"სამყაროსა და სულის სიცოცხლე გრძელდება მხოლოდ იმ წინააღმდეგობის წყალობით, რასაც ძნელად საცნაური საგნები გვიწევენ. საკმარისია, ყველაფერი შევიცნოთ, რომ ყოველივე გაქრეს, განქარდეს. ცნობირების მიერ კიდით - კიდემდე განწონილი სამყაროს არსებობა იმდენადვე იქნება შესაძლებელი, რამდენადაც მხილებული გაიძვერობა ან გაქნილი თალთმაქცის ოინი, რომლის საიდუმლო აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოებას"

პოლ ვალერი

      მეტად შეცვლოდა იერი სასურველ სტუმარს; სევდიანი იყო, იმდენად სევდიანი, ძლივსღა იცნო იგი არსთა გამრიგემ. ნუთუ ეს შმაგია, ჩემი ძველი მეგობარიო, გაივლო გუნებაში და მაშინვე იკითხა ეგზომ უჩვეულო ფერიცვალების მიზეზი.

      - ადამიანებთან ვიყავი ერთხანს. ჩანს, მათი იერი გამომყოლია.

      ასეთი გახლდათ პასუხი ამ კითხვაზე, პასუხი მეტად მოულოდნელი და უჩვეულო. ჭაღარა წარბები ზეაზიდა არსთა გამრიგემ, საოცარი ამბების მოსასმენად მოემზადა, ვის-ვის და შმაგის მართლაც ბევრი რამ ექნებოდა სათქმელი. ცის იდუმალი ბილიკები არავინ უწყოდა მასზე უკეთ, ბუნებითაც მეტად დაუდეგარი იყო, მოხეტიალე სულიც კი შეარქვეს ამ თვისებათა გამო.

      - პირდაპირ ვეღარ ვცნობ ადამიანებს, - ამბობდა შმაგი, სევდაც სულ უფრო და უფრო ემატებოდა, - სადღაა მათი უწინდელი სილაღე და მხიარულება... აუჩემებიათ, ძალიან დავჭკვიანდით და მეტი სიდინჯე გვმართებსო. მართლაც, ცოდნის უდიდესი მარაგი დაუგროვებიათ, მაგრამ რად გინდა, ვერ მოუსაზრებიათ, რა უყონ ამ უდიდეს საგანძურს. შეიძლება ითქვას, რომ არაფერში, ან თითქმის ვერაფერში იყენებენ მას. უფრო მეტიც, უმძიმეს ტვირთად ექცათ. ცხოვრება უაზრო გახდაო, ასე მოთქვამენ დღე და ღამე, არ ვიცით, რა არის ჩვენი სიცოცხლის მიზანიო. ჭეშმარიტების ძიებისას მუდამ გადაულახავ წინააღმდეგობებს ვაწყდებით, სწორი ბილიკი ვერ მოგვინიშნავსო.

      შმაგი გაჩუმდა, მასპინძლის პასუხს დაელოდა. არსთა გამრიგე არ ჩქარობდა რაიმეს თქმას, გაფაციცებული მზერა სტუმრისთვის მიეპყრო, ერთმანეთს ადარებდა ძველ და ახლანდელ შმაგის. სევდიანიო? მეტ-ნაკლებად შეფიქრიანებულიც კი არავის ეხილა იგი უწინ. სულ მუდამ ლაღობდა, ანცობდა, მხიარულობდა... ბოლო დროს ადამიანთა საქმიანობამ დააინტერესა (არსთა გამრიგეს ამისთვის უკვე მოეკრა ყური), კარგა ხანი დაჰყო მათ შორის, ყოველივეს ყურადღებით აკვირდებოდა და აფასებდა, თავად უხილავი, მაგრამ ყოვლის მხილველი. და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია მისთვის, როგორც თვითონვე აღიარა ალბათ, მართლაც ფარსაგი სჭირთ ადამიანებს.

      - ჩანს, მეტისმეტად ჩავფლულვარ მიწიერ საზრუნავში, ზოგი რამ გამომეპარა მხედველობიდან, - თქვა ცოტაოდენი ფიქრის მერე არსთა გამრიგემ, - შენ კი, ზეციურო ძმაო ჩემო, ცის მიუვალ უფსკრულებში ხეტიალის მერე დაეშვი დედამიწაზე. ამიტომ უმალ შენიშნე ის, რაც ჩემს ცხვირწინ სუფევდა და ვერ ვხედავდი... ჩემი მხრით, ცდა არ დამიკლია, დიდად გავაფართოვე ადამიანთა თვალსაწიერი, ძალუმი გავხადე მათი გონება...

      - დიახ. შენ გააფართოვე ადამიანების თვალსაწიერი, ძალუმი გახადე მათი გონება, - სიტყვა ჩამოართვა შმაგიმ, - მაგრამ ბოლომდე არ გახსენი ის გორგალი, რითაც ცისა და მიწის საიდუმლოა შეკრული. არ გადასწიე ფარდა, რომელიც უზენაეს ჭეშმარიტებას ფარავს ადამიანთა თვალისგან. მათ თითქოს ყველაფერი იციან, მაგრამ იციან როგორღაც სანახევროდ. მათი მსჯელობის და აღქმის უნარი სადღაც ლოგიკური ჯაჭვის შუაში წყდება, ბოლომდე ვერასოდეს აღწევს. ხედავენ, თუ რაოდენ ნაღვლიანია მათი ცხოვრების დროითი რკალი, მაგრამ ვერ ხედავენ იმ ზეციურ ნათელს, რომელიც ამ რკალის ბოლოს იჩენს თავს.

      შმაგი კვლავ გაჩუმდა, რათა მასპინძელს ბოლომდე გაეაზრებინა მისი სიტყვები და ცოტა ხნის შემდეგ გააგრძელა: ყველაფერს აჯობებს, ბოლომდე გაუხსნა ადამიანებს სამყაროს იდუმალების კარიბჭეო. მათ გონებას ნუღარ შეაყოვნებ ყოფიერების რკალის სადღაც შუა წერტილში, მათ თვალსაწიერს ფრთების ბოლომდე გაშლის საშუალება მიეციო.

      - ოღონდ ესაა, შენ მეტისმეტად მოუცლელი ხარ. ამ საქმის აღსრულება ვინმე სხვამ უნდა ითავოს, - ამბობდა შმაგი, - რაღა შორს წავიდეთ, აგერ არ ვარ? დავეშვები დედამიწაზე, სამყაროს იდუმალებას გავუმხელ ადამიანებს, ამისთვის კი, თვითონაც კარგად იცი, ადამიანის სხეული უნდა მქონდეს. უამისოდ ადამიანები ვერ დამინახავენ, ვერც ვერაფერს გაიგონებენ ჩემგან.

      არსთა გამრიგემ შმაგის მოწონებით დაუქნია თავი. მაშინვე აღმართა ოქროს კვერთხი, რომლის ბოლოშიც ბავშვის მუშტისტოლა პატიოსანი თვალი ბრწყინავდა. დაუბადებელ სულთა ქოროზე ანიშნა, პეპლებივით მსუბუქად რომ დარიალებდნენ სივრცეში.

      - გაერიე მათში. შენც მათსავით აღმოცენდები რომელიმე მდედრის სხეულში, გაივლი ადამიანური ცხოვრების ბილიკს. მერე, როცა შენი გონება მომწიფდება, შენში ამეტყველდება ზეციური მეხსიერება. ალაპარაკდები არაჩვეულებრივ მოვლენებზე, ჭეშმარიტებას უქადაგებ ადამიანებს, სამყაროს იდუმალებას აუხსნი...

      - ძალიან საეჭვო გზაა, - შორს დაიჭირა შმაგიმ, - ვინ იცის, როგორ აღზრას მივიღებ, რა პირობებში მომიწევს ცხოვრება, ანდა რა ფათერაკი მიდარაჯებს. შეიძლება ერთხელ არაფერი გამოვიდეს, რამდენჯერმე მომიწიოს ყველაფრის თავიდან დაწყება და განმეორება, ეს ძალიან გაჭიანურდება დროში. ამასობაში კი დედამიწაზე ვინ იცის, რომ მოხდება. მე მაფიქრებს ადამიანების ბედი, მათი ნაღვლიანი სახეები მოსვენებას არ მაძლევს. არა! დრო არ ითმენს, ახლავე უნდა მიბოძო ადამიანის სხეული.

      - ამბობ, ახლავე უნდა მიბოძო ადამიანის სხეულიო, - ცხარედ შეესიტყვა არსთა გამრიგე,

      - ყური მიგდე, ციურო ძმაო ჩემო, ადვილი საქმე ხომ არ გგონია ადამიანის სხეულის ტარება? კარგად ვიცი შენი უჩვეულო ძალმოსილების ამბავი (ან კი ვინ არ იცის), მაგრამ მაინც ვშიშობ, გაგიძნელდება. ეს უძვირფასესი საჩუქარია, განგების მიერ მოძღვნილი, ამავე დროს უმძიმესი ტვირთიცაა. მეტად შორი და დახლართული გზის გავლა უწევს ადამიანის ნაშიერს, სანამ სხეულის გათავისებას შეძლებს. მუცლადყოფნისას სულს არ ამძიმებს სხეული, რადგანაც თევზივით ტივტივებს და წონა სრულებით არ აქვს. მხოლოდ დაბადებისას შეიგრძნობს იგი, თუ რამდენად მძიმე ტვირთი აჰკიდა განგებამ. გადიან დღეები. სული ნელ-ნელა ეჩვევა პაწია სხეულს, რომელიც თანდათან ივსება, იზრდება, ძალას იკრებს. ბოლოს დგება ჟამი, როცა ბალღი თამამი ბატკანივით დარბის და დედა ვეღარ ეწევა, მაგრამ ეს კიდევ რაა, კიდევ ბევრი უნდა ირბინოს ადამიანის ნაშიერმა, სანამ მისი პატარა ნაფეხურები მოზრდილი ადამიანის ნაფეხურებად არ იქცევა. აი, სხეულმა უკვე მიაღწია ზრდასრულობას, ძლიერია და მოქნილი. სულმაც საბოლოოდ გაითავისა იგი. დიახ, სული და სხეული ისეა ჩაქსოვილი ერთმანეთში, ძეხორციელი ვერ შეიცნობს, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე. ამის მიღწევას კი, ციურო ძმაო ჩემო, უზარმაზარი ენერგია და დროის საკმაოდ ფართო რკალი სჭირდება. სხვანაირად სული ვერ გაუძლებს ამ უმძიმეს ტვირთს, ვერ შეძლებს სხეულის მართვას. მოთქვამს და კიდევ გიმეორებ: ახალშობილიც კი ძალიან იტანჯება, როდესაც სულ პირველად შეიგრძნობს სხეულს. ეს იმ დროს, როცა სხეული ასე პაწიაა. რაღა მოგივა შენ, ზრდასრული ადამიანის ტყავში რომ გაეხვიო და მისი სხეული იტვირთო? იფიქრე ამაზე...

      ამაოდ დაშვრა არსთა გამრიგე, სიტყვაუხვობა ამაოდ აფრქვია... არაფრის გაგონება არ ინება შმაგიმ, ანუ რაც იგივეა, მოხეტიალე სულმა, ცათა ბილიკების ყარიბმა, ყველაზე ლაღმა და დაუდგრომელმა ციურ ძმათა შორის... გულში მტკიცედ ამოეჭრა მიწაზე ხორციელად დაშვება და ადამიანთა ნაღველ-სატკივარის წამლობა. მეტს ვეღარ დავიცდიო, ჯიუტად იმეორებდა, ვშიშობ, რაიმე არ აუტეხონ თავს სევდა-ნაღველში ჩაძირულმა, დარდით შეჭირვებულმა ადამიანებმაო.

      რაკი იხილა, სხვა საშველი აღარ არისო, დაყაბულდა არსთა გამრიგე. ოღონდ გააფრთხილა, მხოლოდ ერთი დღის ვადას მოგცემ, ყოველივე საღამომდე უნდა მოასწროო. შეპირდა, ხელს მეც ყოველნაირად მოგიმართავო. მერე ციურმა ძმებმა ერთმანეთს დაუახლოვეს ღვთაებრივი შუქით გაბრწყინებული შუბლები, ჩუმად მოითათბირეს, თუ როგორ გაერიგებინათ ეს საქმე. თვით ანგელოზმაც კი, სწორედ იმ დროს რომ მიართვა მათ ნექტრით სავსე ოქროს თასი, ვერაფერი გაიგონა მათი საუბრიდან.

      მართლაც უნაკლოდ აღასრულა ყოველივე... აბა, მიწაზე წინ რა დაუდგება იმას, რაც უკვე გადაწყდა ზეცაში... ჯერ მაცნე-ანგელოზები დაეშვნენ ზეცით, ღონიერი ფრთებით გაკვეთეს ცარგვალი, მძლავრად დააქუხეს ოქროს საყვირები და აუწყეს ხალხს, სულ მალე ზეციურ ნებას განგიცხადებთ კაცი ერთი ძე-ხორციელი, დიდი ამბების მოსასმენად მოემზადენითო. იმ დროს ჯერ კიდევ არავის უკვირდა ასეთი გამოცხადებანი, შეჩვეული ჰქონდათ თვალი და ყური, ამიტომ არც დიდად განცვიფრებულან, არც ზაფრა დასცემიათ. მაშინვე მოჯარდნენ ოთხივე კუთხით, დიდი თუ პატარა, ერი თუ ბერი. სასწრაფოდ შეთხზეს ფართო და მაღალი ფიცარნაგი, რათა მქადაგებელი ყოველი მხრიდან კარგად გამოჩენილიყო.

      ის იყო დასრულდა ფიცარნაგის შეკვრა, შეწყდა ჩაქუჩების შეწყობილი კაკუნი, ბოლო ლურსმანი ჩააჭედა მარჯვე ხელოსანმა, რომ ფიცარნაგზე მაშინვე მთელი ტანით აღიმართა შმაგი, იგივე მოხეტიალე სული, ანუ ცათა ბილიკების ყარიბი... ტანთ ღირსეულად შემოსილი.

      აკი ვთქვი, უნაკლოდ აღსრულდა-მეთქი ყოველივე; ვითომდა შემთხვევით ამოვარდნილმა ქარმა აიტაცა სადღაც გასამზეურებლად გაფენილი სამოსი და კარგი თერძივით მოარგო ტანზე შმაგის. ასე რომ, სხეულით და ტანსაცმლით შემოსვა დროში ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს, იმდენად ზუსტად, რომ გარეშე თვალი ვერანაირად ვერ გაარჩევდა, რომელმა დაასწრო, სხეულმა ტანსაცმელს თუ ტანსაცმელმა სხეულს.

      ფეხზე მტკიცედ დადგა შმაგი, გაუძლო ამ უმძიმეს ტვირთს, ადამიანის სხეულს. ძალიან კი შეჭირვდა პირველ წამს, მთელი თავისი სანაქებო ძალმოსილების მოხმობა მოუხდა. უნდა ითქვას, წარმატებით გაართვა თავი ამ უძნელეს ამოცანას, მყარად, დაჯერებულად ეჭირა თავი. მისი შემყურე ვერაფრით წარმოიდგენდი, ეს წუთია გადმოაბიჯა უსხეულოთა საუფლოდანო, ახალშობილს არაფრით არ ჰგავდა.

      ჭრელი ხალხი ეხვია ირგვლივ ფიცარნაგს, სახე კი ყველას ერთნაირად ნაღვლიანი ჰქონდა, თითქოსდა ამ სიჭრელეს ერთი სახე აქვსო.

      - ამაოდ ნაღვლობთ ამზომამდე, დედამიწის გონიერო მკვიდრნო, - დაიწყო შმაგიმ და ფიქრიანი მზერა შეაგება ნაღვლიან თვალთა სიმრავლეს, - ცხოვრება მშვენიერია ამ ცთომილზე და გარწმუნებთ, კიდევ უფრო მშვენიერი გახდება მომავალში. ვიცი, ამჯერად ბევრი რამ გაფრთხობთ და გაღონებთ; ეს იმიტომ, რომ სრული არაა თქვენი ცოდნა სამყაროს შესახებ. ყველაფერი როგორღაც სანახევროდ იცით. ზოგ შემთხვევაში კი, რა დასამალია, ამ ნახევარზეც არ მიგიწვდებათ ხელი. თქვენთან იმ მიზნით მოვსულვარ, რათა ყოველივე კარგად და გასაგებად აგიხსნათ. ერთად გავიაროთ ის გზა, რასაც თქვენი გონებით ვეღარ შეწვდით, მაშინ თქვენთვის აღარაფერი იქნება დაფარული, შიში და ეჭვები აღარ დაგტანჯავთ...

      უდავოდ მშვენივრად ლაპარაკობდა შმაგი, დალაგებული და გასაგები იყო მისი ყოველი სიტყვა, ხალხიც უდიდესი ყურადღებით უსმენდა, ყოველ მის სიტყვას ჰაერში იჭერდა, მაგრამ სულ მალე ხალხს მაინც დაეფანტა ეგზომ გამახვილებული ყურადღება. რატომ? იმიტომ რომ შმაგი რატომღაც გვერდზე გადაიხარა. თანაც სულ უფრო და უფრო იხრებოდა, სანამ ბოლოს ფიცარნაგზე არ მოადინა ტყაპანი.

      ალბათ მიხვდით, რაშიც იყო საქმე. შმაგი ვერ ფლობდა სრულყოფილად თავის ახლადშეძენილ სხეულს, მიუხედავად გამორჩეული ძალმოსილებისა, და ამან სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც ლაპარაკში გაერთო და თავდაჭერაზე ზრუნვა უნებურად შეასუსტა.

      - მომიტევეთ, - მოიხადა ბოდიში შმაგიმ და სასწრაფოდ წამოხტა, კვლავ მყარად დადგა ფეხზე. ბუნებით ლაღსა და მხიარულს, არაფრად ჩაუგდია ეს პატარა მარცხი. პირიქით, თავშესაქცევადაც კი მოეჩვენა და თვითონვე დასცინა თავის თავს, ამის ნიშნად გულიანად შეჰღიმა მისკენ თვალმიპყრობილ სევდიანი სახეების სიჭრელეს.

      რაღა დაემართათ სევდიანებს? ცხადია, მათ კარგად დაინახეს შმაგის ღიმილი, ძალიანაც მოეწონათ და სცადეს თვითონაც მიებაძათ მისთვის, მაგრამ ვაი, რომ არაფერი გამოუვიდათ. სახეები დაემანჭათ, ტუჩ-პირი უცნაურად მიბრიც-მობრიცეს, ყოველივე ამის შედეგად უცნაური და გაუგებარი იერი მიიღეს. არა, ამას ღიმილს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. თვალებიც კვლავინდებურად მწურახედ გამოიყურებოდნენ.

      - ... იდუმალებას ნუ გაექცევით, ნურც უარყოფთ, იგი თქვენი ძველი, ნაცადი მეგობარია, - გააგრძელა შმაგიმ ლაპარაკი. თავიც ღირსეულად ეჭირა, ლარივით გაჭიმული იდგა ფიცარნაგზე... უფრო სწორედ, თვითონ ეგონა ასე, სინამდვილეში კი ისევ იხრებოდა გვერდზე, ოღონდ ახლა უკვე საწინააღმდეგო მხარეს. გადაიხარა, გადაიხარა და ,,ტყაპ!~ თვითონაც ვერ გაიგო, ისე დაებერტყა ძირს.

      - ოჰ! ისევ გთხოვთ მაპატიოთ, - კვლავ მოიხადა ბოდიში შმაგიმ და ფართო სახელოების ფართხუნით წამოიწია ფიცარნაგიდან. ღიმილი, ცხადია, არც ახლა დაამადლა საკუთარ თავს და სევდიან სახეთა სიჭრელეს.

      აქ მინდა გითხრათ ის, რისი თქმაც აქამდე საჭიროდ არ ვცანი, რამეთუ ყოველივეს თავისი დრო აქვს; მეტისმეტად დიდი ზომისა აღმოჩნდა ის ტანსაცმელი, რომლითაც ასე ჰაიჰაირად შეიმოსა შმაგი მიწაზე დაშვებისას. კალთები ფეხებში ებლანდებოდა, სახელოებსაც სულ ფრიალ-ფრიალი გაჰქონდათ. ეს ყოველივე განსაკუთრებულ მარილს მატებდა შმაგის უგერგილო მიხვრა-მოხვრას, შეუძლებელი იყო, შმაგისთვის შეგეხედათ და ღიმილი შეგეკავებინათ.

      ასედაც იყო, შმაგის გულიანმა ღიმილმა და ფართო სამოსელის ფართხუნმა შეძლეს შეუძლებელი, საპასხუო ღიმილს მიაღწიეს. ცხადია, ეს ღიმილი ჯერ კიდევ შორს იყო სრულყოფილებისგან. ჯერ კიდევ გაგიძნელდებოდა, მისთვის სახელი მოგეძებნა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯის არსებობა ეჭვისთვის ადგილს არ ტოვებდა, სახის იერი მორბილდა, მოქუფრული შუბლები გაიხსნა. თვალებში კი, უიმედობით სავსე, ნაღვლიან თვალებში, თბილი მოციაგე პანერწკლები გაკრთა, თითქოს ბნელ ღამეს განთიადის შუქმა უწიაო.

      - ამაოდ გეშინიათ სიკვდილის, უკვდავები ხართ ყველანი. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ, - აგრძელებდა შმაგი ქადაგებას, თან აქეთ-იქით ირწეოდა, ბორძიკობდა, ყოველ წამს ინაცვლებდა ფეხს. ახლა უკვე მეტისმეტად მოინდომა, როგორმე სწორედ სჭეროდა თავი და ძირს აღარ დაბერტყებულიყო. მთელ თავის ნაქებ ძალ-ღონეს მოუხმო, რათა ამისთვის მიეღწია, ამას კი შედეგად ის მოყვა, რომ შეუსვენებლად ლაპარაკობდა სამყაროს იდუმალების შესახებ. ყოველივეს დაწვრილებით აღწერდა, ხსნიდა, განმარტავდა. სამყაროს მთელი აგებულება ლამის ხელშესახებად დახატა ცოცხალი სახეებით თუ ციფრებით. ხალხიც უსმენდა, მაგრამ რომ იტყვიან, ცალი ყურით. ყველას იმაზე ჰქონდა თვალი გამოჭყეტილი, თუ რა უცნაურად ეჭირა თავი ცით გამოცხადებულ მოქადაგეს; სახიფათოდ გადაიხრებოდა ხან წინ, ხან უკან, ხანაც მარჯვნივ ან მარცხნივ, ხელ-ფეხსაც უცნაურად იქნევდა, აფრიალებდა დიდი ზომის ტანსაცმელს. ამჯერად შედარებით დიდხანს გაუძლო, მაგრამ ბოლოს მაინც დაებერტყა ძირს.

      მიხვდა შმაგი, თუ რაოდენ მართალი იყო არსთა გამრიგე, სხეულის მართვის სიძნელეზე როცა აფრთხილებდა. მიხვდა და შეწყვიტა კიდეც ყოველგვარი მცდელობა, რა არის ღირსეულად სჭეროდა თავი. პირიქით, ბოლომდე უკუჰყარა ძალდატანების ბორკილები. ფეხზე მკვირცხლად წამომხტარმა თითქოს მართლა უცხო საგანიაო, ბზრიალასავით დაატრიალა თავისი ახლადშეძენილი სხეული, ამით საკუთარ უგერგილობას დასცინა, კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოამზეურა იგი.

      რაღა დაემართათ სევდიან ადამიანებს, რომლებმაც ეს წუთია ისწავლეს ღიმილი? ცხადია, ახლაც იღიმებოდნენ. შმაგის ღიმილი, როგორც სარკეში, უკვე ისე აისახებოდა მათში, მაგრამ გრძნობდნენ კია, რომ ეს აღარ იყო საკმარისი. თვალმოუშორებლად შეჰყურებდნენ შმაგის, უფრო სწორედ, თვალებით სჭამდნენ, რაღაც საოცრად სიამოვნებდათ მისი ცქერა, პირდაპირ ნეტარების მწვერვალზე იყვნენ. და ამავე დროს საშინლად იტანჯებოდნენ, რადგან ამდენ განცდებს ღიმილი ვეღარ იტევდა. რაღაც გროვდებოდა მათში, რაღაც ახალი, გამოუცნობი, ცინცხალი, ნათელი და ყოვლისწამლეკავი. დიდი თუ პატარა აივსო ამ ,,რაღაცით~, რომელიც გამოსავალს ეძიებდა. ამას მოწმობდა მათი უზომოდ დაჭყეტილი თვალები და ლამის ყურებამდე გატანილი ტუჩ-პირი. ცოტა დააკლდა, კინაღამ კრუნჩხვები დაემართათ.

      და როცა შმაგი ბზრიალასავით დატრიალდა ფიცარნაგზე, სწორედ მაშინ დაიძრა ის გამოუცნობი, ცინცხალი ენერგია, მათი დაგუბებული. დაიძრა და ერთიანად შეარყია მათი სხეულები. ჰა, ჰა, ჰა, ხო, ხო ხო,... აღმოხდა ხალხს უცნაური ბგერები. თვითონვე გაოცდნენ, ეს რა გვემართებაო, მაგრამ განა შეეძლოთ შეჩერებულიყვნენ ამის გამოსარკვევად... თითქოს მთის მდინარე მოექანებაო, ირგვლივ ყველაფერს რომ აცოცხლებს და ალამაზებს, მოექანება თამაშ-თამაშით, ხტუნვა-ხტუნვით, ქვიდან ქვაზე, კლდიდან კლდეზე, ისე აღმოხდა მათში სიცილი - დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, ყველამ ერთად გულიანად გაიცინა. კიდევ კარგი, შეძლეს გაცინება, თორემ ალბათ მართლა კრუნჩხვები დაემართებოდათ.

      და ამ საოცარმა მოვლენამ უდიდესი შვება მოჰგვარა ყველას. თითქოს უზარმაზარი ლოდი მოსცილდათ გულიდანო, ისეთი სილაღე და სიმსუბუქე იგრძნეს. მსგავსი რამ მანამდე არასოდეს განეცადათ. თან უკვირდათ, თან უზომოდ ნეტარებდნენ.

      შმაგი კვლავ აგრძელებდა მათ გართობას, ასე გამოუვიდა თავისდა- უნებურად. ბზრიალასავით ტრიალებდა, ხელ-ფეხს თოჯინასავით იქნევდა, აფრიალებდა ფართო სამოსის კალთებს. ხალხიც უდიდესი სიამოვნებით შეჰყურებდა, ოღონდ მისთვის ეცქირათ და ეცინათ, სხვა ამქვეყნად აღარაფერი უნდოდათ. ვიღას ახსოვდა სამყარო და მისი იდუმალება... იცინოდნენ ისე, რომ ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდათ, მუცლები კი ხელით ეჭირათ.

      აი, შმაგი ისევ გაგორდა ფიცარნაგზე, ვინ იცის, უკვე მერამდენეჯერ, საკუთარ ფართო სამოსში გაიხლართა, მაშინვე მალაყი გააკეთა, რათა თავი გაეთავისუფლებინა. ეს კიდევ უფრო სასაცილოდ გამოუვიდა. ხალხი ამაზე სულ მთლად ჩაბჟირდა...

      ბოლოს ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ხალხმა ხელები აიფარა თვალებზე, მეტი აღარ შეგვიძლიაო, ამბობდნენ, ეს უცნაური მოქადაგე სიცილით ბოლოს მოგვიღებსო. შმაგისაც რაღა დარჩენოდა, უნდა გასცლოდა იქაურობას. მით უმეტეს, რომ უკვე გავიდა არსთა გამრიგეს მიერ მონიჭებული დრო ადამიანის სხეულის ტარებისა. ხალხს თავის დაკვრით დაემშვიდობა და საჩქაროდ გაერიდა იქაურობას. მიდიოდა და თან მიჰქონდა დიადი იდუმალება, რომელიც ვერა და ვერ გაუზიარა ხალხს, სიცილმა შეუშალა ხელი.

      იხტიბარგატეხილი დაბრუნდა შმაგი არსთა გამრიგესთან. შესჩივლა, ადამიანების სიცოცხლეს ახალი ვერაფერი შევმატეო.

      - შენ ხომ მათ სიცილი აჩუქე, - გაიღიმა არსთა გამრიგემ, - სხვათა შორის, უკვე მიმბაძველებიც გამოგიჩნდნენ. დიდი ზომის ტანსაცმელს იცვამენ და თოჯინებივით იქნევენ ხელ-ფეხს. ზოგს მართლაც კარგად გამოსდის. არა, მათ ეს აღარ დაავიწყდებათ, სიცილი მათი მუდმივი თანამგზავრი იქნება.

      - მე სულ სხვა რამ მქონდა მიზნად, - თქვა შმაგიმ, - მინდოდა სამყაროს მთელი იდუმალება გამემხილა მათთვის.

      - განა სიცილი სამყაროს იდუმალებაზე ნაკლებია რაიმეთი? -

      ამ სიტყვებთან ერთად არსთა გამრიგემ თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. შმაგი დაფიქრდა, პასუხი უცბად ვერ მოძებნა. ალბათ არცაა ადვილი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომელი უფრო მეტია, სიცილის უნარი თუ სამყაროს მთელი იდუმალება. თუ ვინმეს ეხალისება, იმტვრიოს ამაზე თავი, ერთი კი ნაღდია; ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, ნებსით თუ უნებლიედ, შმაგიმ, ანუ მოხეტიალე სულმა მიუბოძა ადამიანებს.

ნახვა: 206

ტეგები: qwelly, ბლოგი, მოთხრობა, პროზა, საჩუქარი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters