ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უცბად დაიჭექა, მაგრამ რა დაიჭექა! ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა...

      - შემთხვევითობას ეძინა! ეძინა საღათას ძილით... მხოლოდ ჩემმა სიტყვამ გამოაფხიზლა, ჩემს შემდეგ ალაპარაკდა, სხვანაირად ხმასაც ვერ ამოიღებდა...

      მგონი, საკუთარ თავსაც გადააჭარბა, ისეთი ხმაური ატეხა ჭექა-ქუხილის ღმერთმა. ლამის ყველანი დაგვაყრუა.

      პირველი მზის ნიღაბი გამოეხმაურა ამ საოცრად ომახიანი ხმის მქონე ღმერთს.

      - არც არავინ დაობს მაგაზე, - თქვა მოცინარი სახით (უფრო სწორედ, ნიღბით)... თან ხმაში ირონია გაურია, - ფაქტები თავისთავად მეტყველებენ. ყოველივე ცხადია, თვალის ერთი გადავლებითაც კი. რამდენი ვილაპარაკეთ ჩვენ, ყველამ... როგორ არ ვცადეთ შემთხვევითობა აგველაპარაკებინა, მაინც არაფერი გამოგვივიდა. ჩვენი სიტყვები აღწევდნენ შემთხვევითობამდე, მაგრამ გამოძახილს ვერ პოულობდნენ მასში. შენ, ერთადერთმა, შესძელი შეუძლებელი, სალაპარაკოდ გამოიწვიე იგი.

      დანარჩენი ნიღბებიც გამოერკვნენ გარინდებიდან, გაამჟღავნეს თავიანთი არსებობა. მართალი გითხრათ, მე ისინი მიმავიწყდა კიდეც. ოქროს ნიღაბი სწევდა ჩემთვის ყველას მაგივრობას. სხვა აღარავინ მახსოვდა დროის რაღაც მონაკვეთის მანძილზე.

      თითქოს არც ისე ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო დროის ეს მონაკვეთი. ზუსტად იმდენი, რამდენშიც ჩაეტია ჩემი სათქმელი, მაგრამ ახლა, რატომღაც მეტისმეტად გაწელილი მომეჩვენა, როცა ყოველივე ერთ სიბრტყეზე დავალაგე.

      მგონი სიტყვა გამექცა... ჰო, ნიღბები გამოერკვნენ, ალაპარაკდნენ, აჟივჟივდნენ ბავშვებივით. მზის ნიღაბი ცამდე მართალიაო, აღნიშნეს. შენ ერთადერთმა (ყველა ერთად შეტრიალდა ჭექა-ქუხილის ღმერთისკენ) მართლაც შეუძლებელი შესძელი, სალაპარაკოდ წააქეზე შემთხვევითობა, ამას ყველანი ერთად ვაღიარებთო. შემთხვევითობა ყოველთვის ამართლებდა, არც ამჯერად გაგვაწბილა.. მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ჩვენ, ყველამ ერთად, პირველი მხეცი გამოვიხმეთ ზღვიდან, შემთხვევითობამ კი მარტოდმარტომ, მეორე მხეცი გამოიხმო არყოფნიდან. ეს არ მომხდარა შემთხვევით (ამ სიტყვამ აქ მეტისმეტად უცნაურად გაიჟღერა), შენი წყალობით აღსრულდა ეს სასწაული. წარმოდგენაც კი გვიჭირს, უშენოდ რა უნდა გვეღონაო.

      ამგვარად, მიუზღეს რა, თავისი ჭექა-ქუხილის ღმერთს, შეძლებისდაგვარად ანუგეშეს იგი (თუმცა ვგრძნობდი, ჭექა-ქუხილის ღმერთი მაინც გულნაკლული დარჩა, შემდგომმა ამბებმა სწორედ ეს დაადასტურეს); ჩემთვის მოიცალეს ნიღბებმა, ყველამ მე მომაპყრო თავისი გაბრწყინებული ნიღაბი... კიდევ უფრო დაემსგავსნენ გახარებულ ბავშვებს; უფრო სწორედ, ახალი სათამაშოთი გახარებულ ბავშვებს. ისინი თამაშს მისცემოდნენ მარადიული გაზაფხულის წალკოტში. მეორე მხეცი მათთვის ახალი სათამაშოს როლს ასრულებდა. რაც ალბათ განსაკუთრებით სასიხარულო იყო მათთვის. ხმაც როგორ შეეცვალათ... სრული, გულსავსე სიხარული ჟღერდა მათ ხმაში.

      და აი, ასეთნაირად, სიხარულით გაჯერებული ხმებით (იმ სიხარულით, აღტაცებას და აღფრთოვანებას რომ ესაზღვრება) მაქებდნენ და მადიდებდნენ მე, შემთხვევითობას..

      ქება-დიდებას, ჩემდამი მოძღვნილს, ნამდვილად არ აკლდა დასაბუთება. ამიერიდანო, ამბობდნენ, ჩვენს გულებში სასოება და ნუგეში დაისადგურებსო. სამყარო აღარ მოგვეჩვენება გაუვალ, შავბნელ ჯუნგლებად, სადაც თავს დაკარგული ბავშვივით უმწეოდ იგრძნობ.

      ადამიანის გონებას ფასდაუდებელი თანამოსაგრე ყავს (ჩემსკენ იშვერდნენ ხელს), ამაში ჩვენ ყველანი ერთად დავრწმუნდით; ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთო: მიწიდან ამომავალი მხეცი თურმე ჩვენს შორის იყო საძებარი, ჩვენთან დააბიჯებდა ერთად, აბა ვის შეეძლო ამის წარმოდგენა... ერთადერთმა, მხოლოდ შემთხვევითობამ გაამჟღავნა მისი არსებობა. ვინ იცის, კიდევ რამდენი სასწაული დააბიჯებს აქვე, სულ ახლოს. თავის რიგს ელოდება, რათა შემთხვევითობამ აღმოაჩინოს, გაამჟღავნოს მისი არსებობა. განა შეიძლება მისი მადლიერნი არ ვიყოთ ყოველივე ამის გამო (ისევ მიკრავდნენ თავს მდაბლად), ,თამაშს ყოველთვის შემთხვევითობა ი გებს, ასე ყოფილა და ასე იქნება...,...დიდებულია, ...მშვენიერია ... შეუდარებელია... გაუთავებლად ისმოდა ეს სიტყვები, აი, ამნაირად მასხამდნენ ხოტბას.

      გაოცებული დავრჩი ჩემს ირგვლივ დატრიალებული ამბებით. გრძნობების და განცდების ასეთ აფეთქებას ნამდვილად არ ველოდი. უაღრესად შემაცბუნა საქებარმა სახოტბო სიტყვებმაც. ყოველი მხრიდან ხოშკაკალივით რომ მაყრიდნენ თავზე. მე არ ვარ ერთი იმათგანი, რომელსაც თვალებში შესციცინებენ ყველანი. არცერთ მის სიტყვას ძირს არ აგდებენ და თავს ბედნიერების მწვერვალზე გრძნობენ საპასუხო, თუნდაც სულ მცირე ყურადღების გამოჩენისას... ოჰ არა! ასეთი რამეები ძალიან შორსაა ჩემგან. თუმცა (უნდა ვაღიარო) რომ ვთქვა, თითქოს უსიამოვნოდ დამრჩა ეს ყველაფერი, არ ვიქნები მართალი. საქებარი სიტყვები ყოველთვის ამოდ, სასიამოვნოდ მოსასმენია, რა პირობებშიც არ უნდა ჟღერდეს ისინი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად, როგორ, როდის ან რატომ გაქებენ... ყოველთვის ტკბილად და საამურად გხვდება გულზე. დიახ, ეს ყველაფერი რაღაც სასიამოვნო, თბილ ტალღას ჰგავდა.. და ეს ტალღა აღარც დამცხრალა, რაკი ერთხელ წამომეწია და თავის ქეჩოზე ამიტაცა...

      ნიღბები ჭრელი კარუსელივით ტრიალებდნენ ჩემს ირგვლივ, განუწყვეტლივ მაქებდნენ და მადიდებდნენ. მეც ვუსმენდი, არ გავურბოდი ამ თბილ ტალღას... მით უმეტეს, რომ მათი მსჯელობაც საკმაოდ საინტერესო მეჩვენებოდა, საქებარ სიტყვებთან უცნაურად შეზავებული. ადამიანური აზროვნების შესაძლებლობაზეც ჩამოაგდეს სიტყვა, ჩანს, ეს საკითხი მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო მათთვის...

      აი, ეს კი ძალიან სასაცილოდ გამოუვიდათ ნიღბებს...

      ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახაობა უნდა ყოფილიყო: პატარა ბავშვებივით აცუნცრუკებული ნიღბები, ყოვლად უცნაურ, ჭრელა-ჭრულა სამოსელში გამოწყობილები, კურდღლის ბაჭიებივით რომ დახტოდნენ და მხიარულობდნენ, თან მთელი სერიოზულობით მსჯელობდნენ ადამიანური გონების შესაძლებლობებზე.

      ადამიანის გონება მართლაც მეტად ჭირვეული ინსტრუმენტიაო, დიდი ამბით აღნიშნეს ნიღბებმა. ვერ ხედავს სწორედ იმას, რაც მის ცხვირწინაა, სადღაც მის მიღმა იყურება; იფიქრებ, თითქოს ზეზეულად სძინავსო. ამ დროს იგი რაღაცამ უნდა გამოაფხიზლოს. ჰოდა, რა არის ეს „რაღაცა?“ წინააღმდეგობა, რომელსაც იგი (გონება) პირისპირ შეეჩეხება.

      ამ დროს იღვიძებენ მის სიღრმეში მიმალული ფარული უნარები, რომელთაც ჩვეულებრივ საღათას ძილით სძინავთ, სხვა ვერაფერი მათ ვერ გამოაფხიზლებთ, გარდა წინააღმდეგობისა...

      დანას ბამბაზე ვერ ალესავ, კაჟზე ილესება...

      ზუსტად ასევე, ადამიანის გონებასაც სჭირდება ალესვა, წინააღმდეგობაა სწორედ ის სალესი ქვა, რომელზეც ადამიანის გონება ილესება.

      დანახული გექნებათ ალბათ, ნაპერწკლების ნიაღვარი იფრქვევა დანის ალესვისას... ადამიანის გონებაც წარმოშობს ნაპერწკლებს წინააღმდეგობებთან შეჯახებისას; რაც მეტია წინააღმდეგობა, ნაპერწკალიც მით უფრო ძლიერია.

      ჭექა-ქუხილის ღმერთის მიერ დახატული პირქუში სურათი სწორედ ის წინააღმდეგობა იყო, რომელმაც შემთხვევითობა გამოიყვანა გარინდებიდან, მან კი, თავის მხრივ, ჩვენ ყველანი გამოგვაფხიზლა... ამ დროს კი, ხომ გახსოვთ, ჩვენ, ყველამ ცდა არ დავაკელით, რამდენი ვილაპარაკეთ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ, მაგრამ შემთხვევითობა სალაპარაკოდ ვერა და ვერ გამოვიწვიეთ, ჩვენმა სიტყვებმა სადღაც მის მიღმა ჩაიარა, უცხო დარჩა მისთვის.

      ამის გაგონებაზე მე გამოვფხიზლდი და ვთქვი:

      - არაა მართალი, თითქოს თქვენი სიტყვები ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ უცხო დარჩა ჩემთვის, მე ისინი ძალიან მომეწონა, დიდი ყურადღებითაც გისმენდით...

      - ჰო, მაგრამ ჩვენმა სიტყვებმა შენს გულსა და გონებაზე იმზომამდე ვერ იმოქმედეს, რაიმე ძლიერი ნაპერწკალი რომ წარმოქმნილიყო. ეს მხოლოდ ჭექა-ქუხილის ღმერთმა შეძლო. მისი სიტყვა სწორედ ის დიდი წინააღმდეგობაა, ყველაზე ბრწყინვალე ნაპერწკალს რომ წარმოშობს, მხოლოდ მაშინ ავლენს ადამიანის გონება სრულად მთელ თავის შესაძლებლობებს და იგი უძლეველია... წინ ვერაფერი ადუდგება... ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს მის ძლევამოსილ წინსვლას დროსა და სივრცეში. წინააღმდეგობები ისევ მას ემსახურებიან, იმ გაგებით, რომ კიდევ უფრო აძლიერებენ მას. ყველაზე ცხადად ეს სწორედ შენ დაგვანახე. შენ, შემთხვევითობამ აგვიხილე თვალები ყველას.

      როცა სიტყვა თვალების ახელაზე ჩამოვარდა, ფრინველის ნიღაბმა მიიქცია ჩემი ყურადღება; ორივე ხელი ფართოდ გაშალა, დაწინწკლული სახელოები დროშებივით აუფრიალდა; „მართალია, მართალი! შემთხვევითობამ ყველას თვალები აგვიხილა. მე, ჩემდათავად, უკვე ვხედავ იმ სარკმელს, საიდანაც მგალობელი ფრინველი უნდა შემოფრინდეს, ყველას სიმშვიდე მოგვფინოს“, რაც შეიძლება საზეიმოდ წარმოთქვა მან ეს სიტყვები და ისევ ჩაიძირა თავის სახელოებიანად იმ ჭრელ კარუსელში, რომელიც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა.

      საოცარი იყო: არ იღლებოდნენ ნიღბები ჩემი ქება-დიდებით, არც ბეზრდებოდათ. მეც თანდათან ვეჩვეოდი ყოველივე ამას. თანაც არ ვიცი, მერამდენეჯერ შეიცვალა სივრცე ამ საოცარ წალკოტში... ყვავილების ხალიჩა მეფინა ფეხქვეშ... დიახ, სწორედ იმ გასათუთებულ, მზესავით მომღიმარ ყვავილებზე დავაბიჯებდი, განებივრებულ ჩვილებს რომ მაგონებდნენ და ამ დროს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს არც კი გავცილებოდი იმ აუზს, რომლის წიაღშიც დედამიწის ჭრელი ბურთი ჩაიძირა.

      თან ეს მზაკვარი ვარსკვლავები... ეჰ, ნუღარ მკითხავთ, რატომ ვუწოდე მათ მზაკვარი... ნებით თუ უნებლიედ, მათაც შეასრულეს არც თუ ისე უმნიშვნელო როლი მთელ ამ ამბავში, რაც თავს გადამხდა. დიახ, ვარსკვლავებიც ტრიალებდნენ ჩემს ირგვლივ, ისინიც მაქებდნენ და მადიდებდნენ... ნიღბების სიტყვები ხომ ყოველთვის, მათზე აისახებოდა, ასე იყო ახლაც, როდესაც ქება-დიდების ტალღაზე შემოვსკუპდი. ერთადერთი... შეუცვლელი... განუმეორებელი... აი, ეს სიტყვები მესმოდა ყოველწამს....

      უცბად დაიჭექა და დაიქუხა (აღარ ვიცი, მერამდენედ); ცხადია, ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო.

      - უპირველეს ყოვლისა, ფრინველის ნიღაბს გამოვეხმაურები - დაიწყო ჭექა-ქუხილის ღმერთმა, - მან სიმშვიდე ახსენა... თქვა, რომ სიმშვიდე ჩვენი ყველაზე ძვირი სტუმარია. მართლაც ასეა: სადღაა სიმშვიდე? ვის შეუძლია დაიტრაბახოს, რომ მიაგნო სიმშვიდის ნაზი შუქით გასხივოსნებულ ბილიკს და აღარაფრის ეშინია ამქვეყნად... რომ მის სულსა და გულს აღარ ჯიჯგნის ათასგვარი ეჭვები, აურაცხელი დარდი და საფიქრალი...

      სიტყვა გააგრძელა ჭექა-ქუხილის ღმერთმა, ისე გაერთო, ისე გაუტია, მგონი სრულებით დაავიწყდა ჩემთვის, ანუ შემთხვევითობისთვის მიესადაგებინა თავისი სათქმელი. ეტყობა დიდი ხნის ნაფიქრალს გვიზიარებდა, გულით დიდხანს ნატარებს და ნალოლიავებს... მეტისმეტად მფრთხალ ფრინველს შეადარა სიმშვიდე, რომელსაც სულ მცირე რამ აკრთობს და მიფრინავს... მიფრინავს ისე, რომ წამითაც არ დაახანებს... არადა, ძალიან საწყენია; აჯობებდა, ასე მფრთხალი არ ყოფილიყო...

      არ ვიცი, ამას რა დავარქვა: შეუთავსებლობა? თუ რაღაც სხვა... ჭექა-ქუხილის მრისხანე ღმერთი, გამგმირავი გამოხედვით, თავზარდამცემად მოლაპლაპე ელვის ისრებით და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად ომახიანი, ხაფი ხმით, საომარ ბუკნაღარასავით რომ გაჰქონდა გრიალი...

      აი, ამ ხმით შეასხა მან ხოტბა სიმშვიდის მფრთხალ ფრინველს, ყველაზე სასურველი, სანატრელი სტუმარი უწოდა. ამ ბოლო დროს, ლამის სულმთლად დაგვივიწყაო, გულისტკივილით აღნიშნა. დაბუდებით, ცხადია, ვერ დაიბუდებს ჩვენთან. ამაზე ვერც კი ვიოცნებებთ, მაგრამ ცოტა უფრო ხშირად რომ გვესტუმრებოდეს, არც ის იქნებოდა ურიგო...

      როცა ამ სიტყვას წარმოთქვამდა, როგორღაც ხმა შეეცვალა ჭექა-ქუხილის ღმერთს; რაღაც ახალი ჟღერადობა შეიძინა. თავგამოდებული მონდომება, მეტისმეტი მცდელობა, შინაგანი მღელვარება, გულაჩუყება... ეს ყველაფერი ერთად ისმოდა და იკითხებოდა ჭექა-ქუხილის ღმერთის ხმაში. ყველაფერ ამას მიუმატეთ თავის მოწონების, ანუ დიდი შთაბეჭდილების მოხდენის განუზომელი სურვილი. ამ სურვილს ასხივებდა ჭექა-ქუხილის ღმერთის მთელი შესახედაობა, ამ სურვილით იყო გაჟღენთილი ყოელი მისი სიტყვა... ელვის მოლაპლაპე ისრებიც პირდაპირ ამაზე მიუთითებდნენ.

      ხმის გაწვრილებაც კი სცადა ამ საოცრად ომახიანი ხმის მქონე ნიღაბმა. ეს მაშინ, როცა მშვიდობა ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს შეადარა. ვერ გეტყვით, რამდენად გამოუვიდა. საბრძოლო ნაღარასავით აღარ გრიალებდა, მაგრამ დოლის ბრახუნზე მეტი ნამდვილად იყო. საბრალო ბარტყი, სრულიად უღონო და მიუსაფარი, უმწეოდ აფათქუნებს თავის პაწია ფრთებს და არავინ მოდის რომ აიყვანოს, მოეფეროს, ისევ მშობლიურ ბუდეს დაუბრუნოს. არა, ასეთი ნამდვილად არავინაა, თვალსაწიერზეც კი არ ჩანს...

      ალბათ სასაცილო იყო ეს სანახაობა, თანაც ბევრად უფრო სასაცილო, ვიდრე ნიღბების თავგამოდებული, მეტისმეტად სერიოზული მსჯელობა ადამიანური გონების უძლეველობის შესახებ. მაგრამ, გარწმუნებთ, არ გამცინებია. აბა, რა გამაცინებდა... უფრო მეტიც, ოდნავი ამობგერებისაც კი მეშინოდა უფსკრულის პირას მყოფივით. ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი, იმზომამდე შემეკრა სუნთქვა, მაგრამ გაცინებით კი ვერ გავიცინებდი.

      როგორც იქნა, შეწყდა საომარი ბუკ-ნაღარის გრიალი (თუ დოლის ბრახუნი), ყველამ სული მოვითქვით (ნიღბებიც მგონი ჩემს დღეში იყვნენ ზემოთმოყვანილი საოცრების მოსმენისას) და ტაში დავცხეთ. ჭექა-ქუხილის ღმერთმა სიამოვნებით მიიღო ჩვენი ტაში და აღფრთოვანებული შეძახილები. კმაყოფილი ჩანდა, თუმცა ვგონებ, აშკარად ეჭვობდა, რომ მე მაინც ვერ გადამირბინა წინ. ასედაც მოხდა, ისევ ჩემსკენ გადმოინაცვლა თაყვანისცემათა საამურმა და თბილმა ტალღამ, კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ჩემს ირგვლივ ქება-დიდებათა კარუსელი ტრიალებდა... ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ჩემთვის უკვე კარგად ცნობილ საქებარ სიტყვებს (დიდებული, მშვენიერი, შეუდარებელი) ახლებიც დაემატა. მშვიდობის მომფენი მიწოდეს (ეს იყო სულ, რაც ჭექა-ქუხილის სიტყვას მოყვა) და ისიც მშვენივრად დაასაბუთეს: ჩვენ ყველამ გნახეთ, რა მშვიდად უსწორებდა შემთხვევითობა თვალს ამ შემზარავ სურათს, ჭექა-ქუხილის ღმერთმა რომ ასე ცხოვლად დახატა ჩვენს თვალწინ. ეს სიმშვიდე გადამდები აღმოჩნდა, ჩვენც სიმშვიდე მოგვეფინა, აღარც დაგვტოვებს, ამაში სრულიად დარწმუნებულნი ვართ. ამიერიდან წარბშეუხრელად გავუსწორებთ თვალს ყოველგვარ სურათხატებას, რა შემზარავიც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი. მშვიდად და აუღელვებლად შევხვდებით ყოველგვარ მოულოდნელობას, რომლებიც, კარგად ვიცით, არ მოგვაკლდება. სამყარო გამუდმებით ზრუნავს ამაზე.

      ასე და ამგვარად, ტრიალებდა ქება-დიდებათა ჭრელი კარუსელი ჩემს ირგვლივ, ცას და მიწას ერთნაირად მოეცალა ჩემს განსადიდებლად... და, აბა რა გასაკვირია, რომ მე, ყოველივე ამის შუაგულში მყოფს, თავბრუ დამხვეოდა? ცოტათი მაინც...

      მე ასე ვფიქრობდი: მე არ შემიძლია ვარსკვლავებამდე ამაღლება, დრო-სივრცის უფართოესი რკალი მიუწვდომელია ჩემთვის. ამ გაგებით თქვენ ჩემზე მეტნი ხართ (ნიღბებს მივმართავდი გულში), მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი რაღაც... „შენ ხარ სხვა მხეცი!“ ეს სიტყვები ხომ მე ვთქვი და არა რომელიმე თქვენგანმა. ასე რომ, არაფრით ვარ თქვენზე ნაკლები, ანდა იქნებ უფრო მეტიც ვარ. აკი თქვენც აღიარებთ ამას, შემთხვევითობა ყოველთვის ყველაფერზე მეტიაო, ამბობთ...

      მოულოდნელად ჩვენება მეწვია; გაცრეცილ მოსასხამში გახვეული ლანდი აღიმართა ჩემს წინაშე; დგას უძრავად, ერთიანად მთვარის შუქში გახვეული და მთვარის დაბნელება იწყებაო, ამბობს... აჰა, ეს ხომ უცხო სტუმარია, ჩვენს საერთო აივანზე... რა ადვილად განასხვავა ერთმანეთისგან ღრუბლის და დედამიწის ჩრდილები, ერთმანეთის საოცრად მსგავსნი... ერთადერთს, მხოლოდ მას აღმოაჩნდა საამისო ხედვა, მაცდურმა ღრუბელმა ვერ მოატყუა...

      საინტერესოა, ნეტავი რას იტყოდა, ახლა, ამ წუთას ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო... იქნებ აქაც, ჭეშმარიტებათა ამ ჭრელ კარუსელშიც დაენახა რაიმე ისეთი, რასაც მე ვერ ვამჩნევ, თუმცა ალბათ ჩემს ცხვირწინ დევს, სულ ახლოს...

      დიახ, შეიძლება ახლაც შევყურებ რაღაცას, და ის „რაღაცა“ არანაკლებ ცხადია, ვიდრე მთვარის დისკოზე დაცემული ჩრდილი, მაგრამ მე ვერ ვხედავ მას, ისე, როგორც დედამიწის ჩრდილი ვერ დავინახე მაშინ, იმ უცხო სტუმარმა კი თვალის ერთი გადავლებით ამოიცნო. ღრუბლის, კოშტის ჩრდილად არ მიუღია დანარჩენებისგან განსხვავებით.

      მაგრამ მხოლოდ ერთი წამით გაგრძელდა ეს ჩვენება, გაცრეცილი მოსასხამი გაქრა, მასთან ერთად უცხო სტუმარიც, მთვარის შუქში ერთიანად გახვეული.

      ჩემს ირგვლივ ისევ ისე ტრიალებდა ნიღბების და ვარსკვლავების ჭრელი კარუსელი, განუწყვეტლივ მოედინებოდნენ ქება-დიდებათა საამური ტალღები და მეც, მათ ქეჩოზე შემოსკუპული, მთელი გულით ვლაღობდი და ვხარობდი. დიახ! მე ვიყავი სამყაროს ცენტრი, ღერძი, შუაგული... ვერავინ ვერაფერს დააკლებდა ამ შუაგულს. თავისკენ ვერ გადაანაცვლებდა... აკი ეს ვერც ჭექა-ქუხილის ღმერთმა შეძლო, აღიარა კიდეც თვითონვე... გამოიკვლია გზა ამ ჭრელი კარუსელიდან, მთელი თავისი დიდებულებით აღიმართა ჩემს წინაშე, მაღალი, შიშისმომგვრელი, მოლაპლაპე ელვის ისრებით აღჭურვილი... მართლაც ყოვლისშემძლე ყოფილხარო, დაიგრუხუნა მან. ამაოა ყოველგვარი მცდელობა, როგორმე წინ გადაურბინო შემთხვევას, რაიმე შეძლო მასზე აღმატებული და ქმედითი. ეს ორი მხეცი შენ დააწყვილე, ზღვიდან ამომავალ მხეცს ოქროს მხეცი ამოუყენე გვერდით. შენს გარდა, აბა, ვინ შეძლებდა ამას.

      სანამ მე თავს ვიმტვრევდი, თუ რა მეპასუხა (მინდოდა ისეთი რამ მეთქვა, გული გამეკეთებინა მისთვის. თანაც ისე, რომ არაფერი დამეკლო ჩემი აღმატებული მდგომარეობისთვის), ოქროს ნიღაბი ჩამოეფარა ჭექა-ქუხილის ღმერთს, თავისი ბრწყინვალებით მთლიანად დაჰფარა იგი ჩემი თვალისგან. საერთოდ, საქებარი სიტყვები არც ოქროს ნიღაბს დაუშურებია ჩემთვის. მეტად მადლიერი იყო ჩემი. დაუზარელად იმეორებდა უკვე მოცვეთილ (ასე ვთქვათ) სიტყვებს: „მშვენიერი, შეუდარებელი, ერთადერთი, შეუცვლელი“ და ა.შ.

      ოღონდ ამჯერად თავისი მადლიერება კიდევ უფრო გულმხურვალედ გამოხატა. უკვე ვიცი, ვინცა ვარ; ოქროს მხეცი ვარ და ეს შენი წყალობით აგსრ ულდაო, თქვა. შენ რომ არა, ძველებურად ისევ მხოლოდ სათამაშოდ ვიგრძნობდი თავსო. ჩვენ, ნიღბები, ვთამაშობთ მხოლოდ, მეტი არაფერი. შენი წყალობით კი ჩვენმა თამაშმა სულ სხვა წონა და განფენილობა შეიძინა, თუნდაც ღირებულება ვთქვათ. თანაც ისე, რომ არაფერი დაკლებია. მე იმის თქმა მინდა, რომ თამაში თამაშად დარჩა, ამ დროს კი, სრულიად მოულოდნელად, მეორე მხეცი გამოგვეცხადა:

      - ოქროს მხეცი, - ჩავაკერე სიტყვა

      - რა თქმა უნდა, ოქროს მხეცი. დიდებით მოსილი შემობრძანდა ჩვენს წალკოტში. ყველას თვალი მოგვჭრა. ამას სხვა ვერავინ შეძლებდა, შენს გარდა...

      თაფლივით ტკბილი სიტყვები დამაფრქვია ოქროს ნიღაბმა და ბოლოს მხსნელი მიწოდა.

      მართალია, ძალიან გაბრუებული ვიყავი ტკბილი ზარხოშით (ჩემს მდგომარეობას მაშინ სწორედ ზარხოში ერქვა...) ეს სიტყვა მაინც მეუცხოვა.

      - რას ამბობ, რანაირი მხსნელი მე ვარ, - ვეუბნები ოქროს ნიღაბს - ეს სიტყვა მეტისმეტად მაღალია და უსასრულოდ ტევადი, ლამის მთელი სამყაროს დამტევი თავის თავში...

      ოქროს ნიღაბმა ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, სახეში ოქროს ბრწყინვალება შემომაფრქვია.

      - განა არ გახსოვს, როგორი თავზარი დაგვცა ჭექა-ქუხილის ღმერთმა... რა დღეში ჩაგვყარა ყველანი. ერთადერთი, მხოლოდ შენ მოგვევლინე მხსნელად.

      - შენზე ამას ვერ ვიტყვი, ყველაზე მხნედ გამოიყურებოდი, ორსახა ნიღაბიც ხომ სწორედ შენ ამოიყვანე წყლიდან.

      - ასე გგონია? - შემედავა იგი, - არც მე ვიყავი დიდად უკეთეს დღეში... მხნეობა დიდხანს არ მეყოფოდა. კიდევ ცოტაც და.. წყალში აღმოვჩნდებოდი, აუზის ფსკერზე. სწორედ ამ დროს გაისმა: „შენ ხარ სხვა მხეცი“... შოლტივი გაიტლაშუნა ამ სიტყვამ და ყველანი გამოგვაფხიზლა. ამან გვიხსნა კიდეც...

      მეც დავიჯერე (აბა, ოქროს ნიღაბს როგორ არ დავუჯერებდი!), ვირწმუნე, რომ მხსნელიც ვიყავი, ყველაფერ სხვა სიკეთესთან ერთად... აღარც ეს სიტყვა (უსასრულოდ მაღალი და ტევადი, ლამის მთელი სამყაროს დამტევი) იყო უცხო ჩემთვის, დანარჩენებს, კი (შეუდარებელი, ერთადერთი, განუმეორებელი... ა.შ.) კარგა ხანია შევაჩვიე ყური.

      მეჩვენებოდა, თითქოს ყოველთვის თან მსდევდა თაყვანისცემათა ჭრელი კარუსელი, იგი განუყოფელი გახდა ჩემთვის და მე ჩემი ცხოვრება ვეღარც კი წარმომედგინა სხვანაირად, უნდა ეტრიალა ამ ჭრელ კარუსელს, რომლის შუაგულშიც მე ვიყავი. განუწყვეტლივ უნდა ეფრქვია თაფლივით ტკბილი საქებარი სიტყვები... ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ, როგორც არ უნდა შეიცვალოს სივრცე ჩემს ირგვლივ, რა რკალიც არ უნდა აღწეროს დრომ.

      ამ უტკბილეს განცდებში ჩაფლული აღმოვჩნდი გასასვლელთან... ბოლოს ცვალებადმა სივრცეებმა იმ ჩალუსკუმებულ ჭიშკართან მიმიყვანა, რომლითაც ეს საოცარი წალკოტი იწყებოდა.

      საშინელი დაღლილობაც ვიგრძენი... მე ხომ დროის შეგრძნება (რეალური დროის) სრულიად დავკარგე. არც კი ვიცი, რამდენი ხანია ფეხზე ვარ. ერთი გამოძინება ნამდვილად არ მაწყენდა... მერე კი... მერე ისევ ტრიალებს ჭრელი კარუსელი. აბა რაღა გააჩერებს, რახან ერთი დატრიალდა. ოქროს ნიღაბიც ხომ, ცხადია გვერდიდან აღარც მომშორდება. მაინც რა ლაზათიანი ვინმეა, მის ყურებას ხომ არაფერი სჯობს.

      აი, ასეთი გახლდათ ჩემი ბოლო შთაბეჭდილება, რომელიც იმ საოცარი წალკოტიდან შემომრჩა; მთელი თავისი დიდებულებით გაბრწყინებული ოქროს ნიღაბი, ლამაზად მოლაპლაპე კრავის პაწია რქებით, საყვარლად რომ ჩაგრეხილიყვნენ... მართლაც მშვენიერი საღამო იყო, თანაც ისეთ სათამაშო, ერთნაირად რომ ხიბლავს დიდსა თუ პატარას. დაიხურა დიდი, ჩალუსკუმებული ჭიშკარი, ოქროს ნიღაბი მის მიღმა გაუჩინარდა, ჭრელი კარუსელის აღტაცებული ჟრიამულიც მაშინვე მიწყდა.

      უცბად გამახსენდა (ალბათ უცბად ჩამოვარდნილი სიჩუმე მეუცხოვა); მე ხომ აღარაფერი ვკითხე ოქროს ნიღაბს იმ საიდუმლოს შესახებ, რომლის გულისთვისაც ამოვყავი თავი ამ წალკოტში. თვითონ ოქროს ნიღაბს უარი არ უთქვამს, დამპირდა, ყველაფერს გაგანდობო. მეც ვექადნებოდი: ჩაგიგდებ ხელში, აგალაპარაკებ... შესაფერის დროს ჩავუსაფრდი, მერე კი მე თვითონვე მიმავიწყდა.

      უცნაურია, მაინც რატომ? როგორ ამომვარდა თავიდან.

      ჩემი წინამორბედის გაფრთხილებაც გამახსენდა: ფეხი არ მოიცვალო იქედან, სანამ არ ეწევი, რასაც კვალში ჩაუდექიო.

      ამ ფიქრებმა წამში გამომაფხიზლეს, დაღლილობაც უკვალოდ გაქრა. ისევ უნდა ვნახო ოქროს ნიღაბი, ვათქმევინო თავისი საიდუმლო, ახლავე, ამ წუთას! ალბათ ჯერ ვერ მოასწრებდა შორს წასვლას, აკი, სწორედ ამ ჭიშკართან დავცილდით ერთმანეთს...

      მაშინვე ვკარი ხელი დიდი რკინის ჭიშკარს, ისიც სრულიად უხმაუროდ, გამგონედ გაიღო ჩემს წინაშე...

ნახვა: 145

ტეგები: qwelly, ბლოგი, მაძიებელი, მოთხრობა, ოქრო, ქადაგიძე, ძილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters