მხატვარი რომ ვიყო, ჩაფიქრებულ ადამიანს დავხატავდი: თავი ჩაუღუნავს, მხრებზე თითქოს მძიმე ტვირთი დასწოლია, შუბლიც ერთიანად ნაოჭებით დაფარვია... ყველაზე ცხადად სწორედ შუბლზე ეტყობა, ათასგვარი საზრუნავი რომ ჯიჯგნის და აწამებს.

      მერედა, რამ დაუმძიმა შუბლი ადამიანს, რა მიუძღვის წინ უამრავ საზრუნავთა ჯაჭვს?

      კარგი კითხვაა, მართლაც.

      პასუხიც კარგი მოსდევს: ოქრო, უწინარეს ყოვლისა!

      დიახ, ყველა საზრუნავი და საფიქრალი, რაც კი ადამიანს ჩვენს უხანო წუთისოფელში შეიძლება გაუჩნდეს, ოქროსთან მიმართებაში აღიქმება და განიხილება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ეხება იგი, თვითონ ადამიანს, ცხოველს, ტყეს თუ პაწია ბალახის ღეროს... ყველაფრის ტოლფასი ოქროა, რადგან ყველაფერი ოქროზე გადახურდავდა, ღრმად ჩაფიქრებული ადამიანის შესახედაობაც სწორედ ამაზე მეტყველებს; მან მიიღო ოქრო, როგორც თავისი საფიქრალის და საზრუნავის უმთავრესი საგანი... მიიღო, რადგან სხვა გზა არ აქვს, ოქროს გვერდს ვერაფრით აუქცევს, მის გარეშე ვერაფერს მოაგვარებს. საზრუნავი საზრუნავად დარჩება, რაც დრო გაივლის, კიდევ უფრო დამძიმდება, ერთ მშვენიერ დღეს კი გაუსაძლის ტვირთად იქცევა. ჰოდა, ზღვიდან ამომავალი მხეცი იძულებულია, ოქროს შესახებ ფიქრებს დაუთმოს უდიდესი წილი იმ დროისა, რომელიც მზის ქვეშ ერგო, მისი შუბლიც მჭერმეტყველურად ღაღადებს ამაზე. დიახ, ოქროზე გამუდმებულმა ფიქრებმა თავისი დაღი დაასვა ზღვდან ამომავალი მხეცის შუბლს, მეორე მხეცის ნიშანიც სწორედ ის არის, რომელიც მან შუბლზე მიიღო.

      ზღვიდან ამომავალმა მხეცმა მარჯვენა ხელზე უნდა მიიღოს მხეცის ნიშანი. ვფიქრობ, აქაც ცხადია ყველაფერი: მარჯვენა ხელით წვდება ოქროს, ადამიანი, რათა ჩაბღუჯოს, მოიტაცოს, მიითვისოს... რაც შეიძლება, კარგად დამალოს, თუ წილად ერგო რაიმე საშუალებით. ისედაც ხდება, რომ მარჯვენა ხელი თითქოს არც კი ემორჩილება ადამიანს, მისგან დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას, ხელი წინ გაურბის, ოქროსკენ მიიწევს, თითქოს მაგნიტივით იზიდავს.

      ასე რომ, მარჯვენა ხელი წინ უსწრებს შუბლს (აზროვნებას), ამიტომაც პირველ ადგილზე წერია. და ბოლოს, მარჯვენა ხელით ითვლის ოქროს ადამიანი. როგორც ხედავთ, მარჯვენა ხელმაც თავისებურად მიიღო მხეცის ნიშანი ისე, როგორც შუბლმა.

      იმათ შესახებაც ვთქვათ, რომლებიც დაბადებით ცაცია გახლავთ. ამით ნამდვილად არაფერი იცვლება. ცაციასთვის მარცხენა ხელი იგივე მარჯვენაა, ანუ უფრო მომარჯვებული აქვს მეორესთან შედარებით, ესაა სულ. ოქროს მაგნიტური მიზიდულობა ჩვეულებრივად მოქმედებს მასზეც.

      „პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები...“ - ეს სიტყვები მთლიანობაში აღებული ადამიანური ყოფიერების მრავალგვარობას ასახავენ. თუნდაც ეს ორი სიტყვა „პატარები და დიდები“ გამოვაცალკევოთ, უკვე უაღრესად ჭრელი სურათი იხატება. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანის აღნაგობა: დაბალი და მაღალი, ჯუჯა და გოლიათი ადამიანები. ამას გარდა, პატარა ერები, დიდი ერები, პატარა და დიდი ასაკის ადამიანები.

      ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ეცნობა ოქროს ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, ოქროს ფასი უნდა გააცნობიეროს მოზრდილმა, თანაც საკმაოდ შეზღუდულ ვადებში, ლამის თავისი აზროვნების გარიჟრაჟზე. უამისოდ ვერ ჩამოყალიბდება სრულფასოვან ადამიანად.

      პატარა გონების ადამიანები, ანუ ღვთისშვილნი, - შემჩნეული გექნებათ: მათაც გაურბით ხელი ოქროსკენ (ანუ რაიმე ღირებულისკენ, თუნდაც საჭმელი ვთქვათ...) მარჯვენა ხელი აქაც წინ უსწრებს განსჯას, დაბადებითვე ჩამორჩენილს.

      დიდი გონება? აქაც მსგავსი სურათი გვაქვს; დიდად განვითარებული, იშვიათი ღირსებებით შემკული გონებაც ქედს იხრის ოქროს წინაშე, რადგან სხვა გზა არ აქვს.

      თუმცა ხდება, რომ „დიდი გონება“ ახერხებს, თავი დააღწიოს ოქროს მაგნიტურ მიზიდულობას. ოქროს ბრწყინვალება ხუნდება დიადი აზრების წინაშე. ოღონდ ეს გამონაკლისთა რიგს მიეკუთვნება. გამონაკლისი კი, როგორც ვიცით, საერთო წესს ადასტურებს.

      „...მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები...“ ეს სიტყვები არ საჭიროებენ განსაკუთრებულ განმარტებას. ყველას თავისი ხვედრი აქვსო - ცნობილი ნათქვამია, ახალს ვეღარაფერს დაუმატებ.

      ...და ყოველთვის, სადაც არ უნდა იდგეს ადამიანი, მათხოვრის ფლასი ერგება წილად თუ მეფის გვირგვინი, მისი განსჯის და ზრუნვის მთავარი საგანი ოქროა მუდამ. მათხოვარი ოქროს ნამცეცებს ჩასაფრებია. მოწყალება, მას რომ მიუყრიან, ხომ რაღაცა ღირს მაინც... ვისაც მეფობა სურს, თავისი გვირგვინი ოქროსგან უნდა გამოჭედოს, სხვანაირად არაფერი გამოუვა. ოქრო, ანუ მეორე მხეცის ნიშანია აქ ყოველთვის მბრძანებელი, რომელიც ყველა მიმართულებით ერთნაირად ვრცელდება გიგანტური ცთომილის მიზიდულობის მსგავსად.

      აი, ასეთი გარდაუვალი ხვედრი ერგო ზღვიდან ამომავალ მხეცს: ან ხელით უნდა მიწვდეს ოქროს (სულერთია, მარჯვენა თუ მარცხენა), ან მისმა შუბლმა, ანუ აზროვნების უნარმა უნდა მოიპოვოს იგი. სხვა გამოსავალი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს უხნო წუთისოფელში. შუბლზეც სწორედ ეს აწერია: მისი მარჯვენა ხელიც ამავეს ადასტურებს, მხეცის ნიშანიც ეს გახლავთ, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ.

     

      * * *

      ლურჯი შუქის ათინათი თანდათან ჩამუქდა, იისფერში გადაიზარდა. ბოლოს იისფერიც მიინავლა, ისე რომ ოქროს ნიღაბი მოჩვენებას დაემსგავსა, ბუნდოვნად მანათობელს და მეტად უცნაურს. თვალს აღარ ვაშორებდი, მეშინოდა, ვაითუ ზედმეტად ჩამობნელდეს და მართლაც მოჩვენებასავით გამისხლტეს ხელიდან-მეთქი.

      მართლაც ჩამობნელდა, მაგრამ სულ ერთი წამით. იელვა ძლიერმა სინათლემ და...

      არ ვიცი, სხვადასხვა ფერის ვარსკვლავებმა ჩააბეს ფერხული, თუ ყველა ცისარტყელამ ერთად მოიყარა თავი... ნაირფერი შუქის კონებმა აავსეს ჩვენს შორის გაზიდული სივრცე. რასაც კი მიწვდნენ, ყველაფერს მრავალფერადი ათინათი გადააქსოვეს... უპირველეს ყოვლისა, ეს ოქროს ნიღაბს ეხება, ო, როგორ შეიფერა მრავალფერადი, სხივოსანი სამოსელი, რა მდიდრული, რა პეწიანი იერი მიიღო... იმდენად ლამაზია, ყველაფერი უხდება. სწორედ მის შესახებ უთქვამთ... ხელებიც კი შეაგება ნაირფერი სხივების კონებს, თითქოს მათი მოხელთება სცადა.

      ცისარტყელების კალთებზე ჩამოიმარცვლა წმინდა წერილის სიტყვებიც: „რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი...“

      მივყვეთ ამ საოცარი სიტყვებს თანმიმდევრობას: ისინი სულ უფრო და უფრო ოქროს ქვიშას, რომელიც მდინარის დინებამ მოაშიშვლა, მერე კი მზემ გააბრწყინა, სხვას ვერაფერს შეადარებ, იმდენად ცხადია მათში ჩადებული აზრი, მზის სხივებზე გაბრწყინებულ ოქროსავით ნათელია.

      უკვე ბევრი ვისაუბრეთ და მგონი, შევთანხმდით, რომ „მხეცი“ იგივე ოქროა... (დავაზუსტებ: „სხვა მხეცი“).

      ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ოქროზე გადახურდავდა ჩვენს საწუთროში... რომ აღარ არსებობს ღირებულებათა სხვა საზომი. ყველაფერი ოქროთი იწონება და იზომება.

      ამდენად, თუ ვინმეს მოესურვა რაიმეს ყიდვა, აუცილებლად უნდა გააჩნდეს მხეცის სახელი (ოქრო), სხვანაირად საწადელს ვერ ეწევა... და პირიქით, ოქროს გარეშე ვერც ვერაფერს გაყიდის, რადგან მხოლოდ ოქროს (მხეცის სახელის) საშუალებით უნდა შეფასდეს მისი გასაყიდი საგანი.

      ვფიქრობ, აქ მეტისმეტად ცხადია ყველაფერი საიმისოდ, რომ მისი დანახვა ვერ შევძლოთ.

      „...ან მისი სახელის რიცხვი...“ (მხეცის სახელზეა ლაპარაკი). წმინდა წერილის ამ სიტყვებამდეც მივაღწიეთ, თანამიმდევრობა არ დაგვირღვევია.

      ახლა კი გააღეთ ყველა კარები, რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ! მოარღვიეთ ყველა გალავანი... ხუმრობა საქმე ხომ არ არის! მისი უდიდებულესობა ბანკნოტი გამოგვეცხადა, ანუ ფული, გნებავთ ხელის ჭუჭყი...

      განა ასე არაა? მისი სახელის რიცხვი... მხეცის სახელზე აქ ლაპარაკი, მხეცი, უკვე კარგად ვიცით, იგივე ოქროა.

      როგორც ხედავთ, ოქროს რიცხვი მივიღეთ, ანუ ოქროს გარკვეული რაოდენობა, და ეს რაოდენობა რაღაცას უკავშირდება. რაიმეს ყიდვას ან გაყიდვას, მისი საშუალებითაც შევძლებთ, როგორც წმინდა წერილი გვაუწყებს.

      ჰოდა, ეს „რაღაცა“ უკვე ფულია, თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს.

      რა არის ფული? ქაღალდი (თუნდაც ტექნიკურად ძალიან დახვეწილი) და მეტი არაფერი. თავისთავად იგი არაფერი არ ღირს. მთელი მისი ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ რამდენ ოქროს (მხეცის სახელის რიცხვს) შეიცავს თავის თავში.

      ჰოდა, გაზომეთ, აწონეთ, შეაფასეთ ოქრო, რომელმაც ქაღალდის ფულში დაივანა. მისი ძლევამოსილებაც ამით განისაზღვრება. რაც მეტია ოქროს რიცხვი ფულში, მით მეტია მისი ძალა, ანუ მსყიდველობითი ღირებულება.

      ფული აუცილებლად უნდა შეიცავდეს ოქროს, თუნდაც ერთ ნამცეცს. უამისოდ იგი უბრალო ქაღალდად იქცევა, რომლითაც ვერაფერს ვერ იყიდი.

      ასე იქცა ოქროს ქვიშა ფულად.

      ჩვენ ვილაპარაკეთ ქაღალდის ფულზე, ოქროს მხეცი ქაღალდის სამოსელით შევმოსეთ. თუმცა ამ უკანასკნელმა შეიძლება სხვა სამოსელი შეიმოსოს, კერძოდ, რომელიმე მეტალი, ვერცხლი, სპილენძი, თუთია.

      იცვლება ფულის სამოსელი, მაგრამ არ იცვლება ის ძირითადი წესი, რომლის მიხედვით ფულის ღირებულებას განსაზღვრავს მასში შემავალი მხეცის რიცხვი, ანუ ოქროს რაოდენობა. ის თვითონვეა თავისი სამოსელისთვის ღირებულების მიმცემი და არა, პირიქით.

      ...და საერთოდ, როგორი სამოსელითაც არ უნდა შევმოსოთ ოქრო, იგი მაინც შიშველი დარჩება. ოქროს ბრწყინვალებას ვერანაირი სამოსელი ვერ გადაფარავს. ეს ძალიან კარგად იცის ოქროს მხეცმა, ამიტომაც ხშირად შიშვლდება, რათა თვალი მოსჭრას თაყვანისმცემლებს. მერე ისევ ეხვევა ახალ სამოსელში და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

      აჰა, ხომ ხედავთ; როგორც კი ფულის შესახებ ავლაპარაკდით, ოქროს მხეცი მაშინვე ფერადოვანი სხივების სამოსელით შეიმოსა... აი, ასეთი ნაირფერი ფულის ნიშნებით შემოსილი დამოგზაურობს ოქროს მხეცი დედამიწის ზურგზე, და ამ ნაირფერების მიღმა ყოველთვის რჩება იმათ, რაც თავდაპირველად იყო, მიწიდან ამოსვლისას და როგორც დღეს არის, ერთიანად ბაჯაღლო ოქროსგან ნაძერწ ორრქიან არსებად, მზეს რომ ეტოქება ბრწყინვალებით. ასეთი სახით დგას ზღვიდან ამომავალი მხეცის (ადამიანი) გვერდით. ორივენი ამ საოცრად დახლართული ნასკვით არიან შეკრულნი, რომელსაც ყიდვა-გაყიდვა ეწოდება. არცერთს არ შესწევს ძალა, თავი დააღწიოს ამ ხლართს. ადამიანი და ოქრო (ზღვიდან ამომავალი მხეცი და სხვა მხეცი) განუყოფელნი გახდნენ, რაკი ერთხელ ჰპოვეს ერთმანეთი. ერთად არიან, ერთად დადიან, ნადავლს ერთად უსაფრთებიან. ერთად ლაღობენ და შლიან ფრთებს ნადავლის მოპოვებით გახარებულნი.

      დაშორიშორებისას კი ფეხქვეშ ნიადაგი ეცლება ორივეს. ეს განსაკუთრებით ფულის ნიშნებს ეხება (ოქრო, როგორც მეტალი, თავისთავადაც მეტად ღირებულია) ერთადერთს, მხოლოდ ადამიანს შეუძლია, რაიმე ფასი დასდოს ფულის ნიშნებს. იგი არავის, არცერთ ცოცხალ არსებას არ სჭირდება.

      ფული ადამიანის გარეშე მკვდარია. რაც შეეხება თვითონ ადამიანს (ფულთან მიმართებაში), აქ სურათი კიდევ უფრო მძიმდება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ფულის გარეშე მკვდარზე უარესია. განა ასე არაა? დაუფიქრდით: მკვდარი ოდესღაც არსებობდა... ეპიტაფია მიუთითებს ამაზე. მაგრამ ადამიანი ფულის გარეშე? არ ყოფილა, არც არის და არც იქნება! ასეთია ჩვენი საწუთროს ულმობელი განაჩენი. რა დავარქვათ ყოველივე ამას, არარაობა? შეიძლება, თუმცა ეს სიტყვა არ უნდა იყოს საკმარისი, სრულად ვერ ასახავს მოცემულ მდგომარეობას. ჩემი აზრით, აქ არის რაღაც, თვით არარაობაზე უფრო უმდაბლესი. ვერ გეტყვით, რა უნდა იყოს ეს „რაღაც“. ოღონდ ერთი ქართული თქმა მახსენდება, ფულს ხელის ჭუჭყად რომ მოიხსენიებს. აკი ზემოთაც მოვისმინეთ იგი, როდესაც ბანკნოტი შემობრძანდა მთელი თავისი დიდებულებით.

      ფულის სამოსელმა ბევრი რამ შემატა ოქროს მხეცს, მეტი ძალა და მოქნილობა შესძინა ისედაც ძლევამოსილს. მან კი თავის მხრივ, ზღვიდან ამომავალი მხეცი აიყვანა უმწვერვალეს ძლევამოსილებამდე. მისთვის თითქოს აღარაფერია შეუძლებელი მზის ქვეშ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.

      ასედაც ხდება, სრულ უძლურებად გარდაისახება ოქროს მხეცის შესაშური ძლევამოსილება, გზაზე დაყრილ ერთ მუჭა მტვერს ემსგავსება, ქარის ერთი შემობერვითაც რომ გაფანტავს და უკვალოდ გააქრობს.

      წამით ყურადღებას ვითხოვ, ჩვენს მიერ განვლილ გზას მოვავლოთ მზერა... რა თქმა უნდა, ვარსკვლავების სიმაღლიდან.

      სამი დრო დავინახეთ, დროითი განზომილების სამი სხვადასხვა ხასიათი.

      პირველი დრო ზღვიდან ამომავალ მხეცს ეკუთვნის. იგი წუთისოფლის დროა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრებშია ჩაკეტილი.

      მეორე დრო ოქროს მხეცს ეკუთვნის. მას შუამავალი დრო ჰქვია და სწრაფად მიმქროლავ წამზეა მიჯაჭვული.

      მესამე დრო თვით მარადისობა გახლავთ, რომლის წიაღში მეშვიდე თავი (ადამიანი ადამიანში) სუფევს. ეს უკანასკნელი მკვდარია წუთისოფლისთვის, მაგრამ ცოცხალია მარადისობისთვის, როგორც მისი დასაბამიერი მკვიდრი.

      და სწორედ აქ, მარადისობის წინაშე იხრის ქედს ოქროს მხეცი. იგი მიწაზე ამოვიდა, მიწაზევე დარჩა, ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მიწას. ცათა საუფლო მიუწვდომელია მისთვის.

      ამდენად, არც სიკვდილ-სიცოცხლის ბარიერის დალაშქვრა შეუძლია, როგორც არ უნდა მოინდომოს. იგი მისთვის ყრუდ ჩაკეტილი რჩება. აქ უკვე სრულ უძლურებად გარდაისახება ოქროს მხეცის ძლევამოსილება, ეგზომ ნაქები და აღმატებული. მართლაც ერთ მუჭა მტვერს ემსგავსება, მეტ-ნაკლებად ღონიერი ქარი ერთი შემობერვისთანავე რომ გაფანტავს.

      ჰოდა, ეს უძლურება იგივე ზღვიდან ამომავალი მხეცის უძლურებაა, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრები მისთვისაც ჩაკეტილი რჩება. წამი რაა, თითქოს არაფერი, მაგრამ იმ ერთ წამსაც ვერ იყიდის, თუნდაც მთელი დედამიწის ოქროს ფასად... ფულის ნიშნები თუ ოქროს მთები აქ ორივე უსარგებლოა.

      ასე რომ, სიკვდილის წინაშე ფარხმალი დაყარა ოქროს მხეცმა, აღიარა თავისი უმწეობა.

      ზღვიდან ამომავალ მხეცს კი ძალიან ეშინია სიკვდილის. იმდენად ეშინია, მზერას ვერც კი უსწორებს მას. სიკვდილი მისთვის საზარელი აჩრდილია, დღე და ღამ თავზე რომ ადგას და სიცოცხლეს უწამლავს.

      რა უნდა იღონოს ოქროს მხეცმა, რითი შეუძლია დაეხმაროს ზღვიდან ამომავალ მხეცს, სიკვდილის შიშით სვეგამწარებულს? მხოლოდ ერთი რამით: ოქროთი მოავარაყოს ყოველივე ზღვიდან ამომავალი მხეცის ირგვლივ. იქნებ სიკვდილის აჩრდილი ნაკლებ საზარელი გამოჩნდეს... ანდა სულაც მიიჩქმალოს ოქროს ბრწყინვალების მიღმა.

      პირიქით კი გამოდის: სიკვდილის აჩრდილი კიდევ უფრო საზარელი გამოჩნდა ოქროს ბრწყინვალების მიღმა, რადგან იგი კიდევ უფრო ჩამუქდა.

      ზღვიდან ამომავალი მხეცი ამაოდ ებღაუჭება ოქროს, სიკვდილის საზარელ აჩრდილს თავი ვერა და ვერ დააღწია...

      პარადოქსიც სახეზეა: ოქროს მხეცი აძლიერებს ზღვიდან ამომავალ მხეცს, ამავე დროს სიკვდილის შიშსაც აძლიერებს. დღემდე ასე გრძელდება, სიკვდილის შიშით მოწამლულ ჰაერს სუნთქავს ზღვიდან ამომავალი მხეცი.

      სულ სხვაგვარადაა ყოველივე, როდესაც საქმე მეშვიდე თავს (ადამიანურობას) ეხება... სიკვდილის შიში მაქვს მხედველობაში. ცოტაა იმის თქმა, რომ მას, (ადამიანურობას) არ ეშინია სიკვდილის. უფრო მეტიც, სიკვდილს ვერც კი ამჩნევს... აკი, ერთხელ უკვე მოკვდა და გაცოცხლდა. ანუ მარადისობის მკვიდრია. ამდენად, ოქროს მხეცის ძლევამოსილებაც არარად უჩანს. იგი მისთვის წამიერი გაელვებაა და მეტი არაფერი.

      მერედა, როგორ იქცევა აქ ოქროს მხეცი, ურიგდება თავის მართლაცდა მოკრძალებულ ხვედრს, მარადისობამ მისთვის რომ გაიმეტა?

      ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თავის ნაცად მეთოდს აქაც მიმართავს. აჰა, ნახეთ მისი მზაკვრობა; ოქროს ზღუდეები აღმართა მარადისობისკენ მიმავალ ბილიკებზე, რათა მათი ბრწყინვალების მიღმა მიჩქმალოს ისინი.

      აქ თითქოს რაღაცა ნამდვილად გამოუვიდა ოქროს მხეცს, მართლაც ძალიან აუჭრელა თვალები ზღვიდან ამომავალ მხეცს, ისედაც ბეცსა და თვალაბმულს, როცა საქმე მარადისობას და ცათა საუფლოს შეეხება. თუმცა უნდა ითქვას ამ უკანასკნელის სასიქადულოდ, მარადისობას მჭვრეტელი ალღო-თვალი მაინც ვერ წაართვა.

      ხანდახან თითქოს გადაიწევა ფარდა, გაკრთება მარადისობის ნიშანი. ზღვიდან ამომავალი მხეცის თვალსაც შერჩა მისი ხილვის უნარი. სათქმელის საზღვრები აქ ძალიან ფართოვდება, მდინარებაც მეტისმეტად ძლიერია; ვშიშობ, შორს არ გაგვიტაცოს. უმცირესს გეტყვით: ჩვილ ბავშვთა თვალთა ციაგში ჩანს მარადისობის შორეული ანარეკლი. მხატვრის ფუნჯზე, პოეტის პწკარედში, ამოდ მოსასმენი მუსიკის ტალღებში... ყველგან მარადისობის ნიშანი სუფევს...

      და რაც მთავარია, ლმობიერების უნარში, უწინარეს ყოვლისა.

      ლმობიერება... ადამიანის გულის ყველაზე სანდომიანი, ყველაზე საამური სტუმარი (ვაღიაროთ, საკმაოდ ძვირიც)... იგი ხიდია გულსა და მარადისობას შორის, და ეს ხიდი ოქროსი სულაც არ არის... მას ღმერთის ხელი აგებს. ამდენად, მარადისობის ნიშანიც სწორედ აქ სუფევს ყველაზე მეტი სიცხადით. ამ სიცხადეს ვერ გადაფარავს ოქროს ბრწყინვალება, ვერც ოქროს ხიდი გაუწევს მეტოქეობას. თუკი ვინმეს მოუვა თავში ასეთი რამ... აქ უკვე პირქვე ემხობა ოქროს მხეცი.

      ჰოდა ერთ მარცხს მეორეც დაემატა: სიკვდილის შიშთან ხომ ვერაფერი გააწყო ოქროს მხეცმა... პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა თავისი თავგამოდებული მცდელობით; საწადელს ვერც აქ ეწია. ვერ წაშალა მარადისობის ნიშანი, ანდა თუ მაინც შეძლო რაღაც, ლელო ბოლომდე ვერ გაიტანა. მიზეზი ერთია ორივე შემთხვევაში: თხემით ტერფამდე მიწიერია მიწიდან ამომავალი მხეცი, ცათა საუფლოს ნიშანი არ სუფევს მასში.

      მიწიდან ამოვიდა, მიწაზე დარჩა, ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მიწას...

ნახვა: 281

ტეგები: qwelly, აპოკალიფსი, ბლოგი, მხატვრობა, ქადაგიძე, ღმერთი

George: მაისი 29, 2018||4:02pm

აპოკალიპსი ნუნუსაგან! საინტერესოა ! ოღონდ მაშინ ტერმინი *მარადისობა*-ც განმარტებას მოითხოვს, რადგან თუ ყველაფერი გნოსეოლოგიურად იხსნება, მარადისობა რატომ უნდა მივიღოთ ინტუიტურად ?

nunu qadagidze: მაისი 30, 2018||1:36am

 ნუნუსებრი აპოკალიფსი:))..... გასული საუკუნის ოციან წლებში უდიდესი მოვლენა მოხდა; დაიმსხვრა დროის აბსოლუტი. ეს აღასრულა ალბერტ აინ შტაინმა. მას შემდეგ დაფიქსირდა ორი დრო: პირველი, რომელსაც ზომავს ადამიანი, ანუ მიწიერი დრო, მეორე დრო, რომელსაც ვერ ვზომავთ. მისი საწყისი და ბოლო წერტილები უსასრულობაში იკარგება... ეს უკვე მარადისობაა, მისი საზომი ერთეული სინათლის წელიწადია. თუმცა, ღვთისგან შთაგონებულმა ადამიანებმა ბევრად ადრე აღმოაჩინეს, ბიბლიიდან გვამცნეს "მარადისობა".... უსასრულოდ ბევრია სათქმელი, მაგრამ სადმე ხომ უნდა შევჩერდეთ..

George: მაისი 30, 2018||2:23am

პასუხი მიღებულია ისევე, ვითარცა *ნუნუსებრი გამოცხადება* - პოეტურ ჭრილში, რადგან იმდენად არამეცნიერულია რომ კრიტიკაც ზედმატია! ...  რა შუაშია აინშტაინი თუ დალის საათზე სამის თხუთმეტი წუთია ?  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters