პირველი ადამიანი, ვინც ოქრო აღმოაჩინა, სულით და ხორცით ნამდვილი პოეტი იყო. მხოლოდ ლექსებს არ წერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ხატვით კი ხატავდა ხანდახან, როცა ხასიათზე იყო და კუჭიც მაძღარი ჰქონდა. პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების კედლებზე დღემდე შემონახულ ნახატებში უეჭველად მისი ხელიც ურევია.

      ყველაზე მეტად კი ამომავალი მზის ყურება უყვარდა.

      როგორც დღეს არ აკვირვებს არავის მზის დანახვა, არც მაშინ აკვირვებდა პირველყოფილ ადამიანებს. მიჩვეული იყვნენ, რომ მზე ყოველდღე ენთო ცაზე კვარივით, ათბობდა და ანათებდა ყველაფერს.

იმას კი, იმ პირველქმნილ პოეტს, რატომღაც ძალიან აკვირვებდა მზის დანახვა. ყოველთვის ისე მიაჩერდებოდა ხოლმე ამომავალ მზეს და ისეთ განცვიფრებას გამოხატავდა, თითქოს მზის ელვარე დისკო პირველად დაინახაო. ამიტომ თანატოლებმა სახელად უწოდეს

      „ჭაბუკი, რომელიც მზეს შესცქერის“. მერე ეს სახელი შეამოკლეს, რათა დასაძახებლად ადვილი ყოფილიყო და ბოლოს მზეჭაბუკი შეარქვეს.

      სხვა მხრივ კი მზეჭაბუკი არაფრით განსხვავდებოდა თავისი ტომის სხვა წევრებისაგან. მათთან ერთად ნადირობდა და მერე ნახევრად შემწვარ ხორცს მიირთმევდა. საგმირო საქმეებითაც არასოდეს გამოუჩენია თავი.

მაშინდელი დროის პირობაზე გარემო, რომელშიც მზეჭაბუკი ცხოვრობდა, არ იყო კოლორიტს მოკლებული. თანამედროვე ადამიანს რომ შეეძლოს იმ შორეულ ეპოქაში გადახედვა, საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი წარმოუდგებოდა თვალწინ; შორს, ჰორიზონტზე პირქუში კლდეების მწვერვალები წამომართულა. ყოველ მათგანს ისეთი უცნაური ფორმა აქვს, თითქოს ვიღაც მოქანდაკეს შუა გზაზე მიუტოვებია თავისი საქმე და ბოლომდე არ გამოუკვეთია რომელიღაც უცხო ღვთაებათა ფიგურები. ღვთაებანიც მდუმარედ, მოთმინებით ელიან თავიანთ რიგს, სანამ უცნობი მოქანდაკე მათ დღის სინათლეზე გამოიყვანს. აქაურობას არც მბოლავი ვულკანი აკლია.

      ერთ-ერთი ღვთაება კი უკვე თავის სტიქიაშია; შემაღლებულ ბექობზე ქვის კერპი აღმართულა, ფართოდ გაღებული ხარბი პირით და თვალების ღრმა ფოსოებით. მეტი ეფექტისათვის ხარის მაღალი რქებიც დაუდგამთ მისთვის თავზე. დახვეწილი და ნატიფი შეხედულების ვერ არის მაინცდამაინც. ერთი დიდი ღირსება კი უეჭველად აქვს კერპის პირობაზე; ეს არის მისი განუზომელი ძლიერება. გარეგნული საზარელი იერიც ამ განუზომელი ძლიერების ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია. ქვის კერპის გვერდით ტომის ბელადი დაბრძანებულა მედიდური იერით. იქვე ნადირის ტყავით შემოსილი მონადირეები ირევიან. კერპის ირგვლივ ხშირად დგას სისხლის გუბე. ეს ან მეზობელ ტომთან შეპყრობილი ტყვეების სისხლია, ან საკუთარი ტომის ურჩებისა. რას იზამ, ქვის ღვთაებას მსხვერპლი სჭირდება.

      აი, ასეთ სისხლსავე, მჩქეფარე გარემოში აღიზარდა მზეჭაბუკი. ბალღობისას არხეინად თამაშობდა ომობანას თავისი ტოლებისგან მუდამ დაკბენილ-დასისხლიანებული და ფიქრადაც არ მოსდიოდა, თუ მსოფლიოში უდიდესი აღმოჩენის, ოქროს აღმოჩენის ავტორი გახდებოდა ოდესმე.

      ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა გახურებული ნადირობის დროს მოხდა, როცა ტომის მონადირეები დაჭრილ ხარს მისდევდნენ. ზორბა, ღონიერმა ხარმა კარგა ხანს არბენინა მდევრები, თუმცა ჭრილობიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა. სისხლის კვალმა მონადირეები ღრმა ხეობაში შეიყვანა, სადაც მდინარეს ოქროს ქვიშა ჩამოჰქონდა და მთელი ხეობა ოქროსფრად იყო შეფერილი. აქა-იქ ოქროს ზოდებიც ეყარა. უკვე ძალაგამოცლილი ხარი მძიმე ქშენით აღმა შეუყვა მდინარის კალაპოტს. ხეობა ჯერ თანდათან დავიწროვდა, მერე უეცრად გაფართოვდა და მონადირეებს თვალი მოსჭრა რაღაც უჩვეულო ბრწყინვალებამ. ხეობა განიერ ღარტაფში გადავიდა, სადაც უამრავი ოქროს ზოდები დაგროვილიყო. ხარმა ზედ სისხლით დაკლაკნილი კვალი დატოვა, შავი აჩრდილივით გაირბინა ოქროსფერი სხივების ზღვაში. მონადირეებიც უკან მიჰყვნენ, ერთი ღრიანცელით ჩაირბინეს ღარტაფში და თვალს მიეფარნენ.

ერთი მათგანი იქვე დარჩა.

      ეს მზეჭაბუკი იყო. იგი ისე განაცვიფრა უჩვეულო ბრწყინვალებამ, რომ მაღლა აიხედა, მზე ხომ არ ჩამოვარდაო. არა, მზე თავის ძველ ადგილას იყო. კლდეებს იქიდან ამომავალს, სხივთა კონები ოქროს ბილიკებივით ჩამოეშვა ციდან და ბრწყინვალე დიადემასავით დასდგომოდა თავზე ხეობას. ძირს მეორე მზე ბრწყინავდა. მზეჭაბუკმა სირბილი შეანელა, უნდოდა მეორე მზე კარგად დაენახა. იმავე წამს მონადირეთა ხროვამ ნაფოტივით მოისროლა განზე.

      რბილ, ოქრონარევ ქვიშაზე გაგორებული მზეჭაბუკი სწრაფად წამოხტა, არაფერი არ სტკენია, მაგრამ დაჭრილ ხარს აღარ გამოდევნებია.

      ფრთხილად მიუახლოვდა კლდეში გაბრწყინებულ მზეს და ხელით შეეხო. ცივი აღმოჩნდა მიწიერი მზე. კარგად დაუკვირდა მზეჭაბუკი და აღმოაჩინა, რომ ეს იყო „ყვითელი ტალახი“, როგორც ტომში უწოდებდნენ ოქროს. მისგან არც იარაღი გაკეთდებოდა, არც არაფრად ვარგოდა. მდინარის კალაპოტში უამრავი ასეთივე ნატეხი ეყარა, ქვიშა ოქროსფრად ბრწყინავდა. ლოდები და პატარა ქვებიც ოქროსფრად შეფერილიყვნენ.

      სხვა დროსაც ენახა მზეჭაბუკს „ყვითელი ტალახი“, მაგრამ ასე ნამდვილ მზესავით მოელვარე - არასოდეს.

ვეღარ მოშორდა აქაურობას მზეჭაბუკი. ჩუმად გარინდებულმა, კარგა ხანს ცნობისმოყვარეობით უყურა ოქროს მზეს, სანამ თვალები სულმთლად არ აუჭრელდა. მერე ძირს დაყრილი ოქროს ზოდები დაათვალიერა, აკვირვებდა მათი ნაირ-ნაირი ფორმა და ამ ბრჭყვიალა ნატეხებით თამაში დაიწყო. მაღლა მზისკენ ისროდა მათ. ისინიც წამით გაიელვებდნენ ჰაერში და ძირს მეტეორებივით ცვიოდნენ. მზეჭაბუკი სიხარულისაგან ხარხარებდა, აღტაცების გამომხატველ ბგერებს გამოსცემდა.

      როცა მიწიერი მზის ბრწყინვალებამ იკლო, მაშინღა აიხედა მაღლა მზეჭაბუკმა - ციური მზე გადახრილიყო. მიხვდა, დიდი დრო გასულაო. შიმშილმაც თავი შეახსენა. ერთხელ კიდევ მიეფერა ხელით მიწიერ მზეს და ხარის სისხლის კვალი მოძებნა, რომელიც უკვე სულმთლად გაშავებულიყო.

      სისხლის კვალმა მიმქრალ კოცონთან მიიყვანა. კოცონის ირგვლივ გამოხრული ძვლები ეყარა, არც ერთ მათგანს ხორცის ნატამალიც არ შერჩენოდა. მზეჭაბუკი ერთხანს ჩიჩქნიდა ამ ძვლებს, მერე თავი გაანება და ირგვლივ მიმოიხედა. უზომოდ მაძღარი თანატომელები იწვნენ და თვლემდნენ.

      მშიერი მზეჭაბუკი უკანვე წაძუნძულდა ტყეში რაიმე საკბილოს საშოვნელად. როგორც კი თვალს მიეფარა, მიმქრალ კოცონთან ერთი ბურტყუნი და ხითხითი ატყდა. ეს ყოჩაღი მონადირეები დასცინოდნენ საწყალ მზეჭაბუკს, მშიერი რომ დარჩა. თუმცა ჯერ ისევ ველურები არიან, მაგრამ პრაქტიკლუი ცხოვრების თანდაყოლილი ალღო შეუმცდარად კარნახობს მათ, თუ რა სასიამოვნო და სასარგებლოა ერთსა და იმავე დროს მაძღარი კუჭით მშიერის გამასხარავება, ძალიან უწყობს ხელს საჭმლის მონელებას. უკვე მოასწრეს ამ დიდი სიბრძნის შეთვისება; მართლაც, მთლად გასულელდა მზეჭაბუკი. ის არ კმაროდა სულ მზეს რომ შეჰყურებდა დამთხვეულივით, ახლა „ყვითელი ტალახი“ იპოვა. არა, ჭკუას ვერასოდეს ისწავლის.

      მეორე დღეს ისევ გაისმა მონადირეთა ყიჟინა, ისევ გამოუდგნენ ნადირს. მზეჭაბუკი მათ შორის აღარ იყო. ოქროს ხეობაში დახეტიალობდა ოქროს სილამაზით მოჯადოებული.

      სანამ ციური მზე ანათებს, მიწიერი მზეც ბრწყინავს, მზის ჩასვლის შემდეგ ოქროს ელვარებაც ქრება. მზეჭაბუკს აოცებს და სწყინს ეს ამბავი. უნდა, რომ მიწიერმა მზემ ღამითაც გაანათოს. ბევრი იმტვრია თავისი გაბურძგნილი თავი და ბოლოს მოიფიქრა, მზე ხომ მრგვალია, ოქროსაც თუ მრგვალი ფორმა ექნება, ალბათ აღარ ჩაქრებაო. ოქროს ზოდებში ამოარჩია ერთ-ერთი, რომელსაც შედარებით მომრგვალებული ფორმა ჰქონდა და კაჟით მისი მთლიანად დამრგვალება სცადა. აქ უზარმაზარ სიძნელეს წააწყდა მზეჭაბუკი. ოფლად იღვრებოდა, წვალობდა. ხელები სულ მთლად დაეჩეჩქვა. სიმწრისაგან კინაღამ იტირა, როცა უკვე მომრგვალებული ზოდი შუაზე გაუტყდა. მერე ისევ გამოძებნა უფრო უკეთესი ზოდი და ისევ შეუდგა ჯახირს. ოქროს ხეობას დღედაღამ აღარ შორდებოდა. იქვე მახლობლად აღმოაჩინა მშვენიერი გამოქვაბული და იქ დაიდო ბინა. ნადირობას სულ დაანება თავი. ხან საჭმელ ფესვებს პოულობდა, ხან ფრინველთა კვერცხებს და იოლად გადიოდა. ნახევრად მშიერი იყო, მაგრამ ოქროს ბრწყინვა ყველაფერს ჭარბად უნაზღაურებდა.

      დიდი ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა, ოქროს ზოდი დამრგვალდა, ნამდვილი მზის ფორმა მიიღო. მზეჭაბუკმა კლდის თავზე დიდის ამბით დაასვენა იგი, დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი შეჰყურებდა და მღელვარებით ელოდა, მზის ჩათვლის შემდეგ თუ გაანათებსო.

      მზე ჩავიდა. მზეჭაბუკის გამოძერწილი ოქროს მზეც ჩაქრა. მზეჭაბუკი ძალიან შეწუხდა და ჩაფიქრდა. ვერაფერი გაეგო, ეს ხომ ნამდვილ მზესავით მრგვალია, თავისით რატომ ვერ ანათებსო.

      ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ოდესმე აუცილებლად გაანათებსო და ოქროს მზეს თავის გამოქვაბულში მიუჩინა ბინა, ამ მიზნით რომ არ გამოემეპაროს, როცა თავისით გაანათებსო, თორემ აბა, რომელი ჭკუათამყოფელი წაიღებდა ოქროს თავის გამოქვაბულში, რაში სჭირდებოდა.

      ოქროს ჯადოსნურ მიზიდულობას ვეღარ დააღწია თავი მზეჭაბუკმა. ოქროს ხეობა მის მუდმივ სამყოფელად იქცა. არც ის ხეობა იყო კოლორიტს მოკლებული, დღევანდელ ადამიანს რომ შეეძლოს მისი ხილვა: კლდეში ქარისა და წვიმისაგან გაშიშვლებული დიდი ოქროს ძარღვი გამობურცულა და მართლაც ნამდვილ მზესავით ბრწყინავს. ყოველ ნაბიჯზე ოქროს ზოდები ყრია. ოქროსფერ ზღვაში ერთადერთი შავი აჩრდილი დახეტიალობს, ეს მზეჭაბუკია. რატომღაც ძალიან მოსწონს ეს ყვითელი მეტალი, რომელსაც ჯერჯერობით არავინ არაფრად აგდებს. არავის სჭირდება. უდიდეს სიბრიყვედ თვლიან მზეჭაბუკის ოქროთი გატაცებას და მოურიდებლად დასცინიან. ეს კარგად იცის მზეჭაბუკმა, მაინც აქაურობას ვერ ელევა. რომ ჰკითხოთ, ვერც თვითონ აგიხსნით, რითი მიიზიდა ასე ოქრომ. არ შეუძლია დახვეწილი ენით მეტყველება და თავის განცდებს ვერ გაგიზიარებთ. იმას კი გრძნობს ინსტინქტით, რომ ოქრო ძალიან ლამაზია და მთელი დღეები მისი სილამაზით ტკბება. ხან ბავშვივით თამაშობს ოქროს ზოდებით, ხან ოქროს ქვიშაზე თვლემს და დროც თითქოს თვლემს მასთან ერთად.

მხოლოდ ლურჯ ცაზე მოკაშკაშე მზეა პირველი ოქროსმაძიებლის ერთადერთი მოწმე და თანამზრახველი, ალერსიანად უღიმის და ამხნევებს მზეჭაბუკს. საღამოობით კი, სანამ თვალს მიეფარება მეწამულ ღრუბლებს იქით, ისეთი იდუმალი სახით შემოხედავს, თითქოს რაღაც დიდი საიდუმლოს განდობას პირდებაო. ეს იდუმალი შემოხედვა აფორიაქებს მზეჭაბუკს, ცდილობს მისი ქარაგმების ამოცნობას და თვალმოუშორებლად შეჰყურებს, სანამ მზის უკანასკნელი ჩირაღდანი არ ჩაქრება.

      დაბნელებისას ბრუნდება თავის გამოქვაბულში, შუაცეცხლის შუქზე შეჰყურებს ოქროს მზის ციმციმს და მოთმინებით ელის, როდის გაანათებს ნამდვილ მზესავით, ხოლო უსათუოდ რომ გაანათებს ოდესმე, ამაში ეჭვი წამითაც არ ეპარება.

      ასე მიჰყვებოდა ერთმანეთს ოქროსფრად დაფერილი დღეები, სანამ ბუნებამ თვითონ არ მიაგნებინა მზეჭაბუკს სილამაზის ახალ წყაროს. დიდ ლოდს მოფარებული იწვა ერთხელ მდინარის პირას და წყალში ოქროზე არეკლილი მზის სხივების თამაშს შესცქეროდა. საიდანღაც ნიამორი მობაკუნდა წყლის დასალევად. ნიამორს არ შეუნიშნავს გაუნძრევლად მწოლი მზეჭაბუკი. ამ უკანასკნელმა სუნთქვა შეიკრა და ხელში შუბი ჩაბღუჯა. რა ხანია, შემწვარი ნანადირევი არ ეჭამა. ნიამორმა წყალი დალია და მდინარეში შეტოპა. მთლიანად შიგ ჩაწვა. მზეჭაბუკი ახლა კი დარწმუნდა, ნიამორი ვეღარსად წამივაო. წყლიდან ისე სწრაფად ვეღარ ისკუპებს. შუბმოღერებული ხელი მაღლა ასწია, მაგრამ ჰაერშივე გაუშეშდა. წყლიდან საოცარი სილამაზის ცხოველი ამოდიოდა.

      ნიამორი სულმთლად შეღებილიყო მდინარის მიერ ჩამოტანილი ოქროს ქვიშით. ქანდაკებასავით გაშეშებული მზეჭაბუკი თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა ამ სანახაობას. ოქროს ნიამორი აბაკუნდა ნაპირზე, ტანი შეიბერტყვა და კისერი მოიღერა. უცბად რაღაც ხმამ შეაკრთო. ერთი წამით გაიელვა ოქროს მშვენიერმა ფიგურამ და გაქრა.

ეს ხმა მზეჭაბუკს ეკუთვნოდა, გიჟივით ხარხარებდა. სულმთლად დაავიწყდა ნიამორის მწვადებზე რომ ოცნებობდა.

      მერე დიდხანს იქექებოდა ოქროს ზოდებში. იპოვა ერთი, რომელიც ფორმით თითქოს მიაგავდა ნიამორს და გამეტებით დაუშინა კაჟი. ეს კიდევ უფრო ძნელი საქმე აღმოჩნდა, ვიდრე ოქროს მზის გამოძერწვა იყო. დიდი ხნის წვალებისა და დაჩეჩქვილი ხელების საფასურად, როგორც იქნა შეძლო ოქროს ნიამორის გამოძერწვაც. როცა გული იჯერა მზის სხივებზე მათი ბრჭყვიალით, ისიც აიღო თავის გამოქვაბულში და ოქროს მზის მეზობლად მიუჩინა ადგილი.

      გადიოდა დღეები, რომლებსაც არავინ ითვლიდა. მზე დაუსრულებლად ხაზავდა ცაზე ოქროს წრეებს. მზეჭაბუკის გამოქვაბული ოქროს ახალ-ახალი ფიგურებით ივსებოდა: ოქროს ლომი, ოქროს ყვავილი, ოქროს ფრინველი... შეუსვენებლად, ციებ-ცხელებიანივით მუშაობდა, თუმცა არავის დაუვალებია მისთვის ეს საქმე და არც არავინ უმადლოდა. ესაა მხოლოდ, მეწამული ღრუბლების იქით ჩამავალი მზის იდუმალ შემოხედვას უფრო მეტი კმაყოფილებით შესცქერის და ეჩვენება, თითქოს მისი იდუმალი ქარაგმის რაღაც ნაწილი ამოიცნო.

ერთხელ ოქროს ხარი გამოძერწა. კარგა ხანს ტკბებოდა მისი სილამაზით. მერე გაახსენდა, რა ხანია, შემწვარი ხარის ხორცი არ ეჭამა. ოქროს ხარი იღლიაში ამოიჩარა და ტომის ბექობისკენ გასწია.

      შორიდანვე შემწვარი ხორცის სუნი ეცა. მზეჭაბუკს პირი ნერწყვით აევსო და ფეხს აუჩქარა. როცა კოცონთან მივიდა, ხორცი უკვე დაენაწილებინათ და ყველა თავისთვის იღმურძლებოდა. მზეჭაბუკი ლანდივით გაერია მათ შორის.

      - ცოტა ხორცი მომეცი, სამაგიეროდ ეს აიღე... - მიადგა ერთს, რომელსაც მთელი ბეჭი დაეთრია.

      - წადი, სულელი სხვაგან ნახე, - მიიღო პასუხად.

      მზეჭაბუკი სხვასთან მივიდა.

      - ნახე რა ლამაზია, ნამდვილ ხარს ჰგავს. აიღე და ცოტა ხორცი მომეცი.

      იმ სხვამ ზედაც არ შეხედა.

      სათითაოდ ყველას ჩამოუარა მზეჭაბუკმა და ყველასაგან უარი მიიღო. დაცინვით კი უხვად გაუმასპინძლდნენ მზეჭაბუკს; ერთი ნახეთ, ეს რა მოუფიქრებია, ჭკუით უნდა რომ მოგვატყუოსო.

      საჭმლის სუნით დარეტიანებული მზეჭაბუკი თავჩაქინდრული იდგა, ვეღარაღერი მოეხერხებინა. უეცრად ვიღაცის მზერა იგრძნო. აიხედა და ნახა, ბელადი ანთებული თვალებით შეჰყურებდა. შემკრთალი მზეჭაბუკი სასწრაფოდ გაერიდა იქაურობას. არ მოეწონა ეს გამოხედვა.

      მეტად გულნატკენი მიჩანჩალებდა ტყეში და გულს ათასი ეჭვი უღრღნიდა: „ნეტავი რატომ დამცინიან? რატომ ვერ ამჩნევენ, რომ ოქრო მართლა ძალიან ლამაზია? ან იქნებ ოქრო სულაც არაა ლამაზი და მე მეჩვენება მხოლოდ?“

      ამგვარმა ფიქრებმა ძალიან შეაწუხა მზეჭაბუკი. ცალკე ბელადის ავი შემოხედვა ჩხვლეტდა უსიამოდ. არც ისაა გამორიცხული, მარტო დაცინვას არ დასჯერდნენ ღვთის გმობაში ჩაუთვალონ „ყვითელი ტალახით“ გატაცება და ქვის კერპის წინ ხარივით დაკლან. კარგად იცნობდა მზეჭაბუკი თავისი ტომის მონადირეებს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

      მეტად დაღონებული შევიდა თავის გამოქვაბულში. ოქროს ხარს ძლივსღა მოუძებნა ადგილი, იმდენი ოქროს ფიგურები დაგროვილიყო. ყველაზე მაღლა, ცენტრალურ ადგილას ოქროს მზე ბრწყინავდა, მის იგვლივ ვარსკვლავთა ზოდიაქოსავით განლაგებულიყო ოქროს ფიგურები. გული გაუნათდა იმათ შემყურე მზეჭაბუკს. შავი ფიქრები ერთ წამში გაეფანტა. მეტად წარმტაცი სანახაობა იყო. არა, მაინც ლამაზია ოქრო.

პირზე ღიმილგადაფენილი მზეჭაბუკი მიესიყვარულა თავის ქმნილებებს. მერე ისევ ოქროს ძარღვს მიაშურა. რა ხანია, მის თვალს იტაცებდა ცაზე მორეალე მთვარე, მისი გამოძერწვა უნდოდა. საგანძურით სავსე გამოქვაბული სულ მთლად ღია დატოვა, ხის უბრალო ნაჭერიც არ აუფარებია შესასვლელზე.

      იმ პირქუშ ეპოქას ბევრ ნაკლთან ერთად ღირსებებიც გააჩნდა. ჯერ კიდევ არაა აუცილებელი ოქროს ნივთების საგულდაგულოდ შენახვა. არც დაბეტონებული სეიფები ჭირდება ამ საქმეს, არც მოხერხებულად მოწყობილი სიგნალიზაცია. ოქრო არავის არაფრად ჭირდება და არც არავის მოუვა აზრად მისი მოპარვა.

უკვე ბნელოდა, როცა თავის გამოქვაბულში დაბრუნდა, ცეცხლი დაანთო და გაკვირვებით აღმოაჩინა: გამოქვაბული პირწმინდად გაეძარცვათ. ერთი ოქროს ფიგურაც არ დაეტოვებინათ. ხელში შერჩენილი ნახევარმთვარით მზეჭაბუკი დაბნეული იდგა და გონზე ვერ მოსულიყო.

      ვის რა ჯანდაბად უნდოდა ოქროს ნივთები?

      მთელი ღამე ამ ფიქრებში თვალმოუხუჭავად გაატარა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად უნდა ეძებნა დაკარგული განძი. ყველაზე მეტად ოქროს მზის დაკარგვას განიცდიდა, ვეღარ დავინახავ, როცა გაანათებსო.

ერთადერთი, რაც თავგზააბნეულმა მზეჭაბუკმა მოიფიქრა იმ ღამით, ის იყო, რომ სანამ არ გათენდება, ოქროს ნივთების ძებნას აზრი არა აქვსო. სიბნელეში ოქრო არ ბრწყინავს და სულ ერთია, მაინც ვერ დავინახავო. იმ დროის პირობაზე უდავოდ საღი ვარაუდი იყო.

      განთიადისას გამოვიდა გამოქვაბულიდან ოქროს ფიგურების საძებრად. ჯერ იქაურობა მოათვალიერა, არსად არაფერი ჩანდა. უეცრად ბელადის ავი გამოხედვა გაახსენდა და ტომის ბექობისკენ გასწია.

ბექობთან მიახლოებულმა რაღაც უცნაური ნათება შენიშნა. ეს არ იყო ამომავალი მზის ნათება, მზე სულ სხვა მხარეს ამოდიოდა. არც კოცონის შუქს ჰგავდა, მზესავით ენთო.

მივიდა ბექობთან, ხეს ამოეფარა და ჩუმად გადაიხედა.

      თვალებს ძლივს დაუჯერა, მისი ოქროს მზე ანათებდა, ოღონდაც ქვის კერპის რქებს შორის ჩაჭედილი.

დანარენი ფიგურებიც კერპისთვის აესხათ. თვალების ორმოებში ოქროს ყვავილები უბრწყინავდა. ფართოდ გაღებულ პირში ოქროს ჩიტი ჩაეჩურთათ, კერპი კი თითქოს უკმაყოფილი იყო და უფრო დიდ ლუკმას მოითხოვდა. კერპის ირგვლივ მსხვერპლთა სისხლის გუბე იდგა. სისხლი შედედებულიყო და ჩამუქებულ სარკესავით ლაპლაპებდა. იდგა მახინჯი, მოოქროვილი კერპი სისხლის გუბეში და ხარბი, ანთებული მზერა გამომწვევად მიეპყრო ამომავალი მზისთვის.

    მალე მზეც ამოვიდა. მისი შუქი ოქროს მზის სხივებში აირია. სისხლის გუბის მეწამული ანარეკლი კიდევ უფრო აძლიერებდა ორი მზის ნათებას. ირგვლივ უზომოდ მაძღარ, მთელი ღამის ღრეობით დაღლილ მონადირეებს ეძინათ. გამოხრული ძვლების ყორეები იდგა.

      ხეს ამოფარებულმა მზეჭაბუკმა კარგად დაათვალიერა ეს სანახაობა, გულით გაიხარა მანათოებლი ოქროს მზის ჭვრეტისას, მაგრამ რაღაც არ მოეწონა, რაღაცამ შეაწუხა ძალიან. ჩაუღრმავდა თავის ფიქრებს მზეჭაბუკი, რა იყო ეს შემაწუხებელი და მოისაზრა: ეს იყო საოცარი შეუსაბამობა ქვის კერპსა და მანათობელ ოქროს მზეს შორის. სულაც არ უხდებოდნენ ერთმანეთს. თითქოს ახლა აეხილა თვალიო, მზეჭაბუკმა შენიშნა, რა მახინჯი იყო ქვის კერპი და როგორ ბილწავდა ამ სიმახინჯით დიდებულად მანათობელ ოქროს მზეს.

      „ჯანდაბას დანარჩენი ფიგურები, ოქროს მზეს კი ვერ დავთმობ, თვით მზემ ჩამაგონა იგი და მისი ადგილი ცაშია, ნამდვილი მზის გვერდით“ - გადაწყვიტა მზეჭაბუკმა, იმაზე კი აღარ დაფიქრებულა, როგორ აიტანდა ცაში თავის ოქროს მზეს ნამდვილ მზესთან. აღარ ეცალა სამაგისოდ. ორი მზის შუქით შეწუხებული მონადირეები უკვე იშმუშნებოდნენ ძილში. საცაა გაიღვიძებდნენ. მზეჭაბუკმაც სასწრაფოდ მიირბინა ქვის კერპთან, რქებს შორის ჩაჭედილი ოქროს მზე ამოაძრო და გასაქცევად ისკუპა. ფეხი დაუსხლტა სისხლის გუბეზე. ოქროს მზე ხელიდან გაუვარდა. საოცრად მჟღერი, წარმტაცი ხმით დაიწკრიალა ქვაზე გაგორებულმა ოქროს მზემ, გასცა თავისი თავი. მონადირეთაგან ბევრმა დააჭყიტა თვალი ამ ხმის გაგონებაზე, ერთმა მოასწრო ქვის მძიმე ნაჯახი მოეხვედრებინა მზეჭაბუკისთვის, როცა ეს უკანასკნელი ოქროს მზეს დასწვდა ასაღებად. მზეჭაბუკი უკანმოუხედავად გაიქცა, თუმცა ჭრილობიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი. ორივე ხელში ჩაბღუჭული ოქროს მზით შეუჩერებლად გარბოდა, სასიკეთოს არაფერს მოელოდა, თუ დაიჭერდნენ.

ვერ დაეწეოდნენ უზომოდ მაძღარი თანატოლები, მაგრამ ჭრილობიდან განუწყვეტლივ სდიოდა სისხლი და მზეჭაბუკს თანდათან გამოელია ძალა, მალე დადევნებული მდევრების ხმაც შემოესმა.

ოქროს ხეობამდე მაინც მოასწრო მირბენა. ახლად ამოსულ მზეს ოქროს ბილიკები ჩამოეშვა ციდან. მზეჭაბუკმა შავი ლანდივით გაირბინა ოქროსფერი შუქის ზღვაში, სისხლის კვალი ოქროს ზოდებზე აიკლაკნა.

სულ ახლოს მოესმა მდევართა ყიჟინა. მაინც გარბოდა, თუმცა გასაქცევი გზა აღარსად ჩანდა, მაგრამ არც გაჩერება შეეძლო. ნაბიჯი თანდათან დაუმძიმდა, მთვრალივით მიბარბაცებდა, ოქროს მზეს ხელიდან მაინც არ უშვებდა. თან გულში ასე ეხვეწებოდა ცაზე ალერსიანად მომღიმარ ციურ მზეს, შენი ხატი გადაარჩინე მახინჯი კერპის რისხვასო.

      უკვე დაეწივნენ მდევრები მზეჭაბუკს, მაგრამ ხელი კი ვერ ჩაავლეს რატომღაც. უკვირს მზეჭაბუკს, რა ახლოს არიან, ირგვლივ ირევიან, წინაც კი გადაუსწრეს, თვითონ კი მაინც მიუწვდომელია მათთვის. უცბად მიხვდა, თურმე მზის სხივების ოქროსფერ ბილიკზე მიბარბაცებდა, თავის მდევრებზე ბევრად უფრო მაღლა. ეს რომ შეამჩნია, შვებით ამოისუნთქა მზეჭაბუკმა, მშვიდად გასწია წინ, იცოდა უკვე ვეღარავინ მისწვდებოდა, მაღლა აღმართულ ხელებში თავისი ოქროს მზე ეჭირა. რაც უფრო წინ მიიწევდა, მით უფრო თვალისმომჭრელად ბრწყინავდა ოქროს მზე. სადღა იყო ნამდვილი მზე, სრულებით აღარ ჩანდა, მთლიანად ჩაინთქა ოქროს მზის სხივების ზღვაში. მთელ დედამიწას გადაუარა მისგან დაძრულმა ოქროს სხივების ნიაღვარმა, ყველაზე მაღალ მწვერვალებსაც კი მისწვდა, ყველაფერი მასში ჩაინთქა უკანასკნელ ფოთლამდე. მზეჭაბუკის სხეული შავ ლაქასავით მოჩანდა თავისი მანათობელი ქმნილების გვერდით. ზემოდან დაჰყურებდა, როგორი ხარბი და მავედრებელი თვალებით შემოჰყურებდნენ სადღაც ქვევით დარჩენილი მონადირეები. ერთმანეთსაც ვეღარ ხედავდნენ, ისე დაებრმავებინა ისინი ოქროს მზის თვალისმომჭრელ ელვარებას. ერთმანეთზე გადადიოდნენ და ხელებს დაუსრულებლად იშვერდნენ მისკენ.

      თანდათან დაპატარავდა მზეჭაბუკის შავი ფიგურა, შავ წერტილად იქცა. ბოლოს სულ მთლად გაქრა. ოქროს მზის ნათება ციურ მზეს შეუერთდა.

      ამ ამბიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ შეამჩნევენ ადამიანები მზეზე შავ ლაქას და მას ათასგვარ განმარტებას მოუძებნიან. მაგრამ არც ერთი არ იქნება მართალი. ეს შავი ლაქა მზეჭაბუკის სხეულია, დედამიწაზე ოქრო რომ აღმოაჩინა.

ნახვა: 479

ტეგები: Qwelly, აღმოჩენა, ბლოგი, მზე, ოქრო, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters