილისია, გრუზია, ხალხთა ჯალათის სტალინის ქვეყანა.

და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები.

სტალინის ქვეყანა რომელიც იყო, კარგად იცოდა მონადირემ.

ზიმბაბვე და პაკისტანი უფრო იყო სტალინის სამშობლო, ვიდრე საქართველო. რადგან იმ ქვეყნებისა დიდად არა ენაღვლებოდა რა, თავის ყოფილ სამშობლოს, საქართველოს კი, თვალს არიდებდა, როგორღაც ეხამუშებოდა, არ უსწორებდა თვალს.

რადგან სტალინს თავისი ნამდვილი ქვეყანა დიდადა ჰქონდა.

...შე იმისშვილო, შოთა და ვაჟა არ იცი და, შენივ სტალინით გვაფასებ, არა?

სტალინის ხალხი არ იყო, არა,კიბეებზე და შოთას გამზირზე რომ იწვნენ, იდგნენ.

თავისას ცეკვავდნენ... თავისას მღეროდნენ... თავისას მოითხოვდნენ. სხვისა არა უნდოდათ-რა.

ახლოვდებოდნენ სტასიკი და დროებითად შემჭიდროებული თანამეცხედრე ძმანი მისნი, და მონადირის შეშფოთებული სული მშობლიურ ხალხში, თავისიანებში, მაინც გზაარეული დაწრიალებდა – რაღაც ცუდს, ძალიან ცუდს, მაგრამ მხოლოდ დედამიწურს, უგრძნობდა გული. აქ ათასებად შეკრებილიყვნენ, ეს – ხალხი იყო, მაგრამ ყოველ იმათგანს, ყველას, საკუთარი ერთი სიცოცხლე და ერთადერთი ნაბოძვარი სამშობლო ჰქონდა, მონადირეს თან უხაროდა მათი ასე ერთად დანახვა, - საქართველოთი გაერთიანებულებისა, მაგრამ რაღაც ცუდსაც გაბმულად და ძლიერ უგრძნობდა შეჭირვებული გული, და ახლა უნდოდა მათი დაშლა, თუმცა ძალიან, ძლიერ ეამაყებოდა მათი ასე ერთად-ყოფნა; მაშინ სხვა იყო, წინა ნოემბერში სულ სხვასა გრძნობდა, ცუდს არაფერს ეუბნებოდაგული, ახლა კი, თან უნდოდა, რომ ყოველთვის ასე ერთად ყოფილიყვნენ და მაინც უფრო მეტად უნდოდა რომ, მაინც, მაინც რომ დაშლილიყვნენ, დაუჯერებდა კი, ვინმე? დაუჯერებდნენ კი არა, მოღალატედაც კი ჩათვლიდნენ, მაგრამ ამისი არ ეშინოდა, - მონადირეს არ შეეძლო, სულ მცირე ნიჭადაც კი არ დაჰყვა ამდენ საკუთარსულიან ადამიანთა წინაშე გამოსვლა, რჩევა და მოწოდება, ვერა ბედავდა, და გინდაც კარგად შესძლებოდა, არა, არა, არ დაუჯერებდნენ, ეგებ უცნობებს მოგზავნილადაც კი ჩაეთვალათ, იქ გველის სულიც დატრიალებდა, არადა, ყველა მათგანი, გდაცმულების ჩაუთვლელად, თავისებურად სპეტაკი იყო ახლა, მაგრამ გონივრებს, ვისაც მწარედ ჩაბეჭდოდათ ის ცხრა მარტი, არ უჯერებდნენ, არ ესმოდათ იმათი: „ჯერ ის შევითავისოთ საფუძვლიანად, ამ მოკლე ხანში რომ შეგვეძინა - სასულიერო აკადემია, საწყობებად გადაკეთებული ეკლესიების ეკლესიებად დაბრუნება, დაბრუნებული რობაქიძე, სამმაგი სეიფიდან გამოღებული „მონანიება“, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სწორად ხსენება, კიდევ რაღაც-რაღაცეები... ასე, ორიოდ დღეში, ყველაფერს ერთად არავინ მოგცემს, რაგინდ კარქა არ ლაპარაკობდეს... გონიერება, ზომიერება... აჩქარებითა სოფელიო... გაგიგონიათ? არ შეგვარჩენენ ასე უცებ განზე განდგომას. სიბრძნე და ჭკუა გვმართებს მეტი... ძალიან ხომ არ ავჩქარდით, ხალხო... არ შეგვარჩენენ.“

„მართლები ვართ და, ვერაფერს გაგვიბედავენ. ახლა სხვა დროა.“

„კარგად ეცადეთ, როგორმე დიდ შენობაში შერეკოთ. ის შენობა მაგათი მინისტრთა საბჭოა და ამიტომ სამართლიანად გვექნება სროლის უფლება, - პრიკაზჩიკ იროდის მიერ გულჩატანილად შემუშავებულ გეგმას სტასიკსა და მისთანებს გადასცემდნენმთლად წვრილ-წვრილი პრიკაზჩიკები, - მერე ტელევიზიასთან ჩაირბენთ, იქაც შეჰყარეთ, ი ტამ გვაქვს სროლის უფლება. მეავტომატეები სულ მუსრს გაავლებენ.“

„დაიშალენით, - იხვეწებოდა მონადირის ისე ძალიანშეშფოთებული, რა მოსატანია მაგრამ, პარტბილეთდაკარგულიიროდივით, სული, მაგრამ არ დაუჯერეს.

რა ბევრნი იყვნენ, რორგორი მართლები და რომელიმე პრიკაზმეისტერის მიერ განწირულები მაინც, ბევრნი რომ იყვნენ, ესშორიდანაც კარგად ჩანდა, შეკრთა სტასიკი, მხრებჩამოყრილნი იდგნენ პოდელნიკებიც მისი, მაგრამ მშობლიური ტანკები რომ დაინახეს, როგორ მიეცათ გული, აჰ, სახელმოხვეჭილი ტანკები ჯერ გაატარეს და უკან მედგრად გაჰყვნენ,

„ატრიაა-ად, სდექ! ნალეე-ვუ!“

და აქ სტასიკი ძლიერ დაიბნა:

ყველანი ისხდნენ, იმ ღამებნელში, ვერგათენეულ ცხრა აპრილშისტასიკისათვის ყოვლად უცნობი აუარება ყუჩი სანთელი ციაგებდა იქ, და, ჯერ ჩამორჩენილი ეკლესია ეგონა იქაურობა, მაგრამ არა,არა, ვიღაც რუსტაველის გამზირზე იყო,და,ტელევიზიით ბევრჯერ ნანახს რომ მოელოდა – მიუღებელ კაპიტალისტურ ქვეყნებში გაფიცვისას როგორ ესროდა ხალხი სამხედროებს პროტესტის ნიშნად ქვებს, ბოთლებსა და ათს უბედურობას, ამია ნაცვლად კი, წყნარად ისხდნენ ქართველები და, მხოლოდ თავისას მოითხოვდნენ, სხვისა არაფერი უნდოდათ-რა, მაგრამ საზრიან სტასიკს მსწრაფლ გაახსენდა: „არ მოგატყუონ.თავს მოიკატუნებენ“, და მყისვე გააფთრდა: „როგორ, სტალინის ხალხმა კიდეც უნდა მომატყუოს მე“ - ახხ, ბრაზისაგან სულ აცახცახდა, და, იქვე გაისმა:

იმოქმეეე-დეთ!

და, პირველ რიგში, მისუსტებული მოშიმშილეებისაკენ ბარშემართულები დაიძრნენ, მაგრამ ხალხი წამოიშალა, გზა გადაუღობეს, მერედა, ვინ აკადრათ ეს, - ჯალათისტებმა, სტალინის ხალხმა, და თავისიანთაგან ერთი-ორმა აასწრო სტასიკს, სტასიკს არ ჰქონდა კარგი პოზიცია, ხელბარიანთა შუაგულში იყო, ისინი კი, მეწინავენი, ქალებს ურტყამდნენ, ქალებს ხოცავდნენ ბარიანებში შეიჭრა მონადირის უმწეო და შეშლილი სული, „რას, რას აკეთებთ!ამას რას სჩადით!“ მაგრამ რომელი ერთი დაუგდებდა ყურს, თავიანთ ქალებს მოწყურებულნი, ყაზარმებში გამოკეტილნი, სულ სხვა ქალებზე იყრიდნენ ჯავრს და ხოცავდნენ ახლა, „კაცისმკვლელებო, ამას რას სჩადით!“, ისევ ყვიროდა უმწეო მონადირე, „ამას რას სჩადით, ტოლსტოი გყავდათ!“, ვინ დაუგდებდა სიცრუეებით ისე გამოტენილ, ვერგამოსაფხეკ ყურებს, მაინც ყვიროდა: „პუშკინი გყავდათ, მუსორგსკი გყავდათ!“ „ვოტ ვამ!.. - ბარიანი ხელის ყოველ დაქნევას ასე ყოლებდნენ ყაზარმელები: - ვოტ ვამ... ზა სტალინა... ზა სტალინა...“ მაოხრებელი გზირი... „ბუნინი გყავდათ, უბადრუკებო, სისხლისმსმელებო! ჩეხოვი გყავდათ!... - ისევ ამაოდ ღრიალებდა მონადირე, - რახმანინოვი, დიდი სალტიკოვ-შჩედრინი გყავდათ!“ ვიღას ახსოვდა შენი ბულგაკოვიცა და პლატონოვიც, პროკოფიევი, ან, პრიკაზი ჰქონდათ, ხლა იმათგან არავინ ჰყავდათ, და, მარჯვენა თუ დაეღლებოდათ, მისწრება იყო საწამლავი, „უგუნურებო, ახლაც გიდგათ ეკლესიები!, დიდი პლატონ კარატაევი ხომ მართლა გყავდათ!“ პლატონ კარატაევი კი არა, დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი, ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე...“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: „ზა სტალინა...“

სტასიკის მამა „ზა სტალინაააა“-ს სულ სხვაგვარად ყვიროდა ხოლმე.

თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ.

ეგონა, მოსპო.

* * *

იქ ბევრნი იყვნენ გოგონას ტოლები. ყველასთან კარგად იყო, განსაკუთრებით კი სამი უფროსი ბიჭი მოსწონდა – გოგიტა და კახა ჩხაიძეები და იმათი მართლა მეგობარი გოგლიკო. ბიჭები ცოტათი უფროსები უნდა ყოფილიყვნენ, აბა რა. გოგონაზე ცოტათი ადრე იყვნენ მოხვედრილები იქა და, გოგონას ყოველ კუთხე-კუნჭულს კარგად აცნობდნენ. გოგონას სამივე ძალიან-ძალიან მოსწონდა,მაგრამ თავიანთ ბაღში მხოლოდ გოგიტასთან ერთად დაიარებოდა ხელიხელჩაკიდებული.კახას აქა, ჩვენთან, ერთი ისეთი სიცოცხლე-გოგო ჰყავდა, თვალებს ძნელად დაუჯერებდი, ორწლინახევრისამაც კი იმდენი ლოცვები და „ვეფხისტყაოსანი“-დან ადგილები იცოდა, ვერც წარმოიდგენდი; ასეთი საამაყო გოგო გვყავს ეკო.

* * *

დიდად ამრეზილი დასცქეროდა შორიდან სტასიკსა და იმისთანებს იმედგაცრუებული პრიკაზჩიკი.

ეს რა თაობა წამოვიდა... ვერც ერთგან შერეკეს ექსტრემისტები, ვერც მეორეში... როგორი დიდი ოპერაცია ჰქონდა ჩაფიქრებული და, რა გამოვიდა – რაღაც ოციოდ ერთეული... კიდევ კარგი რომ, გაქცეულებს დიდხანს მისდიეს, თორემ ასე ცოტა ერთეულიც კი არ იქნებოდა... „ცუდი თაობა წამოვიდა... - დამწუხრებული ფიქრობდა პირწავარდნილი სტალინისტი იროდ, და თავს მაინც იმხნევებდა, - არა უშავს-რა, კომენდანტის საათს ძალიან გვიან შემოვაღებინებ და ხუთიოდ წუთში დავერევი... მომავალი ჩვენია...“

რა იცოდა თუ, კომენდანტის საათიც ჩაუფლავდებოდა, რაღაცა ერთი ერთეული მხოლოდ...

დედამისისთვისაც გეკითხა, ძაღლთაპირო, როგორი ერთი ერთეული იყო!

„კარგი, ვთქვათ მაშინ ღამე იყო და ადვილად მიმოიფანტნენ, - გაიფიქრებდა ორი დღის შემდეგ კომენდანტის საათისკვლავაც გაწბილებული შემომღები, - მაგრამ დღის, კარგ განათებაში, ველოსიპედზე ამხედრებულ ტრანსპორტირებულ იმ ათი წლის ექსტრემისტს უკეთეს ადგილას ვერ მოარტყეს ტყვია? მხოლოდ თეძოში... თან, იმ ჩაშლილ ღამეს ჩემდამი დაქვემდებარებულ ორ ჯარისკაცს ქვაც რომ მოხვდათ კასკებში? სერიოზული კომოციო აქვთ, დაუშვებელია! სამაგალითოდ უნდა დაისაჯნონ! კიდევ აქეთ არიან ჩემზე ნაწყენები“.

ათვალწუნებით დასცქეროდა მქშინვარე გამორჩეულებს, „მზადყოფნის ფრიადოსნები თქვენ არ იყოთ... უბადრუკები ეს“, მაგრამ დიდსულოვნად თქვა:

მაინც აჭამეთ.

პოლიტრუკმა კი მიუგო:

ორი მათგანი ვერ იმსახურებს ამას.

რატომ.

ორი მათგანი ვერაა ხასიათზე.

ალბათ ოპერაციის შეუსრულებლობისათვის.

არა, ბარები უშნოდ გააგდეს ხელიდან.

არა უშავს-რა, - თქვა სტალინისტმა!1 – შეეჩვევიან. მაინც აჭამეთ.

სტასიკი იქვე, რუსთაველის გამზირზე იჯდა და კუთვნილ საჭმელს მადიანად ჭამდა. ჯერ სწრაფად, ღონივრად ღეჭავდა და მერე სწრაფადვე ყლაპავდა. ცოტა მანამდე მიცვალებულები ჯერ შეაქუჩეს, ბრეზენტი გადააფარეს (დაიფარა, კი, ჩადენილი), მერე მანქანებს გაატანეს და ახლა, ხელები მაინც დაებანათ! - ჭამდნენ.

მონადირეს კი ამ წუთას, ამჟამად, დროებით მაგრამ ძალიანზე უფრო ძალიან შეზიზღებოდა ადამიანის მოდგმა, მხოლოდ ესენი კი არა, საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, რადგან მათგვარი აღნაგობისა იყო, და საკუთარ თავს გამწარებული ახსენებდა: „შენც ოხერი ხარ, ქათმის დაკვლას არა კადრულობ და, კარგა გემრიელად კი შეექცევი, ძროხას ყელს არ სჭრი და, მშვენივრად მიირთმევ, ღორის სუკები ნერწყვმომდგარს მოგწონს და ღორის გამომშიგნავებს კი ამრეზილად შესცქერი... შენი სუნთქვაც კი, უნებური, მაგრამ მაინც დანაშაულია... რაღაც უხილავ ათასგვარ მიკრობს ისუნთქავ და ჰკლავ, ტყუილად კი არ ატარებს ბუდიზმის ზოგი მიმდევარი დოლბანდს... და რაგინდ თუნდაც კარგად მოიქცე, სუნთქვა ხომ მაინც ყველას გვინდა და, ჰაერსაც კი ამახინჯებ – ჟანგბადს წამდაუწუმ ნახშირორჟანგად აბრუნებ ხოლმე... დედა-ბუნებას, ჟანგბადს ულევად რომ გიბოძებდა ხოლმე, როგორ ექცევი – აბინძურებ, აჭუჭყიანებ! და სასიკვდილოდ გყავს დაჭრილი... შენც ოხერი ხარ!“

ვინმე რუსთაველის სისხლდაღვრილ პროსპექტზე იჯდა სტასიკ, ირგვლივ კი რა აღარ ეყარა – ქალის ფეხსაცმელები, ლეიბები, თავსაბურავები, კაშნეები, ჩანთები, ცხვირსახოცები, წიგნები, ნოტები...

და ერთიც ჩანთა, თბილ წინდებიანი.

სტასიკს ამეებისა დარდი არა ჰქონდა, სისხლში იჯდა და გულიაშს შეექცეოდა. ბისკვიტს ატანდა ზედ.

შეძრწუნებულმა მონადირემ კი აღარ იცოდა, რა ეშველებოდა, ეს – მისი ხელობის კაცისათვის საშინელება იყო, ახლა, ამჟამად, ადამიანი, როგორც ასეთი, ეზიზღებოდა!

* * *

მაგრამ იქა, ძალიან ზემოთ, ხელიხელჩაკიდებულები დაიარებოდნენ გოგიტა და გოგონა.

ის ერთი დიიდი ბუჩქი, ყვავილებით როგორ უხვად დახუნძლული, სუმუდამ უხმობდათ. ახლაც იმასთან იდგნენ, გოგიტამ კი ერთი დიდი ყვავილი შეარჩია და, ყურთან მიუტანა. მთლად გატრუნული იდგა გოგონა, რა ესმოდა და:

„რამ შემქმნა ადამიანად?

რატომ არ მოვედ წვიმადა...“

* * *

კრიმში ჯერ ვერა და, კურორტ ცკალტუბოში კი ნასადილევზე ამაყად მიმოდიოდა უფასო საგზურიანი ახლად უფროსი ლეიტენანტი სტასიკ.

ხალხთაშუა მიდიოდა.

ერთ ინგლისელ მეცნიერს, გვარად ბაქსტერს, ასეთი ცდა ჩაუტარებია: ქოთნის ორი მცენარე მდგარა ოთახში, სადაც ბაქსტერმა ვიღაც ადამიანი შეიყვანა და ერთი მათგანი დაუნდობლად ააჩეხინა. მერე, მეორე დღეს, ცოცხლად დატოვებული მცენარე რაღაც ძალიან მგრძნობიარე ელექტროხელსაწყოს შეუერთა და რიგრიგობით, ცალ – ცალკე შეუშვა იმასთან რამდენიმე სხვა ადამიანი. მცენარის მდგომარეობის აღმნუსხველი ხელსაწყო არაფერს აჩვენებდა, გატრუნულიყო. მაგრამ როდესაც ის ამჩეხავი შეუშვეს, ხელსაწყო ლამის ახტუნავებულა, მცენარეს ისე შეუცხადებია. მისი გასვლისთანავე კი, დაშოშმინებულა. ამ ცდის ამბავი კალენდარში მოკლედ კი წაიკითხა მონადირემ, მაგრამ გულში ჩარჩა და მერე ძალიან დაინტერესდა: ნეტავ ყოველგვარი აჩეხვის უცოდინარ, სულ სხვა მცენარესთან რომ შეეყვანათ ის ადამიანი და მცენარე კი იგივ ხელსაწყოთი გამოეცადათ, ნეტავი ოდნავ მაინც არ შეიშმუშნებოდა?

კალენდარში ამაზე არაფერი ეწერა, მაგრამ მონადირემ მტკიცედ იცოდა რომ, ვისაც ჩაუვლიდა სტასიკი, შორეულად მაინც რაღაცას უგრძნობდა გული...

მზეზე ჩაყვინთული ბერიკაცები, შეიშმუშნებოდნენ.

გოგო და ბიჭი, ერთმანეთს თვალებდახუჭული რომ ჰკოცნიდნენ, შეკრთებოდნენ.

ბურთს დადევნებული ბავშვი რაღაცას წამოჰკრავდა ფეხს.

მაგრამ სტასიკი ბაქსტერის ცდისა ბაიბურშიც არ იყო და ხალხში ამაყად მიმოდიოდა. ხანდახან რაღაცით შემცბარ ადამიანებში ხალისით თამაშობდა დომინოს და შაშს, იმის ხელში გამოვლილ ქვებს როგორღაც ფრთხილად იღებდნენ ადამიანები, თუმც სტასიკისა არაფერი იცოდნენ. სტასიკი კი აბაზანებს ხალისით იღებდა, ყოველი შემთხვევისათვის ანალიზებზე ბევრმხრივ წარსდგა, ლექციებს ესწრებოდა საერთაშორისო თემებზე... უფასოდ ჭამდა , უფასოდ სვამდა. ვისას...

გახალისებულიყო.

...მაგრამ დრო გადიოდა.

* * *

გავიდა დრო და, გოგონა ისევ თავის გამოქვაბულში იყო, დამწუხრებული, იქ დედის ცრემლებს და მამის გულს მიუგდებდა ყურს, წმინდა ნინოსი რომ ჩამოესმა:

წამოდი, გიხმობენ, შვილო.

და მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა, ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.

მზემ, მარიამმა, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, მოეფერა.

ვიღაცა ხნიერი კაციც წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ძალიან გაცვეთილი პალტო ეცვა.

„ვაიმე, რას გავს, - შეცბა გოგონა, - ცხვირი ასე რამ გაუსია... ეს რა წითელი თვალები აქვს, ამას აქ რა უნდა...“

- ვერა ცნობ, შვილო?

ვერა, - თქვა გოგონამ. მაგრამ გული ძალიან უძგერდა.

თადარიგში გასული კაპიტანი სტასიკ წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ვიტიას გამონაცვალი უცნობი ფერის პალტო ეცვა, ოცდაათი კაპიკი ჰქონდა ჯიბეზე.

- შენი მკვლელია, შვილო.

- მე მკვლელი არ ვარ! - წამოიძახა სტასიკმა, - მე მხოლოდ პრიკაზს ვასრულებდი!... ეგენი დავკაში მოყვნენ.

რაში მოჰყვნენ?

ერთმანეთი გადათელეს! - თუმც იქაურებისა არა გაეგებოდა-რა, მაინც თითქოსრაღაცდა ძალიან არსასურველ განსაცდელს გრძნობდა და თავს მაშინდელი შენაკოწიწით იმართლებდა: - მაგათერთმანეთი დავკაში გადათელეს, ჩემი თუ გჯერათ, თვით ჩემზე სანდო ბევრად უფროს თვითიროდს ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ!

მაგრამ პრიკაზჩიკს რა პასუხი უნდა გაეცა, ადუღებული კუპრის ტბაში იხარშებოდა, გოგონასათვის ყოვლად უცნობადგილას, სადღაც, და, შავ ორთქლ – ადენილი, გიზგიზა ცეცხლით შემოგარენ-ახტუნავებული, რასხად (რასხი: შავ-წითელი) ფართხალებდა, მწარე ღრიალით იხვეწებოდა: „მომკაა-ლით! გამათაა-ვეთ!“

მიართმევდნენ, კი, სიკვდილს.

მე... ამან მომკლა, იქა? - იკითხა გოგონამ.

და როგორც მაშინ, გაოცებული შეაცქერდა.

პირქუში არსებაც იცდიდა იქვე, სტასიკისთანაების პრიკაზჩიკამდე ნავით ერთგულად გადამყვანი.

ბარი მიეცით,- თქვა მარიამმა.

- მე ბარი არ მინდა! - ასავსავებდა ხნიერი სტასიკი, - მე ბარი რად მინდა, თადარიგში გასული ვარ!

ის საწამლავი, - თქვა მარიამმა, - როგორ გაბედეთ, როგორ იხმარეთ...

- მე პირადად არ ვიცოდი საწამლავი თუ იყო! - თავი ისევ ტყუილით იმართლა მწარედ აფორიაქებულმა სტასიკმა, თითქოს გრძნობდა რა წარმოუდგენლობაც მოელოდა, - მე არ ვიცოდი საწამლავი თუ იყო, გამაბრუებელ საშუალებად მომასაღეს! პირველად მესმის!..

- და ბარი, ბარიც არ იცოდი?

თავჩაქინდრული იდგა სტასიკ.

- ვთქვათ, ისიც არ იცოდი, უდანაშაულო თუ იყო. მაგრამ ასეთ პატარაზე, ასე პატარა გოგონაზე, როგორ შემართე ბარიანი ხელი.

ერთხანს კი დუმდა, მაგრამ საზრიანი იყო სტასიკი:

ძალიან ბნელოდა! იმ სიბნელეში იგი უფრო უფროსად გამოიყურებოდა!

რამდენისა გეგონა მაინც...

ასე... ასე მთელი ოცი წლის სრულწლოვან დაფიქსირებულ მოქალაქეს გავდა.

რას ჰგავდა?

სრულწლოვანს. ძალიან ცუდად ჩანდა იმ... თქვენი სახელი?

მარიამი.

ძალიან ცუდად ჩანდა იმ სიბნელეში, ამხანაგო მარიამ!

აქ წმინდა ნინოსაც კი გაეღიმა, მოკლედ ჩაიქნია მარცხენა ხელი.

ძალიან ცუდად როგორ ჩანდა, - თქვა მარიამმა, - სანთელი ეკავა ხელში.

ხნიერმა სტასიკმა უმწეოდ მიმოიხედა, მაგრამ იმ პირქუშის თვალებს წააწყდა და, აქ კი კარგა მეათასედით იგრძნო რაც მოელოდა და, ამითაც კი შეძრწუნებული, სხაპასხუპით ალაპარაკდა:

რომელი გამართლებული კაცი მე მნახეთ! მე შედარებით პატარა კაცი ვარ!

მე არაფერში არ გამიმართლა! აგერ, ოცდაათი კაპიკიც კი გამომყვა არადა პივა ისე მინდოდა... ვერ ხედავთ პალტო რორგორი მაცვია! - და, ერთბაშად გასაწყლებულმა, მძიმედ დაამატა: - დედაც, დღეში ორჯერ მცემს.

ვინა გცემს?

დედა. ჩვენში ცოლებს ასე ვეძახით.

დაფიქრებული გოგონა თავისთვის იდგა.

სანამ არ თვრებოდი, ხომ არა გცემდა?

არა. დავუძლურდი და მომერია.

მემრედა, რატომ დაიუძლურე თავი.

აბა, რა მექნა! - აქ კი ცამდე სწორად თვლიდა თავს სტასიკი და, აფეთქდა: - აბა,

მე რა მექნა, ჩვენში მთელი შვიდი თვე იცის ზამთარი და სულ ფეჩზე ხომ არ ვიწვებოდი! ეგ მაგის საქართველოა, კალორიებიანი ვინაგრადი რომ მზამზარეულად ჩასდით მუცელში! ვერ ვიტან მაგათ!!

დაფიქრებული შესცქეროდა გოგონა. ახლაც ყუჩად იდგა.

ყურძნის მოყვანას რა შრომა უნდა, თუ იცი.

რა შრომა უნდა – მხოლოდ დაწურე და დაასხი-დალიე!

გულზე მიიდო ჯვარი სტასიკით შემკრთალმა წმინდა ნინომ.

სიჩუმე იდგა ისეთი რომ, აის დიადი სამხმოვანებაც კი არ ისმოდა.

მაგრამ ღვთისმშობელი ალაპარაკდა. იმას ხმა ჰქონდა რომ? ახლაც კი, ეკლესიაზე მთვარის შუქის დაფენას ჰგავდა.

- ყური დამიგდე. მე აქ არავის ვასამართლებ. არასოდეს. მაგრამ შენი თავი მე გა მომიგზავნეს. ალბათ იმიტომ, რომ ეს გოგონა ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული შვილობილია. საქციელით რომ გახრწნილი იყავი, ეგ შედარებით არაფერი, შენ სიტყვებითაც მეძავი დარჩი, შენი ერის დიდმა შვილმა კი ერთხელ ასეც თქვა, რომ, ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, სიტყვით მრუშობის გარდა. მაგრამ მე არაფრის მისჯა არ შემიძლია, - და გოგონასკენ გაიშვირა ხელი, - დაე, ამან გაგასამართლოს.

და აქ სტასიკი იმ პირქუშმა გოგონას ქეჩოთი მიჰგვარა.

დაფიქრებულიყო ყმაწვილი მსაჯული.

ყველანი, დუმდნენ.

ის სამხმოვანებაც კი, მარადიული, ახლა დადუმებულიყო; არაფერი უბიძგებდა არსაითკენ, მხოლოდ თავისით უნდა გამოეტანა მსჯავრი, უმწეოდ მიმოიხედა გოგონამ და, წმინდა ნინოს ვაზის ნასხლევს რომ მოჰკრა თვალი, წამოიძახა:

გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო!

რკინის თითები გაკვირვებისგან მოუდუნდა უცხო პირქუშს!..

კარგად დაფიქრდი.

გთხოვთ, აპატიოთ, შეხედეთ, რა უბედურია...

კარგად დაფიქრდი. მე არაფერს არა გკარნახობ, მაგრამ არ მინდა რომ

აჩქარდე, შვილო.

- აჩქარებით არ მომსვლია ეს, მე მაგაზე ბევრჯერ ვფიქრობდი. ეგ ალბათ ისე დაიბადა, ისე გაზარდეს...

და თუმც თავს ისევ იკავებდა, უფრო მოულბა ხმა:

შენი გამოქვაბული თუ გახსოვს, შვილო? უთვალავწვეთება, გაბზარულქვიანი.

იმ გამოქვაბულში ვფიქრობდი სწორედ, დიდო მარიამ-ღვთისმშობელო.

მერე?

ისევ ისმოდა ის დიადი სამხმოვანება. სახელითა მამისა და ძისა და სულიწმიდისა – უფრო.

გთხოვთ, აპატიოთ, ყველაზე დიდო ქალბატონო. ეგა, ცოდოა...

რატომ, შვილო.

მაგან აქაურობისა არაფერი იცოდა-რა, წარმოდგენაც კი არა ჰქონდა. აპატიეთ

- რა, დიდო მარიამ-ღვთისმშობელო.

ღრმად დაფიქრებულიყო ყველაზე დიდ ქალბატონი, წმინდა მარიამ-ღვთისმშობელი, დიდი მარიამი, მზე.

გოგონასათვის, და თავისათვისაც, სიხარულის ცრემლი სდიოდა.

თქვენ გიძღვნით, დედებს.

1989 წ.

ნახვა: 231

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დოჩანაშვილი, ლიტერატურა

ino: ივლისი 25, 2013||9:57pm

სამების ეზოში შემხვდა პირველად ..ბატონი გურამი...
მოდიოდა..თავდახრილი..პერსონაჟებთან 1ად ))

ცისია: ივლისი 27, 2013||3:00am

nu sul rom ar waikitxo satauri aqvs iseti rom... ^_^

natia: ივლისი 28, 2013||2:24pm

KI RATQMAUNDAAA

შორენა კენჭოშვილი: ივლისი 28, 2013||7:35pm

:) :) martla dzan magriaa 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters