ჯონ დიუი, ტრადიციული და პროგრესული განათლების დაპირისპირება

ქეთევან პოპიაშვილი

      ჯონ დიუის შეხედულებები განათლების შესახებ ეყრდნობა ორ ძირითად დებულებას: პირველი არის ის, რომ განათლების საფუძველს წარმოადგენს გამოცდილება, რომელიც მუდმივად განვითარებადია და მეორე ის, რომ სოციალური პროგრესი მიიღწევა მხოლოდ გამოცდილებებისა და აზრების გაცვლით, მსჯელობითა და დისკუსიით. „ორმხრივი კონსულტაციისა და დიალოგის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეხედულებები უკეთეს გამოცდილებებს უზრუნველყოფს“.[1]

      ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იძენს გამოცდილებას. თავდაპირველად ეს არის ურთიერთობის გამოცდილება ობიექტური სამყაროსთან და ახლობელ ადამიანთა ვიწრო წრესთან. ფიზიკურ ზრდასთან ერთად იზრდება გამოცდილებაც, რაც დამოკიდებულია  უკვე განათლების სისტემაზე, რომელიც, დიუის აზრით, უწყვეტი სოციალური პროცესია, რომელშიც ჩართულები არიან საზოგადოებრივ ჯგუფებად (ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები) გაერთიანებული ინდივიდები.

      მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობილი განათლება მიაჩნია დიუის ჭეშმარიტ განათლებად. ყოველი გამოცდილება უნდა ეყრდნობოდეს წარსულში მიღებულს და ნიადაგს უნდა უქმნიდეს მომავალ გამოცდილებას. ამავე დროს ის უნდა ცვლიდეს პიროვნებას და უღვივებდეს უფრო მეტ ინტერესს სწავლისადმი.

       ტრადიციული სკოლები იყენებდნენ სტანდარტულ სასკოლო გარემოს, ასევე მკაცრად იცავდნენ დისციპლინას, ერთი და იმავე პროგრამითა და გეგმით ასწავლიდნენ ყოველ მოსწავლეს, მიუხედავად მათი ინტერესისა და შესაძლებლობისა. აბსოლუტური სიჩუმისა და უმოძრაობის დაცვა საკლასო ოთახებში ტრადიციული სკოლების ღირსებად მიიჩნეოდა, პედაგოგები კი ასწავლიდნენ მხოლოდ იმას, რაც ეწერა სახელმძღვანელოში, მოითხოვდნენ მხოლოდ დაზეპირებას და არა გააზრებას. დისტანცია პედაგოგსა და მოსწავლეს შორის იყო მკაცრად დაცული და გადაულახავი. ასეთი სწავლება ვერ უზრუნველყოფს ვერანაირ წინსვლას, ვერც პიროვნების ინტელექტუალურ ზრდას. ის გაღვივების ნაცვლად კლავს ინტერესს ცოდნის გაღრმავებისას.

      პროგრესული სკოლები განათლების მთავარ პრინციპად მიიჩნევენ „სწავლას კეთებით“ , რაც დიუის აზრით არის კიდეც საშუალება ნამდვილად განათლებული ადამიანების აღზრდისა. კარგად შერჩეული, საინტერესო, სასიამოვნო სასწავლო გარემო, ასევე ფრთხილად,  განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული პროგრამები, სახელმძღვანელოები აძლევენ საშუალებას მოსწავლეს უკვე სკოლამდე მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეიძინოს ისეთი გამოცდილება, რომელიც კვლავ და კვლავ უბიძგებს მას ახალი გამოცდილების ძიებისაკენ. ყოველ ეტაპზე მას უჩნდება ინტერესი, სურვილი, მიზანი ,რომლის მიღწევის სწრაფვისაკენ უნდა უბიძგოს მას პედაგოგმა, შეუქმნის რა მას სათანადო გარემოს და მიაწვდის მისთვის საჭირო და შესაფერის მასალას.

      პედაგოგმა თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს ყოველი პიროვნების მიდრეკილებები და შესაძლებლობები. ამის საშუალებას აძლევს ის ფიზიკურად თავისუფალი გარემო, რომელიც ახასიათებს პროგრესულ სკოლებს, მოზარდები თავისუფალ ურთიერთობებში, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში ამჟღავნებენ თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს.

      მასწავლებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ის, რომ თავისუფლება ქაოსად არ გადაიქცეს, არა აკრძალვით, არამედ ურთიერთქმედებების, აქტივობების სწორად შერჩევით, რომელიც მორგებული იქნება ყველაზე ინდივიდუალურად საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე პედაგოგმა უნდა უჩვენოს გზა მოზარდს სასარგებლო გამოცდილებისაკენ და აარიდოს მას საზიანო გამოცდილება. პროგრესული პედაგოგი კეთილგანწყობილი და გაგებული უნდა იყოს და მხოლოდ აუცილებელ დონეზე იცავდეს დისტანციას. მოსწავლეები თავად არიან ჩართული სასწავლო მასალის, პროგრამების, აქტივობების შერჩევაში, პედაგოგი კი თვალყურს ადევნებს მათ სწორ ქცევასა და მიმართულებას. ის უზრუნველყოფს ისეთ გარემოს, სადაც ობიექტური პირობები ემსახურება ინდივიდთა სუბიექტურ განვითარებას, უყალიბებს მათ აზროვნების, განსჯის, სიტუაციების შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარს. პროგრესული სკოლის პედაგოგი არის უფროსი, მეგობარი, სანდო ლიდერი და არა მკაცრი, გულცივი ზედამხედველი, როგორც ტრადიციულ სკოლებში.

      დიუის აზრით „პროგრესული განათლების ყველაზე ჯანსაღი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქცენტს აკეთებს და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთა მონაწილეობას იმ მიზნების ფორმირებაში რომლებიც წარმართავენ მათ საქმიანობას სასწავლო პროცესში“. [2][3]

      აბსოლუტურად ვიზიარებ დიუის დადებით შეხედულებებს პროგრესულ განათლებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ასეთი საგანმანათლებლო სისტემა უზრუნველყოფს საზოგადოებას ჭეშმარიტად თავისუფალი, ინტელექტუალური ინდივიდებით, რომელთა შორის ურთიერთობები გაცილებით ცივილური და მისაღებია.

      უნდა ავღნიშნო, რომ მართლაც უმთავრესია პედაგოგის როლი მოზარდთა სათანადო აღზრდისა და განათლების პროცესში. თუ ყოველი პედაგოგი იქნება დიუისეულ პედაგოგის მოდელთან ძირითად ასპექტებში მიახლოებული, მაშინ დღევანდელ სკოლებში არსებული სასწავლო და სოციალური პრობლემები შემცირდება. თუ პედაგოგს ემახსოვრება, რომ ის დღეს არსებული ცოდნითა და გამოცდილებით არ დაბადებულა და ამას წლები მოანდომა, იქნებ შეძლოს და უკეთესად გადასცეს მოზარდებს თავისი გამოცდილება და ცოდნა. პედაგოგი მოზარდს უნდა უღვივებდეს სწავლის სურვილს და ინტერესს და არა პირიქით, უკარგავდეს მას სტიმულსა და მოტივაციას.

[1] დიუი ჯონ, გამოცდილება და განათლება. 282.

[2] დიუი ჯონ, გამოცდილება და განათლება შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

[3] დიუი ჯონ, გამოცდილება და განათლება. 312.

ნახვა: 197

ტეგები: აზროვნება, გამოცდილება, განათლება, თანამედროვე, ჯონ_დიუი

George: დეკემბერი 16, 2018||2:32pm

ჯონ დიუი - ს დროს, რაც ითვლებოდა პროგრესულად უკვე ძალიან დაძველდა : განათლებაში ორი დიდი რევოლუცია მოხდა და უამრავი მცირე ძვრები !( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

Qwelly World

free counters