ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი ისევ გაისმა, ნახევრად მთვლემარე ფიქრები დამიფრთხო:

      - იქნებ მეზღვაურთა რიგებში აღმოვაჩინოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი!

      - ჰო, ჰო! აჯობებს, ასედაც ვცადოთ, - აჟივჟივდნენ ნიღბები.

      თავი გავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიშორებდი. არაფრის გაგონება არ მინდოდა, ისევ ჩემს საფიქრალს მივუბრუნდი, ოქროს ნიღაბს შევყურებდი თვალმოუშორებლად. მერე მის ორეულზე ვინაცვლებდი წყლის სარკეში, და ასე დაუსრულებლად. თვით შენი ორეულის ჭვრეტაც კი რა თავშესაქცევია, შენზე თუ აღარაფერს ვიტყვი, გულში ასე მივმართე ოქროს ნიღაბს. ნეტავი მაცოდინა, რა საიდუმლოა შენი საიდუმლო. როგორ დაიჟღერებს, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, მეღირსება მისი მოსმენა. ოქრო თავის თავში მთელ სამყაროს აირეკლავსო, ასე გითქვამს მოთამაშისთვის. მე რაღას მეტყვი ნეტავი? ამ ზოგად ფრაზებს მე არ დაგაჯერებ, ყველაფერს გამოგკითხავ ძირისძირობამდე... აქედან ისე როგორ წავალ, სანამ ბოლომდე არ გათქმევინებ ყველაფერს.

      - იქნებ მეკობრეებში მოვიძიოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი, - ჩამესმა ნაცნობი როხროხი.

      ეს ჭკუასთან უფრო ახლოაო, გამოეხმაურა რომელიღაცა ნიღაბი. თავიც არ ამიწევია, მთელი ეს მიეთმოეთი სულ უფრო და უფრო მაღიზიანებდა. როგორმე უნდა გაუძლო ბოლომდე, შევუძახე ჩემს თავს, როცა იქნება, მორჩებიან ამ აბდაუბდას, ამქვეყნად ყოველივეს აქვს თავისი დასასრული, ისიც დასრულდება. მთავარია, მოთმინებამ არ გიღალატოს, ბოლო სიტყვა შენია...

      კიდევ უფრო ღრმად ჩავიძირე მთვლემარე, უწესრიგო ფიქრებში, თვალი ოქროს ნიღბისათვის მქონდა მიშტერებული. მგონი თვლემამ სადღაც შორს წამიღო, ოქროს ნიღაბი გადღაბნილ ოქროსფერ ლაქად იქცა... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე.

      - მხეცი ძალიან ჯიუტობს, - დაიგრგვინა ნაცნობმა ხმამ (ჭექა-ქუხილის ღმერთმა, აბა, სხვა ვინ იქნებოდა), - არაფრის გულისთვის არ ამოდის ზღვიდან.

      ამ ხმამ მაშინვე გამომაფხიზლა... აბა, ვის არ გამოაფხიზლებდა. ოქროსფერი ლაქა ისევ ოქროს ნიღბად იქცა. დანარჩენი ნიღბებიც ხმამაღლა აჟივჟივდნენ, მართლაც ასეაო, თქვეს. რამდენი არ ვეძიეთ და ვჩხრიკეთ, შვიდ თავსა და ათ რქას შორის ლოგიკური ძაფი ვერ გავაბითო. და საერთოდ, ამ სიმბოლოებს ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნეთო. თუ ხანდახან რომელიმე მათგანი ჰგავს და ემთხვევა რაიმეს, უცბად სხვა მხრივ ისეთი რამ გამოტყვრება, ყველაფერს წყალში გვიყრისო.

      ამის გაგონებაზე იმედი მომეცა, იქნებ მორჩნენ ამ უსაგნო ლაყბობას (თუ თამაშს... რაც უნდათ, ის დაარქვან), მეც ჩემსას ვეწიო, ოქროს ნიღაბს მივუჩოჩდე.

      საქმეში ხარ? ყველაფერი თურმე ჯერ კიდევ წინ იყო, კიდევ რამდენი რამ მელოდა... ეს რომ მაშინვე მცოდნოდა, არ ვიცი, რა მომივიდოდა აზრად, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი.

      მაგრამ წინასწარ ვინ რა იცის?

      მზის ნიღაბმა ითხოვა სიტყვა, რაღაც მინდა გითხრათ ყველამ კარგად მომისმინეთო.

      ნიღბებმაც, აბა ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდესო, მიუგეს. შენს მოსასმენად ყველანი მზად ვართო.

      ამას გარდაო, სიტყვა გააგრძელა მზის ნიღაბმა, ნება მომეცით, მე დავასრულო ჩვენი თამაში, როცა ამის დრო მოაწევს. აქ არის რაღაც, კარუსელს რომ მაგონებს. ხომ იცით, კარუსელი ჩემი საყვარელი თემაა.

      ნიღბებმა, არც ამის საწინააღმდეგო გვაქვს რამეო.

      აუზის ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ მზის ნიღაბს მიაპყრო მზერა.

* * *

      - იცით, რა მაგონდება? - ასე დაიწყო მზის ნიღაბმა თავისი სიტყვა, - ის ლიფსიტა მაგონდება, პატარა ტბორში რომ დაცურავს. იქაა მისი საცხოვრისი, იმ ტბორის წიაღით სულდგმულობს. ხანდახან თუ ამოხტება წყლიდან. რას დაინახავს ამ დროს ლიფსიტა? ტბორის ნაპირებს დაინახავს... და სწორედ ის წარმოუდგება მთელ სამყაროდ.

      მზის ნიღაბი შეჩერდა, მზის მომღიმარე სახე მოგვაპყრო. თუ გახსოვთ, ლიფსიტას შესახებ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთო, გვითხრა. ნიღბებმა თავი დაუქნიეს იმის ნიშნად, არაფერი დაგვვიწყებიაო. მეც დავუქნიე თავი, რაღაც ამდაგვარი მეც მახსოვდა მოთამაშის ნაამბობიდან. მზის ნიღაბმაც კვლავ გააგრძელა სიტყვა ამ მცირე შეყოვნების შემდეგ.

      - ჩემი აზრით, ჩვენ სწორედ იმ ლიფსიტას ვემსგავსებით, როდესაც ზღვიდან ამომავალ მხეცზე ვლაპარაკობთ. რა აღარ ვთქვით, რა აღარ დავაბრალეთ, ვინ აღარ გავიხსენეთ; მეფეები, ადმირალები, მეკობრეები... ათასნაირი რეგალიების მთელი კრიალოსანი დავატეხეთ თავზე. მერე, რა გამოვიდა აქედან? მხეცმა ისინი ახლოსაც არ გაიკარა. არა და არა! სულ ტყუილად ჩაგვიარა ამდენმა სჯა-ბაასმა და თავგამოდებულმა მცდელობამ. რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ბოლომდე იმ ტბორში დავრჩით, პატარა ლიფსიტას სულ პაწია სამყაროში... ჩვენი თვალსაწიერი ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მის ნაპირებს.

      ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა ტბორმა უეცრად გაფართოება დაიწყო, მისი ნაპირები ყოველმხრივ გაიწ-გამოიწივნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. გაფართოვდეს ჩვენი ტბორი, ნაპირების მოხაზულობა ახლებური სახით წარმოგვიდგება, ჩვენი თვალსაწიერიც გაფართოვდება, ანუ უფრო ფართო სამყაროს დავინახავთ წყლიდან წამით ამოხტომისას.

      მაგრამ ტბორი აგრძელებს გაფართოებას, ნაპირები კიდევ უფრო განზე იწევენ, სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს. თუმცა ჯერ ისევ ვხედავთ მათ, ჯერ არ დაკარგულან ჩვენი თვალსაწიერიდან.

      ბოლოს კი, დგება ისეთი წამიც, როდესაც ნაპირებს ვეღარ დავინახავთ... ტბორის ნაპირები უსასრულობას შეუერთდა, მასში დაინთქა. ცხადია, ჩვენი თვალსაწიერიც გაფართოვდა, რამეთუ ჩვენ იმ ტბორის ბინადარნი ვართ... გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენც უსასრულობას უნდა გავუსწოროთ თვალი. დიახ, ჩვენი თვალსაწიერი ახლა უკვე თვით უსასრულობა გახლავთ.

      სადაც უსასრულობაა, იქ მარადისობაც სუფევს, ისინი ხომ განუყრელი ტყუპისცალები არიან... გემახსოვრებათ, იმათ შესახებაც ვისაუბრეთ წინა შეხვედრისას (ყველანი თავს იქნევენ, მათ შორის მეც). ეს ორი ტყუპისცალი არავის და არაფერს ცნობს, ერთმანეთისა გარდა. მხოლოდ ერთმანეთს თუ გაესაუბრებიან, უზიარებენ თავიანთ საიდუმლოებებს. ეთამაშებიან ერთმანეთთს უზრუნველი ბავშვებივით. მიქნებ ჩვენთანაც მოისურვონ თამაში... ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა პატარა ლიფსიტა, ბინადარი პატარა ტბორისა...

     

* * *

      ერთი წამით ყურადღებას ვითხოვ: როგორც კი მზის ნიღაბმა დრო-სივრცის უფართოესი რკალი ახსენა, როგორღაც ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. ცისკიდურს ვერსაით დაინახავდი, საითაც არ უნდა გაგეხედა, ვერ შეამჩნევდი ცისა და მიწის გამყოფ ვერანაირ ხაზს... და საერთოდ, ვერანაირ საზღვარს თუ ნაპირს ვერ დალანდავდი, მეტად თავისებური შორსგაზიდულ სივრცეში ამოვყავით თავი. ციური მნათობებიც დაგვიახლოვდნენ, შეიძლება ითქვას, ერთი ხელის გაწვდენაზე; ცთომილები, მეტეორები თუ ვარსკვლავები ახლა უკვე ჩვენს შორის დარიალებდნენ.მგონი  მართლა სათამაშოდ გვიწვევენ...

      ყოველივე ამასთან ერთად განათებაც შეიცვალა, იგი რაღაც სხვა შუქმა შეცვალა.

      ამ შუქის წყაროს ვერ დაადგენდი, იგი თითქოს ყველა მხრიდან ჟონავდა, როგორც მზის სხივები სქელ ნისლში. მან სულ მთლიანად აავსო ჩვენი შორსგაზიდული სივრცის წიაღი, ყველას და ყველაფერს მოეფინა, თან ყოველივე რაღაც უცნაურად გადაასხვაფერა. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიღბებს ეხება. ცისარტყელას ნიღაბი მგონი ოდნავ გახუნდა, ცისარტყელას ნაირფერები ძველებურად ვეღარ ჭახჭახებდნენ. სამაგიეროდ, მგალობელი ფრინველი ზეციური ფერების ნამდვილ გამოფენად იქცა. ნისლის ფთილას გაგახსენებდათ, რიჟრაჟისას ცაზე შემორჩენილს. მერე როგორ უხდებოდა დაწინწკლული მანჟეტები და პეპელა ჰალსტუხიც. მზის ნიღაბი ოდნავ ჩამუქდა, ჩამავალი მზის მსგავსი მოწითალო ელფერი მიიღო. ორსახა ნიღაბი სულმთლად ვერცხლისფრად ალაპლაპდა, კიდევ უფრო დაემსგავსა წყლის ჭავლს. ჭექა-ქუხილის ღმერთი ისევ ისეთი იყო, როგორიც თავდაპირველად, ცვლილების მსგავსი არაფერი დასტყობია.

      რაც შეეხება ოქროს ნიღაბს... ო, ამაზე ნამდვილად ღირს ენის მოცვეთა. თუ შეიცვალა, სწორედ ის შეიცვალა. კი არ გახუნებულა... არც კი იფიქროთ. ისევ ისე ბრწყინავდა, როგორც მაშინ, ღრმა ორმოდან რომ ამოდიოდა (სხვათა შორის, ის ორმო რაღაც უცნაურად მახსენებს ხანდახან თავს). დიახ, ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნა ოქროს ნიღაბმა შეცვლილ დრო-სივრცეში; პეწი, ლაზათი, ბრწყინვალება... ბეწვის ოდენაც კი არაფერი დაჰკლებია. ოღონდ აი, მის თავზე პაწია რქები გამოისახნენ. საყვარლად ჩაგრეხილ-ჩაწნული რქები, კრავმა რომ იცის, ისეთი...

      ჯერ გაოცებამ შემიპყრო ამის დანახვისას. რა უცნაურია, ლამის თვალმოუშორებლად შევყურებ ოქროს ნიღაბს, რაც ამ წალკოტში შემოვდგი ფეხი. როგორ მოხდა, ეს რქები აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე. როგორც ჩანს, ამ ახლებურმა, სრულიად განსხვავებულმა შუქმა გაამჟღავნა ისინი, იქნებ შეცვლილმა სივრცემაც... ჰო, აქ დიდად გასაკვირი ნამდვილად არაფერია. თანამედროვე ტექნიკისგან მიჩვეულნი ვართ მსგავს სასწაულებს თუ ფოკუსებს. თუ მთელი თვითმფრინავის მიჩქმალვა შეიძლება, ისე რომ მხოლოდ სავსე მთვარის დისკო ამჟღავნებს მის არსებობას, მაშინ რაღა ითქმის ამ პაწია რქების შესახებ. სულ ადვილი საქმეა. არ ჩანდა დღის შუქზე, გაამჟღავნა მათი არსებობა შეცვლილმა დრო-სივრცემ და შუქმა.

      ჰოდა, ძალიანაც მომეწონა ასეთნაირად გადასხვაფერებული ოქროს ნიღაბი; მაშინაც სათამაშოს ჰგავდი, როდესაც სულ პირველად დაგინახე, ასე მივმართე გულში ოქროს ნიღაბს. ახლა კიდევ უფრო დაემსგავსე სათამაშოს... თანაც როგორ სათამაშოს, მეტად თავშესაქცევს და თვალწარმტაცს.... ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ თუ არ შეგემატა, არაფერი დაგკლებია ამ რქების გამომზეურებით. თანაც რა საყვარლად არიან ჩაგრეხილ-ჩაწნულები... თუ არ ვცდები, კრავს უნდა ჰქონდეს ასეთი რქები.

      ციური მნათობებიც გვეთამაშებიან, როგორც უკვე ვთქვი...     ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება....

      შეგიძლია იხილო ახალი მთვარე და სავსე მთვარე მხარდამხარ, ყოვლად წარმოუდგენელ ხატოვან სურათებს აღწერენ. ბრწყინვალე იუპიტერი თავის დიდებულ ამალასთან ერთად, პინგპონგის ბურთებივით რომ დაჰქრიან ცთომილის ირგვლივ. სატურნი, თავისი განთქმული შლიაპით....წამიდან წამს ცვლის შლიაპის დახრილობის სიბრტყეს, თითქოსდა გვეკეკლუცება. თ მეტეორებზე და კუდიან ვარსკვლავებზე აღარაფერს ვამბობ, მათ თავზეხელაღებულ ნახტომებს თვალს ვერც კი მიადევნებ.

      და რაღა თქმა უნდა, მზაკვარი ვარსკვლავები... ო, რა საოცარ, ბრწყინვალე გირლიანდებს ქარგავენ ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში, თვალებს ისე აკვესებენ, თითქოს რაღაცის თქმა უნდათ... თავის დროზე მიხვდებით, თუ რატომ ვუწოდე მათ „მზაკვარი“.

      უეცრად ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ თურმე დიდი ყურადღებით ვუსმენ მზის ნიღბის სიტყვებს. უფრო უკეთესი... დრო უფრო სწრაფად გავა, სანამ ოქროს ნიღაბთან ლაპარაკს ვეღირსები.

      მგონი სიტყვა გამიგრძელდა, ისევ მზის ნიღაბს მოვუსმინოთ.

* * *

      ...ეს უკვე სხვა ხედვაა, სხვა სამყარო. ჩვენი ხედვაც უნდა გაფართოვდეს, თვალი დიდ სიმაღლეს უნდა მოვარგოთ და შევაჩვიოთ. უამისოდ ვერაფერსაც ვერ დავინახავთ, პატარა ტბორის ბინადარ ლიფსიტებად დავრჩებით ისევ. „ოკეანე ისე იყო გახვეული ნისლში, როგორც ჩვილი სახვევებში“... წმიდა წერილის ეს სიტყვები სწორედ იმ ხედვას ამჟღავნებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამჟამად. ძველი პანგეა გავიხსენოთ, დღევანდელი მატერიკების პირველადი დვრიტა. გონდვანა, ოთხი ოკეანის შორეული საერთო წინაპარი... ყოველივე ამას დრო-სივრცის უფართოესი რკალი აერთიანებს, ჩვენც სწორედ აქედან დავყურებთ დედამიწას, თვალს ვადევნებთ მასზე მიმდინარე მოვლენებს. რა ხდება დედამიწაზე? ო, ძალიან, ძალიან ბევრი რამ; სიცოცხლე გაღვივდა, გაიფურჩქნა ამ მშვენიერ ცთომილზე, ერთმანეთს ცვლიან სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები და სახეობები. ხან ერთი მძლავრობს, ხან მეორე.

      „ზღვიდან ამოვიდა მხეცი...“ აი ეს სიტყვები მიგვიძღვის წინ, მას ვეძიებთ, უპირველეს ყოვლისა. რომელი მხეცი ამოვიდა ზღვიდან? ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვანია, თითქოს მართლა ნისლში გახვეულაო... ჰოდა, ამ ნისლიდან სიცოცხლის ყველაზე ზოგადი ნიშანი ამოტივტივდა. „სადაც წყალია, სიცოცხლეც იქაა.’’ ასეთი გახლავთ ეს ზოგადი ნიშანი. აქ ადამიანმა ზღვას მიაპყრო თვალი. ანუ, სიცოცხლი ჯერ ზღვაში გაიფურჩქნა, მერე ხმელეთზეც გადააბიჯა, ბოლოს ცაში აიჭრა... ერთი სიტყვით, ზღვამ შესძინა ძლევამოსილება მიწიერი სიცოცხლის პირველ ნაბიჯებს.

      განა ახალშობილი ზღვიდან არ ამოდის? დედის სხეული ბავშვთან ერთად წყალსაც ატარებს, წონით მასზე აღმატებულს. ბავშვის დაბადებისას, უწინარეს ყოვლისა, წყალი იღვრება. ესეც თქვენი ზღვა...მიწიერი წყლის ყოველი წვეთი ხომ ზღვას ეკუთვნის...სიტყვები ‘’ზღვა’’ და ‘’წყალი’’ აქ განუყოფელნი, ერთარსნი არიან. ამის თაობაზე უკვე გვქონდა ლაპარაკი, გემახსოვრებათ ალბათ.

      „მხეცს შვიდი თავი აქვს“... ასე ღაღადებს წმინდა წერილი. ყველაზე მეტი თავსატეხი სწორედ ამან გაგვიჩინა. რამდენი არ ვცადეთ, რამდენი არ ვჩხრიკეთ, ციფრი შვიდიანი აქ ვერავის და ვერაფერს ვერ მოვარგეთ. ეს საკრალური ციფრი აქ ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული დარჩა. ის არ უნდა ნიშნავდეს არც შვიდ სამეფოს (რამდენი იმპერია დავშალეთ, რათა რამენაირად ციფრი შვიდიანი მიგვეღო), არც შვიდ საუკუნეს (სხვადასხვანაირი რიტმით დროის ათვლამ არანაირი შედეგი არ მოგვცა). მით უმეტეს, ციფრი შვიდიანი არ ასახავს რომელიმე ურჩხულს, შესახედავად ავაზას მსგავსს, რომელსაც შვიდი თავი ერთად ეზრდება კისერზე. არა და არა, არაფერი გამოგვივიდა. ციფრი შვიდიანი სადღაც სხვაგანაა საძიებელი. მაგრამ სად? ამაში დრო-სივრცის უფართოესი რკალი დაგვეხმარება, ის აგვიხელს თვალებს, ყოველივეს სრულად განსხვავებულად, სულ სხვა სახით დაგვანახებს. წმიდა წერილის სიტყვები სწორედ დრო-სივრცის უფართოეს ხედვას აირეკლავს. მერედა, როგორია ეს ხედვა? ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო, ასე ღაღადებს იგი. აჰა, ციფრი შვიდიანი! რა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს... დიახ, შვიდ დღეში შეიქმნა სამყარო. აღარ დაგღლით მათი ჩამოთვლით, ისინი ყველასთვის ცნობილია. თქვენს ყურადღებას იმ ერთადერთ დღეზე შევაჩერებ, როდესაც უფალმა ადამიანი შექმნა. ეს დღე ყველაზე ბოლო იყო, სიცოცხლის დანარჩენი სახეობები წინ უსწრებდნენ ადამიანის შექმნას.

      ამრიგად, ღმერთმა ადამიანი ყველაზე ბოლოს შექმნა, როგორც ბუნების გვირგვინი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანში შეიკრა ყველა იმ დროთა ძეწკვი, რომლებიც მის მოვლინებამდე განსხეულდა უფლის ხელით. ანუ ადამიანმა მთლიანად გაითავისა სამყაროს შექმნის მთელი პერიოდი, შვიდ ნაწილად დანაწევრებული. ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა, უაღრესად რთული წარმონაქმნია; მართლაც საოცარი არსებაა: შესახედაობით ერთი, მაგრამ შინაგანად შვიდმაგი. ჩვენს ცთომილს მისი სახით ნამდვილი სასწაული მოევლინა.

      მერედა, როგორ აღსრულდა ეს სასწაული? პასუხი ამ კითხვაზე „საოცარი არსების“ თავში უნდა ვეძებოთ... მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს უფლის ხელიდან ებოძა უაღრესად დახვეწილი, მაღალაგნვითარებული გონება, არაჩვეულებრივად ფართოდ განფენილი, ყოვლისმომცველი მეხსიერება. სწორედ ამ უფართოესი მეხსიერების წყალობით დაიტია ადამიანის თავმა (ერთმა თავმა) სამყაროს შექმნის მთელი საკრალური სურათხატება... აჰა, ნახეთ! რა ფართო განზომილების მქონე დრო-სივრცის რკალი მივიღეთ: ნისლის საბურველი ჩამოცილდა სამყაროს შექმნის ყველა საფეხურს, იმ ყველაზე იდუმალი, შორეული წერტილის ჩათვლით, როდესაც უფალმა ბრძანა: „იქმენინ ნათელი“.

      დიახ, ადამიანმა სამყაროს დასაბამიერ წერტილს უწვდინა გონების თვალი ამ უფართოესი მეხსიერების წყალობით, და ეს ყოველივე ამ საკრალულ ციფრს, შვიდიანს მოერგო, მიესადაგა.

      ეს ციფრი ადამიანს ყოველთვის წინ მიუძღვის, რასაც არ უნდა მიაპყროს თავისი ყურადღება... გემახსოვრებათ, რამდენი ვისაუბრეთ ამის თაობაზე წინა შეხვედრისას, ციფრ შვიდიანთან დაკავშირებით ყველას აღმოაჩნდა სათქმელი, შემთხვევითობის ჩათვლით. ყველაზე მეტად სწორედ მან მოგვხიბლა. ასე რომ, წმინდა წერილის სიტყვები, თითქოს მხეცს შვიდი თავი აქვს, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, ციფრი შვიდიანი აქ სულ სხვა მიზნითაა ნახსენები. ზღვიდან ამომავალ მხეცს ერთი თავი აქვს, რომელიც შინაგანი წყობით არის შვიდი, შვიდმაგ საოცრებას იტევს სიღრმისეულ წიაღში: აი ასეთნაირად წარმოჩინდა იგი ჩვენს წინაშე, როდესაც ვარსკვლავების სიმაღლიდან, ანუ დრო-სივრცის უფართოესი რკალიდან დავხედეთ... და იგი ადამიანია, ოღონდ არა რომელიმე კერძო პირი... (ბელადი, მეკობრე და ა.შ.), ადამიანი მისი ყველაზე ზოგადი ნიშნებით.

      ახლა კი ათი რქის შესახებ ვისაუბროთ. რომელია ეს ათი რქა? ცხადია, ვარსკვლავების სიმაღლე აქაც დაგვეხმარება, განსაკუთრებით არწივის თანავარსკვლავედი. არა, ამ თანავარსკვლავედში გამგზავრებას არ ვაპირებ, მისი სახელწოდება მხიბლავს... არწივი გამახსენა, მთების ბინადარი მტაცებელი ფრინველი, მიწიერი მშვენიერების ერთერთი განსახიერება. ყველას გექნებათ ნანახი, ფართოდ ფრთებგაშლილი რომ ნავარდობს ლურჯი ცის ტატნობზე. რა ლაღია, რა ამაყი... მის ყურებას მართლაც არაფერი სჯობს, თუმცა მე ამჯერად მისი კლანჭები მაინტერესებს ყველაზე მეტად, სილამაზით თვალის დარწყულება სხვა დროისთვის იყოს. ასე რომ, კლანჭები... ჰაერში ნავარდობისას არწივს კლანჭები არ უჩანს, იგი მათ მაშინვე შემოიკრეფს, როგორც კი სიმაღლეს აიღებს.

      კლანჭებს მხოლოდ მაშინ თუ დავინახავთ, როდესაც იგი რაიმეს დაესხმის თავზე, ბატკანი იქნება თუ წიწილა... ამგვარად, კლანჭები არწივისთვის იარაღია, ნამდვილად ქმედითი, ბასრი იარაღი, თქმა არ უნდა...

      ტყეში რაღაცამ გაიშლიგინა, ნეტავი რა უნდა იყოს? ცოტა ხანიც და ქორბუდა ირემი გამოერიდა მწვანიანს. აი, სილამაზის კიდევ ერთი ზეიმი; უნაკლოდ ნაძერწი, სხარტი სხეული... თავს უხვად განტოტვილი რქები აგვირგვინებენ. ქორი მართლაც შეძლებდა მათში დაბუდებას, ასეთი სახელიც, ქორბუდა იმიტომ უწოდეს. რქები იარაღია ირმისთვის, ბასრი, მართლაც ქმედითი იარაღი, ისე როგორც კლანჭები არწივისთვის, ჰაერში რომ ნავარდობს ლაღად ფრთებგაშლილი. ორმა ტყიურმა არსებამ წამით შეათვალიერა ერთმანეთი და ისევ თავის გზას ეწია ორივე... არწივი ირემს ვერ მოინადირებს, ირემს არწივი არც არაფრად სჭირდება, ეს ორივემ შვენივრად იცის.

      ყოველივე ამას ადამიანი შეჰყურებს, თანაც როგორ შეჰყურებს... სულ ერთიანად მზერად ქცეული, ფართოდ გახელილი თვალები აღტაცებით უბრწყინავს. თუმცა... უბრწყინავს თვალის ბროლი... უამისოდ მისი თვალები სხვანაირად ვერ გაბრწყინდებიან.

      იქნებ იკითხოთ, ეს მიწიერი სურათხატებანი, მართლაც მშვენიერი, რისთვის დაგჭირდაო. გეტყვით: მე მინდა ერთ სიბრტყეზე დავალაგო არწივის კლანჭები და ირმის რქები. ერთიც და მეორეც იარაღია, დანიშნულების და ფორმის მიხედვით განსხვავებულნი. მაგრამ მასალა, რომლისგანაც ისინი შექმნა ბუნებამ, ერთია, და ეს მასალა რქოვანა გახლავთ. რქოვანისგან არის გამოძერწილი არწივის კლანჭებიც, ირმის რქები, კამეჩის ჩლიქები, ფრინველის ბუმბული, თვალის ბროლი... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.

      ადამიანი თითქოს უმწეოდ გამოიყურება იმ ტყიური არსებების გვერდით, ზემოთ რომ აღვწერეთ, მაგრამ არა... ადამიანიც შეიარაღებულია, მისი იარაღი ფრჩხილები გახლავთ, ათი ფრჩხილი, რამდენადაც ადამიანს ათი თითი აქვს ხელზე. ფრჩხილებიც ხომ რქოვანაა, რომლისგანაც ბუნებამ არწივის კლანჭები და ირმის რქები შექმნა. ათი ფრჩხილი, ანუ ათი რქა, რომლებიც ადამიანის თითებს აგვირგვინებენ. აი სადამდე მივედით ამდენი მიეთმოეთის შემდეგ... წმინდა წერილში ნახსენები ათი რქა, იგივე ათი ფრჩხილია, ისინი ადამიანის ხელების ძლევამოსილებაზე მიუთითებენ. ჰკითხეთ საქმეში ჩახედულ ადამიანებს (ინჟინრებს, ბიზნესმენებს...) გეტყვიან; ბუნებას არ შეუქმნია უფრო სრულყოფილი მექანიზმი, ვიდრე ადამიანის ხელებია, ანუ ათი თითი, ათი ფრჩხილით (რქით) დაგვირგვინებული. უაღრესად ქმედითი და მოქნილია ეს ბუნებრივი მექანიზმი, ადამიანის ხელები... თანაც მბრძანებლად შვიდმაგი წიაღის მქონე თავი ჰყავს, უსასრულობამდე განფენილი მეხსიერებით, სამყაროს შექმნის სიბრძნე რომ გაისიგრძეგანა. წინ რა დაუდგება ასეთ ძლევამოსილ იარაღს? ამ ორი ხელით (ანუ ათი რქით) ადამიანი ქმნის ისეთ იარაღებს, რომელთა წინაშე ყველა მიწიერმა ძალებმა მოიხარეს ქედი.

      აი, როგორი არსება წარმოსდგა ჩვენს წინაშე, როდესაც ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედეთ; ზღვიდან ამომავალი მხეცი, ანუ ადამიანი ზოგადად... უსაზღვროდ განვითარებული გონებით, ანუ შვიდმაგი წიაღის მქონე თავით. ფრჩხილებით, ანუ რქოვანათი (გნებავთ, რქებით) დაგვირგვინებული ხელებით, რომელთათვისაც შეუძლებელი არაფერია მზის ქვეშ.

      „რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები“... წმინდა წერილის ეს სიტყვები რაღას ნიშნავსო, ალბათ კითხვები გაგიჩნდებათ. მაგაზეც მოგახსენებთ: ადამიანის ორი ხელი, ფრჩხილებით (ანუ რქებით) აღჭურვილი, ყველაზე ძლევამოსილი და ქმედითი იარაღია, როგორც უკვე ვთქვით, მაგრამ... საქმე იმაშია, როგორ იყენებს იგი ამ ძლევამოსილებას?

      ვთქვათ ასე: მშვენიერი საქციელი მშვენიერებას ასხივებს. როდესაც მოყვასს გაუწვდის ხელს საშველად, მაშინ თითქოს ჩირაღდნები ენთება ადამიანის ათივე თითზე, ისეთი სანდომიანი და საამაყოა ყოველივე ამ დროს. წმინდა წერილში ნახსენები ათი ჯიღა სწორედ ამას გულისხმობს.

      ანდა, როდესაც მშობელი დედა თავის პირმშოს ემსახურება, ხელით ატარებს, ეალერსება... ეს ხომ ყველაზე ცხადი მაგალითია ზემოთქმულისა. ჭეშმარიტად ასეა; მეტად დიდია ძალა და ბრწყინვალება იმ ათი ჩირაღდნისა, რომლებიც ადამიანის ხელებზეა ანთებული, ოღონდ... თუ ჯეროვან გზას ვუჩვენებთ მათ.

      აქ ერთი დიდი დაბრკოლება ძევს; ესაა ღვთისმგმობელი სახელები, რომლებიც მხეცის შვიდი თავის ზემოთ აღმართულა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მხეცს ერთი თავი აქვს შვიდმაგი წიაღით, და ყველა ამ წიაღს მბრძანებლობს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, აი ეს აზრია ჩადებული წმინდა წერილის სიტყვებში. მთავარი დაბრკოლებაც სწორედ ესაა; მთელი ძალით ვეღარ ანათებენ ღვთის მიერ ბოძებული ათი ჩირაღდანი, მათ ბრწყინვალებას ბნელი შეერევა ხოლმე. ამ დროს ისინი ბჟუტვას იწყებენ, შეიძლება ჩაქრნენ კიდეც, ისე იმძლავროს ბნელმა. ადამიანს მუდამ მათ შორის (სათნოების ჩირაღდნებსა და ცოდვათა სიბნელეს შორის) უხდება გზის გაკვალვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი იყოს. ამდენად, არცაა გასაკვირი, ადამიანი ხშირად რომ იბნევა, მაგრამ მშვენიერი საქციელი რომ მშვენიერებას ასხივებს, ეს ყოველთვის ახსოვს ადამიანს. ეს მშვენიერი გამონათქვამიც დაიტია მისმა ყოვლისდამტევმა, შვიდმაგწიაღიანმა გონებამ. ათი ჯიღა სწორედ ამას ნიშნავს.

* * *

      მზის ნიღაბმა დაასრულა სიტყვა, თავის დაკვრითაც გვანიშნა ამის შესახებ. იმწამსვე ჭექაქუხილის ხმამ გააყრუა ყველაფერი, ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა;

      - ძლივს! როგორც იქნა! - გრგვინავდა იგი, - მხეცმა ზღვიდან ამოსვლა დაიწყო! საეჭვო აღარაფერია, ცხადად ვხედავ ამის ნიშნებს.

      ნიღბებიც მაშინვე აჟივჟივდნენ, თამაშით გახარებული ბავშვებივით (რა ხშირად მახსენებს თავს ჩემი წინამორბედის ეს სიტყვები). მხეცი რომ ზღვიდან ამოდის, ამის ნიშნებს ჩვენც ვხედავთო, ამბობდნენ... არადა, რამდენ ხანს ველოდით. საცდელი არ დაგვიკლია, რა სატყუარა არ დავუყარეთ, და სულ ამაოდ, მისთვის, თვალის მოკვრაც ვერავინ შეძლო. ყველას თავგზას გვიბნევდა შვიდი თავით და ათი რქით. თურმე ვარსკვლავების სიმაღლე გვჭირდებოდა... რა კარგად მოიფიქრა მზის ნიღაბმა, რკალთა სისტემების დიდოსტატმა. მან პირველმა გადააბიჯა დრო-სივრცის უფართოეს რკალზე და ჩვენც თან გაგვიყოლა, ეს იყო უმთავრესი. სხვანაირად ვერაფერსაც ვერ დავინახავდით, პატარა ტბორის ბინადარ ლიფსიტებად დავრჩებოდით ყველანი.

      სხვათა შორის, ვარსკვლავებმაც უფრო მეტი გაცხოველებით იწყეს რიალი ჩვენს ირგვლივ. თან როგორ აკვესებდნენ თვალებს... ნეტავი კიდევ რას იტყვითო, მგონი ნიღბებს ანიშნებდნენ ამით.

      მერე ისევ ჭექაქუხილის ღმერთი აროხროხდა.

      - აკი ვთქვი, თითო ცთომილს მაინც იწონის წმინდა წერილის ყოველი სიტყვა, თუ მეტს არა... მეც მივხვდი, რაღაც განსაკუთრებული გზა და ბილიკი რომ გვჭირდებოდა მათთან მისასვლელად, მაგრამ აი, დრო-სივრცის უფართოეს რკალზე არ მიფიქრია.

      დიდი სინანული გაისმა ჭექაქუხილის ღმერთის ხმაში. ძალიან განიცდიდა (ის ხომ მეტად თავმომწონეა, ასე თქვა მოთამაშემ), რაღაცას რომ მიხვდა, მაგრამ როგორღაც სანახევროდ... ერთი ნაბიჯი გადადგა, წმინდა წერილის სიტყვების წონა დაინახა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, ერთ ნაბიჯს მეორე ვეღარ მიაშველა, ცთომილთა წიაღში ვეღარ ჩაიხედა.

      ერთხანს კიდევ იღუღუნეს და იჟივჟივეს ნიღბებმა, მხეცი ვეღარსად დაგვემალებაო, ამბობდნენ. დრო-სივრცის უფართოესი რკალი კიდევ ბევრ რამეს დაგვანახებს, მისი წყალობით ჩვენს თვალწინ უსაზღვრო სივრცე გადაიშალა, ჰოდა, სათქმელი ყველას გაგვიჩნდებაო.

      ძალაუნებურად ვუსმენდი ნიღბების ჟივჟივს, დროის გაყვანაში მეხმარებოდა... როცა იქნებოდა, მივაღწევდი ოქროს ნიღბამდე, ერთხანს უნდა გამეძლო ამ მიეთმოეთისთვის, ოქროს ნიღაბთან საუბარი (მისი საიდუმლოება) მიღირდა ამად...

      უცბად, თითქოს დანით ჩამოჭრესო, შეწყდა ყოველგვარი მიეთ-მიეთი, საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი. მოვათვალიერე იქაურობა. ვხედავ, ყველა ნიღაბი ჩემსკენ შემობრუნებულა, შემომყურებენ და მგონი რაღაცას ელიან ჩემგან. ჩემი მხრით, მეც შევაჩერდი მათ, ძალიან გაოცებული დავრჩი.

      - აბა, გისმენთ! - დაიროხროხა ჭექაქუხილის ღმერთმა.

      - მე მისმენთ? - ვიკითხე გაოცებულმა...

      - რა თქმა უნდა, შენ ხომ შემთხვევითობა ხარ! - დაიგრუხუნა ჭექაქუხილის ღმერთმა...

      - ...ჰო, ჰო, შენ ხომ შემთხვითობა ხარ, შენი სათქმელი თქვი, - აჟივჟივდნენ ნიღბები.

      ჰო, მართლა! ჩემი წინამორბედიც ამბობდა რაღაც ამგვარს, შემთხვევითობად ჩამთვალეს და სიტყვის თქმა მეც მაიძულესო. თუმცა კარგად გამომივიდაო, სიამაყით მაცნობა.

      მე კი, ნამდვილად ვიცი, არაფერი გამომივა, ვერაფერსაც ვერ ვიტყვი, ჩემი აზრები სულ სხვაგან ქრიან...

      არაფერი მაქვს სათქმელი-მეთქი, ვუთხარი ნიღბებს. თავის გაქნევითაც ვანიშნე ამის შესახებ.

      სუსხიანი დუმილი ჩამოვარდა, ნიღბები უძრავად იდგნენ, მათი მზერა კვლავ ჩემსკენ იყო მოპყრობილი.

      ვარსკვლავებიც კი გაირინდნენ, თითქოს ისინიც რაღაცას ელოდნენ ჩემგან, ისე შემომაცეცეს თვალები.

      მეც არ ვიღებდი ხმას. უნდა გაუძლო, ვამხნევებდი საკუთარ თავს, შენი გულისთვის რას არ გავუძლებ... ეს სიტყვები უკვე ოქროს ნიღბის მიმართ ვთქვი ჩემთვის გულში.

      - როცა იქნება, შემთხვევითობაც ალაპარაკდება, - თქვა ბოლოს ორსახა ნიღაბმა და ვერცხლისფერი ფართო სახელოები ააფრიალა, - ჯერჯერობით მე მომისმინეთ, ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ მეც გამიჩნდა სათქმელი.

      ნიღბები მაშინვე მისკენ მიტრიალდნენ, მეც შვებით ამოვისუნთქე.

ნახვა: 386

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ოქრო, ქადაგიძე, ძიება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters