alone | blog | qwelly | sky | მარტოობა | ანატომია | ბლოგი | მორალი

   წიგნი სულაც არ იქნებოდა უცნაური, ევროპელს რომ დაეწერა, ან  ის შინაარსი რომ არ ჰქონოდა, რაც აქვს. როდესაც სიკვდილის შესახებ იაპონელი ავტორის წიგნის კითხვას იწყებ, თავში ბევრი რამ მოგდის, დაწყებული ძებნიდან, დამთავრებული აკუტაგავას „უსიერ ტყეში“ და ჩიკამაცუ მონზაემონის „შეყვარებულების თვითმკვლელობა ამიჯიმაში“. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მაბატას ფიქრების და აზროვნების წყარო სულაც არ არის იაპონური, ან თუნდაც აღმოსავლური ტრადიცია.

   ტაშირო მაბატას წიგნი „ნუგეში ფილოსოფიისაგან“-ის ვერსიაა. მაგრამ ის არც ბოეციუსთან და არც ალან დე ბონტონთან არაა კავშირში. შესაძლებელია, ეს წიგნის ღირსებაცაა, ამ თემების მოულოდნელი ხედვების შემოთავაზებისას იმდენ მოლოდინს (ნაცნობი თემების გამო) და მოლოდინის გაცრუებას წარმოშობს.

   ამ წიგნის კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ „ნუგეში ფილოსოფისაგან“ ის მაბატასეული ვარიანტი 1857 წელს ლონდონში გამოცემულ მანუელ ესტრადას წიგნს ეყრდნობა. კიდევ უფრო უცნაური, ერთი შეხედვით, არის ის, რომ ესტრადას წიგნი ლიტერატურაზეა და არა – ფილოსოფიაზე ან თეოლოგიაზე. თუმცა, როდესაც წიგნის კითხვას დავიწყებთ, კავშირი მანუელ ესტრადას მიერ ლიტერატურის შედარებით კვლევასა და მაბატას წიგნს შორის გასაგები ხდება, თუმცა, ბოლომდე მაინც არ გტოვებს ამ კავშირის შეუსაბამობის ოდნავი განცდა.

   მაბატა თავის „ნუგეშს“ ესტრადას წიგნის შესავალში მოცემულ უცნობ თეოლოგიაზე აგებს. ამ თეორიის მიხედვით, თავისუფალი ნება და თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი ღმერთის არსებობას დავუშვებთ: ყველა შესაძლებელი სამყარო, რომელიც ამ სამყაროში არ განხორციელდა და არ განვითარდა ჩვენი სხვა არჩევანის გამო, ღმერთში არსებობს და ღმერთშია განხორციელებული. შესაბამისად, ჩვენი სამყაროა ერთი, ხოლო ღმერთში უსასრულოდ ბევრი სამყარო არსებობს, რომლებიც, ყოველი ჩვენი არჩევანის შესაბამისად, ჩვენს რეალობაში არშექმნილი სამყაროების უსასრულობაა.
მაბატა ბევრს მსჯელობს ესტრადას ამ თეორიის შესახებ, მაგრამ მისი პოზიციის საფუძვლის გადმოსაცემად, ალბათ ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტიც საკმარისია. მაბატა ამბობს, რომ თუ ეს თეორია სწორია, იგივე სქემა შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სიკვდილის გასააზრებლად და ამ სიკვდილის ჩვენში დასაძლევად: სიკვდილი არჩევანის შედეგია, ამბობს მაბატა, შეიძლება ისეთი არა, როგორც უცნობი გზა ან სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტი, მაგრამ მაინც: ჩვენი არჩევანების თანმიმდევრობა განაპირობებს იმას, რომ კონკრეტულ მომენტში სიკვდილი დგება. ამიტომ, როდესაც საქმე ჩვენთვის ახლობელსა და ძვირფას ადამიანებს ეხება, ისევე, როგორც არჩევანის დროს არწარმოშობილი სამყაროს შემთხვევაში, უნდა დავუშვათ, რომ არსებობს სამყარო ღმერთში, რომელშიც ის კვლავ ცხოვრობს.

   მაგრამ, – ამბობს მაბატა, – სინამდვილეში ჩვენ ისე ვართ მოწყობილები, რომ სადღაც ღმერთში არსებული სიცოცხლე ჩვენთვის ვერაფერი ნუგეშია. ჩვენი მეგობარი ხომ ჩვენთან აღარ არის; ყველაზე მეტად ეს შეგრძნება იწვევს სასოწარკვეთას.
თუმცა, ზემოთ დაწყებულ მსჯელობას ბოლომდე თუ მივიყვანთ, აღმოვაჩენთ, რომ თქვენც შეიძლება იმ არარსებულ (ჩვენი აზრით) სამყაროში იყოთ, სადაც თქვენი მეგობარი კვლავ ცხოვრობს – იმ შემთხვევაში, თუკი ერთი არჩევანი მაინც გაგიკეთებიათ ოდესმე ერთად. მაშინ ერთ‑ერთ შესაძლებელ სამყაროში თქვენს მეგობართან ერთად თქვენც ხართ.
ერთი შეხედვით, საკმაოდ აბსურდული თეორიაა. თითქოს არაფრით არ განსხვავდება ტრადიციული „სასუფევლისგან“ – ოდნავი შესწორებით, რომ თქვენი სხვა „მეც“ იმყოფება იმ სხვა სამყაროში თქვენს გარდაცვლილ მეგობართან ერთად.

   მაგრამ ამ წარუმატებელ წიგნში ერთი რაღაცის ამოკითხვა მაინც შეიძლება, რაც ჩვენი არსებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოდუსს ანათებს და ცხადად აქცევს ერთად არჩევანის გაკეთება მეორე ადამიანის „ძვირფასობის“ და „მეგობრობის“ ქვაკუთხედია; სანამ არსებობს ეს „ერთად არჩევანის გაკეთების სინამდვილე“, ის მანამ რჩება შენს მეგობრად. ამიტომ, საფიქრებელია, მაბატა საპირისპირო შედეგს აღწევს თავისი წიგნით: ნუგეშს კი არ გვცემს მეგობრის გარდაცვალების გამო, არამედ, გვეხმარება გავიგოთ, რომ ჩვენი მეგობრობა სინამდვილეში ერთხელ გაკეთებული არჩევანის გახსენებაა და ის, რომ ჩვენ მაშინაც, როდესაც ის ცოცხალი იყო, უკვე მეგობრობის მოგონებით ვცხოვრობდით.

   მაბატას წიგნი მეგობრობის ბუნებას უფრო გვიხსნის, ვიდრე გვანუგეშებს მეგობრების დაკარგვის შემთხვევაში. თუმცა, ირიბად მონიჭებული ნუგეში მაინც რჩება: რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომლებთან ერთადაც ერთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, მივხვდებით ჩვენი გარდაუვალი სიმარტოვის ანატომიას. თუმცა, თუკი ოდესმე მაინც მიგვიღია ერთად გადაწყვეტილება, შემდგომი ცხოვრების მიუხედავად, იმ, სხვა სამყაროში, ჩვენი იმდროინდელი „მე“-ები ერთად არსებობს. ისიც ცხადი ხდება, რომ მეგობრობის სოციალურ-მორალური ამოცანა მარტოობის დაფარვაა. მეგობრობა უფრო ფარავს, ვიდრე აჩენს და ანათებს ჩვენს ნამდვილ არსს.

   შედეგად, მაბატას წიგნი მარტოობის აღწერისა და მისი დაფარვის ტექნიკის შესახებ უფროა, ვიდრე მეგობრობის დაკარგვით გამოწვეულ სასოწარკვეთაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ მაბატა არც მეგობრობის შესაძლებლობას უარყოფს და არც ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ის ცდილობს, გამიჯნოს მეგობრობა მეგობრობაზე მოგონებისგან. ის გვეუბნება, რომ სასოწარკვეთა მეგობრის დაკარგვისას უადგილოა არა მარტო იმიტომ, რომ არსებობს სამყარო, სადაც კვლავ ერთად ხართ, არამედ იმიტომაც, რომ თუ დაფიქრდები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენ შენი მეგობრის სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე ამ მეგობრობის მოგონებით ცხოვრობდი.

   საფიქრებელია მაფიქრებს მაბატას თეორიის წყაროს ამბავი. 1997 წელს ტორონტოში გამოიცა Herbert Richard-ის წიგნი „History and apokryphs“. ამ წიგნში ის თეორია, რომელსაც მაბატა ესტრადაზე დაყრდნობით ჰყვება, XIII საუკუნის ხელნაწერშია ამოკითხული. ჩემთვის ძნელია იმის დაჯერება, რომ მაბატამ არ იცის ამ წიგნის არსებობის შესახებ. და თუ იცის, მაშინ რატომ არჩევს, თავისი განაზრებები XIX საუკუნის გაურკვეველ გამოცემას და უცნობ ავტორს უფრო დააყრდნოს, ვიდრე ხელნაწერის კვლევას: ეს უკანასკნელი ხომ აშკარად უფრო მეტ სოლიდურობას შესძენდა მის „ნუგეშს“. თუმცა, ისიცაა შესაძლებელი, რომ მაბატა ამ არჩევანით რაიმე კონკრეტული სამყაროს არსებობაზე მიგვითითებს. მეორეს მხრივ, რიჩარდი თავის წიგნში ბევრს მსჯელობს ისტორიის წერის შესახებ. შეიძლება, მაბატას არ უნდოდა საკუთარი „ნუგეში“ ზედმეტად დაემყარებინა XX საუკუნისათვის დამახასიათებელ ინტელექტუალურ განაზრებებზე. ალბათ, ის ფიქრობს, რომ ამ კავშირით მის საკუთარ ტექსტს, რომელსაც პრაქტიკული მიზანი აქვს, დამაჯერებლობა დაეკარგებოდა.

   სხვა საკითხია, საიდან იცოდა ესტრადამ ამ თეორიის არსებობა, თვითონ მივიდა ამ იდეებამდე თუ სადმე ამოიკითხა. სამწუხაროა, რომ ესტრადას შესახებ, გარდა თვითონ წიგნისა „On Go(o)d and Bad Writers“, არანაირი ცნობა არ მოიპოვება. Richard–იც თავის წიგნში („History and apokryphs“) არსად ახსენებს, რომ XIII საუკუნის შატრტის ხელნაწერი XIX საუკუნეში ცნობილი იყო თუნდაც ამ ხელნაწერების სპეციალისტებისათვის.

ნახვა: 611

ტეგები: qwelly, აკუტაგავა, ანატომია, ბლოგი, თეორია, იაპონია, მარტოობა, მორალი, ჩანაწერი, წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:09pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

ნიკა მელია დააკავეს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm 3 კომენტარი

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

ნდობა ახალი მთავრობისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…

გაგრძელება

პოპ კულტურის სკულპტურა პარიზში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2021.
საათი: 11:07pm 1 კომენტარი

      მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters